ალბათ ძნელი იქნება ისეთი მშობლის მოძებნა, რომელსაც არ სურს, რომ აღზარდოს ძლიერი, განათლებული პიროვნება, რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს სირთულეებს, პრობლემებს საკუთარი ცხოვრების გზაზე, გადალახოს დაბრკოლებები და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. უმოკლესი გზა აღნიშნული მიზნის მისაღწევად ბავშვებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის გამომუშავებაა. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი ეხმარება ბავშვს გაფილტროს მიღებული ინფორმაცია და შეარჩიოს ის, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია მისი პრობლემების გადასაჭრელად. აღნიშნული უნარი საშუალებას აძლევს მას, უკეთ შეიცნოს საკუთარი თავი, სხვა ადამიანები და მის გარშემო არსებული სამყარო. ბევრი აღმზრდელი, როგორც მშობელი, ასევე მასწავლებელი ფიქრობს, რომ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა დაწყებითი კლასების ბავშვებთან ცოტა ნაადრევია და ამაზე ფიქრი სასკოლო ცხოვრების მეორე და მესამე საფეხურზე უნდა დავიწყოთ. უნდა ითქვას, რომ ასეთი მიდგომით ჩვენ შეიძლება საკმაოდ ძვირფასი დრო დავკარგოთ. მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება ბავშვის განვითარებისა და სწორი აღზრდის პირობებში უნდა იქცეს ჩვევად. ჩვევები კი საჭიროა, ადრეული ასაკიდანვე გამოვუმუშაოთ მას. ამაზე ზრუნვა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყოთ, სანამ ბავშვი სკოლაში წავა და სასკოლო სწავლებით დაკავდება. აღნიშნული უნარი დაეხმარება მას, უფრო ადვილად გაუმკლავდეს სასწავლო პრობლემებს და წარმატებულ მოსწავლედ ჩამოყალიბდეს. ბავშვები, რომლებსაც აქვთ კრიტიკული აზროვნების უნარი, ხშირად უფრო მეტად არიან დაინტერესებული სასწავლო პროცესით, აქტიურ მონაწილეობას იღებენ დისკუსიებში. გარდა ამისა, კრიტიკული აზროვნების განვითარება ეხმარება ბავშვს, განივითაროს ლოგიკური აზროვნება და გადაწყვიტოს პრობლემები.
რეკომენდაციები – როგორ დავეხმაროთ ბავშვებს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარებაში:
- წავახალისოთ ბავშვის ცნობისმოყვარეობა. ეს არ უნდა გაგვიჭირდეს იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდში, უკვე ადრეულ ასაკში განვითარების ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე ბავშვები განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან, რაც მათ მიერ დასმული შეკითხვებიდანაც კარგად ჩანს. გვახსოვდეს, რომ კრიტიკული აზროვნება ბავშვებშიც და მოზრდილებშიც, პირველ რიგში, ცნობისმოყვარეობით იწყება. შეკითხვები – „რატომ?“, „რისთვის?“ პირველი ნაბიჯებია სააზროვნო უნარების განვითარების გრძელ გზაზე. წავახალისოთ ბავშვი შეკითხვების დასასმელად, მოვიწონოთ მისი ცნობისმოყვარეობა, შევაფასოთ მისი ინტერესი დადებითად. გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი პასუხები ბავშვის მიერ გაუთავებლად დასმულ შეკითხვაზე – „რატომ?“ მისი აზროვნების განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამიტომ, შევეცადოთ ღიად ვიმსჯელოთ და ავხსნათ ჩვენი აზროვნების ლოგიკა. პასუხების გაცემის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვკითხოთ ბავშვს – „რის გაგებაა შენთვის საინტერესო ახლა?“ ან „რატომ არის ეს შენთვის საინტერესო?“. თუ ჩვენ არ შეგვიძლია ვუპასუხოთ ბავშვის შეკითხვებს, შეიძლება ვუთხრათ: „ეს კარგი შეკითხვაა და მეც მინდა, ვიცოდე პასუხი!“ მივცეთ პატარას შესაძლებლობა ხანდახან დამოუკიდებლად ეძებოს პასუხები, ამისათვის საჭირო იქნება მივმართოთ მისი აზროვნება სწორი მიმართულებით;
