შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

ემპათიის უნარის განვითარება ლიტერატურის გაკვეთილზე

0

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის  მოთხოვნების  გათვალისწინებით, აუცილებელია შემუშავდეს ახალი პროგრამულ-მეთოდური გზამკვლევი, რომელიც  სწავლის პროცესში მონაწილე პირების საზოგადოებაში წარმატებული თვითრეალიზაციისთვის აუცილებელი კომპეტენციების ფორმირებას უზრუნველყოფს. პირველყოვლისა, ეს განსაკუთრებით ეხება მოსწავლეებს, რომელთა ქცევითი ნიშნები სოციო-ემოციური განვითარების  თავისებურებებზე მიანიშნებს – მათ შორის, გაუცხოება, ჩაკეტილობა, კომუნიკაბელურობის, თანაგრძნობის, თანაგანცდის, ემპათიის უნარების არარსებობა. აღიარებულია, რომ ქცევითი აქტივობების შემცირება (ან არარსებობა) გაკვეთილზე ხელს უწყობს მოსწავლეებში შრომის უნარიანობის დაქვეითებას, სომატურ და ნევროფსიქიკურ გადაღლას, რაც თავის მხრივ ზრდის შფოთვას, სტრესს მოზარდებში, ამცირებს სწავლისადმი ინტერსს. ხელს უწყობს აგრესიულ გამოვლინებებს [1:34]. აგრესიის გამოვლინება – თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რაც მოსწავლეებს შორის ბულინგში ვლინდება და  რომელიც გაუმართლებელი სისასტიკით, ნეგატივით, მტრობითა და ბრაზით ხასიათდება. ამ ნეგატიური ფენომენის დასაძლევად საჭიროა საკლასო ოთახში მუდმივად შევქმნათ სიტუაციები მოსწავლეებისთვის გარანტირებული წარმატების რწმენის ფორმირებისთვის. ”წარმატება წარმოშობს თავდაჯერებულობას, ხელს უწყობს ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებას და არასწორი ადაპტაციის დაძლევას. მნიშვნელოვანია ვისწავლოთ მოსწავლის მხარდაჭერა, პოზიტიურ ქმედებებზე ყურადღების მიქცევა, ინტერესის გამოხატვა, ოპტიმიზმის, რწმენის, თანაგრძნობის ჩვენება”. [2:302-306]

„ემპათიას და თანაგრძნობას ანადგურებს საკუთარი თავით ტკბობა. როდესაც ადამიანი საკუთარ თავზეა კონცენტრირებული, მთელი სამყარო მისი პრობლემებისა და საზრუნავის მასშტაბებამდე ვიწროვდება… მაგრამ როდესაც ყურადღებას ვაქცევთ სხვებს, სამყარო ფართოვდება“, –  ვკითხულობთ მიშელ ბორბას (Michele Borba) ბესტსელერში „ემპათიური ბავშვები“.

როგორც წესი, ქართულის გაკვეთილზე, საკლასო აქტივობების განუყოფელი ნაწილია – კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა.  მიზნად დავისახე მხატვრული კითხვა  ბავშვებში ემპათიის უნარის გაღვივების წყაროდ მექცია. ავირჩიეთ წიგნები სერიიდან ,,აირჩიე სიკეთე“ (არამხოლოდ), რომელიც თანამედროვე საბავშვო ავტორების გამორჩეულ წიგნებს აერთიანებს. აქ თავმოყრილი წიგნები ბავშვებისთვის აქტუალურ თემებს ეხება: მეგობრობა, ოჯახი, სკოლა, განსხვავებული უნარები თუ განსხვავებული გარეგნობა, ტოლერანტობა და ემპათია.  თითოეული წიგნი გვარწმუნებს მკითხველს, რომ სიკეთე ნამდვილად სწორი არჩევანია.

ბავშვებს ევალებოდათ კითხვისას გაეკეთებინათ ჩანაწერები (ემპათიურობის მაგალითები).

გთავაზობთ მოსწავლეების მიგნებებს:

არნე სვინგერი  – ,,ბალადა გატეხილ ცხვირზე“

13 წლის ნორვეგიელ ბიჭს თითქმის იგივე პრობლემები აქვს, რაც ჩვენ, ამავე ასაკში მყოფ ქართველ ბავშვებს. მას მეტად რთული ცხოვრება აქვს, მაგრამ ოპტიმისტად რჩება, რადგან ერთი რამ ზუსტად იცის – გულგატეხილობითა და მოწყენილობით ვერაფერს შეცვლის. დედას სურს ბარტმა კრივი ისწავლოს, რათა თავის დაცვა შეძლოს, მაგრამ ბიჭს თავდაცვა სხვაგვარად ესმის: ეს არის დადებითი განწყობა და ოპერა. ამ წიგნში არაერთი ემპათიურობის კონკრეტული მაგალითი გვხდება. მაგ: -,,შენ არ უნდა დამალო შენი სიმღერის ნიჭი, მარტო საპირფარეშოში სიმღერით ვერაფერს გახდები, შენ უნდა გამოამჟღავნო ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდის’’ – ეუბნება ადა ბარტს. გოგონამ ბარტი ჯერ ბრინ ტერფელს შეახვედრა, შემდეგ კი უფრო საოცარი საქციელისკენ უბიძგა – სახალხოდ სიმღერის შიში დააძლევინა და სკოლის ზეიმზე საოცრად იმღერა. ადამ არ მისცა მეგობარს ხელის ჩაქნევის საშუალება და საოცარი ოსტატობით დააძლევინა შიში. როგორც ჩანს, ზოგჯერ მიზნის მისაღწევად სხვასაც უნდა სწამდეს ჩვენი წარმატების. მიუხედავად იმისა, რომ ბარტი არ არის სუსტი ნებისყოფის, მოხერხებულობაც არ აკლია, თავისი დიდი ნიჭის გამომჟღავნებაში მეგობრის დახმარება დასჭირდა.  მოზარდებისთვის მთავარი ავტორიტეტი, როგორც ჩანს, მაინც მათივე თანატოლები არიან, ნამდვილი აღიარება და მეგობრობა მათთან არის შესაძლებელი.

ჯენი პირსონი – ,,ჩვენი საოცარი რეკორდი“

11 წლის ლუსი რობერტსონს დაზიანებული ნივთების შეკეთება გამორჩეულად ეხერხება. ერთ დღეს ის გადაწყვეტს, „შეაკეთოს“ ის, რაც ყველაზე მეტად სურს – დეპრესიით გატანჯული დედა. ამისთვის კი არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიო რეკორდი უნდა დაამყაროს. ეს არც ისე იოლი საქმეა, მით უმეტეს, თუ მოსამზადებლად მხოლოდ 10 დღე რჩება. მაგრამ ლუსი მარტო არაა. მას საუკეთესო მეგობარი ეხმარება – თანაკლასელი – სანდეში. სანდეშის დამოკიდებულება ლუსის მიმართ არის უაღრესად დიდი ემპათიურობის მაგალითი, – სხვაგვარად რომ ვთქვათ – ,, გქონდეს უნარი სხვისი ფეხსაცმლით გაიარო რამდენიმე მილი“. მართლაც, სანდეში ძალებს არ იშურებს დაეხმაროს, გაუგოს, გაიაზროს მეგობრის გასაჭირი, უფრო მეტიც, საკუთარ თავზე აიღებს მიზნის მიღწევის საშუალების ძიება-განხორციელებას. მისი სიტყვები პესიმისტურ განწყობაზე მყოფი ლუსისთვის – ,,მე შენი მჯერა, შენ ამას შეძლებ“ – ერთგვარი მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა. გაუქრა ყველანაირი შიში და რეკორდების დამყარება განაგრძო.

რობ ჰარელი – ,,როსი“  – ნაწარმოები 12 წლის ბიჭის, როს მალოის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც დაავადებაც უნდა დაამარცხოს და ამავე დროს, საშუალო სკოლასაც გადაურჩეს. როსს ყველაზე მეტად ის უნდა, რომ სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდეს – უბრალოდ, ნორმალური ბავშვი იყოს, მაგრამ უეცრად აღმოჩენილი იშვიათი დაავადება ამის საშუალებას არ აძლევს. ბიჭი იძულებულია, გაუმკლავდეს ერთბაშად თავსდატეხილ ყველა პრობლემას – უჩვეულო თერაპიას, მეგობრების დაკარგვასა და სკოლაში დაცინვასაც.

როცა როსს თითქოს ფეხქვეშ მიწა ეცლება, სწორედ მაშინ აღმოაჩენს, რომ მუსიკასა და ნამდვილ მეგობრებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. შესაბამისად, ეს წიგნიც არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თანაგანცდას, თანალმობას უბრალოდ დახმარება კიარა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაც შეუძლია.

ასტრიდ ლინდგრენი, სარა შვარტი – ,,შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“  – 1971 წლის აპრილში 12 წლის შვედი გოგო, სარა იუნგ კრანცი, პირველ, ძალზე გაბედულ და პირდაპირ წერილს სწერს თავის თანამემამულეს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და საყვარელ საბავშვო მწერალს, ასტრიდ ლინდგრენს.

სარა, გოგო, რომელსაც მთელი თავისი არსებით სძულს სკოლა, მასწავლებლები, მამა, კლასელები და ,ზოგადად, მთელი სამყარო. სარა გარდატეხის ასაკის ყველა ეტაპს მძიმე ნაბიჯებით გადის. ხან დეპრესიას, ხან კიდევ არასრულფასოვნების შეგრძნობას აწყდება, ამ ყველაფერს კი შემდეგ ფურცელზე წერს და ლინდგრენს უგზავნის.

ლეგენდარული წიგნების ავტორი ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით პასუხობს და საინტერესო რჩევებსაც კი აძლევს. ეს არ არის ის მოსაწყენი რჩევები, რომლებსაც უფროსების უმეტესობა გვაძლევს. ეს არის იმ ადამიანის რჩევები, რომლსაც ნამდვილად ესმის შენი და შენი პრობლემის. ამას სარაც აღიარებს: „შენ ხარ პირველი ზრდასრული და ჭკვიანი ადამიანი, რომელიც იმავეს არ მეუბნება, რასაც სხვები ჩამჩიჩინებენ“. სარას მინაწერს: ,,ძალიან უშნო ვარ“, მწერალი ასე პასუხობს: ,, შენ ძალიან ლამაზი ხარ, დამიჯერე ბევრ გოგოს შეშურდება შენი სილამაზის, მათ შორის მეც“.

ამ წიგნში ვხდებით არაერთ მაგალითს, სწავლებას ემპათურობის გამოვლენისა, ასტრიდის დამოკიდებულება სარას მიმართ ნათელი მაგალითია თანაგრძნობის გამოხატვისა, სხვისი თვალებით სამყაროს დანახვისა.

ერთმა ადამიანმა მოირგოს სხვა ადამიანის განცდა, შეძლოს ამის გამოხატვა – ეს ხომ ემპათიაა, სწორედ ამაზეა  წიგნი – პოლინა პოსტერის – ,,პოლიანა.“ ობოლი გოგონა, 11 წლის, რომელსაც იშვიათი უნარი აქვს – ყველაფერში, რაც ირგვლივ ხდება, რაღაც სასიხარულო იპოვოს; და, რაც მთავარია, შეუძლია სხვებსაც ასწავლოს, როგორ უნდა უხაროდეთ მაშინ, როდესაც თითქოს ყველაფერი ძალიან, ძალიან ცუდადაა. პოლიანამ მთელი ქალაქი ჩააბა „სიხარულობანას“ თამაშში და ადამიანებს დიდი ხნის წინ დაკარგული სიხარულის განცდა დაუბრუნა. უვლის ყველას, ვისაც სჭირდება მისი დახმარება, ყველაფერში ეძებს გასახარ ამბავს და სიხარულს თამაშში აერთიანებს, ცდილობს ყველა იყოს გახარებული, ეს ცხადყოფს, რომ სიხარულშიც არის თანაგანცდა.

ბავშვებმა ყველა სახის ისტორიები უნდა წავიკითხოთ, არა მარტო ბედნიერი ისტორიები. რთულ ემოციებზე საუბარი წიგნებში იქნება საუკეთესო გზა ემპათიის სასწავლებლად.

