ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
8 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

რატომ ვეღარ ვიმეგობრებთ? ბიოლოგიური იზოლაცია

0

ძალიან სწრაფად განვითარებადი ხელოვნური ინტელექტი მასწავლებლისთვის საუკეთესო დამხმარეცაა და სერიოზული გამოწვევის მიზეზიც. თანამედროვე მოსწავლეებისთვის ინტერესის გაღვიძება რთულია. ისინი პრაგმატულები, რეალისტები არიან. რასაც ვეუბნებით, ყველაფრის გადამოწმება შესაძლებელია და ისინიც არ აყოვნებენ. მასწავლებლის მიზანი ისეთი რესურსის მოფიქრება და შეთავაზება უნდა იყოს, რომელიც ძალიან ახლოს არის რეალობასთან. ჩემ მიერ თარგმნილი და ადაპტირებული რესურსი მიკროევოლუციის გამომწვევ მიზეზს – იზოლაციას ეხება. სამუშაო ფურცელი მოიცავს: 10 რეალურ მაგალითს, რომლებშიც მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ იზოლაციის მექანიზმი, და 5 ღიადაბოლოებიან შეკითხვას, რომლებიც უკავშირდება სამ მთავარ ცნებას –  სახეობათა წარმოშობას, ადამიანის ქცევასა და გარემოს ცვლილებებს.

ევოლუცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. რაც უფრო დაბალგანვითარებულია ორგანიზმი, მით უფრო ნაკლები დრო სჭირდება ახალი სახეობის ჩამოყალიბებას. სულ ახლახან გადავლილი პანდემიის დროს წარმოქმნილი ახალ-ახალი შტამები უცნაური სახელებით სწორედ ევოლუციის მტკიცებულებას წარმოადგენს.

მიკროევოლუციის შედეგად წარმოიშობა ახალი სახეობები. ახალი სახეობების წარმოშობა სხვადასხვა ფორმის იზოლაციის გზით ხდება.

მარტივად რომ ვთქვათ, იზოლაციის მექანიზმია ბიოლოგიური ბარიერის წარმოქმნა პოპულაციებს შორის, რასაც საბოლოოდ ახალი სახეობების წარმოშბამდე მივყავართ. იზოლაციის მრავალი მექანიზმი არსებობს. ამ სტატიაში მხოლოდ ქცევით, გეოგრაფიულ და დროით იზოლაციაზეა გავამახვილებ ყურადღებას.

  1. ქცევითი იზოლაცია – სახეობები ცხოვრობენ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, მაგრამ განსხვავდებიან ქცევით, მაგალითად, სიმღერით, ცეკვით, ქიმიური სიგნალებით. ეს მათ ხელს უშლის პოტენციური მეწყვილის ამოცნობაში. მაგალითად, ჩიტების ორმა პოპულაციამ დროთა განმავლობაში სხვადასხანაირად სიმღერა დაიწყო, ამიტომ შეწყვილება ვეღარ ხდებოდა, რადგან „სხვადასხვა ენაზე მღეროდნენ“, ბოლოს კი ორ ახალ სახეობად ჩამოყალიბდნენ.
  2. გეოგრაფიული იზოლაცია – ფიზიკური ბარიერი (მთა, მდინარე, ოკეანე და სხვა) ზღუდავს პოპულაციის ინდივიდებს შორის კავშირს. დროთა განმავლობაში პოპულაციები იყოფიან და ევოლუციის შედეგად ახალ სახეობებად ყალიბდებიან. მაგალითად, მდინარემ შეიცვალა მიმართულება და მღრღნელების პოპულაცია ორად გაყო.
  3. იზოლაცია დროში – ეს არის რეპროდუქციული იზოლაციის ერთ-ერთი ფორმა. მაგალითად, როცა მცენარეების მტვერი თუ სხვადასხვა დროს მწიფდება, ჯვარედინი დამტვერვა შეუძლებელი ხდება და ახალი სახეობები ყალიბდება.

 

ინსტრუქცია: ყურადღებით წაიკითხე თითოეული მაგალითი. ყველა მათგანს მარჯვენა სვეტში მიუწერე, იზოლაციის რომელ ფორმას აღწერს: ქცევითს, გეოგრაფიულს თუ იზოლაციას დროში. ზოგიერთი შემთხვევა მოიცავს რამდენიმე მექანიზმს.

 

  მაგალითი იზოლაციის ფორმა
1. ერთსა და იმავე ტყეში ცხოვრობს კალიის ორი სახეობა, ერთი სახეობა მაღალ ხმას გამოსცემს, მეორე – დაბალს. მდედრები მხოლოდ საკუთარი სახეობის მამრების ხმას პასუხობენ.  
2. პეპლების ერთი სახეობა აქტიურია მხოლოდ მზიან დღეებში, მეორე კი მხოლოდ ღამით. ამის გამო ისინი გასანაყოფიერებლად ვერასდროს ხვდებიან ერთმანეთს.  
3. მდინარემ მიმართულება შეიცვალა და მღრღნელების პოპულაცია ორ ჯგუფად გაყო. ერთი ჯგუფის წარმომადგენლები მეორესთან შედარებით გაიზარდნენ და სხეულის საფარველიც გაუმუქდათ. ამის შემდეგ მათ შეჯვარება აღარ შეეძლოთ.  
4. ერთსა და იმავე ტბაში ცხოვრობს ბაყაყების ორი სახეობა. ერთი ადრეულ გაზაფხულზე მრავლდება, მეორე – ზაფხულის ბოლოს. მათი ყიყინის ხმები ერთმანეთისგან განსხვავებულია.  
5. ფრინველების ორი სახეობა ცხოვრობს ერთსა და იმავე ტერიტორიაზე. ერთი სახეობა მდედრის მისაზიდად იყენებს რთულ ცეკვას, მეორე კი სიმღერას. ერთი სახეობა ვერ ცნობს მეორის შეწყვილების სიგნალს.  
6. ირმების ორ პოპულაციას შორის მთის ქედი წარმოიქმნა, რამაც ხელი შეუშალა პოპულაციათა წევრების შეხვედრას და შეწყვილებას. გზის გაყვანის შემდეგ ერთი ჯგუფის მდედრებმა ვეღარ ამოიცნეს მეორე ჯგუფის მამრების ხმა.  
7. ერთ მდელოზე ყვავილოვანი მცენარის ორი სახეობა ხრარობს. ერთი ყვავის ადრე გაზაფხულზე, როცა გრილი ამინდებია, მეორე კი გვიან ზაფხულში, როცა ცხელა.  
8. ტბის დაშრობის შემდეგ გაჩნდა ორი გუბურა. ტბაში გავრცელებული თევზების ერთ-ერთი სახეობა ორ პოპულაციად გაიყო. პირველ გუბურაში მამრები მდედრს იზიდავდნენ ბუდეებით, მეორეში კი ფერით.  
9.  მამრი ციცინათელები მდედრის მისაზიდად სხვადასხვა სახის სინათლის სიგნალს იყენებენ. მდედრები მხოლოდ საკუთარი სახეობის მამრის გამოცემულ სინათლეს აღიქვამენ.  
10. მცენარეთა ერთი სახეობა მტვერს გამოყოფს მაისის დასაწყისში, მეორე, მსგავსი სახეობა კი ივნისის ბოლოს, რაც ხელს უშლის ჯვარედინ დამტვერვას.  

 

ანალიზი:

  1. როგორ ხდება გეოგრაფიული იზოლაციის შედეგად ორი სრულიად განსხვავებული სახეობის ჩამოყალიბება?
  2. ქცევითი იზოლაცია შეწყვილებას ხელს უშლის პოტენციური პარტნიორების ქცევის განსხვავებულობის გამო. აღწერე სიტუაცია და მოიფიქრე მსგავსი მაგალითი.
  3. დროითი იზოლაციის დროს სახეობების შეწყვილების პერიოდები განსხვავებულია. რა გავლენას მოახდენს კლიმატის ცვლილება დროის იზოლაციაზე? შეიცვლება სახეობა თუ არა?
  4. რატომ მიიჩნევა რეპროდუქციული იზოლაცია სახეობათა წარმოშობის ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად? როგორ უწყობს ის ხელს ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნებას?
  5. კუნძულზე ფრინველების პოპულაცია ცხოვრობს. რამდენიმე თაობის განმავლობაში ჩიტების ნაწილი საკვების მოსაპოვებლად ტყის სიღრმეში შედიოდა, ნაწილი კი საკვებს მდელოზე ეძებდა. საბოლოოდ ჩამოყალიბდა ორი ჯგუფი. ერთი ჯგუფის ფრინველები მხოლოდ თავიანთი ჯგუფის მამრების სიგნალებს პასუხობდნენ. იზოლაციის რომელმა მექანიზმმა იმოქმედა ამ სიტუაციაში? როგორ მოხდა ახალი სახეობების წარმოშობა?

წყარო: https://www.biologycorner.com/2025/03/23/why-cant-we-be-friends-species-isolating-mechanisms/

იმპულსის მუდმივობის კანონის ექსპერიმენტული შესწავლა

0

ჩვენს სწრაფად განვითარებად ეპოქაში ხელოვნური ინტელექტი თანდათან იკავებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროს. მონაცემთა მოდელირება, სიმულაციები და ვირტუალური გარემო ჩქარი ტემპით იმკვიდრებს ადგილს განათლებასა და სამეცნიერო სივრცეში. ასეთ პირობებში რეალური ექსპერიმენტების მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო და ფასეული ხდება. ციფრული ტექნოლოგიები უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა, თუმცა ისინი ხშირად ეფუძნება წინასწარ არსებულ მონაცემებსა და თეორიებს. რეალური ექსპერიმენტი კი გვინარჩუნებს ფიზიკურ კავშირს სამყაროსთან – ის არა მხოლოდ ამყარებს და ამდიდრებს თეორიულ ცოდნას, არამედ აჩენს კითხვებს, როგორიც ციფრულ მოდელებში შესაძლოა საერთოდაც არ გამოიკვეთოს. რეალური ექსპერიმენტი მოზარდს უვითარებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, შეცდომებით სწავლას, ხელს უწყობს კრიტიკულ და მეცნიერულ აზროვნებას. ექსპერიმენტი არ არის მხოლოდ შედეგის მიღება – ეს არის აღმოჩენის პროცესი, როდესაც მოზარდი დაკვირვებით და გამოცდილებაზე დაყრდნობით იღებს ჭეშმარიტ ცოდნას. სწორედ ასეთ პროცესში ვითარდება ადამიანური სოციო-ემოციური უნარები, რაც სრულად ვერასოდეს ჩანაცვლდება ალგორითმით.

წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ ექსპერიმენტს იმპულსის მუდმივობის კანონის შესასწავლად. მისი მთავარი უპირატესობა არის სკოლის პირობებში მისი ჩატარების სიმარტივე და ხელმისაწვდომობა. ძაფზე დაკიდებული ბურთულების ურთიერთქმედებაზე დაკვირვებით შესაძლებელია დრეკად და არადრეკად დაჯახებებთან დაკავშირებული კანონზომიერებების შესახებ ცოდნის გაღრმავება. ენერგიების გამოთვლის საშუალებით კი შეგვიძლია უფრო ზუსტად დავადგინოთ, კონკრეტულ შემთხვევაში რა ტიპის დაჯახებასთან გვაქვს საქმე.

სანამ დაკვირვებისა და ექსპერიმენტის მსვლელობის განხილვაზე გადავალთ, გავიხსენოთ იმპულსის რაობა და მასთან დაკავშირებული ძირითადი თეორიული ცნებები.

ნიუტონის კანონების საშუალებით შესაძლებელია მექანიკის ძირითადი ამოცანის გადაწყვეტა. თუ გვეცოდინება სხეულზე მოქმედი ძალა (ძალების ტოლქმედი) და სხეულის მასა, შევძლებთ განვსაზღვროთ აჩქარება, რომლის საშუალებითაც ვიპოვით სხეულის სიჩქარეს, გადაადგილებასა და ბოლოს კოორდინატს.

არსებობს შემთხვევები, როდესაც სირთულეს წარმოადგენს სხეულზე მოქმედი ძალების განსაზღვრა. მაგალითად, სხეულთა შეჯახების დროს ძალის მოქმედება გრძელდება ძალიან მცირე დროის განმავლობაში. ამასთანავე, სხეულთა შემხები ნაწილაკების დეფორმაცია რთული სახისაა. მსგავს შემთხვევებში ძნელია აჩქარების განსაზღვრა. ამ დროს უმჯობესია, გამოვიყენოთ ისეთი სიდიდე, რომელიც სისტემას დაახასიათებს შეჯახებამდე და შეჯახების შემდეგ. ასეთი სიდიდეა იმპულსი, რაც ლათინურად „ბიძგს“, „დარტყმას“ ნიშნავს. იმპულსის საშუალებით სხეულთა შეჯახებისას ურთიერთქმედების შედეგი (ეფექტი) განისაზღვრება არა მხოლოდ მიღებული სიჩქარით, არამედ სხეულის მასით.

იმპულსის ცნების შემოტანა უკავშირდება ფრანგ მეცნიერს, რენე დეკარტს (1596-1650 წწ). დეკარტმა მას „მოძრაობის რაოდენობა“ უწოდა, რაც ზუსტად განმარტავს ამ ცნების რაობას – სხეულის მოძრაობისშესაძლებლობას ერთდროულად განსაზღვრავს მასა და სიჩქარე. უფრო მოგვიანებით დამკვიდრდა კი ტერმინი „სხეულის იმპულსი“.

იმპულსი განისაზღვრება, როგორც სხეულის მასისა და მისი სიჩქარის ნამრავლი. სხეულის იმპულსი ვექტორული სიდიდეა და მისი მიმართულება ემთხვევა სხეულის სიჩქარის მიმართულებას:

ურთიერთმოქმედ სხეულთა ერთობლიობას სისტემა ეწოდება. სისტემას ეწოდება ჩაკეტილი, თუ მასში შემავალი სხეულები ურთიერთქმედებენ მხოლოდ ერთმანეთზე და არ ურთიერთქმედებენ სხვა სხეულებთან, რომლებიც მოცემულ სისტემაში არ შედიან. სისტემის იმპულსი ეწოდება ამ სისტემაში შემავალი სხეულების იმპულსების ვექტორულ ჯამს:

ჩაკეტილი სისტემისთვის სამართლიანია იმპულსის მუდმივობის კანონი

ჩაკეტილი სისტემის სხეულთა იმპულსების გეომეტრიული ჯამი არ იცვლება ამ სისტემაში შემავალ სხეულთა შორის ნებისმიერი ურთიერთქმედებისას:

სხეულის იმპულსის ცვლილება განიმარტება, როგორც ძალის იმპულსი. სიდიდეს, რომელიც ძალისა და დროის ნამრავლის ტოლია, ძალის იმპულსი ეწოდება.

ძალის იმპულსი მეტად მნიშვნელოვანი სიდიდეა. იგი ძალის მოქმედების შედეგს ახასიათებს არა მხოლოდ ძალის ზომით, არამედ მისი მოქმედების დროითაც – ძალის მოქმედების შედეგს განსაზღვრავს მისი მოქმედების დრო.

SI- სისტემაში იმპულსის ერთეულია – 1კგ.მ/წმ. ასევე, იმპულსის გასაზომად შეიძლება გამოვიყენოთ ძალის და ამ ძალის მოქმედების დროის ნამრავლი -1 ნ.წმ.

სხეულთა დაჯახებას უწოდებენ აბსოლუტურად დრეკადს, თუ სხეულების თავდაპირველი მექანიკური ენერგია არ გადადის შინაგან ენერგიაში. ასეთი დაჯახების პროცესში წარმოშობილი დეფორმაცია მთლიანად ისპობა. სხეულები აღიდგენენ პირვანდელ ფორმასა და მოცულობას. იმპულსის მუდმივობის კანონი დრეკადი დაჯახებისას გამოისახება მიღებული (2) ფორმულით.

სხეულების შეჯახებისას ყოველთვის წარმოიქმნება ხახუნი, სხეულები დეფორმირდება, წარმოიქმნება ბგერა და ზოგჯერ სინათლეც კი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მექანიკური ენერგია ნაწილობრივ გარდაიქმნება სხვა სახის ენერგიად. ზოგ შემთხვევაში ასეთი დანაკარგები სიმცირის გამო შეიძლება უგულებელვყოთ (მაგ. ბურთულების დაჯახება).

