კვირა, მაისი 11, 2025
11 მაისი, კვირა, 2025

მოზარდები კოსმოსური ოკეანის ნაპირზე

0

„რა არის ვარსკვლავები? –

ეს და სხვა მსგავსი შეკითხვები ისეთივე ბუნებრივია, როგორც ჩვილის ღიმილი“.

კარლ სეიგანი

„ერთხელ კოსმოსური ოკეანის ნაპირზე კარლ სეიგანთან ერთად აღმოვჩნდი“ – ამ სიტყვებით იწყება ამ წიგნის წინასიტყვაობა და მეც ასე დავიწყებ, რადგან ზუსტად ასეთი შეგრძნება მქონდა წიგნის კითხვისას.

სანამ ეს წიგნი შემხვდებოდა ცხოვრებაში, იმ მოსაწყენ ადამიანებს მივეკუთვნებოდი, რომლებიც კოსმოსის, პლანეტების, ასტრონომებისა და ასტრონავტების ხსენებისას ბუზღუნებენ და ვერ იგებენ, რით ვერ მორჩნენ ადამიანები ცაში ჭვრიტინს და რით ვერ ეტევიან დედამიწაზე. მოსაწყენი რომ ვიყავი ამ ჩემი ფიქრებით, ეგეც „კოსმოსის“ წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, მანამდე არავის უთქვამს. წიგნი კი აღმომაჩენინა ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ, რომელიც მაინცდამაინც კოსმოსით გატაცებული არასოდეს ყოფილა, მაგრამ წიგნით ნამდვილად მოიხიბლა და ნანობდა, ნეტა მეცხრე კლასში წამეკითხაო.

მას შემდეგ შევიტანე კარლ სეიგანის „კოსმოსი“ იმ აუცილებლად წასაკითხ წიგნებს შორის, რომლებსაც მოზარდებს ვურჩევ ან ვჩუქნი ხოლმე.

საოცრება ისაა, რომ მიუხედავად იმისა, წიგნი მუდმივად მზარდი და განვითარებადი სამეცნიერო სფეროსთვის საკმაოდ ხანდაზმულია (ის 1980 წელს გამოიცა), მისი დაბადების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ამ სფეროში, რიგი ბუნდოვანი საკითხები ნათელი გახდა, ზოგიერთი კითხვის პასუხი უკვე ნაპოვნია – წიგნი მაინც არ კარგავს პოპულარობას. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ძალიან მარტივი, გასაგები ენითაა ახსნილი ურთულესი მოვლენები; არც ის, რომ უბრალოდ ამბებია საინტერესო; ჩემი აზრით, მთავარია, რომ ეს წიგნი არწმუნებს მკითხველს იმაში, რომ რაც უკვე იყო, არსად წასულა და რაც ახლა ხდება, ისიც არსად წავა და მომავალს მიემართება. ყველაფერი კანონზომიერია, შემთხვევით არ უკავშირდება ერთმანეთს და გვაჩვენებს, რომ მეცნიერების ყველა მიღწევა კაცობრიობის განვითარებას ემსახურება მისი გონივრულად და კეთილსინდისიერად გამოყენების შემთხვევაში. არასოდეს, არცერთ წიგნში ასეთი სიმძაფრით არ მიგრძნია, რა ერთიანია სამყარო, როგორი უწყვეტი და ყველა არსებულ ჯაჭვზე მტკიცეა კაცობრიობის განვითარების აბსოლუტურად ყველა ეტაპის ურთიერთმიმართება.

ამას ემატება ისიც, რომ ყველა ფურცელზე იგრძნობა, როგორ ცდილობს ავტორი, ის ცოდნა-საუნჯე, რომელიც ასე ძვირფასია, ბოლომდე მიიტანოს მკითხველამდე. ერთი წუთითაც არ ავიწყდება, რომ მიუხედავად იმისა, ზუსტად იცის, ძალიან საინტერესო რამეები აქვს მოსაყოლ-ასახსნელი, ვინმესთვის მაინც შეიძლება იქცეს მოსაწყენად. ამიტომ სულ ფხიზლადაა: რუდუნებით არჩევს ეპიგრაფებს, თავების სათაურებს, დასაწყისებს, ღია დასასრულებს, თხრობის მანერას, ქრონოლოგიურ ხაზს… ამ წიგნში ძალიან კარგად ჩანს, როგორ გვეხმარება ერთი კონკრეტული ცოდნა, სამყაროს სხვა დახურული კარიც შევაღოთ. როგორ არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე მეცნიერების სხვადასხვა სფერო და როგორ სჭირდება ამ სფეროთა ურთიერთკავშირი კაცობრიობას განვითარებისთვის.

შეუძლებელია, სტატიაში, თუნდაც ჩამონათვალის სახით, ჩავატიო ის სამეცნიერო საკითხები, რომლებსაც ძალიან დაწვრილებით, პროფესიონალურად, მაგრამ ყველასთვის გასაგებად განიხილავს კარლ სეიგანი. მისი მიდგომის წყალობით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, მაგრამ ბუნდოვანი მოვლენა ჩემთვის სრულიად ცხადი და გასაგები გახდა. თუმცა გარდა სამეცნიერო ფაქტებისა, წიგნში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადამიანების განცდებს, ვნებებს, ფიქრებს, ოცნებებს, ემოციებს. ეს ზოგჯერ თავად ავტორს ეხება, ზოგჯერ კი იმ ადამიანებს, რომლებზეც ნაწარმოებში საუბრობს. ბუნებრივადაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული პრაგმატული თუ ფილოსოფიური ფიქრები და ემოციები. მაგალითად, კაცობრიობას არ ასვენებს კითხვა, შეგვიძლია თუ არა, მარსზე გადავცხოვრდეთ საჭიროების შემთხვევაში ან ვაქციოთ ეს პლანეტა ჩვენს დასასვენებელ ადგილად. ამ კითხვებზეც ძალიან საინტერესო პასუხებს იპოვიან მოზარდები წიგნში. მაგრამ თავში „წითელი პლანეტის ბლუზი“ კარლ სეიგანი ისე ემოციურად აღწერს მარსიდან გამოგზავნილი პირველი ფოტო ნახვას, რომ მკითხველის ინტერესს კიდევ უფრო ზრდის: „მახსოვს, როგორ შემეკრა სუნთქვა, როცა მარსის ჰორიზონტის ფოტოსურათი პირველად დავინახე. მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს უცხო სამყარო არ არის. ასეთი ადგილები მინახავს კოლორადოში, არიზონაში, ნევადაში. აქ იყო ქვები, ქვიშის ბორცვები და შორეული მაღლობი, ისეთივე ბუნებრივი და ჩვეულებრივი, როგორიც დედამიწის ნებისმიერი ადგილის ლანდშაფტი. მარსიც ადგილი იყო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიკვირდებოდა, დიუნებზე მუქ ფერებში ჩაცმული მოგზაური რომ დამენახა, რომელიც თავის ჯორს მიუძღვებოდა, თუმცა, ამავე დროს, ასეთი სურათის წარმოსახვა თითქოს მართებულიც კი ჩანდა“ .

ამავე თავშივე აღწერს, რა ფორმით შეიძლება დავუკავშირდეთ დედამიწელები წითელ პლანეტას და ძალიან საინტერესო დასკვნასაც გვთავაზობს, როცა იხსენებს, როგორ ვარაუდობდნენ, რომ მარსზე გადაღებულ ფოტოზე ცოცხალი არსებების მიერ გაყვანილი არხები ჩანდა: „როგორც ჩანს, ადამიანს თავის მოტყუების დიდი ნიჭი აქვს, როცა საქმეში გრძნობები ერთვება; მით უმეტეს, ისეთი ძლიერი ემოციები, როგორსაც მეზობელ პლანეტაზე გონიერი არსებების ცხოვრების იდეა აღძრავს. ლოუელის ვარაუდი, შესაძლოა, წინასწარმეტყველურიც კი აღმოჩნდეს. მისი დანახული არხები მარსელებმა ააგეს; მაგრამ, თუ პლანეტის ტერაფორმირება მოხერხდება, მაშინ არხებს ის ადამიანები გაიყვანენ, რომლებიც იქ სამუდამოდ დასახლდებიან და მარსს საკუთარ სახლად აქცევენ. მარსელები ჩვენ ვიქნებით“.

კარლ სეიგანი ემოციურად თავადვე უახლოვდება იმ გარდამტეხ მოვლენებს, რომლებსაც განიხილავს; ცდილობს, მაქსიმალურად ჩართოს თავისი ფანტაზია და მაგალითად, წარმოიდგინოს ის დრო, როცა ადამიანმა ცეცხლი იპოვა; აღადგინოს ფიქრები, რომლებითაც შეპყრობილი იქნებოდა მაშინდელი ადამიანი. გთავაზობთ ფრაგმენტს ამ ვრცელი ფიქრებიდან: „…არ ვიცი, ცაში გაფანტული ვარსკვლავები მართლა კოცონებია თუ არა; ან ტყავში გაკეთებული ის ნახვრეტებია თუ არა, საიდანაც ცეცხლი გვიყურებს და გვაკვირდება. ზოგჯერ ერთი ფიქრი მომწონს, ზოგჯერ კი მეორეს ვემხრობი. თუ ვიფიქრე, რომ არანაირი კოცონები და ნახვრეტები არ არსებობს და ვარსკვლავები სულ სხვა რამეა, მერე ამის გაგება ძალიან მიჭირს.

კისერი მორზე დაასვენე. თავი უკან გადასწიე. ასე მხოლოდ ცას დაინახავ. არანაირი მთები, არც ხეები, არც მონადირეები, არც კოცონი. მხოლოდ ცა. ზოგჯერ მგონია, ზევით, ცაში გადავვარდები. თუ ვარსკვლავები მართლაც კოცონებია, მაშინ ძალიან მინდა, იმ სხვა მონადირე ხალხებს ვესტუმრო, აი, იმათ, მომთაბარეები რომ არიან. ამ დროს ცაში გადავარდნაზე ფიქრი მომწონს. მაგრამ, თუ ვარსკვლავები ტყავში გაჭრილი ნახვრეტებია, მაშინ მათი მეშინია. არ მინდა, ნახვრეტში გავძვრე და იქიდან დიდ ცეცხლში მოვხვდე.

ძალიან მინდა ვიცოდე, რომელი ფიქრია სწორი. არ მომწონს, რომ არ ვიცი“.

მას შემდეგ, როცა აღწერს, როგორ გაჩნდა პირველი კოსმოსში მოგზაური რობოტების შექმნის იდეა და რამდენი რამ გავიგეთ კოსმოსის შესახებ „ვოიაჯერ 1-ისა“ და „ვოიაჯერ 2-ის“ დახმარებით, მერე მწერალ-მეცნიერი მკითხველს სთავაზობს რობოტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადმოცემის უცნაურ ფორმას:

„ვოიაჯერს“ რომ ეკიპაჟი ჰყოლოდა, კაპიტანი ყოველდღიურად ხომალდის ჟურნალში ჩანაწერებს აწარმოებდა. „ვოიაჯერ-1-ისა“ და „ვოიაჯერ-2-ის“ მიერ მოთხრობილი ამბების გაერთიანების შემდეგ დაახლოებით ასეთი ტექსტის წაკითხვას შევძლებდით:

დღე 1-ლი. უსაფრთხოების ზომებისა და ხელსაწყოებზე შფოთვის მიუხედავად, რომლებიც თითქოს გაუმართავი ჩანდა, მაინც წარმატებით ავფრინდით კანავერალის კონცხიდან და დავიწყეთ ხანგრძლივი მოგზაურობა პლანეტებისა და ვარსკვლავებისკენ…“.

ასე აგრძელებს დღეების მიხედვით რამდენიმე ფურცლის განმავლობაში და მკითხველისთვის კიდევ უფრო ცხადი, ნათელი და ემოციური ხდება, რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღო კაცობრიობამ 1977 წელს გაშვებული ამ კოსმოსური ზონდებისაგან (ასე უწოდებენ ზოგადად), რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ, ბოლომდე იქნებიან ადამიანების სამსახურში და არასოდეს დაბრუნდებიან უკან.

კონკრეტული საჭირო ცოდნისა და ემოციური მხარის გარდა, ეს წიგნი გამოირჩევა იმითაც, რომ ეს ავტორი ამსხვრევს მეცნიერებასთან დაკავშირებულ იმ სტერეოტიპებს, რომლებიც მყარადაა ფესვგადგმული მოზარდის გონებაში (თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად არც ზრდასრულები გამოვიყურებით სტერეოტიპთა მძლეველი სუპერგმირებივით). მეცნიერებისადმი ადამიანთა დამოკიდებულება ძალიან კარგად ახსნა კარლ სეიგანმა ერთი ძალიან საინტერესო და თან სახალისო ამბის თხრობისას:

„კომეტებთან დაკავშირებული გაუგებრობები დღემდე გრძელდება. 1957 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე ვსწავლობდი და იერსკის ობსერვატორიაში ვმუშაობდი. ერთ ღამესაც იქ მარტო ვიყავი და მესმოდა, როგორ განუწყვეტლივ რეკავდა ტელეფონი. როცა, საბოლოოდ, ვუპასუხე, კარგად შეზარხოშებულმა მამაკაცმა მთხოვა:

– აშტრონომი დამალაპარაკეთ.

– რით შემიძლია დაგეხმაროთ?

– იცით, უილმეტიდან გიღეკავთ, ბაღში დიდი წვეულება გვაქვს დ ცაში რაღაც მოჩანს. საინტერესო ისაა, რომ, თუ პირდაპირ შეხედავთ, ქრება, მაგრამ თუ არ უყუღებთ, ისევ იქაა.

თვალის ბადურის ყველაზე მგრძნობიარე ადგილი მხედველობის არეალის ცენტრში არ მდებარეობს. ადამიანს შეუძლია, ძალიან მკრთალი ვარსკვლავები და სხვა ციური სხეულები დაინახოს, თუ მათ თვალს ოდნავ მოაშორებს. ვიცოდი, რომ ხსენებულ მომენტში ჩვენს ცაზე იმ დროისთვის ახლად აღმოჩენილი, თვალისთვის თითქმის უხილავი კომეტა „არენდ-როლანდი“ მოძრაობდა. ამიტომ იმ კაცს ვუთხარი, რომ, სავარაუდოდ, კომეტას ხედავდა. ხანგრძლივ დუმილს შემდეგი კითხვა მოჰყვა:

– კომეტა რაღაა?

– კომეტა დიდი გუნდაა, ორიოდე კილომეტრის სიგანის.

ამას კიდევ უფრო ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა, შემდეგ კი თანამოსაუბრის ბრძანება გავიგონე:

– ნამდვილი აშტრონომი დამალაპარაკეთ“.

კიდევ ერთ საკითხს გამოვარჩევდი, რომელიც მეცნიერებას ეხება და რომლის გააზრება, გასიგრძეგანება, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია მოზარდობის ასაკიდან დაიწყოს ადამიანმა – შეცდომები ყველას მოსდის და არც დიდი იდეების ავტორები არიან ამისგან დაზღვეული. მთავარია, ადამიანს შეეძლოს შეცდომის დანახვა, აღიარება, უკან დახევა და ახალი, სწორი, მართებული გზების ძიება: „როგორც მეცნიერთა, ისე არამეცნიერთა მიერ წამოყენებული ბევრი ჰიპოთეზა მცდარია. თუმცა, მეცნიერება შეცდომების გასწორებას ეფუძნება. იმისთვის, რომ ახალი იდეა აღიარონ, მან დამამტკიცებელი ფაქტების შემოწმების უმკაცრეს სტანდარტებს უნდა გაუძლოს… მეცნიერება ემყარება მოსაზრებას, რომ ნებისმიერი ჰიპოთეზა, ის რაგინდ უცნაურადაც უნდა გვეჩვენებოდეს, ობიექტურ განხილვასა და შეფასებას იმსახურებს, თანაც, რაიმენაირი წინასწარი განწყობის გარეშე. უხერხულობის გამომწვევი იდეების უგულებელყოფა შეიძლება აუცილებლობად მიიჩნეოდეს რელიგიასა და პოლიტიკაში, მაგრამ ცოდნისკენ მიმავალ გზაზე ეს დაუშვებელია. ახალი მოსაზრებებისადმი ასეთ დამოკიდებულებას მეცნიერების მიზნებთან საერთო არაფერი აქვს. შეუძლებელია წინასწარ იმის ცოდნა, თუ ვინ აღმოაჩენს ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ახალ კანონებსა თუ ფაქტებს“.

კარლ სეიგანი, ერთი მხრივ, პრაქტიკული მაგალითებით ხსნის, რა საჭიროა მეცნიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო, მეორე მხრივ, გვიზიარებს სხვა მოაზროვნეების შეხედულებებსაც, რათა კიდევ უფრო გაამყაროს თავისი დაკვირვების შედეგები. მაგალითად, მოჰყავს ნაწყვეტი არისტოტელეს „პოეტიკიდან“:

„[თალესს] მუდმივად საყვედურობდნენ სიღარიბის გამო და ასე მიანიშნებდნენ, რომ ფილოსოფიას არანაირი სარგებელი არ მოაქვს. გადმოცემის თანახმად, თალესმა ჯერ კიდევ ზამთარში იცოდა [ცაზე დაკვირვებების შედეგად), რომ მომდევნო წელს ზეთისხილის მოსავალი უხვი იქნებოდა; ამიტომ თავისი ცოტაოდენი ფული დააბანდა ქიოსისა და მილეტის ზეთსახდელებში, რომლებიც ძალიან იაფად დაიქირავა, რადგან მოცილე არავინ ჰყავდა. როცა მოსავლის აღების დრო მოვიდა და ყველას ზეთსახდელი დასჭირდა, თალესმა თავის მომსახურებას მაღალი ფასი დაადო და საკმაო ფულიც იშოვა. ამით მან მსოფლიოს აჩვენა, რომ, ფილოსოფოსებს, თუ თავად მოისურვებენ, გამდიდრება შეუძლიათ, მაგრამ მათ სულ სხვაგვარი ამბიციები ამოძრავებთ“, – ამ მონაკვეთში კარგად ჩანს მეცნიერული ცოდნის პრაქტიკული მნიშვნელობა, ის, რომ ეს ცოდნა ყოველდღიური ცხოვრებისგან განყენებული სულაც არაა და ისიც, რომ არ არის აუცილებელი, მეცნიერული ინტერესი ყოფით სარგებლობამდე დაიყვანებოდეს.

მწერალი ციცერონსაც ახსენებს თავის ნაწარმოებში და ვფიქრობ, სწორედ მოზარდებისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო ამ სიტყვების წაკითხვა: „ციცერონი წერდა: კამათისას უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს არა ავტორიტეტის წონა, არამედ არგუმენტების სიძლიერე. მართლაც, იმ ადამიანის ავტორიტეტი, ვინც ასწავლის, ხშირად ნამდვილი დაბრკოლებაა მათთვის, ვისაც სწავლა სურს; ეს უკანასკნელნი დამოუკიდებელ აზროვნებაზე თანდათან უარს ამბობენ და უდავო ჭეშმარიტებად აღიქვამენ იმას, რასაც კონკრეტული კითხვის პასუხად მასწავლებელი სთავაზობს. ნამდვილად არ ვაპირებ მოვიწონო პრაქტიკა, რომელსაც, ტრადიციულად, პითაგორას შეგირდებს მიაწერენ; კითხვაზე, თუ რა უდევს საფუძვლად მათ მიერ დებატებში წამოყენებულ მოსაზრებას, როგორც წესი, ისინი პასუხობენ: „ოსტატმა ასე ბრძანა“. „ოსტატი“, ცხადია, პითაგორაა. მათთვის წინასწარ მიწოდებული მზა მოსაზრება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მისი ავტორის სახელი დამოუკიდებელ აზროვნებასა და შეპასუხებას სრულიად გამორიცხავდა“. მოზარდები, როგორც წესი, ეძებენ დამოუკიდებლობას, მაგრამ ამასთან ერთად ხშირად ექცევიან სწორედ ავტორიტეტების გავლენის ქვეშ და ამიტომ ადვილად მოწყვლადებიც არიან. ზემოთ მოყვანილი სიტყვების გათავისება, ჩემი აზრით, მოზარდს შთააგონებს, რამდენად მნიშვნელოვანია, კრიტიკული აზროვნება შეინარჩუნოს ნებისმიერ სიტუაციაში, საჭირო დროს გამოვიდეს ნებისმიერი გავლენიდან და მტკიცედ დაადგეს არჩეულ გზას.

თავის წიგნში სეიგანი საუბრობს არაერთ დიდ მეცნიერზე, რომელთა აღმოჩენებმაც განსაზღვრა კაცობრიობის მომავალი განვითარების გზა. მაგრამ საინტერესოა, რომ გვიყვება არა მხოლოდ კონკრეტულ ფაქტზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავად ადამიანზე – როგორ გარემოში ტრიალებდა ბავშვობასა თუ ზრდასრულობაში, რამ განაპირობა ასეთ ადამიანად ჩამოყალიბება, რა გაცდები და ვნებები ამოძრავებდა, რამ აღუძრა ფიქრები თუ კონკრეტული ფიქრი. ნიუტონზეც, მის დამსახურებაზე, ბევრს ჰყვება, მაგრამ ორიოდე ნაწყვეტს მოვიყვან აქ, სრულიად ყოფითს:

„XIX საუკუნის 90-იან წლებში ტოსკანის მინდვრებში, პავიასკენ მიმავალ გზაზე რომ გაგესეირნათ, სკოლის ფორმაში ჩაცმული ერთი გრძელთმიანი ყმაწვილი შემოგხვდებოდათ. როცა გერმანიაში ცხოვრობდა, ამ ბიჭს მასწავლებლებმა უთხრეს, რომ მისგან არაფერი გამოვიდოდა; რომ მის მიერ დასმული შეკითხვები კლასში აურზაურს იწვევდა და ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, თუ იგი სკოლიდან წავიდოდა. მანაც პედაგოგებს დაუჯერა და გადასახლდა ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც შეეძლო, ისეთ საკითხებზე ეფიქრა, რომლებიც პრუსიულ, მკაცრ დისციპლინას დაქვემდებარებულ სკოლაში თავსმოხვეული თემებისგან ძალიან განსხვავდებოდა. ყმაწვილს ალბერტ აინშტაინი ერქვა, მისმა აზრებმა კი მალე მსოფლიო შეცვალა“.

„სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იგი წერდა: „არ ვიცი, როგორ ვჩანვარ სამყაროსთვის. მე კი საკუთარ თავში მხოლოდ ერთ პატარა ბიჭს ვხედავ, რომელიც ზღვის ნაპირზე თამაშობს, ერთობა და დროგამოშვებით სხვებზე უფრო გლუვ ან ლამაზ კენჭს პოულობს, მის წინ კი ჭეშმარიტების დიდი და სრულიად უცნობი ოკეანეა გადაშლილი“.

დაბოლოს, ეს არის წიგნი, რომელიც ადამიანებს მართლა შეაყვარებს დედამიწას. გაააზრებინებს, რომ თავადაა პასუხისმგებელი ამ პლანეტის არსებობაზე, ბევრი რამის შეცვლა და გამოსწორებაა შესაძლებელი და ევალება კიდეც:

„რამდენიმე მილიონი წლის წინ, როცა დედამიწაზე პირველი ადამიანები გაჩნდნენ, ეს პლანეტა უკვე „ასაკოვანი“ იყო – „სიყმაწვილის ხანის“ კატასტროფებისა და კატაკლიზმებიდან 4,6 მილიონი წელი აშორებდა. მაგრამ ჩვენ, ადამიანები, პლანეტაზე ზეგავლენის ახალ და, შესაძლოა, გადამწყვეტ ფენომენს წარმოვადგენთ. ინტელექტი და ტექნოლოგიები კლიმატზე ზემოქმედების საშუალებას გვაძლევს. როგორ გამოვიყენებთ ამ ძალას? მზად ვართ თუ არა, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებსაც მთელი კაცობრიობის ბედის განსაზღვრა შეუძლია, გულგრილობა და თვითკმაყოფილება გამოვავლინოთ? ნუთუ ხანმოკლე სარგებელს ვამჯობინებთ დედამიწის კეთილდღეობას? ან იქნებ უფრო შორსმჭვრეტელები გავხდებით, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე დავფიქრდებით, კარგად შევისწავლით და დავიცავთ მშობლიურ პლანეტას? დედამიწა პატარა, მგრძნობიარე სამყაროა. მას გაფრთხილება სჭირდება“.

აქ შევჩერდები და ვფიქრობ, რამდენიმე წლის წინ გადაღებული ეს სიუჟეტი ჩემი სტატიის საუკეთესო დასასრულად გამოდგება. უყურეთ, ჩემს დაწერილსაც უფრო ირწმუნებთ, ქართველ გულანთებულ, კოსმოსით შეპყრობილ ასტროფოტოგრაფებსაც შეგაყვარებთ და კარლ სეიგანის „კოსმოსსაც“ მეტი ინტერესით გადაფურცლავთ.

 

წერა, როგორც სინამდვილის შეგრძნობა – იიუნ ლის „The Book of Goose“

0

თუ წლევანდელ „ბუკერს“ თვალს ადევნებთ, ჟიურის შემადგენლობაც გეცოდინებათ – წელს ჟიურის ერთ-ერთი წევრი იიუნ ლია, წარმოშობით ჩინელი მწერალი, ამერიკაში რომ ცხოვრობს და ინგლისურად რომ წერს. მისი მოსმენის ბედნიერება ორი წლის წინ, აიოვაში გამართულ საღამოზე მქონდა . არასდროს დამავიწყდება, საერთაშორისო სამწერლო პროგრამის დირექტორის, კრისტოფერ მერილის სიტყვები:
– When she first came in the US, she barely spoke any English and now – პირველად რომ ჩამოვიდა ამერიკაში, ინგლისური ძლივს იცოდა და ახლა კი, – და აქ თვალები გაუბრწყინდა და ხელები გაშალა, – she writes like a wizard! – ჯადოქარივით წერსო.
აიოვას უნივერსიტეტს შემოქმედებითი წერის ერთ-ერთი ცნობილი და საუკეთესო სკოლა აქვს ამერიკაში. თუ ეს იცით, იფიქრებთ, რა თქმა უნდა, აბა, სხვაგან სად ჩავიდოდა მომავალი მწერალიო. საქმეც ეგაა – მაშინ იიუნ ლი ჯერ კიდევ არ იყო მწერალი და აიოვაშიც წერის კი არა, იმუნოლოგიის შესასწავლად ჩავიდა. მაგრამ საბოლოოდ ლიტერატურამ გადაწონა და ექიმის კარიერაზე უარი ათქმევინა.

როგორც თავად გაიხსენა საღამოზე, წერდა სწორედ წიგნების მაღაზიის „Prairie Lights“ კაფეში, რადგან ოთახი, რომელშიც სხვა სტუდენტებთან ერთად ცხოვრობდა, მეტისმეტად პატარა იყო. წერდა და მუდამ ერთსა და იმავე ჩაის სვამდა, თუ სწორად მახსოვს, ჟასმინისას. ამ პერიოდიდან წლები გავიდა. დღეს იიუნ ლი უკვე შვიდი წიგნის ავტორია და მრავალი ჯილდოს მფლობელი. ჯილდოებს შორისაა პრესტიჟული PEN Faulkner Award, რომელიც შარშან სწორედ 2022 წელს გამოსული რომანისათვის „The Book of Goose“ მიენიჭა.

რაზე მოგვითხრობს ეს მართლაც შესანიშნავი წიგნი?

თავად იიუნ ლი ამ შეკითხვას ირონიულად შეხედავდა – ერთი ასეთი ტერმინი აქვს Whataboutism. როგორც ერთ სტატიაში წერს, ვოთებაუთიზმი თანამედროვეობის სენია – ჩვენ განუწყვეტლივ ვკითხულობთ წიგნების შესახებ: What is it about? – რაზეა? და ამით ტექსტის მთელი არსი მის შინაარსამდე, სიუჟეტამდე დაგვყავს. ეს რომ არასწორია, იიუნ ლის რომანის მაგალითზე შეგვიძლია, დავინახოთ: ორი თინეიჯერი გოგო, აგნესი და ფაბიენი ომის შემდგომ პერიოდში, საფრანგეთის პატარა სოფელ სან რემიში ცხოვრობენ, სადაც სიღარიბე და მოწყენილობა გამეფებულა, ხოლო სიკვდილი კი ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. რა რომანი უნდა ააგო ასეთ მარტივ ამბავზე? მაგრამ იიუნ ლი ოსტატია – ის არამხოლოდ ორი გოგოს რთულ, წინააღმდეგობებითა და სიხალისით აღსავსე ურთიერთობაზე მოგვითხრობს, რომელიც ძალზე ახლო მეგობრობიდან დიდ და ტკივილიან, შეუძლებელ სიყვარულში გადაიზრდება, არამედ თავად წიგნის წერის შესახებ წერს წიგნს. „The Book of Goose“, უპირველესად, მეტაფიქციური რომანია.
რა არის წერა? გამოგონება? თუ, პირიქით, რეალობის შეგრძნების, რეალურად ყოფნის საშუალება? როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ფაბიენი და აგნესი წერას იმ გაუცხოების დასაძლევად მიმართავენ, რომელიც რეალობის მიმართ აქვთ. სინამდვილე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მათი არ არის. არც ისინი ეკუთვნიან ამ სინამდვილეს. უფრო სწორად, ფაბიენი არ ეკუთვნის, აგნესი კი, როგორც ბოლოს ირკვევა, მონახავს ადაპტაციის გზას.

სინამდვილის არაერთგვაროვნება სხვადასხვა პერსპექტივის ჩვენებითაა ხაზგასმული: ჩვენ, მკითხველებმა, ვიცით, რომ მას შემდეგ, რაც აგნესი ინგლისში წავა, ფაბიენი სწერს წერილებს ჟაკის სახელით (ესეც საერთო თამაშის ნაწილია) და არავითარი ფაბიენის ძმა ჟაკი არ არსებობს. ჩვენ, აგრეთვე, ვიცით, რატომაც ვერ ჩერდება აგნესი ძვირადღირებულ, კერძო სკოლა-პანსიონში მისის თაუნზენდის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ჩვენ ამბავს აგნესის თვალებით ვხედავთ – მთხრობელი სწორედ ისაა და პერსპექტივაც მისია. მაგრამ არაფერი ეს არ იცის მისის თაუნზენდმა – მას ჟაკი ნამდვილად არსებული ბიჭი ჰგონია და აგნესსაც ამას საყვედურობს, შენ იმ შენს შეყვარებულს ვერ ელევი და ამიტომ გინდა წასვლაო. მისის თაუნზენდს უყოყმანოდ სჯერა აგნესის მიერ მებაღისთვის ნათქვამი ტყუილი, თითქოს ფოსტალიონ მისიე დივოს, მოთხრობების გაშალაშინებაში რომ დაეხმარა, სინამდვილეში, აგნესის ცოლად მოყვანა სურდა. და, რაც მთავარია, მისის თაუნზენდი განუწყვეტლივ ჩასჩიჩინებს აგნესს, კარიერაზე უნდა იფიქრო და გვაცადო მე და შენს გამომცემელს, გადავწყვიტოთ, რა იქნება შენთვის უკეთესიო.
მაგრამ რომელ კარიერაზე? წიგნები ხომ აგნესმა, უბრალოდ, ჩაიწერა, თორემ მათი შემთხზველი ფაბიენია, ის კარნახობდა ტექსტებს. ფოსტალიონს კი, რომელსაც გამომცემელი აგნესის თანაავტორად მიიჩნევს, საერთოდაც უმნიშვნელო როლი აქვს მთელ ამ თავგადასავალში – ის ფაბიენის დაგებულ მახეში ებმება. მაშ, სად არის სინამდვილე? ვინ არის ავტორი? უფრო სწორად, რა არის ავტორი?

აქვე ჩანს, რას ნიშნავს ავტორად ყოფნა:

სულ სოფელზე ხომ არ დაწერ, ხალხს მოსწყინდებაო, – ეუბნება მისის თაუნზენდი აგნესს. აგნესი ავტორი გახდა. ამიტომაც ყველას რაღაც სურს მისგან და ყველა ცდილობს, იგი სათავისოდ გამოიყენოს, მისი, ვუნდერკინდის, წარმატებით იხეირონ. და აგნესიც იძულებულია, აკეთოს, რასაც ეტყვიან: შეხვდეს გამომცემელს, მისცეს ინტერვიუები, იპოზიოროს ფოტოგრაფებთან, წავიდეს სასწავლებლად უცხო ქვეყანაში და, რაც მთავარია, დაწეროს შემდეგი წიგნი. და არავითარი ექსცენტრულობა – ის უნდა იყოს ზრდილობიანი, თავდაჭერილი გოგო, ისეთივე, როგორც მისი ასაკის სხვა გოგოები; ჩვეულებრივი და, ამავდროულად, სრულიად არაჩვეულებრივი.

და აგნესი ახერხებს ამ როლის შესრულებას, რასაც ვერასდროს მოახერხებდა ფაბიენი, თავისებური, ჯიუტად ბავშვობაში ჩარჩენილი ხასიათის გამო. ეს ხლეჩს აგნესის ცხოვრებას, რომელიც სოფელში მთლიანი იყო. ის საბოლოოდ უკან ბრუნდება, მაგრამ ბრუნდება სულ სხვანაირი და ამას ორივე ხვდება: აგნესიც და ფაბიენიც.

ამ წიგნისთვის არ არსებობს ე.წ. სპოილერები, რადგან ის არ სრულდება – დასასრული დასაწყისშივეა: აგნესი ფაბიენის სიკვდილის შესახებ შეიტყობს და გადაწყვეტს, ბოლო-ბოლო მოჰყვეს ყველაფერს ისე, როგორც იყო. ამდენი წლის შემდეგ ის ისევ იწყებს წერას და ისევ თავისი უსაყვარლესი მეგობრის მიერ მოცემული იმპულსით. „ბატის წიგნსაც“ ამიტომ არქმევს ახალ ტექსტს – ფაბიენი ეუბნებოდა ხოლმე: „ისევ ის სულელი ბატი ხარ, აგნეს, დიდი ოცნებებით“ („You are still that silly goose, […] You dream big, Agnès“).
აქვე კიდევ ერთი თემა, რომელზეც დგას რომანი – ვუნდერკინდები. აგნეს მორო გამქრალი გენიოსია – ერთი იმ ვუნდერკინდთაგანი, რომელიც გაიზარდა და ჩვეულებრივ ადამიანად იქცა, გაიზარდა და ყველამ დაივიწყა. მაგრამ იიუნ ლი აქაც ლამაზ ლიტერატურულ წიაღსვლას აკეთებს. აი, რას გვიყვება აგნესი თავის გაქრობაზე, რა თქმა უნდა, მკითხველებს იმედი გაუცრუვდათ, ჩემი მეორე წიგნი უხმაუროდ გამოიცა და მალევე დაივიწყესო, მაგრამ:

„But their disappointment would not last long. That year a girl named Francoise Sagan, who was four years older than me, made her name in literary history. The fame of Agnès Moreau, the peasant girl who failed to be transformed into a debutante, was no more than a twinkle of a firefly compared to the meteoric splendor of Mlle Sagan“.

ჩემი ბლაგვი თარგმანი ოდნავადაც ვერ გადმოსცემს იიუნ ლის ფრაზის სილამაზეს. საერთოდ, „ბატის წიგნი“ რომ სიამოვნებით იკითხება, ამის მთავარი მიზეზი ენაა – მდიდარი, ზუსტი. ცალკე აღსანიშნავია ტექსტის რიტმი – ეს უწყვეტი, მშვენიერი მუსიკა. არაფერი რომ არ მცოდნოდა ავტორის შესახებ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ის ამერიკელი არაა და ინგლისური მისთვის მშობლიური ენა არ არის.

***
შეხვედრაზე იიუნ ლიმ ისიც გვიამბო, წიგნი როგორ დაწერა. თურმე ჩარჩო მოთხრობა თავიდან სხვა ყოფილა. მწერალმა ის მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც რამდენიმე მკითხველმა გარკვეულ შეუსაბამობებზე მიანიშნა ჩარჩო მოთხრობასა და ჩართულ მოთხრობას შორის.

– აგენტს დავურეკე და ვუთხარი, მგონი, ჩარჩო სხვა უნდა იყოს-მეთქი, – იხსენებს მწერალი, – მან მიპასუხა, იიუნ, მე კი მგონია, რომ ტექსტს ერთი რამე უნდა, რომ იყოს და შენ მისგან მეორე რამის გამოყვანას ცდილობო. დავჯექი და პირველი 30 გვერდი თავიდან დავწერე.

დაისვა შეკითხვა ფინალთან დაკავშირებითაც:
– ტექსტი დასრულებულია, თუ მტკივა, – უპასუხა მწერალმა, – „ბატის წიგნის“ ფინალი ისე მეტკინა, რომ გონს მოსასვლელად საცურაოდ წავედი. მაშინ მივხვდი: ეს ნამდვილად სწორი და შესაფერისი ფინალი იყო.

მერე კი აღნიშნა, მე კითხვების მწერალი ვარო. ვწერ წიგნებს, რათა კითხვები დავსვა და ვსვამ კითხვებს, რათა ახალ-ახალი კითხვები გაჩნდესო.

თუ „ბატის წიგნის“ გამოცემას გადმოატრიალებთ, უკანა მხარეს სხვადასხვა ავტორებისა და კრიტიკოსების შეფასებებს ნახავთ. მათ შორის სალმან რუშდიცაა. მისი შეფასება მოკლეა, სულ ერთი წინადადება: „One of our major novelists“. – „ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რომანისტი“.

 

თომა სკოლაში მიდის-ზღაპარი პირველკლასელებისთვის

0

დილით, როცა ცხრათვალა მზე სამ თვალს ძლივს ახელდა, ისე ეზარებოდა გაღვიძება, ბებია თომას საწოლთან დაიხარა და ფრთხილად უთხრა: ,,ადექი, ადექი! დღეს დიდი დღეა! ახალი ცხოვრების კარის გასაღები უნდა მოგცე!”

თომას ბებია, აგერ უკვე მეოთხე წელია, შვილიშვილების ფრთხილად გაღვიძების ჩემპიონია მთელ საქართველოში. ოთხი? არა, გატყუებთ! ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა და ისიც იმიტომ, რომ თომა იმ ღამით ძალიან გვიან დაბრუნდა ჯუჯების სამეფოდან და ლოდინით გაბრაზებულმა სიზმრებმა აღარ გამოუშვეს.

თომამ თვალი გაახილა და დაინახა, რომ ბებიას ცალ ხელში ოქროსფერი ორცხობილა და ცალში კი ჩანთა ეჭირა.

სკოლაში მივდივართ! – ერთდროულად წამოიძახეს ბებომ და შვილიშვილმა.

რა აღარ ენახა თომას – ბავშვთა ქალაქის შოკოლადის შენობები და ფერადი ხეების შუქნიშნები, ჯუჯების სამეფო და ბუ ბაიბურას უზარმაზარი ბუდე, სათამაშოების სასახლე და ჯადოქარი ჯონდოს უკუღმა გადმოტრიალებული სამუშაო ოთახი, მაგრამ სკოლა ყოველთვის ყველაზე დიდებულ და საოცნებო ადგილად წარმოედგინა.

ამიტომაც ძალიან ღელავდა თომა. თავში ათასი კითხვის ნიშანი უტრიალდებოდა. კითხვის ნიშნების საქმე კიდევ ხომ იცით, საოცრად მოუსვენრები არიან და არც შენ გაძლევენ მოსვენებას, სანამ პასუხების კანფეტებს არ შეახრამუნებენ.

წავედით, წავედით! – დაიძახა ბებომ, რომელმაც სპეციალური ეკრანი ჰქონდა, სადაც თომას ფიქრებს ხედავდა – მაგ კითხვის ნიშნებს გზაზე დავურიგებთ პასუხების კანფეტებს!

მზეს უკვე ცხრავე თვალს დაეჭყიტა, როცა სკოლისკენ მიმავალ გზას გაუდგნენ.

– ყველა, ვინც გზაზე შემოგხვდება, გამარჯობა უნდა ვუთხრათ! – დაარიგა ბებომ თომა სახლიდან გასვლისას.

– ყველას? ავყანყალას და სიტყვაყლაპიასაც?

– კი, ყველას. ზრდილობის მათემატიკაში ასე წერია. თუ ადამიანთან შეხვედრას გამარჯობას გამოვაკლებთ, უზრდელები ვიქნებით.

– – ჯუჯებთან შეხვედრასაც?

– კი, ჯუჯებთან, ფერიებთან, ცხოველებთან, ფრინველებთან, დიდებთან და პატარებთან. გამარჯობა აუცილებელია!

პირველად გზაზე თუთა და დედამისი გამოჩნდნენ.

გამარჯობა! – შორიდანვე დაუძახა თომამ თუთას და ისე ხმამაღლა, რომ მიწიდან თხუნელა თხუპნიამც კი თავი ამოყო და ნამძინარევი ხმით გამოსძახა: გამარჯობა თომა! ამ დილაადრიან საით გაგიწევია?!

– სკოლაში! – ერთად უპასუხეს მხიარულად თომამ და თუთამ.

– ეჰ, კიდევ კარგი, თხუნელების სკოლა შუადღისას იწყება, თორემ რა ადგებოდა ასე ადრე! – ჩაიბურტყუნა თხუპნიამ და თბილ ლოგინს ზმორებით დაუბრუნდა.

გზაზე ბავშვებს ნიკა ლო, მარი ლა, ძაააააალიან შავთმიანი ნინი და ცოოოოოტა ლოყაწითელა გიო შემოუერთდნენ, სკოლის ეზოში კი უამრავი პატარა დახვდათ. მათ თომა არ იცნობდა, რადგან ბავშვები შორეული ქუჩებიდან იყვნენ.

ეზოში უზარმაზარი, ფერადი სცენა იდგა. სცენაზე მოცეკვავე ბუშტები მიმორბოდნენ და ხმამაღლა კისკისებდნენ. გინახავთ ბუშტები, რომლებიც დარბიან და თან იცინიან? ისინი საბუშტეთის შორეულ სოფელში ცხოვრობენ და იქიდან მხოლოდ მაშინ გამოდიან, როცა სკოლა იწყება და ბავშვებს უნდა შეხვდნენ. ეს სექტემბრის ერთ ჯადოსნურ დღეს ხდება. სხვა დროს ბუშტები საკუთარ სოფელში მართავენ კონცერტებს და იქ მოხვედრა იმაზე უფრო ძნელია, ვიდრე ვთქვათ, რომელიმე მთვარის ჭრელა-ჭრულა ტყეში. რა, მთვარე რომ ბევრი იყო და იქ ტყეებია, ეგ არ იცოდით? ეჰ, კარგი, მაგას სხვა დროს მოგიყვებით.

როგორც ამ სცენიდან ერთმა მაღალმა ქალმა, რომელსაც თვალები საახალწლო ნაძვის ხის ყველაზე ახალი ნათურასავით უბრწყინავდა, ხმამაღლა გამოაცხადა, რომ სკოლაში შესვლა ორ აუცილებელ წესს გულისხმობდა: ერთი სკოლის ფიცის დადება იყო, მეორე კი შესასვლელი ბილეთის შეძენა.

,,ყველა ბავშვი ჭკვიანია! ყველა ბავშვი ლამაზია! ყველა ბავშვი კეთილია! რადგანაც მე ლამაზი და კეთილი ვარ, ესე იგი ლამაზი და კეთილია სხვაც! ჩვენ ხომ ერთი სახელი გვქვია და ამ სახელის ჯადოქრობის ძალა ეს არის – ყველა ბ ა ვ შ ვ ი ჭკვიანი, ლამაზი და კეთილია! ასე წერია ბავშვობის სახელმძღვანელოში და ეს არის ჩვენი საზეპირო ფიცი!’’ – გამოაცხადა ქალმა.

– ეგ ადვილია! – წამოიძახეს ბავშვებმა – ეგ ისედაც ვიცით! ბილეთები სად იყიდება?!

– ოოო, ბილეთები? ბილეთები აქვე და თან ძალიან ძვირი, თან ძალიან იაფი ღირს!

– ეგ როგორ? – გაუკვირდათ ბავშვებს.

– კი. თან ძალიან ძვირი და თან ძალიან იაფი – ერთი კეთილი სიტყვა!

– ერთ კეთილი სიტყვა? – ახმაურდნენ ბავშვები – რამდენიმე იყოს!

– არა, ერთი კეთილი სიტყვა ასე მარტივად წარმოსათქმელი არ არის! თან უცნობს უნდა უთხრა და თან გულწრფელი იყოს!

– შევძლებთ, შევძლებთ! – აჟრიამულდნენ პატარები და მართლაც, იმ დღეს უამრავი კეთილი სიტყვა გაიცვალა, იმდენი, რომ უფროსებსაც კი დაავიწყდათ, დედამიწაზე ბოროტი სიტყვები საერთოდ თუ არსებობდა.

სკოლაში სულ პირველად – სანამ წერა-კითხვის, ხატვის და არითმეტიკის სწავლას შეუდგებოდნენ, თითქოს ძალიან უცნაური, მაგრამ თურმე ძალიან საჭირო გაკვეთილები ჩატარდა: ერთმანეთის ფიქრების გაცნობის გაკვეთილი, ერთმანეთის ოცნებების ასრულების გაკვეთილი, გაღიმების გაკვეთილი, ბევრი კეთილი სიტყვის გადაჩურჩულების გაკვეთილი და ბოლოს საჩუქრად, ორცხობილას და ჩურჩხელის გაკვეთილიც კი.

ფიქრების გაკვეთილზე ბავშვებმა გაიგეს, რომ შოკოლადებზე და კომპიუტერზე ფიქრს თურმე ცოტა დრო უნდა გამოვაკლოთ – ასე წერია ფიქრის მათემატიკაში. ფიქრის მათემატიკაში ისიც წერია, რომ რადგან ეს დრო გამოვაკელით, ახლის მიმატებაა საჭირო და ეს დრო ერთმანეთზე ფიქრის უნდა იყოს. ჰოდა, სანამ ასეთ ფიქრს დავიწყებთ, ჯერ უნდა ვკითხოთ ერთმანეთს: როგორ ხარ? რამე ხომ არ გჭირდება? შემიძლია დაგეხმარო?

ოცნებების ასრულების გაკვეთილზე ბავშვებმა ისწავლეს, რომ ოცნება ხანდახან მარტო ვარსკვლავებზე გაფრენა არ ყოფილა – თურმე ზოგჯერ საღეჭ რეზინზე და პატარა ორცხობილაზეც ოცნებობენ ბავშვები. მთავარია, აქაც არ მოგვერიდოს კითხვის დასმა: ღამით, სანამ ძილის ფერიები მოფრინდებიან და სიზმრის სამეფოებში წაგიყვანენ, როცა რაღაც გინდა, რა გინდა ყველაზე მეტად? იმ წამის სურვილია მთავარი, სიფხიზლის და ძილის შუა რომ წამია და ვერ ხვდები, ძილის არის თუ ღვიძილის.

გაღიმების გაკვეთილი ცოტა რთული აღმოჩნდა. ხომ არის უცნაური დღეები, როცა მოწყენილი ხარ და სულ რომ ყელზე გიღიტინოს ფრთებით ბუ ბიაბურამ, მაინც არ გეღიმება. კი – არის! როგორ არ არის! ზოგჯერ ჩურჩხელა დაგიმალეს, ზოგჯერ ორცხობილა, ზოგჯერ მობილური ტელეფონი არ გათხოვეს და ზოგჯერ უბრალოდ გინდა და მოწყენილი ხარ! აი, ასეთ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ყოფილა რომ სხვას გაუღიმო და როცა ისიც ღიმილით გიპასუხებს, ორცხობილაც გავიწყდება და ტელეფონიც.

კეთილი სიტყვის ძალა უკვე იცით. აგერ სულაც ერთი კეთილი სიტყვა იყო სკოლაში შესვლის ბილეთი და ბევრი რაღა იქნება? მზის ტბებს, ღრუბლების ფაზლებს, ქარებისგან დაწნულ მფრინავ ხალიჩებს – რა გინდა, სულო და გულო? ჰოდა, კეთილი სიტყვების გადაჩურჩულების გაკვეთილზე ბავშვები ისე გამდიდრდნენ, ისე, რომ მთელი სამყარო მათი იყო.

სულ ბოლო გაკვეთილი კი ჩურჩხელის და ორცხობილის იყო, მაგრამ წვენიც ბლომად სვეს. ეს ფერადი წვენები წვენიწურიას საჩუქარი იყო წვენწურწურას სოფლიდან და სულ ყლუპ-ყლუპით უნდა გესვა. სამ ჭიქას რომ დალევდი, რომელი ფერის წვენი შეგხვდებოდა, ყველაფერს იმ ფერად ხედავდი. მოკლედ ჯადოსნური ამბავი იყო და თომას გაახსენდა, რომ სკოლის შემდეგ სწორედ ჯადოქრებთან და ჯუჯებთან მიეჩქარებოდა.

გაკვეთილები დამთავრდა. კართან ბებია იდგა და იღიმოდა.

– აბა, როგორ მოგეწონა სკოლა?

– ძალიან! რაც მთავარია უამრავი მეგობარი შევიძინე, მათგან ძალიან ბევრი კეთილი სიტყვა ვისწავლე და ამ სიტყვებს საღამოს ჯუჯებსაც გავუზიარებ! – მხიარულად უპასუხა თომამ და ასკინკილით გაუდგა შინისკენ გზას.

ჟესტური ენის სწავლების საკითხისათვის

0

ჩვენს სასწავლო თუ სამედიცინო დაწესებულებებში, ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად შეხვდებით ზრდასრულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კითხვები, სურთ კომუნიკაცია, მაგრამ თავიანთი მდგომარეობის გამო მხოლოდ ჟესტურ (ნიშანთა) ენაზე შეუძლიათ ურთიერთობა. მათ აინტერესებთ ამა თუ იმ ავტობუსისა თუ მატარებლის განრიგი, მეტროს რომელ სადგურთან იმყოფებიან, რამდენ ხანში მიაღწევენ დანიშნულების ადგილს, როდის დაბრუნდება და როგორი ადამიანია პოლიკლინიკის ექიმი… თუმცა ჟესტური ენის თარჯიმნის გარეშე ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ.

მეორე დიდი საწუხარი ის არის, რომ სმენის ღრმა დაზიანების მქონე მოსწავლე მიდის საჯარო სკოლაში, იქ კი ჟესტურად არავინ საუბრობს და არც საამისო მზაობა არსებობს. მშობელს  ურჩევნია, საზოგადოებას სხვა, „საღი“ შვილების შესახებ შეუქმნას უფრო მაღალი წარმოდგენა, ვიდრე რომელიმე სპეციალიზებული ინსტიტუციის მიერ შეთავაზებულ ჟესტური ენის შემსწავლელ პროგრამაში ჩართვას დასთანხმდეს და წლებიც ისე გადის, რომ ყრუ ბავშვი მზრუნველი თანატოლების გარემოცვაში განათლების გარეშე რჩება. ხოლო იქ, სადაც სკოლის ხელმძღვანელს და პედკოლექტივს თანამდებობისთვის საკმარისი კულტურა და ტოლერანტობა აქვთ და დარეგისტრირებული სმენის დარღვევის მქონე პირველკლასელისთვის გულითადად ეძებს ჟესტური ენის სპეციალისტს, სპეციალისტები არ ჩნდებიან. დეფიციტია და იმიტომ!

სხვა პრობლემა ის არის, რომ ჟესტური ენის შესწავლით დაინტერესებული პირები, სპეციალური თუ საგნის მასწავლებლები, ყრუ პირებთან მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებაში ჩართული მუშაკები ამაოდ ელოდებიან ჟესტური ენის კურსის გავლას, ხოლო ენის შესწავლის უკვე გამოცხადებულ პროგრამაში ჩართვაზე გადაწყვეტილების მიმღები პირები ამა თუ იმ მოტივით უარს ეუბნებიან. ეს უგულებელყოფა კი ზემოხსენებული დეფიციტის ფონზე ძალიან მტკივნეულია!

მტკივნეულია რეგიონული თვითმმართველობის დამოკიდებულება, როცა ჟესტური ენის შესწავლის პროგრამის დაფინანსებას ითხოვ და პასუხად ნულოვან ტოლერანტობას აწყდები. თუმცა ქვეყანას თითოეული ადამიანის საჭიროებებზე მორგებული, უნივერსალური დიზაინის პასუხისმგებლობა აქვს აღებული, სახელმწიფო ინსტიტუციები კი თითქმის მთლიანად მიუწვდომელია ყრუ ან ყრუ-უსინათლო პირთათვის და ქვეყანაში მათი ზუსტი რაოდენობაც არ არის დადგენილი. არადა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამ ადამიანებით დასახლებული არაერთი უბანი არსებობს. ზეპირი გადმოცემებიც მათ შესახებ მრავალფეროვანია. მაგალითად, ქუთაისში, 20-იან წლებში დაბადებული უხუცესი ადამიანების გადმოცემით, „ყრუ-მუნჯები“ ე. წ. ახალ ქუთაისში, ძველი ქალაქის გარეთ, ჭავჭავაძის გამზირისა და თაბუკაშვილი ქუჩის მიმდებარედ ერთ თემად ცხოვრობდნენ. მათ შესახებ ოფიციალური ჩანაწერი 30-იანი წლებიდან (1936 წელს) ჩნდება. 40-50-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ მათი საცხოვრებელი სახლების აყრა დაიწყო და პირველი ხუთსართულიანი საცხოვრებელი ნაგებობაც აშენდა. მომდევნო წლებში ყრუ პირებს 4-5-სართულიანი სახლები აუშენეს და მახლობლად, გუგუნავას ქუჩაზე, საამქროებიც კი აამუშავეს[1]. ქუთაისის ბოლოს, საღორიის ტყის მიმდებარედ, ქალაქის ყრუთა პირველი სკოლა (ამჟამად – 45-ე სპეციალიზებული სკოლა) 1955 წელს გაიხსნა 155 ყრუ მოსწავლისთვის[2]. ყრუ პირთა რიცხოვნობა ქუთაისში განსაკუთრებით 80-90-იან წლებში გაიზარდა (ჩვენი პირველი ინფორმანტი ამას სხვა მიზეზებთან ერთად ბავშვთა და ზრდასრულთა მედიცინაში გენტამიცინის ფართო მოხმარებითაც ხსნის). 1950-იან წლებში ყრუ ბავშვებისთვის სპეციალური სკოლები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც ფუნქციონირებდა.

დღესდღეობით სმენის დარღვევის მქონე ბავშვები სწავლობენ როგორც სპეციალიზებულ, ისე საჯარო სკოლებშიც, სადაც მათდამი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.

ამგვარი ზეპირი გადმოცემების საფუძველზე ჟესტური ენების ქართველი მკვლევარი, პროფესორი თამარ მახარობლიძე, ვარაუდობს, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში, რუსული ჟესტური ენის გავლენის გაძლიერებამდე, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებობდა ჟესტური ენა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე სწავლების ე.წ. ორალისტური მეთოდი იყო გავრცელებული და განათლების სისტემის მიზანი სულაც არ ყოფილა ჟესტური ენის განვითარება, საქართველოში ამ სკოლების ამოქმედებამ მაინც გამოიწვია ქართული ჟესტური ენის განვითარება, რადგან ყრუ ბავშვებს ჰქონდათ ერთმანეთთან ჟესტურ ენაზე ურთიერთობის საშუალება. სწორედ ამით აიხსნება ქართულ ჟესტურ ენაში კვლევებით ისეთი მორფოსინტაქსური კატეგორიების არსებობა, რომლებიც რუსული ჟესტური ენისთვის არ არის დამახასიათებელი. მსგავსი გრამატიკული კატეგორიების ჩამოყალიბებას ბევრი დრო სჭირდება და ეს საკითხიც უფრო ღრმა შესწავლას მოითხოვს, თუმცა ჯერჯერობით ნაპოვნი წერილობითი მონაცემები ყრუ თემის შესახებ მხოლოდ საბჭოთა კავშირის პერიოდით თარიღდება.

მკვლევარი ყრუ თემის ჩამოყალიბების და ჟესტური ენის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებად ყრუთა კავშირის ჩამოყალიბებასა და სხვადასხვა ქარხანასა თუ დაწესებულებაში ყრუ პირების ჯგუფურად დასაქმებასაც ასახელებს. მისი აზრით, საბჭოთა კავშირის დროს არსებულ ენათა კონტაქტის გამო, ქართულ ჟესტურ ენაში იგრძნობა არა მხოლოდ რუსული ჟესტური ენის, არამედ სამეტყველო რუსულის გავლენაც, მაგრამ კვლევებით დგინდება ისეთი უნიკალური მახასიათებლები, რომლებიც ადასტურებს ამ ენის ბუნებრივ წარმოშობას (მახარობლიძე, 2022)[3]. ძალზე პირობითია საქართველოში მცხოვრები ყრუთა თემის რიცხოვნობა, რაც სპეციალურ ლიტერატურაში, დაახლოებით, 2500 ადამიანს მოიაზრებს. ისინი, ვინც ამ თემის წევრებად მიიჩნევენ თავს და ის სმენის არმქონე პირებიც, რომლებიც მათგან იზოლირებულად, საკუთარ ოჯახებსა და საჯარო თუ კერძო სკოლებში აგრძელებენ არსებობას, ლინგვისტურ უმცირესობას წარმოადგენენ. ამ თემის წევრების „საკომუნიკაციო ენაა ქართული ჟესტური ენა, რომელიც არის დამოუკიდებელი ბუნებრივი ენა და არ გახლავთ ქართული სამეტყველო ენის კოპირებადი ვერსია“[4].

ჟესტური რომ ცალკე, სხვაგვარად მისახედი ენაა და საქართველოში არსებული ენობრივი სიტუაციის კვლევისას ღირსეულ ადგილს იმსახურებს როგორც ქართულ, ასე საერთაშორისო ენობრივ ატლასებზე, ამის შესახებ ჩვენს წინა წერილში[5] შედარებით ვრცლად ვისაუბრეთ. საქართველოს სახელმწიფოც რომ იცავს და განამტკიცებს ქვეყანაში ენათა და კულტურათა თანაარსებობისა და ჰარმონიული განვითარების საუკუნოვან ტრადიციას და რომ დაუშვებლად მიაჩნია ნებისმიერი ენის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა, საქართველოს მოქალაქის ენობრივი უფლებების შელახვა და აღკვეთს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის კონსტიტუციური პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებას, ესეც შავით თეთრზე წერია სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პრეამბულაში[6].

ამიტომაა, ჟესტური ენით დაინტერესებული მკვლევრები ერთხმად რომ აღნიშნავენ ყრუთა განათლების საკითხებზე სერიოზული მუშაობის საჭიროებას და მიუთითებენ სახელმწიფოში არსებულ დიდ ჩავარდნაზე, რაც პირდაპირ აისახება ამ თემის წევრების (განსაკუთრებით ახალგაზრდების) პირად ცხოვრებაზე, მათ კარიერულ და პროფესიულ პერსპექტივებზე. ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც ამ თემის წევრებს ძალიან აწუხებთ, არის ის, რომ ამ საზოგადოების წევრების დიდმა ნაწილმა კარგად არ იცის ან ძალიან ცუდად იცის სახელმწიფო ენა – ქართული სამეტყველო ენა. ქართული ენის სათანადო არცოდნის გამო ყრუები ერიდებიან წერილობით კომუნიკაციას სოციალურ ქსელებშიც კი და ამჯობინებენ, ისევ მხოლოდ ერთმანეთთან იქონიონ ურთიერთობა ქართულ ნიშანთა /ჟესტურ ენაზე.

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შედარებით ახალი, დამატებული მე-5 პუნქტის თანახმად, „სენსორული დარღვევის მიმართულებით სპეციალიზებულ სკოლაში, სადაც განათლებას იღებენ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები, გამოიყენება ჟესტების ენა და მისი ანალოგები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სწავლების ენად გამოიყენება ქართული ჟესტური ენა და ბილინგვური სწავლების პრინციპები“[7].

ვინ, როგორ და რა გზებით უნდა ისწავლოს და შემდეგ თავად ასწავლოს სმენის დარღვევების მქონე ან ყრუ ბავშვებსა თუ მათ მხარდამჭერ პირებს ჟესტური ენა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემის ერთადერთ გზად ჯერჯერობით ენის დაგეგმვისა და განათლების პოლიტიკის სპეციალისტების, მკვლევრებისა და დაინტერესებული ორგანიზაციების კოორდინირებული, მუხლჩაუხრელი მუშაობა გვესახება.

 

[1]ინფორმანტი — მარინა ასათიანი, ყრუ პირთა თარჯიმანი.

[2]ინფორმანტი — ირინე აბდალაძე, 45-ე სპეციალიზებული სკოლის დირექტორი.

[3]თამარ მახარობლიძე, ქართული ჟესტური ენის შესახებ. სამეცნიერო ჟურნალი „ენა და კულტურა“,2022.#28.

[4]თამარ მახარობლიძე, იქვე, გვ. 43.

 

https://journals.4science.ge/index.php/enadakultura/article/view/1740

[5] მარიამ გოდუაძე, ენობრივი სიტუაცია და ქართული ჟესტური ენის ადგილი ეროვნულსა თუ მსოფლიო ენობრივ ატლასებზე.  ინტერნეტჟურნალი მასწავლებელი, თბილისი, 2024. https://mastsavlebeli.ge/?p=40890

[6]https://matsne.gov.ge/ka/document/view/2931198

[7]https://matsne.gov.ge/ka/document/view/1160240?publication=0

გადაღებილი სულის ფრესკები

0

ნიკო სამადაშვილის პოეზია

 „მეტაფორამდე რა იყო? არა სამოთხე, არა ვაშლი,

ე. ი. არ შეჭამდი, არ წაწყდებოდი, ღმერთს არ გადაიკიდებდი,

ვერც გაახარებდი, ბიბლიას ვერ დაწერდი –

(„არ“ ნაწილაკის ნეგატივი – ფილოლოგიური თამაშები)…

მეტაფორა, უკვე, ტკივილი, გიჟური სიხარული ორ ტკივილს შორის,

ქვეცნობიერის ამოთრევა წიაღიდან კონვენციური მეხსიერების,

აქედანვე იკეთებ ქვეყანას: ნაცნობი ხეებისგან, სახლებისგან,

რომლებსაც თავბრუ არ ეხვევათ, კორპუსები გაჭირვებისაა,

ბუნებას თუ მიახმარ, აიღე, მაგ. მზის ჩასვლა,

მიამაგრე სახურავზე, თვალებს სევდიანი შვეული ხაზი

გამოუვათ, მისი ყურებით, ბედნიერი ლექსიც ესაა, აბა, სხვა რა?

(ლია სტურუა „გაიკეთე ქვეყანა!“)

ექსპრესიული და შთამბეჭდავია ნიკო სამადაშვილის მეტაფორისტიკა. ქადაგივით მყვირალი ქარი თუ ქაოსები, გზებს რომ კენკავენ; „მონასტრის ზღურბლთან შეშლილ მოლოზანს/ ღვინოს ასმევდა მოხუცი ბერი“ თუ „გაუხარელი ამინდები“ წუთისოფლის სასტიკ და ალოგიკურ მსჯავრზე მიგვანიშნებს; „ცივი უდაბნო“, „კამერებში მტრედების ბუდე“, როგორც თავისუფლება-ტუსაღობის წუთისოფლური ორსახოვნება; „წყევლა ესმოდათ ფეხმძიმე ნისლებს“; „სიჩუმე იდგა. შორს ღრუბელი დაბღლარძუნობდა,/უსულგულო ცის რიჟრაჟებთან შეანჩხლებული“; „ძვლებზე შემხმარი დაფიქრება და ქარიშხლები, „უდაბნოს ხვითქში გაზრდილი მასხარები“; საუკუნეებს მეხრედ გაყოლილი მათხოვარი და „გადმორბენა სამყაროსკენ“; მთაწმინდა, ტატო ბარათაშვილი „რომ ეჭირა ბალღივით“ და „ღვთისმშობელი, გაბუტული ჩვენს სიცოცხლეზე“, „დაფხრეწილი ფიქრები“ თუ „მთვრალი შეკითხვა – „გჯერათ თუ არა წარმავალობა!“.

„ბედნიერია“ ნიკო სამადაშვილის ლექსი? ერთი, რის დანამდვილებით თქმაც შეგვიძლია, მას ჭეშმარიტების სიმაღლეზე ავყავართ მკითხველები, სხვა რაღა ევალება პოეზიას და სხვა რაღაა ბედნიერება? თავად პოეტს რაც შეეხება, მას „გამოტოვებულად“ თვლიან დღემდე. ზვიად გამსახურდია ფიქრობდაო მის მთაწმინდაზე დაკრძალვას, მაგრამ ვერ განახორციელა. დღემდე არც ქუჩაა მისი სახელობისა, არც ძეგლი. განა, მისი დიდებული პოეზია ამას იმსახურებს?! მან, საბჭოთა წყობისგან არაერთხელ დასამარებულმა, მაინც შეინარჩუნა ტრადიციული ლექსთწყობა, ლექსის კონვენციურობა, საოცარი მეტაფორულობითა და ექსპრესიით სავსე „სისხლის ცრემლების ლავები“. მაგრამ მის პოეზიაში უდიდესი პროტესტია. მარტო კომუნისტური ჩარჩო არ აქვს ამ პროტესტს, ის ზოგადსაკაცობრიოა და ყველა ჩაკლული სულის ღაღადისი, თითქოს. ეს პროტესტი კი ზუსტად გამოიხატა თამაზ ჩხენკელის შთაბეჭდილებაში ნიკო სამადაშვილის პოეზიაზე: მისი ლექსები მოგვაგონებს გაუცრელი თიხისგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც თუმცა კი ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეული აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ პოეზიის ძელგი, შეურყვნელი, მაგარი ღვინით არიან სავსენი“.

ცხოვრება, როგორც „ყინულია, ცივი უდაბნო“, გინდ მარად ლექსის, ცისა და მარადისობის მოყვარული იყო კაცი ნიკო სამადაშვილივით. ეს წუთისოფლის მორიგი ოქსიმორონია. მან თავისი ბედი სიცოცხლეშიც და სიკვდილშიც იწინასწარმეტყველა („რა ოხრად გინდა, ყველამ შენზე ილაპარაკოს,/გაქონ, გადიდონ, ყველა ბრიყვი მტლადაც დაგედოს,/ არ გირჩევნია, ისე ჩუმად გადაიკარგო, რომ შენი ბინა მეეზოვემ ლანძღვით დაკეტოს?!“ – „ასეა მარად“). არაფერია გასაკვირი ამსოფლად, რადგან უამრავი არაღიარებული პოეტი, წმინდან-მოწამე თუ გმირია, „თვალებჩალეწილი ცხედრებით“ წასული მარადიულში. პოეტი სვამს კითხვას: „ან შეშლილ პოეტს ღვთისმშობელი რას დაჰყვებოდა!“, რომელიც ჟღერს ზუსტად ისე, როგორც გალაკტიონის „ჩემთან არ მოვა შენი ხსენება“. ვინ იცის მიზეზი ან გამოსავალი წუთისოფლის ამ „წყევლა-კრულვიანი საკითხავისა“?!

„ტლუ მათხოვარი სასაფლაოზე, შეცეცხლავს ცივი კერძის ნარჩენებს,

ძროხა იბღავლებს სასაკლაოზე, ყასაბს დასწყევლის და შეაჩვენებს“. („ბოლო“)

ესაა „ცრემლის გალობა“ ყოფიერების ტრაგიკულობაზე, სულის ტანჯვაზე რეალობაში, რომელშიც „დარიალთან ჩანგურს უკრავენ, თუ ვიღაც ცეკვავს რუსულ გარმონით?“. ნიკო სამადაშვილი ამ ჯერ კიდევ პერმანენტული, შხამიანფესვებგადგმული სინამდვილისადმი შეწირულია. მაგრამ ის, როგორც დიდი პოეტი, ძლევს დროის მსახვრალ მარწუხებს და მითოსურ ზედროულობამდე, გზნებამდე აჰყავს ის „მარადიული ღრიანცელით“ („მინდოდა ზეცა გადამერბინა /და საფლავები სტვენით ამეკლო“ – „გადმორბენა სამყაროსკენ“). ასეთია მისი პროტესტი, თავისავით დროის, სოციუმისა თუ „წუთისოფლის გერს“, გალაკტიონს წამებულს რომ უწოდებს („ქვეყანა იდგა და გწყევლიდა უდაბნოსავით“):

„ბალღი ვიყავი, ვკითხულობდი „მერის“ ფრაგმენტებს.

ურმით მიგქონდა პოეზიით გავსილი ჭური,

ხან კი გხედავდი, ამორძალთა სისხლიან ტუჩებს

ეწაფებოდი რაინდივით თვალდახუჭული“. („გალაკტიონ ტაბიძეს“)

შეიცვალა რამე ნიკო სამადაშვილის „ჩამყლაპავი“ რეალობიდან მოყოლებული? განა, ისევ არ ვჭამთ ერთმანეთს მგლებივით, როგორც ამბობს პოეტი?! განა, ისევ განგებ არ ვჩნდებით, რომ დავიღუპოთ „დედინაცვალ საქართველოში“?! მერე რომ მავანი მგზავრები მაინც „მოჰყვნენ ტიტინს“ ჩვენს ცხოვრებასა და ყარიბობაზე, „როგორც ჯაფარა“. ლექსში „როგორ დავკნინდით, გაგონილა?! როგორ ჯვარს ვეცვით!“ მინიშნებაა ამსოფლიური ტკბობით „მთვრალებზეც“, მათ დანგრეულ სხეულებს გულის სიწმინდე მაინც რომ შემორჩენიათ, „მერცხლის ბუდესავით“, რადგან ეს ღვთის კანონია: არ არსებობს დემონურად ბოროტი და ანგელოზებრივად კეთილი, იდეალური ადამიანი:

„ეს ეკლესია, შენ რომ გიყვარდა,

დილის საკენკით ათრობს ბეღურებს.

ვინც განდიდების კვერით დანაყრდა,

რა ეშველებათ, იმ უბედურებს“.

„რა ეშველებათ აპყრობილ ხელებს?!“, „ბედის ნაბიჭვრებს“, „ძირნაყარა ახალგაზრდებს“, კაკანათივით დაგებულ ქვეყნიერებას „კრიჭაშეკრულ სამრეკლოებთან“?! რა გვეშველება თითოეულ ჩვენგანს, იქნებ, მართლაც, „ბურუსის იქით ჩიტებივით დავიკარგებით!“, როგორც ასკვნის სევდიანი გრანდიოზულობით პოეტი („გული და ჯანღები“)?

იქნებ პრეისტორიულ მითოსს შეკედლებაა დროზე, ბედისწერაზე ამაღლება? ვინ იცის…

„წასვლა მიწიდან მეზარებოდა, ხავსივით მედო სახეზე ცრემლი…

ვიხედებოდი დასაბამისკენ. ღრუბლებს სანთლები სადღაც აენთოთ.

  • უნდა წახვიდე! – მისტვენდნენ გზები,
  • უნდა მსოფლიოს კიდევ გაენდო.

ვეხვეწებოდი შერყეულ ხელებს, პლანეტებს იქით ნუ იყურებით,

ბინდში ელავდნენ გრიგალებივით ღიმმორეული ნაფეხურები.

სადღაც ქარბუქი ლექსებს ამბობდა და ყურს უგდებდნენ სველი მტრედები.

ვიღუპებოდი უვარსკვლავებოდ, ვიწევდი მაღლა ფეხის წვერებით“. („დაუსაბამობის ხილვა“)

ვის უნდა სთხოვო კაცმა შველა? ყველა ადამიანი უძლურია განგებასთან, როგორც თუნდაც ნიკო სამადაშვილის სანუკვარი ერეკლე ტატიშვილი, რომელიც წავიდა და დარჩა პოეტური, შთამბეჭდავი განუმეორებლობით სავსე შთაბეჭდილება მასზე – „როცა გვხვდებოდი, ჩემს საგონებელს/ვფიქრობდი, ვუმზერ შუბლმაღალ ხეებს,/შენ რომ წახვედი, ასე მგონია, მთელი ქვეყანა თან გაიხვეტე“.

ხშირად ასე ჩაისეტყვებიან „თოვლზე დაღვრილი ღვინოს“ მსგავსი ადამიანები. მერე მუნათით დასაფლავება და მიტოვება – წუთისოფლის უცილო მსჯავრი სულით ფაქიზებს! რა, ილიას ასე არ ვუყავით ჩვენც, წუთისოფლურად?! ვისი ფიქრებიც „თეთრ ნისკარტებით ერის სიხარულს ეზიდებოდნენ“. „ჩვენი სამშობლოს აღთქმა“ კაცებსაც ტყვიას ვაჯენთ ხანდახან ნათელ შუბლებში! „მამულის ტვინსა და ზედაშეს“. მაგრამ მათი, ამ უბადლო „გუთნისდედების ხნული“ გადახნული საუკუნეთა ყამირია. მათ უკვდავებას, წარმავალი სიცოცხლესავით, ვერავინ წაართმევს!

„ვიღაც ღიღინით, ჩემს საფლავზე ბალახს გათიბავს,

იტყვის: რა კრულვით დაიღუპნენ მამა და შვილი!

თან კლდის ნატეხზე მიაწერავს ოდნავ ირიბად:

(აქ მარხია ჩვენი ნიკო სამადაშვილი)!“ („ის ყოველ ღამე დაეძებდა“)

მოვა დრო, ჩვენც ვისაუბრებთ იმაზე დიდხანს, „რაც სიცოცხლეში არ შეიძლება“. ისინიც ხომ ცდებოდნენ, როცა ეგონათ, სამშობლო გადაიკიდეს? („კიდევ“). მათ, უბრალოდ, არ ეყოთ „გზამიუვალი ბედნიერება“; წარსულმა მათზე იპაექრა, ეს გარდაუვალია, „სამყარო ჩვენ ქვეშ ნიადაგ მიჰქრის“ („სინანული“), მაგრამ როგორც იტყოდა დიდთაგანი: „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება?“ –

„ეკლესიის წინ ილოცებს გველი, საკმევლის სუნი გამოვა გარეთ.

რამდენი შფოთვა ვასხურეთ ნაღველს, ღმერთო! რამდენი ვიმგლოვიარეთ“. („სინანული“)

იქნებ არაა ამაო ეს სინანული ან ნაღველი, „სტრიქონების ქარაფებს“ დაფრქვეულ-შემსხვრეული თუ მკითხველთა სულის შემძვრელი, როგორც არნახული ბედნიერება („ცოდოა, ცოდო, ერთადერთი ბედნიერება“)? ბედის შრიალი, „ასე მწარე და სასაცილო“…ჩვენ კი, მო(მა)კვდავებს ბევრი დაგვრჩა გასაცინარი, მწარედ თუ სიამაყითაც. ჩვენი ქვეყანა, ასე საბედისწეროდ ტრაგიკული, ყოველთვის მოგვცემს ამის საბაბსა თუ საფუძველს. აბა, ვინ თქვა მასზე უფრო მძაფრად, ტრანსცენდენტურ ხილვასავით, ვიდრე ნიკო სამადაშვილმა?! –

„აქ თავის თათით ითხრიდა საფლავს მწყემსდაღუპული სოფლის ნახირი…

ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს, რომ გარეთ ჟონავს ჭაღის ნათელი.

ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მათხოვარს, რჯულდაწყვეტილი ორი ქართველი“. („უკანასკნელი ქრისტიანები“)

ბევრს არ იღებს ეს ქვეყანა. თუნდაც დღევანდელობაში ემიგრანტებს და შიდა ემიგრაციაში ტკივილით განმარტოებულებსაც, ჯვარცმულებსაც მაცხოვარივით. ყველაზე კარგად „მიწისკენ გზა“ ისწავლება აქ, სამწუხაროდ, და ვინც ამას აკეთებს, მასთან „სისხლიც ვერ შეგარიგებსო“, პოეტმა, რომლის მარადისობაში მკვიდრობაც საოცარია, ძლევა „სქელი სიბნელისა“. სიცოცხლეში ისე დავდივარო, ამბობდა, „თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები“. სხვათა შორის, წმინდანობისკენ მიმავალ გზაზე ამას ამბობდა აბო თბილელიც. ნიკოს ეგონა, რომ შთამომავლობა მას არ მოძებნიდა, არავის ენდომებოდა მისი ნაწერები, მაგრამ სიკეთე მძლეველია შორეულ პერსპექტივაში, ჩვენ მას მივმართავთ, ჩვენს მარად მეგზურს, ჭეშმარიტ ქართველ პოეტს:

„შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი“!!!

ფოტო: თბილისის მუზეუმების გაერთიანება

საშინაო დავალების რვეული -დათოს გემი

0

მეშვიდეკლასელების საშინაო დავალების რვეულებთან ერთად გავატარე ზაფხული. აკოკოლავებული რვეულების ყოველი დანახვისას თითქოს ჩემი მოსწავლეებიც ჩემთან ერთად იყვნენ. გიფიქრიათ, რამდენ გაკვეთილს, ფიქრს, შიშს, შეცდომას, სიხარულს, იმედგაცრუებას, სევდასა და აღმოჩენას იტევს ბავშვის საშინაო დავალების რვეული?

მაღალმთიანი რაჭიდან ზღვაზეც თან გავიყოლე რვეულების გროვა. ორი სექტემბრის დილას ვარდისფერ ზურგჩანთაში ხელი ჩავყავი და გავიფიქრე, რომელი მოსწავლის რვეულიც ამოჰყვება ხელს, სანაპიროზე თან წავიღებ-მეთქი. ჯერ დათოს რვეული ამოვიღე, შემდეგ – თამარის.

სავარჯიშო ხალიჩა, ცხელი ყავა თერმოსით, ასტრიდ ლინდგრენის „ჩვენც სალტკროკელები ვართ“ და ორი მოსწავლის რვეული – ამ ყოველივესთან ერთად ზღვისკენ გავწიე. ორი საათი მქონდა საკუთარ თავთან განმარტოებისთვის და უნდა მომესწრო კითხვა, წერა, ვარჯიში და ცურვა.

ულამაზესი დილა იყო. ზღვა ლივლივებდა, ცა კრიალებდა, სანაპიროზე გამორიყულ ხის გამხმარ ფესვებთან განვმარტოვდი. სავარჯიშო ხალიჩაზე მოვკალათდი. ადამიანები კანტიკუნტად მიმოდიოდნენ. იქვე მდინარე სეფა ზღვას უერთდებოდა და მეთევზეები ანკესებთან გაყუჩებულიყვნენ.

მერე ნაძვების ძირას ჩამოვჯექი. ბალახების ფონზე ზღვას ფოტოს  ვუღებდი, თეთრმა პეპელამ რომ ჩამიფრინა. გული დამწყდა, ფოტო რომ ვერ გადავუღე. თითქოს ჩემი ფიქრების პასუხად პეპელა მალევე დაბრუნდა და მოულოდნელად კადრშიც გაოჩნდა. ის დილა გულის ფიქრების მოსმენისა და სამყაროსთან მინიშნებებით საუბრისა იყო.

წიგნის კითხვა დავიწყე. სალტკროკაზეც სრულდებოდა ზაფხული და სექტემბერი დამდგარიყო. „რატომ მთავრდება ზაფხული ასე სწრაფად?“ – ასე ერქვა თავს, რომელსაც ვკითხულობდი.

„ზაფხულის ყველაზე უცნაური თვისება ის არის, რომ სწრაფად მთავრდება – წერდა მალინი თავის დღიურში“. – ეს ფრაზა წავიკითხე და მიწურულ ზაფხულზე დავფიქრდი.

„თითქოს გუშინ ჩამოვედით და ახლა ყველაფერი უნდა მივატოვოთ. რა ძნელია“. – ჩვენც იმ დღეს ვტოვებდით ზღვისპირეთს.

„რატომ მთავრდება ყველაფერი? ნაღებისკრემიანი ტორტი, ზაფხულები და თვით სიცოცხლეც?“ – ბოლო დროს მეც სულ დროის წარმავლობაზე ვფიქრობ-მეთქი, მივაწერე წიგნის არშიას.

შემდეგ თამარის რვეული შევარჩიე. თამარის ნაწერები 14 მაისს წავიკითხე, ზუსტად მის დაბადების დღეს. მაშინ შემაჯამებელი კომენტარის დაწერა ვერ მოვახერხე. თვალი გადავავლე თამარის დავალებებს და წერას შევუდექი. „ეს რვეული ჩვენს ერთად ყოფნას ინახავს. საუბარი რომ შეეძლოს, ნეტავ, რომელ დღეს შეარჩევდა?

შენ რას ფიქრობ ადამიანებზე, შენს შესაძლებლობებსა და გატაცებებზე? რისი კეთება მოგწონს? გიხარია სკოლის დაწყება? ნეტავ, კროსენსის ამბებად რას შეარჩევდი ამ ზაფხულიდან? გინახავს ოფოფი? რა გახსენდება ჩვენი გაკვეთილებიდან?“ – ეს ამონარიდია თამარისთვის მიწერილი წერილიდან.

მერე დათოს რვეული გადმოვიღე. ჩემი კომენტარები მხვდებოდა დროდადრო. მივადექი 19 ოქტომბრის დავალებას.  მაშინ დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონს“ ვკითხულობდით. გიო, წიგნის მთავარი პერსონაჟი, მამის მოსაძებნად შინიდან იპარება. ზურგჩანთაში თან წასაღებ ნივთებს ჩაალაგებს  და ამ ეპიზოდის შთაგონებით კლასშივე შემდეგი დავალების ინსტრუქციაც ჩამოვაყალიბეთ:

წარმოიდგინე, რომ გემით მიემგზავრები და მხოლოდ ათი ნივთის წაღების უფლება გაქვს. რომელ ნივთებს შეარჩევდი?

ეს დავალება მთელმა კლასმა ხალისით შეასრულა. დათუნას შავი ფანქრით გემიც დაუხატავს და სულ რამდენიმე ნივთი ჩამოუწერია. თავდავიწყებით უყვარს კალათბურთი და ძირითადად ამ სპორტული თამაშისთვის საჭირო ნივთები შეურჩევია.

ვიდექი ზღვის პირას, ვკითხულობდი 13 წლის ბიჭის ნაწერს და უეცრად ისეთი რამ შევნიშნე, სიხარულის ტალღებმა წამლეკა. როგორც აღვნიშნე, დათუნას რვეულში გემი დაეხატა და ჩემ წინ, შუა ზღვაში, ჰორიზონტზე თეთრი გემი უძრავად იდგა. წარმოიდგინეთ, ხელში მეჭირა დათუნას რვეული, 19 ოქტომბრის საშინაო დავალებას თითქმის ერთი წლის შემდეგ ვკითხულობდი, საშინაო დავალების ქვემოთ ხატია გემი და რვეულის მიღმა ზღვაში თეთრი გემი დგას. „მე ჩემს გემს დავარქმევდი „გემს“. – წერს დავალების ბოლოს დათუნა.

რა იყო ეს? როგორი ფიქრები აღმიძრა? რა დასკვნამდე მიმიყვანა?

ვაიოლეტ ოკლანდერი გამახსენდა. წიგნში „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ ის წერს: „ვფიქრობ, ბავშვებს ხშირად ეზარებათ წერა, რადგან სკოლები პირველ რიგში ყურადღებას აქცევენ მართლწერას, ფორმას, წინადადებების აგებულებას და ხელწერასაც კი. ეს ახრჩობს და გუდავს ბავშვის შემოქმედებით ნაკადს. ჩემი აზრით, გრამატიკა და მართლწერა უნდა განცალკევდებოდეს ნამდვილი წერისგან, ცალკე ან, შესაძლოა, მოგვიანებით უნდა ისწავლებოდეს, მას მერე, რაც ბავშვი წერას გაუშინაურდება“.

დათუნა მთელი სემესტრი უკანა მერხზე იჯდა. მისი დავალებები შეიძლება არ იყოს მოწესრიგებული, მაგრამ განა სწავლებისას მთავარი ის არის, ბავშვის ნაწერი იდეალური, ჩაწიკწიკებული, უშეცდომო იყოს?

არა, ეს არ არის მთავარი და თეთრი გემის დანახვამ სწორედ ამაზე მიმანიშნა. ამ ტექსტს კი იმისთვის ვწერ, რომ სხვასაც გავუზიარო ჩემი დაკვირვება და სხვის გულამდეც მივიტანო სათქმელი.

სწორედ ორი სექტემბრის დილას უნდა წამეკითხა კიდევ ერთხელ დათოს დავალება, რათა ბავშვის სათუთ სამყაროსთან ურთიერთობისას გამეცნობიერებინა მასწავლებლის ფხიზელი თვალის მნიშვნელობა

დათუნას რვეული 18 სექტემბრის დავალებით იწყება. ზაფხულის 9 ამბავი კროსენსით აქვს გაცოცხლებული, კერძოდ, 9 კვადრატში 9 მნიშვნელოვანი მოვლენა დაუხატავს, ქვემოთ კი წერილობითი ტექსტი დაურთავს: „დღეს ადრე გავიღვიძე და ვიცოდი, რომ დღეს ყველაზე მაგარი დღე იქნებოდა“. 13 წლის ბიჭის წინადადებები ჩემი დღის მოკლე აღწერაც იყო.

კროსენსს საკლასო ჩანაწერები მოჰყვება, დავალების ინსტრუქციაც ჩაუნიშნავს – თავისუფალი თემა სახელად „ჩემი სახლის წინ“ და მოკლე, მაგრამ ულამაზესი თხზულება დაუწერია. 19 სექტემბერს რედაქტირებაზე გვიმუშავია: აბზაცი, სასვენი ნიშნები, მართლწერა, წინადადებების აზრობრივად გამართვა, მხატვრული ხერხები, დეტალები, ხმამაღალი წაკითხვა – ყველაფერი გულისხმიერად გადაუწერია დაფიდან ბოლო მერხზე მჯდომს.

რამდენიმე დღეში მთელ კლასს დავავალე ერთმანეთის ფიქრების შესახებ დაწერა. დათოს სწორად გაუგია ინსტრუქცია და ნატალის ფიქრები გაუცოცხლებია.

თავისუფალი თემის „ბავშვობის დღეები“ ინსტრუქციას, რომელიც ერთად შევიმუშავეთ კლასში, მოჰყვება დათოს თემა. იქვე ჩემი კომენტარიც ვიპოვე.

ჩაღრმავებული კითხვის მეთოდის სქემა, გოდერძი ჩოხელის ბიოგრაფიის გაცნობისას მინილექციის ჩანაწერი, მეტყველების ნაწილების ამსახველი ცხრილი და ახალი სიტყვები „ეთერიანიდან“: ყმა, აბჟანდი, ფეტვი, ბროლი, გულისწადილი, ალვის ხე, კომლი, მკბენარი, გამტკიცული, ხვინჭა, ყორანი ბანი, ყაჭ-აბრეშუმი… Corbus Corax, Panicum miliaceum – ყორნისა და ფეტვის ლათინური სახელწოდებები – გაკვეთილზევე ვიპოვეთ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში.

19 ოქტომბერს კლასში ფრაზეოლოგიზმებზე გვიმუშავია: სულს ებრძოდა, სული დალია, ერთი სული მაქვს, სულით დაეცა, სულმა წასძლია… ვკითხულობ დათოს რვეულს და თვალწინ ჩამირბინა ბავშვებისთვის გაღებულმა ძალისხმევამ, აღმოჩენებისა და ცოდნის გაზიარების ულამაზესმა პროცესმა. დათოს რვეულში დრო 26 ოქტომბერს ჩერდება. საქმე ის არის, რომ ბავშვებს ქართულის დავალებებისთვის ორი რვეული აქვთ. მაშინ მთელი კლასის რვეულები შინ წამოვიღე და დროულად ვერ დავაბრუნე. მუშაობა მეორე რვეულში განაგრძეს. სამაგიეროდ, ასეთი დაუვიწყარი თავგადასავლები გადაგვხდა თავს მე და ჩემი მოსწავლის რვეულებს.

ორი სექტემბრის დილა დათოს და თამარის რვეულებთან ურთიერთობამ დაუვიწყარი გახადა. იმ დილას დათოს რვეულს ვიდეო გადავუღე. გადავწყვიტე, ეს წერილი ვიდეოს ფონზე წავიკითხო, ამგვარად ამბის მულტიმედიური ასახვა ვცადო და თქვენც გაგიზიაროთ.

 

 

როგორ დავგეგმოთ გაკვეთილი AI-ს გამოყენებით

0

ჩვენი ცხოვრება ძალიან სწრაფად იცვლება, ტექნოლოგიები ხომ სინათლის სიჩქარით ვითარდება. ეს გაზვიადებული ნათქვამია, მაგრამ სიმართლესთან მაინც ახლოსაა. მე მასწავლებელი ვარ და ყველა ცვლილებას უნდა ავუწყო ფეხი. რა თქმა უნდა, ყველაფერს პირდაპირ არ ვიღებ და კრიტიკულადაც განვიხილავ, მაგრამ ბევრ ცვლილებაში სარგებელს ვპოულობ. ეს მეხმარება მოსწავლეებთან ურთიერთობაშიც და პროფესიულ განვითარებაშიც. მუდმივად თვითრეფლექსიის პროცესში ვარ და ასე ვვითარდები როგორც პიროვნება და როგორც მასწავლებელი. ხელოვნური ინტელექტიც უკვე მეოთხე წელია შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, შემოვიდა და ჩავებღაუჭე, მისი შესწავლა და ჩემ სასარგებლოდ გამოყენება დავიწყე.

ჩემი წერილი AI-ს გამოყენებით გაკვეთილის დაგეგმვას ეხება.

ძალიან საინტერესო სასწავლო რესურსი ვთარგმნე ლიზოსომების დაზიანებით გამოწვეულ დაავადებაზე, ბევრი ვიფიქრე, რა მეთოდით მიმეწოდებინა მოსწავლეებისთვის, აქტივობებიც ხომ უნდა მომეფიქრებინა და უცებ… გავხსენი https://chatgpt.com/ ბმული და დავსვი კითხვა: how plan lesson about lysosome deases?

რამდენიმე წამში გაკვეთილის გეგმის მონახაზი მზად იყო. მას უცვლელად გთავაზობთ. გეგმა არ შეესაბამება 45-წუთიან გაკვეთილს, თუმცა თუ დასაწყისშივე სწორად მივუთითებთ დროს, არც ეს პრობლემა გაჩნდება. საზოგადოდ, რაც უფრო ზუსტად აუხსნი ხელოვნურ ინტელექტს, რა გჭირდება, მით უკეთეს პროდუქტს შემოგვთავაზებს.

  1. გაკვეთილის მიზნები:
  • გაიგოს რა არის ლიზოსომა და რა ფუნქციას ასრულებს უჯრედში;
  • დაასახელოს ლიზოსომების დაზიანებით გამოწვეული დაავადებები და აღწეროს სიმპტომები;
  • განიხილოს ორგანიზმზე დაავადების გავლენა;
  • იმსჯელოს მკურნალობის გზებზე და კვლევის მეთოდებზე.
  1. შესავალი (10-15 წუთი)
  • მოტივაციის აღძვრისთვის დაიწყე მცირე ვიდეოთი ან ანიმაციით, რომელიც გამოსახავს ლიზოსომას და მის როლს უჯრედულ მონელებაში.
  • განმარტე ლიზოსომა: ის არის ორგანოიდი, რომელიც შეიცავს მომნელებელ ფერმენტებს, რომლებიც შლიან ნარჩენ ნივთიერებებსა და დაბერებულ უჯრედებს.
  • მოკლე მიმოხილვა: მოკლედ ჩამოთვალე, რას გაიგებენ მოსწავლეები ლიზოსომის დაზიანებით გამოწვეული დაავადებების შესახებ.
  1. ძირითადი შინაარსი (30 წუთი)
  • ლიზოსომის ფუნქციები:
  • დეტალური ახსნა – აღწერე უჯრედში ლიზოსომის როლი. გამოიყენე დიაგრამა ან მოდელი, რომელიც აჩვენებს, როგორ მუშაობს ორგანოიდი.
  • ინტერაქტიული აქტივობა: მოსწავლეები შექმნიან ლიზოსომის მარტივ სქემას და მიუთითებენ მის კომპონენტებს.
  • ლიზოსომური დაავადებები:
  • დაავადების ტიპები: დაასახელე რამდენიმე დაავადება, მაგალითად თეი-საქსის სინდრომი, გოშეს დაავადება, ფაბრის დაავადება;
  • გამომწვევი მიზეზები და ეფექტი: ახსენი, რატომ იწვევს ფერმენტების დეფიციტი სხვადასხვა ნივთიერების დაგროვებას უჯრედში, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა დაავადებას.
  • სიმპტომები და ეფექტი: აღწერე ზოგადი სიმპტომები და მოსწავლეებს აუხსენი, რა გავლენას ახდენენ ისინი ორგანოთა სისტემებზე;
  • ქეისებით სწავლება: გამოიყენე ნამდვილი, ცხოვრებისეული ისტორია ცხოვრების ხარისხზე დაავადების გავლენის საილუსტრაციოდ.
  • მკურნალობა და კვლევები:
  • მკურნალობის მეთოდები: ისაუბრე მკურნალობის ხელმისაწვდომ გზებზე, როგორიცაა ენზიმის ჩანაცვლებითი თერაპია და გენური თერაპია;
  • კვლევები: მოკლედ მიმოიხილე ცნობილი კვლევები მკურნალობის უკეთესი გზების საპოვნელად.
  1. ინტერაქტიული კომპონენტი (20-30 წუთი)
  • ჯგუფური აქტივობა: მოსწავლეები დაყავი მცირე ჯგუფებად, თითოეულს შესთავაზე კონკრეტული დაავადება. მათ უნდა შექმნან საპრეზენტაციო მასალა ან პოსტერი, სადაც აღწერილია ზოგადი სიმპტომები, მკურნალობის გზები.
  • საკლასო დისკუსია: თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ნამუშევარს და უპასუხებს სხვა ჯგუფების მიერ დასმულ შეკითხვებს.
  1. დავალება (10-15 წუთი)
  • ქვიზი ან რეფლექსია: შეეხება ახალ საკითხს ლიზოსომისა და დაავადებების შესახებ.
  1. შეჯამება (5-10 წუთი)
  • განიხილე გაკვეთილის ძირითადი პუნქტები;
  • კითხვა-პასუხისთვის მოიტოვე დრო.
  1. დამატებითი რესურსები:
  • Handout: მოკლედ ჩამოწერე ახალი ტერმინები და განმარტებები;
  • მულტიმედია: მოძებნე ვიდეო ან ანიმაცია, შესაძლებელია სიმულაციაც.
  1. დიფერენცირება სწავლის სტილის გათვალისწინებით:
  • ვიზუალური მსწავლელებისთვის: გამოიყენე ვიდეო, დიაგრამა ან ფოტო;
  • აუდიალებისთვის: ჩაწერე მცირე ლექცია;
  • კინესთეტიკებისთვის: შეარჩიე ხელით საკეთებელი აქტივობა ან პროექტი.

 

ქვემოთ მოცემულია ქეისი ჰანას შესახება, რომლის გამოყენებითაც ძალიან საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა. ლიზოსომის აგებულება მეათე კლასში ისწავლება და შეესაბამება მოსწავლეთა ასაკობრივ შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია, მოსწავლეები მივახვედროთ, რომ ერთი ორგანოიდის დაზიანებასაც კი შეუძლია, მძიმე დაავადება გამოიწვიოს. მათ უნდა გავააზრებინოთ, რომ რაც უფრო ადრე მოხდება დაავადების დიაგნოსტირება, მით უფრო ადვილია მკურნელობით შედეგის მიღება. ასევე უნდა დავარწმუნით, რომ გარკვეული პერიოდულობით ექიმთან მისვლა კულტურის ნაწილი და ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

 

რა არის გოშეს დაავადება?

(ჰანას ისტორია)

(http://www.childrensgaucher.org/family-stories/a-visitor-from-heaven-hannah-colwell/ )

„ჰანა ბედნიერი, ჯანმრთელი ბავშვი იყო, ყველაზე მომხიბვლელი ღიმილი ჰქონდა, სასაცილო გადაჯვარედინებული თვალებით. მე მას ჯვარედინთვალებიან პატარას ვეძახდი. ვფიქრობდი, რომ პრობლემა თავისით მოგვარდებოდა, მაგრამ უკეთესობა არა და არ შეიმჩნეოდა. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ მხოლოდ ქირურგიული ჩარევა და შემდგომ სათვალის ტარება გამოიღებდა შედეგს.

დაახლოებით 3 თვე-ნახევრის ასაკში შევამჩნიე ცვლილება ჰანას მდგომარეობაში. უფრო მეტიც, ერთ დღეს, როცა ეძინა, მის საწოლთან ხმამაღალი ლაპარაკი დავიწყე და მივხვდი, რომ ჰანამ სმენა დაკარგა. მაინც მჯეროდა რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა.

4 თვის ასაკში ჰანა ვერ ეგუებოდა სმენის აპარატებს. ტირილიც შეიცვალა. წონის მატებაც შეჩერდა.

ჩემი გადაჯვარედინებულთვალება გოგო, რომელიც წინათ სულ იღიმოდა, ახლა უმეტესად მოწყენილი, მოღუშული და დაღლილი იყო.

თითქოს ყველაფერი გავიგე, რაც ექიმმა მითხრა, მაგრამ ერთი წინადადება: „ეს დაავადება ფატალურია“, – ვერაფრით გავიაზრე, თითქოს ვიღაცამ გული ამომგლიჯა სხეულიდან“.

ეს ამონარიდია ჰანას დედის ჩანაწერიდან.

 

რა სჭირს ჰანას?

1882 წელს ფრანგმა ექიმმა ფილიპ შარლ ერნესტ გოშემ პირველად აღწერა კლინიკური სინდრომი 32 წლის ქალისა, რომელსაც ღვიძლი და ელენთა წაგრძელებული ჰქონდა.

გოშეს დაავადება მემკვიდრეობითია და მრავალ ორგანოსა და ქსოვილზე ზემოქმედებს. დაავადების ნიშნები და სიმპტომები მკვეთრად განსხვავებულია დაავადებულებთან.

გოშეს დაავადება ტიპი 1 ამ მდგომარეობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მას ასევე უწოდებენ გოშეს არანეიროპათიურ დაავადებას, რადგან არ მოქმედებს თავისა და ზურგის ტვინზე. მდგომარეობა მსუბუქიდან მძიმემედე იცვლება და შესაძლოა დაბადებიდან სრულწლოვნებამდე გამოვლინდეს. არ არის სასიკვდილო. ძირითადი ნიშნებია ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ანემია, სისხლჩაქცევები, რომლებიც გამოწვეულია თრომბოციტების ნაკლებობით და ძვლის ანომალიები.

გოშეს დაავადება ტიპი 2 ცნობილია როგორც ნეიროპათიური ფორმა, რადგან გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ასევე ახასიათებს თვალების არაბუნებრივი მოძრაობა, კრუნჩხვები და ტვინის დაზიანება. გოშეს დაავადების მეორე ტიპი ქმნის სიცოცხლესთან შეუთავსებელ პრობლემებს, ამიტომ ბავშვები უმეტესად სამ წლამდე ცოცხლობენ.

 

  1. რომელია ჰანას ძირითადი სიმპტომი?
  2. გოშეს დაავადების რომელი ტიპი აქვს ჰანას?

 

რა იწვევს ჰანას სიმპტომებს?

GBA გენის მუტაცია იწვევს გოშეს დაავადებას. GBA გენი აკოდირებს ფერმენტ ბეტა-გლიკოცერებროზიდაზას, რომელიც გლუკოცერებროზიდს გლუკოზამდე და ცერამიდამდე შლის. ეს უკანასკნელი მიეკუთვნება ცხიმებს.

ფერმენტის ნაკლებობისას უჯრედში გროვდება გლუკოცერებროზიდის ტოქსიკური რაოდენობა, უმთავრესად – მაკროფაგების ლიზოსომებში. მაკროფაგები სისიხლის თეთრი უჯრედებია, რომლებიც ნივთიერებებისა და ნარჩენების გადამუშავებაში მონაწილეობს. როცა უჯრედები მათში ცხიმოვანი ნივთიერების დაგროვების გამო წაგრძელდება, მათ უწოდებენ გოშეს უჯრედებს. დაავადებას მოიხსენიებენ როგორც „მარაგის დაავადებას“, რადგან მის სიმპტომებს ლიპიდების დაგროვება იწვევს. თუ დაგროვება გაგრძელდა, ლიპიდით სავსე გოშეს უჯრედები მთლიანად ჩაანაცვლებენ ჯანმრთელ უჯრედებს და ამით გავლენას მოახდენენ ქსოვილებისა და ორგანოების ფუნქციობაზე. დასასრულ, დიდდება ელენთა და ღვიძლი, ყალიბდება ანემია, დაღლილობის შეგრძნება, ზიანდება ძვლოვანი ქსოვილი და ვითარდება ტკივილი.

ნეიროპათიური ფორმის დროს გოშეს უჯრედები გროვდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ყალიბდება სხვადასხვა სახის სიმპტომები თვალების უცნაური მოძრაობის, ყლაპვის გართულების, კრუნჩხვების, კუნთების კოორდინაციის დარღვევის, ატაქსიისა და სმენის პრობლემების ჩათვლით.

  1. რატომ უწოდებენ გოშეს დაავადებას „დაგროვების დაავადებას“?
  2. როგორ იცვლება სისხლის თეთრი უჯრედები, მაკროფაგები, გოშეს დაავადების დროს?
  3. რა კავშირია ლიზოსომასა და გოშეს დაავადებას შორის?
  4. ისეთი იშვიათი დაავადებების მკურნალობისთვის საჭირო კვლევები, როგორიცაა გოშეს დაავადება, არ ფინანსდება, რადგან ადამიანების მცირე რაოდენობაზე ზემოქმედებს. შემოგვთავაზე სავარაუდო გზა გოშეს დაავადების სამკურნალოდ.

ლიზოსომების დაზიანებით გამოწვეულ დაავადებებს ასევე მიეკუთვნება ბატენის დაავადება და თეი-საქსის სინდრომი.

 

წყარო:http://www.gaucherdisease.org/gaucher-disease-type2-type3.phphttp://www.childrensgaucher.org/

http://www.nature.com/gim/journal/v8/n1/full/gim20062a.html

 

 

 

სასწავლო მენიუ – დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტი

0

დიფერენცირებული სწავლება მიზნად ისახავს, თითოეული მოსწავლის უნიკალური საჭიროებების დაკმაყოფილებას. მისი  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სასწავლო მენიუ, რომელიც ბავშვებს აძლევს არჩევანის თავისუფლებას და მასწავლებელს აძლევს საშუალებას უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს მისი მოსწავლეების შესაძლებლობების და ცოდნის შესახებ.

მინდა გაგიზიაროთ მარტივი სასწავლო მენიუ, რომელიც პირველ კლასში მათემატიკის გაკვეთილის ფარგლებში მოვამზადე. თემა გეომეტრიული ფიგურები.   ამ ინსტრუმენტმა საშუალება  მისცა ჩემს მოსწავლეებს, რომ სწავლების პროცესში აეღოთ პასუხისმგებლობა და  თავიანთი ინტერესების და ცოდნის შესაბამისად  და  ასე შეასრულეს დავალება.

სასწავლო მენიუ სამი ბლოკისაგან შედგება:

სავალდებულო დავალებები –  ყველა მოსწავლისთვის ერთნაირია. ეს დავალებები მოიცავს გეომეტრიულ ფიგურებთან დაკავშირებულ აქტივობებს, სადაც მოსწავლეებს ევალებათ ფიგურების გაფერადება და მათი რაოდენობის დათვლა. ასეთი აქტივობები აოსტატებს მოსწავლეს ფიგურების ამოცნობაში და  ხელს უწყობს საბაზისო მათემატიკური უნარების განვითარებას.

არჩევითი დავალებები – ამ ბლოკიდან მოსწავლემ  ერთ-ერთი მაინც უნდა შეასრულოს.  ეს ბლოკი საშუალებას  აძლევს მოსწავლეებს მათი: ინტერესების, შესაძლებლობების, ცოდნის შესაბამისად გააკეთონ არჩევანი.   მაგალითად, რობოტის აპლიკაციის შექმნა ფერადი ფურცლებით ხელს უწყობს ბავშვის ვიზუალურ-კონსტრუქტივისტული  უნარების განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარების ამ ეტაპზე.

არასავალდებულო დავალებები: ამ კატეგორიის დავალებებიდან მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ რამდენიც უნდათ ან არცერთი. არასავალდებულო დავალებები, როგორიცაა ფიგურების მიმდევრობის გაგრძელება და კანონზომიერების დაცვით მათი გაგრძლება, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს განავითარონ ლოგიკური აზროვნება და კრეატიულობა.

სასწავლო მენიუ თითოეულ მოსწავლეს საშუალებას აძლევს იმუშაოს: მისი ინტერესების, სწავლის სტილის,  სწავლის ტემპის  შესაბამისად და ჩაერთოს მასში იმ დავალებებით, რომლებიც მათთვის საინტერესო და ადაპტირებულია. ეს მეთოდი ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებაში, რაც საბოლოოდ აუმჯობესებს მოსწავლეთა სწავლის პროცესს და მოტივაციას.

დიფერენცირებული სწავლების ასეთ ფორმატს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ კლასში, რადგან იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაძლიერებას და მრავალმხრივი უნარების განვითარებას, რაც საფუძველს უყრის მათ შემდგომ წარმატებას.

მარტივი, სასწავლო მენიუს ნიმუში

მოსწავლის სახელი, გვარი  __________________________________

საგანი: მათემატიკა

კლასი  I

თემა: გეომეტრიული ფიგურები

სავალდებულო დავალებები (უნდა შეასრულოთ ყველა დავალება).

I.გააფერადე: სამკუთხედები წითლად, კვადრატები – ცისფრად, წრეები – მწვანედ.

  1. დათვალე რამდენი იყო თითოეული ფიგურა წინა დავალებაში:

 

II.არჩევითი დავალებები (უნდა შეასრულოთ ჩამოთვლილთაგან ერთი დავალება მაინც):

  1. გააკეთე რობოტის აპლიკაცია ფერადი ფურცლებით:

  1. შეასრულე ნიმუშის მიხედვით:

III.არასავალდებულო დავალებები (მოცემული დავალებებიდან შეგიძლიათ შეასრულოთ, რამდენიც გინდათ ან არცერთი):

  1. ჩახატე მომდევნო ორი ფიგურა და გააფერადე შესაბამისად:

2.განაგრძე მიმდევრობა და გააფერადე კანონზომიერად შენ მიერ შერჩეული ფერებით:

სასწავლო მენიუს შესრულების შემდეგ მასწავლებელს მოუწევს სხვადასხვა ტიპის უკუკავშირის გაკეთება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა  ინდივიდუალური განვითარების მონიტორინგსა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებას. უკუკავშირი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

  შექება და პოზიტიური უკუკავშირი – მასწავლებელს უნდა შეაქოს მოსწავლეები შესრულებული დავალებების ხარისხისთვის, განსაკუთრებით სავალდებულო დავალებების შესრულებისას. შექება უნდა იყოს კონკრეტული და აღწეროს რა არის კარგად გაკეთებული (მაგ., „ გააფერადე სამკუთხედები, ზუსტად მიყევი მითითებებს“). ეს აძლიერებს მოტივაციას და დადებით განწყობას.

  დავალებების ხარისხის შეფასება – მასწავლებელი ყურადღებას უნდა მიაქციოს თითოეულ დავალებას და განსაზღვროს, რამდენად სწორად და ეფექტურად განახორციელა მოსწავლემ მისი შესრულება. სავალდებულო დავალებებში უნდა შეფასდეს ზუსტი შესრულება, მაგალითად, ფიგურების სწორად გაფერადება და მათი რაოდენობის განსაზღვრა.