ამრიგად, მხატვრული ტექსტი, როგორც სიტყვის ხელოვნება, აირეკლავს ცხოვრებას თავისი წინააღმდეგობებითა და სირთულეებით, გამოირჩევა იდეათა, მსოფლმხედველობათა და ესთეტიკურ განცდათა მრავალფეროვნებით; სწორედ ამიტომ მხატვრული ტექსტების გაცნობისას, ლიტერატურის ფენომენის თავისებურებიდან გამომდინარე, მოსწავლეთა წინაშე ბუნებრივად ჩნდება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის პერსპექტივა, სამყარო კი მრავალფეროვანია და ამ მრავალფეროვნების შეგრძნებისა და შემეცნების საუკეთესო საშუალება სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ლიტერატურულ ქმნილებათა შესწავლაა. ლიტერატურის სწავლების მიზანიც ხომ ისეთი სასწავლო სიტუაციის შექმნაა, რომელშიც ინდივიდს საშუალება ექნება, პიროვნული გამოცდილების საფუძველზე გაიაზროს და შეძლებისდაგვარად შეაფასოს მხატვრულ ტექსტებში ასახული სიღრმისეული და ცხოვრებისეული პრობლემები, სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურაში გამოხატული მისწრაფებები, იდეალები, ღირებულებები და ფასეულობები, შეძლოს თანაგანცდა.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Allemand M., Gruenenfelder-Steiger A.E., Fend H. (2014) Empathy Development in Adolescence Predicts Social Competencies in Adulthood // Journal of Personality. Vol. 83. № 2.
  2. Kravents N. P. (2016). Correct values of illustration in literature textbooks for mentally retarded pupils. Trends in der Entwicklung der nationalen und internationalen Wissenschaft: Sammelwerk der wissenschaftlichen artikel. – Verlag SWG imex GmbH, Nürnberg, Deutschlang, 302–306
  3. Llorent V.J., González-Gómez A.L., Farrington D.P., Zych I. (2020) Social and emotional competencies and empathy as predictors of literacy competence // Psicothema. Vol. 32. № 1.
  4. აფთარაშვილი ი., ბალანჩივაძე ი., მოდებაძე ნ., დევაძე ქ. (2023) ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლის მეთოდოლოგია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი
  5. არნე სვინგერი, ბალადა გატეხილ ცხვირზე.
  6. ჯენი პირსონი, ჩვენი საოცარი რეკორდი
  7. რობ ჰარელი, როსი
  8. ასტრიდ ლინდგრენი, სარა შვარტი, შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ
  9. პოლინა პოსტერის , პოლიანა.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარებაში

0

 

ალბათ ძნელი იქნება ისეთი მშობლის მოძებნა, რომელსაც არ სურს, რომ აღზარდოს ძლიერი, განათლებული პიროვნება, რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს სირთულეებს, პრობლემებს საკუთარი ცხოვრების გზაზე, გადალახოს დაბრკოლებები და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. უმოკლესი გზა აღნიშნული მიზნის მისაღწევად ბავშვებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გამომუშავებაა. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი ეხმარება ბავშვს გაფილტროს მიღებული ინფორმაცია და შეარჩიოს ის, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია მისი პრობლემების გადასაჭრელად. აღნიშნული უნარი საშუალებას აძლევს მას, უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი, სხვა ადამიანები და მის გარშემო არსებული სამყარო. ბევრი აღმზრდელი, როგორც მშობელი, ასევე მასწავლებელი ფიქრობს, რომ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა დაწყებითი კლასების ბავშვებთან ცოტა ნაადრევია და ამაზე ფიქრი სასკოლო ცხოვრების მეორე და მესამე საფეხურზე უნდა დავიწყოთ. უნდა ითქვას, რომ ასეთი მიდგომით ჩვენ შეიძლება საკმაოდ ძვირფასი დრო დავკარგოთ. მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება ბავშვის განვითარებისა და სწორი აღზრდის პირობებში უნდა იქცეს ჩვევად. ჩვევები კი საჭიროა, ადრეული ასაკიდანვე გამოვუმუშაოთ მას. ამაზე ზრუნვა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყოთ, სანამ ბავშვი სკოლაში წავა და სასკოლო სწავლებით დაკავდება. აღნიშნული უნარი დაეხმარება მას, უფრო ადვილად გაუმკლავდეს სასწავლო პრობლემებს და წარმატებულ მოსწავლედ ჩამოყალიბდეს. ბავშვები, რომლებსაც აქვთ კრიტიკული აზროვნების უნარი, ხშირად უფრო მეტად არიან დაინტერესებული სასწავლო პროცესით, აქტიურ მონაწილეობას იღებენ დისკუსიებში. გარდა ამისა, კრიტიკული აზროვნების განვითარება ეხმარება ბავშვს, განივითაროს ლოგიკური აზროვნება და გადაწყვიტოს პრობლემები.

 რეკომენდაციები – როგორ დავეხმაროთ ბავშვებს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარებაში:

  • წავახალისოთ ბავშვის ცნობისმოყვარეობა. ეს არ უნდა გაგვიჭირდეს იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდში, უკვე ადრეულ ასაკში განვითარების ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე ბავშვები განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან, რაც მათ მიერ დასმული შეკითხვებიდანაც კარგად ჩანს. გვახსოვდეს, რომ კრიტიკული აზროვნება ბავშვებშიც და მოზრდილებშიც, პირველ რიგში, ცნობისმოყვარეობით იწყება. შეკითხვები – „რატომ?“, „რისთვის?“ პირველი ნაბიჯებია სააზროვნო უნარების განვითარების გრძელ გზაზე. წავახალისოთ ბავშვი შეკითხვების დასასმელად, მოვიწონოთ მისი ცნობისმოყვარეობა, შევაფასოთ მისი ინტერესი დადებითად. გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი პასუხები ბავშვის მიერ გაუთავებლად დასმულ შეკითხვაზე – „რატომ?“ მისი აზროვნების განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამიტომ, შევეცადოთ ღიად ვიმსჯელოთ და ავხსნათ ჩვენი აზროვნების ლოგიკა. პასუხების გაცემის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვკითხოთ ბავშვს – „რის გაგებაა შენთვის საინტერესო ახლა?“ ან „რატომ არის ეს შენთვის საინტერესო?“. თუ ჩვენ არ შეგვიძლია ვუპასუხოთ ბავშვის შეკითხვებს, შეიძლება ვუთხრათ: „ეს კარგი შეკითხვაა და მეც მინდა, ვიცოდე პასუხი!“ მივცეთ პატარას შესაძლებლობა ხანდახან დამოუკიდებლად ეძებოს პასუხები, ამისათვის საჭირო იქნება მივმართოთ მისი აზროვნება სწორი მიმართულებით;
  • ბავშვთან საუბრისას გამოვიყენოთ ისეთი შეკითხვები, როგორიცაა: შენ რას ფიქრობ?“; „საიდან იცი ეს?“; „რა მოხდება, თუ …. ?“; „შენ რას გააკეთებდი?“; „როგორ გამოასწორებდი ამას?“; „სხვანაირად მოიქცეოდი?“; „არსებობს სხვა საშუალება, გზა ამის გასაკეთებლად?“; „რა იყო ყველაზე რთული?“; „შენ ამას ისევ გააკეთებდი?“. შეკითხვების სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ბავშვმა კრიტიკულად იაზროვნოს, დიდი მნიშვნელობა აქვს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებისთვის;
  • ნუ მოვთხოვთ ბავშვს უსიტყვო მორჩილებას. ბუნებრივია, მშობლებს მხოლოდ კარგი სურთ საკუთარი შვილებისთვის და ფიქრობენ, რომ მოსალოდნელი საფრთხეებისა და სირთულეების თავიდან ასაცილებლად ისინი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდნენ მათ მათსავე სასიკეთოდ. მაგრამ მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა იმის ახსნა, რატომ სურთ მათ, რომ ბავშვმა გააკეთოს ის, რასაც ისინი ითხოვენ მისგან. უფროსებისგან მოსმენილი უსიტყვო მორჩილებისკენ მიმართული ფრაზა – „იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი!“- ვერ განუვითარებს ბავშვს აზროვნების, ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარს. უფროსების მხრიდან ბავშვისადმი წაყენებული ბრმად მორჩილების და მათი ბრძანებების უსიტყვოდ შესრულების მოთხოვნა ყველაზე ეფექტიანი ხერხია კრიტიკული აზროვნების განვითარების შესაფერხებლად;
  • მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, აიღონ პასუხისმგებლობა და ვალდებულებები საკუთარ თავზე. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და შეეცადონ დამოუკიდებლად გადაჭრან ის პრობლემები, რომლებსაც მათ ნაცვლად ყოველთვის უფროსები წყვეტენ. როგორც წესი, ჩვენი მუდმივი მზადყოფნა, თავიდან ავაცილოთ ბავშვს ყველანაირი სირთულე, ვუკარნახოთ მას „სწორი“ ხერხი რაიმეს გასაკეთებლად, რთული სიტუაციიდან გამოსასვლელად, თრგუნავს მის ბუნებრივ სურვილს დამოუკიდებლად იაზროვნოს და მოიფიქროს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ვენდოთ ბავშვს და მივცეთ საშუალება სირთულეების დასაძლევად გზა თავად იპოვოს. მხარი დავუჭიროთ ბავშვს სხვადასხვა პრობლემებისა და ამოცანების გადაჭრაში. დავუსახოთ ისეთი ამოცანები, რომლებიც საჭიროებენ ანალიზსა და გადაწყვეტის ეფექტიანი გზების მოძიებას;
  • მივცეთ ბავშვს შეცდომის დაშვების „უფლება“. იმისათვის, რომ ისწავლოს წარმატების მიღწევა, ბავშვისთვის აუცილებელია განიცადოს წარუმატებლობა. შეცდომები სხვაგვარად ფიქრისა და ცვლილებების შესაძლებლობაა. დავეხმაროთ ბავშვს, გაანალიზოს თავისი შეცდომები და წარუმატებლობები. ვიმსჯელოთ მასთან ერთად, რის გაკეთება შეიძლება სხვაგვარად იმისათვის, რომ მან რაიმე გამოცდილება მიიღოს და გაიუმჯობესოს შედეგი. მივცეთ ბავშვს საშუალება, გააკეთოს საქმე ისე, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ, მაშინაც კი, თუ მისი გადაწყვეტილება არაადეკვატურად გვეჩვენება. განსხვავებული არ ნიშნავს არასწორს და ხანდახან, თუ ბავშვს ექნება შესაძლებლობა, გააკეთოს რაიმე, ან გადაწყვიტოს პრობლემა ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ, შეიძლება მოულოდნელად დადებითი შედეგიც მივიღოთ. თავად ეს პროცესი კი ბავშვისთვის სააზროვნო უნარების განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი გახდება;
  • ვიკითხოთ ბავშვთან ერთად და განვიხილოთ წაკითხული. დავუსვათ შეკითხვები პერსონაჟების მოტივებზე, მათი მოქმედების შედეგებზე, მოვლენების შესაძლო ალტერნატიულ ვერსიებზე. ვასწავლოთ ბავშვს ისეთი შეკითხვების დასმა, როგორებიცაა – „რატომ?“ და „როგორ?“ იმისათვის, რომ უკეთესად გაერკვეს სიტუაციაში და ჩასწვდეს შეკითხვების არსს. ეს ავითარებს ანალიტიკურ მიდგომას ინფორმაციის განხილვისას;
  • ვასწავლოთ ბავშვს მიზეზებისა და შედეგების ანალიზი. წავახალისოთ ის, გაანალიზოს ურთიერთკავშირი მოვლენებს შორის, გამოავლინოს, დაადგინოს მიზეზები და ივარაუდოს შესაძლო შედეგები. ვიმსჯელოთ მასთან ერთად, რა ფაქტორებს შეიძლებოდა მოეხდინა გავლენა გარკვეულ სიტუაციაზე და რა შეიძლება იყოს შესაძლო შედეგი;
  • მოვაწყოთ დებატები და დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, სადაც ბავშვებს შეეძლებათ თავიანთი შეხედულებების არგუმენტირება. ეს ხელს შეუწყობს ინფორმაციის ანალიზის და საკუთარი აზრების დასაბუთებულად გამოხატვის უნარის განვითარებას;
  • აქტიურად გამოვიყენოთ როლური თამაშები. დავეხმაროთ ბავშვს, შევიდეს სხვადასხვა როლში, რომელიც დაეხმარება მას, მიიღოს გადაწყვეტილება და გააანალიზოს საკუთარი მოქმედების შედეგები, რაც, თავის მხრივ, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. ამასთან ერთად ბავშვი სწავლობს ალტერნატიული გზების მოძიებასა და მოქმედების ოპტიმალური ვარიანტების არჩევას;
  • ყოველთვის ვეცადოთ, შევაქოთ და აღვნიშნოთ ბავშვის საქმიანობის არა მხოლოდ შედეგი, არამედ მისი ძალისხმევაც. მხარი დავუჭიროთ ბავშვს სწავლების პროცესში, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორ პასუხამდე მისვლა, არამედ მისკენ მიმავალი გზის განხილვაც;
  • ვიყოთ მაგალითი ბავშვისთვის. შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მას განუვითაროთ კრიტიკული აზროვნება, არის თავად ვიაზროვნოთ კრიტიკულად და ვუჩვენოთ ეს ბავშვს. მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ბავშვს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მოქმედებითაც. ვუჩვენოთ, როგორ გამოიყენოს ეს ღირებული უნარი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამასთან, ისიც გვახსოვდეს, რომ ბავშვებს აქვთ მიდრეკილება, დააკოპირონ ახლობელი უფროსების ქცევა. ამიტომ, მათთან ერთად გამოვიკვლიოთ და გავაანალიზოთ მოვლენები, რომლებიც სიცრუედ გვეჩვენება, ასევე მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვს იწვევს. საშუალება მივცეთ დაუკვირდეს ჩვენს მსჯელობას, მივაწოდოთ კრიტიკული აზროვნების ნიმუში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებით ჩვენ არა მხოლოდ ვეხმარებით ბავშვებს, გახდნენ წარმატებული, არამედ, ამასთან ერთად, ვაყალიბებთ საკუთარ თავში დარწმუნებულ პიროვნებებს, რომლებიც მზად არიან თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის.

 

ორი თეთრი რაინდის შერკინება

0

რამდენი სარაინდო-სათავგადასავლო წიგნი და მათი ეკრანული ვერსია არსებობს? უამრავი… თუმცა, როდესაც საქმე რაინდებზე მიდგება, თავში პირველ რიგში „მწუხარე სახის რაიდნი“ – დონ კიხოტ ლამანჩელი მოდის. ადრეც დამიწერია, ლიკანის სანატორიუმის ბიბლიოთეკაში მორიგი სათავგადასავლო წიგნის ძიებისას, ზედა თაროდან ეს წიგნი პირდაპირ თავში დამეცა (მსუბუქად დამეცა, არ ინერვიულოთ). ჰოდა, ეს ნიშნად ჩავთვალე, ძებნას შევეშვი და კითხვა დავიწყე. ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ბოლოში მაინც გავედი. მოგვიანებით, უკვე მოზრდილმა კიდევ ერთხელ, როგორც საჭირო იყო, ისე წავიკითხე და მივხვდი, რომ ეს ერთი შეხედვით გზააბნეული რაინდი სულ სიბრძნეებს ლაპარაკობს.

 

ალბათ, იმ ბავშვობის დროინდელი შთაბეჭდილებების გავლენაა, რომ თურქეთის ვენეციად წოდებულ ქალაქ ესქიშეჰირში დონ კიხოტის და პანსას ძეგლები ყოველ ჩასვლაზე აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში მაქვს.

 

სხვა რაინდი – უილიამ მარშალია. მასზე საუბარი ოდნავ შორიდან დავიწყოთ. მეთერთმეტე საუკუნეში ინგლისის მეფე ედუარდ აღმსარებელი გარდაიცვალა, სამეფო ტახტს სამნი ეპატრონებოდნენ. ერთი ინგლისელი გრაფი იყო, მეორე ნორვეგიის მეფე და ერთიც ნორმანდიელი ჰერცოგი. ნორმანდია ჩრდილოეთ საფრანგეთის პროვინციაა, რომელიც 11-ე საუკუნეში მის ნომინალურ ნაწილად ითვლებოდა. თუმცა, იქაურ ჰერცოგებს დიდი ავტონომია ჰქონდათ. იმდენად დიდი, რომ ერთი მათგანი გიიომი მეწაღის შვილიშვილი – Bastard (მისი დედა მეწაღის შვილი იყო) წავიდა და 1066 წელს ინგლისი დაიპყრო. ამის შემდეგ მისი მეწაღეობასთან ნათესაური კავშირი არავის აღარ გახსენებია და ყველა ვილჰელმ დამპყრობელს ეძახდა. შედეგად, ინგლისში დიდი ხნის მანძილზე მეფეთა ფრანგულ-ნორმანდიული დინასტია დამკვიდრდა. ეს ხალხი წმინდა წყლის ფრანგები იყვნენ, ძველ ფრანგულ ენაზე საუბრობდნენ და ინგლისის სამეფო კარზე ფრანგული ტრადიციები დაამკვიდრეს. რაინდობაც ფრანგული კულტურის ნაწილია, რომელიც ნორმანდიელებმა ინგლისში შეიტანეს და გაავრცელეს.

გამარჯვების შემდეგ ვილჰელმმა ადგილობრივი საქსონელი დიდგვაროვნების მიწების კონფისკაცია მოახდინა და ნორმანდიელებს ჩამოურიგა. შემდეგ, ბუნებრივია ფრანგები ინგლისელებს შეერივნენ. თუმცა, დაპყრობიდან გარკვეული ხნის განმავლობაში ელიტა ფრანგულენოვანი დარჩა და საქსონურ-ინგლისური ენა უბრალო მოსახლეობაში იყო შემორჩენილი. თანამედროვე ინგლისური ენა კი იმ ძველი ნორმანდიულის და საქსონურის შერწყმის შედეგია.

 

ჩვენი რაინდი უილიამ მარშალი სწორედ ასეთი ნორმანდიული ოჯახიდან გახლდათ. ინგლისელი, ოღონდ სისხლით და წარმოშობით ნორმანდიელი. მისი ნამდვილი სახელი გიიომ დე მარეშალიც უილიამ მარშალად გადაკეთდა. ამ ჩვენი რაინდის დროს ის იულიამ მეწაღე-დამპყრობელი უკვე გარდაცვლილი იყო. ტახტზე მისი უმცროსი შვილი ჰენრიხი ავიდა – ინგლისსაც მართავდა და ნორმანდიასაც. მისი ვაჟი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, შემდეგ ქალიშვილი მატილდა გამეფდა. ამ უკანასკნელს მეფობა ბიძაშვილმა სტეფანმა გამოსტაცა ხელიდან, აქაოდა ქალი ხარ და ტახტთან რა გესაქმებაო. მატილდაც თავისაზე იდგა, ტახტი ჩემიაო და დიდი არეულობა ატყდა ქვეყანაში. ამ დროს დაიბადა ჩვენი რაინდიც. მამამისი მარშალი გვარად კი არა თანამდებობით იყო (მარიშალ ფრანგულად ნიშნავს სამეფო მეჯინიბეს). ნამდვილი გვარი ფიც-ჰილბერტი გახლდათ. ჰოდა, ეს კაცი, რაინდის მამა, ჯერ სტეფანეს ემხრობოდა, მერე მატილდას მხარეს გადაბარგდა. ნებართვის გარეშე ნიუბერის ციხე-კოშკიც კი ააგო, რომელიც განაწყენებულმა სტეფანემ მაშინვე დაურბია. სწორედ შეწყალების თხოვნის მიზნით გაუგზავნა სტეფანეს თავისი ხუთი წლის ვაჟი, რომელიც გარანტი იყო, კარგად მოვიქცევიო. კარგად არ მოიქცა… პირიქით, არც დარბეული კოშკი დაცალა და მატილდას დახმარება გააგრძელა. სტეფანე დაემუქრა, ბავშვს მოგიკლავო. ამან უპასუხა, რაც გინდა უყავი, შვილები კიდევ მეყოლებაო. მამაც ასეთი უნდა!

 

სტეფანე ისე გაბრაზებულა, პატარა ბიჭის ტრებუშეტიდან გატყორცნა უბრძანებია, მაგრამ ბავშვი ძალიან საყვარელი და ანგელოზივით უცოდველი იყო და ვერავის ვერ მოუბრუნდა ხელი, რამე დაეშავებინათო. მოკლედ გადარჩა.

 

1154 წელს ინგლისის ტახტზე მატილდას ვაჟი ჰენრიხ მეორე ავიდა. მემკვიდრეობით მიღებულ მიწებთან ერთად, მეუღლის მზითევიც მიიერთა და საბოლოო ჯამში ფლობდა ინგლისს, ნორმანდიას, ანჟუს, აქვიტანიას, ბრეტანს და ირლანდიას. სამხრეთ ევროპის ძლევამოსილი მონარქი გახდა. ჩვენმა რაინდმა კლასიკური რაინდული განათლება საფრანგეთში მიიღო. სავალდებულო საგნები იყო: ცურვა, ფარიკაობა, ნადირობა, ხმალაობა, ელეგანტურად ჩაცმა. კითხვა იცოდა და ბევრი სათავგადასავლო სარაინდო წიგნი ჰქონდა წაკითხული. ამით მისი განათლება დასრულდა და 1166 წელს ის რაინდად აკურთხეს. ამ ცერემონიას Accolade ერქვა.

 

ეს ჩვენი ახლად დაფრთიანებული რაინდი, მაშინვე სახეტიალოდ წავიდა. მოხეტიალე რაინდების უმრავლესობა სრულიად არაფრის მქონე გახლდათ და „იქნებ რამე ვიპოვო“ – მიზნით დახეტიალობდა. რომანების უმრავლესობაში კი ძალიან რომანტიკულად აღწერდნენ. სწორედ ასეთი რომანტიზმით სავსე წიგნებმა გადარიეს დონ კიხოტიც და ისიც დულსინეას საძებრად გაეშურა. თუმცა, ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, მასაც არაფერი ებადა.

 

…ლამანჩის რომელიღაც სოფელში – არც ისე დიდი ხანია მას შემდეგ, რაც ცხოვრობდა ერთი იდალგო – იმათგანი, რომელთა მთელ სიმდიდრეს შეადგენდა მამაპაპური შუბი, ძველისძველი ფარი, ერთი ჯაგლაგი ცხენი და ერთიც მწევარი. ეს იდალგო ძალიან უბრალო ცხოვრებას ეწეოდა: ბევრჯერ სადილად ძროხის ხორცის ოლასა ჭამდა, ცხვრის ხორცს კი იშვიათად მიირთმევდა, თითქმის ყოველ ვახშმად ვინეგრეტს გეახლებოდათ, შაბათობით ქონიან ტაფამწვარს, პარასკევობით ოსპის შეჭამანდს…“.

 

მოჰბეზრდა იდალგოს ასეთი უბადრუკი ცხოვრება და:

 

„…მეტად საჭიროდ მიიჩნია, როგორც პირადი დიდების მოსახვეჭად, ისე კიდევ სამშობლოს სასარგებლოდაც, მოგზაური რაინდი გამხდარიყო, იარაღი აესხა, ცხენზე შემჯდარიყო, ქვეყნად ხიფათისა და ფათერაკების საძებნელად ეხეტიალნა…“.

 

მოგზაური რაინდები გზადაგზა სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობდნენ. ეს ერთგვარ სპორტულ შეჯიბრებასავით იყო. ასეთ მასშტაბურ ტურნირებში დონ კიხოტს მონაწილეობა არ მიუღია. ჩვენი რაინდი უილიამი კი ამ გზას დაადგა, ოღონდ საფრანგეთში, რადგან ინგლისში ეს საქმე უკვე იკრძალებოდა.

 

იცოდით, რომ ქიმიას თავისი რაინდები ჰყავს?

 

მაშ ასე! ორი თეთრი რაინდის შერკინება.

ავიღოთ 25%-იანი ამიაკი და კონცენტრირებული მარილმჟავა. ორ ქიმიურ ჭიქაში მათი ტოლი მოცულობა ჩავასხათ და ჭიქები ერთმანეთთან ახლოს მივიტანოთ. ქიმიური „ტურნირი“ დაიწყება და შედეგად თეთრი კვამლი წარმოიქმნება. თავად რეაქცია, მათი სრული შერევის შემდეგ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.

NH3+HCl=NH4Cl

 

 

„ტურნირი“ შეიძლება უფრო მეტ მოთამაშეს შორისაც ჩავატაროთ.

 

კოლბაში ვათავსებთ საკვები სოდის და ცარცის ნარევს, შეფარდებით 1:1. შემდეგ ვამატებთ 25%-იან ამიაკს და ბოლოს კონცენტრირებულ მარილმჟავას. პირველად, მარილმჟავა მოქმედებს ნატრიუმის ბიკარბონატთან და კალციუმის კარბონატთან. HCl+NaHCO3=CO2+H2O+NaCl მარილმჟავა ასევე მოქმედებს ამიაკის ორთქლის ნარჩენებთან. HCl+NH4OH=H2O+NH4Cl რაც წარმოქმნის კვამლს, რომელიც წინა რეაქციისას წარმოქმნილი CO2 მეშვეობით გამოიტყორცნება:

ან კიდევ:

აიღეთ კოლბა, ჩაასხით 50%-იანი წყალბადის პეროქსიდი და დაამატეთ „შავი რაინდი“ სახელად მანგანუმის დიოქსიდი. დიდი თეთრი კვამლი ამოვარდება. თუ რაინდობიდან ქიმიაში დავბრუნდებით, ეს წყალბადის პეროქსიდი დაიშალა კატალიზატორით და ჟანგბადი და წყალი გამოიყო. რეაქცია ეგზოთერმულია და სარეაქციო ჭურჭელი ცხელდება.

 

ამ წერილის ინსპირაცია ერთი სურათი იყო, რომელსაც ინტერნეტის ლაბირინთებში შემთხვევით გადავაწყდი. მოხეტიალე რაინდი დონ კიხოტი კახი კავსაძე თავის ერთგულ მსახურ სანჩო პანსა მამუკა კიკალიშვილთან ერთად, გადასაღებ მოედანზე შემთხვევით მოხვედრილ გზააბნეულ მძღოლ რაინდს წისქვილებისკენ მიმავალ გზას ასწავლიან. ვინ იცის, იქნებ ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად…

ჰოდა, სურათს გვერდი ვერ ავუარე, გულგრილი ვერ დავრჩი და ქიმიურ რაინდებთან დავაკავშირე.

