ორშაბათი, იანვარი 5, 2026
5 იანვარი, ორშაბათი, 2026

იუნიონი

ფეხბურთი სპორტის რიგითი სახეობა არ არის. ყველა ვთანხმდებით, რომ მას უდიდესი გავლენა აქვს მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე – კულტურულზე, სოციალურ-ეკონომიკურზე და პოლიტიკურზეც კი. ფეხბურთი ხშირად ადამიანის იდენტობის განმსაზღვრელი ელემენტი ხდება.

სამწუხაროდ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სპორტის თითქმის ყველა სახეობა დეგრადაციის გზას ადგას. ცხადია, ულამაზესი მატჩები კვლავ იმართება, მოედნებზე კვლავ ვხედავთ ელვარე ნიჭის მქონე ათლეტების ბრწყინვალე ასპარეზობას, მაგრამ საერთო გარემო ისეთი აღარ არის, როგორიც წარსულიდან გვახსოვს. არაერთი მკვლევარი პარალელს ავლებს თანამედროვე ფეხბურთსა და გლადიატორების ტურნირს შორის. კლუბები მსხვილი მონათმფლობელების მსგავსად ყიდულობენ და ყიდიან ფეხბურთელებს, ჯანმრთელობის განადგურებამდე ცდილობენ მათი ძალისა და ენერგიის გამოწურვას, უკიდურესად დასუსტებულია ემოციური კავშირი გუნდსა და მოთამაშეს, მოთამაშესა და გულშემატკივარს შორის, რადგან ყველამ იცის, რომ პირველივე სარფიანი შემოთავაზებისას სპორტსმენი შეიძლება აორთქლდეს.

ფეხბურთის გადაგვარების ფენომენზე მსჯელობა ადვილია; ძნელია, აღმოაჩინო ნაპერწკლები, რომლებიც უკიდურესად კომერციალიზებულ ეპოქაშიც კი ინარჩუნებენ ნამდვილი, სახალხო სპორტის სულისკვეთებას.

თუ ფეხბურთი გიყვართ და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თვალს ადევნებდით სხვადასხვა ევროპული თასის გათამაშებას, აუცილებლად შეამჩნევდით საშუალო დონის, საკმაოდ მომხიბვლელ კლუბს – „იუნიონ ბერლინს“. ევროპულ სარბიელზე მისი გამოჩენა შეგვიძლია აბსოლუტურ სენსაციად მივიჩნიოთ, რადგან კლუბი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძოდა.

„იუნიონ ბერლინი“ 1966 წელს შეიქმნა. ის აღმოსავლეთ გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთი უბნის, კიოპენიკის, გუნდი გახლდათ. კიოპენიკელები თავიდანვე არაპრივილეგირებული, რიგითი მოქალაქეების საყვარელ სპორტულ გაერთიანებად ჩამოყალიბდნენ. გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყველა კლუბის უკან რომელიმე დიდი სახელმწიფო დაწესებულება ან საწარმო იდგა: ბერლინისა და დრეზდენის „დინამოებს“ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო აფინანსებდა, ლაიფციგის „ლოკომოტივს“ რკინიგზა უმაგრებდა ზურგს, როსტოკის „ჰანზას“ – კომუნისტური გერმანიის აკვატორია, „იუნიონის“ დაფინანსება კი ბერლინის რიგით საწარმოს, კაბელებისა და საშუალოძაბვიანი აღჭურვილობის ქარხანას, დაევალა. ბუნებრივია, კაბელების საამქრო სპორტის მხარდაჭერის კუთხით კონკურენციას ვერ გაუწევდა ძლევამოსილ სამინისტროებსა და ეკონომიკის უმთავრეს სიმძლავრეებს. შესაბამისად, „უნიონი“ მხოლოდ ხალხის, საკუთარ უბანზე შეყვარებული ადამიანებისა და სისტემისგან დისტანცირებული გულშემატკივრების იმედად მყოფ ნაკრებად იქცა.

