ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო, ჩვენო მკითხველებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას! საინტერესო, სიხარულით სავსე ნაყოფიერი წელი გვქონდეს! არასდროს გაგვინელდეს სწავლა-სწავლების სურვილი.
„ბევრი თუ ცოტა?“ პატარა ნაბიჯები დიდი მათემატიკისკენ
ყველა ჩვენგანი ბავშვობიდანვე ვსწავლობთ სამყაროს შეცნობას უმარტივესი შედარებებით: ეს დიდია, ეს პატარა, აქ ბევრია, აქ ცოტა. სწორედ ამ უბრალო ცნებებიდან იწყება ჩვენი მათემატიკური აზროვნების განვითარება.
„ბევრი“ და „ცოტა“ – ეს არა მხოლოდ რაოდენობების შედარების საფუძველია, არამედ უფრო რთული მათემატიკური კონცეფციების გააზრების საწყისი წერტილიც. ამ სტატიაში განვიხილავ, როგორაა შესაძლებელი ამ ცნებების საფუძველზე ავაშენოთ მოსწავლეების მათემატიკური ცნობიერება და გავხადოთ სწავლის პროცესი მხიარული და საინტერესო. წარმოგიდგენთ პრაქტიკულ გაკვეთილს, რომელიც დაეხმარება პირველკლასელებს ამ მნიშვნელოვანი ცნებების უკეთ გააზრებაში.
თემატური ბლოკი: რიცხვები და მოქმედებები
თემა: რიცხვები
საკითხი: რაოდენობის შედარება (თვლის გარეშე), ბევრი/ცოტა
სამიზნე ცნება
- მათემატიკური მოდელი: უმარტივესი გრაფიკული მოდელები (მაგალითად, წერტილების გამოყენებით) შეიძლება გამოყენებულ იქნას რაოდენობების ვიზუალურად შესადარებლად.
- კანონზომიერება: ბავშვები ამჩნევენ, რომ ერთი ჯგუფი შეიძლება იყოს „უფრო დიდი“ ვიდრე მეორე, და ეს კანონზომიერება უნივერსალურია სხვადასხვა სახის ობიექტებისთვის.
- ლოგიკა: ბავშვები სწავლობენ ლოგიკური დასკვნების გამოტანას: თუ ერთ ჯგუფში მეტი ობიექტია, მაშინ მეორეში ნაკლებია.
სტანდარტთან შესაბამისობა:
მათ.დაწ.(I).1 მათემატიკური ცნებების, ტერმინების და აღნიშვნების კორექტულად გამოყენება ყოფითი ან მათემატიკური პრობლემის გასააზრებლად და წარმოსადგენად;
მათ.დაწ.(I).2 რიცხვებს შორის, სიდიდეებს შორის, საგნებსა და საგნების ატრიბუტებს შორის კანონზომიერების ამოცნობა, აღწერა და გაგრძელება მათემატიკური, საბუნებისმეტყველო ან ყოფითი მოვლენების გასააზრებლად.
მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, ვიზუალურად ერთმანეთს შეადარონ რაოდენობები, გამოიყენონ ტერმინები „ბევრი“, „ცოტა“, „მეტი“, „ნაკლები“ სხვადასხვა კონტექსტში და გააკეთონ დასკვნები.
რესურსები:
- სხვადასხვა სათამაშოები (მანქანები, კუბიკები, ბურთები)
- სურათები, სადაც გამოსახულია სხვადასხვა რაოდენობით ობიექტები
- სენსორული მასალები, როგორებიცაა კუბიკები, ბურთულები, ლობიო და ა.შ
გაკვეთილის მსვლელობა:
- ახალი მასალის ათვისება:
აქცენტს ვაკეთებ ვიზუალურ აღქმაზე და შედარებაზე. ბავშვებს ვაძლევ საშუალებას, თავად გააკეთონ დასკვნები და გამოხატონ თავიანთი აზრები.
-
- სათამაშოებით მანიპულირება:
- მაგიდაზე ვაწყობ ორ გროვად სხვადასხვა სათამაშოს, ისე, რომ ერთში სათამაშოები იყოს მკვეთრად მეტი (მაგ 12) ხოლო მეორეში ცოტა (მგ 7) ისე, რომ ბავშვები დათვლის გარეშე მიხვდნენ ამას.
- ბავშვებს ვთხოვ, განსაზღვრონ, რომელ გროვაში არის მეტი სათამაშო.
- სათამაშოებით მანიპულირება:
![]() |
- სურათებით მუშაობა:
-
-
- ვაჩვენებ სურათებს, სადაც გამოსახულია სხვადასხვა რაოდენობის გროვა.
- ბავშვებს ვთხოვ, შეადარონ და დაასახელონ, რომელშია მეტი ობიექტი.
-
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
- თამაში
- ინდივიდუალური დავალებები:
ბავშვებს ვაძლევ დავალებებს, სადაც მათ უნდა შეავსონ ცარიელი ჩარჩოები კუბიკებით, ბურთულებით ან ლობიოს მარცვლებით (სენსორული მასალებით), ისე, რომ ერთ ჩარჩოში „დაალაგონ“ ბევრი ობიექტი, ხოლო მეორეში – ცოტა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
- დასკვნითი ნაწილი:
შეჯამება: გავიმეორეთ გაკვეთილის მთავარი იდეები სხვადასხვა ფორმით: შეკითხვებით, თამაშებით, სურათებით.
რეფლექსია: ვთხოვე ბავშვებს, გაეზიარებინათ თავიანთი შთაბეჭდილებები გაკვეთილის შესახებ. რა შეიტყვეს ახალი? რა მოეწონათ ყველაზე მეტად?
დავალება სახლისთვის: ბავშვებს მივეცი მარტივი დავალება, რომელსაც შეასრულებდნენ სახლში მშობლებთან ერთად. მაგალითად, შეედარებინათ სათამაშოების, ხილის ან სხვა ნივთების რაოდენობა.
ცნებები „ბევრი“, „ცოტა“ – მათემატიკის სწავლების საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. მისი საფუძვლიანი გააზრება ეხმარება ბავშვებს, განივითარონ რაოდენობების შედარების, ლოგიკური აზროვნებისა და დასკვნების გამოტანის უნარები.
- ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo;
- დაწყებითი საფეხურის დეტალური განაწილება მასწავლებლებისთვის, ინდიკატორებით https://math.ge/kurikulumi/;
- მათემატიკის გზამკვლევი პირველი კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/pirveli-klasi/.
სატურნის სული
გადატვირთული წლის შემდეგ, როგორც იქნა ბარგი შევკარი და არდადეგებზე გავემგზავრე. გეზი თურქეთისკენ მქონდა. აქ ორი მიზანი იყო განსახორციელებელი.
პირველი, ქალაქ ესქიშეჰირში ჩემი მეგობარი ოჯახის შვილის ქორწილზე დასწრება და ამ ულამაზესი და უთბილესი ქალაქის კიდევ ერთხელ მონახულება.
მეორე, ზღვაზე წასვლა და ბევრი იოდის ჩასუნთქვა.
ზღვის მიმართ ნეიტრალურად ვარ განწყობილი. არ ვირუჯები და არ ვცურავ. დიდი დიდი ნაპირზე წყალში ვიტყაპუნო. ესეც მალევე მბეზრდება და კიდევ რა ვაკეთო არ ვიცი. ამიტომ, ქალაქის ათვისებას ვიწყებ ხოლმე. თუმცა, ამაზე სხვა დროს მოვყვები, ახლა მთავარს დავუბრუნდეთ.
თბილისიდან მანქანით ღამის სამ საათზე გამოვედით. ეს ისეთი კომფორტული ყოფილა. სრულიად ცარიელ ტრასაზე მარტო მისრიალებ, არც საცობი და არც „მართვის უცოდინარი“ მძღოლები. აი, ისეთები, თავადაც, რომ არ უწყიან რას ჩადიან გზებზე.
გვარიანი გზა გავიარეთ და ღამე ჩორუმში დავრჩით. ჩორუმი ეძახე შენ და რამხელა და როგორი უნივერსიტეტი აქვთ, იცით? არა, შიგნით არ ვყოფილვარ, მაგრამ რაც გარედან ვნახე, წარმომიდგენია შიგნით რა ინფრასტრუქტურა ექნებათ.
ერთი უნდა ვთქვა, თურქეთის ყველაზე პატარა ქალაქსაც კი თავისი უნივერსიტეტი აქვს. ახალგზრდებიც სულ უფრო მეტად ილტვიან ცოდნისკენ, მაგრამ უმრავლესობა შემდეგ სპეციალობით ვერ საქმდება.
აი, მაგალითად ემრე, ვის ქორწილშიც ვიყავი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, მაგრამ მაკდონალდში მენეჯერად მუშაობს. ეძება საქმე სპეციალობით და რომ ვერ იპოვა, რაც ხელთ მოხვდა, იმას აკეთებს.
ერთი პირობა, ესქიშეჰირის გულში განლაგებულ მუზეუმებშიც უმუშავია, მაგრამ იქ ხელფასი მცირე ყოფილა.
სხვათა შორის, ქალაქს მართლაც საინტერესო მუზეუმები აქვს და აქ ჩამოსული (თან, თუ პირველად ხარ) აუცილებლად უნდა ესტუმრო. ერთი დარბაზი არქეოლოგებისაა.
ყველაზე ძველი არქეოლოგიური აღმოჩენა ტყვიისგან დამზადებული მძივებია. ბევრ მუზეუმში და აქაც მოიძებნება ტყვიისგან დამზადებული ფიგურები, რასაც ძველი ეგვიპტელები ამზადებდნენ. ჩვ. ერამდე მეორე საუკუნეში კი რომაელებმა მისგან საკანალიზაციო სისტემა შრქმნეს. თავად ტყვიას კი წელიწადში 82 000 ტონას მოიპოვებდნენ. ლათინურად მეტალს პლუმბუმი უწოდეს, ხოლო წყალგაყვანილობას იმავე ენაზე პლუმნარუსი ერქვა.
ტყვია ბუნებაში ბევრ მინერალს წარმოქმნის. მაგ. ტყვიის კარბონატი (ცერუსიტი). ტყვიის სულფატი (ანგლეზიტი), სულფიდი (ინგლერიტი). ამ უკანასკნელის დაწვის შედეგად მიიღება ტყვიის ოქსიდი, რომლიდანაც ტყვიის აღდგენაა საჭირო.
2PbS+3O2=2PbO+2SO2
აღდგენისთვის კარგია ნახშირი, თუმცა წყალბადის გატარებაც შეიძლება.
PbO+H2=Pb+H2O
ტყვიის ლღობის ტემპერატურა 327 ცელსიუს გრადუსია, ოდნავ მეტია კალას ლღობის ტემპერატურაზე. თუმცა, ჯარისკაცის ჩამოსხმა მისგანაც შეიძლება (https://mastsavlebeli.ge/?p=32776). უნდა გვახსოვდეს, რომ ტყვია ტოქსიკურია და ორგანიზმს წამლავს. იწვევს გონებასუსტობას, დაუძლურებას, უნაყოფობას. ასე რომ, მისგან სათამაშოების კეთებას ჯობს შევეშვათ.
თუმცა, თანამედროვე სათამაშოების უმრავლესობა ტყვიას შეიცავს. განსაკუთრებით ეს ფერად, იაფფასიან სათამაშოებს შეეხება. საშიშია ასაწყობი ინსტრუქტორები, თოჯინები და მანქანები, რომელთა შემადგენლობაშიც პოლივინილქლორიდია. შეხედავ და პლასტმასაა, მაგრამ ეს უკვე ნიშნავს, რომ იქვე სხვადასხვა სახის ფტალატიც, ალდეჰიდიც არის და მათთან დაკავშირებული მძიმე მეტალი, ანუ ტყვია. ბავშვი ბავშვია, გემოს გაუსინჯავს, ჩაიხუტებს (კანთან მჭიდრო კონტაქტი ექნება) და შესაბამისად მათ სისხლში ტყვიის კონცენტრაცია მოიმატებს, კანზე კი ალერგიული რეაქციები.
ნებისმიერი სხვადასხვა კაშკაშა საღებავით (განსაკუთრებით, ყვითელი, სტაფილოსფერი) მიხატულ-მოხატული ჭურჭელი, მათ შორის, ძველი წლების ანტიკვარიატიც, შესაძლოა საღებავში ტყვიას და კადმიუმს შეიცავდეს. ამიტომ, უბრალოდ უნდა შევძლოთ ასეთ ჭურჭელთან სწორი მოქცევა. გამოვიყენოთ ხილის, ტკბილეულის, თხილეულის დასალაგებლად და სუფრის გასალამაზებლად, რადგან ასეთი ჭურჭლიდან მძიმე მეტალები შესაძლოა ორგანიზმში გადმოვიდნენ, თუ:
– მათზე ცხელ საჭმელს მივირთმევთ და ან სუფრაზე დავდებთ სტუმრებისთვის გადასაღებად. მაღალი ტემპერატურა მეტალთა იონების საკვებში მიგრაციის პროვოცირებას იწვევს.
ასევე არ ივარგებს მჟავა pH-ის მქონე საკვების შემოლაგება, მაგ. დაჭრილი, კანგაცლილი ციტრუსები, პომიდვრის სალათა ან საწებელი, კომბოსტოს მწნილი ან სხვა მწნილეულობა, ძმრიანი სალათის საკმაზი და ა.შ.
ტყვია ორგანიზმიდან იოლად გამოდის. მის გამოსადევნად იყენებენ მედიკამენტებს, რომელთა შემადგენლობაშიც ჰელატები შედიან. ჰელატები შიდაკომპლექსური ან ციკლო კომპლექსური ნაერთებია. წარმოიქმნებიან პოლიდენტატურ ლიგანდებთან ლითონის იონების ურთიერთქმედებით. ჰელატები შეიცავენ ცენტრალურ იონს და მის გარშემო კოორდინირებულ ლიგანდებს. ჰელატური ნაერთი მედიცინაში ბიოდანამატად პირველად 1960 წელს გამოიყენეს. დღეს ჰელატო-თერაპია მძიმე მეტალთა გამოსადევნად გამოიყენება ორგანიზმიდან. ჰელატები მეტალის იონებს ქიმიურად და ბიოქიმიურად ინერტულ ფორმაში გადაჰყავთ, რომელიც იოლად ტოვებს ორგანიზმს.
დღეს ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნის მეთოდიკა ცნობილია. რომის იმპერიაში კი არ იცოდნენ და ტოტალურად მოწამლულები იყვნენ. ამას მოწმობს გათხრების შედეგად ნაპოვნი ნეშთების ანალიზიც. აქ უფრო ღვინო იყო დამნაშავე, ვიდრე კანალიზაცია (ზემოთ დავწერე, ტყვიის მილებს იყენებდნენ საკანალიზაციო სისტემებში თქო), რადგან მილების შიდა ნაწილი კარბონატის ფენით იყო დაფარული და ტყვია ვეღარ გადავიდოდა წყალში. ღვინოს კი ტყვიის კასრებში აყენებდნენ, რათა დამახასიათებელი მოტკბო გემო ჰქონოდა. ამ გემოს ე.წ. ტყვიის შაქარი, ანუ ტყვიის აცეტატი აძლევდა.
ტყვიის აცეტატიდან ალქიმიკოსებმა პირველებმა მიიღეს ერთ-ერთი ყველაზე საჭირო გამხსნელი- აცეტონი.
ალქიმიკოსები ტყვიას სატურნს ადარებდნენ. აცეტონს კი სატურნის სულს უწოდებდნენ. ასევე, იმედი ჰქონდათ, რომ ტყვიას ოქროდ გადააქცევდნენ.
ზოგიერთი ექსპერიმენტი ამის იმედს აძლევდათ.
ასეთი ექსპერიმენტებიდან, პირველ რიგში, ე.წ. „ოქროს წვიმაა“ აღსანიშნავი.
ვამზადებთ თითო-თითო გრამ კალიუმის იოდიდის და ტყვიის ნიტრატის ხსნარებს. ჯობია თბილი წყალი გამოვიყენოთ გასახსნელად, ტყვიის ნიტრატს რამდენიმე წვეთი ძმარმჟავა დავამატოთ, რათა მისი ჰიდროლიზი შეჩერდეს. შემდეგ ეს ორივე ხსნარი, სხვა ჭურჭელში, ერთდროულად შევურიოთ ერთმანეთს. დავინახავთ ტყვიის იოდიდის ფანტელებს, რომლებიც ძალიან ლამაზად დაილექება და წვიმის შთაბეჭდილებას დატოვებს. მნიშვნელოვანია თბილი წყლის გამოყენება, რადგან ცივი ან ცხელი წყლის შემთხვევაში, ნალექი უცბად წარმოიქმნება და არავითარი „წვიმა არ მოვა“.
ოქროს ფირფიტები შეიძლება კალის ქლორიდიდანაც მივიღოთ. უნდა დავამატოთ ნატრიუმის სულფიდი. მიიღება კალის სულფიდი, რომელსაც ძველად მხატვრობაში მასიურად იყენებდნენ და სუსამის ოქროს ეძახდნენ.
მხატვრობისთვის, ასევე იყენებდნენ ტყვიის ქრომატს PbCrO4, რომელსაც ზეთის საღებავებში დღესაც შეხვდებით. შეურიეთ ერთმანეთს ტყვიის ნიტრატის და კალიუმის ბიქრომატის ხსნარები.
Pb(NO3)2+K2Cr2O7=PbCrO4+2KNO3
თუ შევურევთ ტყვიის აცეტატს და ნატრიუმის კარბონატს -ტყვიის ფუძე კარბონატს, იგივე ტყვიის თეთრას მივიღებთ. ადრე თეთრ საღებავებში იყენებდნენ.
ზოგიერთი ალქიმიკოსი სხვებისგან განსხვავებით, ტყვიას ოქროს მისაღებად არ განიხილავდა. მათ სწამდათ, რომ ტყვიისგან შესაძლებელი იყო ტრანსმუტაციის დამხმარე ნაერთების დამზადება და ზემოთ ხსენებული საღებავების უმრავლესობა, სწორედ ასეთი ალქიმიკოსების ბეჯითი მცდელობებით იქნა მიღებული. მიზანი, ბუნებრივია, ხელოვნება და მხატვრობა არ ყოფილა, მაგრამ საბოლოოდ ასე გამოვიდა.
