შაბათი, აპრილი 26, 2025
26 აპრილი, შაბათი, 2025

ხუთი ურჩხულის წინააღმდეგ

წარმოიდგინეთ, რომ 1945 წელია და ინგლისის რომელიღაც შორეულ პროვინციაში ცხოვრობთ. ალბათ, რამდენი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი გიტრიალებთ თავში. ერთი მხრივ, ბედნიერი ხართ, რადგან ნაციზმი და ფაშიზმი დამარცხდა, დიდი ბრიტანეთი ომიდან გამარჯვებული გამოვიდა, ქვეყანა, რომლის დაცემასა და განადგურებას წინასწარმეტყველებდნენ, კვლავ ფეხზე დგას. მეორე მხრივ კი, უამრავი საშინელი აზრი გიტრიალებთ თავში და უიმედობის ზღვარზე დგახართ. უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში თქვენმა სახელმწიფომ მილიონობით ახალგაზრდა და ენერგიით სავსე ადამიანი დაკარგა, არაერთი ქალაქი ნანგრევებად იქცა, განადგურდა გზები, სკოლები, საავადმყოფოები. ხაზინაში შენახული უკანასკნელი მონეტებიც კი შეიარაღებასა და თავდაცვაზე დაიხარჯა. ერთი სიტყვით, გამარჯვება კი მოიპოვეთ, მაგრამ ხელში აღარაფერი შეგრჩათ. დანაკარგი იმხელაა, რომ შეიძლება ცხოვრების გაგრძელებაზეც კი ჩაიქნიოთ ხელი.

სწორედ ამ დროს მეცნიერებიდან პოლიტიკურ ასპარეზზე გადანაცვლება გადაწყვიტა სერ უილიამ ჰენრი ბევერიჯმა. მისმა მონდომებამ და მიდგომებმა სასოწარკვეთილ ქვეყანაში ბევრი რამ შეცვლა.

უილიამ ბევერიჯი გახლდათ ძალიან გავლენიანი მეცნიერი-ეკონომისტი, 1919 წლიდან ხელმძღვანელობდა ლონდონის ეკონომიკის სკოლას, სათავეში ედგა University College, Oxford-ს, აქვეყნებდა უმნიშვნელოვანეს კვლევებსა თუ სამეცნიერო ნაშრომებს უმუშევრობის, ჯანმრთელობის დაცვის სისტემისა და ფასების რეგულირების შესახებ.

ეკონომისტი ლიბერალური პარტიის შემადგენლობაში ირიცხებოდა, მაგრამ პოლიტიკური ორგანიზაციის მემარჯვენე ფრთას არ წარმოადგენდა. „ფაბიანური საზოგადოების“ წიაღში ჩამოყალიბებულ სპეციალისტს არ სჯეროდა, რომ ადამიანი მხოლოდ მოგებისკენ, სარგებლის მიღებისკენ სწრაფისთვის არის გაჩენილი. მეცნიერს სწამდა, რომ ინდივიდის თავისუფლებისთვის მისი მხოლოდ გარეგანი ჩარევებისგან დაცვა საკმარისი არ იყო. ბევერიჯი იბრძოდა ისეთი საზოგადოებისთვის, სადაც ადამიანებს „საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, ცოდნის მოპოვებისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის შანსი“ მიეცემოდათ. მეცხრამეტე საუკუნის ლიბერალებისგან განსხვავებით, ინდოეთში დაბადებული მომავალი დეპუტატი ფიქრობდა, რომ ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კეთილდღეობის სერვისების გამართული მუშაობა ინდივიდის თავისუფლების, თვითრეალიზების, საკუთარი თავის გამოხატვის უმთავრესი წინაპირობა იყო.

1940-იანი წლების დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს შრომის მინისტრმა – ერნესტ ბევინმა და ჯანდაცვის მინისტრმა – ერნესტ ბრაუნმა ბევერიჯს დაავალეს პარლამენტისთვის საგანგებო მოხსენების მომზადება, სადაც დეტალურად იქნებოდა გაანალიზებული დიდი ბრიტანეთის სოციალური დაზღვევის სისტემა და მასთან დაკავშირებული სხვა ინსტიტუტები.

დიდმა ეკონომისტმა თავისი ანგარიშის პირველსავე გვერდებზე დაწერა, რომ ქვეყნის განახლების გზაზე ხელისუფლებას ხუთი უზარმაზარი ურჩხულის – გაჭირვების, ავადმყოფობის, უმეცრების, სიღატაკისა და უმუშევრობის დამარცხება მოუწევდა. ლონდონის ეკონომიკური სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი ქვეყნის მთავარ ამოცანად აცხადებდა კეთილდღეობაში მცხოვრები, ჯანმრთელი და მოტივირებული მუშათა კლასის ჩამოყალიბებას. ამგვარი მუშათა კლასი ორი ამოცანის ერთდროულად გადაწყვეტას შეუწყობდა ხელს: 1. გაზრდიდა ბრიტანეთში წარმოებული პროდუქტის რაოდენობას, ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას; 2. გაზრდიდა მოთხოვნას შიდა ბაზრებზე (შეძლებულ მუშას უფრო მეტი და მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენა შეუძლია). საბოლოოდ, „ბევერიჯის ანგარიშის“ პრიორიტეტი სრული დასაქმება იყო ანუ ისეთი ქვეყნის შექმნა, სადაც არავინ იქნებოდა უმუშევარი.

ლიბერალური პარტიის ლიდერი მხოლოდ უზარმაზარ ურჩხულებსა და შესანიშნავ ოცნებებზე არ საუბრობდა. ისტორიულმა ფიგურამ თავის მოხსენებაში არაერთ კონკრეტულ, პრაქტიკულ ნაბიჯზეც გაამახვილა ყურადღება. მისი აზრით, პირველ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ახალი ტიპის ჯანდაცვის სისტემის შექმნა, რომელიც:

  • მთლიანად სახელმწიფოს მიერ იქნებოდა დაფინანსებული,
  • ექნებოდა საყოველთაო, ყველასთვის ხელმისაწვდომი ხასიათი,
  • დაეფუძნებოდა მოქალაქეთა საჭიროებას და არა მათ გადახდისუნარიანობას,
  • მოიცავდა მედიცინის თითქმის ყველა სფეროს.

ამგვარი სისტემის მთავარი დონორი სახელმწიფო და მის მიერ მოკრებილი გადასახადები უნდა ყოფილიყო. მოდელი გამორიცხავდა ჯანდაცვის ბიზნესის ნაწილად ქცევას, ადამიანის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვაჭრობის შესაძლებლობას, იღებდა პასუხისმგებლობას თითოეულ მოქალაქეზე „აკვნიდან სამარემდე“.

1940-იანი წლების მიწურულს კლემენტ ეტლის ლეიბორისტულმა მთავრობამ „ბევერიჯის ანგარიშის“ განხორციელება დაიწყო. ბრიტანეთში მუშაობა დაიწყო „ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა“ (NHS), რომელიც დღემდე ცოცხალია, დღემდე მუშაობს, დღემდე იცავს უამრავი ბრიტანელის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ცხადია, სისტემას უამრავი ხარვეზი აქვს, ხანდახან სამსახური ყველა სიმძიმის დაძლევას ვერ ახერხებს, ბიუროკრატია და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, დაფინანსების დეფიციტი უძველეს ინსტიტუტს საშინელ ბედისწერად ექცა. მიუხედავად ამისა, მის მოსპობასა და თავიდან მოცილებაზე, ჯანდაცვის მომგებიან ბიზნეს-პროექტად გარდაქმნაზე მაინც ძალიან ცოტანი ფიქრობენ.

მე რომ მასწავლებელი ვიყო, ჩემს მოსწავლეებს აუცილებლად დავუსვამდი კითხვას: დამისახელეთ ხუთი უზარმაზარი ურჩხული, რომელიც ჩვენი საზოგადოების განვითარებას ხელს უშლს? საინტერესოა, რამდენ საერთო გამოწვევას აღმოვაჩენთ თანამედროვე საქართველოსა და ომისშემდგომ ევროპას შორის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“