სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

„კამიშიბაი“ (kah-mee-she-bye) – იაპონური ქაღალდის თეატრი ჩვენს საკლასო ოთახებში

ნუნუ ქადაგიძის მანათობელი ხელისგულები იაპონურ წარმოდგენაში

მკითხველის თეატრი ძალიან მნიშვნელოვანი, სასიამოვნო და ბავშვებისთვის საყვარელი აქტივობაა, რომელიც ავითარებს წიგნიერების უნარებს; ეხმარება ბავშვებს ტექსტის გააზრებაში; უყალიბებს მათ პოზიტიურ განწყობასა და დამოკიდებულებას წიგნების, ტექსტების მიმართ; ავითარებს შემოქმედებითობას, კრეატიულობას. ამ წერილში მინდა, მოგიყვეთ „კამიშიბაის“, იაპონური ქუჩის თეატრის შესახებ, რომლის საკლასო ოთახში გადმოტანა და სასწავლო რესურსად ქცევა ძალიან, ძალიან საინტერესო, სახალისო და განსხვავებული აქტივობა იქნება როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის.

„კამიშიბაის“ საინტერესო ისტორია აქვს. ის ქუჩის თეატრის ერთ-ერთი სახეობაა, ასე ვთქვათ, თხრობის თეატრი ან თხრობის ხელოვნება. „კამიშიბაიმ“ პოპულარულობის ზენიტს 1930-იან წლებში, დიდი დეპრესიის შემდგომ პერიოდში მიაღწია, სანამ დიდი კონკურენტი – ტელევიზორი გამოუჩნდებოდა. მისი მთხრობელი იაპონიის ქუჩებში მოგზაურობდა თავისი ილუსტრირებული ბარათებით, რომლებიც ხის მინიატიურული სცენის მსგავს მოწყობილობაში იყო მოთავსებული და ჰყვებოდა ამ ბარათების, სურათების ისტორიას; ჰყვებოდა ინტონაციებით, მხატვრულად, ისე, რომ მაყურებელი მოენუსხა და წარმოდგენას წარმატებით ჩაევლო.

თუმცა, „კამიშიბაის“ ისტორია გაცილებით ადრე იწყება, დაახლოებით მერვე საუკუნეში. მას ბუდისტურ ტაძრებში, ბუდისტი ბერები იყენებდნენ თავიანთი ისტორიების გადმოსაცემად. როგორც აღვნიშნეთ, „კამიშიბაის“ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა – ტელევიზორი, რამაც მისი პოპულარულობა შეამცირა და საერთოდაც, ქუჩებიდანაც გააქრო. თუმცა აქვე მოგითხრობთ ერთ საინტერესო ამბავს. როგორ გამოიყენა ქრისტიანმა მისიონერმა „კამიშიბაი“ საგანმანათლებლო მიზნებისთვის, მაშინ, როცა ეს მოწყობილობა ჯერ კიდევ იაპონიის ქუჩებში მოგზაურობდა. ქრისტიანმა მისიონერმა, იამი იონმა, აშშ-დან იაპონიაში დაბრუნებისთანავე საკვირაო სკოლა დააარსა, სადაც ქრისტიანულ მოძღვრებას ავრცელებდა. ერთხელაც, გაკვეთილის მსვლელობისას მისმა მოსწავლეებმა გაკვეთილი მიატოვეს, როგორც კი ტაშის (ჰიოშიგი) ხმა გაიგონეს. რაც ნიშნავდა „კამიშიბაის“ მთხრობლის მოახლოებას. იმაი მოსწავლეებს უკან გაჰყვა, წარმოდგენას დაესწრო და საოცრად მოიხიბლა. აღიარა, რომ „კამიშიბაი“ საკომუნიკაციოდ ძლიერი და მომნუსხავი საშუალება იყო. მან გადაწყვიტა ის ქრისტიანული რწმენის გასავრცელებლად გამოეყენებინა. დაიქირავა „კამიშიბაის“ მხატვრები, რათა ბიბლიური ისტორიებიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები შეექმნათ: „ნოე და წარღვნა“, „კეთილი მწყემსი“, „დავითი და გოლიათი“ და სხვა. ქრისტიანული მისიონერის ეს გადაწყვეტილება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ Kamishibai Publishing Company დააფუძნა.

გავიდა დრო და „კამიშიბაიმ“ სკოლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადაინაცვლა, მასწავლებლები ძალიან აქტიურად იყენებენ მას. ბავშვებს განსაკუთრებით „კამიშიბაის“ იაპონური წარმოშობა მოსწონთ, ხალისობენ ბარათების შექმნის პროცესითაც. „კამიშიბაი“ წარმოდგენები ხელს უწყობს ტექსტის გააზრებას, მხატვრულ კითხვას, ვიზუალიზაციას.

 

 

ვფიქრობ რომ, „კამიშიბაის“ გამოყენებისთვის უმჯობესია, შევარჩიოთ პატარა მოთხრობები, ან დიდი ამბების პატარა ეპიზოდები. მე პირველ ეტაპზე შევარჩევდი, მაგალითად, ნუნუ ქადაგიძის: „მანათობელ ხელისგულებს“. კლასს ვყოფთ ოთხ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს შეხვდება „მანათობელი ხელისგულების“ თითო ეპიზოდი. გამოდის, რომ ჩვენი ტექსტიც ოთხ ნაწილადაა დაყოფილი, ანუ იმდენ ნაწილად, რამდენი ჯგუფიც შევქმენით. თითოეულმა ჯგუფმა იცის, რომ საკუთარ ეპიზოდზე უნდა იმუშაოს. კადრებად წარმოიდგინოს თითქოს ფილმს იღებენ, მოკლედ, ეპიზოდი დაყონ კადრებად და შემდეგ ეს კადრები დიდ ბარათებზე დახატონ. უმჯობესია, ჯერ შავი სამუშაო ვერსია შექმნან და შემდეგ გადაიტანონ დიდ ბარათებზე, სამუშაოდ კი შესაძლოა ასეთი შაბლონიც გამოადგეთ:

ბარათებზე სახატავად მკვეთრი ფერისთვის უმჯობესია, გამოიყენონ გუაშები, ან ზეთოვანი პასტელის ფანქრები. კადრები უნდა იყოს მკვეთრი, ახლოდან, დეტალების გარეშე, კარგი იქნება აქცენტი პერსონაჟის სახესა და ემოციებზე. მაგალითად, ჩვენ მიერ აღნიშნულ მოთხრობაში, მშვენიერი კადრი გამოვიდოდა მზეონას ოქროსქვიშიანი ხელისგულები, რომლებიც ანათებენ, ან ქვიშის კაცუნები ახლო ხედით, ასევე ქვიშის სახლები და სხვა.

როდესაც ბარათები მზად არის, ოთხივე ჯგუფის ნამუშევრები ერთიანდება და ნახატებით გადმოცემული ამბავიც მზად არის. ამის შემდეგ, ბავშვები ჯგუფებში ინაწილებენ ტექსტს და იწყებენ მხატვრულ, გამომსახველობით, ინტონაციურ კითხვაში ვარჯიშს.

„კამიშიბაის“ წარმოდგენა შესაძლოა, გაიმართოს სკოლის ბიბლიოთეკაში, დარბაზში. დამატებითი ელემენტების გამოყენება მკითხველის თეატრს უფრო ეფექტურს გახდის: მუსიკა, განათება, მიკროფონი, აფიშა, მოსაწვევები, „კამიშიბაის“ ჯოხები, რომელთა ერთმანეთზე დარტყმა წარმოდგენის დაწყებას იუწყება.

ვფიქრობ, რომ „კამიშიბაის“ სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა, ძალიან გაახალისებს, გაალამაზებს სასწავლო პროცესს, ბავშვებს მისცემს მეტ სტიმულსა და მოტივაციას, აღმოაჩენს მათ დაფარულ ნიჭსა და უნარებს, შეაყვარებს კითხვასა და წიგნებს.

აქვე გიზიარებთ „კამიშიბაის“ საკლასო ოთახში გამოყენების ერთ ვარიანტს, როდესაც მას თავად მასწავლებელი იყენებს და ბავშვები მსმენელები არიან.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი