პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

ედელვაისის კვირა

0

არჩევიდან რამდენიმე თვეში ჟურნალისტებმა რომის მოქმედი პაპის გემოვნების გამორკვევა დაიწყეს და მილიარდიანი ეკლესიის მეთაურს მისი საყვარელი ფილმების ჩამოთვლა სთხოვეს. ვიფიქრე, რომ რელიგიური ლიდერი რომელიმე მოსაწყენ, ძალიან სერიოზულ და რთულ ნაწარმოებს დაასახელებდა, შემდეგ კი ნამუშევარს სახარების რომელიმე თავთან დაუკავშირებდა. არასწორად შემიფასებია პონტიფექსის განწყობები, ისიც ადამიანი ყოფილა, თანაც ძალიან ლაღი და მხიარული. ამ პირდაპირი და ხისტი დასკვნის გამოტანის უფლებას ლეო XIV-ს პასუხი მაძლევს. რობერტ ფრენსის პრევომ უსაყვარლეს ფილმად რობერტ უაიზის „მუსიკის ჰანგები“ დაასახელა. ვინც არ უნდა ახსენოს ეს შედევრი გული მინათდება და მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დაბადებული მილიონობით ბავშვის სიხარულით აღბეჭდილი ემოცია წარმომიდგება თვალწინ.

რამდენი ბრწყინვალე მომენტი გამოარჩევს „მუსიკის ჰანგებს“?!

ჯერ ერთი, ვინმე თუ მკითხავს, როგორ გამოიყურება ანგელოზი, აუცილებლად ვუპასუხებ, რომ მას ჯული ენდრიუსის სახე აქვს. კეთილი, გამბედავი, გულწრფელი, სამართლიანი, მხიარული და ლამაზი ქალი, რომელიც გასამხედროებულ პირობებში მცხოვრებ ბავშვებს მუსიკის ჰანგების საშუალებით ბედნიერებისა და თავისუფლების შეგრძნებას უბრუნებს; ფერია, რომელსაც შეუძლია უბრალო ფარდები შვიდი და-ძმის ღიმილისა და შვების საფუძვლად აქციოს; დედა, რომელიც ოჯახისთვის და ქვეყნისთვის ბოროტებას უპირისპირდება და საკუთარ სიცოცხლეს რისკავს – მეტი რა ღირსებით უნდა იყოს შემკული არაამქვეყნიური არსება?!

ჯული ენდრიუსის გარდა, ფილმში ყოველთვის აღმაფრთოვანებდა პატარა, ალპებისპირა სახელმწიფოს არაჩვეულებრივი მომხიბვლელობა. მახსოვს, პირველად რომ აღმოვჩნდი ზალცბურგში და პირველად რომ დავინახე ევროპის მთავარი თოვლიანი მთაგრეხილი, ჩემს თავს გულში ჩუმად ვუმეორებდი, რომ ერთ-ერთი პირველი ნატვრა ამიხდა, რადგან ტელეეკრანზე აღმოჩენილი და გონებაში სამუდამოდ ჩაბეჭდილი უმშვენიერესი ციხე-სიმაგრეები, თოვლიანი მწვერვალებისა და მწვანე მდელოების ერთიანობა, მთები და ტყეები ჩემი თვალითაც ვნახე. არაფერი გადაუჭარბებიათ რობერტ უაიზსა და ტედ მაკკორდს, ზალცბურგი და ალპები იმაზე გაცილებით უფრო თვალწარმტაცია, ვიდრე ამის გადმოცემა ხელოვანებმა „მუსიკის ჰანგებში“ შეძლეს.

თუმცა, ამ ფილმის მთავარი ეპიზოდი, რომელიც დღემდე ჟრუანტელს მგვრის ერთ გამორჩეულ, სრულიად განსაკუთრებულ ყვავილსა და მის შესახებ დაწერილ სიმღერას უკავშირდება.

ნაცისტები უკვე შემოჭრილნი არიან ავსტრიაში, მათ დაიპყრეს და მიიერთეს ალპებში მდებარე პატარა რესპუბლიკა. ხაკისფერპიჯაკიანები მალევე მიადგნენ ახლად გაბედნიერებულ ბარონ ფონ ტრაპს, რომელიც თავის შვიდ შვილთან და ახალ მეუღლესთან ერთად ცდილობს, ხელიდან დაუსხლტეს არაადამიანურ დიქტატურას და როგორც უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერი არ ჩადგეს „მესამე რაიხის“ სამსახურში. ქვეყნიდან გაქცევის წინ კაპიტანი ფონ ტრაპი, ჯული ენდრიუსის პერსონაჟთან და საერთოდ მთელ ოჯახთან ერთად ზალცბურგის ფესტივალის უზარმაზარ არენაზე მიზანმიმართულად ასრულებს უმარტივეს და გენიალურ სიმღერას „Edelweiß“.

სიმღერა მთებში, ალპურ ზონებში, დიდ სიმაღლეზე მოყვავილე ბალახს, ედელვაისს ეძღვნება. ტექსტი ყურადღებას ამახვილებს ყვავილის სიქათქათეზე, სინათლეზე, სასწაულებრივ შესაძლებლობაზე (ყინულს ჭრის და მაინც ყვავის), მისამღერში კი ავტორი მწვერვალებზე ვარსკვლავივით მოციმციმე მცენარეს თავისი პატარა ქვეყნის მფარველობას შესთხოვს.

ზალცბურგის ფესტივალის მონაწილეები და მაყურებლები თავიდან გაოგნებული უყურებენ ამღერებულ კაპიტანს, შემდეგ გარინდებულნი უსმენენ გულში ჩამწვდომ ლექსსა და მელოდიას, ბოლოს კი ამფითეატრში ტაში იქუხებს.

პატარაობისას ბოლომდე ვერ ვხვდებოდი ამ სცენის შინაარსის მნიშვნელობას, მაგრამ ემოციურად ზუსტად ვგრძნობდი, თუ რაღაც მნიშვნელოვან და ამაღელვებელ, გადამწყვეტ აკორდთან მქონდა საქმე.

დღეს კი დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო „ედელვაისზე“.

უპირველეს ყოვლისა, ალპური ყვავილი იშვიათობისა და განსაკუთრებულობის სიმბოლოა. ნაცისტები ავსტრიელებს ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ გერმანელებად მიიჩნევდნენ და აღიზიანებდათ ოფიციალური ვენის პოზიცია, რომელიც რაიხისგან დამოუკიდებლობის შენარჩუნებისკენ იხრებოდა. ნაცისტურ პრესაში ფართოდ გაშლილი იყო ფრონტი, რომელიც მიზნად ისახავდა ავსტრიელთა უნიკალურობის ყველა ნიშნის წაშლას. ამერიკული მიუზიკლის ავტორებმა აღნიშნული გარემოება შენიშნეს და ედელვაისი, როგორც ეროვნულ ნიშნად ქცეული ყვავილი, ავსტრიელთა თვითმყოფადობის გამოხატულებად დასახეს.

წარმოიდგინეთ, ინდუსტრიალიზაციამდელ ეპოქაში რამხელა ძალისხმევა დასჭირდებოდა ელდელვაისის სულ მცირე თაიგულის მოპოვებასაც კი… ბიჭს ალპების საფეხმავლო ბილიკები უნდა გაევლო, უფსკრულები უნდა გადაელახა, ცასთან ახლოს მდებარე მდელოებამდე უნდა მიეღწია, რათა ყვავილი მოეკრიფა და შეყვარებულისათვის მიეტანა. ამიტომ ედელვაისი შუა საუკუნეების დროინდელ თქმულებებში თავდადების, თავგანწირული ძალისხმევისა და გულადობის სიმბოლო გახლდათ. ბარონი ფონ ტრაპი თავისი სიმღერით თითქოს მიანიშნებს ნაცისტებს, რომ ავსტრიელები თავდადებული ხალხი არიან, რომელთაც შეუძლიათ ბევრს გაუძლონ და დიდი შრომისა თუ ტანჯვის ფასად ბოლოს მაინც მიაღწიონ თავიანთ მიზანს. კაპიტანი თავის ხალხს უწინასწარმეტყველებს, რომ წინ დიდი განსაცდელი ელით, რომელსაც ედელვაისთან ხელახალი შეხვედრის რწმენით მაინც უნდა გაუძლონ.

ედელვაისი ჩვენი ენძელას ნათესავია. როგორც უკვე მოგახსენეთ, ორივე მცენარეს თოვლში, ყინვაში, ყინულის ქვეშ შეუძლია სიცოცხლის მოპოვება და საშინელ ბუნებრივ პირობებთან ბრძოლა. ედელვაისი წინააღმდეგობის სიმბოლოა და ავსტრიელთა ერთი ნაწილი მართლაც აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში, რათა სამშობლო ნაცისტების ბატონობისგან გაეთავისუფლებინათ.

ერთი სიტყვით, ტრაპების ოჯახმა „ედელვაისის“ შესრულებით პროტესტი და წინააღმდეგობაც გამოხატა, ხალხს თავიანთი სამშობლოს განსაკუთრებულობაც შეახსენა და დაპყრობილ ქვეყანას იმედიც გაუნაწილა. რაც მთავარია, ზალცბურგის ფესტივალზე ყველამ იგრძნო, რომ ავსტრია დამოუკიდებელი ქვეყანაა და არა გერმანიის ნაწილი, „იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი“.

საბავშვო მიუზიკლში, ზღაპრული შინაარსის ნაწარმოებში, საყვარელ სიმღერაშიც კი შეიძლება ასეთი საგულისხმო პოლიტიკური ნიშნებისა და გზავნილების მოჩხრეკა. ალბათ, ამიტომ ეგონა, არცთუ ისე განათლებულ და ნაკითხ პრეზიდენტ რეიგანს „ედელვაისი“ ავსტრიის ეროვნული ჰიმნი.

რამ გამახსენა „ედელვაისი“ და მის ტექსტში თავმოყრილი ღირებულებები?

ბოლო ხუთი წელია ინტენსიურად ვაკვირდები და ერთგვარად ვმონაწილეობ კიდეც სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო მაღაროში მდებარე შაბათ-კვირის სკოლის მუშაობაში.

გასული სემესტრის განმავლობაში სოლომონ დოდაშვილის ცენტრის უმცროსკურსელები უცნაურად ერთობოდნენ. მაგალითად, ერთხელ კონკრეტულ კვირას „კატის კვირა“ უწოდეს. ჯერ ხალხურ და საბავშვო ლექსებში დაიწყეს კატების ძებნა, შემდეგ კატა პერსონაჟთა ბუნებისა და ფუნქციის შესახებ მსჯელობდნენ, კვირის მიწურულს კატების შესახებ დაწერილი სიმღერები მოამზადეს და შეასრულეს, შიგადაშიგ ეზოში მცხოვრები კატების ნირს აკვირდებოდნენ და აღწერდნენ, ხატვის გაკვეთილზე კატებით ააჭრელეს სახატავი რვეულები თუ მუყაოს ფურცლები…

თუ ყველაფერი კარგად იქნა, მომავალ წელს ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დროის მოკლე მონაკვეთი „ედელვაისის კვირად“ გამოცხადდეს. სამოქალაქო განათლების, ბოტანიკის, ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლებს შევკრებ და ამ უმშვენიერესი ყვავილის მრავალსახოვნების შესახებ მოვუყვები ჩვენს მოსწავლეებს.

„პერესტროიკა“ და სოციალური ფენები საქართველოში

0

ცოტა ხნის წინ ერთმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ ნათაძის მემუარების მოძიება მთხოვა. წიგნი სტუდენტობის პერიოდში წავიკითხე, მეგონა, რომ ელექტრონული ვერსია მქონდა, შორეულ თაროზეც მეგულებოდა შესაბამისი ეგზემპლარი. ვერც ფაილს მივაგენი, ვერც წიგნს. არ მინდოდა ინტერესით სავსე ადამიანისთვის იმედის გაცრუება, ამიტომ ფილოსოფოსის პუბლიკაციის ძიება დავიწყე.

