შაბათი, ივლისი 26, 2025
26 ივლისი, შაბათი, 2025

ახალი თბილისი – ახალი ქალაქი 21-ე საუკუნეში

(ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის)

 შთაბჭდილება, რომელსაც ტფილისი წარმოშობს უცხოელებში, უნიკალურია. მისი მდებარეობა, ატმოსფერო, ქუჩების მრავალსახეობა, სოციალური ცხოვრების უბრალოება და სიმხიარულე, ერთად აღებული, მძაფრ და სასიამოვნო გრძნობებით გავსებს“.

ჯონ ოლივერ უორდროპი (18641948), ბრიტანელი ენათმეცნიერი და დიპლომატი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი საქართველოში

თბილისს დღეს მრავალი პრობლემა აწუხებს და ეს პრობლემები სხვადასხვა ხასიათისაა. შევეცდები, თავი მოვუყარო და კატეგორიებად დავყო პრობლემები, რომლებიც, ჩემი აზრით, განსაკუთრებით მწვავეა თბილისისათვის:

  1. ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურა

ა) ურბანული ქაოსი: მშენებლობის უკონტროლო ბუმია, განსაზღვრულ ადგილებზე ახალი კორპუსების მშენებლობის უფლება ხშირად საეჭვო არგუმენტაციით ან ყოველგვარი არგუმენტის გარეშეა გაცემული.

ბ) მწვანე ზონების შემცირება: თბილისელებისა და ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი პარკებისა და სკვერების რაოდენობა თბილისში ისედაც მცირეა (სულ დაახლ. 19-20 პარკი), ხოლო დიდი ზომის (100-200 ჰექტარი) მწვანე სივრცეები და პარკები (მთაწმინდის პარკი და დენდროლოგიური პარკი) ნაკლებად ხელმისაწვდომია მათი მდებარეობის თავისებურებების გამო.

გ) გზებისა და ტროტუარების მდგომარეობა: არაერთ ქუჩაზე ტროტუარები მოუწესრიგებელია, რაც ხელს უშლის ფეხით გადაადგილებას.

დ) ინფრასტრუქტურის გადატვირთვა: ძველი კომუნიკაციები ხშირად ვერ უძლებს მზარდ მოსახლეობას და ახალ მშენებლობებს, რომელბიც როგორც ზემოთ ვთქვით, ხშირად ჩნდება “მოულოდნელ” ადგილებში.

 

  1. ტრანსპორტი და მობილობა

ა) სატრანსპორტო კოლაფსი: საცობები ქალაქის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, განსაკუთრებით პიკის საათებში.

ბ) საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ხარვეზები: მეტრო მხოლოდ ორ ხაზზე მოძრაობს, ავტობუსები და მიკროავტობუსები ხშირად გადატვირთულია; ზოგიერთ მიმართულებაზე არასაკმარისია ავტობუსებისა და ხაზების რაოდენობა; საცობების გამო არაეფექტურია საავტობუსე მიმოსვლა, მიუხედავად ხაზების გამოყოფისა.

გ) ველოსიპედისტებისა და ქვეითებისთვის გადაადგილების   ცუდი პირობები: ველობილიკები ცოტაა და ერთმანეთთან დაუკავშირებელია, ქვეითებისთვის განკუთვნილი ადგილები ხშირად მანქანებით არის დაკავებული.

  1. ეკოლოგია და გარემო

ა) ჰაერის დაბინძურება: სატრანსპორტო გამონაბოლქვი, მრავალრიცხოვანი მშენებლობები და მწვანე საფარის ნაკლებობა მავნე გავლენას ახდენს ჰაერის ხარისხზე.

ბ) მდინარისა და წყაროების დაბინძურება: მტკვარი და სხვა პატარა მდინარეები გაჭუჭყიანებულია; ფაქტობრივად ყველგან განადგურებულია მდინარის ჭალები, რომლებიც მდინარის სიტემის შემადგენელი ნაწილია – წლების განმავლობაში მდ. ვერეს ჭალის ეკოსისტემის იგნორირებამ 2015 წელს თბილისის რამდენიმე უბანი ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანა.

გ) ხმაურით დაბინძურება: ხმაური, განსაკუთრებით – ცენტრალურ და ძველ უბნებში (სადაც კაფე-ბარებისა და რესტორნების სიმრავლეა), არათუ დღის, ღამის საათებშიც კი ჭარბია.

  1. სოციალური და ეკონომიკური პრობლემები:

ა) დეგრადირებული და გაქრობის პირას მისულია ძველი უბნები, რომლებიც ვეღარ უძლებენ დროს, ახალ მშენებლობებსა თუ ახლებურ რეაბილიტაციას. ხშირად იგნორირებულია მათი რესტავრაცია. ზოგიერთი ძველი უბნის ტერიტორია გაყიდულია კერძო ინვესტორზე და ელოდება მოდერნიზაციას (მაგ. ელბაქიძის დაღმართის უბანი – ყოფილი საქანელას ქუჩა).

ბ) უძრავი ქონების ფასის ზრდა: სწრაფად მზარდი ფასები ართულებს ადგილობრივებისთვის ქალაქში დარჩენას (ე.წ. ჯენტრიფიკაცია[1]).

გ) დასაქმების პრობლემები და სოციალური უთანასწორობა: განსაკუთრებით გარეუბნებშია აშკარა ეკონომიკური სირთულეები. ეს მრავალწახნაგოვანი, მტკივნეული და მგრძნობიარე სოციალური თემაა, რომელიც ნაწილობრივ ქალაქის ცხოვრების არარეგულირებადმა კომერციალიზაციამ, დეინდუსტრიალიზაციამ და მომსახურების სფეროს არაპროპორციულმა ზრდამ გამოიწვია. ყოველივე ამან ხელი შეუწყო ქალაქის მასშტაბით არაკვალიფიციური და მცირე კვალიფიკაციის პროფესიების/სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას, რაც, თავისთავად, ბევრ მცირეანაზღაურებად, დროებით და არასტაბილურ სამუშაო ადგილს გულისხმობს, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს კადრების მაღალ დენადობას, უმუშევრობას და ხელს უშლის საშუალო შემოსავლის მქონე ფენის ჩამოყალიბებას.

ქვემოთ გთავაზობთ ჩემს რამდენიმე მოსაზრებას თბილისის როგორც  საქართველოს ურბანული ცენტრისა და საქართველოს მთავარი ქალაქის შესახებ.

2003 წლიდან ურბანისტიკისა და ურბანული პოლიტიკის საკითხების შესწავლამ საქართველოსა და აშშ-ის უნივერსიტეტებში და ქალაქის მწვანე ინფრასტრუქტურის კვლევამ თანამედროვე ქალაქებისთვის დამახასიათებელ პრობლემებზე ახლებური და განსხვავებული შეხედულების ჩამოყალიბების საშუალება მომცა. როგორც მკვლევარი, ნათლად  ვხედავ, რომ თანამედროვე ქალაქები რთული სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე დგანან. არც თბილისი წარმოადგენს  გამონაკლისს – პრობლემები, რომელთა ჩამონათვალი დღიდან დღემდე იზრდება, ახალ, ხშირად  ინოვაციურ და ჯერ არარსებულ პოლიტიკურ მიდგომებს მოითხოვს. ეს პრობლემები განსხვავებული და სპეციფიკურია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

თბილისის განვითარებასა და ურბანულ გამოწვევებთან დაკავშირებით გამოვყოფდი რამდენიმე მიმართულებას, რომლებიც დაუყონებლივ მოითხოვს ჩარევას და რომელთა მიმართ ყურადღება აუცილებელ და საშურ საქმედ  მეჩვენება:

  1. სუბურბანიზაციის[2] უკონტროლო პროცესის შეჩერება-შეზღუდვა – ეს გულისხმობს საცხოვრებელი მასივების თუ კერძო სახლების ქაოსური მშენებლობების შეჩერებას თბილისის გარეუბნებში და ახალ „ცარიელ“ ტერიტორიებზე და ყურადღების გამახვილებას ძველი რაიონების რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციაზე (მათ შორის „ძველი ქალაქის“, მე-20 საუკუნის პირველი ნახევრისა და ომის შემდგომი საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის მქონე უბნებზე).

ტერმინის განმარტება: სუბურბანიზაცია – პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობს მოსახლეობის, ეკონომიკური აქტივობების და ურბანული ინფრასტრუქტურის გაფართოება-გაშლა ქალაქის ცენტრალური ნაწილებიდან გარეთ, ქალაქის პერიფერიულ ნაწილებში. ამას, ჩვეულებრივ, შედეგად მოჰყვება მცირე სიმჭიდროვის, ავტომობილზე დამოკიდებული დასახლებების გაჩენა და ძვირად ღირებული საქალაქო ინფრასტრუქტურის (გაზის, წყლის, ელექტროდენის, გზების, საჯარო ტრანსპორტის და სხვა ქსელების) „გაწელვა“ ახალ, პერიფერიულ რაიონებში. სუბურბანიზაციის თანმხლები პროცესია იმ ადგილების ბუნებრივი გარემოსა და იქ არსებული ბიოლოგიური ცენოზების (ბიოლოგიური ორგანიზმების ერთობლიობის) დეგრადაცია და განადგურება.  სუბურბანიზაცია იწყება მაშინ, როცა ქალაქი გადაჭარბებულად იტვირთება, ბინები ძვირდება, სატრანსპორტინფრასტრუქტურა არაეფექტურია. ამ დროს ხალხი იწყებს მშვიდი, მწვანე გარემოს ძებნას ქალაქგარეთ, სადაც ცხოვრება უფრო იაფი და კომფორტულია.

