სამშაბათი, სექტემბერი 23, 2025
23 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

მათემატიკური ბორბალი – სწავლის ახალი პერსპექტივა

განათლების მუდმივად განვითარებად სამყაროში, სწავლა- სწავლებისას სწორი ინსტრუმენტებისა და რესურსების ხელმისაწვდომობა  მრავალფეროვან სასწავლო გარემოს ქმნის. ჩვენ, მასწავლებლები, მუდმივად ვეძებთ ინოვაციურ მეთოდებს, რათა მათემატიკის რთული ცნებები მოსწავლეებს მარტივად და საინტერესოდ მივაწოდოთ. ამ მრავალფეროვან „ხელსაწყოთა ყუთში“ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „ბორბლის მეთოდს“. ამ მეთოდის უპირატესობა მრავალმხრივია:

  • კრიტიკული აზროვნების განვითარება: მოსწავლეები დამოუკიდებლად აანალიზებენ პრობლემებს და ეძებენ მათ გადაჭრის გზებს.
  • ჯგუფური მუშაობის ხელშეწყობა: მოსწავლეები თანამშრომლობენ, უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ერთობლივად აღწევენ მიზანს.
  • ცნებების განმტკიცება: თეორიული ცოდნა გამოიყენება პრაქტიკაში, რაც მას უფრო მყარსა და ადვილად დასამახსოვრებელს ხდის.
  • კრეატიულობა: „ბორბლის მეთოდი“ იძლევა სივრცეს შემოქმედებისათვის, რადგან მოსწავლეები თავად ქმნიან ამოცანებს და სიტუაციებს.

„ბორბლის მეთოდი“ შესაძლებელია სხვადასხვა თემასა და მიზანს მოვარგოთ. ამ სტატიაში კი ჩემ მიერ მე-9 კლასში ჩატარებულ პრაქტიკულ გაკვეთილს გაგიზიარებთ, რომელიც ბორბლის მეთოდით ჩავატარე თემაზე „როგორ გამოვიყენოთ პროცენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში“. ეს გაკვეთილი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც შემაჯამებელი, ასევე შუალედური შეფასებისთვის.

თემატური ბლოკი: რიცხვები

თემა: პროცენტი

საკითხი: ყოფით ცხოვრებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხნსა პროცენტის მეშვეობით.

 

სამიზნე ცნებები:

მათემატიკური მოდელი:

პროცენტის, პროპორციებისა და განტოლებების გამოყენება რეალური ცხოვრებისეული ამოცანების (მაგალითად, ფასდაკლების) ამოსახსნელად.

კანონზომიერება:

კავშირის დადგენა პროცენტული ცვლილებების სხვადასხვა ფორმებს შორის (მაგალითად, რიცხვის 10%-ით გაზრდა იგივეა, რაც მისი 1.1-ზე გამრავლება)

ლოგიკა:

უცნობი სიდიდეების (მაგალითად, საწყისი ფასის) პოვნის გზების დასაბუთება და მათზე მსჯელობა.

შეფასების ინდიკატორები (სტანდარტის მიხედვით) – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • რიცხვების წარმოდეგნა სხვადასხვა ფორმით ( მათ. საბ.: 3, 5, 6, 7, 9, 11);
  • გამოთვლებთან და რაოდენობის შეფასებასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა (მათ.საბ.8,9,10).

გაკვეთილის მიმდინარეობა

გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობის შემდეგ:

  1. ბორბლის შექმნა: დიდ ფლიფჩარტზე დავხაზე დიდი წრე, იგივე ბორბალი. მის ცენტრში დავწერე მთავარი პრობლემა-შეკითხვა: „როგორ გამოვიყენოთ პროცენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში?“
  2. იდეების შეგროვება: მოსწავლეთა ჯგუფებმა გონებრივი იერიშის მეთოდით გამოთქვეს მოსაზრებები. ეს იდეები დავიტანეთ ბორბლის გარე საზღვარზე, რითაც წრე დაიყო რამდენიმე არედ.
  3. სფეროების გამოყოფა:
გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი სფერო, სადაც პროცენტები გამოიყენება:

o    ფინანსები: ფასდაკლებები მაღაზიებში; ბანკის სესხები ან ანაბრები

o    ყოველდღიური ცხოვრება: რეცეპტები და ინგრედიენტების პროპორციები; კვება და ჯანმრთელობა

o    სოციალური მეცნიერებები: სტატისტიკა და გამოკითხვები; დემოგრაფია

o    სხვა სფეროები: სპორტი და შედეგების ანალიზი; ბიზნესი…

 

  1. ჯგუფური მუშაობა: გონებრივი იერიშისა და ბორბლის შევსების შემდეგ, გაკვეთილი დავაორგანიზე ჯგუფური მუშაობის პრინციპით. თითოეულ ჯგუფს დავავალე ბორბლის ერთ-ერთი შერჩეული სფეროს ანალიზი. ამ მიდგომით, მოსწავლეებს მიეცათ კონკრეტული დავალებები, რომლებიც პროცენტებთან დაკავშირებული რეალური ამოცანების ამოხსნას გულისხმობდა.
    • პრობლემების იდენტიფიცირება და მოდელირება: ჯგუფებმა მოიძიეს ან შექმნეს ყოველდღიური სიტუაციები, სადაც პროცენტების ცოდნა აუცილებელია.
    • ამოცანების ამოხსნა და მოდელირება: მოსწავლეებმა პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენეს მათემატიკური მოდელები, როგორიცაა პროპორციები ან განტოლებები. მათ ერთმანეთს გაუზიარეს აზრი და იმსჯელეს, რომელი მიდგომა იქნებოდა ყველაზე ეფექტური. ამ ეტაპზე განსაკუთრებით გამოიკვეთა მათი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები.
  2. პრეზენტაცია და უკუკავშირი:
თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა საკუთარი პრობლემა და მისი ამოხსნის გზა, რისთვისაც გამოიყენეს თავიანთი „ბორბლის სეგმენტი“. რითაც აჩვენეს, თუ როგორ დააკავშირეს პროცენტების თეორიული ცოდნა კონკრეტულ, რეალურ სიტუაციასთან. მაგალითად, ჯგუფმა, რომელიც ფასდაკლებებზე მუშაობდა, ბორბალზე გამოსახა პროდუქტის საწყისი ფასი, ფასდაკლების პროცენტი და საბოლოო ფასი. პრეზენტაციის მსვლელობისას  სხვა ჯგუფებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, რამაც დისკუსია უფრო ნაყოფიერი გახადა.
ამგვარად, ჩვენ ერთად მოვახერხეთ ერთი საკითხის — პროცენტების — მრავალმხრივი გაშლა და მისი მნიშვნელობის დანახვა ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
  1. შეფასებაშეჯამება: ამ გაკვეთილის განმავლობაში შეფასება მოხდა არა მხოლოდ საბოლოო პასუხის, არამედ მთელი პროცესის მიხედვით. მე ვაკვირდებოდი, რამდენად აქტიურად იყვნენ მოსწავლეები ჩართულნი ჯგუფურ მუშაობაში, რამდენად კარგად ახერხებდნენ ცნებების გამოყენებას და რამდენად დამაჯერებლად ასაბუთებდნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.

„ბორბლის მეთოდის“ გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ პროცენტების, არამედ სხვა მათემატიკური თემების სწავლებისთვისაც, როგორიცაა: წილადები, ალგებრა, ან გეომეტრია. ის მასწავლებლებს სთავაზობს მოქნილ ინსტრუმენტს, რათა შექმნან საინტერესო და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. გაკვეთილით ნათლად გამოჩნდა, რომ „მათემატიკური ბორბალი“  მოსწავლეებს ეხმარება მათემატიკური ცნებების რეალურ სამყაროსთან დაკავშირებაში, რაც ზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და გაგების დონეს.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლევი მეცხრე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meckhre-klasi/
  3. https://cognitivecardiomath.com/cognitive-cardio-blog/math-wheel-questions-answered/

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“