…ანუ ფიქრმა არ იცის სამანი
ბევრჯერ დავრწმუნებულვარ და დამიწერია, რომ მწერლის პიროვნება ცალკე რეალობაა და მისი შემოქმედება კიდევ ამისგან დამოუკიდებელი მოცემულობა. თუმცა გენიალური თანხვედრაც არსებობს – „უნისონი“ მწერლის ინდივიდუალიზმისა და მისი ნაღვაწისა.
ასეთი იყო ილია ჭავჭავაძე – იგი საუკეთესო მწერალიც იყო, უდიდესი მოღვაწეც, რაც მწერლის მისიაა ქართულ სინამდვილეში და პიროვნება-უნივერსუმიც. დადგა პერიოდიც საქართველოს ისტორიაში, როცა ეს ადამიანი უდრიდა, ქმნიდა, იცავდა, სრულყოფდა ჩვენს ერს, ეროვნულობას და ამიტომ „დაიმსახურა“ ჩვენგან „ტალახის სროლაც“, მტარვალი მემამულეაო („გლახის ნაამბობის“ ავტორზე დღესაც მომისმენია!!!) ან პოეზია არ უვარგაო; ტყვიაც შუბლში – მოწამებრივი აღსასრული. თუმცა წმინდანად, მოწამედ ჩვენ არ გვიქცევია – ილიას ღვაწლითაც წმინდანი იყო, სიცოცხლეშივე, როგორც თუნდაც გრიგოლ ხანძთელი. და შემთხვევითი არაა მათი ხასიათების ასეთი მსგავსება ბავშვობიდანვე, უფრო სწორად, მათ არც ჰქონიათ ბავშვობა, რადგან ნაღვლიან „უფროსებად“ დაიბადნენ.
ილიამ აღმოაჩინა ნიკოლოზ ბარათაშვილი, მისი ლექსების წაკითხვის შემდეგ მთელი ღამე არ ეძინაო, ისე განუცდია… ილიამ აღმოაჩინა და სრულად, მთელი „სიგრძე-სიგანით“ დაინახა ვაჟაში გენიოსი და თქვა, ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ კალმები და მას მივცეთ ასპარეზიო. იქნებ ილია რომ არ ყოფილიყო, ტატოც და ვაჟაც წაეღო ყოფიერების მღვრიე ნაკადს, ჩაეკარგა, როგორც ბევრი ჩუმი დიდებულება.
ილია ორმხრივ წმინდანია – ცხოვრებითაც და ტრაგიკული აღსასრულითაც.
ილიაობააა ჩვენი მძიმე ხვედრიც, გადარჩენაც, ამიტომ დროა, გ ა ნ ა ჩ ე ნ ა დ (საკუთარი თავისადმიც) აღარ ვაქციოთ ეს და ვისწავლოთ ჩვენი ასეთი დიდებული, მაღლადმხედი, მისიონერი მარტოკაცების სიყვარული!..
ადამიანს ცოდვიანი, ნაკლულოვანი ბუნება აქვს. ეს უკანასკნელი სულ „შავ-თეთრია“, სული ცოდვის „ღრმულებით“ დამსივნებულ-დაღარული. ამასთან კაცი ვერაფერს გააწყობს. მოინანიებს ცოდვას? მერე ან იმავეს გაიმეორებს, ან ახალს დაამატებს… და ცოდვაც არ იკლებს, მრავლობს და მრავლობს.
წუთისოფლიდან გასული ადამიანი მარადიულში, წესით და ყველაზე უკეთეს ვარიანტში, ღვთის წიაღს უბრუნდება. ეს ნიშნავს ამ კაცთა ნაკლულოვანი ბუნების ამოვსებას, მთელთან, უნივერსალურთან მიერთებას, განფენას, სულიერ-ფიზიკური წყლულების მოშუშება-რეაბილიტაციას, თუმცა, ჩემი აზრით, არა აღტაცებაში, არამედ სევდაში. ანუ იმქვეყნად ადამიანი მთლიანობაცაა და ავტონომიაც, თვითონაცაა და ტრანსცენდენტურის სისავსეშიც.
ამ წუთისოფელს რაღა ეშველებაო, არა?
აქ ადამიანი ქმნის ხელოვნებას. სწორედ ისაა „თავშესაფარი“ ძნელბედობისას: წიგნი, მუსიკა, არქიტექტურა, კინო, ნახატი – არა როგორც ნივთიერი, არამედ ქმნილებისმიერი განცდებით, ანუ ისევ და ისევ, ღმერთთან წილნაყარობითაა გადარჩენა.
მაგალითად, ზესთასოფლის, მიღმიერის სისავსის განსხეულებაა ბუნება ამსოფლად. იქ, ბუნებაში, ღვთაებრივის მსგავს წიაღში ისევ სავსედ ხარ, ვერ გრძნობ ცოდვის შვილობას, თუ სწორად შეიგრძნობ მას, ვაჟასავით („და მე კი ყველას მონა ვარ“). ბუნების სისავსეა ვაჟას ნაწარმოებებშიც, მისი გმირების ხასიათის „გაუბზარაობაში“. ეს გამონაგონი როდია, ნამდვილია (ისე არცაა დიდი ხელოვნება), შენ გჯერა, რომ ალუდასნაირი, მინდიასნაირი, ჯოყოლასნაირი უნდა იყო. ეს იქნება ადამიანის თუნდაც პლატონური იდეის ხორცშესხმა; ეს იქნება მაღალი ფასეულობების სამსახური – კაცთა ყველაზე დიდი მისია თუ დანიშნულება. შედიხარ დიდი შემოქმედის სამყაროში და „ღმერთს უკაკუნებ კარზე“, სტუმრობ, ეზიარები.
ამიტომ, ამ სისავსისთვის მიყვარს მე ყოფისგან ფიზიკურად „შეჭმული“ ვაჟა-ფშაველა განსაკუთრებულად. მისი სული სწორედ უნივერსალურთან ინიციაციის მარადი მატარებელ-მტვირთველი იყო იმ უმარილო ლობიოს ჭამისასაც კი; ხმელ ლოგინზე ზამთრის ყინვაში წოლისასაც კი; წუთისოფლის მიერ დავსებული, ცრემლიანი თვალით მიღმიერის მხილველი და ჩვენთვის გამზიარებელი.
ვაჟა სიყვარულის შემოქმედია. სამყაროა მისი ტაძარი. ისიც უცხო მგალობელივით უიდუმალეს და უღრმეს შრეებს გვაზიარებს, როგორც ველურ, უიშვიათესი ჯიშის თაფლს, მკითხველებს. ტკბილია ეს თაფლი, მისტიკურ-მითოლოგიური, არქაული, მარად განმეორებადი და მარად უცნობ-განუცდელი არომატით. მე ვიცი ეს „ვაჟას ტაძარი“, რომელშიც ყველაზე უკეთესი, უხინჯო წარმოდგენა შემექმნა სიკეთეზე, უნივერსუმზე, მარადიულზე.
„მივიღოთ და ვსჭამოთ“ – როგორც იტყვიან უფალთან საკრალური ზიარების ლიტურგიასთან მიახლებისას…ვიგემოთ ცხოვრებაც, რომელიც სიკვდილით „შვენობს“ და ტანჯვით მიეცემა აზრი, როგორც წუთისოფლის ყოფიერებას.
ყველაფერი კი „მდინარეა“, გადადინებაა, ინგა მილორავას თქმისა არ იყოს, „სიყვარულის ტრიალია“. ოღონდ ყველაფერი ღრმა და აზრიანი.
„ნუ დამასვენებ ნურასდროს, მამყოფე შეძრწუნებული“ – ეს უდიდესი სიბრძნეა. ძრწოლის გარეშე არ შეიგრძნობა ღმერთიც. ეს ჩვენი, ქართველების გზაა, ვაჟას გზაა, „ჩვეულებისაებ მამულისა სლვაა“. გაგვეხსენებინოს, გვცოდნოდეს, ეს ჭეშმარიტება, თვითგანადგურების ამაო ორომტრიალში მობზრიალეებს…
„ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ“, როგორც იტყოდა დიდი ილია, ჩვენგან განწირული ილია. ასე რომ, ქართველთა ზნეა, ილიასნაირის, შუბლზემირონცხებულის დაბადება რომ შეგვიძლია, მაგრამ შემდგომ მისი მსხვერპლად, ქრისტესავით ზვარაკად ქცევაც კაცთა, მათ შორის, ქართველთა წესია. ესაა ჩვენი სულის ოქსიმორონები, თვითგანადგურების ავი მექანიზმის საბედისწერო წიკწიკად რომ ჩაგვესმის თანადროულობაშიც.
ამასწინათ ერთი ფრენდი წერდა, რომ ქართველი ერი გინდ გადაშენდეს, მე პრობლემას ვერ ვხედავო. ჯერ პროტესტი მიჩნდება ასეთ „სასიკვდილო განაჩენებზე“ საკუთარი ერისადმი, რომელიც სუნთქავს, ქმნის ღირებულ, არავისზე ნაკლებ კულტურას (ამას ყველა ერში ერთეულები აკეთებენ და არა მასა!), მერე მინდა ხოლმე დავამშვიდო ესა თუ ის ადამიანი, რადგან მგონია, რომ გარკვეული სასოწარკვეთილებისაგან ფიქრობს ასე. თუმცა ამ წუთას მე მჭირდება ნუგეში, რადგან უამრავი იმედგაცრუება, ძველიც და ახალიც, თავზე ჩამომექცა, უშნოდ აკოკოლავებული ზვინივით.
მე არასდროს ვიტყვი, რომ ქართველი ხალხის გადაგვარება/გადაშენება ჩემთვის პრობლემა არაა, რადგან ქართველობა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მოტივაციაა, ღვთისგან ბოძებული, ამიტომ სულ ღმერთის იმედი მაქვს ამასთან მიმართებით, კაცისა აღარ. ახლა გეტყვით, რატომ აღარ მაქვს ადამიანების იმედი, რადგან დღეს ძალიან მძაფრად განვიცდი ამას…
ეროვნული სხეული სენმოდებულია თუნდაც ილიას დროიდან მოყოლებული. ამ წყლულებს, ზოგს ეშველა, ზოგიც უფრო გაღრმავდა. ზნეობა დავკარგეთ, შინაგანი: ქცევის, აზროვნების კულტურა და ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. იგრძნობა ქართველთა ურთიერთგაუტანლობაში, ურთიერთგაუცხოებაში, საზოგადო ცნობიერების ატროფიაში. უცხონი კი არა, ახლობელი, მეგობარი, ნათესავი არ ინდობს ნათესავს, მეგობარს, ახლობელს. შემაძრწუნებელია ეს სისასტიკე. ადამიანებმა დაკარგეს სულგრძელობა, პატიების უნარი და რანაირი ჰუმანურები ვართ მაშინ ჩვენ?! ადამიანებმა დაკარგეს სინანულის უნარი და აქედანაა ამოზრდილი ქრისტიანული მრწამსი!
