თანამედროვე სამყაროში, სადაც როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები ყოველდღიურად იყენებენ გაჯეტებს, ელექტრონულ მოწყობილობებს, ინტერნეტს, სოციალურ ქსელებს, აპლიკაციებს, ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებს და ონლაინ თამაშების პლატფორმებს, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მონაცემების დაცვა და კიბერუსაფრთხოების ძირითადი პრინციპების დაცვა. ინფორმირებულობა და წესების დაცვა მნიშვნელოვანია კიბერთაღლითებისა და ონლაინკრიმინალებისგან, პირადი მონაცემების გაჟონვის და გავრცელების საფრთხეებისგან მომდინარე საფრთხეების შესამცირებლად.
ინტენეტი და ციფრული სასწავლო პროგრამები უდიდეს შესაძლებლობას ქმნის განვითარებისა და კომუნიკაციისთვის მხოლოდ მაშინ, როცა მას უსაფრთხოდ ვიყენებთ. მასწავლებლების და მშობლების როლი ბავშვების განვითარებაში არა მხოლოდ მათთვის ცოდნის გადაცემა, არამედ ციფრული პასუხისმგებლობის პირადი მაგალითების ჩვენებაა. ეს არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ მომავალი თაობა იყოს ინფორმირებული, დაცული და პასუხისმგებლიანი როგორც ფიზიკურ, ისე ციფრულ სივრცეში. გახსოვდეთ ისიც, რომ ბავშვები რომლებიც ინტერნეტის მასიური გავრცელების ხანაში ელექტრონული მოწყობილობებით ჭარბად გაჯერებულ სივრცეებში იზრდებიან, არც თუ იშვიათად ზრდასრულებზე სწრაფად ითვისებენ ელექტრონულ პლატფორმებს და მათთან შედარებით შეიძლება მშობლები და მასწავლებლები მეტად დაბნეულები ან არაინფორმირებულები ჩანდნენ, მაგრამ ეს არ გვიხსნის მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობას.
კონკრეტული წესებამდე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რას ვგულიხმობთ კიბერსაფრთხეებსა და მონაცემების დაცვაში.
მონაცემი არის ყველა ყველა ტიპის პირადი ინფორმაცია, რაც შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული – იქნება ეს დაბადების თარიღი, ბანკის მონაცემები, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შესახებ ჩანაწერები, ოჯახის წევრებზე ინფორმაცია თუ თქვენი ინტერნეტსერფინგის ამსახველი დეტალური ჩანაწერები. ყველა ის ინფორმაცია, რასაც თქვენს შესახებ გასცემთ სხვადასხვა პლატფორმებზე, ინახება და სხვადასხვა მიზნით გამოიყენება – მათი ნაწილი საფრთხის მატარებელი არ არის და შეიძლება იყოს თქვენს ინტერესებზე მორგებული სარეკლამო შემოთავაზებებისთვის, თქვენს საცხოვრებელ ადგილთან შესაბამისი სერვისების მოწოდებისთვის გამოყენებული. ნაწილი კი, თუკი თაღლითების ხელში აღმოჩნდა, შესაძლოა თქვენთვის საფრთხის შემცველი გახდეს – ამიტომ მნიშვნელოვანია არ დარეგისტრირდეთ საეჭვო მონაცემებზე, მკაცრად დაიცვათ პაროლების უსაფრთხოება, არ გადასცეთ თქვენი პაროლები სხვა პირებს და გამოიყენოთ ორმაგი ავტორიზაციის სისტემები მეტი დაცულობისთვის.
რაც შეეხება კიბერსაფრთხეებს, ესაა ციფრულ სამყაროში არსებული რისკები, რომელთა ჩამონათვალი უკვე თითქმის ისეთივე ვრცელია, როგორც რეალურ ცხოვრებაში არსებული კრიმინალი. ყველაზე გავრცელებული კიბერსაფრთხეებია:
- ფიშინგი, ანუ ყალბი ბმულების, შეტყობინებების, წერილების საშუალებით პაროლების, ანგარიშების ან სხვა პირადი ინფორმაციის მოპარვა, რაც შემდგომში თაღლითობისთვის ან სხვა დანაშაულებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული.
- მავნე პროგრამები, რომლებიც ხილულად ან უხილავად შემოდის თქვენს მოწყობილობებში და შეიცავს თქვენს ფაილებზე წვდომის რისკს ან სულაც თქვენი მოწყობილობების დავირუსების და დაბლოკვის საფრთხეებს.
- პირადი მონაცემების გაჟონვა – თქვენი ფოტოების, საკონტაქტო ინფორმაციის არალეგალურად გავრცელება მოწყვლადს ხდით პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროების, ბულინგის და თაღლითების თავდასხმების მიმართ.
- კიბერბულინგი, შანტაჟი და ციფრული შევიწროება – ეს არის ბულინგისა და სექსუალური დანაშაულების გადატანა ონლაინ სივრცეში, სადაც მოძალადეს შეუძლია სხვა იდენტობით, ყალბი ანგარიშით და ანონიმურად მოგაყენოთ ზიანი, გამოგძალოთ სექსუალური ხასიათის ფოტო და ვიდეოჩანაწერები, დაგაშანტაჟოთ მათი გამოყენებით, თქვენი გრაფიკული გამოსახულებით შექმნას ყალბი კონტენტი თქვენი დისკრედიტაციისთვის, გამოგძალოთ ფული თქვენს შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის გაუვრცელებლობის პირობით ან გაიძულოთ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იმის შიშით, რომ თქვენზე პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს გაავრცელებს, გაიძულოთ მისი მოთხოვნების შესრულება.
- ყალბი აპლიკაციები და ვებსაიტები – ეს არის არსებული პლატფორმების ანალოგიით შექმნილი პლატფორმები ცრუ ინფორმაციების გასავრცელებლად, მონაცემების შესაგროვებლად ან ფულის გამოსაძალად.
კიბერსაფრთხეებისგან თავის დასაცავად ეს მარტივი წესები დაგეხმარებათ:
- არასოდეს გაუზიაროთ პაროლო სხვას – შენი პაროლი მხოლოდ შენ გეკუთვნის. ძლიერი პაროლი ძლიერ დაცვას ნიშნავს.
- არ გახსნათ უცნობი ბმულები და უცხოებისგან გამოგზავნილი ფაილები – ესაა თავდაცვა ფიშინგისგან.
- კარგად დაფიქრდით ყველა იმ პირადი მონაცემების გაზიარებისგან ინტერნეტში, რაც შეიძლება საჯაროდ გამოჩნდეს – მობილურის ნომერი, პირადი მონაცემები, სახლის მისამართი, სამუშაო ადგილი სჯობს დახურული იყოს და მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას გასცეთ სანდო პლატფორმებზე.
- კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს საჯაროდ გააზიარებთ – ყველაფერი, რასაც ინტერნეტში ერთხელ დაპოსტავთ, იქნება ეს ტექსტურად დაწერილი საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე, პირადი ფოტოები თუ სხვა ინფორმაცია, სამუდამოდ ტოვებს ციფრულ კვალს წაშლით თუ არა მას გაკრვეული დროის შემდეგ.
ინფორმაციის გავრცელებისას ყოველთვის იფიქრე იმაზე, არის თუ არა ეს ის, რისი გაზიარებაც ნამდვილად გინდა უსაზღვრო ონლაინ სამყაროსთვის. არაერთ ადამიანს კვლავ აქვს განცდა რომ მისი პირადი პროფაილი მართლაც მისი პირადი სივრცეა – მათ ავიწყდებათ რომ ეს უსაზღვრო საერთო სივრცეში მათთვის მონიშნული ადგილია, სადაც მისგან დამოუკიდებლად დადგენილი წესები მოქმედებს და არც ყველა რისკის დაზღვევაა მის ხელთ.