უკვე რამდენიმე ათწლეულია, „იუნიონის“ ტრიბუნებზე ერთი და იმავე შინაარსის ტრანსპარანტი ფრიალებს: „მოთამაშეების ყიდვა შესაძლებელია, გულშემატკივრებისა – არა“. ლოზუნგი სრულყოფილად გამოხატავს გუნდის მთავარ პრინციპს. ძლიერი კლუბები ყოველთვის ახერხებდნენ კიოპენიკელთა გადაბირებას, ძარცვავდნენ შემადგენლობას საუკეთესო მოთამაშეებისგან, მაგრამ ვერავინ მოახერხა „იუნიონის“ გულშემატკივართა გადაბირება. თავიანთი გუნდი მათ არასდროს მიუტოვებიათ, რადგან მას ერთ დიდ ოჯახად მიიჩნევენ.

„იუნიონის“ გულშემატკივართა ერთი ნაწილი დისიდენტურ სუბკულტურად ჩამოყალიბდა. ისინი სპორტული არენის ტრიბუნიდან ცდილობდნენ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დიქტატურასთან დაპირისპირებას. 1980-იან წლებში მხოლოდ არაპრივილეგირებული გუნდის სტადიონზე შეიძლებოდა გაგეგონათ სიტყვები, რომელთა ხმამაღლა წარმოთქმაც კი საფრთხეს უქმნიდა მოქალაქის თავისუფლებას. მხოლოდ იუნიონელები ახერხებდნენ, ათასში ერთხელ საჯარო სივრცეში ეყვირათ: „კედელი უნდა დაინგრეს“. ცხადია, ამგვარ ინციდენტებს ხანგრძლივი გამოძიება მოჰყვებოდა ხოლმე. უშიშროების აგენტები ყველგან ეძებდნენ გერმანიის გაერთიანების მომხრეთა კვალს, მაგრამ შეკავშირებულ ერთობაში ბზარის აღმოჩენა უჭირდათ.

„იუნიონ ბერლინის“ გულშემატკივართა ისტორია კიდევ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს გმირობას ინახავს.

მოგეხსენებათ, სოციალისტური ბანაკის რღვევა და გერმანიის გაერთიანება მარტივი მოვლენა არ ყოფილა. საერთო გერმანული სახელმწიფოს შექმნას მხოლოდ სიხარული არ მოჰყოლია. 1990-იან წლებში აღმოსავლეთგერმანელებს უამრავ რაიმეზე უარის თქმა მოუწიათ, კაპიტალისტურ სისტემაში აღარავის სჭირდებოდა მათი პროფესია, ძველი საწარმოები, აღარ მოქმედებდა მათი სოციალური და ჯანდაცვის სისტემები, დაიწყო სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია. მილიონობით ადამიანი სიღარიბეში ჩაცვივდა. ის კაბელების ქარხანაც დაიხურა, რომელიც ფეხბურთელებს ინახავდა. 40 წლის განმავლობაში „სოციალიზმის“ პირობებში მცხოვრებ აღმოსავლეთგერმანელებს ძალიან გაუჭირდათ ახალი წყობის მეთოდების ათვისება. შესაბამისად, „იუნიონი“ მძიმე ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა.

2004 წელს კლუბმა სავალდებულო საბანკო შენატანიც კი ვერ მოაგროვა, რომელიც ფეხბურთელებს რეგიონულ ლიგაში ასპარეზობის უფლებას მისცემდა. კიოპენიკელებს ვერ წარმოედგინათ შაბათ-კვირა საყვარელ სტადიონზე შეკრების გარეშე. მთელმა უბანმა უბედურად იგრძნო თავი, მაგრამ ყურები არ ჩამოუყრიათ. თუ გდრ-ში ვახერხებდით წინააღმდეგობის გაწევას, ახლაც შევძლებთ საყვარელი კლუბისთვის გაბრძოლებასო, ამბობდნენ ფანები. მათ მსოფლიოს სპორტის ისტორიაში უპრეცენდენტო კამპანია წამოიწყეს. ათასობით გულშემატკივარი სისხლის ჩაბარების აქციას შეუერთდა, მიღებული კომპენსაცია კი „იუნიონის“ ფონდში ჩარიცხა. კამპანიას მთელ გერმანიაში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიებები, გერმანული ფეხბურთის გრანდი – „ბაიერნიც“ კი ჩავიდა ბერლინში და ამხანაგური მატჩის მთელი შემოსავალი მასპინძლებს დაუტოვა. შედეგად დედაქალაქელებმა რეგიონულ ლიგაში გამოსვლისთვის აუცილებელი რეზერვი შეავსეს.

კიდევ ერთი საოცრება 2009 წელს მოხდა. წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა გდრ-ის დროს პროფკავშირებისა და საშუალო სიმძლავრის მქონე საწარმოს მიერ აშენებული პატარა სტადიონი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ექსპლუატაციის შემდეგ! პაიჭაძის სტადიონზე რომ ე.წ. „ქელეხის“ სკამები იყო შემორჩენილი, ზუსტად ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა AlteFörsterei (მოედანი მოხუცი მეტყევის ქოხთან). სტანდარტებისთვის შეუსაბამო სტადიონის გამო „იუნიონს“ კვლავ ლიგის მიღმა დარჩენა დაემუქრა. გულშემატკივრებმა ისევ დაიკაპიწეს სახელოები, ოღონდ ამჯერად სისხლი აღარ ჩაუბარებიათ – ფიზიკურად, ნიჩბით ხელში იმუშავეს სტადიონის მშენებლობაზე და მუშახელის თანხა დაუზოგეს საყვარელ კლუბს. ბუნებრივია, თავდაუზოგავი შრომის ამ მაგალითმაც მოხიბლა ბევრი გერმანელი და ადმინისტრაციას ინვესტორის მოძიება აღარ გასჭირვებია.

დღეს „იუნიონ ბერლინი“ სტანდარტულ კლუბად ჩამოყალიბების გზას ადგას. მართალია, გულშემატკივრები კვლავ შეუცვლელ როლს ასრულებენ კლუბის ცხოვრებაში, მაგრამ კომერციული ინტერესებიც უკვე ღრმად შეიჭრა სპორტული გაერთიანების ქსოვილში. მიუხედავად ამისა, „იუნიონელები“ კვლავ აოცებენ მთელ მსოფლიოს.

თუ ადამიანი დალაგებულია, რატომ უნდა მოუნდეს „იუნიონ ბერლინისა“ და „დარმშტადტის“ მატჩისთვის თვალის მიდევნება? მე მაინც მიჩნდება ხოლმე ასეთი უცნაური სურვილი. მოვკალათდი ტელევიზორთან, გოგრის მოხალული მარცვლები მოვიდგი გვერდით, მაგრამ გაოცებისგან ლუკმა ვერ გადავყლაპე.

„იუნიონ ბერლინის“ მენეჯერის ნენად ბელიჩას დისკვალიფიკაციის გამო გუნდი მოედანზე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა – ანე-ლუიზე ეტამ გამოიყვანა. ეტა გახდა პირველი ქალი მწვრთნელი, რომელიც „ბუნდესლიგაში“ კაცთა გუნდს გაუძღვა. ეტამ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაც დაწერა, როდესაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზეც იკისრა მამაკაცთა გუნდის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა.

ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის, ის სუბკულტურასაც წარმოქმნის, სამოქალაქო თავდადების მაგალითებსაც აჩვენებს და ხანდახან ქალთა ემანსიპაციის მცირე, მაგრამ უმნიშვნელოვანეს მოწოდებებსაც უზიარებს დანარჩენ სამყაროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“