ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14 მაისი, ოთხშაბათი, 2025

ძველი ეგვიპტე შემაჯამებელი დავალების კონტექსტში

0

შემაჯამებელი დავალებები ისტორიის სწავლებაში დღეს ფართოდ გამოიყენება. ამ ტიპის დავალებებს ბევრი უპირატესობა აქვს, რის გამოც ის სასწავლო პროცესის აქტიურ კომპინენტად მიიჩნევა. პირველ რიგში ამ უპირატესობას განაპირობებს მისი ორიენტაცია მოსწავლის მრავალმხრივი უნარების განვითარებაზე, როგორიცაა: კვლევა და ანალიზი, კრიტიკული და კრეატიული აზროვნება; ინტერდისციპლინურობა (სხვადასხვა საგნებთან – გეოგრაფია, ლიტერატურა, ხელოვნება, სამოქალაქო განათლება და ა.შ. ინტეგრაცია, რითაც მოსწავლეები უკეთ იგებენ ისტორიულ კონტექსტს), თანამედროვეობასთან კონტაქტი (თანამედროვე თემებსა და პრობლემებთან პარალელების გავლება ხელს უწყობს მოსწავლეებს, ისტორიის გაკვეთილებიდან მიღებული ცოდნა და უნარები გამოიყენონ თანამედროვე სამყაროში); აქტიური სწავლება (პრობლემაზე ორიენტირებულობა, კრიტიკული საკითხების კვლევა), თანამშრომლობა და კომუნიკაცია (გუნდურობა, დისკუსია, პრეზენტაცია), მოტივაცია და საგნობრივი ინტერესის გაზრდა, პიროვნული ზრდა და ღირებულებითი განათლება.ამ განსაკუთრებული ხასიათის გამო შემაჯამებელი დავალებები ყოველთვის გამორჩეულია მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით.

გთავაზობთ კონკრეტულ მაგალითს მე-7 კლასის ისტორიის სასწავლო კურსიდან:
დავალების ტიპი – ემაჯამებელი დავალება
კლასი: VII
თემა: „ძველი აღმოსავლეთი“

ცნებები: წყარო/ ინტერპრეტაცია (შედეგები: 1, 2, 5, 6) ; დრო (შედეგი: 3, 7, 8); სივრცე (შედეგი: 3, 9); საზოგადოება (შედეგი: 7.8.10,11,12); ძალაუფლება (შედეგი: 7,8,10,11,12); ისტორიული მოვლენა / პროცესი (შედეგი: 4, 5, 6, 8, 9) : მოსწავლეს შეუძლია ძველაღმოსავლურ პერიოდთან დაკავშირებული ფაქტების/მოვლენების/პროცესების სხვადასხვა ტიპის წყაროების მონაცემების საფუძველზე შესწავლა-ინტერპრეტირება; ძველაღმოსავლური პერიოდის როგორც ეპოქის მნიშვნელობის გამოკვეთა; ძველაღმოსავლური პერიოდის საზოგადოების განვითარებაზე გეოგრაფიული ფაქტორების ზეგავლენის გაანალიზება, შესაბამისი პერიოდის ისტორიულ-გეოგრაფიული ცნებებისა და ტერმინების გამოყენება; არსებითი ნიშან-თვისებების საფუძველზე (ტრადიციები, სოციალური ფენები, მეურნეობის ფორმები, მსოფლმხედველობა..) გამოკვეთა; ძველაღმოსავლურ ხანაში არსებული საზოგადოებრივი ინსტიტუციების აღწერა და მიმდინარე ისტორიული მოვლენების/პროცესების მიზეზებსა და შედეგებზე მსჯელობა.

დავალების პირობა: წარმოიდგინე, რომ ძველი აღმოსავლეთის ისტორიის მკვლევარი ხარ და პრეზენტაციისთვის მასალებს იძიებ. პრეზენტაციამ მსმენელებს შთაბეჭდილება უნდა შეუქმნას:

1. როგორ ბუნებრივ პირობებში ცხოვრობდა ძველი ეგვიპტის მოსახლეობა? რას საქმიანობდნენ, როგორ აღქვამდნენ სამყაროს?
2. როგორი საბრძოლო თუ სამუშაო იარაღებით სარგებლობდნენ? როგორ იცავდნენ თავს?
3. როგორ ვითარდებოდა და იცვლებოდა მათი საქმიანობა, საზოგადოებრივი ფენები? ხელისუფლება?
4. როგორი საცხოვრებელი და სატაძრო ნაგებობი ჰქონდათ?

ამ მიზნით შენი სამუშაო დაყავი ნაწილებად:

I ეტაპზე – შეასრულე აქტივობები:

აქტივობა 1. იმუშავე რუკაზე “შუამდინარეთი და ნილოსის აუზი. რეგიონი, სადაც პირველი სახელმწიფოები ჩამოყალიბდა”: მოძებნე რუკაზე, სად ცხოვრობდნენ ეგვიპტელები; ივარაუდე, როგორი ბუნებრივი გარემო პირობები ექნებოდათ სამეურნეო ცხოვრებისთვის? რამდენად განსაზღვრავდა ბუნებრივი პირობები სამეურნეო საქმიანობას?

რესურსი – სახელმძღვანელო “ისტორია”, ავტორები – ნატა ახმეტელი და ბესიკ ლორთქიფანიძე. გამომცემლობა “დიოგენე”, 2019. & 12; 13

აქტივობა N 2 – იმსჯელე, რამდენად მისაღებად მიგაჩნია მოსაზრება, რომ ეგვიპტე იყო პირველი “სამდინარო სახელმწიფო”? დაასაბუთე შენი არგუმენტი.

რესურსი: ვიდეორესურსი – “ძველი ეგვიპტე”

აქტივობა N3 – შეასრულე სავარჯიშოები სახელმძღვანელოს გვ. 39-ზე :

და გვ. 40-ზე:

აქტივობა N4 – იმუშავე კოგნიტურ სქემაზე (იხ. სურ.1): ჯერ შეავსე პირველი სვეტი – „სიტყვა/ცნება“; შემდეგ შეავსე მეორე სვეტი – „მე მგონია“ და ჩაწერე შენი იდეა/ვარაუდი მოცემულ სიტყვასთან/ცნებასთან დაკავშირებით და განმარტე, რატომ გაქვს ასეთი ვარაუდი.

II ეტაპის აქტივობები:

აქტივობა N1 – გაეცანი მასალებს და მონიშნე /ამოიწერე/ჩაინიშნე ყველა ის ადგილი, რომელიც გჭირდება მესამე სვეტის – „ტექსტი ამბობს“ – შევსებისთვის. მათზე დაყრდნობით შეავსე მესამე სვეტი.

რესურსებად გამოიყენე:

• ანიმაცია – ყოველდღიური ცხოვრება ძველ ეგვიპტეში (ქართული ტიტრებით)
https://www.bbc.co.uk/bitesize/articles/zqmyydm#zj6yvwx
• საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდი “ბიბლიოვიკი”
ეგვიპტის არმია – NPLG Wiki Dictionaries
• ისტორიის სახელმძღვანელო (მოსწავლის წიგნი) : &14,16,17;
• ვიდეორესურსი ძველი ეგვიპტის შესახებ

• საინფორმაციო წყარო: “ეგვიპტელები”

ეგვიპტელები

აფრიკის კონტინენტის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მდინარე ნილოსის დაბლობში, მიწათმოქმედი ტომები სახლობდნენ. სანაპირო ვაკეებს ირგვლივ უდაბნო აკრავს. ამ რეგიონში წვიმა თითქმის არ მოდის, ამიტომ ნილოსი აქ ტენის ერთადერთი წყაროა.
ხვნა-თესვა ნოემბერში იწყებოდა, აპრილ-მაისში უკვე პირველ მოსავალს იღებდნენ. თუმცა ნათესებს ნილოსის ადიდება უქმნიდა საფრთხეს და ყანებს დაცვა სჭირდებოდა დროთა განმავლობაში ეგვიპტელებმა წყლის სარწყავი არხებით რეგულირება ისწავლეს: ძირითადი არხი მათ მდინარის კალაპოტის გ

ასწვრივ გაჰყავდათ, მისგან პატარ-პატარა არხებით კი წყალი ყანებამდე მიდიოდა.
არხების გარდა, ეგვიპტელებმა ააგეს წყალსაცავებიც, რომლებიც წყლით ძირითადი არხიდან მარაგდებოდა და გვალვის დროს მოსარწყავად იყენებდნენ. თანდათან ნილოსის დაბლობი სარწყავი არხების ქსელმა დაფარა. დაბლობში დასახლებულ მიწათმოქმედთა თითოეულმა ტომმა ნილოსის გასწვრივ დამოუკიდებელი ერთეულები – ნომები. თითოეულ ნომს ჰყავდა საკუთარი მმართველი – ნომარქი, ჰქონდა გალავნით შემოზღუდული ქალაქი, სადაც ნომარქი იჯდა. იქვე იყო ადგილობრივი ღვთაების ტაძარიც. ნომები საკუთარი საზღვრების გაფართოებას ცდილობდნენ: ერთი ნომი მეორეს იპყრობდა და მის მიწას იერთებდა. ერთი ნომარქის ძალაუფლება შემოერთებულ ნომზე ვრცელდებოდა. თანდათან, ნომების გაერთიანების შედეგად ძვ.წ. IV ათასწლეულში ორი სამეფო: ზემო და ქვემო ეგვიპტის სამეფოები ჩამოყალიბდა. ძვ.წ. IV ათასწლეულის დასასრულსა და III ათასწლეულის დასაწყისში კი ეს სამეფოებიც გაერთიანდა და ერთიანი სახელმწიფო შეიქმნა, როლის სათავეშიც მეფე-ფარაონი იდგა. მთელი ძალაუფლება მას ეკუთვნოდა. გაერთიანებული სახელმწიფოს დედაქალაქი იყო მემფისი – ქალაქი ნილოსის დელტის სამხრეთ ნაწილში.

აქტივობა 2 – მოცემული ინფორმაციების შესაბამისი ვიზუალური მასალა – ნახატი/სიმბოლოს შექმნა – ჩაამატე ისინი მე-4 სვეტში „ილუსტრაცია“ . მოიყვანე არგუმენტი, რატომ გააკეთე ასე და არა სხვაგვარად.

III ეტაპის აქტივობები:

აქტივობა 1 – იმსჯელე: ზემოთმითითებული 6 ძირითადი ნიშნის მიხედვით (სახელმწიფო, უმაღლესი მმართველი, სოციალური ფენები, ჯარი, დამწერლობა, რელიგია და კულტურა) რა აქვთ საერთო და რა აქვთ განსხვავებული ძველი ეგვიპტის სახელმწიფოს თანამედროვე სახელმწიფოსგან?

მიღებული პასუხები ასახე დიაგრამაში:

აქტივობა 3: – სვეტში – “გამომაქვს დასკვნა” – ჩაწერე შენი ძირითადი დასკვნები თითოეულ – სიტყვა /ცნებებთან დაკავშირებით.

IV ეტაპის აქტივობა – შესრულებული დავალების წარდგენა/პრეზენტაცია. დავალება შეასრულე წერილობით ან PPT -ფორმით. ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

 რამდენად სრულყოფილი იქნებოდა უძველესი სამდინარო ცივილიზაციის, პირველი სახელმწიფოს ისტორიის შესახებ ჩვენი წარმოდგენები რომელიმე ცნება რომ გამოგვეტოვებინა?

ბოლოს – შეფასება – სოლო ტაქსონომია

 

შემაჯამებელი  დავალებების გამოყენება ისტორიის სწავლებას განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს, ეს მეთოდი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, უფრო სრულყოფილად და ღრმად გაიგონ ისტორიული მოვლენები და კონტექსტი, გახდნენ უფრო ინფორმირებულები, კრიტიკულად მოაზროვნეები და ჩამოუყალიბდეთ კაცნობრიობის ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა.

მოდით, ვილაპარაკოთ ქართველ კომპოზიტორ ქალებზე

0

ვინ გახსენდებათ როცა საუბარი ქართველ კომპოზიტორებზე ჩამოვარდება? ალბათ ზაქარია ფალიაშვილი, ოთარ თაქთაქიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, დიმიტრი არაყიშვილი, შესაძლოა რეზო ლაღიძე, გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, მაგრამ ძალიან იშვიათია ადამიანი, ვინც ქართველ კომპოზიტორებზე საუბრისას გაიხსენებს ბარბარე ამირეჯიბს, ოლღა ბარამიშვილს, დაგმარა სლიანოვა-მიზანდარს ან სულაც ინოლა გურგულიას.

ქალი კომპოზიტორები როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგ თითქოს მუდმივ ჩრდილში არიან – საზოგადოებრივი აზრების, გენდერული სტერეოტიპების თუ კაცი კოლეგების ჩრდილში და ძირითადად მათ შესახებ მწირია როგორც ცოდნა, ასევე ის წყაროები, რომლითაც შეიძლება იკვლიო მათი ცხოვრება და მემკვიდრეობა.

ქართველი ქალი კომპოზიტორების შესახებ ცოდნის მოგროვების და სისტემური კვლევის პირველი მცდელობაა ვებ-პორტალი, რომელიც მუსიკოლოგების, კომპოზიტორებისა და ისტორიკოსებისგან შემდგარმა მკვლევართა ჯგუფმა რამდენიმე წლის წინ შექმნა, ამ ეტაპზე 30 კომპოზიტორს აერთიანებს და კვლავაც განახლდება. ეს არის საკმაოდ ინფორმატიული ბაზა, სადაც შესაძლებელია როგორც ქალი კომპოზიტორების ბიოგრაფიების ნახვა, ასევე მათი ნაწარმოებების მოსმენა და ამ ნაწარმოებების ნოტების გადმოწერაც, თუკი ვინმე მათ დაკვრას ან სასწავლო პროცესში გამოყენებას მოისურვებს.

ქართველი ქალი კომპოზიტორების ამბები მკაფიო სურათს იძლევა სხვადასხვა პერიოდის საქართველოს განათლების, კულტურული ცხოვრების, მედიის, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის, ისტორიის შესახებ. მაგალითად პირველი ქალი, რომელმაც საქართველოში უმაღლესი პროფესიული მუსიკალური განათლება მიიღო, ბარბარე ამირეჯიბი, , ამავდროულად იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მის მიერ სხვადასხვა კონცერტზე შესრულებული ნაწარმოებების სია მკაფიო სურათს იძლევა იმ კულტურული კავშირების და ცოდნების შესახებ, რაც მის თანამედროვე საქართველოში იყო, იმ დროინდელ პერიოდიკაში მასზე გამოქვეყნებული სტატიებიდან კი კარგად ჩანს, როგორ გულშემატკივრობდა საზოგადოება ერთი მხრივ ქალების სრულფასოვან ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მეორე მხრივ კი როგორ ესწრაფოდა ევროპული კულტურის ნაწილად ყოფნას.

“ტფილისის სამუსიკო სკოლაში სამასზე მეტი ქალი სწავლობს, ამათში ქართველები ოცდა-ხუთზე მეტი არ არის და კნიაჟნა ამირეჯიბისა პირველი დამკვრელი აღმოჩნდა მთელ სკოლაში. ცხადია ამას შემდეგ რამდენად უსაფუძვლოა ზოგიერთების აზრი, ვითომ ქართული ყური ევროპულ მუსიკის შეთვისებას ვერ ახერხებსო” – წერდა გაზეთი ივერია შორეულ 1893 წელს ბარბარე ამირეჯიბის შესახებ. წვეულებები და თავყრილობები, სადაც ბარბარე უკრავდა როგორც თავის, ისე სხვა ცნობილი კომპოზიტორების მუსიკას, ხშირად საქველმოქმედო ხასიათის იყო. ამ საღამოებზე დამსწრეთა შესახებ ცნობები კი ნათელ წარმოდგენას ქმნის იმ დროის კულტურული ცხოვრების შესახებ. საყურადღებოა, მისი, როგორც პედაგოგის მეთოდიკაც, რომელსაც განსაკუთრებით აღნიშნავენ მისი ყოფილი მოწაფეები.

„ვარიუშა, საოცრად გულისხმიერი, რბილი და კეთილი ადამიანი იყო. უსწავლელი გაკვეთილის გამოც კი არ შეეძლო გაჯავრება. საზოგადოდ, ვერც კი წარმომიდგენია ის გულმოსული ან გაბრაზებული. როგორც მუსიკოსი ხომ შესანიშნავი იყო. არასდროს არ გვახვევდა თავს ისეთი ნაწარმოების შესწავლას, რომელიც არ მოგვწონდა და გულს არ სწვდებოდა. მახსოვს, ერთხელ შემეკითხა – „გინდა შუმანის „აღტყინება“ ვისწავლოთ?“ და როდესაც თანხმობა მიიღო, მიუჯდა როიალს და ისეთი გატაცებით, არტისტიზმით შეასრულა, რომ მე ერთბაშად ავინთე ნაწარმოების შესწავლის სურვილით. ის გვივითარებდა ნაწარმოების განცდის უნარს. მან კარგად იცოდა ყოველი თავისი მოწაფის გემოვნება, ინტერესები და ამის შესაბამისად გვირჩევდა რეპერტუარს”

“ხშირად გვრცხვენოდა, როდესაც გაკვეთილზე მოუმზადებელი მასალა მიგვქონდა. მახსოვს, იტყოდა ხოლმე – „ოი, ოი, ოი, როგორ არ გრცხვენია, შენ რა, სახლში უქმად იჯექი?“ ასე გვისაყვედურებდა ხოლმე და ეს გაჯავრებაზე მეტად მოქმედებდა. კეთილი, უაღრესად თავმდაბალი, დიდთან და პატარასთან ურთიერთობაში სათნო. ”

ბარბარე ამირეჯიბის გარდა ამ პორტალზე არაერთი სხვა ქალის ისტორიას ნახავთ. თუკი საქართველოს რესპუბლიკის ხანმოკლე დამოუკიდებლობის წლებში და მანამდეც ქალებს სახელოვნებო განათლებაში ბარიერები თითქმის არ ჰქონდათ, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ეს სურათი იცვლება.  ჩნდებიან კომპოზიტორები, რომლებმაც საკუთარი ოჯახის წევრების მაგალითზე იწვნიეს საბჭოთა რეპრესიების სიმძიმე და ვეღარ შეძლეს ისეთი სრულყოფილი განათლების მიღება საქართველოში, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში, როგორც ამას მათზე უფროსი ქალები ახერხებდნენ. მაგალითად ლილი იაშვილი, რომლის მამაც საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მალევე ემსხვერპლა 30-იანი წლების რეპრესიებს, 14 წლის იყო როცა მარტო დარჩა დედასთან ერთად. კონსერვატორიაში ჩაბარება მან მხოლოდ დაოჯახების შემდეგ შეძლო, მეუღლის თხოვნითა და მხარდაჭერით.

 

კომპოზიტორების ისტორიები გეოგრაფიული თვალსაზრისითაც საინტერესოა და აჩვენებს კულტურული სივრცეების და კომუნების დეცენტრალიზაციის სურათს. მაგალითად 1912 წელს დაბადებული ვალენტინა ჯაიანის არქივი ინახავს ფოტოს, სადაც ის მეოცე საუკუნის დასაწყისში ფოთის საბავშვო თეატრის წევრებთან ერთად არის გადაღებული. ამავე ფოთში, მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო ხომალდზე საბჭოთა ჯარისკაცებისთვის კონცერტები ტარდებოდა – ვალენტინა ჯაიანი ამ კონცერტებშიც მონაწილეობდა.  ერთ-ერთ ასეთ კონცერტზე ის დაბომბვაშიც მოყოლილა – ესეც მძაფრსიუჟეტიანი დრამა.

ქალი კომპოზიტორების ამბები სხვა ამბებთან ერთად ჰყვება დოკუმენტირების და არქივების შექმნის კულტურის სისუსტეებზეც – მათი ნაწარმოებების დიდმა ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. რაც შემორჩენილია, მათ გაცნობას კი ნამდვილად გირჩევთ  – საინტერესო მოგზაურობა იქნება.

 

 

 

 

სახალისო დავალება – პერსონაჟის დახატვა, გამოძერწვა, დახასიათება

0
xr:d:DAF5scNu-Yc:35,j:2179031750117030471,t:24011404

წარმოგიდგენთ ანბანისშემდგომი პერიოდისთვის შექმნილ სახალისო დავალებას.

სახელმძღვანელო ,,მშობლიური ენის კვალზე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. ავტორები ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თანაავტორი ლელა მანგოშვილი, მხატვარი – ნინო ჩაკვეტაძე, რედაქტორი მარიამ გოჩიტაშვილი).

სახელმძღვანელო ეფუძნება სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდიკას, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად დებულებებს და კონსტრუქტივისტული მიდგომის პრინციპებს.

 

თემა – კეთილი საქციელი

 

თემაში დასამუშავებელი ტექსტები: „ვანო, კატო და ჩიტი“, „ჩიტი და მელა“

 

გრძელვადიანი მიზანი – სამიზნე ცნება – ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)

დავალება – ტექსტებზე დაყრდნობით პერსონაჟის დახატვა/გამოძერწვა და დახასიათება

 

დახატე ან გამოძერწე წაკითხული ნაწარმოებების („ვანო, კატო და ჩიტი“, „ჩიტი და მელა“) რომელიმე პერსონაჟი მისთვის დამახასიათებელი ისეთი ნიშნით, რომელიც მიგვახვედრებს, რომელი პერსონაჟია დახატული/გამოძერწილი.

 

შეფასების კრიტერიუმები

ნამუშევარში/ნამუშევრის წარდგენისას წარმოაჩინე:

 

  • რით ჰგავს შენი დახატული/გამოძერწილი პერსონაჟი შერჩეული ნაწარმოების პერსონაჟს; რატომ დახატე/გამოძერწე ასე და არა სხვაგვარად (ტ. 1, 2, 3);
  • რის თქმა უნდოდა ავტორს ამ პერსონაჟით; რაზე დაგაფიქრა ამ პერსონაჟმა (ტ. 1).

 

დავალების შესასრულებლად საჭირო რესურსები და აქტივობები

 

წინარე ცოდნის გააქტიურება, დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

  • დააკვირდით თემის სათაურს, რა წერია? (კეთილი საქციელი).
  • როგორ ფიქრობთ, რის შესახებ იქნება ამ საუბარი თემის მოთხრობებსა და ლექსებში? (სიკეთის, კეთილი ადამიანების)
  • როგორი ადამიანია ის, ვინც სხვას ეხმარება, ზრუნავს მასზე, სიკეთეს უკეთებს? (კეთილი, მზრუნველი, მოსიყვარულე)
  • ჩვენ ბევრ კეთილ პერსონაჟს შევხვდებით ნაწარმოებებში. ხომ არ გახსენდებათ შესწავლილი ნაწარმოებებიდან პერსონაჟები, რომლებმაც სხვას სიკეთე გაუკეთეს?
  • ხომ არ გაიხსენებთ მაგალითს პირადი გამოცდილებიდან?
  • ვინ ახსნის თავისი სიტყვებით, რას ითხოვს ეს დავალება თქვენგან?

რესურსი – ი. გოგებაშვილის „ვანო, კატო და ჩიტი“ – მოსწავლის წიგნი (გვ. 112)

 

აქტივობა – მოთხრობის წაკითხვა მასწავლებლის მიერ; წაკითხვამდე ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაკვირვებით

 

  • დააკვირდით ილუსტრაციას. თქვენი აზრით, რის შესახებ შეიძლება იყოს ნაწარმოები?
  • სათაურის მიხედვით, ვინ იქნებიან მთავარი პერსონაჟები?
  • სად ზის ჩიტი? როგორ გგონიათ, მოსწონს მას გალიაში ყოფნა თუ თავისუფლად ფრენა ურჩევნია?
  • ყურადღებით დააკვირდით ვანოს და კატოს სახეებს. როგორ ფიქრობთ, რატომ არის კატო მოწყენილი და ვანო – გახარებული? რატომ გგონიათ ასე?
  • რა შეიძლება მოხდეს? რატომ გგონიათ ასე?

 

მასწავლებელი ტექსტს კითხულობს პაუზებით:

1-ელი პაუზა: …ეს დაინახა კატომ…

მე-2 პაუზა: …შემდეგ დაფიქრდა და…

მე-3 პაუზა: …ვანო დილით ადრე ადგა და…

 

აქტივობა – ახალი ლექსიკური ერთეულების/გამოთქმების განმარტება/გახსენება (საბრალო, საკენკი, გალია, ჩიტივით თავისუფალი ვარ)

აქტივობა – ტექსტის წაკითხვა გაგრძელებით (მოსწავლეთა მიერ)

აქტივობა – ტექსტის გაგება-გააზრება (კითხვებზე პასუხები)

რესურსი – მოსწავლის რვეული, გვ. 116.

 აქტივობა – პერსონაჟის, ვანოს ქმედების შესახებ საუბარი, მოსწავლის რვეულში ჩანაწერის გაკეთება (როგორია ვანო თავიდან და როგორია ბოლოს, როგორ/რატომ შეიცვალა).

რესურსი – მოსწავლის წიგნი, გვ. 112

 

აქტივობა – სიტყვებით წინადადებების შედგენა და მოსწავლის რვეულში ჩაწერა.

 

დამხმარე შეკითხვები:

 

  • სად ჩასვა ვანომ ჩიტი? მოსწონდა ჩიტს გალია თუ არა? რატომ არ უშვებდა ვანო?
  • ვინ გაათავისუფლა ჩიტი? როგორი გულის ბავშვი ყოფილა კატო?
  • რატომ გაიბუტა ვანო? როგორია ის ამ დროს?
  • როგორ და რატომ შეიცვალა პერსონაჟი? რას მიხვდა ბიჭი? როგორია ბოლოს?
  • რატომ მიგაჩნია ასე? რომელ მინიშნებას ეყრდნობი? მოიყვანე მაგალითი ტექსტიდან.
  • რატომ, რის გამო იცვლებიან პერსონაჟები, რის გამო იქცევიან სხვაგვარად?
  • რა არის ავტორის მთავარი სათქმელი? რას ნიშნავს გამოთქმა „ჩიტივით თავისუფალი ვარ“?
  • რომელი მონაკვეთი მოგეწონათ ყველაზე მეტად მოთხრობაში?
  • ხომ არ გაგახსენდათ სხვა, მსგავსი ამბავი, წიგნი ან ფილმი, სადაც ბავშვები ჩიტებს უვლიან და მათზე ზრუნავენ?
  • თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? როგორ მოიქეცით?

 

რესურსი – ზღაპრების წიგნები („წითელქუდა“, „კომბლე“, ქართული ხალხური ზღაპრების კრებული) და მოსასმენი ანიმაცია „რწყილი და ჭიანჭველა“

ზღაპარი “რწყილი და ჭიანჭველა” – YouTube

 

აქტივობა – მასწავლებლის მიერ ზღაპრების წიგნების ჩვენება და საუბარი ზღაპრების შესახებ. ანიმაციის ნახვის შემდეგ – საუბარი იმის შესახებ, როგორ დაეხმარა რწყილი ჭიანჭველას.

 

დამხმარე შეკითხვები:

  • ხომ არ იცით, რას ნიშნავს ხალხური ზღაპარი? ვინ დაწერა?
  • შეგიძლიათ, გაიხსენოთ ზღაპრები, რომლებიც თქვენთვის წაუკითხავთ? ანიმაციური ფილმები, რომლებიც გინახავთ?
  • როგორ ფიქრობთ, ანიმაციის მიხედვით, რომ არ დახმარებოდა რწყილი, რა დაემართებოდა ჭიანჭველას? როგორი გზა გაიარა რწყილმა, რომ ძმობილი გადაერჩინა? მალე მოაგვარა პრობლემა თუ კიდევ ბევრისგან დასჭირდა დახმარება?
  • დააკვირდით და მითხარით, სიკეთის გარდა, კიდევ რა თვისება აქვს რწყილს? მან ამხელა შრომა გასწია, თავი არ დაზოგა, სხვებსაც დაეხმარა, ოღონდ ძმობილი გადაერჩინა, კიდევ როგორი ყოფილა რწყილი? (რწყილი არის თავდადებული მეგობარი)
  • თქვენი აზრით, სათაურის მიხედვით, რაზე შეიძლება იყოს ნაწარმოები?

 

რესურსი – ჩიტი და მელა (ხალხური ზღაპარი)- მოსწავლის წიგნი, გვ. 113

 

აქტივობა – ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით.

აქტივობა – მასწავლებლის მიერ ტექსტის წაკითხვა გამომსახველობითად (მხატვრულად)

 

რესურსი – გრძნობათა ყულაბა

აქტივობა – მასწავლებელი ჩამოწერს დაფაზე (შესაძლებელია, ფორმატის ქაღალდზე სხვადასხვა ფერით იყოს დაწერილი) გრძნობებს, რომლებიც შეიძლება აღეძრას ადამიანს მხატვრული ნაწარმოების წაკითხვისას/ მოსმენისას (მაგალითად, გაბრაზება/აღშფოთება, მოწონება/აღფრთოვანება, შეცოდება/სიბრალული, თანაგრძნობა, შიში, მხიარულება), განმარტავს თითოეულს და სთხოვს მოსწავლეებს, ამოირჩიონ ამ ჩამონათვალიდან ის გრძნობა, რომელსაც აღძრავს მის მიერ წაკითხული ეპიზოდი. მასწავლებელი განმეორებით, გამომსახველობით კითხულობს ტექსტის ეპიზოდებს. მოსწავლეები ასახელებენ გრძნობას და ასაბუთებენ საკუთარ პასუხს. მაგალითად: „მე შემეცოდა ჩიტი, იმიტომ, რომ… / მე მომეწონა სანდალას საქციელი, რადგან…“

 

აქტივობა – ახალი ლექსიკური ერთეულების/გამოთქმების განმარტება (იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი; მიაგნო, ცული, ხელეჩო, წალდი, მშვილდ-ისარი)

აქტივობა – ტექსტის კითხვა მოსწავლეთა მიერ (როლური გათამაშება; ყურადღების გამახვილება ინტონაციაზე, სასვენ ნიშნებთან).

 

რესურსი – მოსწავლის რვეული – პერსონაჟის სქემა (გვ. 20)

 

აქტივობა – პერსონაჟის სქემის შევსება.

 

დამხმარე შეკითხვები:

  • როგორ იწყება ზღაპარი? რას ნიშნავს „იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი“?
  • რომელი პერსონაჟები მონაწილეობენ? რა ჰქვია მელას საბინადროს? ჩიტისას?
  • როგორია მელა ამ ზღაპარში? (მსუნაგი, საშიში) რით ემუქრება ჩიტს?
  • რას ნიშნავს სიტყვები: ცული, ხელეჩო, წალდუნა, მშვილდ-ისარი?
  • რისთვის იყენებენ ადამიანები ამ იარაღებს?
  • რისთვის აპირებს მელა მათ გამოყენებას?
  • როგორია ამ დროს ჩიტი? (საბრალო, საწყალი) რატომ?
  • როგორია სანდალა? როგორ მოექცა ჩიტს? მელას? მოგეწონათ მისი საქციელი? თქვენ როგორ მოიქცეოდით?
  • რომელი მონაკვეთი მოგეწონათ ტექსტში ყველაზე მეტად?
  • რის თქმა უნდა მწერალს ამ ნაწარმოებით? რას გვასწავლის?

 

აქტივობა – დავალების შესრულების წინარე აქტივობა. მასწავლებელი ერთხელ კიდევ წაუკითხავს დავალების პირობას, კრიტერიუმებს და შეახსენებს, რომ ნამუშევარში და წარდგენის დროს უნდა ჩანდეს, რით ჰგავს მათი დახატული/გამოძერწილი პერსონაჟი შერჩეული ნაწარმოების პერსონაჟს; რატომ დახატა/გამოძერწა ასე და არა სხვაგვარად, რის თქმა უნდოდა ავტორს ამ პერსონაჟით, რაზე დააფიქრა ამ პერსონაჟმა.

 

დამხმარე შეკითხვები:

  • მოდით, ახლა ერთხელ კიდევ გავიხსენოთ პერსონაჟი ვანო – როგორი იყო ის მოთხრობის დასაწყისში? როგორ შეიცვალა ბოლოს? დაასაბუთე ტექსტიდან სათანადო ადგილის დამოწმებით.
  • რომელი პერსონაჟი მოგწონთ, ვანო თუ სანდალა? რატომ?
  • როგორ უნდა მივხვდეთ, რომელი პერსონაჟი შეარჩიეთ? რა უნდა გაითვალისწინოთ დავალების შესრულების დროს? (ისე უნდა დახატონ, რომ მივხვდეთ, რომელი პერსონაჟია).

 

დავალების შესრულებისა და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი კითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, თითოეული მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარის ხელშესაწყობად:

 

  • რომელი პერსონაჟი შეარჩიე დასახატად/გამოსაძერწად? რატომ?
  • როგორია პერსონაჟი – რა თვისებები აქვს მას, სად ჩანს მისი კეთილი საქციელი?
  • პერსონაჟის რომელი თვისება მოგწონს ან არ მოგწონს და რატომ?
  • რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
  • რა გამოგივიდა კარგად დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა და რატომ?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

ფინანსური წიგნიერების უპირატესობები დაწყებით საფეხურზე და ინტეგრირება სხვადასხვა საგანთან

0

 

– – ფული ხელის ჭუჭყია!

                  – ყველაფერი ცუდი ფულისგან მოდის!

                  – ბევრ ფულს ადამიანის „გაფუჭება“ შეუძლია!

 

ალბათ თქვენც გსმენიათ ეს გავრცელებული ფრაზები, რომლებიც მკვიდრ წარმოდგენებადაა გამჯდარი ზოგიერთი ადამიანის ცნობიერებაში და ნებსით თუ უნებლიეთ უარყოფით გავლენას ახდენს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. დიახ, ფულის მართვისა და სწორად გამოყენების სანაცვლოდ, ფულის მიმართ შიშსა და უარყოფით დამოკიდებულებას გვინერგავდნენ ბავშვობაში.

–  და  რა ხდება დღეს?  დღევანდელ სწრაფად განვითარებად და არაპროგნოზირებად სამყაროში ფინანსების მართვა და ფინანსური წიგნიერება   კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ტერმინი- „ფინანსური წიგნიერება“ გულისხმობს:  „ ცოდნის, ქცევების, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომელიც აუცილებელია ფინანსურად ჯანსაღი, პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების  მისაღებად და ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად.“

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსები ხშირად ასოცირდება სრულწლოვანებასთან, სინამდვილეში, ადამიანებს ადრეული ასაკიდანვე უწევთ რთული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ უკეთესი იქნება, ფინანსურ უნარებსა და    ფინანსურ ჩვევებს თუ ადრეული ასაკიდანვე ჩაეყრება საფუძველი, რადგან,   როგორც ვიცით, ადრეული ასაკიდან   უფრო მარტივია  ჩვევების გამომუშავება შემდეგში  გრძელვადიანი სტაბილურობისთვის, რაც  ადამიანის მთელ ცხოვრებაზე დადებით გავლენას მოახდენს.

კვლევებით დადასტურებულია, რომ ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან იღებენ ფინანსურ განათლებას, უკეთ არიან მომზადებულები რეალურ ცხოვრებაში სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც იწვევს  მომავალში ფინანსურ კეთილდღეობასა და ფინანსური სტრესის შემცირებას.  სწორედ ამიტომ, ეროვნული სასწავლო გეგმა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე პრიორიტეტულ მიმართულებებში ფინანსური წიგნიერების საკითხებსაც ითვალისწინებს.  სტატიაში  გთავაზობთ რამდენიმე რჩევას,  როგორ მოვახდინოთ სხვადასხვა საგანთან დაწყებით საფეხურზე ფინანსური წიგნიერების ინტეგრირება.

  • კლასის საათი

დამრიგებლებისთვის კლასის საათი ძალიან კარგი საშუალებაა მოსწავლეებისთვის ფინანსურ საკითხებზე თეორიული ცოდნის მისაწოდებლად. ვიდეოების, პრეზენტაციებისა და საკითხავი მასალის საშუალებით (კარგ მეგზურობას გაგიწევთ ფინანსური განათლების პორტალი–ფინედუ)   აუცილებელია, აქცენტი გაკეთდეს საჭიროებებისა და სურვილების განსხვავებაზე, დაზოგვის მნიშვნელობაზე, ფულის, როგორც მიზნების მიღწევის,სხვების დახმარების,ზრუნვის   საშუალებაზე.  სემესტრის ან სასწავლო წლის პროექტად მოსწავლეებს შესთავაზეთ, აიღონ სამი ყულაბა: პირველი- ყოველდღიური ხარჯებისთვის, მეორე-დაგროვებისთვის, მესამე- ქველმოქმედებისთვის.

აუცილებლად აუხსენით თითოეული ყულაბის დანიშნულება, რა მიზნით და როგორ გამოიყენებენ. პერიოდულად აკონტროლეთ, რამდენად მისდევენ მოსწავლეები მითითებებს, ხოლო პროექტის დასასრულს აუცილებლად შეაფასებინეთ და მიიღეთ უკუკავშირი შემდეგი დამაზუსტებელი  კითხვების საშუალებით: უჭირდათ თუ არა თანხის განაწილება ყულაბებში?  რომელი ყულაბა უფრო სწრაფად ივსებოდა? დაგროვილი თანხით მიზნის, სურვილის ასრულებამ რა განაცდევინათ? როგორი შეგრძნებაა, როდესაც სხვაზე ზრუნავ და სხვისი სიხარულის მიზეზი ხდები?

 

  • მათემატიკა – მათ.დაწყ. (I).6

ბიუჯეტის ცხრილის შედგენა.  ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ მონაკვეთზე მიღებული  შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა, მოსწავლეებს შეგიძლიათ შეადგენინოთ ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილი. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას საკვებისთვის, საკანცელარიო  ნივთებისთვის ან ყოველდღიური საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ თანხებს საჭიროებისამებრ. ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას.

  • ქართული – ქართ.დაწყ.(I).1 ; ქართ.დაწყ. (II). 1,2

ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში, დაწყებით საფეხურზე შევხვდებით  ისეთ ტექსტებს ( ,,უქნარა შვილი“; „ერთი მანეთის შოვნა“; „ძუნწი და ოქრო“; „მაგდანას ლურჯა“), რომლებიც გამოგვადგება, რომ დავაფიქროთ მოსწავლეები პროფესიის შეძენაზე, შრომის, როგორც ფულის შოვნის საშუალებაზე, ურთიერთმზრუნველობაზე, რომლის გარეშეც ადამიანები ვერ შეძლებენ მოთხოვნილებებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებას.

  • ბუნება – ბუნ.დაწყ.(II).4,5

ჯანსაღი კვება. მოსწავლეები დავყოთ ჯგუფებად. დავალების პირობა: მოამზადონ მინიმალური რესურსებით (ფული, პროდუქტი) ჯანსაღი საკვები, რომელიც აუცილებელია ადამიანის  1 დღის დაბალანსებული კვებისთვის. დაიანგარიშონ, რა ჯდება ფინანსურად. წარდგენისას განმარტონ, როგორ გამოიყენეს რაციონალურად რესურსები და შესაძლებელია თუ არა მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური შედეგის მიღება?

 

 

 

  • ინგლისური – უცხ.დაწყ. II. 1, 2, 3, 4

მოსწავლეებს აჩვენეთ  სკოლის მოსწავლეების მიერ განხორციელებული წარმატებული წამოწყებების  შესახებ ვიდეოები, მათ მიერ შექმნილი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც შემოსავლის წყაროდ აქციეს. მოასმენინეთ, როგორ დაიწყეს, როგორ აქციეს იდეა საქმედ, რა სირთულეებს შეხვდნენ?

(ვიდეოს ნიმუშები:

https://www.facebook.com/share/v/CsSombmhXxyPG6Z9/?mibextid=oFDknk

https://fb.watch/sE54owHa78/)

შემდეგ კი მოამზადებინეთ მარტივი პრეზენტაციები თემაზე: ჩემი ოცნებაა შევქმნა, საოცნებო ბიზნესი.

 

  • ხელოვნება – ს.გ.დაწყ.(II). 4

მოიძიონ სხვადასხვა კულტურის მქონე ქვეყნების  ფულის ისტორია, შეადარონ ქართულ ფულს ვიზუალურად, შექმნის ისტორიით, დატანილი ჰოლოგრამებით,ღირებულებით.დახატონ (დაამზადონ) და მოაწყონ გამოფენა.

 

  • ი.ს.ტ.- კომპ.ტექ.დაწყ.6

მოსწავლეებს შეუძლიათ,  მიღებული ფინანსური ცოდნა სხვებს გაუზიარონ. დაამზადონ საინფორმაციო ფლაერები, პოსტერები, პლაკატები და მსოფლიო დაზოგვის დღის (31 ოქტომბერი)  ან გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში   გადასცენ თანასკოლელებს, მშობლებს, ახლობლებსა და ა.შ.

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობით, ფინანსურ განათლებასთან ერთად, მოსწავლეებს უვითარდებათ კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნება; უმჯობესდება გადაწყვეტილების მიღების უნარი; გამომუშავდება რისკების შეფასებისა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უნარი; დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობის  უნარი; ასევე, მოსწავლეებს ვასწავლით გამჭრიახობას, რომელიც აუცილებელია იმპულსური ხარჯებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ვალებისთვის  თავის ასარიდებლად და გონივრული ფინანსური ჩვევების ჩამოსაყალიბებლად. კვლევებზე დაყრდნობით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსურად განათლებული პირები მეტად პასუხისმგებლობიანები არიან  და პოზიტიური წვლილი შეაქვთ საზოგადოების განვითარებაში. ჩვენს მოსწავლეებში დღეს განვითარებული ფინანსური უნარ-ჩვევები  ხვალ  ჩვენი ქვეყნის განვითარებულ ეკონომიკას უდრის.

და, რაც მთავარია, დღევანდელ თაობას აუცილებლად უნდა დავუტოვოთ მემკვიდრეობად შემდეგი მკვიდრი წარმოდგენები:

– რაიმეს კეთება დაგეგმვიდან უნდა დაიწყო!

– შრომა სასარგებლოა!

– რესურსები შეზღუდულია და მათ მოფრთხილება სჭირდება!

– სხვების დახმარება კარგია!

– მომავლის დაგეგმვა – ეს ჩემი საზრუნავია!

– ფულით შეგვიძლია ავიხდინოთ საკუთარი და სხვების ოცნებები!

გამოყენებული მასალები:

 

  1. ესგ საგნობრივი სტანდარტი (ეროვნული სასწავლო გეგმა)
  2. ფინანსური განათლების პორტალი– ფინედუ.
  3. junior Achievement Georgia-ს ინიციატივით შექმნილი ვიდეო მასალა.

 

 

ჟურნალ “სკოლის მართვის” ახალი ნომერი

0

„შრომა მუშაობაა, სადაც საყურადღებოა ის კი არა, რამდენი კაცი გაიწვალება და დაიქანცება სხეულით, არამედ ის, რამოდენა გონებაა იქ ნახმარი. ამიტომ ცხოვრება დუღს და მიდის წინ იქ კი არა, სადაც ბევრს მუშაობენ, ხარჯავენ ტლანქ ძალას, არამედ იქ, სადაც ბევრს შრომობენ, ამოძრავებენ ხალხის გონებას“ – წერს მწერალი, საქართველოსა და მისი განათლების სისტემის დიდი გულშემატკივარი და მოამაგე ივანე ლუკაშვილი („ვანათში ნამყოფის“ ფსევდონიმით) ჟურნალ „განათლების“ 1916 წლის აპრილის ნომერში, სადაც განიხილავს ამერიკის მაგალითს, როგორც ადამიანის ძალისხმევისა და გონების გამოყენების წარმატებულ მაგალითს. კონკრეტული მაგალითების გამოყენებით ასაბუთებს, რა და რატომ მოსწონს ამერიკაში და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან ჩვენ…

სწორედ ამერიკის მაგალითია ჩვენი მიმდინარე ნომრის მთავარი თემა – განათლების ისტორიის რუბრიკიდან დაწყებული, კვლევით, კონკრეტული სკოლის პრაქტიკის გაცნობით, თეორიული/კონცეპტუალური საყრდენებით დამთავრებული, გაეცნობით ჩვენი დიდი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის სასკოლო განათლების ისტორიასა და პრაქტიკას.

სასკოლო კურიკულუმზე მუშაობა ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა დღეს ჩვენი სკოლებისთვის. ამ კუთხითაც შევიხედავთ ამერიკის სკოლებში. გარდა ამისა, გავეცნობით მოსწავლეთა დისციპლინასა და მოსწავლის ქცევებზე რეაგირების მექანიზმებს.

გაგაცნობთ 1910 წლის სტატიას ამერიკაში საბავშვო სამკითხველოებისა და კითხვის მნიშვნელობის შესახებ და გეგონებათ, რომ ავტორმა ეს სტატია აგერ, გუშინ დაწერა – ისევ ისე მნიშვნელოვანი და აუცილებელია ეს მიმართულება დღეს ამერიკასა თუ საქართველოში.

ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ვესტფილდის ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის დირექტორი დეტალურად გაგაცნობთ თავის სკოლას, საქმის მიმართ თავის დამოკიდებულებას, სკოლაში დამკვიდრებულ კულტურას, კოლეგებთან თანამშრომლობის მისეულ სტრატეგიას, პრიორიტეტებს. იქნებ რომელიმე თქვენგანს ქალბატონ მერისა და მის სკოლასთან აქტიური თანამშრომლობის სურვილიც გაუჩნდეს? ვინ იცის… თუ ასე იქნება, ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, თუ მოგვეცემა საშუალება, ხელი შევუწყოთ ქართული და ამერიკული სკოლების დამეგობრებას!

არც ამ ნომერში ვღალატობთ ტრადიციას და გაგაცნობთ ახალ გზამკვლევს, რომელიც დაეხმარება სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და მშობლებს, ხელი შეუწყონ მოსწავლეთა მონაწილეობითი კულტურის დამკვიდრებას, შესაბამისად, დემოკრატიის ხარისხის ზრდას საქართველოს სკოლებში, რაც ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი მიზანია.

რედაქტორი:  ნათია ნაცვლიშვილი

დიზაინერი : ბესიკ დანელია

ტექსტების სტილის რედაქტორი: მაია წიკლაური 

ჟურნალის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

სკოლის მართვა #1 2024

ამბის თხრობა უცხოური ენის გაკვეთილზე

0

მასწავლებლებმა, რომლებიც ოდესღაც თავად ვიყავით მოსწავლეები, ძალიან კარგად ვიცით, როგორია საათობით კლასში ჯდომა, მასწავლებლის მოსმენა, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც შეიძლება უამრავ ფაქტს, თარიღს და მოვლენას მოიცავდეს და გაკვეთილის ბოლომდე ყურადღების შენარჩუნება.

როდესაც ამ ინფორმაციასთან კავშირს ვერ ვგრძნობთ, მასზე ფოკუსირება, მისი დამახსოვრება, მისთვის  მნიშვნელობის მინიჭება ძნელია.

ამბები შეიძლება იქცეს ხიდებად, რომლებიც ამ დაბრკოლების გადალახვაში დაგვეხმარება.

 

წარმოიდგინეთ, რომ კლასში ხართ და უცებ მასწავლებელი იწყებს ამბის თხრობას სიტყვით: „ერთხელ…“ ყველა თვალი მისკენ არის მიპყრობილი, ყველას აინტერესებს, როგორ გაგრძელდება ამბავი. რატომ? იმიტომ, რომ ისტორიები ბუნებრივად გვხიბლავს. მათ აქვთ ძალა, დაგვაინტერესონ და ჩვენი ყურადღება მიიპყრონ.

გარდა ამისა, რაოდენ მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია. ყოველ ჩვენგანს სჭირდება საკუთარ თავში ამ უნიკალურობის დანახვა და სიტყვების საშუალებით მისი რეალიზება. რა ქნან მოსწავლეებმა, რომ თავიანთი ინდივიდუალური, განსაკუთრებული, გამორჩეული ხმა სხვას გააგონონ?

ამაში ხშირად გვეხმარება ამბის თხრობა – სთორითელინგი (storytelling).

როდესაც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას თვალი გადავავლე, აღმოჩნდა, რომ მრავალ ქვეყანაში სთორითელინგს წარმატებით იყენებენ საკლასო ოთახში. მინდა, ამ წერილით გაჩვენოთ, რატომ არის ამბის თხრობა ასეთი ეფექტური როგორც პრეზენტაციის ტექნიკა და რით განსხვავდება ის ტრადიციული PowerPoint ფორმატის პრეზენტაციებისგან. ჩვენ ვნახავთ რეალურ მაგალითებს და მივიღებთ პრაქტიკულ რჩევებს იმის შესახებ, როგორ უნდა შექმნან და გაამდიდრონ თქვენმა მოსწავლეებმა  პრეზენტაციები ისტორიებით.

 

სთორითელინგის მნიშვნელობა

ისტორიები ბავშვობიდან თან გვახლავს, ისინი ჩვენი კულტურისა და კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია. უბრალოდ იფიქრეთ ზღაპრებზე, რომლებიც წაგვიკითხეს, ან ფილმებზე, რომლებმაც უცნაურ სამყაროებში გადაგვიყვანა. ისტორიები გვეხმარება ინფორმაციის უკეთ გაგებასა და დამახსოვრებაში. ისინი აღვიძებენ ემოციებს, ქმნიან სურათებს ჩვენს წარმოსახვაში და რთულ საკითხებს ხელშესახებს ხდიან.

 

აქტუალობა უცხოური ენების სწავლებისას:

რა კავშირი აქვს ყველაფერ ამას უცხოური ენის გაკვეთილებთან?

გარდა იმისა, რომ ჩვენი მიზანია, სასაუბრო, სამეტყველო უნარები განვუვითროთ მოსწავლეებს, ეს გაკვეთილები ხშირად მოიცავს რთულ თემებს და კომპლექსურ ტექსტებს. მასწავლებლისთვის გამოწვევაა ამ შინაარსის ისე გადმოცემა, რომ ის გასაგები და საინტერესო იყოს მოსწავლეებისთვის.

სთორითელინგის საშუალებით მასწავლებელს შეუძლია, მშრალი ფაქტები და აბსტრაქტული ცნებები მოსწავლეებისთვის ნათელ და დასამახსოვრებელ გამოცდილებად გარდაქმნას.

ადვილი არ არის, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში აღაფრთოვანო მოსწავლეები ახალი ენით და ამავე დროს ასწავლო ეფექტიანად. სთორითელინგს აქ შეუძლია, ცენტრალური როლი შეასრულოს. ისტორიების თხრობით მასწავლებლებს შეუძლიათ, შექმნან ცოცხალი და ავთენტური ენობრივი გარემო, რომელშიც მოსწავლეები განიცდიან და გამოიყენებენ ახალ ენას მნიშვნელოვან კონტექსტში.

