შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

საბაზო საფეხურზე მეორე ენაზე წერის სწავლების პრაქტიკული საკითხები

იმისთვის, რომ მოსწავლეებს მეორე ენაზე წერის მოტივაცია ავუმაღლოთ, საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება დაგვჭირდება.

გრამატიკული (ორთოგრაფია-მორფოლოგია-პუნქტუაცია-სინტაქსი) ცოდნის ასამაღლებლად საბაზო საფეხურზე მნიშვნელოვანია:

  • ზეპირი თუ წერითი მეტყველებისას უკუკავშირზე აქცენტების გაძლიერება;
  • მოსწავლეთა ძლიერი მხარეების ხაზგასმა;
  • თითოეული შეცდომის გაანალიზება;
  • მათი დაძლევის გზების დასახვა. ე.ს.გ. მუხლი 29 (გვ.24), მოსწავლის წინსვლისა განვითარების ხელშეწყობა; შეფასების ფორმები, ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი უკუკავშირი, წამახალისებელი მითითებები.

აქტივობა „შავი ყუთი“

მიზანი: მოსწავლეთა შეცდომების რაოდენობის შემცირება ხალისით სწავლებით.

ე.ს.გ., მუხლი 29 – სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; მოსწავლის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობა.

აქტივობის აღწერა: საკლასო ოთახებში დავდგით პირობითი „შავი ყუთები[1]“ (რომლებიც სინამდვილეში ნარინჯისფერია): ორთოგრაფიის შავი ყუთი, მორფოლოგიის შავი ყუთი, სინტაქსის შავი ყუთი. ვაგროვებთ ბარათებზე დაწერილ ყველა მცდარ ფორმას და ყუთში ჩაგდებისთანავე ვაანალიზებთ. გაკვეთილის ბოლო წუთებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ბავშვები ყუთიდან იღებენ ბარათებს და ხელახლა აანალიზებენ შეცდომებს. პირობითად, ესენი მათი გასვლის ბარათებიცაა.

უნდა ითქვას, რომ მე-8 კლასში ყველაზე მეტად ორთოგრაფიის ყუთმა იმუშავა, ხოლო მე-9 კლასში – მორფოლოგიისა და სინტაქსის ყუთებმა.

 თამაში-სიმულაცია „წერილით გეტყვი“ –

„I’ll tell you with the Letter“

მიზანი: წინადადებებისა და აბზაცების დონეების დახვეწა-გაუმჯობესება, ელექტრონული წერილის შესწავლის პრინციპების შესწავლა

აქტივობის აღწერა: თავდაპირველად ჩვენ მიერ შეწყვილებული (ძლიერი-სუსტი) მოსწავლეები[2] ერთმანეთს წერილებს სწერენ ჩვენ მიერ მომზადებულ ბარათებზე მითითებული თემების შესახებ. მაგ.: „What the weather will be like tomorrow?“ – „როგორი ამინდი იქნებ ხვალ?“; „AC/DC or Pink Floyd?“ – „AC/DC თუ „პინკ ფლოიდი“?“; „Coca-cola or Pepsi-cola?“ – „კოკა კოლა თუ პეპსი კოლა?“. ასეთი დავალებები სახალისო და საინტერესოა, რადგან აბზაცებად მოძიებული/დასწავლილი ინფორმაციის კვალობაზე ხდებიან „ექსპერტები“. „ექსპერტობა“ ბავშვებისთვის გამოწვევაა. ინტერვენციის დროს ვიყენებთ საინფორმაციო ტექნოლოგიას. ბავშვებს აქვთ საშუალება, გაკვეთილზევე მოიძიონ გუგლში სასურველი ინფორმაცია და წარუდგინონ კლასს, ასევე მისწერონ ერთმანეთს ელექტრონული წერილები.

