პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

ცვლილებები დროში – ვირტუალური მუზეუმი „ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილზე

0

საგან „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში დაწყებითი საფეხურის შედეგების მიღწევის/კომპეტენციების განვითარების საფუძველს, სხვა ცნებებთან ერთად, ქმნის ცნება „დრო“-ს გააზრება, რომლის საფუძველზეც მიიღება ის შედეგი, როდესაც მოსწავლე აცნობიერებს, რომ ცვლილება ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და რომ სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ადამიანების ყოფა თანამედროვეობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა [ჩვენი საქართველოს განახლებული სტანდარტი, შედეგი (1)].

მიზნის მისაღწევად მასწავლებელს მრავალფეროვანი რესურსი აქვს, მაგრამ გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ „ჩვენი საქართველოს“ სწავლებისას სამუზეუმო ექსპონატების როლზე „დროის“ ცნების გაცნობიერებაში და სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ადამიანების ყოფის განსხვავებულობის წარმოჩენაში.

რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადადგას მასწავლებელმა, როდესაც „დროსთან“ მიმართებით რესურსად იყენებს სამუზეუმო ექსპონატებს? გთავაზობთ ნიმუშს „ჩვენი საქართველოს“ სასწავლო კურსიდან თემა „აჭარის“ მაგალითზე:

  • კლასი: V
  • თემა: „აჭარა“ (პროექტი-გაკვეთილი)
  • რესურსები: სახელმძღვანელო „ჩვენი საქართველო“; ინტერნეტგვერდ https://ajaramuseums.ge/-ზე განთავსებული ვირტუალური ტურები აჭარის მუზეუმებიდან (ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; აჭარის ხელოვნების მუზეუმი; აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი; ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი; ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმი; მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმი; რელიგიის მუზეუმი) და იქ განთავსებული ვიდეომასალისა და სამუზეუმო კოლექციების დათვალიერება-გაცნობა მიზნის შესაბამისად.

https://ajaramuseums.ge/museums/brothers/brothers-virtual-tour

https://ajaramuseums.ge/museums/khariton/khariton-virtual-tour

https://ajaramuseums.ge/museums/chavchavadze/chavchavadze-virtual-tour

https://ajaramuseums.ge/museums/arch/arch-virtual-tour

https://ajaramuseums.ge/museums/religion/religion-virtual-tour

https://ajaramuseums.ge/museums/art/art-virtual-tour

ასევე – აჭარის ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“

I ეტაპი:

  • „გონებრივი იერიში“: „რა ვიცი საქართველოს რეგიონების შესახებ“
  • ახალი მასალის ახსნა/მიმოხილვა: მასწავლებელი იყენებს სახელმძღვანელოს ტექსტსა და ფოტომასალას და ინტერნეტრესურსებზე (აჭარაში არსებულ სამუზეუმო ექსპონატებზე) დაფუძნებულ პრეზენტაციას ან მუზეუმების ვირტუალურ ექსპოზიციას და მიმოიხილავს აჭარის ტრადიციულ ყოფასა და კულტურას, რისი მეშვეობითაც ხსნის, რომ:
  • აჭარა საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური კუთხეა და ის საუკუნეების განმავლობაში იცვლიდა სახეს;
  • მისი გეოგრაფიული მდებარეობა (შავიზღვისპირეთი, მთაგორიანი და მდიდარი ბუნება) ყოველთვის განსაზღვრავდა აქ მცხოვრები ხალხის ცხოვრების სტილს;
  • დღეს აჭარა ტურიზმისა და თანამედროვე ურბანული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრია.
  • მოსწავლეები მუშაობენ სახელმძღვანელოს ტექსტზე და ფოტომასალაზე და მიღებულ ინფორმაციას აკავშირებენ ერთმანეთთან.

II ეტაპი: აჭარის მუზეუმებში (https://ajaramuseums.ge/) ვირტუალური ტური მოსწავლეებისთვის და მუშაობის გაგარძელება ჯგუფებში ცნება „დრო“-ს გაცნობიერებისთვის.

  • ამ მიზნით მოსწავლეები გამოკვეთენ:
  • რომელმა ექსპონატებმა მიიქცია მათი ყურადღება თემასთან მიმართებით;
  • რა გავიგეთ აჭარის ჭარსულის შესახებ;
  • რა ენაზე საუბრობდნენ და წერდნენ აჭარაში; რა იყო მათი მშობლიური ენა;
  • აჭარის მკვიდრთა რომელ სამეურნეო ჩვევებსა და კულტურაზე მიგვითითებს მუზეუმის ექსპონატები;
  • როგორი ადათ-წესები და რიტუალები ჰქონდათ აჭარლებს წარსულში (გამოიყენე ცნებები: ეკლესია, ისლამური წეს-ჩვეულებები, სასულიერო ხასიათის დღესასწაულები);
  • დროსა და სივრცეში ორიენტირების უნარის გამტკიცებისთვის – მუშაობა ცხრილზე „მუზეუმის ექსპონატები აჭარის შესახებ“: „მუზეუმის ექსპონატებს დაარქვი სახელი და განათავსე ცხრილში ისტორიული ეპოქების შესაბამისად“.

 

ცხრილი „მუზეუმის ექსპონატები აჭარის შესახებ“

  • მუშაობა დავალებაზე: „ტრადიციული ყოფა და ცხოვრება აჭარაში სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში მუზეუმის ექსპონატების მიხედვით. მსგავსება და განსხვავება“. მოსწავლეები ცხრილში ასახავენ სახელმძღვანელოს ტექსტის დამუშავებით და დავალების შესრულებით მიღებულ შედეგებს.

III ეტაპი – ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმის „ბორჯღალოს“ (https://georgianmuseums.ge/museum-category/historical-local-museums-ka/) ექსპონატების ჩვენება მოსწავლეებისთვის. ეს ექსპოზიცია ფართოდ გამოიყენება საგანმანათლებლო პროგრამებისთვის, რადგან გამორჩეულია იმით, რომ აქ განთავსებულია მხარისთვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების მაკეტები, ხალხური რეწვისა და ხეზე კვეთის ნიმუშები, აგრარული მეურნეობისა და ყოფისთვის შესაბამისი ნივთები, ადამიანთა ფიგურები სხვადასხვა საქმიანობისას. შრომით პროცესებს ასახავს დარგების შესაბამისად ჩაცმული მანეკენები, სამუშაო გარემო და იარაღ-ინვენტარი. ექსპოზიცია ერთგვარად აცოცხლებს ძველი აჭარის ხიბლს. მუზეუმი საშუალებას აძლევს მოსწავლეს, თვალსაჩინოდ გაიაზროს ცნება „წარსული დრო“.

https://www.infobatumi.ge/places/etnografiuli-muzeumi-borjgalo/

  • მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები მუშაობენ მუზეუმის ფოტომასალაზე (იხ. ნიმუში აქვე), აღწერენ და ახასიათებენ ექსპონატებს (იხ. მითითებული ბმული) და პასუხობენ კითხვებზე:
  • წარსული ყოფის რომელ დეტალებს გამოყოფდი? გამოიყენე სიტყვები: მიწათმოქმედება, სოფლის მეურნეობა, მესაქონლეობა, ხელოსნობა, მრეწველობა, ნადირობა, მეთევზეობა, თუთუნის კულტივირება;
  • აჭარელი გლეხის რომელ საქმიანობას აცოცხლებს მოცემული სცენა?
  • რას ეფუძნებოდა აჭარელთა ყოფა სხვადასხვა ისტორიულპერიოდში?
  • როგორ უნდა ყოფილიყო ორგანიზებული სოფლის საცხოვრებელი სივრცე?
  • ადგილობრივი კულტურისთვის დამახასიათებელ კიდევ რომელ კომპონენტებს გამოყოფდი?
  • წარსულის შესახებ რა წარმოდგენას გიქმნით სოფლის ყოფის სცენები: ხის სახლები, სამეურნეო ინვენტარი, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ფიგურები?
  • რას გვიყვება ეს სურათი აჭარის ისტორიულ წარსულზე?
  • რით განსხვავდებოდა აჭარელთა წარსული ცხოვრება დღევანდელობისგან? რაზე იყო ის დაფუძნებული წინათ, რა შეიცვალა დღეს? (მაგალითად, წინათ აჭარაში ადამიანის ყოველდღიური საქმიანობა მთლიანად მიწათმოქმედებას, ხელსაქმესა და საზოგადოებრივ ერთობას ეფუძნებოდა)

და ა.შ.

  • ინფორმაციის შედარება უკვე ნასწავლ მასალასთან და ცხრილის „მუზეუმის ექსპონატები აჭარის შესახებ“ შევსება ახალი ინფორმაციით.

ფოტომასალა მუზეუმ „ბორჯღალოდან“:

IV ეტაპი – რეფლექსია / „თავისუფალი არჩევანის“ პრინციპით:

  • „ერთწუთიანი პასუხები“:
  • მუზეუმის ექსპონატებისა და სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ფოტომასალის საფუძველზე თანამედროვე აჭარის ეკონომიკისა და კულტურის რა დამახასიათებელ ნიშნებს გამოყოფდით?
  • რით განსხვავდება თანამედროვე ყოფა-ცხოვრება წარსულისგან? (მაგალითად, ბათუმი დღეს საერთაშორისო ტურიზმისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ცენტრია)
  • რატომ არის ისტორიული მეხსიერება, წარსული და ტრადიციები საქართველოს მხარეების იდენტობის მნიშვნელოვანი საფუძველი?

მუზეუმი არის ერთგვარი „დროში ცვლილებების მასწავლებელი“, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს წარსულსა და დღევანდელობას, წარმოაჩენს ქვეყნისა თუ მისი ცალკეული რეგიონების იდენტობას, ქმნის ამ იდენტობის გააზრების საფუძველს და, რაც მთავარია, ეხმარება მოსწავლეს წარსულის მიმართ ღირებულებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.

მედიაწიგნიერების ახალი გაკვეთილები

0

პრაქტიკული სცენარები და ეთიკური დილემები ხელოვნურ ინტელექტზე  სასაუბროდ

ცნობილი იტალიელი მწერალი იტალო კალვინო „კოსმოკომიკური ამბების“  ერთ-ერთ თავში „სამყაროს მეხსიერება – რეალობა და უფრო მეტად რეალობა“   წერს, რომ მშრალი ფაქტებისა და სინამდვილის შეგროვებას,  რეალობის  გაყალბება და გაუფასურება შეუძლია. როგორც ის ამბობს, ჩვენი ცნობიერების გარღვევა მხოლოდ გაურკვეველ, ბუნდოვან ამბებს ხელეწიფება და არა ცხად, მშრალ და დაზუსტებულ ინფორმაციას. ამიტომაც ინფორმაციას ყოველთვის  უნდა დაემატოს ის, რაც სუბიექტურია, საეჭვოა. მეტიც – უნდა დაემატოს ტყუილიც.

საეჭვო და გამოგონილი ამბების დეფიციტს დღეს ჩვენი საინფორმაციო ველი არ განიცდის. უკვე შესაძლებელია, ჩვენი თვალით ნანახი ვიდეო ან ფოტო   ყალბი  იყოს, ჩვენი  საყვარელი მწერლის ახალი ნაწარმოები-  ალგორითმის მიერ გენერირებული. ეს მომავლის ამბავი არ არის, ეს უკვე  რეალობაა. ამიტომაც ხელოვნური ინტელექტი ცვლის არა მხოლოდ სწავლების მეთოდებს, არამედ თავად სიმართლის ცნებას. მასწავლებლის როლი დღეს უფრო გადამწყვეტია, ვიდრე ოდესმე, რადგან თანამედროვე სამყაროს მოსწავლეები არამხოლოდ ცოდნით, არამედ „ციფრული იმუნიტეტითაც“ უნდა აღვჭურვოთ.

როგორ ვაქციოთ AI მოკავშირედ მედიაწიგნიერების გაკვეთილზე?

ხელოვნური ინტელექტი და მედიაწიგნიერება – ეს არის თანამედროვე განათლების ორი განუყოფელი ნაწილი. საკლასო ოთახში ამ თემების შეტანა ხშირად სირთულეებთან ასოცირდება, თუმცა,  სწორად შერჩეული ინტერაქციული მეთოდები და ეთიკური დილემების ანალიზი, პროცესს საინტერესოსა და შედეგიანს ხდის.

სტატიაში  განვიხილავთ სიტუაციურ ამოცანებსა და მაგალითებს, რომლებიც დაეხმარება მასწავლებელს,  მოსწავლეს განუვითაროს ტექნოლოგიების მიმართ მედიაწიგნიერი  და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება და საკლასო ოთახი აქციოს კრიტიკული აზროვნების ლაბორატორიად.

სადისკუსიო თემები  ეთიკური დილემებისთვის

პასუხისმგებლობის გადანაწილება

აღმოვაჩინეთ, რომ AI-მ დაუშვა შეცდომა. ვინ არის პასუხისმგებელი:  ვინც ალგორითმი შექმნა, მომხმარებელი, ვინც კითხვა დაუსვა  თუ თავად AI?

საკუთრების უფლება

თუ AI-მ ჩემი ნახატების საფუძველზე ახალი სურათი შექმნა, ის ჩემია, AI-ის თუ საერთოა? მიზანი: არგუმენტირებული მსჯელობისა და აქტიური მოსმენის უნარის განვითარება.

სიტუაციური ამოცანა- “ალგორითმული ბუშტი”

„გიორგის  ძალიან უყვარს ვიდეოთამაშები. AI-მ შეამჩნია ეს და მის სოციალურ ქსელში მხოლოდ ვიდეოთამაშებთან დაკავშირებული სიახლეები და რეკლამები ჩანს. გიორგის ჰგონია, რომ სამყაროში სხვა მნიშვნელოვანი არაფერი ხდება“.

დავალება მოსწავლეებისთვის:  შეადგინეთ 3-პუნქტიანი გეგმა, როგორ უნდა „გააფართოოს“ გიორგიმ  თვალსაწიერი და როგორ „აიძულოს“ ალგორითმი, სხვადასხვაგვარი ინფორმაცია მიაწოდოს მას.

დავალება მედიაანალიზისთვის – “ტექსტის დეტექტივი”

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ორ ტექსტს ერთსა და იმავე თემაზე (მაგ. „ვაჟა-ფშაველა და კოსმოპოლიტიზმი“)  ერთი დაწერილია მეცნიერის მიერ, მეორე — AI-ის მიერ (რომელსაც შესაძლოა მარაგში ჰქონდეს არაზუსტი, მცდარი ინფორმაცია ). დავალება მოსწავლეებისთვის: მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ SIFT მეთოდი და გააკეთონ დასკვნები:

Stop (გაჩერდი), Investigate the source (შეამოწმე წყარო), Find better coverage (მოძებნე სხვაგანაც), Trace back to context (მიჰყევი პირველწყარომდე).