 

 

 

 

 

 

 

ინტეგრირებული პროექტი -პერიოდულობის ცხრილის საერთაშორისო დღე

0

პერიოდულობის ცხრილი მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომელიც უზრუნველყოფს ქიმიური ელემენტების სისტემურ ორგანიზებას. მისი ცოდნა ეხმარება მოსწავლეებს, უკეთ გაიაზრონ  სამეცნიერო აღმოჩენების დინამიკა. ქიმიური ელემენტების პერიოდულობის სისტემის საერთაშორისო დღეს აღნიშვნა ხელს უწყობს ამ თემის პოპულარიზაციას და სამეცნიერო განათლების გაღრმავებას.

მენდელეევის პერიოდულობის ცხრილის საერთაშორისო დღე (Periodic Table Day) ყოველწლიურად აღინიშნება 7 თებერვალს.  თარიღი, სიმბოლურად აირჩიეს, რადგან სწორედ ამ დღეს, 1869 წელს, მენდელეევმა პირველად წარმოადგინა ელემენტთა პერიოდული სისტემა რუსეთის ქიმიური საზოგადოების წინაშე. ეს დღე ოფიციალურად აღიარეს და 2019 წელს იუნესკომ და საერთაშორისო თეორიული და გამოყენებითი ქიმიის კავშირმა IUPAC (International Union of Pure and Applied Chemistry) ქიმიური ელემენტების პერიოდულობის საერთაშორისო წლად ( 2019) გამოაცხადეს, რათა აღენიშნათ პერიოდული ცხრილის 150 წლის იუბილე.

  მენდელეევის ცხრილის საერთაშორისო დღე ქიმიის, მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. იგი ეხმარება სტუდენტებსა და მკვლევარებს, უკეთ გაიგონ ელემენტების ორგანიზაცია და მათი ურთიერთდამოკიდებულება, რაც საფუძველს უყრის თანამედროვე ქიმიურ კვლევებსა და ტექნოლოგიურ მიღწევებს.

აღნიშვნა

მსოფლიოს სხვადასხვა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ამ დღეს ტარდება:

  • ლექციები და სემინარები პერიოდულობის ცხრილის მნიშვნელობაზე,
  • ინტერაქტიული თამაშები და ვიქტორინები,
  • ექსპერიმენტები და ლაბორატორიული სამუშაოები,
  • მოსწავლეთა და სტუდენტთა პროექტების პრეზენტაციები.

ეს დღე ხელს უწყობს მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღვივებას და ახალგაზრდა თაობის ჩართვას კვლევით და საგანმანათლებლო აქტივობებში. 

პროექტის განხორციელებაში ჩართული იყვნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და უცხოური ენების კათედრები. ეს ინტეგრაცია დაეხმარა მოსწავლეებს, სხვადასხვა საგნის ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ, განევითარებინათ კვლევითი უნარები და გაეზარდათ საგნობრივი კომპეტენციები.

პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიღწევების გაცნობიერება, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობის უკეთ გააზრება და ძირითადი სამეცნიერო კონცეფციების პრაქტიკაში გამოყენება.

ამოცანები

  • მოსწავლეებისთვის პერიოდულობის ცხრილის და მისი მნიშვნელობის გაცნობა;
  • სამეცნიერო აღმოჩენების შეფასება და მათი გავლენის გააზრება;
  • ზეპირი და წერილობითი უნარების განვითარება;
  • მეცნიერებაში ცვლილებების პროცესის გააზრება;
  • პერიოდულობის ცხრილის კვლევა და მისი სტრუქტურის ანალიზი.

განხორციელების გზები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა ეტაპი გაიარეს:

 თეორიული შესწავლა – მოსწავლეებმა შეისწავლეს პერიოდულობის სისტემის ისტორიული განვითარება, დიმიტრი მენდელეევის დამსახურება და ცხრილის განვითარების დინამიკა დღევანდელობამდე. განიხილეს ქიმიური ელემენტების კლასიფიკაციის სხვადასხვა მცდელობები, პერიოდულობის კანონის არსი და მისი გავლენა თანამედროვე ქიმიაზე.

 ანალიტიკური განხილვა – მოსწავლეები დაყვნენ ჯგუფებად და იმუშავეს ცხრილის სტრუქტურაზე. მათ შეადარეს მოკლეპერიოდიანი და გრძელპერიოდიანი პერიოდულობის ცხრილები, გაანალიზეს მათში არსებული კანონზომიერებები და განიხილეს, როგორ იცვლება ელემენტების ქიმიური თვისებები პერიოდებსა და ჯგუფებში. მათ განიხილეს, როგორ განისაზღვრება ელემენტთა რეაქტიულობა, ატომური რადიუსი, ელექტროუარყოფითობა და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლები.

 სასწავლო რესურსების შექმნა – მოსწავლეებმა შექმნეს ვიზუალური მასალები, როგორიცაა საგანმანათლებლო „puzzle”-ები, პოსტერები, დიაგრამები და პრეზენტაციები. ამ რესურსებმა ხელი შეუწყო პერიოდულობის ცხრილის სტრუქტურის უკეთ გააზრებას და რთული კონცეფციების უფრო გასაგებად გადმოცემას.

 ინტერაქტიული პლატფორმების გამოყენება – მოსწავლეებმა გამოიყენეს ,,Kahoot”-ის პლატფორმა, რათა ტესტებისა და ინტერაქტიული შეკითხვების საშუალებით შეემოწმებინათ ცოდნა. ასევე, ჩატარდა ვიქტორინები და შეჯიბრებები, რომლებმაც ხელი შეუწყო მონაწილეთა მოტივაციის ამაღლებას და შესწავლილი მასალის განმტკიცებას.

 პრეზენტაცია და შეფასება – პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და გამოავლინეს კვლევის შედეგები. მათ წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, განიხილეს პროექტის მსვლელობისას მიღებული ცოდნა და დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ სამეცნიერო ინფორმაციის დამოუკიდებლად გააზრება და გადაცემა. პრეზენტაციები შეფასდა როგორც მასწავლებლების, ისე თანაკლასელების მიერ, რაც დაეხმარა მოსწავლეებს უკუკავშირის მიღებაში და შემდგომი განვითარების გზების განსაზღვრაში.

პროექტმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ აქტიურ და ინტერაქტიულ სწავლების პროცესში. მათ განივითარეს კრიტიკული აზროვნება, კვლევითი უნარები და სამეცნიერო საკითხების პრეზენტაციის შესაძლებლობა. აქტივობები აღმოჩნდა სახალისო და შემეცნებითი, რაც მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებასა და ცოდნის განმტკიცებას უწყობდა ხელს.

    პროექტის წარმატებამ აჩვენა, რომ ინტეგრირებული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. მომავალში, იტალიური სკოლა ,,ცისკარი” გეგმავს ყოველწლიურად აღნიშნოს ეს დღე, რათა კიდევ უფრო გააღრმავოს მოსწავლეთა ინტერესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ. ვუსურვებთ წარმატებას ყველა მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია მეცნიერებით, და ვპირდებით, რომ გავაგრძელებთ მათთვის საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას!

 

 

 

დროის გააზრებისთვის

0

გრიგოლ მეგრელიშვილი , პოეტი როგორც მედიუმი

რა არის დრო? ერთი შეხედვით თითქოს ბანალური შეკითხვაა. თუმცა ბევრი რამ არ მეგულება ისეთი იდუმალი და გამოუცნობი, როგორიც დროა.  ამბობენ რომ როდესაც ჩვენი სამყარო შეიქმნა, ეს მოხერხდა მხოლოდ დროისა და სივრცის შექმნით, ჩვენი სამყოფელი პირდაპირ კავშირშია დროსა და სივრცესთან. ჩვენ დროისა და სივრცის ტყვეები ვართ, აქაურობიდან თავდაღწევას მხოლოდ სიკვიდლის შემდეგ ვახერხებთ, ანუ როდესაც ვთავისუფლდებით იმ ბორკილებისაგნ სხეული რომ ქვია. დიახ, ჩვენ ვტოვებთ, ჩვენ ვიშორებთ რაც გვამძიმებს და მსუბუქი, ფარფატა სულად ქცეულები გავურბივართ დროს, სივრცეს.  მგონია რომ სულს თავის მეხისერება აქვს, იმ დროიდან შემორჩენილი სანამ დროისა და სივრცის ტყვეობაში არ მოექცეოდა, სანამ დანავარდობდა მარადიულობის უსასრულო ტრამალებში ან ისევ დროსა და სივრცეში იღებდა უკვე მერამდენე გამოცდილებას. სული წინასწარ გრძნობს თავის ბედისწერას, თითქოს  ბედისმწერლებმა ოდესაღაც ჩაჩურჩულეს და ეს ჩურჩული მათ ცხოვრებას წითელ ხაზად მიუყვებოდა. ბედისწერას განსაკუთრებით პოეტები გრძნობდნენ, ხშირად საკუთარი ლირიკის მუსიკაში, საკუთარი დასაფლავების სცენებიც გამოერევათ ბეგერებად და რითმებად. „ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,/ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;/შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,/და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!”

ბარათაშვილის ეს სიტყვები მაშინვე მოგვაგონდება და  ამ საოცარი წინასწარმეტყველების პირველად გააზრების გაოცების შორისდებულიც აგმოგხვდება. და ასე მხოლოდ ნიკოლოზი არ ყოფილა, რადგან პოეტი მედიუმია და ის ორ სამყაროს სიტყვებით აკავშირებს, მას განასაკუთრებული სულიერი ცოდნაც უნდა ჰქონდეს.

დარწმუნებული ვარ ადამიანი კარგ პოეზიას ვერ შექმნის, თუ მას განსაკუთრებული კავშირი არ აქვს მიღმიურ სამყაროსთან, პოეტები ხშირად გრძნობენ არაამქვეყნიურ სიოს და ამ სიოთია სწორედ მათი უკვდავი შემოქმდებაც შთაგონებული.

და რომ დავუბრუნდეთ ისევ დროს, ის მართლა არსებობს, თუ ჩვენ მოვიგონეთ? რა არის დრო, რომელიც უსწრაფესად მიქრის და ჩვენს თან მიგვაქროლებს, ამ უკანასკნელი სიტყვის მთელი სიზუსტით, მიგვაქროლებს არამხოლოდ ემოციურად და შინაგანად, ხორციელედაც, მიაქროლებს ჩვენს კანს, ორგანოებს, თვალებს – ნელ-ნელა გვშლის ელემენტებად, გვეკარგება ახალგაზრდობის ცეცხლი, გველევა ცრემლი, გვიჭირს სუნთქვა, ხორცი მიწისკენ მიისრწფვის. თუმცა ეს თვალთხილული და საგრძნობი ცვლილებებია, თითქოსდა თვალის ასახვევად, თითქოსდა მოჩვენებითად, რადგან გონება, რადგან ემოციები და შეგრძნებები – დროს არ ემორჩილება, ისინი დროის მიღმა არსებობენ და დროს არ ემორჩილებიან. აი, მაგალითად თუ ჩემს შეგრძნებებს ჩავუღრმავდები აღმოვაჩენ რომ წლების წინ ნაგრძნობი მომენტები, დავუშვათ უხერხულობა, სიხარული, მოლოდინი, ტკივილი, სიხარული – თითქოს არ დასრულებულა და სადღაც ისევ არსებობს, ანუ ისინი მუდმივია, განგრძნობითი, დაუსრულებეული – შესაძლოა დროის სწრაფად ქროლვამ არ გვაცალა რომ ბოლომდე შეგვეგრძნო და გვეგრძნო ყველაზე სათუთი ემოციები, საყვარელი ადამიანის ჩახუტება და მათი დაუვიწყარი სურნელება, და ის ფაქტი რომ დღეს ისინი აღარ არიან ამ სამყაროში, სულის რაღაც კუნჭული საერთოდ არ იღებს და მთელი არსით ებღაუჭება წლებისწინანდელ დაუსრულებელ მომენტებს. მოგონებებს რომ ვეძახით, თუმცა ეს მოგონებები მე დროს ჩამორჩენილი გრძნობები მგონია, და თუ იმასაც ვირწმუნებთ რომ დრო მხოლოდ მატერიალურზე, ფიზიკურ სხეულზე მოქმედებს, შეიძლება ისიც ვაღიაროთ რომ ჩვენი ფიქრები, ემოციები, შეგრძნებები  სულს ეკუთვნის და ისინი ზემატერიალურია, ზეფიზიკური.  გამოდის რომ შესაძლოა დროს ჩვენი რაღაც ნაწილი დაუსხლტეს, ჩამორჩეს და სადღაც წარსულში ჩარჩეს, თუ დავუჯერებთ მათ, ვინც ამბობდ რომ დრო მხოლოდ აწყმოა და წარსული ანდა მომავალი არ არსებობს, მაშინ გამოდის რომ რაც უკვე მოხდა, ახლაც ხდება, და ეს ჩვენი შეგრძნება რომ აი, რაღაც ვერ მოვათავე, რაღაც საკმარისად კარგად ვერ ვიგრძენი ან სრულყოფილად ვერ განვიცადე  – ამის დასტურია, რაღაც ძალა გვწყვეტს ჩვენს „მომენტებს“, რაღაც ძალა გვიხვევს თვალებს და წინ მიგვაქროლებს, ამ ქროლვაში კი ჩვენი ნამდვილი „მე“ ისვ იქ რჩება, ისევ იქ სანუკვარ ადგილასა და ადამიანებთან.  სად არის ამ დროს ღმერთი? ღმერთი ხომ არ არის ის ძალა, რომელიც ამ „კანონზომიერებას“ წარმართავს და ჩვენს სულებს ახალ გამოცდილებებს აძლევს? ეს ცხოვრება რომ გამოცდაა, ეს უკვე არ არის ახალი ამბავი, მაგრამ არიან სულები რომლებიც ამ გამოცდაში აღმოაჩენენ ხოლმე ჭეშმარიტებას და მიხვდებიან, რომ ეს ცხოვრება სულ არ არის „ნამდვილი“, რაღაც დერეფენივითაა, რომელიც გასავლელია  ახალი ოთახებისა და ახალი სამყაროების დასაუფლებად.

ისევ პოეტებს უნდა დავუბრუნდეთ, რომლებმაც საკუთარ ბედისწერას შესანიშნავად გრძნობდნენ და მას მაინც მიყვებოდნენ, რადგან იცოდნენ რომ საბოლოო ჯილდო ამად ღირდა.

2009 წელს, ძველი ქართული ისტორიის მაგისტრატურაზე გავიცანი პროფესორი გრივერ ფარულავა, საკმაოდ უცნაური და თავისებური ადამიანი, თუმცა პირველივე შეხევდრაზე შეატყობდით სულიერ სიმტკიცესა და სიმყარეს.  ბატონმა გრივერმა გრიგოლ მეგრელიშვილი გამაცნო, ახალგაზრდა პოეტი, რომელიც მხოლოდ ოთხი წელი წერდა და ოცდაერთი წლისა ომში გარდაიცვლა. ჰოდა,  გრიგოლ მეგრელიშვილის პოეზიამ და მისმა ცხოვრებამ მისცა ბიძგი რომ დროზე ფიქრებისთვის ასეთი წერილობითი სახე მიმეცა, რამდენი ხანია დრო ჩემთვის თითქოს დადნა, თითქოს რაღაც გმაჭვირვალე საბურველი გახდა, თუმცა გუშინ რომ გადმოვიღე გრიგოლ მეგრელიშვილის ლექსების კრებული: „ბედის მდინარე“, რომ გადავშალე და გიორგი ლეონიძის წერილმა შემომანათა, თავის პატარა, უდროოდ გარდაცვლილ პოეტ მეგობარზე, მივხვდი რომ, დიახ, დრო პირბითია და სადღაც გაზომილების რაღაც კუნჭულში, 19 წლის პოეტი, გიორგი ლეონიძეს ისევ აღტაცებით უკითხავს საკუთარ ლექსებს.

„ და მეც შევძახე: „ბედის ვარსკვლავო,

ნუ დამიმლავ, გემუდარები:

სულს რა მოელის, როდესაც თვით მე

მოვკვდები, მიწას მივებარები?“

ახალგაზრდა ჭაბუკი პოეტი ბევრს ფიქრობდა და წერდა ბედისწერაზე, თითქოს პასუხები უკვე იცოდა და კითხვებს რიტორიკულად სვამდა, ყოველშემთხვევისთვის.  და ეს მედიუმობა, ეს პოეტური მისტიკა გრიგოლის პოეზიაში ისე ჩანს, ისე ბრწყინავს! საინტერესოა, რატომ არ ვაკითხებთ ჩვენს მოსწავლეებს, რატომ არ ვაცნობთ ახალგაზრდა, უდროოდ გარდაცლილ პოეტს? რატომ არ ვავლებთ პარალელს ბარათაშვილთან? ისინი ხომ ნათესავი სულები იყვნენ, ორივემ კარგად იცოდნენ რომ ამ სამყაროში დროებით იყვნენ, ამას გრძნობდნენ და ორივეს პოეზიაში ეს ცოდნა, ეს გრძნობა – ბედის ვარსკვავივით ციმციმებდა..

გრიგოლ მეგრელიშვილს ფსევდონიმიც ჰქონია: „მთის ნიავი“ – „ახლაც კარგად მახსოვს მისი ღიმილიანი სახე: ჟღალ თვალებზე გრძელი, შავი წამწამები, ზედ ჩიტები დასხდებოდნენ. რბილი, ცოცხალი, კეთილშობილი ჭაბუკი იყო. დიდად მგრძნობიარე.“ – იხსენებს მეგრელიშვილს მეგობარი პოეტი გიორგი ლეონიძე.

„მას, ვინც ზეცით დაბადებულა ღვთიურ ლოცვების ნამდვილ ქურუმად… „ წერს პოეტი და კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ ნამდვილი პოეტი ქურუმია, ზედროულია და მედიუმია.

„ქარო, დაჰქროლე ბედის მდინარეს,

ველურ ნაპირებს შეუთამაშდი,

გაშალე მწუხრი, – გაშალე მწუხრი,

ფიქრის თანამგზავრად მხოლოდ შენ დაშთი.“

ბარათაშვილის მონათესავე სული, მზადაა ქარებსა და ქარიშხალებს გაეჯიბროს, მზადაა აქაურობა მიატოვოს, დროს გაუსწროს და ზედროულად იქცეს. და იქცა კიდეც, აქ დარჩენილებს და დროით მოცულებს, გამოსაფხიზებლად საკუთარი პოეზია დაგვიტოვა, ისე როგორც ბარათაშვილმა, გალაკტიონმა, ტერენტიმ, მირზამ და რა ჩამოთვლის…

დროის თუ ბედისწერის საზღვარზე გადაფრენილი მხედრების მთელი დასი გვყავს, დაუმორჩილებელი და ბედთან მებროძოლი მხედრების. თურმე შესაძლებელი ყოფილა რომ დრო არ აღიარო, იცხოვრო მარადიულობის ჩრდილქვეშ, თუმცა ისინი ჩვენთან დიდხანს ვერ რჩებიან, თან დროს გადაახტე და თან ამ დროის კანონებით იცხოვრო, წარმოუდგენელია. თუ ამ სამყაროს ბედისწერა არ დაგატოვებინებს, მაშინ ბედისწერასაც შენ შექმნი, უბრალოდ გააღებ სარკმელს და…. დროიდან უდროობაში გადაეშვები.

 

 

იდეიდან ტექსტამდე

0

 

  1. წერა და სნეულება

„აკუმის“ წერა გამომფიტავი იყო, ყველანაირად: ემოციურადაც, ფიზიკურადაც. ამიტომ, როცა ნაცნობს შევჩივლე, ბოლო დროს სულ ვავადმყოფობ და ვერაფრით მოვიკეთე-მეთქი, მან ჩემი მდგომარეობა ერთი მოხდენილი ფრაზით შეაფასა: „რომანმა წაიღო ჯანი“.

მაშინ გამეცინა. მერე დავფიქრდი. მერე იყო მეორე წიგნი და კვლავ ავადმყოფობები. ახლაც რომანზე ვმუშაობ და ახლაც, აი, ამწამს, როცა ამ ტექსტს ვკრეფ, ავად ვარ.

ერთი სიტყვით, თუ ვწერ, ვავადმყოფობ – ეს გარდაუვალია. ავადმყოფობა კი მრავალგვარია: შეიძლება, ჩემი ქრონიკული დაავადებებიდან (რომლებიც სწორედ „აკუმის“ დაწერის შემდეგ აღმომაჩნდა) გამწვავდეს რომელიმე ან ვირუსი შემეყაროს. „ახალი აღქმის“ მეორე ნახევარი ლოგინში მწოლიარემ გავასწორე. დაგეგმილი ასე იყო: ლვივში უნდა გამესწორებინა, სადაც სარეზიდენციო პროგრამით მივდიოდი, მაგრამ ავადმყოფობამ ხელი შემიშალა და ვერ წავედი.

თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი სისულელეა და, საერთოდ, რას ვროშავ – იმუნიტეტი მექნება დაქვეითებული, რის შველაც ვიტამინების მიღებით შეიძლება. ქრონიკული დაავადებები კი ისედაც მწვავდება დროდადრო – წერასთან ამას რა კავშირი უნდა ჰქონდეს?

ამ კითხვაზე მხოლოდ ნაწილობრივ შემიძლია, გიპასუხოთ. არც მგონია, რომ მასზე სრულყოფილი პასუხი არსებობს – შემოქმედების ამბავი მაინც იდუმალებით მოცული ამბავია, სულერთია, ვაღიარებთ თუ არა ამას ჩვენს ტექნოლოგიურ და მატერიალისტურ ხანაში.

დავიწყებ იმით, რომ მხოლოდ ჩემს გამოცდილებას არ აღვწერ: მილორად პავიჩი ერთ-ერთი ინტერვიუში (აქ წაიკითხავთ: https://www.dalkeyarchive.com/2013/08/02/a-conversation-with-milorad-pavic-by-thanassis-lallas/) საუბრობს იმ ორი ცდუნების შესახებ, რომლებიც მწერალმა რომანის წერისას უნდა გადალახოს. ამ ცდუნებებზე მსჯელობა ახლა ჩვენი სტატიის თემა არაა, ამიტომ გამოვტოვებ. საინტერესო ჩვენთვის ისაა, რასაც დასასრულ ამბობს: „თუ ამ ორ მომენტს გადალახავ, შედეგსაც კარგს მიიღებ. ჯანმრთელ რომანს დაწერ და მომდევნო ორ წელიწადს იავადმყოფებ. ხაზარული სიტყვისკონა რომ დავწერე, მერე მთელი ორი წლის განმავლობაში ძალიან მძიმედ ვიყავი ავად“.

ამრიგად, არაფერი მელანდება – ესაა ფასი, რომელსაც ვიხდით, რადგან რომანს ჩვენი სიცოცხლის რაღაც ნაწილი მიაქვს.

მეორე მხრივ, ჩემი ფსიქო-ემოციური მდგომარეობაც მკვეთრად უარესდება ხოლმე ვრცელ მხატვრულ ტექსტზე მუშაობისას. დეპრესიული განწყობები მეძალება, ღამით ცუდად მძინავს, გონება თითქოს დაბინდული მაქვს, ადეკვატურად განსჯა, რეალობის აღქმა მიჭირს. ამიტომ ვცდილობ, ასეთ დროს ორმაგად ფრთხილად ვიყო, თუკი რამე მაქვს გადასაწყვეტი, კარგად ავწონ-დავწონო, დინჯად და ისე ვთქვა „ჰო“ ან „არა“.

ეს ბუნებრივიცაა – რომანის წერა მუდმივად სხვა სამყაროში ყოფნას მოითხოვს, მხატვრულ სამყაროში. ამიტომ ამ დროს გავურბივარ ადამიანებს და ურთიერთობებსაც; ურთიერთობებს პირისპირ, ესე იგი, ძალიან ახლო ადამიანებთან, რადგან არაფრის გაზიარება და მოყოლა არ მინდა. სიჩუმეში მინდა ყოფნა, მდუმარებაში. საჯარო ღონისძიებებზე დავდივარ, მაგრამ ისე, რომ არც იქ ვილაპარაკო. არის ხოლმე ზოგჯერ, მომენატრება ლაპარაკი. ასეთ შემთხვევაში, თუ სადმე მიწვევენ, უარს არ ვეუბნები და პირიქით, სიამოვნებით ვხვდები მკითხველებს, თუმცა ეს ხშირად არ ხდება. კიდევ ერთი: კონსტანტინე გამსახურდია წერილში „როგორ ვწერ“ დასძენს, როცა ვწერ, ქალების სიახლოვეს გავურბივარო. უნდა გამოვტყდე, რომ წერისას რომანტიკულ თავგადასავლებს მეც ვერიდები – მაგისი არც თავი მაქვს, არც ხალისი და არც იმ სითბოს გამცემი ვარ, რომელსაც, ზოგადად, გავცემ ხოლმე. ჰოდა, გული რომ არავის ეტკინოს, ასე ჯობს. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ წერის გადამწყვეტი ფაზა არ გადაივლის. ეგ კი ყველა ტექსტს თავისი აქვს.

ეგაა, რომ ცუდად ყოფნისას გონების მოკრება მიჭირს. შესაბამისად, წერაც უფრო რთულია. მომსვლია ასეც: სიცხე მქონია, მიმუშავია და უარესად გავმხდარვარ, მაგრამ დღე თუ ჩავაგდე, სინდისი ისე მქენჯნის, მაგას ყველაფერი მირჩევნია.