წიგნს ბ-ნი ალეკო ალადაშვილის დახმარებით მივაკვლიე. რა ბედნიერებაა, რომ მისი მსგავსი იდეალისტები ჯერ კიდევ არსებობენ თანამედროვე, გულგრილ სამყაროში. ბ-ნი ალადაშვილი ყველაფერს იკლებს და წარმოუდგენელი შრომისა თუ უზარმაზარი ვალის ხარჯზე მაინც ამუშავებს პატარა, არაკომერციულ გამომცემლობას, რომელიც ფილოსოფიურ წიგნებს აქვეყნებს. თავდადებული გამომცემლის ძალისხმევის შედეგად სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს უამრავი ავტორის წაკითხვისა და გააზრების შესაძლებლობა ეძლევათ. შოპენჰაუერი და ჰეგელი, სპინოზა და ლაო ძი, დელიოზი და ბურდიე – ვის არ აღმოაჩენთ ფილოსოფიაზე შეყვარებული ადამიანის მიერ დამუშავებულ მოაზროვნეთა შორის.

ბ-ნ ალეკოსვე მოუმზადებია ნოდარ ნათაძის წიგნის ახალი, არაკომერციული, მეგობრებს შორის გასავრცელებელი გამოცემაც. გამიმართლა და ერთი ეგზემპლარი ხელში ჩავიგდე. ცხადია, გულმა ვერ მომითმინა და სანამ წიგნს ქ-ნ თამარს გადავულოცავდი, ნაცნობ გვერდებს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი.

ნოდარ ნათაძე უაღრესად მრავალმხრივი ადამიანი გახლდათ. სწავლობდა ლიტერატურას, ენათმეცნიერებას, ფილოსოფიას. გახლდათ გამორჩეული რუსთველოლოგი, ქართველი მოსწავლეები დღემდე ემადლიერებიან მას „ვეფხისტყაოსნის“ ქარაგმების ამოხსნისა და მოზარდთათვის მიწოდებისთვის. ბ-ნი ნოდარი პოლიგლოტიც იყო, თავისუფლად მუშაობდა რამდენიმე ევროპულ ენაზე.

მემუარების უმსხვილესი ტომი აღბეჭდილია ნათაძის მრავალფეროვანი ცოდნითა და ინტელექტით, საკითხთა მეცნიერული ხედვით. მიუხედავად მისი, ჩემთვის ბოლომდე გაუგებარი და ხისტი იდეოლოგიური პოზიციებისა, წიგნს მაინც შენარჩუნებული აქვს მეტ-ნაკლებად აკადემიური და ანალიტიკური ელფერი.

რატომ შეიძლება იყოს საინტერესო სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებლებისთვის თუ მათი მოსწავლეებისთვის უზენაესი საბჭოს წევრის მოგონებები?

ცხადია, კითხვაზე პასუხად ათობით მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ თქვენს ყურადღებას მხოლოდ ერთ მახასიათებელზე გავამახვილებ.

ჩემი კარადა სავსეა ბიოგრაფიული ლიტერატურით. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვალდებული ვარ, რომ თანამედროვე საქართველოს, საქართველოს მეორე რესპუბლიკის შესახებ დაწერილი ყველა მნიშვნელოვანი ნაშრომი წავიკითხო. 80-90-იანი წლების მრავალ ფიგურასთან კვლევითი ინტერვიუების დროს პირადადაც მისაუბრია.

არც წიგნებში და არც ინტერვიუების გაშიფვრის დროს არ შემხვედრია აქტიური მოღვაწე, რომელიც ცდილობს, გააანალიზოს „პერესტროიკის“ ეპოქის საქართველოს სოციალური სტრუქტურა. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ყველა მხოლოდ პირად ამბებს იხსენებს, საკუთარი შეცდომების გამართლებით, მოვლენების ხელახლა გადაწერით არის დაკავებული. მათთვის სრულიად უცნობია სოციოლოგიის ყველაზე მარტივი და ზოგადი წესებიც კი.

ბ-ნი ნოდარი მათგან რადიკალურად განსხვავდება და წიგნში „რაც ვიცი“ დაწვრილებით განიხილავს საქართველოს სოციალურ კომპოზიციას. ცხადია, ქართული რენესანსის მკვლევარი სოციალური მოვლენების შეფასებისას ღრმა და ყოვლისმომცველი კვლევებით არ ხელმძღვანელობს, მაგრამ, მგონი, უახლესი ისტორიითა და სამოქალაქო კულტურის გააზრებით დაინტერესებული პირებისთვის მაინც საინტერესო უნდა იყოს მეცნიერის დაკვირვებები.

ჰეგელის მთარგმნელის აზრით, გასული საუკუნის ბოლო ორი ათწლეულის მიჯნაზე საქართველოს სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სოციალური ჯგუფი – ტიტულიანი (ნომენკლატურული) ინტელიგენცია გახლდათ. ეს ჯგუფი სტალინურმა და პოსტსტალინურმა სახელმწიფომ სპეციალურად შექმნა, რათა მის წინაშე არსებული მეცნიერული, იდეოლოგიური და საგარეო პოლიტიკური ამოცანები გადაეწყვიტა, ხელისუფლების პრესტიჟზე ეზრუნა. ინტელიგენციის ნაწილს ნამდვილი, მაღალი რანგის მეცნიერები და ხელოვანები წარმოადგენდნენ. თუმცა, სოციალური ჯგუფი გაზავებული იყო „უნიჭოთა და ავანტიურისტთა მლიქვნელურ და მორჩილ მასაში“. კონფორმისტულ ძალას ყოველთვის ეშინოდა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ახალი ხელისუფლება და მისი მიმდევარი, ნაკლებად კრიტიკულად განწყობილი მასა მას გაანადგურებდა, მასზე შურს იძიებდა. აქედან გამომდინარე, აპოლიტიკური ინტელიგენცია „პერესტროიკასაც“ და ანტიკომუნისტურ მოძრაობასაც განსაკუთრებული შიშით შეეგება.

„ნათაძის თეორიაში“ ყველაზე საინტერესო მაინც მეორე ჯგუფია. მას ავტორი არაფორმალურად პრივილეგირებულთა ფენას უწოდებს. ეს ფენა საკმაოდ ეკლექტური და მრავალფეროვანია. მის შემადგენლობაში სხვადასხვა კონგლომერატები ირიცხებიან.

ბ-ნი ნოდარი ბრწყინვალედ აღწერს უჩეულო სოციალურ ფენომენს: „მხედველობაში მაქვს თბილისისა და სხვა ქალაქების ის ნაწილი, რომელიც ახალგაზრდობაში ერთგვარი არაფორმალური ელიტარულობის პრეტენზიით ცხოვრობს თავისი შედარებით მეტი „გამოსულობის“, თავისი „უბნური“ ან სხვა პრესტიჟის, თავისი შედარებით ფართო ცხოვრებისეული გამოცდილებისა და სხვა ანალოგიური მახასიათებლების საფუძველზე… იგი ჩვეულებრივ დიდი მადითა და ამ მადასთან შედარებით ნაკლები ქმედითუნარიანობით ხასიათდება ხოლმე, რაც ასაკის მატებასთან ერთად ნახევრად წესიერ საქმიანობაში ჩაბმის სტიმულად ექცევა ხოლმე“. ფილოსოფოსი ენამოსწრებულად მიგვანიშნებს „ძველი ბიჭების“, „ოქროს ახალგაზრდებისა“ და „ნაწილობრივ უსაქმურობაზე დამყარებულ ფულის მკეთებელთა“ ალიანსზე, რომლის წევრებს საერთო ბიოგრაფიული ფონი, „ჩაწყობა-დამოყვრების“ ქსელი და სხვებთან შედარებით უფრო დიდი სოციალური კაპიტალი აერთიანებთ. ამ ფენას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ სოციალიზმისდროინდელი ქართული „ბურჟუაზია“, შეძლებულთა და (პოტენციურ) თაღლითთა ერთობა, რომელიც ცდილობს მთლად ბოლომდე არ გაიწყვიტოს „შუბლის ძარღვი“ და შეინარჩუნოს რაინდობის უმცირესი ნიშნები მაინც. ვინმეს ასე ზუსტად და ლაკონიურად დაუხასიათებია გასული საუკუნის საქართველოში მოქმედი ეს უცნაური ჯგუფი?

„სახალხო ფრონტის“ დამფუძნებელი საზოგადოების მხოლოდ ნაკლოვან ელემენტებზე არ მოგვითხრობს. იგი გატაცებით წერს ე.წ. „ნამდვილი ელიტის“ თაობაზე, რომელსაც ამგვარად განმარტავს: „სულიერი და გონების არისტოკრატია“, მასში შედის ყველა გონიერი და პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი ადამიანი ნებისმიერი ფენიდან, არ აქვს მნიშვნელობა იგი ფიზიკურ შრომას ეწევა თუ ინტელექტუალურს. ამ კალათაში აღმოჩნდნენ მასწავლებლები, ექიმები, ინჟინრები, უპრივილეგიო და უორდენო მეცნიერები და ხელოვანები, მწერლები და ლიტერატორები, ადამიანები, რომლებიც ძირითადად ოფიციალურ ხელფასზე ცხოვრობდნენ. ავტორის აზრით, „სულიერი და გონების არისტოკრატია“ ფსიქოლოგიურად მზად არ აღმოჩნდა „მრავალსვლიანი და უანგარო ჭადრაკისთვის“, „მრავალსვლიანი და მრავალროლიანი პოლიტიკისთვის“, რომელსაც საქართველოს ომებისგან და სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსისგან გადარჩენა შეეძლო.

წიგნში „რაც ვიცი“ საზოგადოების 60% ფართო მასად არის მოხსენიებული. ფილოსოფოსის მტკიცებით, ეს იყო ეროვნულად და სოციალურად უკიდურესად დათრგუნული, შინაგანად დამცირებული, სირცხვილის გრძნობით გატანჯული მასა, რომელიც ეძებდა შანსს საბჭოთა ეპოქაში მიღებული ტრავმებისგან გამიჯვნისა, ლაქების ჩამორეცხვისა.

ნოდარ ნათაძე, როგორც ნამდვილი მოაზროვნე, თავადვე აყენებს ეჭვქვეშ საკუთარ თეორიას: „ეკონომიკურად ნაკლებად დიფერენცირებულ საზოგადოებაში, რომელშიც ვიყავით და დღესაც ვართ, ფენათა და სოციალურ ჯგუფთა ურთიერთგამოყოფის ეკონომიკური და, საერთოდ, ობიექტური ხაზები იმდენად ღრმა არ არის, რომ თაობიდან თაობას გადაეცემოდეს და ე.წ. რეალური ჯგუფური ინტერესი შექმნას“. მაშასადამე, ავტორი თავადაც ხვდება, რომ მის მიერვე შემოთავაზებული დაყოფა ძალიან მყიფე და არამდგრადია, მაგრამ მაინც გვთავაზობს ხედვას, რომელიც თანამედროვეებს ქარიშხლიანი პერიოდის გააზრებაში დაგვეხმარება.

მხოლოდ ბრალდებებსა და ლიდერებზე მსჯელობა არ არის საკმარისი, თუ გვინდა რაიმე გავუგოთ ისტორიის ჩარხის ტრიალს, მაშინ წარსულში სოციალური ფენები და მათი ეკონომიკური ინტერესებიც უნდა აღმოვაჩინოთ.

ეს მიდგომა კი სკოლის ასაკიდანვე გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეს.

ლიტერატურული საუბრები ფსიქოლოგთან ერთად

0
A vector illustration of parents and teacher meeting discussing the student class performance

შეხვედრა პირველი – მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“

  მიხეილ  ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების “ შესწავლისას მოსწავლეთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ძალადობის სცენები: მათთვის თითქოს იკვრება და მჭიდროვდება მოძალადისა და ძალადობის მსხვერპლის ( ჯაყოსა და თეიმურაზის) სიცოცხლის წრებრუნვა. ისინი თითქოს ერთი მთლიანის ნაწილად ქცეულან. სრულიად ბუნებრივია კითხვები, რომლებიც იბადება ნაწარმოების კითხვა- განხილვისას. მოსწავლისათვის მძიმედ აღსაქმელია მარგოზე ძალადობის პირველი , ე. წ. ურმის სცენა, რომელიც სწორედ ფსიქოლოგთაგან „სტოკჰოლმის სინდრომად“ აღიარებულ სამ ეტაპს უკავშირდება: ძალადობას ადამიანი ჯერ წინააღმდეგობას უწევს, შემდეგ ეგუება, ხოლო ბოლოს სიამოვნებს.