რა საფრთხეებს შეიცავს ქაოური და უკონტროლო სუბურბანიზაცია და რატომ არის ის მავნე ქალაქისთვის?

 

  1. ურბანული ინფრასტრუქტურის გადატვირთვა
  • გაუთვალისწინებელი მშენებლობა ზრდის ზეწოლას სატრანსპორტო ქსელებზე, კანალიზაციასა და ენერგომომარაგებაზე. მაგ., თბილისის გარეუბნებში ახალი მასივების აშენებას ხშირად თან არ ახლავს გზების, მეტროსა და სხვა  საზოგადოებრივი  ტრანსპორტის გაფართოება, რაც მოძრაობის შენელებას და მრავალათასიან საავტომობილო საცობებს იწვევს.
  1. ეკოლოგიური ზიანი
  • ბუნებრივი ლანდშაფტების განადგურება: ტყეების, მდელოებისა და მდინარეების ბიოცენოზების ფართობის შემცირება, არსებულის დეგრადაცია და ბუნებრივი ლანდშაფტური ზონების დაკარგვა (თბილისის მცირე მდინარეების ხეობების სრული ჩაკეტვა ურბანული განაშენიანებითა და სანიაღვრე ინფრასტრუქტურით, თბილისის ნარჩენი ბუნებრივი ლანდშაფტების გაქრობა გარეუბნებში და მთის ფერდობებზე).
  • სითბოს კუნძულების ეფექტი: ბეტონის, ასფალტისა და მინა-პლასტამასის ზედაპირების ფართობების სიჭარბე ზრდის ქალაქის ტემპერატურას. ქალაქში მზის რადიაცია არაბუნებრივად ნაწილდება და მისი უმეტესი ნაწილი ხელოვნური ზედაპირების (შენობების ფასადები, ასფალტი, ქვაფენილი, მინა და პლასტმასი) გათბობაზე მიდის, რაც ტემპერატურის ზრდას იწვევს (საშუალო წლიური ტემპერატურის მატება ქალაქის ცენტრში, ცხელი, ე.წ. ზაფხულის ტროპიკული ღამეების რაოდენობის მატება, როდესაც გარეუბნებსა და ცენტრს შორის ჰერის ტემპერატურის სხვაობა 10-15 გრადუსს აღწევს).

 

  1. სოციალური უთანასწორობა
  • მდიდარი გარეუბნების წარმოშობა და, საზოგადდ, ურბანული ჯენტრიფიკაცია: ხშირად მხოლოდ შეძლებულები ახერხებენ ახალ გარეუბნებში გადასვლას, ხოლო ცენტრი ღარიბებისთვის რჩება. 21-ე საუკუნეში ურბანიზაციამ წარმოშვა უთანასწორობის ახალი პროცესი – ჯენტრიფიკაცია (ინგლ. gentrification), ურბანული ცვლილება, როდესაც ქალაქის შედარებით დაბალშემოსავლიან უბნებში შემოდიან უფრო მაღალი სოციალური კლასის ადამიანები, შედეგად იზრდება უძრავი ქონების ღირებულება, იცვლება ტერიტორიის სოციალური და ეკონომიკური ხასიათი და სტატუსი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი იძულებული ხდება, დატოვოს ტერიტორია მომატებულ ფასებთან მათი მატერიალური მდგომარეობის შეუსაბამობის გამო.

ჯენტრიფიკაციის მაგალითები:

  1. ნიუ-იორკის ძველი უბანი უილიამსბურგი (Williamsburgh) ბრუკლინში, სადაც ბედფორდავენიუ ჯენტრიფიკაციის სიმბოლოდ გადაიქცა. დღეს აქ, ნაცვლად ძველი მე-19 საუკუნის საწყობებისა და მცირე მანუფაქტურებისა, უამრავ ახალ ლოფტ-სახლს და კონდომინიუმს ნახავთ, რომლებშიც ახალი მდიდრები ცხოვრობე, ხოლო 1 კვ. მ. ფართობის ფასი 4 000 დოლარს აღწევს (2004 წელს 1 კვ. მ-ის ფასი აქ $50 იყო!). ბედფორდიდან ძველი მოსახლეობა თითქმის სრულად გადავიდა სხვა, უფრო იაფ სახლებში.
  2. სოლოლაკი თბილისშიბოლო წლებში აქ ბევრი უცხოელი დასახლდა, რომლბიც ძირითდად ონლაინ მუშაობენ და აქტიურად ქირაობენ ბინებს/სახლებს სოლოლაკში, ხოლო მკვიდრი მოსახლეობა აქტიურად ყიდის ძველ სარემონტო ბინებს ან აქირავებს მა კომერციული მიზნებისთვის. შენიშვნა: დღეს სოლოლაკში 1 კვ. მ. ბინის ფასი 1500-2500 აშშ დოლარს აღწევს, ხოლო კომერციული ფართობისა – 1500-3000 აშშ დოლარს.
  • საზოგადოებრივი სივრცეების დეფიციტი: სწრაფად აშენებულ ახალ უბნებს ხშირად აკლიათ პარკები, სკვერები, ბუნებრივი სივრცეები, კულტურული ობიექტები (მაგალითად, ე.წ. ჰუალინგის უბანი თბილისის ზღვის მახლობლად), რაც ართულებს უბნის სწორ და ჰარმონიულ განვითარებას.

 

როგორც ხედავთ, ზემოთ ჩამოთვლილი სულ რამდენიმე საკითხის გადაჭრაც კი, რომლებიც დღეს თბილისისთვის პრობლემებად ჩამოყალიბდა, დიდ ყურადღებას, ცოდნასა და ფინანსურ სახსრებს მოითხოვს. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, რომ ამ საკითხების საფუძვლიან შესწავლას და შემდგომ მათ მოგვარებას ნამდვილად არ ეყოფა რამდენიმე, თუნდაც წარმატებული და გონიერი მენეჯერისა თუ არქიტექტორის ცოდნა და გამოცდილება. ურბანულ საკითხებს უამრავი განზომილება აქვს და მათი შესწავლა, ანალიზი და გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მულტიდისციპლინური კვლევების მეშვეობით, რომლებიც გააერთიანებს არქიტექტორების, კონსტრუქტორების, საგზაო მშენებლების, ქალაქმგეგმარებლების, გეოგრაფების, ეკონომისტების, დემოგრაფების, კლიმატოლოგიების, ბოტანიკოსების, ურბანისტებისა და სოციალური მეცნიერებების სპეციალისტთა ძალისხმევას. სხვაგვარად ურბანული პრობლემების გადაჭრის მცდელობებს, საუკეთესო შემთხვევაში, რეაქტიული, ხანძრის ჩაქრობის ხასიათი ექნება.

დღეს ასეთი რეაქტიული მუშაობის თვალსაჩინო მაგალითია თბილისში სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრის მცდელობები. თბილისის მერია გულწრფელად ცდილობს, მოაგვაროს სატრანსპორტო ნაკადების პრობლემა და ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რათა განაახლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი, შექმნას საავტობუსე ხაზები, მოაწესრიგოს რთული სატრანსპორტო კვანძები, მოაგვაროს მეტროს მეშვეობით მგზავრთა გადაყვანა, ააშენოს ახალი სადგურები და გაჩერებები, მაგრამ სატრანსპორტო დაძაბულობა ქალაქის როგორც ძველ, ისე ახალ და ახალნაშენ რაიონებში ჯერჯერობით კვლავ მზარდია და წლიდან წლამდე იმატებს ქვეყანაში იმპორტირებული „არც ისე ძველი“ ავტომობილების რაოდენობაც.

[1]მოკლედჯენტრიფიკაცია (gentrification, ინგლ.) ნიშნავს ურბანული უბნის განახლებას, მასში ახალი, უფრო შეძლებული ფენის წარმომადგენლების გადმოსვლას და იმ ადგილას ფასების მატებას, რაც ხშირად იწვევს ადგილობრივი, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის გადასახლებას სხვა, უფრო „იაფ“ უბნებში.

[2]სუბურბანიზაცია ნიშნავს პროცესს, როცა ადამიანები დიდი ქალაქებიდან საცხოვრებლად გადადიან გარშემო მდებარე სოფლებში, პატარა ქალაქებში ან ე.წ. დასახლება-აგარაკებში, მაგრამ ხშირად ისევ დიდ ქალაქთან რჩებიან დაკავშირებულნი სამუშაოს, სწავლებისა თუ სხვა სერვისების გამო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ნეტავი რადმე მაქცია…

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“