PowerPoint Presentation vs Storytelling

 ტრადიციულ PowerPoint პრეზენტაციებსა და ამბის თხრობას როგორც პრეზენტაციის ტექნიკას შორის განსხვავების გასაგებად გავიხსენოთ სტრუქტურა. ტრადიციული PowerPoint პრეზენტაცია იყოფა შესავლად, ძირითად ნაწილად და დასკვნად და აქცენტს სვამს ფაქტებისა და მონაცემების წარმოდგენაზე. ამის საპირისპიროდ, თხრობა მიჰყვება ნარატიულ სტრუქტურას, ის იწყება შესავლით, რასაც მოჰყვება კონფლიქტი ან პრობლემა, აღწევს კულმინაციას და მთავრდება პრობლემის მოგვარებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა ემოციური კავშირი. ტრადიციული პრეზენტაციები ფოკუსირებულია ინფორმაციის გადმოცემაზე, ხოლო სთორითელინგის მიზანია აუდიტორიასთან ემოციური კავშირის შექმნა. მოყოლილ ამბებში გვხვდება ემოციები, რომლებიც აუდიტორიას ინფორმაციის უკეთ გაგებასა და დამახსოვრებაში ეხმარება.

დაბოლოს, ეს მიდგომები ერთმანეთისგან განსხვავდება ინტერაქციულობითა და ჩართულობით. ტრადიციული პრეზენტაციები ძირითადად ცალმხრივი კომუნიკაციაა. წამყვანი საუბრობს, აუდიტორია უსმენს. ამბის თხრობა კი ხელს უწყობს ინტერაქციულობას სიუჟეტში აუდიტორიის ჩართვით, კითხვების დასმით და დისკუსიის წახალისებით. ეს ქმნის უფრო დინამიკურ და საინტერესო პრეზენტაციას.

 სთორითელინგის როგორც პრეზენტაციის ტექნიკის უპირატესობა

 

თხრობის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია:

ემოციების გაღვიძება. ისტორიები მიემართება ჩვენს გრძნობებს და ამით სასწავლო მასალას ემოციურად უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

ყურადღების შენარჩუნება. ამაღელვებელი ისტორიები იპყრობს მსმენელის გონებას და გაფანტვის საშუალებას არ აძლევს. ამბები უფრო ადვილი დასამახსოვრებელია, ვიდრე მშრალი ფაქტები, რადგან დაკავშირებულია ემოციებთან.

რთული შინაარსის გამარტივება. კონკრეტული მაგალითებისა და ისტორიების საშუალებით აბსტრაქტული ცნებები უფრო გასაგები ხდება.

ენობრივი საშუალებების (ლექსიკა, გრამატიკა) გამოყენება: მოსწავლეები ხედავენ, როგორ გამოიყენება სიტყვები და გრამატიკული სტრუქტურები რეალურ სიტუაციებში.

კულტურული ურთიერთგაგების ხელშეწყობა: ისტორიები გვაწვდის ინფორმაციას სამიზნე ენის კულტურის შესახებ და ხელს უწყობს ინტერკულტურულ კომპეტენციას.

სთორითელინგის სტრუქტურა

    https://hussellvs.best/product_details/75493120.html

 

შესავალი

ინტერესის აღძვრა/ Hook: დაიწყეთ საინტერესო ფაქტით, შეკითხვით ან ციტატით, რათა გამოიწვიოთ მსმენელის ინტერესი.

კონტექსტი: გააცანით ადგილი, დრო და მთავარი გმირები; წარმოადგინეთ საკითხის მოკლე მიმოხილვა და თქვით, რითია ის მნიშვნელოვანი.

 

პრობლემა/კონფლიქტი

პრობლემა: აღწერეთ პერსონაჟების წინაშე არსებული მთავარი პრობლემა/გამოწვევა.

მიზანი: ახსენით პერსონაჟების მიზანი ან მოტივაცია ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

 

აღმასვლა (rising action) – ამბის ის მონაკვეთი, რომელიც კულმინაციისკენ მიიწევს და რომელშიც, სიუჟეტის ცენტრალური კონფლიქტიდან გამომდინარე, სიუჟეტური მოვლენების კვალდაკვალ იმატებს დაძაბულობა)

დაბრკოლებები: აჩვენეთ დაბრკოლებები და სირთულეები, რომლებსაც ისინი აწყდებიან ამ გზაზე.

მოვლენები: აღწერეთ ძირითადი მოვლენები და მოქმედებები, რომლებსაც პერსონაჟები ახორციელებენ პრობლემის გადასაჭრელად.

 

კულმინაცია (climax)

შემობრუნების წერტილი/კვანძის გახსნა: წარმოადგინეთ ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი, სადაც მთავარი პრობლემა კულმინაციას აღწევს და გამოსავალი მოიძებნება.

 

დაღმასვლა (falling action) – სიუჟეტის ის მონაკვეთი, რომელიც მოჰყვება კულმინაციას, რომელშიც მცირდება სიუჟეტის ცენტრალური კონფლიქტიდან გამომდინარე დაძაბულობა და სიუჟეტი მიდის დასასრულისკენ

შედეგები: აღწერეთ პერსონაჟთა ქმედებებისა და გადაწყვეტილებების შედეგები.

აჩვენეთ, როგორ ნელ-ნელა წყნარდება სიტუაცია და როგორ მივდივართ გამოსავალამდე.

 

დასკვნა

გააკეთეთ პრობლემის გადაწყვეტის საბოლოო მიმოხილვა და გამოიტანეთ დასკვნა.

 

რეფლექსია

ფასეულობა: იმსჯელეთ, რა შეიძლება გვასწავლოს ამ ისტორიამ.

კავშირი: დაამყარეთ კავშირი მსმენელებთან კითხვით, როგორ ეხება ეს ამბავი მათ ცხოვრებას ან იმ თემას, რომელსაც სწავლობენ.

 

Storytelling – ამ ბმულზე იხილავთ კონკრეტულ მაგალითს გერმანული ენის გაკვეთილისთვის, სადაც მოკლედ იქნება წარმოდგენილი სთორითელინგის ნიმუში ზემოთ აღწერილი სტრუქტურის მიხედვით, ხოლო უცხოური ენების მასწავლებლებს შევთავაზებ საიტს https://www.ted.com/talks, სადაც ნახავენ ისტორიების საინტერესოდ თხრობის უამრავ კარგ ნიმუშს.

 

სთორითელინგის გამოყენების მეთოდები უცხოური ენის გაკვეთილებზე

 

არსებობს უცხოური ენის გაკვეთილებზე ამბის თხრობის გამოყენების სხვადასხვა მეთოდი:

გამოიყენეთ სთორითელინგის სტრუქტურა: მასწავლებლებს/მოსწავლეებს შეუძლიათ, ნებისმიერი კონკრეტული ტექსტი გარდაქმნან ამბის თხრობად შესაბამისი სტრუქტურის გამოყენებით.

გაუზიარეთ პირადი ისტორიები: მოსწავლეებს შეუძლიათ, დაწერონ და მოყვნენ საკუთარ ამბებს სამიზნე ენაზე. ეს ხელს შეუწყობს ლექსიკისა და გრამატიკული ცოდნის გაფართოებას და შემოქმედებითად გამოყენებას.

როლური თამაშები: მოსწავლეებს შეუძლიათ, მოირგონ სხვადასხვა როლი და ისტორიები გაითამაშონ. ეს ხელს შეუწყობს სამიზნე ენაზე საუბარს და მის გაგებას სხვადასხვა კონტექსტში.

მულტიმედიური თხრობა: დასურათებული ისტორიები ან კომიქსები შეიძლება განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდეს დამწყებთათვის, რადგან სურათები უზრუნველყოფს ვიზუალურ მხარდაჭერას და უფრო ნათელს ხდის სიტყვებისა და წინადადებების მნიშვნელობას.

ციფრული მოთხრობა: მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან საკუთარი ციფრული ისტორიები, მაგალითად, პრეზენტაციების, ვიდეოების ან პოდკასტების მეშვეობით და გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად (Canva და სხვა პროგრამები).

 

მაშასადამე,  ამბის თხრობა არის გზა კრეატიულობისა და კრიტიკული აზროვნებისკენ, ხოლო როდესაც მოსწავლეები აამოქმედებენ თავიანთ შემოქმედებით უნარებს, მათ გაუჩნდებათ მეტი პოტენციალი, მეტი ახალი იდეა და პერსპექტივა და უკეთესადაც ისწავლიან.

თხრობას სხვებთან ურთიერთობის დროსაც ვიყენებთ. ეს ინსტრუმენტი მოსწავლეებს იმაშიც დაეხმარება, რომ ისწავლონ აზრის გამოხატვა წარმატებული კომუნიკაციისთვის.

ჩვენ მიჩვეული ვართ რაც შეიძლება მეტის კეთებას უმოკლეს დროში. ამბების თხრობას და ავთენტურ გაზიარებას დრო სჭირდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რამდენად პოზიტიური ინსტრუმენტი შეიძლება აღმოჩნდეს ამბის თხრობა, ვფიქრობ, ეს საკმაოდ ღირებული ინვესტიციაა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://ifak-kindermedien.de/wp-03776-content/uploads/2021/08/Storytelling_Konzept.pdf

https://www.ted.com/topics/storytelling

https://hussellvs.best/product_details/75493120.html

https://digitalstorytelling.coe.uh.edu/survey/SITE_DigitalStorytelling.pdf

 

უპირობო მეგობრობა

0

დიპლომატები ხშირად იმეორებენ ერთსა და იმავე ფრაზას: „არ არსებობენ მუდმივი მტრები და მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები“. აღნიშნული მოსაზრების მომხრეებს ერთი რამის თქმა სურთ ჩვენთვის – ისინი ამტკიცებენ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მხოლოდ პრაგმატული მისწრაფებებით იზომება და ხალხებს იდეალები, ღირებულებები, ერთმანეთისადმი ერთგულება არ აერთიანებთ. ომებისა და შეუზღუდავი გლობალური ვაჭრობის ეპოქაში მართლაც ძნელი დასაჯერებელია სხვადასხვა ეთნოსებს შორის უპირობო მეგობრობა, მაგრამ საყოველთაო სკეპტიციზმის მიუხედავად, უნიკალური მოვლენა მაინც არსებობს.

ალბათ, გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ უანგარო მეგობარი ჩვენ – ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს გვყავს, თან ეს მეგობრობა საუკუნეებმა გამოცადა და ვერაფერი დააკლო.

ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს საზღვართან ახლოს დიდი ხანია ერთი მცირერიცხოვანი ხალხი ცხოვრობს, რომელიც ასწლეულებია იბრძვის თავისი იდენტობის მკაფიოდ გამოკვეთისათვის. ინგუშები ნახურ ენაზე საუბრობენ, რასაც სხვადასხვა იმპერიები ხშირად იყენებდნენ ბოროტად. თვითმპყრობელური რეჟიმები ნახურ ენაზე მოსაუბრე ყველა ეთნიკურ ჯგუფს ერთ კალათაში ყრიდნენ, რათა მცირე ერებისთვის თვითგამორკვევისა და განვითარების შესაძლებლობა მოესპოთ. ცარისტული და საბჭოთა ბიუროკრატია დროსა და ენერგიას არ იშურებდა იმისთვის, რომ ინგუშებსა და მათ მონათესავე ჩეჩნებს შორის ტოლობის ნიშანი დაესვა. შეიძლება ჩეჩნებსა და ინგუშებს ენის, კულტურისა და ისტორიის თვალსაზრისით მართლაც ძალიან ბევრი რამ აერთიანებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ხალხის ნება, განწყობა და ღირებულებითი სისტემაა. უამრავი საერთო ნიშნის მიუხედავად, ფაქტია, რომ უკანასკნელი ერთი საუკუნის განმავლობაში ინგუშებმა სრულიად დამოუკიდებელ ნაციად ჩამოყალიბების გზა აირჩიეს, რაც თანამედროვე საზოგადოებაში პატივისცემასა და მხარდაჭერას უნდა იმსახურებდეს.

რა განაპირობებს ქართულ-ინგუშური ურთიერთობების უნიკალურ ხასიათს?

უპირველეს ყოვლისა, შუა საუკუნეების ისტორიის რამდენიმე ეპიზოდი უნდა გავიხსენოთ. ინგუშეთი თამარ მეფის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. კეთილშობილი მონარქი კი ყოველთვის ცდილობდა ეზრუნა ახლადშემომტკიცებულ ტერიტორიებსა და იქ მცხოვრებ ხალხებზე. თამარის ეპოქა სიმშვიდისა და აღმშენებლობის პერიოდი აღმოჩნდა ინგუშეთისთვის. მოკლევადიანი სტაბილურობა საფუძვლად დაედო გზებისა და ხიდების მშენებლობას, კავკასიონის ქედის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას, სოციალური და პოლიტიკური კავშირების ჩამოყალიბებას.

მოგეხსენებათ, შუა საუკუნეებში განათლებისა და ცოდნის გავრცელების უმთავრეს და ერთადერთ კერას ეკლესია-მონასტრები წარმოადგენდნენ. ფეოდალური ხანის ქართული სახელმწიფოები ბევრს ზრუნავდნენ, რათა ჩრდილოეთში ახალ-ახალი სულიერი ცენტრები აემოქმედებინათ. თანამედროვე ინგუშეთი სავსეა ქართველთა და ინგუშთა წინაპრების ერთობლივი შრომის შედეგად აშენებული გამორჩეული ქრისტიანული ძეგლებით. მხოლოდ თხაბა-იერდის ეკლესიის გახსენება რად ღირს, რომელიც თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ნაგებობაა. ავტორიტარულ და იმპერიალისტურ ხელისუფლებასთან ალიანსში მყოფი მოსკოვის საპატრიარქო ყველა მცირერიცხოვან ხალხს ზემოდან დაჰყურებს, კონსტანტინოპოლს რომის მემკვიდრეობაში ედავება, არადა, მათ იურისდიქციაში მოქცეული უძველესი ტაძარი, ჩვენი – ინგუშებისა და ქართველების აშენებულია. თხაბა-იერდი მხოლოდ ერთი მარგალიტია იმ საგანძურსა, რომლითაც ჩრდილოეთ კავკასიის პატარა რესპუბლიკის მთის ფერდობებია დახუნძლული.

ცხადია, ასეთი ინტენსიური ურთიერთობები ადგილობრივ კულტურაზეც აისახა. ინგუშური ფოლკლორი მდიდარია თამარ მეფის შესახებ შექმნილი თქმულებებით, სადაც ხელმწიფე მხოლოდ დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მოიხსენიება, სამართლიანობისა და სიკეთის წყაროდ არის აღიარებული.

ინტენსიური სოციალური და კულტურული კავშირების კვალს ფოლკლორის გარდა ტოპონიმიკაშიც აღმოაჩენთ. ქართველებსა და ინგუშებს შორის მტკიცე ხიდების მშენებლობას განსაკუთრებით შეუწყვეს ხელი ორი ქვეყნის ლიტერატურის წარმომადგენლებმა. შეგვიძლია მხოლოდ ალექსანდრე ყაზბეგი და ალი ხაშაგულგოვი გავიხსენოთ, რომლებიც დაუღალავად იღვწოდნენ ამ ორ ხალხში პატიოსნებისა და ღირსების მაგალითების გამოკვეთისა და გაზიარებისთვის. თუმცა, ქართულ-ინგუშურ ურთიერთობებს ყველაზე მეტ სიმტკიცეს მაინც განსაცდელში გამოვლენილი ურთიერთთანადგომის პრეცედენტები სძენს.

1944 წელი საბედისწერო მომენტი აღმოჩნდა კავკასიაში მცხოვრები მრავალი ხალხისთვის. სტალინურ რეპრესიებსა და დეპორტაციებს ემსხვერპლა ათასობით მესხის, ჩეჩნისა და გერმანელის სიცოცხლე. გადარჩენილები კი ცენტრალური აზიის გზას გაუყენეს. დევნასა და გადასახლებას ვერც ინგუშები გადაურჩნენ. ათობით ათას ინგუშს მშობლიური სახლის მიტოვება მოუწია. საბჭოთა ხელისუფლებამ ინგუშეთის ტერიტორიაზე სხვა ერების დასახლება განიზრახა. ქართველებსაც შეხვდათ ინგუშთა მიწის გარკვეული ნაწილი, სადაც ისინი ხრუშჩოვის „დათბობის“ პერიოდამდე მშვენივრად ცხოვრობდნენ. მოგეხსენებათ, სტალინის შემდგომმა ლიდერებმა დეპორტირებულ ერებს შინ დაბრუნების უფლება მისცეს. მრავალწლიანი დევნილობიდან კავკასიაში მობრუნებულ ინგუშებს ქართველებმა წინააღმდეგობის გარეშე დაუთმეს კუთვნილი სახლები, აჩუქეს საკუთარი საქონელი და არაგვის ხეობაში გადმოინაცვლეს. ყველა ჩასახლებული ხალხი ასე არ მოქცეულა, ინგუშებთან სისხლს ყველა არ მორიდებია. აქედან გამომდინარე, ღლიღვები განსაკუთრებით აფასებენ ქართველთა რაინდულ საქციელსა და სამართლიან უკანდახევას.

1990-იან წლებში საბჭოეთის მიერ ხელოვნურად წარმოქმნილმა კონფლიქტმა კიდევ ერთხელ იჩინა თავი. პრიგოროდნის რაიონისთვის ოსებსა და ინგუშებს ომში ჩართვა მოუწიათ. ბუნებრივია, ოსურ-ინგუშური სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირების დროსაც არცერთ ქართველს არ აუღია იარაღი ხელში მოძმე ხალხის წინააღმდეგ. პრიგოროდნის ომი ინგუშთა დამარცხებით დასრულდა, 70 000 ინგუში საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. ამ ტრაგედიის შემდეგაც ქართველებს არ შეუწყვეტიათ მეზობელი ხალხის განვითარებაზე ზრუნვა. 1994 წელს ქართველ ინჟინერთა ჯგუფი ინგუშეთში ავტომაგისტრალების მშენებლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მაშინ მთელ რეგიონში უმძიმესი სიტუაცია იყო შექმნილი და ჩეჩნეთის ომის გამო ბევრი ერიდებოდა ტრანსკავკასიურ ავტობანებზე მუშაობას, ჩვენები კი უკან არ იხევდნენ. სამწუხაროდ, ქართველთა თანადგომას უკვალოდ არ ჩაუვლია. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოფელ ალქუნთან უცნობმა პირებმა გაურკვეველი მოტივით ჩაცხრილეს 8 ქართველი მეგზევე, რომელთა მემორიალი დღემდე ამაყად დგას სუნჯის რაიონში.

თავის მხრივ, ინგუშებს წარმოუდგენელი სიმამაცე აქვთ გამოჩენილი საქართველოს დასაცავად. მოგეხსენებათ, აფხაზეთის ომის დროს რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა მთელი კავკასიის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დარაზმვა. გაგრასთან და სოხუმთან საქართველოს სამხედრო ძალებს მხოლოდ სეპარატისტები და რუსები არ ებრძოდნენ, ბრძოლის ველზე მრავლად იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიელებიც, მხოლოდ ინგუშებმა იუარეს ჩვენს გასანადგურებლად გალაშქრება.

იგივე განმეორდა 2008 წელსაც, როდესაც არცერთმა ინგუშმა არ მოისურვა საქართველოსთვის ცეცხლის გახსნა.

უპირობო მეგობრობის საუკეთესო ერთგვარ სიმბოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ცერემონიალი რჩება.

1991 წლის 9 აპრილს, დეკლარაციის მიღებისას დეპუტატებსა და ხალხს ერთადერთმა უცხოელმა მიმართა. გათავისუფლების პირველსავე წუთებში ისტორიული მიღწევა მოგვილოცა მწერალმა ისა ქოაძოიმ (კოძოევი), ინგუშეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა. შემოქმედმა თავისი გამოსვლა განსაკუთრებული სიტყვებით დაასრულა:

„ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა შესანიშნავად იციან, რომ წინ თქვენ რთული დღეები მოგელით, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი უკან! რკინასავით უნდა დადგეთ! ჩვენ თქვენგან ჩრდილოეთით ვცხოვრობთ, ჩვენ ინგუშები ბევრნი არ ვართ, მაგრამ რამდენიც ვართ, თქვენ განკარგულებაში ვიქნებით !!!”.

სასიხარულოდ, დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე დღესაც გრძელდება. ინგუშეთში უამრავ ქუჩას ჰქვია საქართველოსთან დაკავშირებული სახელი, მათთვის ჩვენი ქვეყანა კვლავ უპირობო მეგობრობასთან ასოცირდება.

საქართველოში თითქოს აღარ გვახსოვს საუკუნოვანი კავშირები, მაგრამ ბოლო დროს დიდი გამოცოცხლება შეინიშნება. თბილისში ინგუშური კულტურის ცენტრი დაარსდა, რომელიც ორ ერს შორის არსებული უძველესი ხიდების გამაგრებას ესწრაფვის. დარწმუნებული ვარ, ცენტრი უანგაროდ გაუწევს დახმარებას ყველა მასწავლებელს, რომელიც თავის გაკვეთილზე კავკასიური თემატიკის განხილვას მოიწადინებს.

როგორ დავწეროთ მითითებები (Prompts) AI ჩატბოტებისთვის

0

პრომპტები არის ინსტრუქციები ან მითითებები, რომლებსაც ვაძლევთ ხელოვნურ ინტელექტს (AI) ან ენის მოდელს კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად. ისინი განსაზღვრავენ, როგორ პასუხს მივიღებთ AI-ისგან.

ეფექტური კომუნიკაცია რეალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად განსხვავდება AI ჩატბოტებთან კომუნიკაციისგან. მაგალითად:

ადამიანებთან ემოციების გაგება და მათზე რეაგირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. AI-თან ემოციური კონტექსტი ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგიერთი AI ცდილობს ემოციების სიმულაციას.

ადამიანებთან კომუნიკაციის დროს ჩართულია სხეულის ენა, ჟესტ-მიმიკა და ტონი. AI-თან კომუნიკაცია ძირითადად ტექსტზეა დაფუძნებული, არავერბალური ნიშნები აქ არ არსებობს.

ადამიანები ხშირად ინტუიციურად ხვდებიან კონტექსტს, AI-თან საჭიროა უფრო მეტი ექსპლიციტური კონტექსტის მიწოდება.

თუ ადამიანებთან შესაძლებელია ბუნდოვანი ან არასრული დიალოგი, AI-თან საჭიროა უფრო ზუსტი და კონკრეტული ინსტრუქციები.

ადამიანები იმახსოვრებენ ძველ ინტერაქციებს და სწავლობენ მათგან. AI-თან ყოველი საუბარი, როგორც წესი, ახლიდან იწყება (გარდა სპეციფიკური სისტემებისა).

ადამიანები კომუნიკაციისას იყენებენ იდიომებს, სლენგს, სარკაზმს. AI-თან უმჯობესია პირდაპირი ენის გამოყენება. ამ განსხვავებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იცვლება კომუნიკაციის ფორმები.

AI-ის გამოჩენით, შეიძლება ვიფიქროთ: რაღა საჭიროა ცოდნა და ინფორმაცია, როცა ის ყოველთვის ხელმისაწვდომია!

სინამდვილეში, ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვჭირდება ჩვენი ცოდნის, გამოხატვისა და კომუნიკაციის უნარების დახვეწა ან განვითარება, რადგან ჩვენ ვაძლევთ AI-ს დავალებებს და ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს.

მაგალითად, „დაწერე თვის ბოლოს წერილი ჩემი გუნდისთვის ერნესტ ჰემინგუეის სტილში“ ან „შექმენი პოსტერი არტ-დეკოს სტილში“. თუ არ გვაქვს მწერლის ან ხელოვნების სტილის შესახებ ცოდნა, ჩვენ ვერ შევძლებდით სასურველი შედეგის მიღწევას.

მითითებები/პრომპტები შეიძლება იყოს მარტივი კითხვიდან დაწყებული, რთული ინსტრუქციებით დამთავრებული.

პრომპტების ტიპები:

კითხვითი პრომპტები: მაგ. „რა არის ფოტოსინთეზი?“

ინსტრუქციული პრომპტები: მაგ. „დაწერე მოკლე ესე კლიმატის ცვლილების შესახებ“.

შემოქმედებითი პრომპტები: მაგ. „შექმენი ისტორია, სადაც მთავარი გმირი პრინცესაა“.

ანალიტიკური პრომპტები: მაგ. „გააანალიზე ამ კომპანიის ფინანსური ანგარიში“.

ინტერაქციული პრომპტები: არის AI-სთან კომუნიკაციის მეთოდი, როცა მომხმარებელი და AI ერთმანეთს უცვლიან ინფორმაციას ეტაპობრივად. ეს პროცესი მოჰგავს დიალოგს, სადაც ყოველი ახალი ინფორმაცია ან პასუხი გავლენას ახდენს შემდეგ პასუხზე. აი, ინტერაქციული პრომპტის ნიმუში:

მომხმარებელი: მინდა, დავგეგმო მოგზაურობა. შეგიძლია, დამეხმარო?

AI: რა თქმა უნდა, სიამოვნებით დაგეხმარებით მოგზაურობის დაგეგმვაში. დავიწყოთ ძირითადი ინფორმაციით. გთხოვთ, მითხრათ: სად გსურთ წასვლა? რამდენი ხნით აპირებთ მოგზაურობას? რა არის თქვენი ბიუჯეტი?

და ასე შემდეგ… გაგრძელდება დიალოგი, ვიდრე მომხმარებელი არ მიიღებს ამომწურავ პასუხს.

რჩევები AI ჩატბოტებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის

მე შევაჯამე ექსპერტების რჩევები AI ჩატბოტებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის და გთავაზობთ:

  • კომუნიკაციის დაწყებამდე გაიგეთ AI აგენტის დანიშნულება: რა მიზნით შეიქმნა ის? ვირტუალური ასისტენტია, რომელიც კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად შეიქმნა თუ ჩატბოტი? AI აგენტის დანიშნულების გაგება დაგეხმარებათ საუბრის სწორად წარმართვაში.
  • AI აგენტთან კომუნიკაციისას უმჯობესია, თქვენი შეტყობინებები მარტივი და გასაგები იყოს. მოერიდეთ ჟარგონს, შემოკლებებს ან რთულ წინადადებებს. გამოიყენეთ მარტივი ენა და მოკლე ფრაზები. ეს დაეხმარება AI აგენტს თქვენი მოთხოვნების უკეთ გაგებასა და ზუსტი პასუხების მოწოდებაში.
  • იცოდეთ თქვენი მიზანი და ამოცანები და იყავით კონკრეტული იმაში, თუ რა გჭირდებათ. მიაწოდეთ დეტალები პრობლემის შესახებ, შექმენით კონტექსტი.
  • მიაწოდეთ AI-ს საჭირო ფონური ინფორმაცია. დააზუსტეთ ფორმატი: მიუთითეთ, რა ფორმით გსურთ პასუხის მიღება (ესეი, სტატია, ჩამონათვალი, ცხრილი და ა.შ.). საჭიროების შემთხვევაში, მოიყვანეთ მაგალითი სასურველი შედეგის საჩვენებლად.
  • გამოიყენეთ ბუნებრივი ენა მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია შეტყობინებების მარტივად ფორმულირება, ასევე მნიშვნელოვანია ბუნებრივი ენის გამოყენება AI აგენტთან კომუნიკაციისას. მოერიდეთ ხელოვნურ ან ზედმეტად ფორმალურ ტონს. ნუ მოგერიდებათ ემოციების გამოხატვა ემოჯების ან სხვა საშუალებებით, როგორც ამას ადამიანთან საუბრისას გააკეთებდით.
  • გამოიყენეთ პოზიტიური ენა. პოზიტიური ენის გამოყენება ეფექტური გზაა AI აგენტებთან კომუნიკაციისთვის. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ „მე არ მესმის“, თქვით „შეგიძლიათ განმარტოთ?“. ეს მიდგომა უფრო თავაზიანია და AI აგენტი უფრო სასარგებლო პასუხს მოგაწოდებთ.
  • ნუ გაართულებთ AI აგენტთან დიალოგს. დარჩით ერთ თემაზე და ნუ შეეცდებით AI აგენტის ჩართვას სხვა თემაზე საუბარში ან არარელევანტურ თემებზე. შეინარჩუნეთ საუბრის ფოკუსი და კონკრეტულობა.
  • თუ AI აგენტი არასწორ ან უსარგებლო პასუხს გაწვდით, მიმართეთ მას კონსტრუქციულად, რათა დაეხმაროთ პასუხის გაუმჯობესებაში. მიაწოდეთ კონკრეტული დეტალები იმის შესახებ, თუ რა იყო არასწორი და როგორ შეუძლია AI აგენტს გააუმჯობესოს პასუხები.

დასკვნა: AI აგენტებთან კომუნიკაცია არის უნარი, რომელიც სპეციფიკურ სტრატეგიებს მოითხოვს ეფექტური ურთიერთობისთვის. AI აგენტის დანიშნულების გაგებით, კომუნიკაციის გამარტივებით, კონკრეტულობით, ბუნებრივი ენის გამოყენებით, პოზიტიური ტონის შენარჩუნებით, კონსტრუქციული უკუკავშირის გამოყენებითა და მოთმინებით, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი კომუნიკაციური უნარები AI აგენტებთან და მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს მძლავრი ინსტრუმენტები თქვენი ამოცანების გადასაწყვეტად. ეფექტური პრომპტების შექმნა არის უნარი, რომელიც მხოლოდ რჩევებით კი არა, პრაქტიკით ვითარდება. ექსპერიმენტებითა და გამოცდილების დაგროვებით, თქვენ შეძლებთ შექმნათ უფრო ზუსტი და ეფექტური ინსტრუქციები AI სისტემებისთვის, რაც საბოლოოდ მოგცემთ უკეთეს შედეგებს.

Persona-based Prompts

არსებობს კიდევ „პერსონიფიცირებული პრომპტები” (Persona-based Prompts). პერსონიფიცირებული პრომპტები მოითხოვს პასუხის გაცემას კონკრეტული პიროვნების, როლის ან სტილის მიხედვით.

მაგალითად: „მიპასუხე როგორც ექსპერტმა” – მოითხოვს პასუხს სპეციალიზებული ცოდნითა და სიღრმისეული დეტალებით. „მიპასუხე როგორც იუნგმა” – მოითხოვს პასუხს ცნობილი ფსიქოლოგის, კარლ იუნგის, პერსპექტივიდან და მისი ფსიქოანალიზის თეორიების გათვალისწინებით. „მიპასუხე, როგორც სტივ ჯობსმა” – მოითხოვს პასუხს Apple-ის თანადამფუძნებლის, სტივ ჯობსის სტილითა და მიდგომებით, რაც შესაძლოა მოიცავდეს ინოვაციურობას, დიზაინსა და სხვა მსგავს თემებს.

 

სწორად და არასწორად შედგენილი ინსტრუქცია/პრომპტი

არასწორად დაწერილი ინსტრუქცია/პრომპტი:

„მითხარი კლიმატის ცვლილების შესახებ“. (არასპეციფიკური, არ არის მითითებული მიზეზებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის საჭიროება)

„როგორ მოვიშორო სტრესი?“ (არ არის მითითებული სამუშაო გარემო და კონკრეტული მეთოდების რაოდენობა)

„დამიწერე ესე ტექნოლოგიაზე“. (არ არის მითითებული ესეის სიგრძე, სტრუქტურა და კონკრეტული თემა განათლებასთან კავშირში)

„მომიყევი რენესანსზე“. (არ არის მითითებული ესეის ფორმატი, პარაგრაფების რაოდენობა და კონკრეტულად ხელოვნების მახასიათებლები)

სწორად დაწერილი ინსტრუქცია/პრომპტი

„გთხოვთ, მომაწოდოთ მოკლე მიმოხილვა კლიმატის ცვლილების ძირითადი მიზეზებისა და შედეგების შესახებ“.

„რა არის სამი ყველაზე ეფექტური მეთოდი სტრესის მართვისთვის სამუშაო გარემოში?“

„გთხოვთ, დამეხმაროთ 500-სიტყვიანი ესეის სტრუქტურის შექმნაში თემაზე ‘ტექნოლოგიის გავლენა თანამედროვე განათლებაზე’.”

„დამიწერეთ მოკლე, 3-პარაგრაფიანი ესეი რენესანსის ხელოვნების მთავარი მახასიათებლების შესახებ“.

 

ეს კი შაბლონი მასწავლებლისთვის, როგორ შევადგინოთ ინსტრუქცია/პრომპტი წერითი დავალებების იდეების გენერირებისთვის:

მე ვარ მასწავლებელი და მჭირდება დახმარება წერითი დავალებების იდეების გენერირებაში ჩემი მოსწავლეებისთვის. გთხოვ, შემოგვთავაზო 5 კრეატიული და საინტერესო წერითი დავალების იდეა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

მოსწავლეების ასაკი: 14-16 წელი

საგანი: ლიტერატურა

მიზანი: კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი წერის უნარების განვითარება

ფორმატი: მრავალფეროვანი (ესეი, მოთხრობა, დიალოგი, წერილი და ა.შ.)

თემატიკა: თანამედროვე სოციალური საკითხები

თითოეული იდეისთვის გთხოვ მოკლედ აღწერო:

დავალების არსი

სავარაუდო მოცულობა

რატომ იქნება ეს დავალება სასარგებლო მოსწავლეებისთვის

გმადლობთ დახმარებისთვის!

 

 

 

ორი მოთხრობის ერთი ამბავი — ფრთხებიან ყვავები?!

0

„ფიქრს ცეცხლი მოსდევს

და დროა შავი,

ვზივარ და შტოზე

ჩამოჯდა ყვავი…

მოსდევენ ქუჩებს

და დროა შავი,

ვზივარ და უცებ

გაფრინდა ყვავი“.

/ტერენტი გრანელი/

 

ერთ შემოდგომას ჩვენი ეზოს დიდ კაკლის ხეზე ყვავი შევამჩნიეთ, ნაყოფს უნისკარტებდა. შემოგვეჩვია, მუსრს გაგვავლებს-მეთქი, ჩავილაპარაკე, ჩემმა პატარამ კი სახლიდან ხაჭოს ფუნთუშა გამოიტანა და მისკენ მოისროლა, ყვავო, ეს შენა და კაკალი – ჩვენო. გაფრინდა დამფრთხალი ყვავი, ფუნთუშას პირიც არ დააკარა.

ამ ამბავმა მაშინ ორი სხვადასხვა პერიოდის მოთხრობა გამახსენა და დამაფიქრა. ამ წერილში მათზე საუბარი მინდა.

 

„ფუნთუშა“ გი დე მოპასანის ამავე სახელწოდების მოთხრობის მთავარი პერსონაჟია. მოთხრობაში მოქმედება მე-19 საუკუნის სამოცდაათიან წლებში, საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს ვითარდება და ავტორი თითქოს მიგვანიშნებს, რომ საფრანგეთის მეორე იმპერიაც ისევე ქრება, როგორც ამ მოთხრობის პერსონაჟებში – ღირსება.

დილიჟანსით ხანგრძლივი მგზავრობისას იკვეთება მოთხრობის თითოეული პერსონაჟის პორტრეტი. ესენი არიან: ვაჭარი, ბურჟუა, დიდგვაროვანი მემამულეები და მათი ცოლები, ერთი დემოკრატი, ორი მონაზონი და ერთიც – ქორფა ქალი, მეტსახელად ფუნთუშა, რომელიც მსუბუქი ყოფაქცევის გამო თანამგზავრებმა თავიდან კი აითვალწუნეს, მაგრამ როდესაც, დამშეულებმა, მისი სიკეთით ისარგებლეს და გემრიელი სანოვაგით სავსე კალათა პირწმინდად ამოუცარიელეს, გული მოულბათ, დაუწყეს მეგობრულად ცქერა და თავაზიანად საუბარი, ვიდრე ერთი შემთხვევა ყველას მჩხავანა ყვავად არ გადააქცევდა და ფუნთუშას ღირსებასაც ისევე არ დაუწყებდნენ კორტნას, როგორც მის გემრიელ, რამდენიმე დღის სამყოფ საგზალს. კორტნეს, კორტნეს ფუნთუშა, მერე კი, უსარგებლო ნივთივით, მიაგდეს.

პერსონაჟის ასეთი ბედი არ უნდა გვიკვირდეს ინტენსიური[1] კრიტიკული რეალიზმის ეპოქაში, როცა მწერალს უხდებოდა მოღვაწეობა, თუმცა მანერა, რომლითაც მოპასანი ამბავს გვიყვება, არის ძალიან საინტერესო თავისი კონტრასტულობით და ირონიით – მონაზვნები მეძავზე გაცილებით უღირსად იქცევიან, გამბედაობა მას აქვს, ვისაც „ძლიერნი ამა სოფლისანი“ კიცხავენ, თავად კი ლაფში გორავენ, თავგანწირვა ლუკმა პურადაც აღარ ფასობს, სულით მონები თავისუფლებაზე მღერიან, როცა მათი რამდენჯერმე მხსნელი მოთქმით აატირეს და ასე შემდეგ.