    ნაწარმოებში ქალზე ძალადობის მძიმე სცენებია აღწერილი:

„მუშაობაში ჯაყომ სხვებზე უფრო მეტად თავის ცოლს დაადგა თვალი – უენოს, მორჩილსა და დაშინებულ ნინას, რომელიც უხილავ მიზეზით აითვალისწუნა და შეიძულა. ისედაც გატეხილსა და მილეულ დედაკაცს ხევისთავთა ამოსვლის დღიდან ტვირთი ერთი ორად აჰკიდა და მუდამ, თითქო განგებ სცდილობდა, რომ ის უნჯი დედაკაცი, უპატრონო და ჭინჭველასავით ფუსფუსა, მარგოს თვალში გაელახნა და დაემცირებინა.

ჯაყოს საქონელიც ბლომად ჰყავდა და დავაჟკაცებული ნათესავებიც, მაგრამ წისქვილისთვის თითქო განგებ არავის იმეტებდა: კოდიან საფქვავს თავის ცოლს აჰკიდებდა და დასჭყივლებდა:

– აბა, თახრაშუ!

ის ორფეხა პირუტყვიც წელში სამად მოიკაკვებოდა და, თავჩაღუნული, სანამ წისქვილში ჩალასლასდებოდა, დაღლილ ცხენივით ორი საათი მაინც ჰხვნეშოდა და ოფლში იწურებოდა.“…

ასევე ექცევა მარგოსაც, თეიმურაზისა და ივანეს საუბარში ირკვევა, რომ:

„- რათ მ… მმოსტყუვდა მარგო?

– იმათ მოსტყუვდა, რომ ჯაყო პირველად მშველელ რაინდად მოეჩვენა. ძლიერი კაციაო. შემინახავსო, მფარველობას გამიწევსო. ეხლა კი…

– ეხლა კი?

– რაღა დაგიმალო: ეხლა ჯაყომ მარგოც საქონლად გადააქცია. ისე ამუშავებს, როგორც წინანდელ ცოლებს ამუშავებდა.

– რას ამბობ, ივანე?!

– ეგ კიდევ არაფერი, ზურგზე საფქვავსაც აჰკიდებს ხოლმე და წისქვილში ჰგზავნის.

– ღმერთო დ… დდიდებულო! ეს რა მ… მმესმის?! – ამოიხრიალა თეიმურაზმა.

– მეტსაც გეტყვი: ზოგჯერ სცემს კიდევაც.“

ძალადობის რამდენიმე ხერხი არსებობს: ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჯაყოსაგან ქალის დამცირების ერთი ხერხი: იგი საფქვავს აჰკიდებს ქალს და წისქვილისაკენ აგზავნის მძიმე ტვირთის ქვეშ გათელილსა და მოკაკვულს- ამ დროს საკიდარი ცხოველიც ბლომად ჰყავს და სამუშაო ძალად ქცეული ნათესავებიც. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რა მიზანი ამოძრავებს ამ „იდეის“ მქონე მოძალადეს? პასუხიც თითქოს გასაგებია: ქალმა ტავი ბედნიერად არ უნდა იგრძნოს, მან წელგამართულმა, ლაღმა არ უნდა იაროს, მზესა და ცას არ უნდა შეხედოს, მაგრამ რატომ, როცა ის ჯაყოსაგან ისედაც დაჩაგრულ-გათელილია? რას უკავშირდება მოძალადის ამგვარი სურვილი?

           სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოვუსმინეთ ფსიქოლოგს. ბავშვებისაგან დასმულ კითხვას მან კითხვითვე უპასუხა და მოითხოვა დაეხასიათებინათ ხევისთავთა სახლში პირველად მოსული ჯაყო:

„ ჯაყო თხუთმეტი წლისა ძლივს იქნებოდა, როცა მისი ბიძა ქეშელა ჯავის ხეობიდან დედიან-ბუდიანად დაიძრა და ავთანდილ ხევისთავს შეეხიზნა. ობოლი ჯაყოც თავის ბიძას გადმოჰყვა, ბატონს მენახირედ დაუდგა“… ჯაყომ პირველად ხევისთავთა სახლში ნახა ჩანგალიცა და ცხვირსახოციც…

ჯაყოს უპატრონობა უდედობის განცდას უკავშირდება. გარკვეულ ასაკამდე დედა ბავშვისთვის არის არა პიროვნება, არამედ საკვები ( პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ემოციური საყრდენი), მისი დამცველი, თავშესაფარი -ამგვარი თავშესაფარი ჯაყოს არ ჰქონია, მას უდედობის განცდა კარგის არსებობის განცდას უკარგავს. მარგოს-ქალის, მარგალიტის გასრესა ნიშნავს იმას, რომ კარგი არ არსებობს და იგი გასათელია. ქალთან სექსიც მისი ძალის დემონსტრირება და მისი დამცირების , მასზე დომინანტობის სურვილია.

-რატომ ყალიბდება ჯაყო მოძალადედ? იმიტომ, რომ არსებობს თეიმურაზი?

ამის გასაგებად საჭიროა იმ ეპიზოდის გააზრება, რომელშიც თეიმურაზი ერთადერთხელ უპირისპირდება ჯაყოს- ეს სიტყვიერი დუელია, რომელშიც მარგო უმწეო ჯაყოს მხარეს დაიჭერს:

„ -სანამ ეს ქვეყანა გადატრიალდებოდა, ჩემი გულკეთილობით და დაუდევრობით ისარგებლე და გასუქდი.

– ჯაყო მუშაობით გასუქდი.

– მე ყველაფერს ვხედავდი, მაგრამ ვსდუმდი, რადგან ნაჭარბევად კეთილი გული მქონდა.

– ვითომ ამიტომ? – თავისთვის ჩაიღიმა მარგომ.

– მაშ რ…რრატომ, – გაიკვირვა თეიმურაზმა. – სთქვი, რატომ ვსდუმდი?

– იქნება იმიტომ სდუმდი, რომ ნებისყოფა და გამბედაობა არა გყოფნიდა.

თეიმურაზი ჩაფიქრდა, მერმე თავი ჩაიქნია და სთქვა:

– მ…მართალი ბრძანეთ, ქალბატონო, სუსტი ნებისყოფა, გაუბედაობა და გულკეთილობა ერთი და იგივე ყოფილა. სამივენი ტოლნი ყოფილან. ეგრე იყოს. სულ ერთია, ახ…ხხია ჩემზე! რაც მაშინ დავთესე, დღეს მოვიმკე, მაშ ასე, ჯაყო, ჩემის გულკეთილობით ან ჩემის ბეჩაობით ისარგებლე და ჩემს მამულზე გაკეთდი, მერმე, როცა ქვეყანა აირია დანარჩენებსაც ხელი დაჰრიე და ისიც კი მიითვისე, რაც არ გერგებოდა.

– ეგეც რევალციამ მოგცა ჯაყოსა!

– ჯაყო, დაანებე თავი რევოლჲუციას! თქვენ ერთმანერთს არც კი იცნობთ. რევოლჲუცია შენთვის მღვრიე წყალია, ხელსაყრელი ნიღაბია. მეწველი ფურია. შენ კი, შენ რევოლჲუციის მუნი ხარ, მისი წურბელა ხარ, მისი ტკიპი, მისი ბაღლინჯო და ტილი!

ჯაყომ დაიღრინა:

– გაჩუმდებოდე, თორემა! ტილიცა ხარ და ბაღლინჯოცა!

ჯაყოს თეიმურაზის ნათქვამის ნახევარიც არ ესმის. თვალებს ბუღასავით ატრიალებს, მარგოს შესცქერის და მისგან მოელის დახმარებას.

მარგომ ერთხელ კიდევ გასწია წასასვლელად და წაიბუტბუტა.

– არ მესმის, რა გაროშვინებს ამოდენა სისულელეს!

– მომითმინეთ, ქ…ქალბატონო, მომითმინეთ!..

თეიმურაზი ერთი წუთით ჩაფიქრდა. მერმე შუბლი მოისრისა, ტუჩებზე მწარე ღიმილი დაიგრიხა და მორჩილებით დაეთანხმა:

– მართალია მეთევზე, რომელმაც მღვრიე წყლით ისარგებლა. ბრალიანი არც მგელია, რომელიც უპატრონო ბატკანს წააწყდა. განგებას ერთისთვის ბადე მიუცია, მეორისთვის კი ბასრი კბილები. კისრებიც მოუტეხნიათ თევზებსაც და ცხვრებსაც! თვითონვე იტირონ თავიანთი უგუნურება და უღონობა! ქვეყანას იმათთვის არა სცალიან. ის თავისთვის ტრიალებს და შეჭმულ ბატკნებს და თევზებს არც ამჩნევს და არცა სთვლის.

– მაშ, მაშა! სადა გცალიან ღმერთს ბატკნებისათვის და თევზებისათვის!

– სრული ჭეშმარიტებაა, ჯაყო! ღმერთს სუსტებისთვის არ სცალიან. ღმერთი მხოლოდ ძლიერთათვის სცდილობს და მხოლოდ მათთვის ჰზრუნავს.

– მაშ, მაშა! მართალი ხარ, ბრინკა, მართალი!

– მაგრამ… ჯაყო! კიდევ ვიღაც არის ამ ქვეყნად ღმერთის გარდა. ის “ვიღაცა” ურმით დასდევს ფეხმარდ მგლებს.

– ურმითა?

– ჰო, ჯაყო, ურმით დასდევს, დიდხანს დასდევს. ბოლოს, რაც უნდა მარდად ირბინოს მგელმა, სადაც უნდა გადაიკარგოს, ურმით მდევარი “ვიღაც” იმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს. ასეა მომართული ეს ქვეყანა, ჯაყო!

მარგომ გესლიანად ჩაიღიმა.

– ესეც ახალი სარწმუნოება! ბატკნების და თევზების სარწმუნოება! შენ კი მათი ღმერთის წინასწარმეტყველად მოგვევლინე არა?

თეიმურაზი მათრახნაკრავ კვიცივით ატორტმანდა.

– რას იკრიჭებით, ქალბატონო фალუს?!

– უჰ! – ოდნავ შეჰკივლა გველნაკბენმა მარგომ და ორივე ხელი პირსახეზე აიფარა.

თეიმურაზმა ლაგამი აიწყვიტა, თითქოს ადუღებულმა ქვაბმა ხუფი აიგლიჯაო:

– თქვენ რა უფლება გაქვთ, რომ მაგოდენა გესლს ანთხევთ, მადამ фალუს?! ბატკნების და თევზების რელიგია მაძღარ ჯაყოს რელიგიაზე გასცვალეთ და მასხარადაც ამიგდეთ?! თქვენი ერთადერთი ღმერთი ფალუსია, თქვენ მხოლოდ მასზე უნდა ილოცოთ, იზრუნოთ და იმსჯელოთ. თქვენ კი ბატკნებისა და თევზების ღმერთს ურცხვად ჰგმობთ და საქვეყნოდ გამოგაქვთ თქვენი სასირცხო. იცოდეთ ამიერიდან, ქალბატონო фალუს, რომ მე… მე ღირსეულ მოპირდაპირედ მიმაჩნია თქვენი ღმერთი ჯაყო, მაგრამ თქვენისთანა გოშიას.. რომელმაც… რომელიც… ოოჰ, ღმერთო დიდებულო!“..

როცა სიკეთე – თეიმურაზი – უქმია, ძალადობა – ჯაყო – ძალას იკრებს, ის ეუფლება იმას, რაც არასოდეს ჰქონია – ამ გზაზე არ შეიძლება გყავდეს ვინმე, ვინც იმედს გაგიცრუებს, ამიტომ არ შეიძლება გქონდეს მადლიერების, თანაგრძნობისა და შებრალების უნარი. ჯაყოს სამყარო არ იცვლება, უბრალოდ, ის ფქრობს, რომ ან თვითონ უნდა იყოს, ან თეიმურაზი. ამიტომ ის, ვისაც წაართვი, ბოლომდე უნდა გაითელოს! ძალით წართმეულის მფლობელს, გარდა დაკარგვის სიშისა, ბრაზიც ეუფლება. ეს ბრაზი ბოღმაა იმისა, რაც არასოდეს ჰქონია, რაც არასოდეს მისი არ ყოფილა. თეიმურაზს კი არჩევანი არასოდეს ჰქონია- ის ვერც ხევისთავთა მემკვიდრედ იქცა, ვერც ახალ ხევისთავთა წინაპრად, ვერც საზოგადო მოღვაწედ- მისი სულიერი სიბერწე არაფროფაა, ხოლო არაფრისაგან არაფერი არ გამოდის. სიკეთე, რომელიც ბოროტებას ვერ უპირისპირდება, სიკეთედ ვერ ჩაითვლება, ამიტომ მისი „მსხვერპლობა“ არჩევანი არ არის (ვაჟა-ფშაველა, „ჩემი ვედრება“), ის მდგომარეობაა. ამის გასააზრებლად ერთი განსაკუთრებული ეპიზოდიც გვახსენდება:

მარგოსა და თეიმურაზის დიალოგი:

„- მარგო, რატტტომ პასუხს არ მაძლევ? ისეთი რა დ…დდავაშავე, რომ ორი სიტყვაც არ მაღირსე?

მარგო ოდნავ წატორტმანდა და ბოძს მიეყუდა. მერმე უცებ მოტრიალდა და ბრაზნარევი ცრემლით ამოიკვნესა:

– იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ მართლა ღირსი არა ხარ… ღირსი არა ხარ მეთქი… საკუთარი თავის აგეთი დამცირება ამპარტავნობაზე უარესია… უარესია მეთქი! შენზე ცუდმედიდი სატანაც არ იქნება… შენ… შენის თავმდაბლობით შენი თავიც დაიღუპე და მეც გამაუბედურე.“

თეიმურაზის მდგომარეობა არ არის პატრონობისა და პასუხისმგებლობის მდგომარეობა – ის თავისი უსუსურობით თითქოს საკუთარ განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს: ის უცოდველი კაცია, რომელიც ჭიასაც ფეხს არ დაადგამს.

 

 

 

 

 

ფიზიკურ მოვლენებზე დაკვირვება ვირტუალური და რეალური ექსპერიმენტებით

0

მოზარდისთვის ფიზიკის შესწავლა მხოლოდ თეორიულ განხილვაზე დაყრდნობით ვერ იქნება სრულყოფილი. მისი არსი ემპირიულ გამოცდილებაშია. რეალური ცოდნა   ყალიბდება მაშინ, როცა მოსწავლე თავად აკვირდება  ექსპერიმენტს და აფასებს, როგორ მუშაობს თეორია პრაქტიკაში. სწავლა-სწავლების პროცესში ექსპერიმენტი ფიზიკის სიღრმისეული გააზრების დასაყრდენ კომპონენტს წარმოადგენს. ამყარებს თეორიულ ცოდნას, აღვივებს კოგნიტიურ ინტერესს და მოსწავლეს სამეცნიერო პროცესთან აკავშირებს .

თანამედროვე საგანმანათლებლო გარემო მოითხოვს ისეთი სასწავლო რესურსების გამოყენებას, რომლებიც პედაგოგს  პრაქტიკულ საქმიანობაში  ეფექტურ მხარდაჭერას სთავაზობს. ექსპერიმენტების დაგეგმვისა და განხორციელების სასწავლო-მეთოდური პუბლიკაციები, ამარტივებს როგორც ტრადიციული ლაბორატორიული, ისე ციფრული სიმულაციური ექსპერიმენტების ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ჩატარებას. ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და არსებითად ამდიდრებს სასწავლო პროცესს.

ვრცლად

ნესტან მიქაძე. სტატია-ვირტუალურ-რეალური ექსპერიმენტები

ინტელექტუალური დღიური „ვეფხისტყაოსნის“ მკითხველისთვის

0

„ვეფხისტყაოსნის“ მკითხველს რთული დაბრკოლება ეღობება, რომლის გადალახვაც არც ისე იოლი საქმეა“ – გვაფრთხილებს ვიქტორ ნოზაძე, კოლოსალური ნაშრომების ავტორი, თავის „უწყებულებაში მკითხველისთვის“.

ამ წინასიტყვაობას ის „ფერთამეტყველებას“ ურთავს.

„არ მესმის ამდენი ტირილი. არც ასეთი ჩაციკვლა ვინმეზე“ – გულწრფელად მიზიარებს მოსწავლე თავის მოსაზრებას ტარიელზე.

მერე ერთად ვიწყებთ იმ „ბარიერების მარკირებას“, რომლებიც ხელს უშლის თანამედროვე მკითხველს, სრულად შეიგრძნოს, გაიგოს, აღიქვას, გაითავისოს გენიალური ეპოსის ხიბლი.

ჩვენი სია ასე გამოიყურება:

  1. ენობრივი ბარიერი

ლექსიკური მნიშვნელობების გარდა, სირთულეს ცნებებისა და სიტყვების ფილოსოფიური, სიმბოლური, მეტაფორული მნიშვნელობით გამოყენება ქმნის. ერთია, რომ სიტყვა დღეს აღარ გვესმის, განმარტებისთვის ლექსიკონს უნდა მივმართოთ, შევიტყოთ ლექსიკური მნიშვნელობა; მეორეა, რომ გასაგები და დღესაც აქტიური სიტყვები ხშირად დამატებითი, გადატანითი მნიშვნელობებითაა გამოყენებული და კონტექსტის მიხედვით ისინი სულ სხვადასხვა რამეს შეიძლება აღნიშნავდეს. მართალია, ქრონოლოგიურად რუსთველის ენას ჩვენ ახალს ვუწოდებთ, მაგრამ 21-ე საუკუნის მკითხველისთვის ენა მაინც რთული გასაგებია.

  1. ფილოსოფია, რელიგია, თეოლოგია, ასტროლოგია

რუსთველი რომ თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი იყო, მისი ტექსტიდან აშკარად ვლინდება. ხშირად ავტორი იმოწმებს კიდეც გარდასულ დროთა მოაზროვნეებს, ფილოსოფოსებს, ხშირად – ალუზიის საბურველში მოსავს სათქმელს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფილოსოფიური, რელიგიური, თეოლოგიური და ასტროლოგიური ცოდნის გარეშე რთულდება ხოლმე მონაკვეთების გაგება. დეტალური ანალიზი ფილოლოგიური მიმართულებისთვისაა განკუთვნილი. ეს გარკვეულ სიმშვიდეს გვგვრის.

ჩვენ, უბრალო მოკვდავნი, მკითხველები, სიუჟეტს გავყვეთ… ვწყვეტთ მე და მოსწავლე. განსაკუთრებით მნიშვნელოვან გზაგასაყარზე შევყოვნდეთ, სქოლიოებსა და საძიებო სისტემებს მივმართოთ. გზის გასაგრძელებლად საჭირო და მნიშვნელოვანი გზამკვლევები შევიმუშაოთ. ეს საკმარისია.

  1. ჟანრული სპეციფიკა

ეპიკური ტექსტების დიდებულება, პათოსი, ჟანრითა და ეპოქით განსაზღვრული შინაარსობრივი, იდეური, კულტურული ასპექტები ასევე რთული აღსაქმელია, თუ საჭირო ცოდნა არ გვაქვს ამ მიმართულებით.

რა არის სარაინდო ეპოსი? როგორ ჩამოყალიბდა და რა პირობებში ვითარდებოდა საერო ლიტერატურის ეს მიმართულება? როგორი ეპიკური ტექსტები იწერებოდა უწინ და რა კანონზომიერებების შემჩნევაა შესაძლებელი? ამ ყველაფრის ცოდნა  საჭიროა. დროის დათმობა სჭირდება. კვლევა-ძიება.

  1. ისტორიული კონტექსტი

ისტორიის ცოდნა აუცილებელია ლეგიტიმური ინტერპრეტაციისთვის. „ვეფხისტყაოსნის“ ხანა, ეს დალოცვილი, მადლით აღსავსე, მართლაც სადიდებელი ქართულ ისტორიულ ცხოვრებაში, თავისი კულტურით უზადოდ გადაჯაჭვულია მსოფლიო კულტურასთან, რომელსაც იგი სავსებით შეიწურავდა შეგნებულად და გაგებულად“ – წერს ნოზაძე ამავე ნაშრომში. ისტორიული კონტექსტის კვლევის გარეშე ის სოციალური, ეთიკურ-მორალური, პოლიტიკური, მსოფლმხედველობრივი სისტემა, რომელშიც პოემის გმირები მოქმედებენ, ბუნდოვანი რჩება და ტექსტის სრულფასოვნად გააზრება რთულდება, რადგან გააზრება, თავისთავად, ეპოქალური ღირებულებების აღქმასაც გულისხმობს.

  1. მხატვრული ენა და ეპოქის ესთეტიკა

პოემაში გამოყენებული მხატვრული საშუალებების ანალიზი ეპოქის ესთეტიკის გათვალისწინების გარეშე ფუჭი გარჯა იქნება. თუ ტირილს მივიღებთ, როგორც მხოლოდ ფიზიოლოგიურ და ემოციურ პასუხს მომხდარზე, დიაგნოზი „მტირალა“ გარანტირებული აქვთ გმირებს (მეტადრე მამაკაც გმირებს). მაგრამ, თუ გვეცოდინება, რა მიზეზით, რა კონტექსტში, რა მიზნით იყენებენ ეპოსში ამა თუ იმ მხატვრულ საშუალებას, რა არის ჰიპერბოლა და რა დანიშნულება აქვს მას, გაგება და გააზრებაც აღარ გაგვიჭირდება. რევაზ სირაძე „ქართული ესთეტიკური აზრის ისტორიაში“ მიუთითებს, რომ როცა „არაა სათანადოდ გათვალისწინებული შუასაუკუნეობრივი ლიტერატურულ-ესთეტიკური აზროვნების თავისებურებანი“, დღევანდელი „თვალსაზრისი“ მიეწერება ავტორს და თავს იჩენს უზუსტობანი.

ვიქტორ ნოზაძის გაფრთხილება, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გაგება არ არის იოლი საქმე, არ უნდა აღვიქვათ მკითხველის დაფრთხობის მცდელობად. ვაქციოთ ეს სიფრთხილე გამოწვევად ან… მიწვევად ინტელექტუალურ თავგადასავალში მონაწილეობის მისაღებად.

ამისთვის დაუზარელი შრომა და ინტელექტუალური გარჯაა საჭირო, მაგრამ შედეგი ამად ღირს:

გაუგებარი ცნებების, სიტყვებისა და მათი ფილოსოფიურ-მეტაფორული შინაარსის კვლევა ლექსიკონების მეშვეობით გვეხმარება, დავინახოთ, როგორ გარდაიქმნება ჩვეულებრივი სიტყვა განსაკუთრებული, საგანგებო მნიშვნელობის აღმნიშვნელად. „სიტყვა ცოცხალი არსებაა, იგი იბადება, იზრდება და კვდება – მას აზრი ეცვლება ან იგი უხმარი ხდება. ამიტომ „ვეფხისტყაოსნის“ განკითხვისთვის აუცილებელია მის სიტყვათა გაგება. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ამ სიტყვათა შესწავლით. საჭიროა თითოეული სიტყვის გამოშიგვნა, სინათლეზე გადმოშლა და ცხადად მისი დანახვა. ყოველ სიტყვას განსაზღვრულ ხანაში თავისი დედა-აზრი აქვს, თავისი შინა-აზრი და შინა-არსი“… ვიქტორ ნოზაძის ამგვარი მიდგომა შთამაგონებელია. მეცნიერი, ფაქტობრივად, კვლევის მზა რეცეპტს გვთავაზობს. ეს „რეცეპტი“ სტრატეგიად შეგვიძლია ვაქციოთ.

წერილში სანიმუშოდ რამდენიმე მსგავს მიდგომას გთავაზობთ (მოარგეთ თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკას)

სიმბოლოების დეკოდირება: როდესაც ტექსტში ასტროლოგიურ ან თეოლოგიურ ალუზიებს შეხვდებით, აღვიქვათ ისინი არა როგორც „სიტყვიერი დეკორაცია“, არამედ როგორც ავტორის მცდელობა, ადამიანის ბედი კოსმოსურ წესრიგს დაუკავშიროს. შევეცადოთ, ამოვიცნოთ დაფარული მნიშვნელობები, გავშიფროთ – რა იგულისხმება?

ემპათია ეპოქალური განსხვავებულობის მიმართ: ტარიელის ცრემლი ან რაინდული პათოსი დღევანდელი თვალსაზრისით არ უნდა განვსაჯოთ. გვახსოვდეს, რომ ჟანრული სპეციფიკა პერსონაჟის განვითარების განსხვავებულ მოდელს გვთავაზობს. გმირები გარკვეული კოდექსით ხელმძღვანელობენ. რუსთველს ეს „კოდექსი“ პროლოგში დეტალურად არის ახსნილი და განმარტებული. ყველა გაუგებარ სიტუაციაში მოვმართოთ პროლოგს. ვნახოთ – როგორ დეფინიციას გვაწვდის მოაზროვნე, რა სააზროვნო კონტექსტს ქმნის და შევეცადოთ, ამაზე დაყრდნობით ინტერპრეტირება.

