პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

მითები და ლეგენდები საკლასო ოთახში

0

 

ალბათ დამეთანხმებით, ყველა მასწავლებელს გვქონია ის მომენტი, როცა თემის მნიშვნელოვნება ვერ მიგვიტანია მოსწავლემდე, ვერ „დაგვიჭერინებია“. სწორედ ასეთ დროს ერთი კარგად მოყოლილი, მამოტივირებელი ამბავი შეიძლება გახდეს ის გასაღები, რომელიც ყურადღებას, ინტერესსა და ფიქრს ერთდროულად გააღვიძებს. მითები და ლეგენდები სწორედ ასეთი რესურსია — უნივერსალური, მოქნილი და ასაკთან ადვილად მისასადაგებელი.

ეს ამბები მაშინ შეიქმნა, როცა ადამიანს სამყაროს ახსნა მეცნიერებით არ შეეძლო. პასუხებს ჩვენი წინაპრები წარმოსახვითა და გადმოცემებით ეძებდნენ და ასე გაჩნდა ისტორიები ღმერთებზე, გმირებსა და ზებუნებრივ ძალებზე. თუმცა ამ ტექსტების ღერძი ყოველთვის ადამიანური გამოცდილებაა — არჩევანი, შიში, ძალაუფლება, პასუხისმგებლობა. ამიტომაც, მიუხედავად დროის სიშორისა, მითები დღესაც ბუნებრივად „ლაპარაკობენ“ მოსწავლესთან.

ლიტერატურის გაკვეთილზე მითები და ლეგენდები განსაკუთრებით მრავალმხრივ შესაძლებლობას იძლევა. ისინი შეიძლება იქცეს პირველ ტექსტად, რომლითაც მოსწავლე ეცნობა თხრობას, სიუჟეტს, პერსონაჟსა და კონფლიქტს. მითში პერსონაჟები თვალსაჩინოდაა გამოკვეთილი, რაც მოსწავლეს უადვილებს ტექსტის გააზრებას და ანალიზისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმას. ამ პროცესში მოსწავლე თანდათან სწავლობს დაკვირვებით კითხვას, მთავარი და მეორეხარისხოვანი დეტალების გარჩევას და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად ჩამოყალიბებას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ლექსიკური თვალსაზრისით ამ ტიპის ტექსტები ნამდვილი საბადოა — უამრავი ფრაზეოლოგიზმი (პროკრუსტეს სარეცელი, განხეთქილების ვაშლი, ავგიას თავლა თუ სხვა) სწორედ მითოლოგიიდან იღებს დასაბამს.

ბერძნული მითები, როგორიცაა ამბები ჰერაკლეზე ან ზევსზე, პერსონაჟის განვითარების შესანიშნავი მაგალითებია. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით ეფექტურია ჰერაკლეს გმირობების გაცნობა, რადგან სიუჟეტი მოქმედებაზეა აგებული და მარტივი დასაჯერებელია. მაგალითად, როცა პატარა მოსწავლეებთან ვმუშაობთ ტექსტზე, სადაც მთავარი თემაა გააზრებული არჩევანი ან პასუხისმგებლობა, ჰერაკლეს ამბავი ბუნებრივად ეხმარება გააცნობიერონ, რომ გმირობა ყოველთვის ხმაურიანი ან მარტივი არ არის — ხშირად ის შრომასა და მოთმინებაში ვლინდება. უფრო მაღალ კლასებში ჰერაკლეს თორმეტი გმირობა შეიძლება იქცეს დისკუსიის საფუძვლად: იყო თუ არა მისი ქმედებები სწორი, როგორი პასუხისმგებლობა აკისრია და რა ფასი აქვს გმირობას.

ქართული მითოლოგია, მაგალითად ამირანის მითი, ხელს უწყობს ღირებულებებზე ფიქრს. თავისუფლების, წინააღმდეგობისა და პასუხისმგებლობის თემებზე მსჯელობა მოსწავლეს ეხმარება, დაფიქრდეს მორალურ დილემებზე და ტექსტი საკუთარ გამოცდილებას დაუკავშიროს. უფროსკლასელებთან ამირანის პრომეთესთან შედარება საშუალებას აძლევს, დაინახონ საერთო თემები სხვადასხვა კულტურაში, რაც ავითარებს შედარებითი ანალიზისა და კულტურათა შორის კავშირის უნარს.

როცა მოსწავლეებთან ვმუშაობთ ტექსტზე, სადაც მთავარი თემაა თავისუფლებისთვის ბრძოლა და მისი ფასი, ვფიქრობ, ძალიან ეფექტური და საინტერესო იქნება ამირანის მითის გამოყენება. ამირანი ღმერთებს უპირისპირდება, წესრიგს არღვევს და ადამიანებისთვის ცოდნის მოტანას ცდილობს. საბოლოოდ ის ისჯება, მაგრამ მისი ამბავი კითხვას ტოვებს: ღირდა თუ არა ეს ბრძოლა იმ ფასად, რომელიც გადაიხადა?

ამ მითს კარგად შეიძლება დავუკავშიროთ ისეთი ლიტერატურული ტექსტები, სადაც პერსონაჟი არჩევანის წინაშე დგას და თავისუფლებისთვის მსხვერპლს იღებს. მაგალითად, როცა მოსწავლეები კითხულობენ ნაწარმოებს, სადაც გმირი უსამართლო გარემოს ეწინააღმდეგება, ამირანის მითის გახსენება ეხმარება მათ გააზრებაში, რომ პერსონაჟის მარცხი ყოველთვის დამარცხებას არ ნიშნავს. პირიქით — ხშირად სწორედ ეს მარცხი აჩენს ტექსტის მთავარ სათქმელსა და ღირებულებას.

გაკვეთილზე შეიძლება დაისვას ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტური კითხვა:
„ამირანი რომ არ აჯანყებულიყო, იქნებოდა ეს უფრო სწორი არჩევანი?“
ამ კითხვიდან მოსწავლეები ბუნებრივად გადადიან ტექსტის ანალიზზე და იწყებენ მსჯელობას გმირის ქცევაზე, მოტივებსა და შედეგებზე…

ლეგენდებზე მუშაობა განსაკუთრებით ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას. როცა მოსწავლე ლეგენდის გაგრძელებას წერს, მის თანამედროვე ვერსიას ქმნის ან ზეპირად ჰყვება, მას უვითარდება ფანტაზია, თხრობისა და ენობრივი თვითგამოხატვის უნარი. ამავე დროს, ზეპირსიტყვიერებასა და წერილობით ტექსტს შორის კავშირის გააზრება ხელს უწყობს ტექსტის ფორმის მნიშვნელობის დანახვას.

მითები და ლეგენდები არანაკლებ ეფექტურად მუშაობს სხვა საგნებშიც. ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილზე ისინი მოსწავლეს სივრცესა და დროსთან აკავშირებს, უყალიბებს კვლევით ინტერესსა და ინფორმაციის ინტერპრეტაციის უნარს. სხვადასხვა კულტურის მითების გაცნობა ხელს უწყობს ტოლერანტობის, კულტურული ცნობიერებისა და განსხვავებულის მიღების უნარის განვითარებას.

მითებისა და ლეგენდების გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია იმიტომ, რომ ისინი არ გვკარნახობენ პასუხებს — კითხვებს აჩენენ. ამ კითხვებზე ფიქრისას მოზარდი სწავლობს დამოუკიდებლად აზროვნებას, საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას და ივითარებენ პასუხისმგებლობას.

მითები და ლეგენდები მასწავლებლისთვის მხოლოდ დამატებითი ტექსტი კი არაა, არამედ ინსტრუმენტია, რომელიც გაკვეთილს სიცოცხლეს სძენს და მოსწავლეში არა მხოლოდ ცოდნას, არამედ უნარებსა და ღირებულებებს ავითარებს — ისეთებს, რომლებიც საკლასო ოთახს გასცდება და სამომავლოდაც გამოადგება. მათ შორის არის დაკვირვებით კითხვა, ტექსტის გააზრების უნარი, კრიტიკული აზროვნება, საკუთარი აზრის ჩამოყალიბების, კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის უნარები, ღირებულებებზე დაფიქრება და კულტურული ცნობიერების განვითარება.

 

ენის განვითარების დარღვევები და დამნაშავეობრივი ქცევა მოზარდობისას თუ მის შემდგომ

0

 

რამდენადაც მიუთითებენ, ენის განვითარების დარღვევის მქონე ადამიანებს, უმთავრესად, შემდეგი თავისებურებები ახასიათებთ. ეს თავისებურებებია:

  • ნელი პასუხი საუბრის დროს. მათ შეიძლება დასჭირდეთ ინსტრუქციის გამეორება.
  • მათ უჭირთ გაკვეთილის მსვლელობისას რთული ლექსიკის გაგება და სწავლა, რაც ბუნებრივია, ხელს უშლის სწავლის პროცესს.
  • მათ უჭირთ სარკაზმის, ხუმრობებისა და უფროსების რთული ენის გაგება.
  • მათ უჭირთ იდიომების, მეტაფორებისა და ორაზროვანი სიტყვების მნიშვნელობის გაგება. ენის გამოყენება.
  • მათთვის რთულია სრულყოფილი წინადადებების წარმოება, მიუხედავად იმისა, რომ იციან, თუ როგორ უნდა წარმოთქვან ეს წინადადებები
  • მათთვის ასევე რთულია გადატანითი მნიშვნელობის მქონე სიტყვებით გამდიდრებული ენის გამოყენება.
  • მათ მონათხრობს ან წერილობით გადმოცემულ ამბავს აკლია დეტალები, არასრულყოფილია და გასაგებად რთულია;
  • მათთვის რთულია დამოუკიდებლად მუშაობა და პრიორიტეტების დასახვა.
  • მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლად სამუშაოს შესრულება შეუძლიათ, ვერ აკონტროლებენ დროს.
  • სკოლის სოციალურ ცხოვრებაში სრულყოფილად მონაწილეობა არ არის მარტივი, რადგან არ შეუძლიათ საუბარში ჩართვა და სოციალური წესებისა და განსხვავებული შეხედულებების მიღება.
  • ემოციური სირთულეების გამო, ხშირად ფრუსტრაციას განიცდიან და მათი ქცევა ზოგჯერ რთულად სამართავად მიიჩნევა. ეს შეიძლება გამოხატული იყოს სიტყვიერი და ფიზიკური რეაქციებით ან ურეაქციობით, რის გამოც, მათ ხშირად პასიურებად აღიქვამენ.
  • ხშირად აქვთ ორგანიზებულობის მწირი უნარები.
  • მათი ენობრივი სირთულეები გავლენას ახდენს სამუშაო გამოცდილების შეძენისა და გასაუბრებების დროს.

 

კვლევები ცხადყოფს, რომ სკოლამდელი ასაკში პოზიტიური ჩარევებით ეს თავისებურებები მნიშვნელოვნად მცირდება. თუმცა ასევე გადამწყვეტია სასკოლო საზოგადოების მზაობა ენის დარღვევათა ბავშვების მხარდასაჭერად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მარცხი გარდაუვალი ხდება.

 

გსმენიათ გვარ-სახელები: დენიელ ლაპლანტი (აშშ), ლუის იუჯინ გილბერტი (აშშ), გარი ლი სიმპსონი (აშშ)… ? —  80-იანი წლებიდან მოყოლებული, სხვადასხვა ტერაქტებისას მათ არაერთი ადამიანი მოკლეს. სასამართლო ჩანაწერებში  მიუთითებენ, რომ ყველა ამ ადამიანს ბავშვობაში ენის დარღვევა, კითხვის   და ყურადღების დეფიციტი ჰქონდათ, რასაც ადვოკატები შემამსუბუქებელ გარემოებად ასახელებენ.  თუმცა ეს პრობლემას ნამდვილად ვერ შველის. ისინი ციხეებში უმკაცრესი სასჯელებით აღმოჩნდნენ.

 

განვითარების ენობრივი დარღვევები და რეციდივიზმის რისკი ახალგაზრდა დამნაშავეებში

დღესდღეობით უცხოეთში ნაკლებად, ჩვენში  კი თითქმის არ    არის  შესწავლილი ენობრივი განვითარების   დარღვევის (DLD) გავრცელების პოტენციური გავლენები თუ  დანაშაულის რისკი ახალგაზრდებში, რომლებსაც სისხლის სამართლის სისტემასთან კონტაქტის ისტორია გააჩნიათ.  არადა, თუნდაც სასამართლო განჩინებებში თუ დამნაშავეთა ნარატივებიდან ამონარიდებს დავაკვირდებით, იმთავითვე იკვეთება ენის დარღვევის სხვადასხვა დონე, რაც იმთავითვე საინტერესოა შედარების, პრევენციის თუ ბევრი სხვა თვალსაზრისით.

საკითხით დაინტერესებამ ერთ-ერთ უცხოურ კვლევამდე მიგვიყვანა.[1] აღნიშნული კვლევის მონაწილე 145 ახალგაზრდა დამნაშავე პირია.  მათი არახელსაყრელი ენობრივი  მდგომარეობის ქულა დადგინდა ახალგაზრდული მართლმსაჯულების სამსახურის ჩანაწერებში ნაპოვნი ინფორმაციის საფუძველზე. შეგროვებული მონაცემები მოიცავდა ექსპრესიული და რეცეპტული ენის სტანდარტიზებულ საზომებს, არავერბალურ ინტელექტს (IQ-ს) და გულქვა, არაემოციური თვისებების ნაზავს.  გაანალიზდა ენის განვითარების დარღვევის (DLD)-ის მქონე და არმქონე ახალგაზრდა დამნაშავეებს შორის ხელახალი დანაშაულის რისკის შესაძლო განსხვავებები. შედეგები კი შემდეგგვარი აღმოჩნდა: სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდის მიერ ხელახალი დანაშაულის კუმულაციური შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა DLD ჯგუფში (62%; 95% CI 52, 72), DLD-ის არმქონე ჯგუფთან შედარებით (25%; 95% CI 16, 39).

აღნიშნული კვლევის ავტორები უთითებენ, რომ კრიმინალურ დანაშაულებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ საზოგადოებაზე და ამიტომ, მოზარდებში რეციდივიზმის პრევენცია პრიორიტეტია ახალგაზრდული მართლმსაჯულების სისტემისთვის (YJS) (Bateman, 2010). დამნაშავეთა რისკის გაზომვა სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანია სასამართლო კვლევებში და პრაქტიკოსები  ჩარევის რისკის დონესთან შესაბამისობის დადგენას ცდილობენ (Cording,Beggs, Christofferson, & Grace, 2015).

დიდ ბრიტანეთში, ბრაიანმა და მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ DLD-ის გავრცელება 46-დან 67%-მდე მერყეობდა, შემთხვევით შერჩეულ პატიმრობაში მყოფ ახალგაზრდებში, რომელთა საშუალო ასაკი 17 წელი იყო (Bryan, Freer & Furlong, 2007). იმავე ავტორებმა  წარმართეს უფრო ფართომასშტაბიანი კვლევა დაცულ ბავშვთა სახლში და განაცხადეს, რომ ახალგაზრდების 42%-ს, რომელთა საშუალო ასაკი 15 წელი იყო, მიმართული (რეცეპციული) ენის საზომით  მოსახლეობის საშუალო მაჩვენებელზე 1.5-ით სტანდარტული გადახრა (ან მეტი) ჰქონდა (Bryan, Garvani, Gregory & Kilner, 2015). შედარების ჯგუფების კვლევამაც მსგავსი დასკვნები გამოავლინა. ავსტრალიაში, სნოუმ და პაუელმა (2008) აღმოაჩინეს მნიშვნელოვნად დაბალი ჯგუფური ქულები ყველა ენობრივ საზომში, მათ შორის, ფიგურალური ენობრივი უნარების, თხრობითი უნარების და წინადადებების გამეორების ამოცანებში, მამაკაც დამნაშავეებში დემოგრაფიულად შესაბამის საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ასეთი დასკვნები აისახა ახალი ზელანდიის ახალგაზრდული მართლმსაჯულების რეზიდენციაში 14-17 წლის მამაკაცებზე ჩატარებულ კვლევაში. ავტორებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდების 58%-მა სტანდარტიზებული ენობრივი შეფასებისას პოპულაციის საშუალო მაჩვენებელზე 1.5 სტანდარტულზე ნაკლები ქულა მიიღო (Lount, Purdy & Hand, 2017). გარდა ამისა, ნიმუშის 87%-მა საშუალოზე დაბალი ქულა მიიღო (სტანდარტული ქულა 100), რაც ადასტურებს დიდი ბრიტანეთიდან ადრე მიღებულ დასკვნებს (Bryan et al., 2007). ამან ავტორები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ამ მოსახლეობისვის ნორმალური მრუდი მნიშვნელოვნად არის გადახრილი მარცხნივ (Lount et al., 2017) და ახალგაზრდული მართლმსაჯულების თანამშრომლები ენობრივი უნარების ასეთ დონეს ნორმად მიიჩნევენ (Bryan et al., 2007). ჯამურად, ეს მტკიცებულება მიუთითებს, რომ ახალგაზრდების არაპროპორციულ რაოდენობას აქვს ენობრივი სირთულეები. მეთოდოლოგიური ვარიაციების მიუხედავად, დასკვნები თანმიმდევრულია და ზოგადად მიღებულია, რომ ახალგაზრდა დამნაშავეების 50%-60%-ს აღენიშნება ენობრივი სირთულეები, რაც კლინიკურ ჩარევას მოითხოვს. უფრო მეტიც, ეს ენობრივი სირთულე, როგორც წესი, დიაგნოზირებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდული მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა არ იციან მისი შედეგების შესახებ (გრეგორი და ბრაიანი, 2011; სნოუ და პაუელი, 2012).