ესქიშეჰირის გულში ხელოვნების სასტუმროა. ასეთი ორიგინალური სახელი ჰქვია და ორიგინალურადაც არის გაფორმებული. რას აღარ ნახავთ მის კედლებზე ქიმერებს, უცნაურ ყვავილებს და რაც მთავარია ზედ მთავარ კედელზე, უზარმაზარი გაშლილი ფრთებით, უცნაური არსება ასაფრენად ემზადება. ჩემი სასტუმრო ოთახის ფანჯარა ზუსტად მას უმზედრა და განცდა მრჩებოდა, აი, ახლა აფრინდება და ზედ ჩემს ფანჯარასთან მოვა თქო.
ვიკითხე, რა არსების ფიგურაა-თქო.
-ეს სატურნის სულიაო, მომიგეს.
-სატურნის სული? ჰმ, აცეტონი ყოფილა, აფრინდება და ჰაერში გაიფანტება.
ალავერდობიდან ალავერდამდე
ამ ზაფხულს, 25 ივნისს კახეთს გაუგონარი სტიქია დაატყდა თავს – ქარბორბალამ ალავერდის ტაძარს გადაუარა. მძაფრსიუჟეტიანი ფილმის კადრებს ჰგავდა ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო – როგორ მისრიალებს გველეშაპის კუდივით დაგრაგნილი ცუნამი ტაძრის გუმბათისკენ, როგორ შემოეხვევა, შემოაფცქვნის კრამიტს, მოაძრობს ჯვარს, ააფრიალებს ჰაერში და ცაზე შავი ელვით დატენილ ბილიკს დაკიდებს…
შემზარავი და შემაძრწუნებელი იყო ეს ყველაფერი. არარეალურიც გეგონებოდა, რომ არა თვითმხილველთა და მონასტრის წევრთა კომენტარები, მათი წუხილი ზარალის გამო, რომელიც ჯერ კიდევ დაუთვლელი იყო და იგრძნობოდა, რომ იმაზე ბევრად დიდი იქნებოდა, ვიდრე ეს ხილულად ჩანდა…
ალავერდი განსაკუთრებული ტაძარია – ისტორიულ კონტექსტზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მას სამი კულტუროლოგიური შრე გამოარჩევს – ხუროთმოძღვრული, ლიტერატურული და კინემატოგრაფიული. ცამეტთაგან ერთ-ერთი ასურელი მამის – იოსების ხელდასხმულმა ღვთის სახლმა შუა საუკუნეებში მთელს საქართველოში გაიბრწყინა, გასული საუკუნის 60-იან წლებში კი, 26 წლის გენიალური მწერლის, გურამ რჩეულიშვილის საკულტო მოთხრობაში იშვა ხელახლა. ეს მოთხრობა რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ კინოდ აქცია და სამუდამო ძეგლი დაუდგა 60-იანელთა თაობის ჰუმანისტურ, თავისუფლების ენერგიით დამუხტულ იდეას.
ალავერდობის დღესასწაულზე მოხვედრილი მწერლის დაუოკებელი ვნება, გააკეთოს რაღაც, „რაც წამით მაინც შეცვლის“ უსაქმურებისა და ლოთების უმიზნო ღრეობად ქცეულ სინამდვილეს, თავდაუზოგავი სიმამაცისკენ უბიძგებს მას – ლეკ-თუშებს ცხენს აართმევს, მთვრალ მედღესასწაულეებს ხმაურით შეაფხიზლებს, გახელებულ მდევარს უკან მოიტოვებს და გუმბათის ყელზე აიჭრება, ტაძრის ეზოში ცერებზე შემდგარი მოცეკვავე შეასწრებს თვალს და გაშეშდება, სხვებიც შეამჩნევენ, წამით დროც ჩერდება – ყველა დაინახავს ალავერდის გუმბათის ხარაჩოზე გასულ მხედარს, რომელმაც რამდენიმე წამის წინ მათთან ერთად გააღვიძა უსაზღვრო ვნებად ქცეული უსახელო სურვილი.
„ალავერდობის“ ეს სიუჟეტი დღემდე მათრობელი ძალით ზემოქმედებს მკითხველზე. დღემდე იზიდავს და შეუცნობი ცეცხლით აღანთებს ყველას. და მაინც, უფრო მეტად ახალგაზრდულ ჰიმნად მიიჩნევა იგი, ყმაწვილური მეამბოხე სულის გამოძახილად, იმ განსაკუთრებული ძალის სიმბოლოდ, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდულ თავდავიწყებას მოითხოვს, მაქსიმალისტურ/უკიდურეს ვნებათაღელვას და უპირობო სულისკვეთებას. ალბათ ამიტომაა, რომ დღესაც იმოწმებენ ხოლმე ამ ტექსტს ამბოხის სულით შეპყრობილნი და საკუთარ თავსაც ხედავენ მოთხრობის მთავარ გმირში – გურამში.
იმ ეპოქაში, როცა „ალავერდობა“ დაიწერა, არავინ დგამდა პერფორმანსებს. უფრო სწორად, ეს ძალიან იშვიათი რამ იყო, ძირითადად დასჯადი და შესაბამისად, გმირობის, სამოქალაქო სიმამაცის ტოლფასი. დღეს პერფორმანსების ეპოქაა და მეამბოხეობის/პროტესტის მრავალსახეობებიც თვალსაჩინოა. „ალავერდობის“ გურამი – ცხადია, მეამბოხეა, მის მიერ ჩადენილი აქტიც პროტესტია, ლამაზი, ვაჟკაცური და არქაულიც კი (ცხენი, მხედარი, გზა, გუმბათი), მაგრამ, ჩემი ფიქრით, მისი ეს აქტი უფრო ანტიპერფორმანსია – ყველაზე მეტყველიც და ყველაზე უტყვიც – ესაა საკუთარი თავის ძიება, წამიერი გამოფხიზლების და მერე ამ სიფხიზლის ნგრევის, რათა უფრო დიდ სიმართლეში შეიყვანოს საკუთარი თავიც და სხვაც. „ალავერდობის“ გურამის აქტი უკიდურესი ეგოს გამოხმობისა და მასზე გამარჯვების გზაა – ერთი მხრივ, წამლეკავი სურვილი „რაღაცის შეცვლისა“, რომელიც მიღწევისთანავე ქრება, ნადგურდება და მის ადგილს იკავებს შეცნობილი ჭეშმარიტება, „რაღაც განუსაზღვრელად ახლობელი და წონიანი“. ის გულში იღვრება, როგორც მადლი. როგორც ახლად შობილი, ჩვილი სინათლე.
გურამის სულიერი აქტი ორ პოლუსზე დგას – ალავერდის ეზოში და ალავერდის გუმბათზე – მიწისა და ზეცის პოლუსებზე. მან ორივე წერტილიდან უნდა იხილოს ცხოვრება, უკიდურესი ფსკერიდანაც (ღრეობაში გადაზრდილი რელიგიური დღესასწაული, ღმერთდაკარგული და ფრუსტრირებული საზოგადოება) და უკიდურესი მწვერვალიდანაც („მთელი ამ ხედვის უზარმაზარ სივრცეში არ არის არცერთი გოჯი, რომელსაც არ სწყალობდეს შემოქმედის დალოცვა; არ არის არცერთი წერტილი, სადაც ადამიანს, ისტორიის სიღრმიდან დღემდე, მადლობა არ გადაეხადოს მისთვის და არ შეექმნას თავისი შრომით მატერიალურად თუ სულიერად ძლიერი და ღირსეული რამ“).
დღეს ეგოცენტრიზმში ჩაფლული კაცობრიობისათვის სწორედ რომ მისწრებაა ამგვარი სულიერი აქტის გააზრება. პარადოქსია, მაგრამ ეგოცენტრიზმი ინდივიდუალობას სპობს. დღეს, თითქოს ყველა ესწრაფვის, იყოს განსხვავებული, „საკუთარი თავის უკეთესი ვერსია“, თუმცა ხშირად სულიერი ენერგია არ ჰყოფნის, ჭეშმარიტების წყურვილს კი სუროგატული სურვილებით ანაცვლებს; შედეგად, ყბადაღებული მრავალფეროვნებაც მხოლოდ ამ უკანასკნელის სიმულაციაა, სიცოცხლის საზრისებისგან დაცლილი და ფუყე.
„ალავერდობის“ გურამის გზა კი სწორედ ინდივიდის გზაა, პირადი სულიერი გამოცდილებაა. ეს ჭეშმარიტი რწმენის გზაა, ვნებიანი ექსტაზიდან დაწყებული და ახალ, კანონზომიერ და უცნობ ძალად გადაქცეული. სხვასაც შეუძლია იგივე განიცადოს, თუკი ჭეშმარიტების შეცნობის გზას ბოლომდე გაივლის, „საკუთარი“ გუმბათის ყელზე შემდგარი კი თვალს გაუსწორებს ერთადერთ და მარადიულ სინამდვილეს – „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. ამგვარი აქტის შედეგად იბადება ნამდვილი, დაუეჭვებელი რწმენაც და სიყვარულიც.