- არ გააბათ მეგობრობა უცნობებთან ინტერნეტში – არ უთხრათ უცხოებს სად ცხოვრობთ, სად სწავლობთ, არ გაუგზავნოთ ფოტოები და არ მოუყვეთ პირადი ამბები. მათი ნაწილი შეიძლება ბავშვებს თანატოლად ეცნობოდეს და ზრდასრული კიბერკრიმინალი იყოს. საეჭვო პირების გამოჩენისას პირად კომუნიკაციებში მოზარდს უნდა ჰქონდეს ზრდასრულების მხარდაჭერისა და დახმარების იმედი ამ ამბების გაზიარებისას – ბავშვებს კიბერკრიმინალებისგან დაცვაში უფროსების ყურადღება და ჩართულობა სჭირდებათ. ისინი არ უნდა განსაჯოთ მათ სიახლოვეს გამოჩენილი საეჭვო უცნობების გამო, ერთადერთი რაც მათ ამ დროს სჭირდებათ, დაცვაა.
- ყურადღებით იყავით აპლიკაციებთან რომელსაც იყენებ – მათი ნაწილი შეიძლება ითხოვდეს წვდომას შენს ფოტოებზე, გადაადგილების მარშრუტებზე თუ სხვა მონაცემებზე. თუკი ასეთ წვდომას აძლევთ აპლიკაციას, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ის მათ თქვენი ინტერესების საზიანოდ არ გამოიყენებს და ასევე ამ ინფორმაციის გაზიარება ღირს იმ სიკეთეებისთვის, რასაც აპლიკაციის გამოყენება მოგიტანთ.
- გამოიჩინეთ სიფრთხილე თქვენს მოწყობილობებთან და ანგარიშებთან დაკავშირებით – არ დატოვოთ ტელეფონი ან სხვა პირადი გაჯეტი ისეთ სივრცეში უყურადღებოდ, სადაც მასზე წვდომა შეიძლება ჰქონდეთ სხვა პირებს, არ დატოვოთ თქვენი ანგარიშები გახსნილი საერთო მოხმარების კომპიუტერებში – სკოლებსა და ოფისებში. სასურველია ფრთხილად იყოთ ღია უფასო ქსელის გამოყენებისასაც – ამ ქსელების გავლით თქვენს მონაცემებზე წვდომის რისკი იზრდება.
- ფრთხილად კიბერბულინგთან – არ გახდეთ მოძალადე ციფრულ სამყაროში და ყოველთვის ფრთხილად იყავით სხვებზე ძალადობის შემთხვევებში – ერთმანეთის დაცვა, ინფორმირება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. იმის მიუხედავად რომ ციფრული სამყარო იძლევა ანონიმურად მოქმედების შესაძლებლობას, საბოლოოდ ყველანაირი ანონიმური დანაშაულის უკან მდგარი ადამიანის პოვნა შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ ციფრული კვალის დატოვების გარეშე ინტერნეტში რაიმეს გაკეთება შეუძლებელია – შესაბამისად, სჯობს როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე ონლაიანაც წესიერი მოქალაქე იყოთ.
- დაიცავით ასაკობრივი შეზღუდვა და გამოიყენეთ მშობლების ფილტრები – არ მისცეთ ბავშვებს 13 წლამდე სოციალურ ქსელებში პირადი ანგარიშების გახსნის უფლება, დაუყენეთ ასაკის შესაბამისად კონტენტის შემზღუდავი ფილტრები და ყურადღებით იყავით იმ სივრცეების მიმართ, სადაც განსაკუთრებით ბევრ დროს ატარებს ბავშვი – იქნება ეს ონლაინ თამაშები, სოციალური ქსელების პლატფორმები თუ კონკრეტული ვებ-საიტები.