სამშაბათი, მაისი 13, 2025
13 მაისი, სამშაბათი, 2025

სიყმაწვილე

„მშობლების კოშმარი“ – შეფასებებს შორის ასეთიც გამოერია. კრიტიკული წერილების კითხვას შევყევი და შევნიშნე, რომ ავტორები შეთანხმებულებივით იმეორებდნენ ერთსა და იმავეს: ცოტა ხნის წინ გამოსული ბრიტანული მინისერიალი „სიყმაწვილე“ (Adolescence

) შესანიშნავი ნამუშევარია, სულისშემძვრელი სცენებით და დიდი სიფრთხილით დამუშავებული რთული თემებით.

ჩვეულებრივი ოჯახი ჩვეულებრივი ბავშვებით. დილა, რომელიც გამორჩეული და დასამახსოვრებელი არ უნდა ყოფილიყო, სახლში სპეცრაზმელების შემოჭრით იწყება – მათ 13 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავება აქვთ დავალებული. ბიჭიც 13 წლისაა, ახლად გაღვიძებულს, შიშისგან შარვლის უბე რომ გამოუსველდება.

არა, შეუძლებელია! ეს ანგელოზი, ეს ლამაზთვალებიანი ჯეიმი მილერი თანაკლასელის მკვლელი ვერ იქნება. მძიმე შეცდომა, გაუგებრობა… მისი გულგახეთქილი მშობლებივით, ჩვენც გამალებით ვეძებთ პასუხებს, რომლებიც თავის დამშვიდების შესაძლებლობას მოგვცემდა. მხოლოდ ერთი დღე იქნება გადასატანი, მერე კი ყველაფერი გაირკვევა, ყველაფერი დამარწმუნებლად აიხსნება და ვიღაცის არასწორი გადაწყვეტილებით გამოწვეულ ტკივილსაც ეშველება.

მაგრამ გამომძიებლები არ ცდებიან. სამხილებად წარმოდგენილი ფოტოები და ვიდეოჩანაწერიც სულ სხვას ამტკიცებს – დამნაშავე ცნობილია. გასარკვევი კი მხოლოდ ისაა, რატომ გაიმეტა თანაკლასელი, რატომ დაარტყა დანა შვიდჯერ და ამის შემდეგ სად დამალა მკვლელობის იარაღი.

მეტს აღარაფერს ვიტყვი, თუმცა მინისერიალის ავტორების ჩანაფიქრი სულაც არ უნდა იყოს მაყურებლის გაკვირვება რაღაც ისეთით, რასაც არცერთ შემთხვევაში არ ელოდნენ. აქ მარტივი კითხვების სიმძიმეა გასაძლები, გაუნელებელი ტანჯვა და ტკივილია ასატანი. განა ჩვენი შვილებიც ასეთივე ოჯახებში არ იზრდებიან? განა ჩვენც არ მიგვიჩნევია აღზრდაში დაშვებული შეცდომები უმნიშვნელოდ, ან სოციალური ქსელების ზეგავლენა – არც ისე სახიფათოდ?

ის, რაც ჯეიმი მილერის თავს ხდება, ყველა მოზარდის საშინელებად შეიძლებოდა ქცეულიყო, მისი მშობლების ენით აუწერელი უბედურება კი შეიძლებოდა სხვა ნებისმიერისა ყოფილიყო. სწორედ ამის დამაჯერებლად ჩვენებაა „სიყმაწვილის“ ერთ-ერთი ღირსება – ზრდასრული მაყურებლის იმ ზღვრამდე მიყვანა, რომელსაც შესაძლოა მთელი ცხოვრება გაურბოდა. არადა, სასაზღვრო ნიშნულები ყოველთვის თვალსაჩინო იყო, ყოველთვის შეიძლებოდა იმის წარმოდგენა, რომ რომელიღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა მათთან მიახლოებას გამოიწვევდა.

მეორე მხრივ, ეს ოთხსაათიანი ფილმი ბავშვების, მოზარდების სანახავიცაა, ვისი შეხედულებები თუ ყოველდღიური საფიქრალი ალბათ არც არაფრითაა განსხვავებული, ვინც გამუდმებით ხელის ცეცებით დადიან დიდების, მშობლების, მასწავლებლების გაუგებარ სამყაროში და ძალიან ეშინიათ ყოველ ნაბიჯზე დაგებული ხაფანგების. ჯეიმის ამბავზე ისინი ბევრს იკამათებენ, დანაშაულს სხვადასხვა სარჩულს გამოუძებნიან, სხვადასხვაგვარ შუქში დაინახავენ…

თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა მილერების ოჯახში, სადაც ხმის აწევაც იცოდნენ და წყენასაც გულში არ იტოვებდნენ, მაგრამ მის წევრებს ერთმანეთი უყვარდათ და პატივს სცემდნენ.

თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა სკოლაში, რომელიც ათასი სხვა სკოლის მსგავსი იყო, ცოტა დაღლილი მასწავლებლებით, ცოტა უყურადღებო მასწავლებლებით, ცოტა გულგრილი მასწავლებლებით, მაგრამ მაინც ისეთი გარემოთი, სადაც ცოდნის შეძენაც შეიძლებოდა და იმ სიხარულის პოვნაც, სიახლის აღმოჩენას რომ ახლავს.

თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა ქალაქში, რომლის ცხოვრებაც ერთ დილას მოზარდის შემზარავ მკვლელობას უნდა შეეძრა, რომლის მკვიდრთა შორის ზედმეტად ცნობისმოყვარენიც იყვნენ და თანაგრძნობის უტაქტოდ გამომხატველნიც, სხვისი განსაცდელის გულთან არმიმტანებიც და მგრძნობელობით, კეთილგონიერებით გამორჩეულებიც…

მაგრამ ნიადაგი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა იმისთვის, რაც მოხდა. რაც მისი წიაღიდან ბოროტებად ამოიზარდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“