როგორ ვასწავლოთ ოკუპაციის პერიოდი? როგორ დავაფიქროთ მოსწავლები იმაზე, რა შედეგები მოუტანა ოკუპაციამ საქართველოს (განსაკუთრებით – პირველმა თხუთმეტმა-ოცმა წელიწადმა)?
ეს კითხვები აქტუალური ხდება მეორე სემესტრის დადგომასთან ერთად, როდესაც სკოლები ოკუპაციის კვირეულისთვის მზადებას იწყებენ. ამჯერად მოგიყვებით ღონისძიებაზე, რომელმაც მონაწილეებზეც და დამსწრეებზეც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.
1921 წლის თებერვლის მოვლენები და ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია IX კლასში ისწავლება. ამასთან ერთად, სკოლები მართავენ ოკუპაციის კვირეულებს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების, დამოუკიდებლობის 1005 დღის მიღწევების, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის მიმართულებების, თბილისის თავდაცვის ხაზის მდებარეობის, მთავრობის ემიგრაციის და სხვა დეტალების გასახსენებლად.
ამ ისტორიული და გარდამტეხი მომენტის სწავლებისას აქტიურად გამოიყენება დოკუმენტური ფილმები, წყაროები, პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების მოგონებები და ა.შ.
ქვემოთ შემოთავაზებული რესურსი წარმოადგენს საგნების: ლიტერატურის, მოქალაქეობის, ხელოვნებისა და მუსიკის – ინტეგრირების პროდუქტიულ პრაქტიკას, რომლის ფარგლებშიც მოვამზადეთ ღონისძიება „1921 წლის თებერვალი“. სცენარის ავტორია მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის ლიტერატურის მასწავლებელი ნიკა ბურძენიძე. რესურსი დაგეხმარებათ ოკუპაციისა და მისი თანმხლები მოვლენების გააზრება-გაანალიზებასა და მსგავსი ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელებაში.
ღონისძიება შედგებოდა ერთმანეთთან დაკავშირებული ცხრა სცენისგან:
ჩვენი დრო
ერთმანეთს ხვდება ორი ნაცნობი, პირობითად – გოგი და ლევანი. ერთი ქება-დიდებას ასხამს საბჭოთა ეპოქას, მეორე კი არგუმენტებზე დაყრდნობით ასაბუთებს, რა უბედურება მოუტანა ქვეყანას ბოლშევიკების 70-წლიანმა მმართველობამ.
მარო მაყაშვილის ოჯახი ფრონტზე წასვლამდე
მეორე სცენაში ვაცოცხლებთ მარო მაყაშვილის ოჯახს მის ომში წასვლამდე. აქ ჩანს 19 წლის მაროს სულისკვეთება, შემართება პატრიოტიზმი, ოცნებები… ოჯახი ხელს არ უშლის, თუმცა ღელავს კარს მომდგარი უბედურების გამო. სცენარში გამოყენებულია ჩანაწერები მარო მაყაშვილის დღიურიდან, მოგონებები და დოკუმენტური მასალები.
ამბროსი ხელაიას სამზადისი 1922 წელს გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსასვლელად
1921 წლის ოკუპაციისა და საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ საქართველო როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა მსოფლიომ ნელ-ნელა დაივიწყა. კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ 1922 წლის გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე წერილი გაგზავნა. გზავნილის მიზანი იყო მსოფლიოსთვის იმის შეხსენება, თუ როგორ დაჩაგრა ძლიერმა ჩრდილოელმა მეზობელმა დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა და, ამასთანავე, თხოვნა საერთაშორისო საზოგადოებისადმი საქართველოს დასახმარებლად.
მოქმედება მიმდინარეობს დიალოგის რეჟიმში და დაფუძნებულია დოკუმენტურ წყაროებზე. კათოლიკოს-პატრიარქი პატრიოტს (გამოგონილ პერსონაჟს) აცნობს მიმართვის ძირითად გზავნილებს.
მოხსენება – 1924 წლის აჯანყება
ღონისძიების არამხატვრულ ნაწილს შეადგენდა მოხსენება 1924 წლის აჯანყების შესახებ. მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით მოამზადეს პრეზენტაცია, რომლითაც საზოგადოებას გააცნეს აჯანყების სულისკვეთება, მიზნები, მიმდინარეობა და წარუმატებლობის მიზეზები.
რეპრესიები
საბჭოთა კავშირში ყოფნის ყველაზე მძიმე წლები საქართველოსთვის რეპრესიებისა და წითელი ტერორის პერიოდი იყო. ამ ეპოქის გასააზრებლად მიხეილ ჯავახიშვილის დაკითხვის პროცესი გავაცოცხლეთ. საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით ვაჩვენეთ, რა აბსურდული ბრალდებით დახვრიტეს დიდი მწერალი, რომელიც 17 წლის შემდეგ, 1954 წელს, რეაბილიტირებულ იქნა და უდანაშაულოდ გამოცხადდა.
დაკითხვებს აწარმოებდნენ სამეულები (ე.წ. ტროიკები). მათ ასევე დაკითხეს კოლაუ ნადირაძე მისი ლექსის „1921 წლის 25 თებერვლის“ გამო. ვაჩვენეთ „მონანიების“ კადრებიც.
ინტერვიუ გრიგოლ რობაქიძესთან
ამ ნაწილის შთაგონების წყაროდ იქცა 1954 წელს გრიგოლ რობაქიძესთან ჩაწერილი ინტერვიუ. მოქმედება დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს. გრიგოლ რობაქიძე საუბრობს სამშობლოდან გაქცევის მიზეზებზე, მის მონატრებასა და საბჭოთა რუსეთის სისასტიკეზე.
სამეულების ბედი
საბჭოთა კავშირში რეჟიმის ყველაზე მორჩილ და ნებისმიერი ბრძანების შემსრულებელ მოხელე-ჩინოვნიკებსაც კი არ ინდობდნენ. ცნობილია, რომ ე.წ. ტროიკების წევრებს პარტიული ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ ისევე ხვრეტდნენ, როგორც თავად ისინი – ინტელიგენციის წარმომადგენლებს. ფინალური სცენა სწორედ ამ ტრაგიკომიკურ მოვლენაზეა აგებული.
ჩვენი ღონისძიება გახდა საგანთა ინტეგრაციის შესანიშნავი მაგალითი. მუსიკის მასწავლებელმა რუსუდან გველესიანმა მისთვის შესაბამისი მელოდიები შეარჩია, ხოლო ხელოვნების მასწავლებელმა ნატო ტალახაძემ სცენის გაფორმებასა და მონაწილეთა ჩაცმულობაზე იზრუნა.
ამ სახით მიწოდებული ინფორმაცია სამუდამოდ ამახსოვრდება მნახველს, ვინაიდან წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს და ზუსტად მიაქვს სათქმელი მაყურებლამდე, მით უმეტეს, წარმოდგენილი სცენარი ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულზე ჰყვება, მისი ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს და ტკივილიან მონაკვეთზე, რომელიც საქართველომ რამდენიმე ათწლეულის წინ გადაიტანა და მის შედეგებს დღემდე იმკის ქვეყანა.
სცენარის ჩამოსატვირთად დააჭირეთ აქ