განვიხილოთ ექსპერიმენტის შინაარსი და მისი განხორციელების ეტაპები.

l სიგრძის ძაფებზე ჩამოვკიდოთ m1 და m2 მასის ბურთულები (ნახ.1). ცდის გამარტივების მიზნით, უმჯობესია ერთი ბურთულა (მაგ. m2), წონასწორობაში დავტოვოთ. მაშინ მისი სიჩქარე v2 = 0. აქვე უნდა განიმარტოს აუცილებელი პირობა, რომ m1 m2, რადგან დაჯახებისას m1 მასის ბურთულამ არ განიცადოს უკუსვლა.

m1 მასის ბურთულა წონასწორობიდან გადავხაროთ დაახლოებით 300 -იანი კუთხით. მისი ნულოვანი დონიდან აწევის სიმაღლე აღვნიშნოთ h-ით. ნახაზის მიხედვით შეიძლება დავწეროთ:

l = h + l cos α1

h = l ( 1- cos α1 )

ექსპერიმენტის ჩასატარებლად წინასწარ უნდა იყოს ცნობილი (ან ავწონოთ) ბურთულათა m1 და m2 მასები. ექსპერიმენტის მსვლელობისას კი უნდა გავზომოთ α1 , α1 და α2 კუთხეები.

(7), (8) და (9) ფორმულები შევიტანოთ (2) -ე ფორმულაში, მივიღებთ საინტერესო ფორმულას:

m1α1 = m1 α1+ m2 α2 (10)

აბსოლუტურად არადრეკადი დაჯახების დროს, რა თქმა უნდა, α1 = α2 .

 m1α1 =( m1 + m2) α1(11)

დაჯახების ტიპის დასაზუსტებლად, უნდა შევამოწმოთ ენერგიის მუდმივობის კანონი. ამისათვის, გამოვთვალოთ ენერგიები დაჯახებამდე და დაჯახების შემდეგ და შევადაროთ ერთმანეთს. რაც მეტი გამოვა ენერგიათა სხვაობა, მით უფრო არადრეკადი იქნება დაჯახება.

მიღებული ფორმულით, ძაფზე დაკიდებული ბურთულების დაჯახების დროს გადახრის კუთხეებით შესაძლებელია იმპულსის მუდმივობის კანონის შემოწმება. მაგრამ, ამ ფორმულის გამოყენებისას ხაზი უნდა გავუსვათ დაშვებულ წინაპირობას, რომ sin α1 α1. სინუსი 300– მდე თითქმის წრფივი ფუნქციაა, რადიანებში გაზომილი კუთხე ემთხვევა კუთხის სინუსის მნიშვნელობას. რაც თვალსაჩინოდ ჩანს მოცემულ გრაფიკებზე ( ნახ.3. და ნახ.4).

მე-4 ნახაზზე მკაფიოდ ჩანს sin α-ს αზე დამოკიდებულების გრაფიკის (0; 300) უბანი. ამ შუალედში, რადიანებში გაზომილი კუთხის და შესაბამისი სინუსის მნიშვნელობები თითქმის ერთმანეთის ტოლია.

 ექსპერიმენტისთვის საჭირო რესურსები:

  • შტატივი;
  • შტატივზე გვერდიგვერდ ორი ბურთულას თოკი თავისი სამაგრით;
  • სახაზავი;
  • შტატივის სადგამს მიმაგრებული უნდა ჰქონდეს კუთხის გამზომი;
  • სხვადასხვა მასის ორი ლითონის ბურთულა (ცნობილი მასებით);
  • ორი პლასტილინის ბურთულა (ცნობილი მასებით).

 ექსპერიმენტის მსვლელობა:

  1. დაკიდეთ შტატივზე დაკიდებულ ძაფებზე ლითონის m1 და m2 მასის ბურთულები;
  2. ბურთულათა მასები შეიტანეთ ცხრილში;
  3. გაზომეთ ძაფის სიგრძე (I) და მისი მნიშვნელობა შეიტანეთ ცხრილში;
  4. გადახარეთ m1 მასის ბურთულა დაახლოებით α1 ≤ 300 კუთხით; ცხრილში ჩაინიშნეთ გადახრის კუთხის მნიშვნელობა რადიანებში;
  5. გაუშვით ხელი m1 მასის ბურთულას;
  6. წონასწორობაში მყოფი m2 მასის ბურთულასთან შეჯახების შემდეგ, თვალით დააფიქსირეთ ბურთულათა გადახრის შესაბამისი კუთხეები α1 და α2(დააკვირდით და დაიმახსოვრეთ გადახრის α1‘ და α2‘ კუთხეები ვიზუალურად).
  7. α1 და α2 კუთხეთა მნიშვნელობები გადაიყვანეთ რადიანებში და შეიტანეთ ცხრილში;
  8. ცდა გაიმეორეთ სამჯერ და გამოთვალეთ α1, α1 და α2-ის საშუალო მნიშვნელობები;
  9. კუთხის საშუალო მნიშვნელობებისთვის გამოთვალეთ იმპულსის K1, K1 და K2 მნიშვნელობები;
  10. კუთხის საშუალო მნიშვნელობებისთვის გამოთვალეთ შესაბამისი პოტენციური ენერგიები: E1; E1და E2 ;
  11. შესაბამისი სამუშაო ფორმულების გამოყენებით შეამოწმეთ იმპულსის და ენერგიის შენახვის კანონები;
  12. მიღებული შედეგები შეიტანეთ ცხრილში;
  13. ექსპერიმენტი გაიმეორეთ პლასტილინის ბურთულებისთვის (ნახ.5.);
  14. ჩაატარეთ ანალოგიური გამოთვლები და მიღებული შედეგები შეიტანეთ ცხრილში;
  15. ახსენით ექსპერიმენტის შედეგები.

 

 

ლითონი N α1

გრადუსი

α1

რადიანი

α1

გრადუსი

α1

რადიანი

α2

გრადუსი

α2

რადიანი

 

1            
2            
3            
საშუალო მნიშვნელობები

 

პლასტილინი N α1

გრადუსი

α1

რადიანი

α1

გრადუსი

α1

რადიანი

α2

გრადუსი

α2

რადიანი

1
2
3
საშუალო მნიშვნელობები

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ქუთაისი ტექნიკური უნივერსიტეტი

ზ. ლომთაძე, ნ. ახვლედიანი, ჯ. მეტრეველი – „ლაბორატორიული პრაქტიკუმი ფიზიკაში – მექანიკა“;

  1. გამომცემლობა „დიოგენე“, ფიზიკა, მე-9 კლასი, ქ. ტატიშვილი – მოსწავლის წიგნი.

 

სასწავლო ხასიათის დავალებები საქართველოს მხარეებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი საფრთხეების შესასწავლად

0

საქართველო მრავალფეროვანი ლანდშაფტით, განსხვავებული ბუნებრივი პირობებითა და კლიმატით ხასიათდება, რაც ბუნებრივი საფრთხეების მრავალფეროვნებასაც განაპირობებს. „ჩვენი საქართველოს“ განახლებული საგნობრივი სტანდარტის ერთ-ერთი მოთხოვნაა,  მოსწავლეებმა გამოკვეთონ და ახსნან საქართველოს მხარეების/ტერიტორიული ერთეულისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი საფრთხეები (ჩვ. საქ. (2) – 2;3). მათი ცოდნა და ანალიზის უნარი მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო საგნობრივი კუთხით, არამედ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებისთვისაც.

შესაბამისად, სასწავლო პროცესში აუცილებელია ისეთი დავალებების დაგეგმვა, რომელთა დახმარებითაც მოსწავლე გამოკვეთს და ახსნის კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელ საფრთხეებს. როგორ დავეხმაროთ მას ამ მიზნის მიღწევაში?

პრაქტიკული და საგნობრივი უნარების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა ბუნებრივი (გეოლოგიური, ეკოლოგიური) საფრთხეები შეისწავლონ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ კვლევითი, საკლასო და პრაქტიკული დავალებების მეშვეობითაც. შესაძლო დავალების ტიპებია:

  • ინტეგრირებული (გეოგრაფია/ბუნება, საზოგადოება);
  • პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებზე ორიენტირებული;
  • შემოქმედებითი და
  • თანამშრომლობითი ხასიათის (ჯგუფური მუშაობა).

მაგალითად:

  1. ინფორმაციული და ანალიტიკური ხასიათის დავალებები:
  • შევთავაზოთ მოსწავლეებს, მონიშნონ საქართველოს ფიზიკურ რუკაზე მიწისძვრების, მეწყერების, ღვარცოფების, წყალდიდობებისა და ტყის ხანძრების კერების შესაძლო რეგიონები და იმსჯელონ, რატომ მიაჩნიათ ასე.
  • შეადარონ სხვადასხვა მხარის ფიზიკური მახასიათებლები და იმსჯელონ, სად უფრო დიდია მეწყრის საშიშროება, სად – წყალდიდობის საფრთხე (მაგალითად, რაჭაში – მეწყერი, კახეთში – გვალვა) და ა.შ. და იმსჯელონ, რატომ მიაჩნიათ ასე.
  1. კვლევითი/პროექტული დავალებები:
  • ჯგუფური მუშაობა (Case study): თითოეულმა ჯგუფმა შეკრიბოს ინფორმაცია ამა თუ იმ მხარეში (მაგალითად, აჭარა, კახეთი) არსებულ საფრთხეებზე და მოამზადოს პრეზენტაცია. წყაროებად გამოიყენონ სახელმძღვანელო და ინტერნეტრესურსები.
  • ინტერვიუ უფროს თაობასთან: ჯგუფის წევრებმა შეისწავლონ უფროსი თაობის გამოცდილება (საკუთარი ოჯახის და სხვ. მაგალითზე), რა იციან სტიქიური უბედურებების შესახებ ან რა ახსოვთ ამ საკითხზე, წყალდიდობაზე, მეწყერზე;
  • შექმნან „საფრთხის რუკა“ Google Maps-ის ან ZeeMaps-ის საშუალებით ან მოამზადონ პოსტერი, რომელზეც დაიტანენ ბუნებრივ საფრთხეებს კონკრეტულ მხარეებში.
  1. შემოქმედებითი ხასიათის დავალებები:
  • მოსწავლეებმა მოამზადონ ვიზუალური პოსტერები საფრთხეების მიზეზებისა და პრევენციის გზების შესახებ;
  • შექმნან პატარა მოთხრობები ან კომიქსები აღნიშნულ თემაზე;
  • მოამზადონ ვიდეორეპორტაჟები თავიანთ საცხოვრებელ გარემოში არსებული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ;
  • დაწერონ სცენარები თემაზე „როგორ მოვიქცევი (მიწისძვრის, ტყის ხანძრის ან ღვარცოფის…) დროს“;
  • როლური თამაში – ვიდეორგოლის გადაღება – „მაშველი“, „ადგილობრივი ხელისუფლება“, „მოქალაქე“.

ასეთი დავალებები ეხმარება მოსწავლეს, უკეთ გაიაზროს თავისი მხარის ბუნებრივი საფრთხეები, პრევენციისა და ადაპტაციის მნიშვნელობა და გაიზარდოს პასუხისმგებლობიან მოქალაქედ.

განვიხილოთ მაგალითი:

საგანი „ჩვენი საქართველო“

კლასი: V-VI

თემა: საქართველოს ბუნებრივი საფრთხეები

დავალება: საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი საფრთხეების რუკის შექმნა ZeeMaps-ის გამოყენებით.

მიზანი: მოსწავლეებმა გამოიკვეთონ და ახსნან საქართველოს სხვადასხვა მხარისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი საფრთხეები და მოამზადონ ციფრული რუკა.

ZeeMaps საკმაოდ მარტივი და მოხერხებული ინსტრუმენტია ამ ტიპის რუკებისთვის.

ინსტრუქცია მოსწავლეებისთვის ZeeMaps-ით რუკის შესაქმნელად:

  1. შედი საიტზე https://www.zeemaps.com (რეგისტრაცია სავალდებულო არ არის, მაგრამ რუკის შემდგომი რედაქტირება-შენახვისთვის ანგარიშის შექმნა სასარგებლოა).
  2. დააჭირე ღილაკს „Create a Free Map“ და დაარქვი რუკას სახელი (მაგალითად, „საქართველოს ბუნებრივი საფრთხეები“);
  3. რუკის იმ ნაწილში, სადაც საფრთხის მონიშვნა გსურს, დააჭირე მარჯვენა ღილაკს ან „Add“ Add Marker.
  4. გახსნილ ფანჯარაში დაამატე ინფორმაცია:
  • Title – საფრთხის სახელი (მაგ., „გვალვა კახეთში“, „მეწყერი რაჭაში“).
  • Description – დაიტანე მოკლე ტექსტი (როდის ხდება, რა ზიანი მოაქვს, რა არის საჭირო პრევენციისთვის).
  • შეგიძლია, ატვირთო ფოტო/ბმული/ვიდეო.
  • მონიშნე რუკის ფორმატი: რელიეფი ან თანამგზავრიდან.
    1. თვალსაჩინოებისთვის სხვადასხვა საფრთხეს მიანიჭე სხვადასხვა ფერი, მაგალითად: წითელი – მიწისძვრა, ლურჯი – წყალდიდობა, ყვითელი – მეწყერი, მწვანე – ტყის ხანძარი. სურვილის შემთხვევაში მიაწერე განმარტებები.
    2. შეგიძლია, რუკა გაზიარო „Share“ ღილაკით და მიუთითო, რომ მხოლოდ შენ არედაქტირებ ან ჯგუფი ერთად ამატებთ ახალ მონაცემებს.
    3. წარადგინე კლასში როგორც ციფრული პრეზენტაცია.

იხ. ნიმუში: https://www.zeemaps.com/view?group=6848645&x=45.988946&y=46.925463&z=13

შესაძლებელია სხვა ტიპის ვირტუალური რუკების გამოყენებაც, მაგალითად:

  • Google Earth/VR რუკები, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები შეძლებენ კონკრეტული რეგიონების ნახვას 3D ფორმატში, რაც მათ დაეხმარება მეწყრის, მდინარის ადიდების ან გვალვის ზონების ვიზუალიზაციაში.
  • Canva, Genially, Piktochart – აქ მოსწავლეები ქმნიან ისეთ ინფოგრაფიკას, სადაც ცალ-ცალკეა „აწყობილი“ მიზეზები, შედეგები და პრევენციული ღონისძიებები. ცალკეული რეგიონების შესწავლის პარალელურად მოსწავლეებს შეუძლიათ, შეავსონ ჩანაწერები ZeeMaps-ზე. ბოლოს მიიღება ერთი დიდი რუკა, რომელზეც საქართველოს ყველა მხარე თავისი დამახასიათებელი საფრთხეებით იქნება წარმოდგენილი.

შეფასების რუბრიკა

რეფლექსია:

  • მასწავლებელი მიმოიხილავს შესრულებულ დავალებებს და გასცემს რეკომენდაციებს.
  • მოსწავლეებს სთხოვს, დაწერონ მოკლე რეფლექსია: „რა ვისწავლე, რა იყო ყველაზე საინტერესო, რას გამოვასწორებდი მომავალში“.

ამ ტიპის დავალებები აერთიანებს კვლევით, ანალიტიკურ, შემოქმედებით და ჯგუფურ აქტივობებს, ეხმარება მოსწავლეებს გეოგრაფიული, სამოქალაქო და ტექნოლოგიური კომპეტენციების ჩამოყალიბებაში, საშუალებას აძლევს, გაიაზრონ საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი საფრთხეები და მათი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე, ხელს უწყობს ჯგუფური თანამშრომლობის, პრეზენტაციისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ამის შედეგად კი სტანდარტის შედეგების მიღწევას, ცოდნისა და უნარის გაფართოებას და პედაგოგიური ამოცანების გადაწყვეტას.

სამი ამბავი ტოლსტოის შესახებ

0

საქართველოს დედაქალაქს მომაჯადოებელი მიმზიდველობა აქვს. ვინ არ ყოფილა თბილისში, ვის არ უცხოვრია ჩვენს ქალაქში. გიგანტური მასშტაბის არაერთ პოლიტიკურ მოღვაწესა თუ ხელოვანს აკავშირებს უმნიშვნელოვანესი მოგონებები კავკასიის ცენტრთან.

თუ პლეხანოვიდან ვორონცოვისკენ ანუ აღმაშენებლის გამზირიდან ზაარბრიუკენის მოედნისკენ გაუყვებით გზას და ყურადღებით დააკვირდებით უძველეს, ულამაზეს სახლებზე გამოფენილ მემორიალურ დაფებს, აუცილებლად აღმოაჩენთ ერთ უმშვენიერეს წარწერას, რომელიც გვაუწყებს, რომ მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში თბილისს ლევ ტოლსტოი სტუმრობდა. მართალია დიდი რომანისტი და ჰუმანისტი, შექსპირისა და თომას მანის რანგის ფიგურა, დედაქალაქში ცოტა ხნით გაჩერდა, მაგრამ მას არასდროს შეუწყვეტია ურთიერთობა საქართველოსა და ქართველებთან.

გავიხსენოთ სამი ამბავი, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო სისტემისა და ამ სისტემას დაქვემდებარებული სინოდის წინააღმდეგ მებრძოლ უზარმაზარ მოაზროვნეს ჩვენს ქვეყანასთან აკავშირებდა.

 

  1. თბილისის ევროპულ ნაწილში

„ომისა და მშვიდობის“ ავტორმა ლიტერატურული საქმიანობა კავკასიაში დაიწყო. 1850 წელს იგი თავის ჯარისკაც ძმას გამოჰყვა სამხრეთში, რათა თავი დაეღწია არისტოკრატულ წრეებში გამეფებული, მდიდრული ცხოვრების წესისთვის და საკუთარ მომავალზე დაფიქრებულიყო. კავკასიაში თავისი ყოფნის გასახანგრძლივებლად და თავგადასავლების საძიებლად ახალგაზრდა ტოლსტოიმ სამხედრო რაზმში ჩაწერა გადაწყვიტა. თბილისში ვიზიტის გარეშე ის სამხედრო შენაერთის წევრი ვერ გახდებოდა, ამიტომ 1851 წელს თბილისს გამოემგზავრა.

ქართველი კრიტიკოსი ვლადიმერ ასათიანი თავის სტატიაში დაწვრილებით აღწერს მწერლის თბილისში ყოფნის პერიოდს. ტოლსტოის თბილისი ნამდვილ ევროპულ ქალაქად მიუჩნევია. მისი ამგვარი განწყობა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. ჯერ ერთი, მომავალი მწერალი ქალაქის განაპირას, გერმანულ დასახლებაში ცხოვრობდა. ყოველდღე სეირნობდა ქართველ გერმანელთა მიერ გაშენებულ ბაღ-ვენახებში, სტუმრობდა გერმანელთა მიერ დაფუძნებულ ბიბლიოთეკასა თუ სასწავლებელს. ჰქონდა გერმანული ენის უფასო პრაქტიკა, თვალს ადევნებდა „ტფილისელ ნემეცთა“ ეკონომიკურ საქმიანობას.

მაშინდელ დედაქალაქში უცხოელი სტუმრისთვის კიდევ ორი ინტერნაციონალური მნიშვნელობის დაწესებულება მოქმედებდა – რუსულენოვანი თეატრი და იტალიური ოპერა. „ანა კარენინას“ შემოქმედი თეატრსაც და ოპერასაც ეწვეოდა ხოლმე. ცხოვრობდა იმპერიის უკიდურეს სამხრეთში, მაგრამ მაინც არ გრძნობდა თავს კულტურული პროცესებისგან გარიყულად. აღნიშნული გარემოება მწერალს თბილისის განსაკუთრებულობაში არწმუნებდა.

ცხადია, ახალგაზრდა რუსი გრაფი ქართულ არისტოკრატიასთანაც ურთიერთობდა. თბილისში ყოფნის დღეებში მას რამდენჯერმე მოუხდა ყოფნა ბაგრატიონებისა და ბარათაშვილების გარემოცვაში. ტოლსტოი უშუალოდ შეესწრო შამილის ძლევამოსილი თანამებრძოლის, ნაიბ ჰაჯი მურატის, თბილისში ჩამოყვანის ფაქტს. მწერალი თვალყურს ადევნებდა ქალაქში მიმდინარე დისკუსიას ჰაჯი მურატისა და ვორონცოვის მოლაპარაკებების შესახებ. ვლადიმერ ასათიანი ამტკიცებს, რომ ცარსკოე სელოს ბატონმა მოთხრობა „ჰაჯი მურატისთვის“ მასალა სწორედ მეცხრამეტე საუკუნის შუა წლების თბილისში შეაგროვა.

თბილისის მიმართ ტოლსტოის დამოკიდებულებაზე შესანიშნავად მეტყველებს რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ქართველებთან შეხვედრის დროს მწერლის მიერ ნათქვამი სიტყვები. ილია ნაკაშიძე თავის ცნობილ პატარა წიგნში „როგორ გავიცანი ლეონ ტოლსტოი“ ასეთ ეპიზოდს აღწერს: „ყოველთვის გულწრფელი, ცხოველი სიყვარულით მოიგონებდა ლეონ ნიკოლოზის ძე კავკასიას და საკუთარ ცხოვრებას მთებში. იგი გამოუტყდა მეგობრებს, რომ ზოგჯერ ძალიან იტაცებს აქეთ წამოსვლის სურვილი. „სიცოცხლე ისე მოკლეა, – გვითხრა ლეონ ნიკოლოზის ძემ, – რომ საეჭვოა, როდისმე კიდევ მომიხდეს ყოფნა თქვენს მშვენიერს სამშობლოში. მაგრამ როცა მეორედ დავიბადები, – დაუმატა მან და იუმორმა, ღიმმორეულმა აზრმა გააშუქა თავისი მხიარული სხივით სიცოცხლით სავსე ძვირფასი სახე მოხუცისა, – მე უთუოდ გამოვისეირნებ თქვენსკენ კავკასიაში… ველოსიპედით!“

 

  1. პროტესტანტების დასაცავად

ბევრს ჰგონია, რომ პროტესტანტიზმი მხოლოდ დასავლეთევროპული მოვლენაა. ისინი ცდებიან. ეკლესიის რეფორმაციის იდეა ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთშიც არსებობდა.

XVIII საუკუნეში რუსეთის მართმადიდებელ ეკლესიას ზოგიერთი გუბერნიის გლეხობა აუჯანყდა. ისინი დაუპირისპირდნენ ხელისუფლების ნაწილად ქცეულ სამღვდელოებას, რომელიც მოსახლეობის დაბალი ფენების ჩაგვრასა და კლასობრივ ექსპლუატაციას არ ერიდებოდა. ჩაგრული გლეხობა რელიგიურ ნიადაგზე ორგანიზდა. პროფესორი ნუგზარ პაპუაშვილი წერს: „მეჩვიდმეტე საუკუნიდან რუსეთში ნამდვილი სამოქალაქო ომი იმის თაობაზეც გაჩაღდა,ბიბლიის რომელი რედაქცია უნდა დაესტამბათ: ძველი თუ პატრიარქ ნიკონის კომისიისაგან ჩასწორებული. მორწმუნეთა ნაწილმა ყურადღება იმ ჭეშმარიტებაზე გადაიტანა, რომ ცხონების წყარო არის არა ბიბლიის ტექსტი, არამედ შინაარსი. სწორედ ეს პოზიცია განავითარეს ოფიციალურ ეკლესიასთან დაპირისპირებულმა მამამთავრებმა და ბიბლიის ტექსტზე უარის თქმა თავიანთი კონფესიის ქვაკუთხედად აქციეს“. ამგვარ გარემოში აღმოცენდა „სულისთვის მებრძოლთა“, დუხობორთა მოძრაობა თანამედროვე უკრაინის აღმოსავლეთსა და რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში.

ცხადია, სახელმწიფომ მახვილი აღმართა რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც „უარყოფდა საიდუმლოებებს, მარხვებს, რიტუალებსა და რელიგიის სხვა გარეგნულს ატრიბუტებს, სამღვდელოებასა და მის იერარქიულ სისტემას, ხატების, ჯვრების თაყვანისცემას, წმინდა მამების ავტორიტეტს და, რაც ყველაზე არსებითია, წერილს, წიგნს – ბიბლიას. ეს მოძღვრება და ტრადიცია მთლიანად დაფუძნებული იყო ცოცხალ, ზეპირ გადმოცემებზე – იმ გადმოცემებზე, რომლებიც წინაპრებმა მომავალ თაობას უანდერძეს, რომლებიც შემონახულია დუხობორთა მეხსიერებაში. სწორედ ეს მეხსიერებაა საღვთო წიგნი, ე.წ. ცხოვრების წიგნი, რომელიც აღბეჭდილია არა ქაღალდზე, არამედ მორწმუნე დუხობორების გულსა და გონებაში“.

დუხობორებს დევნიდნენ, აპატიმრებდნენ, ხოცავდნენ, ყველაზე აქტიურად კი მათ წინააღმდეგ დეპორტაციის მეთოდს იყენებდნენ. დუხობორთა ნაწილი რამდენჯერმე გადაასახლეს რუსეთის უკაცრიელ ტერიტორიებზე, ბოლოს კი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ სამხრეთი კავკასიის დაუსახლებელ, სასაზღვრო, უკიდურესად სახიფათო რეგიონებში გამოამგზავრეს.

ალბათ, ბევრს გინახავთ დიდი თანამედროვე ქართველი ხელოვანის ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსერია „დუხობორების მიწა“, რომელიც ნინოწმინდის რაიონში დღემდე შემორჩენილი რუსი პროტესტანტების ცხოვრებას აღწერს და მომავალ თაობას უნახავს ამ ტანჯული ხალხის გამორჩეულ მატერიალურ თუ არამატერიალურ კულტურას.

ტოლსტოი ჯავახეთში მცხოვრები პროტესტანტების ქომაგი გახლდათ.

XIX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში მცხოვრებმა დუხობორებმა დიდი ანტიცარისტული მოძრაობა წამოიწყეს. ისინი, თავიანთი რწმენის პრინციპებიდან გამომდინარე, მასობრივად ამბობდნენ უარს სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, არ იხდიდნენ გადასახადებს მეფის ხაზინის სასარგებლოდ, არ ასრულებდნენ კანონთა ნაწილს. მთელ მსოფლიოში გახმაურდა საქართველოს დუხობორთა ერთი ცნობილი აქცია. სახელმწიფომ მათ საზღვრის დასაცავად და მოთარეშე ტომების გასანეიტრალებლად იარაღი დაურიგა. 1895 წელს დუხობორებმა საჯაროდ დაწვეს ხელისუფლების მიერ გადმოცემული შაშხანები და დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. ბუნებრივია, ათასობით დუხობორს თავს დაატყდა მთავრობის რეპრესიები.

დიდი მწერალი თავისი თანამებრძოლების დახმარებით მუდმივ კავშირში იყო კავკასიელ დუხობორებთან. ცდილობდა მათთვის საზღვარგარეთის პასპორტების მოპოვებას, აფინანსებდა პროტესტანტთა ამერიკაში გამგზავრებას, თავისი ვაჟიც კი გამოგზავნა ბათუმში, რათა რეპრესირებულთა ერთი ჯგუფი ბათუმის პორტამდე მიეცილებინა. რაც მთავარია, დიდმა მოღვაწემ თავისი მესამე, ბრწყინვალე რომანის, „აღდგომის“, ჰონორარი მთლიანად დუხობორთა სასარგებლოდ გადარიცხა. ნინოწმინდაში დუხობორთა პირველი სკოლა სწორედ ამ თანხის ნაწილით გაიხსნა.

 

  1. ქართველი ტოლსტოელები

სახელმწიფოსა და ოფიციალურ ეკლესიასთან მუდმივი ჭიდილის კვალდაკვალ, ტოლსტოიმ თავის ნაწარმოებებში წარმოჩენილი ღირებულებების საფუძველზე ახალი რელიგიურ-ფილოსოფიური და ეთიკურ-ფილოსოფიური მოძღვრება ჩამოაყალიბა. ტოლსტოელობა ერთგვარი ქრისტიანული ანარქიზმი გახლდათ. ის ქადაგებდა პატიებას, არაძალადობას, ბოროტისთვის წინააღმდეგობის გაწევას აგრესიული მოქმედებების გარეშე, ყველა ერის სიყვარულსა და თანასწორობას, ზნეობრივ თვითსრულყოფას, გმობდა სახელმწიფო სისტემას, დაუნდობლად აკრიტიკებდა სასამართლო და სამართალდამცავ უწყებებს, უსამართლო მართლმსაჯულებას, პენიტენციური დაწესებულებებისა და კერძო საკუთრების არსებობას. ტოლსტოის მოძღვრება არსებითად პაციფისტური იყო და ეწინააღმდეგებოდა ყველანაირ ომს, სამხედრო სამსახურში გაწვევას, არმიების არსებობას, იარაღის გავრცელებას. დიდი მწერლის მიმდევრები ქადაგებდნენ ვეგეტარიანელობას და მუდმივ მარხვას ვნებების დასათრგუნავად. „თავისუფალი ქრისტიანები“ იონეს სახარების ტოლსტოის ინტერპრეტაციას ეფუძნებოდნენ.

მწერლის ეთიკურ-ფილოსოფიურ მოძღვრების დასაცავად ჩამოყალიბებულ მოძრაობას ბევრი მიმდევარი ჰყავდა საქართველოშიც. მაგალითად, ანა მარგველაშვილი თავის ფილმში „ინიციატივა არ ისჯება“ მოგვითხრობს თელაველი ტოლსტოელის – ივანე კოლელიშვილის შესახებ.

თელაველ ვეგანს განათლება საფრანგეთში ჰქონდა მიღებული. მან უარი თქვა ევროპაში დარჩენაზე და კახეთში დაბრუნდა. ტოლსტოელმა მთელი თავისი ძალა და ენერგია სოფელ გულგულაში კომუნის დაარსებას შეალია. კოლელიშვილმა უარი თქვა თავის კერძო საკუთრებაზე, მიწაზე, ქონებაზე და გლეხებთან ერთად საერთო მეურნეობა „ერთობა და ძმობა“ დააფუძნა. კომუნის წესდება ტოლსტოის მოძღვრებას ეფუძნებოდა. მალე კავშირში 120 კომლი გაერთიანდა და გულგულა თელავის მაზრის ერთ-ერთ უმდიდრეს სოფლად იქცა, სადაც არ არსებობდა სიღარიბე და მოგება, სადაც დუღდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრება და ინერგებოდა თანამედროვე ტექნოლოგიები. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ მეფის რუსეთი ტოლსტოელთა კომუნასაც მიადგა და მეურნეობა დაშალა. ივანე კოლელიშვილი კი ქვეყნიდან გააძევა. ტოლსტოელმა მთელი სიცოცხლე ემიგრაციაში გაატარა, ცოტა ხნით დაბრუნდა დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც და საბჭოთა საქართველოშიც, მაგრამ, მიუხედავად მცდელობისა, „თავისუფალ ქრისტიანთა“ ანარქისტული მეურნეობის აღდგენა ვერ შეძლო.

რევოლუციამდელი საქართველო სავსე იყო ქართველი და რუსეთიდან დევნილი ტოლსტოელებით, მწერალს ილია ნაკაშიძის გარემოცვაში ყოველთვის ეგულებოდა ერთგული თანამებრძოლები

***

იმპერიალიზმის უდიდეს კრიტიკოსებს, ტოლსტოის მსგავს გრანდიოზულ ფიგურებს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მცირე დრო მაინც უნდა ჰქონდეთ გამოყოფილი.

რა ვისწავლოთ ფსიქოპათისგან…

0

რისი სწავლა შეგვიძლია ფსიქოპათებისგან პედაგოგებს?

კაუჭს, ყურადღების მისაპყრობად დაწერილ წინადადებას ჰგავს ეს დასაწყისიც და სტატიის სათაურიც.

მაგრამ გამოცემა, რომლისთვისაც ვწერ, აკადემიურია და სიყვითლეს ვერ იტანს. ამიტომ სასწრაფოდ გაცნობებთ, რომ ერთ საინტერესო წიგნს ვკითხულობ სწორედ ფსიქოპათებზე და იმდენი მნიშვნელოვანი რამ გავიგე, იმდენ საინტერესო და საგულისხმო კვლევას გვიზიარებს ავტორი, ბრიტანელი ფსიქოლოგი კევინ დატონი, რომ ამაზე აუცილებლად უნდა დავწერო.

კევინ დატონი ფსიქოპათიის დიაგნოზის მკვლევარია. ის ოქსფორდის უნივერსიტეტის ანთროპოგენეზის კვლევით ცენტრში მუშაობს. ფსიქოპათების შესწავლა, მისივე თქმით, იმიტომ დაიწყო, რომ მამამისი ფსიქოპათი იყო. მომხიბვლელი, ქარიზმატული, უშიშარი, სასტიკი, შეუბრალებელი.

„პიროვნული მაგნეტიზმი და შენიღბვის ხელოვნება ფსიქოპათის „სოციალური პაკეტის“ უცილობელი შემადგენელია. ფსიქოპათს აქვს ის თვისებები, რომლებიც შეუცვლელია როგორც ვიწრო სპეციალობების მიმართულებით, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში“.

მკვლევრის მიდგომა და არჩევანი დასაფასებელია – მან აირჩია, საკვლევ თემად ექცია ის, რაც სხვისთვის შესაძლოა ტრავმად და ტრაგედიად ქცეულიყო.

ეს პირველი საინტერესო გაკვეთილია ავტორისგან:

მეხსიერების წიაღში ტრავმული გამოცდილებების ძიება, დიდხანს ამაზე ფიქრი, იქ ჩარჩენა და მუდმივი წუხილი იმაზე, რომ მოხდა რაღაც გამოუსწორებელი, რასაც აღარაფერი ეშველება – არჩევანია.