 

როგორც ვხედავთ, ამჟამად სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს, რომელიც დეტალურად აღწერს კავშირს ენის განვითარების  დარღვევასა (DLD) და ახალგაზრდების მიერ ჩადენილ დანაშაულს შორის. უფრო მეტიც, გამოკვეთილია ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ენობრივი სირთულეები ახალგაზრდა დამნაშავეებში რეციდივის მთავარი პროგნოზირების ფაქტორიაისინი, სულ მცირე, ორჯერ უფრო ხშირად ჩადიან დანაშაულს, ვიდრე მათი თანატოლები, ენის დარღვევათა გარეშე.

კვლევის დასკვნები სწორად ენას ასახელებს, როგორც ძირითად ფაქტორს დანაშაულებრივი ქცევის გაგრძელებაში და, შესაბამისად, ხაზს უსვამს ახალგაზრდა დამნაშავეების არაოპტიმალური ენობრივი უნარების გათვალისწინების მნიშვნელობას.  ეს კი ის კომპონენტური უნარებია, რომლებიც ზღუდავს ახალგაზრდის შესაძლებლობას, აქტიურად  იმონაწილეოს  ენით გაშუალებულ სიტუაციებში, ამ ახალგაზრდების მიერ განცდილი ენობრივი სირთულეების გაურკვეველი ბუნება რისკის ერთ-ერთი სფეროა, რომელიც შეიძლება უნებლიედ უგულებელყოფილი იყოს.

მკვლევრები წუხან, რომ ახალგაზრდული მართლმსაჯულების ამჟამინდელ ჩარჩოში ენა დაჩრდილულია იმ ფაქტორებით, რომლებიც უფრო გავლენიანად ითვლება, რაც პრობლემურია, რადგან დასკვნები მიუთითებს, რომ განვითარების ენობრივი აშლილობა ყველაზე ძლიერი რისკ-ფაქტორია, რომლის რამდენადმე მოწესრიგება შემდგომ დანაშაულებრივ ქმედებებს უსათუოდ აგვაშორებს თავიდან.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Bryan, K., Garvani, G., Gregory, J., & Kilner, K. (2015). Language difficulties and criminal justice: The need for earlier identification. International Journal of Language & Communication Disorders, 50, 763–775.
  2. Winstanley, Maxine, Webb, Roger T and Conti-Ramsden, Gina (2021) Developmental language disorders and risk of recidivism among young offenders. The Journal Of Child Psychology And Psychiatry, 62 (4). pp. 396- 403. ISSN 0021-9630
  3. Hopkins, T., Clegg, J., & Stackhouse, J. (2018). Examining the association between language, expository discourse and offending behaviour: An investigation of direction, strength and independence. International Journal of Language & Communication Disorders, 53, 113–129.
  4. Hughes, N., Chitsabesan, P., Bryan, K., Borschmann, R., Swain, N., Lennox, C., & Shaw, J. (2017). Language impairment and comorbid vulnerabilities among young people in custody. Journal of Child Psychology and Psychiatry, 58, 1106–1113. Hughes, N., Williams, P., Chitsabesan, P., Davies, R., & Mounce, I. (2012). Nobody made the connection: the prevalence of neurodisability in young people who offend. London: Office for the Children’s Commissioner.

[1] Winstanley, Maxine, Webb, Roger T and Conti-Ramsden, Gina (2021) Developmental language disorders and risk of recidivism among young offenders. The Journal Of Child Psychology And Psychiatry, 62 (4). pp. 396- 403. ISSN 0021-9630

ქართულ ანბანზე დაფუძნებული არტიკულაციის ტესტი

0

ქვემოთ წარმოგიდგენთ ასაკობრივი დონეების მიხედვით შექმნილ, ქართულ ანბანზე დაფუძნებულ არტიკულაციის ტესტს, რომელიც ერთგვარი ინსტრუმენტია ენის და მეტყველების სპეციალისტების, სპეციალური მასწავლებლებისა თუ  დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის. დამალვა არ შეიძლება! — აღნიშნული ინსტრუმენტის მომზადებაში ჩემი ელექტრონული მეგობარი, ხელინი დამეხმარა. ტესტს არ ახლავს ფოტოები. ცხადია, ასევე შეიძლება მისი გადამუშავება, გავრცობა, დახვეწა და სხვ.

 შეფასების მიზანი

  • ბგერების სწორად წარმოთქმის დადგენა
  • არტიკულაციური შეცდომების ტიპის იდენტიფიკაცია
  • ასაკთან შეუსაბამო ბგერების გამოვლენა

შეფასდება:

  • ბგერის ჩანაცვლება
  • ბგერის გამოტოვება
  • დამახინჯება
  • ბგერის პოზიცია (საწყისი / შუა / ბოლო)

I დონე – 3–4 წელი

მარტივი ბგერები, ღია მარცვლები

ბგერები: , , , , , + ხმოვნები

ბგერა სიტყვა სურათის იდეა
ბურთი ფერადი ბურთი
პური პურის ნაჭერი
მამა მამა ბავშვით
დათვი დათუნია
თევზი თევზი
ნანა მძინარე ბავშვი

ინსტრუქცია: „სახელი დაარქვი, რას ხედავ სურათზე?“

II დონე – 5–6 წელი

შუა სირთულის ბგერები, სიტყვები და მარტივი წინადადება

ბგერები: , , , , , ,

ბგერა სიტყვა სურათის იდეა
კატა კატა
გემი ზღვის გემი
ხე ხე
ვაშლი ვაშლი
ლამპა მაგიდის ლამპა
სუნი ყვავილი
ზარი ზარი

ფრაზა:

  • „კატა ხეზე ავიდა.“

ფასდება ბგერის სისუფთავე და თანმიმდევრობა.

 III დონე – 7–8 წელი

რთული ბგერები და აფრიკატები

ბგერები: , , , , ,

ბგერა სიტყვა სურათის იდეა
შალი შალი
ჟოლო ჟოლო
ჩიტი ჩიტი
ციყვი ციყვი
ძაღლი ძაღლი
წყალი წყლის ჭიქა

წინადადება:

  • „ციყვი წყალს სვამს.“

ყურადღება მიექცეს აფრიკატების დიფერენციაციას.

IV დონე – 9+ წელი

ყველაზე რთული ბგერები და კონსონანტური ჯგუფები

ბგერები: , (რთული პოზიციები)

ბგერა სიტყვა სურათის იდეა
რკინა რკინის საგანი
რბილი ბალიში
პლედი პლედი

ტექსტი:

„ლამაზი ჩიტი ხეზე ზის და წყალს სვამს.“

ფასდება მეტყველების გამართულობა და რიტმი.

შეფასების ცხრილი (ნიმუში)

ბგერა სწორად ჩანაცვლება გამოტოვება დამახინჯება შენიშვნა

გისურვებთ წარმატებას!

სიკეთის და თანაგრძნობის სამყაროში – ძველი სცენარის ახალი სიცოცხლე

0

ჩემთვის ძალიან ძვირფასი სცენარი ან იდეა, ან ღონისძიება – რაც გინდათ, ის დავარქვათ, უნდა გაგიზიაროთ. სცენარი დავწერე 13 წლის წინ, როდესაც სკოლაში პირველად შევდგი ფეხი და პირველი კლასის ინა მასწავლებელი გავხდი. მაშინ ძალიან შემოქმედებითად ვუდგებოდი სწავლებას (სამწუხაროდ, წლებმა და ვალდებულებებმა ეს შემოქმედებითობა ცოტა დააბლაგვა. ამიტომ ღრმად მწამს, რომ მასწავლებელი ჩიტივით და ქარივით თავისუფალი უნდა იყოს, ის მხოლოდ ბავშვებზე უნდა ფიქრობდეს. აი, შოთამ რომ გვითხრა, მიჯნურებს მოცალეობა სჭირდებათო, მასწავლებლებსაც სჭირდებათ ძალიან ბევრი დრო – ფიქრისთვის, იდეებისთვის. რადგან კარგი იდეა მხოლოდ ფიქრსა და თავისუფალ დროს მოაქვს).

იმხანად მოცული და აღფრთოვანებული ვიყავი მეტერლინკის „ლურჯი ფრინველით“ და გადავწყვიტე რომ ჩემს არაჩვეულებრივ, გამორჩეულ ბავშვებთან ეს იდეა გადმომეტანა რაღაცნაირად.

იმხანად არსებული ძალიან მწირი ტექნიკური რესურსითა და გამოცდილებით ფილმის გადაღება გადავწყვიტე (რამხელა ამბიციაა!!! თუმცა რაც უფრო ახალგაზრდა ხარ და რაც ნაკლებად გაწევს გამოცდილების ტვირთი, მით უფრო მარტივად იღებ ასეთ რისკიან გადაწყვეტილებებს. ჩემი აზრით, ძალიან კარგიცაა, რადგან მჯერა, რომ ბედი მხოლოდ გაბედულებს სწყალობთ (პალაციო „საოცრება“).

გადავწყვიტე ამ წერილში ბავშვების სახელებიც არ შემეცვალა, რადგან, ახლა უკვე სტუდენტები, თუკი ამ სტატიას ნახავენ, კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ ბავშვობის არაჩვეულებრივ წლებს; იმ დღეებს, როდესაც ნაბიჯებს ახალ ცხოვრებაში დგამდნენ. კიდევ ერთხელ გაიხსენონ, რომ ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი ამქვეყნად სიკეთე და თანაგრძნობაა. დანარჩენი ყველაფერი ამ ორის გაგრძელება ან წინაპირობაა.

 

ჩვენი სცენარი ასე იწყება:

ბავშვებს აცვიათ ლურჯები ან ყვითელი, უკეთიათ ლურჯი ან ყვითელი ლენტები. რასაც კი დავხატავთ, ყველაფერი იქნება ლურჯი.

სცენა 1 – შესავალი

– დიდი Handmade theatre. (მუყაოს ყუთისგან დავამზადე და ფარდებად ბებიაჩემის ძველი ნაჭრები გამოვიყენე) გარეთ ეზო, მზე – ბევრი მზე. არანაირი კლასი.

 

ნიაკო

დღეს ჩვენ წარმოგიდენთ და გაჩვენებთ, იმ საიდუმლოებით მოცულ სამყაროს, სადაც ლურჯი ფრინველი ბინადრობს.

 

ნინია

როგორც გახსოვთ ლურჯი ფრინველი არ აღმოჩნდა ღამის სამყაროში, არც ომის სამყაროში.

 

ნატალი

და არც მოგონებებში, არც საიქიოში, არც ძილში, არც სიზმარში.

 

ანანო

ლურჯი ფრინველი სულ სხვაგან ბინადრობს.

სულ სხვაგან.

 

ვატო

იქნებ არც იცით, ან არც გინახავთ. უფრო სწორედ ვერ ხვდებით. არ უკვირდებით.

 

ანდრია

ან გულგრილები ხართ, ან არ გცალიათ, ვერ ამჩნევთ, შეიძლება არც კი გაინტერესებთ.

 

ზუკა

ჰოდა, იცოდეთ

ლურჯი ფრინველი – სიკეთის და თანაგრძნობის სამყაროში დაფრინავს.

 

ტასო

სიკეთის და თანაგრძნობის სამყაროში შლის ფრთებს.

 

სალომე

იქ ბედნიერებაა, ყველას უხარია.

იქ უზარმაზარი მზეა – ანათებს და ანათებს.

აცხუნებს და აცხუნებს.

 

გიო

ჰო, სიკეთის და თანაგრძნობის სამყაროში.

 

ოთო

გსმენიათ, გაგიგიათ რამე სიკეთის და თანაგრძნობის სამყაროზე?

 

კატია

ჩვენ მოგიყვებით, ჩვენ დაგანახებთ, ჩვენ შეგაცნობინებთ ამ უზარმაზარ, ლურჯ სამყაროს.

 

სოფიო

ფილმში ნახავთ ლურჯი ფრინველის საცხოვრებელ სამყაროს, მის თექვსმეტ განზომილებას. ლურჯი ფრინველის თექვსმეტ ფრთას.

 

(დიდ ფორმატზე დახატულია ლურჯი თექვსმეტ ფრთიანი ლურჯი ფრინველი, თითოეულ ფრთაზე წარწერითა და ნახატით. რომელი ბავშვის „ფრთის“ ჯერიც დგება ის აფორმებს და ხატავს ამ ფრთას).

 

ლიზიკო

ლურჯი ფრინველის თითოეული ფრთის შესახებ თითო ბავშვი მოგვითხრობს და წარმოგვიდგენს. ჩვენ გამოგზაურებთ სიკეთის და თანაგრძნობის სამყაროში!

 

თეკლა

მაშ, ასე წარმოდგენა, უკაცრავად, ფილმი იწყება! ფილმი სადაც უამრავი მზე, ყვავილი და ბედნიერებაა. და სულ დამავიწყდა სადაც სიკეთეა, თანაგრძნობაა. კიდევ ფრინველი, თანაც ლურჯი, თანაც თექვსმეტფრთიანი.

 

როცა მოხუცს ეხმარები – სალომე

 

მათხოვარს რომ ეხმარები – ლიზიკო

 

ცხოველებს რომ იცავ, აპურებ. – ოთო

 

ბუნებას რომ იცავ, გესმის ბუნების – ვატო

 

საკუთარ მეგობარს რომ თანაუგრძნობ – გიო

 

მშობლები, რომ ძალიან გიყვარს და საჩუქარს უკეთებ – ზუკა

 

 

მეგობარს რომ უკეთებ სიურპრიზს და რომ გინდა, გაახარო – ანდრია

 

სუსტს, რომ ეხმარები, გზაზე რომ გადაგყავს – კატია

 

მასწავლებელს რომ ეხმარები – ნიაკო

 

შინაური ცხოველები, რომ გიყვარს, შენი ფისო რომ გყავს, უვლი, უფრთხილდები – მარია

 

წიგნები, რომ გიყვარს, მეგობრებისთვის რომ წერ მოთხრობას და უკითხავ მათ – ანანო.

 

სამშობლო რომ გიყვარს და მზად ხარ დაიცვა – ნინია

 

შენი დაიკო, ძმა რომ გიყვარს, საჩუქარს რომ შენი ხელით უმზადებ და ახარებ -ტასო

 

ხეებს რომ რგავ – სოფიო

 

ხეებს რომ უვლი – ნატალია

 

სიყვარული რომ შეგიძლია, შეგიძლია ყველა გიყვარდეს. ამას გამოხატავდე, არ გრცხვენოდეს – თეკლა

 

ლურჯი ფრინველი, უზარმაზარ პლაკატზე და მისი მოხატვა, მოლამაზება, გაფორმება. ფერადი ფურცლებით და სტიკერებით.

 

მოხუცს, რომ ეხმარები

ს ა ლ ო მ ე

 

სიკეთე ნამდვილი საოცრებაა. დარწმუნებული ვარ კეთილი ადამიანები მზესავით ანათებენ. აი, აქ გულიდან, შიგნიდან ანათებენ (ხელს გულზე იდებს).

მე სალომე მქვია. სალომე – ძველ ებრაულად „მშვიდობას“ ნიშნავს, მშვიდობა კი სიკეთის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. სიკეთეა, როდესაც მოხუცებულ, უმწეო ადამიანს ეხმარები. ამას იმიტომ კი არ აკეთებ, რომ ასე უნდა იყოს, ან ვინმემ დაგავალა, არა! ეს შენ გინდა, ეს შენ მოგწონს, ეს შენ გინდა იყო კეთილი.

ერთი ჭიქა წყლის მიწოდებით, მოალერსებით, მიხმარებით, მზრუნველობით –

მათი სიცოცხლე გახდება უფრო გრძელი, ხალისიანი და, რაც მთავარია, ბედნიერი!

 

კადრი: ერთი ბავშვი ჩაცმულია მოხუცებულივით. მოდის, ძლივს, ნელ-ნელა. კალათი მოაქვს, კალათში ვაშლებია. უცებ წაიბორძიკებს, წაიქცევა და ვაშლები გაეფანტება.

სალომე მიირბენს, ანუგეშებს, წყალს მიუტანს, ვაშლების აკრეფაში დაეხმარება, წამოაყენებს და გაუშვებს, თან ლურჯ ფრინველს გაატანს, ჩამოკიდებს ყელზე.

 

 

მათხოვარს რომ ეხმარები.

ლ ი ზ ა

მე ლიზი ვარ. სიკეთე ძალიან საინტერესოდ საკეთებელი საქმეა. მე ახლა მოგიყვებით ჩემს დაწერილ მოთხრობას (ლიზას ამ თემაზე მოთხრობა აქვს მოგონილი და აქ ამ მოთხრობას ჰყვება).

 

 

 

სცენა: მათხოვარი ბავშვი ზის. მოწყენილია. ლიზიკო – მიდის და წიგნს ჩუქნის. გვერდით უჯდება, ათვალიერებენ, უკითხავს. ერთად იცინიან თამაშობენ.

 

 

 

 

ცხოველებს, რომ იცავ აპურებ.

ო თ ო

ოთო ვარ. ყველაზე, ყველზე მეტად ცხოველები მიყვარს და მეცოდებიან – როდესაც შიათ, სწყურიათ, სევდიანი თვალებით გიყურებენ და ჩვენ ადამიანებს შველას გვთხოვენ. მე ძაღლი მყავს ჩემს ძაღლს ტობი ჰქვია, ულამაზესია. მე და ტობი თითქმის ძმებივითა ვართ, ერთად გავიზარდეთ და მაგიტომ.

ერთხელ სკოლაში, ჩემი სკოლის ფანჯარასთან ერთი პატარა ძაღლი მოვიდა, ისეთი სველი და ჭუჭყიანი იყო, გული დამეწვა. მშიერიც ჩანდა, მიყურებდა წყლიანი, დიდი თვალებით. გაკვეთილი დაიწყო. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა, რომ მომეძებნა და დამეპურებინა, მოვფერებოდი. დასვენებაზე გავიქეცი, მთელი სკოლა მოვიარე, მაგრამ ვერ ვიპოვე. ჰოდა, მგონია, რომ სიკეთეა, როდესაც უპატრონო, საწყალი ცხოველები გეცოდება, თანაგრძნობაა – მათი მოფერება, დაპურება.

 

 

კადრი: ოთო სკოლის ეზოში მტრედებს პურის მარცვლებს უყრის.

 

 

ბუნების რომ გესმის, რომ იცავ.

ვ ა ტ ო

 

მე ვატო ვარ. მიმაჩნია, რომ ადამიანს ყველაზე მეტად ბუნება უნდა უყვარდეს და ბუნების ესმოდეს. რა არის ბუნება? ირგვლივ მიმოიხედეთ ყველაფერი ბუნებაა, მცენარეები, მწერები, ცხოველები, ლამაზი ყვავილები, მთები, ვულკანებიც კი. მეც ბუნების ნაწილი ვარ, შენც ბუნების ნაწილი ხარ. ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ და „ბუნება“ გვქვია. აბა, როგორ შეიძლება ბუნება არ გიყვარდეს, მისი არ გესმოდეს – ეს ხომ დიდი სისულელე იქნებოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი თავი არ გიყვარდეს.

ამიტომ უნდა დაიცვა, მოუფრთხილდე – ბუნების დაცვით შენ თავსაც იცავ, საყვარელ ადამიანებს, შენს მომავალს. ჩვენს შვილებს ვიცავთ. ამაზე დიდი სიკეთე რა უნდა იყოს?

უზარმაზარი სიკეთეა, როდესაც ბუნება გიყვარს და იცავ.

არ მოჭრა ხე! არ მოკლა არცერთი ცხოველი! არ გაჭყლიტო არცერთი მწერი, თუნდაც ისეთი პატარა როგორიც ჭიანჭველაა! არ გათელო ბალახი! არ გაანადგურო ყვავილები! არავითარ შემთხვევაში არ დაუნგრიო ბუდე დედა ჩიტს!

არ დაარღვიო ბუნების კანონზომიერება, ეს შენზეც, ჩემზეც, მასზეც აისახება!

 

 

კადრი: ვინმე ბავშვი, რომ გლეჯს ბალახს ან ფოთოლს, ან ყვავილს, ვატო აჩერებს და უხსნის, რომ არ შეიძლება. ეს ბავშვი, რომ მიდის, ჩამოტეხილ ტოტს ასწორებს და ლენტს ახვევს.

 

საკუთარ მეგობარს რომ თანაუგრძნობ.

გ ი ო

მე გიო ვარ, ყველაზე ონავარი და კეთილი ბიჭი. ვფიქრობ, რომ მეგობრობა ყველაზე დიდი სიკეთეა დედამიწაზე. კოსმოსშიც ალბათ. მეგობრობას შავი ხვრელის გაქრობაც კი შეუძლია ისეთი მაგარი რამეა.

დინოზავრებიც მეგობრობდნენ და უყვარდათ ერთმანეთი. უჰ, რამხელა სიკეთეა მეგობრობა.

აი, ამხელა (ხელით ხაზავს).

აუცილებელია, მეგობარი გყავდეს, როდესაც მოიწყენ, დარდიანი იქნები, რომ თანაგიგრძნოს, განუგეშოს, დაგამშვიდოს. ერთად რომ ძალიან მაგრად გაერთოთ და ითამაშოთ.

როდესაც ჩემს მეგობარს სევდიანს ვხედავ, მეც სევდიანი ვხდები, ისე ვიწყენ, რომ ირგვლივ წვიმა მოდის. მეგობრობა უუუუზარმაზარი სიკეთეა!

 

 

კადრი: ნატალი მოწყენილია, ზის თავის აქვს ჩარგული. გიო მიდის და ანუგეშებს, მხარზე ხელს ადებს. ამშვიდებს. მერე ერთად იწყებენ თამაშს.

 

 

მშობლები, რომ ძალიან გიყვარს და საჩუქარს უკეთებ.

ზ უ კ ა

მე ზუკა ვარ, სახელი ზურაბი თურმე ძველად წითლად მოელვარე ძვირფას ქვას ლალს ნიშნავდა. აი ასეთი და ამაზე მეტადაც ძვირფასი ვარ მე ჩემი მშობლებისთვის და ისინი ჩემთვისაც უძვირფასესი არიან. ყოველთვის მინდა, გავახარო და ბედნიერება მივანიჭო მათ.

მგონია, რომ ძალიანაც დიდი სიკეთეა, როდესაც მშობლები გიყვარს, მათ სიხარულზე და ბედნიერებაზე ზრუნავ. სულ ფიქრობ, რით გაახარო, ან როდესაც მოწყენილები არიან, როგორ ანუგეშო. მგონია, რომ ძალიან ძნელი უნდა იყოს როცა მშობელი ხარ და შვილი გყავს. არაა, ახლა რომ ვფიქრობ, რა ძნელი იქნება მამობა, ვერც კი წარმოვიდგენ.

ერთი ამბავი მახსენდება, დედამ საკუთარი გულიც კი როგორ დათმო გაჭირვებაში მყოფი შვილისთვის.

ერთი რჩევა უნდა მოგცეთ იმათ, ვინც ახლა მიყურებთ და მისმენთ: გაუფრთხილდით თქვენს მშობლებს, დამიჯერეთ, ამაზე დიდ სიკეთეს ვერასდროს ვერაფერს გააკეთებთ!

და დედებო, მამებო შვილებსაც გაუფრთხილდით, რადგან შვილებზე დიდი განძი არც დედამიწაზე, არც კოსმოსში, არც მარსზე და არც მთვარეზე არ არსებობს!

მიყვარხარ დე, მიყვარხარ მა.

 

 

კადრი; საჩუქარს უმზადებს დედას და მამიკოს. (მაღაზიაში წავყვები და რამეს ვაყიდინებ) ან შოკოლადს ან ყავას დედიკოსთვის და მამიკოსთვის კალამს, ბლოკნოტს ან რამეს. ან თავად დავამზადებინებ. ვნახოთ.

 

ანდრია

მეგობარს, რომ სიურპრიზს უკეთებ.

 

მე ანდრია ვარ. ჩემი სახელი ბერძნულად მამაცს, ვაჟკაცს ნიშნავს და ვამართლებ კიდეც ამ ჩემს სახელს. ნამდვილი ანდრია ვარ. გიომ მეგობრობაზე და მეგობრის თანაგრძნობაზე ისაუბრა, მეც დავამატებ ჩემს აზრს.

მეგობრობა რომ ნამდვილი სიკეთეა, ნამდვილი სასწაული ამაში ალბათ დამეთანხმებით.

რომელიღაც წიგნში ამოვიკითხე, თუ მასწავლებელმა წაგვიკითხა, აღარ მახსოვს: ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც იცის შენი გულის სიმღერა და აგყვება სიმღერაში როცა შენ ტექსტი გავიწყდება.

დიდი სიკეთეა, როდესაც მეგობრის გვერდით მხოლოდ მაშინ კი არა ხარ, ის რომ მოწყენილია, ან თანაგრძნობა სჭირდება. არამედ როდესაც სულ ფიქრობ მასზე, სულ ფიქრობ, როგორ გაახარო, როგორ ასიამოვნო.

მე ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრებისთვის სიურპრიზების გაკეთება, როდესაც მათ უხარიათ მეც მიხარია, თითქოს მათი სიხარული ჩემზე გადმოდის, ამით ბედნიერი მეც ვხდები. ნახეთ ამ სიკეთეს შეუძლია შენც გაგაბედნიეროს და მეგობარიც, ამაზე კარგი რა უნდა გააკეთო ამ ცხოვრებაში?

ჰო, დიდი, ძალიან დიდი სიკეთეა მეგობრობა.

 

კადრი: ქვებისგან ამზადებს მეგობრის სახელს და გვარს, ან რაიმე სუვენირს. ღებავს ქვებს და აწერს ანბანს.

 

კატია

სუსტს, ავადმყოფს რომ ეხმარები.

 

ყველა ადამიანი ძლიერი არ არის, ზოგიერთი სუსტია, ან ავად არის და ამის გამო ექმნება ცხოვრებაში პრობლემები. ჩემი აზრით, ჩვენ ძლიერი და ჯანმრთელი ადამიანები მათ უნდა დავეხმაროთ, ეს ჩვენი მოვალეობაა და, რა თქმა უნდა, სიკეთეც არის.

მე კატია ვარ, იგივე ქეთევანი – ქეთევანი უფრო მომწონს თითქოს.

ყველაზე მეტად არ მიყვარს, როდესაც სუსტს ჩაგრავენ, სარგებლობენ იმით, რომ მასზე ძლიერი არიან. ამ დროს ყოველთვის ვცდილობ, დავიცვა და გამოვექომაგო დაჩაგრულს. ხოლო მას კი, ვინც სუსტის სუსტობით სარგებლობს ავუხსნა, რომ ასე არ შეიძლება, და რომ ცოდოა, ის ხომ სუსტია. მოკლედ არ არის კარგი საქციელი.

ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სიკეთეა, როდესაც ადამიანს, რომელსაც რაღაც პრობლემა აქვს, ან ფეხი სტკივა და ვერ გზაზე ვერ გადადის, ან ხელი სტკივა და საჭმელს ვერ სჭამს – ეხმარები, ისე რომ მან თავი უხერხულად არ იგრძნოს, ბუნებრივად გაუწიო დახმარება, ეს არის ნამდვილი სიკეთე!

 

კადრი: ეზოში ვხაზავთ ცარცით ქუჩას, მასზე გადადის სუსტი, ჯოხზე დაყრდნობილი ბავშვი. კატია მიდის და ეხმარება გზის გადაკვეთაში, მზრუნველობით მხარზე ადებს ხელს. ან კლასობანას ვერ თამაშობს ბავშვი და კატია, ეხმარება ხელს კიდებს და ერთად ხტუნაობენ.

 

ნიაკო

მასწავლებელს და კლასელებს რომ ეხმარები.

 

მე ნია ვარ, ნია თურმე ბერძნულად ახალს ნიშნავს და ძალიანაც მომწონს. ჩვენ ვართ ახალი თაობა, ახალი იდეებით, ახალი ხედვით, და ახალი სულით.

ჩვენ ახალ თაობას მოგვწონს სიკეთე, სიკეთის კეთება.

ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს სიკეთე, მე ვფიქრობ, რომ ყველანაირი სიყვარული სწორედაც რომ სიკეთეა.

სიკეთეა, შენი მასწავლებელი რომ გიყვარს და ცდილობ დაეხმარო, დაეხმარო კლასის მოწესრიგებაში, წიგნების გადარჩევაში.

სიკეთეა კლასელები რომ გიყვარს, მათზე გული შეგტკივა და ეხმარები დავალებების ჩანიშვნაში, დავალებების გაკეთებებში, მათ გვერდზე რომ ხარ ყოველთვის. თუ კონფლიქტი აქვთ, რომ ცდილობ მოაგვარო და შეარიგო.

მე სალომეს დავეთანხმები და ვიტყვი, რომ სიკეთე მშვიდობის გარეშე არ არსებობს, ამიტომ არ მიყვარს, როცა ჩემი კლასელები კინკლაობენ, არ მინდა სიკეთე დაიკარგოს.

სიკეთეა როცა უბრალოდ ეხმარები.

 

კადრი: როგორ ეხმარებიან ბიბლიოთეკარს ბიბლიოთეკაში წიგნების დალაგებაში, ბავშვებს მოწესრიგებაში, ოთოს წიგნის გადაშლაში.

 

 

მარია

შენი შინაური ცხოველი რომ გიყვარს ძალიან, ძალიან.

 

მე მარია ვარ. მჯერა, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს, სიკეთე ყოველთვის უფრო ლამაზი და ნათელია, ვიდრე ეს აუტანელი ბოროტება.

ვფიქრობ, რომ სიკეთე ამ სამყაროში (ალბათ ყველა სამყაროშიც, რაც კი არსებობს, მარსზეც, მთვარეზეც) ადვილი საპოვნელი და მისაგნებია.

ყოველ ჩვენგანი საკუთარ სიკეთეებს აღმოვაჩენთ ხოლმე.

მე ჩემი რამდენიმე სიკეთე მაქვს, ახლა ყველაზე ვერ გესაუბრებით, მთელი ფილმი არ ეყოფა).

სიკეთე, რომელზეც მე მინდა, გესაუბროთ ჩემი უუუსაყვარლესი, პატარა, შავი, მოუსვენარი და ცელქი კნუტი ….. – ია.

მე ძალიან, ძალიან, მიყვარს. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს, ის ისეთი პატარა და უსუსურია, ისე სჭირდება სითბო. ვცდილობ, რომ ხშირად ვიყო მის გვერდით, მოვეფერო, ჩავეხუტო, ერთად ვითამაშოთ. ერთად ვისეირნოთ. ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ.

ახლა მე დავუმზადებ მას საჩუქარს, დარწმუნებული ვარ, უზომოდ გაიხარებს.

აი, ეს არის ნამდვილი სიკეთე!

 

კადრი: თავის კატას უკეთებს საჩუქარს, ყელსაბამს, ძაფით წნავს და თვლებით ქარგავს. თუ მოიყვანს და მოარგებს მთლად უკეთესი.

 

 

ანანო – წიგნები, რომ გიყვარს, მეგობრებისთვის რომ წერ და უკითხავ.

 

მე ანანო ვარ, მყავს უამრავი მეგობარი, რომლებიც ძალიან, ძალიან მიყვარს და მათთვის დიდ სიკეთეს გავაკეთებდი.

სულ ვფიქრობ ხოლმე, რით გავახარო და რა ვაჩუქო ჩემს მეგობრებს, რაიმე ისეთი რომელიც ყველაზე განსხვავებული და ორიგინალური იქნებოდა. ისეთი რამ, რასაც ჩვეულებრივად არ ჩუქნიან ხოლმე. ჰოდა, ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, მათთვის მოთხრობა დამეწერა.

მგონია, რომ როდესაც მეგობარი ხარ და მეგობარი გყავს, იმაზეც უნდა იზრუნო შენმა მეგობარმა წიგნები იკითხოს, ისწავლოს, ამაშიც უნდა დაეხმარო, რაიმე წიგნს რომ წაიკითხავ და მოგეწონება, ეს წიგნის უნდა ურჩიო და მეგობარსაც წააკითხო.

ჩემი მოთხრობა ენძელაზე და იაზეა, იამ ფოთოლი მოიტეხა, ძალიან, ძალიან ეტკინა და იტირა. ამ დროს ენძელა გამოჩნდა, შეეცოდა მეგობარი, დაეხმარა, თანაუგრძნო, თავის ქოხში წაიყვანა, უმკურნალა. რა თქმა უნდა, ია კარგად გახდა.

აი ეს არის მეგობრობა, ეს არის სიკეთე.

დარწმუნებული ვარ, ჩემი მოთხრობა ჩემს მეგობრებს მოეწონებათ.

ისიც სიკეთეა, მეგობრებისთვის რომ წერ.

დიდი სიკეთეა.

 

 

კადრი: ანანო – უკითხავს მოთხრობას ბავშვებს.

 

ნინია – სამშობლო რომ გიყვარს და მზად ხარ დაიცვა.

 

ნინია ვარ. რაც ცოტა გავიზარდე და გავიგე, რომ საქართველოში ვცხოვრობ, მას შემდეგ სულ საქართველოზე ვფიქრობ. სკოლაში გავიგე, რომ თურმე მტერს ჩვენი ულამაზესი ნაწილი აფხაზეთი წაურთმევია, უამრავი ქართველი დაღუპულა მტერთან ბრძოლაში. ისიც გავიგე, რომ ეს მტერი ჩვენი მეზობელი სახელმწიფო რუსეთი ყოფილა. მასწავლებელმა „კოლოფი“ წაგვიკითხა, სადაც რუსი გოგონა გვიყვება, თავის თავგადასავალს. აფხაზეთში ქართველების ყოფილ სახლში დაუწყია ცხოვრება და ის კოლოფი იპოვა, მის თანატოლ ქართველ გოგოს რომ დარჩა, როდესაც საკუთარი სახლიდან გამოაგდეს. თურმე ეს გოგო აქ თავის ნივთებს: წითელ ბაფთებს, ბეჭედს, ლამაზ კენჭებს და ნიჟარებს ინახავდა. ეს რუსის გოგო ბოლოს მიხვდა, რაშიც იყო საქმე, მიხვდა იმ ქალის სიტყვებსაც, ერთხელ რომ მიაძახა: სხვის უბედურებაზე შენს ბედნიერებას ვერ ააშენებო! ომის გამო იმ გოგომ თავისი სახლი დატოვა, ოჯახის წევრებთან ერთად ისე გაუგდიათ, რომ ნივთების წაღებაც კი ვერ მოუსწრია.

ეს ამბავი, რომ მოვისმინე ბევრი ვიტირე. გული მეტკინა და გადავწყვიტე, როდესაც გავიზრდები მე ჩემს ქვეყანას აუცილებლად დავიცავ და იქნებ მე და ჩემმა თაობამ აფხაზეთის დაბრუნებაც კი შევძლოთ. ჩვენ ხომ ახალი თაობა ვართ, თან სიკეთის გაკეთება და თანაგრძნობა შეგვიძლია, აბა ამაზე დიდი სიკეთე რაღა უნდა იყოს?

 

 

კადრი: საქართველოს რუკაზე აჩვენებს რაღაცებს, საუბრობს, ხსნის. მერე კოლოფს ათვალიერებს.

 

 

ტასო

შენი დაიკო რომ გიყვარს და საჩუქარს შენი ხელით უმზადებ და ახარებ.

 

მე ტასო ვარ, ანასტასია – ჩემი ყველაზე მაგარი მეგობარი და მესაიდუმლე ჩემი და ელენეა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარს და როგორ გვიყვარს ერთმანეთი. სულ ვცდილობ, რომ არ ვაწყენინო და პირიქით ვასიამოვნო, გავახარო.

ჩემი და ჩემთან „მწვანე ბაღში“ დადის. გაკვეთილებზე ხანდახან ვერ ვითმენ ხოლმე, ისე მინდა ვნახო, რომ ვიცი, აქ არის, ჩემგან სულ რამდენიმე ფეხის ნაბიჯზე, გული ვერ მიჩერდება – მისი მოფერება და ნახვა მინდება.

რამდენჯერმე მასწავლებელმა გამიყვანა ბაღში და ელენე ვნახე. ისე გაუხარდა, ვერც კი წარმოიდგენთ.

ვფიქრობ, რომ დიდი სიკეთეა, როდესაც ასეთი და გყავს, ასე გიყვარს და ასე უყვარხარ. სულ რომ ცდილობთ ერთმანეთის გახარებას.

ახლა გადავწყვიტე, ჩემი ხელით დავუმზადო რაიმე საჩუქარი და მივუტანო, სიურპრიზი გავუკეთო. აბა ვნახოთ, როგორ გაუხარდება.

ტასო ხატავს, მერე ამზადებს საჩუქარს.

 

კადრი: მივდივართ ელენესთან (დაიკოსთან) მიგვაქვს, ეხუტებიან და აძლევს საჩუქარს.

 

 

სოფიო

ხეებს რომ რგავს და მომავლისთვის ზრუნავ.

 

ალბათ გეცოდინებათ, რომ „სოფიო“ სიბრძნეს ნიშნავს. მე სოფიო მქვია და დარწმუნებული ვარ ძალიანაც შემეფერება ეს სახელი.

მე ვარ სოფიო და მე ხეები მიყვარს. ვფიქრობ, რომ იმაზე დიდი ბოროტება არ არსებობს, როგორიც ხეების მოჭრაა. ასეთ შემთხვევას რომ ვხედავ ხოლმე, ისე ვბრაზობ, ისე ვბრაზობ, რომ მინდა იმხელა ხმაზე ვიყვირო, ყველა ხის მჭრელმა ყურებზე ხელები აიფაროს, და იმაზე დაფიქრდნენ, ღირს კი ხის მოჭრა. იქნებ სჯობს ადამიანებმა თავი დავანებოთ ხეების ჭრას და რაიმე სხვა უფრო სასარგებლო საქმე ვაკეთოთ, ისეთი როგორიც თუნდაც ხეების დარგვა იქნებოდა.

შეიძლება არ იცით, მაგრამ მინდა, მაინც შეგახსენოთ, რომ ხეები ისეთივე ცოცხალი არსებები არიან, როგორც ჩვენ ვართ. მათ ისევე სტკივათ, ისევე განიცდიან, როგორც ჩვენ. თან ხეები ამხელა სიკეთეს გვიკეთებენ, ბოლო-ბოლო ჟანგბადს გვაძლევენ, ჩვენ კი ისეთი უნამუსოები ვართ, სამაგიეროს სიკვდილით ვუხდით.

ჩვენ ახალი თაობა ვართ, ჩვენ ასეთი მკაცრები და უხეშები არ ვიქნებით ხეების მიმართ. ჩვენ ჩვენს მომავლისთვის აუცილებლად ვიზრუნებთ. და იმაზე დიდი სიკეთე რაღა უნდა იყოს, ხეს რომ დარგავ.

 

კადრი: რგავს ხეს.

 

ნატალი

ხეებს რომ უვლის.

მე ნატალი მქვია და ძალიან პრინციპულად ვეთანხმები სოფიოს. თუმცა მიმაჩნია, რომ მხოლოდ ხეების დარგვა არ კმარა, მათ როგორც სხვა ყველა ცოცხალ ორგანიზმს მოვლა და მზრუნველობა სჭირდებათ, რომ გაიზარდონ, გამაგრდნენ. თავდაპირველად ისინი ხომ ისეთი პატარები და სუსტები არიან, ერთი ქარის წამოქროლაც საკმარისია, რომ გადატყდნენ; ერთი მზის დაჭერაც საკმარისია, რომ გახმეს. ბავშვმა ფეხი რომ წამოკრას შეიძლება გადატყდეს კიდეც.

მე ჩემს თავს ბუნების, უფრო კონკრეტულად ხეების დამცველად მივიჩნევ. ჩემს მწვანე სკოლაში სულ ყურადღებით ვარ, რომ ვინმემ არ გადატეხოს ხეები, არ დაუზიანოს ტოტები. თუ შევატყვე რომ მიწა გამოუშრა, მაშინვე ვრწყავ, ვუვლი, მიწას ვუფუებ.

ვიცი, რომ ხეები ადამიანებს სჭირდებათ, რომ იცოცხლონ, ისუნთქონ. თუმცა ხეებსაც ვჭირდებით ადამიანები.

ჩემი აზრით, უზარმაზარი, უუუზარმაზარი სიკეთეა, ხეებს რომ უვლი, რომ რწყავ.

 

 

კადრი: რწყავს ხეს.

 

 

თეკლა

სიყვარული, რომ შეგიძლია

 

მე თეკლა ვარ. ჩემთვის ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები კეთილები იყვნენ, ბოროტება არ არსებობდეს. სიკეთე კი ვფიქრობ, რომ სიყვარულის გარეშე ნამდვილად არ არსებობს. სიყვარულია მთავარი რამ ამ ცხოვრებაში. აი, რომ გიყვარს დედა, მამა, ძამიკო, ბებია, ბაბუა. რომ გიყვარს მეზობლები, ნათესავები, კლასელები, მეგობრები, მასწავლებლები, შენი სკოლელები. გიყვარს ცხოველები, მცენარეები, ყველაფერი რაც კი ცოცხალია, რაც კი სუნთქავს და არსებობს ამ ჩვენს დედამიწაზე, სხვა პლანეტაზეც – უცხო პლანეტელების სიყვარულიც ხომ შეიძლება? რომ გინდა, ყველა ბედნიერი იყოს, ყველას უხაროდეს. არავინ იყოს მოწყენილი. მე სულ ვცდილობ, რომ ადამიანებს სიხარული მივანიჭო, გავაღიმო, გავაცინო. ან ვუმღერო რომ საკუთარი სევდა დაავიწყდეთ: აი ასე: აქ იმღერებს ცოტას.

მე ვარ თეკლა. დიდი სიკეთეა სიყვარული, რომ შეგიძლია. სიკეთე ხომ სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია.

ადამიანებო გიყვარდეთ, უბრალოდ გიყვარდეთ!

 

კადრი: ჩამოივლის დერეფანში და ვინც შეხვდება ყველას პატარა გულებს ურიგებს, ზოგს ეხუტება.

 

პარალელურად ვგეგმავთ ვიზიტს მოხუცებულების თავშესაფარში, ან უპატრონო ცხოველების თავშესაფარში – მიგვაქვს ნივთები, ვეხუტებით და ვეფერებით. ამ ყველაფრის კადრებს ვიღებთ.

 

სადაც მივდივართ, ყველგან, ყველა სიტუაციაში ვტოვებთ ლურჯი ფრინველს (ან ბუშტზე დახატულს, ან ფურცელზე, ან გამოჭრილს.

კადრებს ისევ ბავშვების სიტყვები ცვლის:

 

  1. მიხვდით?
  2. სად ცხოვრობს ლურჯი ფრინველი? ხომ ნახეთ?
  3. მოინახულეთ მისი სამყაროს თექვსმეტი ფრთა.
  4. თექვსმეტი განზომილება.
  5. იყავით კეთილი.
  6. თანაუგრძენთ ერთმანეთს.
  7. ხშირად მოინახულეთ ლურჯი ფრინველი.
  8. სიკეთის და თანაგრძნობის სამყარო.
  9. თანაგრძნობის და სიკეთის სამყარო.
  10. ხომ არ დაგღალეთ? (აქ სიცილი)
  11. მიყვარხარ. მიყვარხარ. მიყვარხარ.
  12. გჯეროდეთ ლურჯი ფრინველის.
  13. ის არსებობს! მართლა არსებობს!
  14. სიკეთის და თანაგრძნობის სამყაროში.
  15. თექვსმეტი ფრთა.
  16. ლურჯი ფრინველის თექვსმეტი განზომილება.

 

ყველა: ეს ჩვენ ვართ! ჩვენ ვართ! ჩვენ ვართ! თან ხელებს იქნევენ ფრთებივით.

 

ბოლოს ყველა ერთად ან თექვსმეტ ლურჯ ფრანს უშვებს, ან ლურჯ ბუშტს.

 

თურმე როგორი ნოსტალგიური და სევდიანია მასწავლებლისთვის, უამრავი წლის შემდეგ პირველ პირველ კლასთან რომ დაბრუნდება და გაახსენდება ის მოელვარე თვალები, რომლებიც მისთვის უამრავი იდეის საბადოა, ახლაც კი. რადგან პირველი, ყოველთვის პირველია.

 

 

რამდენიმე იდეა ინტერაქციული მინილექციების ჩასატარებლად

0

სასწავლო პროცესში  მინილექცია კვლავ ინარჩუნებს აქტუალურობას, როგორც ახალი მასალის მიწოდების ერთ-ერთი ფორმა. გაკვეთილის ამ მონაკვეთში პედაგოგები ხშირად ვაწყდებით მოსწავლეთა ყურადღების დეფიციტსა და კონცენტრაციის სირთულეებს.

  • მომისმინეთ, იქნებ რამე საინტერესოს ვამბობ?!
  • არ გაინტერესებთ, რას ვყვები?

ეს იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ხშირად გაიგონებთ საკლასო ოთახებში. ამ დროს მოსწავლეების ბრალი სულაც არ არის ის, რომ დიდი ხნით ვერ ახერხებენ კონცენტრაციას და სმენის რეჟიმში ყოფნას. ეს პრობლემა ნაკლებად უკავშირდება მოსწავლეთა დისციპლინას და უფრო მეტად განპირობებულია ადამიანის ბუნებრივი ფსიქოლოგიური რეაქციით. კვლევებით დადასტურებულია, რომ ინფორმაციის მიღების დაწყებიდან 2-3 წუთში ინტერესი და ყურადღება კლებას იწყებს.

აქვე შემოდის კიდევ ერთი აქტორი სწავლის ტიპები. საკლასო ოთახში შეიძლება გვყავდეს მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ მოსმენით, შეხებით (ტაქტილური), მოძრაობითა (კინესთეტური) და ვიზუალური ხატებით. პირობითად 20 მოსწავლისგან შემდგარ კლასში შეიძლება მოსმენით სტატისტიკურად მხოლოდ 4-5 მოსწავლე სწავლობდეს.
საუნივერსიტეტო დონეზე პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას. ლექციები ხშირად ერთ აკადემიურ საათს გრძელდება, რაც მოდუნებას, აქტიური მოსმენის პროცესის შენელებასა და საბოლოო ჯამში ინტერესის თანდათანობით დაკარგვას იწვევს.

აღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებით,  მინილექციების მოდიფიკაცია და მათი ადაპტაცია სწავლის სხვადასხვა ტიპის მქონე მოსწავლეებზე პედაგოგების პრიორიტეტი უნდა იყოს.

2024 წელს ესტონეთში ტალინის უნივერსიტეტის ლიდერობისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში, გავეცანით მეთოდებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა/სტუდენტების ჩართულობის გაზრდას და მიწოდებული მასალის გააზრებას. სტატიაში წარმოდგენილია ქართულ რეალობაზე მორგებული ექვსი მეთოდი:

  1. კითხვები კონცენტრაციისთვის

მასწავლებელი/ლექტორი აჩვენებს ხუთ შეკითხვას თეთრ დაფაზე/ეკრანზე/კედელზე – ლექციის დაწყებამდე ან ვიდეოს ჩვენებამდე – რომლებზეც სტუდენტებმა უნდა შეძლონ პასუხის გაცემა ლექციის დასრულების შემდეგ. შესაძლებელია მოსწავლეებმა პასუხები განიხილონ მცირე ჯგუფებში და შემდეგ გაუზიარონ მთლიან აუდიტორიას.

მინილექცია თემაზე „განახლებადი ენერგია“

კითხვები, რომლებიც შეიძლება დაისვას ლექციის დასაწყისში:

  • განახლებადი ენერგიის რომელი წყაროების ათვისება ხდება საქართველოში?
  • რატომ არის კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი არაგანახლებადი ენერგიის წყაროებიდან განახლებადზე გადასვლა?
  • რატომ უწყობს ხელს არაგანახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილებას და განახლებადის – არა?
  • რატომ მიიჩნევა ბიოენერგია განახლებადი ენერგიის წყაროდ და როგორ შეიძლება მისგან ენერგიის მიღება სოფლის პირობებში?
  • რა ფაქტორები უწყობს ხელს საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას?

 

  1. განზრახ შეცდომების დაშვების მეთოდი

მინილექციის დროს მასწავლებელმა განზრახ უნდა დაუშვას რამდენიმე შეცდომა. გაკვეთილის/ლექციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები/სტუდენტები ჯგუფდებიან და ცდილობენ, აღმოაჩინონ დაშვებული შეცდომები და შეავსონ სწორი ინფორმაციით.

  1. აქტიური მოსმენისა და რეკონსტრუქციის მეთოდი

გაკვეთილის ახსნის/ მინილექციის დაწყებამდე მასწავლებელი აფრთხილებს მოსწავლეებს, რომ მომდევნო 3-5 წუთის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს.  მინილექციის დასრულების შემდეგ მოსწავლეები:

  • პირველ ეტაპზე: ინდივიდუალურად აფიქსირებენ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას;
  • მეორე ეტაპზე: წყვილებში მუშაობენ და ავრცელებენ თავიანთ ჩანაწერებს;
  • მესამე ეტაპზე: ორი წყვილი აერთიანებს რესურსებს და ქმნის კომპლექსურ პროდუქტს;
  • დასკვნით ეტაპზე: ერთი ან ორი ჯგუფი წარმოადგენს რეზიუმეს, სხვა ჯგუფები უზრუნველყოფენ უკუკავშირს, ხოლო პედაგოგი ავსებს გამოტოვებულ ინფორმაციას ან ასწორებს კონცეპტუალურ შეცდომებს.
  1. ცარიელი ადგილების მეთოდი

5-10 წუთიანი ლექციის შემდეგ, პედაგოგი წარმოადგენს (ან პროექტებს) ლექციის შეჯამებას, რომელშიც გამოტოვებულია გარკვეული ინფორმაცია, რაც აღნიშნულია ცარიელი ადგილებით. ჯგუფები თანამშრომლობით ავსებენ გამოტოვებულ ინფორმაციას.

  1. მრავალსაფეხურიანი ინტერვიუების მეთოდი

სტუდენტები მუშაობენ წყვილებში, რათა შეაჯამონ მოკლე ლექცია ან წინასწარ წაკითხული ტექსტი:

  • პირველ ფაზაში „A“ სტუდენტი საუბრობს ერთი წუთის განმავლობაში, ხოლო „B” აქტიურად უსმენს;
  • მეორე ფაზაში როლები იცვლება;
  • შემდეგ წყვილები აერთიანებენ ინფორმაციას სხვა წყვილებთან.

ეს პროცესი უზრუნველყოფს ინფორმაციის პროგრესულ დახვეწას და განსხვავებული ინტერპრეტაციების ინტეგრაციას.