ეთიკური დილემის სცენარი: “მეგობარი ბოტი”

დილემა: „თქვენს კლასელს ძალიან უჭირს თანაკლასელთან ურთიერთობა და გაურბის ახალ კავშირებს. ამიტომ  გადაწყვიტა, მხოლოდ ჩატბოტთან იმეგობროს, რომელიც ყოველთვის ეთანხმება და აქებს. ეს მას ბედნიერს ხდის, მაგრამ რეალურ ადამიანებთან ურთიერთობას საერთოდ წყვეტს.

კითხვა: არის თუ არა ეს პრობლემა? უნდა აგრძნობინოთ, რომ სახიფათოა მხოლოდ გამოგონილ სინამდვილეში ყოფნა?  სად გადის ზღვარი დამხმარე ტექნოლოგიასა და იზოლაციას შორის?

სიტუაციური ამოცანები- “ალგორითმების ტყვეობაში”

ამოცანა: მოსწავლეებს მივცეთ  სოციალური ქსელის “ექო-კამერის” მაგალითი. მარიამს  მხოლოდ ერთი ტიპის პოლიტიკური ნიუსები ხვდება მის Feed-ზე, რადგან AI ასე ურჩევს.

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს მარიამი, რომ ინფორმაციული ბუშტიდან გამოვიდეს და ობიექტური სურათი დაინახოს?

როლური თამაშები -“სარედაქციო დილემები”

როლები: ჟურნალისტი, რედაქტორი, AI-ინჟინერი და ეთიკის ექსპერტი.

რედაქციამ უნდა გადაწყვიტოს, გამოაქვეყნოს თუ არა სტატია, რომელიც მთლიანად ChatGPT-ის მიერაა დაწერილი. თითოეულმა მხარემ, თავისი პოზიციიდან ( ხარისხი, პასუხისმგებლობა, ეთიკა), უნდა დაიცვას არგუმენტი. არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების შეჯერებით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

ეთიკური დილემა- “მეგობარი ბოტი” (სადისკუსიო ბარათები)

მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ბარათებს, სადაც მოცემულია დილემის განვითარების სხვადასხვა გზა:

თქვენი მეგობარი AI-ს უყვება საიდუმლოს, რომელსაც თქვენც კი არ გეუბნებათ. ღელავთ თუ არა მისი  პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე?

AI-მ მეგობარს ურჩია, რომ ადამიანები არასაიმედოები არიან და სჯობს, დრო მარტო გაატაროს. როგორ მოიქცევით?

სიტუაციური ამოცანა: “პრომპტ-ინჟინერია”

კლასი იყოფა ორ ჯგუფად.  ერთმა ჯგუფმა უნდა დაწეროს მოკლე ესე თემაზე – „ჩემი თავისუფლება“ .

მეორე ჯგუფმა უნდა „აიძულოს“ AI, დაწეროს ესე იმავე თემაზე, ოღონდ ისე, რომ ტექსტში იგრძნობოდეს ცოცხალი ემოციები  და გამოყენებული იყოს მინიმუმ სამი მეტაფორა.

კლასი ადარებს ნამუშევრებს და აღმოაჩენს, სად ჩანს ადამიანის „სული“ და სად „ტექნიკური“ სრულყოფილება?

როლური თამაში  – სასამართლო პროცესი: „ვინ არის ავტორი?“

სკოლის ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა მოთხრობამ- „დროში მოგზაური“. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოსწავლემ ტექსტის შექმნის პროცესში გამოიყენა ChatGPT. ამ ფაქტმა ჟიურის წევრებს შორის  აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია:   ნაწილი მიიჩნევს, რომ პრიზი დაუმსახურებლად გადაეცა გამარჯვებულს, რადგან ნამუშევარი არ არის სრულად ავტორის ინდივიდუალური შემოქმედება; მეორე ნაწილი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს ახალი ეპოქის ინსტრუმენტს და მისი გამოყენება თავისთავად არ გამორიცხავს ავტორობას.

მოცემული აქტივობა წარმოადგენს როლურ სასამართლო პროცესს, რომლის მიზანია ავტორობის, შემოქმედებისა და აკადემიური ეთიკის საკითხების კრიტიკული გააზრება ციფრული ეპოქის კონტექსტში.

როლები და პოზიციები

მოსწავლე (ბრალდებული)

პოზიცია:

მოსწავლე ამტკიცებს, რომ იდეა, სიუჟეტის კონცეფცია და ტექსტის საბოლოო რედაქტირება ეკუთვნის მას.

არგუმენტი:

„მე მივაწოდე იდეა, დავწერე დეტალური ინსტრუქცია და გადავამუშავე AI-ის მიერ გენერირებული ტექსტი. ჩემთვის ხელოვნური ინტელექტი არის ინსტრუმენტი — ისევე როგორც მხატვრისთვის ფუნჯი ან მათემატიკოსისთვის კალკულატორი.“

ლიტერატურის მასწავლებელი (ბრალმდებელი)

პოზიცია:

კონკურსის არსი ეფუძნება ინდივიდუალურ შემოქმედებას, ავტორის ემოციურ გამოცდილებასა და უნიკალურ სტილს.

არგუმენტი:

„ხელოვნური ინტელექტი ქმნის ტექსტს უკვე არსებული ნიმუშების დამუშავებით. ამ შემთხვევაში, შედეგი წარმოადგენს ალგორითმულ კომპილაციას და არა ავთენტურ შემოქმედებას. შესაბამისად, ეს შეიძლება ჩაითვალოს პლაგიატის ფორმად.“

AI-ტექნოლოგიების ექსპერტი (მოწმე)

პოზიცია:

ხელოვნურ ინტელექტს არ გააჩნია ცნობიერება ან ავტორობის განცდა.

არგუმენტი:

„AI მუშაობს სტატისტიკური და ალბათობრივი მოდელების საფუძველზე — ის აწყობს სიტყვებს იმგვარად, როგორც ეს  სავარაუდოა მოცემულ კონტექსტში. თუმცა, ხარისხიანი შედეგის მისაღებად აუცილებელია ადამიანის მხრიდან გააზრებული და მიზანმიმართული ინსტრუქციები.“

ჟიურის თავმჯდომარე (მოსამართლე)

სვამს დამაზუსტებელ კითხვებს:

იყო თუ არა კონკურსის წესებში განსაზღვრული AI-ის გამოყენების პირობები?

რა იყო მოსწავლის რეალური შემოქმედებითი წვლილი?

შეიძლება თუ არა AI ჩაითვალოს მხოლოდ ტექნიკურ ინსტრუმენტად?

საბოლოოდ, თავმჯდომარე აყალიბებს ვერდიქტს, რომელიც ეფუძნება არგუმენტირებულ მსჯელობასა და ეთიკური სტანდარტების შეფასებას.

აქვე გთავაზობთ  მასწავლებლის შეფასების რუბრიკას, რომლის საშუალებით შეგიძლიათ შეაფასოთ როგორც ჯგუფური პრეზენტაცია, ისე ინდივიდუალური ნამუშევარი.

კრიტერიუმი მაღალი დონე (3 ქულა) საშუალო დონე (2 ქულა) დაბალი დონე (1 ქულა)
პრობლემის გააზრება ზუსტად განსაზღვრავს ეთიკურ დილემას და ხედავს ფარულ საფრთხეებს. ხედავს მხოლოდ ზედაპირულ პრობლემას. უჭირს იმის გაგება, თუ რატომ არის ეს სიტუაცია პრობლემური.
არგუმენტაცია მოჰყავს მინიმუმ 2-3 მყარი, ლოგიკური არგუმენტი ორივე მხარისთვის. მოჰყავს 1-2 არგუმენტი, თუმცა ისინი შეიძლება იყოს სუბიექტური. პოზიციას გამოხატავს მხოლოდ „მომწონს/არ მომწონს“ დონეზე.
მედიაწიგნიერება აანალიზებს AI-ის მუშაობის პრინციპს (ალგორითმი, მონაცემები, მიკერძოება). ახსენებს ტექნოლოგიას, მაგრამ ზედაპირულად. საერთოდ არ ითვალისწინებს ტექნოლოგიურ სპეციფიკას.
ეთიკური ხედვა ითვალისწინებს სხვების გრძნობებს, უფლებებსა და სამართლიანობას. საუბრობს მხოლოდ საკუთარი ან ერთი მხარის პოზიციიდან. არ ამჟღავნებს ემპათიას ან პასუხისმგებლობის გრძნობას.

ხელოვნური ინტელექტი არ არის საფრთხე მანამ, სანამ ჩვენი კრიტიკული აზროვნება მასზე უფრო სწრაფად ვითარდება. მასწავლებლის ამოცანა დღეს არა ტექნოლოგიებთან ბრძოლა, არამედ იმ უნარების გაძლიერებაა, რომლებიც AI-ს არ გააჩნია: ემპათია, კონტექსტის გაგება და მორალური პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია, მასწავლებელი ესაუბროს მოსწავლეებს, განიხილოს და აუხსნას მათ, რომ ხელოვნური ინტელექტი საჭირო ინსტრუმენტია და ასწავლოს მათ AI-ს  საჭიროებისამებრ, ეთიკურად  გამოყენების ხერხები და მეთოდები.

მედიაწიგნიერების ახალი გაკვეთილები  სწორედ ამას ემსახურება — ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს, იყვნენ არამხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებლები, არამედ მათი გონიერი და ეთიკური მმართველები.

გამოყენებული ლიტერატურა :

UNESCO MIL Curriculum for Educators

AI Literacy Lessons for Every Grade

AI Ethics Education Curriculum

Civic Online Reasoning – Stanford

Reuters Institute for the Study of Journalism

Check, Please! Starter Course

Milli.ge – მედიაწიგნიერება

Mediachecker.ge

იტალონო კალვინო „კოსმოკომიკური ამბები“, სულაკაურის გამოცემლობა, 2022

დიფერენცირებული სწავლების შესახებ, უცხოური ენის გაკვეთილზე

0

თანამედროვე სასკოლო სივრცეში რუსული ენის მასწავლებელი ხშირად დგება რთული გამოწვევის წინაშე: ერთ კლასში იყრიან თავს მოსწავლეები, რომელთაც რადიკალურად განსხვავებული წინარე ცოდნა, ენობრივი გარემო და სწავლის ტემპი აქვთ. ზოგისთვის რუსული ენა ნაცნობი და კომფორტულია, სხვებისთვის კი ის სრულიად ახალი, რთული გრაფიკისა და ფონეტიკის მქონე სამყაროა. ასეთ ჰეტეროგენულ გარემოში ტრადიციული, „უნიფიცირებული“ მიდგომა, რომელიც საშუალო სტატისტიკურ მოსწავლეზეა გათვლილი, ხშირად არაეფექტურია — ის ძლიერ მოსწავლეებს ინტერესს აკარგვინებს, ხოლო ისინი, ვისაც მეტი მხარდაჭერა სჭირდება, სრულად დემოტივირებულნი ხდებიან.

არსებული გამოწვევის საპასუხოდ, თანამედროვე საგანმანათლებლო პარადიგმა ეყრდნობა დიფერენცირებულ სწავლებას, რომელიც განიხილება არა როგორც დამატებითი მეთოდი, არამედ როგორც ეფექტიანი სწავლების ფუნდამენტური წინაპირობა. დიფერენცირების არსი ის გახლავთ, რომ სასწავლო პროცესი მოერგოს მოსწავლეს და არა პირიქით. ეს არის სტრატეგიული მიდგომა, რომელიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს, აღიაროს მოსწავლეთა ინდივიდუალურობა და შექმნას ისეთი გარემო, სადაც წარმატების შანსი ეძლევა ყველას. მნიშვნელოვანია, გარკვევით ითქვას: დიფერენცირება არ ნიშნავს თითოეული მოსწავლისთვის 30 სხვადასხვა ინდივიდუალური გაკვეთილის ჩატარებას. ეს არის მოქნილი და სისტემური სტრატეგია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ერთი და იმავე სასწავლო მიზნამდე მოსწავლეები, მზაობის, ინტერესებისა და სწავლის სტილის გათვალისწინებით, სხვადასხვა გზით მივიყვანოთ.

უცხოური ენის სწავლების კონტექსტში დიფერენცირება გადამწყვეტია ე.წ. „აფექტური ფილტრის“ შესამცირებლად. როდესაც სასწავლო პროცესი და დავალებები მოსწავლის ძლიერ მხარეებზეა მორგებული, ფსიქოლოგიური დაძაბულობა და შეცდომის დაშვების შიში იკლებს. შედეგად, ენობრივი ბარიერი მარტივად დაიძლევა, მოსწავლე უფრო თამამად ერთვება კომუნიკაციაში და სწავლის პროცესი ხდება არა იძულებითი რუტინა, არამედ პროდუქტიული და შემოქმედებითი გამოცდილება. დიფერენცირება მასწავლებელს აძლევს საშუალებას, მართოს კლასის მრავალფეროვნება ისე, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩეს „უხილავი“ და ყველამ იპოვოს თავისი გზა ენის ასათვისებლად.

მაგალითისთვის, განვიხილოთ, როგორ შეიძლება თემა „მოგზაურობა“ (Путешествие) ვაქციოთ დიფერენცირებულ სასწავლო გამოცდილებად სწავლის სტილის გათვალისწინებით:

 

  1. შინაარსისა და პროცესის დიფერენცირება: VARK მოდელი
  • ვიზუალური სწავლის სტილის მოსწავლეებისთვის ინფორმაცია ვიზუალურ მასალასთან, რუკებთან და სიმბოლოებთან ასოცირდება.

აქტივობა: „მარშრუტის ვიზუალიზაცია“. მოსწავლეები ქმნიან გრაფიკულ რუკას, სადაც ტრანსპორტის სახეობებსა და დანიშნულების ადგილებს სიმბოლოებით აღნიშნავენ და რუსულად აწერენ შესაბამის ლექსიკას (аэропорт, вокзал, гостиница).

რეკომენდაცია მასწავლებელს: ნუ მოსთხოვთ ამ მოსწავლეებს ახალი ლექსიკის მხოლოდ ტექსტიდან დაზეპირებას. გამოიყენეთ ფერები (მაგალითად, ტრანსპორტის აღმნიშვნელი სიტყვები ერთ ფერში, ზმნები – მეორეში) და ხშირად დაეყრდენით ილუსტრირებულ ლექსიკონებს, ასევე, რეკომენდებულია, ბარათების ან ინფოგრაფიკების გამოყენება, რათა სიტყვა ასოცირდეს ვიზუალურ ხატთან.

  • აუდიალური სწავლის სტილის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია ხმოვანი სიგნალები და კომუნიკაცია.

აქტივობა: „მოუსმინე და ამოიცანი“. მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს სხვადასხვა ხმოვან შეტყობინებას (მაგ. განცხადება სადგურზე). მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ ტრანსპორტის სახეობა ან გამგზავრების დრო რუსულ ენაზე.

რეკომენდაცია მასწავლებელს: სანამ მოსწავლეები ტექსტის წაკითხვას ან წერით დავალებას შეასრულებენ, აუცილებლად მიეცით საშუალება, ახალი ფრაზები ჯერ მოისმინონ და შემდეგ ხმამაღლა გაიმეორონ. დიალოგების მოსმენა მათთვის ბუნებრივი ენობრივი გარემოს შექმნისა და სწორი ინტონაციის ათვისების საუკეთესო გზაა.