25 ივნისს ალავერდის გუმბათს დაძგერებული სტიქია ბევრ მეტაფორად გასკდა ადამიანთა ცნობიერებაში. ზოგი შეაშინა, ზოგი შეაძრწუნა, ცოდვა გაახსენა, ათასი ფიქრი აუშალა… მეც თვალწინ მედგა ეს შავად შემოგრაგნილი ქარბორბალა და ვფიქრობდი, რომ მასში ჩვენი ამდენი წლის აგრესია, შური, სიძულვილი, ზიზღი, გინება, ფარისევლობა, მომხვეჭელობა, გულგრილობა, უმეცრება და უმადურობა იყო ჩახვეული… ვფიქრობდი, რომ არაფერი ხდება შემთხვევით და არც ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, თანაც სად – ალავერდში – „ჭალიდან გამოვარდნილი გედივით თეთრ ალავერდში“, წმინდა გიორგის შუქით მოჩრდილულსა და ისტორიის ქვითკირით გამტკიცულში!.. ვფიქრობდი მონასტრის მსახურებსა და მლოცველებზე, მონასტრის ეზოს ვენახსა და ზეთისხილზე, ფუსფუსსა და მუშაკობაზე, რაც ეს წლებია, კახური მრავალჟამიერივით ბარაქიანად ეფინება ალავერდის გარეშემოს; ვფიქრობდი – რისთვისაა ეს ყველაფერი? სიფხიზლისთვის? გამოღვიძებისთვის?.. თუ რაღაც უფრო მეტისთვის?..
და ამ ფიქრებმა „ალავერდობიდან“ ალავერდამდე ღონიერი ძაფი გაჭიმა. ამ ძაფზე კი, როგორც კარგმა მუშაითმა, სიხარულმა გამოიარა. გული და გონება გაანათა აზრმა იმის შესახებ, რომ ეს ქარბორბალაც ცხენ-მხედრის ის წამიერი ჯახია, რომელიც კი არ სპობს, არამედ ახალ ძალას გამოტყორცნის ნანგრევებიდან, ახალ სინათლეს გამოგლეჯს ჩვენი სულიერების უღრანიდან.
ეს ის ჯახია, რომელსაც ალავერდმა გუმბათი დაუთმო, ხოლო ჩვენ კი შეგვიძლია საკუთარი გული დავუთმოთ, რათა უფრო მეტად შეგვეხოს და გაგვაღვიძოს, უფრო მეტად გაგვაერთიანოს, ჩაგვრთოს საერთო სუნთქვაში, ერთად შენების ვნებაში.
28 სექტემბერი ახლოვდება – ალავერდობა. დღე-სიმბოლო ჩვენს სულიერ თავგადასავალში.
ალავერდის მადლმა დაიფაროს მთელი ქვეყანა, როგორც ერთი კაცი – სიმართლის მაძიებელი და სიყვარულის აღმომჩენელი.
„მოშაირე არა ჰქვიან…“, ანუ რისთვისაა ლიტერატურა?
ხელოვნების თავდაპირველი სინკრეტულობიდან მის ცალკე დარგებად ჩამოყალიბებასაც ჰქონდა, ცხადია, დიდი საზრისი. მიზეზი იყო ადრესატის კონკრეტიკა, სპეციალიზაცია, დაწმინდავება ამორფულობისგან. ბურიანში მე და ჩემი მეგობარი ვკამათობდით, მუსიკის, ნახატის ან თუნდაც რომანის შექმნისას, ანუ პროცესში თუ მოიაზრებაო ეს ადრესატი – მსმენელი, მნახველი, მკითხველი. გასაგებია, რომ დიდი შემოქმედება უნივერსალურთან, ტრანსცენდენტურთან ინიციაციაა და იქმნება მაშინ, როცა ეს კავშირი აქტიურდება. „მუზაც“ ესაა, სხვა არაფერი. ე.ი. „რატომ“ დავადგინეთ – ესაა უდიდესი სურვილი, ვნება, სწრაფვა ამაღლებული სინამდვილისკენ და მისი დაფიქსირება, ანუ „შეჩერდი, წამო“. მაგრამ, მოდით, ახლა დავუფიქრდეთ ასპექტს: „რისთვის“ ან ვისთვის? ლიტერატორი ვარ და ლიტერატურა იქნება ჩემი მსჯელობისას ამოსავალი…
ჩვენი ლიტერატურის სათავეებთან სასულიერო მწერლობაა. როგორ აღიქვამდნენ თუნდაც ჰაგიოგრაფი მწერლები სამყაროს და საკუთარ თავს მასთან მიმართებით? ამ ჟანრის შემქმნელები თითქმის უგულებელყოფდნენ საკუთარ თავს ამ საქმეში და თავს წარმოაჩენდნენ, როგორც უშუალო „გამტარს“ ღვთაებრივთან მიმართებით, ანუ ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ და არც ვართ, ვქმნით და არც ვქმნით, – ჩვენი კალამი ღვთის ნებას აღასრულებსო. ანუ ისინი საკუთარ როლს, რომელიც უკვე მოგვიანებით, საერო ლიტერატურაში, შოთა რუსთველმა წარმოაჩინა („აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება“), რომ ჩემი შემოქმედება არისო ღმერთს პლუს ავტორის ნიჭიერება, – უგულებელყოფდნენ. თუმცა ადრესატს ისინი უცილობლად გულისხმობდნენ – მათ სრულიად ჩამოყალიბებულად იცოდნენ, რომ ეს მწერლობა იყო დიდაქტიკურ-აღმზრდელობითიც – ისინი გვაწვდიდნენ იმქვეყნიურს, წმინდანში გამოშუქებულს და გვაჩვენებდნენ გზას, ტრანსფორმაციას რეალურისა იდეალურში, ადამიანის განღმრთობის ურთულეს, მრავალწახნაგოვან პროცესს. იმის თქმა მინდა, რომ ისინი წერისას თავს უფრო ნაკლებად მოიაზრებდნენ, თუმცა მკითხველს – ყოველ მიზეზს გარეშე. მეტიც, ისინი გვაწვდიდნენ გმირის იდეალს, ჟანრობრივ სპეციფიკურობას, ქრისტიანული მსოფლაღქმის, ესთეტიკის პრიზმაში დანახულს და აუცილებლად ისწრაფოდნენ, რომ მკითხველსაც დაენახა ეს მოდელი უნივერსალური ადამიანური არსებობისა. მოკლედ, მკითხველს ჰაგიოგრაფიული თხზულებები, აპრიორი, მოიაზრებს!…
ცოტაც „სამოციანელებზე“ ვთქვათ. სწორედ მწერლობის დანიშნულებაზე აქცენტირდნენ ისინი, მეტიც, ქართული სინამდვილის გათვალისწინებით… და რას მოიაზრებდა (და მოიაზრებს) ეს სინამდვილე? მწერალს არ აქვს საქართველოში იმის „ფუფუნება“, რომ წეროს ის, რაც მოესურვება და რაზეც მოეხასიათება, წერის ჟინს, წადილს, ვნებას აყოლილმა. ჩვენთან თავიდანვე განსაზღვრულია ღირებულებრივი პრიორიტეტები, რომელთა გარეშეც ლიტერატურას ფასეულად არ აღიარებენ. მწერალი მისიონერია, მამულიშვილობა მისი უდიდესი პასუხისმგებლობაა, გარდაუვალი ხვედრი და მან უნდა ზიდოს ეს ტვირთი, რადგან „მამულიშვილობა მსხვერპლია და არა სეირი“ (ილია). ილია ვახსენეთ და მასთან, როგორც ჰაგიოგრაფიაში, დიდი შემოქმედების ღვთაებრივი იმპულსები, ანუ ქრისტიანული სააზროვნო ქვაკუთხედი ეროვნულთანაა შეზრდილ-გადაწნეხილი:
„მე ცა მნიშნავს და ერის მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა“.
ერის წინამძღოლობის ურთულესი ფუნქცია უნდა შეითავსოსო ნამდვილმა მწერლობამ, რომლის ქმნადობის პროცესმა კი მწერალი შეიძლება სულაც ერის სამსხვერპლოზეც მიიყვანოს სიცოცხლის გასაღებად, როგორც ეს ილია ჭავჭავაძემ აღასრულა: ის წმინდანია არა მხოლოდ ცხოვრებით, აღსასრულითაც… და ჩვენ, ქართველებს, ასე მოწამებრივად აღსრულებული მწერლები გვყავს. ადრე მეფე იყო სიმბოლო ერისა, მას შესცქეროდა ის უბრალო გლეხი და ისე იქცეოდა, როგორც მისი წინამძღოლი. ამიტომ ეწირებოდნენ ჩვენი მეფეები თუ დედოფლები ქრისტიანობას, თორემ მოჩვენებითად რჯულის შეცვლა არ იქნებოდა დიდი პრობლემა, რაც არაერთმა გააკეთა. სწორედ ერის ასეთი წინამძღოლობა დააკისრეს მწერალს „სამოციანელებმა“ და ამ საპატიო ტვირთს ეზიდება დღესაც ჭეშმარიტი მწერლობა ჩვენთან. დასკვნა კი ასეთია – ადრესატი, ანუ მკითხველი აუცილებლად მოიაზრება და ის ეროვნულ სიმრავლემდეა აყვანილი, ხოლო მწერლის ფუნქცია განზოგადებულ-ზეამაღლებული.
