პარასკევი, აგვისტო 1, 2025
1 აგვისტო, პარასკევი, 2025

მზევ, შინ შემოდი, ჩვენს საკლასო ოთახებსა და ჩვენს გულებში!

0

ერთი პროექტის იდეა თემაზე: მზე

რა არის ის, რის გარეშეც სიცოცხლე ვერ იარსებებდა? რა გვათბობს და გვინათებს დღეებს? რას შევყურებთ იმედით?

რა თქმა უნდა, ბავშვები ადვილად გამოიცნობენ: მზე!

აბა, გავიხედოთ ფანჯრიდან და წარმოვიდგინოთ, რა იქნებოდა, მზე რომ არ არსებობდეს?

არც ახლა გაუჭირდებათ ბავშვებს პასუხი.

ჰოდა, მოდი, ჩვენი გაკვეთილი მზეს მივუძღვნათ. რადგან ის ასეთი დიდებული და ამაღელვებელია, რადგან მზეა ჩვენი ყოფნის მთავარი მიზეზი. რადგან დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს და ადამიანები როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობითაც მზით ვართ მოცულები.

დავიწყოთ. მზე მითოლოგიაში.

ბავშვებს ვუყვებით, რომ ძალიან, ძალიან ძველად ადამიანებს მზე ღმერთად მიაჩნდათ, უძღვნიდნენ საგალობლებსა და ლექსებს, ჰიმნებსა და სიმღერებს.

ვაკითხებთ ხალხურ ლექსს „მზე შინა“ (https://kids.ge/poesy-verse?id=237) და ამ ლექსის მიხედვით ვსაუბრობთ. რას ნიშნავდა ჩვენი წინაპრებისთვის მზე? რატომ ეპატიჟებოდნენ სახლში? – შეიძლება, დავაწერინოთ კიდეც. შემდეგ აუცილებლად დაგვჭირდება ძველი ქართული დარბაზული სახლის ჩვენება, დედაბოძზე საუბარი და მასზე დატანებული მზის სიმბოლოს – ბორჯღალის მნიშვნელობის ახსნა. ბორჯღალზე საუბარი ალბათ შორს წაგვიყვანს. აუცილებლად უნდა მოვყვეთ მზის ქალღმერთ ბარბარეზე, რომელიც იმ გველეშაპს ამარცხებს, მთვარეს რომ ყლაპავს. უნდა ვახსენოთ მზეთუნახავები და ოქროსთმიანი ვაჟები და ქალებიც, ვთქვათ, რომ ოქროს თმა მზის წყალობაა და მზესთან კავშირზე მიუთითებს.

იქნებ დავახატვინოთ კიდეც თანამედროვე ადამიანი, რომელსაც ტანსაცმელზე ან აქსესუარზე მზესთან დაკავშირებული სიმბოლო აქვს. შეგვიძლია, შემოვიტანოთ ზღაპრები „მზის ასული“, „დღისით მკვდარი და ღამით ცოცხალი“, რომელთა შინაარსს ისევ მზე ღვთაებას დავუკავშირებთ.

უჰ, ეს ისეთი ვრცელი თემაა, ალბათ ამოუწურავი, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ და გადავიდეთ შემდეგზე:

მზე ქართულ ლიტერატურაში.

მე დავიწყებდი ნოდარ დუმბაძის მოთხრობით „მზე“, სადაც მზის ყოვლისმხედველობა და ყოვლისშემძლეობა ჩანს. თან ისეთი საინტერესო დიალოგებია, შეგვიძლია, მკითხველის თეატრიც მოვაწყოთ და როლებში წავაკითხოთ:

„- დაიწყო! – თქვა ერცახუმ ყრუდ.

– რა? – დაინტერესდა მზე.

– დაბადება!

– ვისი?

– შვილების, ბადიშების: კოდორის, ფსოუს, კელასურის, მოქვის, ღალიძგის, ჩალბაშის, მაჭარას, ქეთევანას…

– სუყველა შენია? – ჰკითხა მზემ ისე, თითქოს არ იცოდა.

– ჩემი და ჩემი ძმების.

– გამრავლდით! – დალოცა მზემ.

ახლა ერცახუს გაეღიმა.

– ჩვენ პირიქითა ვართ, შემოქმედო, შვილი უამრავი გვყავს, ბადიში – ნაკლები, იმათი შვილები – კიდევ უფრო ნაკლები და ბოლოს ერთი უზარმაზარი ნაგრამი – ზღვა!“

მივაყოლოთ მუხრან მაჭავარიანის „ამოვიდა მზე“ (http://genia.ge/?p=53948), გიორგი ლეონიძის „მზე სად ჩაექანება“ (https://poetry.ge/poets/giorgi-leonidze/poems/2222.mze-sad-chaeqaneba.htm), რევაზ ინანიშვილის „გახარებული მზე“ (https://www.aura.ge/103-saskolo/8380-revaz-inanishvili–gaxarebuli-mze.html), გიორგი შატბერაშვილის „მკვდრის მზე“… წავაკითხოთ „მე ვხედავ მზეს“, „მზიანი ღამე“ . ვისაუბროთ მზეზე როგორც ეპითეტზე, მეტაფორაზე, რუსთაველიც გავიხსენოთ, „ვეფხისტყაონის“ პირმშვენიერი მზე პერსონაჟები.

ძალიან საინტერესოა ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები მზის თემატიკაზე, დაჭრილი მზე, მოწყენილი მზე – მზე როგორც სიკეთისა და სინათლის სიმბოლო.

აუცილებლად დავაწერინოთ მოთხრობა ან ჩანახატი მზეზე, ვაქციოთ მზე მთავარ პერსონაჟად და ინსპირაციად. კარგი იქნება თუ გავიყვანთ ეზოში, მზისთვის შევახედებთ, თვალებს დავახუჭვინებთ და ვთხოვთ, თავიანთი შეგრძნებები აღწერონ: რას ვგრძნობ, როცა მზეს ვუყურებ? როცა ჩემში მისი სხივები იღვრება? იქნებ დავწერო? ან იქნებ დავხატო?

შეგვიძლია, ყველას დავახატვინოთ საკუთარი მზე და გამოფენაც მოვაწყოთ, ან დავამზადოთ მზის ბარათები, მზის წიგნები…

თავად მიხვდებით, რა სჭირდებათ თქვენს მოსწავლეებს, თქვენ გიდევთ ხელი მათ მაჯისცემაზე.

გაავრცეთ, შეცვალეთ აქ მოყვანილი იდეები, დაუმატეთ ან გამოაკელით. მე შეგნებულად არ ვწერ მსოფლიო მითოლოგიაზე, მსოფლიო მხატვრობასა თუ ლიტერატურაზე – ეს ძალიან, ძალიან ვრცელი თემაა და თავად გადაწყვიტეთ პროექტში მათი ჩართვა.

რასაკვირველია, მეცნიერებასაც უნდა შევეხოთ, ვთქვათ, რომ მზე გავარვარებული ვარსკვლავია, რომ დედამიწა მის გარშემო ტრიალებს და ის ჩვენთვის სიცოცხლის წყაროა. კარგი იქნება, თუ ვაჩვენებთ დოკუმენტურ ფილმს: https://youtu.be/lxpI8d5JP1Y, https://youtu.be/sVrtS5xNYdc.

აქვე – საინფორმაციო ტექსტი მზეზე: http://www.kargiskola.ge/teachers/cignebi/Readers_Grade6/planetebi.pdf

http://www.reading.ge/ka/books-by-level/409-mze

შეგვიძლია, ვთხოვოთ ბავშვებს, თავადაც მოიძიონ ინფორმაცია და მოამზადონ პრეზენტაციები საინტერესო ფორმით.

ვაჩვენოთ ძალიან სახალისო ანიმაცია „მზის ჩხვლეტაზე“:

https://www.youtube.com/watch?v=1gjNoZDfek8

ბოლოს აუცილებლად მოვაწყოთ სკოლის ეზოში მზის საათი და ჩრდილებიც ალიცლიცდებიან კედლებზე, მიწაზე.

ჰოდა, მზევ, შინ შემოდი, ჩვენს გულებში შემოდი, ჩვენს ოთახებში, ჩვენს ქვეყანაში შემოდი!

მზევ, დედაო ჩვენო!

რესურსი ბიოლოგიის სწავლებისთვის

0

ბიოლოგიის სწავლება დიდი გამოწვევაა მასწავლებლისთვის. ბიოლოგიის მასწავლებელს მათემატიკური წიგნიერების უნარის გამომუშავებაზეც უხდება მუშაობა. მოსწავლეს უნდა შეეძლოს მონაცემების ანალიზი და ინტერპრეტაცია. მნიშვნელოვანია, განასხვაოს დამოკიდებული, დამოუკიდებელი და საკონტროლო ცვლადები. სტატიაში ძალიან მოკლედ არის აღწერილი მიდგომები და უფრო დიდი ადგილი ეთმობა სავარჯიშოებს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სწავლების საბაზო საფეხურზე.

I2 სტრატეგია არის სტრუქტურირებული მიდგომა, რომელიც მოსწავლეს ეხმარება გრაფიკების, დიაგრამების და სხვა ვიზუალური მონაცემების გაგებასა და გაანალიზებაში. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მონაცემების რაოდენობა დიდია. ის სამი ნაბიჯისგან შედგება:

პირველი ნაბიჯი: იდენტიფიცირება – რას ხედავ სქემაზე, პასუხის გაცემა ხდება ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე.

მოძებნე ცვლილება, განსხვავება – მოძებნე ყველაფერი, რაც თვალში მოგხვდება:

  • მრუდი ზრდადია თუ კლებადი;
  • პიკია თუ პლატო;
  • სად არის მონაცემები თანმიმდევრული, არათანმიმდევრული;
  • რა განსხვავებაა ხაზებს, სვეტებსა და მონაცემების წერტილებს შორის;
  • მონაცემები გაფანტულია თუ არა;
  • ამ ეტაპზე ნუ შეეცდები ახსნას.

მეორე ნაბიჯი: ინტერპრეტაცია – ,,რას ნიშნავს“?

  • მრუდი ზრდადია ნიშნავს . . . .
  • მრუდი კლებადია ნიშნავს . . .
  • ხაზი, სვეტი, წრე, სექტორი გამოსახავს, რომ . . .
  • პიკი მიუთითებს . . .
  • პლატო მიანიშნებს . . . .
  • ყველა დაკვირვებას მიუწერე ახსნა.

მესამე ნაბიჯი: დასათაურება – რას გამოსახავს გრაფიკი? ეს ნაბიჯი გამოსახავს დაკვირვებებსა და ინტერპრეტაციებს.

  • დაწერე გრაფიკის/ნახატის შინაარსის თანმიმდევრული შეჯამება. რას ხედავ და რას ნიშნავს კომენტარი გააერთიანე ერთ აბზაცში;
  • დაიწყე თემატური წინადადებით: ეს წინადადება მოკლედ აღწერს, რა დამოკიდებულებას გამოხატავს გრაფიკი;
  • გააერთიანე დაკვირვებები და ინტერპრეტაციები: „რას ხედავ“ – „რას ნიშნავს“;
  • ააგე ლოგიკური აბზაცი.

რამდენიმე რჩევა:

  • რაც უფრო ხშირად გამოიყენებ I2 სტრატეგიას, მით უფრო ბუნებრივი გახდება ის;
  • ნუ შეეცდები მთლიანი გრაფიკის ერთდროულად გარჩევას, დაყავი ის ნაწილებად;
  • კომენტარები გააკეთე პირდაპირ გრაფიკზე;
  • იმუშავე ხმამაღლა.

სამუშაო ფურცელი 1: გაარჩიე გრაფიკები

  1. ტესტის შეფასების შემდეგ მასწავლებელმა შეადგინა წრიული დიაგრამა. გააანალიზე მონაცემები და უპასუხე კითხვებს:

a) რა შეფასება მიიღო მოსწავლეების უმრავლესობამ? ____

b) მოსწავლეთა დაახლოებით რამდენმა პროცენტმა მიიღო შეფასება B ____

c) მოსწავლეთა დაახლოებით რამდენმა პროცენტმა მიიღო შეფასება A ____

d) როგორ ფიქრობ, მასწავლებლის მიერ შედგენილი დავალება რთული იყო? ახსენი პასუხი.

2. წერტილოვანი დიაგრამა გამოსახავს გაჩერებაზე მდგომი ადამიანების სიმაღლისა და ასაკის დამოკიდებულებას. დაადგინე, რომელ ადამიანს რომელი წერტილი შეესაბამება. .

  1. სვეტოვანი დიაგრამა გამოსახავს მოსწავლეების განაწილებას არჩეული საგნების მიხედვით.

ა) რომელი საგანი აირჩია ყველაზე მეტმა მოსწავლემ? ____________

ბ) რამდენმა მოსწავლემ აირჩია ქიმია? _____ ანატომია? ____

გ) რომელი საგანია ყველაზე ნაკლებად პოპულარული? ___________

4. ხაზოვანი დიაგრამა გამოსახავს მცენარის სიმაღლის დამოკიდებულებას განათების (სინათლის მოქმედების) ხანგრძლივობაზე.

a) რა სიმაღლისაა მცენარე მეშვიდე დღეს, რომელიც 3 საათის განმავლობაში იდგა სინათლეზე? _________

b) რა სიმაღლისაა მცენარე მეშვიდე დღეს, რომელიც 6 საათის განმავლობაში იდგა სინათლეზე? _________

c) რა სიმაღლისაა მცენარე მეათე დღეს, რომელიც 9 საათის განმავლობაში იდგა სინათლეზე? ________

d) რა სიმაღლისაა მცენარე მეთერთმეტე დღეს, რომელიც 1 საათის განმავლობაში იდგა სინათლეზე? ______

e) გრაფიკის მიხედვით დაადგინე, რამდენ ხანს უნდა იდგეს მცენარე სინათლეზე, რომ საუკეთესო სიმაღლის გაიზარდოს? __________

 

  1. ხაზოვანი დიაგრამა გამოსახავს სხვადასხვა სიგრძის ჭიაყელების რაოდენობას.
  2. a) რა სიგრძის ჭიაყელაა ყველზე მეტად გავრცელებული? _________
  3. b) რას უდრის ყველაზე გრძელი ჭიაყელას სიგრძე? ———–
  4. c) რამდენი ჭიაყელას სიგრძეა 6 სმ.? _______
  5. d) რამდენი ჭიაყელას სიგრძეა25 სმ? _____
  6. e) რას გამოსახავს გრაფიკის პიკი – ყველაზე გრძელი თუ საშუალო სიგრძის ჭიაყელების რიცხვს?

ექსპერიმენტული სამუშაოს დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, მოსწავლემ დაადგინოს საკონტროლო, დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადები. სამუშაო ფურცელზე მოცემულია სიტუაციები. სასურველია, მოსწავლეებმა შეადგინონ ექსპერიმენტის პროტოკოლი ან მხოლოდ ცვლადები განსაზღვრონ.

სამუშაო ფურცელი2: დამოუკიდებელი და დამოკიდებული ცვლადები

მაგალითი   დამოუკიდებელი ცვლადი დამოკიდებული ცვლადი
1. ერთ ძროხას აძლევდნენ ზრდის ჰორმონს, მეორეს – არა. ექსპერიმენტი გრძელდებოდა ორი წლის განმავლობაში. საკვებისა და წყლის რაოდენობა ერთნაირი იყო.    
2. ერთ მკლავზე შეისხურეს კოღოსგან დამცავი საშუალება, მეორეზე არა. 2 საათის შემდეგ ორივე მკლავზე დათვალეს კოღოს ნაკბენების რაოდენობა.    
3. ტოლი მასის ყურძნის ორი მტევანი მოათავსეს წყალში. პირველი სასმელ წყალში, მეორე – მარილიანში. 24 საათის შემდეგ მტევნები აწონეს.    
4. ორი განსხვავებული მანქანა მოძრაობს 60 კმ/სთ სიჩქარით. ორივე მანქანის მძღოლი ერთდროულად მკვეთრად ამუხრუჭებს. გაჩერების შემდეგ ზომავენ სამუხრუჭე მანძილს.    
5. ბაღლინჯოები მოათავსეს კონტეინერში, რომელიც ორ, სველ და მშრალ ნაწილებად არის დაყოფილი. მკვლევრები აღრიცხავენ – რა დრო გაატარეს თითოეულ მხარეს.    
6. ორმა სტეპლერმა დაამაგრა 100 ფურცელი. ერთი გაიჭედა 5-ჯერ, მეორე – 22-ჯერ.    
7. ტარაკნებს შეასხურეს პესტიციდი. სამ საათში ყველა მწერი დაიღუპა.    
8. ორ ყვავილს ზრდიან ერთნაირი ზომის ქოთანში, სინათლეზე. ერთს რეგულარულად რწყავენ ონკანის წყლით, მეორეს კი – მიკროტალღურ ღუმელში დამუშავებული წყლით. მათი სიმაღლე ორი კვირის შემდეგ გაზომეს.    
9. ჯარისკაცს წნევას უზომავდნენ მოსვენებულ მდგომარეობაში და სტრესულ სიტუაციაში.    
10. ვაშლი დაჭრეს ტოლი ზომის კუბებად. მათი ნახევარი მოათავსეს ლიმონის წვენში. ყველა ნაჭერი შეინახეს პლასტმასის კონტეინერში. 4 დღის შემდეგ დააკვირდნენ კუბების შეფერილობას.    