  • კითხვა/წერაზე ორიენტირებული სწავლის სტილის მოსწავლეები საუკეთესოდ სწავლობენ ტექსტებით, წერითი დავალებებით.

აქტივობა: „ტურისტული გზამკვლევის შედგენა“. მოსწავლეები კითხულობენ მოკლე ტექსტებს სხვადასხვა ქალაქზე და ადგენენ „აუცილებლად სანახავი ადგილების“ სიას რუსულად.

რეკომენდაცია მასწავლებელს: მიაწოდეთ მოსწავლეებს მკაფიოდ სტრუქტურირებული ტექსტები და გრამატიკული ცხრილები. მათთვის მნიშვნელოვანია წესებისა და სტრუქტურების დანახვა, ამიტომ წაახალისეთ, აწარმოონ საკუთარი მინი-ლექსიკონები და წერილობითი ჩანაწერები, რაც მათ მასალის სისტემატიზებაში დაეხმარება.

  • კინესთეტური სწავლის სტილის მოსწავლეები საჭიროებენ მოქმედებასა და პრაქტიკულ დავალებებს.

აქტივობა: „ცოცხალი რუკა“. კლასში იქმნება იმიტირებული საზღვარი ან აეროპორტი. მოსწავლეები ფიზიკურად გადაადგილდებიან და ასრულებენ მოქმედებებს შესაბამისი ფრაზების თანხლებით („Я лечу на самолёте“, „Я прохожу контроль“). ეს აქტივობა ნასწავლი ლექსიკისა და გრამატიკული კონსტრუქციების გააქტიურების კარგ საშუალებას იძლევა.

რეკომენდაცია მასწავლებელს: გამოიყენეთ რეალური ნივთები (მაგ., ბილეთი, სათამაშო თვითმფრინავი, ჩემოდანი) და მიეცით უფლება, ახალი ლექსიკა ჟესტებით ახსნან. სხეულის მეხსიერება მათ დაეხმარება, რთული გრამატიკა გაცილებით მარტივად აითვისონ. ასევე, რეკომენდებულია, მიაწოდოთ გრამატიკული კონსტრუქციები.

  1. პროდუქტის დიფერენცირება: შემოქმედებითი ტიპის დავალება

სასწავლო თემის კულმინაციაა შემოქმედებითი ტიპის დავალება. ქვემოთ მოცემულია დავალება, რომელიც მასწავლებელს დაეხმარება, მოსწავლეებს მისცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

შემოქმედებითი ტიპის დავალება თემაზე „მოგზაურობა“

დავალების მიზანია, მოსწავლემ მოახდინოს ნასწავლი ლექსიკური ერთეულებისა (ტრანსპორტი, ადგილმდებარეობა) და გრამატიკული კონსტრუქციების (ზმნები, მიმართულებები) რეალიზება მისთვის კომფორტული ფორმატით.

  1. ინფოგრაფიკა ან პოსტერი

ვიზუალი მოსწავლეებისთვის ინფორმაციის აღქმა ხდება სურათებითა და სიმბოლოებით. მათთვის შემოქმედებითი პროდუქტი უნდა იყოს თვალსაჩინოების (პოსტერის/ინფოგრაფიკის) შექმნა.

დავალების პირობა: მოსწავლემ უნდა შექმნას თავისი მოგზაურობის ვიზუალური რუკა. მან უნდა გამოიყენოს ფოტოები ან ნახატები, რომლებსაც დაურთავს მოკლე წარწერებს რუსულ ენაზე და წარადგენს კლასის წინაშე.

ინსტრუქცია: «Создай постер „Моё путешествие“. Используй фото и краткие подписи: куда ты едешь, на чём (самолёт, поезд) и что ты там увидишь».

შედეგი: მოსწავლე პრეზენტაციისას იყენებს თავის პოსტერს, როგორც საყრდენს, და წარადგენს მას, იყენებს გრამატიკულ კონსტრუქციებს: „Я еду в ——. Я лечу на ——.» და სხვ.

რეკომენდაცია მასწავლებელს: დავალების გასამარტივებლად, წინასწარ მოამზადეთ ცარიელი შაბლონები (მაგ., რუკის ან ბილეთის კონტურები), ძველი ჟურნალებიდან ამოჭრილი ტრანსპორტისა და ღირსშესანიშნაობების სურათები ან შესთავაზეთ ციფრული რესურსების ბმულები (მაგ., Canva). ასევე, სასარგებლოა, მოსწავლეებს მიაწოდოთ „სიტყვების ბანკი“ ან ილუსტრირებული ლექსიკონის ასლები, საიდანაც ისინი ვიზუალებისთვის საჭირო წარწერებს მარტივად ამოიწერენ.

  1. აუდიო-რეპორტაჟი ან პოდკასტი

აუდიალი მოსწავლეები საუკეთესოდ სწავლობენ მეტყველებითა და მოსმენით. მათ ვთავაზობთ შემოქმედებით პროდუქტს – „ხმოვანი ჩანაწერი“ (რეპორტაჟი).

დავალების პირობა: მოსწავლემ უნდა ჩაწეროს მოკლე ხმოვანი შეტყობინება ან რეპორტაჟი, სადაც ის ჰყვება, რომ უკვე აეროპორტშია და ემზადება გასამგზავრებლად.

ინსტრუქცია: «Запиши голосовое сообщение „Я в аэропорту“. Расскажи о своих планах. Куда ты летишь? Какое у тебя настроение? Что хочешь посмотреть?»

შედეგი: აქცენტი კეთდება წარმოთქმაზე, მახვილებსა და ინტონაციაზე. მოსწავლე იყენებს ფრაზებს: „Привет! Я сейчас в аэропорту. Мой рейс в 10 часов. Я очень рад!“ და ა.შ.

რეკომენდაცია მასწავლებელს: წინასწარ მოამზადეთ მსგავსი რეპორტაჟების მოკლე აუდიონიმუშები. ასევე, მოამზადეთ „საკვანძო ფრაზების ბარათები“ სწორი მახვილებით. დავალების გასახალისებლად და სიტუაციის რეალისტურობისთვის, შეგიძლიათ შესთავაზოთ აეროპორტის ან რკინიგზის სადგურის ფონური ხმების აუდიოფაილები.

  1. ტურისტული ბლოგ-პოსტი

მოსწავლეები, რომლებიც ამ ტიპის დავალებას ირჩევენ, კომფორტულად გრძნობენ თავს ტექსტებზე და სტრუქტურირებულ წერით დავალებებზე მუშაობისას. მათ უნდა შექმნან ბლოგ-პოსტი ან წერილი მეგობარს.

დავალების პირობა: მოსწავლემ უნდა დაწეროს მცირე ტექსტი სოციალური ქსელისთვის ან მოგზაურთა ფორუმისთვის, სადაც ურჩევს სხვებს, რატომ უნდა ეწვიონ კონკრეტულ ქალაქს.

ინსტრუქცია: «Напиши пост для блога „Почему стоит посетить мой любимый город“. Расскажи, на чём туда можно доехать и что интересного там можно посмотреть».

შედეგი: ფასდება ტექსტის ლოგიკური წყობა, გრამატიკული სიზუსტე და კავშირების გამოყენება. მაგალითად: „Я советую поехать в Рим, потому что это древний город. Там можно гулять и смотреть музеи“.

რეკომენდაცია მასწავლებელს: წერის პროცესის სტრუქტურირებისთვის, წინასწარ მოამზადეთ ბლოგ-პოსტის სტრუქტურის ნიმუში (ე.წ. „ჩონჩხი“ გამოტოვებული ადგილებით). წერილის არჩევის შემთხვევაში, სასურველია, შეახსენოთ წერილის სტრუქტურა და განიხილოთ ნიმუშები. მიაწოდეთ მოსწავლეებს მცირე გრამატიკული ცხრილი ან ცნობარი, სადაც ერთად იქნება თავმოყრილი საჭირო კავშირები (потому что, поэтому, чтобы) და ზედსართავი სახელები (красивый, интересный, древний), რაც მათ აზრის ლოგიკურად დამაკავშირებელ ხიდებად გამოადგებათ.

  1. სიმულაცია ან როლური თამაში

კინესთეტიკი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია მოძრაობა და ნივთებთან მანიპულირება. მათი შემოქმედებითი პროდუქტია როლური თამაში (სცენარი).

დავალების პირობა: მოსწავლემ მეწყვილესთან ერთად უნდა გაითამაშოს სცენა „ბილეთების სალაროში“ ან „სასტუმროს რეცეფციაში“.

ინსტრუქცია: «Подготовь диалог „В кассе“ или „В отеле“. Используй предметы (билеты, паспорт), чтобы показать, как ты планируешь поездку».

შედეგი: მოსწავლე იყენებს სხეულის ენას, ჟესტიკულაციას და რეალურ ნივთებს. ფასდება კომუნიკაციური და დიალოგის წარმართვის უნარი.

რეკომენდაცია მასწავლებელს: წინასწარ მოამზადეთ — სათამაშო ბილეთები, პასპორტები, ბროშურები და სუვენირები, რაც მოსწავლეებს სიტუაციის გათავისებაში დაეხმარება. გარდა ამისა, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა შესთავაზოს მოსწავლეს ბარათებზე დაწერილი ფრაზები და კონსტრუქციები (მაგ., „— Здравствуйте! Мне нужен один билет до Берлина. — Пожалуйста. Поезд отправляется вечером“). ასეთი ტიპის ვიზუალური და საგნობრივი საყრდენები კინესთეტიკებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ენობრივი მიზნის მისაღწევად.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დიფერენცირებული მიდგომით საკლასო აქტივობებისა და შემოქმედებითი ტიპის დავალებების შექმნა მასწავლებლისგან პროფესიულ ძალისხმევასა და საფუძვლიან მომზადებას მოითხოვს. შესაბამისი დამხმარე რესურსების — შაბლონების, აუდიომასალის, ლექსიკური საყრდენებისა თუ თვალსაჩინოებების — სათანადოდ შერჩევა და წინასწარ ორგანიზება გადამწყვეტია სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის.

თუმცა, მასწავლებლის ეს შრომა სრულად ანაზღაურდება იმ შედეგით, რომელსაც კლასში ვიღებთ: ჩვენ ვქმნით ინკლუზიურ, სტრესისგან თავისუფალ სასწავლო გარემოს, სადაც მცირდება ენობრივი ბარიერი და იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა. მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებისას რუსული ენის შესწავლა ხდება არა მშრალი წესების, ლექსიკისა და ტექსტების დაზეპირებით, არამედ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენითა და თვითგამოხატვით. სწორედ ეს მიდგომა გვაძლევს საშუალებას, თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური სწავლის სტილი და ძლიერი მხარე ვაქციოთ სწავლის მთავარ მოტივატორად, რათა მან თავდაჯერებულად შეძლოს ნასწავლი ენის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ხუნძაყიშვილი მ., ბივერი ს. (2018). განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
  2. Fleming, N. D. (2001). Teaching and Learning Styles: VARK Strategies.
  3. Щукин, А. Н. (2003). Методика преподавания русского языка как иностранного. Высшая школа.

 

 

 

STEM მიმართულება კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე MIT App Inventor-ის გამოყენება

0

თანამედროვე განათლებაში ტექნოლოგიების როლი სულ უფრო იზრდება და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობას. განსაკუთრებით აქტუალური ხდება ისეთი ციფრული პლატფორმების დანერგვა, რომლებიც პროგრამირების სწავლას ამარტივებს, ხდის მას ვიზუალურად გასაგებსა და ინტერაქციულს, ხოლო მოსწავლეებს აძლევს პრაქტიკულ გამოცდილებას. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობის ზრდას, მოტივაციის გაძლიერებასა და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებას.

MIT App Inventor წარმოადგენს ინოვაციურ და მარტივად გამოსაყენებელ პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ვიზუალური პროგრამირების საშუალებით შექმნან მობილური აპლიკაციები. აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) მიმართულებით სწავლების განვითარებას და კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე შემოქმედებითი, ლოგიკური და პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას.

MIT App Inventor-ის თავდაპირველი ვერსია შეიქმნა Google-ში 2009 წელს, ხოლო მოგვიანებით, 2011 წლიდან განვითარება გადაიბარა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT). მისი მიზანი იყო და არის, პროგრამირების სწავლება ყველასთვის შესაძლებელი გახდეს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიურ სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმას ცდილობენ. MIT App Inventorის დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის აპლიკაციის შექმნა: საგანმანათლებლო თამაშებიდან დაწყებული, სენსორებზე დაფუძნებული აპლიკაციებით დამთავრებული.

საგანმანათლებლო კონტექსტში MIT App Inventor-ის გამოყენება ქმნის შესაძლებლობას, პროგრამირების სწავლება გახდეს პრაქტიკაზე დაფუძნებული, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული და მოტივაციის გამაძლიერებელი. მასწავლებლებს შეუძლიათ მისი ინტეგრირება სხვადასხვა საგანში, განსაკუთრებით STEM მიმართულებებში, რაც ხელს უწყობს მათემატიკის, ფიზიკის, ბუნებისმეტყველებისა და ინჟინერიის ელემენტების ერთმანეთთან კავშირში სწავლებას. ამასთანავე, პლატფორმა ავითარებს პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ აზროვნებას, გუნდურ მუშაობასა და ინოვაციური იდეების რეალიზაციის უნარს.

ქვემოთ განხილულია MIT App Inventor-ის გამოყენების შესაძლებლობები კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე, მისი გავლენა ლოგიკური აზროვნების, კრეატიულობისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებაზე, აგრეთვე ის უპირატესობები, რომლებიც მას დამწყები პროგრამისტებისთვის აქვს.

პროექტების იდეები STEM მიმართულებით

დაწყებით საფეხურზე რეკომენდებულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და რეალურ პრობლემებზე მუშაობის გამოცდილება მიიღონ. MIT App Inventor-ის გამოყენებით შესაძლებელია შემდეგი ტიპის პროექტების შექმნა:

  1. კალკულატორი
  • უშაობის პრინციპი: აპლიკაცია იღებს ორ რიცხვს მომხმარებლისგან და ასრულებს მათზე არითმეტიკულ მოქმედებებს (მიმატება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა);
  • STEM კომპონენტი: მათემატიკა (რიცხვებზე მოქმედებები), კომპიუტერული ტექნოლოგიები (ალგორითმები, ლოგიკა);
  • საგანმანათლებლო მიზანი: რიცხვითი გამოთვლების გააზრება და პროგრამული აზროვნების განვითარება.
  1. კონვერტორი (ერთეულების გადაყვანა)
  • მუშაობის პრინციპი: ამ აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს სხვადასხვა ფიზიკური ერთეულის (მაგალითად, სიგრძე, მასა, ტემპერატურა) სხვა ერთეულებში გადაყვანას;
  • STEM კომპონენტი: ბუნებისმეტყველება, ფიზიკა (ერთეულები), მათემატიკა;
  • საგანმანათლებლო მიზანი: საზომ ერთეულებზე ცოდნის განმტკიცება და მათი პრაქტიკული გამოყენება.
  1. ქვიზი STEM თემატიკაზე
  • მუშაობის პრინციპი: აპლიკაცია სვამს კითხვებს და ამოწმებს მომხმარებლის პასუხების სისწორეს;
  • STEM კომპონენტი: პროგრამირება, ალგორითმული აზროვნება;
  • საგანმანათლებლო მიზანი: თვითშეფასების, ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება

MIT App Inventor-ში აპლიკაციის შექმნა

MIT App Inventor-ის ძირითადი მახასიათებლებია:

  • ბლოკების ენა — პროგრამირების ნაცვლად, მოსწავლე იყენებს ფერად ბლოკებს, რომლებითაც ქმნის ლოგიკას, მოქმედებებსა და ფუნქციონალს;
  • Design & Blocks რეჟიმი — პლატფორმა იყოფა ორ ნაწილად: Design (ვიზუალური დიზაინი) და Blocks (ლოგიკა და პროგრამული ნაწილები);
  • Live Testing — სპეციალური Companion აპის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარ ტელეფონზე პირდაპირ ნახონ, როგორ მუშაობს მათი აპლიკაცია, პროგრამირების პარალელურად;
  • მრავალფეროვანი კომპონენტები — პლატფორმა გვთავაზობს მრავალი ფუნქციური კომპონენტის დამატებას: ღილაკები, ტექსტი, სურათები, ხმები, სენსორები, მონაცემთა ბაზები, ლოკაცია და სხვა.

კალკულატორის აპლიკაციის შექმნა (ეტაპობრივი ინსტრუქცია)

  1. პროექტის შექმნა

·         ეწვიეთ ვებგვერდს MIT App Inventor – MIT App Inventor და დააჭირეთ ღილაკს Create Apps;

  • შეიყვანეთ Google ანგარიშის მონაცემები და შექმენით ახალი პროექტი;
  • დააჭირეთ New Project და მიანიჭეთ სახელი (მაგალითად, CalculatorApp).

2. ინტერფეისის შექმნა (Designer Mode) და მოწყობა

User Interface ნაწილში საჭიროა შემდეგი კომპონენტები:

  • TextBox (2 ცალი) – რიცხვების შესატანად;
  • Buttons (4 ცალი) – არითმეტიკული ოპერაციებისთვის (+, -, ×, ÷);
  • Label (1 ცალი) – შედეგის საჩვენებლად.

ღილაკების სწორად განლაგებისთვის გამოიყენეთ Layout → HorizontalArrangement.

  1. კომპონენტების სახელის შეცვლა (Properties პანელიდან):


Properties პანელის მეშვეობით შეუცვალეთ სახელები კომპონენტებს ისე, რომ ისინი ნათლად ასახავდეს მათ დანიშნულებას (მაგალითად: TextBox1 → Input1, ButtonAdd, LabelResult და სხვ.).

 

4. ლოგიკის შექმნა (Blocks Mode)

Blocks ჩანართში დაამატეთ პროგრამული ლოგიკა თითოეული არითმეტიკული ოპერაციისთვის. პირველ ეტაპზე რეკომენდებულია მიმატების ალგორითმის აწყობა, შემდეგ კი ანალოგიური პრინციპით დანარჩენი ოპერაციების რეალიზება.

5. ტესტირება და გამართვა

  1. მობილურ ტელეფონზე ჩამოტვირთეთ MIT AI2 Companion აპლიკაცია;
  2.  გახსენით მობილურის აპლიკაცია – სკანირების საშუალებით დააკავშირეთ პროექტი კომპიუტერთან და შეამოწმეთ მისი მუშაობა რეალურ გარემოში AI Companion -დან.

6. დამატებითი ფუნქციები

პროექტის გასაუმჯობესებლად მოსწავლეებს შეიძლება დაევალოთ შემდეგი ელემენტების დამატება:

  • Clear ღილაკი – შეყვანის ველების გასასუფთავებლად;
  • ვიზუალური დიზაინის გაუმჯობესება – ფერების, ტექსტის ზომისა და განლაგების ცვლილება;
  • შეტყობინებების დამატება შეცდომის შემთხვევაში (მაგალითად, ნულზე გაყოფისას).

სწავლების მეთოდიკური მიდგომები

  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება (PBL): მოსწავლეები მუშაობენ რეალურ პრობლემებზე და ქმნიან ციფრულ პროდუქტებს;
  • თანამშრომლობითი სწავლება: მცირე ჯგუფებში მუშაობა ავითარებს კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს;
  • დიფერენცირებული სწავლება: დავალებების სირთულის სხვადასხვა დონე უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის აქტიურ ჩართულობას.

შეფასება და შედეგების გაზომვა

აპლიკაციების შექმნის პროცესში მიზანშეწონილია შეფასების რუბრიკის გამოყენება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ალგორითმული ლოგიკის სისწორე;
  • ინტერფეისის დიზაინი;
  • შექმნილი აპლიკაციის გამართული მუშაობა;
  • შემოქმედებითობა;
  • გუნდური მუშაობა;
  • პრეზენტაციის უნარი (საჭიროების შემთხვევაში).

აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს შეფასების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას და ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითშეფასების უნარის განვითარებას.

აქვე დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულს, რომელზეც მოცემულია აპლიკაციის „შეისწავლე ფერები“ შექმნის პრაქტიკული მაგალითი: appinventor.mit.edu- გამოყენებით: MIT App Inventor- ფერების ამოცნობა_3261.pdf

როგორც ვნახეთ MIT App Inventor წარმოადგენს თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ციფრულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ ინოვაციასა და პედაგოგიურ მიზნებს. მისი გამოყენება კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე უზრუნველყოფს არა მხოლოდ პროგრამირების საფუძვლების შესწავლას, არამედ ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას.

პლატფორმა ქმნის ხელსაყრელ პირობებს STEM მიმართულების ინტეგრირებული სწავლებისთვის, ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და ავითარებს იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია XXI საუკუნის მოქალაქისთვის: კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, თანამშრომლობა და ციფრული წიგნიერება. შესაბამისად, MIT App Inventor შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ეფექტიან ინსტრუმენტად თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკაში.

 

ხელოვნური ინტელექტი ინგლისური ენის სწავლების პროცესში: კომუნიკაციური უნარების განვითარების პერსპექტივები

0

არც ისე დიდი ხნის წინ ინგლისური ენის გაკვეთილი ლექსიკონზე მუშაობასთან, სტანდარტული სავარჯიშოების შესრულებასთან და მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ახსნა-განმარტებებთან ასოცირდებოდა. საუბრის პრაქტიკა ხშირად შეზღუდული იყო, რასაც ერთი მხრივ დროის სიმცირე, ხოლო მეორე მხრივ გაკვეთილის ფორმატი განაპირობებდა. შედეგად, თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე ინდივიდუალური რეაგირება ხშირად რთულად განხორციელებად ამოცანად რჩებოდა.

დღეს სასწავლო გარემო სწრაფად ტრანსფორმირდება და ხელოვნური ინტელექტი უკვე ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილად იქცა. მოსწავლეები მას მიმართავენ ინფორმაციის მოძიების, იდეების განვითარებისა და ტექსტებთან მუშაობის პროცესში — ხშირად სპონტანურადაც კი. მიუხედავად იმისა, რომ AI-ის როლის შესახებ სკოლებში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, ერთი რამ ცხადია: მასწავლებლის პროფესიული პასუხისმგებლობა სულ უფრო მეტად მოიცავს არა მხოლოდ ენის სწავლებას, არამედ ტექნოლოგიების გააზრებულ და პასუხისმგებლობიან გამოყენებას.

ინგლისური ენისა და ზოგადად უცხოური ენების სწავლების კონტექსტში AI-ს მნიშვნელოვანი პედაგოგიური პოტენციალი აქვს: ის ზრდის ენის პრაქტიკული გამოყენების სიხშირეს, ამარტივებს დიფერენცირების პროცესს და აფართოებს კომუნიკაციური აქტივობების განხორციელების სპექტრს. თუმცა მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შევძლებთ მის თანხვედრაში მოყვანას სასწავლო მიზნებთან და სწავლების ორგანიზებას ისე, რომ წარმმართველი კვლავ პედაგოგიური გადაწყვეტილებები იყოს და არა თავად ტექნოლოგია.

სტატიაში განხილულია, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გააზრებული ინტეგრაცია ინგლისური ენის სწავლების პრაქტიკაში – განსაკუთრებით საუბრისა და წერითი უნარების განვითარების კონტექსტში – და როგორ დავგეგმოთ მისი გამოყენება ისე, რომ ტექნოლოგია იქცეს სწავლის მხარდამჭერ რესურსად და არა პედაგოგიური პროცესის შემცვლელად.

პრაქტიკული ნაწილი I — ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საუბრის უნარის განვითარების მხარდასაჭერად

საუბრის უნარის განვითარება ინგლისური ენის სწავლების ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და ამავდროულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომუნიკაციური მიდგომისა (Communicative Language Teaching — CLT) და CEFR-ის ჩარჩოს მიხედვით სწავლება უნდა იყოს ორიენტირებული რეალურ კომუნიკაციურ ამოცანებზე, სადაც მოსწავლეები ენას იყენებენ აზრების ფორმულირებისა და ეფექტური კომუნიკაციისთვის.

თუმცა საკლასო რეალობა გვაჩვენებს, რომ დროის ნაკლებობა ხშირად ზღუდავს საუბრის პრაქტიკისა და პერსონალური უკუკავშირის გაცემის შესაძლებლობებს -განსაკუთრებით მაშინ, როცა კლასში სხვადასხვა ენობრივი დონისა და მოტივაციის მოსწავლეები არიან.

ამ კონტექსტში ხელოვნური ინტელექტი შეიძლება განვიხილოთ როგორც დამატებითი საკომუნიკაციო სივრცე, რომელიც აფართოებს ენის გამოყენების არეალს საკლასო დროის მიღმა და ქმნის უსაფრთხო გარემოს ენობრივი ექსპერიმენტებისთვის. AI-თან ინტერაქცია საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მრავალჯერ სცადონ, გადაამუშაონ და დახვეწონ გამოთქმა და ინტონაცია — რაც CEFR-ში აღწერილ meaningful interaction-ის პრინციპს შეესაბამება.

 

AI, როგორც პარტნიორი საუბრის უნარების გასაუმჯობესებლად

AI-ზე დაფუძნებული დიალოგური გარემო განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან:

  • უზრუნველყოფს დაუყოვნებელ რეაგირებას და უწყვეტ კომუნიკაციას;
  • ამცირებს შეფასების შიშს, რაც ხშირად აფერხებს მონაწილეობას;
  • ხელს უწყობს ფორმისა და მნიშვნელობის ერთდროულ დამუშავებას;
  • ქმნის შესაძლებლობას განმეორებითი პრაქტიკისთვის ინდივიდუალურ ტემპში.

ეს გარემო განსაკუთრებით სასარგებლოა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ნაკლებად ერთვებიან საკლასო დისკუსიაში ან საჭიროებენ დამატებით მხარდაჭერას ენობრივი თავდაჯერებულობის გასაძლიერებლად.

კლასში გამოყენების მოდელი

  1. კომუნიკაციური ამოცანის/დავალების განსაზღვრა

მასწავლებელი არჩევს რეალურ სიტუაციას, რომელიც შეესაბამება მოსწავლეთა დონესა და სასწავლო მიზანს (მაგ., ordering food, asking for directions, job interview);

  1. ინდივიდუალური პრაქტიკა AI-თან

მოსწავლეები ასრულებენ მოკლე დავალებას AI-თან, სადაც მონაწილეობენ დიალოგში და ცდილობენ საკუთარი აზრი გასაგებად ჩამოაყალიბონ;

  1. სოციალური ინტერაქცია კლასში

შემდგომ ეტაპზე აქტივობა გადადის წყვილურ ან ჯგუფურ კომუნიკაციაში, რაც CEFR-ში აღწერილი „interaction“ კომპეტენციის განვითარებას უწყობს ხელს;

  1. რეფლექსია და ენობრივი ფოკუსი

მოსწავლეები აანალიზებენ გამოყენებულ ენობრივ რესურსებს და განსაზღვრავენ გაუმჯობესების მიმართულებებს.

მაგალითიინსტრუქცია მოსწავლეებისთვის

Ask the AI to act as a friendly restaurant waiter. Practise ordering a meal politely. Ask follow-up questions and respond naturally.

პედაგოგიური მნიშვნელობა

AI-ის ინტეგრაცია საუბრის პრაქტიკაში:

  • ზრდის ენის გამოყენების სიხშირეს;
  • აძლიერებს ინტერაქციულ კომპეტენციას;
  •  ხელს უწყობს დიფერენცირებულ სწავლას;
  • ამზადებს მოსწავლეებს რეალური კომუნიკაციისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ AI არ ანაცვლებს მასწავლებელს; ის დამხმარე ინსტრუმენტის როლს ასრულებს, ხოლო სწავლების მიზნების განსაზღვრა, შინაარსის შერჩევა და სასწავლო პროცესის მართვა კვლავ პედაგოგის პროფესიულ პასუხისმგებლობად რჩება.

პრაქტიკული რეკომენდაციები

  • გამოიყენეთ AI როგორც წინასწარი ან დამატებითი პრაქტიკის საშუალება;
  • დააკავშირეთ AI აქტივობები რეალურ საკლასო კომუნიკაციასთან;
  • უზრუნველყავით მკაფიო ინსტრუქციები და მიზნები;
  • ჩართეთ რეფლექსია ენობრივი ცნობიერების გასაძლიერებლად.
თეორიული ჩარჩო: AI საუბრის უნარის განვითარებისთვის

CEFR
CEFR-ის მიხედვით, მოსწავლე არის „სოციალური აგენტი“, რომელიც ენას იყენებს რეალურ კომუნიკაციურ ამოცანებში. ხელოვნურ ინტელექტთან დიალოგი ზრდის ინტერაქციის შესაძლებლობას და ავსებს პრაქტიკის დეფიციტს, განსაკუთრებით, როცა საკლასო დრო შეზღუდულია.

სოციოკულტურული პერსპექტივა

სწავლა ვითარდება მხარდაჭერილ ინტერაქციაში (scaffolding). AI შეიძლება იქცეს დამატებით მხარდამჭერ რესურსად — მოსწავლეს შესთავაზოს მინიშნებები, განმარტებები და ეტაპობრივად გააძლიეროს მისი დამოუკიდებლობა.

ინტერაქციის ჰიპოთეზა

ინტერაქციაში მნიშვნელობაზე ორიენტირებული კომუნიკაცია, უკუკავშირი და „გადამუშავება“ (recasts/repairs) ხელს უწყობს ენის ათვისებას. AI ქმნის უსაფრთხო სივრცეს განმეორებითი მცდელობისთვის, რაც აძლიერებს საუბრისას სიზუსტესა (accuracy) და კომუნიკაციის ბუნებრიობას (fluency).

 

პრაქტიკული ნაწილი II — ხელოვნური ინტელექტის გამოყენება წერითი უნარის განვითარების მხარდასაჭერად

წერა ინგლისური ენის სწავლების პროცესში წარმოადგენს როგორც ენობრივი ცოდნის ინტეგრირების, ისე აზრის სტრუქტურირების მნიშვნელოვან სივრცეს. CEFR-ის მიხედვით, წერითი კომპეტენცია გულისხმობს არა მხოლოდ გრამატიკულად გამართული ტექსტის შექმნას, არამედ იდეების მკაფიო, ადეკვატურ და მიზნობრივ გადმოცემას სხვადასხვა კომუნიკაციურ კონტექსტში.

საკლასო პრაქტიკაში ხშირად ვაწყდებით გამოწვევას: მოსწავლეებს სჭირდებათ მეტი დრო ტექსტის დაგეგმვისთვის, გადახედვისა და გაუმჯობესებისთვის, ხოლო მასწავლებლისთვის რთულია თითოეული ნაშრომის დეტალურად განხილვა მოკლე დროში. ამ პირობებში ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც „წერის მხარდამჭერი გარემო“, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ტექსტის განვითარებაში ეტაპობრივად – იდეის გენერირებიდან რედაქტირებამდე.

AI-ის გამოყენებით მოსწავლეებს შეუძლიათ:

  • მიიღონ იდეები და ტექსტის სტრუქტურის შესაძლო მოდელები;
  • გადაამუშაონ და ეტაპობრივად დახვეწონ საკუთარი ნაშრომი;
  • მიიღონ განმარტებები გრამატიკული და ლექსიკური არჩევანის შესახებ;
  • შექმნან და შეადარონ ტექსტის სხვადასხვა ვერსია განსხვავებული აუდიტორიისა და მიზნის გათვალისწინებით.

ამგვარი მიდგომა ეხმარება მოსწავლეებს, წერითი საქმიანობა გაიაზრონ როგორც პროცესზე ორიენტირებული და რეფლექსიური პრაქტიკა, რომელიც სცდება მხოლოდ საბოლოო შედეგზე ფოკუსირებას.

კლასში გამოყენების მოდელი

1. წერითი დავალების განსაზღვრა

მასწავლებელი განსაზღვრავს მიზანს, მაგალითად:

  • writing an email
  • opinion paragraph
  • short report
  • story continuation

ამოცანა უნდა იყოს დაკავშირებული რეალურ კომუნიკაციურ მიზანთან.

2. AI-თან მუშაობა — იდეების გენერირება და მხარდაჭერა

მოსწავლეები იყენებენ AI-ს, რათა:

  • შექმნან გეგმა;
  • დასვან კითხვები ტექსტის განვითარების შესახებ;
  • მიიღონ მინიშნებები ლექსიკური ერთეულების შესარჩევად.

მაგალითი ინსტრუქციისთვის:

Ask the AI to help you plan an email to your teacher explaining why you were absent.

3. დამოუკიდებლად წერა

მოსწავლეები წერენ საკუთარ ტექსტს AI-ს მხარდაჭერის გამოყენებით, თუმცა ისინი რჩებიან ავტორებად.

4. გადახედვა და რეფლექსია

მოსწავლეები:

  • ადარებენ პირველ და გაუმჯობესებულ ვერსიას;
  • აანალიზებენ ცვლილებებს;
  • განსაზღვრავენ, რა ისწავლეს პროცესში.

რატომ არის AI ეფექტური წერითი უნარის განვითარებისთვის?

  • უზრუნველყოფს მყისიერ მხარდაჭერას წერის პროცესში;
  • ხელს უწყობს თვითრედაქტირების უნარების განვითარებას;
  • ზრდის ტექსტის გადამუშავების სიხშირეს;
  • აძლიერებს პასუხისმგებლობას საკუთარი ტექსტის მიმართ.

AI კვლავ რჩება დამხმარე ინსტრუმენტად – ტექსტის მიზნის განსაზღვრა, შეფასება და უკუკავშირის ინტერპრეტაცია მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციისა და ვალდებულების ნაწილია.

 თეორიული ჩარჩო — AI და წერითი უნარის განვითარება

CEFR
CEFR წერას განიხილავს როგორც მიზნობრივ კომუნიკაციას კონკრეტულ აუდიტორიასთან. ტექსტის დაგეგმვა, ფორმულირება და გადამუშავება წარმოადგენს წერითი კომპეტენციის მნიშვნელოვან კომპონენტებს, რომელთა განვითარებასაც AI ხელს უწყობს დამატებითი პრაქტიკის საშუალებით.

სოციოკულტურული პერსპექტივა

წერა ვითარდება დიალოგურ პროცესში – უკუკავშირი და მხარდაჭერა (scaffolding) ეხმარება მოსწავლეს იდეების ჩამოყალიბებასა და ტექსტის დახვეწაში. AI შეიძლება იქცეს ამ პროცესის დამატებით თანამონაწილედ.

პროცესზე ორიენტირებული წერის მიდგომა (Process Writing)

წერა მოიცავს ეტაპებს – დაგეგმვა, პირველი ვერსიის მომზადება (draft), რედაქტირება, საბოლოო ვერსია. AI ხელს უწყობს ამ ციკლის განმეორებით განხორციელებას, რაც აძლიერებს ენობრივ სიზუსტეს (accuracy) და კომუნიკაციის ბუნებრიობას (fluency).

 

განხილული მაგალითები აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ინგლისური ენის სწავლების პროცესში არ გულისხმობს არსებული პედაგოგიური მიდგომების ჩანაცვლებას. პირიქით, იგი აფართოებს მასწავლებლის შესაძლებლობებს, შექმნას უფრო მოქნილი, დიფერენცირებული და ინტერაქციული სასწავლო გარემო. საუბრისა და წერითი უნარის განვითარების კონტექსტში AI შეიძლება იქცეს დამატებით რესურსად, რომელიც ზრდის პრაქტიკის სიხშირეს, ამარტივებს უკუკავშირის მიღებას და აძლიერებს მოსწავლეთა ჩართულობას.

მასწავლებლის პროფესიული როლი ამ კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება: სწორედ მასწავლებელი განსაზღვრავს სასწავლო მიზნებს, ამოცანების დიზაინსა და ტექნოლოგიის გამოყენების საზღვრებს. AI ეფექტურია მაშინ, როცა მას ვიყენებთ გააზრებულად — როგორც ინსტრუმენტს, რომელიც ემსახურება სწავლას და არა როგორც თვითმიზანს.

პრაქტიკაში ეს გულისხმობს:

  • AI-ის გამოყენებას კონკრეტული სასწავლო მიზნების მხარდაჭერისთვის;
  • ტექნოლოგიის დაკავშირებას რეალურ კომუნიკაციურ ამოცანებთან;
  • მოსწავლეების წახალისებას რეფლექსიისა და კრიტიკული გამოყენებისკენ;
  • მასწავლებლის მიერ პროცესის მუდმივ მონიტორინგსა და მიმართულების განსაზღვრას.

 

პასუხისმგებლობიანი გამოყენება და AI წიგნიერება

ხელოვნური ინტელექტის ფართო გავრცელებამ განათლებაში წამოწია ახალი საკითხები, რომლებიც სცდება მხოლოდ მეთოდურ არჩევანს. AI literacy — ანუ ხელოვნური ინტელექტის გააზრებული და კრიტიკული გამოყენების უნარი — სულ უფრო მეტად განიხილება როგორც თანამედროვე განათლების მნიშვნელოვანი კომპონენტი.

მოსწავლეებს სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა ისწავლონ:

  • როგორ გამოიყენონ AI როგორც სწავლის დამხმარე ინსტრუმენტი და არა მხოლოდ სწრაფი პასუხების მიღების წყარო;
  • როგორ გადაამოწმონ მიღებული ინფორმაცია;
  • როგორ შეინარჩუნონ აკადემიური კეთილსინდისიერება;
  • როგორ გამოიყენონ ტექნოლოგია პასუხისმგებლობიანად და ეთიკურად.

მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ჩამოაყალიბოს მკაფიო პრინციპები, რომლებიც ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის გააზრებულ გამოყენებას და უზრუნველყოფს, რომ მოსწავლემ შეინარჩუნოს დამოუკიდებელი აზროვნება და პასუხისმგებლობა საკუთარ სწავლაზე. ამგვარი ინტეგრაციის პირობებში ხელოვნური ინტელექტი ქმნის დამატებით სივრცეს ენობრივი პრაქტიკისთვის, მოსწავლეებს განვითარებაში ეხმარება, ხოლო მასწავლებლებს, სასწავლო პროცესის უფრო მოქნილად და მიზანმიმართულად წარმართვაში.

 

მხატვრული ენა – სიტყვიერი ხელოვნების „სპეცეფექტი“

0

„ვეფხისტყაოსნის“ კითხვისას თანამედროვე მოზარდებს ეუცხოებათ მხატვრული საშუალებები, რომლებსაც უხვად იყენებს რუსთველი. მისი თხრობა დიდებული, გენიალურია და ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა „ენობრივ-გამომსახველობითი სპეცეფექტები“.

თუ დააკვირდებით, რუსთველის სტილი საოცრად კინემატოგრაფიულია.

ნელი, აუჩქარებელი, სიამოვნებით გაჯერებული კითხვისას მკითხველს „იქ ყოფნის“ განცდა უჩნდება. მოქმედება, სცენა, გმირის განცდა თუ სხვა რამ სანახაობა ჩვენ თვალწინ იშლება. ეფექტი ზუსტად ისეთია, როგორსაც კარგი ოპერატორის ნამუშევარი გვიქმნის კარგ ფილმში. ერთხელ სწორედ ასე წარმოვიდგინე „მთხრობელი რუსთველი“ – მხარზე წარმოსახვითი კამერით, გამოწვლილვით, სკრუპულოზურად რომ აგებს კადრს – ახლო, მსხვილი ან შორი ხედებით, გადაღების კუთხის უზუსტესი შერჩევით, დეტალებზე „კამერის“ ფოკუსირებით…

ნათქვამის საილუსტრაციოდ თავიდან თინათინის გამეფების გრანდიოზული ერთი სცენა გავაცოცხლოთ:

 

უზარმაზარი სუფრაა გაშლილი, სმა-ჭამა, ნადიმი, ხალხმრავლობა…

ამ საერთო მხიარულებისა და რუზრუზის ფონზე მსხვილი კადრი მეფის „დაღრეჯილობას“ გვიჩვენებს. თავი აქვს მეფეს ჩაქინდრული, გარიდებულია თითქოს სხეულითაც და გონითაც იქაურობას. გარშემომყოფნი ჩურჩულებენ, ნეტავ რა სჭირსო… ისმის გადალაპარაკება, კადრების სწრაფი მონაცვლეობით ვავლებთ თვალს გარშემომყოფებს. მზერას ავთანდილზე ვაყოვნებთ – შესანიშნავად გამოიყურება, ანათებს. იქვე სოგრატი დგას, მოხუცი, დარბაისელი. ერთმანეთს გადაულაპარაკეს – რა უმძიმს მეფეს? რაღაცამ ჩააფიქრა, დაასევდიანა. ავთანდილი გამოთქვამს ინიციატივას – წავიდეთ, სოგრატ, ვკითხოთ, რა დამართვია, გავეხუმროთ, გავახალისოთ.

 

მერე:

„ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა, წინა მიუსხდეს მუხლმოყრით, პირითა მოცინარითა, ვაზირი ლაღობს…“ და ხედავ თითოეულ ამ დეტალს – როგორ იღებენ თლილ, ულამაზეს ჭიქებს, ავსებენ მუქი შინდისფერი სასმელით (ასეთი წარმოვიდგინე), ნელი, აუღელვებელი მოძრაობით, აუჩქარებლად მიდიან (ავთანდილი როგორ დაატარებს ამ თავის „დახატულ“ და ენით აღუწერლად მშვენიერ, მოხდენილ სხეულს, ცალკე ამბავია… საერთოდ, სხეულებრივ მოძრაობებს ხშირად აქცევს ფოკუსში ჩვენი „ოპერატორი“), მეფეს უახლოვდებიან, მუხლს მოიყრიან, მოსახერხებელ პოზას შეარჩევენ, იცინიან და იწყებენ მეფესთან სალაღობო დიალოგს…

აქვე ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან – დააკვირდით, არაბეთის სამეფოში რა სიხშირით ახსენებს რუსთველი ეპითეტს „ლაღი“ და „უკადრი“. ამ სახელმწიფოში ზოგადად ატმოსფეროა ასეთი. სილაღე, თავისუფლება, ჰაეროვნება, დაუძაბავი, უშუალო ურთიერთობები. ქვეშევრდომები მეფეს სათქმელს ლაღად „ჰკადრებენ“, გმირები ლაღად და უკადრად მიმოდიან, მუდმივად ისმის სიცილი, ვხედავთ გაღიმებულ სახეებს… ერთი სიამოვნებაა მკითხველისთვის არაბეთში ხეტიალი. როგორ აღწევს შემოქმედი ამას? სწორედ „სპეცეფექტებით“ – ეპითეტებითა და შედარებებით, ჰიპერბოლებით, მეტაფორებით.

აი, თუნდაც, ამ სტროფის დინამიკა ავიღოთ:

 „დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,

ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბალახშოსანი,

პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი,

მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი“.

დილაუთენია ადგა, მოიკაზმა წითლები შეურჩევია დღევანდელი დღისთვის (ავთანდილს უყვარს ჩაცმა-დახურვა). ისე გამოიყურება, თვალს ვერ მოწყვეტ, ნაზარდი სოსანია (მეტაფორული ეპითეტი), ქარქაშში ჩაგებული ხმალიც ხვდება ჩვენი თვალთახედვის არეში, თეთრ ცხენზე ამხედრებული დროულად გასასვლელად იწვევს მეფეს, ცხენი წინა ფეხებს მოხდენილად „აბაკუნებს“, მხედარი ულამაზესად ირწევა…

პოემის ყველაზე მძლავრი და შთამბეჭდავი სპეცეფექტი, უდავოდ, ჰიპერბოლაა.

კინემატოგრაფიაში სპეცეფექტი ერთგვარი ილუზიაა, ხრიკი, რომელიც რეჟისორის მხატვრული ჩანაფიქრის ვიზუალიზაციისთვის გამოიყენება ყოველგვარი ფიზიკური შეზღუდვის გარეშე. რეალურ სამყაროში შეუძლებელსა და მიუღწეველს კინოში სწორედ სპეცეფექტის „დადებით“ წარმოაჩენს შემოქმედებითი ჯგუფი. მაგალითად, სუპერგმირების შესაძლებლობები, პლანეტათშორისი მოგზაურობები, კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი მასშტაბური სცენები, ამინდისა თუ სხვადასხვა კლიმატური ან სტიქიური მოვლენების ეფექტები. სპეცეფექტები კინოს გამომსახველობითი ენაა და მათი მეშვეობით ფანტასტიკური ელემენტები დამაჯერებელ სანახაობად იქცევა. გამორჩეული ფიზიკური ძალის მქონე გმირის შესაძლებლობა მაყურებლისთვის ცხადი ხდება მაშინ, როდესაც იგი მუშტის ერთი დარტყმით ცათამბჯენს ჩამოანგრევს ან სატვირთო მანქანას აწევს ცალი ხელით. სპეცეფექტების მეშვეობით იქმნება ილუზია იმისა, რომ გმირი არაადამიანური, ზებუნებრივი ძალის მქონეა.

