გრენლანდია არის ავტონომიური ქვეყანა დანიის სამეფოში. მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდია გეოგრაფიულად ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილია, იგი ათასწლეულის განმავლობაში პოლიტიკურად და კულტურულად ასოცირდება ევროპასთან, განსაკუთრებით ნორვეგიასა და დანიასთან. 1721 წლიდან დანიას აქვს კოლონიები გრენლანდიაში, თუმცა ქვეყანა დანიის ნაწილი 1953 წელს გახდა. 1979 წელს დანიამ გრენლანდიას მიანიჭა თვითმმართველობის უფლება, ხოლო 2009 წელს გრენლანდიის მთავრობას გადაეცა კიდევ უფრო მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება და მეტი პასუხისმგებლობა. ახალი სტრუქტურის მიხედვით, გრენლანდიას აქვს თვითმმართველობა და ჰყავს საკუთარი პარლამენტი, მაგრამ კვლავინდებურად დიდად არის დამოკიდებული დანიაზე.
გრენლანდია დარჩა დანიის სამეფოს შემადგენლობაში და თითოეული გრენლანდიელი, როგორც დანიის მოქალაქე, სარგებლობს დანიელთან გათანაბრებული უფლებებით. დანიამ შეინარჩუნა კონტროლი კუნძულის კონსტიტუციურ საკითხებზე, საგარეო ურთიერთობებსა და თავდაცვაზე, ხოლო გრენლანდია ინარჩუნებდა იურისდიქციას ეკონომიკურ განვითარებაზე, მუნიციპალურ რეგულაციაზე, გადასახადებზე, განათლებაზე, სოციალური კეთილდღეობის სისტემაზე, კულტურულ საკითხებსა და სახელმწიფო ეკლესიაზე. დანია და გრენლანდია მინერალურ რესურსებს ერთობლივად მართავენ. შესაძლოა, სწორედ ამ უკანასკნელმა პუნქტმა შთააგონა გრენლანდიელებს, რომ 2008 წელს ხმა დანიისგან ავტონომიის გაზრდისთვის მიეცათ და გრენლანდია ახლა ოფიციალურად არის დანიშნული დანიის თვითმმართველ საზღვარგარეთ ადმინისტრაციულ განყოფილებად. გაფართოებული საშინაო წესების შეთანხმების მიხედვით, რომლებიც ძალაში 2009 წლის 21 ივნისს შევიდა, გრენლანდიამ შეინარჩუნა ნავთობისა და მინერალური შემოსავლების მეტი პროცენტი. ის ასევე მართავს პრაქტიკულად ყველა საშინაო საქმეს, მათ შორის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას და გრენლანდიურმა, როგორც მთავრობის ოფიციალურმა ენამ, ჩაანაცვლა დანიური. დანიამ, გრენლანდიის პოლიტიკურ ლიდერებთან თანამშრომლობით, განაგრძო კუნძულის საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის მართვა.
საკუთარი ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, გრენლანდიას ჰყავს ორი წარმომადგენელი დანიის პარლამენტში, ფოლკეტინგი.
კუნძულის 80%-ზე მეტი დაფარულია 3000 მ-ზე მეტი სისქის მუდმივი ყინულით. მიუხედავად იმისა, რომ მიწის ფართობი 2,16 მილიონი კმ²-ია, არ არსებობს გზები ან სარკინიგზო სისტემა, რომელიც დასახლებებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ქალაქებში არის გზები, მაგრამ ისინი მთავრდება გარეუბნებში. ქალაქებს შორის მგზავრობა ხდება თვითმფრინავით, ნავით, ვერტმფრენით, თოვლმავალით ან ძაღლებით. ნავები ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა, რომლებითაც ადგილობრივები ყოველ ზაფხულს ფიორდებში მოგზაურობენ.
არქტიკული კლიმატის გამო, გრენლანდიის ხალხი ძირითადად სანაპიროზე დასახლებებსა და ქალაქებში ცხოვრობს. ხანმოკლე ზაფხულის გამო, ისტორიულად თევზაობა და ნადირობა იყო გადარჩენის გზა. გრენლანდიის კლიმატი და გეოგრაფია თითქმის შეუძლებელს ხდის მეურნეობას, გარდა ქვეყნის უკიდურესი სამხრეთისა, სადაც პოპულარულია მეცხვარეობა.