როდესაც თანამედროვე მკითხველი წყვეტს ტექსტის „თვალიერებას“ ან „მოსასწრებად კითხვას“ და იწყებს მის სიღრმისეულ გააზრებას, პოემა მის თვალწინ ცოცხლდება და იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ღირებულებას.

აქვე გთავაზობთ პრაქტიკული აქტივობის სქემატურ მონახაზსაც, იქნებ ვინმეს გამოადგეს:

ვეფხისტყაოსნისმკითხველის ინტელექტუალური დღიური

თავი/ეპიზოდი: _________________________________________________ თარიღი: _________________

  1. ენობრივი ლაბორატორია (ბარიერი №1)

ჩამოწერეთ 3-5 სიტყვა, რომელთა მნიშვნელობაც დღეს შეცვლილია ან გაუგებარია.

  • სიტყვა ტექსტში: (სოფელი ან კუბო)
  • ლექსიკური განმარტება: (***)
  • კონტექსტური მნიშვნელობა: რას ცვლის ეს გაგება მთლიან სტროფში?
  1. სიმბოლოების დეკოდირება (ბარიერი №2)

იპოვეთ ეპიზოდში მეტაფორა, რომელიც ასტროლოგიას ან ფილოსოფიას უკავშირდება.

  • ციტატა: _______________________________________________________
  • ჩემი ვერსია: რის სიმბოლო შეიძლება იყოს ეს ელემენტი (მზე, მთვარე, მზიანი ღამე)?
  1. ისტორიული რეკონსტრუქცია (ბარიერი №4)

გააანალიზეთ პერსონაჟის ქცევა იმდროინდელი ეთიკის ჭრილში.

  • პერსონაჟის მოქმედება: (მაგალითად, როსტევან მეფის ზურგს უკან შექმნილი ტანდემი და „ორთა შეთქმულება“, თინათინის „გა-მეფ-ება“, მამაკაცების გადამეტებული ემოციური გამოვლინებები, სრული მორჩილება ქალთა ინიციატივების მიმართ…).
  • რატომ მივიჩნევთ ამას უცნაურად დღეს? _________________________
  • ისტორიული ახსნა: რატომ ითვლებოდა ეს ქმედება რაინდულად ან მართებულად მე-12 საუკუნეში?
  1. ფილოსოფიური პარალელი

იპოვეთ აფორიზმი, რომელიც გადმოსცემს ავტორის მსოფლმხედველობას.

  • აფორიზმი: ____________________________________________________
  • როგორ გვესმის ეს სიბრძნე დღეს

რჩევა: დღიურის წარმოებისას ნუ ეცდებით მთელი პოემის ერთბაშად ათვისებას. აირჩიეთ ერთი საკვანძო ეპიზოდი და გამოიყენეთ ეს სტრუქტურა.

ინტეგრირებული შემოქმედებითი დავალება ,,სხეულთა მდგრადი წონასწორობის პრაქტიკული გააზრება“

0

თანამედროვე განათლების ერთ-ერთი პრიორიტეტია დისციპლინათშორისი ინტეგრაცია. სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება წინამდებარე შემოქმედებითი დავალება, რომელშიც ფიზიკის თეორიული პრინციპები გაერთიანებულია ვიზუალური ხელოვნებისა და არქიტექტურული დიზაინის ელემენტებთან. მოსწავლეები შექმნიან ტექნიკურად გამართული და ესთეტიკურად მიმზიდველი ნაგებობის მაკეტს.

მდგრადი წონასწორობის პირობების ხელოვნებასთან ინტეგრაცია საშუალებას მისცემს მოსწავლეს, სიღრმისეულად გააცნობიეროს სიმძიმის ცენტრის და საყრდენი ფართობის ცნებები; განივითაროს სივრცული აზროვნება და პროპორციათა აღქმის უნარები. მოზარდს ჩამოუყალიბდება შემოქმედებითი აზროვნება. გაითავისებს, რომ არქიტექტურაში ესთეტიკური, თამამი გადაწყვეტილებები მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც დაცულია მექანიკური წონასწორობის კანონები – კონკრეტულად კი საყრდენი ფართობის მქონე სხეულის წონასწორობის პირობა.

შემოქმედებითი დავალების პროდუქტს წარმოადგენს მოსწავლეთა ხელით შექმნილი სახლი მაკეტი, რომლის მდგრადობაც დაფუძნებული იქნება სტატიკის კანონებზე და ამასთანავე შეიქმნება ორიგინალური არქიტექტურული ნამუშევარი. მსგავსი პრაქტიკული საქმიანობა მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას, გააცნობიეროს, რომ სტრუქტურულ სიმტკიცესა და ვიზუალურ სრულყოფილებაზე მორგებული კონსტრუქციის შესაქმნელად აუცილებელია ფიზიკის კანონების მიზანმიმართული გამოყენება და მხატვრული ფორმების გათვალისწინება.

 

ინტერდისციპლინური ინტეგრირებული შემოქმედებითი

დავალება

 

სხეულთა მდგრადი წონასწორობის პრაქტიკული გააზრება

საგნები ფიზიკა/ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

 

კლასი

 

VIII
შემოქმედებითი დავალების იდეა სამყაროში მრავალი არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც თავისი უნიკალური ფორმებით აოცებს მნახველს – პიზის დახრილი კოშკი, სიდნეის ოპერის თეატრის ულამაზესი გუმბათები, უცნაური ფორმის ცათამბჯენები, რომლებიც მუდმივად განიცდიან რხევებს და მაინც მყარად დგანან.

ამ შენობათა სიმტკიცის საიდუმლო ფიზიკის კანონებით აიხსნება: სიმძიმის ცენტრზე გამავალი შვეული აუცილებლად უნდა ხვდებოდეს საყრდენის ფართობის შიგნით. როცა ეს პირობა შესრულებულია, ნაგებობა სტაბილურად წონასწორობაშია.

მოცემულ შემოქმედებით დავალებაზე მუშაობისას თქვენ თავად გახდებით ინჟინრები და შექმნით საკუთარ „მერვე საოცრებას“ – ისეთ მაკეტს, რომელიც ერთი შეხედვით არარეალურად გამოიყურება, მაგრამ მაინც ინარჩუნებს მდგრადობას.

ფიზიკის კანონების სწორი ინტერპრეტაციით და მიზანმიმართული გამოყენებით შესაძლებელი ხდება ისეთი მყარი კონსტრუქციებისა და შენობა-ნაგებობების შექმნა, რომლებიც ვიზუალურად არარეალური ან პარადოქსული სტრუქტურის შთაბეჭდილებას ტოვებენ.

შემოქმედებითი დავალების პირობა წარმოიდგინე, რომ შენ ხარ არქიტექტორი, რომელსაც უნდა ააშენოს უცნაური, მაგრამ სტაბილური სახლი.
შენი კონსტრუქცია შეიძლება იყოს დახრილი, გადაგრეხილი, ნებისმიერი ფორმის – მთავარია, შეინარჩუნოს მდგრადობა. მაკეტის შექმნისას უნდა გაითვალისწინო ხელოვნების პრინციპები – ფორმა, ფერი, კომპოზიცია, ესთეტიკა, რათა ნაგებობა ერთდროულად მხატვრულად მიმზიდველიც იყოს და ფიზიკურად სტაბილურიც.

 

დავალება:

·         ააგე სახლის მოდელი – მასალად შეგიძლია გამოიყენო: მუყაო, ხის ჩხირები, პლასტილინი, ლეგო, ქაღალდი, ცარიელი ყუთები და სხვა;

·         შექმენი ნაგებობის მაკეტი (სახლი, კოშკი, ან სხვა მსგავსი ობიექტი), რომლის ფორმა გარეგნულად უჩვეულო ან თითქოს არამდგრადია, მაგრამ სტაბილურია სიმძიმის ცენტრის სწორი მდებარეობისა და საყრდენი ფართობის გათვალისწინებით.

 

 

·         ამ პროცესში შეგიძლია წარმოაჩინო შენი მხატვრული ხედვა – მოცულობის, სილუეტისა და ტექსტურის გამოყენებით, როგორც ეს დამახასიათებელია არქიტექტურული დიზაინისთვის.

 

მოცემული დავალება საშუალებას მოგცემს:

·         გააერთიანო თეორიული ცოდნა, პრაქტიკული უნარები და შემოქმედებითი მიდგომა;

·         გამოიყენო როგორც ფიზიკის პრინციპები, ისე სახვითი ხელოვნების ელემენტები – ფორმის არჩევა, ფერთა ჰარმონია, სივრცული განლაგება;

·         ნათლად დაინახო, რომ ფიზიკა არა მხოლოდ აღწერს სამყაროს, არამედ ქმნის ახალ შესაძლებლობებს.

 

შენს მაკეტში ხაზგასმით უნდა გამოჩნდეს:

·         სად მდებარეობს სიმძიმის ცენტრი;

·         ვიზუალურად აჩვენე სიმძიმის ცენტრზე გამავალი ვერტიკალური ხაზი (შეგიძლიათ გამოიყენო ძაფი პატარა ტვირთით);

·         ახსენი, რატომ არის შენი „ჯადოსნური“ შენობის მაკეტი მდგრადი?

·         შეგიძლია აღნიშნული ელემენტი ვიზუალურადაც წარმოაჩინო – მაგალითად, ფერისა და კომპოზიციური აქცენტების გამოყენებით მკაფიოდ მონიშნო საყრდენი ფართობი და მისი ფუნქციური მნიშვნელობა სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

 

იდეები სახლის დიზაინისთვის:

·         სახლი, რომელიც გადახრილია (როგორც პიზის კოშკი, მაგრამ არ ეცემა);

·         სახლი-ხე, სახლი-ფეხსაცმელი, სახლი-გიგანტური სოკო, სახლი-კუბიკი ერთ წვერზე მდგომი და სხვა.

 

გააკეთე პრეზენტაცია (Canva, PowerPoint, tinkercad) ან პოსტერის სახით, სადაც:

·         აღწერე, რატომ გადაწყვიტე ასეთი უცნაური დიზაინი?

·         განმარტე ფიზიკური ტერმინები: სიმძიმის ცენტრი, წონასწორობის პირობები, საყრდენი ფართობი;

·         წარმოაჩინე ექსპერიმენტი: რა მოხდება, თუ სიმძიმის ცენტრი საყრდენი ფართობის გარეთ გადავა, დახრილი სახლი მართლა დაიშლება?

·         შეგიძლია აჩვენო, როგორ გააერთიანე შენს მოდელში ფიზიკა და დიზაინი.

 

თემა

 

ფიზიკა

·         მექანიკური მოვლენები

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

·         გარემო და ხელოვნება

 

სტანდარტთან კავშირი: ფიზიკა

ფიზ.საბ.1. მატერიის დახასიათება მისი ფიზიკური თვისებების მიხედვით;

ფიზ.საბ.2. სხეულთა ურთიერთქმედებაზე და ურთიერთქმედების შედეგებზე არგუმენტირებული მსჯელობა;

ფიზ.საბ.5. ფიზიკური პროცესებისა და კანონზომიერებების კვლევისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება (დაკვირვება, გაზომვა, მონაცემების აღრიცხვა, შესაბამისი მასალისა და აღჭურვილობის ადეკვატურად გამოყენება);

ფიზ.საბ.8. მოდელების შექმნა და გამოყენება ფიზიკური მოვლენების/ კანონზომიერებების საჩვენებლად;

ფიზ.საბ.11. ფიზიკისა და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება;

ფიზ.საბ.12. ფიზიკის სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირება.

 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

..საბ.1. ნამუშევრის შექმნა თვითგამოხატვისათვის, მიზნის შესაბამისად მრავალფეროვანი სტრატეგიების, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებისა და ხერხების, სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის გააზრებულად და შემოქმედებითად გამოყენება;         

..საბ.2. ნამუშევრის შექმნისას თავად დასახოს და გადაჭრას შემოქმედებითი ამოცანა, მიზნის შესაბამისად შეარჩიოს მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები და ხერხები, მასალა, ტექნიკა, მხატვრული სტილი;

..საბ.3. ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზი (მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები და ხერხები, ეპოქა, სტილი, მიმდინარეობა, დარგი, ჟანრი, ავტორი), ინტერპრეტაცია და შეფასება;

..საბ.4. სხვადასხვა ეპოქის, კულტურის და სტილის ნამუშევრების ამოცნობა და ერთმანეთთან შედარება ისტორიული, რელიგიური, სოციალური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.