ზუსტად იგივე ეფექტის მისაღწევად იყენებს სიტყვიერი ხელოვნება ტროპის სახეებს. რუსთველი თავისი გმირების ფიზიკური ძალის, მათი ემოციური მდგომარეობის ან გარეგნული მშვენიერების წარმოსაჩენად ყველაზე ხშირად ჰიპერბოლას მიმართავს.

მაგალითად, თუ გმირი სევდიანია, ის ტირის. ცრემლი აქ საცრემლე ჯირკვლების გამომუშავებული ფიზიოლოგიური სითხე არაა მხოლოდ. ის სწორედ ემოციური ფონის წარმომჩენი დეტალია. თუ გმირი ძალიან სევდიანია, ის კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ცრემლს ღვრის. თუ სასოწარკვეთილია, ცრემლს სისხლი ერევა. თუ ფსიქოემოციური მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, სისხლნარევი ცრემლების ნაკადი, თვალთაგან ჩამონადენი, მდინარეებად იქცევა, მდინარეები კი ზღვას უერთდება.

ჰიპერბოლა გარეგნული მშვენიერების აღწერის უცილობელი ელემენტია პოემაში. გმირების მშვენიერების წარმოჩენა მზის, მთვარის, ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელთა მეტაფორების მეშვეობით არაა ავტორისთვის საკმარისი. ჰიპერბოლა მისი სპეციალური სამარჯვია. გმირები იცინიან და მათი კბილთა ელვარება ასხივებს, ელვასავით ანათებს. გმირები დადიან და გარემო ნათდება, ბრწყინავს, კიდით კიდემდე შუქით ივსება.

ჰიპერბოლა ფიზიკური ძალის გამოსახატავადაც უალტერნატივო მხატვრული საშუალებაა. ბატალური სცენების აღწერისას მთებად ვხედავთ ჩვენი უძლეველი ბიჭების დახოცილ „ცხენთა და კაცთა“, ლომებსა და ვეფხვებს ისინი ცალი ხელით ახრჩობენ (ბავშვობაშივე – როგორც ტარიელი!), ავთანდილს შეუძლია მეკობრეთა გემების კიჩოს ხელი ჩაავლოს და ააყირაოს…

პოემის ახალგაზრდა მკითხველებს, მეტწილად, სწორედ ჰიპერბოლიზებული ემოციები სჭრით ყურს. თუ შევეცდებით და დავარწმუნებთ მათ, რომ ეპოქისთვის სახასიათო გამომსახველობითი საშუალებების არსენალში ჰიპერბოლა იგივეა, რაც დღევანდელ კინემატოგრაფში, მაგალითად, სპეცეფექტი, აღქმა და მიმართება, შესაძლოა, შეცვალონ. როდესაც ტექსტში იღვრება ცრემლის მდინარეები და დგება სისხლის ზღვა, ეს ფიზიოლოგიური რეალობის ამსახველი კი არ არის, არამედ ემოციებისა და განცდების მასშტაბის ვიზუალიზების მცდელობაა.

ჰიპერბოლა სასოწარკვეთის სიღრმისა თუ ფიზიკური ძალის განსაკუთრებულობის საზომად მივიღოთ და ეს დაგვეხმარება ერთი უმთავრესი „ბრალდება“ ჩამოვაშოროთ მთავარ გმირს (ეგ მტირალა!).

დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღების გარდა, გამაოგნებელია ფსიქოლოგიზმები ტექსტში – პოემის შემოქმედი ადამიანის ფსიქიკის, ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიის, ფსიქოემოციური მდგომარეობების სომატური გამოვლინებების შესახებ ვირტუოზულ ცოდნას ავლენს. სხეულებრივ რეაქციებსა და მოქმედებებში გამოხატული სათქმელი კი უკვე საგანგებო წერილს იმსახურებს.

 ვიზუალური სტიმული შემოქმედებითი აზროვნებისთვის

0

თანამედროვე საკლასო სივრცეში მასწავლებლის მთავარი ამოცანა მხოლოდ ცოდნის გადაცემა აღარ არის; მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო გამოცდილების შექმნა, რომელიც ერთდროულად ააქტიურებს წარმოსახვას, ემოციას, აზროვნებასა და მეტყველებას. მინი-პროექტი „შევქმნათ ახალი პერსონაჟი“ სწორედ ასეთი ინტეგრირებული აქტივობის მაგალითია. მოსწავლეებს ეძლევათ თეთრი ფურცელი, რომელზეც მხოლოდ ორი თვალია დახატული, რაც მათ უბიძგებს შექმნან პერსონაჟი, დაასრულონ ვიზუალური გამოსახულება და მოუფიქრონ მას ამბავი. ეს მეთოდი ამცირებს „თეთრი ფურცლის შფოთვას“ და ზრდის შემოქმედებით თავისუფლებას.

ციფრულ ეპოქაში ბავშვები ხშირად მზა ვიზუალურ და ტექსტურ პროდუქტებს იღებენ, რის გამოც მათი დამოუკიდებელი ნარატივის შექმნის უნარი თანდათან სუსტდება. დღეს სკოლაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია:

კრეატიული აზროვნების განვითარება;

ნარატიული და კრიტიკული აზროვნების უნარების გაძლიერება;

ემოციური წიგნიერების მხარდაჭერა;

ინტეგრირებული სწავლების პრაქტიკის დანერგვა.

„ორი თვალის“ ვიზუალური სტიმული ქმნის დაძლევად ბარიერს დავალების შესრულებისას,  მაგრამ ამავე დროს მაღალი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე სასწავლო სიტუაციას, სადაც მოსწავლე თავისუფლად და შემოქმედებითად  ავითარებს იდეას.

ფსიქოლოგიური და პედაგოგიური კვლევები ადასტურებენ, რომ ვიზუალური იმპულსები გადამწყვეტ როლს თამაშობენ კოგნიტიურ განვითარებაში. ვიგოტსკის (Vygotsky, 2004) თეორიის მიხედვით, ბავშვის წარმოსახვა ეყრდნობა მის მიერ მიღებულ გამოცდილებას, ხოლო მცირე დეტალი ხდება „კაუჭი“ ახალი ასოციაციური კავშირების დასამყარებლად. ეგანი (Egan, 1986) აღნიშნავს, რომ ამბის თხრობა (Storytelling) ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის ორგანიზებასა და აზრის ლოგიკურად ჩამოყალიბებაში. ვიზუალური იმპულსი, როგორიცაა თვალები, ქვეცნობიერად ააქტიურებს ემპათიურ რეაქციას, რაც სოციალურ-ემოციური სწავლების (SEL) განუყოფელი ნაწილია.

თანამედროვე ნეიროპედაგოგიური კვლევები (Immordino-Yang, 2016) ხაზს უსვამს ემოციური ჩართულობის გარდაუვალობას შემეცნებით პროცესში, რაც მოცემულ პროექტში პერსონაჟთან ემპათიური კავშირით მიიღწევა. ამასთანავე, პროექტის სტრუქტურა ეხმიანება რეზნიკის (Resnick, 2017) შემოქმედებითი სწავლის მოდელს, სადაც თამაში და პროექტული მიდგომა კრეატიულობისა და ნარატიული კომპეტენციის განვითარების მთავარი წინაპირობაა.

პროექტის მიზანია მოსწავლეებში შემოქმედებითი, ნარატიული და ემოციური კომპეტენციების განვითარება.

ამოცანები მოიცავს:

  • ვიზუალური სტიმულის საფუძველზე პერსონაჟის შექმნას;
  • პერსონაჟის ხასიათისა და გარემოს აღწერას;
  • სიუჟეტის აგების უნარის განვითარებასა და ზეპირი პრეზენტაციის გაძლიერებას;
  • ემოციების ამოცნობასა და ინტერპრეტაციას.

პროექტის განხორციელება ეფუძნება ოთხ ძირითად ეტაპს:

I ეტაპი – ინსპირაცია: მასწავლებელი სვამს კითხვებს თვალების მიერ გამოხატული ემოციის შესახებ, რათა გააქტიუროს ასოციაციური აზროვნება.

II ეტაპი – ვიზუალური კონსტრუქცია: მოსწავლეები ავითარებენ გამოსახულებას, არჩევენ ფერსა და სტილს. პრაქტიკამ აჩვენა პერსონაჟთა მრავალფეროვნება: მზე, ყინულის პრინცესა, სანტას დამხმარე, პირამიდების მეგობარი ბიჭი, მხიარული წიგნი, შეშინებული ბავშვი და სხვა. 

III ეტაპი – ნარატივის შექმნა: მოსწავლეები წერილობით ან ზეპირად პასუხობენ კითხვებს: ვინ არის პერსონაჟი? სად ცხოვრობს? რა სურს?

IV ეტაპი – პრეზენტაცია: თითოეული მოსწავლე წარადგენს საკუთარ ნამუშევარს და ზეპირად გადმოსცემს მოფიქრებულ ამბავს.

შედეგები და შეფასება

პროექტის შედეგად მოსწავლეები ავითარებენ წარმოსახვას, სწავლობენ პერსონაჟის კონსტრუქციას და აუმჯობესებენ ზეპირი მეტყველების უნარს. აქტივობა ქმნის კლასში ნდობისა და შემოქმედებითი უსაფრთხოების გარემოს. შეფასება: რეკომენდებულია ფორმატიული მიდგომა. შეფასების კრიტერიუმებია: პერსონაჟის ორიგინალურობა, ამბის ლოგიკურობა, ემოციური სიღრმე და პრეზენტაციის უნარი.

კრიტერიუმი / ინდიკატორი შესრულებულია ნაწილობრივ საჭიროებს დახმარებას
1 ვიზუალური ინტერპრეტაცია
საწყისი სტიმული (ვიზუალური) გამოყენებულია როგორც ნახატის ორგანული ნაწილი
 ნახატი დასრულებულია და პერსონაჟი ვიზუალურად იდენტიფიცირებადია
2 ნარატიული აზროვნება
 პერსონაჟს მინიჭებული აქვს სახელი და დამახასიათებელი თვისებები
ისტორიას აქვს ლოგიკური სტრუქტურა (დასაწყისი, მოქმედება, დასასრული)
3 ემოციური წიგნიერება
 მოსწავლე ამოიცნობს და ასახელებს პერსონაჟის ემოციურ მდგომარეობას
პერსონაჟის ქმედებები შეესაბამება მის ხასიათსა და მოტივაციას
4 ვერბალური კომუნიკაცია
მოსწავლე თავდაჯერებით და გამართულად ყვება ამბავს ზეპირად
პასუხობს პერსონაჟთან დაკავშირებულ დამატებით კითხვებს

ვიზუალური იმპულსი გარდაიქმნება ნარატიულ აზროვნებად, ემოციურ გამოცდილებად და კრეატიულ პროდუქტად. პროექტი აჩვენებს, რომ ხარისხიანი სწავლება ყოველთვის ტექნოლოგიურ სირთულეს არ მოითხოვს – ხშირად საკმარისია მცირე, მაგრამ სწორად შერჩეული სტიმული.

გამოყენებული ლიტერატურა

Egan, K. (1986). Teaching as story telling: An alternative approach to teaching and curriculum in the elementary school. University of Chicago Press.

Immordino-Yang, M. H. (2016). Emotions, learning, and the brain: Exploring the educational implications of affective neuroscience. W. W. Norton & Company.

Resnick, M. (2017). Lifelong kindergarten: Cultivating creativity through projects, passion, peers, and play. MIT Press.

Vygotsky, L. S. (2004). Imagination and creativity in childhood. Journal of Russian & East European Psychology, 42(1), 7–97. https://doi.org/10.1080/10610405.2004.11059210

 

სახალისო გრამატიკა – პრაქტიკული აქტივობები

0

დაწყებით საფეხურზე გრამატიკული საკითხების სწავლება ხშირად სირთულეს წარმოადგენს, რადგან მოსწავლეებისთვის აბსტრაქტული კატეგორიები რთულად აღსაქმელია. განსაკუთრებით ეს ეხება არსებითი სახელის ბრუნვას. ტრადიციული ახსნა-განმარტებითი მეთოდი ამ ასაკში ნაკლებად ეფექტიანია, რადგან ბავშვი მექანიკურად იმახსოვრებს დაბოლოებებს, თუმცა ვერ აცნობიერებს მათ სისტემურობას. სწორედ ამიტომ, სახელის ბრუნვასთან დაკავშირებით დავგეგმე აქტივობა  კონსტრუქტივისტული მიდგომის საფუძველზე. ის მიზნად ისახავდა ბრუნვის ნიშნების აღმოჩენას, შედარებასა და სისტემატიზაციას მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისა და ვიზუალური მოდელირების საშუალებით.

ქტივობის მიზანი და ამოცანები:

მიზანი:
მოსწავლეებმა გააცნობიერონ სახელის ფორმაცვალებადობა.

კონკრეტული ამოცანები:

  • არსებითი სახელის სწორად ჩასმა წინადადებაში კონტექსტის შესაბამისად;
  • სიტყვის ფუძისა და დაბოლოოების გარჩევა;
  • საერთო და განსხვავებული ნიშნების აღმოჩენა;
  • ბრუნვისა და ბრუნვის ნიშნის ურთიერთკავშირის გააზრება;
  • ცოდნის ვიზუალური ორგანიზება.

 

აქტივობის ეტაპობრივი აღწერა:

I ეტაპი -კონტექსტი

მოსწავლეებს შევთავაზე სხვადასხვა არსებითი სახელი. თითოეულ სიტყვაზე შედგენილი იყო შვიდი წინადადება,  მათ უნდა ჩაესვათ მოცემული არსებითი სახელი ისე რომ გამართული წინადადება მიეღოთ.

ამ ეტაპის მიზანი იყო:

  • ინტუიციური ცოდნის გააქტიურება;
  • პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება;
  • გრამატიკული ფორმის გამოყენება კონტექსტში;

მოსწავლეები თავდაპირველად მოქმედებდნენ ენობრივ ინტუიციაზე დაყრდნობით, რაც  საფუძველი გახდა შემდეგი ეტაპის.

II ეტაპი –  ანალიზი და განსხვავებების აღმოჩენა

ინდივიდუალური უკუკავშირის შემდეგ მოსწავლეებს დავავალე ჩასმულ სიტყვებში განსხვავებული ასოების შემოხაზვა.

ამ პროცესში მათ შენიშნეს, რომ:

  • სიტყვის ფუძე უმეტესად უცვლელი რჩება;
  • იცვლება დაბოლოებები;

მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეამჩნიეს ბრუნვის ნიშნების არსებობა და სიტყვის ფორმაცვალებადობა.

III ეტაპი- ვიზუალიზაცია

მოსწავლეებს დავავალე:

  • ფოთლებზე დაეწერათ მსგავსი (საერთო) ნაწილები;
  • ნაყოფებზე – შემოხაზული ნაწილები;
  • თანმიმდევრულად დაეწებებინათ ისინი ხის ტოტებზე.

ვიზუალური მოდელის დასრულების შემდეგ გვქონდა პრეზენტაცია. მოსწავლეებს თანმიმდევრულად ავუხსენი, რომ შვიდი ტოტი ბრუნვა იყო და თითოეულ მათგანს თავისი სახელი აქვს, ნაყოფები- ბრუნვის  ნიშნებია, ხოლო ფოთლები- ფუძე. მნიშვნელოვანია, რომ თეორიული ნაწილი არა წინასწარ, არამედ პრაქტიკური დავალების შემდეგ მივაწოდე, რამაც მოსწავლეებს  გაუმარტივა ახალი საკითხის გაგება.

შედეგების ანალიზი

აქტივობის შემდეგ მოსწავლეებმა შეძლეს:

  • ბრუნვისა და ბრუნვის ნიშნების დასწავლა;
  • სიტყვათა ფორმების შედარება;
  • გრამატიკის აღქმა, როგორც სისტემის და არა ცალკეული წესების ერთობლიობა.

გარდა საგნობრივი შედეგებისა, განუვითარდათ:

  • ანალიზის უნარი;
  • დაკვირვებისა და შედარების უნარი;
  • თანამშრომლობა;
  • მოტივაცია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მაღალი ჩართულობა, რადგან შეთავაზებულმა რესურსმა უზრუნველყო ყველა მოსწავლის ჩართულობა.

დაწყებით საფეხურზე გრამატიკის სწავლება განსაკუთრებით ეფექტიანია მაშინ, როდესაც მოსწავლე თავად ხდება აღმომჩენი. „ბრუნვის ხე“ წარმოადგენს პრაქტიკულ მოდელს, რომელიც აბსტრაქტულ ცნებას კონკრეტულ ვიზუალურ სტრუქტურად გარდაქმნის. ამგვარი მიდგომა ზრდის როგორც გაგება- გააზრების დონეს, ასევე სწავლისადმი ინტერესსა და მოტივაციას. გრამატიკა აღარ არის მხოლოდ წესების ერთობლიობა, ის ხდება ხილული, სტრუქტურირებული, გასაგები და მარტივი.

„ბრუნვის ხის“ მოდელი აერთიანებს:

  • ანალიზს,
  • კატეგორიზაციას,
  • ვიზუალიზაციას,
  • სისტემურ აზროვნებას.

ვფიქრობ, ის შეიძლება გამოვიყენოთ სხვა გრამატიკული თემებისთვისაც, როგორიცაა:

  • არსებითი სახელის კვეცა;
  • არსებითი სახელის კუმშვა;

აქტივობა ადაპტირებადია სხვადასხვა აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისთვის, ასევე ხელს უწყობს ინკლუზიურ სწავლებას, რადგან აერთიანებს წერით, ვიზუალურ და პრაქტიკულ კომპონენტებს.

ვფიქრობ, მასწავლებლისთვის ასეთი რესურსი მოტივაციია, რადგან გაიგონონ ბედნიერი მოსწავლეებისგან “მასწავლებელო, გრამატიკა გვიყვარს!”

თეორიული საფუძველი

აქტივობა ეყრდნობა:

  • კონსტრუქტივიზმის პრინციპს– ცოდნა არ გადაეცემა მზა სახით, არამედ მოსწავლე თავად აგებს მას გამოცდილებაზე დაყრდნობით;
  • აღმოჩენაზე დაფუძნებულ სწავლებას – კანონზომიერების დამოუკიდებელი აღმოჩენა ზრდის გააზრების ხარისხს;
  • ვიზუალური სწავლების მოდელს– აბსტრაქტული ცნების კონკრეტულ სქემასთან დაკავშირება ამარტივებს დამახსოვრებას;
  • ფორმატიულ შეფასებას – უკუკავშირი პროცესში ეხმარება მოსწავლეს შეცდომის გაანალიზებასა და სწორი ფორმის დამკვიდრებაში.

აქტივობა ეფექტიანად უწყობს ხელს კლასის მართვას, რადგან სასწავლო პროცესი აგებულია მკაფიო სტრუქტურაზე, ეტაპობრივ ლოგიკაზე და მიზანმიმართულ აქტივობებზე. თითოეული ეტაპი განსაზღვრავს მოსწავლის როლს და ქმედებას, რაც ამცირებს დეზორგანიზაციისა და პასიური ჩართულობის რისკს. ვიზუალური მოდელი („ბრუნვის ხე“) ქმნის საერთო ფოკუსის სივრცეს, უზრუნველყოფს ყურადღების კონცენტრაციას და ხელს უწყობს უსაფრთხო, თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემოს ფორმირებას. აქტიური და აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლება ზრდის შიდა მოტივაციას, რაც ქცევითი რეგულაციის ბუნებრივ საფუძველს ქმნის. აღნიშნული მიდგომა შეესაბამება თანამედროვე კლასის მართვის პრინციპებს, სადაც პრევენციული სტრატეგიები (სტრუქტურა, ჩართულობა, მკაფიო მოლოდინები) პრიორიტეტულია რეაქტიულ ზომებთან შედარებით.

 

 

 

 

მეწარმეობრივი აზროვნების ფორმირება სასკოლო განათლების პროცესში

0

თანამედროვე სამყაროში, სადაც ეკონომიკური და სოციალური გარემო სწრაფად იცვლება, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სასწავლო მიდგომები, რომლებიც მოზარდს მოქნილ, შემოქმედებით და ინოვაციურ აზროვნებ ანუვითარებს.

მეწარმეობრივი აზროვნება სწორედ მოქნილობას, შემოქმედებითობას და ინოვაციურობას გულისხმობს. საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, დაეხმაროს მოსწავლეებს ამ კომპეტენციის განვითარებაში.

 

სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვები პირველ სოციალურ ურთიერთობებს ამყარებენ, სწავლობენ ჯგუფურ მუშაობას, თვითორგანიზებას და შემოქმედებითი ამოცანების გადაჭრას. შესაბამისად, სასკოლო განათლებას შეუძლია, აქტიურად შეუწყოს ხელი მეწარმეობრივი აზროვნების განვითარებას.

მეწარმეობრივი აზროვნება მხოლოდ ბიზნესის შექმნას არ გულისხმობს. მისი არსი გაცილებით ფართოა და მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

  • კრეატიულობასა და ინოვაციურობას;
  • პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს;
  • რისკისადმი ჯანსაღ დამოკიდებულებას;
  • პასუხისმგებლობისა და ვდაჯერებას;
  • კომუნიკაციას;
  • სოციალურ პასუხისმგებლობას და ღირებულებებზე დაფუძნებულ საქმიანობას.

ეს უნარები აუცილებელია არა მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობისთვის, არამედ ნებისმიერი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოწვევის დასაძლევად.

მასწავლებლებს შეუძლიათ, სხვადასხვა საგნის სწავლებისას გამოიყენონ ისეთი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს რეალურ პრობლემებს მოაგვარებინებს, მაგალითად:

  • მათემატიკაში – ფინანსური ლოგიკისა და ბიუჯეტირების ამოცანები;
  • გეოგრაფიაში – მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული ინოვაციური პროექტები;
  • ისტორიაში – მოსწავლეები აანალიზებენ ისტორიულ მოვლენებს, სადაც საზოგადოებისთვის სარგებლობის მომტანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ახდენენ შედარებას თანამედროვე სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან;
  • ხელოვნებაში – კრეატიული პროდუქტის შექმნა და წარდგენა;
  • სამოქალაქო განათლებაში – მოსწავლეები სწავლობენ, როგორ შექმნან ბიზნესი, რომელიც მხოლოდ მოგებაზე კი არ იქნება ორიენტირებული, არამედ სარგებლობასაც მოტანს საზოგადოებ (წიგნების პროექტი ბავშვებისთვის, საქველმოქმედო აქციები, ადგილობრივი პროდუქტის პოპულარიზაცია). მდგრადი განვითარებისა და ეკოსაზოგადოებრივი აქტივობები: მოსწავლეები დაგეგმავენ და განახორციელებენ პროექტებს მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით. მაგალითად: „მწვანე სკვერი“, ნარჩენების მართვა, წყლისა და ენერგიის დაზოგვა სკოლაში.

 

სკოლებში შეიძლება გაიხსნას მეწარმეობის პრაქტიკული კლუბები, ამოქმედდეს სოციალური ან ეკომეწარმეობის პროგრამები, სადაც მოსწავლეები შეიმუშავებენ რეალურ ან სიმულირებულ ბიზნესმოდელებს, ისწავლიან ბაზრის კვლევას, მომხმარებელთან ურთიერთობას და ფინანსურ დაგეგმვას. ასევე სკოლებს შეუძლიათ, დაამყარონ კავშირი ადგილობრივ მეწარმეებთან, სტარტაპებთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასეთი თანამშრომლობის შედეგი იქნება მოსწავლეთა:

  • შემოქმედებითობა და ინიციატივიანობ;
  • პრაქტიკული პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • მიზანდასახულობა და დამოუკიდებლობა;
  • სოციალურპასუხისმგებლობა და გუნდურ მუშაობის უნარი;
  • ეკონომიკურაზროვნება და ფინანსურ წიგნიერება.

 

მაგალითები, რომლებიც მოზარდებს მეწარმეობის საფუძვლებისა და მეწარმეობრივი უნარების ათვისებაში დაეხმარება

 

პროექტზე დაფუძნებული სწავლება

  • მოსწავლეები წამოაყენებენ მცირე ბიზნესის იდეას (მაგალითად, ხელნაკეთი პროდუქტების გაყიდვა სკოლაში).
  • ჩატარდება კვლევა: ვინ არის მომხმარებელი, როგორი იქნება პროდუქტის ღირებულება, როგორ განაწილდება როლები გუნდის წევრებს შორის.
  • საბოლოოდ მოსწავლეები ჩაატარებენ პროექტის პრეზენტაციას დირექტორის, მშობლებისა და თანაკლასელებისთვის.

შედეგი: გაიზრდება მათი პასუხისმგებლობის გრძნობა, ფინანსური წიგნიერება და გუნდური მუშაობის უნარი.

 

სოციალური მეწარმეობა:

  • მოსწავლეები დაგეგმავენ გარემოსდაცვით პროექტს, მაგალითად, სკოლის ეზოში ნარჩენების სეპარაციას ან გარემოსდაცვით კამპანიას.

შედეგი შეიძლება იყოს როგორც ეკოლოგიური სარგებელი, ისე სოციალური ცნობიერების ამაღლება.

მოსწავლეები ისწავლიან პრობლემის იდენტიფიკაციას, ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებას და პასუხისმგებლობას საზოგადოებაზე.

 

ბიზნესსიმულაცია და სტარტაპ-კლუბებ

  • მოსწავლეები წამოაყენებენ მინიკომპანიის იდეას, ადგენენ ბიზნესგეგმას, ბიუჯეტს, ქმნიან პროდუქციას და აწარმოებენ სიმულირებულ ბიზნესს.
  • შეიძლება, განხორციელდეს ადგილობრივი მეწარმეებთან ერთად მათი მენტორობით.

შედეგი: მოსწავლეები სწავლობენ ბაზრის კვლევას, მარკეტინგს, გაყიდვას, ფინანსებს.

 

კონკურსები და ჰაკათონებ

  • ერთკვირიანი ან ერთდღიანი ინოვაციური ჰაკათონი, რომლის დროსაც მოსწავლეები გუნდურად შექმნიან ინოვაციურ პროდუქტს ან შეიმუშავებენ პროექტს სოციალური პრობლემის გადასაჭრელად.
  • პროექტი ეხება რეალურ გამოწვევას (მაგალითად, სკოლაში საკვების ნარჩენების შემცირება).
  • მოსწავლეები წარუდგენენ პრეზენტაციას ჟიურის.

შედეგი: იზრდება ინიციატივიანობა, ვითარდება დროის მართვის, გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

 

STEAM-ინტეგრირებული პროექტებ

  • მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის ინტეგრირებული პროექტი.
  • მაგალითად, მოსწავლეები ქმნიან ენერგოეფექტურ პატარა მანქანას, ნერგავენ ახალ ტექნოლოგიას და აწყობენ პრეზენტაციას.

შედეგი: მტკიცდება კავშირი თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ რეალობას შორის, ვითარდება ინოვაციური აზროვნება.

 

ასეთი მიდგომა ზრდის ახალგაზრდებს, რომლებიც მზად არიან მომავალი პროფესიული გამოწვევებისთვის და ამავე დროს ხელს უწყობს ინოვაციური მეწარმეობრივი აზროვნების ფორმირებას. სკოლას შეუძლია იყოს და უნდა იყოს კიდეც ის სივრცე, სადაც ახალგაზრდა სწავლობს კრეატიულობას, პასუხისმგებლობას, ინიციატივას და რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებთან ადაპტირებას.
ინოვაციური სასწავლო მეთოდების, პრაქტიკული პროექტებისა და პარტნიორული თანამშრომლობის საშუალებით სასკოლო განათლება ქმნის ბრუნვას, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე კონკურენტუნარიანი თაობის აღზრდას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს ეროვნული ბანკი. ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში – დამხმარე სასწავლო მასალა სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის. თბილისი, 2020
  2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. საკვანძო კომპეტენციები. თბილისი, №2, 2023. ბმული PDF
  3. ISET. სამეწარმეო განათლება საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემაში. კვლევითი ანგარიში. თბილისი, 2016. ბმული PDF
  4. Junior Achievement Georgia. მეწარმეობის საფუძვლები. პროგრამა სკოლებისთვის, რომელიც ავითარებს ახალგაზრდებში აზროვნებას, ბიზნესისა და მეწარმეობის უნარებს. თბილისი, 2020. ბმული
  5. CSRDG, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი. როგორ დავნერგოთ სამეწარმეო განათლება, კარიერული დაგეგმვა და პროფესიული ორიენტაცია. კვლევითი დოკუმენტი. თბილისი, 2023. ბმული PDF
  6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროფესიული განათლების სქემა – ახალი მიმართულება მეწარმეობრივი აზროვნების განვითარებისთვის. ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2032. თბილისი, 2022

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება –  მეთოდური რესურსების კატეგორიების მიმოხილვა

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ეფუძნება სტრუქტურირებულ მეთოდურ რესურსებს, რომლებიც უზრუნველყოფენ პრაქტიკის ანალიზს, გაუმჯობესებას და სისტემურ ზრდას. წარმოდგენილი მიმოხილვა აერთიანებს 80 ინსტრუმენტს რვა კატეგორიად და ასაბუთებს თითოეული კატეგორიის აუცილებლობას საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით. ანალიზი ეფუძნება პროფესიული განვითარების ეფექტიანობის მოდელებს (Desimone, 2009; Darling-Hammond et al., 2017) და ინსტრუქციული გაუმჯობესების კვლევებს (Knight, 2016; Hattie, 2012).