ამასთან, დასაფიქრებელია: თუ ზრდასრული ადამიანი  ახლა (აქ, აწმყოში) ადანაშაულებს რაღაცას/ვიღაცას, რაც/ვინც წარსულს ჩაბარდა და აწმყოში, ყოველდღიურობაში თავად არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ კეთილდღეობაზე, რამდენად ჯანსაღია პროცესი? ვინ არის პასუხისმგებელი ჩვენს ამჟამინდელ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, მის გაუმჯობესებაზე? რა უნდა გაკეთდეს და როგორ იმისთვის, რომ ტრავმული გამოცდილება დაიძლიოს? წარსულში გახანგრძლივებული არქეოლოგიური ძიებები ხშირად თავმოკრული ჭრილობის ჩიჩქნას ემსგავსება. შესახორცებლად გამზადებული იარის კვლავ სისხლმდინარე ჭრილობად ქცევა რამდენად არის გამოსავალი?

 

გაკვეთილი მეორე

წიგნში „ფსიქოპათების სიბრძნე“ კევინ დატონი აღნიშნავს, რომ ფსიქოპათია მხოლოდ ფსიქიკური პათოლოგია არ არის და სინამდვილეში ამ დიაგნოზს ისეთივე სპექტრი აქვს, როგორიც, მაგალითად, აუტიზმს. საერთო მახასიათებლად დატონი მიიჩნევს იმას, რომ ფსიქოპათს სინდისის ქენჯნა არასოდეს აწუხებს და ემოციური თანაგანცდის უნარი არ გააჩნია. სწორედ აქ იწყება საგულისხმო დეტალებში ჩაღრმავება. განსაკუთრებით დაინტერესდებიან სიტყვიერების მასწავლებლები:

წარმოთქმულ სიტყვას ფსიქოპათისთვის არ გააჩნია ემოციური სარჩული, ის ვერ გრძნობს, ვერ ითავისებს იმას, რასაც ცნება მოიაზრებს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ემპათია, თანაგანცდა, ადამიანური გრძნობები მისთვის უცხოა. რაც არ აქვს (აღსანიშნები), იმის აღმნიშვნელები (სიტყვები) ფსიქოპათისთვის უბრალო მარცვლებია.

მაგალითად, „მე შენ მიყვარხარ“ შეიძლება ისეთივე ემოციური მნიშვნელობისა იყოს, როგორისაც „ფინჯან ყავას დავლევდი“.

ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ხსნის მათ ცივსისხლიანობას, სიმშვიდეს, ურყევობას.

ამასთან, ფსიქოპათს შესანიშნავად შეუძლია სხვა ადამიანის არა მარტო ემოციური, არამედ ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღქმა და შეფასება და ამას ის სხეულის ენის წაკითხვით ახერხებს.

აქ ჩემთვის ერთი საინტერესო დასკვნა გამოიკვეთა და მინდა, გაგიზიაროთ: გამოდის, არსებობს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სიტყვების კონოტაციას ვერ აღიქვამს, მაგრამ სხეულის მოძრაობის თანამდევ ემოციურ ან ასოციაციურ ელფერს „კითხულობს“, ხედავს.

გამოდის, ჩვენს მოძრაობებსაც, სიტყვების მსგავსად, აქვს კონოტაცია!

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანის სხეულის ენა მძლავრი საკომუნიკაციო ინსტრუმენტია და გაუცნობიერებლად იმდენ სიგნალს შეიძლება გავცემდეთ, რომ წარმოდგენაც გაგვიჭირდება.

რამდენად ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას სასწავლო პროცესში?

კინესთეტიკური ინტელექტის განვითარება სასწავლო ამოცანებში დღეს ნამდვილად არ შედის, მაგრამ სამომავლოდ, დარწმუნებული ვარ, ეს მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება და მომავლის პედაგოგიკა ამაზე ბევრს იმუშავებს.

კინესთეტიკური ინტელექტის განვითარება გულისხმობს სხეულის კონტროლს, მოძრაობითი პატერნების დახვეწას, სივრცეში მოძრაობის, სხეულის ნავიგაციის უნარის გაუმჯობესებას.

სხეულებრივ-კინესთეტიკური ინტელექტის მქონე ადამიანებს სხეულის მართვის, მისი მოძრაობების გაკონტროლებისა და გაუმჯობესების კარგი უნარი აქვთ.

პრობლემის გადაჭრისას ისინი ეფექტურად იყენებენ სხეულს და ეს დიდებული გამოცდილებაა – საკუთარი სხეულის ფლობა, მაქსიმალურად გამოყენება, გაუმჯობესება და დახვეწა იმდენად, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილები სხეულმა იმ სიზუსტით გამოხატოს, რაც გვინდა და გვჭირდება.

 

რას „ვამბობთ“ სიარულისას

„მე ყველაზე ცივსისხლიანი ნაბიჭვარი ვარ მათგან, ვისაც ოდესმე შეხვედრიხართ. მსხვერპლის სათანადოდ შერჩევა შეუცდომლად შემიძლია. „კარგ“ მსხვერპლს მისი სიარულის მანერით ამოვიცნობ!“ – ეს სიტყვები ეკუთვნის ამერიკის შეერთებული შტატების კრიმინოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საზარელ სერიულ მკვლელს – ტედ ბანდის. 1970-იან წლებში მან 30-ზე მეტი ქალი მოკლა.

2009 წელს ფსიქოლოგმა ანჯელა ბუკმა და მისმა კოლეგებმა ბროკის უნივერსიტეტიდან გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ, რამდენად სწორად „კითხულობენ“ ფსიქოპათიური მიდრეკილებების მქონე ადამიანები სხეულის ენას. ამ კვლევის[1] ჩასატარებლად ანჯელა ბუკმა სპეციალური კითხვარები შეავსებინა მონაწილეებს. ისინი ფსიქოპათიის სპექტრის დიაგნოსტირებისთვის იყო განკუთვნილი. კითხვარი განსაკუთრებით საშიში კატეგორიის დამნაშავეთა საპატიმროში 47-მა მსჯავრდებულმა შეავსო. მეცნიერმა მიღებული შედეგები ორ ნაწილად გაყო – მაღალი და დაბალი მაჩვენებლების მიხედვით. მაღალი მაჩვენებლების მქონე პატიმრები მეტად ამჟღავნებდნენ ფსიქოპათებისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს. საცდელ პირებს აჩვენეს 12 სხვადასხვა პირის მოძრაობისა და სიარულის მანერის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. მათ უნდა ამოეცნოთ პოტენციური „მსხვერპლები“ – ვინ მიაჩნდათ ამ თორმეტიდან მოწყვლადად, სუსტად – და თავიანთი პასუხები დაესაბუთებინათ.

მაღალი მაჩვენებლების მქონე პირები ერთნაირად აფასებდნენ ადამიანთა მოწყვლადობას სიარულის მანერაზე დაკვირვებით. მათმა უმრავლესობამ ერთი და იგივე ადამიანები შეარჩია.

კვლევამ აჩვენა, რომ მოკლე-მოკლე ან მეტისმეტად გრძელი ნაბიჯებით მოსიარულეები, ისინი, ვინც სხეულის წონას არათანაბრად ანაწილებდნენ მოძრაობისას და ერთ რომელიმე მხარეს იყვნენ გადაქანებულები, მკვეთრად და არაკოორდინირებულად ამოძრავებდნენ სხეულის ნაწილებს, ტერფებს არაბუნებრივად დგამდნენ (შიგნით იბრუნებდნენ ან გარე-გარე აბიჯებდნენ), საცდელი პირების უმეტესობამ „მაღალი მაჩვენებლებით“ დაასახელა „პოტენციურ მსხვერპლად“.

მიშვებული, გაუწვრთნელი, გაუწაფავი სხეული თავის მოწყვლადობასა და სისუსტეს მოძრაობის ხარისხით ავლენს. სიარული  ერთ-ერთი ყველაზე მყვირალა გზავნილია.

 

რას გვატყობინებენ მოზარდები მოძრაობით?

ბავშვები და მოზარდები ხშირად ამბობენ ერთს, გულისხმობენ მეორეს და იქცევიან ნათქვამისა თუ ნაგულისხმევისგან განსხვავებულად. მასწავლებლისთვის სადიაგნოსტიკო მაჩვენებელი ვერ იქნება მხოლოდ ნათქვამი.

მოზარდის ჟესტიკულაცია, მისი სხეულის პოზა, მოძრაობის პატერნები, მიმიკა, მდუმარება ის „სიმპტომებია“, რომლებიც სწორად უნდა შევაფასოთ. მოსწავლეების სხეულის ენა ბევრს ამბობს.

საშინაო წერითი დავალებების მიღმა საგულისხმო და მნიშვნელოვანი გზავნილები მოზარდთა მოძრაობებშიც უნდა ამოვიკითხოთ.

[1]Psychopathy and  Victim Selection: The Use of Gait as a Cue to Vulnerability, Journal of Interpersonal Violence, Angela Book, PhD, Kimberly Costello, PhD, Joseph A. Camilleri, PhD.

იუნიონი

0

ფეხბურთი სპორტის რიგითი სახეობა არ არის. ყველა ვთანხმდებით, რომ მას უდიდესი გავლენა აქვს მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე – კულტურულზე, სოციალურ-ეკონომიკურზე და პოლიტიკურზეც კი. ფეხბურთი ხშირად ადამიანის იდენტობის განმსაზღვრელი ელემენტი ხდება.

სამწუხაროდ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სპორტის თითქმის ყველა სახეობა დეგრადაციის გზას ადგას. ცხადია, ულამაზესი მატჩები კვლავ იმართება, მოედნებზე კვლავ ვხედავთ ელვარე ნიჭის მქონე ათლეტების ბრწყინვალე ასპარეზობას, მაგრამ საერთო გარემო ისეთი აღარ არის, როგორიც წარსულიდან გვახსოვს. არაერთი მკვლევარი პარალელს ავლებს თანამედროვე ფეხბურთსა და გლადიატორების ტურნირს შორის. კლუბები მსხვილი მონათმფლობელების მსგავსად ყიდულობენ და ყიდიან ფეხბურთელებს, ჯანმრთელობის განადგურებამდე ცდილობენ მათი ძალისა და ენერგიის გამოწურვას, უკიდურესად დასუსტებულია ემოციური კავშირი გუნდსა და მოთამაშეს, მოთამაშესა და გულშემატკივარს შორის, რადგან ყველამ იცის, რომ პირველივე სარფიანი შემოთავაზებისას სპორტსმენი შეიძლება აორთქლდეს.

ფეხბურთის გადაგვარების ფენომენზე მსჯელობა ადვილია; ძნელია, აღმოაჩინო ნაპერწკლები, რომლებიც უკიდურესად კომერციალიზებულ ეპოქაშიც კი ინარჩუნებენ ნამდვილი, სახალხო სპორტის სულისკვეთებას.

თუ ფეხბურთი გიყვართ და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თვალს ადევნებდით სხვადასხვა ევროპული თასის გათამაშებას, აუცილებლად შეამჩნევდით საშუალო დონის, საკმაოდ მომხიბვლელ კლუბს – „იუნიონ ბერლინს“. ევროპულ სარბიელზე მისი გამოჩენა შეგვიძლია აბსოლუტურ სენსაციად მივიჩნიოთ, რადგან კლუბი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძოდა.

„იუნიონ ბერლინი“ 1966 წელს შეიქმნა. ის აღმოსავლეთ გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთი უბნის, კიოპენიკის, გუნდი გახლდათ. კიოპენიკელები თავიდანვე არაპრივილეგირებული, რიგითი მოქალაქეების საყვარელ სპორტულ გაერთიანებად ჩამოყალიბდნენ. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყველა კლუბის უკან რომელიმე დიდი სახელმწიფო დაწესებულება ან საწარმო იდგა: ბერლინისა და დრეზდენის „დინამოებს“ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო აფინანსებდა, ლაიფციგის „ლოკომოტივს“ რკინიგზა უმაგრებდა ზურგს, როსტოკის „ჰანზას“ – კომუნისტური გერმანიის აკვატორია, „იუნიონის“ დაფინანსება კი ბერლინის რიგით საწარმოს, კაბელებისა და საშუალოძაბვიანი აღჭურვილობის ქარხანას, დაევალა. ბუნებრივია, კაბელების საამქრო სპორტის მხარდაჭერის კუთხით კონკურენციას ვერ გაუწევდა ძლევამოსილ სამინისტროებსა და ეკონომიკის უმთავრეს სიმძლავრეებს. შესაბამისად, „უნიონი“ მხოლოდ ხალხის, საკუთარ უბანზე შეყვარებული ადამიანებისა და სისტემისგან დისტანცირებული გულშემატკივრების იმედად მყოფ ნაკრებად იქცა.

უკვე რამდენიმე ათწლეულია, „იუნიონის“ ტრიბუნებზე ერთი და იმავე შინაარსის ტრანსპარანტი ფრიალებს: „მოთამაშეების ყიდვა შესაძლებელია, გულშემატკივრებისა – არა“. ლოზუნგი სრულყოფილად გამოხატავს გუნდის მთავარ პრინციპს. ძლიერი კლუბები ყოველთვის ახერხებდნენ კიოპენიკელთა გადაბირებას, ძარცვავდნენ შემადგენლობას საუკეთესო მოთამაშეებისგან, მაგრამ ვერავინ მოახერხა „იუნიონის“ გულშემატკივართა გადაბირება. თავიანთი გუნდი მათ არასდროს მიუტოვებიათ, რადგან მას ერთ დიდ ოჯახად მიიჩნევენ.

„იუნიონის“ გულშემატკივართა ერთი ნაწილი დისიდენტურ სუბკულტურად ჩამოყალიბდა. ისინი სპორტული არენის ტრიბუნიდან ცდილობდნენ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დიქტატურასთან დაპირისპირებას. 1980-იან წლებში მხოლოდ არაპრივილეგირებული გუნდის სტადიონზე შეიძლებოდა გაგეგონათ სიტყვები, რომელთა ხმამაღლა წარმოთქმაც კი საფრთხეს უქმნიდა მოქალაქის თავისუფლებას. მხოლოდ იუნიონელები ახერხებდნენ, ათასში ერთხელ საჯარო სივრცეში ეყვირათ: „კედელი უნდა დაინგრეს“. ცხადია, ამგვარ ინციდენტებს ხანგრძლივი გამოძიება მოჰყვებოდა ხოლმე. უშიშროების აგენტები ყველგან ეძებდნენ გერმანიის გაერთიანების მომხრეთა კვალს, მაგრამ შეკავშირებულ ერთობაში ბზარის აღმოჩენა უჭირდათ.

„იუნიონ ბერლინის“ გულშემატკივართა ისტორია კიდევ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს გმირობას ინახავს.

მოგეხსენებათ, სოციალისტური ბანაკის რღვევა და გერმანიის გაერთიანება მარტივი მოვლენა არ ყოფილა. საერთო გერმანული სახელმწიფოს შექმნას მხოლოდ სიხარული არ მოჰყოლია. 1990-იან წლებში აღმოსავლეთგერმანელებს უამრავ რაიმეზე უარის თქმა მოუწიათ, კაპიტალისტურ სისტემაში აღარავის სჭირდებოდა მათი პროფესია, ძველი საწარმოები, აღარ მოქმედებდა მათი სოციალური და ჯანდაცვის სისტემები, დაიწყო სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია. მილიონობით ადამიანი სიღარიბეში ჩაცვივდა. ის კაბელების ქარხანაც დაიხურა, რომელიც ფეხბურთელებს ინახავდა. 40 წლის განმავლობაში „სოციალიზმის“ პირობებში მცხოვრებ აღმოსავლეთგერმანელებს ძალიან გაუჭირდათ ახალი წყობის მეთოდების ათვისება. შესაბამისად, „იუნიონი“ მძიმე ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა.

2004 წელს კლუბმა სავალდებულო საბანკო შენატანიც კი ვერ მოაგროვა, რომელიც ფეხბურთელებს რეგიონულ ლიგაში ასპარეზობის უფლებას მისცემდა. კიოპენიკელებს ვერ წარმოედგინათ შაბათ-კვირა საყვარელ სტადიონზე შეკრების გარეშე. მთელმა უბანმა უბედურად იგრძნო თავი, მაგრამ ყურები არ ჩამოუყრიათ. თუ გდრ-ში ვახერხებდით წინააღმდეგობის გაწევას, ახლაც შევძლებთ საყვარელი კლუბისთვის გაბრძოლებასო, ამბობდნენ ფანები. მათ მსოფლიოს სპორტის ისტორიაში უპრეცენდენტო კამპანია წამოიწყეს. ათასობით გულშემატკივარი სისხლის ჩაბარების აქციას შეუერთდა, მიღებული კომპენსაცია კი „იუნიონის“ ფონდში ჩარიცხა. კამპანიას მთელ გერმანიაში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიებები, გერმანული ფეხბურთის გრანდი – „ბაიერნიც“ კი ჩავიდა ბერლინში და ამხანაგური მატჩის მთელი შემოსავალი მასპინძლებს დაუტოვა. შედეგად დედაქალაქელებმა რეგიონულ ლიგაში გამოსვლისთვის აუცილებელი რეზერვი შეავსეს.