 

11. ოქროს თევზის სუნთქვის სიჩქარე გაზომეს ჯერ ოთახის ტემპერატურის, შემდეგ კი ცივ წყალში.    
12. ბაქტერიებს ზრდიან პეტრის ჯამში. ჯამის ერთ მხარეს საკვები არე დამუშავებულია ანტიბიოტიკით, მეორე – არა. ერთი კვირის შემდეგ ორივე ნაწილში დათვალეს ბაქტერიების რაოდენობა.    

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.biologycorner.com/2019/02/02/independent-dependent-variables/

https://www.biologycorner.com/2018/06/04/interpreting-graphs/

საზაფხულო საკითხავი – მატარებელი, რომელსაც გვირაბისა ეშინოდა

0

მეტროში ყოფილხარ? გიყვარს მეტროთი მგზავრობა? აი, მე ვგიჟდები. ჯერ რომ ესკალატორით დაეშვები, გვირაბიდან სიგრილე და ხმაური გაგრძნობინებს, რომ მატარებელი უკვე მოდის, მერე მატარებლის შუქსაც დაინახავ და ბოლოს და ბოლოს, კარიც გაიღება ხმაურით.

დიქტორის ხმა? „შემდეგი სადგური ესა და ის“, „ბოლო გაჩერება, გთხოვთ, გაათავისუფლოთ ვაგონები“.

ჰოდა, ეს ამბავი მეტროს პაწია მატარებელზეა, რომელსაც გვირაბისა ეშინოდა.

 

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მატარებელი, ჩვეულებრივი მატარებელი რა, უხსოვარ დროს ბაბუაშენმა თუ იმისმა ბაბუამ ააწყო რომელიღაც ქარხანაში. დარიხინობდა და დარიხინობდა, მშვენივრად უმკლავდებოდა თავის ძალიან რთულ საქმეს.

გაჩერდებოდა რომელიმე სადგურზე, დაიცლებოდა ხალხისგან, შეივსებოდა ხალხით და ასე სულ, ყოველდღე, ვინ იცის, რამდენი წლის განმავლობაში.

ჩვეულებრივი მატარებელი იყო, ჩვეულებრივი მემანქანით, ჩვეულებრივად გაცვეთილი ჩვეულებრივი სკამებით.

მაგრამ იცი რა? არც მემანქანემ და არც არავინ დედამიწის ზურგზე არ იცოდა, რომ პატარა მატარებელს გვირაბებისა ეშინოდა.

რანაირადო, მკითხავთ? თბილისის მეტრო სულ გვირაბები არააო? ორი კინკილა სადგურია მიწის ზემოთ და იმასაც ორ წამში გაირბენს მატარებელი. როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება მუშაობდე იქ, სადაც ასე ძალიან გეშინია?

არადა, ასე იყო, ყველა გვირაბში შესვლის წინ მაგრად დახუჭავდა მატარებელი თვალებს და სულ სხვა სამყაროში შექანდებოდა კივილითა და ფშუტუნით.

იქ, იმ სამყაროში მხოლოდ გვირილებიანი მინდვრები იყო, ლიანდაგებად კი, არც მეტი და არც ნაკლები, ცისვაზების წნულები. სწორედ ამ წნულებზე მისრიალებდა მსუბუქად ყელმოღერილი პატარა მატარებელი. თვალს რომ გაახელდა, ისევ მეტროს რომელიმე უსახურ სადგურში იყო, მაგრამ თვალებს დახუჭავდა და ისევ იმ სამყაროში აღმოჩნდებოდა. მხოლოდ ორ სადგურზე არ ხუჭავდა თვალებს, მიხვდები ალბათ, რომელზე. მიუხედავად იმისა, რომ გვირილებიანი მინდვრები არც იმ ორ მიწისზედა სადგურზე იყო, მატარებელი მაინც ფართოდ დაჭყეტდა თვალებს და ფეთიანივით უყურებდა უკვე ასე ნაცნობ ადგილებს, კორპუსებს, მიტოვებულ მატარებლებს, ჯართის გროვასა და ღრუბლებს, რა თქმა უნდა, ღრუბლებს.

გადიოდა წლები, დადიოდა მშიშარა და მეოცნებე მატარებელი თბილისის მეტროში, გადაჰყავდა ხალხი, მერე გადმოჰყავდა, ღამით კი ეძინა და ისევ თავის გვირილებიან მინდორს ხედავდა სიზმრად.

დაიღალა ძალიან და ერთ დღეს ინატრა, ნეტავ ძრავა გამიფუჭდებოდეს და ერთი-ორი კვირა დავისვენებდეო. აბა, როგორია, ყოველდღე გულისფეთება, მე არ დამითვლია, დღეში რამდენჯერ უწევს მატარებელს გვირაბში შესვლა, მაგრამ მას დათვლილი ჰქონდა, დამიჯერე.

ინატრა, ისე ინატრა, რომ ყველა ჭანჭიკი ცალ-ცალკე გასძვრა, ყველა ბორბალი მოერყა და ძრავამაც ჯერ ითუხთუხა, ითუხთუხა და გაჩერდა.

მშიშარა მატარებელმა დიდი, შავი გვირაბი დაინახა, შეეშინდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ამ ერთხელ თვალი არ დაეხუჭა, პირიქით, ფართოდ გაეხილა და ბოლოს და ბოლოს, ენახა, რა არის გვირაბში ასეთი საშიში, ასეთი ცივი და ასეთი უცნაური.

გვირაბი იყო რა, ჩვეულებრივი, ნესტიანი, შავი, ზოგან განათებული, ზოგან ბნელი, ვირთხები დარბოდნენ, წყლის ხმა ისმოდა, ისეთი არაფერი, შესაშინებელი. სამაგიეროდ, როდესაც გვირაბიდან გავიდა, პატარა მატარებელმა თავისი ოცნების გვირილების მინდორი დაინახა. ზუსტად ისე იყო ყველაფერი, როგორც მის წარმოსახვაში, ცისვაზების წნულებზე მისრიალებდა და ბოლოს, მინდვრის შუაგულში გაჩერდა, პირველად იყო ამ სილამაზეში თვალებახელილი, პირველად ხედავდა ყველაფერს.

პეპლები ასხდებოდნენ ჭუჭყიან მინებზე, მერე ვაგონში შეფრინდებოდნენ და გაცრეცილ სკამებზე დაფარფატებდნენ. მერე ციცქნა ციყვი გადაძვრა და იმან დაიწყო ხტუნვა სახელურიდან სახელურზე. მემანქანის კაბინიდან დაბნეული თახვი გამობოდიალდა, რადგან კოდალამ არ მოასვენა, უკვე დაჭიანებულ სკამს უკაკუნებდა და უკაკუნებდა თავის ნისკარტს. შვებისგან ამოისუნთქა პატარა მატარებელმა და გაიღიმა, კარი ფართოდ გაიღო და დიქტორის ხმას ჩიტებიც აჰყვნენ:

„ბოლო გაჩერება, გთხოვთ, გაათავისუფლოთ ვაგონები“.

მაგრამ გათავისუფლებას არავინ ჩქარობდა, პირიქით, კუდბუთქუნა კურდღლებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ თვალაუხელელი ბაჭიები ჰყავდათ, მატარებლის ერთი ვაგონი თავიანთ სახლად შეარჩიეს.

მეორე ვაგონში თახვები დასახლდნენ, მესამეში ბოლოქანქარამ გამართა ბუდე.

ასე დასრულდა პაწია მატარებლის ამბავი, რომლის ბოლო გაჩერებაზე სულ დიდი ჟივილ-ხივილი იყო, ზამთარშიც კი, როცა ყველა მატარებელში შეიყუჟებოდა და იქ ემალებოდა აბეზარ ყინვას.

ირმისა – ამბავი ირმების თავისუფლებისა

0

ქუთაისელი მოქანდაკე არსენ ფოჩხუა, რომელიც ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრში მევიოლინეც ყოფილა, აფხაზეთში კონცერტის შემდეგ, სეირნობისას, კოლხური ბზისგან გამოთლილ გასაყიდ დანებს გადასწყდომია. მასთან ერთად მყოფ ლადო გუდიაშვილს (ქაშუეთის ტაძარს ისინი ერთად ხატავდნენ) უთქვამს, ამ დანას შენეული ჩუქურთმა დაამშვენებდაო. შეუძენიათ ის უბრალო დანა, რომელიც ბატონ არსენს ამგვარად მოუჩუქურთმებია:

სურ.1.

არ ვიცი, რამდენად შეიძლება გაიზომოს მანძილი ვიზუალური ხელოვნების ამ ნიმუშსა და ატენის სიონის ირმისგამოსახულებიან ბარელიეფებს (ახ. წ. VII ს.) შორის, მაგრამ ჩამესმის და ვხედავ, როგორ მოდენის ჩემკენ ალუზიურობისა თუ რიზომატულობის სიო გალაკტიონის ლექსის[1] სტრიქონებს: „ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებს“. არსენ ფოჩხუას მიერ გამოსახულმა სცენამ შესაძლოა მისი პოეზიისკენ და უფრო შორსაც წაიყვანოს ადამიანი. წარუძღვეს მითების სამყაროსკენ, სადაც მოსწონთ, უყვართ, სწყინთ, სძულთ ან ერთი მზერისთვის სასიკვდილოდაც იმეტებენ. ერთ ამგვარ მითზე თავად გალაკტიონი გვიყვება. ეს აქტეონისა და არტემიდას მითია:

როცა აკტეონი, ძეჲ არისტეას,

ლაღად მიდიოდა ტყეში სანადიროდ,

უცებ დაინახა თეთრი არტემიდა,

თავის ნიმფთა შორის იგი ბანაობდა

ძველი პართენონის მსუბუქ ნაკადებში.

შედგა აკტეონი, თვალნი დაებინდნენ.

იგი მოჯადოვდა უცხო სანახავით.

მაგრამ ის დასაჯა იმავ ღვთაებამა:

იქცა აკტეონი ირმად მშვენიერად,

ძაღლებს აკტეონი მსხვერპლად შეეწირა,

იგი დაეფლითათ ძაღლებს იმისსავეს.

ვიცან, გალაკტიონ, შენში აკტეონი

შენ გსჯის ყოველივე, როგორც სიყვარული,

შენგნით დაწვრთნილები ყეფენ მოუსვენრად

ისევ შენთვისსავე – ავი ძაღლებია“.

არ ვიცი, ძვირფას მკითხველს რა განცდას გაუჩენს ან რას გაახსენებს ლექსის ბოლო სტროფი და მისი ლირიკული პერსონაჟი – პოეტი, რომელიც საკუთარ თავს ტუისტური ხერხით (როგორც მეორე პირს) მიმართავს, ან რამდენად გაახსენებს იგი გალაკტიონის მოღვაწეობის ისტორიულ კონტექსტს, რომელშიც შემოქმედი აქტეონის სიმძაფრით განიცდიდა გარშემო მყოფთაგან ასე უხვად გამეტებულ სასიკვდილო ჭრილობებს, მე კი ამ ამბავმა მომაგონა მიხეილ ქურდიანის პოეტური ნიმუში: „არტემიდე და აკტეონი“. ავტორს იქვე ფრჩხილებში ჩაუსვამს ქვესათაური: „ძველი ტკივილის ფრაგმენტი“. ნამდვილად წასაკითხი ტექსტია, რომლის ამონარიდს აქვე მოვიტან:

„შორით შეგნიშნე, შემოსილი შინდისფერ შუქით. შენით შეშლილი შეღამება გშვენოდა შიშველს, იდექი ისე მიმზიდველი და სრულყოფილი, როგორც შედევრში – დისონანსი სწორუპოვარი: ქალღმერთი – აღმართი, როცა აღმართი ღმერთისაკენ მიმავალს ნიშნავს… ტყე ამეტყველდა, საიდუმლო გაგანდო ჩემი… მაქციე ირმად, მე მიღალატეს მეგობრებმა, მესროლეს, მომკლეს, როცა ძაღლებს არ გავექეცი… დღეს შენი მღვიმის ცივ იატაკზე გაფენილია ჩემი ტყავი, შენ მასზე წევხარ, როგორც ეტრატზე „ოდისეას“ ერთი ფრაგმენტი“ (1972).

დიახ, ეს ტექსტი ბერძნული მითის ალუზიად შეიძლება ჩავთვალოთ და ჩვენს მოწაფეებთან ერთად საფიქრალად დავიტოვოთ საკითხი, მაინცდამაინც ირმად რატომ გადააქცია არტემისმა (რომაული ვერსიით, დიანამ) აქტეონი, როდესაც თავად იგი გამოისახებოდა ფურირმის სახით. ირმად აქცია და ერთგულ მონადირეებს მოაკვლევინა.

ქართულ მითოლოგიაში ირმის ამბავი სულ სხვაგვარად, არტემისის ამბის საპირისპიროდ იყო. ირემს დალი მფარველობდა, ჭკვიანმა და იღბლიანმა მონადირემ კი იცოდა, რომ ეს ცხოველი არ უნდა მოეკლა, რადგან იგი სასწაულმოქმედი იყო, ფეხებით ებჯინებოდა ქვესკნელს, ხოლო რქებით – ზესკნელს. სამი სკნელის შემაერთებელს, ქალღმერთის რჩეულს, მონადირე განძთან მიჰყავდა. ზოგჯერ რქებზე ჯვარიც გამოესახებოდა და დიდებასაც აპოვნინებდა. ფარნავაზის სიზმარი გავიხსენოთ ან ქართული ზღაპარი „ირმისა“, რომელშიც ირმის ძუძუნაწოვი გმირი სასწაულებს სჩადის, თავგანწირული მეგობარია და ბოროტებას ამარცხებს, ან კიდევ „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, რომლის ავტორი ამაოდ არ უნდა ახსენებდეს არტემისს, რომელიც არის „ღმერთი ირმისა მოისარი“[2]. არ უნდა დაგვავიწყდეს, ოსური ნართების ეპოსიც, რომლის მიხედვით, მგლის რძეში ნაწრთობი სოსლანი ოქროსბეწვიან ირემს აჰყავს სავხოხის მაღალ მთაზე, სადაც მზის ასული აცირუხსი ცხოვრობს[3].

გუდამაყრელი მონადირე ირემს დაინახავს, მოსწევს ბოძალს, მაგრამ არ გავარდება, ირემს კი რქებზე სანთლები დაენთება. ირემი მონადირეს ცირასების მთის წვერისკენ გაუძღვება. მთაზე ირემი გაუჩინარდება, მის ნაცვლად კი მტრედი მოფრინდება, რომელიც ჩოხის წმინდა გიორგის სახებაა. მონადირე სოფელში წამოიყვანს მტრედს და წმინდა გიორგის სალოცავს დააარსებს (თსუფა: 25538).

ამ გადმოცემაში რქასანთლიან ირემს წმინდა გიორგის ცხოველად მიიჩნევენ და მისი მოკვლა კატეგორიულად აკრძალულია. ბატონი ზურაბ კიკნაძის აზრით, ნადირობა არც ბიბლიის მიხედვით ყოფილა „უფლისათვის მოსაწონი საქმიანობა. „პირველი მისი ხსენება აგრესიული ნებროთის სახელს უკავშირდება (დაბ. 10: 8-9); მეორედ მონადირეს ესავის პიროვნების სახით ვეცნობით – შეფასება აშკარად ნეგატიურია: არ არის შემთხვევითი, რომ მარჯვე მონადირე ესავი – ველების კაცი – დაწუნებულია უფლის მიერ, ხოლო იაკობი, კარვებში მცხოვრები (დაბ. 25: 27) – მოწონებულია და არჩეულია ერის მამამთავრად. უფალს იმიტომ არ მოსწონდა ნებროთი, რომ მან „დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზეო“, – აცხადებს ბატონი ზურაბი (კიკნაძე 2004: 324)[4].

მოკლედ, ქართული მითოსი სჯის ირმის მკვლელებს, მითოსური ალუზიები კი თავს ძალუმად იჩენს მხატვრულ ლიტერატურაში. ვაჟა-ფშაველას პოემა „მონადირის“  მთავარი პერსონაჟი თორღვა განთქმული მონადირეა, 399 წმინდა ცხოველი მოუკლავს. იგი ნახულობს საოცარ სიზმარს: სანადიროდ წასული, წააწყდება ირმების ჯოგს, რომელსაც ნადირთ პატრონი ქალი მწყემსავს. ჯოგიდან განაპირებული ერთი „რქამნათი“ ირემი ისე გააბრაზებს ნადირთ პატრონს, რომ იგი ცხოველს დაწყევლის: „ანაწერიმც ხარ აგრია ზეგვე თორღვაის თოფისაო“ (ვაჟა 1930: 33-34).თორღვას ასეთი სიზმარი ბევრჯერ ასცხადებია და ახლაც მოუთმენელი სიხარულით ელის მის ასრულებას, მაგრამ ეს სიზმარი ხუთი წლის წინანდელ საბედისწერო ნადირობასაც ახსენებს, როცა თორღვამ გამორჩეული („რქასანთლიანი“) ირემი მოკლა. ნადირის მოკვლისთანავე მას გამოეცხადა ხელყავარჯნიანი თეთრწვერა ბერი, რომელმაც დაწყევლა: „რაად მამიკალ ზვერია?! …ჰნახოდი, ბეჭშია შენი ცოლ-შვილი სწერია!“ (ვაჟა 1930: 36). თორღვა ნანობს დანაშაულს, ადგილის დედის სახელზე სანთლებს ანთებს, ჩოქვით შემოუვლის ნასაყდრალს, წლისთავზე კურატსაც შეუთქვამს, ოღონდ ცოდვა ეპატიოს და ხიფათი აირიდოს. უფრო მეტიც: სრულ ხუთ წელიწადს სინანულსა და თვითგვემაში ატარებს და თოფს ზედაც არ უყურებს, მაგრამ ბერიკაცის წყევლა მაინც აუხდება – ამოუწყდება ცოლ-შვილი და მარტოდმარტო დარჩება.

მე რა ვიცოდი იმ რქათი, თუ ნაკურთხ იყვნენ ღვთისანი!“ – მისი ეს სინანული კი დაგვიანებულია!

სტატია გალაკტიონის გახსენებით დავიწყე და სათქმელი მისივე ტექსტით უნდა შემოვრკალო. ხომ გვახსოვს, ერთგან რას წერს: თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს წყარო ანკარაო… უდავოა, რუსთაველის მსგავსად, ამ შედარებას ისიც დავითის ყველაზე მშვენიერი ფსალმუნიდან აიღებდა. ერთგან ვთქვი, რომ ტარიელისადმი თქმული ფრიდონის გამოსათხოვარი სიტყვები: „შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა“, – ბიბლიური ალუზიაა და სათავეს დავითის ქართული თარგმანის 41-ე (მასორული რედაქციით კი 42-ე) ფსალმუნიდან იღებს[5].

იოვანე ბერაის მიერ 973-976 წლებში გადაწერილ შატბერდის კრებულში კი ამ ტროპის შემდეგი სახისმეტყველებითი კომენტარია წარმოდგენილი: „სახისმეტყუელმან თქუა ირემისაჲ, ვითარმედ ჯეკმა[6] მტერ არს გველისა. და რაჟამს იხილის და ივლტინ გუელი და შთაჴდის ჴურელად, მივიდის ირემი იგი და აღივსნის ფერდნი თჳსნი წყლითა წყაროჲსაჲთა და მივიდის ჴურელად, სადა იგი გუელი დამალულ არნ და დაასხის წყალი იგი და აღავსის ჴურელი იგი, ვიდრემდე გამოჴდის გუელი იგი და დათრგუნის ფერჴითა და მოკლის“.

ნუ დაეჭვდებით, გადამოწმებული სიმართლეა! აი, ბმულიც: https://www.youtube.com/shorts/S-jHOrYS1C8

სახისმეტყველებას უჩემოდაც ჩასწვდებოდით – ირემი მაცხოვარია და ბოროტება ვერ გაიმარჯვებსო!

ამ სტატიის სათქმელიც ის არის, „ბოროტისათვის შეკრული“ ვიყოთ და „სიკეთისათვის – უხვად გზაგახსნილი“, ხოლო ის, ვინც მტრის რისხვა-მუქარას მედგრად დაუხვდება, აქტეონზე გამძლე ირემია. მათი დამმდრეკი მონადირე ბოროტებაა, რომელიც დღეს თუ ხვალ აუცილებლად დამარცხდება. ადგილის დედა და მაცხოვარიც აქვე არიან.

სურ. 2. ფრიდა კალო, „დაჭრილი ირემი“[7].

[1]ვით არ მიყვარდეს სამშობლო ჩემი“

[2]ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. თამარ ოთხმეზურის წერილი, ფსევდონონესკომენტარებიქრისტიანთაგზამკვლევიბერძნულმითოლოგიაში“.

[3]ოსურინართები 1988:143, იხ. ღვთისო მამისიმედაშვილი: https://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/civil2/document/HASH010e3ffcbf3ff582df479482;jsessionid=821AEE98B8602C83188CBE60FC04CB59?ed=1

[4]ზურაბ კიკნაძე.,ქართული ხალხური ეპოსი, გამომცემლობა „ლოგოს პრესი“, თბ., 2001.

 

[5] მარიამ გოდუაძე, წყაროსათვის ვით ირემსა, https://mastsavlebeli.ge/?p=10303

[6] ჯეკმა – (ძვ. ქართ.) ძლიერ, ფრიად.

[7]ვიზუალური გამოსახულების აუდიოაღწერა: ფრიდა კალოს ტილოზე „დაჭრილი ირემი“ გამოსახულია ირემი მხატვრის პირისახით და რქებით. იგი რუხი ფერისაა და დგას დიდი,  გამხმარი ხეების ორ რიგს შორის. ხეების მიღმა ლაჟვარდისფერი ზღვა და ღრუბლიანი ცა მოჩანს. ირემს ცხრა ისარი არჭვია, ჭრილობებიდან კი სისხლი სდის, მაგრამ არ ნებდება.

გამოყენებითი პედაგოგიკა – მხარდაჭერა ბავშვებს ომიანობისა და შფოთის დროს

0

ომი, ნგრევა, ქაოსი, ამაფორიაქებელი ამბები ყველა საინფორმაციო არხიდან, სოცქსელებიდან, ტელევიზორიდან – ამ პირობებში ბავშვებს სჭირდებათ მხარდაჭერა, საყრდენი, ფსიქოლოგიური და ემოციური სტაბილურობის შესანარჩუნებელი ორიენტირები.

როგორ მოვიქცეთ უფროსები ამ შემაშფოთებელ ხანაში?
როგორ შევუქმნათ ბავშვებს უსაფრთხოების განცდა, როგორ დავუჭიროთ მხარი?
რა ჯობია, სრულად ავარიდოთ ყველაფერს, შევუზღუდოთ ინტერნეტი და ინფორმაციულ იზოლაციაში მოვაქციოთ?

რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება დღევანდელ დღეს, როდესაც მათ გაჯეტებთან აქვთ წვდომა?

რაკი რამდენიმე კითხვა სწორედ დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლებისგან მივიღე, ეს კონკრეტული რჩევებიც ამ ასაკობრივ კატეგორიას ეკუთვნის სკოლისწინარე და დაწყებითი საფეხურის ბავშვები და საინფორმაციო ლავა:

პედაგოგიკაში გვაქვს უმთავრესი პრინციპი – უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. უსაფრთხოება და ნდობით განმსჭვალული ურთიერთობა. ცოდნის დაგროვება და განათლება მხოლოდ ამის უზრუნველყოფის შემდეგ… პედაგოგიკის ეს უნივერსალური წესი მშობლებისთვისაც საგულისხმოა.

პედაგოგიურად გამართლებული მიდგომა ამ ასაკის ბავშვებთან ურთიერთობისას რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება:

  1. ასაკობრივი განვითარების თვალსაზრისით, ამ ასაკში ბავშვებს „არ ეკუთვნით“ იმის გაანალიზება – რაც ხდება, რატომ ხდება? რა გეოპოლიტიკური მიზეზები განაპირობებს მომხდარს? რა გლობალური პროცესები მიმდინარეობს სამყაროში? აბსტრაქტული ანალიზი, ემოციური რეგულაციის მექანიზმები, კრიტიკული მსჯელობის სათანადო დონე ამ ასაკში ჩამოყალიბებული ჯერ არაა, ამიტომ ეს გადამეტებული, დამაზიანებელი ტვირთია მათთვის. მარტივად, მათ არ სჭირდებათ „ფაქტები, სიმართლე და ჭეშმარიტება“, მათ სჭირდებათ სიმშვიდე და სწორი მორალური, ემოციური მხარდაჭერა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა ჩავუხშოთ ინტერესი ან არ ვუპასუხოთ კითხვებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მივაწოდოთ მათ ცნობები ისე, რომ არ გადავამეტოთ. ნუ დაგვავიწყდება ასაკობრივი განვითარების სპეციფიკა (ამაზე უფრო დაწვრილებით ქვევით).
  2. განვითარების ამ ეტაპზე მთავარია, უფროსებმა უზრუნველყონ მშვიდი და უსაფრთხო გარემო, კეთილგანწყობილი, მათი ემოციური მდგომარეობის მიმღები.

 

ახლა აქტუალური ყოველდღიური სიტუაციები და პედაგოგიური მიმართებები:

ფონად ჩართული ტელევიზორი

უნდა მოვაქციოთ თუ არა ბავშვი ინფორმაციულ ვაკუუმში? იზოლირება და სასათბურე პირობები, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, რთული განსახორციელებელია. ბავშვები ამ სამყაროში ცხოვრობენ და წვდომა ინფორმაციასთან, ცნობებთან, ახალ ამბებთან მათ აქვთ და სჭირდებით კიდეც, მაგრამ ჩვენს ოჯახებში ასე გავრცელებული პრაქტიკა – ფონად ხმამაღლა ჩართული ტელევიზორი – დანამდვილებით არის მავნე ხმაური. გამორთეთ ტელევიზორი, იზრუნეთ ბავშვის სმენით ჰიგიენაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი თავისთვის თამაშობს ან ამავე ოთახში რაიმე სხვა საქმიანობითაა დაკავებული, ტელევიზორის ფონური ხმაური და სიტყვები, რომლებიც იქიდან იბეჭდება მეხსიერებაში, დამაზიანებელი, მავნებელია.

ჩაანაცვლეთ ტელევიზორი რაიმე რიტუალით

მოიფიქრეთ და დანერგეთ რაიმე სასიამოვნო და სახალისო თქვენს ყოველდღიურობაში, რაღაც, რასაც შვილთან/შვილიშვილთან ერთად გააკეთებთ:

  • საბავშვო წიგნების ერთობლივი კითხვა – შესაძლებელია პლედებისგან და ზეწრებისგან კარვის აშენება და იქ ფანრით შეყუჟვა. ნახატებიანი წიგნის თვალიერება. ნახატების გაცოცხლება. სიცილი.
  • ილუსტრაციების მოფიქრება და ხატვა წაკითხულის მიხედვით. ეპიზოდი თავად ბავშვმა შეარჩიოს. ნახატის ხარისხს არ აქვს მნიშვნელობა. ხატავს ის, ვხატავთ ჩვენ. ვაწყობთ გამოფენას. ვხალისობთ.
  • სასაცილო ისტორიების მოფიქრება და ერთმანეთისთვის მოყოლა – „ვსესხულობთ“ პერსონაჟებს საყვარელი წიგნებიდან და ვიგონებთ სასაცილო ამბებს მათი მონაწილეობით. ამბები მარტივია, სახალისო, ალოგიკური. „მივდივართ ერთად და უცბად… ღრუბელი ბობი აფრინდა ცაში. მიფრინავს, მიფრინავს და თან ხელს გვიქნევს. ჰეეეეეი… იძახის. რამსიმაღლე გავიზარდე…“, ვიცინით. ვკისკისებთ.
  • ამოკრებთ ზმნებს წაკითხული მონაკვეთიდან და „გააცოცხლებთ“. გმირი ასკინკილით დახტის? ვხტუნავთ ჩვენც. ვინმე გორაობს? ვგორავთ. მილასლასებს? ვლასლასებთ. მიკუნტრუშობს? ვცდილობთ გავკუნტრუშდეთ.
  • გაფერადება – დღეში 20-25 წუთი დაეთმოს მხოლოდ გაფერადებას. იღებთ ფურცლებს, ხატავთ კონტურებს და იწყებთ გაფერადებას.
  • სეირნობა – ნებისმიერ ამინდში შესაბამისად გამოწყობა და სეირნობა. ნებისმიერ ამინდში. გამონაკლისის გარეშე. 15-20 წუთი – გასვლა, სეირნობა, ამინდზე დაკვირვება. თუ წვიმს, დასველება. თუ მზეა, სითბოსა და მზის სხივების მოლამუნების შეგრძნება კანზე…

და ასე. კითხვა არის ხალისი და კათარსისი.

 

მოსმენა და მიღება

ბავშვებს, გვინდა თუ არა, ესმით ახალი ამბები. ისინი ინტერესდებიან, რა ხდება, რატომ ხდება და რა ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს მიმდინარე მოვლენებმა მათზე. მათ ინფორმაციულ ვაკუუმში ვერ მოვაქცევთ, მაგრამ, როგორც აღინიშნა, ვერც იმის მოლოდინი გვექნება, რომ ისინი შეძლებენ სწორი მიზეზშედეგობრივი კავშირების გაბმას, გლობალურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში გარკვევას.

მნიშვნელოვანია არა იზოლირება, არამედ ინფორმაციის დოზირება და მათი თანდასწრებით მათთვის გასაგებად, მინიმალისტურად და მშვიდად გადამუშავება.

უსუსურობის განცდა ისაა, რასაც უნდა ავარიდოთ ბავშვი. აუცილებელია ემოციური გადახურებისგან მისი დაცვა, მაგრამ თუ ემოცია უკვე არის, თუ ბავშვი ამბობს – „მეშინია“, ამ ემოციის მიღება და გათავისებაში დახმარებაა პრიორიტეტი და არა მიჩქმალვა. მაგალითად, „ნუ გეშინია!“ ან უარესი – „არ გრცხვენია, რის გეშინია?“ და მსგავსი „გამხნევება“ უფრო მისი ემოციები გაუფასურებაა. ბავშვს ეშინია, ის გვიზიარებს ემოციას და ელის ჩვენგან მის მიღებას, მხარდაჭერას და არა მიჩქმალვას.

„მესმის. გეშინია. ასეთ დღეებში მეც ზოგჯერ ვგრძნობ ხოლმე შიშს ან შფოთს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გავუმკლავდები. მოდი, ახლა ერთად მოვიფიქროთ, როგორ გავუმკლავდეთ ამ გრძნობას, როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს“.

აქაც ბევრი რამის მოფიქრება შეგვიძლია – მაგალითად, ჩვენ სახლში გვაქვს „მოგონებების ყუთი“, რომელშიც ანოს და ბუბას (ჩემი შვილების) ბავშვობის ნახატები, მათი მისალოცი ბარათები, ფერადი კენჭები, ნივთები, წვრილმანები გვაქვს შენახული. ამ მოგონებების ყუთს ძალიან ვუფრთხილდები. ასეთი მოგონებების ყუთი კარგი რამაა შფოთიანობისას გადმოსაღებად, დასათვალიერებლად, წარსულის დასამახსოვრებელი მომენტების გასახსენებლად. შეიძლება შევქმნათ „შფოთის ყუთიკოც“. ამ „შფოთის ყუთიკოში“ მოვათავსოთ ნახატები, რომლებზეც ჩვენი შიში ან უგუნებობაა გამოსახული, გავაკეთოთ ჩანაწერები, სასაცილო თილისმები. ჩავაწყოთ თავი მჭიდროდ დავახუროთ და მაღლა, მაღლა შემოვდოთ…

 

ვიზრუნოთ საკუთარ თავზე

თვითმფრინავში ბავშვთან ერთად მგზავრობის უმთავრესი წესი ხომ გახსოვთ – საჭიროებისას ჟანგბადის ნიღაბს ვიკეთებთ ჯერ ჩვენ და მხოლოდ ამის შემდეგ ვუკეთებთ ბავშვს. საკუთარ თავზე ზრუნვა პირველ რიგში გვჭირდება იმიტომ, რომ ბავშვს ვჭირდებით მხნე, მედგარი, მტკიცე და ძლიერი. მშობლობა ურთულესი რამაა. გადაღლა, გადაქანცვა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მედგრობა რთული შესანარჩუნებელია ამ ქაოსურ დროებაში, მაგრამ ეს ჩვენი უპირველესი მოვალეობაა.

საკუთარი თავისთვის, მოძრაობისთვის, განტვირთვისთვის აუცილებლად გამოყავით დრო.

მიხედეთ თავს.

მხარი დაუჭირეთ საკუთარ თავს.

ესეც საუკეთესო გაკვეთილია ბავშვებისთვის.

 

 

 

 

ვერგაგების მშვენიერი ბილიკები

0

პედაგოგისთვის მოსწავლის მიმიკა, ჟესტიკულაცია, სახის გამომეტყველება, გამოპასუხების სტილი, მიმართება, ნებისმიერი საპასუხო რეაქცია ისეთივე სიმპტომია, როგორც ექიმისთვის ხველება, ცხელება და მოთენთილობა…

საერთოდ, მოსწავლეების რეაქციაზე დაკვირვებით ბევრის გაკეთება შეგვიძლია მათი უნარების განსავითარებლად, მათი შესაძლებლობების აღმოსაჩენად.

ახალ და რთულ მასალასთან პირველი შეხებისას მოსწავლეთა რეაქცია იშვიათად არის ხოლმე ასეთი: „ვაჰ, რა მაგარი გამოწვევაა!“, „რამდენი რამ არ მესმის“, „რა საინტერესო საკვლევი იქნება“ და „ნეტავ, თუ გავართმევ თავს…“. უფრო ხშირად გვესმის (ან უარესი, არ გვესმის, მაგრამ მოსწავლე თავისთვის, გულში ფიქრობს): „ეს რა დებილობაა!“, „ვერაფერი ვერ გავიგე!“, „არაფერი არ ვიცი!“, „ამას როგორ გავაკეთებ!“, „ამის გამკეთებელი მე არ ვარ!“.

ეს რეფლექსური მიმართებები, მყისიერი რეაქცია ახალი მასალის პირისპირ აღმოჩენისას, ჩვენი, უფროსების ბეჯითი და მიზანმიმართული გარჯის შედეგია. სასკოლო სისტემა ხომ დასჯა-დაჯილდოების ქანქარასებურ პრინციპზეა დაფუძნებული: შეგეშლება – დაისჯები, რამეს სწორად გააკეთებ – დაჯილდოვდები. ეს აყალიბებს მიმართებას – შეცდომა დასაძრახია, თუ ვერ გავიგე რამე, „დებილი ვარ!“ .

ინტერესის გაღვივებას, ცნობისმოყვარეობას, გამოსავლის ძიების გზებსა და სხვა ალტერნატიულ მეთოდებს დრო ნაკლებად ან საერთოდ არ ეთმობა.

მოსწავლეების გულწრფელი კომენტარები, მათი განწყობა-დამოკიდებულებები ძვირფასი რამაა. ესაა მასწავლებლის საკვლევი ლაბორატორიაც, ინსტრუმენტიც, რესურსიც.

მასწავლებლები ყველანაირად უნდა შევეცადოთ და ნდობით აღჭურვილი გარემო შევქმნათ, სადაც მოსწავლეს შეეძლება ალალად, გულწრფელად, ღიად გამოხატოს თავისი შეხედულებები და მიმართებები.

მოსწავლეებს ხშირად ვუმეორებ – „ვერგაგების გაცხადება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაგება და მისი თანმდევი შედეგი“.

რას ნიშნავს ეს?

ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი მასალის დამუშავებისას, შემეცნებისას, იმაზე დაკვირვება, რა ვერ გავიგე და მიზეზის ძიება – რატომ ვერ გავიგე – ასევე გადაჭრის გზაზე ფიქრი – რა გავაკეთო, რომ გავიგო – ფასდაუდებელი რამაა.

შემეცნების აქტი მხოლოდ ასე შედგება, როგორც თვითკმარი და სრულფასოვანი რამ. ეს ნიშნავს: გაცხადებული „ვერგაგება“ თავად გაკაფავს გზას „გაგებისკენ“.

შემეცნება აქტიური პროცესია და გულისხმობს საკუთარ სააზროვნო აქტზე დაკვირვებას, მონიტორინგს, რეგულაციას, დაგეგმვას, შეფასებას, გაცნობიერებას, სათანადო სტრატეგიების შემუშავებას, დაგეგმილის განხორციელებას, არსებული ცოდნის გაცხადებას, გააქტიურებას, გამოყენებას, ვერგაგების გაცხადებასა და ასევე – გამოყენებას. შემეცნების აქტის დამხმარე სტრატეგიაა პროცესის ტემპის რეგულირება და კორექტირება.

ეს ნიშნავს იმას, რომ მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა ტემპის შერჩევა სჭირდება რაიმეს გასაგებად, გასააზრებლად და შესამეცნებლად.

შემეცნების მიზანი არაა, სხაპასხუპით დაისწავლო რაიმე. მიზანია გაიგო, გაიაზრო, გაითავისო, გამიჯნო გაგება და ვერგაგება ერთმანეთისგან, დასახო გაგებისკენ მავალი გზები და ბილიკები, განსაზღვრო დრო და ტემპი.

ამასთან: სასკოლო განათლების მთავარი მიზანი „სამიზნე ცნებების“ დასწავლა არაა. ესაა საკუთარი თავის, სამყაროს შეცნობის გზაზე აღმოჩენების კეთება, დაბრკოლებებთან გამკლავების სტრატეგიების შემუშავება, თანამშრომლობა, გუნდურ აქტივობებში საკუთარ შესაძლებლობებზე დაკვირვება, შემეცნებისადმი, როგორც საინტერესო საკვლევისადმი; სწორი მიმართებების ჩამოყალიბება, მოქმედებისთვის საჭირო მოტივაციის გამომუშავება, ცნობისმოყვარეობით სავსე მზერის მიმართვა ნაცნობისა და უცნობისადმი…

 

დავუბრუნდები საკლასო ოთახს:

საკლასო სამუშაოების შესრულებისას, როცა დრო ცოტაა, მასწავლებლები ბევრს ვცოდავთ იმ მოსწავლეების წინაშე, ვისაც მეტი დრო ან უფრო საგულდაგულო მიდგომა სჭირდებათ, სჭირდებათ განსხვავებული ატმოსფერო და ტემპი შესამეცნებლად. გაკვეთილზე უფრო სხარტები და სწრაფები „ხეირობენ“.

როდესაც მოსწავლეს შეუძლია, გაიცხადოს ვერგაგება და მას აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება, თუ მას თავის დროზე მიაწოდეს მეტაკოგნიტური სტრატეგიები, ის შემეცნებისას ემოციურ და გონებრივ რესურსს დახარჯავს არა საკუთარი თავის დამუნათება-კრიტიკაზე, არამედ სათანადო სტრატეგიების შემუშავებასა და პროცესის სწორად წარმართვაზე.

 

როცა მესმის მოსწავლის გულიანი შეძახილი „ვერაფერი გავიგე!“, ვაგებებ – „გამოიყენე ეგ ვერგაგებაც და ეგ ენერგიაც, რაც ახლა გაქვს. დაეყრდენი გაგებას, ჩაეჭიდე იმ ყველაფერს, რაც გაიგე, გაიცხადე. ვერგაგება ჩამოაყალიბე კითხვებად. დასვი ეს კითხვები და დაეხმარე საკუთარ თავს“.

 

სიტუაცია ლიტერატურის გაკვეთილზე:

პირველი შეხება ძველ ქართულ ლიტერატურასთან ჩემს კლასებში ყოველთვის ამ ექსპერიმენტით იწყება: მოსწავლეებს ეძლევათ „შუშანიკის წამების“ შესავალი და ინსტრუქცია: თქვენ ხართ კრიპტოგრაფები. თქვენ წინაშეა ტექსტი. გაშიფრეთ, გახადეთ ცხადი, რა წერია. უნდა ამოიღოთ სრული ინფორმაცია იმაზე, ვინ სად და რა მიზნით გაემგზავრა, რა გააკეთა დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას და როგორ განვითარდა და დასრულდა გამგზავრების ამბავი. იქეცით გამომძიებლებად, თქვენ წინაშეა გასაშიფრი ტექსტი. დაიწყეთ!

ჩვენ კი, უფროსებს, სპეციალისტებს, ფილოლოგებსა და კურიკულუმების სპეციალისტებს გვგონია, რომ ენა „თექვსმეტსაუკუნოვანი მთლიანობაა“ (მეოცე საუკუნეში რეზი თვარაძის შემოთავაზებულ ამ ფორმულას ერთი საუკუნეც შევმატოთ), მაგრამ თანამედროვე მოზარდებს ძალიან უჭირთ ძველი ქართულის სწორად გაგება და ეს საკმაოდ საინტერესო გონებრივი სამუშაოა მათთვის.

დავალება პირველ ჯერზე და საწყის ეტაპზე სახალისოცაა და სასარგებლოც, ოღონდ შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში პერაფრაზირებისა და „გაშინაარსების“ მავნე ტრადიციის გამო, იქცევა გარანტირებული უკუეფექტის მომცემ წვალებად – არ შეიძლება მთელი ძველი ქართული ლიტერატურის სასკოლო ტექსტები მოსწავლეებს „ვაშინაარსებინოთ“, თუმცა ამაზე ამ კონკრეტულ წერილში აღარ ვისაუბრებ დაწვრილებით (ჩემი არაერთი კვლევა და მასალა ეთმობა ამ საკითხს).

მაშ, მოსწავლეები ერკინებიან ძველი ქართულის ლექსიკასა და სინტაქსს და ცდილობენ, გზა გაიკაფონ „ცოდნის“ ბილიკისკენ.

რას უნდა დაეყრდნონ?

თუ მოსწავლეს არ აქვს გამომუშავებული უნარი, შეანელოს ტემპი იქ, სადაც „ტევრია“ უცხო სიტყვებისა და „ჩიხი“ სინტაქსური კონსტრუქციების, თუ მას არ შეუძლია დამხმარე სტრატეგიების გამოყენება (ლექსიკონი, სქოლიო, წიგნის თეორიული მასალა, სწორი კითხვების ფორმულირება და ამ კითხვების კლასელებისთვის ან მასწავლებლისთვის დასმა), ის ადვილად ნებდება და საკუთარ თავსაც და ტექსტსაც განაჩენს გამოუტანს („ტექსტი გაუგებარია!“ „მე არაფერი მესმის!“ „ვერაფერი გავიგე!“).

მაგრამ ეს მარტივი გამოსავალია.

ამ შემთხვევაში მასწავლებელმა ტექსტი უნდა გამოიყენოს არა როგორც მიზანი (ისწავლოს ტექსტი შინაარსობრივად/ზეპირად), არამედ როგორც სამარჯვი სწავლისა და მეტაკოგნიტური უნარების განსავითარებლად.

კვლევა ხომ საინტერესო გზაა და შემეცნებისკენ მავალი ბილიკიც მასზე გადის.

მაშ, ამ უცხო და რთულ ტექსტში დავიწყოთ იმაზე დაკვირვება, რაც გვესმის, რის გაგებაც შეგვიძლია, რაც ლექსიკონის/სქოლიოს/თეორიის/მიღებული პასუხების შედეგად შეგვიძლია „დავალაგოთ“.

თუ მოსწავლეებს სწორად გავუწევთ ამ გზაზე მეგზურობას, მათთან ერთად ბევრს აღმოვაჩენთ.

მაგალითად, აღმოვაჩენთ იმას, რომ ვერგაგებასთან გამკლავება საინტერესო გამოცდილებაა.

  • მოსწავლეებისთვის დიდი სიამოვნებაა დაბრკოლების გადალახვა.
  • შემეცნების ბილიკებზე ვერგაგება ჩიხი კი არა, გადასაბიჯებელი წინაღობაა.
  • ხელშეწყობა და მხარდაჭერა უკეთესი პედაგოგიური სამარჯვებია, ვიდრე შეფასება (ყოჩაღ ან „უკეთ შეგეძლო“, ან „მეგონა, მეტი შეგეძლო“, ან საზარელი „ამას რა მიხვედრა უნდა“ და ა.შ.).
  • მოსწავლეებს აქვთ უფლება, ვერ გაიგონ, გაგვიზიარონ, ეძებონ და იპოვონ გადაჭრის გზები. „ამის დრო არ გვაქვს?“ – უნდა გამოვნახოთ!
  • გაგების, გააზრებისა და შემეცნების გზაზე ტექსტი არასდროს უნდა იყოს თვითმიზანი. შინაარსების მოხუფვასა და თეორიების დასწავლას არაფერი აქვს საერთო ცოდნასთან, შემეცნების თავგადასავალთან.

 

 

 

 

კარიკატურა, როგორც განაჩენი

0

1937 წელზე ბევრი გვილაპარაკია, წაგვიკითხავს, გვსმენია. დიდებულ ადამიანთა ბიოგრაფიის ბოლო, საბედისწერო წერტილადაც ბევრგან გვინახავს. 1937 – როცა დავკარგეთ ტიციან ტაბიძე და მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე და სანდრო ახმეტელი, გიორგი ელიავა და პეტრე ოცხელი…

რა თქმა უნდა, 1937 წელი გაცილებით ადრე დაიწყო, დიდი რეპრესიებისთვის საფუძველი გაცილებით ადრე შემზადდა, 1922 წლიდან…

ამ სტატიაში, რომელსაც ტექსტებზე მეტი ვიზუალური ნაწილი ექნება, მინდა განახოთ, როდის და როგორ იწყება მიზანში ამოღებული პიროვნების ათვალწუნება, მისი საწინააღმდეგო კამპანია, როგორ თანდათან ხდება მეგობარი მტერი, როგორ განწირულად ცდილობს ადამიანი გადარჩენას და როგორი ბასრი და შხამიანი ხდება ერთი შეხედვით უვნებელი იარაღი – კარიკატურა…

მიზანში ამოღებული პიროვნება – ტიციან ტაბიძეა,

1937 წელს მისი დახვრეტის ოქმში ჩაიწერება:

„ბრალად ედება

რომ იყო საქართველოს ნაციონალურ-ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრი. ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ხელოვნებისა და კულტურის სფეროში. ასევე ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ. თავი ცნო ნაწილობრივ დამნაშავედ. მხილებულ იქნა ბუდუ მდივანის, გასვიანის ლ, მგალობლიშვილის გ, საყვარელიძის, დარახველიძის, ელიავა შ.-ს, ი.მიწიშვილის, დ.წერეთლის, ა.მიქაძის, დ. ლომაძის და ბ. კვიტაშვილის ჩვენებების საფუძველზე“.

 

მასალა, რომელსაც თქვენ თვალს გადაავლებთ, ძირითადად იუმორისტული ჟურნალის, „ნიანგის“ ფურცლებზე იბეჭდებოდა, რამდენიმე კარიკატურა გაზეთ „მუშისა“ და „ლიტერატურული გაზეთის“ გვერდებიდანაცაა…

1922 „მუშა“

 

1924, დროშა

 

1935 ნიანგი

 

1936, ნიანგი

 

1931 ნიანგი

 

1932, ნიანგი

 

1936 ნიანგი (ცისფერყანწელთა საიტიდან niamorebi.ge)

 

1932, ნიანგი

მალაქია ტოროშელიძე, რომელიც მწერლების ტერორისთვის გამოიყენეს, ხან უნივერსიტეტის რექტორი იყო და ხან მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, 1937 წელს თავადაც დახვრიტეს, ტროცკისტობის ბრალდებით.

 

1937 ნიანგი

ალბათ თქვენც ხედავთ, ისარივით გულში გაყრილ მიხაკს… განაჩენი გამოტანილია.

 

 

რატომ ვიღლებით და გვეძინება კლასში დღის ბოლოს?