თავისი სტრუქტურით, ზედაპირითა თუ სიღრმით ასევე მრავალმხრივ საინტერესო მოთხრობაა რევაზ ინანიშვილის „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?“. ბავშვებთან მასზე საუბრისას ხაზს ვუსვამ, რომ ერთი ადამიანის ღირსების დაცვა სიცოცხლის გაწირვად ღირს[2]. მოპასანის ფუნთუშას, ინანიშვილის გენერლის თანმხლები ქალისგან განსხვავებით, ვიტგენშტეინისებრი დამცველი არ გამოუჩნდა, პირიქით, ის ჯერ დაამცირეს, მერე კი რამდენჯერმე გამოიყენეს და, ნივთის სიიაფით, მტკივნეულად მოისროლეს. თუმცა ვიტგენშტეინმა, რომელმაც უკვე გენერლის სიმპათია დაიმსახურა და მისგანვე მოისმინა ენაბორძიკით, საიდუმლოდ ნათქვამი, რომ „იმ ქალის გულისთვის“ დუელი არ ღირს  და რომ თავად ტყვიას ტყვიაში სვამს, მაინც ღირსება დააყენა წინ. ვიტგენშტეინი ღირსებას შეეწირა, თანაც ისე, რომ მკვლელს ქისტი მუცალივით მიუტევა და ზნეობრივი გმირის სიმაღლესაც ასწვდა. ამით ავტორმა თითქოს ყველა დაგვაფიქრა: რომელი ეპოქაც არ უნდა იყოს, ღირსება, საკუთარი თუ სხვისი, დაცვას საჭიროებს და მისი აყრა არის დანაშაული!

ამ სათქმელის შემდეგ რევაზ ინანიშვილი რეალისტური თხრობიდან არსებული ამბის, რეალისტური ფორმებისა თუ შინაარსების ხელახლა გამოყენებით თითქოს პოსტმოდერნიზმისკენ მიიპარება, თანაც ისე, რომ ეს ფორმები თუ სტილებრივი დეტალები, ერთსა და იმავე დროს, ძალიან სერიოზულიც არის და ირონიულიც, პოსტმოდერნიზმი კი სწორედ ირონიულობით გამოირჩევა. მწერლისეული მეტაფიქციაც იძლევა ამგვარად ფიქრის საფუძველს. ლიტერატურის ეს მიმდინარეობა ინტერპრეტაციას ანიჭებს უპირატესობას, თანაც ხშირად – ავტოკომენტირების გზით. მოთხრობის მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების, ტექსტის სტრუქტურის, პერსონაჟისა და მკითხველის ტიპების, ავტორის/მთხრობელის კომენტარების, მეტაფიქციისა თუ სხვა საშუალებების შესახებ ვრცლად და დამაფიქრებლად საუბრობს თავის წერილში ნესტან რატიანი, რომელიც გამჭრიახი მკითხველის ალღოთი და მკვლევრული სიზუსტით გამოკვეთს ტექსტში ამოსაცნობ მთავარ საკითხს: როგორც წესი, საზოგადოებაში ვიღაც ეწირება ამა თუ იმ ღირებულების დაცვას. მაგრამ გამართლებულია მსხვერპლი?“ – და იქვე გვთავაზობს ამ პრობლემურ საკითხზე საპასუხო ჩანართს: თუკი უნებლიე მოწმენი, მოთხრობაში სიმბოლური პერსონაჟებიყვავები“, ახმაურდებიან და მათ სმენას დამბაჩის ხმა მისწვდება, მაშინ მსხვერპლი გამართლებულია, მაგრამ თუკი სიმბოლურ პერსონაჟებს ვერც დამბაჩა დააფრთხობს და ისინი უწინდებურად გააგრძელებენ ცხოვრებას, მაშინ მსხვერპლად შეწირვა უსარგებლო აქტის ტოლფასია[3].

ინანიშვილისა და მოპასანის მოთხრობებში გამოკვეთილი ღირებული და ანგარიშგასაწევი დამოკიდებულებით კითხვის შემდგომი ეფექტიც მაღალია. ქართველმა მწერალმა, ვინ იცის, ფრანგული ტექსტის ალუზიაზე დაყრდნობით, ტოტალური ცენზურის პირობებშიც კი, ხაზი გაუსვა ბუნდოვან ელემენტს – სამხედრო ძალის მსახური გენერლისა და მის მიერ დასაკუთრებული „ფაშფაშას“ არქეტიპულობას. ფუნთუშასაც სამხედრო ძალა ისაკუთრებს, თუმცა საკუთარი ნების წინააღმდეგ. პირველ შემთხვევაში მორჩილების ვნება უკვე ისედაც აღძრულია, მეორეში კი ეს ვნება საზოგადოებამ ხრიკებით, ირიბი ძალადობის გზით უნდა აღძრას ქალში, რომელიც, ცხადია, მიწას, ქვეყანას განასახიერებს და დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება, მას „ფუნთუშას“ დავუძახებთ, „ფაშფაშას“, ალლიდი ოტტოს თუ ვორმსის ქანდაკებას. ინანიშვილის მოთხრობაში კონფლიქტს თითქოს გარე პერსონაჟიც ჰყავს – მთხრობელის ქალიშვილია, რომელთანაც ავტორის ახალი კონფლიქტი იბადება, „ახალი ძაბვა ნერვიული ტონალობით[4]“. მორალური საზღვარიც სწორედ აქ იკვეთება, ვგონებთ, გუია ა.-სთან საზიაროობით. ეს კი რეზო ჭეიშვილის უაღრესად საჭირო თანატექსტია ასევე ღიმილის მომგვრელი ირონიითა და გამოსახვის სხვა ფორმებით. უხერხულ მომენტებზე საუბარიც გაკვეთილში სახალისო შტრიხებს შეიტანს.

 

[1] რეალიზმისთვის „ინტენსიური“ კარსონ მაკ კალერსისეული მსაზღვრელია, რომელსაც ის იყენებს თავის 1941 წელს გამოქვეყნებულ წერილში: „რუსი რეალისტები და სამხრეთის ლიტერატურა“.

[2] მარიამ გოდუაძე, სწავლა-სწავლების სიღრმისეული ასპექტები, https://mastsavlebeli.ge/?p=34706

[3] ნესტან რატიანი, ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე? https://mastsavlebeli.ge/?p=34706

[4] ისევ მაკ კულერსის დასახელებული წერილის იოსებ ასათიანისეულ თარგმანს დავესესხე.

ანალიზზე ორიენტირებული აქტივობები

0

ისტორიის სწავლება არ არის მხოლოდ ფაქტებისა და თარიღების დამახსოვრება;  ისტორიის გააზრება და ისტორიული მოვლენების ურთიერთკავშირის გაანალიზება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზით:

საკითხის სიღრმისეული გააზრება – ისტორიული მოვლენების გააზრება და მათი გავლენის კვლევა სხვადასხვა პერიოდზე ეხმარება მოსწავლეებს მიიღონ სიღრმისეული ცოდნა და არ დაეყრდნონ მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას.

კრიტიკული აზროვნება ისტორიის სწავლება ეხმარება მოსწავლეებს განავითარონ კრიტიკული აზროვნება. ისინი სწავლობენ, როგორ გააანალიზონ მოვლენები, დაადგინონ მიზეზები და შედეგები და გამოიტანონ დასკვნები ფაქტებისა და წყაროების მიხედვით.

ისტორიული კავშირების აღქმა მოსწავლეები სწავლობენ, რომ ისტორია არ არის იზოლირებული მოვლენების ჯაჭვი, არამედ კომპლექსური და ურთიერთდაკავშირებული პროცესების სპექტრია – ასეთი მიდგომა  ეხმარება  მათ უკეთ გაიგონ, როგორ არის დაკავშირებული  ერთმანეთტან წარსული, აწმყო და მომავალი.

თანამედროვე სამყაროს გაგებაისტორიის სწავლება აძლევს მოსწავლეებს საშუალებას გაიგონ, როგორ აყალიბებენ ისტორიულ მოვლენები თანამედროვე საზოგადოებას,   მსოფლიოს პოლიტიკურ, სოციო- ეკონომიკურ გარემოს. ეს ეხმარება მათ უკეთ  გაიგონ თანამედროვე მოვლენები.

პერსპექტიული ხედვა –  ისტორიული კვლევა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას დაინახონ მოვლენები სხვადასხვა პერსპექტივიდან, ისწავლონ სხვადასხვა კულტურებისა და საზოგადოებების ისტორია და დააფასონ მათი მრავალფეროვნება.

ისტორიული მოვლენების ურთიერთკავშირის გააზრება ეხმარება მოსწავლეებს უფრო ღრმა, კრიტიკულ და კომპლექსურ აზროვნებაში. ეს უნარები არამხოლოდ ისტორიის გაკვეთილებისთვისაა  მნიშვნელოვანი, არამედ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.   ამიტომ, ისტორიის სწავლებაში აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს დაანახებს, როგორ უკავშირდება ერთმანეთს  ისტორიული მოვლენები, უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა  ინტელექტუალური და პიროვნული ზრდისთვის.

საკუთარი პრაქტიკიდან მინდა გაგიზიაროთ  შემაჯამებელი აქტივობა და საკითხის შეჯამებამდე   აქტივობათა  თანმიმდევრობა.

გთავაზობთ აქტოვობებს, რომელთა  მიზანია – მოსწავლეებმა გაიგონ, რა გავლენას ახდენს ისტორიული მოვლენები სხვადასხვა პერიოდზე და როგორ უკავშირდება  ისინი ერთმანეთთან.

თემა – „ჯვაროსნული ლაშქრობებიდან მონღოლთა იმპერიის ჩამოყალიბებამდე“

თემის შესაბამისად შესაწავლი საკითხები:

  • ჯვაროსნული ლაშქრობების მიზეზები და მიზნები;
  • ჯვაროსნული ლაშქრობების გავლენა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთზე;
  • მონღოლთა იმპერიის წარმოშობა და მათი გავლენა მსოფლიოს ისტორიაზე;
  • ამ მოვლენების ურთიერთკავშირი და მათი მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოსთვის.

აქტივობები

აქტივობა -1  ისტორიული კონტექსტის გაცნობა

ინერაქტიურად განვიხილეთ ჯვაროსნული ლაშქრობების და მონღოლთა იმპერიის ისტორიული კონტექსტი. ავხსენით  რატომ იყო მნიშვნელოვანი ეს პერიოდი მსოფლიოს ისტორიაში.

აქტივობა -2 ჯვაროსნული ლაშქრობების შესწავლა

მოსწავლეებს დავავალეთ,სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით  მოიძიონ ინფორმაცია ჯვაროსნული ლაშქრობების მიზეზებზე, მიზნებზე და შედეგებზე.

აქტივობა – 3   პრეზენტაციის მომზადება  და ისტორიული ფაქტების  ურთიერთკავშირის ანალიზი

  • მოსწავლეებმა უნდა შექმნან საპრეზენტაციო სლაიდები, რომლებიც ასახავს ჯვაროსნული ლაშქრობების მთავარ მოვლენებს და მათ გავლენას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთზე.
  • მოსწავლეებმა უნდა შექმნან პრეზენტაცია, რომელიც აჩვენებს, როგორ იყო ჯვაროსნული ლაშქრობები და მონღოლთა იმპერია ერთმანეთთან დაკავშირებული.
  • პრეზენტაციაში უნდა იყოს ასახული, როგორ გამოიწვია ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა მონღოლთა ექსპანსიის პირობების შესუსტება და როგორ იმოქმედა მონღოლთა იმპერიამ ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაზე.

აქტივობა -4 დისკუსია

  1.   როგორ შეცვალა ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა ამ რეგიონების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება?
  2. რა მიგნებები აღმოაჩინეთ?
  3. როგორ აისახა ეს მოვლენები თანამედროვე პოლიტიკაზე და საზოგადოებაზე?
  4. როგორია ამ მოვლენების  ისტორიული მნიშვნელობა ?

პრეზენტაციის შეფასების ჰოლისტური  რუბრიკა

SOLO დონე მახასიათებლები ქულები
პრესტრუქტურული პრეზენტაციაში წარმოდგენილი არასწორი ინფორმაცია,

თემა ზედაპირულად და არაზუსტადაა განხილული,

ვიზუალური მასალა მინიმალური ან არაზუსტია.

1-2
უნისტრუქტურული  ზოგიერთი  ფაქტი  სწორადაა წარმოდგენილი,

ცალკეული ასპექტის ანალიზის მცდელობა  არის  მაგრამ კონტექსტი გაუგებარია,

სლაიდები ზედაპირულადაა შედგენილი.

3-4
მულტისტრუქტურული სხვადასხვა  ასპექტის სწორადაა წარმოდგენილი,

ადგილი აქვს ფაქტების სწორი განხილვას, მაგრამ  კავშირი სუსტია,

ვიზუალური მასალა   შესაბამისია.

5-6
მიმართებითი ასპექტებს შორის ურთიერთმიმართება სწორია,

ფაქტების და მოვლენების  ანალიზი კომპლექსურია,

ვიზუალური მასალა კარგადაა შედგენილი და ინფორმაციულია.

7-8
გაფართოებული აბსტრაქტული  ანალიზი კომპლექსურია  დასკვნები  სიღრმისეული,

ვიზუალური მასალა პროფესიონალური და ინოვაციური

9-10

 

ეს აქტივობები  დაეხმარება მოსწავლეებს გაიგონ, როგორ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები და რა გავლენა  მოახდინეს მათ  თანამედროვე სამყაროზე.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...