მეორე მხრივ, თვითონ ავადმყოფობაც შეიძლება, შთაგონების წყაროდ იქცეს – მაგ დროს სხვანაირად ფიქრობ, შენს არსებობას სხვანაირად აცნობიერებ. სიუზენ ზონტაგს სიმსივნე რომ არ დამართოდა, ვინ იცის, შეიძლება, არც არასდროს დაფიქრებულიყო სნეულების მნიშვნელობაზე და „Illness and Its Metaphors“ არც არასდროს დაეწერა. პარადოქსულია, მაგრამ სნეულება შემოქმედებითად მეტად ნაყოფიერსაც გვხდის და ეს მთელ ხელოვნებაზე შეგვიძლია განვაზოგადოთ: ვივალდიმ დიდწილად იმის ხარჯზე მოახერხა, შეექმნა ამდენი მუსიკალური ნაწარმოები, რომ ასთმა სჭირდა, ღამით არ ეძინა და ამიტომ ბევრსაც თხზავდა. ფლენერი ო’კონორს თითქმის მთელი ცხოვრება შინ გამოკეტილს აქვს გატარებული – მისი დიაგნოზი იყო სისტემური წითელი მგლურა, საკმაოდ მძიმე, ავტოიმუნური დაავადება. იქნებ ამითაც აიხსნება მისი მოთხრობების ფსიქოლოგიური სიღრმე – როცა გარეთ ვერ გადიხარ, მზერას შიგნით მიმართავ. დეგას რქოვანის პათოლოგია დაუდგინეს, რამაც მისი მხედველობა საგრძნობლად გააუარესა. იგივე ითქმის მონეზეც, რომელსაც კატარაქტა სჭირდა. ამის გამოა, სიცოცხლის ბოლო წლებში შესრულებულ ნამუშევრებში, დეგასთანაც და მონესთანაც, მონასმები ძალზე უხეში, გამოსახულება კი უფრო და უფრო აბსტრაქტული რომ ხდება. აქ კი შეუძლებელია, არ ვახსენოთ ბორხესი და მისი არაჩვეულებრივი ესეი „სიბრმავე“, რომელშიც იგი აღწერს, როგორ თანდათან დაკარგა მხედველობა ბადურას ჩამოშლის გამო და ახსენებს ისეთ დიდ სახელებს, როგორიც ჰომეროსია, მსჯელობს, ზოგადად, ბრმა პოეტის ხატზე. თავად ბორხესი მხოლოდ სილუეტებსღა არჩევდა, როცა გადაწყვიტა, ანგლოსაქსურის შესწავლა დაეწყო და დაიწყო კიდეც თავის სტუდენტებთან ერთად.

„ყველაფერი, რაც შეგემთხვევა, იარაღად უნდა აქციო“, – წერს ამ ესეიში. ეს იყო, როგორც ჩანს, მისი მრწამსიც.

ხელოვნებაზე მჭრელი იარაღი კი სხვა რა გეგულებათ?

და ფსიქიკური აშლილობები? ვირჯინია ვულფი, სილვია პლათი, ინგებორგ ბახმანი… ჩამონათვალი უსაშველოდ გრძელია. ფსიქიკური აშლილობები აზიანებს ინტელექტუალურ უნარებს – ეს ზუსტად ვიცით. როგორ ახერხებდნენ, როგორ ქმნიდნენ? როგორ შეძლეს, რომ დაავადებამ მათი ნიჭი ვერ ამოჭამა? იმით ხომ არა, რომ სიცოცხლე გაიღეს ნიჭის სანაცვლოდ? თავად ავადმყოფობაც ხომ სიკვდილის ერთგვარი შეხსენებაა – სხეულის წარმავალობის, მისი ხრწნადობის; ან იქნებ პირიქით: უბრალოდ, ცვალებადობის ნიშანია? გარდაქმნის, განახლების.

ხელოვანი ადამიანისთვის, ალბათ, ასეა.

„ყველაფერი, რაც შეგემთხვევა, იარაღად უნდა აქციო“, ალბათ…

 

საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთის მიერ და მისი შედეგები

0

 

როგორ ვასწავლოთ ოკუპაციის პერიოდი? როგორ დავაფიქროთ მოსწავლები იმაზე, რა შედეგები მოუტანა ოკუპაციამ საქართველოს (განსაკუთრებით – პირველმა თხუთმეტმა-ოცმა წელიწადმა)?

ეს კითხვები აქტუალური ხდება მეორე სემესტრის დადგომასთან ერთად, როდესაც სკოლები ოკუპაციის კვირეულისთვის მზადებას იწყებენ. ამჯერად მოგიყვებით ღონისძიებაზე, რომელმაც მონაწილეებზეც და დამსწრეებზეც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.

1921 წლის თებერვლის მოვლენები და ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია IX კლასში ისწავლება. ამასთან ერთად, სკოლები მართავენ ოკუპაციის კვირეულებს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების, დამოუკიდებლობის 1005 დღის მიღწევების, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის მიმართულებების, თბილისის თავდაცვის ხაზის მდებარეობის, მთავრობის ემიგრაციის და სხვა დეტალების გასახსენებლად.

ამ ისტორიული და გარდამტეხი მომენტის სწავლებისას აქტიურად გამოიყენება დოკუმენტური ფილმები, წყაროები, პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების მოგონებები და ა.შ.

ქვემოთ შემოთავაზებული რესურსი წარმოადგენს საგნების: ლიტერატურის, მოქალაქეობის, ხელოვნებისა და მუსიკის – ინტეგრირების პროდუქტიულ პრაქტიკას, რომლის ფარგლებშიც მოვამზადეთ ღონისძიება „1921 წლის თებერვალი“. სცენარის ავტორია მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის ლიტერატურის მასწავლებელი ნიკა ბურძენიძე.  რესურსი დაგეხმარებათ ოკუპაციისა და მისი თანმხლები მოვლენების გააზრება-გაანალიზებასა და მსგავსი ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელებაში.

 

ღონისძიება შედგებოდა ერთმანეთთან დაკავშირებული ცხრა სცენისგან:

ჩვენი დრო

ერთმანეთს ხვდება ორი ნაცნობი, პირობითად – გოგი და ლევანი. ერთი ქება-დიდებას ასხამს საბჭოთა ეპოქას, მეორე კი არგუმენტებზე დაყრდნობით ასაბუთებს, რა უბედურება მოუტანა ქვეყანას ბოლშევიკების 70-წლიანმა მმართველობამ.

 

მარო მაყაშვილის ოჯახი ფრონტზე წასვლამდე

მეორე სცენაში ვაცოცხლებთ მარო მაყაშვილის ოჯახს მის ომში წასვლამდე. აქ ჩანს 19 წლის მაროს სულისკვეთება, შემართება პატრიოტიზმი, ოცნებები… ოჯახი ხელს არ უშლის, თუმცა ღელავს კარს მომდგარი უბედურების გამო. სცენარში გამოყენებულია ჩანაწერები მარო მაყაშვილის დღიურიდან, მოგონებები და დოკუმენტური მასალები.

 

ამბროსი ხელაიას სამზადისი 1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსასვლელად

1921 წლის ოკუპაციისა და საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ საქართველო როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა მსოფლიომ ნელ-ნელა დაივიწყა. კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ 1922 წლის გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე წერილი გაგზავნა. გზავნილის მიზანი იყო მსოფლიოსთვის იმის შეხსენება, თუ როგორ დაჩაგრა ძლიერმა ჩრდილოელმა მეზობელმა დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა და, ამასთანავე, თხოვნა საერთაშორისო საზოგადოებისადმი საქართველოს დასახმარებლად.

მოქმედება მიმდინარეობს დიალოგის რეჟიმში და დაფუძნებულია დოკუმენტურ წყაროებზე. კათოლიკოს-პატრიარქი პატრიოტს (გამოგონილ პერსონაჟს) აცნობს მიმართვის ძირითად გზავნილებს.

 

მოხსენება – 1924 წლის აჯანყება

ღონისძიების არამხატვრულ ნაწილს შეადგენდა მოხსენება 1924 წლის აჯანყების შესახებ. მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით მოამზადეს პრეზენტაცია, რომლითაც საზოგადოებას გააცნეს აჯანყების სულისკვეთება, მიზნები, მიმდინარეობა და წარუმატებლობის მიზეზები.

 

რეპრესიები

საბჭოთა კავშირში ყოფნის ყველაზე მძიმე წლები საქართველოსთვის რეპრესიებისა და წითელი ტერორის პერიოდი იყო. ამ ეპოქის გასააზრებლად მიხეილ ჯავახიშვილის დაკითხვის პროცესი გავაცოცხლეთ. საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით ვაჩვენეთ, რა აბსურდული ბრალდებით დახვრიტეს დიდი მწერალი, რომელიც 17 წლის შემდეგ, 1954 წელს, რეაბილიტირებულ იქნა და უდანაშაულოდ გამოცხადდა.

დაკითხვებს აწარმოებდნენ სამეულები (ე.წ. ტროიკები). მათ ასევე დაკითხეს კოლაუ ნადირაძე მისი ლექსის „1921 წლის 25 თებერვლის“ გამო. ვაჩვენეთ „მონანიების“ კადრებიც.

 

ინტერვიუ გრიგოლ რობაქიძესთან

ამ ნაწილის შთაგონების წყაროდ იქცა 1954 წელს გრიგოლ რობაქიძესთან ჩაწერილი ინტერვიუ. მოქმედება დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს. გრიგოლ რობაქიძე საუბრობს სამშობლოდან გაქცევის მიზეზებზე, მის მონატრებასა და საბჭოთა რუსეთის სისასტიკეზე.

 

სამეულების ბედი

საბჭოთა კავშირში რეჟიმის ყველაზე მორჩილ და ნებისმიერი ბრძანების შემსრულებელ მოხელე-ჩინოვნიკებსაც კი არ ინდობდნენ. ცნობილია, რომ ე.წ. ტროიკების წევრებს პარტიული ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ ისევე ხვრეტდნენ, როგორც თავად ისინი – ინტელიგენციის წარმომადგენლებს. ფინალური სცენა სწორედ ამ ტრაგიკომიკურ მოვლენაზეა აგებული.

 

ჩვენი ღონისძიება გახდა საგანთა ინტეგრაციის შესანიშნავი მაგალითი. მუსიკის მასწავლებელმა რუსუდან გველესიანმა მისთვის შესაბამისი მელოდიები შეარჩია, ხოლო ხელოვნების მასწავლებელმა ნატო ტალახაძემ სცენის გაფორმებასა და მონაწილეთა ჩაცმულობაზე იზრუნა.

ამ სახით მიწოდებული ინფორმაცია სამუდამოდ ამახსოვრდება მნახველს, ვინაიდან წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს და ზუსტად მიაქვს სათქმელი მაყურებლამდე, მით უმეტეს, წარმოდგენილი სცენარი ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულზე ჰყვება, მისი ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს და ტკივილიან მონაკვეთზე, რომელიც საქართველომ რამდენიმე ათწლეულის წინ გადაიტანა და მის შედეგებს დღემდე იმკის ქვეყანა.

 

სცენარის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ

 

კულინარია – მეცნიერება თუ ხელოვნება         

0

,,კაცობრიობისთვის ახალი კერძის აღმოჩენას მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე ახალი ვარსკვლავისას“ – 1825 წელი, ფრანგი ფიზიოლოგი და გასტრონომი, ბრილატ სავარინი.

 

შესაძლებელია ბევრი ვიკამათოთ იმაზე, კულინარია მეცნიერებაა თუ ხელოვნება. კულინარიის მეცნიერულ საფუძვლებს მოლეკულურ გასტრონომიასაც უწოდებენ. ეს მოიცავს ყველაფერს, სითბოს, მჟავებს, მარილებს, ტემპერატურასა და ყველა ფაქტორს, რომლებიც საკვების მომზადებაზე ახდენს გავლენას.

სჭირდება თუ არა შეფ-მზარეულს მეცნიერების ისეთი დარგების ცოდნა, როგორიცაა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია? რაში უნდა გამოიყენოს მან ისინი?

მზარეულმა ქიმიის მიმართულებით უნდა იცოდეს:

  • რა რეაქციები მიმდინარეობს საკვების მომზადებისას – ყველაზე გავრცელებული მაილარდის რეაქციაა. ამ რეაქციის შედეგია საკვების გაყავისფრება გაცხელების შედეგად. ცილები დენატურირდება და ამინომჟავები რედუცირებულ შაქართან ურთიერთქმედებენ. პროცესს კარამელიზაციას ეძახიან და საკვები მოტკბო გემოს იძენს.
  • რა გავლენას ახდენს ტემპერატურა, მჟავები და ფერმენტები საკვებზე – სითბო და ენზიმები ახდენენ ცილის დენატურაციას, და ცვლიან საკვების სტრუქტურას. მაგალითად, კვერცხის მოხარშვისას ცილა დენატურირდება და ფერი და გემო ეცვლება. როცა ხორცზე ლიმონის წვენს ვასხამთ, ის რბილდება, ადვილია მისგან საკვების მომზადება. გარდა ამისა, ეცვლება საგემოვნო თვისებები, იგივე მეთოდი არ მუშაობს ბოსტნეულთან მიმართებით. გვაკამოლეს მომზადებისას ლიმონის წვენი ავოკადოს დაჟანგვას უშლის ხელს.

კულინარიის ფიზიკა

შეფ-მზარეულს ნამდვილად არ სჭირდება თერმოდინამიკის კანონები. თუმცა გათბობისა და გაგრილების პრინციპებზე წარმოდგენა ნამდვილად უნდა ჰქონდეს.

რა მნიშვნელობა აქვს თბოგამტარობას – ქვაბის ან ტაფის ზედაპირთან მოსამზადებელი პროდუქტი შეხების შედეგად მაშინვე თბება. ქვაბის შედგენილობაზეა დამოკიდებული, რა დრო დასჭირდება კონკრეტული საკვების მომზადებას. ერთი და იმავე კერძის მომზადებას ალუმინის ქვაბში მეტი დრო და ენერგია სჭირდება, სპილენძით მოპირკეთებულ უჟანგავი ფოლადის ქვაბთან შედარებით, მაგრამ უფრო ნაკლები, ვიდრე მინის ქვაბში მომზადებას. ეს დამოკიდებულია მასალის კუთრ სითბოტევადობაზე.

ამოცანა: ვთქვათ, ორი ქვაბი გვაქვს, თითოეულის მასა 1 კგ-ია, ორივე უნდა გავათბოთ 1 გრადუსით. ერთი დამზადებულია ალუმინისგან, მეორეში კი არის 75% უჟანგავი ფოლადი, 25% სპილენძი. რომელი ქვაბის გათბობას უფრო მეტი ენერგია სჭირდება და რამდენჯერ?

ამოცანის ამოხსნის შემდეგ მივიღებთ, რომ სპილენძით მოპირკეთებული ქვაბის გათბობას დაახლოებით ორჯერ ნაკლები ენერგია სჭირდება, ვიდრე ალუმინისას.

უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული სპილენძით მოპირკეთებული ქვაბის ეფექტურობა ასევე მდგომარეობს სპილენძის კარგ თბოგამტარობაში. თუ შევადარებთ ქვაბის მასალების თბოგამტარობის რიცხობრივ მაჩვენებლებს, მივიღებთ: Al : Cu : SiO2 = 200 : 333 : 25. როგორც ხედავთ მინის ქვაბი კიდევ უფრო ცუდი არჩევანია. მაშინაც კი თუ ქვაბის ძირი არათანაბრად გათბა, სპილენძის დიდი თბოგამტარობის გამო, სითბო თანაბრად ნაწილდება ქვაბის შიგთავსში.

რაც შეეხება თბოგადაცემას კონვექციის გზით, ის მიმდინარეობს ჰაერღუმელში, საკვების გაგრილების დროს. გამოსხივებას ვხვდებით მიკროტალღურ ღუმელში, ელექტრომაგნიტური ტალღები ატარებენ სითბოს, რომელიც აღწევს საკვებში. ამიტომ შოკოლადის გადნობას სხვა დრო სჭირდება და კარაქისას სხვა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი საკვების თერმულად სწორად დამუშავებაა. მაგალითად, ქათმის ფილე 740C-მდე თუ არ გათბა, არ ითვლება მომზადებულად. თერმულად დაუმუშავებელი საკვების მიღება ზრდის ჭიებით დასნებოვნებისა და სალმონელოზის რისკს. მზარეულმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომელ პროდუქტს როგორი დამუშავება სჭირდება. შეფს პრობლემას შეუქმნის ზედმეტად გამთბარი, ან სტრუქტურადარღვეული საკვები. ამიტომ ტემპერატურის კონტროლი კულინარიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია.

ბიოლოგია და კულინარია – ეს ორი დარგი განუყოფელია, პირველ რიგში უნდა ვახსენო ფერმენტაციის პროცესი. სპირტული დუღილის შედეგად ხდება ალკოჰოლური სასმელების დამზადება, პურის გაფუება. რძემჟავური დუღილის შედეგად მიიღება მწნილები, რძის პროდუქტები. ზოგჯერ ზედმეტად გაცხელებული საკვები პროდუქტები კარგავენ ვიტამინებს, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ ბიოლოგიური პროცესების ცოდნა, რომლებიც საკვებ პროდუქტებში მიმდინარეობს.

გამოყენებული ლიტერატურა:

Sciense and Cooking – Michael Brenner, Pia Sorensen and David Weitz

მოგონებანი სკოლაზე – სიხარული თუ ტკივილი? (მეორე ნაწილი)  

0

მოგონებანი სკოლაზე – სიხარული თუ ტკივილი?

(მეორე ნაწილი)

ფსიქოლოგიის პროფესორები, პიტერ გრეი და კირსტენ ოლსენი სასკოლო გამოცდილებასა და მოგონებებზე

თავის წიგნში „სკოლით დაჭრილნი“ („Wounded by School: Recapturing the Joy in Learning and Standing Up to Old School Culture“)[1], დოქტორი კირსტენ ოლსონი სასკოლო წლებში მიღებულ ფსიქოლოგიურ იარებსა და ჭრილობებს შვიდ კატეგორიად ყოფს და თითოეულზე ინტერვიუებში გვესაუბრება. ის იმის შესახებაც გვიყვება, როგორ შეუძლიათ მზრუნველ მშობლებს, მასწავლებლებსა და თავად მოსწავლეებს, აღკვეთონ ამ ჭრილობების მიზეზები და ხელი შეუწყონ მათ შეხორცებას. ქვემოთ უბრალოდ ჩამოვთვლით და მოკლედ აღვწერთ დოქტორი ოლსონის მიხედვით გამოვლენილი მწარე მოგონებების (იგივე „სულიერი ჭრილობების“) შვიდ კატეგორიას. შენიშვნა: ტექსტში აღნიშნულია, რომ ზოგან, თითოეული ტიპის ჭრილობის აღწერისას, დამატებულია დოქტორი პიტერ გრეის საკუთარი ხედვა და ინტერპრეტაცია. ლ.ა.

„სასკოლო ჭრილობების“ პირველი ოთხი კატეგორია ძირითადად ჩნდება იმ შეზღუდვების გამო, რომლებიც სკოლაში არსებობს ყოფა-ქცევასა და სწავლებასთან მიმართებაში, ესენია: წინასწარგანსაზღვრული პროგრამა, სწავლების მეთოდების მწირი არჩევანი, ტესტები, რომლებშიც ყველა კითხვაზე მხოლოდ ერთი სწორი პასუხი და ხშირად ის სავალდებულო წესები და რეგულაციები, რომელთა შექმნა-შემოღებაშიც მოსწავლეები არ მონაწილეობენ. ეს კატეგორიები, ავტორის მოსაზრებით შეიძლება შვიდ ჯგუფად დაიყოს:

  1. შემოქმედების იარები

სკოლა თრგუნავს შემოქმედებითობას. ეს ალბათ სკოლით მიყენებული ყველაზე თვალსაჩინო იარაა. მოსწავლეების ინტერესები და ვნებები, ხშირად უგულებელყოფილია. მათი უნიკალური, არასტანდარტული მიდგომები პრობლემების გადასაჭრელად, ისევე როგორც კითხვებზე პასუხები, რომლებიც არ ემთხვევა სწავლებით გათვალისწინებულ სწორ პასუხს, სწორად არ აღიქმება და ხშირად, არასწორ პასუხად ფასდება. მექანიკური სწავლება და ტესტები, სადაც მხოლოდ ერთი სწორი პასუხია, არავისთვის ტოვებს შემოქმედებითობის სივრცეს. ოლსონის რესპონდენტებიდან, ვინც შემოქმედებით სფეროში წარმატებას მიაღწია, სკოლას არავინ უმადლის – მეტიც, ეს მათ, მათი სიტყვებით, „ასეთი [მწარე] სასკოლო გამოცდილების“ მიუხედავად მოახერხეს! მათ ფაქტობრივად მოუწიათ თავიდან აღედგინათ და „გაეზარდათ“ მათში არსებული შემოქმედებითი სული, რომელიც სკოლაში შესვლამდე ბუნებრივად ჰქონდათ. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს სკოლამ ისე ჩაუკლა შემოქმედებითი ნიჭი და ენერგია, რომ ამაზე აღარც კი უფიქრიათ. ზოგი დარჩა (ან წავიდა) იმ სფეროებში, რომლებსაც სასკოლო კურსი არ ეხებოდა, თუმცა, მათი თქმით, სრულად დაკარგეს შემოქმედებითი უნარი და მიდგომა იმ საგნებში, რომლებიც სასწავლო პროგრამაში შედიოდა! რამდენმა ადამიანმა დაკარგა მათემატიკური უნარები და სწრაფვა ამ დისციპლინისკენ, იმის გამო, რომ სკოლაში ეს საგანი ასე ასწავლეს?

  1. დამორჩილების იარები

სკოლაში მოსწავლეები იძულებულნი არიან, მუდმივად დაემორჩილონ წესებსა და პროცედურებს, რომელთა შექმნაშიც მონაწილეობა არ მიუღიათ და შეასრულონ დავალებები, რომლებიც მათ საჭიროებებს არ პასუხობს. ამ წესების და დავალებების შესახებ კითხვების დასმა, უმეტეს შემთხვევაში, აკრძალულია: ვინც ამას აკეთებს, „ჭკუისკოლოფად“ ან ურჩად ითვლება! კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად, ბავშვები სწავლობენ უსიტყვო მორჩილებას, რაც სრულად ეწინააღმდეგება „დემოკრატიული მოქალაქეობის“ პრინციპებს. დემოკრატიას სჭირდება მოქალაქეები, რომლებიც უსამართლო წესებს ეჭვქვეშ (და)აყენებენ და ცვლილებებს მოითხოვენ. უსიტყვო მორჩილებას ჩვეული ადამიანები ცხოვრებაში უფრო ვიწრო, შეზღუდული გზებით მიდიან, რადგან სკოლამ მათ ასწავლა, რომ საზღვრების გადალახვა საშიშია.

  1. ამბოხის იარები

ზოგიერთი მოსწავლე სკოლის უსამართლო წესებსა და დავალებებს პროტესტით პასუხობს. მათ შეიძლება გაუჩნდეთ ძლიერი ბრაზი სისტემის მიმართ, რომელმაც მათ თავისუფლება და ღირსება წაართვა; მასწავლებლების მიმართ, რომლებიც ამ სისტემის ნაწილად აღიქმებიან; და თანაკლასელების მიმართ, რომლებიც უსიტყვოდ ემორჩილებიან წესებს და მათი ამბოხისადმი არასოლიდარული არიან. მათი პროტესტი შეიძლება გამოიხატოს უკანა მერხზე ჯდომაში, ირონიულ კომენტარებში, წესების დემონსტრაციულ დარღვევასა და დავალებების უარყოფაში. ამბოხი ჯანმრთელი რეაქციაა, მაგრამ უკონტროლო და გადაჭარბებულად გამომწვევი ქცევის შემთხვევაში, იგი უფრო მეტად ვნებს, ვიდრე უსიტყვო მორჩილება. სკოლაში წარუმატებლობამ, შესაძლოა მოსწავლის მომავლის პერსპექტივები მნიშვნელოვნად შეზღუდოს. სკოლისადმი ბრაზი, ზოგჯერ სწავლასთან ყველა სახის კავშირის გაწყვეტას იწვევს. ყველაზე ტრაგიკული კი ისაა, რომ ამბოხი შეიძლება თვითდაზიანების ფორმებს იღებდეს — მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარება, უპასუხისმგებლო სექსუალური ურთიერთობები ან სხვა სისხლის სამართლის დანაშაული – როგორც „თვითგამოხატვის“ ან „თვითდამკვიდრების“ ფორმები.

 

  1. გრძნობის შესუსტების ან აღქმის უნარის დაქვეითების იარები

სკოლის მუდმივმა რუტინამ — უსასრულო, მოსაწყენი დავალებების შესრულებამ, გრაფიკისა და რეგლამენტის მკაცრმა დაცვამ — შეიძლება ინტელექტუალური „დაბუჟება“ გამოიწვიოს. ბევრი რესპონდენტი აღწერდა თავს, როგორც „გამორთულს“ ან „გონებრივად დაბუჟებულს“, სანამ სკოლაში სწავლობდა. სკოლაში ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა იშვიათად ფასდება, სამაგიეროდ ფასდება დაუსრულებელი შრომა, დავალებების დროულად შესრულება და წესების მორჩილება. მაგალითად, თუ მოსწავლე ერთ საგანში ბრწყინვალედ იმუშავებს, მაგრამ მეორეს არ შეასრულებს, ერთი საგნისთვის მიიღებს „A“-ს და მეორისთვის „F“-ს. ხოლო ორივე საგანში საშუალო ხარისხის, მაგრამ არაინსპირირებულმა, არაშემოქმედებითმა ნამუშევარმა შეიძლება ორივეგან „A“ მოუტანოს. ესაა ერთ-ერთი გზა, რომლითაც სკოლა კლავს ინტელექტუალურ ენთუზიაზმს. ხშირად, თუ მოსწავლეები რაიმეს მიმართ ენთუზიაზმს ამჟღავნებენ, ეს ნაკლებადაა დაკავშირებული სასწავლო გეგმასთან.

შემდეგი სამი იარა დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ აფასებს და ახარისხებს სკოლა მოსწავლეებს. ჭრილობა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს იმის მიხედვით, თუ როგორ ხარ „შეფასებული“: დაბალ, მაღალ თუ საშუალო დონედ.

  1. დაუფასებლობის იარები

ოლსონის ინტერვიუებში ზოგიერთმა რესპონდენტმა აღწერა, თუ როგორ დააზიანა ისინი სკოლამ, იმ ცრუ შეფასებების, დამოკიდებულებებისა და აღქმების საფუძველზე, რომლებიც მათ მიმართ მათი რასის, სოციალური კლასის, გენდერის, ან იმ ტესტების შედეგების საფუძველზე შეიქმნა, რომლებსაც მათი გონიერება და „შესაბამისობა“ უნდა განესაზღვრა. ზოგჯერ ეს დამოკიდებულებები იმდენად მძლავრი იყო, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელი ხდებოდა და საბოლოოდ ჯობდა „დამოკიდებულებასთან“ შეგუება, ვიდრე მისი შეცვლა. შესაბამისად, ცრუ დამოკიდებულებები და აღქმები თვითგანსაზღვრულ და „თვითგანმსაზღვრელ“ წინასწარმეტყველებად იქცეოდნენ. მაგალითად, რაიმე ოცნების მქონე ახალგაზრდას შეიძლებოდა გადაეხვია სასურველი ბილიკიდან, ერთ ან რამდენიმე საგანში ცუდი ნიშნის გამო; მომავალი ბიოლოგი, შესაძლოა ამ მეცნიერებას ჩამოშორებოდა მეათე კლასის ბიოლოგიაში მიღებული „D“ ნიშნის გამო; ან წერის მოყვარულ მოსწავლეს შეიძლებოდა დაესკვნა, რომ მას პროფესიონალური წერის ნიჭი არ ჰქონდა, რადგან ლიტერატურის (ინგლისურის) მასწავლებელმა ვერ დაინახა მისი ესეების სიღრმე და მისი წინადადებების არატრადიციული სტრუქტურის ბრწყინვალება… რამდენ სტუდენტს ჰქონდა ცუდი ნიშანი იმ საგნებში, რომლებშიც ისინი ზრდასრულობისას, მსოფლიო წამყვანი ადამიანები გახდნენ! ნეტავ მოსწავლეებს სცოდნოდათ ეს… ნეტავ, მასწავლებლებსაც სცოდნოდათ…

აქ უნებურად გახსენდება ალბერტ აინშტაინის, თომას ალვა ედისონის, მარკ ტვენის, რეი ბრედბერის, ჩარლზ დიკენსის, ჯეკ ლონდონის, სტივ ჯობსისა თუ მარკ ცუკერბერგის შემთხვევები, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ საუკეთესო „აკადემიური მოსწრებით“ და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უარი თქვეს ფორმალური განათლების დასრულებაზე და მიატოვეს სკოლები თუ უნივერსიტეტები (ლ.ა.)

  1. სრულყოფილების იარები

მაღალი ნიშნები და ტესტებში საუკეთესო შედეგები, მიუხედავად მათი „კეთილი“ სტატუსისა, შეიძლება მტკივნეული გახდეს ახალგაზრდა პიროვნების ჩამოყალიბების გზაზე. შევეცდებით აგიხსნათ, რას ვგულისხმობთ: ზოგიერთი მოსწავლე, რომლებიც „წარმატებულის“ იდენტობას ირგებს, განიცდის მუდმივ ზეწოლას, რომ ყველაფერი ყოველთვის საუკეთესოდ უნდა გამოსდიოდეს. მათთვის „A“ შეიძლება მარცხის ტოლფასი გახდეს! ისევე როგორც მეორეხარისხოვანი როლი სპექტაკლში, ან უარი საუკეთესო უნივერსიტეტისგან. „სრულყოფილების იარით“ შეიძლება განიმარტოს, ის ფენომენი, რატომ ხდებიან „წარჩინებული“ მოსწავლეები ხშირად თაღლითები, როდესაც გრძნობენ, რომ მათ „ეკუთვნით“ და „უნდა“ მოიპოვონ ყველასგან მოსალოდნელი მაღალი შედეგები, თან ყველაფერში! როდესაც სრულყოფილება ნიშნებით იზომება, სწავლა გადაიქცევა შეჯიბრებად მაღალი ნიშნებისთვის და არა ცოდნისთვის. სკოლაში „სრულყოფილება“ და ინტელექტუალური „დაბუჟება“ ხშირად გვერდიგვერდ „დაიარებიან“.

  1. საშუალოობის იარები

საშუალო მოსწავლე — რომელიც კლასში არც წარუმატებელია და არც გამორჩეული — ხშირად „უხილავისა“ და „უმნიშვნელოს“ სტატუსს ირგებს. ოლსონის რესპონდენტებიდან ბევრმა თქვა, რომ სკოლის წლებში, თავს უმნიშვნელო პიროვნებებად გრძნობდნენ, ანუ ისეთ ადამიანად, რომელიც არაფერს წარმოადგენდა. ეს ახალგაზრდებში ხშირი მოვლენაა და ბევრი, სასკოლო სამყაროსა და იქ გაბატონებული „წესების“ გამო, საკუთარ თავს აღიქვამდა როგორც უხილავს, არასაინტერესოს, რომელსაც არავინ შეხედავს, ან მოუსმენს. ეს კი საკუთარ თავზე წარმოდგენას ისე მძლავრად არღვევს, რომ საბოლოოდ იმ რწმენამდე მიჰყავს, რომ მათ მხოლოდ გვერდის გამაგრება შეუძლიათ და არა თავკაცობა. რომ ისინი „უბრალოდ უმნიშვნელო ადამიანები არიან“.

ყველანი ვხვდებით და ვხედავთ, თუ რამდენად დამაზიანებელია ასეთი „გამოცდილება“ ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებს. კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად, ეს „გამოცდილება“ მას სკოლის კედლებში უგროვდება!

დოქტორი გრეის ბოლოსიტყვაობა: „განათლება არ საჭიროებს იძულებით სასწავლო პროგრამას, დავალებებსა და ნიშნებისთვის დაუსრულებელ რბოლას. განათლება ისეთ გარემოში ვითარდება, სადაც მოსწავლეები საკუთარ სწავლებას თავადვე წარმართავენ, თითოეულს აქვს თავისი უნიკალური ინტერესები და ძლიერი მხარეები. არ არსებობს უნივერსალური სკალა, რომელზეც ვინმე „უკეთესად“ ან „უარესად“ შეფასდება. ასეთი სკოლა უფრო მეტად ჰგავს რეალურ სამყაროს, ვიდრე სტანდარტული, „მოწესრიგებული“ და რეგულაციებით მართული სკოლა. რეალურ სამყაროში საჭიროა ყველა ტიპის ადამიანი, ყველა უნიკალური ნიჭი და ყველა პიროვნება, რათა ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს.

[1] “სკოლით დაჭრილნი”; წიგნის სათაური ინგლისურად: Wounded by School: Recapturing the Joy in Learning and Standing Up to Old School Culture. იხ. ბმული: https://www.amazon.com/Wounded-School-Recapturing-Learning-Standing/dp/0807749559

ჩემი ქალაქი – სასწავლო პროექტი

0

თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ინტეგრირებულ სწავლებას, რომელიც სხვადასხვა საგანსა და უნარს აერთიანებს. სწორედ ასეთი ინოვაციური პროექტია „ჩემი ქალაქი”, რომელიც მესამე კლასის მოსწავლეებისთვის შემუშავდა და მიზნად ისახავს მათთვის შემოქმედებითი, წერის, კითხვისა და პრეზენტაციის უნარების კომპლექსურ განვითარებას.

პროექტის მიზნები და ამოცანები

პროექტის მთავარი მიზნებია:

  • მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება,
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრება,
  • კითხვასა და წერაში გაწაფვა,
  • შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარების განვითარება.

პროექტის ძირითადი ამოცანები მოიცავს:

  • მოსწავლეთა ინფორმირებას პროექტის შესახებ და საჭირო ლიტერატურის გაცნობას.
  • წაკითხული ნაწარმოების შეჯამებას „მოვყვეთ 5 თითით” მეთოდით.
  • თეთრი ქალაქის მაკეტის შექმნას ნაწარმოების მიხედვით.
  • ორიგინალური ამბის შეთხზვას თემაზე “ჩემი ქალაქი” და მისი წიგნად ჩამოყალიბებას.
  • საკუთარი წარმოსახვითი ქალაქის დიორამის შექმნას.
  • საბოლოო პრეზენტაციის მომზადებასა და ჩატარებას.

„მოვყვეთ 5 თითით” აქტივობა

ამ სტრუქტურირებული მეთოდით მოსწავლეები ხუთი ძირითადი ასპექტის მიხედვით აანალიზებენ ტექსტს:

თითი 1 – პერსონაჟები: ვინ არიან მოთხრობის მთავარი გმირები?

თითი 2 – ადგილი და დრო: სად და როდის ხდება მოვლენები?

თითი 3 – პრობლემა: რა არის მოთხრობის მთავარი კონფლიქტი ან პრობლემა?

თითი 4 – გადაჭრის გზა: როგორ იჭრება პრობლემა?

თითი 5 – დასკვნა: რა დასკვნა გამოაქვს მოსწავლეს ამ ამბიდან?

ეს აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარება უფრო გააზრებულად წაიკითხონ და კრიტიკულად გააანალიზონ ტექსტი.

პროექტის ეტაპები

პროექტი ეტაპობრივად ხორციელდება:

  1. გაცნობითი ეტაპი – მოსწავლეები ეცნობიან ნ. ცირამუას ზღაპარს „თეთრი ქალაქი”
  2. ანალიზის ეტაპი – ნაწარმოების ანალიზი და შეჯამება „მოვყვეთ 5 თითით” მეთოდით.
  3. მაკეტის შექმნათეთრი ქალაქის მაკეტის დამზადება ნაწარმოების საფუძველზე.
  4. შემოქმედებითი ეტაპი – საკუთარი ქალაქის კონცეფციის მოფიქრება, ისტორიების შეთხზვა და წიგნად გაფორმება.
  5. დიორამის შექმნა – წარმოსახვითი ქალაქის სამგანზომილებიანი მოდელის დამზადება.
  6. პრეზენტაციის ეტაპი – პროექტის ნამუშევრების წარდგენა უმცროსკლასელებისთვის

 

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად მოსწავლეები:

  • გაიწაფებიან წერით და პრეზენტაციის უნარებში
  • შეიძენენ ახალ ლექსიკურ ერთეულებს და მნიშვნელოვნად გაამდიდრებენ ლექსიკურ მარაგს
  • განივითარებენ შემოქმედებით და კრიტიკული აზროვნების უნარებს
  • გაიაზრებენ ქალაქის როლსა და მნიშვნელობას და შექმნიან მის კონცეპტუალურ მოდელს
  • გაიუმჯობესებენ ჯგუფში თანამშრომლობისა და იდეების გაზიარების უნარებს

რესურსები და შეფასება

პროექტის განსახორციელებლად საჭირო მასალებია:

  • ნ. ცირამუას ზღაპარი „თეთრი ქალაქი”
  • სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები და მარკერები
  • ფერადი ქაღალდები, მუყაო, პლასტილინი, წებო
  • მუყაოს ყუთი დიორამისთვის
  • დამატებითი დეკორატიული ელემენტები (სურვილისამებრ)

პროექტის საბოლოო პრეზენტაცია გაიმართება 2025 წლის 21 თებერვალს. მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება განმავითარებელი კომენტარით, რაც მათ შემდგომი პროფესიული ზრდის სტიმულს მისცემს.

„ჩემი ქალაქი” წარმოადგენს ინოვაციურ სასწავლო პროექტს, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება კითხვის, წერისა და შემოქმედებითი უნარების კომპლექსურ განვითარებაში. პროექტის ფარგლებში ბავშვები არა მხოლოდ ეცნობიან ლიტერატურულ ნაწარმოებს, არამედ თავადაც ქმნიან ორიგინალურ ისტორიებს, მაკეტებსა და დიორამებს, რაც ხელს უწყობს მათი დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებას.

„მოვყვეთ 5 თითით” მეთოდის გამოყენებით, მოსწავლეები უფრო სტრუქტურირებულად და კრიტიკულად შეაფასებენ ნაწარმოებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ანალიტიკურ და აზროვნების უნარებს. ამგვარი კომპლექსური მიდგომა უზრუნველყოფს ცოდნის ინტეგრირებულ შეძენასა და პრაქტიკულ გამოყენებას, რაც თანამედროვე განათლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...