  გამაძლიერებელი რჩევები – თუ მოსწავლეს შეექმნა სირთულეები არჩევით ან არასავალდებულო დავალებებში, მასწავლებელმა უნდა მისცეს რჩევები და მიმართულებები, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს შედეგი (მაგ., „შეგიძლია ფიგურების ჩახატვისას ყურადღება გაამახვილო უფრო ზუსტ ფორმებზე, რადგან ეს გააუმჯობესებს შენს შედეგებს“).

  პერსონალიზებული უკუკავშირი – დიფერენცირებული სწავლების პროცესში უკუკავშირი ინდივიდუალურად უნდა მოერგოს თითოეულ მოსწავლეს. მასწავლებელი უნდა შეაფასოს თითოეული მოსწავლის უნარები და პროგრესი მათი უნიკალური საჭიროებების მიხედვით. მაგალითად, თუ მოსწავლეს უჭირდა რობოტის აპლიკაციის შექმნა, მასწავლებელმა შეიძლება შესთავაზოს ალტერნატიული ტექნიკა ან  გამარტივებული დავალება, რომ გაუადვილოს მისი შესრულება.

  სამომავლო განვითარების გზების ჩვენება – მასწავლებელი უნდა მიუთითოს მოსწავლეს, რა შეიძლება გააუმჯობესოს მომდევნო აქტივობებში, რათა გააძლიეროს თავისი უნარები. ეს შეიძლება იყოს როგორც აკადემიური, ასევე კრეატიული მიმართულებები (მაგ., „შენი ნიმუში შესანიშნავი იყო, მომდევნო დავალებაში შეგიძლია მეტი ფერები გამოიყენო, რათა რობოტი უფრო მრავალფეროვანი გახდეს“).

  დაინტერესების გაზრდა – მასწავლებელმა უნდა მოიძიოს გზები, რათა თითოეულ მოსწავლეს დაეხმაროს ინტერესის გაღრმავებაში იმ დავალებების მიმართ, რომლებიც მისთვის რთულად გამოიყურება. მაგალითად, არასავალდებულო დავალებების დროს, თუ მოსწავლე ვერ ართმევს თავს კანონზომიერებების დადგენას, მასწავლებელმა შეიძლება შესთავაზოს დახმარება ან სასწავლო რესურსი, რომელიც ამ პროცესს გაამარტივებს.

  მთავარია, რომ უკუკავშირი იყოს პოზიტიური, ხელშემწყობი და მოსწავლისთვის გასაგები, რაც გააძლიერებს მის სწავლის პროცესს და გაზრდის მოტივაციას.

 

წერის სიყვარული

0

„ვწერ, რადგან წავიკითხე“  – ტონდელის ეს სხარტი ფრაზა ერთსა და იმავე დროს მწერლებსაც გულისხმობს და მკითხველებსაც, ხოლო მათთან ერთად – იმ სინერგიულ პროცესს, როცა კითხვა და წერა თანაბარი ძალით ზემოქმედებს ადამიანზე, ან პირიქით – ადამიანი თავისი შთაგონებით და ფიქრის სიმძლავრით ზემოქმედებს დროსა და სივრცეზე და ქმნის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ფენომენს – ლიტერატურას.

სწორედ ამ პროცესზე, წერისა და კითხვის ფიზიკურ-მეტაფიზიკურ ნიუანსებსა და მათ პრაქტიკულ მნიშვნელობაზე მოგითხრობთ წიგნი „წერის სიყვარული“, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ნუნუ გელაძემ თარგმნა იტალიურიდან და უნივერსიტეტის გამომცემლობამ დასტამბა. ამ წიგნის ავტორი ცნობილი იტალიელი მწერალი, დრამატურგი, რეჟისორი, ჟურნალისტი და მთარგმნელი  დაჩა მარაინია. ის მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი. ქართველი მკითხველი მის რომანებს სწორედ ნუნუ გელაძის თარგმანების წყალობით იცნობს („ხმები“, „გოგონა და მესიზმრე კაცი“).

„წერის სიყვარული“ პუბლიცისტური რომანია, თუმცა თავისი შინაარსითა და სტრუქტურით, ჩამთრევი ფიქრით და დიალოგის დინამიკით ერთ მთლიან მხატვრულ რომანადაც შეგვიძლია წავიკითხოთ. ის ნამდვილი შენაძენია ლიტერატურის მოყვარულთათვის, მასწავლებლებისთვის, მომავალი მწერლებისთვის.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: იტალიურ არხ Rai-ზე ორი სეზონის განმავლობაში გადიოდა გადაცემათა ციკლი „მე ვწერ, შენ წერ“, სადაც დაჩა მარაინი წერასთან დაკავშირებულ თემებს განიხილავდა. ამ გადაცემებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. შეიძლება ითქვას, რომ წიგნი „წერის სიყვარული“ სწორედ იქ, იმ გადაცემათა ციკლში იწყება.

„წიგნში, რომელიც სატელევიზიო გადაცემის „მე ვწერ, შენ წერ“ კვალდაკვალ დაიბადა, დაჩა მარაინი საოცარი სიმსუბუქით მიგვიძღვება კითხვისა და წერის გზებზე. შევყავართ თავის ლაბორატორიაში და გატაცებითა და მორიდებით  გვანდობს მწერლის ხელობის საიდუმლოებებს, გვაძლევს მითითებებს და რჩევებს, გვთავაზობს წასაკითხ მასალას და სავარჯიშოებს, ამოწმებს და ასწორებს დამწყებ მწერალთა ტექსტებს. გვიხსნის პროზაულ თუ პოეტურ ტექსტებში ჩამალულ მექანიზმებს იმგვარად, რომ ვსწავლობთ, როგორ აღმოვაჩინოთ სიცოცხლის ერთ-ერთი უიშვიათესი მადლი – კითხვით ტკბობა“, – ვკითხულობთ წიგნის შესავალში.

ამ წიგნის გაცნობისას პირადი შთაბეჭდილება გამახსენდა – სტუდენტობის პირველი დღე და პირველი ლექცია ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობაზე, როდესაც ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვახუშტი კოტეტიშვილმა, ჩვეული ხავერდოვანი ბარიტონით და დინჯი გულწრფელობით გვითხრა: მე წერას ვერ გასწავლით, მაგრამ შევეცდები, კარგ მკითხველებად გაქციოთო.

ბატონი ვახუშტის ეს ფრაზა სამუდამოდ დამამახსოვრდა. კარგ მკითხველად ქცევაც ისეთივე იდუმალი და თავგადასავლებით სავსე პროცესი აღმოჩნდა, როგორიც ნებისმიერი სხვა მეტაფიზიკური მოგზაურობა შთაბეჭდილებათა თუ წარმოსახვათა სამყაროში. გარდა ამისა, ვირწმუნე, რომ კარგი მკითხველობა კარგ მოქალაქეობასაც ნიშნავს და, შესაბამისად, კითხვა სულაც არ არის მხოლოდ თავშესაქცევი/გასართობი  მომენტი. დაჩა მარაინის ამ თეორიულ-პრაქტიკული საუბრებით სავსე წიგნმა ჩემს რწმენასა და ფიქრებში კიდევ უფრო განმამტკიცა.

„ლიტერატურა ჭეშმარიტი სიხარულის, ტკბილი განცდის წყაროა, და არა შინაარსის, რომელსაც წიგნები გვთავაზობენ, არამედ იმის გამო, რომ კითხვა ადამიანის ინდივიდად ჩამოყალიბებისთვის დიდი წვრთნაა. კითხვის პროცესში ამბის, საუბრის, ფიქრის, ფანტაზიის, ოცნების საგნად, ინდივიდად გარდავიქმნებით და ამ გარდაქმნას არც დასასრული აქვს, არც საზღვარი და არც პაუზა.   ამიტომაცაა წერა შეუძლებელი, თუ არ კითხულობ“, – წერს დაჩა მარაინი.

ვივიანა როზი თავის წინასიტყვაობაში განმარტავს: „ეს არ გახლავთ რჩევების კრებული… ეს წიგნი უფრო შეკითხვების კრებულია და ამ შეკითხვებს მოსდევს მოსაზრებანი, რომლებიც ერთმანეთში ჯაჭვის რგოლებივით იკვრება და ხანმოკლე პოლიფონიებს წარმოშობს“. ამ შეკითხვებს შორის, ცხადია, დომინანტურია: რატომ ვკითხულობთ? რატომ ვწერთ? დაჩა მარაინის დიალოგები თავის კოლეგებთან სწორედ ამ შეკითხვებით იწყება.

საგულისხმო იყო იმ ფაქტის აღმოჩენა, რომ მკითხველთა რაოდენობით იტალია ბოლო ადგილზეა ევროპაში. ამის მიზეზს დაჩა მარაინი იტალიური ენის „ძნელად ჩამოყალიბების ისტორიაში“ ხედავს. თუმცა წერა გაცილებით მეტს უყვარს, ვიდრე კითხვა.

„კითხვა ბავშვობიდანვე წარმოადგენს შთამაგონებელ გამოცდილებას. და ძალზე მნიშვნელოვანია, წიგნთან ურთიერთობა ფამილარული იყოს, ვიდრე იგი ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობად გადაიქცევა. წიგნები ფიზიკურად უნდა გაიცნო, ხელი უნდა შეავლო, დაყნოსო, თან ატარო“, – ამბობს დაჩა მარაინი და თანამოსაუბრეებს რეფლექსიისთვის ახალ თემას სთავაზობს – რას და როგორ (არ) კითხულობენ ბავშვები და დიდები.

„წერის სიყვარულს“ პირუთვნელობაც გამოარჩევს – მოსაუბრეები გულწრფელად, ღვლარჭნილი კეკლუცობის გარეშე განიხილავენ მათთვის მნიშვნელოვან თემებს, საუბრობენ პირად გამოცდილებებზე, ტკივილებზე, კომპლექსებზე, შიშებსა და სტიგმებზე. ბუნებრივად იგრძნობა სიმართლის ეს ატმოსფერო, რაც სწორედ მთავარი ინტერვიუერის – დაჩა მარაინის მორიგი შემოქმედებითი პროცესის ნაწილია.

მაგალითად, კითხვაზე, უნდა გააკეთოს თუ არა მწერალმა გათვლები მკითხველთან მიმართებით, პასუხი ერთმნიშვნელოვანია: გამაღიზიანებელია ზოგიერთ კომერციული მწერლის ბედნიერი, ვულგარული თვითკმაყოფილება. „კომერციული ლიტერატურა ეთვალთმაქცება მკითხველს, შთაბეჭდილებას უქმნის, რომ ჩართული ჰყავს ძალიან მაღალი დონის კულტურულ მოვლენაში. სინამდვილეში, ამის იქით შესაძლოა არც არაფერი იყოს“. შესაძლოა, წერის სურვილიც გქონდეს და ცოტ-ცოტა გამოგდიოდეს კიდეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკვე მწერალი ხარ. ლიტერატურაში იმპროვიზაციები და სპონტანიზმები არ არსებობს. თხრობის წინაშე ჩვენ უმწიკვლონი არა ვართ. წერა არ დაუშვებს გულუბრყვილობას. გულუბრყვილო შეიძლება ცხოვრებაში იყო, მაგრამ ხელოვნებაში – არა, ვინაიდან ხელოვნება არის მეთოდი და შეგნება“.

მწერალი ანტონიო დე ბენედეტი ფიქრობს, რომ „ლიტერატურა, რომელიც დროს ვერ უძლებს, არის ის, რომელიც ლიტერატურიდან იბადება, ლიტერატურა, რომელიც დროს უძლებს, არის ის, რომელიც ცხოვრებიდან იბადება, ძლიერი ემოციებიდან, ტრავმებიდან, ნამდვილი შიშებიდან, ნამდვილი ტკივილებიდან“.

წერის თავგადასავალი სუფთა ფურცლიდან იწყება. ხოლო სუფთა ფურცელი ერთდროულად თავდავიწყებამდე მიმზიდველიცაა და შიშის მომგვრელიც. მას, ვინც ამ ვნებებს დაძლევს და გზას მეომრის გამბედაობით გაუყვება, წინ ახალ ფათერაკებთან ერთად აღმოჩენათა სასწაული ელოდება. „წერის სიყვარულში“ ყველა ის ნიუანსია აქცენტირებული, რისგანაც ეს მოგზაურობა შედგება.

არის თუ არა მწერალი თავისი დროის მოწმე? ეხმარება მას დოკუმენტური ფაქტები? წერის დროს ივიწყებს მათ თუ პირიქით, სამუდამოდ იმახსოვრებს? კითხვაზე, აქვს თუ არა აზრი წერას სიტყვათა დასაუნჯებლად და გარდაცვლილებთან სასაუბროდ, ტონინო გუერა პასუხობს: „მე უფრო იმათთან დიალოგის მომხრე ვარ, ვინც უნდა დაიბადოს. ჩემი სურვილი, ჩემი თამაში, ლექსებისა  და მოთხრობების წერით ჩემი გატაცება სიკვდილის შიშის დაძლევის მეთოდია და იმის შემოწმება, გახანგრძლივდება თუ არა  ჩემი ცხოვრება სხვების მეხსიერებაში“.

საინტერესოა ენის შესახებ რეფლექსია. დაჩა მარაინი წერს: „ჩვენი ქვეყანა ლინგვისტური თვალსაზრისით დღესაც ორადაა გაყოფილი: ერთი მხრივ, ყოველდღიური საყველპურო ენა, პირმოტეხილი, კოჭლი, ნახევრად დიალექტური, მეორე მხრივ, ინსტიტუციონალური ენის პრეტენზიული პროსოპოპეა. საშუალო იტალიური ენა კლიშეებით გადავსებული, ჟარგონებითა და უცხოური ტერმინებით, განსაკუთრებით ინგლისურით, შეკაზმული მოუწესრიგებელი ენაა, სათანადო ყურადღებას არ იჩენს სიტყვათა შერჩევისას და დიალექტებზე გაცილებით ღარიბია. იგი ბუნდოვანი ენაა, სითბოსა და მჭვირვალობას მოკლებული, საშუალოობის ენაა, უიმედოდ დაუდევარი, რადგან გამაღიზიანებელი და  აშკარად გამოკვეთილი   პირობითობით ხასიათდება“.

რაც შეეხება თარგმანის ხელოვნებას, დაჩა მარაინისა და მის თანამოსაუბრეთა აზრით, ნებისმიერი თარგმანი ხელახლა იქმნება, რასაც, თავისთავად ცხადია, უამრავი რისკი ახლავს. თუმცა თუ იმ წიგნის ქართული თარგმანის მაგალითზე ვიმსჯელებთ, რომელზეც ვსაუბრობთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა რისკი ზედმიწევნით დაძლეულია და ხელთ გვაქვს იდეალურად თანხვედრილი დედნისეული და თარგმნილი ტექსტები, სავსე სილაღით, მრავალფეროვანი ენობრივი ნიაუნსებით, პოეტური და გრავიტაციული ენერგიით, რაც მთარგმნელ ნუნუ გელაძის ხელწერა და ოსტატობაა.

ლიტერატურული ჟანრები, თემები, სტილი და მისი მრავალსახეობანი, პროზისა და პოეზიის განსხვავება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომელთაც კოლეგებთან  საინტერესო დისკუსიაში შლის დაჩა მარაინი. როგორ აიგება სიუჟეტი, საიდან იბადება პერსონაჟი, რა ქმნის მის მოტივაციას და ამბის დრამატიზმს, სად გადის ზღვარი ავტორისა და მისივე ტექსტის უფლებებს შორის, რა განასხვავებს ერთმანეთისგან ნაწერ და ზეპირ ტექსტებს („ნაწერი ყოველთვის ფესვებგადგმულია, ენის მიღმა ვითარდება როგორც ჩანასახი და არა როგორც ხაზი, იგი წარმოაჩენს არსს და ემუქრება საიდუმლოს, კონტრკომუნიკაციაა, შიშს გვგვრის“, – როლან ბარტი). ამ თემებზე საუბრის შემდეგ ყოველ თავს ახლავს პრაქტიკული სავარჯიშოები და საკითხავები. ისინი ფიქრისა და მსჯელობისთვის განგაწყობთ, შემოქმედებით რეფლექსიაში ჩაგრთავთ და იმაშიც დაგეხმარებათ, თავად ააგოთ მსგავსი დიალოგები/გაკვეთილები სასურველ აუდიტორიასთან.

„წერის სიყვარულში“ ზღვა მასალაა და წარმოუდგენელია, ერთი წერილის ფარგლებში ჩავტიოთ ყველა საკითხი და ნიუანსი. საბედნიეროდ, ეს წიგნი უკვე ქართველი მკითხველის საკუთრებაა და ნებისმიერს შეუძლია, მოიხელთოს და იმოგზაუროს კითხვებითა და პასუხებით სავსე ლიტერატურულ სამყაროში.

დასასრულ, ერთ სავარჯიშოს გამოვარჩევდი, რომელმაც პირადად მე მხატვრული ინტერესი აღმიძრა და მეტაფორათა უღრანშიც შემიყვანა – ზღვის თემაზე საუბრისას დაჩა მარაინი იმ მეტაფორებს ჩამოთვლის, რომლებითაც მოიხსენიებს მსოფლიო ლიტერატურა ბუნების ამ შთამბეჭდავ ფენომენს: ემპედოკლემ ზღვას „მიწის ოფლი“ უწოდა, მარინეტიმ – „აღმოსავლელი მოცეკვავე ქალი“, პაბლო ნერუდამ ხოტბა შეასხა როგორც „ვარსკვლავებით მოჭედილ ბუმბულს“.  უნგარეტი წერდა: „ზღვისაგან ჩემთვის შევიკარი სიგრილის კუბო“.

და თქვენ როგორ იტყოდით?

რას ნიშნავს კარგი გაკვეთილის ჩატარება

0

„სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა აქვს არა იმ პროდუქტს,

რომელსაც იგი კონკრეტული ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის

მქონე ცოდნის სახით გვაძლევს, არამედ

განსაზღვრული მიმართულებით

მოსწავლის ძალების განვითარებას”.

 

დიმიტრი უზნაძე

 

რას ნიშნავს კარგი გაკვეთილის ჩატარება? ამ კითხვაზე ნებისმიერი ადამიანი, ვისაც განათლების სისტემასთან შეხება არ აქვს, მოკლედ გიპასუხებთ, მასწავლებელს გაკვეთილზე უნდა ჰქონდეს დისციპლინა და ასწავლოს კარგად.

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებ, რა კომპეტენციების ფლობა სჭირდება პედაგოგს იმისათვის, რომ მართოს კლასი და საგანი სიღრმისეულად ასწავლოს.

ახალი ესგ-ს თანახმად, სწავლა-სწავლების ძირითადი აქცენტები გულისხმობს შემდეგს:

  • საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
  • წიგნიერების, რაოდენობრივი წიგნიერების, ეკოლოგიური წიგნიერების, მედიაწიგნიერების, ციფრული წიგნიერების, მრავალენობრივი კომპეტენციის, სემიოტიკური კომპეტენციის, სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის, სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარების (სწავლის სწავლა) განვითარების ხელშეწყობა;
  • საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა;
  •  საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება;
  • მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება.

ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია, მოსწავლეს განუვითაროს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები:

პრობლემების გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ეთიკური ნორმების დაცვა, მეწარმეობა, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა, კვლევა, სწავლის სწავლა და დამოუკიდებლად საქმიანობა, დროში და სივრცეში ორიენტირება, სწავლის პროცესის მონიტორინგი, პასუხისმგებლობა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, წიგნიერება, ციფრული მოქალაქეობა.

ფორმალური განათლების ფარგლებში მუშაობა ძირითადად მოიცავს საგაკვეთილო პროცესს. მნიშვნელოვანწილად, სწორედ საგაკვეთილო პროცესში ხერხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოთხოვნების მიღწევა.

ცნება ცოდნა იყოფა სამ კატეგორიად – დეკლარაიული, პროცედურული, პირობისეული. საგნის სწავლება მოიცავს სამივეს ერთიანობას. ნებისმიერ საგანში სიღრმისეული ცოდნა გულისხმობს შემდეგს:

წარმატებული სწავლა-სწავლების პროცესი გულისხმობს შემდეგს – მოსწავლეებმა შეძლონ უპასუხონ კითხვებს:

რა ვიცი? როგორ შევასრულო? როდის, რატომ, რა შემთხვევაში გამოვიყენო?

  • დეკლარაიული ცოდნა – სტატიკური ხასიათისაა და გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების, კანონებისა და პრინციპების თეორიულ ცოდნას. პასუხობს შეკითხვას: რა ვიცი?
  • პროცედურული ცოდნა – დინამიკური ხასიათისაა, აღიწერება, როგორც უნარი და გულისხმობს ქმედებათა თანამიმდევრობის ცოდნას და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას ოპერაციების, პროცედურების დონეზე. პასუხობს შეკითხვას: როგორ გავაკეთო? როგორ შევასრულო?
  • პირობისეული ცოდნა – დინამიკური ხასიათისაა და გულისხმობს დეკლარაციული და პროცედურული ცოდნის გამოყენების პირობების გააზრებას. საგანთა, მოვლენათა, სიტუაციათა არსებითი ასპექტების გააზრების, კატეგორიზაციის უნარს, რომელიც ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გადატანის (ტრანსფერის) შესაძლებლობას იძლევა. პასუხობს შეკითხვებს: როდის, რა შემთხვევაში? რატომ?

სასწავლო პროცესი მოიცავს მოკლევადიანი, შუალედური და გრძელვადიანი მიზნების მიღწევას. გაკვეთილის დაგეგმვისას მასწავლებელი საზღვრავს კონკრეტულ მიზანს – რა ცოდნის მიღება უნდა მოხერხდეს ამ გაკვეთილზე. გამოყენებული მეთოდები და სტრატეგიები გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, კრიტიკულ, ანალიტიკურ აზროვნებას. თემატიკის გათვალისწინებით შესაძლებელია, მიზანი მოიცავდეს ცოდნის ერთ, ორ ან სამივე კატეგორიას.

კარგად დაგეგმილი გაკვეთილი გულისხმობს კონკრეტული თემის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევას. მთლიანობაში თვითრეფლექსიისას მასწავლებელს უნდა შეეძლოს პასუხი შემდეგ კითხვებზე:

  • რამდენად შეესაბამება გაკვეთილის თემა და მიზანი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და საგნობრივ სტანდარტს?
  • რა სამიზნე ცნებებსა და ქვეცნებებზე გადის განხილული საკითხი?
  • რამდენად მიზანმიმართულად აყალიბებს გაკვეთილის მოკლევადიან, შუალედურ და გრძელვადიან მიზნებს?
  • რა მეთოდებსა და სტრატეგიებს იყენებს სხვადასხვა აქტივობების დასაგეგმად?
  • რა ხარისხით ახერხებს დიფერენცირებულ მიდგომებს მოსწავლეთა ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად?
  • როგორ ითვალისწინებს სსსმ მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებს?
  • რა რესურსებს იყენებს და რა ინტენსივობით ასაბუთებს შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობას სასწავლო მიზანთან მიმართებით?
  • შეფასების რა კრიტერიუმებს იყენებს?
  • რა საშუალებით ახდენს თვითშეფასებას და როგორ ზრუნავს სამომავლოდ მუშაობის გასაუმჯობესებლად?
  • გახადა თუ არა ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესი?
  • მოზარდებისთვის რა უნარების განვითარების ხელშეწყობა მოხდა გრძელვადიან პერსპექტივაში და სხვა.

სწავლა-სწავლების პროცესისთვის აუცილებელია ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემო. კარგი მასწავლებელი ხასიათდება პატივისცემით გამსჭვალული საუბრით, არის აქტიური მსმენელი, შეუძლია განსხვავებული აზრის მიღება და პატივისცემა. ყველა მოსწავლეს აღიქვამს, როგორც ინდივიდს. კარგად იცნობს ყოველი აღსაზრდელის პიროვნებას, მათ შესაძლებლობებს. მოზარდებთან ურთიერთობას აგებს თითოეულის ინდივიდუალობის, განსხვავებული კულტურის, სქესის თუ საჭიროებების მქონე მოთხოვნების გათვალისწინებით.

სასწავლო პროცესში უპირველესია კლასის მართვა. მასწავლებელი სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავებს ქცევის წესებს და მომავალში აკონტროლებს მის შესრულებას. სწორედ პედაგოგის ვალდებულებაა წესების დაცვის პასუხისმგებლობის დელეგირება. ქცევის წესების გათავისების შემდეგ მასწავლებელი და მოსწავლეები საგაკვეთილო აქტივობების ცვლილებისას დროს აღარ დაკარგავენ და მას ეფექტურად გამოიყენებენ.

წარმატებული გაკვეთილის ჩატარება გულისხმობს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების ეფექტიან, მიზნობრივ გამოყენებას. ასეთ გაკვეთილზე რესურსი ყველა მოზარდისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია, ხოლო მისი გამოყენება კი – უსაფრთხო. სასწავლო რესურსის მომზადება ხდება ყველა მოსწავლის, მათ შორის, სსსმ მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. სასწავლო რესურსის შერჩევისას მასწავლებელი განსაზღვრავს, როგორ აამაღლებს გამოყენებული რესურსი მოზარდის მოტივაციას, იქნება თუ არა ეფექტური მისი გამოყენება და რამდენად დაეხმარება ის გაკვეთილის მიზნის მიღწევაში. ზოგადად, სასურველია, ფიზიკური გარემოს მოწყობასა და რესურსის შექმნაში მონაწილეობა მიიღონ მოსწავლეებმაც.

უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დონე. რაც შეეხება თავად გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესს, უნდა იყოს შინაარსობრივად გამართული, მიზანი კი ცხადი და ადეკვატური. კარგი მასწავლებელი კონცეფციებს, ცნებებს, წესებსა და ა.შ. განმარტავს მკაფიოდ, ზუსტად და ოპერირებს დარგობრივი ენით. საგნობრივ შინაარსს გადასცემს უშეცდომოდ. მოსწავლეებს ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით აცნობს თემატიკის შესაბამის უახლეს და დადასტურებულ ინფორმაციას; გათავისებული აქვს შიდასაგნობრივი და საგანთაშორისი კავშირების დამყარება.

ნაყოფიერი გაკვეთილი გულისხმობს მიმართებით კავშირებს საგაკვეთილო მიზანსა და გრძელვადიან მიზნებს შორის. ხარისხიანი სასწავლო პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელმძღვანელოში არსებული მასალით, შედეგის მომცემი გაკვეთილის მასალა გამდიდრებულია საინტერესო ინფორმაციით. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, თავიანთი წვლილი შეიტანონ შინაარსის განმარტებასა და დაზუსტებაში; გაკვეთილი მიმდინარეობს კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში; მოზარდი არის აქტიური მსმენელი. პედაგოგის მიერ გადაცემული ინფორმაცია კი კარგადაა ორგანიზებული და ადვილად აღსაქმელია. მასწავლებელი ზრუნავს მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე როგორც საგნის ფარგლებში, ასევე ტერმინთა და სიტყვათა ზოგადი გამოყენების თვალსაზრისით.

გაკვეთილის ჩატარებისას მეტად საყურადღებოა და მნიშვნელოვანი პედაგოგის საუბრის ტემპი, ინტონაცი, კომუნიკაციის არავერბალური საშუალებების ეფექტური და ასევე, სამეტყველო ენის კორექტული გამოყენება.

წარმატებული მასწავლებლის აღსაზრდელებისთვის საკმარისია მოკლე მითითებაც კი. სამუშაო ინსტრუქციები არის მკაფიო და მოიცავს მოსწავლეთა სავარაუდო შეცდომების პრევენციას. სასწავლო აქტივობების შესრულების ინსტრუქციების შემუშავების დროს გათვალისწინებულია მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები. პედაგოგი მიმიკასა და ჟესტიკულაციას იყენებს სიტუაციის შესაბამისად. მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის დამყარებულია ეფექტური კომუნიკაცია. მოზარდისთვის გასაგებია მასწავლებლის მზერა, გახანგრძლივებული პაუზა და მინიშნებები.

მასწავლებელი განსხვავებული სააზროვნო დონეების აქტივაციის მიზნით უნდა იყენებდეს სწავლების შესაბამის სტრატეგიებს, სხვადასხვა ფორმის ღია და დახურული ტიპის შეკითხვებს (დამაზუსტებელს, მიმანიშნებელს, შემაჯამებელს და ა. შ.). კითხვის ტიპისა და სირთულის მიხედვით, პასუხის მოსაფიქრებლად დროს განსაზღვრავს სწორად. გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიები მიზნის შესაბამისია – წინასწარ არის მომზადებული და კარგად დაგეგმილი.

მასწავლებლის მიერ გაკვეთილის მსვლელობის დროს გამოყენებული და თანმიმდევრულად დასმული მრავალფეროვანი კითხვები (იწყებს მარტივით და თანდათან ართულებს მათ) უნდა იწვევდეს მოსწავლეების დაფიქრებას, საკითხის გააზრებასა და მსჯელობას. მაღალი სააზროვნო დონის შეკითხვების გამოყენებით პედაგოგი ხელს უწყობს მოზარდის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. ხშირად კითხვის დასმის ავტორები თავად მოზარდები არიან. ისინი მსჯელობენ არგუმენტირებულად, აჯამებენ, გამოაქვთ დასკვნები. მასწავლებელი ფასილიტატორის როლშია და მთელ კლასს წარმატებით რთავს სწავლა-სწავლების პროცესში.

შედეგზე ორიენტირებული პედაგოგი ზრუნავს მოზარდთა მოტივაციასა და ჩართულობაზე, გაკვეთილი ხალისიანია, გამოყენებულია მრავალფეროვანი მამოტივირებელი აქტივობები. მოსწავლეები (მათ შორის სსსმ მოსწავლეები) აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში, მაშინაც, როდესაც დავალებები შეესაბამება მაღალ სააზროვნო დონეს. გაკვეთილის მიმდინარეობა დინამიკურია, ტემპი ოპტიმალური – არც ნელი და არც სწრაფი. მოსწავლეები ამჟღავნებენ ინტერესს. მასწავლებელი ისე წარმართავს პროცესს, რომ გაკვეთილი თავიდან ბოლომდე ხალისიანად და ინტერაქციულად მიმდინარეობს; პედაგოგის განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე თანაბრად ჩართულია, ფაქტობრივად, ყველა მოსწავლე. სწავლების დაწყებით საფეხურზე უმაღლეს მიღწევად უნდა მივიჩნიოთ ამგვარი შედეგების გამოვლენა.

გაკვეთილზე მოსწავლეთა მიღწევებ შემოწმება ეფექტურია სხვადასხვა მეთოდით: ზეპირი ან წერითი გამოკითხვა, პრეზენტაცია, კითხვების დასმა და ა.შ. მასწავლებელი მონიტორინგის საფუძველზე მოსწავლეებს რეგულარულად აწვდის უკუკავშირს, ეფექტურად იყენებს შექებასა და წახალისებას; ქმნის სხვადასხვა სახის შეფასების რუბრიკებს, მათ შორის ჰოლისტურს, ანალიტიკურს; მოსწავლეები პედაგოგის მიერ გაცნობილ შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით მონაწილეობენ შეფასების პროცესში (თვითშეფასება, ერთმანეთის შეფასება); სწავლის პროცესის მონიტორინგის საფუძველზე მოზარდები იღებენ სხვადასხვა სახის უკუკავშირს, როგორც მასწავლებლისაგან, ასევე თანაკლასელებისაგან. მიღებული უკუკავშირი კი ემსახურება დასწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი მუდმივად იყოს სიახლის ძიებაში, კარგად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები, ერთგვარი მიმოხილვა გაუკეთოს მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, გამოყენებულ მეთოდებსა და მიდგომებს, გააანალიზოს პროფესიული გამოცდილება და ობიექტურად შეაფასოს საკუთარი ცოდნა, შესაძლებლობები და უნარები.

პერიოდულად საჭიროა და სასურველი სამოდელო გაკვეთილების ჩატარება. სამოდელო გაკვეთილის ტიპებია – ინოვაციურ, ინტეგრირებული, პრობლემის გადაჭრაზე დაფუძნებულ და გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილები.

საგანთაშორის ინტეგრირების შემთხვევაში გასათვალისწინებელია ინტეგრირებული საგნების ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები. ასეთი გაკვეთილი ორიენტირებულია ამ მიზნებისა და შესაბამისი შედეგების სრულად მიღწევაზე.

თუ გაკვეთილი პრობლემაზე ორიენტირებულია, დასმული პრობლემა აქტუალური უნდა იყოს მოსწავლეებისთვის, მათი ასაკობრივი თავისებურებისა და წინარე ცოდნის გათვალისწინებით, რაც განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ მოტივაციას. ამ შემთხვევაში მოსწავლეები გამოავლენენ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიების უნარს; გაკვეთილი სრულად შეუწყობს ხელს შედეგის მიღწევას.

ინოვაციურ გაკვეთილზე გასათვალისწინებელია, რამდენად შემოქმედებითად და საინტერესოდ არის შემოტანილი თემატური და მეთოდური სიახლეები, მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის მასალის თანმიმდევრულად და საინტერესოდ მიწოდების ხარისხი, რაც შედეგის სრულად მიღწევის საშუალებას იძლევა.

გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილისთვის დაგეგმილი აქტივობები მრავალფეროვანია და ხელს უწყობს განზრახული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას მოსწავლეებში; ასეთი გაკვეთილი სრულყოფილად განაპირობებს წარმატებას და დასახული მიზნების მიღწევას.

პედაგოგმა თემატური ან მეთოდური სიახლე გაკვეთილზე შემოქმედებითად და საინტერესოდ უნდა შეიტანოს, რაც შედეგის სრულად მიღწევის საშუალებას იძლევა.

სამოდელო ტიპის გაკვეთილზე სასურველია კოლეგების დასწრება. გაკვეთილი ეხმარება კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში, ბადებს მისი საკუთარ პრაქტიკაზე მორგების, გამოყენების დიდ სურვილს, უბიძგებს მასწავლებლებს ახალი იდეების პრაქტიკაში დანერგვისაკენ. ხელს უწყობს კოლეგებს შორის თანამშრომლობითი კულტურის ამაღლებას.

მასწავლებელი ჩატარებული გაკვეთილის გაანალიზებისას პასუხობს შემდეგ შინაარსის შეკითხვებს:

  • იქნა თუ არა მიღწეული მიზანი;
  • რამდენად შეესაბამება გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების ეფექტურობა დასახული მიზნის მიღწევას;
  • გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირების შემთხვევაში, აანალიზებს განხორციელებული ცვლილებების აუცილებლობას; გამოვლენილ ხარვეზებს, დაშვებულ შეცდომებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
  • სახავს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესების გზებს;
  • სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას და პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს ჩატარებული გაკვეთილი;
  • რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად, რომელი ვერ განხორციელდა და რატომ;
  • რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ;
  •  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ;
  • რა უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას;

ოცდამეერთე საუკუნის მასწავლებელი მხოლოდ დაფითა და ცარცით მოსწავლის დაინტერესებას ვერ მოახერხებს. ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში ხაზგასმით იკითხება, რომ მასწავლებლის ვალდებულებაა – თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ,,ციფრული მოქალაქეობის“ უნარის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელიც ყოველდღიურად შეძლებს ტექნოლოგიური და ციფრული მიღწევების ეფექტიან გამოყენებას საკუთარ ინტელექტუალურ, ეკონომიკურ და შემოქმედებით საქმიანობაში. ,,ციფრული მოქალაქეობის“ უნარის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას სჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახი და პედაგოგი, რომელიც ფლობს ამ ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს. ამას კი სჭირდება მასწავლებლის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების მიმართულებით თვითგანვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.

ამ სტატიაში, მოკლედ, თეზისების სახით ჩამოვაყალიბე ის ძირითადი აქცენტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მასწავლებელს სწორად დაგეგმოს, განახორციელოს და რეალურად შეაფასოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა;

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;

შეფასების ინსტრუმენტები-2018 წ.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...