კვირა, აპრილი 5, 2026
5 აპრილი, კვირა, 2026

როგორ გავიაზროთ და შევისწავლოთ პრობლემა სწორად? (მეორე ნაწილი)

0

პოლიტიკის ანალიზი და პრობლემების გადაჭრის გზები – დამხმარე სავარჯიშო პრობლემის სწორად ჩამოყალიბებისთვის.

(მეორე ნაწილი)

„მჯერა, რომ თითოეულ ლიდერს აქვს უფლება განახორციელოს საკუთარი პოლიტიკა. მაგრამ როდესაც ვხედავ ისეთ საქმეებს, რომლებიც სწორად არ კეთდება — ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, არასწორი მიდგომები, მცდარი სტრატეგიები, უცხოელი კონსულტანტების გამოყენება (მათ შორის იმათი, რომლებიც სხვა ქვეყნებმა უკვე უარყვეს) — ვფიქრობ, რომ ჩემი სიტყვა აუცილებლად უნდა ვთქვა.“

  • მაჰათირ მოჰამადი, მალაიზიის

პრემიერ-მინისტრი 1981–2003 და 2018–2020 წლებში.

ავტორი: ლევან ალფაიძე

გთავაზობთ პრობლემების შესწავლის რამდენიმე სტრატეგიას და ამ პროცესის მთავარ შემადგენელ ნაწილს – პრობლემის განსაზღვრის, მისი შინაარსის აღქმის და პრობლემის ჩამოყალიბების რამდენიმე სასარგებლო წესს:

  1. შეეცადეთ პრობლემის პერეფრაზირებას, ანუ მისი სხვა სიტყვებით წარმოდგენას (Re-phrase the problem, ინგლ.). როდესაც „ტოიოტას“ დირექტორმა, ეიძი ტოიოდამ (Eiji Toyoda) თანამშრომლებს სთხოვა მიეწოდებინათ მისთვის მოსაზრებები „მათი სამუშაოს პროდუქტიულობის გაზრდის შესახებ“, თანამშრომლები დადუმდნენ. როდესაც დირექტორმა მოთხოვნის პერეფრაზირება მოახდინა და მოითხოვა მოსაზრებები „მათი სამუშაო მოვალეობების გაადვილების გზების შესახებ“, თანამშრომლებმა მას უამრავი მოსაზრება „დააყარეს“ თავს. სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ და ისინი მთავარ როლს თამაშობენ შინაარსის აღქმაში. „პროდუქტიულობის გაზრდა“, თავისი ელფერით იმ მსხვერპლს წააგავს, რომელიც ადამიანმა კომპანიისთვის უნდა გაიღოს. „სამუშაოს გაადვილება“ კი უფრო იმას ნიშნავს (ადმიანებისთვის) რომ მოსამსახურე თავის საქმიანობს აადვილებს და ამითი კომპანიასაც ეხმარება. ბოლოში, პრობლემა იგივეა, მაგრამ პრობლემის შინაარსისადმი დამოკიდებულება შეცვლილია, ადამიანი უფრო ადვილად გაიაზრებს დასმულ საკითხს.

ითამაშეთ პრობლემის განსაზღვრებსთან – შეცვალეთ იგი რამდენიმეჯერ. გამოიყენეთ სხვადასხვა სიტყვები, ზმნები, შეფასებები. შეცვალეთ გამოყენებული სიტყვები მათი შემცვლელებით ან სინონიმებით.

„გაყიდვების გაზრდა?“ – სცადეთ სხვა სიტყვები: „მოზიდვა“, „განვითარება“, „გაფართოება“ და ნახავთ თუ როგორ იცვლება თქვენს მიერ პრობლემის აღქმა. მდიდარ ლექსიკონს დიდი მნიშვნელობა აქვს საუბრისას. გამოიყენებთ სხვადასხვა ლექსიკონები, სინონიმების ან შემცვლელი სიტყვების მოსაძებნად.

  1. კრიტიკულად გაიაზრეთ პრობლემასთან დაკავშირებული მოსაზრებები და ვარაუდები – ნებისმიერი პრობლემა, მიუხედავად მისი შინაარსისა, უამრავ დაშვებასა და ვარაუდს ეფუძნება. მათგან ბევრი შესაძლოა არასწორი, არაზუსტი ან მცდარიც კი იყოს. მათ „გამოსავლენად“ დაჯექით და ჩამოწერეთ ის მოსაზრებები და ვარაუდები, რომლებიც პრობლემას უკავშირდება. „გამოააშკარავეთ“ ის საფუძველი, ის სამყარო, რომელიც ამ პრობლემის გარშემო არსებობს. განსაკუთრებით კი ის მოსაზრებები თუ „აზრები“, რომლებიც საყოველთაოდაა მიღებული და „ხელშეუხებლად“ ითვლებიან. ეს დაგეხმარებათ უფრო კრიტიკულად და ნათლად დაინახოთ პრობლემის გარშემო არსებული მოსაზრებები და რწმენები. ამ დროს მოგიწევთ ფილოსოფოსივით იფიქროთ და საკუთარ თავს შეკითხვები „რა?“ და „რატომ?“ დაუსვათ. შეაფასეთ კრიტიკულად თითოეული ვარაუდი თუ მოსაზრება მოცემულ პრობლემაზე და გამოსცადეთ თითოეული მათგანი „ვარგისიანობაზე“. შესაძლოა ამ პროცესმა გიჩვენოთ რომ ბევრი მოსაზრება სუსტია და არ გულისხმობს ზუსტ მოსაზრებებს თუ საფუძველს. მაგალითად, თუ სარესტორნო ბიზნესზე ვისაუბრებთ, ყველა თანხმდება რომ რესტორნებს მენიუ აქვთ. შეეცადეთ იფიქროთ ისეთ ვერსიაზე, როდესაც თქვენს რესტორანში მენიუს არსებობას აუცილებლად არ ჩათვლით და კლიენტი თვითონ შესთავაზებს შეფ-მზარეულს სასურველი კერძის მომზადებას.

 

  1. არ შემოიფარგლოთ საკუთარი წარმოდგენებით და სქემებით. გაიხსენეთ თქვენი მასწავლებლები ან მშობლები და შეეცადეთ წარმოიდგინოთ თუ როგორ შეეცდებოდნენ ისინი ამ პრობლემის მოგვარებას ან მის განსაზღვრას. ასევე, წარმოიდგინეთ თუ რას გირჩევდნენ ისინი, თუ პრობლემის შესახებ მათ ჰკითხავდით და ბოლოს, გამოიყენეთ ეს წარმოდგენები და შეადგინეთ პრობლემის განსაზღვრების თქვენი ვერსია.

 

 

  1. შეეცადეთ „დაშალოთ“ პრობლემა შემადგენელ ნაწილებად: ნებისმიერი პრობლემური საკითხი თუ მოვლენა, რომელიმე უფრო დიდი პრობლემის ნაწილია! სიტყვების და მათი ცვლილების მსგავსად, შესაძლებელია თქვენი პრობლემა წარმოიდგინოთ სხვადასხვა „სიმაღლეზე“ და იექრარქიულ დონეებზე. პრობლემის ვიწრო კუთხით დანახვის ასაცილებლად, დაუსვით თავს შეკითხვა: „რისი ნაწილია ეს ჩემი პრობლემა?“, „რისი მაგალითია იგი?“, ან რა „განზრახვები დგას ამ პრობლემის უკან?“.

კარგ სტრატეგიად ითვლება, თუ პრობლემის განსაზღვრაში სიტყვების ანალიზისას, არსებული სიტყვების ნაცვლად უფრო ფართო კარტეგორიებს გამოიყენებთ, მაგალითად, „მსუბუქი მანქანის“ ნაცვლად, თუ ჩასვავთ „ავტომობილს“ (რომელიც სხვა სახის მანქანებსაც გულისხმობს).

ასევე კარგია თუ დაუფიქრდებით შემდეგს: ეს პრობლემა, რომელსაც ვიკვლევ, რომელიმე უფრო დიდი და ღრმა პრობლემის ნაწილი ხომ არ არის? მაგალითად, „დენის ან გაზის მაღალი გადასახადი“ პრობლემაა ყველასთვის, და მისი შესწავლისას აზრი აქვს ან ელექტროდანდგარების ხარჯის ან გათბობის სისტემის გამართულად მუშაობის შემოწმებას. თუმცა, შესაძლებელია ისიც რომ ხალხი, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ, ან იყოფთ საცხოვრებელ ფართს, დაუდევრად ხარჯავენ დენს ან გაზს და არ აქცევენ ყურადღებას საკუთარ ქცევას. რადგან გადასახადს თქვენ იხდით, მათი ქცევა, ხარჯვისადმი, დაუდევარია და ვერ აცნობიერებენ თუ რამდენად არაეკონომიურად ფლანგავენ ელექტრობას, სითბოსა და თქვენს ფულს.

სასარგებლოა პრობლემის გააზრება მისი შემადგენელი ნაწილების პერსპექტივიდანაც – პრობლემის შემადგენელი პრობლემებიც შეიძლება „დაიშალოს“ უფრო მცირე პრობლემებად: თითოეული მათგანის (რომელიც ‘მთავარ’ პრობლემაზე უფრო მცირეა თავისი მასშტაბით) სპეციფიურობამ, შესაძლოა ‘დიდ’ პრობლემის უფრო ნათელი სურათი მოგცეთ. ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, დიდი მასშტაბის პრობლემების ანალიზისას.

 

  1. სხვა კუთხით და პერსპექტივით შეხედეთ პრობლემას: პრობლემის გადაწყვეტის და გამოსავლის პოვნის ნაცვლად, შეეცადეთ შეხედოთ პრობლემას სხვა კუთხიდან. მაგალითად, თუ თქვენს ბიზნესს სურს ‘გაყიდვების გაზრდა’, შეხედეთ ამ ამოცანას კლიენტის მხრიდან. ეს დაგეხმარებათ დახვეწოთ თქვენი პროდუქტი და უფრო მოარგოთ იგი კლიენტის მოთხოვნებს, გაზარდოთ მისი ფასი, გაზარდოთ პროდუქტის მიმზიდველობა; გადაწერეთ თქვენი პრობლემის განსაზღვრება ბევრჯერ და ყოველ ჯერზე შეხედეთ მას სხვისი თვალით: როგორ ხედავს ამ პრობლემას თქვენი კონკურენტი (ოპონენტი)? თქვენი თანამშრომლები? თქვენი მშობლები? ასევე, წარმოიდგინეთ თუ როგორ დაინახავენ ამ პრობლემას სხვა ადამიანები, სხვა როლებში: როგორ ჩამოაყალიბებს მას პოლიტიკოსი? უნივერსიტეტის პროფესორი? მღვდელი? შეეცადეთ ამ გზით, დაინახოთ ის განსხვავებები და მსგავსებები, რომლებითაც პრობლემას მიუდგებიან/დაინახავენ სხვა როლებში მყოფი ადამიანები.

ყოველთვის ეცადეთ გამოიყენოთ ეფექტური ენობრივი კონსტრუქციები: არ არსებობს ‘ყველათვის-მისაღები-პრობლემის-ფორმულირების-წესი’. მაგრამ არსებობენ სხვადასხვა ტიპის ეფექტური ენობრივი კონსტრუქციები, რომლებიც პრობლემის ფორმულირებას უფრო ეფექტურს გახდიან. პრობლემის გადაწყვეტისთვის უამრავი გზა არსებობს, შესაბამისად, ჯობია თქვათ: „ის გზები, რომლებიც შემიძლია შემოგთავაზოთ პრობლემის გადასაწყვეტად…“, ვიდრე „მე ამ პრობლემის გადაწყვეტა შემიძლია შემდეგნაირად ….“ – ეს მიანიშნებს რომ არსებობს გადაწყვეტის მრავალი გზა და არა ერთი, რომელიც თქვენ მოიფიქრეთ.

ეცადეთ ფორმულირება პოზიტიური იყოს: უარყოფის შემცველ (ნეგატიური ტიპის) წინადადებებს უფრო მეტი მენტალური და აღქმითი ენერგია ჭირდება. მაგალითად: „მოწევისთვის თავის დანებების“ გზების ძიებას, ჯობია შევთავაზოთ გზები ‘ჯანმრთელობის გაუმჯობესების’, ‘ენერგიის ზრდის“ ან „უფრო დიდხანს ცხოვრებისათვის“ და სხვა უფრო დადებითი კონსტრუქციების გამოყენება.

ჩამოაყალიბეთ პრობლემის განსაზღვრება კითხვის სახით. ადამიანის ტვინს უყვარს შეკითხვები. თუ კითხვა სწორად, ძლიერად და ნათლად არის დასმული, ტვინი ყველაფერს გააკეთებს პასუხის მოსაძებნად. იგი ამ საკითხზე გააგრძელებს ფიქრს ჩვენგან დამოუკიდებლადაც, რადგან ჩვენი ტვინი უბრალოდ, ასე მოქმედებს. თუ შეყოვნდებით და არაფერი გაფიქრდებათ, სცადეთ გამოიყენოთ შემდეგი ფორმულა: „რა გზებით/როგორ (ქმედებები) შეიძლება შევფუთო ჩემი წიგნი (ობიექტი) უფრო მიმზიდველად ( განმსაზღვრელი), რათა იგი უფრო მეტმა ადამიანმა შეიძინოს (შედეგი)?

შეეცადეთ პრობლემის ფორმულირება მსმენელისთვის (მკითხველისთვის) დამაინტრიგებელი, საინტერესო იყოს. მაგალითად: „გაყიდვების გაზრდის“ (მოსაწყენი ფორმულა) ნაცვლად, გამოიყენეთ რაიმე „განაცვიფროს / აღაფრთოვანოს მყიდველი“-ს მსგავსი კონსტრუქცია.

შეხედეთ პრობლემას თავდაყირა/უკუღმა: კიდევ ერთი გამოცდილი სავარჯიშო, რომელიც პრობლემების ფორმულირებისას შეიძლება დაგეხმაროთ, არის პრობლემის თავდაყირა დაყენება. კერძოდ, წარმოვიდგინოთ ის თუ რა წაგვაგებინებს და შეუძლებელს გახდის პრობლემის გადაწყვეტას, თუ მისი მოგვარება გვსურს. მაგალითად, თუ გვსურს „გაყიდვების გაზრდა“, წარმოიდგინეთ რა შეამცირებს გაყიდვებს აუცილებლად და რა ქმედება შეაჩერებს გაყიდვებს? პასუხებმა, შესაძლოა იმ გზებისკენ მიგითითოთ, რომლებიც ამ კითხვებზე პასუხისას გამოჩნდება. შემდეგ, თქვენ მათ კვლავ წაღმა წარმოიდგენთ და შესაძლოა ახალ, სწორ პასუხამდე / ფორმულირებამდე მიხვიდეთ.

ველზე წასვლა: კვლევისა და გამოძიების მისიის აღსრულება; აუცილებელია პრობლემის მიზეზებისა და მის გარშემო არსებული გარემოებების გამოკვლევა. გამოიძიეთ მისი წარმოშობისა და გამოწვევის მიზეზები. ჰკითხეთ ექსპერტებს, ადამიანებს, სფეროს სპეციალისტებს.

დაუსვით თავს კითხვები პრობლემის შესახებ. რა არ იცით პრობლემის შესახებ? როდის არ არსებობდა ეს პრობლემა? როგორ წარმოგიდგენიათ პრობლემის საზღვრები? იყავით ცნობისმოყვარე პრობლემის ყველა ასპექტის მიმართ. დასვით შეკითხვები და შეაგროვეთ ფაქტები.  სწორად დასმული  შეკითხვა და ფორმულირებული პრობლემა, საქმის ნახევარია. სწორად დანახული პრობლემა, თითქოს აღარც არის პრობლემა!

მაგალითები, პრობლემის განსაზღვრების წერისას:

– პრობლემის ჩამოყალიბებისას, იგი მხოლოდ ერთ პრობლემას უნდა აღწერდეს კონკრეტულად.

– პრობლემის ფორმულირება არ უნდა იყოს ერთ, ან ორ წინადადებაზე მეტი.

– პრობლემის განაცხადი არ უნდა შეიცავდეს გადაწყვეტის გზებს.

არ თქვათ: „უსახლკარო ოჯახებისთვის ცოტა თავშესაფრებია ხელმისაწვდომი“ – ეს ფორმულა მოიცავს პასუხს რომ „მეტი თავშესაფარი“ პრობლემას გააქრობს და მოაგვარებს. აჯობებს ითქვას ამგვარად: „ჩვენ ძალიან ბევრი უსახლკარო ოჯახი გვყავს“.

პრობლემის სწორად ჩამოყალიბებული განსაზღვრა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • განსაზღვრავს და მოიცავს მხოლოდ ერთ პრობლემას.

2) არ „ადანაშაულებს“ ვინმეს ან რამეს პრობლემის ჩამოყალიბებაში (მაგ. “ახალგაზრდებს, ჩვენს სამეზობლოში არ აქვს საკმარისი დადებითი აქტივობები“ ან „ახალგაზრდებს საქმე არაფერი აქვთ და სიტუაციას ურევენ“).

3) არ შეიცავს განსსაზღვრულ გადაწყვეტილებებს (მაგ. პრობლემა არ არის „ჩვენ არ გვაქვს ახალგაზრდული ცენტრი“; პრობლემა შეიძლება იყოს „ახალგაზრდები შარში ეხვევიან სკოლის შემდგომ საათებში“ , რომლის გადასაწყვეტადაც ახალგაზრდული ცენტრი შესაძლოა გენერალური პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ელემენტი იყოს).

4) დაახასიათეთ პრობლემა ქცევითა და იმ გარემოებებით, რომლებიც მასზე ახდენენ გავლენას (მაგ. პრობლემის კარგი განსაზღვრება პრობლემურ სიტუაციას ახასიათებს და აღწერს პრობლემურ, გაუგებარ ან ცუდ ქცევას, რომელიც პრობლემის შედეგი შეიძლება იყოს (მაგ. „ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყენებს მეტამფიტამინებს/ნარკოტიკული ნივთიერებას/ალკოჰოლს და სხვა“).

5) საკმარისად კონკრეტულია რომ გაზომვადი გახდეს (დახასიათებულ იქნას რაოდენობრივად).

6) ასახავს თემის/საზოგადოების/ჯგუფის დამოკიდებულებას საკითხისადმი, რომელიც გამოვლინდა შეფასების/კვლევის პროცესის დროს.  როგორც პოლიტიკის ანალიზის მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი, აარონ ვილდავსკი (Wildavsky, Aaron) აყალიბებს, „პოლიტიკის ანალიზი, წინასწარმეტყველური ხასიათისაა. იგი სვამს შეკითხვას: რა მოხდება თუ პოლიტიკის შერჩეული კურსი განხორციელდება? მოგვცემს შემოთავაზებული კურსი იმ შედეგებს, რომელთა მიღებაც გვსურს? რა ეღირება ამის განხორციელება? რა მოულოდნელობებს შეიძლება ველოდოთ შერჩეული კურსის განხორციელებისას?[1]

  • პოლიტიკის ანალიტიკოსი ცდილობს ჩამოაყალიბოს ის შესაძლებლობები, რომლებიც, თუ გაზიარებულ იქნენ, შეარბილებს იმ პრობლემებს, რომლებსაც ადამიანები ეჯახებიან ყოველდღიურად.
  • „როგორც ასეთი, პოლიტიკის ანალიზი, სადღაც, იდეალურ/წმინდა დაგეგმვასა (აპოლიტიკური, სინოპტიკური რაციონალურობა წარმართავს პროცესს) და უხეშ პოლიტიკას შორის (სადაც ძალაუფლების მფლობელთა პრეფერენციები კარნახობენ პოლიტიკურ კურსსა და ქმედებებს) მოიაზრება“[2].
  • პროფესორი აარონ ვილდავსკი, თავის კლასიკურ წიგნში, Speaking Truth to Power: The Art and Craft of Policy Analysis („სიმართლის თქმა ხელისუფლებისათვის: პოლიტიკის ანალიზის ხელოვნება და ხელობა“) ამბობს:

“ თუ ანალიზი, წმინდა ინტელექტუალური საქმიანობა იქნებოდა, მაშინ ანალიტიკოსები ყველაფერი იქნებოდნენ. ხოლო თუ ანალიზს, წმინდა ინტერაქტიული საქმედ წარმოვიდგენთ, მაშინ ანალიტიკოსები არაფერი იქნებოდნენ. ასეთ დროს გამოდის რომ უნდა ავირჩიოთ შემდეგი: ან გონება, მატერიის გარეშე, ან ძალა, წინდახედულობის გარეშე. არა ეს ასე არ არის – ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ჰიბრიდი, რომელსაც ერქმევა პოლიტიკის ანალიზი, რომელიც იყენებს ინტელექტს, რომელიც უფრო წარმართავს სოციალურ ურთიერთქმედებებს, ვიდრე ჩაანაცვლებს მათ“ (Wildavsky 1989, 124).

(დასასრული)

[1] Wildavsky, Aaron. Speaking Truth to Power: The Art and Craft of Policy Analysis. New York:

Little, Brown 1989

[2] წყარო: Patashnik, E., & Peck, J. (2014). Can Congress do policy analysis? The politics of problem solving on Capitol Hill. SSRN Electronic Journal. ბმული: https://doi.org/10.2139/ssrn.2489643

 

 

წიგნები, რომლებსაც არასდროს წავიკითხავ

0

სანამ თხუთმეტი ან თექვსმეტი წლის ვარ, ჩემში ათასი ფიქრი მოძრაობს და ჩემი ჩახუთული ოთახის ფანჯრებს მიღმა მთელი სამყარო ღელავს, სანამ ინტერნეტის უხილავ შრეებში ჩემი მოუხელთებელი ცნობისმოყვარეობისთვის ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია და სანამ ბრჭყვიალა ვირტუალურ თამაშებში ყოვლისშემძლე და მარადული პერსონაჟი ვარ, ვერავინ მაიძულებს ხელში წიგნი ავიღო და უწვრილეს ასოებს თუ უზარმაზარ წინადადებებს ჩემი ტვინის უჯრედები ვაკენკინო.

აუცილებელი არ არის მიმტკიცონ, რომ წიგნის კითხვა სულიერად და ფიზიკურად გამზრდის, ჩემს გონებას განავითარებს, გემოვნებას დახვეწს, ლოგიკური ამოცანების ამოხსნაში დამეხმარება და ცხოვრების გზაზე უბედურებას ამაცილებს. ეს ხერხი აღარ ჭრის, და საერთოდ, რთულია ჩემი რაიმეში დარწმუნება ან გადარწმუნება.

ინტერნეტში მარტო ისეთ რამეს ვკითხულობ, რაც ჩემს ფიქრებთან ახლოსაა, მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევაა. ხანდახან ისეც ხდება, რომ რაღაც გაწუხებს და არც იცი, ეს დარდი საიდან გაჩნდა. არადა, არც საშინელებათა ფილმი გინახავს, არც უცნაური ამბავი მოგისმენია, არც ჩხუბს შესწრებიხარ ქუჩაში. მგონი, უფრო შიგნიდან მოდის, ფიქრი არ გასვენებს და მერე გინდა, ამაზე ვინმეს ელაპარაკო ან პასუხები იპოვო. ასეთ პასუხებს მშობლებისგან და ხშირად ახლო მეგობრებისგანაც ვერ მოითხოვ. ვინმე სხვა გჭირდება, რაიმე სხვა, რაიმე ისეთი, რაც საკუთარ თავს მოგაგონებს და თან არ გაგაკრიტიკებს იმის გამო, რომ ასეთი ხარ, არ გაგკიცხავს და იმით დაგამშვიდებს, რომ ამ სამყაროში ბევრი შენნაირი ეძებს საკუთარ თავს.

მითხრეს, რომ ასეთი რამ წიგნია! რა თქმა უნდა, ამას ასე ადვილად არ დავიჯერებ და ბრმად წიგნის მაღაზიისკენ არ გავიქცევი. შეიძლება, ჩემი მოტყუება უნდათ, რომ უკეთ ვისწავლო ან თავი მოვიწონო, მაგრამ წიგნი ხომ დიდი ხანია მოდაში აღარაა, ტყუილი რა საჭიროა?!

ერთი მოთხრობა ყოფილა, „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“, სადაც ყვებიან, როგორია თავისუფლებისმოყვარე ჩიტის ბედი, რომელსაც ვერავის უგებს და ამ განსხვავებულობის განცდასა და ფრენის სურვილს კიდევაც შეეწირება. ხანდახან მეც მიჩნდება გაღწევის სურვილი, იმდენად ძლიერი, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, სხვები მიმიხვდებიან თუ არა. ალბათ, ესაა თავისუფლების წყურვილი. შესაძლოა, ამით ვგავდე თოლია ჯონათანს, მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მოთხრობა არ წამიკითხავს.

ისიც თქვეს, „თამაში ჭვავის ყანაში“ ყველა ახალგაზრდას მოსწონს, რადგან სელინჯერმა ყველაზე უკეთ დაინახა ახალგაზრდა ადამიანის მეამბოხე სულიო. არადა ყოველთვის მეამბოხეები არ ვართ, უბრალოდ ხანდახან უსამართლობას, გულგრილობას, უუფლებობას ვაპროტესტებთ. თუ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, სუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს და ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც გარს გვახვევია, არაფრად გვაგდებს. ეს წიგნი რომ მართლა ასეთ თემებზე იყოს დაწერილი, მართლა ჩვენს ბავშვობისდროინდელ გულისტკივილს შველოდეს და ჭვავის ყანაში ჩამდგარი პერსონაჟი მომავლის იმედს აჩენდეს, იქნებ, მეც წამეკითხა.

იმ ამბავმა, გრეგორი ზამზა რომ მწერად გადაიქცა თუ გარდაისახა, მთელი ღამე არ დამაძინა. რა შემაძრწუნებელი შეგრძნებაა, გახდე მწერი – მახინჯი, საზარელი, მოუხელთებელი არსება და ამ ამბავს ყველა გულგრილად შეხვდეს, შენგან მხოლოდ სარგებელს ელოდონ და შენ მიმართ ზიზღს გრძნობდნენ, ყველას ეზედმეტებოდე და არავინ თანაგიგრძნოს, არავინ გაგიფრთხილდეს, არავის უყვარდე. მე რომ ასეთი რამ დამმართოდა, ვერ გადავრჩებოდი. ჩემი მშობლებისთვისაც მარტივი არ იქნებოდა გრეგორისნაირი შვილის მიღება, მაგრამ ოთახში არ გამომკეტავდნენ, დანამდვილებით ვამბობ.

საერთოდ არ ვიცოდი, რომ ჯაფარა ჩიტს ერქვა, უფრო ჯადოქრის სახელს ჰგავს. მაგრამ ჩიტი ყოფილა და იმ წიგნში, „ნუ მოკლავ ჯაფარას“, სიმბოლურად კიდევ სხვა მნიშვნელობაც ჰქონია. მითხრეს, ეს წიგნი ძალიან ადვილად იკითხება, როგორც ამერიკულ პროზას ახასიათებს და თან ამბავს პატარა გოგო ყვებაო. ყველაფერზე ერთად როგორ უნდა დამაფიქროს წიგნმა – მეგობრობაზე, თანადგომაზე, სიკეთეზე, პატიოსნებაზე, როგორ უნდა ამიხსნას, რა არის რასიზმი და როგორ ვებრძოლოთ, რა არის ნამდვილი სიმამაცე და როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ის ადამიანში, რომელიც მის წარმოჩენას არც კი ცდილობს? ის კი მართლა საინტერესოა, დააკვირდე, როგორ ჩნდებიან ცხოვრებაში ავტორიტეტები და როგორ ყალიბდება ღირებულებები. ეს ატიკუს ფინჩიც ვინღაა?

არ მიყვარს, როცა იგავ-არაკებში ცხოველები ადამიანებივით ლაპარაკობენ. თითქოს რაღაცის შეფარულად თქმა უნდათ, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ცხოველები არიან და ადამიანური თვისებები აქვთ მიწერილი, მათი ყველა ნაკლი და შეცდომა კიდევ უფრო თვალსაჩინოა. არა მგონია, ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ მომეწონოს, ძალაუფლებისმოყვარე ცხოველიც გამაღიზიანებს, მისი შექმნილი ტოტალიტარული მმართველობაც და ამგვარ, ახალი ტიპის სახელმწიფოს შეგუებული ადამიანიც.

შესაძლებელია, ადამიანის მეხსიერება მხოლოდ 80 წუთს გრძელდებოდეს და მერე ყველაფერი ავიწყდებოდეს? შესაძლებელია, ყოველი ოთხმოცი წუთის შემდეგ ვინმეს თავიდან ეცნობოდე და ეს არ გბეზრდებოდეს? და კიდევ უფრო უცნაური რამ – მართალია, რომ ადამიანს, რომელსაც თავის ტრავმის გამო ასეთი ცუდი მეხსიერება აქვს, მაინც ახსოვს მათემატიკა, ფორმულები, ურთულესი სქემები, უსასრულო რიცხვები და ისეთი სიყვარულით საუბრობს მათემატიკაზე, თითოეული რიცხვის მნიშვნელობასა და მოხაზულობაზე, როგორც მხოლოდ საკუთარი ნამუშევრებით გატაცებულ ხელოვანს შეუძლია. ასეთ პროფესორს მეც დავუმეგობრდებოდი, რომ არსებობდეს!

დანაშაულისა და სასჯელის ურთიერთობაზე მეც ხშირად მიფიქრია. ვინ არის დამნაშავე? როგორია დამნაშავე ადამიანის ბუნება? არსებობს „კეთილი“ დამნაშავე, თუ ყველა დანაშაულის საწყისი ბოროტია? ვინ ისჯება ხოლმე და რატომ? ხანდახან სასჯელი დანაშაულზე უარესი ხომ არაა? სინანულს თუ შეუძლია, დანაშაულიც გადაფაროს და სასჯელიც? სიყვარულს რა შეუძლია? რომ ვიცოდე, „ზებულონი“ ყველა ამ კითხვას უპასუხებს, ვინმესგან ვითხოვებდი.

არ ვიცი, რატომ, მაგრამ გავიგე, ისეთი წიგნიც არსებობს, რომელშიც წიგნებს ებრძვიან და წვავენ. იმ სამყაროში ფიქრობენ, რომ წიგნი საშიშია, რადგან ფიქრს აღძრავს და ადამიანს მოაზროვნედ აყალიბებს. წიგნების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ რომელიმე გაი მონტეგი ჩემს სახლში რომ შემოიჭრას და წიგნები დასაწვავად გაიტაცოს, მაინც წინ გადავუდგები და შევებრძოლები. არავის აქვს უფლება, ჩემ ნაცვალად გადაწყვიტოს, ვიყო თუ არა მოაზროვნე!

მაგრამ ყველაფერი ჰიპოტეზაა, ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს! თხუთმეტი ან თექვსმეტი წლის ვარ და ვერავინ დამარწმუნებს, რომ ლიტერატურის კვალი წარუშლელია, წიგნისგან მიღებული შთაბეჭდილება სამუდამო, სიტყვის ძალა კი – განუზომელი.

 

წაუკითხავი წიგნების სია

რიჩარდ ბახი, „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“

ჯერომ სელინჯერი „თამაში ჭვავის ყანაში“

ფრანც კაფკა, „გარდასახვა“

ჰარპერ ლი, „ნუ მოკლავ ჯაფარას“

ჯორჯ ორუელი „ცხოველების ფერმა“

იოკო ოგავა, „პროფესორის საყვარელი ფორმულა“

ჯემალ ქარჩხაძე, „ზებულონი“

რეი ბრედბერი, „451 ფარენჰეიტით“

წიგნი მელასა და ისლანდიაზე

0

(სიონი, „სკუგაბალდური“)

ჯერ ყდამ მიიქცია ყურადღება, შემდეგ სათაურმა, ავტორის სახელმა, წარმომავლობამ, უცხო გარემომ, უცხო ფოლკლორმა, არქეტიპებმა, ადამიანისა და ბუნების ძალის ჭიდილმა, დაუფლებისა თუ გადარჩენის დაუოკებელმა ჟინმა, წიგნის გვერდებში ჩაბუდებულმა ჩრდილოურმა სიცივემ, ყინვამ, მარტივი წინადადებების მომხიბვლელობამ, სივრცემ წინადადებებს შორის, ბუნებრივმა თუ ავთენტურმა სიტყვაძუნწობამ, კალმის სიმსუბუქემ, მეტაფორებმა… ასეც ვიფიქრე, რომ ავტორი მხოლოდ პროზაიკოსი ვერ იქნებოდა და პოეტიც იყო.

მერე საგანგებოდ ამ წიგნის გამო წავიკითხე ისლანდიის ისტორიასა და კულტურაზე, მოვუსმინე ენას, მუსიკას, მოვიძიე გადაცემა ფლორასა და ფაუნაზე, გავიგე ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობასა და ეკოლოგიური ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე, დავათვალიერე ბუნება – დაცული ტერიტორიები, ვულკანები და სანაპიროები, მოვისმინე უნიკალური არქტიკული მელას ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში ადაპტირების უნარისა და აისბერგებით ზღვაში მოგზაური თეთრი დათვების ისტორიები და ნელ-ნელა აღმოვაჩინე ავტორის დაგებული მახეები, თითქმის ვუპასუხე ჩემსავე კითხვებს – ვინ არის ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი? მელა თუ პასტორი – თვითმყოფადი ბუნება თუ მოძალადე ადამიანი? მეცნიერი თუ მიტოვებული ბავშვი – კეთილშობილი ნატურალისტი თუ დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა ქალი? სად გადის ზღვარი ადამიანის უფლებებსა და ბუნების მიმღებლობას შორის, როდის ხდება სტიქიური მოვლენა გარდაუვალი? სად იკვეთება ბოროტება და კეთილშობილება და რა იბადება მათი შეხვედრის შემდეგ? გამოჩნდა ანტიგმირის აუცილებლობაც, რომლის ფონზეც ყველაფერი დანარჩენი გაცილებით მშვენიერი, ძვირფასი და მოსაფრთხილებელია – ბუნებაც, სიკეთეც და დაჩაგრული ადამიანიც.

რამდენიმე დღის წინ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე ავტორის მოსმენის საშუალებაც მომეცა და ჩემი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს პატარა წიგნი დიდ და მნიშველოვან თემებზე დაიწერა, კიდევ უფრო გაამყარა. მწერალმა ისაუბრა ავტორებზე, რომლებმაც მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს და მათ შორის გამოყო ბულგაკოვი, ისაუბრა ისლანდიურ და ზოგადად, ნორდიკულ ლიტერატურაზე, რომლის ლოგიკური გაგრძელებაცაა მისი ტექსტები, აღნიშნა, რომ არასდროს დარდობს მისი ნაწარმოებების მხატვრულ თარგმანებზე, უფრო სწორად, დანაკარგზე ამ თარგმანებში, რადგან ენდობა სხვა ენას და თუნდაც სრულიად უცხო ენის მუსიკალობას და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ წიგნზე მუშაობისას ერთადერთი პერსონაჟი, რომლის გონებაში შეძვრომა და რომლის პერსპექტივით საუბარიც არ უცდია, იყო აბა – დაუნის სინდრომის მქონე გოგონა, რადგან უნდოდა, ამ სიჩუმით პატივი ეცა მისი არსებობისთვის.

ავტორმა ზუსტად იცის, სად შეწყვიტოს თხრობა, რა გაამჟღავნოს და რა დამალოს, მაგრამ ასევე იცის, რა ძალა აქვს მის სიტყვას, რომლითაც ღრმა კვალის დატოვება შეუძლია. როგორც მის ლექსში, რომლის თარგმანიც დარბაზში მოვისმინე: „როცა სიტყვა ნამღერია უკვე, ის ვეღარასოდეს შეწყვეტს ჟღერას.“

 

როგორ გავიაზროთ და შევისწავლოთ პრობლემა სწორად? (პირველი ნაწილი)

0

პოლიტიკის ანალიზი და პრობლემების გადაჭრის გზები – დამხმარე სავარჯიშო პრობლემის სწორად ჩამოყალიბებისთვის[1]

(პირველი ნაწილი)

ყველასთვის ცნობილია თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს პრობლემის გადაჭრისათვის მის სწორად ჩამოყალიბებას. თუ რომელიმე პრობლემურ საკითხს არასწორად დავინახავთ, დავსვამთ და წარმოვიდგენთ, დიდი ალბათობით, მისი გადაჭრაც არასწორი იქნება. ცალკე საკითხი და პრობლემაა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს არასწორად გადაჭრილ პრობლემას – იგი შეიძლება პირველად პრობლემაზე ათასჯერ მეტი სიმძიმით დაუბრუნდეს „გადამჭრელს“ უკან!

დიდ ალბერტ აინშტაინს უთქვამს, რომ თუ მას მხოლოდ ერთი საათი ექნებოდა სამყაროს გადასარჩენად, იგი ორმოცდათხუთმეტ წუთს პრობლემის განსაზღვრას დაუთმობდა და დარჩენილ ხუთს – გადაწყვეტილების მიღებას.

აინშტაინის მაგალითი ნათლად გვიჩვენებს რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ „არ ვეცეთ“ პრობლემის გადაწყვეტას! აუცილებელია, წარმოსახვით უკან დავიხიოთ და გარკვეული დრო და ძალისხმევა პრობლემის შესწავლას, მისი არსის გარკვევას და გააზრებას მოვანდომოთ.

პრობლემის სწორად ჩამოყალიბება აუცილებელია იმისთვის რომ „მიღებულ იქნას გადაწყვეტილებები იმ მიზნებისთვის, რომელთა მიღწევა აუცილებელია პრობლემის მოსაგვარებლად (ან შესარბილებლად), იმ საშუალებებით, რომლებიც შეიძლება იქნეს არჩეული“  (Schon,1983, p.40).

ნიუ-იორკის მასშტაბით ცნობილი და როგორც ადრე ვთქვით, „ვიწრო ინტელექტუალურ წრეებში“ ძალიან სახელგანთქმული უნივერსიტეტი, „ნიუ სქულის“ (ინგლ. The New School) სარეკლამო ბანერები, რომლებიც ნიუ-იორკის მეტროს ყველა ვაგონში იყო გაკრული 2003-2004 წწ. ამბობდნენ შემდეგს: „We may not be able to answer all your questions, but we’ll teach you how to ask the right questions” – ქართულად: “ჩვენ შეიძლება ვერ ვუპასუხოთ თქვენს ყველა კითხვას, მაგრამ ჩვენ გასწავლით თუ როგორ უნდა დასვათ სწორი შეკითხვები”). როოგორც ხედავთ, პრობლემის ანალიზთან მიმართებაში, ეს მიდგომა, „სწორად დასმული შეკითხვები“, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება და შესაძლოა, სწორედ ის იყოს პრობლემებისადმი გააზრებული მიდგომის ყველაზე ეფექტური გზა.

პრობლემის გააზრებისა და სწორად ჩამოყალიბებისათვის გთავაზობთ მცირე ინტელექტუალურ სავარჯიშოს ერთი ამერიკული უნივერსიტეტის შესახებ, რომელიც პრობლემის სწორად დასმისა და გადაწყვეტის კარგ შემთხვევად შეიძლება განვიხილოთ.

ყველასთვის კარგად ცნობილ ამერიკულ ქალაქ ნიუ-იორკში, რომელსაც „დიდ ვაშლსაც“ (Big apple) უწოდებენ, მდებარეობს ნიუ-იორკის მასშტაბით ცნობილი და ვიტყოდი, „ვიწრო ინტელექტუალურ წრეებში“ ძალიან სახელგანთქმული უნივერსიტეტი, „ნიუ სქული“ (ინგლ. The New School).

ეს უნივერსიტეტი 1919 წელს დაარსეს ამერიკელმა ინტელექტუალებმა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დატოვეს კოლუმბიის უნივერსიტეტი, ადმინისტრაციასთან „ინტელექტუალური თავისუფლების შეზღუდვაზე“ კამათის გამო (ნიუ-სქულის დამაარსებლები იყვნენ ისტორიკოსი Charles Beard-ი, ფილოსოფოსი  John Dewey, ისტორიკოსი James Harvey Robinson-ი, ეკონომისტი და სოციოლოგი Thorstein Veblen, და ეკონომისტი და განათლების ორგანიზატორი, ნიუ-სქულის სოციალური კვლევების სკოლის დამაარსებელი და დირექტორი, Alvin Johnson-ი.

1930-იან წლებში, ნიუ-სქულის სოციალური მეცნიერებების სკოლას ახალი სიცოცხლე და ძალა შთაბერეს აშშ-ში ჰიტლერის რეჟიმისგან გამოქცეულმა და იმიგრირებულმა ებრაელმა ინტელექტუალებმა, რომლებიც შეუერთდნენ ნიუ-სქულს (მათ შორის ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები, ჰანა არენდტი, ერიხ ფრომი, ლეო შტრაუსი და ჰანს იონასი) და თავიანთ ამერიკელ კოლეგებთან ერთად შექმნეს ე.წ. „უნივერსიტეტი დევნილობაში“. ამ ადამიანების გაერთიანებამ ნიუ-სქულს მაშინვე გაუთქვა სახელი და უნივერსიტეტს, ამერიკელებისთვის უცნაური ფუნქცია, მოზრდილთა „განგრძობითი განათლების“ (ინგლ. Adult continuing education) სკოლის შინაარსი შესძინა – უნივერსიტეტს ახალი „სამომხმარებლო“ ბაზა გაუჩნდა: მომუშავე, ოცდაათწელს გადაცილებული სტუდენტები, რომლებიც საღამოობით ესწრებოდნენ ლექციებს!

სხვა სიტყვებით, ეს გახლდათ უნივერსიტეტი არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სკოლის დასრულების შემდეგ იწყებდნენ სწავლას საბაკალავრო საფეხურზე, არამედ, სკოლა მოზრდილებისთვისაც, ან როგორც დღეს იტყვიან, გამოცდილების მქონე პროფესიონალებისთვის, რომლებიც გადაწყვეტდნენ გაეღრმავებინათ თავიანთი ცოდნა ბიზნესის ან სოციალური მეცნიერებების სფეროებში, ან უბრალოდ, გაგრძელებინათ სწავლა და ახალი ცოდნის შეძენა.

ზოგადად, ამერიკული და ამერიკაში მდებარე უნივერსიტეტის გამორჩეულობისა და ახლებური ბრენდული შინაარსის ჩამოყალიბებისთვის, ეს აშკარად ახალი და საკმაოდ გაბედული ნაბიჯი გახლდათ – ტრადიციული ამერიკული უნივერსიტეტების უდიდესი ნაწილი, საერთოდ არ განიხილავდა ისეთ სასწავლო გეგმას, რომელიც „უწყვეტ“ ან „განგრძობით“ განათლებას იგულისხმებდა, მითუმეტეს ორმოცი და მეტი წლის ასაკის სტუდენტებისათვის – ასეთი მარკეტინგული სვლა თვით ამერიკისთვისაც კი მოულოდნელი გახლდათ.

ნიუ-სქულის იდეის შემქმნელთა ეს უცნაური ნაბიჯი აშკარად გამოწვევად იქცა ისეთი ცნობილი ტრადიციული ნიუ-იორკული სკოლებისთვის, როგორებიც გახლდნენ კოლუმბიის უნივერსიტეტი (Columbia University)  თუ ნიუ-იორკის უნივერსიტეტი (New York University – NYU), რომელბიც მთელს მსოფლიოში იყვნენ ცნობილი როგორც უმაღლესი ხარისხის კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

პრესტიჟისა და პროფესიული ხარისხების პირდაპირ კონკურენციაზე ფოკუსირების ნაცვლად, ნიუ-იორკული The New School ჩამოყალიბდა როგორც გახსნილობაზე, ინტელექტუალურ თავისუფლებასა და უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული ბრენდი.

იგი იზიდავდა მომუშავე ზრდასრულებს, პროფესიონალებსა და ემიგრანტებს, რომლებსაც სურდათ სერიოზული განათლება კოლუმბიისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების ფორმალობების, შეზღუდვებისა და კონსერვატიული სტრუქტურების გარეშე.

თუ ნიუ-სქულს ფუნქციურად შევადარებთ ნიუ-იორკის უმთავრეს და უცნობილეს, უნივერსიტეტებს, კოლუმბიას და ნიუ-იორკის  უნივერსიტეტს შევადარებთ, მივიღებთ შემდეგს:

  • კოლუმბია და ნიუიორკის უნივერსიტეტი (NYU) = ტრადიციული, აკადემიური ხარისხებზე ორიენტირებული, კვლევაზე დამყარებული.
  • The New School (საწყის ეტაპზე მას სხვა სახელი The New School for Social Research ერქვა, ლ.ა.) = ექსპერიმენტული, მოქნილი, ზრდასრულთა უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული, აქცენტით საჯარო ლექციებზე, საღამოს კურსებსა და პროგრესულ იდეებზე.

ეს ნიშური პოზიციონირებაგანათლება ზრდასრულებისთვის, კრიტიკულად მოაზროვნეებისთვის და შემდგომში ხელოვანებისა და დიზაინერებისთვისწარმოადგენდა (და წარმოადგენს) ნიუ-სქულის კონკურენტულ იდენტობას ნიუიორკის გადატვირთულ უმაღლესი განათლების გარემოში.

            ნიუ-სქულის, ისევე როგორც ყველა სხვა უმაღლესი განათლების სკოლის, როგორც ეფექტური და სერიოზული სასწავლო დაწესებულების რეპუტაციას, მისი სახელგანთქმული  და წარმატებული კურსდამთავრებლები ქმნიან. გთავაზობთ ნიუ-სქულის წარმატებულ და სახელგანთქმულ კურსდამთავრებულთა არასრულ სიას:

ტენესი უილიამსი (Tennessee Williams, ამერიკელი დრამატურგი, პიესის, „სურვილის ტრამვაი“ ავტორი); ჯეკ კერუაკი (Jack Kerouac, მწერალი და პოეტი, „ბიტნიკების“ თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი); ჯეიმს ბოლდუინი (James Baldwin, მწერალი, აქტივისტი, მარტინ ლუთერ კინგის თანამებრძოლი); უილიამ სტაირონი (William Styron, მწერალი და ესესისტი, რომანი „სოფის არჩევანის“ ავტორი); ჯემეიქა ქინქეიდი (Jamaica Kincaid, მწერალი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი); როდ სტაიგერი (Rod Steiger, ოსკაროსანი კინომსახიობი); რობერტ გლასპერი (Robert Glasper, ჯაზ-მუსიკოსი, ჯაზ პიანისტი, Grammy-ის მრავალგზის მფლობელი); ენი დი ფრანკო (Ani DiFranco, მომღერალი-შემსრულებელი, Grammy-ის პრემიის მფლობელი, აქტივისტი); სუფიან სტივენსი (Sufjan Stevens, მუსიკოსი, ინდი-ფოლკის შემსრულებელი); ჰარი ბელაფონტე (Harry Belafonte, მომღერალი და აქტივისტი, მუსიკოსი-კომპოზიტორი); უოლტერ მათაუ (Walter Matthau, ოსკაროსანი კინომსახიობი); ქეივინ სმითი (Kevin Smith, რეჟისორი და მსახიობი, კინოფესტივალის Sundance-ის გამარჯვებული, Batman-ის თანამედროვე კომიქსების ავტორი); ანა სუი (Anna Sui, დიზაინერი, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახელი ამერიკის, აზიის და გლობალურ მოდის ინდუსტრიაში), დონა კარანი (Donna Karan, მოდის ცნობილი დიზაინერი); მარკ ჯეიკობსი (Marc Jacobs, მოდის ცნობილი დიზაინერი), ტომ ფორდი (Tom Ford, თანამედროვე მოდის ლეგენდარული დიზაინერი და რეჟისორი), ნარკისო როდრიგესი (Narciso Rodriguez, მოდის დიზაინერი, გლობალური ბრენდის ავტორი და მფლობელი); ჯენა ლაიონსი (Jenna Lyons, დიზაინერი, J.Crew-ს ბრენდის კრეატიული დირექტორი და ხელმძღვანელი); ბრედლი კუპერი(Bradley Cooper, მსახიობი და პროდიუსერი, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი და რეჟისორი); მარლონ ბრანდო ( Marlon Brando,  ოსკაროსანი კინომსახიობი, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი და რეჟისორი, მთავარი როლის შემსრულებელი, ფრენსის ფორდ კოპოლას კინოდრამაში „ნათლიმამა“); ელენორ რუზველტი (Eleanor Roosevelt; აქტივისტი, ყოფილი პირველი ლედი, ფრანკლინ დელანო რუზველტის მეუღლე, დიპლომატი და გაეროს ერთ-ერთი ლიდერი) და  შიმონ პერესი (Shimon Peres, ისრაელის ყოფილი პრემიერი და პრეზიდენტი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ლიდერი).

სტატიის მეორე ნაწილი, უშუალოდ პრობლემების ანალიზსა და პრობლემის ფორმულირების საკითხებს შეეხება.

(პირველი ნაწილის დასასრული)

[1] გამოყენებული წყაროები: ა) http://ctb.ku.edu/en/table-of-contents/analyze/analyze-community-problems-and-solutions/define-analyze-problem/main ბ) Basic Methods of Policy Analysis and Planning, Carl V. Patton and David S. Sawicki გ) Introduction to Policy Analisis and Policy Modelling, Thomas Fellman, Lecture notes and further information: www.uni-hohenheim.de/apo, University of Hohenheim, 2008,  დ) https://www.wikihow.com/Define-a-Problem; ე) https://www.sheffield.ac.uk/polopoly_fs/1.440722!/file/HowtoWriteaProblemStatement.pdf ვ) SCHON, D. A. (1983) The Refective Practitioner, New York: Basic Books.

იუთუბერები და მათი ვიდეოები, როგორც სასწავლო რესურსი

0

თანამედროვე სამყაროში ციფრული პროდუქტი განათლების განუყოფელი ნაწილი გახდა. ახალგაზრდების ინტერესები იუთუბერების მიმართ იზრდება. ისინი უნიკალურ და საინტერესო ვიდეოებს ქმნიან. ერთმანეთს ეჯიბრებიან. მათი არხები და შექმნილი ვიდეოები ნელ-ნელა ანაცვლებს ტელევიზიებს, ცნობილი ტელეარხების მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს. მოსწავლეებთან საუბრისას აღმოვაჩინე, რომ ისინი დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს ქართველ იუთუბერებს, რომლებიც ცდილობენ, მაყურებელს აჩვენონ მიუწვდომელი ადგილები და გააცნონ ამბები.

ამ აღმოჩენის შემდეგ აქტიურად დავიწყე იუთუბ ვიდეოების სასწავლო პროცესში გამოყენება. მიდგომამ საშუალება მომცა საგნობრივი თემები დამეკავშირებინა რეალურ ამბებთან. მით უმეტეს, მათთვის გასაგებ და პოპულარულ ენაზე მოსმენილი თავგადასავლები უფრო თვალსაჩინოსა და აღქმადს ხდის თანამედროვე პრობლემებს.

სტატიაში გაგიზიარებთ სოსო ნებიერიძის (Soso Around The World) ორ ვიდეოს, რომლებიც წარმატებით გამოვიყენე საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

 

მოგზაურობა ჩრდილოეთ კორეაში

პოლიტიკური იდეოლოგიები და რეჟიმები საგნების – მოქალაქეობა, ისტორია, გეოგრაფია – ფარგლებში ისწავლება საბაზო და საშუალო საფეხურებზე. საკითხის დამუშავებისას მოსწავლემ უნდა დაინახოს ამა თუ იმ პოლიტიკური იდეოლოგიისა თუ რეჟიმის გავლენა ადამიანსა და საზოგადოებაზე. სახელმძღვანელოები ძირითადად საბჭოთა და ნაცისტური გერმანიის მაგალითებს განიხილავენ, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ ტოტალიტარიზმი მხოლოდ წარსულის გამოძახილი  არ არის. დღეს, XXI საუკუნეშიც ადვილი შესაძლებელია ადამიანების სრულად დამორჩილება. ჩრდილოეთ კორეა კი ამის თვალსაჩინო მაგალითია.

„მოგზაურობა ჩრდილოეთ კორეაში“ არის ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული იუთუბ ვიდეო ქართულ რეალობაში. რესურსი საუკეთესოა დიქტატურის, ერთპიროვნული მმართველობის, ადამიანების დამორჩილებისა თუ დამონების პროცესის თვალსაჩინოდ საჩვენებლად. ვიდეოში ნაჩვენები თითოეული ეპიზოდი კარგად ასახავს იმ უბედურებას, ნამდვილ ტრაგიზმს, რომელიც მოაქვს დიქტატორულ მმართველობას მოსახლეობისთვის.

დავალების პირობა: ფილმის ყურების დროს შეაგროვე ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, მოამზადე წერილი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სახელზე. წერილში მიუთითე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ის მუხლები, რომლებიც ყველაზე ხშირად ირღვევა ჩრდილოეთ კორეაში.

 

მოჩვენებების ქალაქი, რომელიც 50 წლის წინ მიატოვეს

2004 წელს კვიპროსი გახდა ევროკავშირის წევრი ისე, რომ ტერიტორიული მთლიანობა იყო დარღვეული. ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი დღემდე რჩება თურქეთის კონტროლქვეშ. ეს და სხვა მიზეზი კვიპროსს საქართველოსთვის საინტერესო და სამაგალითო ქვეყნად აქცევს.

კონფლიქტი, მშობლიურ სახლებს მოწყვეტილი მოსახლეობა, ორად გაყოფილი ქვეყანა და დედაქალაქი, ტრავმა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს ომი და მისი შედეგები.

სოსო ნებიერიძის მორიგი ეპიზოდი „მოჩვენებების ქალაქი, რომელიც 50 წლის წინ მიატოვეს“ კარგად აჩვენებს კონფლიქტის უარყოფით მხარეებს.

ეს ვიდეო განსაკუთრებით აქტუალურია ისტორიის, გეოგრაფიისა და მოქალაქეობის საგნებისთვის, რადგან ის მშრალი ისტორიული ფაქტების ნაცვლად, ემოციურ და რეალურ მაგალითებს გვთავაზობს.

 სადისკუსიო კითხვები:

  • რა განცდები გაგიჩნდათ ვიდეოს ყურებისას?
  • როგორ ფიქრობთ, რა პრობლემებია ნაჩვენები ამ ვიდეოში და როგორ უკავშირდება ის ქართულ რეალობას?
  • როგორ შეიძლება ამ ვიდეოში ნაჩვენები პრობლემების მოგვარება? თქვენ რომ ამ ქვეყნის მოქალაქე იყოთ, რას გააკეთებდით?

როგორ გავლენას ახდენს ოკუპაცია და კონფლიქტები ადამიანებზე?

,,ქეთოს გზა” — ლიტერატურული სამაგიდო თამაში

0

,,უსაყვარლესი თამაშია და მსგავსად ბევრი სხვა ნაწარმოების გათვალისწინებით შეიძლება შევქმნათ სხვა სამაგიდო თამაშები…” ესაა ამონარიდი ქ. გორის მე-8 საჯარო სკოლის გვერდიდან და შეეხება ჩვენ მიერ USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში დამზადებულ სამაგიდო თამაშს ,,ქეთოს გზა”.

ლიტერატურული სამაგიდო თამაშის იდეა ზემოთაღნიშნული პროგრამის წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელს, თათა ჭანტურიას წლების განმავლობაში ჰქონდა და, როდესაც სათანადო შესაძლებლობა გამოჩნდა, მისი რეალიზება მე დამევალა, როგორც პროგრამის კონსულტანტს. უნდა აღინიშნოს, რომ იდეის ავტორისა და, ამავროულად, ჩემი უშუალო ხელმძღვანელის დახმარება და მხარდაჭერა თამაშის შექმნის პროცესში მას ამ რესურსის თანაავტორადაც აქცევს. თამაშის დიზაინზე კი ნუგზარ არჩემაშვილმა იმუშავა.

სათამაშო კომპლექტი მოიცავს დაფას, ბარათებს, ტექსტს, კამათელსა და ნიშანფიგურებს.

თამაშის დასაწყისი და დასასრული იქნება ქეთოს გზის საწყისი და საბოლოო წერტილები. ამ გზაზე მოთამაშეები შეასრულებენ სხვადასხვა დავალებას. შეიძლება ითამაშოს ორმა, სამმა, ოთხმა ბავშვმა. ერთი მოთამაშე შეიძლება იყოს „დედა“ ანუ მოთამაშე, რომელიც იცავს წესრიგს, ანაწილებს და იღებს შეკითხვებს, დავალებებს, ამოწმებს პასუხების სისწორეს, ინიშნავს მოთამაშეთა ქულებს და ა. შ. მოთამაშეები სვლებს გააკეთებენ ერთი ცალი კამათლის გაგორებით.

მოთამაშეს თითო დავალების შესრულებაში ეძლევა ერთი ქულა. დავალება სრულდება იმ შემთხვევაში, თუ კამათლის გამგორებელს შესაბამის ნიშნულზე მოუწევს შეჩერება. გამარჯვებული ხდება ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე ადრე მიაღწევს ფინიშს და ყველაზე მეტი ქულა ექნება. თუ მოთამაშე ფინიშს მიაღწევს, იგი უნდა დაელოდოს გაგორების ერთ წრეს. თუ მასთან ერთად, სხვაც გადალახავს ფინიშის ხაზს, გამარჯვებული იქნება ის, რომელსაც მეტი ქულა ექნება.`

ვნახოთ დავალებათა რუბრიკები, რომელიც შეთავაზებულია ბავშვებისთვის.

  1. უპასუხე შეკითხვას (ორი სახის)

შეკითხვები ორი სახისაა: ჯერ ტესტური დავალების ტიპის შეკითხვებია, რომელშიც ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთი უნდა შეარჩიოს მოთამაშემ. შემდეგ კი შეთავაზებულია შედარებით სააზროვნო შეკითხვებიც.

  1. შეავსე წინადადება

აქ მოცემულია ფრაგმენტები ტექსტიდან, რომელიც გამოტოვებულია სიტყვა. მოთამაშე იხსენებს იმ მონაკვეთს და ცდილობს აღადგინოს სიტყვა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლის ძალისხემვა ფასეული იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი მაინცდამაინც ზუსტად არ ჩასვამს გოგებაშვილისეულ სიტყვას, მაგრამ დაიცავს აზრობრივ გამართიულობას.

 

  1. გამოიცანი პერსონაჟი

ამ ბარათებზე მოკლე ფრაზებია შეთავაზებული, რომელთა მიხედვითაც მოთამაშე ამოიცნობს პერსონაჟს:

  • პატარა ბავშვია და კისკისება;
  • თარზე უკრავს;
  • სასიამოვნოდ მღერის;
  • დალაწლაწებენ…

აქ მნიშვნელოვანია, ბავშვებმა თავადაც მოიფიქრონ სხვა ფრაზებიც, რომლებიც ამა თუ  იმ პერსონაჟს გამოაცნობინებს თანაკლასელს.

  1. გამოცანი ეპიზოდი

დავალებათა ამ პაკეტის ბარათებზე დატანილია ტექსტის ციტატები და ბავშვებმა უნდა გაიხსენონ შესაბამისი ეპიზოდი. ისევე როგორც სხვა პაკეტებში, აქაც 10 ბარათია:

  • „ლეკები მოწიწებით მივიდნენ და თავი დაბლა დაუკრეს, როგორც თავის ბატონ მბრძანებელს.“
  • „ტყეს რომ მიუახლოვდნენ, ბავშვმა ხის ქვეშ ჩიტი დაინახა და გაექანა. ჩიტმა ისკუპა და იქით ხეებში გადაფრთხიალდა.“
  • „დედობრივმა ალერსმა მალე მოასულიერა ბავშვი.“
  • „ამოვიდა თუ არა მზე, ზურაბ ქართველაძე მივიდა გზის პირას, ამოეფარა ხეების ჯგუფს და დაიწყო ცქერა იქითკენ, საიდანაც ქეთოს უნდა გამოევლო.“
  • და ა. შ.

აღარ გავიმეორებთ, რომ მსგავს თამაშ-დავალებებს ბავშვები თვითონაც უნდა ქმნიდნენ, როგორც ამავე ტექსტიდან, ასევე სხვა უკვე შესწავლილი თუ შესასწავლი მასალიდან. განსაკუთრებით საინტერესო იქნება, თუკი მოსწავლეთა მცირე ჯგუფები ერთად წაიკითხავენ ე. წ. კლასგარეშე ლიტერატურას, იმის მიხედვით მოიფიქრებენ და დაამზადებენ მსგავს თამაშს და წარუდგენენ თანაკლასელებს, რითაც კიდევ უფრო მეტად აღეძვრებათ ახალი წიგნის წაკითხვის მოტივაცია.

  1. აღწერე ადგილი

აღწერა ერთ-ერთი სასარგებლო უნარია, რომელიც ადამიანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები უკვე აღჭურვილნი არიან ამ უნარით. სწორედ მისი გავარჯიშებისთვისაა გათვალისწინებული ამ რუბრიკის დავალებებიც. მოსწავლეები ჯერ ამოიცნობენ იმ ადგილმდებარეობას ე. წ. ლოკაციას, რომელიც ნაწარმოებიდანაა შეთავაზებული, შემდეგ მაქსიმალური სიზუსტით ცდილობენ მის აღწერას. ,,სიზუსტე” აქ მეტად პირობითი ნათქვამია, რადგან ბავშვებს არ უნდა შევუზღუდოთ საკუთარი ინტერპრეტაციები, წარმოსახვა, ფანტაზია და რაც შეიძლება უხვად გაამრავალფეროვნოს აღსაწერი ადგილი.

  1. განმარტე სიტყვა / გამოთქმა

სიტყვების განმარტება ერთ-ერთი საკვანძო კომპეტენციაა, რომელიც მოსწავლეებს შეგვიძლია განუვითაროთ დაწყებით საფეხურზე. ამასთან, იგი უნდა დაიხვეწოს მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში.  ამ რუბრიკის ბარათებზე სავალდებულო არაა მაინცდამაინც იშვიათი ანდა რთული სიტყვები შევთავაზოთ მოსწავლეებს. კარგი იქნება ჩვეულებრივი სიტყვების განმარტებაც, რადგან თავისთავად სიტყვების განმარტების უნარია მეტად ღირებული. ამასთან, ადვილ სიტყვებზე მუშაობისას ყველა მოსწავლე ინტერესით იქნება ჩართული, მიუხედავად იმისა მდიდარი ლექსიკური მარაგი აქვს თუ შედარებით ღარიბი.

  1. იმღერე იავნანა

ეს რუბრიკა გაამრავალფეროვნებს და კიდევ უფრო გაახალისებს ჩვენს ლიტერატურულ თამაშს. პრინციპში, განა შეიძლებოდა ,,ქეთოს გზა” სიმღერის გარეშე?! ნამდვილად არ შეიძლებოდა.

ნაწარმოები საშალებას იძლევა კიდევ უფრო მეტი გასაქანი მივცეთ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ნაწარმოების დასაწყისში შემთხვევით არაა გამახვილებული ყურადღება მაგდანის საოცარ საშემსრულებლო ნიჭზე. მოსწავლეები უნდა დაფიქრდნენ ხელოვნების ძალაზე, მის დადებით გავლენაზე ადამიანის ცხოვრებაში.

მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თამაშის ამ მონაკვეთში ზოგიერთმა ბავშვმა შეიძლება არასათანადო რეაქცია გამოავლინოს თანაკლასელის ნამღერის მიმართ — იციან ხოლმე ბავშვებმა ერთმანეთის გაქილიკება, დაცინვა, დამცირებაც კი. რაც არ უნდა ,,თამაშისა” და ,,ხუმრობის” იარლიყით იყოს შეფუთული ასეთი გამოვლინებები, მაინც სახიფათოა და აღმოსაფხვრელია. კარგი იქნება, თუკი მასწავლებელი ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცესვ.

  1. რა ხმა გესმის?

ამ დავალებებში მოთამაშეებმა უნდა გაიხსენონ შეთავაზებული ეპიზოდი და გაახმოვანონ, როგორც ვერბალური, ისე არავერბალური (ხმაური, ჭიკჭიკი, ჭიხვინი, ბუნების მოვლენების ხმა…) საშუალებებით. რასაკვირველია, კარგი იქნება ამ დროს თანაკლასელის დახმარება.

ამავე სამგიდო თამაშს შეიძლება დაემატოს შემდეგი სახის დავალებებიც:

ა) ამოიცანი ან შეცვალე ეპითეტი;

ბ) შეცვალე ან მოიფიქრე შედარება;

გ) გაახმოვანე ან გაითამაშე ეპიზოდი…

 

…ამ წერილის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ბავშვბმა და მასწავლებლებმა თავადაც იმუშაონ მსგავსი ტიპის თამაშების შექმნაზე სხვადასხვა ნაწარმოების მიხედვით. საინტერესო სამაგიდო თამაში შეიძლება გამოვიდეს ისეთი ნაწარმოებებისგან, როგორებიცაა ,,შვლის ნუკრის ნაამბობი” (,,ნაფეხურები”), ,,ჩემი თავგადასავალი” (,,სხვიტორიდან სავანემდე”), ,,კაცია ადამიანი?!” (,,ოლოლო შენ!”), ,,სოლომან მორბელაძე” (,,ხეტიალი”) და სხვა და, რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს ,,ვეფხისტყაოსანი” (,,სიყვარული — გზა და ხიდი”).

ბოლოს, გთავაზობთ ბმულს, რომლის საშუალებითაც ნახავთ აღნიშნულ თამაშს: https://drive.google.com/file/d/1QIIX1oYP4HOa_RaE2Vp_HFWR44KWLCoq/view?usp=sharing

იგი აგრეთვე ატვირთულია პორტალზე https://chemiskola.iliauni.edu.ge/

 

 

 

 

 

მათემატიკური ბორბალი – სწავლის ახალი პერსპექტივა

0

განათლების მუდმივად განვითარებად სამყაროში, სწავლა- სწავლებისას სწორი ინსტრუმენტებისა და რესურსების ხელმისაწვდომობა  მრავალფეროვან სასწავლო გარემოს ქმნის. ჩვენ, მასწავლებლები, მუდმივად ვეძებთ ინოვაციურ მეთოდებს, რათა მათემატიკის რთული ცნებები მოსწავლეებს მარტივად და საინტერესოდ მივაწოდოთ. ამ მრავალფეროვან „ხელსაწყოთა ყუთში“ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „ბორბლის მეთოდს“. ამ მეთოდის უპირატესობა მრავალმხრივია:

  • კრიტიკული აზროვნების განვითარება: მოსწავლეები დამოუკიდებლად აანალიზებენ პრობლემებს და ეძებენ მათ გადაჭრის გზებს.
  • ჯგუფური მუშაობის ხელშეწყობა: მოსწავლეები თანამშრომლობენ, უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ერთობლივად აღწევენ მიზანს.
  • ცნებების განმტკიცება: თეორიული ცოდნა გამოიყენება პრაქტიკაში, რაც მას უფრო მყარსა და ადვილად დასამახსოვრებელს ხდის.
  • კრეატიულობა: „ბორბლის მეთოდი“ იძლევა სივრცეს შემოქმედებისათვის, რადგან მოსწავლეები თავად ქმნიან ამოცანებს და სიტუაციებს.

„ბორბლის მეთოდი“ შესაძლებელია სხვადასხვა თემასა და მიზანს მოვარგოთ. ამ სტატიაში კი ჩემ მიერ მე-9 კლასში ჩატარებულ პრაქტიკულ გაკვეთილს გაგიზიარებთ, რომელიც ბორბლის მეთოდით ჩავატარე თემაზე „როგორ გამოვიყენოთ პროცენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში“. ეს გაკვეთილი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც შემაჯამებელი, ასევე შუალედური შეფასებისთვის.

თემატური ბლოკი: რიცხვები

თემა: პროცენტი

საკითხი: ყოფით ცხოვრებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხნსა პროცენტის მეშვეობით.

 

სამიზნე ცნებები:

მათემატიკური მოდელი:

პროცენტის, პროპორციებისა და განტოლებების გამოყენება რეალური ცხოვრებისეული ამოცანების (მაგალითად, ფასდაკლების) ამოსახსნელად.

კანონზომიერება:

კავშირის დადგენა პროცენტული ცვლილებების სხვადასხვა ფორმებს შორის (მაგალითად, რიცხვის 10%-ით გაზრდა იგივეა, რაც მისი 1.1-ზე გამრავლება)

ლოგიკა:

უცნობი სიდიდეების (მაგალითად, საწყისი ფასის) პოვნის გზების დასაბუთება და მათზე მსჯელობა.

შეფასების ინდიკატორები (სტანდარტის მიხედვით) – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • რიცხვების წარმოდეგნა სხვადასხვა ფორმით ( მათ. საბ.: 3, 5, 6, 7, 9, 11);
  • გამოთვლებთან და რაოდენობის შეფასებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა (მათ.საბ.8,9,10).

გაკვეთილის მიმდინარეობა

გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობის შემდეგ:

  1. ბორბლის შექმნა: დიდ ფლიფჩარტზე დავხაზე დიდი წრე, იგივე ბორბალი. მის ცენტრში დავწერე მთავარი პრობლემა-შეკითხვა: „როგორ გამოვიყენოთ პროცენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში?“
  2. იდეების შეგროვება: მოსწავლეთა ჯგუფებმა გონებრივი იერიშის მეთოდით გამოთქვეს მოსაზრებები. ეს იდეები დავიტანეთ ბორბლის გარე საზღვარზე, რითაც წრე დაიყო რამდენიმე არედ.
  3. სფეროების გამოყოფა:
გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი სფერო, სადაც პროცენტები გამოიყენება:

o    ფინანსები: ფასდაკლებები მაღაზიებში; ბანკის სესხები ან ანაბრები

o    ყოველდღიური ცხოვრება: რეცეპტები და ინგრედიენტების პროპორციები; კვება და ჯანმრთელობა

o    სოციალური მეცნიერებები: სტატისტიკა და გამოკითხვები; დემოგრაფია

o    სხვა სფეროები: სპორტი და შედეგების ანალიზი; ბიზნესი…

 

  1. ჯგუფური მუშაობა: გონებრივი იერიშისა და ბორბლის შევსების შემდეგ, გაკვეთილი დავაორგანიზე ჯგუფური მუშაობის პრინციპით. თითოეულ ჯგუფს დავავალე ბორბლის ერთ-ერთი შერჩეული სფეროს ანალიზი. ამ მიდგომით, მოსწავლეებს მიეცათ კონკრეტული დავალებები, რომლებიც პროცენტებთან დაკავშირებული რეალური ამოცანების ამოხსნას გულისხმობდა.
    • პრობლემების იდენტიფიცირება და მოდელირება: ჯგუფებმა მოიძიეს ან შექმნეს ყოველდღიური სიტუაციები, სადაც პროცენტების ცოდნა აუცილებელია.
    • ამოცანების ამოხსნა და მოდელირება: მოსწავლეებმა პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენეს მათემატიკური მოდელები, როგორიცაა პროპორციები ან განტოლებები. მათ ერთმანეთს გაუზიარეს აზრი და იმსჯელეს, რომელი მიდგომა იქნებოდა ყველაზე ეფექტური. ამ ეტაპზე განსაკუთრებით გამოიკვეთა მათი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები.
  2. პრეზენტაცია და უკუკავშირი:
თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა საკუთარი პრობლემა და მისი ამოხსნის გზა, რისთვისაც გამოიყენეს თავიანთი „ბორბლის სეგმენტი“. რითაც აჩვენეს, თუ როგორ დააკავშირეს პროცენტების თეორიული ცოდნა კონკრეტულ, რეალურ სიტუაციასთან. მაგალითად, ჯგუფმა, რომელიც ფასდაკლებებზე მუშაობდა, ბორბალზე გამოსახა პროდუქტის საწყისი ფასი, ფასდაკლების პროცენტი და საბოლოო ფასი. პრეზენტაციის მსვლელობისას  სხვა ჯგუფებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, რამაც დისკუსია უფრო ნაყოფიერი გახადა.
ამგვარად, ჩვენ ერთად მოვახერხეთ ერთი საკითხის — პროცენტების — მრავალმხრივი გაშლა და მისი მნიშვნელობის დანახვა ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
  1. შეფასებაშეჯამება: ამ გაკვეთილის განმავლობაში შეფასება მოხდა არა მხოლოდ საბოლოო პასუხის, არამედ მთელი პროცესის მიხედვით. მე ვაკვირდებოდი, რამდენად აქტიურად იყვნენ მოსწავლეები ჩართულნი ჯგუფურ მუშაობაში, რამდენად კარგად ახერხებდნენ ცნებების გამოყენებას და რამდენად დამაჯერებლად ასაბუთებდნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.

„ბორბლის მეთოდის“ გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ პროცენტების, არამედ სხვა მათემატიკური თემების სწავლებისთვისაც, როგორიცაა: წილადები, ალგებრა, ან გეომეტრია. ის მასწავლებლებს სთავაზობს მოქნილ ინსტრუმენტს, რათა შექმნან საინტერესო და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. გაკვეთილით ნათლად გამოჩნდა, რომ „მათემატიკური ბორბალი“  მოსწავლეებს ეხმარება მათემატიკური ცნებების რეალურ სამყაროსთან დაკავშირებაში, რაც ზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და გაგების დონეს.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლევი მეცხრე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meckhre-klasi/
  3. https://cognitivecardiomath.com/cognitive-cardio-blog/math-wheel-questions-answered/

 

მოძრავი მათემატიკა პირველკლასელებისთვის

0

რიცხვითი კიბე მასწავლებლებისათვის უცხო და ახალი არ არის, მას ხშირად ვიყენებთ მათემატიკის სწავლებისას, როგორც ვიზუალურ დახმარე ინსტრუმენტს მაგრამ მე ვთვლი, რომ ამ მარტივ, სახალისო მეთოდში გაცილებით მეტი შესაძლებლობა იმალება. ის აადვილებს ზრდადობით და კლებადობით რიცხვების დათვლის კონცეფციის აღქმას, შეკრების და გამოკლების ცნებების ადვილად გააზრებას. ამიტომ, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თუ როგორ ვასწავლი ან თემას პირველკლასელებს „ნაბიჯების თამაშის“ საშუალებით. ჩემს გაკვეთილზე რიცხვითი კიბე  არ არის უბრალოთ ნახატი ან ილუსტრაცია, არამედ მოძრავ გამოცდილებაა, სადაც ბავშვები თავად „დადიან“ მასზე – თითით, ან  რაიმე საგნით

თემატური ბლოკი: რიცხვები და მოქმედებები

მათემატიკური მოდელი:

მოქმედებები რიცხვებზე;  რიცხვითი კიბე;

კანონზომიერება: ბიჯით თვლა; ზრდადობა, კლებადობა, მოქმედებათა თვისებები.

ლოგიკა: მსჯელობა დასაბუთება

თემა:

რიცხვები 20-ის ფარგლებში; მიმატება, გამოკლება 20-ის ფარგლებში

საკითხები:

  • 1-დან 20 მდე რიცხვების დათვლა და უკუთვლა;
  • 20-მდე რიცხვების დალაგება ზრდადობით და კლებადობით;
  • მიმატების, გამოკლების ცნებები და არსი;
  • მიმატება და გამოკლება 20-ის ფარგლებში, მიმატება და გამოკლება ვიზუალური მოდელების გამოყენებით.

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:

მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • 20-ის ფარგლებში შეკრებისა და გამოკლების ცოდნის დემონსტრირება ვიზუალური მოდელების, სათვლელი ნივთების ანდა სქემის გამოყენებით; პროცესის ახსნა (მათ.მოდ.ლოგ.)

რესურსები:

  • დიდი რიცხვითი კიბე (დაფაზე დახატული ან ბანერის სახით – 0-დან 20-მდე).
  • პატარა ფიგურა/ნიშანი (შეიძლება იყოს ბურთულა, მაგნიტი, სათამაშო).
  • რიცხვითი კიბის, ინდივიდუალური ბარათები თითოეული ბავშვისათვის

გაკვეთილის სტრუქტურა

აქტივობა 1:  „ნაბიჯების თამაში“ (15-20 წთ)

გაკვეთილის დასაწყისში, მოტივაციის ასამაღლებლად, პატარა დინამიკური აქტივობა დავიწყე

  1. პირველ რიგში მოსწავლეებს კითხვები დავუსვი რეალურ გამოცდილების შესახებ:

-როგორ ავდივართ ნამდვილი კიბეზე?  (მათგანვე მივიღე მთავარი პასუხი: „ნაბიჯ-ნაბიჯ!“ )

-რა მოხდება, თუ კიბეზე ზემოთ ავდივართ? რიცხვები იზრდება თუ მცირდება?“

-თუ ქვემოთ ჩამოვდივართ? რიცხვები იზრდება თუ მცირდება?

  1. შემდეგ გადავედი “მოძრავ გამოცდილებაზე”. მოსწავლეებს ვუთხარი, რომ წარმოედგინათ, ჩვენს საკლასო ოთახში უზარმაზარი კიბე იყო, რომელსაც რიცხვები აწერია
დაფაზე გავაკარი ფლიფჩარტზე დახაზული რიცხვითი კიბე და ვუთხარი რომ ეს ჩვენი „ჯადოსნური მათემატიკური კიბეა“.  მოსწავლეები მასზე თითით ან პატარა ფიგურით იმოძრავებდნენ.

ვუთხარით მოსწავლეებს, რომ ეს ჩვენი

კითხვების ნაცვლად, მათ კონკრეტული  მოქმედების ინსტრუქციები მივეცი:

·         დადექით რიცხვ 8-ზე.

·         გადადგით 2 ნაბიჯი წინ (ზემოთ). სად მოხვდით? ( მოსწავლეებმა დაასახელეს რიცხვი და ჩემს კითხვაზე პასუხად თქვეს „10“).

·         დაბრუნდით რიცხვ 7-ზე. ჩამოდით 3 ნაბიჯით ქვემოთ. რომელ რიცხვზე აღმოჩნდით?“ (პასუხი „4“).

ამ აქტივობის ფარგლებში, სადაც მოსწავლეები თითით ან ფიგურით მოძრაობდნენ რიცხვით კიბეზე, პარალელურად დათვლის (წინ, უკან  ) უნარები მუშავდებოდა.

3.მოძრაობის დაკავშირება მათემატიკურ ოპერაციებთან:

მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა რამდენჯერმე გაიარეს „ნაბიჯების თამაში“ (წინ და უკან), მათ საკუთარი გამოცდილება დაუგროვდათ. ამის შემდეგ, მათ დავუსვი კითხვები, რათა დამოუკიდებლად გამოეტანათ დასკვნები:

-როცა კიბეზე ზემოთ ავედით, ანუ წინ წავედით. ამ დროს ჩვენი რიცხვი გაიზარდა თუ შემცირდა?

-რა ხდება, როცა რიცხვი იზრდება? რომელი მოქმედება გვეხმარება მის გაზრდაში?

-ახლა კიბეზე უკან დავიხიეთ. ამ დროს ჩვენი რიცხვი გაიზარდა თუ შემცირდა?

-რომელი მოქმედება გვეხმარება რიცხვის შემცირებაში?

ამ მიდგომით, მოსწავლეებმა თავად  დაინახეს და ლოგიკურად დააკავშირეს მოძრაობა და რიცხვითი ცვლილება შესაბამის მათემატიკურ ოპერაციასთან.

 

  1. მეზობელი რიცხვები

ამავე აქტივობის ფარგლებში, მეზობელი რიცხვების ცნებაც ბუნებრივად გამოჩნდა მოსწავლეებმა ეს ცნება კიბეზე მოძრაობისას, მარტივ კითხვებზე პასუხისას თავად დაინახეს

მოსწავლეებს ვთხოვე, კიბეზე  „შეჩერებულიყვნენ და გარშემო მიმოეხედათ“.

„დადექით რიცხვ 5-ზე.“

დააკვირდით, რომელი რიცხვია ზუსტად თქვენს წინ? ანუ, ერთი ნაბიჯით ზემოთ?, და რომელი რიცხვია ზუსტად თქვენს უკან? ანუ, ერთი ნაბიჯით ქვემოთ?

მოსწავლეებმა შესაბამისი რიცხვები დაასახელეს. ამის შემდეგ ვუთხარი, რომ იმ რიცხვებს, რომლებიც ზუსტად ჩვენს გვერდით არიან, მეზობელი რიცხვები ჰქვიათ. ეს ის რიცხვებია, რომლებიც ჩვენგან მხოლოდ ერთი ნაბიჯით არიან  დაშორებულნი. წინ გადადგმული ერთი ნაბიჯით მომდევნო მეზობელ რიცხვს ვიპოვით, ხოლო ერთი ნაბიჯით უკან გადადგმით – წინა მეზობელს.“

„ ნაბიჯებით თამაშის“  აქტივობა ერთდროულად აერთიანებს დათვლის (წინ და უკან), შეკრების, გამოკლებისა და მეზობელი რიცხვების ცნებებს, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ეს ცნებები ერთმანეთთან დაკავშირებულად აღიქვან.

აქტივობა 2: სავარჯიშოების შესრულება „მოგზაურობა კიბეზე“,   (10 წთ)

„ნაბიჯების თამაშის“ შემდეგ, მოსწავლეები მიღებულ გამოცდილებას პრაქტიკაში იყენებენ. ჯერ დაფასთან, რიცხვითი კიბის დახმარებით, ასრულებენ რიცხვებზე შეკრება- გამოკლების მაგალითებს, ადარებენ და ალაგებენ რიცხვებს ზრდადობითა  და კლებადობით, პოულობენ მეზობელი რიცხვებს. ამ პროცესში, თითოეულ მოსწავლეს ვუწევ ინდივიდუალურ უკუკავშირს და ვეხმარები, თუკი სირთულეები შეექმნება.  შემდეგ თითოეულ მოსწავლეს ვურიგებ რიცხვითი კიბის ინდივიდუალურ ბარათებს,  რათა დამოუკიდებლად შეასრულონ სავარჯიშოები.

აქტივობა 3: შეჯამება/ შეფასება

გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებთან ერთად ვაჯამებ მიღებულ ცოდნას კითხვების დახმარებით:

ჩვენ ერთად ვიმოგზაურეთ რიცხვით კიბეზე. ახლა მითხარით, გახსოვთ, როცა წინ მივდიოდით, რიცხვებს რა ემართებოდა? ხოლო როცა უკან ვბრუნდებოდით? რა მოქმედებები შეესაბამებოდა ამ მოძრაობებს?

 

რიცხვითი კიბე ახალი მეთოდი ნამდვილად არ არის, მაგრამ მე ვთავაზობ მის გამოყენებას დინამიკური თამაშის ფორმით. როცა ბავშვები ნაბიჯებს თავად გადიან  – თვალით, თითით ან ფიზიკურად – ეს მათ ეხმარება, თავი აარიდონ მექანიკურ დამახსოვრებას და რიცხვებთან მუშაობა ლოგიკურ პროცესად აღიქვან. მხოლოდ ნახატის ჩვენება და რამდენიმე მაგალითის ამოხსნა საკმარისი არ არის. როდესაც ბავშვებს საშუალებას ვაძლევთ თავად „იარონ“ რიცხვებს შორის, ისინი მათემატიკას შეიგრძნობენ როგორც მოძრაობას, თამაშს და გამოცდილებას.

ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ მიმდინარე თემის ათვისებას უწყობს ხელს, არამედ აყალიბებს სწავლისადმი სიყვარულს, რაც მომავალშიც გაჰყვებათ.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/
  3. მათემატიკის გზამკვლევი პირველი კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/pirveli-klasi/
  4. ზურაბ ვახანია, დოდო ნაზირიშვილი „მათემატიკის სწავლება I კლასში.“ 2009

 

პირველად იყო უკუკავშირიც (წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

0

 ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ ბავშვებს (კონკრეტულად, პირველკლასელებს ვგულისხმობთ აქ.) ჩვენი გამხნევება და მხარდაჭერა სჭირდებათ. მხოლოდ გამხნევება, შექება და მხარდაჭერა. სრულიად ზედმეტი, დამაზიანებელია შენიშვნა და, მით უფრო, დატუქსვა ან დამუნათება. განა სამი-ოთხი წლის ბავშვი არაფერს აშავებს?! როგორ არა. მაგრამ მის დატუსქსვასა და ჭკუის დარიგებას აზრი აქვს? არა. ყოველ შემთხვევაში, უშედეგოა. უკვე 5-6 წლის ასაკიდან ბავშვისთვის შენიშვნის მიცემა აზრს იძენს, მაგრამ სწავლების პროცესში ჩვენ ამას მაინც უნდა მოვერიდოთ. სრულიად უსარგებლო და გამაღიზიანებელია გავრცელებული უკუკავშირის ყალიბი: ,,შენ კარგად გააკეთე ესა და ეს, მაგრამ ვერ გააკეთე ესა და ეს…”

წინამდებარე წერილით ვაგრძელებთ სერიას ,,სწავლის ძირი” და გთავაზობთ პირველკლასელთათვის განკუთვნილი უკუკავშირის ნიმუშებს.

პირველკლასელთათვის უკუკავშირის უზოგადესი ყალიბის ჩარჩომ შეიძლება ასეთი სახე მიიღოს:

როგორც ვხედავთ ამ სქემაში გამოიყოფა ორი შესანიშნავი და ერთი შესანიშნი ნაწილი. დავსვათ შეკითხვა: რატომ არის აქ ორი შექება და ერთი შენიშვნა, ისიც არასავალდებულოდ შემოთავაზებული? თუ გავიხსენებთ, როგორი სახე ექმნება ხოლმე პირველკლასელს, როდესაც ვაქებთ (როცა აღარ იციან სად წაიღონ პირზე მომდგარი სიამოვნების ღიმილი) და როგორი სახე ექმნებათ შენიშვნების დროს, დავრწმუნდებით ამ რაოდენობრივი განაწილების სისწორეში.

რაც შეეხება შესანიშნ (არა შესანიშნავ) მხარეს, ის გადატანილი უნდა იყოს სწავლების ფორმატში ან იმავე გაკვეთილზე, ან მომავლისთვის, რადგან:

  • უკუკავშირის მიღების დროს პირველკლასეი ელის შექებას, პოზიტივს თავის ნამუშევარზე (მან ამისთვის იმუშავა და დიდი ძალისხმევა გაიღო.) და ვერ კონცენტრირდება იმის გასაგებად, რაც გვინდა, რომ გაიგოს.
  • კლასში მსგავსი შენიშვნა მისაცემი ექნება არა მხოლოდ ერთ და ორ ბავშვს და დროის ეფექტიანობის გაზრდაც გასათვალისწინებელია.

შესაბამისად, მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებების ანალიზზე დაფუძნებით დაიგეგმება (გადაკეთდება) სწავლების სამომავლო ნაბიჯები. დაგეგმილ (გადაკეთებულ) ნაბიჯებში სასარგებლო იქნება იმ მოსწავლეთა ჩართვა, რომლებსაც სასურველ დონეზე ჰქონდათ შესრულებული დავალების ის კონკრეტული ნაწილი.

სანამ კონკრეტულ ნიმუშებზე გადავალთ, უნდა აღვნიშნოთ ე. წ. ხელოვნური ინტელექტის როლი, ზოგადად, სწავლების პროცესში და, კონკრეტულად, უკუკავშირის მომზადებისას. უკვე შეგვიძლია დამხმარე ასისტენტის ინსტრუმენტის გამოყენებით ე. წ. ხელოვნურ ინტელექტს შევთავაზოთ მოსწავლის მიერ შესრულებული დავალება, დავალების პირობა, შეფასების კრიტერიუმები და გამზადებულს მოგვაწვდის საჭირო უკუკავშირს. მაგრამ ამის გაკეთება მოსწავლეებსაც ხომ შეუძლიათ? შესაბამისად, ის, რასაც ეს ინსტრუმენტი ვერ ჩაანაცვლებს, არის ის ემოცია, რომელიც მასწავლებელმა უნდა გადასცეს მოსწავლეს და გაუძლიეროს სწავლის მოტივაცია.

ახლა უკვე მივადექით უკუკავშირების კონკრეტულნიმუშებს წინასაანბანო პერიოდისთვის და დავამზადოთ იგი შემდეგი კომპეტენციებისთვის:

  • სიტყვების დამარცვლა
  • დამარცვლით ნათქვამი სიტყვების გამთლიანება
  • პირველი მარცვლის ჩანაცვლება
  • პირველი ბგერის ამოცნობა
  • მეორე ბგერის ამოცნობა
  • სიტყვების ბგერებად დაშლა
  • ბგერებად ნათქვამი სიტყვების გამთლიანება

კიდევ ერთხელ თუ დავფიქრდებით და ყურადღებით დავაკვირდებით ქვემოთ მოცემულ უკუკავშირებს, დავასკვნით რომ მათი  თქმა პირველკლასელებისთვის არც ისე გონივრული იქნება, ისევ მხოლოდ მამოტივირებელი შექებით შემოვიფარგლებით და გასაუმჯობესებელ მხარეებს მომავალ სწავლბაში ჩავნერგავთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაბლა შემოთავაზებული ანალიზი ჩვენ არ უნდა გვქონდეს, თუნდაც მშობლისთვის, კოლეგისთვის, დირექციისთვის მისაწოდებლად.

კომპეტენცია უკუკავშირი სრულყოფილი მოსწრებისთვის უკუკავშირი გასაუმჯობესებელი მოსწრებისთვის
სიტყვების დამარცვლა ტარიელი ყოველთვის სწორად მარცვლავს ზეპირად ნათქვამ, როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. ნესტანი ყოველთვის სწორად მარცვლავს ზეპირად ნათქვამ ნაცნობ სიტყვებს. ზოგჯერ ვერ ახერხებს უცნობი სიტყვების დამარცვლას.
დამარცვლით ნათქვამი სიტყვების გამთლიანება თინათინი ყოველთვის სწორად ამთლიანებს და წარმოთქვამს დამარცვლით ნათქვამ როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. ავთანდილი ყოველთვის სწორად ამთლიანებს და წარმოთქვამს დამარცვლით ნათქვამ ორ და სამმარცვლიან, როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. ზოგჯერ ვერ ახერხებს ოთხმარცვლიანი სიტყვების გამთლიანებას.
პირველი მარცვლის ჩანაცვლება ფრიდონი ყოველთვის სწორად  გამოყოფს ზეპირად ნათქვამ სიტყვაში პირველ მარცვალს, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა მარცვლით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას. ასმათი სწორად  გამოყოფს ზეპირად ნათქვამ სიტყვებში პირველ ორბგერიან მარცვალს, ანაცვლებს მას შეთავაზებული სხვა ორბგერიანი მარცვლით და წარმოთქვამს ახალ სიტყვას. ზოგჯერ ვერ ახერხებს სამბგერიანი მარცვლის ჩანაცვლებას.
პირველი ბგერის ამოცნობა შერმადინი ყოველთვის სწორად ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამი სიტყვის პირველ ბგერას და ასახელებს ამავე ბგერით დაწყებულ სხვა სიტყვებს. ფატმანი სწორად ამოიცნობს ზეპირად ნათქვამი ნაცნობი სიტყვების პირველ ბგერას. ზოგჯერ ვერ ახერხებს უცნობი სიტყვების პირველი ბგერის დასახელებას.
მეორე ბგერის ამოცნობა როსტევანი ყოველთვის სწორად ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამი სიტყვის მეორე ბგერას. ფარსადანი სწორად ამოიცნობს და ასახელებს ზეპირად ნათქვამი ნაცნობის სიტყვების მეორე ბგერას. ზოგჯერ ვერ ახერხებს უცნობი სიტყვების მეორე ბგერის დასახელებას.
სიტყვების ბგერებად დაშლა დარეჯანი ყოველთვის სწორად შლის ბგერებად ზეპირად ნათქვამ, როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. ნურადინი ყოველთვის სწორად შლის ბგერებად ზეპირად ნათქვამ ნაცნობ სიტყვებს. ზოგჯერ ვერ ახერხებს უცნობი სიტყვების ბგერებად დაშლას.
ბგერებად ნათქვამი სიტყვების გამთლიანება დავარი ყოველთვის სწორად ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერებად ნათქვამ როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. მელიქი სწორად ამთლიანებს და წარმოთქვამს ბგერა-ბგერა ნათქვამ მოკლე, როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ სიტყვებს. ზოგჯერ ვერ ახერხებს გრძელი სიტყვების გამთლიანებას.

 

Ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ სწავლების პროცესში მასწავლებელი აღჭურვილი უნდა იყოს ყოვლისმომცველი საინფორმაციო სკივრით, ხოლო რას და ვისთვის ამოიღებს ამ სკივრიდან, მის გონიერებასა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული.

 

შემაჯამებელი დავალება მათემატიკაში – რუბრიკების ეფექტურობის შეფასება

0

სსიპ ქ.ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის გამოცდილება

სტატიების წინა ციკლში უკვე ვისაუბრეთ ცოდნის შეჯამების მნიშვნელობაზე და
შეფასების სისტემის სანდოობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღვნიშნეთ, რომ
შემაჯამებელი დავალების სწორად დაგეგმვა და წარმართვა – მუდმივი გამოწვევა
მასწავლებლისათვის. გამოწვევა მდგომარეობს მის მრავალშრიანობაში, რადგან იგი
გულისხმობს არამხოლოდ კურიკულუმის შესაბამისი დავალების მომზადებას
მოსწავლეებისათვის, არამედ თავად ამ დავალების შინაარსის გათვალისწინებას,
გარემოს შერჩევას, მოსწავლეთა/მშობელთა ინფორმირებას, სათანადო შეფასების
რუბრიკის მომზადებას, პროცესის წარმართვას და შედეგების რეფლექსიას. პრობლემის
კვლევისა და მიღებული შედეგებით პროცესის დახვეწის მრავალკომპონენტიანი
სამუშაო გასწია სსიპ ქ.ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლამ 2024-2025 სასწავლო წელს,
რომლის საბოლოო მიზანს სანდო და ობიექტური შეფასების სისტემის ჩამოყალიბება
წარმოადგენდა. მასშტაბური კვლევების მიზანი არამხოლოდ კონკრეტული საგნის
დონეზე განხორციელებული ცვლილებები იყო, არამედ სისტემური გაუმჯობესება, რაც
გულისხმობს უკეთეს აკადემიურ გარემოს მოსწავლის, მასწავლებლისა და
მშობლისათვის.
პროცესის ნაწილს მათემატიკის საგნობრივი მიმართულებაც წარმოადგენდა.
მრავალ სკოლაში, მათემატიკის მასწავლებლები სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან,
რაც შეფასების სისტემის სანდოობას უკავშირდება. ზუსტ და საბუნებისმეტყველო
მიმართულების საგნებში შეფასება დაკავშირებულია სხვა ისეთი ტიპის პრობლემებთან,
რაც შეიძლება უშუალოდ ამ დარგის მახასიათებელი იყოს, ამიტომ მოსწავლესთან
განსხვავებული მიდგომები და მშობლებთან მუდმივი კომუნიკაცია ამ სფეროს
წარმომადგენელი პედაგოგების ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ზოგადად, ბევრ
ევროპულ ქვეყანაში სკოლებისა და მოსწავლეების შეფასება ძირითადად
სტანდარტიზებული ტესტების შედეგებზეა დამოკიდებული. ეს ხშირად აიძულებს
მასწავლებლებს, აქცენტი გააკეთონ მხოლოდ ამ ტესტების შინაარსზე (ე.წ. „teaching to

the test“), ნაცვლად იმისა, რომ მოსწავლეებს განუვითარონ ღრმა ცოდნა და პრობლემის
გადაჭრის უნარები.
ევროპასთან საერთო პრობლემა საქართველოში მათემატიკის მასწავლებლებს
შეფასების კომპლექსურობასთან მიმართებით აქვთ. მათემატიკა მოითხოვს როგორც
კონკრეტული უნარების (მაგალითად, გამოთვლები), ისე აბსტრაქტული ცნებების
გაგებას. ამ ორივე კომპონენტის ერთდროული და ობიექტური შეფასება რთულია
იმისათვის, რომ შეფასების სისტემა უფრო სანდო და გამჭვირვალე გამხდარიყო,
ქ.ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მათემატიკის კათედრამ რამდენიმე ტიპის რუბრიკა
გამოსცადა, შედეგები შეაფასა აკადემიური მოსწრების ანალიზის, კოლეგიური ბრმა
შეფასების, გამოკითხვისა და ფოკუს ჯგუფის მეშვეობით. უნდა აღინიშნოს, რომ
კოლეგიური, ბრმა შეფასების მოდელი ხშირად არ გვხვდება ქართულ სკოლებში.
პრაქტიკა მიღებულია ტესტის ვალიდობის შეფასების ერთ-ერთ ნაბიჯად, რომელიც
გულისხმობს კოლეგა მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა ნაშრომების გასწორებას და
მიღებული შედეგების შედარებას. ამ შემთხვევაში, მათემატიკის კათედრამ, პედაგოგ
ნინო ხოხიაშვილის ხელმძღვანელობით გასწორებული ნაშრომების ბრმა შეფასება
ჩაატარა და მიღებული შედეგები არამხოლოდ აკადემიური მოსწრების, არამედ
რუბრიკის ეფექტურობის თვალსაზრისითაც შეაფასა.
პირველ შემთხვევაში გამოყენებული იყო დეტალიზებული რუბრიკა, გაწერილი
სამიზნე ცნებების მიხედვით. უნდა აღინიშნოს, რომ შემაჯამებელი დავალება
მათემატიკაში უმეტესად არის ტესტის სახით, რომელიც მოიცავს მრავალ საკითხს. ამ
დავალებებიდან ზოგი ფარავს მხოლოდ ერთ სამიზნე ცნებას, ორს ან სამივეს.
შესაბამისად, მხოლოდ სამიზნე ცნენების მიხედვით შექმნილი შეფასების კრიერიუმების
გამოყენება გარკვეულწილად ბუნდოვანს ხდიდა შფასებას, განსაკუთრებით
მოსწავლეებისთვის. მასწავლებლები შეთანხმდნენ, რომ დეტლიზებული რუბრიკის
გამოყენება პროექტის და/ან კომპლექსური დავალების შესრულების დროს უფრო
გამართლებული იქნებოდა.
მეორე შემაჯამაბელი დავალების გასწორების დროს მასწავლებლებმა გამოიყენეს
შეფასების რუბრიკა შედგენილი დავალებების ტიპების მიხედვით. პირველ ჯერზე

გამოყენებული რუბრიკა გაამარტივეს, მოარგეს სამიზნე ცნებებს კონკრეტული
დავალებები და შედეგების დაჯამების სქემა უფრო ნათელი გახადეს
მოსწავლეებისათვის. გასწორებისა და შედეგების შეფასების დროს მათ აღნიშნეს, რომ
მოსწავლისათვის უფრო გასაგები და მასწავლებისათვის მეტად მოქნილი ინსტრუმენტი
შეფასების ობიექტურობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდიდა. ამასვე ადასტურებდა
მოსწავლეთა გამოკითხვა, რომელიც ორივე შემაჯამებლის დასრულების შემდეგ
ჩატარდა იმის გამოსაკვლევად, რომელი შეფასების რუბრიკა იყო მათთვის გასაგები და
მეტად დამხმარე დავალების შესრულების დროს. გამოკითხულთა 77% გამარტივებული
რუბრიკა აირჩია ფავორიტად.
წლიური რეფლექსიის ეტაპზე მათემატიკის კათედრამ აღნიშნა, რომ კვლავ რჩება
გამოწვევები რემედიაციისა და მრავალფეროვანი შემაჯამებელი დავალებების
ფორმებთან დაკავშირებით, თუმცა მნიშვნელოვანი წარმატება დავალების შეფასების
ეფექტური ფორმის მოძიება – უკვე დაძლეულია.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...