ტექსტი 1
როგორ მოვიდა ბიმბო
ერთხელ გიოს ეზოში შავზე შავი, ფუმფულა ლეკვი მოვიდა. ჭუჭყიანი, შეშინებული ლეკვი მაშინვე ვერ შენიშნეს ბავშვებმა.
იცით, როგორი ლეკვი იყო? შავი, ფუმფულა, ჩაბუთხუზებული, ლურჯთვალა. როცა გიო მიუახლოვდა, ლეკვმა დამალვა და გაქცევა სცადა. სწორედ მაშინ დაინახა ბიჭმა მისი ნატკენი ფეხი:
-ეი, ცუგო – დაუძახა ბიჭმა, ხელი გაუწოდა. ძაღლმა დაყნოსა და ალოკა, მერე კი მოფერების უფლებაც მისცა.
ამასობაში ბავშვებიც შემოეხვივნენ,ზოგმა საჭმელი ჩამოუტანა, ზოგმა-ფუმფულა დასაგები, დაბანეს, გაალამაზეს, ყელზე ოქროსფერი ზანზალაკი შეაბეს და ბიმბო დაარქვეს.
ასე გახდა ლეკვი მათი ეზოს ბინადარი.
ერთი ციდა ლეკვი იყო, მაგრამ იმდენი რამე სჭირდებოდა- სახლი, ვეტერინართან წაყვანა, მკურნალობა.
ბავშვებმა ფულის მოსაგროვებლად ეზოს კონცერტის გამართვა გადაწყვიტეს.
კითხვები პირველი ტექსტისთვის:
- როგორი იყო ლეკვი?
- ვინ დაინახა ლეკვი პირველად?
- რას ნიშნავს „ერთი ციდა“?
- როგორ მოიქცნენ ბავშვები?
- რა გადაწყვიტეს მათ?
- ხომ არ იცი, რისი ექიმია ვეტერინარი?
- შენ გყავს შინაური ცხოველი?
- წაგიყვანია შინაური ცხოველი ექიმთან?
- რა მიზეზით გყავდა შენი შინაური ცხოველი ექიმთან?
ტექსტი2
საქველმოქმედო კონცერტი
აი, კონცერტის სამზადისიც დაიწყო.
პროგრამაში შედიოდა ცეკვები, სიმღერები და რამდენიმე ლექსიც.
ერთი რეპეტიცია საკმარისი აღმოჩნდა, ყველამ ძალიან კარგად დაისწავლა თავისი როლი. შენ არ იცი, როგორი ნიჭიერი ბავშვები ცხოვრობდნენ იმ ეზოში, თუმცა, ყველა ეზოში ძალიან ნიჭიერი ბავშვები ცხოვრობენ, შენთანაც ხომ?
კონცერტის აფიშა ანიკამ დახატა:
აი, ასეთი აფიშა ჰქონდათ:
მშობლებო
მეზობლებო
და გამვლელებო
შაბათს, საღამოს ჩვენს საქველმოქმედო კონცერტზე გეპატიჟებით,
ვიცეკვებთ, ვიმღერებთ და გაგამხიარულებთ.
ბილეთის ფასი-ერთი ლარი
კონცერტი საქველმოქმედოა
გელოდებით
ჩვენი ეზოს ბავშვები!
ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. არც უწვიმია, არც ქარი ამოქროლებულა. მშვიდი და თბილი ამინდი იყო. კონცერტზე ბევრი ხალხი მოვიდა, უფროსები სიხარულით უკრავდნენ ტაშს მომღერალ ბავშვებს.
ბოლოს სცენაზე გიო და ბიმბო გამოვიდნენ. გიოს უნდოდა ეჩვენებინა, როგორ ასწავლა ბიმბოს ჯოხის მოტანა, მაგრამ ბიმბომ ყველაფერი ჩაშალა, ზედმეტად გამხიარულდა და სცენაზე სირბილს და ყეფას მოჰყვა.
საღამოს შეგროვებული ფული დათვალეს. თანხა ბიმბოს ვეტერინარისთვისა და წამლებისთვის ეყოფოდა.
სახლის აშენება კი თავად გადაწყვიტეს.
კითხვები მეორე ტექსტისთვის
- როგორი იყო კონცერტის სამზადისი?
- აფიშაზე რა დაწერეს?
- როგორ ჩაიარა კონცერტმა?
- რა შედეგი ჰქონდა კონცერტს?
ტექსტი 3
ბიმბო ჩვენი ძაღლია!
ბიმბო მათი ეზოს ძაღლი გახდა. მისი მოვლა კი არც ისე მარტივი აღმოჩნდა. იმდენი რამე იყო საჭირო!
ჯერ ვეტერინართან წაიყვანეს და აცრეს. აცრა ბიმბოს ძაღლებისთვის საშიში დაავადებისგან დაიცავდა.
შემდეგ ძაღლების სალონში დაბანეს და გაალამაზეს.
შემდეგ საკვებისა და წყლისათვის ჭურჭელი შეურჩიეს.
შემდეგ ბიმბოს გასეირნების ცხრილი შეადგინეს.
ბიმბოსთვის ბუდრუგანას ასაშენებლად ფიცრები, ლურსმნები და ჩაქუჩი მოიმარაგეს, უფროსებიც დაიხმარეს და კოხტა სახლიც აუშენეს.
სახლს ლამაზი, წითელი სახურავიც კი ჰქონდა, ხოლო იატაკზე ფუმფულა საბანი ეფინა.
როდესაც სამზადისი დაასრულეს, დაბანილი და ნაჭამი ბიმბო თავის პაწია სახლში ყეფა-ყეფით შევარდა.
როგორც ჩანს, ძალიან მოეწონა თავისი სახლი, რადგან საბანში გაეხვია და ტკბილად დაიძინა.
კითხვები მესამე ტექსტისთვის:
- როგორ დაიწყეს ბავშვებმა ბიმბოს მოვლა?
- როგორი იყო ბიმბოს სახლი?
- როგორი მოვლა სჭირდება ძაღლს?
- ჩამოთვალე, რა არის საჭირო ძაღლის ჯანმრთელობისთვის;
- როგორ მიხვდი, რომ ბიმბოს თავისი ძაღლი მოეწონა?
ნახე, როგორ კარგად დასრულდა ბიმბოს ამბავი? შენც შეგიძლია უსახლკარო ცხოველებს დაეხმარო. გაუნაწილე მათ საკვები, არაფერი ატკინო!
მოდი, ერთად წავიკითხო ამბავილეკვსა და კნუტზე, რომლებიც სკოლაში ცხოვრობდნენ.
ტექსტი 4
მეგობრები
კლავდია დევდარიანი
რა გატირებს? -პატარა შავმა ფისომ კიბის ქვეშ შეიჭყიტა.
კიბის ქვეშ მიყუჟულმა თეთრმა ლეკვმა ცალი თვალი გამოახილა და უფრო ხმამაღლა აწუწკუნდა.
-რა გატირებს?
-მარტო ვარ, მეშინია
-ტირილი რას გიშველის, მეც მარტო ვარ, მაგრამ არ ვტირი
-აბა რას აკეთებ?
-დავდივარ, საჭმელს ვშოულობ, დედა არა მყავს და რა ვქნა
-მეც მაგიტომ ვტირი.
-მერე ტირილი გშველის?
-ჩემი ტირილი ერთმა კეთილმა გოგომ გაიგონა და საჭმელი მოაქვს-ხოლმე ჩემთვის.
-მოდი, დავმეგობრდეთ და აღარ იტირო. ცოტა მიიწიე, მეც დავეტევი.
შემცივნული ცხოველები ერთმანეთს ჩაეხუტნენ. ლეკვი ძილშიც წკმუტუნებდა, მაგრამ ფისოს ფუმფულა ბეწვით ჩამთბარს მალე ფერადი სიზმრები ეწვია. ფისოც ჩათბა და აკრუტუნდა.
დილით გოგონა მოვიდა, ლეკვს საჭმელი მოუტანა. ლეკვმა ფისოს გაუნაწილა.
მას შემდეგ ერთად ცხოვრობენ სკოლის კიბის ქვეშ თეთრი ლეკვი და შავი ფისო. ბავშვებმა სახლიც დაუდგეს და მორიგეობით აჭმევენ-ხოლმე.
ისინიც ყველა ლუკმას ერთმანეთს უზიარებენ, ერთად თამაშობენ და ერთმანეთს უფრთხილდებიან
კითხვები მეოთხე ტექსტისთვის:
- რატომ „აწუწკუნდა“ თეთრი ლეკვი?
- სიცივეში რა გამოსავალი ნახეს ცხოველებმა?
- ვის მოჰქონდა საჭმელი თეთრი ლეკვისთვის?
- როგორ დასრულდა ეს ამბავი?
- შენც ხომ არ გახსენდება მსგავსი ამბავი?
- შენი აზრით, რა საერთო აქვს ამ ოთხ ტექსტს?