მეცნიერთა აზრით, პირველი ადამიანები გრენლანდიაში ჩვ.წ.აღ-მდე 2500 წელს ჩავიდნენ. როგორც ჩანს, მიგრანტთა ჯგუფი დაიღუპა, რომელთა ნაცვლად ჩრდილოეთ ამერიკიდან რამდენიმე სხვა ჯგუფი გადავიდა. X საუკუნის დასაწყისში ნორვეგიელები ისლანდიიდან გადასახლდნენ გრენლანდიის დაუსახლებელ სამხრეთ ნაწილში, მაგრამ XV საუკუნის ბოლოს ისინი გაქრნენ. ინუიტები აქ XIII საუკუნეში გადმოვიდნენ აზიიდან. ადგილობრივ ენაზე გრენლანდიას Kalaallit Nunaat-ს უწოდებენ, რაც „ხალხის ქვეყანას“ ნიშნავს.
XVI და XVII საუკუნეებში ჰოლანდიელი და ინგლისელი მეზღვაურები ხშირად მოგზაურობდნენ გრენლანდიის გარშემო ზღვებში და ზოგჯერ ისინი ურთიერთობდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, თუმცა 1721 წლამდე კოლონიზაციის შემდგომი მცდელობა არ განხორციელებულა. ჰანს ეგედემ, დანია-ნორვეგიის გაერთიანებული სამეფოს ნებართვით, დააარსა სავაჭრო კომპანია და ლუთერანული მისია დღევანდელ ნუუკთან, რითაც აღნიშნა გრენლანდიის კოლონიური ეპოქის ნამდვილი დასაწყისი. 1776 წელს დანიის მთავრობამ გრენლანდიასთან ვაჭრობის სრული მონოპოლია აიღო და გრენლანდიის სანაპირო 1950 წლამდე უცხოეთისთვის დაიხურა. ამ პერიოდში დანია ცდილობდა ეკონომიკური ექსპლუატაციის საფრთხის გარეშე, თანდათან მოეხდინა გრენლანდიელების გარე სამყაროსთან ადაპტაცია.
გრენლანდია შეერთებული შტატების მფარველობის ქვეშ მეორე მსოფლიო ომში გერმანიის მიერ დანიის ოკუპაციის დროს მოექცა. 1945 წელს დანიას დაუბრუნდა, რომელმაც გრენლანდიის სავაჭრო კომპანიის მონოპოლია გააუქმა. მას შემდეგ, რაც გრენლანდია დანიის სამეფოს განუყოფელი ნაწილი გახდა, 1953 წელს განხორციელდა რეფორმები ადგილობრივი ეკონომიკის, სატრანსპორტო და საგანმანათლებლო სისტემების გასაუმჯობესებლად.
შეერთებული შტატების მხრიდან გრენლანდიის ყიდვის პირველი წინადადება 1867 წელს გაკეთდა, როდესაც იდეა სერიოზულად განიხილა ვაშინგტონმა. 1946 წელს კოპენჰაგენს კონკრეტული შეთავაზება გაუგზავნეს, რომელიც ეკვივალენტურია დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარისა. მაშინ ერთ-ერთმა ამერიკელმა სენატორმა გრენლანდიას შეერთებული შტატებისთვის „სამხედრო აუცილებლობა“ უწოდა. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო შეთავაზება და განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ დიდად დავალებული ვართ, არ მჯერა, რომ მთელი კუნძული გრენლანდია გვმართებს“.
ვაშინგტონის თქმით, გრენლანდია, სხვა საკითხებთან ერთად, საშუალებას მისცემს ამერიკას, შექმნას „არქტიკაზე სამხედრო ოპერაციების პლატფორმები“. გრენლანდიის ირგვლივ ყინულის დნობით, ახალი სავაჭრო გზების გახსნის შესაძლებლობამ არქტიკის მნიშვნელობა გაზარდა.
ყინულის დნობა ასევე გაზრდის წვდომას გრენლანდიის მინერალურ რესურსებზე. გრენლანდიას აქვს სხვადასხვა ბუნებრივი რესურსით მდიდარი საბადოები.
კუნძულზე არის იშვიათი ძვირფასი მინერალები, რომლებიც საჭიროა ტელეკომუნიკაციისთვის, ასევე ურანი, მილიარდობით გამოუყენებელი ბარელი ნავთობი და ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგი, რომელიც ადრე მიუწვდომელი იყო.
ბევრი სხვადასხვა წიაღისეულის მიმწოდებელი ამჟამად ძირითადად ჩინეთია, ამიტომ ქვეყნები, როგორიცაა აშშ, დაინტერესებულნი არიან, გამოიყენონ ხელმისაწვდომი რესურსები. თუმცა გრენლანდიელები შეიძლება გაჯიუტდნენ, კონსერვატიული პოზიცია დაიკავონ. მომგებიანი შესაძლებლობების ნაცვლად, ისინი ფიქრობენ სამშობლოზე, რომელსაც დაცვა სჭირდება. გრენლანდიაში ამჟამად მხოლოდ ორი მოქმედი მაღაროა და 2021 წელს, ბოლო არჩევნებზე, მოსახლეობამ გადაწყვიტა, შეზღუდოს ნავთობისა და გაზის ძიება, ხოლო ურანის მოპოვება აიკრძალა.
გრენლანდიის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებულია თევზჭერის მრეწველობაზე და ასევე დანიის სუბსიდიებზე. გრენლანდიის სტატისტიკის მონაცემებით, 2023 წელს თევზჭერის წლიური ექსპორტი დაახლოებით 5,3 მილიარდ დანიურ კრონას (DKK) შეადგენდა, ანუ გრენლანდიის მშპ-ს 23%-ს. იმავდროულად, სახელმწიფო ხარჯებმა შეადგინა 9,6 მილიარდი DKK, ანუ მშპ-ს 42%. ამ უკანასკნელი თანხის მხოლოდ ნახევარზე ნაკლები დაფინანსდა დანიის მთავრობის წლიური გრანტით, რომელიც შეადგენდა გრენლანდიის მშპ-ს დაახლოებით 20%-ს.
გრენლანდია ყოველწლიურად დაახლოებით 600 მილიონი დოლარის დახმარებას იღებს კოპენჰაგენისგან. ეს ფონდი შეადგენს გრენლანდიის მთელი სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარზე მეტს – თითო მოსახლეზე (სულ 57 000$-ია) 10 000 დოლარზე მეტს.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობა ძირითადად კოპენჰაგენისგან დამოუკიდებლობის მომხრეა, დანია რჩება მნიშვნელოვანი გარანტი გრენლანდიის ეკონომიკისთვის. ევროპის პარლამენტის კვლევის სამსახურის თეთრი წიგნის მიხედვით, დანიის მთავრობის დამატებითი ხარჯები 2023 წელს დაახლოებით 204 მილიონ ევროს შეადგენდა. ეს მოიცავს ისეთ რესურსებს, როგორებიცაა – პოლიციის სამსახურები, სამხედრო და თავდაცვა, ციხეები, სასამართლოები და გარემოს დაცვა. გრენლანდია ყოველწლიურად იღებს დამატებით 17,29 მილიონ ევროს ევროკავშირისგან, როგორც კუნძულის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაზე (EEZ) წვდომისთვის, ასევე მისი მეთევზეობის პოლიტიკის მხარდასაჭერად.
ბოლო გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს, რომ გრენლანდიელებს არ სურთ მათი ქვეყნის გაყიდვა, გამოკითხულთა მხოლოდ 8%-მა განაცხადა, რომ მათ სურთ, მიიღონ აშშ-ს მოქალაქეობა. დანია იყო სასურველი ქვეყანა, რომელიც შეარჩია გრენლანდიელ რესპონდენტთა 55%-მა, ხოლო 37%-მა განაცხადა, რომ არ იცოდა, რომელს აირჩევდა.
გამოკითხვამ, რომელიც Verian-მა იანვარში დანიური გაზეთ Berlingske-ისა და გრენლანდიური მედიის Sermitsiaq-ის სახელით ჩატარდა, ჰკითხა რესპონდენტებს მათი შეხედულებების შესახებ დამოუკიდებლობაზე, რომელიც გრენლანდიაში მთავარი სასაუბრო თემაა. დადგინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე შეხედულებების სხვადასხვაობაა, აბსოლუტურმა უმრავლესობამ თქვა, რომ მათ სურთ დამოუკიდებლობა, თუ მათი ცხოვრების ხარისხი იგივე დარჩება ან სულაც არ გაუარესდება. თუმცა, როდესაც გრენლანდიის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 20% მოდის დანიის ყოველწლიურ გრანტზე, რომელიც დამოუკიდებლობის მიღების შემთხვევაში დასრულდება, სავარაუდოდ, ცხოვრების ხარისხის დაქვეითებაც გარდაუვალია.
გრენლანდიის ლიდერები გააბრაზა აშშ-ს დელეგაციის დაგეგმილმა მოგზაურობამ გრენლანდიაში. მეორე ლედის უშა ვენსის ხელმძღვანელობით დელეგაციაში შევლენ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მდივანი კრის რაიტი; დაგეგმილია ვიზიტი აშშ-ს სამხედრო ბაზაზე, დასწრება ძაღლების რბოლაზე და კულტურული ადგილების მონახულება.
მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი, რომელიც დაიგეგმა „ერებს შორის ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორიის აღსანიშნავად“, გრენლანდიაში ასე არ აღიქმებოდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განმეორებითი კომენტარებისა და მისი განზრახვის ფონზე, რომლის მიზანია, დაეპატრონოს დანიის ავტონომიურ ტერიტორიას, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუნე ეგედემ ვიზიტი შეაფასა, როგორც „უაღრესად აგრესიული“ და „პროვოკაცია“.
კონგრესში პირველ მიმართვაში, ტრამპმა გაიმეორა თავისი სურვილი, გააკონტროლოს გრენლანდია „ეროვნული უსაფრთხოებისთვის და თუნდაც საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“ და ასევე პირდაპირ მიმართა „გრენლანდიის წარმოუდგენელ ხალხს“. გარდა იმისა, რომ მათ შეჰპირდა უსაფრთხოებას, სიმდიდრესა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას, მისი კომენტარები ასევე შეიცავდა ფარულ საფრთხეს, რომ აშშ „მიიღებდა“ გრენლანდიას „ასე თუ ისე“.
შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიაზე კონტროლის აღება „სხვა გზით“, ანუ სამხედრო ძალის მეშვეობით, ნაკლებად სავარაუდოა. ასეთი მკვეთრი ნაბიჯი არ იქნება მხარდაჭერილი არც ამერიკული საზოგადოების მიერ. The Economist-ის სახელით YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ს მოსახლეობის 69% ეწინააღმდეგება აშშ-ის მიერ გრენლანდიის ძალის გამოყენებით კონტროლის აღებას, მას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 11% უჭერს. რესპუბლიკელებშიც კი ეს იდეა ზოგადად უარყოფილია, გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ ეწინააღმდეგება მას.
„ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ ამერიკელები, არა, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დანიელები, ჩვენ გვინდა ვიყოთ გრენლანდიელები. და ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა მომავალში. ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის აშენება საკუთარი თავის იმედად“ – თქვა დემოკრატიული პარტიის ლიდერმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა, რომელმაც არჩევნებში ხმების 30% მოიპოვა და გაიმარჯვა.
გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://www.bbc.com/news/world-europe-18249474
https://visitgreenland.com/articles/10-facts-nellie-huang/ ; https://www.statista.com/chart/33754/countries-with-the-greatest-known-reserves-of-rare-earths/ ; https://www.statista.com/chart/19047/total-area-of-the-worlds-largest-islands/ ; https://www.statista.com/chart/34175/greenland-gdp-in-current-prices/; https://www.statista.com/chart/34174/greenlanders-who-would-want-independence/; https://www.statista.com/chart/34173/us-views-on-the-us-taking-control-of-greenland/