გუშინ ჩემი მეგობრის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ინგა მილორავას არაჩვეულებრივ წერილს ვკითხულობდი ესმა ონიანზე. ბედის ირონიაა, რომ ინგა ასე ამომწურავად წერს ესმა ონიანზე, – თავად ინგას ნიჭიერებაც (ხატვა, პოეზია, პროზა, კრიტიკა) ხომ ასე ჰგავს ესმა ონიანის უნივერსალიზმს? მათი ბედის ტრაგიზმზეც იმავეს ვიტყოდი. ინგა წერს: „მიუხედავად ასე მკვეთრად აქცენტირებული პიროვნულობისა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ესმა ონიანის პოეტური სივრცის არაეგოცენტრულობა. ზოგადად, პოეტური სამყაროს, განსაკუთრებით, ლირიკის ცენტრში, დგას „მე“ – განმცდელი და მთხრობელი. ეს „მე“ გამოსჭვივის ყველგან, იქაც, სადაც ხილულად არ ჩანს. ესმა ონიანის პოეზიას აქვს უცნაური თვისება – ის ლირიკული ეპიკურობით ხასიათდება და თანაც მასში, უმეტესად, პოეტური „მე“ არ დომინირებს, არ იკავებს მთელ სივრცეს. რა თქმა უნდა, მისი პოეზია ანთროპოცენტრულია, მაგრამ უფრო განზოგადებული, განყენებული, როცა პოეტი ცდილობს, გასცდეს თავისი „მეს“ ფარგლებს, „მე“ აქციოს სხვად, მისწვდეს რაღაც უფრო დიდს, ყოვლისმომცველს, გახდეს არა მხოლოდ ინდივიდუალურის გამომხატველი, არამედ ტრანსცენდენტურის გამტარი, გადამტანი, პოეტურ სახეებად გარდაქმნილად მომწოდებელი. ეს სწრაფვა, მისი პოეზიის ეპიკურობის გარდა, ბგერწერაშიც გამოიხატა. ხანდახან, შესაძლოა, გაჩნდეს განცდა, რომ ალიტერაციები, ბგერათა სიუხვე (და იქნებ მაინც ფერია ბგერად თარგმნილი?), მრავალხმიანობა, უამრავი ხმოვანი ხაზი და მათი სხვადასხვა შრესა და მიმართულებით გაშლა ზედმეტია, განა, რისთვისაა ასეთი გადატვირთულობა საჭირო? ნუთუ, მართლა გარსს ქმნის ასე, რომ სათუთ სიღრმეში ვერავინ შეაღწიოს? სავარაუდოდ, სწორედ კოსმოსურ სფეროთა ადამიანისთვის უცხო, უჩვეულო ხმების, მათი იდუმალების, მრავალხმიანობის, მეტაფიზიკურ სახეთა ზუსტად აღწერის, მთლიანად მოხელთებისა და გამოხატვის მცდელობისას, სწორედ ამგვარი ბგერითი სიუხვე გახდა პოეტისათვის ორგანული, არა ჩანაფიქრით, არამედ თავისთავად – მეტაფიზიკურისკენ სარკმლის გაჭრას და შემდეგ მიყურადებას უჩვეულო ხმათა, ბგერათა სიმრავლე მოჰყვა თან“. გამოდის, ესმა ონიანიც კი, რომლის შინაგანი სამყარო არაა გახსნილი და ადვილად აღსაქმელი ნებისმიერი ადამიანისთვის ხატავდა, წერდა ვიღაცისთვის და არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის. მას საკუთარი, უნიკალური შეგრძნებები მოჰქონდა ჩვენამდე, როგორიცაა, მიზანი ყოველი შემოქმედისა, რომელსაც გააზრებული აქვს თავისი მისია, რომ ჩვენც ვიგრძნოთ ეს იმქვეყნიურის, ტრანსცენდენტურის „ანარეკლები“, მეტაფორებად, სიტყვა-ფერებად, სიტყვა-ჩუქურთმებად. ესაა ახალი, მხატვრული სინამდვილე, შეიძლება, ბევრად მძაფრად აღსაქმელი რუტინულ რეალობაზე, რომელიც ჩვენ მწერლის, კომპოზიტორის, მხატვრის, კინორეჟისორის მიერ გვეძლევა. ის ცალკე იწყებს სიცოცხლეს და, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, უკვე მის წყაროსთან, ანუ ავტორთან შეიძლება აღარც ასოცირდეს, დამოუკიდებლად აღსაქმელია (ამიტომ არ მიყვარს, როცა შემოქმედებას მწერლის ავტობიოგრაფიის ჭრილში ან პირადი ცხოვრებიდან თუ ხასიათიდან გამომდინარე აფასებენ). მეტიც, ჩვენ, მკითხველებსა თუ მსმენელებს, მნახველებს გვეძლევა ინტერპრეტაციის უფლებაც (ორიგინალს არ უნდა გავცდეთ, რასაკვირველია), ანუ ჩვენც ვხდებით თანაავტორები. მაგალითად, ვაჟა-ფშაველასთან არსად გვხდება თუნდაც პერსონაჟის გარეგნობის აღწერა, მაგრამ მისი გმირები (აღაზა, ზვიადაური, ალუდა) სრულიად ხორცშესხმულ ხატებად წარმოდგებიან ჩვენ წინაშე, რადგან დიდ ლიტერატურასა და გენიოსთან გვაქვს საქმე, რომელთან ერთადაც „ვძერწავთ“ ამ პორტრეტებს. არც ქრისტიანობაზე, მის დოგმატიკაზე საუბრობს ვაჟა, მაგრამ მთელი მისი შემოქმედება ქრისტიანული სულის აპოლოგიაა. კარგი დამნახავია, უბრალოდ, საჭირო, ანუ მკითხველი, რომელიც, ჩემი აზრით, აქაც მოიაზრება და ამაზე ქვემოთაც დავწერ. ლიტერატურა და ხელოვნების ყველა ნამდვილი ქმნილება ღმერთისგანაც და ადამიანისგანაც (მწერლისა თუ მხატვრისგან) ჭეშმარიტების შესამეცნებლადაა. ესაა ხელოვნების უდიდესი მისია და საკაცობრიო კულტურის მაღალი დანიშნულებაც – კაცობრიობაც, როგორც ადამიანი, სულის პროდუქტით, ანუ კულტურით ფასდება. ზოგადად, ჩვენი შემფასებელია არა ის უფსკრულები, რომლებიც ნებით თუ უნებურად გვიხილავს ცხოვრების განმავლობაში, არამედ ის სიმაღლეები, რომლებიც სულიერად „დაგვიპყრია“, ჯვარზე გაკრული ავაზაკისა არ იყოს, გონების ერთმა გამონათებამ რომ გადაწონა მთელი მისი ნაავკაცარი. კაცობრიობაც არა მისი დაპყრობითი ომები თუ ფაშისტურ-კომუნისტური საკონცენტრაციო ბანაკებია, არამედ თუნდაც ვან გოგის „მზესუმზირები“, მოცარტის მუსიკა, ფელინის კინემატოგრაფი, დანტესა თუ შოთა რუსთველის მადლიანი კალმის ნაყოფი და ა.შ.
მოდი, ვთქვათ ისიც მოკლედ, ვინაა კარგი მკითხველი, რადგან „კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდება“. ვინმე ეთანხმება, განა, სოციალისტურ ლოზუნგს – „ლიტერატურა მასებს ეკუთვნის“? ალბათ არავინ. თუ ასე, მაშინ ვის „ეკუთვნის“ ხელოვნება, ლიტერატურა? მოკლე პასუხი იქნება: მის სწორად გამგებს. ვრცლად კი შემდეგს მოგახსენებთ. არის მწერლობა, რომელსაც სათანადო განათლების გარეშე ვერაფერს გაუგებ – თუნდაც ჯეიმს ჯოისის „ულისე“ „ელიტარულ მკითხველს“, თუნდაც ბერძნულ-რომაული მითოლოგიის მცოდნეს, მოიაზრებს სწორ შემფასებლად. მაგრამ გავიხსენოთ, აბა, რას ამბობს ვაჟა ერთ უსწავლელ ფშაველზე, რომელმაც მისი „ბახტრიონის“ ლუხუმი საქართველოს სახე-ხატად აღიქვა, ქვეყნის მომავლის წინასწარმეტყველებად კი მწერლის სიტყვები: „ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა!“. ვაჟა ამბობს, რომ თუ მკითხველს მსგავს რამეს აგრძნობინებს ჩემი კალამი, ტყუილად არ მჭერიაო ის ხელში.
დაბოლოს, ხელოვნება, როგორც შემოქმედისგან უკვე დამოუკიდებელი მოცემულობა მხატვრულ „ქსოვილად“ სიტყვაში, ტილოზე თუ კადრად, ღვთაებრივთან ზიარებაა. თუ იმ დონეზე განათლებული ხარ კაცი, რომ მის ნიუანსებს შეგიძლია ჩასწვდე, გააანალიზო, მაგას რა სჯობს; თუ არადა, იმ უსწავლელი ფშაველივით რომელიღაცა გრძნობით აღიქვამს ხელოვნების დიდ მადლს. ოღონდ ამ გრძნობის მბადი გული უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, ანუ სუფთა, რომ მან ბნელი გაფანტოს და ნათლის ველში შეაბიჯოს, რომელსაც ჰქვია მაღალი ხელოვნება და „პოეზიას, მწერლობას, ხელოვნებას აქვს დიდი ძალა – მას შეუძლია გაუსაძლისი გასაძლებად აქციოს, მარტოსული ბოლომდე შეავსოს, მტკივანს ტკივილი დაუამოს, ბედნიერს კიდევ დაუმატოს სიხარული, დარდიანს მიუალერსოს, სილამაზეს მოწყურებულს მშვენიერება აჩუქოს, საკანში გამოკეტილი გაათავისუფლოს“! (ინგა მილორავა)…
რამდენიმე მოსაზრება ჰაგიოგრაფიის სწავლების თაობაზე
ალბათ ყველა თანხმდება, რომ ჰაგიოგრაფიას მისი შექმნის პერიოდისთვის იმაზე უფრო განსხვავებული დანიშნულება ჰქონდა (იდეოლოგიურ/ტენდენციური – თ. დოიაშვილი, ლ. ბრეგაძე – „ვკითხულობთ კლასიკას“), ვიდრე დღეს აქვს. იგი შექმნიდან რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ინტენსიურად იკითხებოდა და მასობრივი ხასიათის მქონე უალტერნატივო საკითხავიც იყო. შუა საუკუნეებშივე საერო ლიტერატურის გაჩენასთან ერთად კი, ვერ ვიტყვით მისი მკითხველების რაოდენობას უნდა ეკლო, მაგრამ ზემოთხესენებული ალტერნატივა ნამდვილად რომ გამოუჩნდა ცხადია და, სავარაუდოდ, სატრფიალო-სარაინდო რომანებს უფრო მეტად მიეტანებოდა მაშინდელი მკითხველიც. მეთექვსმეტე საუკუნეში ტიმოთე გაბაშვილის ცნობილი ჩივილი „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ, რად დროსაც იგი ერის გარყვნაში სდებს მას ბრალს, რადგან მამაკაცებმა და ქალებმა მისი გმირების მიხედვით დაიწყეს მორთვა-კაზმვა და ქცევაო (ე.ი. იდეალად სახავენო), ხოლო მოგვიანებით ანტონ კათალიკოსის წუხილი რუსთაველის „ამაოდ დაშრომაზე“ კარგად წარმოაჩენს სასულიერო მწერლობის ამ დარგის მასობრივი მკითხველის შეცოტავებასა და მათი გმირებისთვის მიმბაძველთა (საღვთო შურის ამღებთა) შემოსაზღვრულობას.
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ჰაგიოგრაფიის შესწავლა პირდაპირ ევროპული მეცნიერული მეთოდებით დაიწყო, რომელსაც ეს ნაწარმოები, პირველ ყოვლისა, როგორც საკვლევი მასალა აინტერესებდა: თავისი დაწერის თარიღებით, ავტორთა ვინაობის გარკვევით, ენობრივი მახასიათებლებით, გადმოცემული ისტორიული ამბებით, ხელნაწერთა ურთიერთშედარებით, მხატვრული აზროვნებითა და ა.შ.
ბოლშევიკურ ეპოქაში კი ჰაგიოგრაფიის შესწავლა – სწავლებისას, უარი ეთქვა რა მის რელიგიური მხარის სიცხოველეს, წინ ეროვნული მედროშეობა იქნა წამოწეული – ჰაგიოგრაფია, არა როგორც რელიგიური ტექსტი, არამედ წარსულზე მეტყველი ძეგლი, ეროვნული თვითშეგნების წარმომსახავი, ერის ჩამომაყალიბებელი და რაც მთავარია, მომხვდურ ძალასთან იდეოლოგიურ-ფიზიკური ბრძოლის ამსახავი.
როგორც ვხედავთ, თითოეული ეპოქა ჰაგიოგრაფიიდანაც თავისთვის ნიშნეულსა და ღირებულს წამოწევს ხოლმე წინ, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ნაწარმოებიდან.
ჩვენს თანამედროვეობაში კი დროდადრო ხელახალი ძალით ჩნდება ხოლმე კითხვები მისი ანუ ჰაგიოგრაფიის სწავლების რელევანტურობასთან დაკავშირებით. რაში შეიძლება გამომადგეს ჰაგიოგრაფია? რატომ უნდა ვისწავლო, რატომ უნდა ვიწვალო და ა.შ.
ეს კითხვები მეტად საყურადღებოა იმით (თუკი ჩვეულებრივი სიზარმაცის გამამართლებელი წუწუნი არ არის), რომ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, თანამედროვე სამყაროში ჰაგიოგრაფიისთვის დანიშნულებისა და ადგილის გამოძებნა დაუსახავს მიზნად. სკოლის მოსწავლეებს სრული უფლება აქვთ ამ შეკითხვების დასმისა, ხოლო მასწავლებელ-სპეციალისტის ვალია ყოველ ჯერზე მათთან ერთად დაფიქრდეს და არგუმენტირებული პასუხები შეაგებოს და არა გატკეპნილი, მეტაფიზიკური, რელიგიურ-დოგმატური ან პატრიოტულ-დოგმატური ნაყალბევი („მართლმადიდებელი ხარ და ხამს“, „ქრისტიანი ხარ და ხამს“, „ქართველი ხარ და ხამს“).
ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებელი მოსწავლის კრიტიკული კითხვების წინაშე უძლური აღმოჩნდება და მადლიერებით აღვსების მაგიერ, უჯავრდება, რჯულისა და ქვეყნისადმი უსიყვარულობას აბრალებს. მასწავლებელსა თუ სპეციალისტს ყველა კითხვაზე პასუხი ცხადია ვერ ექნება, მაგრამ უმრავლესობაზე რომ უნდა ჰქონდეს, – ეს სადავო არ უნდა იყოს.
ჩემი გადმოსახედიდან, ჰაგიოგრაფიული ტექსტები ძალიან შეუმზადებლად და იზოლირებულად ისწავლება. შეუმზადებლობაში ვგულისხმობ იმას, რომ მოსწავლეს უეცრად უწევს ისეთ ტექსტთან ურთიერთობა რომელიც მისგან ლამის მეცნიერულ საქმიანობას მოითხოვს – მან ჯერ უნდა იკითხოს, გაშიფროს და გაიგოს ის თუ რა წერია ტექსტში და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იმსჯელოს სახეებისა და ხასიათების განვითარების საკვანძო მომენტებზე. ხოლო იზოლირებულობაში ქრისტიანული მწერლობის ანტიკური სამყაროსგან მოწყვეტილად წარმოდგენა იგულისხმება, ასევე მოსწავლეს არ განემარტება ჰაგიოგრაფიის გენეზისი, მიზნები და ა.შ. შედეგად, ჰაგიოგრაფიის გმირები ერთგვარ ახირებულ, ზოგჯერ თავიანთი პრინციპულობის გამო გამაღიზიანებელ სახეებადაც წარმოუდგებათ (შემთხევითი არ არის, რომ მოსწავლეებში „მოიქნია ასტამი“ და „თვალნი დაუბუშტნა“ თანალმობის მაგიერ არაიშვიათად მხიარულებას რომ იწვევს). ისევე როგორც „ვეფხისტყაოსნის“ ფიზიკურად ძლიერი, მდიდარი, ლამაზი, განათლებული, მამაცი გმირების ტირილისა არ ესმით. არ ესმით რადგან „ვეფხისტყაოსნის“ შემთხვევაშიც არავინ არ უხსნის აღმოსავლურ-მუსლიმური ლიტერატურის ესთეტიურ პრინციპებს, რომელთაგანაც ძალიანაა დავალებული რუსთაველი.
გადავხედოთ ანტიკური ხანისა და ჰაგიოგრაფიის მიმართებას.
ეკლესიის გამორჩეული სასულიერო მოღვაწე – მოაზროვნე მამა გიორგი ფლოროვსკი წერილში „ქრისტიანობა და ცივილიზაცია“ ქრისტიანობისა და ელინისტური ცივილიზაციის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით აღნიშნავდა: “ … ახალი კულტურა (იგულისხმება ქრისტიანული კულტურა -ო.ქ.) წარმოადგენდა იმ დროში არსებულ ყველა იმ შემოქმედებითი ტრადიციისა თუ მოძრაობის გრანდიოზულ სინთეზს, რომლებიც შეერთვნენ ერთმანეთს”. ქვემოთ უთითებდა, რომ: „ცივილიზაცია სხვას არაფერს ნიშნავდა, თუ არა ელინიზმს, მთელი თავისი წარმართული მემკვიდრეობით, სააზროვნო უნარ-ჩვევებითა თუ ესთეტიკური იდეალებით“. ხოლო თუ არსებობდა კონფლიქტი ელინიზმსა და ქრისტიანობას შორის, ფლოროვსკის აზრით, ეს განპირობებული იყო იმით, რომ “ელინიზმი არ იყო მზად საიმისოდ, რომ იოტისოდენადაც კი დაეთმო ეკლესიისათვის, და ეს შეეხებოდა ნებისმიერ სფეროს” სამაგიეროდ, ქრისტიანული კულტურა: „ეს იყო „ახალი ელინიზმი“, რადიკალურად ქრისტიანიზებული, ასე ვთქვათ, „გაეკლესიურებული“.
(ფლოროვსკი გ, „ქრისტიანობა და ცივილიზაცია“, ჟურნ. არჩევანი, თბ, #2, 2007 ).
მოხმობილი ციტატებიდან სამი ორიენტირი უნდა გამოვყოთ: 1) ქრისტიანული კულტურა იმ დროში არსებულ ყველა შემოქმედებითი ტრადიციისა და მოძრაობის გრანდიოზულ სინთეზს წარმოადგენდა 2) ელინისტურსა და ქრისტიანულ აზროვნებას შორის დაპირისპირება არსებობდა 3) ელინისტური ქრისტიანული ხდებოდა (ეს უკანასკნელი წარმოგვიდგება როგორც შედეგი წინა ორისა).
ეს სამი ორიენტირი კი ერთ საზრისს გადმოსცემს: ქრისტიანულმა ღვთისმეტყველებამ, იკონოგრაფიამ, ჰიმნოგრაფიამ, ჰაგიოგრაფიამ და ა.შ. არათუ ბევრი რამ იმემკვიდრა ანტიკურიდან, არამედ თვით იქაც გაითვალისწინა იგი, სადაც კი დაუპირისპირდა მას. თვით ქრისტიანობის საყოველთაოდ ცნობილი კრედო: „ღმერთი სიყვარულია“ ძველი ბერძნულის „სიყვარული ღმერთია“-ს შებრუნებული ვარიანტია (უ. გათრი „ბერძნული ფილოსოფია“).
ამ შებრუნებებს ეხმაურება ქართულ ქრისტიანულ ხელოვნებაში ესთეტიკის მკვლევარ რევაზ სირაძის წიგნის – „სახისმეტყველება“ – ერთი მცირე თავი სათაურით „ჯანსაღი სული ჯანსაღ სხეულში“. მოგვყავს ციტატა:
„ძველ საბერძნეთში ამ სიტყვებში შემდეგ აზრსაც სდებდნენ: ჯანსაღი სული მხოლოდ ჯანსაღ სხეულში შეიძლება იყოსო. შეუძლებელიაო, რომ გონჯ ადამიანს ლამაზი სული ჰქონდესო… ქრისტიანულმა ხელოვნებამ მეორე უკიდურესობა აირჩია. ადამიანი მხოლოდ სულიერად გააიდეალა და ხორციელი ბუნება კი მთლიანად უგულებელყო. ამიტომაც ფრესკებზე გამოსახული პიროვნებანი ხორციელებისაგან დაცლილნი არიან“.
ახლა შევეცადოთ და ეს თეზა კიდევ უფრო გავშალოთ.
ანტიკური გონი ლამაზს ესწრაფვის, მისი ასახვის მთავარი ობიექტები უზადო და უნაკლო პროპორციებით გამოირჩევიან მითებში, მხატვრულ ლიტერატურაში, ქანდაკებაში, მხატვრობაში, ხოლო თუკი სადმე გვხვდება „ულაზათო“ სხეულის მქონე ადამიანი, იგი არათუ არ არის მთავარი გმირი, არამედ მას ვერაფრით ვერ ექნება ნათელი აზრებიც, ამაღლებულ სულზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია. „ვინ ისურვებს შენს დახატვას, როცა არავის სურს შენი შეხედვა – ამბობს ერთი ეპიგრამისტი“ (ლესინგი, „ლაოკოონი“). ანტიკურ მხატვრულ ლიტერატურაში ტრაგედიები, ეპოსები სწორედ გამორჩეულ პირთა თავგადასავლებს აღწერს და გადმოსცემს, რომლებიც ფიზიკურად სჯაბნიან უკეთურებს – ამარცხებენ ბოროტებს, კლავენ გველეშაპებს, ლომებს, ჰიდრებს და ამაში ვლინდება მათი სიქველე. გმირების ასეთი უჩვეულო ფიზიკური ძალა მათი ღმერთებთან წილნაყარობითაა განპირობებული – ზოგს დედა ჰყავს ქალღმერთი, ზოგს კი მამა – ღმერთი.
ჰაგიოგრაფიაში ყოველივე ეს „შებრუნებული პერსპექტივითაა“ მოცემული. ადრეული ჰაგიოგრაფიის გმირის ფიზიკური სილამაზე განგებაა მიჩქმალული ან ძუნწად არის გადმოცემული აქა-იქ. სამაგიეროდ, მთავარი ხაზი უჭირავს მის სულიერ ამაღლებულობასა და აღმატებულობას. თუკი ანტიკურობის გმირი ჩვილობაშივე ავლენს ფიზიკური ძალით განსხვავებულობის ნიშან-თვისებებს, ჰაგიოგრაფიის გმირი ბავშვობიდანვე თავისი ღვთისმოშიშებით გამოირჩევა. თუკი ანტიკური სამყაროს გმირი მარადიულ დიდებას საგმირო საქმეების იდეალად დასახვით, მის ამ გზაზე სიკვდილით მოპოვებას ესწრაფვის, ჰაგიოგრაფიის მოწამე გმირისთვის სანატრელი სულიერი ძალების მობილიზაციით მოწამეობრივი აღსასრულია, რითაც ქრისტეს ებაძება. ჰაგიოგრაფიის გმირის „რაინდობა“ ეშმაკთან შერკინებაში ვლინდება, რომელიც გარდა ფიზიკური ზმანებებისა, ადამიანური ვნებების, იგივე ინსტიქტების მის წინააღმდეგვე აღძვრით, აზვირთებით იბრძვის, ამ ომში ადამიანის საჭურველი კი ანტიკურის მშვილდ-ისრებისაგან, შუბებისაგან, ფარისაგან და მახვილისაგან განსხვავებით ლოცვა, მარხვა, ასკეზა, თმენა და მოწამეობისაკენ სწრაფვაა (გრ. ფარულავა). ანტიკური ნახევრადღმერთი გმირის საპირწონედ, ჰაგიოგრაფიის გმირი ღმერთშემოსილობას იძენს. ანტიკური გმირის სიკვდილი ტრაგედია თუა, ჰაგიოგრაფიისა სულიერი ზეიმია. ანტიკური სამყაროს გმირი ბედს ვერსად გაქცევით ვერ ასცდება (გამონაკლისს შემთხვევებში არჩევანის გაკეთების უფლებას აძლევენ, მაგალითად როგორც აქილევსს, ოღონდ გაკეთებული არჩევანი საბოლოოა და კორექტირებას აღარ ექვემდებარება), ჰაგიოგრაფიის გმირისთვის კი ბედი, როგორც ასეთი არ არსებობს, არამედ არის ნება ღვთისა, რომელში ყოფნაც მუდამ პიროვნული არჩევანის შედეგია და ა.შ.
აქ შეიძლება ეჭვნარევი კითხვა გაჩნდეს – ქრისტიან წმინდანებს ანტიკურ გმირებთან ხომ არ ვათანაბრებთ? ამისი ყველაზე კარგი პასუხი თვით ჰაგიოგრაფიაშივეა მოცემული – მისი მტკიცებით იგი მხოლოდ ნამდვილად არსებულ პიროვნებებზე, ნამდვილად მომხდარ ამბებზე იწერება. ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი თავმოსაწონარი ის იყო, რომ მოვლენები მისი უშუალო შემსწრეების მიერ ანდა მოწმეებისგან მონაყოლის საფუძველზე იწერებოდა, გამონაგონი არ იყო ე.ი.
რას გვაძლევს ყოველივე ეს ჰაგიოგრაფიის სწავლებისას?
პირველ ყოვლისა, იმას რომ „მსგავსი მსგავსითვე შეიცნობა“. მოსწავლეები ამით ანტიკური ხანის ხელოვნებითა და ჰაგიოგრაფიაში საინტერესო კანონზომიერების აღმოჩენით ინტერესდებიან. ჰაგიოგრაფიის ანტიკურ სამყაროსთან შედარებისას ხალისით აკეთებენ საინტერესო დასკვნებს და წერისას სათქმელად უფრო მეტი ეძლევათ.
სკოლებში, სადაც უფროსკლასელებთან შესახვედრად მივუწვევივარ, ყოველთვის ანტიკური ხანიდან ვიწყებ ხოლმე. უნდა ითქვას, რომ შეხვედრისას რამდენიმე ისეთი მოსწავლეც ყოფილა, ანტიკური ნაწარმოებების ცოდნაში რომ არ ჩამომრჩენიან და, მსჯელობაშიც რომ მომყოლიან. მათ მარტო ბიძგის მიცემა ესაჭიროებოდათ, ამდენად, ჩემ ნამსჯელში მათთვის ერთადერთი სიახლე ანტიკურობისა და ჰაგიოგრაფიის დაკავშირებაღა იყო მხოლოდ.
მასწავლებლის მიზანი მოსწავლის ტექსტით დაინტერესება და ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების აგების, გმირის სახის ძერწვის, იმ დროის სააზროვნო და კულტურული პრინციპების ახსნა უნდა იყოს და არა პათეტიკური რელიგიური ქადაგება, რომელიც სულაც არ შედის მის კომპეტენციაში. უნდა ახსოვდეს, რომ იგი მოსწავლეში კრიტიკული აზროვნების პროვოცირებისათვის, კითხვების დამსმელი მოქალაქის აღზრდისათვის არის მივლენილი და არა მომავალი მოწამეების გამოზრდისთვის. მასწავლებლისთვის თუნდაც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოქალაქეობა“ მეტად უხვ მასალას იძლევა იდეებისთვის მებრძოლ, თანამოაზრეთა შემომკრებ, სოლიდარულობაზე დაფუძნებულ, აქტიურ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ თემებზე საბჭოდ, რაც ასეთი საშური გახლავთ ჩვენი დღევანდელობისთვის.
ექვთიმე ათონელი ბერძნულიდან 150-მდე სასულიერო წიგნის თარგმნით გახდა წმინდანი, გრიგოლ ხანძთელი კი შორეული ადგილების რელიგიურ-კულტურულად გამოცოცხლებით (მშენებლობებით, ვენახების გაშენებით). შესაბამისად, რჩეულობა შრომა-გარჯილობით რომ მტკიცდება, ჰაგიოგრაფია ამასაც ჩაგვაგონებს.
ახლა გადავიდეთ ჰაგიოგრაფიის სწავლების კიდევ ერთ დელიკატურ საკითხზე – როგორ ვუხსნით მას ქართულენოვანი სკოლების ეთნიკურ აზერბაიჯანელ, ქისტ, იეზიდ, ებრაელ და მსოფლმხედველობრივი მრწამსით ათეისტ და ა.შ. მოსწავლეებს?
ეს საკითხი ყველაზე მეტად მტკივნეული და ამავე დროს, ზოგადად, ქვეყნის პრაქტიკაში მოქალაქის, როგორც ასეთის, აღქმის პრობლემურობაზე მეტყველი მომენტია. კერძოდ, საქმე გვაქვს მოსწავლეთა სეგრეგაციასთან ეთნიკური, რელიგიური და მსოფლმხედველობრივი ნიშნით. აქ მხოლოდ უაღრესად ტაქტიან, ამავე დროს რელიგიების ისტორიაში და კულტურაში ჩახედულ, ჰაგიოგრაფიის მთელი სიგრძე-სიგანით, თავისი ისტორიული ფონითა და თანამედროვების გათვალისწინებით გამააზრებელ მასწავლებელს შეუძლია გავიდეს ფონს. მას სულმუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ჰაგიოგრაფია იდეოლოგიზირებული და ამასთანავე, პოლემიკური ხასიათის ჟანრიცაა, ხოლო პოლემიკა ყოველთვის ტენდენციურობითაა დაღდასმული, რადგან მისი მიზანი ჭეშმარიტების გამოვლენა კი არა, ოპონენტზე უპირატესობის მოპოვების მცდელობაა. თუკი პედაგოგი ამ ტენდეციურობას დაჰყვება მაშინვე გამოვა მასწავლებლის როლიდან, გახდება მხარე და თავისივე მოსწავლეების მრწამსს, კულტურას, თუნდაც ირიბად, განქიქებას დაუწყებს. ეს კი პირდაპირი დისკრიმინაცია იქნება რელიგიური, ეთნიკური, კულტურული თუ მსოფლმხედველობრივი ნიშნით. ამით მასწავლებელი მოსწავლეს მეორეხარისხოვნობის იარლიყს მიაკერებს და გამოსავლად ნება-უნებლიედ პროზელიტიზმს, ინდოქტრინიზაციას ე.ი. ქრისტიანობაზე (მართლმადიდებლური ნიშნით) მოქცევას შეაჩეჩებს.
მაგრამ აქ პრობლემა მარტო ეთნიკურ და რელიგიურ/მსოფლმხედველობრივ მრავალფეროვნებაში არაა. თვით ისეთ სკოლებშიც კი, სადაც მხოლოდ ეთნიკური ქართველი, ხოლო მრწამსით მართლმადიდებელი ბავშვები სწავლობენ, ამ პრინციპების დარღვევა, თავისგან განსხვავებულისთვის ზემოდან ყურების, თანამოქალაქეებთან კიდევ უფრო გაუცხოების საფანელს ქმნის. ამით იმის თქმა მსურს, რომ ჰაგიოგრაფიის ტენდენციური სწავლებისგან მხოლოდ იმ სკოლებსა და კლასებში კი არ უნდა ავარიდოთ თავი სადაც რელიგიური, ეთნიკური, კულტურული, მსოფლმხედველობრივი ნიშნით განსხვავებული ბავშვები სწავლობენ, არამედ იქაც კი სადაც ასეთი მოსწავლეები არ გვყვანან, რადგან ჩვენ, პირველ ყოვლისა, მოქალაქეებს ვზრდით, რომლებიც სკოლის დასრულების შემდეგ ერთმანეთს საჯარო სივრცეებსა და დაწესებულებებში გადაეყრებიან, შესაბამისად, მათ საერთო ენის გამონახვა უნდა შეეძლოთ. ამისათვის კი საჭიროა, რომ მომავალი თანამოქალაქეები პატარაობიდანვე გამაერთიანებელ პრინციპებზე აღიზარდონ და არა გამთიშავზე.
მოსწავლეებთან „აბოს წამების“ გავლის დროს კარგი იქნება თუ ტექსტის ისლამისადმი დამაკნინებელი მონაკვეთები სკოლის (და არა უნივერსიტეტის!!!) სასწავლო სახელმძღვანელოდან ამოღებული იყოს, ხოლო აბოს პიროვნებაზე მსჯელობა მთლიანად იქნეს გადატანილი პიროვნებისა და თემის, პიროვნებისა და მისი არჩევანის თავისუფლების მნიშვნელობაზე. აქვე კარგი იქნება თუ ვახსენებთ, რომ თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მილიონობით აფროამერიკელისთვის სწორედ ისლამი გახდა სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლის მთავარი დროშა. ამაზე მსჯელობა მუსლიმ მოსწავლეებში გარიყულობის შეგრძნებასა და აბოსადმი შესაძლო ნეგატიურ განწყობას გაანეიტრალებდა. ქართული ლიტერატურიდან ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ ფერისცვალებაც მეტად კარგი საპარალელო მასალაა „აბოს წამებასთან“. თუ აბო ქართველებისადმი ემპათიისა და ქრისტიანობისადმი სიმპათიის გამო იცვლის რჯულს, ალუდა ყველა რჯულში ჭეშმარიტების საერთოობის აღიარებით თითოეულ ამ უკანასკნელზე მაღლდება. სწორედ ჭეშმარიტების საერთოობა და საერთოობის ჭეშმარიტება გახდება ალუდას რელიგიაც, მრწამსიც, მსოფლმხედველობაც და ა.შ.
ბოლოსკენ დავძენ, რომ ეს წერილი ერთ გვერდში რამდენიმე პუნქტად ასე შეძლებოდა ჩატეულიყო:
- ჰაგიოგრაფიას ბევრი რამ აქვს შეთვისებული ანტიკური სამყაროდან. შესაბამისად, ლიტერატურის სახელმძღვანელოში ამაზე მცირე ექსკურსი ან მასწავლებლის ზოგადი მიმოხილვა მოსწავლეებში პარალელების გავლებისა და მსგავსება-განსხვავევების აღმოჩენის სურვილს აღძრავდა, რაც უკვე კარგი შესაძლებლობა იქნებოდა ჰაგიოგრაფიით მათი დაინტერესებისთვის.
- არ უნდა გვეწყინოს, თუკი მოსწავლე წმინდანებსა და ტექსტებს „გაუშინაურდება“, არ მოეწონება, ზოგან იცინებს და დასვამს შეკითხვებს, რომელთა დასმაც „არ შეიძლება“.
- ვიფრთხილოთ, რათა გაკვეთილი რელიგიურ ქადაგებაში არ გადაგვივიდეს. პირიქით, ეს შესაძლებლობა რელიგიების ისტორიის თხრობისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ, ან ვთხოვოთ მოსწავლეებს, რათა ანტიკური ღმერთების პანთეონზე, ქრისტიანობაზე, მაზდეანობაზე („შუშანიკის წამებას“), ისლამზე („აბოს წამება“) ინფორმაცია მოაგროვონ.
- ჰაგიოგრაფიის მთავარი გმირები როგორც თემის აქტიური წევრები, კრიტიკულად მოაზროვნენი, ხელისუფალის უშიშრად მამხილებელნი, სუსტთა დამცველნი.
- ჰაგიოგრაფია და უცხოელობა. ქართული ჰაგიოგრაფიის პირველი ძეგლების მთავარი გმირები ეთნიკური ქართველები არ არიან. რას ნიშნავს ეს ჩვენი დღევანდელობისთვის?
- სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ეთნიკურად, რელიგიურად და მსოფლმხედველობრივად არა-დომინანტი ჯგუფების წარმომადგენელ მოსწავლეებთან ჰაგიოგრაფიის სწავლებისას და თავი ავარიდოთ ხსენებული მიმართულებებით დისკრიმინაციას.























