მეტროში ყოფილხარ? გიყვარს მეტროთი მგზავრობა? აი, მე ვგიჟდები. ჯერ რომ ესკალატორით დაეშვები, გვირაბიდან სიგრილე და ხმაური გაგრძნობინებს, რომ მატარებელი უკვე მოდის, მერე მატარებლის შუქსაც დაინახავ და ბოლოს და ბოლოს, კარიც გაიღება ხმაურით.
დიქტორის ხმა? „შემდეგი სადგური ესა და ის“, „ბოლო გაჩერება, გთხოვთ, გაათავისუფლოთ ვაგონები“.
ჰოდა, ეს ამბავი მეტროს პაწია მატარებელზეა, რომელსაც გვირაბისა ეშინოდა.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მატარებელი, ჩვეულებრივი მატარებელი რა, უხსოვარ დროს ბაბუაშენმა თუ იმისმა ბაბუამ ააწყო რომელიღაც ქარხანაში, დარიხინობდა და დარიხინობდა, მშვენივრად უმკლავდებოდა თავის ძალიან რთულ საქმეს.
გაჩერდებოდა რომელიმე სადგურზე, დაიცლებოდა ხალხისგან, შეივსებოდა ხალხით და ასე სულ, ყოველდღე, ვინ იცის, რამდენი წლის განმავლობაში.
ჩვეულებრივი მატარებელი იყო, ჩვეულებრივი მემანქანით, ჩვეულებრივად გაცვეთილი ჩვეულებრივი სკამებით.
მაგრამ იცი რა? არც მემანქანემ და არც არავინ დედამიწის ზურგზე არ იცოდა, რომ პატარა მატარებელს გვირაბებისა ეშინოდა.
რანაირადო, მკითხავთ? თბილისის მეტრო სულ გვირაბები არააო? ორი კინკილა სადგურია მიწის ზემოთ და იმასაც ორ წამში გაირბენს მატარებელი. როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება მუშაობდე იქ, სადაც ასე ძალიან გეშინია?
არადა, ასე იყო, ყველა გვირაბში შესვლის წინ მაგრად დახუჭავდა მატარებელი თვალებს და სულ სხვა სამყაროში შექანდებოდა კივილითა და ფშუტუნით.
იქ, იმ სამყაროში მხოლოდ გვირილებიანი მინდვრები იყო, ლიანდაგებად კი არც მეტი და არც ნაკლები, ცისვაზების წნულები. სწორედ ამ წნულებზე მისრიალებდა მსუბუქად ყელმოღერილი პატარა მატარებელი. თვალს რომ გაახელდა, ისევ მეტროს რომელიმე უსახურ სადგურში იყო, მაგრამ თვალებს დახუჭავდა და ისევ იმ სამყაროში აღმოჩნდებოდა. მხოლოდ ორ სადგურზე არ ხუჭავდა თვალებს, მიხვდები ალბათ, რომელზე. მიუხედავად იმისა, რომ გვირილებიანი მინდვრები არც იმ ორ მიწისზედა სადგურზე იყო, მატარებელი მაინც ფართოდ დაჭყეტდა თვალებს და ფეთიანივით უყურებდა უკვე ასე ნაცნობ ადგილებს, კორპუსებს, მიტოვებულ მატარებლებს, ჯართის გროვასა და ღრუბლებს, რა თქმა უნდა, ღრუბლებს.
გადიოდა წლები, დადიოდა მშიშარა და მეოცნებე მატარებელი თბილისის მეტროში, გადაჰყავდა ხალხი, მერე გადმოჰყავდა, ღამით კი ეძინა და ისევ თავის გვირილებიან მინდორს ხედავდა სიზმრად.
დაიღალა ძალიან და ერთ დღეს ინატრა, ნეტავ ძრავი გამიფუჭდებოდეს და ერთი-ორი კვირა დავისვენებდეო. აბა, როგორია, ყოველდღე გულისფეთება, მე არ დამითვლია, დღეში რამდენჯერ უწევს მატარებელს გვირაბში შესვლა, მაგრამ მას დათვლილი ჰქონდა, დამიჯერე.
ინატრა, ისე ინატრა, რომ ყველა ჭანჭიკი ცალ-ცალკე გასძვრა, ყველა ბორბალი მოერყა და ძრავმაც ჯერ ითუხთუხა, ითუხთუხა და გაჩერდა.
მშიშარა მატარებელმა დიდი, შავი გვირაბი დაინახა, შეეშინდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ამ ერთხელ თვალი არ დაეხუჭა, პირიქით, ფართოდ გაეხილა და ბოლოს და ბოლოს, ენახა, რა არის გვირაბში ასეთი საშიში, ასეთი ცივი და ასეთი უცნაური.
გვირაბი იყო რა, ჩვეულებრივი, ნესტიანი, შავი, ზოგან განათებული, ზოგან ბნელი, ვირთხები დარბოდნენ, წყლის ხმა ისმოდა, ისეთი არაფერი, შესაშინებელი.სამაგიეროდ, როდესაც გვირაბიდან გავიდა, პატარა მატარებელმა თავისი ოცნების გვირილების მინდორი დაინახა. ზუსტად ისე იყო ყველაფერი, როგორც მის წარმოსახვაში, ცისვაზების წნულებზე მისრიალებდა და ბოლოს, მინდვრის შუაგულში გაჩერდა, პირველად იყო ამ სილამაზეში თვალებახელილი, პირველად ხედავდა ყველაფერს.
პეპლები ასხდებოდნენ ჭუჭყიან მინებზე, მერე ვაგონში შეფრინდებოდნენ და გაცრეცილ სკამებზე დაფარფატებდნენ. მერე ციცქნა ციყვი გადაძვრა და იმან დაიწყო ხტუნვა სახელურიდან სახელურზე. მემანქანის კაბინიდან დაბნეული თახვი გამობოდიალდა, რადგან კოდალამ არ მოასვენა, უკვე დაჭიანებულ სკამს უკაკუნებდა და უკაკუნებდა თავის ნისკარტს. შვებისგან ამოისუნთქა პატარა მატარებელმა და გაიღიმა, კარი ფართოდ გაიღო და დიქტორის ხმას ჩიტებიც აყვნენ:
„ბოლო გაჩერება, გთხოვთ, გაათავისუფლოთ ვაგონები“
მაგრამ გათავისუფლებას არავინ ჩქარობდა, პირიქით, კუდბუთქუნა კურდღლებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ თვალაუხელელი ბაჭიები ჰყავდათ, მატარებლის ერთი ვაგონი თავიანთ სახლად შეარჩიეს.
მეორე ვაგონში თახვები დასახლდნენ, მესამეში ბოლოქანქარამ გამართა ბუდე.
ასე დასრულდა პაწია მატარებლის ამბავი, რომლის ბოლო გაჩერებაზე სულ დიდი ჟივილ-ხივილი იყო, ზამთარშიც კი, როცა ყველა მატარებელში შეიყუჟებოდა და იქ ემალებოდა აბეზარ ყინვას.