რისი სწავლა შეგვიძლია ფსიქოპათებისგან პედაგოგებს?
კაუჭს, ყურადღების მისაპყრობად დაწერილ წინადადებას ჰგავს ეს დასაწყისიც და სტატიის სათაურიც.
მაგრამ გამოცემა, რომლისთვისაც ვწერ, აკადემიურია და სიყვითლეს ვერ იტანს. ამიტომ სასწრაფოდ გაცნობებთ, რომ ერთ საინტერესო წიგნს ვკითხულობ სწორედ ფსიქოპათებზე და იმდენი მნიშვნელოვანი რამ გავიგე, იმდენ საინტერესო და საგულისხმო კვლევას გვიზიარებს ავტორი, ბრიტანელი ფსიქოლოგი კევინ დატონი, რომ ამაზე აუცილებლად უნდა დავწერო.
კევინ დატონი ფსიქოპათიის დიაგნოზის მკვლევარია. ის ოქსფორდის უნივერსიტეტის ანთროპოგენეზის კვლევით ცენტრში მუშაობს. ფსიქოპათების შესწავლა, მისივე თქმით, იმიტომ დაიწყო, რომ მამამისი ფსიქოპათი იყო. მომხიბვლელი, ქარიზმატული, უშიშარი, სასტიკი, შეუბრალებელი.
„პიროვნული მაგნეტიზმი და შენიღბვის ხელოვნება ფსიქოპათის „სოციალური პაკეტის“ უცილობელი შემადგენელია. ფსიქოპათს აქვს ის თვისებები, რომლებიც შეუცვლელია როგორც ვიწრო სპეციალობების მიმართულებით, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში“.
მკვლევრის მიდგომა და არჩევანი დასაფასებელია – მან აირჩია, საკვლევ თემად ექცია ის, რაც სხვისთვის შესაძლოა ტრავმად და ტრაგედიად ქცეულიყო.
ეს პირველი საინტერესო გაკვეთილია ავტორისგან:
მეხსიერების წიაღში ტრავმული გამოცდილებების ძიება, დიდხანს ამაზე ფიქრი, იქ ჩარჩენა და მუდმივი წუხილი იმაზე, რომ მოხდა რაღაც გამოუსწორებელი, რასაც აღარაფერი ეშველება – არჩევანია.
ამასთან, დასაფიქრებელია: თუ ზრდასრული ადამიანი ახლა (აქ, აწმყოში) ადანაშაულებს რაღაცას/ვიღაცას, რაც/ვინც წარსულს ჩაბარდა და აწმყოში, ყოველდღიურობაში თავად არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ კეთილდღეობაზე, რამდენად ჯანსაღია პროცესი? ვინ არის პასუხისმგებელი ჩვენს ამჟამინდელ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, მის გაუმჯობესებაზე? რა უნდა გაკეთდეს და როგორ იმისთვის, რომ ტრავმული გამოცდილება დაიძლიოს? წარსულში გახანგრძლივებული არქეოლოგიური ძიებები ხშირად თავმოკრული ჭრილობის ჩიჩქნას ემსგავსება. შესახორცებლად გამზადებული იარის კვლავ სისხლმდინარე ჭრილობად ქცევა რამდენად არის გამოსავალი?
გაკვეთილი მეორე
წიგნში „ფსიქოპათების სიბრძნე“ კევინ დატონი აღნიშნავს, რომ ფსიქოპათია მხოლოდ ფსიქიკური პათოლოგია არ არის და სინამდვილეში ამ დიაგნოზს ისეთივე სპექტრი აქვს, როგორიც, მაგალითად, აუტიზმს. საერთო მახასიათებლად დატონი მიიჩნევს იმას, რომ ფსიქოპათს სინდისის ქენჯნა არასოდეს აწუხებს და ემოციური თანაგანცდის უნარი არ გააჩნია. სწორედ აქ იწყება საგულისხმო დეტალებში ჩაღრმავება. განსაკუთრებით დაინტერესდებიან სიტყვიერების მასწავლებლები:
წარმოთქმულ სიტყვას ფსიქოპათისთვის არ გააჩნია ემოციური სარჩული, ის ვერ გრძნობს, ვერ ითავისებს იმას, რასაც ცნება მოიაზრებს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ემპათია, თანაგანცდა, ადამიანური გრძნობები მისთვის უცხოა. რაც არ აქვს (აღსანიშნები), იმის აღმნიშვნელები (სიტყვები) ფსიქოპათისთვის უბრალო მარცვლებია.
მაგალითად, „მე შენ მიყვარხარ“ შეიძლება ისეთივე ემოციური მნიშვნელობისა იყოს, როგორისაც „ფინჯან ყავას დავლევდი“.
ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ხსნის მათ ცივსისხლიანობას, სიმშვიდეს, ურყევობას.
ამასთან, ფსიქოპათს შესანიშნავად შეუძლია სხვა ადამიანის არა მარტო ემოციური, არამედ ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღქმა და შეფასება და ამას ის სხეულის ენის წაკითხვით ახერხებს.
აქ ჩემთვის ერთი საინტერესო დასკვნა გამოიკვეთა და მინდა, გაგიზიაროთ: გამოდის, არსებობს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სიტყვების კონოტაციას ვერ აღიქვამს, მაგრამ სხეულის მოძრაობის თანამდევ ემოციურ ან ასოციაციურ ელფერს „კითხულობს“, ხედავს.
გამოდის, ჩვენს მოძრაობებსაც, სიტყვების მსგავსად, აქვს კონოტაცია!
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანის სხეულის ენა მძლავრი საკომუნიკაციო ინსტრუმენტია და გაუცნობიერებლად იმდენ სიგნალს შეიძლება გავცემდეთ, რომ წარმოდგენაც გაგვიჭირდება.
რამდენად ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას სასწავლო პროცესში?
კინესთეტიკური ინტელექტის განვითარება სასწავლო ამოცანებში დღეს ნამდვილად არ შედის, მაგრამ სამომავლოდ, დარწმუნებული ვარ, ეს მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება და მომავლის პედაგოგიკა ამაზე ბევრს იმუშავებს.
კინესთეტიკური ინტელექტის განვითარება გულისხმობს სხეულის კონტროლს, მოძრაობითი პატერნების დახვეწას, სივრცეში მოძრაობის, სხეულის ნავიგაციის უნარის გაუმჯობესებას.
სხეულებრივ-კინესთეტიკური ინტელექტის მქონე ადამიანებს სხეულის მართვის, მისი მოძრაობების გაკონტროლებისა და გაუმჯობესების კარგი უნარი აქვთ.
პრობლემის გადაჭრისას ისინი ეფექტურად იყენებენ სხეულს და ეს დიდებული გამოცდილებაა – საკუთარი სხეულის ფლობა, მაქსიმალურად გამოყენება, გაუმჯობესება და დახვეწა იმდენად, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილები სხეულმა იმ სიზუსტით გამოხატოს, რაც გვინდა და გვჭირდება.
რას „ვამბობთ“ სიარულისას
„მე ყველაზე ცივსისხლიანი ნაბიჭვარი ვარ მათგან, ვისაც ოდესმე შეხვედრიხართ. მსხვერპლის სათანადოდ შერჩევა შეუცდომლად შემიძლია. „კარგ“ მსხვერპლს მისი სიარულის მანერით ამოვიცნობ!“ – ეს სიტყვები ეკუთვნის ამერიკის შეერთებული შტატების კრიმინოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საზარელ სერიულ მკვლელს – ტედ ბანდის. 1970-იან წლებში მან 30-ზე მეტი ქალი მოკლა.
2009 წელს ფსიქოლოგმა ანჯელა ბუკმა და მისმა კოლეგებმა ბროკის უნივერსიტეტიდან გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ, რამდენად სწორად „კითხულობენ“ ფსიქოპათიური მიდრეკილებების მქონე ადამიანები სხეულის ენას. ამ კვლევის[1] ჩასატარებლად ანჯელა ბუკმა სპეციალური კითხვარები შეავსებინა მონაწილეებს. ისინი ფსიქოპათიის სპექტრის დიაგნოსტირებისთვის იყო განკუთვნილი. კითხვარი განსაკუთრებით საშიში კატეგორიის დამნაშავეთა საპატიმროში 47-მა მსჯავრდებულმა შეავსო. მეცნიერმა მიღებული შედეგები ორ ნაწილად გაყო – მაღალი და დაბალი მაჩვენებლების მიხედვით. მაღალი მაჩვენებლების მქონე პატიმრები მეტად ამჟღავნებდნენ ფსიქოპათებისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს. საცდელ პირებს აჩვენეს 12 სხვადასხვა პირის მოძრაობისა და სიარულის მანერის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. მათ უნდა ამოეცნოთ პოტენციური „მსხვერპლები“ – ვინ მიაჩნდათ ამ თორმეტიდან მოწყვლადად, სუსტად – და თავიანთი პასუხები დაესაბუთებინათ.
მაღალი მაჩვენებლების მქონე პირები ერთნაირად აფასებდნენ ადამიანთა მოწყვლადობას სიარულის მანერაზე დაკვირვებით. მათმა უმრავლესობამ ერთი და იგივე ადამიანები შეარჩია.
კვლევამ აჩვენა, რომ მოკლე-მოკლე ან მეტისმეტად გრძელი ნაბიჯებით მოსიარულეები, ისინი, ვინც სხეულის წონას არათანაბრად ანაწილებდნენ მოძრაობისას და ერთ რომელიმე მხარეს იყვნენ გადაქანებულები, მკვეთრად და არაკოორდინირებულად ამოძრავებდნენ სხეულის ნაწილებს, ტერფებს არაბუნებრივად დგამდნენ (შიგნით იბრუნებდნენ ან გარე-გარე აბიჯებდნენ), საცდელი პირების უმეტესობამ „მაღალი მაჩვენებლებით“ დაასახელა „პოტენციურ მსხვერპლად“.
მიშვებული, გაუწვრთნელი, გაუწაფავი სხეული თავის მოწყვლადობასა და სისუსტეს მოძრაობის ხარისხით ავლენს. სიარული ერთ-ერთი ყველაზე მყვირალა გზავნილია.
რას გვატყობინებენ მოზარდები მოძრაობით?
ბავშვები და მოზარდები ხშირად ამბობენ ერთს, გულისხმობენ მეორეს და იქცევიან ნათქვამისა თუ ნაგულისხმევისგან განსხვავებულად. მასწავლებლისთვის სადიაგნოსტიკო მაჩვენებელი ვერ იქნება მხოლოდ ნათქვამი.
მოზარდის ჟესტიკულაცია, მისი სხეულის პოზა, მოძრაობის პატერნები, მიმიკა, მდუმარება ის „სიმპტომებია“, რომლებიც სწორად უნდა შევაფასოთ. მოსწავლეების სხეულის ენა ბევრს ამბობს.
საშინაო წერითი დავალებების მიღმა საგულისხმო და მნიშვნელოვანი გზავნილები მოზარდთა მოძრაობებშიც უნდა ამოვიკითხოთ.
[1]Psychopathy and Victim Selection: The Use of Gait as a Cue to Vulnerability, Journal of Interpersonal Violence, Angela Book, PhD, Kimberly Costello, PhD, Joseph A. Camilleri, PhD.