- ბავშვთან საუბრისას გამოვიყენოთ ისეთი შეკითხვები, როგორიცაა: შენ რას ფიქრობ?“; „საიდან იცი ეს?“; „რა მოხდება, თუ …. ?“; „შენ რას გააკეთებდი?“; „როგორ გამოასწორებდი ამას?“; „სხვანაირად მოიქცეოდი?“; „არსებობს სხვა საშუალება, გზა ამის გასაკეთებლად?“; „რა იყო ყველაზე რთული?“; „შენ ამას ისევ გააკეთებდი?“. შეკითხვების სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ ბავშვმა კრიტიკულად იაზროვნოს, დიდი მნიშვნელობა აქვს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებისთვის;
- ნუ მოვთხოვთ ბავშვს უსიტყვო მორჩილებას. ბუნებრივია, მშობლებს მხოლოდ კარგი სურთ საკუთარი შვილებისთვის და ფიქრობენ, რომ მოსალოდნელი საფრთხეებისა და სირთულეების თავიდან ასაცილებლად ისინი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდნენ მათ მათსავე სასიკეთოდ. მაგრამ მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა იმის ახსნა, რატომ სურთ მათ, რომ ბავშვმა გააკეთოს ის, რასაც ისინი ითხოვენ მისგან. უფროსებისგან მოსმენილი უსიტყვო მორჩილებისკენ მიმართული ფრაზა – „იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი!“- ვერ განუვითარებს ბავშვს აზროვნების, ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარს. უფროსების მხრიდან ბავშვისადმი წაყენებული ბრმად მორჩილების და მათი ბრძანებების უსიტყვოდ შესრულების მოთხოვნა ყველაზე ეფექტიანი ხერხია კრიტიკული აზროვნების განვითარების შესაფერხებლად;
- მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, აიღონ პასუხისმგებლობა და ვალდებულებები საკუთარ თავზე. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და შეეცადონ დამოუკიდებლად გადაჭრან ის პრობლემები, რომლებსაც მათ ნაცვლად ყოველთვის უფროსები წყვეტენ. როგორც წესი, ჩვენი მუდმივი მზადყოფნა, თავიდან ავაცილოთ ბავშვს ყველანაირი სირთულე, ვუკარნახოთ მას „სწორი“ ხერხი რაიმეს გასაკეთებლად, რთული სიტუაციიდან გამოსასვლელად, თრგუნავს მის ბუნებრივ სურვილს დამოუკიდებლად იაზროვნოს და მოიფიქროს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ვენდოთ ბავშვს და მივცეთ საშუალება სირთულეების დასაძლევად გზა თავად იპოვოს. მხარი დავუჭიროთ ბავშვს სხვადასხვა პრობლემებისა და ამოცანების გადაჭრაში. დავუსახოთ ისეთი ამოცანები, რომლებიც საჭიროებენ ანალიზსა და გადაწყვეტის ეფექტიანი გზების მოძიებას;
- მივცეთ ბავშვს შეცდომის დაშვების „უფლება“. იმისათვის, რომ ისწავლოს წარმატების მიღწევა, ბავშვისთვის აუცილებელია განიცადოს წარუმატებლობა. შეცდომები სხვაგვარად ფიქრისა და ცვლილებების შესაძლებლობაა. დავეხმაროთ ბავშვს, გაანალიზოს თავისი შეცდომები და წარუმატებლობები. ვიმსჯელოთ მასთან ერთად, რის გაკეთება შეიძლება სხვაგვარად იმისათვის, რომ მან რაიმე გამოცდილება მიიღოს და გაიუმჯობესოს შედეგი. მივცეთ ბავშვს საშუალება, გააკეთოს საქმე ისე, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ, მაშინაც კი, თუ მისი გადაწყვეტილება არაადეკვატურად გვეჩვენება. განსხვავებული არ ნიშნავს არასწორს და ხანდახან, თუ ბავშვს ექნება შესაძლებლობა, გააკეთოს რაიმე, ან გადაწყვიტოს პრობლემა ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ, შეიძლება მოულოდნელად დადებითი შედეგიც მივიღოთ. თავად ეს პროცესი კი ბავშვისთვის სააზროვნო უნარების განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი გახდება;
- ვიკითხოთ ბავშვთან ერთად და განვიხილოთ წაკითხული. დავუსვათ შეკითხვები პერსონაჟების მოტივებზე, მათი მოქმედების შედეგებზე, მოვლენების შესაძლო ალტერნატიულ ვერსიებზე. ვასწავლოთ ბავშვს ისეთი შეკითხვების დასმა, როგორებიცაა – „რატომ?“ და „როგორ?“ იმისათვის, რომ უკეთესად გაერკვეს სიტუაციაში და ჩასწვდეს შეკითხვების არსს. ეს ავითარებს ანალიტიკურ მიდგომას ინფორმაციის განხილვისას;
- ვასწავლოთ ბავშვს მიზეზებისა და შედეგების ანალიზი. წავახალისოთ ის, გაანალიზოს ურთიერთკავშირი მოვლენებს შორის, გამოავლინოს, დაადგინოს მიზეზები და ივარაუდოს შესაძლო შედეგები. ვიმსჯელოთ მასთან ერთად, რა ფაქტორებს შეიძლებოდა მოეხდინა გავლენა გარკვეულ სიტუაციაზე და რა შეიძლება იყოს შესაძლო შედეგი;
- მოვაწყოთ დებატები და დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, სადაც ბავშვებს შეეძლებათ თავიანთი შეხედულებების არგუმენტირება. ეს ხელს შეუწყობს ინფორმაციის ანალიზის და საკუთარი აზრების დასაბუთებულად გამოხატვის უნარის განვითარებას;
- აქტიურად გამოვიყენოთ როლური თამაშები. დავეხმაროთ ბავშვს, შევიდეს სხვადასხვა როლში, რომელიც დაეხმარება მას, მიიღოს გადაწყვეტილება და გააანალიზოს საკუთარი მოქმედების შედეგები, რაც, თავის მხრივ, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. ამასთან ერთად ბავშვი სწავლობს ალტერნატიული გზების მოძიებასა და მოქმედების ოპტიმალური ვარიანტების არჩევას;
- ყოველთვის ვეცადოთ, შევაქოთ და აღვნიშნოთ ბავშვის საქმიანობის არა მხოლოდ შედეგი, არამედ მისი ძალისხმევაც. მხარი დავუჭიროთ ბავშვს სწავლების პროცესში, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორ პასუხამდე მისვლა, არამედ მისკენ მიმავალი გზის განხილვაც;
- ვიყოთ მაგალითი ბავშვისთვის. შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მას განუვითაროთ კრიტიკული აზროვნება, არის თავად ვიაზროვნოთ კრიტიკულად და ვუჩვენოთ ეს ბავშვს. მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ბავშვს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მოქმედებითაც. ვუჩვენოთ, როგორ გამოიყენოს ეს ღირებული უნარი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამასთან, ისიც გვახსოვდეს, რომ ბავშვებს აქვთ მიდრეკილება, დააკოპირონ ახლობელი უფროსების ქცევა. ამიტომ, მათთან ერთად გამოვიკვლიოთ და გავაანალიზოთ მოვლენები, რომლებიც სიცრუედ გვეჩვენება, ასევე მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვს იწვევს. საშუალება მივცეთ დაუკვირდეს ჩვენს მსჯელობას, მივაწოდოთ კრიტიკული აზროვნების ნიმუში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებით ჩვენ არა მხოლოდ ვეხმარებით ბავშვებს, გახდნენ წარმატებული, არამედ, ამასთან ერთად, ვაყალიბებთ საკუთარ თავში დარწმუნებულ პიროვნებებს, რომლებიც მზად არიან თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის.