ქვეყნებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს პარიზის შეთანხმებას, შეიმუშავეს დოკუმენტი ემისიების შემცირების შესახებ – ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDCs), რომელშიც გაწერილია შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებების სამიზნე მაჩვენებლები. ეს არის ოფიციალური კლიმატის სამოქმედო გეგმები, რომლებსაც თითოეული ქვეყანა ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ წარუდგენს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას (UNFCCC). დოკუმენტში დეტალურად არის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მიზნები და მათი მიღწევის სტრატეგიები, რომლის ფარგლებშიც თანაბრად განიხილება კლიმატური, გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები.
NDC-ის მიზნების მისაღწევად მხარეებმა უნდა განახორციელონ შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებები და რეგულარულად წარმოადგინონ ინფორმაცია NDC-ის განხორციელებისა და მისი მიზნების შესრულებაში მიღწეული პროგრესის საჩვენებლად.
პარიზის შეთანხმების ქვაკუთხედი, NDC შექმნილია პროგრესის თვალყურის დევნებისთვის და დროთა განმავლობაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ უფრო ამბიციური მოქმედების წახალისებისთვის.
კლიმატის პრიორიტეტები განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებში. უფრო მდიდარი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, იაპონია და ევროკავშირი, მიდრეკილნი არიან ფოკუსირდნენ ემისიების შემცირების მიზნებზე, მაგრამ ხშირად არ აქვთ დეტალური პოლიტიკა ან მარეგულირებელი ზომები მათ მისაღწევად. მაგალითად, ევროკავშირის პირველი NDC შედგება მისი ემისიების შემცირების მოკლე განცხადებისგან, რომელსაც თან ახლავს ტექნიკური ინფორმაციის ცხრილი და მოკლე „შემდეგი“ განყოფილება. დაახლოებით 1000 სიტყვით, დოკუმენტი ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დაპირებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკის განახლებული NDC-ები აწვდიან პოლიტიკისა და კანონმდებლობის ზოგიერთ შეჯამებას, აკლია დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ხელს მიზნების მიღწევას. ტექსტები შეიცავს ზოგად განცხადებებს, როგორიცაა: „მდგრადმა სატრანსპორტო პოლიტიკამ შეიძლება ითამაშოს გადამწყვეტი როლი სათბურის გაზების ემისიების შემცირებაში“. ანალოგიურად, შეერთებული შტატების 2021 წლის განახლებული NDC ადგენს სათბურის აირების წმინდა ემისიების 50-52%-ით შემცირებას 2005 წლის დონემდე 2030 წლისთვის; თუმცა დოკუმენტი, რომელიც ასახავს ამ მიზნის მიღწევის გეგმებს, არ შეიცავს დეტალებს კონკრეტული პოლიტიკის შესახებ.
ამის საპირისპიროდ, განვითარებადი ქვეყნები ხშირად მიმართავენ უფრო ფართო მიდგომას, ათავსებენ კლიმატის პოლიტიკას მდგრადი განვითარების მიზნებში. მათი NDC ხაზს უსვამს ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ სამართლიანობასა და კლიმატის ზემოქმედებასთან ადაპტაციასა და შერბილებას; აღნიშნავენ, რომ სჭირდებათ ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერა უფრო მდიდარი ქვეყნებისგან, რათა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. ვენესუელას განახლებული 2021 წლის NDC ალბათ ამის ყველაზე ექსტრემალური მაგალითია. 76000 სიტყვას აღემატება, დოკუმენტი არის ყველაზე გრძელი წარდგენილი დოკუმენტებიდან და აერთიანებს ქვეყნის მდგრადი განვითარების პოლიტიკის უფრო ფართო ხედვას.
ზოგიერთმა განვითარებადმა ქვეყანამ მიუხედავად მათი შეზღუდული რესურსებისა, შექმნა გამჭვირვალე, მკაფიო და დეტალური NDC. ეთიოპიის განახლებული 2021 წლის NDC გვთავაზობს ემისიების სექტორის სპეციფიკურ პროგნოზებს სხვადასხვა სცენარით და მკაფიო პოლიტიკას მიზნების მისაღწევად. ვანუატუს განახლებული 2022 წლის წარდგენა სისტემატურად აკავშირებს პოლიტიკის ქმედებებს მდგრადი განვითარების შესაბამის მიზნებთან და განსაზღვრავს საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის დონეს, რომელიც საჭიროა განხორციელებისთვის. ეს მაგალითები ასახავს იმას, თუ როგორ აერთიანებს ზოგიერთი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანა არა მხოლოდ კლიმატის ქმედებებს უფრო ფართო განვითარების გეგმებში, არამედ ასახავს მათ განხორციელების კონკრეტულ გზებს.
კონტრასტი NDC-ებს შორის აჩენს ფუნდამენტურ კითხვებს კლიმატის სამართლიანობის შესახებ. მაგალითად, ვინ უნდა იტვირთოს კლიმატის პოლიტიკის ეკონომიკური ტვირთი – განვითარებულმა ქვეყნებმა ისტორიულად მაღალი ემისიებით თუ განვითარებადმა ქვეყნებმა, რომლებიც ისწრაფვიან ეკონომიკური ზრდისკენ? ეს კითხვა ეჭვქვეშ აყენებს ერთიანი კლიმატის პოლიტიკის დაწესების სამართლიანობას, რადგან ქვეყნებს ძალიან განსხვავებული ეკონომიკური შესაძლებლობები აქვთ. სხვა კითხვები მოიცავს შემდეგს: როგორ შეიძლება კლიმატის პოლიტიკა იყოს სამართლიანი განვითარებადი რეგიონებისთვის, რომლებიც არაპროპორციულად მოქმედებენ ემისიების შესამცირებლად? როგორ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკა, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს სოციალური ხარჯები გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევისას? განვითარებადი ქვეყნების NDC-ები ასახავს ამ საკითხებს, აბალანსებს კლიმატის მოქმედებას მწვავე ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან.
კლიმატის დაპირებები დროთა განმავლობაში შეიცვალა
ადრეული NDCs ხშირად იყო ფართო განცხადებები, რომლებიც ფოკუსირებული იყო ზოგად ვალდებულებებზე და არა კონკრეტულ ქმედებებზე. უახლესი განახლებები, როგორც წესი, უფრო დეტალურია, ზოგიერთ ქვეყანაში შერბილების სტრატეგიები დაყოფილია ისეთი სექტორების მიხედვით, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი. თუმცა, გამჭვირვალობა კვლავ პრობლემად რჩება – ბევრ დაპირებას ჯერ კიდევ არ აქვს სპეციფიკა და დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავენ მთავრობები დაფინანსებას ან განხორციელებას კლიმატის მიზნების მისაღწევად, რაც გაურკვევლობას ტოვებს, გადაიქცევა თუ არა დაპირებები მოქმედებაში.
მკვლევრებმა გამოავლინეს მსგავსი მიდგომის ქვეყნების ცხრა ჯგუფი, რომელთაც მსგავსი პრიორიტეტები აქვთ.
კლასტერები NDC თემის გავრცელების მიხედვით.
დსთ – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა.
LMDC1 და 2 – ნაკლებად საშუალო განვითარებული ქვეყნები ჯგუფი 1 და 2.
SIDS -პატარა კუნძულოვანი განვითარებადი ქვეყნები.
AILAC – ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის დამოუკიდებელი ალიანსი.
G77– გაეროს განვითარებადი ქვეყნების კოალიცია, რომელიც შექმნილია ეკონომიკური ინტერესების გასაძლიერებლად,რათა ხელი შეუწყონ სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობას განვითარებისთვის.
Umbrella ჯგუფი არაფორმალური კოალიციაა, რომელსაც აქვთ საერთო პოზიცია კლიმატის მოლაპარაკებების დროს. დამფუძნებელი წევრები არიან- იაპონია, შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია და ახალი ზელანდია. მოგვიანებით რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის – რუსეთი და უკრაინა.
კლასტერი, რომელიც მოიცავს ბრაზილიას, რუსეთს და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, ხაზს უსვამს კლიმატის მოქმედების გავლენას ეკონომიკურ განვითარებაზე. იმავდროულად, პატარა კუნძულოვანი განვითარებადი ქვეყნები (SIDS), რომლებიც ძალიან დაუცველები არიან კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმართ, ხაზს უსვამენ ადაპტაციას და საერთაშორისო მხარდაჭერის საჭიროებას.
ეს კლასტერები ხაზს უსვამენ იმ რთულ კომპრომისებს, რომლებსაც აწყდებიან ქვეყნები ემისიების შემცირების ეკონომიკურ და სოციალურ პრიორიტეტებთან დაბალანსებისას. მაგრამ მკვლევრები ფიქრობენ, რომ ისინი აგრეთვე ხაზს უსვამენ უფრო ღრმა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ განხეთქილებას, რომელიც აყალიბებს კლიმატის ვალდებულებებს. უფრო მდიდარი, საბაზრო ეკონომიკებისთვის, გამოწვევა ხშირად მდგომარეობს ემისიების შემცირების ზრდაზე დამოკიდებულ მოდელებთან, კონკურენტულ ინდუსტრიულ პოლიტიკასთან და წიაღისეული საწვავის ინტერესების გავლენის შეჯერებაში. იმავდროულად, ნაკლებად კაპიტალისტურ და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ეკონომიკებში, სოციალურმა პრიორიტეტებმა – როგორიცაა დასაქმების გარანტიები, ენერგიის ხელმისაწვდომობა და პოლიტიკური სტაბილურობა – შეიძლება შექმნას წინააღმდეგობა აგრესიული დეკარბონიზაციის მიმართ. ამ თვალსაზრისით, NDC არ ასახავს მხოლოდ პრაგმატულ კომპრომისებს: კლიმატის ვალდებულებების განსხვავება ასევე ასახავს იმას, თუ როგორ განსაზღვრავენ სხვადასხვა მთავრობები პასუხისმგებლობას, სამართლიანობასა და სახელმწიფოს როლს ეკონომიკური ტრანსფორმაციის ჩამოყალიბებაში.
NDC-ებისთვის სტანდარტიზებული ფორმატის არარსებობა მთავარი გამოწვევაა. თითოეული ქვეყანა წარადგენს საკუთარ დოკუმენტს საკუთარ ფორმატში, რაც ართულებს იმის შეფასებას, თუ რომელი პოლიტიკაა ეფექტური და რამდენად პროგრესია რეალურად. ზოგიერთი ქვეყანა აწვდის მაღალ სტრუქტურირებულ და დეტალურ ანგარიშებს, ზოგი კი მხოლოდ მოკლე რეზიუმეს წარადგენს. ბევრ დაპირებას ჯერ კიდევ აკლია გამჭვირვალობა, განსაკუთრებით დაფინანსებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით.
UNFCCC-ის მიერ შემუშავებული ანგარიშგების საერთო ფორმატი, რომელიც დაფუძნებულია NDC-ების საუკეთესო მაგალითებზე საშუალებას მისცემს უკეთ შეადაროს კლიმატის ვალდებულებები და გაზარდოს მათი გამჭვირვალობა. ასეთი ფორმატი შეიძლება მოიცავდეს ემისიების სტანდარტიზებულ საბაზისო ხაზებს, ინფორმაციას ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერის შესახებ, სექტორის შემცირების მიზნებს, პოლიტიკის განხორციელების ვადებსა და პროგრესის გაზომვის მკაფიო მეთოდოლოგიას. ეს ელემენტები არა მხოლოდ NDC-ებს უფრო შესადარებელს გახდის, არამედ ხელს შეუწყობს ხარვეზების, საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პოტენციური სფეროების იდენტიფიცირებას.
გლობალური კლიმატის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოახლოებასთან ერთად, საჭიროა უფრო მკაფიო ვალდებულებების განსაზღვრა და მეტი ანგარიშვალდებულება. მათ გარეშე პარიზის შეთანხმების მიზნები შეიძლება მხოლოდ ქაღალდზე დარჩეს.
გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://theconversation.com/how-countries-define-climate-action-in-paris-agreement-pledges-and-why-a-standard-format-could-help-assess-outcomes-251848 ; https://en.wikipedia.org/wiki/Umbrella_Group ; https://www.g77.org/doc/