აქტივობის შესაბამისობა ე.ს.გ-სთან: უცხ.დ.II.7 – მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა. უცხ.დ.II.7 – მოსწავლეებს შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ინტერაქცია

სიმულაცია „საავტორო სკამი“ – „Author’s Chair“

მიზანი: ტექსტის წერის დონეების დახვეწა-გაუმჯობესება. კრიტიკული აზროვნების, მსჯელობისა და პრეზენტირების უნარების განვითარება

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებისთვის დიდი და საპასუხისმგებლო გამოწვევაა „საავტორო სკამი“. მათ წასაკითხად ვაძლევ რამდენიმე ტექსტს, და ვყოფ ჯგუფებად. ჯგუფები აყალიბებენ მოსაზრებებს ტექსტის შესახებ, რის შემდეგაც ეძლევათ 10 წუთი, რათა თავიანთი თვალსაზრისი ტექსტად აქციონ და ჯერ ჯგუფში განიხილონ, მერე კი კლასს წარუდგინონ. საბოლოოდ მოსწავლეები თავად ირჩევენ საუკეთესო წერილის ავტორს სკამზე წარსადგენად. სკამთან ერთად მათ დაფნის გვირგვინიც ელით. ბავშვები იყენებენ მსჯელობის ტიპს და ამგვარად ცდილობენ 3-5-წინადადებიან აბზაცებში თავიანთი თვალსაზრისის დასაბუთებასა თუ ადრესატის დარწმუნებას.

აქტივობის შესაბამისობა ე.ს.გ-სთან: უცხ.დ.II.7. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა.

 სამწუთიანი წერა თემაზე „Live Long, Stay Strong“

მიზანი: სწრაფად აზროვნების და წერის უნარების განვითარება და სწავლება.

აქტივობის აღწერა: ბავშვებმა 3 წუთში წარმოადგინეს თავიანთი მიგნებები პოსტერზე გაკრული სლოგანის შესახებ, თითომ – 3 ან მეტი თეზა. თითოეულ თეზაზე დაწერეს სამწუთიანი აბზაცი ან ესეი. აქტივობა ძალიან სახალისო იყო. მსგავსი აქტივობები ჩვენი მუშაობის განუყოფელი ნაწილია.

აქტივობის შესაბამისობა ე.ს.გ-სთან: უცხ.დ.II.7. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა. უცხ.დ.II.7. – მოსწავლეებს შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ინტერაქცია.

 აქტივობების შედეგები

სწორმა მეთოდიკურმა დამოკიდებულებამ და შეფასებითმა მიდგომამ აშკარად აამაღლა ბავშვების განწყობა და მოტივაცია, შექმნა მასტიმულირებელი, მულტისენსორული, ხალისიანი გარემო. ახლა უკვე ისინი თავად გვეხმარებიან დამატებითი ტექსტური ბარათების დამზადებაში, ეძებენ, კითხულობენ, უსმენენ, თარგმნიან მცირე საინფორმაციო, საინტერესო და უცნობ ტექსტებს, შედეგად კი ვიღებთ მაღალ მოტივაციას და მაღალ სასწავლო შედეგებს.

ამგვარი მიდგომით, განწყობისა და მოტივაციის ამაღელბასთან ერთად, ბავშვებს უვითარდებათ დასწავლილი ცოდნის გამოყენების, ანალიზის, სინთეზისა და, რაც მთავარია, შეფასებითი – კრიტიკული აზროვნების უნარები, ეჩვევიან უცხო ენაზე კომუნიკაციას, დისკუსიას და საკუთარი აზრების ტექსტებად ორგანიზებასაც სწავლობენ.

გამოყენებული ლიტერატურა

 [1] აღნიშნულ მიდგომას გავეცანით ინტერნეტჟურნალ მასწავლებლის ფურცლებზე, შემდეგ ელმისამართზე გამოქვეყნებულ წერილში:  https://mastsavlebeli.ge/?p=16096

[2] ამ თამაშის მიზანია სუსტი პარტნიორების გაძლიერება. მიზნის მიღწევის შემდეგ მოსწავლეები თავად აირჩევენ პარტნიორებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი