ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოში თანდათანობით იკვეთება კვალიფიციური ფიზიკოსების დეფიციტი. ეს ტენდენცია არა მხოლოდ მეცნიერების განვითარების ტემპს ანელებს, არამედ აისახება განათლებასა და ინოვაციაზე სხვადასხვა სფეროში — ტექნოლოგიიდან მედიცინამდე. აღნიშნული პრობლემა აქტუალურია საქართველოშიც, სადაც ახალგაზრდების დაინტერესება ფიზიკით და ზოგადად მეცნიერებით, თანდათან კლებულობს. დიპლომირებული, კვალიფიციური ფიზიკოსების ნაკლებობას განიცდიან სასწავლო დაწესებულებები და უპირველესად სკოლა. სახელმწიფოებრივი აზროვნების თვალთახედვით, განსაკუთრებით ყურადსაღებია სკოლებში არსებული მდგომარეობა. ფიზიკის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემებით შექმნილი რეალობა, უფრო მკაფიო გახდება მომავალში. ეს მომავალი კი არც ისე შორსაა.
სპეციალისტების ვალდებულებაა ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადადგმა – ფუნდამენტური კვლევების ჩატარება, პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამისი აღმოსაფხვრელი გეგმების დასახვა და განხორციელება.
ქართველი ფიზიკოსები ხშირად სინანულით ხუმრობენ, რომ უკვე წითელ წიგნშია შესატანი პროფესია ,,ფიზიკოსი“. სოციალურ ქსელებში, კერძო საუბრებსა თუ საქმიან შეხვედრებზე ხშირად განიხილება აღნიშნული საკითხი. მსმენია ბევრი ყურადსაღები მოსაზრება, რომელმაც შეიძლება დადებითად იმოქმედოს არსებული რეალობის შეცვლის მიმართულებით. პრობლემის ირგვლივ არგუმენტირებული შეხედულებების საჯაროდ ჩამოყალიბება მოითხოვს კომპეტენტური პირების ნააზრევის გათვალისწინებას. სწორედ ამ მიზნით, ჩავატარე მცირე კვლევა და შევაჯამე რესპოდენტთა მოსაზრებები.
წარმოგიდგენთ ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, ანალიზს და რეკომენდაციებს. კვლევა ჩატარდა სოციალური ქსელის საშუალებით, ფიზიკოსთა დახურულ ჯგუფებში გაზიარებული კითხვარის საშუალებით. მასში მონაწილეობა მიიღო 130-მა ფიზიკოსმა. რესპოდენტთა უდიდესი ნაწილი არის სკოლის მოქმედი მასწავლებელი. გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი, რეგიონის პედაგოგთა გარკვეული ნაწილი პასიურია ზოგადად და არ არის გაერთიანებული ფიზიკოსთა სოციალურ ჯგუფებში. შესაბამისად, ამ კვლევის ანალიზი იქნება რეალურ სურათთან შედარებით პოზიტიური.
მიღებული შედეგების განზოგადებით, სკოლებში დასაქმებული ფიზიკის მასწავლებლების 79% 50 წელს არის გადაცილებული. აქედან 20% გახლავთ 65+ ასაკის. იმედის მომცემია, რომ ფიზიკის პედაგოგთა 8% 35 წლამდე ახალგაზრდაა. ასევე, კვლევის თანახმად ფიზიკის მასწავლებელთა 87% ქალია, 13% კი არის მამაკაცი. რესპოდენტთა 58% ასწავლის ქალაქის სკოლებში, ხოლო 42% რეგიონებში.
კვლევაში მონაწილეთა 4% ან კერძო რეპეტიტორია, ან სხვა სფეროშია დასაქმებული. ყურადსაღებია, რატომ არჩევს ფიზიკოსთა გარკვეული ნაწილი, კერძო რეპეტიტორობას?! ფაქტია, ისინი თვალყურს ადევნებენ ფიზიკის მასწავლებელთა საქმიანობას და გული შეტკივათ არსებულ პრობლემებზე. ეს მომენტი მოითხოვს დაფიქრებას და ამ ადამიანების დასაინტერესებლად, შესაბამისი ადეკვატური ნაბიჯების გადადგმას.
მარტივი ლოგოკით, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, ვინც ისწავლა უნივერსიტეტებში, მიიღეს ფიზიკოსის და ფიზიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია, მაგრამ არ უფიქრიათ, სკოლაში დასაქმება. იმ რეალობაში, როდესაც რთულია იპოვო სამსახური შესაბამისი კვალიფიკაციით, გვაქვს ფიზიკის პედაგოგთა დეფიციტი. შესაძლებელია, შევქმნათ რეალური მიმზიდველი გარემო, რაც დიპლომირებულ ფიზიკოსს დააინტერებს, მონაწილეობა მიიღოს მომავალი თაობის აღზრდის საქმეში და ხელი შეუწყოს ფიზიკის სწავლების დონის ამაღლებას. ასეთ პირებს უნდა მივცეთ გარკვეული პერიოდი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად და ასევე, უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა წამახალისებელი დაინტერესება, მათ შორის ფინანსური.
გამოკითხულთა გარკვეული ნაწილი ფიზიკასთან ერთად ასწავლის ისტ-ს, მათემატიკას, ქიმიას, ბიოლოგიას. აქ იკვეთება ორი მიზეზი – ფიზიკაში მცირე საათების რაოდენობა და ასევე, მომიჯნავე საგნების პედაგოგთა დეფიციტი.
კვლევის შედეგებს თუ განვაზოგადებთ, ფიზიკის მასწავლებელთა 16% არ არის დიპლომირებული ფიზიკოსი. მათ გარკვეულ ნაწილს დადასტურებული აქვთ კომპეტენცია ფიზიკაში. სასურველია, თუკი ასეთი ადამიანები კიდევ გამოჩნდებიან და ფიზიკის სწავლების საქმეს შეუდგებიან. ამ 16%-ში არიან ისეთი პირებიც, რომელთაც მოქმედი სქემის მიხედვით აქვთ ფიზიკის სწავლების უფლება, მაგრამ კომპეტენცია დადასტურებული აქვთ სხვა საგნებში – მათემატიკაში, ისტ-ში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ბუნებისმეტყველებაში.
გამოკითხულთა 76%-ს დადასტურებული აქვს კომპეტენცია ფიზიკაში. 11% სამომავლოდ გეგმავს გამოცდაზე გასვლას. საინტერესოა, რომ 13 % არ აპირებს ფიზიკაში გამოცდის ჩაბარებას. ამ პირთა გარკვეული ნაწილი იყო უკვე გამოცდაზე და თვლიან, რომ ეს მათთვის არ არის გამოცდის მისაღები ფორმა. ისინი სხვა საგნის საშუალებით არიან დღეს მოქმედი პედაგოგები და სამომავლოდაც ასე აპირებენ მუშაობის გაგრძელებას.
გამოკითხულთა 10,5% გახლავთ უსტატუსო მასწავლებელი. მათი გარკვეული ნაწილი მაძიებელია. ამ ადამიანებს სჭირდებათ ხელშეწყობა, რომ არ დაკარგონ მოტივაცია და სამომავლოდ ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის უფლება სქემის მიხედვით განსაზღვრული სტატუსების შესაბამისად.
რესპოდენტთა 74% თვლის, რომ საგანს ასწავლის მოთხოვნის შესაბამისად. 4% საკუთარ საქმიანობას არ აფასებს დადებითად. 22% კი არ არის დარწმუნებული სწავლების მაღალ ხარისხში. ხარისხიან სწავლებას განაპირობებს ბევრი ფაქტორი – მათ შორის:
- მასწავლებლის კვალიფიკაცია;
- სასკოლო გარემო (დირექციის, კოლეგების თანამშრომლობითი კულტურის დონე);
- კლასში მოსწავლეთა რაოდენობა;
- ლაბორატორიის არსებობა;
- მასწავლებლის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ფლობის უნარები;
- მოტივაცია;
- სახელფასო ანაზღაურება.
