სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

შიდა დიფერენცირებული სწავლება

მოსწავლეები განსხვავდებიან საჭიროებების, ინტერესების, ძლიერი და სუსტი მხარეების მიხედვით. ამ კუთხით აუცილებელია, დიაგნოსტირება და შესაბამისი აქტივობის განხორციელება. ამ შემთხვევაში შეგვიძლია, შიდა დიფერენცირების მეთოდებს მივმართოთ. ამას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა გაკვეთილების დაგეგმვისას. მისი მიღწევა შესაძლებელია მცირე მეთოდური ორიენტირებითა და მოსწავლეთა მიზანმიმართული მხარდაჭერით. თქვენ ალბათ უკვე ახორციელებთ ზოგიერთ მათგანს.

ადამიანები რომ განსხვავებულები არიან – ამის გაცნობიერება თითქოს მარტივია. თუმცა, შედეგი, რომელიც ამ ცოდნის ყოველდღიურ გამოვლინებას მოჰყვება სასწავლო პროცესში, დამაფიქრებელია – მოსწავლეთა ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებების ჰეტეროგენურობაზე ორიენტაციისთვის აუცილებელია დიფერენცირებული სწავლება.

მაგრამ კონკრეტულად რას გულისხმობს დიფერენცირებული მიდგომა? სწავლება მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი თითოეულ მოსწავლეს და ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლის ცოდნის ამჟამინდელი დონე, შესაძლებლობები და ინტერესები – არა მხოლოდ ტექნიკური, ანალიტიკური უნარები, არამედ ზოგადად ადამიანის ინდივიდუალური მიდრეკილებები. როდესაც მასწავლებლებმა ვიცით, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს მოსწავლეებისადმი ინდივიდუალური მიდგომა, შიდა დიფერენციაციის განხორციელება სასწავლო პრაქტიკაში რჩება გამოწვევად, რომელთან გამკლავებაც ყოველდღე გვიწევს. ხშირად ფუნდამენტური ცვლილებებისთვის თითქმის არ გვაქვს დრო, ზოგჯერ თავს ვარიდებთ კურიკულუმსა თუ საგაკვეთილო პროცესში ცვლილებების შეტანას. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ მასწავლებლის ყოველდღიური რუტინის ნაწილია საქმიანობის სხვადასხვა სფეროები: რეფორმების, ინოვაციის, ტექნიკური პროგრესის მუდმივი გამოწვევა და ცვლილებები (კომპეტენციებზე ორიენტაცია, უკუკავშირი, თანამშრომლობითი სწავლება, ინკლუზია, საერთაშორისო გაკვეთილები, დიგიტალიზაცია და ა.შ.), მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებას ასევე სჭირდება რუტინული და განმეორებადი ნიმუშები, სჭირდება გარკვეული სტაბილურობა და დაგეგმილი „ყოველდღიური საქმე“.

განათლების სპეციალისტი ბასტიან ბეკერი თავის სტატიაში „განსხვავებულობის გათვალისწინება საგაკვეთილო პროცესში“ გვირჩევს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ტრადიციულად გარე დიფერენციაციის ფორმებს ეყრდნობა, ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს შიდა დიფერენციაციის მეთოდები კლასში. ამიტომ ეფექტიანი იქნება, თუ დავიწყებთ მცირე ნაბიჯებით, დევიზით: „იფიქრე დიდზე, დაიწყე მცირედით!“ (ნორმა და ქეთი გრინი) „Think big, start small!“ (Norm und Kathy Green) რადგან ყოველი დიდი საქმე პატარა ნაბიჯებით იწყება.

მაგალითი: დიფერენცირებული დავალებები

შეგიძლიათ დავალების პირობა ისე ჩამოაყალიბოთ, რომ ისინი სხვადასხვა საჭიროებებს აკმაყოფილებდეს. გთხოვთ, შეადაროთ შემდეგი სამი პირობა:

  1. „აღწერეთ თქვენი ოცნების სკოლა“.
  2. „აღწერეთ თქვენი ოცნების სკოლა, შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით: სკოლის შენობა, კლასი, გაკვეთილები, შესვენებები. შეგიძლიათ, გამოიყენოთ შემდეგი დამხმარე წინადადებები: სკოლის არჩევა რომ შემეძლოს, მაშინ…; ვისურვებდი ჩემს სკოლას…; ჩემი იდეალური გაკვეთილი ასე გამოიყურება:…”
  3. შექმენით თქვენი ოცნების სკოლის აღწერითი ტურის დიზაინი“.

ან:

  1. „გააანალიზეთ მოცემული ლექსი“.
  2. „გააანალიზეთ მოცემული ლექსი, საორიენტაციოდ გამოიყენეთ გაკვეთილზე განხილული/სახელმძღვანელოში მოცემული სქემა. უპირველეს ყოვლისა, განიხილეთ ენის ფიგურალური გამოყენება და ლირიკული მე-ს დამოკიდებულება“.
  3. „გააანალიზეთ მოცემული ლექსი, საორიენტაციოდ გამოიყენეთ გაკვეთილზე განხილული/სახელმძღვანელოში მოცემული სქემა. განვიხილოთ ენის ფიგურალური გამოყენება და ლირიკული მე-ს დამოკიდებულებაც. თქვენ იპოვით მხარდაჭერას დავალების ფორმულირებისთვის ამ სამუშაო ფურცლის უკანა მხარეს. ფიგურალური ენის გამოყენების ანალიზის მიმოხილვა შეგიძლიათ იპოვოთ სასწავლო პლატფორმაზე. შეგიძლიათ გაეცნოთ ლირიკული მე-ს ახსნას ლექსიკონში/ ლექსიკონში საიტზე…..”.

ყველა მოსწავლე მუშაობს ერთსა და იმავე საკითხზე, ყველა ანალოგიური ამოცანებით – მხოლოდ ამოცანები განსხვავებულად არის ფორმულირებული – ღიადან ნახევრად ღიამდე რთულ ამოცანებამდე (იხ. ცხრილი).

 

ღია დავალება ნახევრად ღია დავალება დახურული დავალება დამხმარე საშუალებები წახალისება *

რთული დავალება *

აღწერეთ თქვენი ოცნების სკოლა. – აღწერეთ თქვენი ოცნების სკოლა, შემდეგი ასპექტების მიხედვით: …..

– შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი დამხმარე წინადადებები:

…………………..

აღწერეთ თქვენი ოცნების სკოლა. (ტექსტი გამოტოვებული სიტყვებით,

არჩევითპასუხიანი ტექსტი (შესაძლოა) წინასწარ განსაზღვრული შერჩევის ასპექტებით).

დახმარება, ლექსიკა, წინადადებების დასაწყისი, ტექსტის ნიმუში,

ლექსიკონი,

ენციკლოპედია,

ფოტოები

შექმენით თქვენი ოცნების სკოლის აღწერითი ტურის დიზაინი / გვამოგზაურეთ თქვენი ოცნების სკოლაში თქვენ მიერ შექმნილი დიზაინით (ვირტუალური/მატერიალური).

 

დიფერენციაცია შეიძლება დაფუძნდეს არა მხოლოდ შესრულების დონეებზე, არამედ მოსწავლეთა ინტერესებსა და სურვილებზე, წინარე გამოცდილებაზე, ინდივიდუალურ ძლიერი მხარეებისა და ენობრივი უნარების გათვალისწინებით. ასევე შესაძლებელია დიფერენციაცია სოციალურ ფორმებზე დაყრდნობით, ანუ ჯგუფის სხვადასხვა შემადგენლობის ან დამხმარე სისტემების მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს სოციალურ სწავლებას. ჰეტეროგენურობის ყველა ეს და სხვა ასპექტი გათვალისწინებულია ფრიდრიხის გამომცემლობის (Friedrich Verlag) დიფერენციაციის ახალ სქემაში.

ფრიდრიხის გამომცემლობა ემყარება სახელმძღვანელოს (იხ. ცხრილი 2 ამონარიდი დიფერენციაციის სახელმძღვანელოდან), რომელიც ცდილობს შესთავაზოს მასწავლებლებს დიფერენცირება ასპექტების მიხედვით:

 

 

1: დიფერენცირების რომელ ასპექტებზეა მიმართული შემოთავაზებული გაკვეთილი? 2: დიფერენცირების რომელი მეთოდები გამოიყენება?
 