  1. ღია და დახურული შეკითხვების დიდაქტიკური მეთოდი

პედაგოგი წარმოადგენს ერთ ღია და ერთ დახურული ტიპის შეკითხვას. მოსწავლეები ანალიზს უკეთებენ თითოეული შეკითხვის სარგებელსა და მიზნობრიობას. შემდეგ, ვიდეოს ან ლექციის პროცესში, სტუდენტებმა დამოუკიდებლად უნდა ჩამოაყალიბონ ხუთი ღია შეკითხვა წარმოდგენილ მასალასთან დაკავშირებით. ეს მეთოდი ავითარებს კითხვების გენერირების უნარს და კრიტიკული დაკვირვების კომპეტენციას.

ზემოთ განხილული მეთოდები ცხადყოფს, რომ  მინილექციის ეფექტურობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ინფორმაციის შინაარსზე, არამედ მისი მიწოდების ფორმაზე. ტრადიციული, პასიური სმენის რეჟიმიდან აქტიურ ჩართულობაზე გადასვლა საშუალებას იძლევა, დაიძლიოს ყურადღების გაფანტვის ბუნებრივი ბარიერი. როდესაც მოსწავლეს წინასწარ აქვს განსაზღვრული კონკრეტული ამოცანა — იქნება ეს შეცდომის პოვნა, კითხვების მომზადება თუ როლური გააზრება — მისი ტვინი ინფორმაციის მოსმენის დროს უფრო კონცენტრირებულია და სიღრმისეულად ამუშავებს მიწოდებულ მასალას.

მსგავსი მიდგომების დანერგვა ხელს უწყობს არა მხოლოდ კონკრეტული მასალის უკეთ ათვისებას, არამედ ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, გუნდური მუშაობისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს, რაც თანამედროვე განათლების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

შურისძიება

0

ჭაკი ცხენი დანდობილად მისდევდა ბიჭს, ხანდახან თუ დააღირებდა კისერს და წასწვდებოდა მზისგან ჩამწვარ ყვითელ ბალახს. ბალახი მწარე იყო, ბოლში მოყოლილივით. მიწას, რომლის ნახეთქებში კაცის მუჭი ჩაეტეოდა, ჯერ ისევ შერჩენოდა ღამის სისველე. ეს მანამდე, სანამ აგვისტოს მზე დააჭერდა და მიწასაც ამოუვიდოდა მისგანვე შეჭმული ადამიანის ჭირი და ბოღმა. ეს ოხშივარი კი ყველაფერს, მთქნარებისა და უიმედობის ბურუსში გახვევდა: კოღოებს, მკვდარ ბალახს, მიტოვებულ სალოცავსაც, რომლის კარს დღეობებზე თუ გააღებდნენ.

„თევზი“ უკანმოუხედავად ქაჩავდა აღვირს, არც უყურებდა ცხენს. ჩქარობდა, მალე მოდღევდებოდა და რაც შეიძლებოდა, შორს უნდა გასცლოდა სოფელს, რომ ტურებს მკვდარი ცხენისგან არაფერი დაეტოვებინათ, ძვლებიც კი გვიან ენახა ხალხს. ბებიამისს ცხელი დღეების გამო სუნი რომ არ დასდებოდა, დამარხვის წინა დღეს გაუკეთეს ბალზამი. ბალზამს მათივე სოფლის სასწრაფო დახმარების ექიმი უკეთებდა. მან, რომელმაც წინა კვირას დაუგდო წნევა ქალს, ახლა ოთხში იღებდა. დაბალი, სასმლისგან შეწითლებული კაცი როცა საქმეს მორჩა, ბიჭს დაუძახა და შავი ცელოფანი მისცა, რომელშიც ბებიამისის შიგნეული იყო. უთხრა, რომ დაემარხა. ბიჭმა ცელოფანი მაყვლითა და დიყით სავსე ხევისკენ წაიღო. ხევი ისეთი პატარა იყო, ზაფხულში კოჭებს თუ დაგისველებდათ. გაზაფხული რომ სიცივეს გატეხდა და წყალს მოათბობდა, უბნის ხნიერი ქალები მატყლს რეცხდნენ ხოლმე შიგ. ბიჭი გაკერპებული სცემდა მიწასა და ფესვებს ბარს, ამოაღრმავა, ძაღლებს რომ არ მოეთხარათ, ჩააგდო ორმოში პარკი და მიწა მიაფარა. დამარხვის დღეს, სანამ ინათებდა, ბიჭი მოხუცის თავლაში შევიდა და მისი ცხენი გამოიყვანა. ის ამ ცხენით ათრევდა ხმელ ხეებს ტყიდან, სანამ ზამთარი მუცლად მოიქცეოდა და თოვლს ჩამოჰყრიდა. არ გასჭირვებია, ცხენს უდიერ პატრონზე მეტად უყვარდა ბიჭი, რადგან მას არასოდეს ეზარებოდა, გრძელ კისერზე მოჰფერებოდა.

მოუსავლიან და მშიერ ზაფხულს იჩხუბეს, კაცი სათიბის საზღვარს სათავისოდ სწევდა ხოლმე. ის ისეთი ბოროტი იყო, აღდგომა დილას რომ გათქმევინებდა მასზე, რით ვერ ჩაძაღლდაო, ბიჭი კი მზისგან გახუხული, თევზივით ნერვიული და ხმელ თივასავით ფიცხი. მართალი იყო და არაფერი დაუთმო მოხუცს, სჯობდა კი დაეთმო და გასცლოდა. მოხუცმა ბიჭს რომ ვერაფერი მოდრიკა, ღობის გადაღმიდან მიაძახა, ბებიაშენს ვხმარობდიო. ბიჭმა შეაფურთხა…

ერთი რამ იცოდა: პაპამისს დალევა უყვარდა, ბებიამისიც ამის გამო მისტიროდა და ეჭიდავებოდა უქომაგოდ წუთისოფელს. ლამაზი ქალი კი იყო, თეთრსახიანი და კოპლებიანი ჩითის კაბაში გამოწყობილი დადიოდა ხოლმე. კაცსაც უშედეგოდ ედგა თვალი ლოთი მეზობლის ცოლზე, ხელსაც წადილის ასასრულებლად ახმარებდა.

მაგრამ უშედეგოდ სდიოდა ნერწყვი და ყლაპავდა. ბიჭმა კი წამოძახება დაიჯერა, ლოგინად ჩავარდნილი ბებიამისის სანახავად არ მიდიოდა. მოხუცი ქალიშვილთან იწვა სახლში და ბიჭის ფოტოსკენ იშვერდა ხელს, საერთოდაც ასეა, თუ გინდა ვინმე დაგეკარგო, მას უნდა დაელოდო. არადა, ლოგინადაც იმის გამო ჩავარდა, რომ საავადმყოფოდან გამოსულმა ბიჭს საწვიმარი მიუტანა მინდორში.

როცა მივიდა, ატირდა და ყველაფერი მოუყვა, ქალის ფეხებთან ჩამომჯდარმა. ლოგინში ჩახვეწილი ბებიამისი კი მავედრებელი თვალებით უხსნიდა ბიჭს, რომ იმ ბოროტი კაცის ნათქვამი გულზე არ უნდა მოეხვედრებინა. მოუყვა ჩლიფინით, თუ როგორ ასმენდნენ, როგორ აგონებდნენ იმ კაცს, სანამ ბოროტი გახდებოდა, რომ ის ბიძამისს ძალიან ჰგავდა. ზოგი ეუბნებოდა, რომ ის სხვენში ბიძამისის გაკეთებული იყო. უხსნიდა, რომ ის კაცი გააბოროტეს, რომ ერთხელაც ადგა და სახლს ცეცხლი მოუკიდა, რათა შიგ ამოეწვა ყველა, ბიძაცა და დედაც, კოჭლი მეველე მამაცა და კოჭლი ბიძაშვილიც. ბებიამისი ეუბნებოდა რომ, ასეთი ადამიანი უნდა შეჰბრალებოდა, გული უნდა დასწვოდა მასზე და არ უნდა გაბრაზებულიყო…

ქალი მაშინ კი ატირდა, როცა პატიება სთხოვა, რომ ლეკვებს ხევში წნორის ხეზე უკიდებდა და უხრჩობდა. მე ამას იმიტომ ვაკეთებდი, შენი ლუკმა რომ არ ეჭამათ და შენ არ გეშიმშილაო…

ქალს, ხელ-ფეხთან ერთად, ენაც ჰქონდა სანახევროდ წართმეული. სიცხეების დადგომისთანავე ჩაქრა…

ბიჭი კი, როცა ჭინჭრის ფესვებს გაკერპებული სცემდა ბარს და გვერდით შიგნეულით სავსე შავი ცელოფანი ეგდო, ძალიან ნანობდა, რომ იმ კაცის წამონაძახი დაიჯერა და ამაზე ბებიამისთან სიტყვა დაასველა. რომ ვერ მიხვდა, ბოროტი კაცის ენა ყველაფრის მთქმელია და უნდა შეძლო, მისი ნათქვამი მღვრიე წყალს გაატანო.

მალე დღესასწაული მოვიდოდა. საყდრის ყრუ-მუნჯი ყარაულის გასამრჯელო სანთლის სამაგიეროდ დატოვებული ხურდა და, თუ გაუმართლებდა, ბატკანი იყო. გულდაგულ ამოკაფა საყდრის კარში ამოზრდილი ასკილი, ჩიტების სკინტლი გადაწმინდა ქვის სასანთლეებიდან და გარეთ ზარს დამპალ თოკს უცვლიდა, როცა ბიჭი დაინახა ცხენთან ერთად. იცნო, ბიჭსაც ისეთივე მოხრილი სიარული სჩვეოდა, როგორც მამამისს.

„თევზს“ საერთოდ არ გაუხედავს საყდრისკენ, საერთოდაც არ ფიქრობდა ღმერთზე, რომელიც ჯვარზე გააკრეს და ცად ამაღლდა, იმათზე ფიქრობდა, მუდამდღე რომ უწევდათ ჯვარზე გაკვრა, მაგრამ ცად ვერ მაღლდებოდნენ.

როცა „თევზი“ კლდის პირას მივიდა, მზეს უკვე ნამი აეკრიფა გადამწვარი მინდვრიდან. კლდის ძირში ლოდები და ასკილი ჩანდა. ცხენს ზურგზე დაგდებული შავი ცელოფანი შემოაცალა და კისერზე ჩამოაცვა, კლდის ქიმთან მიიყვანა და უკნიდან ჯოხი გამეტებით გადაჰკრა…

…………………………………………………………………………………….

წლების შემდეგაც ხედავდა სიზმარს, თითქოს ბებიამისს ბრაზისგან ჩაშავებოდა სახე. ხელში თავისივე შიგნეულით სავსე, შავი ცელოფნის პარკი ეჭირა და ხევში მიდიოდა, მტკიცედ მიაბიჯებდა და თელავდა ჭინჭრებს. და თითქოს ნაოფლი, ჭაკი ცხენის სუნი ჰქონდა მიწას…

ბიჭი არ იყო ბედნიერი.

ევა, იანვარა და იასამანი

0

თონესავით ჩავარდნილ სოფელს ხრიოკ გორაზე მდგარი, დახავსებული საყდარი დასცქეროდა.

იანვრის დილას მღვდელი საყდრიდან სოფლის მფარველი, თეთრცხენოსანი წმინდანის ხატს გამოაბრძანებდა და ხალხს სოფლის შუაგულში ჩამომავალი პატარა მდინარისაკენ ისეთივე გულდაჯერებით გაუძღვებოდა, როგორც მოსე მიუძღოდა ებრაელებს უდაბნოში. ზამთრის სუსხიან დილას, თავდაღმართში, ხორხოშელა თოვლს მიკვალავდნენ მღვდელი და მრევლი. იყო მათ თვალებში რაღაც საზეიმო და ამაღელვებელი. მღვდელი სოფელივით მოხუცი იყო და ღმერთივით ეშლებოდა თმა-წვერი. ახალგაზრდები ხელს აშველებდნენ, თოვლში პირქვე რომ არ ჩამხობილიყო.

მდინარეში, სადაც საქონელს არწყულებდნენ, ნაჯახით ყინულს ამოამტვრევდნენ, ანაფორააკალთავებული მღვდელი მოწიწებით უშვებდა ხატს მდინარეში, თითქოს ცივი წყლის გამო ებოდიშებაო. როცა წმინდანს ფეხები დაუსველდებოდა, წყალი ნაკურთხი იყო უკვე, რაც ყველაზე მთავარია, რიტუალის დროს ყველა უმძრახი უნდა ყოფილიყო. მღვდელი მკაცრად იცავდა წესებს, სჯეროდა, თუ ვინმე ენას დაასველებდა, წყალი არ დაწმინდავდებოდა.

ჯერ კაცები დგებოდნენ გრძელ მწკრივში, ხატს ემთხვეოდნენ, შემდეგ მღვდელი მათ დაწმინდავებულ წყალს აპკურებდა. პკურების შემდეგ კაცები წყალს სახეზე ისხამდნენ, კარგად რომ ჩამოებანათ ცოდვის ჭუჭყი. შემდეგ ქალების რიგიც დადგებოდა. მათ ჭურჭელიც მოჰქონდათ, წყალი რომ წაეღოთ სახლში. მწნილს, ყველის წათხს ამზადებნენ და ქალიშვილებსაც ამ წყლით ბანდნენ თმას. სჯეროდათ, რომ ეს წყალი არა მარტო თმების ბზინვარებას, არამედ ბედნიერებასაც მოუტანდა მათ შვილებს. ჩასჩურჩულებდნენ, რომ დაბანისას ნატვრა ჩაეთქვათ გულში. ამ დროს ყრუ-მუნჯი მნათე ზარს დარეკავდა, იმის მანიშნებლად, რომ წყალი დაწმინდავდა და ხალხსაც ის ცოდვა მიეტევა, რაც დღესასწაულამდე ჰქონდა ჩადენილი. ბოლოს უკვე საქონელსაც უშვებდნენ მდინარესთან, დასარწყულებლად.

მრევლთან ახლოს არ მიდიოდა და შორიახლოს ტრიალებდა ერთი გოგონა, რომელიც ყველაზე კეთილი და ყველაზე ცოდვილი იყო ამ სოფელში.

შემდეგ ისევ მოდიოდნენ _ ამ დღისთვის გამომცხვარი ქადებით, ნაზუქებითა და ხილის არყით ხელში. თოვლიდან საქონლის გაყინულ ნეხვს გადაჰყრიდნენ, მოტკეპნიდნენ და სუფრას შლიდნენ.

თამადა სოფლისთავი იყო _ ბრგე და დოღრიალა, ძალმოსილი და სასტიკი. მისი ეშინოდათ და შურდათ, თუმცა, საუბედუროდ, არავინ იყო იქ ისეთი, სოფლის თავის ადგილას თვითონაც სასტიკი რომ არ ყოფილიყო.

ჩხუბიც ატყდებოდა… რასაც წმინდანი პატიობდა, იმას ერთმანეთს ვერ პატიობდნენ. ახლა ზამთარი იყო _ მუდამდღე ერთი და იმავე საქმით: საქონლის დარწყულებით, თივის ჩაყრითა და ნეხვის ხვეტით ჩლუნგდებოდნენ… ჩხუბი აცოცხლებდათ. დაღლილები და ნაცემები სისხლიან პირისახეს ნაკურთხ მდინარეშივე იბანდნენ.

ვალმოხდილი მღვდელიც უკან, საყდარში ააბრძანებდა ხატს. ის კარგი ღვთისმსახური იყო, სიბერეს მასში ყველა ვნება გამოეშრიტა, მღვდლური წესების მორჩილების გარდა. ხალხსაც სჯეროდა, რომ მღვდლის არდაჯერებით ცხელ ნაკვერჩხლებს დაიყრიდნენ თავზე, თუმცა ავი ბუნება სულ მუდამ სძლევდათ ხოლმე. მღვდელი კი ვერ ხვდებოდა, რომ ადამიანისთვის არაადამიანობაა ადამიანური.

ამასთან ერთად, ყველაფერი ცუდი სწორედ იმ დღეს ხდებოდა ამ სოფელში, ეს მათ ხლეჩდა და ერთმანეთს აშორებდა, ამის გამო ყველა უბედური იყო, თუმცა ამასაც ვერ ხვდებოდნენ.

 

მასწავლებელი

 

ჩემი სკოლა გორაზე იდგა, ბოროტ ქარს ფარღალალა აივანზე ცივი ფიფქები შემოჰქონდა. კლასებში ისევე ციოდა, როგორც მიტოვებულ სახლებში.

თავი მომწონდა _ შორი მხრიდან მოსული, პატივისცემით ვსარგებლობდი. ახლა კი ვხვდები, არაფერია ისეთი საშიში, როგორც ხიბლში ჩავარდნილი მღვდელი და მასწავლებელი.

მივხვდი, ეს ხალხი მარტო იმას იძულებდა, ვინც აგრძნობინებდა, რომ მათზე უკეთესი იყო. ეს საგულდაგულოდ გავითავისე და, რაც არ უნდა დამენახა, ენას არ ვასველებდი მათზე.

ევაცა და ევლიაც ჩემი მოსწავლეები იყვნენ _ ყველაზე სუსტები. ევლიას _ ძალიან გამხდარსა და შავგვრემან ბიჭს, ჩვევად ჰქონდა, ყოველ წუთს თავისი ხელები დაესუნა. მას ევას უყვარდა, ევას კი… ვგრძნობდი, მე ვუყვარდი. გვიან მივხვდი, რომ მე ერთადერთი ვიყავი, ვინც მას თბილად ექცეოდა. არ დაგიმალავთ, მეც მაღელვებდა ოფლის მოტკბო სუნი, მას რომ ასდიოდა. რომ არა ხალხი…

ყოველთვის ვთხოვდი გაკვეთილის მოყოლას, თუმცა, ვიცოდი, ევას არც ამჯერად ეცოდინებოდა. ვთხოვდი და ევას ყავისფერი თვალები უფრო ჩაუმუქდებოდა ხოლმე. მრგვალსახიანს, ლოყასა და ტუჩზე ჰქონდა ხალი.

მე, სკოლის მასწავლებელი იანვარა, მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ იჯდა ხოლმე გარინდებული ევა თეთრი იასამნის ბუჩქის ქვეშ, რომელიც მაინცდამაინც ყველაზე მახინჯ ადგილას, სოფლის ნაგავსაყრელზე ამოსულიყო.

მე მაშინაც ვერაფერს მივხვდი, როცა დავინახე, თუ როგორ ხტებოდა ევა საყდრის გალავნიდან მიწაზე. ავიდოდა _ გადმოხტებოდა, ავიდოდა _ გადმოხტებოდა.

ვკითხე, რატომ იქცეოდა ასე. ის კი ატირდა და მიპასუხა, რომ ორსულადაა და არც კი იცის ვისგან _ სოფლის თავისგან, მენახირისგან თუ დიდი ბიჭებისგან; რომ უნდოდა, რამე მერჩია მისთვის. მე კი ვერაფერი ვუპასუხე… საერთოდაც, არ მინდოდა, ხალხს ერთად მარტონი დავენახეთ და სწრაფადვე გავშორდი.

ევა კი დახავსებული საყდრის მაღალი გალავნიდან მეორე დღესაც ხტებოდა მიწაზე…

 

 

სოფლისთავი

 

სძულდა ის სახლი, სადაც გაიზარდა. დედამისი წავიდა, მთვრალი მამამისი კი აივნიდან გადმოდგებოდა და ფსამდა ხოლმე. ბიჭი თავმოყვარე იყო და რცხვენოდა თავისი მეზობლებისა, კარის გაღებაც არ უნდოდა მამამისისთვის, როცა ის მთვრალი მოდიოდა. ბიჭი სთხოვდა მას, აღარ დაელია. მამა კი ამბობდა, რომ არაფერს აშავებდა ჭიქა ღვინის მეგობრებთან დალევით, ვერ ხვდებოდა, რას აკეთებდა ცუდს.

არც მამას მოსწონდა შვილი, ერჩივნა მასავით მსმელი და მოჩხუბარი ყოფილიყო და არა წიგნის ჭია. საბაბს ეძებდა დაესაჯა, გაქცეული ცოლის ბოღმაც გადმოენთხია მასზე და ერთხელაც, როცა დაინახა, როგორ ეხუტებოდა საჯდომზე მეზობლის ბიჭს, სასტიკად სცემა სახრით. დაალილავა შვილი, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი მუხლებში უვარდებოდა და ეფიცებოდა, რომ ამას არასოდეს აღარ იზამდა. კაცს სირცხვილის შეეშინდა. რას იტყოდა ხალხი, როცა გაიგებდა, მას ასეთი შვილი ჰყავდა?! გამეტებით სცემდა სახრით და ეუბნებოდა, რომ დედამისივით წათრეულიყო.

შვილს სახრეზე მეტად სტკენდა მამის იმედგაცრუება. უნდოდა, ისეთი გამხდარიყო, როგორიც მამამისს სურდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა როგორ. არავინ ჰყავდა, ვინც ეტყოდა, რომ ამქვეყნად თავისთავადობაა კარგი.

ბიჭი წასასვლელად ემზადებოდა, როცა სახლთან მისულს მამამისს კიბესთან ჩაეძინა და გაიყინა. სითბოში შეტანილ გამლღვალ მკვდარს სველ ფეხებზე ეხუტებოდა ბიჭი და ტიროდა. ავი იყო თუ კარგი, სხვა მამა არ ჰყავდა. მას არ მიუტოვებია დედამისისგან განსხვავებით, იმის მიუხედავადაც კი, რომ მამას საერთოდ არ მოსწონდა შვილი, თანაც, როცა ადამიანები კვდებიან, მისი ნასროლი ქვები გვავიწყდება ხოლმე. ახლა დედამისს ამტყუნებდა წასვლის გამო.

ბიჭმა დასაფლავებისას დაიფიცა, რომ ისეთი იქნებოდა, როგორიც მამამისს უნდოდა, რომ ყოფილიყო.

ვერც მამის სიკვდილის შემდეგ წავიდა. მისი ძმა ჭკუიდან შეცდა, როცა, გარეთ გამოსულმა, წინკარში გაყინულ მამას წამოჰკრა ფეხი. შეეშინდა და გაბავშვდა. ახლა მისი საქმიანობა ძაღლების დაპურება და მათთვის ტკიპების გამოცლა იყო. უმცროსმა ძმამ ვერ დატოვა უფროსი. არადა, ვინც წასვლას გადაიფიქრებს, ყოველთვის უბედურდება ხოლმე.

ხშირად წამოარტყამდა გაგიჟებულ ძმას, რადგან კარგად იცოდა ერთი ძველი ხალხური სიბრძნე, რომ გიჟი აუცილებლად უნდა შეაშინო, რომ ეს მისთვისაა კარგი, თუმცა კი ძალიან უყვარდა ძმა, უყურებდა და გულ-მუცელი ეწვოდა მისი საცოდაობით, როცა ის ქალის დანახვისას ხელს შარვლის უბეში ჩაიყოფდა და სახალხოდ ჩუკენობდა ხოლმე; როცა სოფლის ყველა ძაღლს აცლიდა ტკიპებს, როცა, ვინც გაუღიმებდა, ყველა მეგობარი ეგონა და ამის გამო ბოსტანს უბარავდა და ბოსელს უხვეტდა მათ. ვეღარც ესარჩლებოდა, როცა ამასხარავებდნენ. მათ დასანახავად იცინოდა, სახლში კი სცემდა, სცემდა და ტიროდა. ძმას არა, თავის თავს დასტიროდა, რომ ცხოვრებამ ჯერ ლოთი მამა არ აკმარა და გიჟი ძმაც აჰკიდა სათრევად.

არადა, სატირალი ის იყო, მამამისივით ცემით რომ ცდილობდა ძმის შეცვლას და ისეთად გახდომას, როგორიც თვითონ უნდოდა რომ ყოფილიყო.

ვერ ხვდებოდა, რომ ვერასოდეს ვერავის შეცვლი, მით უმეტეს ცემით. მამამისი ღვინის გარეშე ვერ ძლებდა, ძმა კი _ ტკიპების გარეშე და უნდა შეჰგუებოდა ამას.

მისი მშველელი წიგნები იყო და სწავლა. იცოდა, რომ განათლება სუფთად ცხოვრების საშუალებას მისცემდა. სხვა გლეხებივით მიწასა და ნეხვში არ ექნებოდა ხელი ამოვლებული. კითხულობდა და კითხულობდა, სულაც იმიტომ, რომ უკეთესი ადამიანი გამხდარიყო.

ერთხელაც მთელ ქვეყანაში ხმა გავარდა, რომ საპყრობილეებში ადამიანებს აუპატიურებდნენ. მომავალი სოფლისთავი იმდროინდელი ხელისუფლების დაუცხრომელ მოწინააღმდეგედ იქცა. ახალმა მთავრობამაც ამაგი დაუფასა _ ერთგული რევოლუციონერი სოფლისთავად დანიშნა.

წარმოსადეგსა და დათვივით ძლიერს, შვენოდა სახელო და სახელი. ბევრსაც აკეთებდა თავისი სოფლისთვის. როცა მოკვდებოდა და ღმერთი ჰკითხავდა, რატომ აკეთებდი ამდენს შენი სოფლისთვისო, უპასუხებდა _ მძულდა და იმიტომო. სძულდა თავისი ხალხი, მათი შიშით, ის ვერ იყო, ვინც უნდოდა, რომ ყოფილიყო.

ცოლიც მოიყვანა _ ევლიას დედა. მოსწონდა ეს ქალი. ის მორჩილი იყო, რასაც ყველაზე მეტად აფასებდა ქალში. თავიდან ყველაფერი კარგად იყო _ ცოლიც ჰყავდა, ოჯახში ბავშვიც იზრდებოდა, მტკიცედ იცავდა მამისადმი მიცემულ ფიცსაც, თუმცა ერთხელაც ვერ მოითმინა, დედიშობილა მიენდო კაცის ალერსს. კაცი უცხოელი იყო, შორიდან მოსული და ამიტომაც გაბედა.

ცოლმა დაინახა. საღამოს უთხრა, რომ ცოდვას ჩადიოდა და მისნაირები სოფლის მფარველ წმინდანს არ მოსწონდა.

კაცმა პირველად მაშინ სცემა ცოლი და, ტირილამდე მისული, სასოწარკვეთილი განრისხებით დაჰყვიროდა მას, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვა, განსაკუთრებით მღვდლისთვის, თორემ მოკლავდა.

ერთი რამ კარგად ესწავლებინა მისთვის ცხოვრებას, რომ სხვისი საიდუმლო საკუთარზე მძიმე სატარებელია.

ამის შემდეგ ხშირად სცემდა ცოლს, ლუკმას აყვედრიდა, ეუბნებოდა, რომ შვილი გაუზარდა და ამის გამო მას ენა უნდა დაემოკლებინა, რომ სიმსუქნით ისე დაუშნოვდა, არცერთ კაცს არ მიუვიდოდა მასზე გული. არც ცოლი იყო პირნათელი ქმართან, ამ კაცს მხოლოდ იმიტომ გაჰყვა, რომ შვილი გამოეკვება.

 

ევლია

 

„იქნებ ცოტა ნაკლები ჭამო!“ _ ეუბნებოდა ევლია დედას, როცა შეამჩნევდა, თუ როგორ ცოტავდებოდა კედელზე, ლურსმნით ჩამოკიდებულ ცელოფანში პური. მას მამინაცვლის გაბრაზების ეშინოდა. ის ევლიას დედას ეტყოდა, რომ კუჭი არაფრით არ უძღება. ევლიამ იცოდა, რომ დედამისი ამ მდგომარეობაში მის გამო ჩავარდა, კაცს იმიტომ გაჰყვა ცოლად, რომ შვილი მშიერი არ ჰყოლოდა. ამ დროს კი ბიჭს სულ ის ახსენდებოდა, თუ როგორ ამოუსვამდა ხოლმე მამინაცვალი საჯდომზე ხელს. ვერ ამბობდა ვერაფერს, ვერც დედას ვერ იცავდა. გაუბედაობით გაბრაზებული, ბაღში გარბოდა და ბარს გამეტებით ურტყამდა ბელტს, თითქოს ბელტი მამინაცვალი ყოფილიყო და გულს უოხებდა იმის წარმოდგენა, როგორ გადაუხსნიდა ბარი მას სახეს და როგორ გაასხამდა სისხლი. მალ-მალე ხელებზე იფურთხებდა და ისრესდა. მარტო იმიტომ არა, ბარის ტარზე ხელი არ გასცურებოდა, უნდოდა, მკვდრის სუნი მოშორებოდა ხელიდან.

ის და დედამისი, სანამ გათხოვდებოდა, მოხუც ნათესავთან ცხოვრობდნენ. ყველაფერი კარგად იყო იქამდე, სანამ მოხუცს სკლეროზი დაემართებოდა. ის ბოლო ხმაზე ყვიროდა და ოთახიდან ოთახში დარბოდა.

ჯვარს ეცვნენ ორივე _ დედაცა და შვილიც. ევლია მოხუცის სიკვდილს ნატრობდა, რომ დაესვენათ.

ზამთრის ერთ ღამეს ევლიას საწოლში გამოეღვიძა და დაინახა, როგორ ჩაედო დედამისს მოხუცის თავი კალთაში და როგორ უჭერდა ნიკაპზე ხელებს. ალბათ, დაიღალა მოხუცის ყვირილით, თავი ვერ დაიჭირა და დაახრჩო, _ ფიქრმა შეაშინა ევლია. საწოლში მოკუნტულმა მთვარის ანარეკლზე დაინახა, როგორ აკიაფდა დედის ხელებში ოქროს კბილი.

„ამაწევინე!“ _ დაუძახა დედამისმა დაღლილი ხმით, როცა მიხვდა, რომ შვილმა ყველაფერი დაინახა. ბიჭმა მკვდარს დახეთქილ ფეხისგულებზე მოჰკიდა ხელი და უცბად გველნაკბენივით გაუშვა. ღამის სიჩუმეში, ნაქარი ხილივით, მძიმედ დაეცა მკვდარი. ქალს ცივ იატაკზე ფეხშიშველა სიარულისგან დახეთქოდა ქუსლები.

„დონდლო!“ _ შეჰყვირა დედამისმა და გამეტებით სტკიცა. ბიჭს შეეშინდა ისევ არ დამარტყასო და მკვდარს ახლა ჯოხივით წვრილ კანჭებზე წაავლო ხელი. მკვდარი ცივ სარდაფში ჩაიტანეს და ზედ საბნები დააფარეს. ყინვიანი თებერვალი იყო, მიცვალებული არ ასუნდებოდა, ესენიც თვის ბოლოს შეიცხადებდნენ, რომ მოხუცი მოკვდა და მის შემწეობასაც აიღებდნენ.

მაშინ დედამისზე არ გაბრაზებულა, არც იმის გამო, მოხუცს ოქროს კბილი რომ ამოაგლიჯა, არც იმის გამო, მისი ნივთები შავ ცელოფანში რომ ჩაყარა და ხევში მოისროლა. მაშინ კი გაბრაზდა, სოფლისთავი დედამისთან ღამე რომ მოვიდა და გარეთ გამოაგდეს.

ბიჭი მიწას დაჰყურებდა და მეზობლების გულიანი სიცილის ხმა ესმოდა. ეს ის ხალხი იყო, რომელიც ხედავდა, რომ სოფლისთავი ცოლს სცემდა. სოფლისთავის მომდურება არ უნდოდათ. სოფლისთავს შეეძლო, მათთვის მთავრობის შემწეობა დაენიშნა და წლითი წლამდე მაძღარი ექნებოდათ კუჭი.

წინა ღამით, როცა ბოსელში ნაკელის გამოსატანად შევიდა, დაინახა, როგორ ჩახვეოდა მამინაცვალი ევას, როგორ ლოშნიდა და როგორი ზათქითა და ზმუილით ეცემოდა ზემოდან პირქვე მწოლიარეს. მამინაცვალმა დაინახა გერი, მაგრამ არც შემცბარა, როგორც მაშინ შეცბებოდა ხოლმე, როცა ბიჭი დედასთან ჩახვეულს წაასწრებდა. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ უყვარდა ბიჭს ეს თივაში პირქვე მოკრუსუნე გოგო.

პირუჩუმრად წამოვიდა ევლია ხმაურიანი ბოსლიდან, ღუმელთან მჯდარ დედასთან მივიდა და უთხრა:

„აქედან წავიდეთ!“

დედას მსუქანი ხელები აუკანკალდა.

„აქ პური გვაქვს!“ _ იყო პასუხი.

 

ევა

 

ის ბუნებისა და მუნჯი ბიძის ანაბარა იზრდებოდა. მშიერ მუცელს ჩასტიროდა ბიძა-დისწული. დღესასწაულზე თუ გაუმართლებდათ, როცა მომლოცველები სურვილს ჩაუთქვამდნენ შავ მამალს და საყდრის ეზოში ააფრენდნენ ხოლმე. მუნჯი და ევა ერთად დასდევდნენ მამალს დასაჭერად.

ევაზე ძალა პირველად წყალკურთხევას იხმარა ბიძამისმა. როცა უკვე მოზრდილი გეჯაში ჩასვა და წმინდა წყლით აბანავა. მეორე დღეს მოუტკბილდა, თითქოს არაფერი მომხდარა, ანიშნა მწნილი წმინდა წყალში ჩაედო. ევა კი ტირილით კეპავდა კომბოსტოს და მკვდარ დედამისს სწყევლიდა მისი სატანჯველად გაჩენისთვის. ვერავის ეტყოდა. ჯერ ერთი, რცხვენოდა, მეორეც _ ბიძამისს მაინც არავინ გაამტყუნებდა იმ სოფელში.

როცა ევა საყდარზე დაჭერილ მამალს ასუფთავებდა, ბურტყლი ყოველთვის ბიძამისის მკერდზე ამოსულ ბალანს ახსენებდა, როცა ის ზედ იხუტებდა და აიძულებდა, მკერდი დაეკოცნა, ამიტომ ზიზღიან ლუკმას მუჭით იბრუნებდა მუცელში, ბიძამისს რომ არ შეემჩნია. თუ შეამჩნევდა, სცემდა ამ უმადურობის გამო.

ერთხელაც, როცა მუნჯმა დღესასწაულზე ტაძრის სამრეკლოს დამპალი თოკი გამოუცვალა, საყდრის ეზოში ახალგაზრდებმა მიიპატიჟეს საქეიფოდ. გულიანად იცინოდნენ, თუ როგორ ცდილობდა მუნჯი ზმუილით ლაპარაკს. იმ დღეს მთვრალმა მარტომ მოინდომა მამლის დაჭერა და საფლავში ჩავარდნილი დაილეწა.

ევა უვლიდა საწოლში მწოლიარე ბიძას, გულში კი ფიქრობდა, მისთვის წყალი მიეტანა თუ საწამლავი, საჭმელად ჭრელი გველი ხომ არ შეეწვა. გული ერეოდა, როცა ხედავდა, როგორი მავედრებელი თვალებით უყურებდა ის. ევა კი წავიდა იმ ღამით სოფლისთავის ბოსელში. ეს იყო მისი შურისძიება, თანაც სოფლისთავი მას მფარველობას ჰპირდებოდა.

სოფლისთავი ევას ისევე ხმარობდა, როგორადაც იმ სოფელში ვირებს ხმარობდნენ ხოლმე. უკნიდან უხეშად უბიძგებდა და სტკენდა, მარტო იმიტომ, რომ ევას სოფლისთავის დედასავით თვალებზე ეტყობოდა ამბოხისა და გაქცევის სურვილი.

მუნჯი სწორედ იმ ღამით მოკვდა. მის გასაპატიოსნებლად მოსულმა მღვდელმა ევას უთხრა, რომ ყველაფერი ცუდი ჩვენს განსაწმენდელად ხდება, რომ წყალკურთხევას მივიდეს და ცოდვები ჩამოიბანოს.

ევა კი სხვასთანაც მიდიოდა დასაწოლად, თითქოსდა წმინდანის ჯიბრზე ირჩევდა ყველაზე ბინძურებს იმ სოფელში.

სად იყო წმინდანი მაშინ, როცა ევა გაჩნდა? საერთოდაც, სად იყო წმინდანი, როცა ბიძის შერჩენილ თესლს იწმენდდა ბარძაყებიდან?

მღვდელს რომ მოსმენა შესძლებოდა, ხომ შესჩივლებდა ევა, რომ ორსულადაა და არც იცის ვისგან _ სოფლისთავისგან, სოფლის მენახირისგან, რომელიც ყველს ჩუქნიდა ხოლმე, თუ უბრალოდ სკოლის მოსწავლე დიდი ბიჭებისგან, რომლებიც მორიგეობით ხმარობდნენ მას.

რა ბედი ეწოდა მის შვილს? როგორ გაზრდიდა?

თვითონაც ხომ ასე გაჩნდა? დედამისი მწველავი იყო. მენახირე უყვარდა. მინდორში შეცივნული, ევას დედას ბოსელში ხარბად უკოცნიდა ხოლმე თბილ მკერდს და რა წამსაც ევას დედას მუცელი გამოებერა, გაქრა. ევა გაჩნდა და დედამისიც დამთავრდა. იზრდებოდა უშვილძირო მუნჯ ბიძასთან. ხალხიც სულ იმას ასმენდა, რომ ცოდვის ნაყოფი და ნაბიჭვარი იყო.

თვითონაც ხომ სანახევროდ მშიერი იყო, ვინ მიაწოდებდა საჭმელს გოგოს, რომელმაც „ლაჯი აიღო“ და ყველასთან დაწვა. იცოდა, ბავშვს თუ გააჩენდა, უფრო გაუძაღლდებოდა ცხოვრება.

გადაწყვიტა მუცელი მოეშალა.

გაგებული ჰქონდა, რომ სიმაღლიდან გადმოხტომით ბავშვის მოკვლა შეიძლებოდა. საყდრის გალავანზე ავიდა და, როცა უნდა გადმომხტარიყო, ხმა მოესმა.

„ნუ დგახარ მანდ!! ეშმაკი ხელს გკრავს და გადმოვარდები!“ _ ხმა სოფლისგან მოძულებული მკითხავისა იყო, რომელიც ძველ სასაფლაოებზე სამკურნალო ბალახებს აგროვებდა. ის არ უყვარდათ იმ სოფელში, თუმცა სჭირდებოდათ. მშიშარა და ზიზღიანი არ იყო, დამარხვის წინ მკვდრების გაწმენდა შეეძლო სველი ნაჭრით და კიდევ ყბის აკვრა, ღმერთთან სუფთები რომ მისულიყვნენ.

ევას გაუკვირდა, თუ რა უნდოდა საყდარში ეშმაკს, მაგრამ ვერ ჰკითხა. ისევ იმ ქალის ხმა მოესმა.

„ლოდი აწიე! ლოდი!“.

როცა მოხუცი მკითხავი თვალს მიეფარა, ევა უშველებელ ლოდს დაეჯაჯგურა და, ჭინთვით, სუსტ მკერდამდე აითრია. როცა ქვა დაუვარდა, მოლოდინით დააცქერდა თავის უბესა და მუცელს. ბავშვი აღარ მოძრაობდა.

ბავშვი მეთოთხმეტე კვირას, ყინვიან იანვარს გაჩნდა, იმ მდინარის სათავესთან, სადაც წყალს აკურთხებდნენ ხოლმე.

მკვდარ ტიტველ ბეღურას ჰგავდა, ნიგვზისოდენა თავით, კანქვეშ მოლურჯოდ მოუჩანდა პაწაწინა ორგანოები და გამჭვირვალე თხელი თითები სახეზე ჰქონდა აფარებული, დარტყმისგან თავს რომ იცავენ ხოლმე, ისე.

უბეზე სისხლმიყინული თეთრი ევა გულაღმა იწვა თოვლზე. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვიღაცას ნაჯახი ჩაერტყა მისთვის გულ-მუცელში. ძალის მოკრეფას ცდილობდა, რომ ამდგარიყო და შვილი დაემარხა. აქ მისი სოფლელები ნაგავს ყრიდნენ და აქ ობოლი იასამანი იდგა.

„იანვარა… იანვარა…“ _ ჩემს სახელს დასჩურჩულებდა ევა ბავშვს.

ზმუილით გადაბრუნდა პირქვე, მწოლიარემ თეთრი იასამნის ქვეშ გაქვავებული თოვლ-მიწა ფრჩხილებით ამოჩიჩქნა და გაყინული იანვარა ჩაასვენა. როცა საფლავის ბორცვი ხელისგულებით მოტკეპნა და ზედ ლოდი მიაჩოჩა, მაწანწალა ძაღლებს რომ არ ამოეთხარათ, ზარის რეკვა ჩაესმა. ხანგრძლივად რეკავდა, ეს რეკვა ზეიმის მაუწყებელი იყო სოფელში და ხალხს ამცნობდა, რომ წყალი დაწმინდავდა.

ევას კი ზარის რეკვისას სულ სხვა ხმა ესმოდა:

„მკვლელი ხარ, ამ ხალხის სულის ნაჭერი!!!“

„მკვლელი ხარ, ამ ხალხის სულის ნაჭერი!!!“

„მკვლელი ხარ, ამ ხალხის სულის ნაჭერი!!!“

ადგა, არ გაუფშვნეტია ხელები, მოზეიმე ხალხისკენ წავიდა, მდინარეს ჩაუყვა, სისხლის გემო ჰქონდა პირში, აღარაფერი უნდოდა, შურისძიების გარდა.

ევას ევლია არ დაუნახავს, რომელიც ამ ყველაფერს დიდ წნორს ამოფარებული უყურებდა.

 

მე ამ დროს ნისლიან მდინარესთან ვიდექი. მეც ვიპკურე ნაკურთხი წყალი და დავინახე, როგორ ჩადგა ევა, ხატზე სამთხვევად, რიგში, სხვა ქალებთან ერთად. ქალები აიმრიზნენ, კაცებმა შეათვალიერეს.

გამიკვირდა, ის იქ არასოდეს მინახავს, მღვდელს კი გაუაღდგომდა სახე, როცა უძღები შვილი დაინახა. ხატი მოუმზადა, რომ მთხვეოდა, თუმცა საერთოდ არ ჰქონდა ევას მომნანიებლის მორჩილი სახე.

სულ რამდენიმე წამით ჯერ სახეში დააშტერდა წმინდანს, შემდეგ კი ამოიძახა: „შენ მაინც ვერაფერს ხედავ!“ _ და ხატს მიწიანი ფრჩხილები უტყვ თვალებში ჩაარჭო.

 

სამარისებურ სიჩუმეში ჭახანის ხმა გაისმა. სოფლისთავი პირქვე ჩამხობილიყო წმინდა მდინარეში. იქვე ეგდო სისხლიანი ქვა და იქვე, ნისლში იდგა ევლიაც.

 

სამოგზაურო კითხვარი

0

ჩვენი მოსწავლეები ხშირად დადიან საზღვარგარეთ სამოგზაუროდ, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მისაღებად, გასტროლებზე თუ ა.შ.. ამ პროცესს ხელი განსაკუთრებით შეუწყო შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილების თავისუფლებამ.

ბევრჯერ შევსწრებივარ სურათს, როცა მოგზაურობიდან დაბრუნებული ბავშვები თანატოლების კითხვებს მონდომებით პასუხობენ და უზიარებენ შთაბეჭდილებებს. დამეთანხმებით, ხშირად მასწავლებლებიც ვუთმობთ დროს მოსწავლეებს მოგზაურობის განცდების გასაზიარებლად, რაც ბუნებრივი პროცესია.

მოგზაურობის შთაბეჭდილებები ერთგვარ საგანმანათლებლო რესურსად არაერთხელ ვაქციე (სტატიების ბმულები). ამჯერად ჩვენი მოსწავლეებისთვის შევქმენი სამოგზაურო კითხვარი, რომლის დახმარებითაც გაუადვილდებათ, აღმოაჩინონ ის ქვეყანა, სადაც მიდიან სამოგზაუროდ, თავი მოუყარონ ინფორმაციას და დაფიქრდნენ განსხვავება-მსგავსებებზე. უკან დაბრუნების შემდეგ კი მარტივად გაუზიარონ შთაბეჭდილებები თანაკლასელებს ან სხვა დაინტერესებულ პირებს.

  • სამოგზაურო კითხვარი რამდენიმე ნაწილად დავყავი. მაგალითად:

ნაწილი I – კითხვები გამგზავრებამდე

  1. რას ველოდები ყველაზე მეტად ამ მოგზაურობისგან?
  2. რა ვიცი ამ ქვეყნის შესახებ?

 

  • ნაწილი II – ფაქტები და პირველი შთაბეჭდილებები

ქვეყნის/ქალაქის იდენტობა:

    • როგორია შენი მასპინძელი ქვეყნის/ქალაქის 3 ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა ან სიმბოლო?
    • დაასახელე 3 განსხვავებული კერძი, რომელიც დააგემოვნე და რომლის შესახებაც საქართველოში არ გსმენია.

ყოველდღიური ცხოვრება და ტრანსპორტი:

  • რომელია ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე პოპულარული საშუალება? აღწერე, რით განსხვავდება ის ქართული სატრანსპორტო სისტემისგან (თუ რამე განსხვავებას აღმოაჩენ).

 

  • ნაწილი III – გავიცნოთ ახლოს…

გარემო და ეკოლოგია

    • როგორ ზრუნავენ ადგილობრივი მოსახლეობა და მთავრობა გარემოზე (მაგალითად, ნაგვის დახარისხება, პარკები, ველოსიპედის ბილიკები)?
    • რას გააკეთებდი საქართველოში ანალოგიური სიტუაციის შესაქმნელად?

რამ დამაფიქრა მოგზაურობის დროს?

    • აღწერე ერთი მომენტი ან სიტუაცია, რომელმაც დაგაფიქრა ცხოვრების, კულტურის ან შენი მომავლის შესახებ.
    • როგორ შეცვალა ამ გამოცდილებამ ჩემი წარმოდგენა ამ ქვეყნის შესახებ?

რატომ ურჩევდი ამ ქვეყანაში თანაკლასელს/თანატოლს მოგზაურობას?

    • შეაჯამე შენი გამოცდილება და დაასახელე 3 მთავარი მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროს შენი თანატოლი ამ ქვეყანას/ქალაქს.

 

  • ნაწილი III – შემოქმედებითი აქტივობა დაბრუნების შემდეგ
  • კითხვარზე დაყრდნობით მოამზადე მოკლე პრეზენტაცია (5-7 წუთი) და აჩვენე 3 მსგავსება და 3 განსხვავება მასპინძელ ქვეყანასა და საქართველოს შორის;
  • შექმენი მოკლე ვიდეო ან ფოტო-ამბავი/კოლაჟი, სადაც აღწერ ერთი ჩვეულებრივი დღის ქრონოლოგიას მასპინძელ ქვეყანაში, აქცენტი გააკეთე იმ დეტალებზე, რომლებიც ქართული ყოველდღიურობისგან განსხვავდება.

კითხვარის სრული ვერსიის ჩამოტვირთვა

 2025 წლის ოქტომბრის თვეში ორ მოსწავლესთან გერმანიაში Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გავემგზავრეთ. ამავდროულად ერთი მოსწავლე მშობლებთან ერთად იტალიასა და შვეიცარიაში იმყოფებოდა სამოგზაუროდ, ერთი ბალტიის ქვეყნებში… კითხვარის შევსება სწორედ მათ ვთხოვე.

მე-9 კლასელი საბა საპონჯიანი ასე აღწერს იტალიის სატრანსპორტო სისტემას.

მე-11 კლასელი ფამილ ჰუსეინოვი თანატოლებს ურჩევს გერმანიაში მოგზაურობას, რადგან:

ნუივარ ზეინალოვა ასევე XI კლასში სწავლობს. ის გერმანიაში ყოფნის დროს სულ აკვირდებოდა გარემოს, ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებას, სატრანსპორტო სისტემას და ა.შ. გერმანელების პუნქტუალობა შენიშნა.

  • ფოტო კოლაჟი ნუივარ ზეინალოვასა და ფამილ ჰუსეინოვის მიერ გერმანული თავგადასავლის შესახებ შექმნილი პრეზენტაციიდან

სამოგზაურო კითხვარი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, სისტემატურად შეისწავლონ სხვა ქვეყნები, გააანალიზონ კულტურული მსგავსება-განსხვავებები და კრიტიკულად იფიქრონ ნაცნობი და უცხო რეალობის შესახებ.

შემოქმედებითი დავალება – რატომ რთავენ საშობაოდ ნაძვის ხეს?

0

ყველას, დიდსა თუ პატარას, გვიყვარს ნაძვის ხის მორთვა, მაგრამ ალბათ ძალიან ცოტამ იცის, რატომ ვრთავთ საახალწლოდ ნაძვის ხეს და არა რომელიმე სხვას.

გთავაზობთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის შექმნილ შემოქმედებით დავალებას.

გრძელვადიანი სამიზნე ცნება ტექსტი (ჟანრები)

შუალედური სასწავლო მიზანი – შერჩეული ეპიზოდის წერილობით გადმოცემა და დასათაურება (სურვილისამებრ, ნახატით გაფორმება).

დავალების პირობა – შეარჩიე ლეგენდის რატომ რთავენ საშობაოდ ნაძვის ხეს? ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა, წერილობით გადმოეცი და დაასათაურე. სურვილისამებრ, გააფორმე ნახატით.

 

 ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე:

  • რატომ მოგწონს ეს ეპიზოდი, რით არის შენთვის საინტერესო?
  • რატომ დაასათაურე ამგვარად?
  • რომელი სიტყვა/სიტყვები მოგწონს ამ ეპიზოდში? რატომ?

 

 აქტივობები ტესტის წაკითხვამდე:

გაიხსენეთ, რომელ დღესასწაულს აღვნიშნავთ ზამთარში?

ა) შობას ბ) აღდგომას

რას ნიშნავს შობა?

ა) იესო ქრისტეს დაბადებას ბ) სანტა კლაუსის სტუმრობას გ) საჩუქრების ჩუქებას

 

სიტყვების განმარტება:

ლეგენდა ზეპირი გზით შემონახული მონათხრობი, რომლის სიუჟეტი ზღაპრულ, ფანტასტიკურ ამბავზეა აგებული.

ჩვილი ახალშობილი

მღვიმე – გამოქვაბული

ბაგა პირუტყვის სადგომში საკვების (ჩალის, თივის) ჩასაყრელი ადგილი, წნულით ან ფიცრებით შეკრული

კენწერო – ხის ყველაზე მაღალი ნაწილი, წვერი

გაჩირაღდნებული განათებული

ნაღვლიანი მოწყენილი

ნუგეში იმედის მიცემა

 

სიტყვები სწორი ფორმით ჩასვით წინადადებებში: მოვრთო, მორთვა

მე მიყვარს ნაძვის ხის ____________________

ჩემი ნაძვის ხე ლამაზად უნდა __________________

გაიხსენეთ ჰორიზონტის მხარეები:

  • გაიხსენეთ, ლეგენდებში ნამდვილი ამბავია გადმოცემული თუ მოგონილი?
  • ხომ არ წაგიკითხავთ საშობაო ლეგენდა ან ხომ არ გინახავთ ფილმი?
  • დააკვირდით ილუსტრაციასა და სათაურს, თქვენი აზრით, რის შესახებ იქნება ლეგენდა?

რა მოხდება?

 

რატომ რთავენ საშობაოდ ნაძვის ხეს?

(ლეგენდა)

ალბათ ყველას გიყვართ საშობაო ნაძვის ხე და გიხარიათ მისი მორთვა-მოკაზმვა, მაგრამ ის თუ იცით, რატომ ვრთავთ ყოველთვის მაინცდამაინც ნაძვს და არა რომელიმე სხვა ხეს? არა?

ყური დამიგდეთ, რა გიამბოთ…

როცა პატარა იესო დაიბადა და ღვთისმშობელმა ჩვილი ბაგაში თივაზე მიაწვინა, ზეციდან ანგელოზები ჩამოვიდნენ მის სანახავად. დაინახეს უბრალო და ღარიბული მღვიმე და ერთმანეთს უჩურჩულეს: იესოს მღვიმეში, უბრალო ბაგაში სძინავს! ეს შეუძლებელია! უნდა მოირთოს აქაურობა რაც შეიძლება ლამაზად, მდიდრულად: აქ ხომ თვით ღმერთს სძინავს!..

და აი, ერთი ანგელოზი გაფრინდა სამხრეთისკენ, რომ ეპოვა რამე მღვიმის მოსართავად. სამხრეთში ხომ მუდამ თბილა და ყვავილები განუწყვეტლივ ყვავიან.

ანგელოზმა დაკრიფა სისხლივით წითელი ვარდები, თოვლივით თეთრი ზამბახები, მაგნოლიები, მოწყვიტა რამდენიმე მსხვილი, ყვითელი ლოტოსიც და მღვიმეში მიიტანა.

მეორე ანგელოზი კი ჩრდილოეთისკენ გაფრინდა. იქ იმ დროს ზამთარი იდგა. მინდვრები და ტყეები თოვლს დაეფარა და ერთი ყვავილიც არ ყვაოდა. დაღონებული ანგელოზი უკან დაბრუნებას აპირებდა, როცა უცბად თვალი მოჰკრა ერთ მწვანე ხეს, რომელიც თოვლიდან ნაღვლიანად გამოიყურებოდა.

ანგელოზი შეჩერდა და გაიფიქრა: მერე რა მოხდა, რომ ეს უბრალო ხეა, დაე, ამანაც, ამ ერთადერთმა ჩრდილოეთის მცენარემ, ნახოს პატარა ღმერთიო და თან წამოიღო თავმდაბალი, მწვანით მოსილი ნაძვი.

რა ლამაზად, რა საოცრად იცვალა ფერი მღვიმემ, როცა ყვავილებით მოირთო!

პატარა ნაძვის ხე პირველად ხედავდა ამისთანა მშვენიერ ყვავილებს და ნაღვლიანად ამბობდა: – ოჰ, რად ვარ ასე სადა და ულამაზო? რა ბედნიერი უნდა იყვნენ ეს ყვავილები! მე კი ვერ გავალამაზებ აქაურობას ამ დიდებულ სადღესასწაულო დღეს… – და მწარედ, მწარედ ატირდა.

როცა ღვთისმშობელმა დაინახა, შეეცოდა და გაიფიქრა: დღეს ყველა კმაყოფილი და ბედნიერი უნდა იყოს; ცოდვაა, ეს პატარა ხე ნაღვლობდეს!.. და ალერსიანად გაუღიმა, ხელი გააქნია… და მოხდა სასწაული: ზეციდან ნელა დაეშვა ბრწყინვალე ვარსკვლავი და ნაძვის კენწეროზე დაბრძანდა. მას თანდათან სხვა ვარსკვლავებიც მოჰყვნენ.

გაშუქდა და კიდევ უფრო გამხიარულდა მღვიმე!

ამ სინათლისგან გამოეღვიძა პატარა იესოს და გაჩირაღდნებულ ნაძვის ხეს მხიარული სიცილით გაუწოდა ხელები. ყვავილები კი გაკვირვებულნი შესცქეროდნენ ერთმანეთს და ამბობდნენ:

– რა მშვენიერი და ლამაზი გახდა ნაძვი, ჩვენც კი გვჯობიაო.

ბედნიერი ნაძვის ხე მადლიერი შეჰყურებდა ღვთისმშობელ მარიამს, რომლის მზრუნველ და მოსიყვარულე თვალს უბრალო ხეც კი არ გამოჰპარვია. ის ხომ არავის ტოვებს უნუგეშოდ…

ის დღეა და ის დღე, ყოველ წელს, შობის ღამეს, სანთლებითა და სათამაშოებით მდიდრულად მორთული ნაძვი ინთება და ბრჭყვიალებს პატარების გასახარად, ნიშნად იმ პირველი შობის ხისა, რომელიც ნამდვილი ვარსკვლავებით იყო მორთული ( ჟურნალი „კარიბჭე’’).

 

უპასუხეთ კითხვებს:

  • რა გადაწყვიტეს ანგელოზებმა?
  • საით გაფრინდა ერთი ანგელოზი? რა მოიტანა მღვიმის მოსართავად?
  • საით გაფრინდა მეორე ანგელოზი?რა მოიტანა მან?
  • რატომ იყო ნაძვის ხე ნაღვლიანი, რას ამბობდა ის?
  • რა გააკეთა ღვთისმშობელმა მარიამმა?
  • სად დაბრძანდა ბრწყინვალე ვარსკვლავი?
  • რას აკეთებს ხალხი ყოველ წელს, შობას?

 

დააკვირდით სურათებს და დაასახელეთ ყვავილების სახელები:

 

  • თქვენი აზრით, რას ნიშნავს სისხლივით წითელი?
  • გაიხსენეთ, რა არის კიდევ სისხლივით წითელი?
  • რას ნიშნავს თოვლივით თეთრი?
  • გაიხსენეთ, რა არის კიდევ თოვლივით თეთრი?

 

გაიხსენეთ ტექსტი და დაუკავშირეთ ერთმანეთს:

 

სისხლივით წითელი მაგნოლიები

თოვლივით თეთრი ლოტოსი

ულამაზესი ზამბახები

ყვითელი ვარდები

 

იპოვეთ სწორი პასუხები:

 

  • როგორი იყო მღვიმე, სადაც იესო დაიბადა?

ა) უბრალო ბ) ლამაზად მორთული

  • როგორი გახდა მღვიმე ლეგენდის ბოლოს?

ა) დიდი ბ) განათებული და მხიარული

  • როგორი იყო ნაძვის ხე, როცა ანგელოზმა მღვიმეში მოიტანეს?

ა) მხიარული ბ) ნაღვლიანი

  • როგორი გახდა ლეგენდის ბოლოს?

ა) გაბრაზებული ბ) ბედნიერი

 

იპოვეთ წინადადება, რომელიც ტექსტში არ არის:

 

ა) ერთმა ანგელოზმა ულამაზესი ყვავილები დაკრიფა და მღვიმეში მოიტანა.

ბ) მეორე ანგელოზმა ყვავილები ვერ იპოვა და ჩრდილოეთის უბრალო მცენარე წამოიღო, რომ მასაც ენახა პატარა იესო.

გ) მესამე ანგელოზმა საყვირს ჩაჰბერა და საშობაო მელოდია დაუკრა.

 

გაიხსენეთ ტექსტი და გააგრძელეთ ეპიზოდები:

 

  1. იესო ქრისტე უბრალო მღვიმეში დაიბადა…
  2. ანგელოზებმა გადაწყვიტეს, რომ მღვიმე მოერთოთ…ერთი ანგელოზი გაფრინდა სამხრეთისაკენ… მეორე ანგელოზი კი ჩრდილოეთისკენ…
  3. პატარა ნაძვის ხე პირველად ხედავდა ამისთანა მშვენიერ ყვავილებს და ფიქრობდა, რომ ულამაზო იყო, მაგრამ ღვთისმშობელმა მარიამმა…
  4. განათდა და გამხიარულდა მღვიმე, ყვავილები გაკვირვებულები უყურებდნენ ერთმანეთს…
  5. ბედნიერი ნაძვის ხე მადლიერი შეჰყურებდა ღვთისმშობელ მარიამს, რომელმაც…

 

დავალების შესრულება შერჩეული ეპიზოდის წერილობით გადმოცემა და დასათაურება (სურვილისამებრ, ნახატით გაფორმება).

 

გამოყენებული რესურსი:

 

https://karibche.ge/skhvadaskhva/tsaukithkheth-patarebs/5108-ratom-rthaven-sashobaod-nadzvis-khes.html

რატომ რთავენ საშობაოდ ნაძვის ხეს? ლეგენდა (ჟურნალი ,,კარიბჭე’’)

საშობაო ტრადიციები და რიტუალები

0

შობის ღამეს მთელ სამყაროში დიადი სასწაულები მოხდა. იესო ქრისტე იშვა ღამით, როცა ბეთლემში და მის შემოგარენში ყველა ღრმა ძილს იყო მიცემული. შობასთან დაკავშირებულია მრავალი ტრადიცია და სიმბოლური რიტუალი.

რატომ ელოდა ხალხი ცაზე ვარსკვლავის გამოჩენას?

იმ პერიოდისთვის ხალხს სჯეროდა, რომ დიდი ადამიანის დაბადებისას ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. მრავალმა წარმართმა იცოდა მომავალი მესიის, იუდეველთა დიადი მეფის შესახებ. სპარსელი მოგვები ელოდნენ, როცა დაპირებული მეფე დაიბადებოდა, ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდებოდა.

ღმერთმა, გულმოწყალებით, წარმართებში რომ რწმენა გაეღვიძებინა, ეს ამბავი მათთვის უფრო გასაგები ფორმით, ცაზე უჩვეულო ვარსკვლავის გამოჩენით აუწყა, რომელიც ბეთლემში გაჩერდა და შობის წმინდა ადგილი მიანიშნა.

 

რატომ დაარქვეს ყვავილს „შობის ვარსკვლავი’’?

 

„შობის ვარსკვლავი” – ასე უწოდეს ადამიანებმა მშვენიერ მცენარეს, რომელიც ზამთარში ყვავილობს და ყველას ხიბლავს. შობის ვარსკვლავს მეორე სახელიც აქვს – პუანსეტია. ის მართლაც ძალიან ლამაზი მცენარეა. მექსიკისა და ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ველურად იზრდება. მისი ყვავილობა შობა-ახალი წლის დღეებს ემთხვევა. ფოთლები ვარსკვლავის ფორმისაა და ზემოდან თუ დავხედავთ, პუანსეტია ვარსკვლავივით კაშკაშებს. ბევრს ჰგონია, რომ ეს მისი ყვავილებია, მაგრამ არა – ეს ფოთლებია, რომლებიც დეკემბერში იწყებს გაწითლებას.

რადგან წითელი ფერი დღესასწაულთან ასოცირდება, პუანსეტია შობა-ახალი წლის დღეებში განსაკუთრებულ განწყობას ქმნის, ამიტომ დაარქვეს მას „შობის ვარსკვლავი”.

 

რატომ ვაცხობთ საშობაო ორცხობილას?

იცოდით, რომ საშობაო ნამცხვარი პირველად თურმე მწყემსებმა გააკეთეს?

ერთხელ, ზამთრის ცივ ღამეს, მწყემსები პურს აცხობდნენ. მათ გაიგეს, რომ იმ ღამით იესო ქრისტე დაიბადა. ეს ამბავი ძალიან გაუხარდათ. მწყემსები მაშინვე იესოს სანახავად წავიდნენ და გამოსაცხობად ჩადებული პური დაავიწყდათ.

როცა უკან ბრუნდებოდნენ, პური გაახსენდათ. იფიქრეს, რომ დამწვარი დახვდებოდათ. როცა კარავთან მივიდნენ, გაოცდნენ: კარვიდან სასიამოვნო სუნი მოდიოდა. პური ძალიან შებრაწულიყო, მაგრამ გემრიელი სუნი ჰქონდა. გასინჯეს და მოეწონათ.

პური დიდი იყო. მწყემსებმა ის პატარა ნაწილებად დაჰყვეს, რომ ხალხისთვის მიეცათ.

იმ ღამით იესო ქრისტე დაიბადა, ამიტომ პურს საშობაო პური დაარქვეს.

ამის შემდეგ ხალხი ყოველ წელს აცხობს საშობაო ნამცხვარს, რომელსაც სხვადასხვანაირი ფორმა აქვს: ზოგი ვარსკვლავს ჰგავს, ზოგი – ნაძვის ხეს, ზოგს გულის ფორმა აქვს. ბავშვების საყვარელი საშობაო ორცხობილა ჯანჯაფილით მზადდება.

ყველა ფიქრობს, რომ საშობაო ნამცხვარი განსაკუთრებით გემრიელია.

 

რატომ ვანთებთ შობის ღამეს ფანჯარაში სანთელს?

 ფანჯრებში სანთლების დანთების ძველი ტრადიცია 2000 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განახლდა. ამ გზით საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები ოჯახებსა და სულებში მაცხოვრის დაბადებას და შემოსვლას გამოხატავენ. შობის ღამით სარკმელში სანთლის დანთებით სიმბოლურად მივანიშნებთ, რომ ჩვენი გული და სახლი მზად არის, მიიღოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ვთხოვთ, შინ გვეწვიოს და ჩვენს სახლში იშვას უფალი.

რატომ აცხობენ შობას გურულ ღვეზელს?

 

გურული ღვეზელი ტრადიციული, სარიტუალო გულსართიანი პურია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, შობის დღესასწაულს უკავშირდება. როგორც ეთნოლოგები ამბობენ, გურული ღვეზელის ცხობის ისტორია წინაქრისტიანულ ხანაში იწყება.

საშობაო ღვეზელი უსათუოდ ნახევარმთვარის ფორმის უნდა ყოფილიყო. გადმოცემის თანახმად, ეს – ციური სხეულების, ხოლო კვერცხი ნაყოფიერების, ხვავისა და ბარაქის სიმბოლოა.

საშობაო ღვეზელი ოჯახის თითოეული წევრისთვის პერსონალურად ცხვებოდა, ყველაზე დიდი ფორმის კი ოჯახის უფროსისთვის იყო განკუთვნილი. ბავშვებისათვის პატარა ზომისას ამზადებდნენ. ასევე ცხვებოდა ერთი განსხვავებული, მოზრდილი ფორმის ღვეზელი, რომელშიც ყველაზე ბევრი კვერცხი იდო. ის, ტრადიციულად, სუფრის შუაგულში იდებოდა, მასზე სანთელს ანთებდნენ და სწამდათ, რომ ეს ოჯახის ბარაქისა და კეთილდღეობისათვის კეთდებოდა. ქალი, რომელიც ცომს ზელდა, თან ლოცვას ამბობდა და ბოლოს გამოსაცხობად დალაგებულ ღვეზელებზე ცომით პატარა ჯვრებს ასვამდა.

გურიაში ღვეზელები სხვა დროსაც ცხვებოდა, მაგრამ მთავარი ტრადიცია მაინც შობის დღესასწაულს უკავშირდებოდა.

 

რას ნიშნავს „ალილოს“ ტრადიცია?

საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს.

საუკუნეების განმავლობაში მამაკაცებისგან შემდგარი გუნდი ჩამოივლიდა უბნებს და სიმღერით ულოცავდა შობის დღესასწაულს მოსახლეობას. მახარობლებს ოჯახის დიასახლისი ჩურჩხელით, ხილითა და სხვადასხვა პროდუქტით ასაჩუქრებდა. ალი­ლო მთელ საქართველოში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ყვე­ლა კუ­თხე­ში თა­ვი­სე­ბუ­რად ას­რუ­ლებ­დნენ.

სიმ­ღე­რას სა­ფუძ­ვლად უდევს წარ­მარ­თუ­ლი ჰან­გი და „ალი­ლო“, რო­გორც ჩანს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ერ­ქვა (ალი­ლუ­იას­გან)… „ოცდახუთსა ამ თვესაო, ქრისტე იშვა ბეთლემსაო“.

ყო­ვე­ლი შო­ბის ღა­მეს, ვარ­სკვლა­ვის გა­მო­ჩე­ნი­სა და ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მწყემ­სე­ბად გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ალი­ლოს გა­ლო­ბით, თი­თო­ე­უ­ლი თა­ნა­სოფ­ლე­ლის კარმი­და­მოს მო­ივ­ლიდ­ნენ და ღვთის სა­დი­დე­ბელს, „ალი­ლოს“ უგალობდნენ.

იე­სოს შო­ბის მაც­ნე­ებს უხ­ვად აჯილ­დო­ებ­დნენ და ამ დღეს მო­წყა­ლე­ბაც უხ­ვად გა­ი­ცე­მო­და.

დღეს ალილოს დღესასწაული ყოველწლიურად შობის ღამისთევის შემდეგ აღინიშნება. სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილეებს უამრავი ადამიანი სწირავს შესაწირს, რომელსაც დღის ბოლოს მოხუცებულთა და ბავშვთა თავშესაფრებში ანაწილებენ.

განსაკუთრებული სიხარულით ალილოს მსვლელობაში ბავშვები ერთვებიან.

 

 

გამოყენებული ვებგვერდები:

 

https://www.orthodoxy.ge/dgesastsaulebi/shoba.htm

https://kvirispalitra.ge/article/127476-shobis-varskvlavis-saidumlo/

http://reading.ge/ka/books-by-level/146-sashobao-namtskhvari

https://georgia.travel/ka

https://www.ambebi.ge/article/120096-ra-aris-alilo-da-rogor-agnishnavdnen-mas-kartvelebi/

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...