გარდა ამისა, მავანთ არა მარტო ვინმეს კარგი არ ახარებთ, უარესიც: ცუდს უსურვებენ, რომ მერე ამით გამოიკვებონ, ჩემზე უარეს დღეშიც იქნებაო ვიღაცა. ეს ქმნის სიხარულის დეფიციტს, ბედნიერების დეფიციტს, თანაგანცდის, თანაგრძნობის, დაუყვედრებლად მხარში ამოდგომის დეფიციტს. საშინელი სულიერი სიღარიბეა ეს ყველაფერი. ამ ქვეყანაში ფულიანი და მდგომარეობიანი, რაც უნდა მორალურად წყალწაღებული იყოს, ყურადღების ცენტრშია. აქ ესაა შეფასების კრიტერიუმი, აზროვნებისთვის დინების მიმცემი, ურთიერთობების მოტივატორი. ადამიანის პიროვნული ღირსებები, ინტელექტი, ნიჭიერება ნიველირებულია. თუ მდგომარეობა ან ფული არ გაქვს, არავინ არ ხარ და ეს ცხოვრებისეული კონცეფცია ისეთ ადამიანებს უხრავს ტვინს, ვერასდროს რომ წარმოიდგენდა კაცი. ანუ ჩვენთან ტოტალური გადაფასებაა ღირებულებათა! ის, რაც ფსევდოა, აღზევებულია, ხოლო მართლა ფასეული – უკვე „ჩოთქზე დაყვანილი“, მომხმარებლური საზომით აწონ-დაწონილი, გაუფასურებული. „დახლზეა შემოდებული“ ქვეყანა და მხოლოდ იმას ედება ფასი, რაც ი ყ ი დ ე ბ ა. სხვათა შორის, „მოსიარულე დახლი“ დავინახე გუშინ რუსთაველზე, ათასი წვრილმანით დატვირთული, საკუთარი ერივით საშოვარზე გამოსული კაცი. იმ რუსთაველზე, მასზე გავლა არ მომიშალოსო, ჩვენი არაჩვეულებრივი პოეტი რომ ამბობდა და დღეს ტანჯვად მქცევია მე, პირადად. ხალხი დადის სახეებით: „ჩემთვის ყველაფერი სულერთია, შენი ჩათვლით“; „მე არაფერი აღარ მაკვირვებს“; ეს კატასტროფაა, ამის იქით აღარყოფნის უფსკრულია, რომელსაც წინასწარ „გლოვობენ“ ზოგიერთები ან, უარესს ვიტყვი, უნდათ, იგლოვონ და საკუთარი გულიც გაიგმირონ, სხვისიც.
ადამიანიც პასუხისმგებლობაა და მისი თავისუფლებაც, ყველაზე დიდი მადლი, საუკეთესო გამოვლინება კაცად ყოფნისა. ეს თავისუფლება თანამყოფობას გულისხმობს, ცხადია და ერთმანეთის ინტერესის გათვალისწინებას, ისე ადამიანი უფუნქციო, ასოციალურ, მოცხოველო არსებად იქცეოდა, პირუტყვისვე თავისუფლებით. მე, რომელსაც ყოველთვის მხიბლავდა და მაინტერესებდა დერვიშული ჭვრეტა სამყაროსი, დღეს ვაცხადებ: ადამიანი მოვალეობების გარეშე სრული ნონსენსია! ის მეორე ადამიანის სიყვარულისთვის შექმნა ღმერთმა. მარტო ჭამაც კი ცოდვად მიგვაჩნია ქართველებს. ხანდახან სიტყვა წყევლსავითაა, ხანაც სიტყვით შეიძლება კაცის გადარჩენა. ამ გაეგოცენტრიკებულ, გაუცხოებულ, გაამპარტავნებულ, გაპატივმოყვარებულ, გაგულგრილებულ, ერთმანეთის გამწირავ ადამიანებს, მხოლოდ და მხოლოდ, ის გადაარჩენთ, რომ გაიხსენონ:
ღმერთი სიკეთეა…
ადამიანმა სიკეთე რომ აკეთოს და დაემსგავსოს ღმერთს, ობიექტი სჭირდება!
ასე მრავლდება მადლი, ურომლისოდაც მარტო საქართველო კი არა, სამყარო დაიღუპება.
სიკეთე არ იკარგება, თუ მას თუნდაც უპიროვნოდ გაუშვებ კოსმოსში, ის უკან დაგიბრუნდებათ, ამიტომ ვინმეს უმადურობა არ დასწამოთ ან უკან არ გამოითხოვოთ.
სხვა აზრი არასდროს ჰქონია კაცთა წუთისოფელს – ერთმანეთით! ერთმანეთისკენ! ერთმანეთისთვის! ესაა ეროვნულობაც და ზოგადსაკაცობრიო პრინციპიც ერთა ერთიანობისა.
დაბოლოს, ამისთვისაა ადამიანი – მეორე ადამიანისთვის!