ინტერესები/მიდრეკილებები/მოტივაცია

 

 

·         სასწავლო გაჩერებები

·         პროექტული სწავლება

·         რაფთის მეთოდი

·         მოსწავლის ინტერესების აღრიცხვის ფორმა

·         კითხვები ინტერესების მიხედვით

·         ინტერესის ჯგუფები/საექსპერტო ჯგუფები

·         და სხვ.

 

ცოდნის დონე/წინარე ცოდნა/წინარე გამოცდილება

 

 

·         საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სასწავლო საშუალებები (მაგ. ლექსიკონი, ენციკლოპედიები, სურათები, რუკა)

·         რჩევის ბარათები

·         წინადადებების ნიმუშები

·         მზა ფრაზები

 

 

შესრულების დონე

 

 

სხვადასხვა სირთულის ამოცანები

·         ამოცანები სხვადასხვა ღია ფორმულირებით (სკაფოლდინგის პრინციპი: მიეცით მხოლოდ საჭირო დახმარება)

·         სასწავლო მენიუ

·         ღია, დახურული ტიპის დავალებები

·         ……….

 

სწავლის ტემპი

 

 

·         დამატებითი ამოცანები („სპრინტერის ამოცანები“)

·         სასწავლო გაჩერებები

·         მუშაობა ჯგუფში/წყვილებში

·         საშინაო დავალება

 

 

სასწავლო გზები/სასწავლო არხები/შემეცნებითი დამუშავების რეჟიმები

 

 

·         განიხილება სხვადასხვა გონებრივი ოპერაცია (მაგ.იმსჯელეთ, დაასაბუთეთ, შეისწავლეთ, შემოქმედებითად წარმოიდგინეთ, დააკავშირეთ, აღწერეთ, გამოთვალეთ, შეაფასეთ და სხვ.)

·         სასწავლო არხის შეცვლა ან სხვადასხვა სწავლის სტილის გაერთიანება (სმენითი, ვიზუალური, კინესთეტური)

·         რიტმული სწავლება აქტივობებისა და მიდგომების შეცვლით (კითხვა- ლაპარაკი, ჯდომა- მოძრაობა, ლაპარაკი -მოსმენა, ფიქრი -კეთება და ა.შ.)

·         ანალიტიკური პროცედურების დასრულება კონკრეტული მოქმედებებით/გადაწყვეტილებებით

 

 

მეტაკოგნიტური და სოციალური უნარები (მაგ. თვითორგანიზება, თვითშეფასება, ურთიერთშეფასება…)

 

 

·         რჩევის ბარათები / მხარდაჭერის შეთავაზებები (დახმარება თვითრეფლექსიისთვის)

·         თანამშრომლობითი სწავლის ფაზები (ურთიერთშეფასება)

·         სოციალური და კომუნიკაციური უნარების მიზნობრივი ხელშეწყობა (დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე)

 

 

ინდივიდუალური ძლიერი მხარეები

(მათ შორის ლოგიკურ-მათემატიკური, ლინგვისტური, მუსიკალური/მხატვრული, ფიზიკური, სოციალური)

 

 

არჩევანი შექმნილ სასწავლო პროდუქტთან დაკავშირებით:

·         შინაარსის არჩევანი

·         განსხვავებული როლები

·         გაკვეთილის ორგანიზება

·         ფორმის არჩევანი

·         რაფთის მეთოდი

 

 

ენობრივი ცოდნა

 

 

·         რჩევის ბარათები ენობრივი/ფორმულირების დამხმარე საშუალებებით

·         თანამშრომლობითი სწავლება ჰეტეროგენულ მცირე ჯგუფებში

(მაგ. სწავლის მეგობრები)

·         განსხვავებული რთული ტექსტები (შეიძლება შემოწმდეს LIX კითხვის კალკულატორის გამოყენებით)

·         ლექსიკონები

·         სურათები

·         ვიდეოები სუბტიტრებით

·          … თქვენი იდეა მისასალმებელია!

მიმაჩნია, რომ მასწავლებლები აუცილებლად შევძლებთ ჩვენს სასწავლო ჯგუფებში, ინდივიდუალურობის გათვალისწინების შესაბამისად, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების განხორციელებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.friedrich-verlag.de/fileadmin/fachwelten/latein-altgriechisch/blog-downloads/Leitfaden_Differenzierung.pdf

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი