პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

საბავშვო ბაღისთვის ოპტიმალური ასაკი

0

რამდენიმე დღის წინ, ავტობუსით მგზავრობისას, საყურადღებო შემთხვევის მოწმე და უნებლიე მონაწილე გავხდი. ავტობუსში ამოვიდა ახალგაზრდა ქალი ორ წლამდე ასაკის ბავშვით ხელში, გვერდით მომიჯდა და პატარა კალთაში ჩაისვა. ბავშვი მოწყენილი ჩანდა, არ ტიროდა, არ ჭირვეულობდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ  რაღაცით უკმაყოფილო იყო. „ბაღში რომ დაგტოვებ, ხომ არ იტირებ? შენ ხომ კარგი გოგო ხარ?“ – წინასწარ „ამზადებდა“ დედა თავის პატარას ბაღში დასარჩენად. „რამდენი წლისაა თქვენი გოგონა“? – მორიდებით ვკითხე ქალბატონს. „რამდენიმე კვირაში ორი წლის გახდება“, – ამაყად მიპასუხა მან. „ეტყობა, ბევრს მუშაობთ, რაკი ამ ასაკის ბავშვის ბაღში შეყვანა გადაგიწყვეტიათ“, – ვერ დავმალე გაოცება. „რას ბრძანებთ, საერთოდ არ ვმუშაობ. უბრალოდ, ეს ერთი შვილი მყავს და სახლში ყველა ნივთი თავისი ჰგონია, ბაღში კი სხვა ბავშვებიც იქნებიან და მიხვდება, რომ რაღაცები სხვასაც ეკუთვნის“, – ასეთი ახსნა მოუძებნა საკუთარ გადაწყვეტილებას ახალგაზრდა დედამ და მის სიტყვებში კარგად გამოჩნდა ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებების სრული იგნორირება ან, შესაძლოა, არცოდნაც კი.

ვეღარაფრის თქმა მოვასწარი, რადგან ავტობუსი გაჩერდა და ხელში აყვანილი პატარა დედიკომ ავტობუსიდან ჩაიყვანა. შემებრალა ბავშვი, რომელიც, დედის კალთას მოწყვეტილი, მთელ დღეს უცხო ადამიანების გარემოცვაში გაატარებდა.

 

რა ასაკში ჯობია საბავშო ბაღში ბავშვის შეყვანა?

ამ კითხვაზე ერთი სწორი პასუხი არ შეიძლება არსებობდეს, რადგან ყველა ბავშვი და ოჯახური სიტუაცია განსხვავებულია.  ყველა ქალს არც შესაძლებლობა აქვს და არც სურვილი, ბავშვთან ერთად „იჯდეს სახლში“, სანამ ის სამი წლის არ გახდება. ამასთან, მაშინ როდესაც ერთი დედა სიამოვნებას იღებს ბავშვის ძუძუთი კვებით, მასთან ერთად სეირნობით, განმავითარებელი აქტივობებით, საუბრებით და ა.შ., მეორე, არანაკლებ კარგი დედა 2-3 წლის განმავლობაში სახლში გამოკეტვისა და პროფესიულ კარიერაზე უარის თქმის გამო შესაძლოა გადაიწვას, გადაიღალოს და იქცეს მუდმივად გაღიზიანებულ ადამიანად, რომელიც საკუთარ ადგილს ვერ პოულობს.

ეჭვგარეშეა, რომ ადრეულ ასაკში ბავშვისთვის დედის გვერდით ყოფნა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მთელი დღის უცხო ადამიანების გარემოცვაში გატარება, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბედნიერი და კმაყოფილი დედა, რომელიც საღამოობით თუნდაც სულ რამდენიმე საათს ატარებს შვილთან, ჯობია უბედურ და გაღიზიანებულ დედას, რომელიც 24 საათი შვილთანაა. არის ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ოჯახს უბრალოდ არა აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ქალმა 2-3 წელი არ იმუშაოს, ამიტომ მეუღლეებს ბავშვის მოვლა-პატრონობის ალტერნატიული გზების ძიება უწევთ. როგორც წესი, ამისთვის ისინი მიმართავენ ბებია-ბაბუებს, ეძებენ ძიძას ან არჩევენ შვილისთვის შესაფერის საბავშვო ბაღს.

როდესაც ალტერნატივა არ ჩანს და მშობლები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ საბავშვო ბაღი მათი შვილისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილია, ჩნდება კითხვა, რა ასაკია საუკეთესო ბავშვის საბავშვო ბაღში  შესაყვანად. ამის თაობაზე უნივერსალური რეკომენდაცია არ არსებობს, მაგრამ ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დედის მზრუნველობა, მასთან ტაქტილური და ფსიქოლოგიური კონტაქტი. 2 წლის პატარასთვის საბავშვო ბაღის საჭიროების ახსნა შეუძლებელია. იქ დატოვებულმა ბავშვმა შესაძლოა მიტოვებულად იგრძნოს თავი და ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს, ამიტომ უმჯობესია, 2 წლამდე ბავშვი შინ გავზარდოთ. თუმცა არსებობენ ისეთი პატარებიც, რომლებიც 2 წლის ასაკში უკვე ავლენენ დამოუკიდებლობას, ლაპარაკობენ, კარგად არიან განვითარებულები. ასეთი ბავშვი უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება შევიყვანოთ ბაღში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. რამდენადაც შესაძლებელია, გავახანგრძლივოთ სკოლამდელ დაწესებულებასთან მისი ადაპტაცია – დავიწყოთ დედასთან თანდათან განშორებით, წინასწარ მივაჩვიოთ სხვა უფროსებსა და ბავშვებთან ურთიერთობას, დავტოვოთ ბაღში თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე საათით. თუ პატარა ძალიან მგრძნობიარეა, ჩაკეტილია, ჯერ კიდევ არ არის დაუფლებული მეტყველებას და არ ურთიერთობს უცხო ადამიანებთან, უმჯობესია, გადავდოთ საბავშვო ბაღში მისი შეყვანა. მაგრამ როგორ მოიქცეს დედა, თუ სამსახურში გასვლა სურს და საბავშვო ბაღის გარდა ბავშვს ვერსად ტოვებს? სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში ნორმალური სამსახურის პოვნის შანსი მცირეა. გართულებული ადაპტაციის გამო ბავშვი, სავარაუდოდ, ხშირად იავადმყოფებს და დედასაც მოუწევს სამსახურის ხშირად გაცდენა, რაც, დიდი ალბათობით, პრობლემებს შუქმნის. ასე რომ, აჯობებს, სერიოზულად ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და გავითვალისწინოთ 2 წლის ბავშვის ბაღში შეყვანის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ოპტიმალური ვარიანტია, ერთი წელი დაველოდოთ და ეს დრო ბავშვის ბაღისთვის მომზადებას დავუთმოთ, მისი სოციალიზაცია კი საბავშვო მოედნებითა და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ცენტრებით დავიწყოთ.

ბავშვთა ფსიქოლოგებისა და პედაგოგების ნაწილი თანხმდება, რომ საბავშვო ბაღში მისაყვანად საუკეთესო ასაკი სამიდან ოთხ წლამდეა. ამ დროისთვის ბავშვი უკვე ხვდება, რომ თუ დედა წავა, ის აუცილებლად დაბრუნდება და მასთან შეთანხმებაც გაცილებით ადვილია. 3 წლის ასაკში იწყება „მე“-ს ცნობიერების განვითარება და მშობლებისგან აქტიური სეპარაცია ანუ განცალკევება. ამასთან, ეს ინიციატივა თავად ბავშვისგან მოდის. ის საკუთარ თავზე პირველ პირში საუბარს იწყებს. უფრო პატარა ბავშვები საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობენ: „გიოს შია, გიოს სეირნობა უნდა“. ჩნდება თვითცნობიერება, ბავშვი იწყებს საკუთარი თავის დამოუკიდებელ პიროვნებად აღქმას. მის ერთ-ერთ საყვარელ ფრაზად იქცევა „მე თვითონ!“ ამ ასაკში ბავშვს უკვე იზიდავს სიუჟეტურ-როლური თამაშები და სხვა ბავშვებთან ურთიერთობა სჭირდება. მიისწრაფვის კდიეც თანატოლებისკენ. ადვილია მისი დაინტერესება საბავშვო ბაღის აქტივობებით, ჯგუფური თამაშებით. 3-4 წლისთვის ბავშვი უკვე ავლენს ლიდერის თვისებებს. თუ ვამჩნევთ, რომ ის ბუნებით ექსტრავერტი და ლიდერია, ერთმნიშვნელოვნად საჭიროა საბავშვო ბაღში მისი მიყვანა – ჯგუფურ გარემოში ის თავის სტიქიაში იქნება. ინტროვერტებთან ცოტა უფრო რთულადაა საქმე. ისინი შეიძლება დავაინტერესოთ ინდივიდუალური თამაშების მდიდარი არჩევანით და ერთი-ორი კარგი მეგობრის შეძენის შესაძლებლობით. სტერეოტიპების საპირისპიროდ, ინტროვერტებს ურთიერთობის ძალიან მაღალი მოთხოვნილება აქვთ, რადგან მათთვის მეგობრების შეძენა უფრო რთულია, მაგრამ ისინი უპირატესობას ანიჭებენ ვიწრო წრეს, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობენ.

გარდა ამისა, ამ ასაკის ბავშვები უმეტესად შედარებით დამოუკიდებლები არიან, ნაკლებად ან საერთოდ არ  განიცდიან დისკომფორტს საბავშვო ბაღში. სწორი აღზრდის პირობებში 3-4 წლის პატარას მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს თვითმომსახურების უნარ-ჩვევები – ქოთნის გამოყენება, დამოუკიდებლად ჩაცმა-გახდა, უფროსის დაუხმარებლად ჭამა.

ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვის ბაღში შეყვანამდე საჭიროა მისი მზაობის შეფასება და პასუხის გაცემა შემდეგ კითხვებზე:

  • რჩება თუ არა პატარა სხვა უფროსებთან – ბებია-ბაბუასთან, მამიდასთან, დეიდასთან, ძიძასთან და ა.შ. – 2-3 საათზე მეტხანს?
  • შეუძლია თუ არა სხვა ბავშვებთან თამაში?
  • შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად ჭამა, ქოთნის გამოყენება?

საბავშვო ბაღისათვის მზაობისა და საჭირო უნარების ფლობის შემთხვევაში ბავშვი უფრო სწრაფად და ნაკლები ტრავმებით, ნაკლები სტრესით ადაპტირდება, შეეგუება საბავშვო ბაღს ან სხვა გარემოს, სადაც გარკვეული ხნით უდედოდ ყოფნა მოუწევს.

ცხადია, მშობლების გადასაწყვეტია, როდის შეიყვანონ ან საერთოდ შეიყვანონ თუ არა ბავშვი საბავშვო ბაღში. იქ არაფერია ისეთი, რისი უზრუნველყოფაც მის გარეთ არ შეიძლება. სხვა ბავშვებთან ურთიერთობა, განმავითარებელი თამაშები, დღის რეჟიმის მკაცრად დაცვა – ამ ყველაფერს ბაღის გარეშეც გავართმევთ თავს. თუმცა საბავშვო ბაღში ასევე არაფერია ისეთი, რაც ხელს შეუშლის ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას. მართალია, არჩევანი ყოველთვის მშობელზეა დამოკიდებული. მაგრამ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური თავისებურებები, კარგად ავწონ-დავწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები გადაწყვეტილების მიღებისას.

გეოგრაფიის სწავლების ახალი ჰორიზონტები

0

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ მთელი მსოფლიოს საგანმანათლებლო სივრცეში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია გამოიწვია. განათლება თავისი ბუნებით დინამიკური და მრავალმხრივი სფეროა, რომელიც მუდმივად ეგუება ტექნოლოგიურ მიღწევებს. საგანმანათლებლო დაწესებულებები გლობალურად იწყებენ ამ ინსტრუმენტების შესწავლას და მათ ინტეგრირებას სასწავლო პროცესში – შეფასების სტრატეგიებში, მოსწავლეთა დახმარების სერვისებსა თუ ადმინისტრაციულ ოპერაციებში. ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა ChatGPT, გამოიყენება რთული საკითხავი მასალის შესაჯამებლად, გაკვეთილის გეგმის შესაქმნელად, ინტერაქციული დისკუსიების სიმულირებისთვის, წერითი უნარების განსავითარებლად, ერთი სიტყვით, აფართოებს პედაგოგიურ რესურსებს ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში.

ტექნოლოგიური რევოლუცია რადიკალურად ცვლის სკოლაში გეოგრაფიის სწავლებას. ტრადიციული მეთოდები – რუკების კითხვა და ტოპონიმების დამახსოვრება – იცვლება ინტერაქციული, პერსონალიზებული და ვიზუალური გამოცდილებით. ხელოვნური ინტელექტი (AI), გეოინფორმაციული სისტემები (GIS), დისტანციური დაკვირვება, ვირტუალური და გაძლიერებული რეალობა უკვე ყოველდღიური ინსტრუმენტებია როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის ხელში. ეს ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, არა მხოლოდ „იცოდნენ” გეოგრაფია, არამედ „ნახონ”, „გააანალიზონ” და „გაიაზრონ” გლობალური და ადგილობრივი პროცესები. ტექნოლოგიების ინტეგრაცია აუცილებელია, რადგან გლობალური გამოწვევები და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები თანამედროვე მიდგომებს მოითხოვს.

ამ ტექნოლოგიური სიახლეების პრაქტიკაში დასანერგავად საჭიროა, მკაფიოდ გვესმოდეს თითოეული ინსტრუმენტის შესაძლებლობები. განვიხილოთ ძირითადი მიდგომები და მათი კონკრეტული გამოყენება გეოგრაფიის სწავლებაში:

თანამედროვე პედაგოგიური მიდგომები კონკრეტული პრაქტიკული მაგალითებით

AI – ხელოვნური ინტელექტი

განმარტება: AI არის ალგორითმების სისტემა, რომელიც სწავლობს მონაცემებიდან და ქმნის პროგნოზებს, ტექსტებს ან ვიზუალიზაციებს.

მნიშვნელობა: გეოგრაფიაში AI ეხმარება ადამიანს მონაცემების სწრაფ ანალიზში, კლიმატის პროგნოზირებაში, რთული პროცესების ვიზუალიზაციაში.

მაგალითი: მოსწავლეები იყენებენ AI-ს, რათა შექმნან 1990-2025 წლებში თბილისის ურბანული ზრდის ანიმაციური რუკა.

GIS – გეოინფორმაციული სისტემები

განმარტება: GIS არის ტექნოლოგია, რომელიც აერთიანებს რუკებსა და მონაცემებს სივრცითი ანალიზისთვის.

მნიშვნელობა: GIS გამოიყენება ურბანული დაგეგმარებისთვის, ბუნებრივი კატასტროფების რისკების შეფასებისა და ტურისტული მარშრუტების დაგეგმვისთვის.

მაგალითი: მოსწავლეები ქმნიან რუკას, რომელზეც ჩანს მოსახლეობის სიმჭიდროვე თბილისის უბნებში და ადარებენ მონაცემებს წლების მიხედვით.

Remote Sensing – დისტანციური დაკვირვება

განმარტება: ეს არის დედამიწის ზედაპირის დაკვირვება სატელიტებით ან დრონებით.

მნიშვნელობა: მისი საშუალებით ვადგენთ ტყის გაჩეხვის მასშტაბებს, მყინვარების დნობას, წყალდიდობების რისკს.

მაგალითი: მოსწავლეები Google Earth Engine-ის გამოყენებით ითვლიან, რამდენი ჰექტარი ტყე დაიკარგა სვანეთში 2018-2024 წლებში.

Inquiry-Based Learning – კვლევაზე დაფუძნებული სწავლება

განმარტება: ეს მიდგომა მოსწავლეს ანიჭებს თავისუფლებას, დასვას საკუთარი კითხვები და მოძებნოს პასუხები მონაცემების ანალიზით.

მნიშვნელობა: ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას და რეალურ პრობლემებზე მუშაობას.

მაგალითი: მოსწავლეები იკვლევენ, „როგორ შეიცვალა ჰაერის ხარისხი თბილისში ბოლო 5 წელიწადში“ და ქმნიან ვიზუალიზაციას.

თეორიული ჩარჩოს პრაქტიკაში გადასატანად აუცილებელია კონკრეტული ციფრული ინსტრუმენტების ცოდნა. ქვემოთ მოცემულია პრაქტიკული რესურსები და დავალებები, რომლებიც დაეხმარება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ამ ტექნოლოგიების საკლასო ოთახში დანერგვაში.

პრაქტიკული მაგალითები ჰიპერლინკებით

  1. კვლევაზე დაფუძნებული სწავლება (Inquiry-Based Learning):

თემა: „როგორ იცვლება თბილისის უბნების მოსახლეობის სიმჭიდროვე 2014-2024 წლებში“

მონაცემების წყარო: საქსტატი და OpenStreetMap

Kepler.gl ინსტრუმენტი: https://kepler.gl/

AI პლატფორმები: ChatGPT (https://chat.openai.com/ )

  1. GIS და დისტანციური დაკვირვება:

Google Earth Engine: https://earthengine.google.com/

ArcGIS StoryMaps: https://storymaps.arcgis.com/

  1. ვირტუალური საველე მუშაობა:

PeakVisor: https://peakvisor.com/

Google Earth VR: https://arvr.google.com/earth/

ინტერაქციული დავალებები

  1. კვლევითი კითხვები

როგორ შეიცვალა თბილისის ურბანული სივრცე ბოლო 10 წლის განმავლობაში?

რა გავლენა აქვს ტყის გაჩეხვას სვანეთის ეკოსისტემაზე?

როგორ შეიძლება VR ტექნოლოგიების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე?

  1. პროექტები AI-სა და GIS-ის გამოყენებით

პროექტი 1: Kepler.gl-ის გამოყენებით შექმენით ინტერაქციული რუკა, რომელიც აჩვენებს მოსახლეობის სიმჭიდროვეს.

პროექტი 2: გამოიყენეთ Google Earth Engine ტყის დაკარგვის ანალიზისთვის და შექმენით StoryMap.

პროექტი 3: შექმენით VR ტური Google Earth VR-ში და ThingLink-ზე ატვირთეთ 360° ფოტოები.

ამ ცვლილებების წარმატებით განხორციელებისთვის რამდენიმე ფაქტორია გადამწყვეტი.

ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები აცოცხლებს გეოგრაფიის სწავლების პროცესს, უფრო ვიზუალურს, ინტერაქციულსა და პერსონალიზებულს ხდის მას. AI არ ცვლის მასწავლებელს – ის ხდება მასწავლებლის ყველაზე ძლიერი ასისტენტი. წარმატების გასაღები სამი კომპონენტისგან შედგება. ესენია: მასწავლებელთა მომზადება-გადამზადება, ინტერნეტისა და მოწყობილობების ხელმისაწვდომობა ყველა სკოლაში და კრიტიკული აზროვნებისა და ეთიკის განვითარება. ტექნოლოგიების გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მონაცემთა უსაფრთხოებასა და ეთიკურ სტანდარტებს.

თუ ეს პირობები შესრულდა, ქართულ სკოლებში გეოგრაფია 2025-2030 წლებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და თანამედროვე საგანი გახდება.

 

რესურსები

Kepler.gl ინსტრუქცია

https://docs.kepler.gl/docs/keplergl-jupyter

Google Earth Engine Tutorial

https://developers.google.com/earth-engine/tutorials

ArcGIS StoryMaps Guide

https://storymaps.arcgis.com/

თამაში ფრაზეოლოგიზმებით

0

ფრაზეოლოგიზმების სწავლება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს, რადგან ისინი ენობრივი აზროვნების სიღრმესა და ერის კულტურულ სიდიადეს ასახავენ. ფრაზეოლოგიზმების ცოდნა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიმდიდრონ მეტყველება, ის უფრო ექსპრესიული, ემოციურად ზუსტი გახადონ. თუმცა, ფაქტია, რომ ტრადიციული მიდგომები ხშირად ვერ უზრუნველყოფენ ფრაზეოლოგიზმების სწავლების ეფექტიან შედეგებს. ამიტომ საგაკვეთილო პროცესში აუცილებელია ისეთი მეთოდიკის გამოყენება, რომელიც მარტივს ხდის მოსწავლისთვის სწავლების მიზნების მიღწევას, ასევე ჩართულობას, მოტივაციას. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერაქტიული მეთოდების, მათ შორის „თამაშით სწავლების“ გამოყენება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის სწავლების ეფექტიანობას და შედეგებსაც გაზომვადს ხდის.

სწავლების პროცესში ფრაზეოლოგიზმების მნიშვნელობა რამდენიმე ინდიკატორით შეიძლება შეფასდეს, მათ შორის:

  1. ენობრივი კომპეტენცია: ავითარებს მეტაფორულ აზროვნებასა და ენობრივ მოქნილობას;
  2. კულტურა და იდენტობა: ხალხური სიბრძნიდან, ზღაპრებიდან, ბიბლიური და ისტორიული კონტექსტებიდან მოდის;
  3. ლექსიკური მრავალფეროვნება: ის ტექსტს უფრო ცოცხალსა და მხატვრულს ხდის.

გთავაზობთ საკუთარ გამოცდილებას, რომელიც მე-7 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის საგაკვეთილო პროცესში განვახორციელე. მიღებულმა შედეგებმა აჩვენეს, რომ დაგეგმილმა აქტივობამ მიზნების გათვალისწინებით უზრუნველყო მოსალოდნელი მყისიერი შედეგი და რეალისტური გახადა გრძელვადიანი ცოდნა.

აქტივობის აღწერა: „თამაში ფრაზეოლოგიზმებით“

მოსწავლეებს დავურიგე ბევრი სხვადასხვა სახის ფრაზეოლოგიზმი, რომელსაც სწავლობდნენ და პერიოდულად ვიბარებდი. მოსწავლეები, რომლებმაც ყველა ხატოვანი თქმა ისწავლეს გადავიდნენ დასკვნით ეტაპზე, ანუ შემაჯამებელ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. ეს არის 10 ტურისგან შემდგარი ინტელექტუალური თამაში,   მოსწავლეები ორ გუნდად იყოფიან (2 მე-7 კლასი), თითო ტურში სხვადასხვა ტიპის დავალებას ასრულებდნენ.

ტურები

  1. ინდივიდუალური ამოცანა – მოსწავლე ყულაბიდან იღებს ფრაზეოლოგიზმს და განმარტავს.
  2. ფრაზეოლოგიზმის წარმომავლობა – გუნდებს ეძლევათ შეკითხვები ფრაზეოლოგიზმების ისტორიულ/კულტურულ წარმოშობაზე.
  3. ფოტოსურათის ამოცნობა – ეკრანზე გამოჩნდება სურათი და უნდა დაასახელონ რომელ ფრაზეოლოგიზმზე მიგვანიშნებს. მაგ: სიზიფეს შრომა
  4. შებრუნებული წყობა – (წყვილური თამაში) ვასახელებთ ფრაზეოლოგიზმის განმარტებას და უნდა გამოიცნონ, მაგ: დაკარგვა=დედამიწამ პირი უყო.
  5. „გულის“ ფრაზეოლოგიზმები – გუნდები წერენ მაქსიმალურად ბევრ ფრაზეოლოგიზმს, რომელშიც გამოყენებულია სიტყვა – გული. ქულა ენიჭება იმ გუნდს, რომელიც მეტს დაწერს.
  6. სინონიმური ფრაზეოლოგიზმები – ახსენი ფრაზეოლოგიზმი ფრაზეოლოგიზმით, მაგ: ენა მუცელში ჩაუვარდა=ენა დაება (დადუმდა, გაჩუმდა)
  7. გამოიცანი ფრაზეოლოგიზმი – მოცემული არეული ასოებისგან ფრაზეოლოგიზმის აწყობა.
  8. ჩანახატის წარდგენა – გუნდებმა წინასწარ მიწოდებული 10 ფრაზეოლოგიზმისგან შეადგინეს პატარა მხატვრული ტექსტი. (მაგ.: ლაფში ამოსვრა, ყურის გდება, გუდას პირი მოხსნა და სხვ.). შეფასების კრიტერიუმები: ორიგინალურობა, ყველა ფრაზეოლოგიზმის გამოყენება, მხატვრულობა.
  9. გუნდების მიერ მომზადებული დავალებები – ერთმანეთს მოუმზადეს დავალებები ფრაზეოლოგიზმებზე, მაგ: კროსვორდი.
  10. კაპიტნების ბლიცი – სწრაფი შეკითხვები კაპიტნებს. გამარჯვებულია ის, ვინ 1 წუთში მეტ ფრაზეოლოგიზმს განმარტავს.

თითო ტური ფასდებოდა 2 ქულით, მოსწავლეებს აფასებდა ჟიური.

აქტივობის შედეგად:

  • მოსწავლეებმა გაიღრმავეს ფრაზეოლოგიზმების ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების უნარი;
  • განივითარეს ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
  • განივითარეს გუნდური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარი.

ამრიგად, „თამაში ფრაზეოლოგიზმებით“ არის ინტერაქტიული სწავლების ეფექტური ფორმა, რომელიც აერთიანებს ლექსიკასთან მუშაობის სიღრმესა და თამაშის ელემენტებს. მსგავსი აქტივობები რეკომენდებულია როგორც დამატებითი ინსტრუმენტი ფრაზეოლოგიზმების სწავლის პროცესში, ვინაიდან ხელს უწყობს, როგორც ენობრივი კომპეტენციის გაღრმავებას, ასევე მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას.

 

 

 

როგორ ვასწავლოთ ბავშვს „არა“-ს თქმა და საკუთარი თავის დაცვა

0

ერთხელ, სრულიად შემთხვევით შევესწარი, თუ როგორ წუხდა ახალგაზრდა ქალბატონი   შვილის გამო და თავის გულისტკივილს მეგობარს უზიარებდა – „არ ვიცი რა მოვუხერხო ამ ბავშვს. უარს ვერავის ვერაფერზე ეუბნება. თავის უსაყვარლეს სათამაშოს თვალცრემლიანი პარკში მოთამაშე ბავშვს ჩუქნიდა იმის გამო, რომ მას ის მოეწონა და ხელიდან გამოსტაცა. საჭმელს რომ ვაჭმევ, რომც არ უნდოდეს უარს არ ამბობს და ბოლომდე ჭამს. დასაძინებლად რომ შემყავს ოთახში, ვგრძნობ არ სიამოვნებს, არ ეძინება და ჩვენთან ყოფნა სურს, მაგრამ პროტესტს არ გამოხატავს. ვიცი ძალიან დამეჩაგრება მომავალში.“ აქვს თუ არა რაიმე საფუძველი მშობლის შიშს და მართლაც ელის თუ არა რაიმე საფრთხე მომავალში პატარას, რომელიც ვერასოდეს ვერავის ეუბნება „არა“-ს. რითი რისკავს ბავშვი, რომელსაც არ შეუძლია „არა“-ს თქმა. ბავშვები, რომლებიც ვერ ახერხებენ „არა“-ს თქმას, უგულებელყოფენ საკუთარ ემოციებს და ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. მათთვის ბევრად იზრდება ცუდ კომპანიაში მოხვედრის, მავნე ჩვევების შეძენის და კანონდარღვევების რისკიც კი. გარდა ამისა, ისინი შეიძლება გახდნენ ზრდასრულთა მხრიდან ცუდი განზრახვის მსხვერპლი – მათ ხომ ასწავლიდნენ, რომ უფროსისათვის უარის თქმა „უხერხულია“, მათთან კამათი კი „უზრდელობაა“. ასეთი ბავშვები ხასიათდებიან დაბალი თვითშეფასებით და თვითპატივისცემის ნაკლებობით. ამიტომ, მათ უჭირთ საკუთარი თავის, საკუთარი პოზიციის, აზრის დაცვა და სკოლაში ხანდახან თანატოლების მხრიდან ძალადობის სამიზნედ იქცევიან. ბავშვი, რომელმაც ვერ ისწავლა „არა“-ს თქმა, ნაკლებად იცნობს საკუთარ თავს, საკუთარ მოთხოვნილებებს, სურვილებს და ინტერესებს. მისთვის ძნელია, უჭირს საკუთარი დროის, ძალების შეფასება; ამიტომ, აძლევს დაპირებას მასწავლებელს, მშობლებს, მეგობრებს, რომლის შესრულება შემდეგ არ შეუძლია. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს არასრულფასოვნების განცდა, ცხოვრებასთან გამკლავების უუნარობა და წარუმატებლობის განცდა.

რატომ უჭირთ ბავშვებს „არა“-ს თქმა – ძირითადი მიზეზები:

  • უპირველეს ყოვლისა, ბავშვები მიისწრაფიან მოიპოვონ მოწონება, აღიარება გარშემომყოფთა მხრიდან – მშობლების, აღმზრდელების, მეგობრების მხრიდან. გარშემომყოფთა მხრიდან მოწონების და აღიარების მიღება იმდენად ძლიერია, რომ ამის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად ბავშვი ხშირად სწირავს საკუთარ სურვილებს და კომფორტს. „არა“-ს თქმა ნიშნავს სხვების კეთილგანწყობის დაკარგვის რისკს. პატარა ბავშვისთვის ეს შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს;
  • ბევრი ბავშვი იზრდება ისეთ გარემოში, სადაც უარი აღიქმება, როგორც უხეშობა ან დაუმორჩილებლობა. მათ ადრეული ასაკიდანვე შთააგონებენ: „იყავი თავაზიანი“, „ნუ შეეპასუხები უფროსებს“, „გაუზიარე სხვას შენი ნივთი, მაშინაც კი, თუ ამის გაკეთება არ გინდა“; ასეთი მოწოდებები, მაშინაც კი, როდესაც ისინი საუკეთესო განზრახვით არის ნათქვამი, ბავშვს ასწავლის საკუთარი გრძნობებისა და სურვილების  ჩახშობას სხვების მოლოდინების სასარგებლოდ;
  • დადებითი მისაბაძი მაგალითის არარსებობა. ცნობილია, რომ ბავშვები მიბაძვით სწავლობენ. თუ მათ გარშემო მყოფი უფროსები მუდმივად უთმობენ სხვებს, ეშინიათ, უჭირთ პირადი საზღვრების დაცვა, ან პირიქით – რეაგირებენ უარზე აგრესიით, ბავშვისთვის რთულია იმის გაგება, რომ „არა“-ს თქმა შეიძლება მშვიდად, მტკიცედ და პატივისცემით და, რომ ეს ნორმალურია;
  • „არა“-ს თქმის უნარი დაკავშირებულია ემოციური ინტელექტისა და თვითშეფასების განვითარებასთან. პატარა ბავშვები ჯერ მხოლოდ სწავლობენ საკუთარი გრძნობებისა და სურვილების გაცნობიერებას, იმ სიტუაციების გარჩევას, როდის არის დათმობა მიზანშეწონილი და როდის უნდა დაიცვას საკუთარი პოზიცია. ხშირად უფროსები სათანადოთ არ ვაფასებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის იყოს მიღებული, აღიარებული ოჯახში და საზოგადოებაში. უფროსების მხარდაჭერის და სიყვარულის დაკარგვის შიში სიტყვა „არა“-ს თითქმის შეუძლებელს ხდის.

     რეკომენდაციები – როგორ ვასწავლოთ ბავშვს „არა“-ს თქმა და საკუთარი თავის დაცვა:

  • იმისათვის, რომ ყველაფერზე დათანხმების ჩვევამ თვითშეფასების დაქვეითება არ გამოიწვიოს, უფროსება ადრეული ასაკიდანვე უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვმა კარგად შეისწავლოს საკუთარი შესაძლებლობები, ისწავლოს დამოუკიდებლად მსჯელობა და არ იყოს მუდმივად სხვების მოსაზრებებზე დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც ბავშვი იგრძნობს, რომ მის აზრს აქვს მნიშვნელობა მაშინაც კი, თუ ის არ ემთხვევა გარშემომყოფთა მოლოდინებს. რაც უფრო ადრე გაიგებს პატარა, რომ მისი გრძნობები მნიშვნელოვანია, მით უფრო ადვილი იქნება მისთვის „არა“- ს თქმა იქ, სადაც ეს ნამდვილად აუცილებელია – სკოლაში, მეგობართა წრეში და შეიძლება ოჯახურ გარემოშიც კი;
  • უარის თქმის ყველაზე მარტივი ფორმაა ჩვეულებრივი „არა“. თავდაჯერებული ტონით ნათქვამი ეს სიტყვა უფრო დამაჯერებლად ჟღერს, ვიდრე ნებისმიერი სხვა გზა თხოვნისთვის თავის ასაცილებლად, ან თუნდაც ხანგრძლივი ახსნა-განმარტება. სიტყვა „არა“ მაშინვე ნათელს ჰფენს სიტუაციას და ადამიანს აგრძნობინებს, რომ მოთხოვნა ცალსახად უარყოფილია. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ეს საკმარისი არ არის. ყველაზე ხშირად უარის დასაბუთება აუცილებელია, როდესაც თხოვნა მოდის მეგობრებისგან, ნათესავებისგან, ან სხვა ახლობელი ადამიანებისგან;
  • ვასწავლოთ ბავშვს გარკვეული შეკითხვების დასმა, როდესაც თხოვნა მას ძალიან არ მოსწონს, როდესაც დისკომფორტს განიცდის თხოვნის გამო. პირველ რიგში, ბავშვმა ნათელი უნდა გახადოს, დააზუსტოს, ახსნას სიტუაცია: „კონკრეტულად რა უნდათ მათ ჩემგან, რატომ სწორედ მე“? ბავშვს უნდა შეეძლოს პირდაპირი შეკითხვების დასმა, მაგ, „რატომ გინდა, რომ ეს მე გავაკეთო, რატომ არ აკეთებ ამას თავად“? თუ არსებობს მოქმედების ვარიანტები, რომლებსაც ბავშვი უფრო წარმატებულად, მისაღებად, სწორად მიიჩნევს, მას შეუძლია შემხვედრი შეთავაზების გაკეთება: „მოდი სხვაგვარად გავაკეთოთ….“ ან „უკეთესი იქნება, თუ….“. ამ გზით მეორე ადამიანი (ზრდასრული ან ბავშვი) დაინახავს დახმარების ან საერთო საქმეში მონაწილეობის გულწრფელ სურვილს, მაგრამ არა ისე, როგორც თავდაპირველად იყო შეთავაზებული. თუ ბავშვის მოსმენას არ მოისურვებენ, ავუხსნათ მას, რომ შეუძლია სუფთა სინდისით თქვას  „არა“  და დაასრულოს საუბარი. ამის შემდეგ შეიძლება მშვიდად დამშვიდობება და დამშვიდობებისას ჩვეული ფრაზების გამოყენება, მაგ. „შეხვედრამდე“. ასე უფრო ადვილი იქნება უხერხულობის თავიდან აცილება. ასეთი მოქმედებით ბავშვი აგებინებს მოპირდაპირე მხარეს, რომ ის უარს ამბობს კონკრეტულად ამ თხოვნაზე, მაგრამ არ არის ურთიერთობის წინააღმდეგი და სურს ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება;
  • ვასწავლოთ ბავშვს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მანიპულაციებსა და შანტაჟს. დავუშვათ მეგობარი აშანტაჟებს ბავშვს: „თუ შენ ჩემთან ერთად მათემატიკის გაკვეთილიდან არ გაიპარები, შენთან აღარ ვიმეგობრებ“, ან „მშიშარა ხარ და ამას ვერ გააკეთებ“. ავუხსნათ, რომ თუ ის ნამდვილად მეგობარია, მაშინ მეგობრობა უარის თქმის გამო არ დასრულდება, მომავალში კი ეს ბიჭი მოერიდება  ულტიმატუმების წაყენებას და პატივს სცემს სხვის პოზიციას. „იფიქრე, როგორც გინდა, მე უბრალოდ არ მომწონს ეს იდეა“ – ასეთი პასუხი გამორიცხავს საკუთარი არჩევანის გამართლების აუცილებლობას და შეუძლია თავიდან აიცილოს შემდგომი თავდასხმები. ავუხსნათ ბავშვს, რომ მას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი პირადი საზღვრები;
  • გავითვალისწინოთ ბავშვის მოთხოვნილებები, საჭიროებები და დავასაბუთოთ უარი არგუმენტირებულად. არაფერს შეუძლია ასწავლოს ბავშვს საკუთარი მოთხოვნილებების პატივისცემა უკეთესად, ვიდრე ჩვენს რეაქციას მის თხოვნაზე. თუ ბავშვის ჩივილს, ან თხოვნას – „დავიღალე, მწყურია“ ვუპასუხებთ ამგვარად: „მოითმენ სახლამდე!“ ან უფრო უარესი – „სულ არ მაინტერესებს რა გინდა, მეც ბევრი რამ მინდა.“  – ჩვენ გავაუფასურებთ მის გრძნობებს  და სურვილებს ასეთი დამოკიდებულებით. ბავშვი ეჩვევა იმ აზრს, რომ მისი მოთხოვნილებები არც ისე მნიშვნელოვანია იმასთან შედარებით, რაც მისგან სურთ. მაგრამ, არსებობს რეაგირების სხვა ხერხიც: „მეც მინდა დალევა, მაგრამ ახლა წყალი არ მაქვს, მოდი მოვითმინოთ სახლამდე“ ან „მესმის, რომ დაიღალე, მოდი უბრალოდ გავჩერდეთ ნახევარი წუთით და შემდეგ გავაგრძელოთ სიარული, თორემ დროულად ვერ მივალთ, ვერ მოვასწრებთ მისვლას“. ამგვარად, ასეთი მოქმედებით ჩვენ ბავშვს გადავცემთ ინფორმაციას: „მესმის შენი საჭიროებები, მოთხოვნილებები, ისინი მნიშვნელოვანია და ყურადღებას იმსახურებს“. ადრეული ასაკიდან ჩვენ მიერ ბავშვში ჩადებული განწყობა-დამოკიდებულებები კიდევ მრავალი წელი მოახდენს გავლენას ბავშვის ქცევაზე;
  • მივცეთ ბავშვს საშუალება იყოს ბუნებრივი, ლაღი და თავისუფალი. მშობლების და სხვა ადამიანების მხრიდან მოწონების და შექების დამსახურების სურვილი აიძულებს პატარას უარი თქვას საკუთარ სურვილებზე და მოთხოვნილებებზე;
  • შევეცადოთ თავად ჩვენ ვიყოთ მისაბაძი მაგალითი ბავშვისთვის ჩვენი ქცევით. გავითვალისწინოთ, რომ პატარები სწავლობენ არა იმდენად ჩვენი ჭკუისდამრიგებლური საუბრებით, რამდენადაც უფროსების ქცევაზე დაკვირვებით. ისინი გვბაძავენ ჩვენ და ითვისებენ ჩვენს ქცევას, კარგი მანერებიდან ცუდ ჩვევებამდე, გვსურს ეს თავად ჩვენ, თუ არა;
  • მივცეთ ბავშვს საკუთარი ინტერესების დაცვის მაგალითი. ჩვენ ვერიდებით, გავურბივართ „არა“-ს თქმას იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის პროვოცირება, არ გავანაწყენოთ ის, ვინც რაიმეს გვთხოვს, არ დავაზიანოთ ჩვენი ურთიერთობა მასთან. თუმცა, სხვებისათვის სიამოვნების მინიჭების სურვილმა შეიძლება საკუთარი თავის დაკარგვამდე მიგვიყვანოს. გარდა ამისა, თუ ჩვენ ყოველთვის ყველაფერში ვეთანხმებით გარშემომყოფებს, მათ შეიძლება ეჭვი შეიტანონ ჩვენი „კი“ – ის გულწრფელობაში. ამიტომ, ნუ მოგვერიდება უარის თქმა, წინააღმდეგობის გაწევა და მშვიდად „არა“ -ს თქმა ბავშვის თანდასწრებით. ამით ჩვენ მას ვაჩვენებთ, რომ უკეთესია გონივრულად, საღად შევაფასოთ საკუთარი სურვილები და შესაძლებლობები, ვიდრე მოგვიანებით დავიტანჯოთ და ვინანოთ ჩვენი არჩევანი;
  • მივცეთ ბავშვს უფლება გარკვეულ სიტუაციებში უფროსსაც უთხრას „არა“. გავაგებინოთ მას, რომ არგუმენტირებული „არა“ პასუხის სრულიად მისაღები ვარიანტია. ვუთხრათ, რომ ჩვენ ის იმ შემთხვევაშიც ისევე ძლიერად გვეყვარება, თუკი ყოველთვის არ დაგვეთანხმება. შევეცადოთ მაქსიმალურად პატივი ვცეთ მის აზრს, მაგრამ გავაფრთხილოთ ამა თუ იმ შემთხვევაში „არა“-ს თქმის შედეგების შესახებ. აღარ სურს ჭამა, მიუხედავად იმისა, რომ მის თეფშზე ჯერ კიდევ არის საჭმელი დარჩენილი? „კარგი, მაგრამ მაშინ შევთანხმდეთ: ვახშმამდე წახემსება არ შეიძლება“. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვის ყველა სურვილი უნდა დავაკმაყოფილოთ – ასეთ შემთხვევაში შედეგად მივიღებთ პატარა ადამიანს, რომელმაც არ იცის სხვების პატივისცემა და სირთულეებისთვის თავის გართმევა. თუმცა, „არა“-ს თქმის უფლების ჩამორთმევა მშობლებთან ურთიერთობაშიც კი, შეიძლება სერიოზული პრობლემების მიზეზად იქცეს მომავალში. თუ ბავშვი არ სწავლობს მშობლებისთვის „არა“-ს თქმას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებს ამ სიტყვის სხვებისთვის თქმას. და, თუ მომავალში მას შესთავაზებენ მაგ. ნარკოტიკს, კარგი იქნება, თუ უკვე გამომუშავებული ექნება „არა“-ს თქმის უნარი და არასასურველი გავლენის ქვეშ არ მოხვდება.

დაბოლოს, „არა“-ს თქმის უნარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც საჭიროა ადრეული ასაკიდანვე გამოვუმუშაოთ ბავშვს, რადგანაც ის თავდაჯერებულობის, თვითპატივისცემისა და გარშემომყოფებთან ჯანსაღი ურთიერთობების საფუძველია. ის ეხმარება ბავშვს თავიდან აიცილოს არასასურველი სიტუაციები (მაგ. ბულინგი, სახიფათო თამაშებში მონაწილეობა და ა.შ.), თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და შეინარჩუნოს შინაგანი სიმშვიდე და სტაბილურობა.

AI აპლიკაციები – დიალოგი ცოდნასთან: ინტერაქციის ახალი პარადიგმა

0

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როცა ინფორმაცია აღარ არის პრივილეგია – ის უკვე მოცემულობაა. ციფრული ოკეანე სავსეა მონაცემებით, ფაქტებითა და არქივებით. ღილაკზე ერთი თითის დაჭერა და “გამოვიძახებთ” სასურველ ინფორმაციას.  ამ ციფრულ აურზაურში ჩემი დაკვირვებით, იკვეთება ახალი, ფუნდამენტური ჭეშმარიტება: ციფრულ სამყაროში ინფორმაცია ყველასთვის მისაწვდომია, ახლა გვჭირდება იდეები, რომ ცოდნა ვაქციოთ გამოცდილებად.

ხშირად ვამბობ, რომ AI სწყალობს იმას, ვისაც იდეები არ ასვენებს. ის აჯილდოებს ცნობისმოყვარეებს, მეოცნებეებსა და მათ, ვისაც აქვს ხედვა, მაგრამ სჭირდება ტექნოლოგია,  ამ ხედვის მატერიალიზებისთვის.

მონოლოგიდან დიალოგამდე

ტრადიციული განათლება საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა მონოლოგს: წიგნი “ესაუბრებოდა” სტუდენტს, ლექტორი – აუდიტორიას. მსმენელი იყო პასიური მიმღები. არადა, ჩვენი ცნობიერება თავისი ბუნებით ხომ დიალოგურია. და აი, გამოჩნდნენ “მოსაუბრე აპლიკაციები”. AI აპლიკაციების შემოსვლამ სასწავლო პროცესში  მონოლოგური მოდელი თავდაყირა დააყენა.

პირველი აპლიკაცია, რომელიც შევქმენი ჩემი სტუდენტებისთვის იყო “AI სოკრატე“. მოგვიანებით მივხვდი, რომ სოკრატე შემთხვევით არ ამირჩევია და რომ ამაში უფრო ღრმა აზრი იდო. სასწავლო აპლიკაციები მართლაც ძალიან ჰგავს სოკრატეს მეთოდს.

მეტაფორულად რომ ვთქვათ, დღეს ჩვენ გადავდივართ “სოკრატესეულ ციფრულ დიალოგზე”. AI-ზე დაფუძნებული საგანმანათლებლო აპლიკაციები არ გვთავაზობენ მხოლოდ მშრალ პასუხებს; რაც უმნიშვნელოვანესია, ისინი გვიწვევენ ინტერაქციაში. ეს არის ცოდნასთან ერთგვარი ცეკვა, როცა შენს კითხვაზე პასუხი ბადებს ახალ კითხვას, ახალ პერსპექტივას და კრიტიკული აზროვნების აუცილებლობას.

“AI სოკრატეს“ აპლიკაცია ასე მუშაობს: ირჩევ თემას, ირჩევ დონეს და სოკრატე იწყებს კითხვების დასმას (მაიევტიკური მეთოდით, რა თქმა უნდა). 3 კითხვაზე პასუხის შემდეგ ის გიწერს შენი პასუხების ანალიზს და გირჩევს, რას მიაქციო ყურადღება. დიალოგი გამოდის ყველა ჯერზე უაღრესად საინტერესო. ერთ სტუდენტს ასეთი რამ დაუწერა: „რად გინდა ცოდნა, თუ ის არ შეცვლის შენს ფიქრს, შენს აზროვნებასა და მოქმედებას და არ გადმოვა ცხოვრებაში?“.

Claude Artifacts ამკვიდრებს სრულიად ახალ მიდგომას: „ახალი გაკვეთილი – ახალი აპლიკაცია“. მასწავლებელს აღარ სჭირდება მოერგოს მხოლოდ არსებულ, სტანდარტულ პროგრამებს. მას შეუძლია დამატებით შექმნას ზუსტად ისეთი ინსტრუმენტი, როგორიც მის კლასს, მის მოსწავლეებს და კონკრეტულად იმდღევანდელ თემას სჭირდება.

ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია შექმნას მარტივი სიმულატორი ან ქვიზი Claude-ის დახმარებით, კოდის ცოდნის გარეშე.

AI აპლიკაციის სცენარები

  • სცენარი: მასწავლებელი სთხოვს AI-ს: „შემიქმენი ინტერაქტიური თამაში HTML-ში, სადაც მოსწავლემ უნდა გადაანაწილოს ბიუჯეტი ქალაქის ასაშენებლად და დაინახოს ეკონომიკური შედეგები.“
  • შედეგი: წამებში იქმნება პატარა აპლიკაცია (Artifact), რომელიც „ჯადოსნურ წრეს“ ქმნის. მოსწავლე თამაშობს ეკონომიკით, უშვებს შეცდომებს, ბანკროტდება და თავიდან იწყებს  და ამ პროცესში სწავლობს ეკონომიკის ფუნდამენტურ კანონებს უშუალო გამოცდილებით.

ქვიზები

  • სცენარი: „შექმენი ‘Drag and Drop’ (გადათრევა) თამაში ინგლისური სიტყვებისთვის. მარცხენა მხარეს იყოს სიტყვები, მარჯვნივ – სინონიმები. სწორი შეთავსებისას გამწვანდეს, არასწორი შეთავსებისას – გაწითლდეს და გამოსცეს ხმა.“
  • შედეგი (Artifact): მარტივი, მაგრამ ეფექტური აპლიკაცია, რომელიც რუტინულ დაზეპირებას აზარტულ თამაშად აქცევს.

ბიოლოგია: „ცოცხალი“ დიაგრამები

  • სცენარი: „შექმენი ადამიანის უჯრედის ინტერაქტიური სქემა. როცა მაუსს მივიტან რომელიმე ორგანელასთან (მაგ. მიტოქონდრია), ის უნდა განათდეს და გამოჩნდეს პატარა ფანჯარა  ფუნქციის აღწერით.“
  • შედეგი (Artifact): მოსწავლე იკვლევს უჯრედს, როგორც ინტერაქტიურ რუკას. ეს ზრდის ვიზუალურ მეხსიერებას და ჩართულობას.

ფიზიკა და მათემატიკა: ვირტუალური ლაბორატორია 

მოსწავლეს უჭირს გაიგოს გრავიტაცია ან პარაბოლა მხოლოდ დაფაზე დაწერილი ფორმულით?

  • სცენარი: მასწავლებელი სთხოვს Claude-ს: „შემიქმენი ინტერაქტიური სიმულაცია, სადაც იქნება ზარბაზანი. მომეცი საშუალება, სლაიდერით ვცვალო გასროლის კუთხე და საწყისი სიჩქარე, ხოლო ეკრანზე ვიზუალურად გამოჩნდეს ჭურვის ტრაექტორია და დაცემის ადგილი.“
  • შედეგი (Artifact): ეკრანზე ჩნდება მოქმედი თამაში/სიმულატორი. მოსწავლე „ეთამაშება“ ფიზიკის კანონებს. ის ხედავს კავშირს რიცხვებსა და მოძრაობას შორის.

ისტორია და გეოგრაფია: დროის მანქანა

რუკები და თარიღები ხშირად სტატიკური და მოსაწყენია. Artifacts-ს შეუძლია ისინი გააცოცხლოს.

  • სცენარი: მასწავლებელი სთხოვს Claude-ს: „შექმენი ინტერაქტიური რუკა საქართველოს ისტორიაზე. ქვემოთ იყოს დროის სლაიდერი (Time Slider). როცა სლაიდერს გადავაადგილებ საუკუნეების მიხედვით, რუკაზე იცვლებოდეს საზღვრები და ჩნდებოდეს ინფორმაცია იმდროინდელ მეფეებზე.“
  • შედეგი (Artifact): იქმნება დინამიკური რუკა, სადაც ისტორია ვიზუალური პროცესია და არა მხოლოდ ტექსტი.

Homo Ludens 2.0: თამაში, როგორც შემეცნების უმაღლესი ფორმა

კიდევ ერთი მეტაფორა, რომელიც შეიძლება გაგახსენდეთ ცოდნის ინტერაქტიურ ფორმასთან დაკავშირებით, ეს არის თამაში. იოჰან ჰეიზინგა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში Homo Ludens (მოთამაშე ადამიანი) ამტკიცებდა, რომ კულტურა იბადება თამაშში და თამაშის სახით. თამაში არ არის გართობა; თამაში არის წესრიგის შექმნა ქაოსში. AI აპლიკაციები განათლებაში აბრუნებენ თამაშს  პირვანდელი, საკრალური მნიშვნელობით:

                ჰეიზინგას ტერმინით, თამაში ქმნის დროებით სამყაროს საკუთარი წესებით. AI სიმულაციები ქმნიან სწორედ ასეთ “ჯადოსნურ გარემოს” –  უსაფრთხო სივრცეებს, სადაც მოსწავლეს შეუძლია მართოს ვირტუალური ლაბორატორია, იყოს ისტორიული მოვლენის მონაწილე ან მართოს ეკონომიკური მოდელები. რეალურ ცხოვრებაში შეცდომა ხშირად ისჯება. თამაშში კი შეცდომა არის უკუკავშირი (Feedback). AI აპლიკაციებში “Game Over” არ ნიშნავს დასასრულს, ეს ნიშნავს: “სცადე სხვა სტრატეგიით”. ამით იხსნება სწავლაში შიშის ბარიერი.

             თამაშს ახასიათებს სრული ჩართულობა. AI ტექნოლოგიები (განსაკუთრებით AR/VR ელემენტებით) აქრობენ ზღვარს სუბიექტსა (მოსწავლე) და ობიექტს (შესასწავლი მასალა) შორის. შენ არ სწავლობ ბიოლოგიას გარედან, შენ “მოგზაურობ” უჯრედში.

ახალი რეალობის არქიტექტურა

დიახ, ახლა იქმნება ახალი რეალობის არქიტექტურა – სულ სხვა მეთოდებით და გეომეტრიით. AI აპლიკაციებს ცოდნა აბსტრაქციიდან გამოცდილებაში გადაჰყავს. ცოდნის მიღებას თან ახლავს ემოცია. ახალი პარადიგმა – დიალოგი და თამაში – აყალიბებს უბრალოდ  ინფორმირებულ ინდივიდს კი არა, არამედ მოაზროვნეს, რომელსაც არ ეშინია ექსპერიმენტების და იცის, რომ ჭეშმარიტება ფინიშის ხაზი არ არის, არამედ თავად პროცესია.

ჩვენ აღარ ვსწავლობთ სამყაროს შესახებ, ჩვენ ვქმნით სამყაროს მოდელებს და ვტესტავთ მათ რეალურ დროში.

ამ ახალ რეალობაში ადამიანის მთავარი კაპიტალი არის წარმოსახვა. ტექნოლოგია კი არის ის ჯადოსნური ინსტრუმენტი, რომელიც “იდეების მოუსვენრობას” გამოცდილებებად  გარდაქმნის.

 

კლასის მშობლების სასაუბრო სივრცის ქართული პრაქტიკა

0

კლასის მშობლების სასაუბრო სივრცის ქართული პრაქტიკა

ვიდრე წერას დავიწყებდი „ჩატის“ ქართული შესატყვისის მოსაძებნად ლექსიკონს გადავხედე. შემოთავაზებულ ტერმინებზე – „ლაყაფი“, „ყბედობა“, „ჭორაობა“ – გასაგები მიზეზების გამო არჩევანი ვერ შევაჩერე. ამიტომ მკითხველის ნებართვით, ბარბარიზმს გამოვიყენებ.

 

ბოლო დროს მშობლები და მასწავლებლები ურთიერთობის საშუალებად ჯგუფურ „ჩატში“ მიმოწერას რეგულარულად იყენებენ, იქნება ეს სოციალური ქსელი თუ კომუნიკაციის პირდაპირი პლატფორმები. მიიჩნევა, რომ ურთიერთობის ეს ფორმა უფრო მარტივია, დროს და ენერგიას გვიზოგავს. სხვა შენელებული საშუალებებისგან განსხვავებით ჩატი უსწრაფესად, რეალურ დროში ავრცელებს ინფორმაციას და ერთდროულად ბევრ ადამიანს საუბრის საშუალებას აძლევს.

მშობლებს შორის კომუნიკაციის დისტანციური ფორმა საქართველოში მეტად პოპულარულია. ყოველდღიურად საკლასო ჩატებიდან ინფორმაცია ასობით ათასი მშობლის ტელეფონსა და კომპიუტერში აღწევს. Online სასაუბროების აქტიურად გამოყენებას რამდენიმე გარემოებამაც შეუწყო ხელი. საჯარო სკოლის შენობებში მშობლების შესვლა კოვიდპანდემიის შემდეგ მკაცრად კონტროლდება. შეიზღუდა შენობაში შესვლის დღე და საათები. პარალელურად, ბევრი მშობელი სხვადასხვა მიზეზის გამო სკოლაში მისვლას იშვიათად ახერხებს. ამ და სხვა გარემოებების გამო ფიზიკური შეხვედრები online-კომუნიკაციამ ჩაანაცვლა.

ხშირად თითოეულ კლასს ორი სასაუბრო ჩატი აქვს. ერთ-ერთში მასწავლებელიც არის გაწევრიანებული, ხოლო მეორეში – მხოლოდ მშობლები. სივრცეში, სადაც პედაგოგიც იმყოფება, საუბარი შედარებით უფრო ფორმალური და საქმიანია. ცალკე სასაუბრო სივრცეებს კი, როგორც წესი, აქტიური მშობლები დამოუკიდებლად ქმნიან. ასეთი ჩატები არაფორმალურად ფუნქციონირებს. მასზე არ ვრცელდება სკოლის ორგანიზაციული წესები. ჩატის თითოეული წევრი მშობელი საკუთარი მორალურ-ეთიკური საზომით მოქმედებს, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე მძლავრად მოსწავლეთა მშობლების ხმა ცალკე ჩათებში ისმის.

კანონის შესაბამისად, მშობლებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ სკოლისგან დამოუკიდებელი სასაუბრო სივრცე. ცხადია, არავის შეუძლია აუკრძალოს სიტყვის, აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს სტატია იმაზეა, როგორ შეუძლია პედაგოგს მშობლების ენერგია სწორად მიმართოს სკოლის განვითარებისკენ.

დავფიქრდეთ იმაზე, რატომ არ არის საკმარისი კლასის ძირითადი online სასაუბრო სივრცე და რატომ ხდება აუცილებელი მეორე, ცალკე მშობლების ჩატის არსებობა? რაში ეხმარება და რაში უშლის ხელს ეს სკოლას? ამ საკითხებზე მსჯელობის დაწყებამ შეიძლება მნიშვნელოვან დასკვნებამდე მიგვიყვანოს.

პედაგოგისგან განცალკევებულ ჩათს რამდენიმე მახასიათებელი აქვს:

  1. სასკოლო სიახლეების გაზიარების უწყვეტი ნაკადი – ზოგჯერ, ცალკე ჩათების გახსნის მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა. თუ კლასის დამრიგებელი ვერ ახერხებს დრო გამონახოს მშობლებთან კომუნიკაციისთვის, ისინი თავად იწყებენ ყურმოკრული ინფორმაციის გაზიარებას ერთმანეთისთვის. ხშირად ეს ამბები სიმართლეს მხოლოდ ნაწილობრივ ან საერთოდ არ შეესაბამება. ამის მიუხედავად, მათზე დიდი ემოციური და დროის რესურსი იხარჯება. საბოლოოდ, კი შეიძლება სრულიად მცდარი წარმოდგენები შეუქმნას მშობლებს. იმისთვის, რომ პედაგოგმა თავიდან აირიდოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების რისკები, აუცილებელია, სარგებლობდეს მშობლების ნდობით. მშობლებს უნდა სჯეროდეთ, რომ ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის პედაგოგი. ამავე დროს, არ უნდა ჰქონდეთ ზედმეტი მორიდება, რომ ყურმოკრული საკითხი მასთან გადაამოწმონ. არ უნდა შიშობდნენ, რომ მასწავლებელთან კომუნიკაციას მისთვის არასასურველი შედეგები მოჰყვება.

 

  1. მეორე მახასიათებელი, რაც ცალკე ჩათის ერთგვარი უპირატესობაა, ეს არის ამ სივრცის უსაფრთხოება. მშობლები აქ ბევრად უფრო გულწრფელად წერენ თავიანთ მოსაზრებებს, არ ეშინიათ/არ ერიდებათ აზრის დაფიქსირების, რადგან იციან, რომ ამ ნაბიჯს უსიამოვნებები არ მოჰყვება. დაფიქსირებული აზრის გამო მათ არავინ განსჯის. ცალკე ჩათების არსებობის აზრი სწორედ ის გახლავთ, რომ ისაუბრონ სკოლაზე უსაფრთხო სივრცეში. მშობლებს რომ სკოლაში ღიად საუბარი უჭირთ, ამის დასტურად მასშტაბური კვლევის მოყვანა გამიჭირდება, თუმცა პირად საუბრებში მშობლები არ მალავენ ამ მოცემულობას. ამასთან, ასოციაციის „მშობლები განათლებისთვის“ სატელეფონო საკონსულტაციო ცენტრის ანგარიშის (https://url-shortener.me/7KAY) მიხედვით, მშობელთა ნაწილს მხოლოდ ანონიმურად სურს პრობლემის შესახებ საუბარი, რადგან შიშობენ, რომ ამით შესაძლოა მასწავლებელი გაანაწყენონ ან შვილს დამატებითი პრობლემები შეუქმნან სკოლაში. ამის გამო, ხშირად მშობლების უკუკავშირი სკოლამდე ვერ აღწევს და ცალკე ჩათში საუბრად რჩება. ეს კი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მშობლების უკუკავშირის მიღების მექანიზმები დღევანდელ სკოლაში ნაკლებად არის განვითარებული. როგორც წესი, მოსწავლეთა ოჯახების მოსაზრებები ცალკე სასაუბრო ჩატებში რჩება და სკოლამდე არ მიდის.

რა უნდა ქნას სკოლამ?

  • შექმნას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ქმედითი მექანიზმები შიდა საზოგადოებისთვის, მათ შორის, მოსწავლეთა მშობლებისთვის.
  • რეგულარულად დაგეგმოს შეხვედრები მშობლებთან, რათა მათ ცოცხალ გარემოში მისცეს აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა და უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო მათი შვილებისთვის.
  • რეგულარულად წარუდგინოს ხარისხის მაჩვენებლების შესახებ ანგარიში მშობლებს და მოისმინოს უკუკავშირი.

როდესაც სკოლაში განვითარდება თანამშრომლობისა და კომუნიკაციის კულტურა, მშობლების რესურსი ნაკლებად გაიფლანგება უშედეგოდ. მშობლები ისევე აქტიურები უნდა იყვნენ განათლების ხარისხის უწყვეტი შეფასებისას, როგორი აქტიურებიც არიან ცალკე სასაუბრო ჩატებში. ამისთვის კი სკოლამ ისინი შიდა ხარისხის უზრუნველყოფაში უნდა ჩართოს.

 

 

„სახლსა სათამაშოსა“

0

დაბადების დღის აღნიშვნა რიტუალია, ხოლო თუ იუბილარი თავად მეფეა – საყოველთაო დღესასწაული. მაშინაც კი, თუ მეფეების დრო დიდი ხანია გავიდა. მთავარი ამ მეფის სახელია და მისი დაბადების სიხარული, რომელსაც მთელი ქვეყანა საკუთარ დღესავით აღნიშნავს. ამ სახელს ყველა გულში იკრავს, თავად იუბილარის გული კი მცხეთაში, სვეტიცხოველში ასვენია – საქართველოს ცხელი გული…

7 ნოებერს 305 წლისა გახდა დიდი მეფე ერეკლე მეორე. ისტორიკოსების ნაწილი ამტკიცებს, რომ მისი დაბადების თარიღი მე-19 საუკუნეში რუსმა ისტორიკოსმა არასწორად დაამკვიდრა, სინამდვილეში ის 7 ოქტომბერსაა დაბადებული. მარტო თარიღი კი არა, სხვაც ბევრი რამე აურიეს მისი ცხოვრებისა და მრწამსის, მისი სულისკვეთებისა და ჭვრეტის განჩხრეკისას, მაგრამ ყველაზე დიდი მსაჯული ხომ მაინც ხალხია, გნებავთ – ერი, ამ სიტყვის ყველაზე ამაღლებული გაგებით. ჰოდა, ამ ხალხმა, ამ ერმა ბავშვობიდანვე შეიყვარა და შეისისხლხორცა, ყველა ჭრილობა დაუფასა და შეაფასა კიდეც. ამ ხალხში ყველაზე დიდი სიმართლეა და ამ სიმართლით ბრწყინავს დღესაც მეფე ერეკლეს სახელი – უკანასკნელი მეფე და „მზე ივერიისა“.

როცა მის მეფობაზე ვსაუბრობთ, ის პერიოდიც ზედმიწევნით უნდა აღვიდგინოთ, რომელშიც ქვეყნის მართვა მოუწია – სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიებისგან შუაგაყოფილი, შინა თუ გარეშე მტერთან ბრძოლით დაქანცული, ლეკთა თარეშისგან აოხრებულ-აბორგებული, ტყვეთა სყიდვის ცოდვით დამძიმებული… ბავშვობა ფშავ-ხევსურეთში გაატარა, სადაც ლეკებს გაარიდეს სამეფო ოჯახი, თავის კბილა ფშავ-ხევსურ გოგო-ბიჭებთან გაიზარდა, ნადირობა და ჯირითი ისწავლა, მათ ენას გაეჩვია, უბრალო ხალხის უსიტყვოდ მოსმენა ისწავლა, მათი გულისცემის შეგრძნება… 15 წლისა იყო, პირველად რომ აიღო ხმალი ხელში და ნეიშნის ველზე ქიზიყის დამრბევი ლეკები დაამარცხა. მას შემდეგ ხმალი ხელიდან არ გაუგდია, შიშის ზარს სცემდა მტერს თავისი მეომრული ძალით და გამჭრიახობით, თვით მრისხანე შაჰებიც კი ეკრძალვოდნენ ინდოეთის ბრძოლებში გამონაცად მეფეს, რომელსაც მოღალატე უფრო მეტი ჰყავდა, ვიდრე თანამოაზრე, მაგრამ ბედისწერამ ასე არგუნა, რომ სულ იყო მის გვერდით ვიღაც, ვინც საკუთარ თავზე მეტად მეფეს ერთგულებდა და ეს კი, უპირველესად, ქვეყნის ერთგულებას ნიშნავდა – ანტონ კათალიკოსითა და სოლომონ ლეონიძით დაწყებული, უბრალო ფშაველ-ხევსური მეომრებითა და სამასი არაგველით დამთავრებული – ერეკლეს თანამებრძოლთა და თანამოაზრეთა გუნდი იყო იმდროინდელი საქართველოს „მორიგე ჯარი“, სიკვდილის პირას მისული ქვეყნის ახალი სიცოცხლე და მკვდრეთით აღდგომა.

და ამ გაუთავებელი ბრძოლების მიუხედავად, ერთი უმთავრესი, რაც ერეკლეს ეპოქას აელვარებს, კულტურული აღმავლობაა. ამან სულ სხვა ხარისხი შესძინა მეფის მმართველობის სტრატეგიას – ეკონომიკურად და კულტურულად გაძლიერებული ქვეყანა უფრო მტკიცედ შეხვდებოდა ყველა გამოწვევას.

მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლური იმპერიების ზეგავლენა კულტურული ექსპანსიითაც გამოიხატებოდა, მე-18 საუკუნეში მაინც წარმოუდგენლად გააქტიურდა ჩვენი ქვეყნის სწრაფვა დასავლური ცივილიზაციისკენ. სულ უფრო მძლავრად შემოდიოდა ევროპული კულტურა – კათოლიკე მისიონერთა, მოგზაურთა თუ დიპლომატთა, მწიგნობართა თუ ხელოვანთა შემწეობით. შემოდიოდა ორი გზით – უშუალოდ ევროპიდან და რუსეთის გავლით, რომელსაც, საქართველოს მეზობლებს შორის, ევროპასთან ყველაზე მჭიდრო კავშირი ჰქონდა და იმდროინდელი პეტერბურგი ევროპული კულტურის ერთ-ერთი ცენტრიც იყო. 1783-1787 წლებში, რუსი დიპლომატი სტეფან ბურნაშევი, რომელიც თბილისში დიმპლომატიური მისიით იმყოფებოდა, წერდა: „მეფე ერეკლე არაფრისკენ ისე არ მიისწრაფვის, როგორც თავისი ხალხის ევროპულად გარდაქმნისკენ“.

დიდი მეფის ამ ძალისხმევას და დაუღალავ სწრაფვას ბევრი მტერი ჰყავდა და უპირველესი სწორედ ჩრდილოელი მეზობელი იყო. თუმცა ეს ცოტა გვიანი ისტორიაა და ჩვენ ჯერ კარგ ამბავზე ვთქვათ – იმ მაგიურ დღესასწაულზე, თეატრი რომ ჰქვია და ჩვენი მხატვრულ-სულიერი ბიოგრაფიის ნაწილად რომ იქცა საუკუნეების განმავლობაში.

ქართველები რომ არტისტული, თეატრალური ხალხი ვართ, ეს არაერთხელ აღუნიშნავთ ჩვენშიც და ქვეყნის გარეთაც. პირველი თეატრალური წარმოდგენები ჯერ კიდევ უხსოვარ დროში, ხალხური რიტუალებისა და მხატვრული ტრადიციების სახით გაჩნდა – ბერიკაობა-ყეენობა ის პირველი „პერფორმანსია“, რომელშიც თანამედროვე თეატრის მრავალი ელემენტი იყრის თავს და ქართული თეატრის ისტორიას უძველესი დროით ათარიღებს. თუმცა ერეკლე მეფის ეპოქაში თეატრმა პროფესიული სახე მიიღო და ეს იყო ის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, რამაც მისი ტრადიცია ჩამოაყალიბა და განსაზღვრა ჩვენს კულტურაში. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ერეკლესა და მისი გუნდის ნებამ და ძალისხმევამ, ახალგაზრდებს მაქსიმალურად მიეღოთ სრულყოფილი განათლება (საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ) და თავად ყოფილიყვნენ კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესების შემოქმედნი.

1758 წელს თბილისში, ანჩისხატის ტაძრის ეზოში, გაიხსნა „სემინარია ფილოსოფიისა“, რომელიც მეფის ხარჯზე არსებობდა. მისი პირველი რექტორი ანტონ კათალიკოსის მოწაფე გაიოზ ნაცვლიშვილი იყო. სემინარიაში ქართულ ენასა და გრამატიკასთან, სქოლასტიკასთან, ფილოსოფიასა და ფიზიკასთან, ლოგიკასა და თეოლოგიასთან ერთად ასწავლიდნენ რიტორიკასაც, რომელსაც ასევე „სიტყვიერების თეორია“ ერქვა და დეკლამაციაში დაოსტატებას გულისხმობდა. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული იყო დრამატული თეორიის წესების შესწავლა, რომლის შედეგადაც უნდა შექმნილიყო ახალი, ორიგინალური პიესა. ამ სკოლის მოსწავლეები თავად დგამდნენ თავიანთსავე დაწერილ პიესებს და მაყურებელს წარუდგენდნენ. პირველი სპექტაკლი სკოლის დაარსებიდან მესამე წელს, 1761 წელს წარმოადგინეს. პიესის ავტორი ერეკლე მეფის სასახლის კარის მოხელე იასე მიქაძე იყო. სწორედ ის მიიჩნევა ჩვენამდე მოღწეულ ერთ-ერთ უძველეს ქართულ პიესად (დრამატურგიულ მინიატურად, როგორც მას თეატრმცოდნეები უწოდებენ) და მისგან იწყება თელავის „სასკოლო თეატრის“ ისტორიაც.

ამ პერიოდში თელავი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად იქცა. სამეფო კარიც მრავალფეროვანი სახელოვნებო სივრცეებით იყო დატვირთული: სასახლის შესასვლელი კარის ზემოთ, ორკესტრისთვის განკუთვნილ ადგილზე, ნაღარხანა (სამეფო საზანდრების – სახელმწიფო ანსამბლის სამუშაო ტერიტორია) იყო განთავსებული, დილა-საღამოს ან საპატიო სტუმრის, ანაც მეფის შესაგებებლად დაფდაფსა და ქოს-ნაღარას უკრავდნენ; სასახლეს ჰყავდა მგალობელთა გუნდი, მოცეკვავეთა ანსამბლი (მასში ქალებიც შედიოდნენ და კაცებიც), მასხარა-ხუმარები, რომლებიც სატირულ ნომრებში დიდგვაროვნებსა და სასულიერო პირებს კიცხავდნენ. ერეკლეს კარზე იყვნენ სახალხო პოეტები: საიათნოვა, აღალუა, გიორგი თარხანი, ერასტი ამილახვრიშვილი, მანანა… ქალაქებსა და დიდ სოფლებში აქტიურად იმართებოდა ბერიკაობა-ყეენობა.

1782 წელს სკოლის ბაზაზე გაიხსნა ფილოსოფიური სემინარია, რომელმაც „სასკოლო თეატრი“ კიდევ უფრო განავითარა. ამ დროს სემინარიის რექტორი იყო დავით ალექსი-მესხიშვილი, რომელიც თავადაც წერდა პიესებს და თამაშობდა კიდეც. იმდროინდელი წყაროების თანახმად, დავით რექტორი გამორჩეული ყოფილა „აქტიორული თამაშით“. ზაქარია ჭიჭინაძე კი წერს: „ქართველთა ძველის ცხოვრების კარგი მცოდნე იყო; მწიგნობარი, დაუცხრომელი გადამწერი, მასთანავე ხუმარა, კომიკი, მასხარა, ფილოსოფოსი, ამიტომ მას მეტ სახელად ცუკია ფილოსოფოსი უწოდეს…“ სასკოლო თეატრში, სხვა ორიგინალურ პიესებთან ერთად („ხოტბა ერეკლე მეორისა“, „გიორგი მესამე“) მისი პიესებიც დაიდგა: მისტერია „უსელი“, „გასაუბრება მოხუცი და ახალგაზრდა მწიგნობარისა“ და სხვ.

მე-18 საუკუნის 80-90-იან წლებში უკვე არსებობდა გიორგი ავალიშვილისა და გაბრიელ მაიორის თეატრები.

1790 წელს თელავში, ერეკლე მეფის კარზე, შეიქმნა წარჩინებულთა თეატრი გიორგი ავალიშვილის ხელმძღვანელობით. თავის დროზე გიორგი ავალიშვილი ერეკლემ სასწავლებლად რუსეთში გაგზავნა. მან და მისმა თანამოაზრეებმა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მცირე თეატრალური დასის შექმნა გადაწყვიტეს. მათ სიამოვნებით შეუერთდნენ მეფე ერეკლესა და ავალიშვილის ქალიშვილები, შეიძინეს შესაბამისი ბინა და დაიწყეს წარმოდგენების გამართვა. ისინი ამ წარმოდგენებს სახისმეტყველებას უწოდებდნენ.

ავალიშვილის თეატრი კლასიცისტური მიმართულებისა იყო და ძველი ქართული თეატრის, „სახიობას“ ესთეტიკასაც ოსტატურად იყენებდა. მის დასში სამეფო და დიდგვაროვანთა ოჯახის წევრებიც ირიცხებოდნენ. გიორგი ავალიშვილის პერიოდში ქართული დრამატურგიაც ვითარდებოდა. ამაში თავად ავალიშვილს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ქართველ ისტორიკოსთა და თეატრის მკვლევართა უმეტესობა სწორედ მას მიიჩნევს ქართული დრამატურგიის მამამთავრად. ის ევროპული თეატრისა და დრამატურგიის პრინციპების ერთგული იყო. ცნობილია მისი კომედია „მეფე თეიმურაზი“, რომლის ტექსტსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა მის შესახებ წერდა გაზეთი „დროება“ და ამ პუბლიკაციიდანაც ჩანს, თუ როგორი თანამედროვე, სხარტი, მახვილი იუმორით და სერიოზული ფიქრით დამუხტული იქნებოდა ეს ნაწარმოები. პიესა 1791 წელს დაიდგა და ეს მოვლენა ერეკლე მეორის სამეფო კარის თეატრის დებიუტად არის აღიარებული.

გიორგი ავალიშვილის თეატრში იდგმებოდა ასევე სხვა დრამატურგთა – ალექსანდრე ამილახვრის, გოდერძი ფირანაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის – ორიგინალური და თარგმნილი პიესები. სწორედ თეიმურაზ ბატონიშვილმა თარგმნა ფრანგულიდან პიესა „აღათოკლე“, რომელიც თელავში რამდენჯერმე დაიდგა.

სპექტაკლებს თამაშობდნენ „სახლსა სათამაშოსა შინა, სალხინო დარბაზებში, იპოდრომებსა და მოედნებზე“. დასს დავით მაჩაბელი ხელმძღვანელობდა. ეს ის მაჩაბელია, „ფიცხელ ომში რომ მღეროდა“ და თავის მსახიობებთან ერთად გმირულად დაიღუპა კრწანისის ომში. ავალიშვილის თეატრის წევრი იყო გაბრიელ მაიორიც, რომელსაც ერეკლე მეფემ არეშიშვილობა უბოძა და რომელმაც მოგვიანებით საკუთარი თეატრალური სივრცე შექმნა.

გაბრიელი არტილერიის მაიორი იყო. მის შესახებ ალექსანდრე ორბელიანი წერს: „თელავსა და თბილისში ქართულ კომედიებსაც თამაშობდნენ მეფის ირაკლის დროში, რომლისაცა გამმართველი იყო გაბრიელ მაიორი, სომეხი“. გაბრიელი ანტერპრენიორობდა კიდეც – ლურჯ ქაღალდზე დაბეჭდილ ბილეთებს თავად ყიდიდა. ზედ მოკლედ ეწერა: „შაური ორი, გაბრიელ მაიორი“. ეს მარკეტინგული გათვლა იყოო, განმარტავენ თეატრმცოდნეები – სხარტი „სარეკლამო სლოგანი“ მაყურებელს მკაფიოდ ატყობინებდა, რომ ის გაბრიელ მაიორის და არა სხვა თეატრალური დასის წარმოდგენას უნდა დასწრებოდა. ეს ფაქტიც ნათელყოფს, რამდენად აქტიური იყო უკვე თეატრალური ცხოვრება და მაყურებლებსაც საქმე ასარჩევად ჰქონდათ.

1795 წელს კრწანისის ბრძოლა გაიმართა და საქართველოს ისტორიაში ამ ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ, სხვა რამეებთან ერთად, თეატრალური ცხოვრებაც დიდი ხნით მიაჩუმა. ბრძოლაში გმირულად დაეცა დავით მაჩაბლის დასი, გაბრიელ მაიორი, კიდევ ბევრი ხელოვანი. ამ ტრაგედიის შემდეგ თელავში თეატრის განახლების შესახებ პირველი ცნობები მხოლოდ 1866 წლით თარიღდება. მანამდე დიდი და სულისშემძვრელი ანტრაქტი იყო…

მანამდე იყო ერეკლეს სიკვდილი, საქართველოს ანექსია, თავისუფლებისთვის დაუღალავი ბრძოლა და აჯანყებები. იყო ილიას დაბადებაც და თერგდალეულთა მძლავრი თაობის პირველი ნაბიჯებიც საქართველოს დავრდომილი სულის გასაცოცხლებლად… და გიორგი ერისთავიც იყო, რომლის სახელსაც სამართლიანად უკავშირდება ქართული პროფესიული თეატრის დაარსება. თუმცა შეუძლებელია, უგულებელვყოთ ის ღონიერი ნიადაგი, რომელიც ერეკლე მეფის ეპოქაში თეატრალური ცხოვრებისთვის მომზადდა. ამ დიდმა პროცესებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად ორგანულია ჩვენი შემოქმედებითი ბუნებისთვის თეატრი და რამდენად ცხოველად გამოხატავს ის ჩვენს თანამედროვეობას წარსულისა და მომავლის შუქზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ლაშა ჩხარტიშვილი, „ერეკლე მეორის ეპოქის თეატრი“

სანამ კლასში შევალ: წინასწარი შფოთვის ამბავი

0

 

რამდენიმე თვის წინ ჩემს თავს უცნაური რამ შევნიშნე. ისეთი, რაც, სავარაუდოა, დიდი ხანია მემართება, უბრალოდ ყურადღება ახლა გავამახვილე და შესაბამისად, გავაანალიზე კიდეც. გაკვეთილის დაწყებამდე 20-30 წუთით ადრე უცნაური შფოთვა მიპყრობს, მკერდში სიმძიმეს ვგრძნობ, ყბები მეძაბება და თავში ათასობით აზრი ისე სწრაფად დარბის, რომ ვერცერთ მათგანს ვერ ვეწევი. არც ვცდილობ ხოლმე. ალბათ შფოთვის სიმპტომებს იმდენად ვართ მიჩვეული, რომ თუ რამე უფრო რთულში არ გადაიზრდება, ჩვეულებრივ ამბად გვეჩვენება. ეს ხომ სულ შეიძლება დაგვემართოს? მაგალითად, ზედმეტი კოფეინის, ძილის ნაკლებობის, გადაღლილობის გამო. არცერთი ჩამოთვლილთაგანი არ აკლია თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობას, ამიტომ შფოთვა ზოგჯერ უკანა ფონზე, ჩუმად „მიმდინარეობს“, ვიდრე ჩვენ ჩვეულებრივ ვფუსფუსებთ. საზიანოა, თუმცა ასეა.