           

საკითხები/

 

 ქვესაკითხები

 

ფიზიკა

·         სხეულთა წონასწორობა, მარტივი მექანიზმები/მდგრადი წონასწორობის პირობები, სხეულის სიმძიმის ცენტრის განსაზღვრა, ძალის მომენტი, ძალის მხარი;

·         წონასწორობის პირობების ექსპერიმენტული შესწავლა და პრობლემაზე დაფუძნებული ამოცანების გადაჭრა.

 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

·         ბუნებრივი და ადამიანის შექმნილი გარემო/განსხვავებული ხედვა, გარემო – ადამიანის ინტერესის ობიექტი, გარემოს ზეგავლენა ადამიანზე და ადამიანის ზეგავლენა გარემოზე, ხელოვნება ჩვენ გარშემო, ტექნიკური პროგრესის გავლენა ხელოვნებაზე.

 

სამიზნე ცნება/ქვეცნება

ფიზიკა

·         მატერია – გამოყენებული მასალის(ნივთიერების) – მუყაო, ხის ჩხირები, პლასტილინი და სხვ. თვისებები: მასა, სიმკვრივე, დრეკადობა;

·         ფიზიკური პროცესი წონასწორობის პროცესები: ბალანსი, გადახრა, დეფორმაცია;

·         ენერგია პოტენციური ენერგიის განაწილება კონსტრუქციაში და მისი მინიმუმისკენ სწრაფვა, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ მდგომარეობას (პოტენციური ორმო);

·         ძალა სიმძიმის ძალის, საყრდენის დეფორმაციის, ძალის მომენტის და ძალის მხარის გავლენა კონსტრუქციის მდგრადობაზე; სიმძიმის ცენტრზე გამავალი შვეულის მდებარეობა საყრდენი ფართობის მიმართ.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

·         სახვითი ხელოვნების მხატვრულგამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები) ფორმა: ბრტყელი და მოცულობითი (გეომეტრიული და ბუნებაში არსებული, უტრირებული, სტილიზებული და სხვ.); ფონისა და გამოსახულების ურთიერთმიმართება; კომპოზიციური განაწილება, წონასწორობა, სიმეტრია-ასიმეტრია, სტატიკა-დინამიკა, მასშტაბი, თანაფარდობა, პროპორცია/დისპროპორცია, ხედვის წერტილი, კოლორიტი;

·         სახვითი ხელოვნების ტექნიკა/ მოდელირება, კონსტრუირება;

·         სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები/არქიტექტურა, დიზაინი;

·         სხვადასხვა ეპოქისკულტურის, მიმდინარეობისსტილის ხელოვნების სახასიათო ნიშნებიმხატვრული მახასიათებლები/ ძველი ცივილიზაციები, ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები, აღორძინება, XVII-XIX საუკუნეები, მოდერნიზმი, თანამედროვე ხელოვნება და სხვ.

 

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები;

მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ:

ფიზიკა

·         ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული სხეულის თვისებებს განსაზღვრავს შესაბამისი ნივთიერება (მატერია);

·         სხეულებს შორის ურთიერთქმედება განისაზღვრება ფიზიკური სიდიდითძალით;

·         ძალის მოქმედება განსაზღვრავს სხეულის მოძრაობის ცვლილებას ან/და მის დეფორმაციას;

·         შედეგი დამოკიდებულია ძალის მოდულზე, მიმართულებაზე და მოქმედების წერტილზე;

·         ფიზიკური პროცესი მოიცავს სხეულთა დინამიკას, წონასწორობას და სტაბილურობას, რომლებიც დამოკიდებულია მასათა ცენტრის განაწილებაზე, საყრდენ ფართობზე და გარემოს ფაქტორებზე;

·         ენერგია გამოიხატება ნაგებობის პოტენციურ მდგომარეობასა და რხევით მოძრაობაში, ხოლო ცვლილებები დაკავშირებულია ძალებისა და მასის ურთიერთკავშირთან;

·         საყრდენი ფართობის მქონე სხეულის წონასწორობა მდგრადია, თუ მის სიმძიმის ცენტრზე გამავალი შვეული საყრდენ ფართობში გადის. სხეულის წონასწორობა უფრო მდგრადია, რაც უფრო მეტია საყრდენი ფართობი;

·         სიმძიმის ცენტრის მდებარეობის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი მექანიზმის სრულყოფილი მუშაობისთვის;

·         ფიზიკის კანონების სწორად გამოყენება საშუალებას იძლევა, შეიქმნას სტაბილური, უსაფრთხო და ფუნქციური კონსტრუქციები, მიუხედავად მათი უჩვეულო ან თითქოს არარეალური ფორმისა.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

·         ნაგებობის ფორმის შექმნა ემყარება სივრცულ იერსახეს, პროპორციებსა და კომპოზიციას;

·         დიზაინში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ფერთა შერწყმას, ტექსტურას და მასალის ესთეტიკურ ეფექტს;

·         სტრუქტურული სტაბილურობის და ვიზუალური იერსახის უზრუნველსაყოფად, კონსტრუქციის დიზაინი ემყარება როგორც ესთეტიკურ, ისე ფუნქციურ პარამეტრებს;

·         ხელოვნება განსაზღვრავს ს ფიზიკური პრინციპების ვიზუალურ წარმოდგენას, რათა მაკეტი ერთდროულად იყოს სტრუქტურულად გამძლე და მხატვრულად მომხიბვლელი.

შეფასების კრიტერიუმი მოსწავლეს შეუძლია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით: ფიზიკა

·         იმსჯელოს, რა სახის ურთიერთქმედებები ხვდება განსახილველ მოვლენაში და როგორ აღიწერება ისინი;

·         გააანალიზოს, რას იწვევს სხეულზე/სისტემაზე მოქმედი ძალები და რაზეა დამოკიდებული ძალის მოქმედებით გამოწვეული შედეგები;

·         მიუხედავად უჩვეულო ფორმისა, შექმნას სტაბილური, ფიზიკურად მდგრადი კონსტრუქცია;

·         აღწეროს წარმოდგენილი მოდელი და ახსნას რა ფაქტორების გათვალისწინება გახდა აუცილებელი მყარი კონსტრუქციის შესაქმნელად;

·         განმარტოს, რატომ არის მნიშვნელოვანი სახლის ასაშენებლად სხეულთა წონასწორობის პირობის ცოდნა და სიმძიმის ცენტრის მდებარეობის განსაზღვრა;

·         ექსპერიმენტით აჩვენოს, როგორ განსაზღვრავს სიმძიმის ცენტრის გადაადგილება ნაგებობის სტაბილურობას.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

·         ახსნას, როგორ აისახება ნაგებობის დიზაინში ფორმები, პროპორციები და ვიზუალური ელემენტები;

·         წარმოაჩინოს ფერთა კომბინაცია, ტექსტურა და მასალის ესთეტიკურობა;

·         გააანალიზოს, როგორ ინტეგრირდება შემოქმედებითი გადაწყვეტილებები ფიზიკის კანონებთან (მაკეტის სტაბილურობა, სიმძიმის ცენტრი);

·         ნაგებობის დიზაინში წარმოადგინოს ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვა;

·         აჩვენოს ვიზუალური დინამიკა, ექსპერიმენტული ცვლილებები და ფორმების ინოვაციურობა;

·         პრეზენტაციაში ან პოსტერში წარმოადგინოს მაკეტის შექმნის დეტალები და შერჩეული დიზაინის დასაბუთება.

შემოქმედებითი დავალების განხორციელება

 

სავარაუდო აქტივობები:

 

·          შემოქმედებითი დავალების იდეის და პირობის გაცნობა;

·          სამუშაო გეგმის შედგენა;

·          მოსწავლეთა სამუშაო ჯგუფების შექმნა;

·          შესაბამისი თეორიული მასალის დამუშავება;

·          დავალებების გადანაწილება;

·          თითოეულ ჯგუფში შერჩეული ნაგებობის კონცეფციის შემუშავება;

·          საჭირო მასალების და ინსტრუმენტების შერჩევა (მუყაო, პლასტილინი, ლეგო, ხის ჩხირები, ქაღალდი და სხვა);

·          ჯგუფების მიერ ნაგებობის მაკეტის შექმნა, სადაც წარმოაჩენს:

 

Ø  ფიზიკური კანონების (სიმძიმის ცენტრი, საყრდენი ფართობი, ძალები) გათვალისწინებას;

Ø  სიმძიმის ცენტრის განსაზღვრას და მოდელზე ვერტიკალური ხაზს;

Ø  დიზაინის ესთეტიკური ელემენტებს (ფორმა, ფერი, ტექსტურა).

 

·         ექსპერიმენტი: შენობის სტაბილურობის შესანარჩუნებლად სიმძიმის ცენტრის გადაადგილების გავლენის შესწავლა;

·         პრეზენტაციის ან პოსტერის მომზადება: (გამოყენებული ფიზიკური და ესთეტიკური პრინციპები, ექსპერიმენტული დაკვირვებები);

·         პროექტის შედეგების განხილვა, ფაქტობრივი ცოდნის, შემოქმედებითი ხედვის ანალიზი და შეფასება.

 

 სასარგებლო ბმულები  https://docs.google.com/presentation/d/1AlmMfPddwxz851NRoJq5r-4YMYtPyBjo/edit?usp=sharing&ouid=104960796935946628221&rtpof=true&sd=true

 

https://www.youtube.com/watch?v=55w2YJTyHw0

 

https://www.youtube.com/watch?v=tiVHYCwKHYM

 

https://www.youtube.com/watch?v=pZeHPQPDbSY

 

https://www.vascak.cz/data/android/physicsatschool/template.php?s=mech_rovnovazna&l=en

 

https://www.vascak.cz/data/android/physicsatschool/template.php?s=mech_hranol&l=en

 

https://www.vascak.cz/data/android/physicsatschool/template.php?s=mech_stabilita&l=en

 

 

 

შეფასების რუბრიკა:

 

შეფასების კრიტერიუმები  დაბალი საშუალო

 

მაღალი
საგნობრივი მასალის ფლობა ფიზიკურ ცნებებს ხსნის ნაწილობრივ, შესაბამისი პრინციპები მაკეტში არ არის გათვალისწინებული. მაკეტში ფიზიკური პრინციპები სწორად არის გამოყენებული, ახსნა სრულად დასაბუთებული არ არის. მაკეტში ყველა საჭიროება არგუმენტირებულად არის გათვალისწინებული, შესაბამის განსაზღვრებებსა და კანონებს ხსნის სრულყოფილად.
კვლევის და პრობლემის გადაჭრის უნარები ნაწილობრივ ახდენს დაშვებული შეცდომების გამოვლენას, ვერ ახერხებს მათ გასწორებას. ნაწილობრივ ახერხებს დაშვებული შეცდომების ანალიზსა და მათ გასწორებას. აანალიზებს შეცდომებს, ასაბუთებს საკუთარ გადაწყვეტილებებს, თავად პოულობს ოპტიმალურ გამოსავალს.
შემოქმედებითი და დიზაინერული უნარები (ხელოვნება) ვიზუალური მხარე სუსტი ან დაუმთავრებელია, ფორმები და ფერები ნაკლებად არის გააზრებული. დიზაინი ესთეტიკურია, მაგრამ სრულყოფილი არაა, კომპოზიციური გადაწყვეტები ნაწილობრივ არის გააზრებული. დაცულია ორიგინალური არქიტექტურული გადაწყვეტები, ფერთა ჰარმონია, კომპოზიციის სიზუსტე და მხატვრულობა.
პრაქტიკული/კონსტრუქციული უნარები მაკეტი ნაკლებად სტაბილურია, ტექნიკური შესრულება დაუზუსტებელია. კონსტრუქცია უმეტესად სტაბილურია, ტექნიკური მხარე საშუალოდ არის შესრულებული. სტაბილური, სუფთად შესრულებული, ტექნიკურად გამართული მაკეტი, მასალა ოპტიმალურადაა შერჩეული.
კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები პრეზენტაცია გაურკვეველი შინაარსითაა წარმოდგენილი, ხშირად ტერმინებს იყენებს არამიზნობრივად. პრეზენტაცია გასაგებია, თუმცა ნაწილობრივ აკლია სიზუსტე ან დეტალები. უმეტესად ტერმინებს იყენებს მიზნობრივად. მოკლე, მკაფიო, ზუსტი განმარტებები, ფიზიკური ახსნები და ექსპერიმენტი კარგად არის წარდგენილი. ტერმინებს იყენებს მიზნობრივად.
თანამშრომლობითი (გუნდური) მუშაობის უნარები თანამშრომლობა მინიმალურია, მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობენ, კონფლიქტების მართვა არ ხდება.

 

ნაწილი გუნდის მუშაობას ორგანიზებულად ახერხებს, თუმცა შეთანხმება და კოორდინაცია ნაწილობრივია.

 

თანამშრომლობა ეფექტურია, ყველა წევრი აქტიურადაა ჩართული, ხდება გადაწყვეტილებების კოორდინაცია და შეთანხმება.
თვითშეფასების, რეფლექსიის უნარები რეფლექსია ზედაპირულია ან ფორმალური. ვერ აყალიბებს ხარვეზების აღმოფხვრის გზებს. ნაწილობრივ ასახელებს შეცდომებს და მეტ-ნაკლებად სახავს დაშვებული შეცდომების გამოსწორების გზებს. გააზრებულია ანალიზი, დასაბუთებულია თვითშეფასება, მიღებულ გამოცდილებაზე აქვს მკაფიო წარმოდგენა.

.

 

 

 

 

 

 

საახალწლო ფიქრები

0

წლის შეჯამებას არ ვწერ ხოლმე და ყოველი დეკემბრის ბოლოს ფეისბუქპოსტებში ჩამოწიკწიკებული სიების წაკითხვაც მეზარება, მაგრამ ეს წელი გზაგასაყარია ჩემთვის – თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მომავალი წლიდან სრულიად სხვა ცხოვრება მექნება (და ყველაფერი წავა გეგმის მიხედვით – ამისი მჯერა). ჰოდა, მეც შევამაჯამებ ამ წელს, რატომაც არა:

მოვასწარი ჩემი ქვეყნისთვის ბრძოლა, რამაც შეარყია ჩემი ისედაც შერყეული ჯანმრთელობა. დამრჩა კარგი, უსიამოვნო, შიშისმომგვრელი და სიხარულიანი მოგონებები, ასევე – ფოტო- და ვიდეომასალა. ჩემი საყვარელი კადრი მაინც ისაა, ადვენტის პირველ კვირას მე რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან (უფრო სწორად, მის ძველ შენობასთან) ვიდექი, ცოტანი რომ ვიყავით და ანთებული ტელეფონის ფარნებით მომავალი ხალხი რუსთაველიდან რომ შემოგვეშველა. ეგ კადრი მახსოვს, ციმციმა სინათლეების შემოსვლის, და ლეგენდარული ბანერი, ლამის ყველა აქციაზე ნამყოფი: „არ გაჩერდება ხალხის მდინარე“.

მოვასწარი ახალი რომანის დაწერა, რომელიც, წესითა და რიგით, საფოსეული საშინელების ჟანრისაა, ცოტა სხეულებრივი საშინელების ელემენტებით. პირველი მკითხველები წიგნის კლუბის წევრები იყვნენ, რომელთა შორისაც ახლა უკვე ორი მწერალია (ჩემი ჩათვლით სამი, მაგრამ ჩემს თავს არ ვთვლი). მოეწონათ. რაც ჩაფიქრებული მქონდა, გამომსვლია. დაგვატრიგერაო, მითხრეს.

მოვასწარი, ღმერთმა იცის, რამდენი წიგნის წაკითხვა (ეს ფრაზა უნდა ბოლოვდებოდეს აღნავლებული ემოჯით, ცრემლი ორ ნაკადულად რომ მოსდის), რადგან პირველად ვიყავი ლიტერატურული კონკურსის ჟიურიში. ამას წინათ, კლუბის შეკრებაზე, ერთმა მწერალმა მკითხა, ისე, მაგ ამბავში რატომ გაეხვიეო.

რა ვიცი-მეთქი, ვიფიქრე, საინტერესო იქნებოდა, მენახა, რა იწერება, როგორ…

ააჰაააო, – და ეს ისე თქვა, მივხვდი, რომ არცთუ დამაჯერებელი არგუმენტი მოვუყვანე.

კი, პასუხისმგებლობის მეშინოდა. სანამ დავთანხმდებოდი, ვიფიქრე, ყველაფერი ავწონ-დავწონე. ბოლოს გადავწყვიტე: თუ დოქტორანტურაში სწავლა მინდა, ასეთ არაადამიანურ დატვირთვას უნდა შევეჩვიო.

შედეგი ის იყო, რომ ბოლოს კითხვისგან გული მერეოდა და თავბრუ მეხვეოდა (პირდაპირი მნიშვნელობით ვწერ ამას). ასევე, თვეებია, ვეღარაფერს ვკითხულობ (მიმთავრდება ეგ პერიოდი – შეწყვეტილ წიგნებს დავუბრუნდი სამი დღის წინ და მესიამოვნა).

იყო წიგნები, რომლებიც ობიექტურად არ ვარგოდა. იყო აგრეთვე ცნობილი ავტორების ხარვეზიანი წიგნები – ესენი განსაკუთრებული ყურადღებით წავიკითხე, თავიდან ბოლომდე, რასაკვირველია. რომელიმე ავტორს პრეტენზიით რომ მოეწერა, მოკლე სიაში რატომ არ მოხვდა ჩემი წიგნიო, სულ გვერდისა და აბზაცის მითითებით ჩამოვურაკრაკებდი, სად რა შეცდომა გაეპარა.

მაგრამ არავის მოუწერია (კიდევ კარგი).

ამ წელს კვლავინდებურად განვაგრძე ჩემი ნაცნობი ამერიკელი პროფესორის დახმარება და საზღვარგარეთის აკადემიურ წრეებში ქართული ლიტერატურის პოპულარიზებისთვის ჩემი პატარა საქმე გავაკეთე.

ამ წელს გადავიბარე ეკლესიის საქმეც, მუსიკალური დირექტორისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის. არ მინდოდა ლიდერული პოზიცია სამრევლოში, რაც შემეძლო, ფეხი ვითრიე და კარგი გაკვეთილიც ვისწავლე – ღმერთს სადაც უნდა, მაინც იქ დაგაყენებს. ამიტომ უმჯობესია, რეალობა დროულად მიიღო და როცა რაღაცას გთავაზობენ, დათანხმდე.

ვწერე აუარებელი იმეილი, სამოტივაციო წერილი და პირადი ესე.

განვაგრძე ფრანგულის სწავლა, ოღონდ ახლა უკვე მასწავლებელთან. მივხვდი, რომ ეს აქამდეც უნდა მექნა – ამდენს აღარ ვიწვალებდი.

გავიჩინე რამდენიმე ახალი გატაცება ან, უფრო ზუსტად, გავიხსენე ძველები: ვიყიდე ხიდი ვიოლინოსათვის, რამდენიმე კარგი კალამი, რადგან ხელით წერას დავუბრუნდი და კოლექციონერობის ვნებამაც ხელახლა შემომიტია. ვცადე ბედი კალიგრაფიაშიც. დარწმუნებული ვარ, კალიგრაფთა ასოციაციას არცერთ ვორკშოპზე არ ჰყოლია ჩემზე უსაშველოდ ჩანჩალა მოწაფე.

რაც შეეხება კულინარიულ თავგადასავლებს, ყველაფერი თავზე მეყარა და გოგრის სანელებლებიანი ლატე წელს არ დამილევია (ტრადიციულად, შემოდგომაზე ვსვამ ხოლმე. საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია, არ მახსოვს). სამაგიეროდ, გავსინჯე რამენი და დავმწუხრდი, რომ რამინი არ მქვია, თორემ ხომ გავხსნიდი სარამენეს სახელად „რამინის რამენს“. წიგნის კლუბის ხალხი მეუბნება, ეგ ისედაც შეგვიძლია – ძაან არ გაიგონ ახლა, რამინი გვქვია რომელიმეს თუ არაო. ალბათ, მართლები არიან.

დაბოლოს, მოვიგე ჰარვარდის Black Sea Lab-ის კონკურსი: ფოტოს მიხედვით ლექსი დავწერე, რომელიც, წესით, ციფრულ არქივში უნდა გადაეტანათ. ჯერ არ გადაუტანიათ და გამოქვეყნებას როდის აპირებენ, არ ვიცი.

მოკლედ, ძალიან დაკავებული წელი მქონდა, სტრესულიც კი. ორ ფესტივალზე ვიყავი (ბულგარეთსა და სომხეთში), კარგი დღეებიც იყო და შესანიშნავი მეგობრებიც შევიძინე, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვე მაინც მძიმე გამოდგა.

ახალი წლის სიახლეებისა იყოს! ეგებ ამ წელმა მაინც მოგიტანოს სიკეთე, ჩემო ქვეყანავ…

ჟურნალ “მასწავლებლის” 2025 წლის ახალი ნომერი გამოიცა

0

რედაქტორის წერილში  ერთ საინტერესო  წიგნზე მინდა გესაუბროთ. წიგნზე, რომელიც ბესტსელერია და   მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული.   წიგნი მანამ დაიწერა, ვიდრე დავიბადებოდი. თუმცა, მის შინაარსს აქტუალობა არ დაუკარგავს და მეტიც, იმდენად თანამედროვეა, კითხვისას, სურვილიც არ გიჩნდება, ჩახედო გამოცემის თარიღს.   ჯონ ჰოლტის წიგნზე ვსაუბრობ, სათაურით –  „რატომ მარცხდებიან ბავშვები?“ ავტორი, ბავშვებზე დაკვირვებით, იმ მიზეზებს ასახელებს, რომლებიც,  სკოლაში სწავლის დროს,  მათ წარუმატებლობას თუ მარცხს  უწყობს ხელს.

ავტორის აზრით,  ბავშვების მარცხს ძირითადად შიში, მოწყენილობა და დაბნეულობა განაპირობებს  და მისი დაკვირვებით,  წარუმატებლობა  არასწორ  სასწავლო სტრატეგიებს  და იმ სასკოლო სისტემას ეფუძნება, რომელიც კლავს სწავლისადმი ბავშვის თანდაყოლილ სურვილს.

ჰოლტის მოსაზრებით, განათლების სისტემა ზედმეტად სტანდარტიზებულია  და სრულიად დაცლილია იმ სიხარულისგან, რომელიც ადამიანს აღმოჩენისა და კვლევისადმი სწრაფვას უნდა შთააგონებდეს.  მეტიც, მისი აზრით, სკოლები  ხელს უწყობენ შიშის  დამკვიდრებას – წარუმატებლობის შიში, დამცირების შიში, დაწუნების შიში უარყოფითად მოქმედებს მოსწავლის ინტელექტუალური ზრდის უნარზე.

მოწყენილობაც წარმატების დაბრკოლების წინაპირობაა,  რომელიც თრგუნავს სწავლის მოტივაციას. სკოლები ბავშვებისგან ითხოვენ მოსაწყენი დავალებების შესრულებას, რომლებიც  ბავშვთა მრავალფეროვან ინტერესებს და  შესაძლებლობებს არ ესატყვისება და არ შეესაბამება ცალკეული ბავშვების ინტერესებსა თუ საჭიროებებს.

როცა თანამედროვე განათლების პარადიგმაზე ვსაუბრობთ, ვიცით , რომ  ეს არ ნიშნავს წერა-კითხვის, მათემატიკის ან რომელიმე სხვა საგნის კონცეპტუალურ  ცოდნაში დახელოვნებას. მოსწავლე აღარაა ყულაბა, რომელშიც  ცოდნას აგროვებ და კმაყოფილი ხარ.

თანამედროვე სამყაროში, ციფრული ხელსაწყოებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით,  მოსწავლეს,  თუ სურვილი აქვს, თავადვე შეუძლია მრავალფეროვანი გახადოს  სასწავლო სივრცე და მისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაც შეუზღუდავია. შეუძლია, ის ცოდნაც მიიღოს და უნარებიც გამოიმუშაოს, რომელიც სამომავლო ცხოვრებაში დასჭირდება.

მაშინ რატომ გავიხსენე ეს წიგნი? რატომ არ დაძველდა მისი შინაარსი?