კიდევ ერთი საოცრება 2009 წელს მოხდა. წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა გდრ-ის დროს პროფკავშირებისა და საშუალო სიმძლავრის მქონე საწარმოს მიერ აშენებული პატარა სტადიონი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ექსპლუატაციის შემდეგ! პაიჭაძის სტადიონზე რომ ე.წ. „ქელეხის“ სკამები იყო შემორჩენილი, ზუსტად ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა AlteFörsterei (მოედანი მოხუცი მეტყევის ქოხთან). სტანდარტებისთვის შეუსაბამო სტადიონის გამო „იუნიონს“ კვლავ ლიგის მიღმა დარჩენა დაემუქრა. გულშემატკივრებმა ისევ დაიკაპიწეს სახელოები, ოღონდ ამჯერად სისხლი აღარ ჩაუბარებიათ – ფიზიკურად, ნიჩბით ხელში იმუშავეს სტადიონის მშენებლობაზე და მუშახელის თანხა დაუზოგეს საყვარელ კლუბს. ბუნებრივია, თავდაუზოგავი შრომის ამ მაგალითმაც მოხიბლა ბევრი გერმანელი და ადმინისტრაციას ინვესტორის მოძიება აღარ გასჭირვებია.

დღეს „იუნიონ ბერლინი“ სტანდარტულ კლუბად ჩამოყალიბების გზას ადგას. მართალია, გულშემატკივრები კვლავ შეუცვლელ როლს ასრულებენ კლუბის ცხოვრებაში, მაგრამ კომერციული ინტერესებიც უკვე ღრმად შეიჭრა სპორტული გაერთიანების ქსოვილში. მიუხედავად ამისა, „იუნიონელები“ კვლავ აოცებენ მთელ მსოფლიოს.

თუ ადამიანი დალაგებულია, რატომ უნდა მოუნდეს „იუნიონ ბერლინისა“ და „დარმშტადტის“ მატჩისთვის თვალის მიდევნება? მე მაინც მიჩნდება ხოლმე ასეთი უცნაური სურვილი. მოვკალათდი ტელევიზორთან, გოგრის მოხალული მარცვლები მოვიდგი გვერდით, მაგრამ გაოცებისგან ლუკმა ვერ გადავყლაპე.

„იუნიონ ბერლინის“ მენეჯერის ნენად ბელიჩას დისკვალიფიკაციის გამო გუნდი მოედანზე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა – ანე-ლუიზე ეტამ გამოიყვანა. ეტა გახდა პირველი ქალი მწვრთნელი, რომელიც „ბუნდესლიგაში“ კაცთა გუნდს გაუძღვა. ეტამ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაც დაწერა, როდესაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზეც იკისრა მამაკაცთა გუნდის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა.

ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის, ის სუბკულტურასაც წარმოქმნის, სამოქალაქო თავდადების მაგალითებსაც აჩვენებს და ხანდახან ქალთა ემანსიპაციის მცირე, მაგრამ უმნიშვნელოვანეს მოწოდებებსაც უზიარებს დანარჩენ სამყაროს.

„მუმლი მუხასაო…“

0

 

…ანუ ფიქრმა არ იცის სამანი

 

ბევრჯერ დავრწმუნებულვარ და დამიწერია, რომ მწერლის პიროვნება ცალკე რეალობაა და მისი შემოქმედება კიდევ ამისგან დამოუკიდებელი მოცემულობა. თუმცა გენიალური თანხვედრაც არსებობს – „უნისონი“ მწერლის ინდივიდუალიზმისა და მისი ნაღვაწისა.
ასეთი იყო ილია ჭავჭავაძე – იგი საუკეთესო მწერალიც იყო, უდიდესი მოღვაწეც, რაც მწერლის მისიაა ქართულ სინამდვილეში და პიროვნება-უნივერსუმიც. დადგა პერიოდიც საქართველოს ისტორიაში, როცა ეს ადამიანი უდრიდა, ქმნიდა, იცავდა, სრულყოფდა ჩვენს ერს, ეროვნულობას და ამიტომ „დაიმსახურა“ ჩვენგან „ტალახის სროლაც“, მტარვალი მემამულეაო („გლახის ნაამბობის“ ავტორზე დღესაც მომისმენია!!!) ან პოეზია არ უვარგაო; ტყვიაც შუბლში – მოწამებრივი აღსასრული. თუმცა წმინდანად, მოწამედ ჩვენ არ გვიქცევია – ილიას ღვაწლითაც წმინდანი იყო, სიცოცხლეშივე, როგორც თუნდაც გრიგოლ ხანძთელი. და შემთხვევითი არაა მათი ხასიათების ასეთი მსგავსება ბავშვობიდანვე, უფრო სწორად, მათ არც ჰქონიათ ბავშვობა, რადგან ნაღვლიან „უფროსებად“ დაიბადნენ.

ილიამ აღმოაჩინა ნიკოლოზ ბარათაშვილი, მისი ლექსების წაკითხვის შემდეგ მთელი ღამე არ ეძინაო, ისე განუცდია… ილიამ აღმოაჩინა და სრულად, მთელი „სიგრძე-სიგანით“ დაინახა ვაჟაში გენიოსი და თქვა, ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ კალმები და მას მივცეთ ასპარეზიო. იქნებ ილია რომ არ ყოფილიყო, ტატოც და ვაჟაც წაეღო ყოფიერების მღვრიე ნაკადს, ჩაეკარგა, როგორც ბევრი ჩუმი დიდებულება.

ილია ორმხრივ წმინდანია – ცხოვრებითაც და ტრაგიკული აღსასრულითაც.
ილიაობააა ჩვენი მძიმე ხვედრიც, გადარჩენაც, ამიტომ დროა, გ ა ნ ა ჩ ე ნ ა დ (საკუთარი თავისადმიც) აღარ ვაქციოთ ეს და ვისწავლოთ ჩვენი ასეთი დიდებული, მაღლადმხედი, მისიონერი მარტოკაცების სიყვარული!..

 

ადამიანს ცოდვიანი, ნაკლულოვანი ბუნება აქვს. ეს უკანასკნელი სულ „შავ-თეთრია“, სული ცოდვის „ღრმულებით“ დამსივნებულ-დაღარული. ამასთან კაცი ვერაფერს გააწყობს. მოინანიებს ცოდვას? მერე ან იმავეს გაიმეორებს, ან ახალს დაამატებს… და ცოდვაც არ იკლებს, მრავლობს და მრავლობს.

წუთისოფლიდან გასული ადამიანი მარადიულში, წესით და ყველაზე უკეთეს ვარიანტში, ღვთის წიაღს უბრუნდება. ეს ნიშნავს ამ კაცთა ნაკლულოვანი ბუნების ამოვსებას, მთელთან, უნივერსალურთან მიერთებას, განფენას, სულიერ-ფიზიკური წყლულების მოშუშება-რეაბილიტაციას, თუმცა, ჩემი აზრით, არა აღტაცებაში, არამედ სევდაში. ანუ იმქვეყნად ადამიანი მთლიანობაცაა და ავტონომიაც, თვითონაცაა და ტრანსცენდენტურის სისავსეშიც.
ამ წუთისოფელს რაღა ეშველებაო, არა?

აქ ადამიანი ქმნის ხელოვნებას. სწორედ ისაა „თავშესაფარი“ ძნელბედობისას: წიგნი, მუსიკა, არქიტექტურა, კინო, ნახატი – არა როგორც ნივთიერი, არამედ ქმნილებისმიერი განცდებით, ანუ ისევ და ისევ, ღმერთთან წილნაყარობითაა გადარჩენა.

მაგალითად, ზესთასოფლის, მიღმიერის სისავსის განსხეულებაა ბუნება ამსოფლად. იქ, ბუნებაში, ღვთაებრივის მსგავს წიაღში ისევ სავსედ ხარ, ვერ გრძნობ ცოდვის შვილობას, თუ სწორად შეიგრძნობ მას, ვაჟასავით („და მე კი ყველას მონა ვარ“). ბუნების სისავსეა ვაჟას ნაწარმოებებშიც, მისი გმირების ხასიათის „გაუბზარაობაში“. ეს გამონაგონი როდია, ნამდვილია (ისე არცაა დიდი ხელოვნება), შენ გჯერა, რომ ალუდასნაირი, მინდიასნაირი, ჯოყოლასნაირი უნდა იყო. ეს იქნება ადამიანის თუნდაც პლატონური იდეის ხორცშესხმა; ეს იქნება მაღალი ფასეულობების სამსახური – კაცთა ყველაზე დიდი მისია თუ დანიშნულება. შედიხარ დიდი შემოქმედის სამყაროში და „ღმერთს უკაკუნებ კარზე“, სტუმრობ, ეზიარები.
ამიტომ, ამ სისავსისთვის მიყვარს მე ყოფისგან ფიზიკურად „შეჭმული“ ვაჟა-ფშაველა განსაკუთრებულად. მისი სული სწორედ უნივერსალურთან ინიციაციის მარადი მატარებელ-მტვირთველი იყო იმ უმარილო ლობიოს ჭამისასაც კი; ხმელ ლოგინზე ზამთრის ყინვაში წოლისასაც კი; წუთისოფლის მიერ დავსებული, ცრემლიანი თვალით მიღმიერის მხილველი და ჩვენთვის გამზიარებელი.

ვაჟა სიყვარულის შემოქმედია. სამყაროა მისი ტაძარი. ისიც უცხო მგალობელივით უიდუმალეს და უღრმეს შრეებს გვაზიარებს, როგორც ველურ, უიშვიათესი ჯიშის თაფლს, მკითხველებს. ტკბილია ეს თაფლი, მისტიკურ-მითოლოგიური, არქაული, მარად განმეორებადი და მარად უცნობ-განუცდელი არომატით. მე ვიცი ეს „ვაჟას ტაძარი“, რომელშიც ყველაზე უკეთესი, უხინჯო წარმოდგენა შემექმნა სიკეთეზე, უნივერსუმზე, მარადიულზე.

„მივიღოთ და ვსჭამოთ“ – როგორც იტყვიან უფალთან საკრალური ზიარების ლიტურგიასთან მიახლებისას…ვიგემოთ ცხოვრებაც, რომელიც სიკვდილით „შვენობს“ და ტანჯვით მიეცემა აზრი, როგორც წუთისოფლის ყოფიერებას.

ყველაფერი კი „მდინარეა“, გადადინებაა, ინგა მილორავას თქმისა არ იყოს, „სიყვარულის ტრიალია“. ოღონდ ყველაფერი ღრმა და აზრიანი.

„ნუ დამასვენებ ნურასდროს, მამყოფე შეძრწუნებული“ – ეს უდიდესი სიბრძნეა. ძრწოლის გარეშე არ შეიგრძნობა ღმერთიც. ეს ჩვენი, ქართველების გზაა, ვაჟას გზაა, „ჩვეულებისაებ მამულისა სლვაა“. გაგვეხსენებინოს, გვცოდნოდეს, ეს ჭეშმარიტება, თვითგანადგურების ამაო ორომტრიალში მობზრიალეებს…

 

„ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ“, როგორც იტყოდა დიდი ილია, ჩვენგან განწირული ილია. ასე რომ, ქართველთა ზნეა, ილიასნაირის, შუბლზემირონცხებულის დაბადება რომ შეგვიძლია, მაგრამ შემდგომ მისი მსხვერპლად, ქრისტესავით ზვარაკად ქცევაც კაცთა, მათ შორის, ქართველთა წესია. ესაა ჩვენი სულის ოქსიმორონები, თვითგანადგურების ავი მექანიზმის საბედისწერო წიკწიკად რომ ჩაგვესმის თანადროულობაშიც.

ამასწინათ ერთი ფრენდი წერდა, რომ ქართველი ერი გინდ გადაშენდეს, მე პრობლემას ვერ ვხედავო. ჯერ პროტესტი მიჩნდება ასეთ „სასიკვდილო განაჩენებზე“ საკუთარი ერისადმი, რომელიც სუნთქავს, ქმნის ღირებულ, არავისზე ნაკლებ კულტურას (ამას ყველა ერში ერთეულები აკეთებენ და არა მასა!), მერე მინდა ხოლმე დავამშვიდო ესა თუ ის ადამიანი, რადგან მგონია, რომ გარკვეული სასოწარკვეთილებისაგან ფიქრობს ასე. თუმცა ამ წუთას მე მჭირდება ნუგეში, რადგან უამრავი იმედგაცრუება, ძველიც და ახალიც, თავზე ჩამომექცა, უშნოდ აკოკოლავებული ზვინივით.

მე არასდროს ვიტყვი, რომ ქართველი ხალხის გადაგვარება/გადაშენება ჩემთვის პრობლემა არაა, რადგან ქართველობა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მოტივაციაა, ღვთისგან ბოძებული, ამიტომ სულ ღმერთის იმედი მაქვს ამასთან მიმართებით, კაცისა აღარ. ახლა გეტყვით, რატომ აღარ მაქვს ადამიანების იმედი, რადგან დღეს ძალიან მძაფრად განვიცდი ამას…

ეროვნული სხეული სენმოდებულია თუნდაც ილიას დროიდან მოყოლებული. ამ წყლულებს, ზოგს ეშველა, ზოგიც უფრო გაღრმავდა. ზნეობა დავკარგეთ, შინაგანი: ქცევის, აზროვნების კულტურა და ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. იგრძნობა ქართველთა ურთიერთგაუტანლობაში, ურთიერთგაუცხოებაში, საზოგადო ცნობიერების ატროფიაში. უცხონი კი არა, ახლობელი, მეგობარი, ნათესავი არ ინდობს ნათესავს, მეგობარს, ახლობელს. შემაძრწუნებელია ეს სისასტიკე. ადამიანებმა დაკარგეს სულგრძელობა, პატიების უნარი და რანაირი ჰუმანურები ვართ მაშინ ჩვენ?! ადამიანებმა დაკარგეს სინანულის უნარი და აქედანაა ამოზრდილი ქრისტიანული მრწამსი!

გარდა ამისა, მავანთ არა მარტო ვინმეს კარგი არ ახარებთ, უარესიც: ცუდს უსურვებენ, რომ მერე ამით გამოიკვებონ, ჩემზე უარეს დღეშიც იქნებაო ვიღაცა. ეს ქმნის სიხარულის დეფიციტს, ბედნიერების დეფიციტს, თანაგანცდის, თანაგრძნობის, დაუყვედრებლად მხარში ამოდგომის დეფიციტს. საშინელი სულიერი სიღარიბეა ეს ყველაფერი. ამ ქვეყანაში ფულიანი და მდგომარეობიანი, რაც უნდა მორალურად წყალწაღებული იყოს, ყურადღების ცენტრშია. აქ ესაა შეფასების კრიტერიუმი, აზროვნებისთვის დინების მიმცემი, ურთიერთობების მოტივატორი. ადამიანის პიროვნული ღირსებები, ინტელექტი, ნიჭიერება ნიველირებულია. თუ მდგომარეობა ან ფული არ გაქვს, არავინ არ ხარ და ეს ცხოვრებისეული კონცეფცია ისეთ ადამიანებს უხრავს ტვინს, ვერასდროს რომ წარმოიდგენდა კაცი. ანუ ჩვენთან ტოტალური გადაფასებაა ღირებულებათა! ის, რაც ფსევდოა, აღზევებულია, ხოლო მართლა ფასეული – უკვე „ჩოთქზე დაყვანილი“, მომხმარებლური საზომით აწონ-დაწონილი, გაუფასურებული. „დახლზეა შემოდებული“ ქვეყანა და მხოლოდ იმას ედება ფასი, რაც ი ყ ი დ ე ბ ა. სხვათა შორის, „მოსიარულე დახლი“ დავინახე გუშინ რუსთაველზე, ათასი წვრილმანით დატვირთული, საკუთარი ერივით საშოვარზე გამოსული კაცი. იმ რუსთაველზე, მასზე გავლა არ მომიშალოსო, ჩვენი არაჩვეულებრივი პოეტი რომ ამბობდა და დღეს ტანჯვად მქცევია მე, პირადად. ხალხი დადის სახეებით: „ჩემთვის ყველაფერი სულერთია, შენი ჩათვლით“; „მე არაფერი აღარ მაკვირვებს“; ეს კატასტროფაა, ამის იქით აღარყოფნის უფსკრულია, რომელსაც წინასწარ „გლოვობენ“ ზოგიერთები ან, უარესს ვიტყვი, უნდათ, იგლოვონ და საკუთარი გულიც გაიგმირონ, სხვისიც.

 

ადამიანიც პასუხისმგებლობაა და მისი თავისუფლებაც, ყველაზე დიდი მადლი, საუკეთესო გამოვლინება კაცად ყოფნისა. ეს თავისუფლება თანამყოფობას გულისხმობს, ცხადია და ერთმანეთის ინტერესის გათვალისწინებას, ისე ადამიანი უფუნქციო, ასოციალურ, მოცხოველო არსებად იქცეოდა, პირუტყვისვე თავისუფლებით. მე, რომელსაც ყოველთვის მხიბლავდა და მაინტერესებდა დერვიშული ჭვრეტა სამყაროსი, დღეს ვაცხადებ: ადამიანი მოვალეობების გარეშე სრული ნონსენსია! ის მეორე ადამიანის სიყვარულისთვის შექმნა ღმერთმა. მარტო ჭამაც კი ცოდვად მიგვაჩნია ქართველებს. ხანდახან სიტყვა წყევლსავითაა, ხანაც სიტყვით შეიძლება კაცის გადარჩენა. ამ გაეგოცენტრიკებულ, გაუცხოებულ, გაამპარტავნებულ, გაპატივმოყვარებულ, გაგულგრილებულ, ერთმანეთის გამწირავ ადამიანებს, მხოლოდ და მხოლოდ, ის გადაარჩენთ, რომ გაიხსენონ:

ღმერთი სიკეთეა…

ადამიანმა სიკეთე რომ აკეთოს და დაემსგავსოს ღმერთს, ობიექტი სჭირდება!
ასე მრავლდება მადლი, ურომლისოდაც მარტო საქართველო კი არა, სამყარო დაიღუპება.
სიკეთე არ იკარგება, თუ მას თუნდაც უპიროვნოდ გაუშვებ კოსმოსში, ის უკან დაგიბრუნდებათ, ამიტომ ვინმეს უმადურობა არ დასწამოთ ან უკან არ გამოითხოვოთ.
სხვა აზრი არასდროს ჰქონია კაცთა წუთისოფელს – ერთმანეთით! ერთმანეთისკენ! ერთმანეთისთვის! ესაა ეროვნულობაც და ზოგადსაკაცობრიო პრინციპიც ერთა ერთიანობისა.
დაბოლოს, ამისთვისაა ადამიანი – მეორე ადამიანისთვის!

 

 

 

მომავლის ენერგეტიკა – თორიუმი

0

თანამედროვე ცივილიზაციის ენერგეტიკული საფუძველი ძირითადად ნახშირწყალბადებს ეყრდნობა. თუმცა, მათ გამოყენებას თან სდევს გარემოს დაბინძურება, განსაკუთრებით კი, ნახშირორჟანგის (CO₂) გამონაბოლქვის ზრდა, რაც აძლიერებს სათბურის ეფექტს და აჩქარებს გლობალური კლიმატის ცვლილებას. ეს პროცესები მტკივნეულად აისახება დედამიწის ეკოლოგიურ წონასწორობაზე და ჩვენი ცივილიზაციის მომავალზე.

ბუნების პერმანენტული დაბინძურების პირობებში სულ უფრო აქტუალური ხდება ისეთი ენერგორესურსების მოძიება, რომლებიც მდგრადია, ეკოლოგიურად სუფთა და არ გამოყოფს CO₂-ს. ამ გლობალურ გამოწვევასთან გასამკლავებლად სპეციალისტები მომავალს განახლებად წყაროებსა და ბირთვულ ენერგეტიკაში ხედავენ.

დღესდღეობით, განახლებადი ენერგიის წილი საერთო მოხმარებაში დაახლოებით 18-20%-ს შეადგენს, მისი პოტენციალი კი 23-27%-ს არ აჭარბებს. შესაბამისად, მომავალში ბირთვული ენერგეტიკა ისახება კაცობრიობის ენერგეტიკული საჭიროებების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენად.

ბირთვული რესურსების მთავარი დანიშნულება ელექტროენერგიის გამომუშავებაა. ადამიანის მიერ საყოფაცხოვრებოდ თუ მრეწველობისათვის მოხმარებული ენერგიის რაოდენობა სულ უფრო სწრაფად იზრდება. ცხადია, ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც შესაბამისად მატულობს და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

მდგრადი და უსაფრთხო განვითარება კი პირდაპირ უკავშირდება იაფ და ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიის წყაროებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალი 50-100 წლის განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ენერგორესურსი ბირთვული ენერგეტიკა გახდება, თუმცა არა იმ ფორმით, როგორითაც დღეს გვაქვს: მომავალში ურანის ნაცვლად ენერგეტიკული ყურადღების ცენტრში თორიუმი მოექცევა.

ეკოლოგიური წესრიგის დასამყარებლად, კაცობრიობა ცდილობს ნულოვან ემისიაზე გადასვლას და კლიმატური კატასტროფის თავიდან აცილებას. ამ გამოწვევების საპასუხოდ, თანდათან მატულობს ბირთვული ენერგიის აქტუალურობა.

ბირთვული ენერგია ჯერ კიდევ 1950-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა გლობალურ ენერგეტიკაში და 1980-იანი წლების ბოლომდე ის მუდმივი განხილვის საგნად რჩებოდა. დღეს კი, როცა ცხადი გახდა, რომ მხოლოდ განახლებადი წყაროები ვერ უზრუნველყოფენ გლობალური ენერგეტიკული საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებას, ბირთვული ენერგია იქცა ერთ-ერთ რეალურ გზად ნულოვანი ემისიის მქონე, სუფთა ენერგეტიკული მომავლის უზრუნველსაყოფად. სწორედ ბირთვული ენერგეტიკა ესახება კაცობრიობას 2050 წლისთვის კლიმატური მიზნების მიღწევის საშუალებად.

გარეგნულად ბირთვული სადგური სხვა თბოელექტროსადგურის მსგავსად გამოიყურება – აქაც ტურბინები ბრუნავს და გენერატორები ელექტროენერგიას აწარმოებენ. თუმცა მისი „გული“, რეაქტორი – ბირთვული ფიზიკის მიღწევებს ემყარება.

ბირთვული რეაქტორი ატომის ბირთვის დაშლის პრინციპზე მუშაობს – პროცესზე, რომელსაც ბირთვული დაშლა ეწოდება. ამ პროცესში მძიმე ატომი (მაგალითად, ურანი ან თორიუმი) იყოფა ორ მსუბუქ ნაწილად და შედეგად თერმული სახით გამოთავისუფლდება უდიდესი რაოდენობის ენერგია.

ჩნდება ახალი ნეიტრონები, რომლებიც სხვა ატომებს ეჯახებიან და მათ დაშლას იწვევენ – ჯაჭვური რეაქცია უზრუნველყოფს რეაქტორში სითბოს მუდმივ გენერაციას. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება, წამში უამრავი ატომი იშლება და შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით სითბო.

https://rb.gy/2d71c8

https://rb.gy/sge25h

ბირთვული ენერგია ბევრად უფრო სუფთა და ეფექტურია. ბირთვულ რეაქტორში სითბო წყალს ადუღებს და დიდი წნევით ორთქლად გარდაქმნის. ორთქლის ენერგია ატრიალებს ტურბინას, რომელიც გამომუშავებულ სითბურ ენერგიას გენერატორის მეშვეობით გარდაქმნის ელექტროენერგიად. მსგავსად, როგორც ქვანახშირით ან გაზით ვიღებთ ენერგიას, მაგრამ ბევრად უფრო სუფთად და ნაკლები გამონაბოლქვით. საბოლოოდ ვიღებთ ენერგიას, რომელიც ყოველდღე ჩვენი სახლების განათებას, კომპიუტერის ეკრანების ციმციმს და ტრანსპორტის მოძრაობას უზრუნველყოფს.

კაცობრიობის წინაშე მდგომი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, კლიმატის ცვლილება, მოითხოვს ისეთი ენერგორესურსების გამოყენებას, რომლებიც არ გამოყოფენ სათბურის აირებს. ბირთვული ენერგია არის ემისიის თითქმის ნულოვანი წყარო, ის არ გამოყოფს ნახშირორჟანგს ან სხვა მავნე აირებს. მისი წყალობით მნიშვნელოვნად მცირდება ჰაერის დაბინძურება და ჯანმრთელობის რისკები, რაც უკავშირდება წიაღისეული საწვავის დაწვას.

მიუხედავად გარკვეული რისკებისა, ბირთვული ენერგია ერთ-ერთ ყველაზე დაბალემისიურ ტექნოლოგიად ითვლება. მისი წარმოების პროცესში პრაქტიკულად არ გამოიყოფა ნახშირორჟანგი. სწორედ ამიტომ, ის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში განახლებად წყაროებთან ერთად განიხილება.

თანამედროვე ბირთვული ტექნოლოგიები სულ უფრო უსაფრთხო და ეფექტური ხდება. ახალი თაობის რეაქტორები, მათ შორის თორიუმზე დაფუძნებული მოდელები, გვთავაზობენ ენერგიის მიღების გზებს, რომლებიც გაცილებით ნაკლებ ბირთვულ ნარჩენს წარმოქმნიან და ბევრად დაბალი საფრთხის შემცველია.

ბირთვულ ენერგიას ერთი განსაკუთრებული უპირატესობა აქვს, ის მზის ამოსვლასა და ქარის წარმოქმნაზე არ არის დამოკიდებული. განსხვავებით მრავალი განახლებადი ენერგიის წყაროსგან, როგორიცაა მზის ან ქარის ენერგია, ატომურ ელექტროსადგურებს ენერგიის გამომუშავება შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში, წლის ნებისმიერ სეზონზე. სწორედ ეს უწყვეტობა აქცევს ბირთვულ ენერგიას საიმედო საყრდენად გლობალურ ენერგეტიკულ სისტემაში.

განახლებადი ენერგიის ზოგიერთი წყარო ბუნებრივი პირობების გამო ხანმოკლე ან არამდგრადი შეიძლება იყოს, ბირთვული ენერგია კი უზრუნველყოფს ენერგეტიკულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. გამოირჩევა მუდმივი, პროგნოზირებადი და უწყვეტი გენერირების უნარით. მცირე მოდულური რეაქტორები (SMR), შექმნილია ისე, რომ დატვირთვის მიხედვით ავტომატურად და მარტივად ადაპტირდებიან — ზრდიან ან ამცირებენ გამომუშავებას მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად.

თანამედროვე ბირთვული რეაქტორები არა მხოლოდ ეფექტურობით, არამედ ხანგრძლივობითაც გამოირჩევიან. ზოგიერთი მათგანი უკვე სერტიფიცირებულია 80-წლიანი ექსპლუატაციისთვის – რაც გაცილებით აღემატება წიაღისეულ საწვავზე მომუშავე სადგურების ან თუნდაც ზოგიერთი განახლებადი სისტემის გამოყენების ხანგრძლივობას. თუმცა, მათი ფუნქციონირების ვადა დამოკიდებულია არა მხოლოდ ტექნოლოგიურ, არამედ ეკონომიკურ ფაქტორებზეც – ოპერაციულ შემოსავალზე, მომსახურების ხარჯებზე, დემონტაჟისა და გამოყენებული ბირთვული მასალების უსაფრთხო შენახვაზე.

ბირთვულ ენერგიას ხშირად მიაკუთვნებენ სუფთა ენერგიის კატეგორიას. მისი გამომუშავებისას პრაქტიკულად არ გამოიყოფა ნახშირორჟანგი ან სხვა სათბურის ეფექტის მქონე აირები, რომლებიც მავნე გავლენას ახდენენ ჰაერის ხარისხსა და კლიმატზე. ატომური სადგურები მნიშვნელოვნად ამცირებენ ჰაერის დამაბინძურებელი ნაერთების რაოდენობას, რაც, ზოგადად, დაკავშირებულია წიაღისეული საწვავის წვასთან.

სერიოზულ გამოწვევად რჩება ბირთვული ნარჩენების გრძელვადიანი და უსაფრთხო განთავსება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნარჩენები მოცულობით მცირეა, მათი რადიოაქტივობა ათასობით წელიწადს გრძელდება და ჯერჯერობით არ არსებობს მათთვის რისკისგან სრულიად თავისუფალი საბოლოო განთავსების გზა.

უნდა აღინიშნოს რეაქტორის მუშაობის უსაფრთხოების საკითხიც – ბირთვული ენერგიის ისტორიას არაერთი კრიზისული შემთხვევა ახლავს თან, რადიოაქტიური ორთქლის უნებლიე გამოყოფა და ტექნოლოგიური ხარვეზები, რომლებმაც საზოგადოებრივი შიში და კრიტიკა გამოიწვია. თუმცა, გასული ათწლეულების განმავლობაში ამ სფეროში ბიოუსაფრთხოებისა და კონტროლის სტანდარტები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თანამედროვე რეაქტორები უკვე შენდება მკაცრი რეგულაციებისა და უახლესი ინჟინერიის გათვალისწინებით, რაც სისტემის საიმედოობისა და უსაფრთხოების ახალ სტანდარტს უზრუნველყოფს.

ბირთვული ენერგიის საკითხზე მსჯელობისას ხშირად ჩნდება კითხვა – განახლებადია ის, თუ არა? ბირთვული საწვავი განახლებად ენერგორესურსად არ ითვლება, იმიტომ, რომ ის მოიპოვება დედამიწის ქანებიდან და მისი მარაგი ამოწურვადია. ასევე, შესაბამისი ნივთიერებები ბუნებაში მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებში გვხვდება, რაც მას გეოგრაფიულად შეზღუდულ რესურსად აქცევს. ბირთვული რესურსების გამოყენებას უპირატესობას ანიჭებს დიდი ენერგიის მისაღებად ძალიან მცირე მასის საწვავის საჭიროება. 1 კილოგრამი ურანი შეიცავს იმდენივე ენერგიას, რამდენსაც დაახლოებით 2,7 მილიონი კილოგრამი ქვანახშირი. ეს ნიშნავს, რომ ატომური ელექტროსადგურები უმცირესი რაოდენობის საწვავის გამოყენებით გამოიმუშავებენ წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.

მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული საწვავი განახლებად კატეგორიას არ მიეკუთვნება, ის განიხილება, როგორც საიმედო, მდგრადი და გრძელვადიანი ენერგორესურსი – განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როდესაც კაცობრიობა ცდილობს სათბურის გაზების ემისიის შემცირებას და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას.

ახალი თაობის რეაქტორები აღჭურვილია მოწინავე სისტემებით:

  • ავარიული გაგრილების სისტემები;
  • სარეზერვო ენერგიის წყაროები;
  • თვითდამცავი ბირთვული დიზაინი — რეაქტორები ავარიის ან გაგრილების შეწყვეტის შემთხვევაში, წყვეტენ რეაქციას და პროცესი ავტომატურად ჩერდება.

დღევანდელი ატომური ელექტროსადგურები ექვემდებარებიან ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ უსაფრთხოების სტანდარტს მთელ ინდუსტრიაში. უსაფრთხოება დაცულია ყველა ეტაპზე- პროექტირებიდან და მშენებლობიდან, ექსპლუატაციის დასრულებამდე.

ინოვაციური რეაქტორები SMR (მცირე მოდულური რეაქტორები) გამოირჩევიან დაბალი სიმძლავრით, თვითრეგულირებადი დიზაინით და შედარებით მცირე ზომის უსაფრთხოების ზონით. შესაბამისად, მათი განთავსება შესაძლებელია ქალაქებთან და სამრეწველო ობიექტებთან ახლოს, რაც სითბოსა და ენერგიის ადგილობრივ მიწოდებას გააიოლებს.

გლობალური ენერგეტიკული საჭიროებების ზრდასთან ერთად სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ისეთი ენერგორესურსების პოვნა, რომლებიც სტაბილურობასთან ერთად, ეკოლოგიურად სუფთაც არის. სწორედ ასეთ კონტექსტში ბირთვული ენერგია ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ და რეალურად გამოსაყენებელ ტექნოლოგიად. მთელი რიგი სახელმწიფოები, რეგიონები და საზოგადოებები უკვე იყენებენ ბირთვულ ტექნოლოგიას, როგორც მდგრადი განვითარების გზას – ენერგიის საიმედო, სუფთა და ეკონომიური წყაროს საშუალებას.

ბირთვული კვლევები თანდათან ფართოვდება ახალი ტიპის საწვავებზე, როგორიცაა თორიუმი, რომელიც ურანზე ბევრად უფრო ფართოდ არის გავრცელებული. უსაფრთხოების ეკოლოგიური რისკებისა და მარაგების თვალსაზრისით, თორიუმი მომავალში შესაძლოა გახდეს უფრო მისაღები ალტერნატივა.

რა არის თორიუმი?

რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი თორიუმი (232Th), ურანის მსგავსად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც საწვავი ბირთვულ რეაქტორებში. ამასთან, ურანთან შედარებით გააჩნია მთელი რიგი უპირატესობები:

  • დედამიწის ქერქში მისი მარაგები 4-5-ჯერ მეტია;
  • მოპოვება და გამდიდრება გაცილებით იაფია;
  • ნაკლებად რადიაქტიურია;
  • შესაძლებელია მისი ნარჩენების სრული უტილიზაცია;
  • გაცილებით მეტ ენერგიას გამოიმუშავებს და სხვ.

ამ თვისებების გამო, მკვლევართა დიდი ნაწილი თორიუმს მიიჩნევს ჩვენი ცივილიზაციის მე-3 ათასწლეულის უმთავრეს, მწვანე ენერგორესურსად.

თორიუმი (Th) არის სუსტი რადიაციის მქონე, პერიოდული ცხრილის 90-ე ელემენტი და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რადიოაქტიური ელემენტი. თორიუმი 1828 წელს აღმოაჩინა ნორვეგიელმა მინერალოგმა მორტონ ესმარკმა. როგორც დამოუკიდებელი ქიმიური ელემენტი, ის მოგვიანებით განსაზღვრა შვედმა ქიმიკოსმა იაკობ ბერცელიუსმა და მას სკანდინავიური ჭექა-ქუხილის ღმერთის თორის პატივსაცემად თორიუმი უწოდა.

მისი ყველა იზოტოპი არასტაბილურია, მათ შორის ყველაზე მდგრადია 232Th, რომლის ნახევარდაშლის პერიოდი 14,05 მილიარდ წელს შეადგენს. ეს იზოტოპი ძალიან ნელა ალფა-გამოსხივების გზით იშლება, რომლის საბოლოო პროდუქტს 208Pb წარმოადგენს.

ეს მცირედით რადიაქტიური ელემენტი შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი ტიპის ატომური ელექტროსადგურის შესაქმნელად, რომელსაც ეწოდება გამდნარი მარილის რეაქტორი და უზარმაზარი ენერგიის მიწოდება შეუძლია. მდნარი მარილის რეაქტორები წარმოქმნიან მნიშვნელოვნად ნაკლებ ბირთვულ ნარჩენებს. თორიუმის პერიოდულ სისტემაში ადგილმდებარეობამ და ატომის ბირთვის სტრუქტურამ განაპირობა მისი გამოყენება მშვიდობიან ატომურ ენერგეტიკაში. თორიუმის კარბიდი, თორიუმის ოქსიდი და თორიუმის ფტორიდი გამოიყენება ურანის, პლუტონიუმის ნაერთებთან და დამხმარე დანამატებთან ერთად. გარდა ატომური ენერგეტიკისა, თორიუმი წარმატებით გამოიყენება მეტალურგიაში. თორიუმის ოქსიდს უჟანგაობის გამო ყველაზე საპასუხისმგებლო ნაკეთობების და კონსტრუქციების დასამზადებლად გამოიყენებენ.

დედამიწის ქერქში თორიუმის მარაგი ურანზე დაახლოებით 3-ჯერ მეტია. ქვეყნებს, როგორიცაა – ინდოეთი და ჩინეთი, განსაკუთრებულად აინტერესებთ თორიუმზე დაფუძნებული ბირთვული ენერგეტიკა, რადგან მათი რესურსები გაცილებით მდიდარია ამ ელემენტით.

თორიუმის გამოყენება საწვავად მოითხოვს მის ტრანსფორმირებას ურანში ნეიტრონების შთანთქმის გზით. დღევანდელი ზოგიერთი ბირთვული რეაქტორი, მაგალითად CANDU, თორიუმის გამოყენებას ურანთან ერთად ახდენს, თუმცა სრულად თორიუმზე დაფუძნებული საწვავის გამოყენება ჯერ კიდევ ლიცენზირების ეტაპზეა.

თორიუმის რეაქტორებისთვის საჭირო ნეიტრონების მიღება ძირითადად U235-ის, U233-ის ან Pu239-ის გამოყენებით ხდება, ამიტომ ამ პროცესს უწოდებენ თორიუმ-ურანის საწვავის ციკლს.

თორიუმს დიდი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ დედამიწის ქერქში მისი რაოდენობა ურანისას სამჯერ აღემატება. მომავალში თორიუმის რესურსები შესაძლოა უფრო ფართოდ გამოიყენონ, თუ მათი მოპოვება და გამოყენება ეკონომიკურად გამართლებული იქნება.

თორიუმის მთავარი უპირატესობები:

  • უხვი რესურსი: დედამიწაზე თორიუმი ფართოდ არის გავრცელებული;
  • ეკოლოგიურად სუფთა: თორიუმით მომუშავე რეაქტორები ნაკლებ ბირთვულ ნარჩენს ტოვებენ და არ გამოყოფენ სათბურის აირებს;
  • მდიდარი საწვავი: თორიუმი უფრო მეტი გახლეჩადი მასალის წარმოქმნას უზრუნველყოფს.

გამოყენების სირთულეები:

  • თორიუმის მოპოვება და გამოყენება დღეს შედარებით ძვირია;
  • მისი საწვავად გადამუშავება რთულია და მოითხოვს დამატებით ტექნოლოგიებს;
  • თორიუმით მომუშავე რეაქტორების განვითარება ჯერ კიდევ ახალ ეტაპზეა და საჭიროებს მეტ კვლევასა და ინვესტიციას.

თორიუმის პოტენციალი დიდია და შეიძლება მომავალში გახდეს მნიშვნელოვანი ალტერნატიული, უსაფრთხო და მდგრადი ენერგიის წყარო. კვლევები და განვითარების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თორიუმის რეაქტორები წარმოქმნიან ნაკლებად საშიშ და სწრაფად დაშლად ბირთვულ ნარჩენებს, რაც ამცირებს საცავის საჭიროებასა და გარემოზე ზემოქმედებას. მისი მოპოვება ურანთან შედარებით უფრო უსაფრთხოა და ეკოლოგიურად ნაკლებად დამაზიანებელი. ამ ენერგორესურსის მთავარი მადანი, მონაზიტი, შეიცავს დიდი რაოდენობით თორიუმს და მისი მოპოვება ხშირად ღია კარიერული მეთოდით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით უფრო მომგებიანია  ურანის სამთო მოპოვებასთან შედარებით.

თორიუმის რეაქტორის ნაკლოვანებები:

  • მაღალი საწყისი ხარჯები: რეაქტორის შექმნას დიდი ინვესტიციები სჭირდება, ვინაიდან საჭიროა ინტენსიური ტესტირება, ანალიზი და ლიცენზირება. საწვავის წარმოება და გადამუშავება ასევე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული;
  • თორიუმის ოქსიდის მაღალი დნობის წერტილი: ThO₂-ის დნობის მაღალი ტემპერატურის გამო, საწვავის დასამზადებლად მაღალი ტემპერატურის პირობებია საჭირო, რაც ტექნიკურად უფრო რთულია;
  • გამაგამოსხივება: თორიუმის საწვავში U232-ის შემცველობა იწვევს ძლიერ გამა-გამოსხივებას, რაც ქმნის დამატებით ტექნიკურ და უსაფრთხოების გამოწვევებს.

თორიუმისა და ურანის ბირთვული რეაქტორების საწვავად გამოყენების იდეას საფუძველი ჩაეყარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. თორიუმზე მომუშავე პირველი ბირთვული რეაქტორი (MSRE) გასული საუკუნის 60-იან წლებში შექმნეს აშშ-ში, ოაკ-რიჯის ნაციონალურ ლაბორატორიაში. ამ რეაქტორმა წარმატებით გაიარა ტესტირება. მიუხედავად აღნიშნულისა, 1973 წელს აშშ-ის მთავრობამ ეს პროგრამა დახურა. თანამედროვე მეცნიერთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ თორიუმზე მომუშავე ბირთვული ელექტროსადგურების პროგრამის დახურვა კაცობრიობის გამოუსწორებელი შეცდომა იყო.

მსოფლიოში შექმნილი ენერგოკრიზისის გამო, 1996 წელს, თორიუმის, როგორც ბირთვული საწვავის შესწავლა განაახლა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ (IAEA), ხოლო 1997 წელს აშშ–ს ენერგეტიკის დეპარტამენტმა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა თორიუმის დიდი ენერგოშესაძლებლობები და რადიაციული დაბინძურების ნაკლები საშიშროება, მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა (გერმანია, აშშ, საფრანგეთი, ინგლისი, იაპონია და სხვ.) და მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმაც, დაიწყეს ინტენსიური მუშაობა თორიუმის ბირთვული რეაქტორების შექმნაზე. წარმატება მნიშვნელოვანია და არაა გამორიცხული, რომ ამ რეაქტორებმა უახლოეს 30-50 წელიწადში მთლიანად ჩაანაცვლოს ურანზე მომუშავე ატომური ელექტროსადგურები.

საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად, ჩინეთში თორიუმის შვიდი ტიპის ბირთვულ რეაქტორზე მიმდინარეობს მუშაობა. ჩინეთი იმედოვნებს, რომ 2030 წლისათვის ქვეყანაში დაამთავრებს თორიუმზე მომუშავე კომერციული ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობას და ამავე დროს, ანალოგიური სადგურების შექმნას დაიწყებს იმ 30 ქვეყანაში, რომლებიც მონაწილეობენ ჩინურ ინიციატივაში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“.

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები წარმატებულად მუშაობენ თორიუმის ბირთვული რეაქტორების ტექნოლოგიურ გაუმჯობესებაზე და ინტენსიურად იკვლევენ მის მარაგებს დედამიწის ქერქში. ამ მიმართულებით ყველაზე დიდი მიღწევები აქვს ინდოეთს, რომელიც თორიუმის მსოფლიო მარაგების დაახლოებით 25%-ს ფლობს. ეს ქვეყანა 2050 წლისათვის გეგმავს ქვეყნის ელექტროენერგიის 30% გამოიმუშაოს თორიუმის ბირთვულ რეაქტორებში.

როგორც მეორადი პროდუქტი, თორიუმის მოპოვება მიმდინარეობს მსოფლიოს მხოლოდ ხუთ ქვეყანაში. ეს ქვეყნებია: ინდოეთი, ბრაზილია, მალაიზია, ტაილანდი და ვიეტნამი. თორიუმის გლობალური მარაგები შეფასებულია დაახლოებით 6.2 მილიონი ტონით.

განვითარებული ქვეყნები დიდ იმედებს ამყარებენ თორიუმის ენერგიაზე. მაგ. ავტოკონცერნი „კადილლაკი“, ამჟამად, ამუშავებს თორიუმის საწვავზე გათვალისწინებული ავტომობილის კონცეფციას. კონცერნი ცდილობს, შექმნან თორიუმის ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ისეთი ავტომობილი, რომლის მუშაობასაც 100 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს 8 გრამი თორიუმი.

სხვადასხვა წყაროებიდან გახდა ცნობილი, რომ NASA უკვე ქმნის კოსმოსური ხომალდებისთვის თორიუმზე მომუშავე ძრავების ახალ ტიპს.

მეცნიერები ამუშავებენ თორიუმის პლაზმურ აკუმულატორების სრულიად ახალ მოდელს, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, შეინახოს ელექტროენერგიის უზარმაზარი რაოდენობა. მაგალითად, თუ ასეთი აკუმულატორი ექნება ჩვენს მობილურს, მას არ დასჭირდება დატენვა ერთი წლის გამნავლობაში. ასეთი აკუმულატორების შემთხვევაში ადვილი წარმოსადგენია თუ როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება და ამაღლდება ადამიანთა კეთილდღეობა.

აღსანიშნავია, რომ ეს სამუშაოები მკაცრად გასაიდუმლოებულია და ყველა ქვეყანა თორიუმის გამოყენების ახალ ტექნოლოგიებს დამოუკიდებლად ამუშავებს. როგორც ჩანს, ამ ტექნოლოგიების სრულყოფას ჯერ კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება.

ატომური ენერგეტიკის ცნობილი ექსპერტი, საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტოს (IAEA) ყოფილი ხელმძღვანელი, ჰანს ბლიკსი, მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ გააფართოონ თორიუმის ტექნოლოგიური კვლევა და აცხადებს: „თორიუმის ვარიანტი მსოფლიოს სთავაზობს არამარტო ახალ მდგრად საწვავს, არამედ იმას, თუ როგორ გამოვიყენოთ ენერგეტიკული ფასეულობანი“ (CERN conference, 2013).

დასასრულ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური პროექტის (FR-18-8122) დაფინანსებით, ქართველი მეცნიერების მიერ ჩატარდა კვლევა „თორიუმი – მომავლის ენერგია და მისი მადანგამოვლინებები საქართველოში“.

rb.gy/dfsdbk

წარმოგიდგენთ ამ კვლევის ფარგლებში შექმნილ საქართველოს სქემატურ-გეოლოგიურ რუკას.

ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად, საქართველოში მოკვლეულია თორიუმისა და ურანის რამდენიმე პერსპექტიული მადანგამოვლინება, რომლებიც შემდგომ დეტალურ შესწავლას საჭიროებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

rb.gy/jw43aw

rb.gy/xaqhe2

https://rb.gy/ikwyek

https://rb.gy/h6m1v1

https://rb.gy/1sdfqa

rb.gy/m5wzbf

ისტორიული წყაროების სწავლება: უნარებიდან კომპეტენციამდე კონტექსტუალიზაციის გზით

0

XXI საუკუნის განათლება და, კერძოდ, სასკოლო საისტორიო განათლება პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს კრიტიკულ აზროვნებას და ანალიტიკური უნარების განვითარებას. ამ მიმართულებით აქტუალურია იმ მიდგომების გამოკვეთა, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებში ისტორიულ წყაროებზე მუშაობის უნარების გამომუშავებას.

ისტორიულ წყაროებთან მუშაობის უნარის კომპონენტებია:

  • წყაროს იდენტიფიცირება და კლასიფიკაცია;
  • წყაროს ავტორის, დროისა და სივრცის დადგენა;
  • წყაროს სანდოობის შეფასება;
  • წყაროს შინაარსის ანალიზი და ინტერპრეტაცია;
  • წყაროს შედარება, სინთეზი და დასკვნების გამოტანა.

ისტორიულ წყაროზე მუშაობის უნარი კომპლექსური კატეგორიაა და გულისხმობს ცოდნის, ქმედების /მოქმედებისა და ანალიზის ერთობლიობას. ასეთი კომპონენტური ხედვა საშუალებას იძლევა, წყაროზე მუშაობის უნარი წარმოვიდგინოთ დინამიკურ, თანმიმდევრულ პროცესად და არა ერთჯერად ქმედებად.

ისტორიულ წყაროებთან მუშაობის უნარი რამდენიმე თეორიულ საფუძველს ემყარება:

  • ჰერმენევტიკული მიდგომა – წყაროს გააზრება კონტექსტში, ტექსტსა და მნიშვნელობას შორის კავშირის დანახვა;
  • კონსტრუქტივისტული მიდგომა – მოსწავლე თავად ქმნის ისტორიულ ცოდნას წყაროს საფუძველზე, აქტიურად მონაწილეობს ცოდნის კონსტრუქციაში;
  • ისტორიული აზროვნების მოდელებზე ორიენტირება (Wineburg და სხვ.) – უნარის განვითარება მოითხოვს დროის კონტექსტის გათვალისწინებას, სხვადასხვა წყაროს შედარებას და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, არგუმენტირებულ მსჯელობას.

როგორც ყველა სხვა უნარს, წყაროზე მუშაობის უნარსაც განვითარება სჭირდება. სასკოლო საისტორიო განათლება ამ მიმართულებით გამოკვეთს რამდენიმე ეტაპს, რაც ხაზს უსვამს თავად უნარის დინამიკურ ხასიათსაც, რადგან ის გამუდმებით იხვეწება და რთულდება:

  • დაწყებით საფეხურზე: მოსწავლეები სწავლობენ წყაროს იდენტიფიცირებას და მისი წარმოშობის განსაზღვრას. ისინი არ კითხულობენ ტექსტს როგორც „მშრალ ინფორმაციას“ და, უპირველეს ყოვლისა, სვამენ კითხვებს: ვინ არის ავტორი? როდის დაწერა? რა იყო მისი მიზანი?
  • მაგალითად: მოსწავლეები კითხულობენ შუა საუკუნეების მეფის ქრონიკას და მეფესთან დაპირისპირებული ფეოდალის წერილს. ამ ორი წყაროს შედარებით ისინი სწავლობენ, რომ ერთი და იმავე მოვლენის აღწერა რეალურად ავტორის პოზიციაზეა დამოკიდებული ანუ სწავლობენ წყაროს აღქმას.
  • საშუალო საფეხურზე: ისწავლება წყაროს კრიტიკული კითხვა და სანდოობის შეფასება. წყაროების შედარებისას მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ ერთი წყარო არასდროს არის საკმარისი. ისინი ერთმანეთს ადარებენ სხვადასხვა წყაროს და ეძებენ მსგავსებებსა და განსხვავებებს.
  • მაგალითად: მოსწავლეები ადარებენ, როგორ აღწერს ერთსა და იგივე მოვლენას გაზეთი, ფოტოები თუ პირადი დღიური, შემდეგ კი მსჯელობენ იმაზე, რომელი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ემთხვევა ერთმანეთს და სად ჩანს სუბიექტური ინტერპრეტაცია, ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ შინაარსს, არამედ ავტორის სიტყვებს, ტონს და სტილსაც კი და ა.შ.
  • საშუალო საფეხურზე: წყაროს კონტექსტუალიზაცია, შედარებითი ანალიზი და საკუთარი კვლევის წარმოება

ფაქტობრივად, ისტორიული კონტექსტი ეხება კონკრეტული მოვლენის ან პერიოდის თანმხლებ სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ გარემოებებს და ისტორიულ ფონს. კონტექსტი ეხმარება მოსწავლეებს, უფრო ღრმად გაიგონ და გაიაზრონ, გააანალიზონ და შეაფასონ ისტორიული მოვლენები და ფაქტები. კონტექსტუალიზაციისას წყაროს გაანალიზება ხდება იმ ისტორიულ კონტექსტთან მიმართებით (Contextualization – გარემოსა და დროის გათვალისწინება), რომელშიც ის შეიქმნა (Sam Wineburg, Historical Thinking and Other Unnatural Acts, 2001). ამ დროს მოსწავლე „ამოჭრილად“ კი არ კითხულობს კონკრეტულ წყაროს, არამედ ცდილობს „გაიგოს“ ის „იმ ეპოქაში, ისტორიულ გარემოსა და პირობებში“, როდესაც დაიწერა.

 

ნიმუშები

პირველადი წყაროს კონტექსტუალიზაცია:

ა) თუ მოსწავლეს დავავალებთ, წაიკითხოს 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მისი გაცნობიერებისთვის მას დაჭირდება მთლიანად პირველი მსოფლიო ომის შედეგების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და რუსეთში მიმდინარე რევოლუციური პროცესების მნიშვენლობის გაცნობიერებაც ანუ საკითხის მთლიანი კონტექსტის გაგება/გააზრება. თუ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან („საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადება“) მოსწავლე მხოლოდ სიტყვებს ამოიკითხავს, ის მიიღებს ინფორმაციას 1918 წლის 26 მაისს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, ანუ აღიქვამს დეკლარაციას როგორც ფაქტს, მაგრამ კონტექსტუალიზაციის დროს ის შეისწავლის:

  • რა ხდებოდა იმ დროს საერთაშორისო არენაზე (პირველი მსოფლიო ომის დასასრული);
  • როგორი იყო კავკასიაში პოლიტიკური ვითარება (ამიერკავკასიის სეიმის დაშლა);
  • რა პროცესები მიმდინარეობდა რუსეთში (ოქტომბრის რევოლუცია, ბოლშევიკური ძალაუფლების კონსოლიდაცია) და სხვ.
  • და ამ გზით ის აღმოაჩენს დამოუკიდებლობის აქტის სულ სხვა მნიშვნელობას: 1918 წლის 26 მაისის დეკლარაცია იყო არა უბრალოდ „დეკლარაცია“ როგორც ასეთი, არამედ გადაუდებელი რეაგირება რთულ საერთაშორისო და შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე.

ბ) პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ჯარისკაცის დღიურის ანალიზის დროს ისტორიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ ომის ისტორიული კონტექსტი, ასევე ჯარისკაცის პირადი გამოცდილება და მიკერძოებები და ა.შ.

გ) წყაროს ტექსტის გამოკვლევისას, მაგალითად, საბჭოთა ხელისუფლების მომდევნო პერიოდის ისტორიის შესწავლისას (პირობითად, XX საუკუნის 20-30-იანი წლები), მოსწავლეები:

  • ჯერ ერთმანეთს ადარებენ საბჭოთა პერიოდის წყაროებს, მაგალითად, პოსტერებს,
  • მერე – ემიგრანტის მოგონებებს იმავე თემაზე,
  • ამის შემდეგ კი ცდილობენ, იპოვონ პასუხი, რომელ წყაროში უფრო მეტადაა გამოკვეთილი იდეოლოგია და სად უფრო მეტად იგრძნობა სახელმწიფოს მხრივ წნეხი.

 

ეორეული წყაროს კონტექსტუალიზაცი (მეორეული წყაროს კონტექსტუალიზაცია ნიშნავს ამ წყაროს დაწერის დროის, ავტორის პიროვნების და ეპოქის ვითარების ახსნას რატომ წერს ავტორი ასე და არა სხვაგვარად, რა გავლენას ახდენს გარემოება (პოლიტიკური თუ კერძო ინტერესები) ავტორის ხედვაზე და აშ.):

  • ჯვაროსნული ომების ისტორიული ინტერპრეტაცია დამოკიდებულია იმაზე, რომელ ეპოქაში და რა ინტელექტუალურ-პოლიტიკურ გარემოში დაიწერა ნაშრომი. მაგალითად:
  • მიზანი – საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ჯვაროსნული ომების მიზნად წარმოჩენილი იყო „ფეოდალური აგრესია“ და ექსპანსიონიზმი, თანამედროვე დასავლური ისტორიოგრაფია კი ჯვაროსნულ ომებს წარმოაჩენდა როგორც მრავალმხრივ ფენომენს (რელიგიური ენთუზიაზმი, ეკონომიკური ფაქტორები, კულტურული კონტაქტები).
  • მთავარი აქცენტებ – საბჭოთა ისტორიოგრაფია აქცენტს სვამდა ეკონომიკურ მოტივებზე, ფეოდალების ექსპანსიაზე, კოლონიალიზმზე; დასავლური ისტორიოგრაფია ორიენტირებული იყო რელიგიური მოტივების, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის კულტურათა ურთიერთობის წინ წამოწევაზე.
  • ეპოქის ასახვა – საბჭოთა პერიოდის ისტორიოგრაფიულ ნაშრომებში უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა მარქსისტულ ინტერპრეტაციას, კლასობრივ ბრძოლასა და ფეოდალურ ექსპანსიას; დასავლურ ისტორიოგრაფიაში ჩანს მულტიპერსპექტიულობა (ევროპელი, მუსლიმი და ბიზანტიელი ავტორების ხედვის გათვალისწინება).

კონტექსტუალიზაცია გვაშორებს „ტექსტის ზედაპირულ“ წაკითხვას, გვასწავლის მის „შიგნით“ და „გარშემო“ არსებულ პირობებში ჩაღრმავებას და ხელს უწყობს მოსწავლის აკადემიურ წინსვლასა და საგნობრივი კომპეტენციების ჩამოყალიბებას.

კონტექსტუალიზაცია ააქტიურებს კრიტიკულ აზროვნებას, დამოუკიდებელ მსჯელობასა და ანალიზის უნარს, რაც მოსწავლეს სჭირდება საზოგადოებასთან ურთიერთობისას. ამ გზით მაღლდება მოსწავლის საგნობრივი კომპეტენცია, მას გამოუმუშავდება უნარი, მიაგნოს სანდო ინფორმაციას, დაადგინოს ამ უკანასკნელის სანდოობის ხარისხი და შეიძინოს ის გამოცდილება, რომლის საფუძველზეც გაუმკლავდება თანამედროვე ინფორმაციული გარემოს გამოწვევებს.

კონცეპტუალიზაცია და კონტექსტუალიზაცია – საგანმანათლებლო სტანდარტების მიღწევის მნიშვნელოვანი პირობა

0

წყაროებთან მუშაობის უნარ კონცეპტუალიზაციაიმ კომპონენტების განსაზღვრა, რომლებიც ქმნის კომპლექსურ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ისტორიული მასალის გააზრებისთვის – სასკოლო საისტორიო პრაქტიკის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ის შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეს:

  • შეიძინოს ფაქტობრივი ცოდნა;
  • გაიაზროს წყაროების მნიშვნელობა ისტორიულ კონტექსტში;
  • აღიქვას ავტორის პოზიცია და დაინახოს ისტორიული მოვლენების მიზეზშედეგობრივი კავშირი.

ამ შედეგის მისაღწევად გადასადგმელი პრაქტიკული ნაბიჯებია:

  1. ისტორიის სწავლების პროცესის გააქტიურება და ისტორიის სწავლების უნარის ინტეგრაცია, რომელიც პრაქტიკულ საგაკვეთილო პროცესში გამოიხატება ისეთი აქტივობების შესრულებით, როგორიცაა, მაგალითად:
  • ქრონიკის ანალიზი, ფოტომასალის ინტერპრეტაცია, ზეპირი ისტორიების კრიტიკული კითხვა და სხვ.;
  • მოსწავლეებისთვის ისეთი შემოქმედებითი და პროექტული დავალებების შეთავაზება, რომლებიც საკითხის მიმართ ინტეგრირებულ მიდგომას მოითხოვს. აქტივობის პროცესში, წყაროებზე მუშაობისას, მოსწავლეები მოახდენენ ინფორმაციის ინტერპრეტაციას და, იმავდროულად, შექმნიან/მოამზადებენ ახალ ნარატივსაც, მაგალითად:
  • „ისტორიული ახალი ამბების რეპორტაჟი“ იმ ეპოქიდან, რომელი ეპოქის წყაროებსაც სწავლობენ (XI საუკუნის შესწავლისას ოშკის ტაძრის მშენებლობის შესახებ „მოამბის“ სიუჟეტის მომზადება).
  1. სამოქალაქო კომპეტენციების უნარების ჩამოყალიბება ისეთი აქტივობებით, როგორიცაა, მაგალითად:
  • სანდო ინფორმაციის გაცნობიერება;
  • დეზინფორმაციის ამოცნობა;
  • საზოგადოდ, მედიაწიგნიერების უნარებზე მუშაობა.
  1. კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის სანდოობის შეფასებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების ჩამოყალიბება (ისტორიული კონტექსტის ფართოდ გაგება/გაცნობიერება)

და სხვ.

როგორც ვხედავთ, ეს ორი ცნება – წყაროს კონტექსტუალიზაცია და ისტორიულ წყაროებთან მუშაობის უნარის კონცეპტუალიზაცია – ერთმანეთთან ორგანულად არის დაკავშირებული.

  1. წყაროს კონტექსტუალიზაცია ეს არის უნარი, წყარო განხილულ იქნეს არა იზოლირებულად, არამედ იმ ისტორიულ პირობებში, რომლებშიც ის შეიქმნა:
  • ვინ დაწერა?
  • როდის და რა ვითარებაში?
  • რა მიზანი ჰქონდა ავტორს?
  • როგორი იყო იმ დროის სოციალური, პოლიტიკური და კულტურული რეალობა?

კონტექსტუალიზაციით გამოირიცხება „ტექსტის ზედაპირული წაკითხვა“ და მოსწავლე უღრმავდება მის „შიგნით“ და „გარშემო“ არსებულ პირობებს.

  1. ისტორიულ წყაროებთან მუშაობის უნარის კონცეპტუალიზაცია – აქ იგულისხმება არა უბრალოდ წყაროების გამოყენება, არამედ განსაზღვრული მეთოდური ჩარჩოს ჩამოყალიბება, რაც მოიცავს „წყაროსთან მუშაობას“ და მისი შემადგენელი კომპონენტების გამოყენებას.

პრაქტიკული თვალსაზრისით, თუ ისტორიული წყაროების შესწავლის უნარს მთლიანად წარმოვიდგენთ როგორც კონცეპტს, მაშინ წყაროს კონტექსტუალიზაცია ისტორიულ წყაროებთან მუშაობის უნარის კონცეპტუალიზაციის პროცესის საკვანძო კომპონენტია, მისი „გულია“, რამდენადაც ისტორიულ წყაროსთან მუშაობა ნიშნავს არა მხოლოდ ტექსტის წაკითხვას, არამედ მის იგვლივ არსებულ დროსა და სივრცეში ორიენტირებას, „წყაროს ამბის დროსა და სივრცეში მოთავსებასაც“. კონტექსტუალიზაცია გვიჩვენებს, რომ „წყაროს კრიტიკული გამოყენება“ შეუძლებელია მის შექმნის ისტორიულ გარემოს გათვალისწინების გარეშე.

 

ცხრილი კონტექსტუალიზაცია“ და კონცეპტუალიზაცია“ (Wineburg-ის მიხედვით)

 

 

ასპექტი წყარო ისტორიული წყაროებთან მუშაობის უნარის კონცეპტუალიზაცია
 კონტექსტუალიზაცია წყაროს ისტორიული კონტექსტის დადგენა: ვინ შექმნა, როდის, რატომ და რა ვითარებაში? ერთიანი მეთოდური ჩარჩოს შექმნა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს „წყაროსთან მუშაობა“ და რა კომპონენტებს მოიცავს იგი
აქცენტი კონკრეტული წყაროს ანალიზი უნარების სისტემური წარმოდგენა
მიზანი წყაროს გაგება / „წაკითხვა“ და მისი მნიშვნელობის მიგნება ისტორიული აზროვნების უნარების ჩამოყალიბება და ორგანიზება
შედეგი წყაროს ინტერპრეტაცია დროისა და სივრცის კონტექსტში უნარების მოდელი, რომელიც აერთიანებს სორსინგს, კონტექსტუალიზაციას, კორუბორაციას, ინტერპრეტაციას
ურთიერთკავშირი წყაროზე მუშაობა და მისი კონტექსტუალიზაცია ერთ-ერთი უნარია, „ქვეუნარია“ – ისტორიულ წყაროებთან მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ჩარჩოა, რომელიც ამ „ქვეუნარებს“ ერთ სისტემაში აერთიანებს
დასკვნა კონტექსტუალიზაცია ამ სისტემის ფუნდამენტური ნაწილი  კონცეპტუალიზაცია არის სისტემის შექმნა,

 

ურთიერთქმედება კონტექსტის გათვალისწინების გარეშე წყაროს აღქმა შეუძლებელია კონტექსტუალიზაციის გარეშე კონცეპტუალიზაცია იქნება ფორმალური, ის დაკარგავს აზრს, რადგან წყაროს კრიტიკული გამოყენება კონტექსტის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია

ფაქტობრივად:

  • კონტექსტუალიზაცია არის უნარი, წყაროს „დამუშავების“ ტექნიკა;
  • კონცეპტუალიზაცია არის ჩარჩო, თუ როგორ ვაზროვნებთ წყაროებთან მუშაობისას.

შეიძლება ითქვას, რომ კონცეპტუალიზაცია ერთ სისტემაში აერთიანებს კონტექსტუალიზაციას და სხვა ქვეუნარებს, რის პრაქტიკულ გამოხატვასაც ეწოდება ისტორიული აზროვნება და ასე აისახება კიდეც ისტორიული აზროვნების მოდელებში. თანამედროვე საისტორიო განათლებაში ისტორიული აზროვნების მოდელებიდან აქტიურად გამოიყენება Sam Wineburg-ის (სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი) მიერ შემოთავაზებული მიდგომა, რომელიც გვაჩვენებს, რომ ისტორიკოსის აზროვნება მხოლოდ ფაქტების ცოდნა კი არა, წყაროებთან მუშაობის სპეციფიკური სტრატეგიებია და ამ მიზნით გამოკვეთს ოთხ მთავარ ორიენტირს: ისტორიული წყაროს წარმოშობისა და დაწერის მიზეზების გარკვევა (Sourcing), კონტექსტუალიზაცია (Contextualization – გარემოსა და დროის გათვალისწინება), დადასტურება (Corroboration) – წყაროების შედარება და დაზუსტება; წყაროს სიღრმისეული ანალიზი (Close Reading) – „გაჩერებებით“ ნაბიჯ-ნაბიჯ კითხვა) (Wineburg, S. (2001). *Historical thinking and other unnatural acts: Charting the future of teaching the past*. Philadelphia, PA: Temple University Press. summary PDF – https://cdn.bookey.app/files/pdf/book/en/historical-thinking-and-other-unnatural-acts.pdf)

ისტორიული წყაროების შესწავლასთან დაკავშირებული უნარი კომპლექსური და მრავალმხრივია. მისი კონცეპტუალიზაცია საშუალებას იძლევა, ისტორიის სწავლება გადაიქცეს აქტიურ და შემოქმედებით პროცესად, რომლის საფუძველზეც მოსწავლე არა მხოლოდ გაიგებს წარსულს, არამედ თავად იქნება ისტორიის შემეცნების აქტიური მონაწილე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...