 

ერთ დღესაც, როცა არც ძილი მაკლდა, არც დაღლილი ვიყავი და არც ზედმეტი ყავა მქონდა დალეული, ჩემს თავს ასეთი აბეზარი შფოთვა შევნიშნე და დავფიქრდი. საათს დავხედე, გაკვეთილის დაწყებას ოციოდე წუთი აკლდა. ყველაფერი მზად მქონდა. რაც მთავარი და ყველაზე უცნაურია, იმ კლასში უნდა შევსულიყავი, რომელსაც ერთ წელზე მეტია, ვასწავლი და ბავშვებს შესანიშნავად ვიცნობ. ვიცი, რა უხარიათ, რა სწყინთ, რა მოსწონთ, რას ვერ იტანენ. ისინიც ასევე, ძალიან კარგად მიცნობენ და, როგორც წესი, დროს ბრწყინვალედ ვატარებთ ხოლმე ერთად. მაშინ რატომ ვიჯექი დაძაბული, რატომ ვცდილობდი, ავტომატურად ღრმად მესუნთქა და რატომ ვიმტვრევდი თითებს? ამჯერად შფოთვას არ წავუყრუე და შევნიშნე, რომ გაკვეთილის დაწყებიდან პირველ ორ-სამ წუთში მთლიანად გაუჩინარდა.

 

თანამედროვე კვლევების მიხედვით მასწავლებელთა საშუალოდ 40-50% მუდმივად განიცდის შფოთვას ან სტრესს. შფოთვა განსაკუთრებით ძლიერდება, როცა მასწავლებელი ემოციურადაა ჩართული სწავლების პროცესში, ცდილობს, ყველაფერი გააკონტროლოს, შეცდომები თავიდან აირიდოს და ყველაფერი სრულყოფილად შეასრულოს. ვფიქრობ, ჩვენი ეს მდგომარეობა სისუსტე სულაც არაა, პირიქით, ეს ნიშნავს, რომ სწავლება ჩვენთვის მექანიკური პროცესი არ არის და მასში სულსა და გულს ვდებთ, თუმცა შფოთვა და სტრესი ჩვენს ორგანიზმსა და ნერვულ სისტემაზე ცუდ კვალს ტოვებს. ამიტომ, კარგი იქნება, თუკი, პირველ რიგში, სწორედ მის გაკონტროლებას შევეცდებით. გაკონტროლებამდე კი აუცილებელია, შევნიშნოთ და დავაკვირდეთ, როდის ჩნდება, რატომ და რა სიმპტომებით. შემჩნევა პირველი ნაბიჯია გამკლავებისკენ.

 

ჩემი სამუშაო დღეები საოფისე საათებით იწყება. გაკვეთილის დაწყებამდე ზოგჯერ ოთხ ან ხუთ საათს სიჩუმეში ვატარებ: გეგმებს ვწერ, საჭირო მასალებს ვამზადებ, ვბეჭდავ. ზოგჯერ ამ ყველაფერს მუსიკის ფონზე ვაკეთებ, ან თანამშრომლებს მშვიდად ვესაუბრები, გვერდით მოდგმულ ყავას ვსვამ და არ ვჩქარობ. მერე კი უცებ გაკვეთილების დრო მოდის, რომლის რიტმიც ძალიან სწრაფია და ჩემგან საერთოდ სხვა უნარების გამოხმობასა და გააქტიურებას მოითხოვს. გაკვეთილის ჩატარება ხომ სცენაზე ასვლას ჰგავს, უნდა გამოცოცხლდე, ხმა აიმაღლო, განწყობა შეიცვალო, გაკვეთილის თემას გადახედო და მზად უნდა იყო, რომ თითოეული მოსწავლის ინტერესს მოერგო. ასე და ამგვარად ჩემმა ნერვულმა სისტემამ ჩემზე ადრე იცის, რომ მალე უნდა ავდგე და ჩემი პროფესიული ვერსია ჩავრთო, რომელიც მოქმედებს სწრაფად, ლოგიკურად, თანმიმდევრულად და თავდაჯერებულად. კომფორტის ზონაში მაგიდასთან ცხელ ყავასთან ერთად მოკალათებული ჩემი თავის ნელი ვერსია ნელ-ნელა უნდა გადაირთოს კონცენტრაციის რეჟიმში და ეს ჩუმი გადართვა ჩემში იწვევს უმისამართო შფოთვას. ვღელავ, ხომ ყველაფერი გამომივა?! რამე ხომ არ შემყვება კლასში, რაც ხელს შემიშლის?! რამემ რომ არ იმუშაოს?! რომ დავმარცხდე?! თითქოს მფრინავი ვარ, რომელმაც აფრენამდე უნდა შეამოწმოს, გააქტიურებულია თუ არა ყველა ღილაკი. მერე კი, როგორც კი ავფრინდებით (გაკვეთილს დავიწყებთ), ყველაფერი თავის ადგილას დგება. თვითმფრინავი დინჯად მიაპობს სივრცეს. ეს უკვე ფოკუსის ფაზაა, როცა გონება ზედმეტ ხმაურს ამცირებს და საშუალებას გაძლევს, იმოქმედო – ასწავლო.

 

მნიშვნელოვანია, ისიც გავიაზროთ, რომ ზოგჯერ შფოთვა სულაც არ არის იმ დღის გაკვეთილების ბრალი. შეიძლება, ეს ადრინდელია, რომელიც ჩვენმა ნერვულმა სისტემამ დაიმახსოვრა და ისიც ყოველ ჯერზე დაუღალავად გვახსენებს თავს. თუკი ოდესღაც ახალ სამსახურში, დემოზე, პირველ ჯერზე ან საჩვენებელ გაკვეთილზე ძალიან ვღელავდით და დიდი სტრესი მივიღეთ ან რაღაც არ გამოგვივიდა, ჩვენმა სხეულმა ეს ისე დაიმახსოვრა, როგორც გაფრთხილება. ახლა კი, ამდენი წლის და ამდენი გაკვეთილის მერეც კი, როცა დრო დგება, ისევ გზავნის სიგნალებს, რომ სადღაც საფრთხეა. ეს თავდაცვის მექანიზმია, რომელიც, იდეაში, კვლავ ჩვენთვის აქტიურდება. წარმოიდგინეთ, რომ უბრალოდ ჩვენზე ზრუნავს და ცდილობს, აგვარიდოს იმ საფრთხეს ან უსიამოვნებას, რომელიც კვლავ ჰგონია, რომ განმეორდება.

 

როცა ჩემი შფოთვის სავარაუდო მიზეზები ჩამოვწერე და იმ ყველაფერში გავერკვიე, რაც ზემოთ აღვწერე, ისიც ცხადი გახდა, რომ არსებობს კონკრეტული გზები, რითაც მასთან გამკლავება შემიძლია. პირველ რიგში, აუცილებელია, მას სწორი სახელი დავარქვათ, შემდეგ კი ჩავატაროთ ისეთი პატარა რიტუალი, რაც დამშვიდებაში დაგვეხმარება – დავლიოთ წყალი, მოვუსმინოთ მუსიკას, წარმოვიდგინოთ მოსწავლეების მოღიმარი სახეები, ღრმად ვისუნთქოთ, თვალები დავხუჭოთ, ხუთი წუთი ჩუმად, სიმშვიდეში გავატაროთ და ა.შ. ეს რიტუალი ყველასთვის ინდივიდუალური შეიძლება იყოს.

 

თუკი ასეთი შეგრძნებები თქვენთვის ნაცნობია, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ჩვენი ეს მდგომარეობა სწორედ იმას აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ვზრუნავთ. ყოველი მასწავლებელი კი, ვინც შფოთვის მიუხედავად მაინც შედის კლასში, უპირობოდ უმამაცესია. უსიამოვნოა, თუმცა შფოთვა ჩვენი პროფესიის მუდმივი თანმხლებია, რომელიც ალბათ საგაკვეთილო პროცესისადმი სიყვარულს ვერასდროს წაგვართმევს, თუმცა ძალა კი ნამდვილად შეიძლება წაგვართვას, თუკი, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ გავუფრთხილდებით.

ამიტომ, თავს გაუფრთხილდი, მასწავლებელო!

 

 

 

 

შესაძლებლობების ფანჯარა

0

-რა არის ფანჯარა? – მჭიდროდ შეკრული ჩარჩო, რომელშიც მინაა ჩასმული და  ანჯამებითაა მიმაგრებული უფრო გამძლე ჩარჩოზე. ფანჯარა ისაა, რომლის საშუალებით ვინმე გაიხედავს შიგნიდან გარეთ და შეიხედავს გარედან შიგნით; ფანჯრიდან შედის გარედან შიგნით დღის სინათლეც და ღამის სიბნელეც, დღის ხმაურიც და ღამის სიჩუმეც; ხოლო შიგნიდან – გარეთ გადის ოთახის შუქი და მცხოვრებთა ხმა. ღია ფანჯარა ოთახში ჰაერს ასუფთავებს, სიცხეში სივრცეს აგრილებს და სიცივეში მზის სითბოთი ავსებს ოთახს. ფანჯრის მიღმა ხან სუსხიანი ზამთარია, ხანაც გრილი შემოდგომა; ხან სურნელოვანი გაზაფხულია, ხანაც გვალვიანი ზაფხული. ღია ფანჯარა ადამიანს გარეთ არსებულ სამყაროსთან აკავშირებს, ხოლო გარეთ მყოფს შიგნით ითრევს ინტერესი… ყველაფერი მიმზიდველია და ყველაფრის დანახვაა შესაძლებელი. თვითონ შესაძლებლობებია მრავალფეროვანი. შესაძლებლობები თუ ფანჯრები?

არსებობს არამატერიალური ფანჯრებიც – ე.წ. შესაძლებლობების. ამ ფანჯრებს წარმოსახვით ჰორიზონტამდე შეუძლია ჩვენი მზერის გადასროლა. ამ ფანჯრებიდან ჩვენს გონებას ზოგი სიახლისა და განვითარებისკენ ეზიდება, ზოგი – აქტიური წინსვლისკენ, ზოგი – უმოძრაო სტაბილურობისკენ, ზოგი – თავისუფლებისკენ, ზოგი – იზოლაციაში კეთილდღეობისკენ, არის – დემოკრატიისკენ მიმართულიც და დიქტატურის მაჩვენებელი ფანჯრებიც… რომელი სიტყვათშეთანხმება უფრო ჟღერადია: „ევროპის ფანჯარა“, „დემოკრატიის ფანჯარა“, „ამერიკის ფანჯარა“, „ჩინეთის ფანჯარა“, „BRICS-ის ფანჯარა“, „აზიის ფანჯარა“, „ჩრდილოეთის ფანჯარა“, „დასავლეთის ფანჯარა“ თუ სხვა მრავალი სახის, პოლიტიკური არჩევანის მიხედვით შექმნილი, ფანჯარა.

კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, საით გაიხედოს, რომელი ფანჯარა გამოაღოს, არსებითია, ერთმანეთისგან განასხვაოს ხედი თუ ფონი; მიხვდეს, შორს იყურება თუ ახლოს, იძულებით თუ ნებაყოფლობით, მნიშვნელოვანია, შესწავლილი ჰქონდეს, თავისკენ, მზერის უკუმიმართულებით, როგორი ჰაერი მოედინება – მაცოცხლებელი თუ მომწამვლელი, მადისაღმძვრელი თუ მომადუნებელი, გონების გამააქტიურებელი თუ დამბინდავი.

დღეს „ფანჯრების“ ეპოქაა. არის თავისთავად ღია ფანჯრები, მაგრამ უმეტესი მათგანი ჩვენ მიერ გასაღებია. იზოლაციას ანუ გამოკეტვას ნებისმიერი ფანჯრის გამოღება და თავისუფალი სუნთქვა სჯობს. თუმცა, ვეჭვობ, იქნებ ზოგი მათგანი ისევ კომუნისტური საბჭოთა მხუთავის იზოლაციის ანალოგიაში გვაბრუნებს. არის ასეთი ფანჯრებიც – ოთახიდან ოთახში გამავალი – კარმიხურული სივრციდან, ჩარაზულ სივრცეში.

ბავშვობისას სხვა ფანჯარა მიზიდავდა.

ქუთაისში, „დიდების მემორიალის“ უბანში, ხუთსართულიანი ბინის პირველ სართულზე, იყო ერთი ფანჯარა, რკინის გისოსით დაცული და მუდმივად განათებული. ქუჩის მხრიდან ქალის მკლავები, კისერი და სახის პროფილი ჩანდა მხოლოდ. პირი კედლისკენ ჰქონდა და თავი დახრილი, გარედან არ ჩანდა, რას უყურებდა ასე დაჟინებით, მაგრამ მთელი უბნის ბავშვებმა ვიცოდით, რას აკეთებდა. შუახნის ქალი მზესუმზირას ხალავდა ელექტრო ქურაზე. შესაძლოა გაზქურა ენთო.  მარჯვენა ხელს ნელა ამოძრავებდა. როცა თბილი ამინდი იდგა, ფანჯარაც ბოლომდე იღებოდა და დასავლეთის ჰაერს კიდევ უფრო ანოტიოებდა სურნელოვანი ცხელი ორთქლი. მერე ეს სუნი გაუყვებოდა ქუჩას, გამვლელს ხელს ჯიბეში ჩააყოფინებდა, ხურდა ფულს მოასინჯვინებდა, აჩქარებულად ამოაღებინებდა და ახლად მოხალული მზესუმზირათი აავსებინებდა ჯიბეს. უჰ, არაფერი სჯობდა ჯიბეში თბილი მარცვლების ჩაჩხრიალებას.

კომუნისტური პარტიის დროება იდგა. მწირად საინტერესო ეპოქა…

ახლა მზესუმზირა რომ ჰქვია, იმას ჩემს ბავშვობაში ,,სემიჩკა“ ერქვა. ის ფანჯარაც ჩემს სახლთან ახლოს, ორი კორპუსის გამოტოვებით, ხელისაწვდენაზე იყო. ავიღებ ოცკაპიკიანს, გავივლი ტროტუარს, შევჩერდები კედელთან, მკლავს მივაწვდენ და მონეტით მინაზე მივაკაკუნებ. ზამთარ-ზაფხულ – ყოველთვის! თუ დახურულია, ქალის ხელი აღებს ფანჯარას, მონეტას გამომართმევს, ძველი წიგნის ფურცელს ჩემ თვალწინ წამიერად აქცევს ,,კულოკად“, ხელისგულში გამოივლებს, თვალის დახამხამებაში ჩააჩხრიალებს შიგ „ღვინის ჭიქიდან“ შავ მარცვლებს – თბილს და არომატულს, ბოლო მოძრაობა ნახევარი მუჭა მარცვლის ჩამატებაა და საქმიანი კომპეტენტური ღიმილით დამემშვიდობება.

„სემიჩკაზე წასვლა“ მხოლოდ მისი შეძენა კი არ იყო. ეს ნიშნავდა, რომ უკვე გამაღლებული (ბოლოს და ბოლოს თითებს იმ ფანჯარას ვაწვდენდი), შეფარვით აკეკლუცებული, უბანში მიზანმიმართულად გავისეირნებდი. თვითონაც ჯიბეებში ხელჩაწყობილსა და ამაყს არ მომეძებნებოდა უკეთესი მიზეზი ჩემზე მაღალი თავმომწონე ბიჭების წინ ჩასავლელად. უკანა გზაზე კი უფრო გამომწვევად მოვაბიჯებდი – ცერასა და საჩვენებელს შორის ოსტატურად მოვიქცევდი მარცვალს, მოვუჭერდი, ქერქი გასკდებოდა თუ არა, თითებს ისე გავუსვამდი ერთმანეთს, როგორც გატკაცუნებისას და გარსიც შემოემსხვრეოდა გულს. იმ თეთრ გულს კი საგანგებოდ გამობზეკილ ტუჩებში ვაუჩინარებდი, თვალები აქეთ-იქით გამირბოდა – აბა, თუ შემამჩნიაო, – აკვიატებული ფიქრით.

მახსოვს მტკივნეული გასეირნებებიც: როცა არ მიხდება არც ერთი კაბა, ფეხსაცმელი თუ ვარცხნილობა; ნაბიჯის გადადგმისას ტერფები ერთმანეთზე მებლანდება; ამ ჩემს დაბნეულობას ირგვლივ ყველა ამჩნევს; სხეულში ალი დარბის და სიწითლე მურად მედება; სადაცაა გული გამისკდება ამ გაურკვეველი შფოთვით.

მაშინ არ ვიცი, რომ ეს „დაქალიშვილებას“ ნიშნავს. თავგამოდებით ვკეკლუცობ, თან ცერსა და საჩვენებელ თითს შორის მოქცეულ „სემიჩკის“ მარცვალს უკვე მოხერხებულად, ერთი დატრიალებით, ისე გულმოდგინედ ვაცლი კანს, თითქოს ,,საკუთარ თავს“ ზუსტად იქ ვიპოვი, რომელიმე კაკალში. …და, თუ ასე მოხდება, ესე იგი,

პირველი:

,,მასაც“ აუცილებლად მოვეწონები, მერე რა, თუ ჩენჩოთი ქუჩას ვანაგვიანებ, ვის არ ჩაუდენია?! –რას ვკითხულობ და რა ნიშნებზე ვსწავლობ, მაინც არავის აინტერესებს.

მეორე:

არც მე მჭირდება „ის“, წიგნებში თავჩარგული ბიჭი, რომელსაც ჩემთვის არასდროს სცალია, სამაგიეროდ, „კულოკის“ გაკეთებაც კი არ იცის. აი, მე კი ვისწავლე.

ის იყო „სემიჩკის“ ფანჯარა. მაშინ ასეთი მრავლისმქმნელი, დღეს სრულიად გამოუსადეგარი. თურმე, ის ფანჯარა ისევ აფრქვევს მზესუმზირას სურნელს, ოღონდ შიგნით მყოფ ქალბატონს ჭაღარა თმა და ღიმილი ნაოჭებით მოურთავს. „ოცკაპიკიანიც“ აღარავის აქვს.

ახლაც ჩავუვლი ხოლმე იმ ფანჯარას, როცა ბავშვობის უბანს სახლისკენ ფეხით გავუყვები. მარჯვნივ „დიდების მემორიალის“ ნაცვლად ყოფილი პარლამენტის შენობაა, რომელსაც უცნობი პლანეტა დავარქვი; გვირილების თაიგულსაც აღარ ვწნავ, რადგან გვირილა აღარსადაა და ჩემი წითელი, „მოსკოვიდან ჩამოტანილი“, ტილოს „ბალეტკებიც“ გამქრალია. აღარც ვკეკლუცობ, აღარც კორპუსის ფანჯრებს ვიკვლევ, მინდა, სხვა, შორეული ინტერესების ფანჯრები ვიპოვო ისე, როგორც დემოკრატიით გამთლიანებულმა მსოფლიოს მოქალაქემ.

ვფიქრობ, ვინც ისევ იმ მინაზე აკაკუნებს, სხვა ფანჯრის გამოღება არასდროს უცდია და, მაშასადამე, შესაძლებლობების ფანჯარას არც მიახლოებია.

…ბავშვობისას ფანჯრები მიყვარდა, როგორც საინტერესოსა და უცხოს შეცნობის გზა. ვერ ვიპოვე მაშინ. დღეს სადაა ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა? რომელია?..

 

 

ფოკუსი წვრილმანებზე – ყურადღების გაფაციცება

0

ბავშვებს ალბათ არასოდეს აქვთ იმდენი თავისუფალი დრო, რამდენიც ზაფხულის არდადეგებზე. ამავე დროს, ეს არის პერიოდი, როცა მოგზაურობის, ახალი ადგილებისა და ადამიანების გაცნობის, ახალი გამოცდილების მიღების შანსი მეტია, შთაბეჭდილებები კი – უფრო შთამბეჭდავი. ზაფხული იმედგაცრუებების დროც არის: მეტი თავგადასავალი გინდა, მეტი სიყვარული, მეტი მეგობარი, მეტი გართობა და ისევ ჩვეულებრივი დღეებით ცხოვრობ, დიდად არაფერი იცვლება, მეტი დრო გაქვს და ისევ უინტერესოდ ატარებ – ვინ არის ამისგან დაზღვეული?

როგორ ვატარებთ დროს, დიდწილად მაინც ჩვენზეა დამოკიდებული და ცოტათი გარემოზეც – თუ თავის გადარჩენისა და გართობის ხრიკებს ფლობ, ყველგან იპოვი რამე ხელჩასაჭიდს. როგორც კლასიკოსი ამბობს ცნობილ და ბავშვებისთვის ალბათ ოდნავ რთულად აღსაქმელ ტექსტში, „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“. ეს წერილიც იმაზეა, როგორ ვისწავლოთ წვრილმანებზე ფოკუსით თავის გართობა და ყურადღების გაწვრთნა. წერილის ავტორი ყურადღების დეფიციტის მქონე ადამიანია, რომელიც წვრილმანების დამახსოვრების ნაცვლად მუდმივად დიდი სურათის ასაწყობი ფაზლის ნაწილებს ეძებს, თუმცა პერიოდულად იხსენებს, რომ ეშმაკი ზოგჯერ სწორედ წვრილმანებშია და გაფაციცებით ეძებს ნიშნებს და მარკერებს რუტინულ ყოფაში.

ყოველდღიური წვრილმანების შემჩნევა და დეტალებზე დაკვირვება ბავშვებს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს უყალიბებს, როგორიცაა კონცენტრაცია, ცნობისმოყვარეობა, ანალიტიკური აზროვნება და შემოქმედებითობა. ამ პროცესის თამაშად ქცევა კი ყველაზე ეფექტური გზაა, რადგან თამაში ბავშვისთვის ბუნებრივი სწავლაა, ამიტომ მეც რამდენიმე მარტივ თამაშს გთავაზობთ, რომლებმაც შესაძლოა თქვენც გაგიხალისოთ ზაფხულის დღეები და ბავშვებსაც თქვენ გარშემო.

 

ერთი წუთი და ათი რაღაც

ვიღებთ რაიმე საგანს, მაგალითად, ჭიქას კაფეში, სათამაშოს მაღაზიაში, გამვლელს ქუჩაში, ძაღლს პარკში, და ბავშვს ვთხოვთ, 1 წუთის განმავლობაში ჩამოთვალოს რაც შეიძლება მეტი რამ, რაც ამ საგანს ახასიათებს: ფერი, ფორმა, ხასიათი, ზომა, წონა, დანიშნულება და ა.შ.

ეს უმარტივესი და სახალისო სავარჯიშო შეუმჩნეველი დეტალების დანახვის უნარს ავითარებს, დროითი შეზღუდვა მას სასიამოვნო დაძაბულობას სძენს, აღწერის ნაწილი კი ვერბალურ განვითარებას უწყობს ხელს.

 

მე ვხედავ იმას, რასაც შენ ვერ ხედავ და ის არის

ეს თამაში შეიძლება ითამაშო ყველგან: შინ, გარეთ, მოძრაობისას, სტატიკურ მდგომარეობაში. ერთი მოთამაშე ამბობს, რას ხედავს და რა ფერია ის, რასაც ხედავს. დანარჩენები იწყებენ გარემოს თვალიერებას და აღმოაჩენენ ათას საინტერესო და უინტერესო რამეს: საგზაო ნიშნებს, მიყრილ ნარჩენებს, სარეკლამო აბრებს, გამვლელს და გამომვლელს და ა.შ. ის, ვინც გამოიცნობს რას გულისხმობდა პირველი მოთამაშე, შემდეგ თავად ირჩევს ახალ სამიზნეს და კვლავ ფერის მითითებით აძლევს მინიშნებას სხვა მოთამაშეებს.

გარე სივრცეში ეს თამაში გაცილებით სახალისოა  და გარემოს აღქმას და შეცნობას ამარტივებს.

 

„დღის დეტალი“ – ოჯახური თამაში

 

დავალება მუდმივია და ყველასთვის ცხადი: ყოველ საღამოს ოჯახის ყველა წევრი დანარჩენებს უყვება რაღაც ისეთზე, რამაც მისი დღე განსაზღვრა, რაც პირველად შეამჩნია ან რამაც მოულოდნელად მიიპყრო მისი ყურადღება.

ეს რიტუალური თამაში ერთმანეთისთვის გაზიარების კულტურას ავითარებს და უინტერესო დღეებშიც კი რამე განსაკუთრებულის შემჩნევისა და აღმოჩენისკენ გიბიძგებთ.

 

დაკვირვების მარშრუტი

შეადგინეთ იმ გზის რუკა, რომელსაც ყველაზე ხშირად გადიხართ უფროსებთან ერთად ან მარტო. რუკაზე დატანილი უნდა იყოს უსაფრთხო გადასასვლელები, მნიშვნელოვანი ობიექტები (მაგალითად, მეგობრის სახლი, საყვარელი საფუნთუშე, ძაღლის ჯიხური, რომელსაც სეირნობისას ხვდებით) და ყველა ის სივრცე, რომლის აღწერაც შეიძლება (სალონი, სადაც დედა თმას იჭრის, მაღაზია, სადაც სკოლის შემდეგ სასუსნავის ყიდვა შეიძლება და ა.შ). რაც უფრო მეტი ობიექტია რუკაზე და რაც უფრო დაწყვრილებით არის ისინი აღწერილი, მით უკეთესი.

მრავალფეროვნებისთვის ცვალეთ მარშუტები და შეადარეთ ახალ გზებზე გაკეთებული აღმოჩენები ადრინდელს.

 

დეტექტივის დღიური

ეს უკიდურესად პირადი რამაა, რასაც მარტო თქვენთვის აკეთებთ – აქ ხვდება ყველაფერი უცნაური, რაც შეიძლება ადამიანს თავს გადახდეს ან მისი ყურადღება მიიპყროს: უცნაური ხმები, უცხო ადამიანები, თამაშის დროს ეზოში შემთხვევით ნაპოვნი მკვდარი ჩიტი თუ კალია, საეჭვო საუბრები, უცნაური ნიშნები – ყველაფერი ეს დეტექტივის დღიურში აღირიცხება, რა იცი, როდის გახდება ეს ნიშნები მნიშვნელოვანი და საყურადღებო.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...