მეთოდური რესურსი პროფესიულ განვითარებაში არის სტრუქტურირებული ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს სწავლების ანალიზს, გაუმჯობესებასა და რეფლექსიას. კვლევები მიუთითებს, რომ პროფესიული განვითარება ეფექტიანია მაშინ, როდესაც იგი ეფუძნება პრაქტიკაზე ორიენტირებულ და სისტემურ ინსტრუმენტებს (Desimone, 2009; Darling-Hammond et al., 2017).

ქვემოთ წარმოდგენილია მეთოდური ინსტრუმენტების გაფართოებული კატალოგი, დაჯგუფებული ფუნქციის მიხედვით.

I. დაგეგმვის ინსტრუმენტები

დაგეგმვის ინსტრუმენტები მოიცავს გაკვეთილის შაბლონებს, მიზნების მატრიცებს, დიფერენცირების ფორმებსა და შედეგების რუკებს:

  1. გაკვეთილის დაგეგმვის სტრუქტურირებული შაბლონი;
  2. შედეგზე ორიენტირებული მიზნების ფორმულირების მატრიცა;
  3. ბლუმის ტაქსონომიის გამოყენების სქემა;
  4. SOLO ტაქსონომიის შეფასების ჩარჩო;
  5. გრძელვადიანი თემატური დაგეგმვის რუკა;
  6. დიფერენცირებული სწავლების გეგმის ფორმა;
  7. უკუმიმართულ (Backward Design) დაგეგმვის მოდელი;
  8. შეფასების წინასწარი კრიტერიუმების ცხრილი;
  9. აქტივობების დროის განაწილების დიაგრამა;
  10. სასწავლო შედეგების ტრეკინგის ცხრილი.

 

კვლევები მიუთითებს, რომ პროფესიული განვითარება ეფექტიანია მაშინ, როდესაც იგი ფოკუსირებულია კონკრეტულ შინაარსსა და მიზნებზე (Desimone, 2009). დაგეგმვის ინსტრუმენტები უზრუნველყოფს:

  • სასწავლო შედეგებთან შესაბამისობას;
  • მიზნის მკაფიო ფორმულირებას;
  • შეფასებასთან ინტეგრაციას.

დაგეგმვის სტრუქტურის გარეშე პროფესიული განვითარება კარგავს მიმართულებას და არ იძლევა გაზომვად შედეგს.

II. დაკვირვებისა და ანალიზის ინსტრუმენტები

ეს კატეგორია მოიცავს დაკვირვების ფორმებს, ვიდეოანალიზის პროტოკოლებს და ინსტრუქციული ხარისხის შეფასების ჩეკლისტებს:

  1. გაკვეთილზე დაკვირვების ფორმა (Observation Protocol);
  2. ინსტრუქციული ხარისხის შეფასების ჩეკლისტი;
  3. ვიდეოანალიზის პროტოკოლი;
  4. მოსწავლეთა ჩართულობის მონიტორინგის ცხრილი;
  5. კითხვების დონის ანალიზის ფორმა;
  6. დროის გამოყენების ანალიზის სქემა;
  7. სწავლების სტრატეგიების გამოყენების რუკა;
  8. შეფასების ერთგვაროვნების ვერიფიკაციის ფორმა;
  9. კოლეგიური დაკვირვების ჩანაწერის ფორმა;
  10. უკუკავშირის სტრუქტურირებული პროტოკოლი.

Hattie (2012) მიუთითებს, რომ კარგი ეფექტის მქონე პროფესიული პრაქტიკა ეფუძნება უკუკავშირს. დაკვირვებისა და ანალიზის ინსტრუმენტები:

  • ქმნის მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ანალიზს;
  • ამცირებს სუბიექტურ შეფასებას;
  • უზრუნველყოფს ინსტრუქციული ხარისხის გაზომვას.

უკუკავშირის გარეშე პროფესიული ზრდა სპონტანურია და არა სისტემური.

 III. რეფლექსიური ინსტრუმენტები

რეფლექსიური დღიურები, თვითშეფასების ფორმები და პროფესიული ზრდის გეგმები ხელს უწყობს თვითანალიზს.

  1. რეფლექსიური დღიური;
  2. გაკვეთილის შემდგომი თვითშეფასების ფორმა;
  3. „რა იმუშავა/რა უნდა გაუმჯობესდეს“ მატრიცა;
  4. კრიტიკული ინციდენტის ანალიზის ფორმა;
  5. პროფესიული ზრდის ინდივიდუალური გეგმა (PGP);
  6. რეფლექსიის კითხვების ბანკი;
  7. პროფესიული კომპეტენციების თვითშეფასების რუბრიკა;
  8. პროფესიული პორტფოლიოს სტრუქტურა;
  9. ქოუჩინგის რეფლექსიის ფორმა;
  10. პროფესიული მიზნების SMART მატრიცა.

Kolb-ის (1984) გამოცდილებითი სწავლების მოდელი ამტკიცებს, რომ რეფლექსია არის სწავლების ცენტრალური კომპონენტი. პროფესიული განვითარება ხდება მდგრადი მხოლოდ მაშინ, როდესაც მასწავლებელი აანალიზებს საკუთარ პრაქტიკას.

Darling-Hammond et al. (2017) აღნიშნავენ, რომ რეფლექსიური კომპონენტის გარეშე PD-ის გავლენა დროებითია.

IV. კოლაბორაციული ინსტრუმენტები

Lesson Study, PLC პროტოკოლები და კოლეგიური ანალიზის ფორმები ქმნის ერთობლივი პროფესიული სწავლების ჩარჩოს:

  1. Lesson Study ციკლის პროტოკოლი;
  2. PLC შეხვედრის სტრუქტურა;
  3. მონაცემთა ანალიზის კოლეგიური ფორმა;
  4. ერთობლივი დაგეგმვის სქემა;
  5. დისკუსიის მოდერატორის კითხვების ჩარჩო;
  6. პრობლემაზე დაფუძნებული ანალიზის ფორმა;
  7. ქეის-დისკუსიის მატრიცა;
  8. პროფესიული დებატის სტრუქტურა;
  9. კოლეგიური უკუკავშირის რუბრიკა;
  10. ერთობლივი კვლევის დაგეგმვის ფორმა.

საჭიროების დასაბუთება

სოციალური კონსტრუქტივიზმის მიხედვით, ცოდნა ყალიბდება კოლაბორაციაში. კვლევები აჩვენებს, რომ კოლეგიური პროფესიული განვითარება უფრო მაღალი ეფექტის მქონეა, ვიდრე ინდივიდუალური ტრენინგი (Hattie, 2012).

Lewis & Perry (2017) მიუთითებენ, რომ Lesson Study აძლიერებს საგნობრივ სიღრმეს და ინსტრუქციულ ხარისხს.

V. კვლევაზე დაფუძნებული ინსტრუმენტები

Action Research ციკლი, მონაცემთა ანალიზის ფორმები და მცირე მასშტაბის კვლევითი დიზაინები:

  1. Action Research ციკლის სქემა;
  2. მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტები (კითხვარი, ინტერვიუ);
  3. შეფასების მონაცემთა ანალიზის ცხრილი;
  4. მცირე მასშტაბის ექსპერიმენტული დიზაინის ფორმა;
  5. მოსწავლეთა შედეგების პროგრესის დიაგრამა;
  6. ინტერვენციის ეფექტიანობის შეფასების ფორმა;
  7. კვლევის ანგარიშის შაბლონი;
  8. ეთიკური თანხმობის ფორმა;
  9. ლიტერატურის მიმოხილვის სტრუქტურა;
  10. მონაცემთა ვიზუალიზაციის ცხრილი.

კვლევაზე დაფუძნებული პრაქტიკა ზრდის პროფესიულ ავტონომიას და პასუხისმგებლობას. Desimone (2009) აღნიშნავს, რომ მონაცემებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარება უფრო მდგრად შედეგს იძლევა.

Action Research ამყარებს თეორიისა და პრაქტიკის კავშირს და ხელს უწყობს კონტექსტზე მორგებულ ინოვაციას.

VI. შეფასების ინსტრუმენტები

შეფასების რუბრიკები, ფორმატიული შეფასების ჩეკლისტები და მოდერაციის ფორმები უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ეფექტიანობის გაზომვას:

  1. 4-დონიანი შეფასების რუბრიკა;
  2. ფორმატიული შეფასების ჩეკლისტი;
  3. კრიტერიუმებზე დაფუძნებული ანალიზის მატრიცა;
  4. თვითშეფასებისა და თანატოლთა შეფასების ფორმა;
  5. შეფასების მოდერაციის ფორმა;
  6. შეფასების სანდოობის ვერიფიკაციის ცხრილი;
  7. სწავლების გავლენის გაზომვის ინდიკატორები;
  8. უკუკავშირის ხარისხის შეფასების სქემა;
  9. პროფესიული განვითარების ეფექტიანობის ინდექსი;
  10. PD პროგრამის შეფასების ინსტრუმენტი.

მასწავლებლის პროფესიული განვითარება უნდა იყოს გაზომვადი. შეფასების ინსტრუმენტები:

  • უზრუნველყოფს პროგრესის მონიტორინგს;
  • ზრდის ანგარიშვალდებულებას;
  • აძლიერებს ხარისხის უზრუნველყოფას.

Hattie (2012) მიუთითებს, რომ მონაცემთა გამოყენება სწავლების გაუმჯობესების კრიტიკული ფაქტორია.

VII. ციფრული და AI ინსტრუმენტები

ციფრული შაბლონები, ანალიტიკური დაფები და AI-ანალიზის ინსტრუმენტები ქმნის თანამედროვე პროფესიული მხარდაჭერის სისტემას:

  1. გაკვეთილის დაგეგმვის ციფრული შაბლონი;
  2. ონლაინ უკუკავშირის პლატფორმა;
  3. მონაცემთა ანალიტიკური დაფა (Dashboard);
  4. მოსწავლეთა პროგრესის ტრეკინგის სისტემა;
  5. AI-ზე დაფუძნებული რეფლექსიური ანალიზის ინსტრუმენტი;
  6. ავტომატიზებული შეფასების სისტემა;
  7. ციფრული პორტფოლიო პლატფორმა;
  8. ონლაინ კოლაბორაციის ინსტრუმენტები;
  9. ვებინარის დიზაინის შაბლონი;
  10. ჰიბრიდული პროფესიული განვითარების მოდელი.

Luckin et al. (2016) აღნიშნავენ, რომ AI ეფექტიანია მაშინ, როდესაც იგი აძლიერებს პროფესიულ გადაწყვეტილებას.

ციფრული ინსტრუმენტები უზრუნველყოფს:

  • სწრაფ ანალიზს;
  • მონაცემთა ვიზუალიზაციას;
  • ჰიბრიდულ პროფესიულ განვითარებას.

თუმცა მათი გამოყენება უნდა იყოს ინტეგრირებული რეფლექსიურ და კოლაბორაციულ პროცესში.

VIII. სტრატეგიული და სისტემური ინსტრუმენტები

  1. პროფესიული განვითარების წლიური გეგმა;
  2. PD საჭიროებების დიაგნოსტიკური კითხვარი;
  3. კომპეტენციების რუკა;
  4. კარიერული პროგრესის მატრიცა;
  5. პროფესიული სტანდარტების შესაბამისობის ჩეკლისტი;
  6. ინსტიტუციური მხარდაჭერის ანალიზის ფორმა;
  7. ტრენინგის შემდგომი გავლენის შეფასება;
  8. სკოლის შიდა მოდერაციის სისტემა;
  9. პროფესიული საზოგადოების განვითარების ინდიკატორები;
  10. ხარისხის უზრუნველყოფის (QA) ფორმა.

მეთოდური რესურსების ეფექტიანობა იზრდება, როდესაც ისინი:

  • დაკავშირებულია პრაქტიკასთან (Desimone, 2009);
  • არის ხანგრძლივი და კოლაბორაციული (Darling-Hammond et al., 2017);
  • მოიცავს დაკვირვებასა და უკუკავშირს (Knight, 2016);
  • ეფუძნება მონაცემებს (Hattie, 2012).

სინთეზი: რატომ არის საჭირო შვიდივე კატეგორია?

კვლევითი ლიტერატურა მიუთითებს, რომ პროფესიული განვითარება ეფექტიანია მაშინ, როდესაც იგი:

  1. იწყება დიაგნოსტიკით;
  2. ეფუძნება დაგეგმვას;
  3. მოიცავს განხორციელებას;
  4. უზრუნველყოფს ანალიზსა და რეფლექსიას;
  5. ეფუძნება მონაცემებს;
  6. იძლევა შეფასების მექანიზმს;
  7. ინტეგრირებს თანამედროვე ტექნოლოგიას.

შვიდი კატეგორია ერთად ქმნის სისტემურ პროფესიულ ეკოსისტემას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ვერ იქნება ეფექტიანი, თუ იგი არ ეფუძნება სტრუქტურირებულ მეთოდურ რესურსებს. წარმოდგენილი რვა კატეგორიისგან შემდგარი  კლასიფიკაცია აჩვენებს, რომ პროფესიული ზრდა არის არა ერთჯერადი აქტივობა, არამედ სისტემური და სპირალური პროცესი, რომელიც მოიცავს დაგეგმვას, განხორციელებას, ანალიზს, რეფლექსიასა და შეფასებას.

კვლევითი ლიტერატურის სინთეზი მიუთითებს, რომ ყველაზე კარგი ეფექტის მქონე პროფესიული განვითარება ხასიათდება:

  • შინაარსობრივი ფოკუსით;
  • კოლაბორაციული სწავლით;
  • მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზით;
  • უკუკავშირითა და რეფლექსიით;
  • ხანგრძლივი და სისტემური ინტეგრაციით.

მეთოდური ინსტრუმენტის კატალოგი არ წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ ჩამონათვალს – იგი ქმნის პროფესიული განვითარების ეკოსისტემას, სადაც თითოეული კატეგორია ფუნქციონირებს ურთიერთდამოკიდებულად.

პროფესიული განვითარების ხარისხი დამოკიდებულია არა ინსტრუმენტების რაოდენობაზე, არამედ მათ ინტეგრირებულ და გააზრებულ გამოყენებაზე.

გამოყენებული ლიტერატურა

Darling-Hammond, L., Hyler, M. E., & Gardner, M. (2017). Effective teacher professional development. Learning Policy Institute.

Desimone, L. M. (2009). Improving impact studies of teachers’ professional development: Toward better conceptualizations and measures. Educational Researcher, 38(3), 181–199. https://doi.org/10.3102/0013189X08331140

Hattie, J. (2012). Visible learning for teachers: Maximizing impact on learning. Routledge.

Knight, J. (2016). Instructional coaching: A partnership approach to improving instruction. Corwin.

Kolb, D. A. (1984). Experiential learning: Experience as the source of learning and development. Prentice Hall.

Lewis, C., & Perry, R. (2017). Lesson study to scale up research-based knowledge: A randomized, controlled trial of fractions learning. Journal of Teacher Education, 68(3), 261–277. https://doi.org/10.1177/0022487117698039

Luckin, R., Holmes, W., Griffiths, M., & Forcier, L. B. (2016). Intelligence unleashed: An argument for AI in education. Pearson.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...