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი,  ნათია ორმოცაძე

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები: 

თამთა დოლიძე, ნინო ლომიძე, ქეთევან ოსიაშვილი, თემურ სუყაშვილი, ქრისტინე სურგულაძე, თინათინ ზარდიაშვილი, მაია ფირჩხაძე, ლელა კოტორაშვილი, ცირა ბარბაქაძე, მარიამ გოდუაძე, ინა იმედაშვილი, ნათია ნაფეტვარიძე, მეგი კავთუაშვილი, ლელა მანგოშვილი, ნესტან მიქაძე, შორენა ტყეშელაშვილი, ნასტასია არაბული, დიანა ანფიმიადი, ირმა ტაველიძე

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

მასწავლებელი #6

დიპლომატის დეტექტივი

0

გერმანელი დიპლომატის, თეოდორ მუთისაა. როგორც შესავალ წერილში ვკითხულობთ, მას 1920 წლის მაისიდან 1922 წლის ბოლომდე თბილისში უმსახურია, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც უცხოვრია და საბჭოთა საქართველოშიც. გერმანული მისიის წევრი, ვიცე-კონსული ყოფილა. წერის სურვილი დიდი ხნის შემდეგ, 40-50-იანი წლების მიჯნაზე გასჩენია და მელანიც ბლომად დაუხარჯავს, თავს გადახდენილი თითქმის მწერლის ოსტატობით გაუცოცხლებია.

„საბჭოთა საქართველოს ქრონიკები, 1921-1922“, რომელიც თეოდორ მუთის ჩანაწერებსა და მკვლევრის, გიორგი ასტამაძის სტატიას აერთიანებს – ჯერ კიდევ წაკითხვამდე – სწორედ იმ წიგნად მივიჩნიე, რომელიც წარსულის სურათის უფრო მკაფიოდ დანახვაში დამეხმარებოდა, ახალ და საყურადღებო დეტალებს შემატყობინებდა. პირველივე გვერდებმა კი გაოგნებული დამტოვა – მშრალი მონათხრობის ნაცვლად, სიფრთხილის მარტივად დასანახი კვალი რომ ატყვია, არტურ კონან დოილის წაბაძვით დაწერილი მოგონებები დამხვდა. ავტორი მკითხველის მოლოდინით თამაშობს, მის სისუსტეებს შესანიშნავად იყენებს, სწრაფად ატყვევებს, თავბრუს ახვევს.

ისიც კი ვინატრე, ნეტავ ისტორიის მასწავლებელი ვიყო-მეთქი. წარმოვიდგინე, რა საინტერესო გახდებოდა გაკვეთილები, თუ ახლად ნაპოვნ ამ წყაროს, საკვირველი ამბების ამ შესანიშნავ კოლექციას გამოვიყენებდი. მათზე სხვას არაფერს ვიტყვი – საბურველს მცირედაც არ გადავწევ.

სანაცვლოდ ეს სურათი იყოს, თავისუფალი საქართველოს დღეები რომ დათვლილი იყო და თბილისში გული ცუდს არ უგრძნობდათ: „მოკლე დროით შეწყვეტილმა უდარდელმა ცხოვრებამ ხელახალი აღმასვლა განიცადა. კლუბები კვლავ ივსებოდა ლამაზი ქალებით, რომელთაც კამპანიას ჭრელ სამოსში გამოწყობილი ელეგანტური ოფიცრები უწევდნენ. სვამდნენ მთიანი ქვეყნის ძლიერ ღვინოს და დიდი ხმაური ისადგურებდა. ოპერაში, ეგრეთ წოდებულ დიდ თეატრში, განწყობის ასამაღლებლად, გალა-წარმოდგენა გაიმართა. ბალეტის გამოყენებით დაიდგა „ჰოფმანის მოთხრობები“.

ოპერის მაგალითი ცხადად აჩვენებს, რა მოხდა შემდეგ, რამდენად საბედისწერო: „თბილისის დიდი თეატრი ძველად, ისევე როგორც სხვაგან, ნარჩევი საზოგადოების თავშეყრის ადგილი იყო, სადაც ელეგანტური ქალბატონები პარიზული ტუალეტებით შემოსილნი ჩნდებოდნენ. […] მთლიანი სურათი ბოლო, ერთი წლის განმავლობაში შეიცვალა. წინა რიგებს წითელი არმიის ჯარისკაცები ავსებდნენ და მათი ჩვეულებრივად შენახული ცხვრის ტყავები და ზომაზე დიდი ბეწვის ქუდები ბეჭედს ასვამდნენ თეატრს. სამოქალაქო აუდიტორიამ უკან გადაიწია“.

საბჭოთა საქართველოში გერმანულ მისიას, დესპანებსა თუ თავად ამ ჩანაწერების ავტორს მრავალი განსაცდელის გადატანა მოუხდათ. დაუჯერებელიც კია ის, რის მოწმეც წიგნის კითხვისას ვხდებით. იქნებ ვიცე-კონსულ მუთის მდიდარი წარმოსახვის ნაყოფადაც მიგვეჩნია ესა თუ ის ისტორია, ეპოქის საშინელებებზე სხვა თვითმხილველების მონათხრობებს რომ არ ვიცნობდეთ. მოგონებების მთარგმნელი, მკვლევარი გიორგი ასტამაძე არაერთ საყურადღებო ცნობას გვაწვდის ბოლშევიკების პოლიტიკური რეპრესიების შესახებ ერთგვარ ბოლოსიტყვად წარმოდგენილ სტატიაში, რომელიც ისტორიულ კონტექსტსაც ეხება და იმ გარემოსაც, სადაც კრიმინალი ნორმაა.

პატარა ნაწყვეტი სტატიიდან: „რაუშერმა[1] დიპლომატის მიმართ სრულიად მიუღებელი ქმედება რევკომის თავმჯდომარის მოადგილე სერგო ქავთარაძესთან გააპროტესტა და ბოდიშიც მიიღო, თუმცა ბერლინში გაგზავნილ რეპორტში აღნიშნავდა, რომ მთავრობას არანაირი გავლენა არ ჰქონდა ჩეკაზე, იმდენად შეუზღუდავი იყო მისი ძალაუფლება“. ასეთია ამოყირავებული სამყაროს სინამდვილე – წონადაკარგული სიტყვებით სავსე.

საბჭოთა საქართველოს პირველი წლების სურათს ახალ-ახალი შტრიხები ემატებოდა და სიმართლეც სულ უფრო მკაფიოდ დასანახი ხდებოდა ამ წიგნის გვერდებზე, რომელსაც ხან დეტექტივივით ვკითხულობდი და ხანაც მარტივად გასაშიფრ შეტყობინებასავით. საბურველს ისევ არ გადავწევ – მკითხველის პატივისცემით.

[1] ულრიხ რაუშერი გერმანიის დესპანი იყო 1921 წელს.

ჩანაწერებიდან , მეორე ნაწილი

0

 

*

საქმეში ჩაუხედავი ხალხისგან (რომლებიც – შეგნებულად თუ გაუაზრებლად ცდილობენ ხოლმე კონკრეტული ვერსიფიკაციული სიახლის რედუცირებას ან დისკრედიტაციას, რაც, თავისთავად, ქარის წისქვილებთან ბრძოლაა და უმალ ამ ხალხისვე ავტოდისკრედიტაციას ახდენს, ვიდრე – ვერსიფიკაციული სიახლის ავტორისას) ხშირად გაიგონებ მარჯვე სენტენციას – „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია!“. თუმცა ეს სენტენცია მცდარია, როცა საქმე ლექსის მეტრულ-მატერიალურ მხარეს – ვერსიფიკაციას ეხება, პოეტიკის ეს მიმართულება ზუსტი მეცნიერებაა, აქ დათვლილი და აღნუსხულია ყველაფერი ამ ხელობის ღრმად მცოდნე პროფესიონალების მიერ (რომლებიც ყოველთვის ცოტანი იყვნენ. დღესაც, ცოცხლებში, მათ ჩამოთვლას ცალი ხელის თითებიც არ დასჭირდება). მაგალითად, მურმან ლებანიძის (მურმანი ვერსიფიკაციის შესანიშნავად მცოდნე დიდი პოეტი იყო) ახალ საზომთანაგან ერთ-ერთი (რომელიც ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში შემოიტანა): 5/8-5/1 („მელიქიშვილის გამზირი, / ია, ვარდი და ბზა“), შეუძლებელია, „კარგად დავიწყებული ძველი“ იყოს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ჰეტერომეტრული საზომი მანამდე ქართულ პოეზიაში, უბრალოდ, არ არსებობდა (მათ შორის, არც გალაკტიონის პოეზიაში, გალაკტიონი 126 – იზოსილაბური თუ ჰეტერომეტრული – საზომით წერდა, აქედან შვიდ თუ რვა ათეულამდე უშუალოდ მის მიერვე იყო შემოტანილი).

ასევე ხშირია ხოლმე ვერსიფიკაციული სიახლეების „ძიებებად“ მონათვლა. სინამდვილეში კი, როცა ამ ხელობის მცოდნე ავტორს უჩნდება ამბიცია ახალი საზომების შემოტანა-კულტივაციასთან დაკავშირებით, მას ათვისებული და დაძლეული აქვს ამ მიმართულებით დაგროვებული გამოცდილება და, რასაც აკეთებს, სრულიად გააზრებულად აკეთებს, ის არაფერს ეძებს, უბრალოდ, მიგნებული საზომების დოზირებულ კულტივირებას ეწევა (ცხადია, იმ შემთხვევებს ვგულისხმობ, როცა საქმე ჭეშმარიტ სიახლეებთან გვაქვს).

*

ვიქტორ გაბესკირია იყო სრულიად ბრწყინვალე პოეტი, მისი ლექსების მოკრძალებული „ტეხნეს“ მიღმა დიდი პოეზია იმალება, რაც ამ დიდ პოეზიას ქმნის (და, ზოგადადაც, რაც ქმნის დიდ პოეზიას), ესაა თანმიმდევრულობა და უნიტარულობა-ერთიანობა, მას აქვს შექმნილი უნიკალური პოეტური სამყარო. ეს სინტაქსური გაურანდაობა, ლიცენციურობა და ევფონიურად ყრუ (ზოგჯერ, საერთოდაც – ემბრიონული) რითმები ქმნის მის სტილს, ინტონაციას და იდიოლექტს. ნიშანდობლივია ასევე მუდმივი სწრაფვა დეეგოცენტრიზაციისკენ – ქართულ პოეზიაში ჯერ კიდევ დაუძლეველი ნარცისიზმი და ეგოცენტრულობა ძლიერადაა მასთან შერყეული – ლირიკული „მე“ სრულად ან თითქმის სრულად ემისირებულია მისი ბევრი ლექსიდან და პოეტი მხოლოდ ობიექტურ გარემოს გვიხატავს. ზოგადად, რთულია ამ ტიპის პოეზიის ხარისხის აღქმა ცალკეული ლექსით, ასეთი პოეზია ერთიანად უნდა წაიკითხო, რომ გემო ჩაატანო.

*

ჯარჯი ფხოველის მიერ თარგმნილი „ძველი ჩინური პოეზია“ აუცილებლად უნდა იხსენიებოდეს ქართული ტოპ თარგმანების ჩამონათვალში (ასეთ ჩამონათვალებში მე არსად შემხვედრია ეს გასაოცარი კრებული). ბრწყინვალე ტექნიკით, ფართო მეტრული არსენალით, უმდიდრესი, ზომიერად არქაიზებული ლექსიკითა და ოკაზიონური იდიოლექტ-სინტაქსით შესრულებული ეს თარგმანები დიდი და ჯეროვნად დაუფასებელი შენაძენია ქართული მთარგმნელობითი სკოლისთვის. ამ თარგმანების ბრწყინვალების საილუსტრაციოდ ნებისმიერი ლექსის მოხმობა შეიძლება, ვნახოთ თუნდაც ეს პოეტურ-მთარგმნელობითი მარგალიტი ჩინური ლიტერატურის უძველესი ძეგლიდან „შიძინი“ („სიმღერების წიგნი“):

წყნარი გოგონა

წყნარი გოგონა ნაზია და ძალზე ჭკვიანი!

კედლის წინა დგას და მიმელის გულდარდიანი.

გულს სიყვარული გამწონვია, მაგრამ ვერაფრით

ვერ ვეკარები, გზას მიღობავს შიში ტიალი!

წყნარი გოგონა ტურფაა და ხორბლისფერია!

ფლეიტა მიძღვნა მეწამული ჩემმა ფერიამ.

ელავს ფლეიტა, თითქოს ალში ტრიალებს იგი,

ო, მიყვარს გოგო, ო, გოგონა მშვენიერია!

ლორთქო ბალახი მომიტანა საძოვრიდანა,

ლორთქო ყლორტების სილამაზემ გამომიდარა.

მაგრამ ბალახი ლამაზია არა თავისით –

მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონამ ჩამომიტანა!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...