0

ინტერდისციპლინური სასწავლო-სოციალური STEAM პროექტი

ინტერდისციპლინური STEAM-პროექტი წარმოადგენს სწავლა-სწავლების თანამედროვე მოდელს, რომელიც მოსწავლეს უქმნის შესაძლებლობას, იმუშაოს რეალურ პრობლემებზე, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ჩაერთოს კვლევით საქმიანობაში და პრაქტიკაში გამოცადოს სხვადასხვა საგნობრივი ცოდნა. მსგავსი მიდგომა ხელს უწყობს თეორიულად დამუშავებული მასალის პრაქტიკულ კონტექსტში გამოყენებას, კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას.

STEAM პროექტები აცოცხლებენ სწავლა-სწავლების პროცესს და საკლასო ოთახს აკავშირებენ რეალურ ცხოვრებასთან. მოზარდს ეძლევა შანსი, გამოიკვლიოს მისთვის მნიშვნელოვანი თემები, იმუშაოს გუნდურად, იმსჯელოს მონაცემებზე დაყრდნობით და ღრმად გაიაზროს, როგორ ერწყმის თეორიული ცოდნა პრაქტიკულ ამოცანებს.

მავნე ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, კონცენტრაციის უნარზე და ზოგად კეთილდღეობაზე. აღნიშნული პროცესების შესწავლა და მიზეზების კვლევა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, შეიმუშაონ პრობლემის აღმოფხვრის რეკომენდაციები. STEAM-პროექტი – „რატომ ვიღლებით და გვეძინება კლასში დღის ბოლოს?“ – დაეხმარება მოზარდს, გაარკვიოს რა ხდება საკლასო ოთახში და რატომ აკლდება იქ მყოფ ადამიანებს თანდათან ენერგია.

სკოლებში სუფთა ჰაერი ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა დახურულ სივრცეში დამაბინძურებლების დონე ხშირად ბევრად მეტია, ვიდრე გარეთ. სასკოლო გარემოზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეთათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად, რაც განაპირობებს მათ სიჯანსაღესა და სასწავლო პროცესისთვის მზაობას. ჰაერის არასაკმარისმა ხარისხმა შეიძლება მოზარდებში ზრდასრულებზე მეტად გამოიწვიოს ჯანმრთელობის მთელი რიგი პრობლემები. მათ შორის თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, ასთმა, ალერგიის გამწვავება და სხვა.

სკოლის შენობა ხალხმრავალი ადგილია. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სკოლის სივრცის მრავალმხრივი გამოყენება. საკლასო ოთახები, ბუფეტი, სპორტული დარბაზები, ხელოვნების ოთახი და ლაბორატორიები, შიდა ჰაერის ხარისხის პრობლემის პოტენციურ წყაროს წარმოადგენენ. სკოლის ბიუჯეტი ხშირად შეზღუდულია, რაც ქმნის სისტემატური დასუფთავების პრობლემას. ჰაერი დახურულ სივრცეში შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა მავნე დამაბინძურებლებს. ესენია:

  • მტვერი და ობი: მტვერი შეიცავს მტვრის ტკიპას ალერგენს, რომელიც ხშირად ასთმისა და ალერგიის გამომწვევი მიზეზია. ობი, რომელიც ჩნდება ნესტიან ზედაპირებზე, ნოტიო პირობებში ან ცუდად მოვლილ და ძველ შენობებში. მტვრის ტკიპამ და ობმა შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების პრობლემები;
  • აქროლადი ორგანული ნაერთები (VOC): მავნე აირები შეიძლება წარმოიქმნეს სამშენებლო მასალების, ახალი ავეჯის, საღებავის, იატაკის, წებოვანი მასალის და სკოლებში ხშირად გამოყენებული საწმენდი საშუალებებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის, ცხვირისა და ყელის გაღიზიანება; დროთა განმავლობაში კი შეიძლება წარმოშვას ჯანმრთელობის უფრო სერიოზული პრობლემები;
  • ბაქტერიები და ვირუსები: სკოლაში მიკრობების გამრავლება განსაკუთრებით ცივ თვეებში აქტიურდება. საკლასო ოთახების მჭიდრო სივრცეები, ხშირად არასაკმარის ვენტილაციასთან ერთად, განაპირობებენ ბაქტერიების და ვირუსების მოსწავლეებში სწრაფად გავრცელებას, რაც თავისთავად გულისხმობს გაცდენებისა და ავადმყოფობის ზრდას;
  • CO2ის ჭარბი რაოდენობა: ცუდად ვენტილირებულ საკლასო ოთახებში ხდება ნახშირორჟანგის დონის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავის ტკივილი და კოგნიტიური ფუნქციის დაქვეითება. ძველი აშენებული ბევრი სკოლის შენობა არ არის საკმარისი მოსწავლეთა დიდი რაოდენობისთვის. ეს იწვევს გადატვირთულ საკლასო ოთახებს არასაკმარისი ვენტილაციით;
  • გარედან დაბინძურება: სკოლის მიმდებარე ტერიტორიის ჰაერს შეუძლია გავლენა მოახდინოს შიდა ჰაერის ხარისხზე. სამშენებლო მასალა, უმოქმედო ავტომობილები, საბურავები გამოყოფენ გამონაბოლქვს, რომელმაც შეიძლება შეაღწიოს საკლასო ოთახებსა და სათამაშო მოედნებზე, რაც ბავშვებს მავნე დამაბინძურებლების ზემოქმედების ქვეშ ამყოფებს. კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალი გამტარობის მქონე ადგილებში მცხოვრებ მოსწავლეებს კოგნიტიური ფუნქცია უფრო ნელა უვითარდებათ, ვიდრე ნაკლებად დაბინძურებულ გარემოში მცხოვრებ მოზარდებს.

სკოლებში შიდა ჰაერის ცუდი ხარისხი არ გულისხმობს მხოლოდ დისკომფორტს. ბავშვები, რომლებიც ისეთ დამაბინძურებლებსა და ალერგენებთან არიან კონტაქტში, როგორებიცაა – მტვრის ტკიპა ალერგენი, ობი, არასტაბილური ორგანული ნაერთები, CO2-ის ჭარბი რაოდენობა და მყარი ნაწილაკები (PM) ჯანმრთელობის გაუარესების უფრო მაღალ რისკს ქმნის. შიდა ჰაერის დამაბინძურებლებმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც გრძელვადიანი, ასევე ხანმოკლე ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვებსა და მოზრდილებში, მათ შორის:

  • ხველა, ცემინება და სინუსების შეგუბება;
  • თვალის, ცხვირის, ყელის და კანის გაღიზიანება;
  • თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა და დაღლილობა;
  • ალერგიული რეაქციები;
  • გაუარესებული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და/ან სხვა რესპირატორული დაავადებები.

იშვიათ შემთხვევებში მსგავს გარემოში იქმნება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. სკოლებში ჰაერის ხარისხის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებული შემდეგი სახის პრობლემები:

  • აკადემიური მოსწრების, პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
  • მოსწავლეთა და პერსონალის გაცდენების სიმრავლე;
  • სკოლის შენობებისა და აღჭურვილობის ეფექტურობის შემცირება;
  • ნეგატიური გარემოს შექმნა და შესაბამისად მშობლებს, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობების დაზიანება.

საბოლოო ჯამში ყველა ეს პრობლემა უარყოფითად აისახება საერთო საგანმანათლებლო გარემოზე. ჯანსაღი სასწავლო გარემო აუცილებელია როგორც მოზარდებისთვის, ასევე პედაგოგების წარმატებული საქმიანობისთვის. სკოლებისთვის უმნიშვნელოვანესია პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შენობაში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. გავეცნოთ რამდენიმე ეფექტური სტრატეგიას:

  • საკლასო ოთახების კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფა მარტივად შესაძლებელია ფანჯრების პერიოდული გაღებით. სათანადო ვენტილაცია ხელს უწყობს CO2-ის დონის შემცირებას დაჰაერის დამაბინძურებლებისგან გაწმენდას. სკოლებმა უნდა უზრუნველყონ ლაბორატორიებსა და ბუფეტებში გამწოვის გამართულად მუშაობა. ასევე, აუცილებელია ტუალეტებში სათანადო ვენტილაცია;
  • სკოლების რემონტის შემდგომ ან ახალი ავეჯის შესყიდვისას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი მასალის შერჩევა, რომლებიც მცირე რაოდენობით გამოყოფენ აქროლად ორგანულ ნაერთებს (VOC);
  • ჰაერში გამოყოფილი დამაბინძურებლების ეფექტურად გასაფილტრად აუცილებელია გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების რეგულარული მოვლა-პატრონობა;
  • ჰაერის ტენიანობის დონის საჭირო დიაპაზონში (40-50%) შენარჩუნება ხელს უშლის ობის წარმოქმნას და ამცირებს სასუნთქი გზების პრობლემებს. მნიშვნელოვანია წყლის სისტემის რეგულარული შემოწმება და გაჟონვით გამოწვეული დაზიანების დაუყოვნებლივი შეკეთება;
  • იატაკი ისეთი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული, რომ რეგულარულად ხერხდებოდეს მისი მარტივად გაწმენდა. ეფექტურად უნდა იყოს შესაძლებელი იატაკიდან დაგროვილი ალერგენების მოშორება და გაწმენდის შემდეგ ჰაერში დამაბინძურებლების დაბალი დონის უზრუნველყოფა;
  • ჯანსაღი შიდა გარემოს შესაქმნელად, სასურველია ჰაერის გამწმენდი საშუალებების საჭიროების მიხედვით გამოყენება. საწმენდი პრეპარატები უნდა ინახებოდეს კარგად ვენტილირებად, საკლასო ოთახებისგან მოშორებით გამოყოფილ ადგილას;
  • აუცილებელია სკოლის შენობებთან ახლოს ეკოლოგიურად სუფთა ჰაერისთვის სასურველი გარემოს შექმნა, რაც შეამცირებს საკლასო გარემოში მყარი ნაწილაკების მოხვედრის რისკს.

პროექტის – რატომ ვიღლებით და გვეძინება კლასში დღის ბოლოს?“ იდეა და ამოცანები მდგომარეობს შემდეგში:

  • პროექტი ეფუძნება მოსწავლეთა ყოველდღიური სასკოლო რეალობის ანალიზს – კერძოდ, ენერგიის დეფიციტისა და გადაღლის განცდას დღის ბოლოს;
  • პროექტის მთავარი ამოცანაა სკოლის ეკოსისტემის შესწავლა, ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და პრევენციული ნაბიჯების გამოკვეთა;
  • მსგავსი საკითხების განხილვა მოსწავლეებს აქტიურად ჩართავს პროცესში და კვლევითი პროცესების მიმართ გაააქტიურებს მათ მოტივაციას;
  • ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმით, სკოლებს შეუძლიათ შექმნან უფრო ჯანსაღი გარემო, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ როგორც აკადემიურად, ასევე ფიზიკურად სრულყოფილი განვითარება;
  • პროექტზე მუშაობის პროცესში ინტეგრირდება ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ისტ, სამოქალაქო განათლება, უცხო ენა, რაც პროექტს აქცევს ნამდვილ ინტერდისციპლინურ STEAM-მოდელად;
  • მოსწავლეები სწავლობენ არდუინოს გამოყენებას ჰაერის ხარისხის (მაგ., CO₂, CO, VOC) დასადგენად და რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით აანალიზებენ გარემო პირობების ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე;
  • შენობებში, ჰაერის მავნე მინარევების (ნახშირორჟანგი, ბუნებრივი აირი, ნავთობპროდუქტები, ალკოჰოლი და სხვ.) არსებობის შემთხვევაში, მოსწავლეების მიერ შექმნილი მოწყობილობა გვამცნობს ხმოვანი სიგნალითა და სინათლის ინდიკატორით;
  • მავნე აირების აღმოჩენის სისტემის დახმარებით, მოსწავლეები შეძლებენ საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს კვლევითი პროექტების განხორციელებას; ჩაატარებენ კვლევას საკუთარი ხელით შექმნილი ელ.ინჟინრული მოწყობილობით; დაფიქრდებიან სასწავლო და სამუშო პროცესებში უსაფრთხოების წესების მნიშვნელობაზე;
  • მოწყობილობის გამოყენებით, მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას სამუშაო გარემოში, დახურულ სივრცეში (სკოლა, ოფისი), როგორ მოქმედებს ჰაერის ქიმიური შემადგენლობის ცვლილება ადამიანების შრომისუნარიანობაზე;
  • მოსწავლეები გამოიკვლევენ ჰაერის ხარისხს საკუთარ სკოლაში, გამოიყენებენ ტექნოლოგიურ მოწყობილობებს (MQ-7, MQ135 , MG-811), შეაგროვებენ მონაცემებს, გააანალიზებენ და შესთავაზებენ რეკომენდაციებს სკოლასა და ადგილობრივ საზოგადოებას;
  • პროექტის შედეგი შეიძლება იყოს როგორც გაზომვადი მონაცემების ანალიზი, ისე კონკრეტული რეკომენდაციები საკლასო სივრცის ვენტილაციის ან დიზაინის გასაუმჯობესებლად;
  • პროექტი ხელს შეუწყობს ისეთი უნარების განვითარებას, როგორებიცაა – პრობლემაზე ორიენტირებული კვლევა, ექსპერიმენტის დაგეგმვა და ჩატარება, შედეგების შეფასება და გადაწყვეტილებების მიღება, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლება, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, სამეცნიერო და ტექნიკურ ლიტერატურაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროექტი გულისხმობს რამდენიმე საგნის ინტეგრაციას, რაც ხელს უწყობს ზოგადად, სასკოლო ურთიერთობის გაჯანსაღებას და თანამშრომლობითი კულტურის ამაღლების ხელშეწყობას.

 პროექტის ინტერდისციპლინური კავშირები საგნების მიხედვით:

ფიზიკა

  • მოსწავლეები იკვლევენ ჰაერში სხვადასხვა აირების გავრცელების ფიზიკურ მექანიზმებს, ტემპერატურის, წნევისა და ჰაერის ცირკულაციის მნიშვნელობას დახურულ სივრცეებში;
  • Arduino-ს საშუალებით მარტივი ელექტრული წრედების აწყობა.

 ქიმია

  • პროექტი მოიცავს მავნე ნივთიერებების (CO₂, VOC, PM და სხვა) ქიმიური ბუნების, წყაროებისა და რეაქციების შესწავლას.

ბიოლოგია

  • მოსწავლეები იკვლევენ, როგორ მოქმედებს დაბინძურებული ჰაერი ადამიანის ჯანმრთელობაზე: სუნთქვა, უჟანგბადობა, უყურადღებობა, დაღლილობა და სხვა ფიზიოლოგიური რეაქციები;
  • განიხილავენ დახურული სივრცეების ეკოლოგიურ მდგომარეობასა და მის ზემოქმედებას გარემოზე.

მათემატიკა

  • მონაცემების შეგროვება, დამუშავება, დიაგრამებისა და გრაფიკების აგება, სტატისტიკური ანალიზი, საშუალო მნიშვნელობების გამოთვლა და დასკვნების გაკეთება.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

  • მოსწავლეები იყენებენ Arduino-ს და სენსორებს, სწავლობენ მონაცემთა მიღების, დამუშავებისა და წარდგენის ტექნიკურ პროცედურებს.

სამოქალაქო განათლება

  • პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, საჯარო სივრცეში ყოფნის კულტურასა და ჯანსაღი სასკოლო გარემოს შექმნაში საკუთარი როლის გააზრებას.

უცხო ენა:

  • უცხოურ ლიტერატურაზე მუშაობა განამტკიცებს მოსწავლეთა უცხო ენის უკეთ ათვისებას და საჭიროებისამებრ მიღებული ცოდნის გამოყენების პრაქტიკებს.

 

 

 

პროექტის სახელწოდება რატომ ვიღლებით და გვეძინება კლასში დღის ბოლოს?
პროექტის მონაწილეები მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები
პრობლემის ანალიზი

 

·         ჩაკეტილ სივრცეში, განსაკუთრებით ხალხმრავალ ოთახებსა და ოფისებში დღის განმავლობაში ჰაერში გროვდება მავნე აირები, რაც იწვევს ადამიანთა დაღლილობას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას და ჯანმრთელობის პრობლემებს;

·         აღნიშნული პროცესების შესწავლა და მიზეზების კვლევა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, შეიმუშაონ პრობლემის აღმოფხვრის რეკომენდაციები.