რაც შეეხება STEAM კლუბის კურატორობას, მზაობას აცხადებს რესპოდენტთა 25%. პედაგოგთა 53% ამ მიმართულებით საჭიროებს ტრენინგების გავლას. როგორც იკვეთება, გადამზადების შემდეგ STEAM კლუბებში საქმიანობას გეგმავს პედაგოგთა 78%, რაც ნამდვილად დადებითი ფაქტია. 22% არ აპირებს STEAM სწავლებაში ჩართვას.
ამ სტატიის დაწერამდე მქონდა მოსაზრება, ცალკე წერილში განმეხილა ფიზიკაში ეროვნულ გამოცდებზე ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემების შედეგი. გადავწყვიტე ეს ორი თემა გავაერთიანო, რადგან ფიზიკოსების დეფიციტი და ეროვნული გამოცდების შედეგები ურთიერთგადაჯაჭვული პრობლემებია.
წინა წლებთან შედარებით, ფიზიკაში აბიტურიენტთა რაოდენობა საგრძნობლად არის მომატებული. გამოცდაზე დარეგისტრირდა 945 აბიტურიენტი. აქედან, მინიმალური ზღვარი გადალახა მხოლოდ 62%-მა. naec-ის ჰისტოგრამაზე ჩანს, რომ 284 აბიტურიენტმა შეძლო 30 ქულაზე მეტის მოპოვება.
აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, საინტერესოდ ჩავთვალე კვლევაში მონაწილე ფიზიკოსთა მოსაზრება – რას თვლიან ამ რეალობის მიზეზად და რაში ხედავენ გამოსავლის გზებს.
კვლევაში მონაწილეთა 22% ფიქრობს, რომ ამ შედეგის მიზეზია ტესტის ფორმატი და სირთულე. უმეტესობა კი პრობლემას აბიტურიენტთა დაბალ მომზადებაში ხედავს. შევხედოთ ამ საკითხს სიღრმისეულად.
ფიზიკა მეტწილად აბსტრაქტური და მათემატიკურად დატვირთული საგანია. მოსწავლეებს, რომლებსაც ლოგიკურ-ანალიტიკური უნარები ნაკლებად აქვთ განვითარებული, ხშირად გაუგებრად ეჩვენებათ საგნის თეორიული მხარე. ჩარჩოებში და დროში შეზღუდული სწავლება მხოლოდ ზედაპირულია. სახელმძღვანელოები ინფორმაციულად ზედმეტად არის გადატვირთული. სკოლების უმეტესობას არ გააჩნიათ რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიული სივრცეები. ზოგიერთ სკოლაში ვერ ასწავლიან ფიზიკას სრულფასოვნად — მიზეზი მცირე საათები და ზოგ შემთხვევაში არასპეციალისტი მასწავლებელია.
ასევე, არსებობს ფსიქოლოგიური ბარიერი – ფიზიკას საზოგადოებაში აქვს რთული საგნის რეპუტაცია. მოსწავლეს თავიდანვე აშინებს საგანი და ხშირად არც კი ირჩევს მის ჩაბარებას. ბევრი ამჯობინებს შედარებით მარტივად აღქმად საგნებს. როდესაც მოსწავლე ვერ ხედავს, როგორ უკავშირდება ფიზიკა მის მომავალ პროფესიას ან ყოველდღიურ ცხოვრებას, ინტერესი ქრება. ნაკლებია პრაქტიკული აქტივობები, სასწავლო- კვლევითი პროექტები, ექსპერიმენტები — რაც სწავლებას სქემატურ სახეს აძლევს.
მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკის გამოცდას აბარებენ მხოლოდ ის აბიტურიენტები, ვისაც ამ საგნის ათვისების გარკვეული ბაზა უკვე აქვს, 2024 წელს 38%-მა მაინც ვერ გადალახა ბარიერი. ეს მიგვანიშნებს, რომ პრობლემა მხოლოდ მოსწავლეში არ არის. ფიზიკის ტესტი ხშირად არ შეესაბამება სკოლაში ნასწავლ მასალას და არც მოსწავლის კონცეპტუალურ აზროვნებაზე ორიენტირდება- ის მეტისმეტად ტექნიკურია. შესაბამისად, შედეგი არ არის სახარბიელო. სწორედ ამიტომ, არაერთი მოსწავლე კარგავს მოტივაციას და აბიტურიენტებისთვის ფიზიკა ნელ-ნელა ქრება, როგორც რეალური საგნობრივი არჩევანი.
ეროვნულ გამოცდაზე ფიზიკას აბიტურიენტი შემთხვევით არ ირჩევს. ლოგიკურია, ახალგაზრდას აქვს საფუძველი და იმედი, რომ ჩააბარებს ამ გამოცდას. მათი უმრავლესობა, სავარაუდოდ, არიან ისეთი სკოლების კურსდამთავრებულები, სადაც ფიზიკა გაძლიერებულად ისწავლება (კვალიფიციური კადრი, ლაბორატორიები, ფიზიკაში საათების დიდი რაოდენობა და შესაბამისად, ინტენსიური მუშაობა ამოცანებზე). შედეგი მაინც არ არის სახარბიელო. გამოდის, არ ვასწავლით იმ ფორმატის შესაბამისად, რასაც ვთხოვთ!
იმ რეალობაში, როდესაც ფიზიკოსთა რაოდენობა თანდათან მცირდება, ხომ არ აჯობებდა, შევცვალოთ საგამოცდო მოთხოვნები, ნაწილობრივ გავამარტივოთ ტესტები და შემდეგ, უკვე უნივერსიტეტებში ვასწავლოთ მოწოდების დონეზე. ვფიქრობ, ამ მიმართულებით დაფიქრებაა საჭირო.
ამ კვლევის ძირითადი იდეა გახლდათ, ფიზიკოსების, ასევე ამ პრობლემით დაინტერესებული ადამიანების მოსაზრებების დაფიქსირება და მათი ნააზრევის განზოგადება.
გთავაზობთ რესპოდენტთა ზოგიერთ საინტერესო პასუხს კითხვაზე, რა გამოწვევების წინაშე დგას სკოლაში ფიზიკის სწავლება და როგორ ესახებათ არსებული პრობლემების აღმოფხვრის გზები.
- ,,ფიზიკის მასწავლებლობა არ არის მიმზიდველი ახალი თაობისთვის. მე დამწყები მასწავლებელი ვარ. სამწუხაროდ, თანდათან მეკარგება მოტივაცია, რადგან მხარდაჭერას ვერ ვიღებ სკოლაში. კოლეგებს შორის არ არსებობს გაერთიანება იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რასაც ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს. მასწავლებელმა ჯერ საკუთარი ყოფითი თუ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უნდა შეძლოს, ხოლო შემდეგ, შავ ხვრელზე და მატერიის დუალისტურ ბუნებაზე მსჯელობა“;
- ,,უმთავრესი პრობლემა სასწავლო რესურსების უქონლობაა. ფიზიკის გაკვეთილი უნდა წარიმართოს ლაბორატორიულ კაბინეტში, თითოეულ მოსწავლეზე კომპიუტერის უზრუნველყოფით. საუკეთესოა რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიები. საგანი პროფესიონალმა მასწავლებელმა უნდა ასწავლოს, რომელმაც იცის ფიზიკის ზოგადი კურსი, უყვარს პროფესია და პირველ რიგში აღსაზრდელი. იცის ზოგადი ცნებები საგანში“;
- ,,უმნიშვნელოვანესია პროექტებით სწავლების დანერგვა“;
- ,,დიდი პრობლემაა სახელმძღვანელოების და საგანთაშორის პროგრამების შეუთავსებლობა. ფიზიკოსს უწევს ახსნას ვექტორები, პითაგორას თეორემა, ტრიგონომეტია და ა.შ.“.
- ,,ხელფასი კლუბის მუშაობისთვისაც კარგი იქნებოდა“.
- ,,აუცილებელია კლასში თუნდაც ერთი კომპიუტერი და პროექტორი“;
- ,,თუ გვინდა, რომ მომავალში ფიზიკოსების რაოდენობა არ შემცირდეს და ეს სფერო იყოს აქტიური, საჭიროა გაიზარდოს საათების რაოდენობა. უნდა მოხდეს ამ მიმართულებით ნიჭიერი ადამიანების დასაქმების სტიმულირება; ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის უნდა არსებობდეს სტიპენდიები; გაცვლითი პროგრამები უცხოეთში იქნება ძალიან კარგი სტიმული“;
- ,,STEAM მიმართულებით სწავლების ხერხემალი სწორედ ფიზიკაა“;
- ,,უნდა დააბრუნონ სკოლაში გამოცდები, მოსწავლე იგრძნობს ფიზიკის სწავლების საჭიროებას“;
- ,,სასურველია გამარტივდეს საგამოცდო ტესტები. ბოლო პერიოდში ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა ფიზიკის მასწავლებლობის მსურველი, მაგრამ ტესტებს რომ ნახულობენ მოტივაცია ეკარგებათ. საგამოცდო ფორმატის გამარტივების შემთხვევაში, ფიზიკოსობის გაცილებით მეტი მსურველი გაჩნდება“;
- ,,უნივერსიტეტებში მეტად უნდა მიექცეს ყურადღება ფიზიკის მეთოდიკის სწავლებას. უდაოდ წაახალისებს ამ სისტემას სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობა და მომატებული სახელფასო ანაზღაურება“;
- ,,ლოგიკურია, რომ მასწავლებელთა ნაწილი არ ფიქრობს დამატებითი აქტივობების განხორციელებას და თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირებას სწავლების პროცესში, რადგან დამატებითი შრომა არ აისახება მათ შემოსავალზე“;
- ,,უნდა შეიქმნას შესაბამისი სასწავლო-სამეცნიერო სივრცეები, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები შეძლებენ სასკოლო პროგრამაში შეტანილი საკითხების უკეთ აღქმას და ყოველდღიურობასთან დაკავშირებას“;
- ,,აუცილებელია საბუნებისმეტყველო საგნების პრიორიტეტად წარმოჩენა, ახალგაზრდა პედაგოგების მოზიდვა და შენარჩუნება – თუ განათლების სისტემა ახალგაზრდებს არ შეუქმნის ხელსაყრელ პირობებს, სკოლებში ახალი კადრები ვერ დარჩებიან“;
- ,,ამ სპეციალობას დიდი ხანია უჭირს და საჭიროა სწრაფი ქმედითი ნაბიჯები. ზოგან, განსაკუთრებით რეგიონებში, ფიზიკას ასწავლიან ამ საგნობრივ ჯგუფში შემავალი სხვა სპეციალობის პედაგოგები. ფიზიკის სწავლებას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი კომპეტენციის პედაგოგი“;
- ,,ფიზიკის შემეცნება მაღალი “ინტელქტუალური მოთხოვნილებიდან გამომდინარეობს”. ფიზიკით დაინტერესების კოლექტიური ტენდენცია ნორმალურ პირობების შემთხვევაში იჩენს თავს. თუ სახელმწიფოს პოლიტიკაში არ არის მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივების მცდელობა, სასურველი შედეგი ვერ დადგება“;
- ,,სახელმძღვანელოს ავტორებს მისცენ უფლება დაწერონ ისე, როგორც თავად თვლიან საჭიროდ“;
- ,,ახალდამთავრებულ ფიზიკოსს გარანტირებული სამუშაო ადგილი უნდა შევთავაზოთ; შემდეგ კი პროფესიული კავშირი საგნობრივ ექსპერტებთან“;
- ,,ამ რეალობის მიზეზი ის პოლიტიკური ქარტეხილებია, რაც გადავიტანეთ და გადაგვაქვს. პლიუს ქვეყნიდან ადამიანების გადინება, საექსპერიმენტო ბაზების უქონლობა. ზოგადად, ზუსტი დისციპლინებისადმი ზერელე დამოკიდებულება“;
- ,,ფიზიკის მასწავლებლების გაქრობა” უწინარესად ამ სპეციალობის მნიშვნელობის გაუფასურებამ გამოიწვია, სანამ ეს საკითხი ოფიციალურ დონეზე არ განიხილება, მანამ ყველაფერი უცვლელად დარჩება“;
- ,,უნდა მოხდეს ფიზიკის პოპულარიზაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროს როლი- ექიმისთვის, ინჟინრისთვის და ყველა სპეციალობის წარმატებული ადამიანისთვის“;
- ,,უნივერსიტეტებში მეტ ფაკულტეტებზე უნდა გაძლიერდეს ფიზიკის სწავლება და პროფესია წახალისდეს ეკონომიურად“;
- ,,კავშირი სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელს შორის გაწყვეტილია. სკოლაში მოსწავლეები ვერ ხედავენ წარმატებულ მეცნიერებს. აღსადგენია მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენციები“;
- ,,სადაც ბიოლოგი და ქიმიკოსი ასწავლის ფიზიკას, იქ შედეგი ვერ დაიდება“;
- ,,ეროვნულ გამოცდებში სამედიცინო და ბევრ სხვა სპეციალობებზე ფიზიკა უნდა გახდეს სავალდებულო საგანი“;
- ,,ფიზიკის სასერთიფიკაციო გამოცდის გამარტივებით შეიძლება მეტი კადრის შერჩევა“.
- ახლა კი წარმოგიდგენთ კვლევის დასკვნებს და რეკომენდაციებს:
- რატომ უჭირთ აბიტურიენტებს ფიზიკის ჩაბარება?
- ტესტების დიდი ნაწილი დახურულია და ამავდროულად აქცენტირებულია რთულ მათემატიკურ ამოხსნებზე;
- შეკითხვები ლაბორატორიულ და ცხოვრებისეულ გამოცდილებასაა მოკლებული, რაც თანამედროვე მიდგომებით უკუსვლაა;
- ბევრი ამოცანა შეიცავს ისეთ საფეხურებს, როცა ერთი პატარა შეცდომა აბიტურიენტს მთელი ქულას აკარგვინებს;
- არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი სავარჯიშო მასალა ოფიციალურად;
- ნაკლებია ისეთი ტიპის ამოცანები, რომლებიც ეტაპობრივად ააშენებს პასუხს და მისცემს მოზარდს შანსს, ნაწილობრივი ცოდნა გამოავლინოს;
- მხოლოდ პასუხის მიღებაზე დამყარებული ამოცანები არ აფასებს იმას, როგორ ფიქრობს ახალგაზრდა, აყალიბებს არგუმენტს, ხსნის მოვლენებს.
- აბიტურიენტის ნამდვილი შესაძლებლობები ვერ იზომება საფუძვლიანად.
✅ რეკომენდაციები:
- მასწავლებელთა მხარდაჭერა და გადამზადება — პრაქტიკაში ახალი მეთოდების, ტექნოლოგიების და შეფასების სტრატეგიების შეტანა;
- მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული ფორმატით დამატებითი გაკვეთილები და კონსულტაციები — განსაკუთრებით დამამთავრებელი კლასებისთვის;
- დიაგნოსტიკური შეფასებები მთელი წლის განმავლობაში — სუსტი მხარეების დროული აღმოჩენა და მიზნობრივი დახმარება;
- ლაბორატორიული მუშაობის და პრაქტიკული ამოცანების მეტად გამოყენება- ფიზიკის შინაარსობრივ აღქმაზე ფოკუსირება;
- მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება- წარმატებული ფიზიკოსების ისტორიები, მეცნიერებთან შეხვედრები, კარიერული პერსპექტივების ჩვენება, კონფერენციები, პროექტებზე დაფუძნებული სწავლა;
- ციფრული რესურსების ინტენსიურად გამოყენება;
- დიფერენცირებული მიდგომა მოსწავლეებთან – ინდივიდუალური განსხვავებების და სწავლის სტილის გათვალისწინება;
- მოსწავლეებთან პროფორიენტაციის გაკვეთილების ჩატარება;
- საგამოცდო ტესტები მათემატიკური გამოთვლების გარდა, უნდა მოიცავდეს თეორიულ საკითხებს, კონცეპტუალურ და რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ამოცანებს;
- ეროვნულ გამოცდებზე ღია ტიპის ტესტების გაზრდა, რაც გამოაჩენს ნამუშევრის ხარისხს;
- სკოლისა და აბიტურიენტის დონის ბმის გადახედვა.
- ახლა კი ფიზიკოსების დეფიციტის ძირეული მიზეზები განვიხილოთ თეზისებად:
- ფიზიკა აღქმულია, როგორც რთული დისციპლინა- მოტივაცია ქვეითდება სკოლიდანვე;
- სასკოლო პროგრამები და სწავლების მეთოდები ხშირად მოძველებულია და ვერ იწვევს ინტერესს;
- სამეცნიერო კვლევების დაფინანსებისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა;
- სხვა სფეროებთან შედარებით დაბალი ხელფასი, რასაც ბუნებრივად მოჰყვება კადრების გადინება;
- პროფესიის პრესტიჟის პრობლემა — ხშირად მასწავლებლის პროფესია „ბოლო ვარიანტად“ განიხილება;
- ფიზიკის სირთულე — საგანი მოითხოვს მაღალი დონის პროფესიულ მომზადებას, რასაც ყველა ვერ აუდის. შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე შემცირებულია კონკურსები და მოტივაცია;
- არაფიზიკოსი მასწავლებლები (უმეტესად რეგიონებში);
- გადამზადების სისტემების არაეფექტურობა;
- ახალგაზრდა კადრების დაინტერესების პრობლემა— ნაკლებად სტიმულირებელი საგნობრივი გარემო;
- STEAM-ზე ორიენტაციის მიუხედავად, ფიზიკა ისევ რჩება ჩრდილში.
✅ რეკომენდაციები:
- სკოლაში ფიზიკის სწავლების მეთოდების განახლება- მეტი ინტეგრაცია პრაქტიკასთან, თანამედროვე ტექნოლოგიებთან;
- მასწავლებელთა პრესტიჟის გაზრდა- პროფესიული მხარდაჭერის სისტემების გაძლიერება;
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მოტივაციის ხელშეწყობა;
- ახალგაზრდებში ფიზიკის პოპულარიზაცია-საინტერესო პროექტებით, კონკურსებითა და სხვა;
- ფიზიკოსების და STEAM სპეციალისტებისათვის ფინანსური და სოციალური წახალისება;
- სკოლებისა და უნივერსიტეტების მეტი თანამშრომლობა- მოსწავლეთა ჩართვა ლაბორატორიულ და კვლევით პროცესებში;
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფიზიკის როლზე თანამედროვე მსოფლიოში;
- მიზნობრივი სტიპენდიები ფიზიკის სპეციალობაზე;
- ეროვნულ გამოცდებზე ფიზიკის ტესტის ფორმატის გადახედვა;
- სკოლებში ფიზიკის სწავლების ხარისხის მონიტორინგი;
- დიპლომირებული ფიზიკოსების ბაზის სკოლებში შესაძლო გამოყენება;
- სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.
ფიზიკოსების მზარდი დეფიციტი არა მხოლოდ საგანმანათლებლო სისტემის, არამედ ქვეყნის განვითარების მასშტაბური გამოწვევაა. პრობლემის არსის გაცნობიერება, დროული რეაგირება და გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა გაიზარდოს ფიზიკის სწავლა-სწავლებაში ჩართვის მოტივაცია. ჩვენი ნაბიჯები დღეს, განსაზღვრავს, თუ ვინ იქნებიან ხვალ მეცნიერების ახალ საფეხურზე მდგომი ადამიანები — მათი განვითარება და ჩამოყალიბება კი იწყება საკლასო ოთახში, სადაც ფიზიკის გაკვეთილზე იბადება ცნობისმოყვარეობა და სამყაროს შემეცნების სურვილი.