შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

ჩრდილოეთ ამერიკის ადრეული კოლონიზაცია და ვირჯინიის დაარსება  – ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის

 

(მეორე ნაწილი)

 

„თუ ცხოველებს ესაუბრები, ისინიც გესაუბრებიან და თქვენ გაიცნობთ ერთმანეთს. თუ ამას არ აკეთებ, მათ შესახებ არაფერი გეცოდინება და რაც არ იცი, იმის შეგეშინდება. რისიც ეშინიათ, იმას ანადგურებენ“.

დენ ჯორჯი (1899-1981), ცლეილ-ვოთუთის ხალხის ბელადი, ორეგონი – ჩრდილოეთი ვანკუვერის რეგიონი (აშშ და კანადა)

 

ჩრდილოეთი ამერიკის კოლონიზაციის ახალი ფურცელი იშლება 1602 წელს, როდესაც ინგლისელი ზღვაოსანი, პრივატირი და ავანტიურისტი, კაპიტანი ბართოლომიუ გოსნოლდი, ერთი ხომალდით ჩრდილოეთი განედის 50°-ზე გადაკვეთს ატლანტის ოკეანეს „აზიური“ გასასვლელის საპოვნელად. ზღვაზე მოგზაურობისას გოსნოლდის გემი ქარების გამო ჩ. გ. 42°-ზე ჩამოდის და შემთხვევით აღმოაჩენს გრძელსა და წვრილ ნახევარკუნძულს, რომელიც ნაპირთან ქარებისგან დაცულ მოხერხებულ ყურეს ქმნის. მიმდებარე წყლებში კაპიტანი ამჩნევს ვირთევზას უზარმაზარ გუნდებს და ადგილს კეიპ-კოდს („ვირთევზას კონცხს“) უწოდებს (დღევანდელი მასაჩუსეტსი, აშშ).

კეიპ-კოდის ინდიელებმა, ვამპანოგის ხალხმა (განსახლების ისტორიული ტერიტორია – კეიპ-კოდი, მართას ვინიარდი და ნანტაკეტი, მასაჩუსეტსი) გულისხმიერად მიიღეს ახალჩამოსულები, საჭმლით გაუმასპინძლდნენ და სანადირო და სათევზაო ადგილები აჩვენეს.

ინგლისში დაბრუნების შემდეგ გოსნოლდი დაწვრილებით აცნობს იქაურებს ახალი სამყაროს სიმდიდრეს, რომელიც სულ რამდენიმე კვირის გემით მგზავრობის მანძილზეა ინგლისიდან. გოსნოლდის მონათხრობში მომავალ კოლონიზატორებს განსაკუთრებით ხიბლავთ კეიპ-კოდის მიდამოების რბილი კლიმატი და აბორიგენების სტუმართმოყვარეობა, რაც უდავოდ დაეხმარება ინგლისს თავისი ჭარბი მოსახლეობის ახალ ადგილებზე განსახლებაში. ამავე დროს, ინგლისში ჯერ კიდევ პოპულარულია მოსაზრება, რომ „ახალი სამყაროს“ ნაპირებთან არსებობს გასასვლელი წყნარი ოკეანის წყლებისკენ.

1606 წელს ამერიკის კოლონიზაციის მიზნით იქმნება ორი – სავაჭრო და კოლონიზაციის მიზნების მქონე კომპანია (სააქციო საზოგადოება): ლონდონისა და პლიმუთის. მეფე იაკობ I სტიუარტის ქარტიებით, ამ კომპანიებს ენიჭებოდათ უფლება, დაეარსებინათ კოლონიები ამერიკის კონტინენტზე, ჩრდ. განედის 34°-დან 45° გრადუსის ჩათვლით – „ზღვიდან ზღვამდე“.

მოგვიანებით მეფე იაკობ I-ის (იმავე ჯეიმს I-ის) სწორედ ეს ფირმანი გახდება ინგლისელი კოლონისტების მთავარი არგუმენტი ახალი კონტინენტის დასავლეთის ყველა მიწაზე უფლების დასაცავად.

კომპანიებს ევალებოდათ, გაევრცელებინათ ქრისტიანობა „ველურებს“ შორის. სამეფო ქარტიებისა და სიგელების უმეტესობაში მეორდებოდა შემდეგი დებულებები: „კოლონისტები და მათი შთამომავლები რჩებიან ინგლისელებად ყველა შემთხვევაში; ისინი სარგებლობენ ყველა პრივილეგიით ამერიკული დასახლებების შიგნით, ისევე, როგორც ეს იქნებოდა, სამშობლოში რომ დარჩენილიყვნენ“. ამ თეზისზე დაყრდნობით, XVII და XVIII საუკუნეებში ამერიკელები ეწინააღმდეგებოდნენ მეტროპოლიის ძალადობრივ წესებს, ხოლო XVIII საუკუნის ბოლოს ამტკიცებდნენ თავიანთ მისწრაფებას დამოუკიდებლობისკენ.

1606 წლის 20 დეკემბერს „ლონდონის კომპანიის“ სამი მცირე გემი: Susan Constant, Godspeed და Discovery, კაპიტან კრისტოფერ ნიუპორტის მეთაურობით და 105 კოლონისტი მამაკაცით, ღუზას უშვებს ჩესაპიკის ყურეში (დელავერი, დღევანდელი ვაშინგტონის მახლობლად), სადაც საფუძველი ეყრება პირველ მუდმივ ინგლისურ დასახლებას, ქალაქ ჯეიმსტაუნს.

ახალ კოლონიას შეუნარჩუნეს ძველი სახელი – ვირჯინია. ვირჯინიის ახალმოსახლეთა უმეტესობას შეადგენდნენ მამაკაცები, რომლებმაც საკუთარი ნებით დატოვეს ინგლისი. ისინი იყვნენ ინგლისის ანგლიკანურ-პროტესტანტული ეკლესიის სულიერი შვილები, სოციალურად – ე.წ. ჯენტლმენები (არ მიეკუთვნებოდნენ არც თავადაზნაურობას და არც ხელოსნებს ან ვაჭრებს), შესაბამისად, მათ შორის ცოტას შეეძლო შრომა და საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა. ჯენტლმენებს ხშირად ახასიათებენ როგორც „ზარმაც და მანკიერ ხალხს, რომლებიც ოკეანის გაღმა ოჯახის წევრებმა გაგზავნეს თავიანთი ოჯახების სირცხვილისგან დასახსნელად, იმ იმედით, რომ ისინი რამდენიმე წელიწადში ან გამდიდრდებოდნენ, ან დაიღუპებოდნენ“. ეს კონტინგენტი ძალიან წააგავდა ესპანელ იდალგოებსა და პორტუგალიელ იდალგოებს, რომლებიც თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ ოკეანის გაღმა „ადვილი ოქროს“ ხელში ჩასაგდებად.

ვირჯინიის ახალ კოლონიაში იმ დროს მშრომელებად ძირითადად დასაქმებული ჰყავდათ თამბაქოს პლანტაციებში მომუშავე დროებითი „თეთრი მონები“ – ბრიტანეთის კუნძულებიდან ჩამოყვანილი ღარიბები, რომლებსაც „ლონდონური კომპანია“ 7-10 წლით (!) ქირაობდა ოკეანის გაღმა მათი და მათი ოჯახის წევრების ტრანსპორტირების სანაცვლოდ.

ლონდონისა და ინგლისის სხვა ქალაქების ღარიბ მოსახლეობას ახალ მიწებზე სავაჭრო კომპანიის „კონტრაქტით“ გადასახლება თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად ესახებოდა, რადგან კომპანია მათ, პლანტაციებში მუშაობის სანაცვლოდ, სახლით, ტანსაცმლითა და საკვებით უზრუნველყოფდა.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, ინგლისის ჭარბი მოსახლეობის პრობლემის მოგვარების მიზნით, ასეთი „კონტრაქტებით“ ამერიკის ახალ კოლონიაში 200 000-დან 300 000-მდე „თეთრი მონა“ გადაიყვანეს (ეს ის პერიოდია, როდესაც აფრიკელი მონების შემოყვანა ჯერ არ დაწყებულა – აფრიკელი მონებით ვაჭრობის თარიღად ინგლისის ყოფილ კოლონიებში, 1619 წელი სახელდება).

ზემოხსენებულთა გარდა, ახალ ვირჯინიელებს შორის იყვნენ ქმედითი და გონიერი ადამიანებიც, რომლებსაც შეეძლოთ და არ ეთაკილებოდათ შრომა. ასეთი გახლდათ კაპიტანი ჯონ სმიტი (რომელიც საქვეყნოდ ცნობილი გახდა უოლტ დისნეის სტუდიის მულტფილმ „პოკაჰონტასის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ). ჯონ სმიტი, გარდა იმისა, რომ ვირჯინიის კოლონიის ერთ-ერთი ახალმოსახლე იყო, ამავე დროს გახლდათ „ლონდონის სავაჭრო კომპანიის“ აქციონერიც, რომელიც საბოლოოდ კოლონიის მმართველი და ეფექტური მენეჯერი გახდა. წყაროების თანახმად, კაპიტანი სმიტი იბრძოდა ჰოლანდიაში ესპანელების წინააღმდეგ, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში თურქების წინააღმდეგ, შემდეგ თურქებმა იგი მონად გაყიდეს ყირიმში, სადაც მან მონობას თავი დააღწია და რუსეთის სტეპებში დონის კაზაკებს შეუერთდა.

„ლონდონის კომპანია“, რომელმაც დააფინანსა ვირჯინიის კოლონისტთა ექსპედიცია, იმედოვნებდა რომ ინგლისიდან წამოყვანილი ჯენტლმენები დაეხმარებოდნენ მას „ახალ ტერიტორიებზე“ ინგლისური ტიპის მმართველობისა და წესრიგის დამყარებაში. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ჯენტლმენების უმაქნისობამ და პრაქტიკული უნარების უქონლობამ კოლონიაში მხოლოდ დაძაბულობა და კონფლიქტები წარმოშვა. კოლონიას, დაარსების დღიდან მრავალ ხიფათთან მოუწია გამკლავება. ესენი იყო საკვების ნაკლებობა, ინფექციები, ცუდი ურთიერთობა მკვიდრ მოსახლეობასთან. ჯენტლმენების უარმა, მონაწილეობა მიეღოთ კოლონიის საქმეებსა და შრომის პროცესში, კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობები საზოგადოების შიგნით და გააუარესა კოლონისტთა მდგომარეობა. კაპიტან სმიტს, სხვა კოლონისტებთან ერთად, მოუწია უმკაცრესი „ვინც არ შრომობს, ის არ ჭამს“ („no work, no food”) პოლიტიკის გატარება, რამაც ჯენტლმენები გონს მოიყვანა და ხელი შეუწყო ჯეიმსტაუნის მოსახლეობის გადარჩენას.

გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრების მკაცრმა პირობებმა ჯენტლმენების უმეტესობა იძულებული გახადა, შეჰგუებოდნენ ახალ, გადარჩენისთვის აუცილებელ წესებს. ვინც ეს არ გააკეთა, კოლონიის დატოვება მოუწია, ზოგი კი სასოწარკვეთილებისა და უსახსრობისგან შიდა მიწებში გადაიხვეწა, სადაც აბორიგენების ან სხვა გარემოებების მსხვერპლი გახდა.

ჯონ სმიტი ამერიკული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა და ალბათ საუკეთესოდ წარმოაჩენს აშშ-ის დღევანდელი მოსახლეობის კრებით სახეს – ქმედით, დაუღალავ ადამიანს, რომელიც მუდმივად იღვწის პრობლემების გადასალახად და საქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. კაპიტან სმიტს მიაწერენ შემდეგ სიტყვებს: „ახალმოსახლეებს, რამდენი მათგანიც არ უნდა დაიხოცოს, მუდმივად ჩამოვიყვან, კიდევ და კიდევ, სულ ახლებს და ახლებს“; „ქვეყანას ფასს სძენს არა მხოლოდ ოქრო და ვერცხლი, არამედ მიწის ნაყოფი და ყველაფერი, რაც მასზე იქნა ნაპოვნი“.

1607-1609 წლებში კაპიტანი სმიტი იკვლევს ჯეიმსტაუნის ჩრდილოეთით მდებარე მიწებს, მდინარე იორკის ხეობას და მის ჭორომებს. 1609 წელს ის სამუდამოდ ტოვებს ვირჯინიას, თუმცა მოგვიანებით გამოსცემს ვირჯინიის რუკას და წიგნს „ვირჯინიის საერთო ისტორია“ (1624 წ.).

მიუხედავად სირთულეებისა, „ლონდონის სავაჭრო კომპანია“ ყველანაირად ცდილობდა, ეპოვა საზღვაო გასასვლელი წყნარი ოკეანისა და აზიისკენ. საინტერესოა, რომ ეს მცდელობები კარგად ასახავს ახლად შობილი კაპიტალიზმის მიდგომას კვლევებისა და კოლონიზაციის მიმართ, როდესაც კერძო ინიციატივები და ინვესტიციები ორგანულად არის შერწყმული ბრიტანეთის სამეფო მხარდაჭერასთან მსოფლიოს მასშტაბით ინგლისური გავლენის გასაზრდელად.

1609 წელს „ლონდონის კომპანიამ“ ამერიკული ვირჯინიის სანაპიროებისკენ შვიდი ხომალდით სამასამდე ახალმოსახლე გაგზავნა. მათ შორის იყვნენ როგორც სამხედროები, ზღვაოსნები და ხელოსნები, ისე კრიმინალები და სხვა ისეთი პირები, ვისი ინგლისში ყოფნაც არ იყო სასურველი. ასეთი ეკლექტური კონტინგენტისა და კიდევ უფრო მეტად უსაქმური ჯენტლმენების სიმრავლის გამო კოლონიამ ძალიან ცუდი სახელი დაიმკვიდრა სამშობლოში. ინგლისელი კრიმინალების ნაწილს ერჩივნა, სიცოცხლე სახრჩობელაზე დაესრულებინა, ვიდრე კოლონიაში გადაესახლებინათ: „ეს ულამაზესი ადგილი სირცხვილის სიმბოლოდ გადაიქცა“.

იმავე წელს, „ლონდონის კომპანიამ“, ამ სავალალო მდგომარეობისა და ვირჯინიის კოლონიის საეჭვო რეპუტაციის გამოსასწორებლად ლორდ ტომას უესტ დელავერს ამერიკული კოლონიების სამუდამო მმართველისა და გუბერნატორის თანამდებობა შესთავაზა. ასეთი ნდობა განაპირობა ამ პატივცემული ბატონის წარმომავლობამ, რეპუტაციამ, სამხედრო გამოცდილებამ და ინგლისის სამეფო სახლის მისდამი უაღრესმა ლოიალურობამ.

ლორდი დელავერი ამერიკაში გაემგზავრა და რამდენიმე თვეში ინგლისში დაბრუნდა. სწორედ მისი სახელი ეწოდა ერთ-ერთ ყურეს ჩესაპიკისესტუარის მახლობლად, შემდგომ კი შტატ დელავერს. ლორდმა დელავერმა საკმაოდ მოკლე ხანში შეძლო, შეექმნა ახალ მიწებზე მეტ-ნაკლებად ეფექტური ადმინისტრაცია, რამაც საბოლოოდ შესაძლებელი გახადა უზარმაზარი კონტინენტის შემდგომი კოლონიზაცია.

ახალი კოლონიისთვის ყველაზე მომგებიანი თამბაქოს კულტურის მოყვანა აღმოჩნდა. თამბაქოს წევის მოდამ იმდროინდელ ევროპაში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვირჯინიაში მემარცვლეობას თითქმის არავინ მისდევდა, ცოტას ჰყავდა რქოსანი საქონელიც. ინგლისელებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ კოლონიისთვის საჭირო საკვები მათთვის აბორიგენებს  უნდა მიეტანათ. თუ ინდიელები ამაზე უარს ამბობდნენ, კოლონისტები მათი სოფლების ძარცვას იწყებდნენ. მალე ინგლისელებმა, თამბაქოს პლანტაციების მფლობელთა მოთხოვნითა და ინტერესების გათვალისწინებით, ვირჯინიაში მონათმფლობელობა დაუშვეს. 1620 წელს ჰოლანდიელმა ვაჭრებმა, რომლებიც ბევრად უფრო გამოცდილები იყვნენ მონებით ვაჭრობაში, ვიდრე ინგლისელები, ამერიკის სანაპიროებზე აფრიკელი მონების პირველი პარტია ჩაიყვანეს და სარფიანად გაყიდეს ჯეიმსტაუნის ბაზრობაზე.

დასავლეთი აფრიკიდან წამოყვანილი მონები გამძლეობითა და ღონით გამოირჩეოდნენ. პრობლემას არ წარმოადგენდა ვირჯინიის ნესტიანი ჰავა (დღევანდელი დელავერი, ვირჯინია, ჩრდ. კაროლინა და ქ. ვაშინგტონი), რის წყალობითაც ინგლისელმა პლანტატორებმა უზარმაზარი მატერიალური მოგება მიიღეს. მომდევნო წლებში ამერიკაში მონათმფლობელობამ ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ მალე მონების რაოდენობამ კოლონისტთა რიცხვს გადააჭარბა.  ახალი ინგლისური კოლონია ნელა, მაგრამ მაინც ზრდისა და განვითარების გზაზე იდგა.

რაც შეეხება „ევროპულ ტრანზიტს“, ახალ ამერიკულ კოლონიაში ყოველწლიურად უკვე ათასობით ახალმოსახლე ჩადიოდა. თამბაქოს ფასი იმატებდა და მოწევის მავნე ჩვევა უფრო და უფრო მეტად ვრცელდებოდა ევროპის ქვეყნებში.

ინგლისელები, ჰოლანდიელების მსგავსად და ესპანელებისგან განსხვავებით, ცდილობდნენ, ნაკლებად შერეოდნენ ადგილობრივ ხალხებს და ამით „ინარჩუნებდნენ თავიანთი რასის სისუფთავეს“.

კოლონიზაციის პირველ წლებში ინგლისელებსა და მკვიდრ მოსახლეობას შორის მშვიდობა იყო, თუმცა კოლონისტების მადა წლიდან წლამდე იზრდებოდა და ერთ დღესაც ის გაუსაძლისი გახდა: ინგლისელები და ევროპიდან ჩამოსული სხვა ახალმოსახლეები დაუკითხავად იკავებდნენ ინდიელთა მიწებს, ატყუებდნენ მათ და ხშირად ადგილობრივი ტომების ძარცვა-გლეჯითაც ითბობდნენ ხელს.

1622 წელს ჩრდილოეთი ამერიკის აღმოსავლეთი სანაპიროს მკვიდრი ინდიელები კოლონისტებს აუჯანყდნენ. საერთო ნიშნით და სიგნალით, ერთსა და იმავე დროს, ისინი თავს დაესხნენ ახალმოსახლეებს ჯეიმსტაუნის მიდამოებში და 350 ადამიანი მოკლეს. „თეთრ“ ახალმოსახლეთა დიდი ნაწილი გადაურჩა ინდიელების სასიკვდილო რეიდს და თავი დასახლების შედარებით გამაგრებულ ნაწილს შეაფარა. ვირჯინიელების შურისძიება სასტიკი იყო: ევროპელმა კოლონისტებმა წამოიწყეს სისხლისმღვრელი ომი ყველა ინდოელის წინააღმდეგ. ადგილობრივი, მეზობლად მცხოვრები ინდიელების განადგურების შემდგომ ევროპელებმა მიმდებარე ტერიტორიების მკვიდრი მოსახლეობის ჟლეტა დაიწყეს და იქაური ტომები აიძულეს, მათთვის მძევლები მიეცათ. სწორედ ამ დროს იწყება ეგრეთ წოდებული „ინდიელების პოლიტიკა“ ახალ სამყაროში, რომელიც გულისხმობდა მკვიდრი მოსახლეობის ნელ-ნელა განდევნას და მოსპობას. ამ პოლიტიკის შედეგია კაცთმოძულე და ავად სახსენებელი, რასისტული გამოთქმა „კარგი ინდიელი მხოლოდ მკვდარი ინდიელია“, რომელსაც ამერიკული სამოქალაქო ომის ერთ-ერთ გმირსა და გამოჩენილ მეთაურს, გენერალ შერიდანს მიაწერენ.

გენერალი შერიდანი საქვეყნოდ ცნობილი გახდა 1868-1869 წლებში, მკვიდრი მოსახლეობის – სამხრეთელი შაიენების, არაპაჰოს, კოვასა და კომანჩების წინააღმდეგ გაჩაღებული ტოტალური ომის სამხედრო ოპერაციებითა და ბიზონების ათასიანი ჯოგების განადგურებით ამერიკის დიდი ვაკეებზე.

1888 წელს გენერალი ფილიპ ჰ. შერიდანი სამხედრო პატივით დაასაფლავეს ვაშინგტონში, არლინგტონის სამხედროთა სასაფლაოზე. ცერემონიას დაესწრნენ გენერალი უილიამ შერმანი და აშშ-ის მე-19 პრეზიდენტი რეზერფორდ ბ. ჰეიზი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“