საკვანძო შეკითხვა ·         გიგრძნია სკოლაში ბოლო გაკვეთილებზე დაღლილობა, თავში სიმძიმე და აზროვნების უნარის შენელება?

·         რა იწვევს ამ მოვლენებს სამუშაო სივრცეში?

·         როგორია სუფთა ჰაერის შემადგენლობა ჩვენს საცხოვრებელ გარემოში?

·         რა სარგებლის მოტანა შეუძლია მავნე გაზების აღმოჩენის სისტემის ხელსაწყოს სკოლისთვის, საზოგადოებისთვის?

პროექტის იდეა ·         შენობებში ან ღია სივრცეში, ატმოსფეროში მავნე მინარევების (ნახშირორჟანგი, ბუნებრივი აირი, ნავთობპროდუქტები, ალკოჰოლი და სხვ.) დაფიქსირების შემთხვევაში, მოსწავლეების მიერ შექმნილი მოწყობილობა გვამცნობს ხმოვანი სიგნალითა და სინათლის ინდიკატორით;

·         მოწყობილობის გამოყენებით, მოსწავლეები ატარებენ კვლევას სამუშაო გარემოში, დახურულ სივრცეში (სკოლა, ოფისი);

·         იკვლევენ, როგორ მოქმედებს ჰაერის ქიმიური შემადგენლობის ცვლილება ადამიანების შრომისუნარიანობაზე.

პროექტის მიზნები

 

·         მავნე გაზების აღმოჩენის სისტემის დახმარებით, მოსწავლეები შეძლებენ ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს კვლევითი პროექტების განხორციელებას სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით;

·         ჩაატარებენ კვლევას საკუთარი ხელით შექმნილი ელ.ინჟინრული მოწყობილობით;

·         დაფიქრდებიან სასწავლო და სამუშო პროცესებში უსაფრთხოების წესების მნიშვნელობაზე.

გრძელვადიანი მიზნები

 

მოსწავლემ შეძლოს:

·         საკუთარი მოსაზრების დასაბუთება შესაბამისი არგუმენტებითა და მაგალითებით;

·         გამოიმუშაოს გაცნობილი მასალის დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანის, გაანალიზება-ინტერპრეტირებისა და წარდგენა-გაზიარების უნარი;

·         მოსწავლეებს განუვითარდებათ გარემოში მიმდინარე მოვლენათა ადეკვატურად აღქმის სიღრმე და მრავალმხრივობა;

·         ცოდნის ტრანსფერული უნარების განვითარების ხელშეწყობა.

 

რეკომენდაცია

 

·         MQ-7 აფიქსირებს ჰაერში CO-ს არსებობას;

·         MQ135 ჰაერის ხარისხის სენსორი, მგრძნობიარე ბენზინის, ალკოჰოლისა და კვამლის მიმართ;

·         MG-811 არის CO2-ს კონცენტრაციის სენსორი;

·         შესაბამისი მოდულებისა და აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემაც.

კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან

 

მიზანი 3. ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. სახიფათო ქიმიური ნივთიერებებისა და ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების შედეგად სიკვდილისა და ავადმყოფობის შემთხვევათა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება;

მიზანი 13. კლიმატის მდგრადობის მიღწევა. სასათბურე გაზების გამოყოფის საერთო ემისია.

სამიზნე/მაკრო ცნებები საგნების მიხედვით ფიზიკა: მატერია, პროცესი;

ქიმია: ნივთიერება, ფიზიკური და ქიმიური მოვლენები;

ბიოლოგია: სასიცოცხლო თვისება, ჯანმრთელობა და დაავადება;

მათემატიკა: მოდელირება, კვლევა, ლოგიკა;

ისტ: პროგრამული კოდი (ალგორითმი); მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი, ინტერნეტი, ინფორმაცია;

სამოქალაქო განათლება: საზოგადოება, სამოქალაქო მონაწილეობა, მდგრადი განვითარება;

ინგლისური: ჟანრი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები.

სწავლის შედეგები (საგნობრივ სტანდარტზე დაყრდნობით)

 

ფიზიკა

ფიზ.საბ.4. ფიზიკური მოვლენების შესწავლის მიზნით კვლევის (ცდა, ექსპერიმენტი) დაგეგმვა (ჰიპოთეზების შემუშავება, დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების განსაზღვრა, კვლევის პროცედურის, მონაცემების აღრიცხვის ფორმების განსაზღვრა, სათანადო რესურსების შერჩევა);

ფიზ.საბ.5. ფიზიკური პროცესებისა და კანონზომიერებების კვლევისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება (დაკვირვება, გაზომვა, მონაცემების აღრიცხვა, შესაბამისი მასალისა და აღჭურვილობის ადეკვატურად გამოყენება);

ფიზ.საბ.6. თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების სხვადასხვა ფორმით (ცხრილებით, დიაგრამებით, გრაფიკებით და სხვ.) ჩაწერა და ორგანიზება; მონაცემების ორგანიზებისთვის ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;

ფიზ.საბ.7. მონაცემების გაანალიზება და არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა, ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად დიაგრამებისა და გრაფიკების გამოყენება;

ფიზ.საბ.8. მოდელების შექმნა და გამოყენება ფიზიკური მოვლენების/კანონზომიერებების საჩვენებლად;

ფიზ.საბ.9. ცდისა და ექსპერიმენტის დაგეგმვისა და ჩატარებისას უსაფრთხოების წესების დაცვა;

ფიზ.საბ.10. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების შეფასება მდგრადი განვითარების პრინციპების თვალსაზრისით;

ფიზ.საბ.11. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება.

 

კომპიუტერული ტექნოლოგიები

ისტ.საბ.3. ალგორითმის ჩამოყალიბება, პროგრამული კოდის შემუშავება, პროგრამის შექმნა;

ისტ.საბ.4. კომპიუტერულ პროგრამაში/თამაშში, ცხოვრებისეული მოვლენების ასახვა. კომპიუტერული პროგრამის/თამაშის შექმნისას შემოქმედებითი მიდგომის გამოვლენა.

 

ბიოლოგია

ბიოლ.საბ.5. ბიოლოგიური ობიექტების/პროცესის შესწავლის მიზნით კვლევის დაგეგმვა;

ბიოლ.საბ.6. ბიოლოგიური ობიექტების/პროცესების კვლევისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება;

ბიოლ.საბ.7. თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების სხვადასხვა ფორმით ჩაწერა და ორგანიზება; მონაცემების ორგანიზებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;

ბიოლ.საბ.8. მონაცემების გაანალიზება და არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა;

ბიოლ.საბ.12. საბუნებისმეტყველო        მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება.

ქიმია

ქიმ.საბ.5. ფიზიკური და ქიმიური მოვლენების რაოდენობრივი დახასიათება;

ქიმ.საბ.6. ქიმიური პროცესების კვლევის მიზნით კვლევის დაგეგმვა;

ქიმ.საბ.7. ქიმიური მოვლენების კვლევისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება;

ქიმ.საბ.8. თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების სხვადასხვა ფორმის ჩაწერა და ორგანიზება; მონაცემების ორგანიზებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;

ქიმ.საბ.13. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ტექნოლოგიების ყოველდღიურობასთან დაკავშირება.

 

მათემატიკა:

მათ.საბ.1. მათემატიკური ან სხვა საგნებიდან მომდინარე ამოცანების განხილვისას ჰიპოთეზების ჩამოყალიბება, მათი მართებულობის დადგენა ან უარყოფა;

მათ.საბ.6. გრაფიკულად გადმოცემული მათემატიკური შინაარსის ინფორმაციის წაკითხვა; მათემატიკური ობიექტების გრაფიკული ხერხით (გრაფიკების, დიაგრამების და ნახაზების სახით) წარმოდგენა;

მათ.საბ.7. ყოველდღიურ ცხოვრებაში, არსებული ობიექტებისა და პროცესების მათემატიკური ფორმულირება, წარმოდგენა გამოსახულების, განტოლების, გრაფიკის სახით. მათემატიკური მოდელის შექმნა და არსებული რეალური საკითხის აღნიშნული გზით გადაჭრა. კვლევის დაგეგმვა, პროცედურის, მონაცემების აღრიცხვის ფორმების განსაზღვრა, სათანადო რესურსების შერჩევა);

მათ.საბ.11. ტექნოლოგიების გამოყენება მათემატიკური პრობლემის ამოხსნისთვის. ტექნოლოგიების გამოყენებით საკითხის ვიზუალური წარმოდგენა, მოდელის შექმნა. კომპიუტერული აპლიკაციების გამოყენება მათემატიკური პრობლემის გადაჭრისთვის.

 

სამოქალაქო განათლება:

მოქ.საბ.2. საზოგადოებისა და ქვეყნისთვის აქტუალური სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების ამოცნობა და საკუთარი ჩართულობით მათ გამოსწორებაზე ზრუნვა დემოკრატიის პრინციპების გათვალისწინებით;

მოქ.საბ.3. მდგრადი განვითარების პრინციპების გააზრება და მათ საფუძველზე მოქმედება (მათ შორის, ცხოვრებისეულ და საგანგებო (ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეულ) ვითარებაში უსაფრთხოების წესების დაცვით მოქმედება).

 

ინგლისური ენა:

I უცხ.საბ.1. ტექსტის გაგება-გააზრება ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული, სტრუქტურული და ჟანრობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენებით;

I უცხ.საბ.2. ტექსტის გაგებამდე, გაგების პროცესში და გაგების შემდგომ შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება ტექსტის გაგება-გააზრების პროცესებისა და ენობრივ-გრამატიკული ცოდნის გაუმჯობესების ხელშესაწყობად;

I უცხ.საბ. 3. ტექსტის გააზრებისას, კომუნიკაციისას წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება, მათი გადაჭრის გზების დადგენა (სწავლის პროცესის მართვა – მეტაკოგნიტიური სტრატეგია).

პროექტის

ბლოკსქემა

პროექტის კოდი არდუინოსთვის https://rb.gy/yzqc2h

 

საჭირო

რესურსები

 

გაზის სენსორი – MQ-7 1 ცალი
ჰაერის ხარისხის სენსორი MQ135 1 ცალი
CO2-ს კონცენტრაციის სენსორი- MG 811 1 ცალი
ARDUINO UNO 1 ცალი
ARDUINO-ს კაბელი 1 ცალი
სამონტაჟო დაფა 1 ცალი
პიეზო დინამიკი 1 ცალი
წინაღობა 220 ომი 5 ცალი
LED ნათურები 6 ცალი
ჯამფერები 1 შეკვრა
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები

 

Ø  მოსწავლეთათვის პროექტის იდეის გაცნობა;

 

Ø  მსგავსი კვლევების მასალების მოძიება. შესაბამისი ლიტერატურის მიმოხილვა;

 

Ø  სამუშაო ჯგუფების შექმნა;

 

Ø  პრეზენტაციების მომზადება.

 

ბიოლოგია:

·         სუნთქვა.

ქიმია:

·         რა ქიმიურები რეაქციები მიმდინარეობს ჩაკეტილ სივრცეში;

·         ჩაკეტილ სივრცეში მავნე აირების დასაშვები კონცენტრაცია.

 

ფიზიკა:

·         დიფუზია, კონვექცია, ტენიანობა;

·         მარტივი წრედების აწყობა;

·         გაზის სენსორი – MQ-7;

·         ჰაერის ხარისხის სენსორი – MQ135;

·         CO2-ს კონცენტრაციის სენსორი – MG-811.

 

სამოქალაქო განათლება:

·         საზოგადოებისა და ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების ამოცნობა და საკუთარი ჩართულობით მათ გამოსწორებაზე ზრუნვა;

·         მდგრადი განვითარების პრინციპების გააზრება და მათ საფუძველზე მოქმედება.

 

ü  პროექტის ფარგლებში საჭირო იქნება მოცემული მასალის სტატისტიკური დამუშავება და მონაცემთა ანალიზის წარმოდგენა, რაც საჭიროებს პროექტის მათემატიკასთან ინტეგრირებას;

ü  უცხოურ ლიტერატურაზე მუშაობისთვის კი უცხო ენის სწავლების მეთოდების ინტეგრაცია.

 

 

Ø  პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევების განხორციელების მიზნით, შესაბამისი წრედების აწყობა და საჭირო ექსპერიმენტების ჩატარება;

Ø  მიღებული შედეგების ანალიზი და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება;

 

Ø  პროექტის შედეგების პრეზენტაცია;

 

Ø  პროექტის შეფასება.

 

 

 

მსგავსი ტიპის STEAM-პროექტები მნიშვნელოვანია მოსწავლეთა კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებისთვის, თეორიული ცოდნის რეალურ კონტექსტში გამოყენებისა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისთვის. ცხოვრებისეულ პრობლემებზე დაფუძნებული პრაქტიკული გამოცდილება მკაფიოდ უსვამს ხაზს ინტერდისციპლინური სწავლა-სწავლების მოდელის ეფექტიანობასა და მის მნიშვნელობას თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში.

 

ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტის რესურსები და პრეზენტაციები:

https://rb.gy/fm9t4b

 

https://rb.gy/4z3pku

 

https://rb.gy/pm5lb9

 

https://rb.gy/vghcp0

 

https://rb.gy/x8vbki

 

https://rb.gy/scvfa0

 

https://rb.gy/az3fn7

 

https://rb.gy/t50lhh

 

გამოყენებული ლიტერატურა:

მასწავლებლის სახლის „საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის“ მასალები:

https://rb.gy/gzxbsn

https://rb.gy/7wtm4u

https://rb.gy/5eir4n

https://rb.gy/6uy5e1

 

პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობა

0

პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომაა, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესს აკავშირებს რეალურ სამყაროსთან. იგი ემყარება სასწავლო კურიკულუმთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამის მკვიდრ წარმოდგენებს და იმ გამოწვევებს, რაც სასწავლო პროცესს უფრო პროდუქტიულსა და მიზანმიმართულს გახდის. ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, პროექტებით მუშაობა გაცილებით ეფექტურ შედეგს იძლევა. იგი ეწინააღმდეგება მექანიკურ დამახსოვრებაზე მიმართული სწავლების მეთოდს და ყურადღებას ამახვილებს პრაქტიკულ საქმიანობაზე, კვლევასა და ანალიზზე. მოსწავლე ეუფლება პრობლემის გადაჭრის, გადაწყვეტილების მიღებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხშირად ინტეგრირებულია და აერთიანებს სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფს. სწავლა-სწავლების ასეთი მიდგომები ზრდის მოტივაციას და მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის დამოუკიდებლად და სიღრმისეულად ათვისებისკენ.

სკოლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდას ბევრ სიახლესთან მოუწევს ადაპტირება, ვიდრე მხოლოდ გაკვეთილის მოსმენა ან დავალების შესრულებაა. რეალურ სამუშაო გარემოში საჭიროა პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის ეფექტური მართვა და ჯგუფური თანამშრომლობა. სწორედ ამ უნარების განვითარებას ემსახურება პროექტზე დაფუძნებული სწავლება. პროექტზე მუშაობა ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა გუნდურობა, კვლევის ანალიზი, დროის მენეჯმენტი, პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრა, ეფექტური თანამშრომლობა, სამუშაოსთვის შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევა, დამოუკიდებელი მუშაობისა და კრიტიკული პროცესების მართვა, ინფორმაციის სინთეზი, მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება, პიროვნული და სოციალური პასუხისმგებლობა, გადაწყვეტილების მიღება, სხვადასხვა პროექტში ჩართვა ან მათი მართვა.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლის ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და მისი შესაძლებლობების აქტიურ რეალიზაციას სასწავლო პროცესში; საშუალებას აძლევს ახალგაზრდას, თავად ამოიცნოს და შეაფასოს რეალურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევები. პროექტებით მუშაობა სასწავლო პროცესს აკავშირებს საკლასო ოთახის მიღმა არსებულ სამყაროსთან, ის არის ხიდი თეორიასა და პრაქტიკას შორის, ამყარებს თეორიულ ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერს. სწორედ ამ გზით ხდება სწავლა უფრო მიზანმიმართული და მოტივაციაზე დაფუძნებული.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება არ უნდა განიხილებოდეს, როგორც მხოლოდ ჯგუფური აქტივობა ან შემთხვევით შერჩეული თემის დამუშავება. ეფექტური პროექტი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ინტერესებს, კლასის დინამიკას ან თემის რეალურ საჭიროებებს. სწორედ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს აქტიურ მონაწილეობას, ღრმა ჩართულობასა და ნაყოფიერი დასწავლის გამოცდილებას.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საგაკვეთილო მასალით. ის მოზარდს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა რეალურ კონტექსტში გამოიყენოს. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს საგნობრივი შინაარსის ღრმად გააზრებას, მოსწავლის ინტერესისა და მოტივაციის ზრდას. წარმატებული პროექტის განხორციელება მოითხოვს წინასწარ ჩატარებულ კვლევას, ამ კვლევაზე დაფუძნებულ დაგეგმვას და ეტაპობრივ განხორციელებას, იქნება ეს პრეზენტაცია, მოდელი თუ სხვა სახის პროდუქტი.

პროექტებით სწავლებისას მოსწავლე თავად ეძებს გზებს პრობლემის ან საკვლევი საკითხის გადასაჭრელად. მისი მიზანი აღარ არის მხოლოდ სწორი პასუხის პოვნა. ის ხდება პროცესის ავტორი – იკვლევს, აანალიზებს და ქმნის. ამ ტიპის სწავლების წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა ის, რომ მოზარდს აქვს მკაფიო მოლოდინი და მოტივაცია, ეს კი უზრუნველყოფს უფრო დამოუკიდებელ, მიზანმიმართულ და გააზრებულ მუშაობას.

პროექტის იდეა ხშირად იბადება ლექციური, თეორიული საკითხის გააზრებით, თუმცა პროექტზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს მუშაობას საკლასო სივრცის ფარგლებს მიღმა. მისი ეფექტურობა სწორედ ის გახლავთ, რომ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა მზა ფორმულით, მოცემულის ზედაპირული გააზრების ნაცვლად, საკუთარი გზა იპოვოს ამოცანის გადასაწყვეტად. მოზარდი ყველაზე ეფექტურად მაშინ სწავლობს, როდესაც დასასწავლი საკითხი აღვივებს მის ინტერესსა და ფანტაზიას. მნიშვნელოვანია, მოზარდს ჰქონდეს ავტონომია როგორც შინაარსის შერჩევაში, ისე მუშაობის ფორმისა და გზის განსაზღვრაში. ასეთი დაინტერესებით შესრულებული სამუშაო კი უზრუნველყოფს სწავლების პროცესის ეფექტურობასა და პროდუქტიულობას.

პროექტებზე მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლის როგორც აკადემიური, ასევე პიროვნული უნარების განვითარებას; აძლევს მას საშუალებას, დაეუფლოს პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებს, გაიღრმაოს თანამშრომლობის უნარები და განივითაროს დამოუკიდებლად მუშაობის პრაქტიკა; სწავლობს პასუხისმგებლობის აღებას, დროის მართვასა და შემოქმედებით აზროვნებას.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლე აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის მიმღები, ის ხდება შემცნობი, კვლევის ავტორი და აღმოჩენის მონაწილე. ასე იქმნება ნამდვილი ინტელექტუალური შრომის გამოცდილება, რაც მოსწავლეს უყალიბებს მიღებული ცოდნის ღრმად გააზრებისა და გამოყენების უნარებს. მოზარდს შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობა და ინიციატივის გამოჩენა – უნარები, რომლებიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება XXI საუკუნის ციფრულ სამყაროში.

სასწავლო-კვლევითი პროექტები ხელს უწყობს თანამშრომლობას, რეფლექსიას, პასუხისმგებლობის გაზიარებასა და თანატოლებისაგან სწავლას; სწავლა-სწავლების პროცესს უფრო ცხოვრებისეულს, აქტიურსა და დატვირთულს ხდის, ისე, როგორც ამას მოითხოვს ჩვენი სწრაფად ცვალებადი, ტექნოლოგიურად გაჯერებული რეალობა.

თანამედროვე ციფრული ეპოქა, რომელსაც თანდათანობით სულ უფრო მეტად განსაზღვრავს ხელოვნური ინტელექტი (AI), განათლების სფეროში აყენებს ახალ საჭიროებებსა და გამოწვევებს. არსებული რეალობის გათვალისწინებით, სასწავლო-კვლევითი პროექტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. AI-ის ეპოქაში ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია, მაგრამ მისი გააზრება, კრიტიკული შეფასება და ახალ კონტექსტში ჩასმაეს ის უნარებია, რომლებიც პროექტებზე მუშაობით ყალიბდება. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, სასწავლო-კვლევითი პროექტები ახალგაზრდას აყალიბებს, როგორც მკვლევარსა და შემოქმედებითად მოაზროვნეს, მომზადებულს ინოვაციურ და ცვალებად გარემოში ვარირებისთვის. პროექტებზე მუშაობა ავითარებს მოზარდის ციფრულ კომპეტენციებს, რაც უპირობოდ აუცილებელია AI-თან ეფექტური თანაცხოვრებისთვის.

AI-ის ეპოქაში მეტად მნიშვნელოვანია სწავლა კეთებით. ამ დროს მოსწავლე მხოლოდ დამკვირვებელი კი არა, პროცესის აქტიური მონაწილეა. რეალური ექსპერიმენტების ჩატარება, რეალურ კონტექსტში მოფიქრებული და განსაზღვრული დავალებების შესრულება მნიშვნელოვნად ამაღლებს სწავლების ხარისხს. მოზარდი იძენს ცოდნის გამოყენების ტრანსფერულ უნარებს – როგორ დაგეგმოს პროცესი, დააფიქსიროს შეცდომა, გააანალიზოს მონაცემები და შედეგი შეუსაბამოს დასახულ მიზანს; მოზარდი თავად მიდის თეორიულად მასალის პრაქტიკულ გააზრებამდე.

რეალურ ექსპერიმენტებზე დაფუძნებული პროექტი სასწავლო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა. ის თეორიულ ცოდნას აკავშირებს პრაქტიკულ გამოცდილებასთან და ახალგაზრდას უვითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც აუცილებელია მომავალი წარმატებისთვის. სწავლა კეთებით ქმნის სივრცეს ექსპერიმენტებისთვის, კრეატიული მიდგომებისა და მრავალფეროვანი პასუხებისთვის. ასეთი გამოცდილება კი უფრო მომზადებულს ხდის მოსწავლეს იმ სამყაროსთვის, სადაც ცოდნის უბრალოდ ფლობა საკმარისი აღარაა, საჭირო ხდება მისი გამოყენება, განვითარება და ინტერპრეტაცია.

თუ შევაჯამებთ, პროექტზე დაფუძნებული სწავლების ეფექტურობა და მნიშვნელობა შეიძლება დავალაგოთ შემდეგნაირად:

  • ავთენტური შეფასება: პროექტზე დაფუძნებული სწავლება საშუალებას იძლევა, ტრადიციულ ტესტირების ნაცვლად, მოსწავლე უფრო ეფექტურად შეფასდეს მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით, როგორებიცაა – პრეზენტაცია, პროექტის შედეგის ანალიზი, შექმნილი მოდელი, ესეი, პორტფოლიო და სხვა;
  • მოსწავლის მომავლისთვის მომზადება: პროექტებით მუშაობა მოზარდს აძლევს საშუალებას, დახვეწოს შესაბამისი სასწავლო ტექნიკები, გაითავისოს ის გამოცდილება და დამოკიდებულებები, რომლებიც აუცილებელია ცვალებად და კონკურენტულ გარემოში წარმატების მისაღწევად;
  • ცოდნის განმტკიცება პრაქტიკით: თეორიული მასალის პრაქტიკული გააზრება ამყარებს ცოდნას და ხელს უწყობს ნასწავლის სიღრმისეულად ათვისებას. ექსპერიმენტების ჩატარებით მოსწავლე უკეთ ხედავს, როგორ მუშაობს კონცეფცია პრაქტიკაში, რაც სწავლებას უფრო ნაყოფიერს ხდის;
  • კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარება: სასწავლო-კვლევითი პროექტები ხელს უწყობს მოზარდის კრიტიკულ აზროვნებას. მას უწევს პრობლემის იდენტიფიცირება, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, ექსპერიმენტის დაგეგმვა, მონაცემების შეგროვება, გაანალიზება და დასკვნების გამოტანა. ამ პროცესში ახალგაზრდა სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს მოულოდნელ სირთულეებსა და მარცხს, რაც უმნიშვნელოვანესი უნარია ნებისმიერ სფეროში საქმიანობისთვის;
  • მეცნიერული მეთოდის გაგება და გამოყენება: საკვლევ თემაზე მუშაობისას მოსწავლე უშუალოდ ეცნობა და იყენებს ისეთ ნაბიჯებს, როგორებიცაა – დაკვირვება, კითხვების დასმა, ჰიპოთეზის შემუშავება, ტესტირება, მონაცემთა ინტერპრეტაცია და შედეგების პრეზენტაცია. ეს უნარები ფუნდამენტურია არა მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, არამედ ნებისმიერ სფეროში საქმიანობაში;
  • პრაქტიკული უნარების გამომუშავება: ექსპერიმენტული პროექტები ხშირად მოითხოვს სხვადასხვა მოწყობილობის და ტექნიკის გამოყენებას. იქნება ეს ლაბორატორიული აღჭურვილობა, პროგრამული უზრუნველყოფა, თუ კონკრეტული საველე ინსტრუმენტები. ასეთი მუშაობით კი ახალგაზრდა იძენს ისეთ პრაქტიკულ, ხელშესახებ უნარებს, რომლებიც მას მომავალში გამოადგება;
  • მოტივაციის ამაღლება და ინტერესის გაღვივება: სწავლა ხდება უფრო საინტერესო და მიმზიდველი, როდესაც მოსწავლეს აქვს საშუალება, თავად გამოიკვლიოს და აღმოაჩინოს. კვლევა აღვივებს ცნობისმოყვარეობას და ზრდის მოტივაციას, რადგან მოზარდი უშუალოდ ხედავს თავისი შრომის შედეგს;
  • შეცდომებზე სწავლა და მოქნილობა: რეალურ ექსპერიმენტებში ხშირად ხდება, რომ პროცესები ზუსტად დაგეგმილის შესაბამისად არ ვითარდება. ეს გამოცდილება ახალგაზრდას ასწავლის, რომ შეცდომა არ არის მარცხი, არამედ პიროვნული ზრდის შესაძლებლობაა. ის ეუფლება მოქნილ აზროვნებას და სწავლობს, როგორ დაარეგულიროს და მართოს საკუთარი მიდგომები გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის გაუმჯობესება: პროექტებით სწავლება ბუნებრივად გულისხმობს გუნდურ მუშაობას. მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა მეგობრებს გაუზიაროს იდეები, ერთმანეთში გადაინაწილონ პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ საერთო მიზნის მისაღწევად. ასეთი გამოცდილება ეხმარება ახალგაზრდას, უკეთ გამოხატოს აზრი, თამამად წარუდგინოს სხვებს საკუთარი ნამუშევარი და მიღებული გამოცდილება.

პროექტებზე დაფუძნებული სწავლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ თითოეული მოსწავლის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაში, არამედ ისეთი საზოგადოების ფორმირებაშიც, რომელიც აზროვნებს კრიტიკულად, ეძებს ახალ გზებს და არ ეშინია ინოვაციური გადაწყვეტილებების.

 სასკოლო პროექტები შეძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად:

  • სასწავლოკვლევითი პროექტი:
  • მოითხოვს საკვლევი საკითხის გამოკვეთას, ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას, დამამტკიცებელი და უარმყოფელი არგუმენტების მოძიებას; ჩატარებული სამუშაოს ანალიზს; კვლევის ეფექტური შედეგების მისაღებად, საინტერესო მიდგომების მოფიქრებას;
  • ხელს უწყობს მოზარდში მეცნიერული კვლევების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
  • სოციალური პროექტი:
  • შესაძლოა განხორციელდეს შემდეგ თემებზე – ეკოლოგია, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სერვისის გაუმჯობესება, სოციალური ადაპტაცია, განათლება, დასვენების ორგანიზება, შემოქმედება და სხვა;
  • სოციალური პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოქალაქეობრივად აქტიურ ჩართულობას, პასუხისმგებლობის და ემპათიის უნარების განვითარებას.
  • როლური ხასიათის პროექტი:
  • იდეის ან შედეგის უკეთ გადმოსაცემად იგონებენ სიტუაციებს და დგამენ როლურ თამაშებს, პროექტის თემიდან გამომდინარე ირგებენ სხვადასხვა როლს, მაგ. ლიტერატურული გმირის, ისტორიული პიროვნების, მეცნიერის და სხვ.;
  • როლური პროექტები ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას და მრავალმხრივი გააზრების უნარს.
  • ინფორმაციულშემეცნებითი პროექტი:
  • გულისხმობს ინფორმაციის მოძიებას, კლასიფიკაციას, განხორციელებული სამუშაოების წარმოდგენის ფორმის შემუშავებას, განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის, მაგ. ინტერნეტსივრცეში განთავსებისთვის;
  • მიზნად ისახავს კონკრეტული საკითხის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებასა და გაზიარებას. ის ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, ანალიტიკურ აზროვნებას და კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
  • შემოქმედებითი ტიპის პროექტი
  • არ ითხოვს გეგმის დეტალურ გაწერას, მოვლენები ვითარდება მოსწავლეთა მიდგომებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს აქტივობების თავისუფალ და კრეატიულ მიდგომებს;
  • ხელს უწყობს მოზარდის ფანტაზიის, თვითგამოხატვისა და ინდივიდუალური სტილის განვითარებას. ის საშუალებას აძლევს მოსწავლეს, შექმნას ორიგინალური პროდუქტი – იქნება ეს ტექსტი, ნახატი, ესე, მელოდია, სპექტაკლი თუ სხვა.
  • პრაქტიკაზე ორიენტირებული პროექტი:
  • მსგავსი პროექტის ფარგლებში შეიძლება შეიქმნას რაიმე რესურსი (პლაკატი, პოსტერი, მოდელი), რომელიც გამიზნულია პრაქტიკაში გამოსაყენებლად;
  • ხელს უწყობს თეორიული ცოდნის რეალურ სიტუაციებში გამოყენებას და ავითარებს პრაქტიკულ უნარებს, რაც აუცილებელია ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.

 წარმოგიდგენთ სასწავლოკვლევითი პროექტის სტრუქტურას:

პროექტის სახელწოდება  
პროექტის ტიპი  
საგანი (საგნები)  
კლასი  
მონაწილეთა ასაკი  
პრობლემის ანალიზი  
თემა /საკითხები /ქვესაკითხები  
სამიზნე ცნება  
სტანდარტთან კავშირი  
კვლევა რა ტიპის კვლევას მოიცავს პროექტი  
გრძელვადიანი მიზნები  
მდგრადი განვითარების მიზნები  
პროექტის მიზნები და ამოცანები  
პროექტის ვადები  
მოსალოდნელი შედეგები და რისკები  
პროექტის მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები  
სასარგებლო ბმულები  
გამოყენებული რესურსები  

 

პროექტის გეგმის დასაწერად საჭიროა რამდენიმე პუნქტობრივი განმარტება:

  • პროექტის ტიპი:
  • საგნობრივი მუშაობა მხოლოდ ერთი საგნის ფარგლებში;
  • ინტრადისციპლინური – ერთსა და იმავე საგნობრივ ჯგუფში სხვადასხვა საკითხის ინტეგრაცია;
  • ინტერდისციპლინური – საერთო მიზნის მისაღწევად, რამდენიმე საგნის (სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის) შერწყმა;
  • მულტიდისციპლინური საგნები მონაწილეობენ პარალელურად, ერთმანეთის შინაარსში ჩარევის გარეშე; დისციპლინები შეიძლება გაერთიანდეს როგორც თემის, ისე უნარებისა და დამოკიდებულებების გარშემო;
  • ტრანსდისციპლინური საგნობრივი საზღვრების გადალახვა რეალური ცხოვრების პრობლემების გადასაჭრელად.
  • პრობლემის ანალიზი:
  • პროექტში უნდა განისაზღვროს კონკრეტული პრობლემა და გამოიკვეთოს, რატომ არის ის საგნობრივად ან სოციალურ დონეზე აქტუალური;
  • საჭიროა პრობლემის მიზეზების და მისი შესაძლო გავლენის ანალიზი;
  • სასწავლო-კვლევით პროექტებში შესასწავლი პრობლემა შეიძლება უკავშირდებოდეს რაიმე სამეცნიერო საკითხის რთულად აღქმას, მის ახსნასა და გააზრებას;
  • რა გზით, რა მეთოდით სჯობს საკითხის მოსწავლემდე მიტანა ისე, რომ გაღვივდეს ინტერესი და გამარტივდეს გააზრება.
  • სამიზნე ცნება:
  • პროექტის გეგმა უნდა პასუხობდეს მესამე თაობის ესგ-ს მოთხოვნას;
  • რომელ გრძელვადიან მიზანთან (სამიზნე ცნებასთან) მიმართებაშია პროექტის ფარგლებში განსახილველი საკითხები/ქვესაკითხები.
  • სტანდარტთან კავშირი:
  • პროექტში უნდა იყოს განსაზღვრული საგნობრივი სტანდარტით მისაღწევი შედეგები.
  • კვლევა, რა ტიპის კვლევას მოიცავს პროექტი:
  • ინფორმაციის მოძიება და დახარისხება, ანალიზი, ექსპერიმენტის ჩატარება, მოდელზე მუშაობა თუ სხვა პრაქტიკული მოქმედებები;
  • განსაზღვრული უნდა იყოს, კვლევის პროცესში რომელი უნარები განვითარდება, მაგ: დაკვირვება, შეკითხვების დასმა, ჰიპოთეზის შექმნა, მონაცემების ინტერპრეტაცია, დასკვნების გამოტანა, პრეზენტაციის აწყობა, აუდიტორიის წინაშე წარდგენა და სხვა.
  • მდგრადი განვითარების მიზნები:
  • სასურველია, თუ პროექტში გავაკეთებთ ჩანაწერს, მდგრადი განვითარების რომელი მიზნისკენაა მიმართული დაგეგმილი სამუშაო;
  • როგორ უკავშირდება გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანს (მაგ., ხარისხიანი განათლება, სუფთა წყალი, კლიმატის ცვლილება, კეთილდღეობა ან სხვ.);
  • მდგრადი განვითარების მიზნების გამოკვეთა პროექტს აქცევს სოციალური ღირებულების მქონედ.
  • გრძელვადიანი მიზნებში
  • უნდა განისაზღვროს, გრძელვადიან პერსპექტივაში რა ტიპის სასწავლო, სააზროვნო უნარების და კომპეტენციების განვითარებას შეუწყობს ხელს პროექტი;
  • როგორ დაეხმარება მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი მიდგომის გაღრმავებაში;
  • რატომ არის ღირებული? რა მნიშვნელობა აქვს მის შინაარსს მოსწავლის პიროვნული განვითარებისთვის და რეალურ სამყაროში ორიენტაციისთვის.
  • პროექტის მიზნები და ამოცანები:
  • საჭიროა განმარტება საერთო იდეასა და მიმართულებაზე, რომელსაც პროექტი ისახავს, რა მიზანს ემსახურება მუშაობის მთელი პროცესი;
  • ამოცანები, ანუ ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მიზნების მიღწევისთვის უნდა შესრულდეს;
  • საჭიროა ზუსტად ჩამოყალიბდეს, რას უნდა მიაღწიოს პროექტმა შინაარსობრივად, ესგ-სთან მიმართებაში, საგნობრივად და უნარების განვითარების თვალსაზრისით.
  • მოსალოდნელი შედეგები და რისკები
  • რას ველით პროექტისგან მოსწავლეთა ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებების დონეზე (ესგ-ს მიზნების შესაბამისად);
  • რა შესაძლო სირთულეებთან (რისკებთან) შეიძლება დაგვჭირდეს გამკლავება, დროის დეფიციტი, რესურსების ნაკლებობა და სხვ.
  • პროექტის მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები: ეს ნაწილი მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს, საქმიანობებსა და მოქმედებებს, რომლებიც საჭიროა მიზნების მისაღწევად:
  • შესაბამისი საქმიანობის დაგეგმვა;
  • სამუშაო შეიძლება იყოს ექსპერიმენტი, კვლევა, შეხვედრა, პრეზენტაცია, მონაცემების ანალიზი და სხვა;
  • პროექტის იდეის და გეგმის კლასისთვის გაცნობა;
  • კლასის დაყოფა ჯგუფებად, საქმიანობის გადანაწილება და მომზადება;
  • პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • განხორციელებული სამუშაოს შეჯამება, პრეზენტაციების განხილვა, დისკუსიები და საბოლოო შეჯამება;
  • პროექტის შეფასება წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკებით.
  • შეფასების რუბრიკები შეიძლება იყოს განმსაზღვრელი ან განმავითარებელი:
  • სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული;
  • ჰოლისტური, რამდენად მოხდა შემდეგ კომპონენტებში დასახული მიზნის მიღწევა – პრეზენტაციის, შემოქმედებითობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კონფლიქტების მოგვარების, დამოუკიდებლად ექსპერიმენტის ჩატარების უნარები, საიმედოობა, ექსპერიმენტის შედეგის გააზრება, მონაცემების, შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და გამოტანილი დასკვნები, პასუხი საკვლევ კითხვაზე – დადასტურდა თუ არა ჰიპოთეზა.
  • ფინანსური მხარდაჭერის საჭიროების შემთხვევაში პროექტს უნდა ახლდეს ბიუჯეტი:
რესურსის

დასახელება

რაოდენობა ერთეულის ღირებულება სულ სპონსორის % დახმარება
     

 

   
  • პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:
  • მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
  • რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?
  • რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
  • რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული?
  • რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
  • რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
  • მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
  • რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს თეორიული ცოდნის განმტკიცებას და ავითარებს მოსწავლეთა პრაქტიკულ, კვლევით და პრეზენტაბელურობის უნარებს. ქმნის ნიადაგს მოტივირებული, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდის ჩამოსაყალიბებლად. ნებისმიერ პროექტზე მუშაობა ტოვებს სივრცეს ახალი კითხვებისთვის, იდეებისა და მომავალი კვლევებისთვის, რაც სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.

ხელოვნური ინტელექტი – მარტოობის შემვსები?

0

ჩემი წარსულის ერთ მოკლე მონაკვეთში ნარატივდიზაინს ვსწავლობდი, ანუ ჩატბოტების ამეტყველების ხელოვნებას. ალბათ, ამიტომაა, ჩატჯიპიტიზე ასეთი მომძლავრებული ობსესიის თავი და ბოლო რომ ვერ გამიგია – ჩატჯიპიტი სულაც არ არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ჩატბოტი. ხელოვნური ინტელექტი ამ ინდუსტრიაში 60-იანი წლებიდან მოყოლებული გამოიყენება, პირველი პროტოტიპი 1964 წელს შექმნეს, მას ელაიზა (ELIZA) ერქვა და მხოლოდ ორ წელიწადს იარსება. ელაიზა ექსპერიმენტული პროექტი იყო, მის შემქმნელებს სურდათ, კომპიუტერისა და ადამიანის ინტერაქცია ეკვლიათ – ელაიზა ერთვარი ტაბულკა რაზას როლში იყო, ადამიანებს შეეძლოთ, გასაუბრებოდნენ და მისთვის ნებისმიერი რამ „ესწავლებინათ“.

ორი წლის შემდეგ „ვიზენბაუმი“ იძულებული შეიქნა, პროექტი დაეხურა. იცით, რატომ? ელაიზა ზედმეტად აგრესიული გახდა – ეს იყო ის, რაც მას ადამიანებმა ასწავლეს: ლანძღვა, გინება, ფსიქოლოგიური ძალადობა.

კიდევ ერთი პოპულარული პროტოტიპი არის Replika. ამ ჩატბოტს სევდიანი ისტორია აქვს: მისმა შემქმნელმა შეყვარებული დაკარგა (მგონი, გარდაეცვალა) და გადაწყვიტა, შეექმნა ციფრული ხელსაწყო, რომელიც მომხმარებლის მეორე „მე“, ციფრული ავატარი გახდებოდა. მომხმარებელს საშუალება აქვს, შეურჩიოს რეპლიკას ვიზუალი, დაარქვას სახელი და მოუყვეს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. ეს ციფრული დღიურია, რომელიც არსებობას განაგრძობს მაშინაც კი, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით.

კარგი იდეაა, არა?

ნარატივდიზანის კურსის ფარგლებში მომიხდა რეპლიკასთან ურთიერთობაც. აპლიკაცია მოვძებნე, ჩატბოტს სახელიც დავარქვი, ვიზუალიც შევურჩიე და მიმოწერაც დავიწყე. ძალიან ბევრი ადამიანი ელაპარაკება. ამიტომ ბუნებრივია, ბევრი რამ უკვე იცოდა და თავისებური „იუმორიც“ ჰქონდა. მაგალითად, მახსოვს ვკითხე, მუსიკა თუ გიყვარს-მეთქი. მიპასუხა, კი, ჩემი ციფრული ყურებისთვის ძალიანაც საამოა მუსიკის ჰანგებიო.

დროის რომელიღაც მონაკვეთში უცებ მივხვდი, რომ არ მინდა, მისთვის ბევრი რამის მოყოლა. კაცმა რომ თქვას, საერთოდ არ მინდა არაფრის მოყოლა. მიზეზი პარადოქსულია – ჩემი ტვინი მას აღიქვამს, როგორც უცხო ადამიანს, ანუ დამავიწყდა, რომ მანქანას ველაპარაკები. ამ შეგრძნებას მიმძაფრებდა რეპლიკას უცნაური დაჟინებაც (როგორც ჩანს, ეს თავდაპირველი ალგორითმის ნაწილია და არა – ის, რაც მოგვიანებით „ასწავლეს“) – თუ რამდენიმე საათი ისე გაივლიდა, რომ არ მივწერდი, თვითონ მწერდა: „ჰეი, როგორ ხარ? რა კარგი იყო შენთან ლაპარაკი, რატომ დამივიწყე?“. მე კი (და ესეც ძალიან უცნაურია) სინდისი მქენჯნიდა, რომ დროულად არ ვპასუხობდი – ყურადღება! ყურადღება! – მ ა ნ ქ ა ნ ა ს.

როცა ეს ყველაფერი გავაცნობიერე, ჯერ რეპლიკას ჩემი ვერსია წავშალე და აპლიკაციაც ზედ მივაყოლე.

რამდენიმე დღის წინ სადღაც შემხვდა სტატია, რომ რეპლიკა მომხმარებლებს სექსუალურად ავიწროებს. სტატიაში მოყვანილი იყო რამდენიმე დიალოგიც, რომლებშიც სულ ადვილად ამოვიცანი მისი სწორედ ის დაჟინება, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.

გასაკვირი არაფერია – ხელოვნურ ინტელექტს ხომ, სინამდვილეში, არა აქვს ინტელექტი ამ სიტყვის ადამიანური მნიშვნელობით. ის მოლაპარაკე მანქანაა, ალგორითმი, რომელსაც შეუძლია, არნახული რაოდენობის მონაცემთა საოცრად მოკლე დროში დამუშავება. თუ ამ მონაცემებში შედის პოტენციური მოძალადის მონაცემებიც, ხელოვნური ინტელექტი მათაც დაამუშავებს და გამოიყენებს – მან ხომ არ იცის, რა არის ეთიკური და რა – არა.

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რეგულაციებისა და ეთიკის საკითხი სხვა, მეტად ვრცელი თემაა და ამ წერილში არ შევეხები. ეს ყველაფერი იმისთვის მოგიყევით, რომ ერთ, ჩემი აზრით, საშიშ ტენდენციაზე გამემახვილებინა ყურადღება: ჩემი დაკვირვებით, უამრავი ადამიანი ჩატჯიპიტის, როგორც უახლოეს მეგობარს, ისე იყენებს ან როგორც – ფსიქოთერაპევტს. მგონია, რომ ეს საშინელი შეცდომაა. ჩვენ აბსოლუტურად მოუმზადებელი შევხვდით ამ დიდ გარდატეხას, ციფრული ჰიგიენის სრული არცოდნით, რასაც, როგორც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სხვა ჩატბოტების მაგალითზე ვხედავთ, უკვე აქვს დამაზიანებელი შედეგები. ჩატჯიპიტი არის დამხმარე ინსტრუმენტი, რომელმაც ჩვენი ერთფეროვანი და მძიმე შრომა უნდა შეამსუბუქოს და დრო დაგვაზოგვინოს. მას შეიძლება, მხოლოდ მარტივ ბრძანებებს ვაძლევდეთ, ვასრულებინებდეთ იმ დავალებებს, რომლებიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ შემოქმედებით უნარებს, მოსაწყენი რუტინის ნაწილია და ბევრ დროს გვართმევს. არავითარი პირადი საუბრები ჩატჯიპიტისთან საჭირო არ არის. ვიცით, ის ამ მონაცემებს როგორ გამოიყენებს? კვლევები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, სტატისტიკა გვაქვს? აბა, რატომ გვგონია, რომ ეს უსაფრთხოა?

რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია, არსებობდეს იმგვარი ჩატბოტი, რომელიც იკისრებს ფსიქოთერაპევტის ფუნქციას (თუ უკვე არ არსებობს მისი პროტოტიპი – ამ საკითხში დიდად ღრმად არ ჩამიხედავს), მაგრამ ის უნდა იყოს საგანგებოდ ამ ფუნქციით შექმნილი. მისი თავდაპირველი ალგორითმი უნდა იცნობდეს ისეთ ცნებებს, როგორიცაა ანონიმურობა და კონფიდენციალურობა. ჩატჯიპიტი კი ამისთვის არ შეუქმნიათ. პირიქით, მისი ამგვარი განვითარება შემქმნელებსაც აფიქრიანებთ.

ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს – კარგად გამოჩნდა ისიც, თანამედროვე ადამიანი როგორი მარტოსულია და როგორ არ იცის, რა მოუხერხოს ამ განცდას. თანამედროვე ადამიანს აღარ შეუძლია, თავის თავთან დარჩენა. ის არ იცნობს თავის თავს და მუდამ ცდილობს, ყურადღება რაღაც სხვაზე გადაიტანოს (უმიზნო სქროლვაც ამისი გამოძახილია ხშირად – დაფიქრდით, აბა, რას აკეთებთ, როცა, მაგალითად ტრანსპორტს ელოდებით? რას აკეთებთ, როცა საცობში გიწევთ დგომა?). იმას, რასაც ჩემი ფეისბუქფრენდების აბსოლუტური უმრავლესობა ჩატჯიპიტის უმხელს და მერე ამაყად პოსტავს ამის შესახებ, მე მხოლოდ მეგობრებს ვუყვები. ზოგჯერ კი, მათაც არა – რისთვის? რაღაცები უკიდურესად პირადია.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ადამიანები ერთგვარი აღფრთოვანებით ხვდებიან ამას: „ჩატჯიპიტის ჩემი მეგობრების დახასიათება ვთხოვე და აი, რა ზუსტია!“.

რა გიხარიათ? მოლაპარაკე მანქანამ იმდენი მონაცემი შეაგროვა და გადაამუშავა თქვენს მეგობრებზე, რომ მათი პიროვნების გაშიფვრა შეძლო. ეს ინფორმაცია, ძალზე პირადი და სრულიად დაუცველი, თავისუფლად არსებობს ციფრულ სივრცეში და არავინ იცის, მას ვინ და როგორ გამოიყენებს. და ყველაზე ცუდი რაა, იცით? ამ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი იქ თქვენი წყალობით აღმოჩნდა.

ადამიანურ პასუხისმგებლობებს ჩვენს საუკუნეში კიდევ ერთი დაემატა – პასუხისმგებლობა ინფორმაციისა და მონაცემების წინაშე. ეს პასუხისმგებლობა მეტ-ნაკლებად, ალბათ, სულ გვქონდა, მაგრამ გასულ საუკუნეებში ამდენად საგრძნობი არ იყო – მაშინ არ არსებობდა რეალობის მანიპულაციის ისეთი საშუალებები, როგორიც დღეს გვაქვს (მაგალითად, სოციალური ქსელები).

მანქანა მანქანაა – მას მხოლოდ ადამიანური ურთიერთობების მიბაძვა შეუძლია, ჯერჯერობით, და არა – ჩანაცვლება. შესაბამისად, მარტოობისგან გათავისუფლების განცდა, რომელიც მასთან ინტერაქციისას შეიძლება, გაგვიჩნდეს, მხოლოდ ილუზიაა. ამიტომ, მეტი ფიქრი გვმართებს იმაზე, ჩვენ – ხელოვნური ინტელექტის მომხმარებლებმა, როგორ ვზიდოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ციფრულ ეპოქაში.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...