შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

ჯიმი კარტერი 100

ოქტომბერში აშშ-ის უხუცეს პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს, 100 წელი შეუსრულდა. კარტერის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, მისთვის ყოველი ამოსუნთქვა, ყოველი მოძრაობა ტკივილსა და ტანჯვასთან არის დაკავშირებული. დიდი მოღვაწე სხეულს ვეღარ აკონტროლებს, მაგრამ გონებრივი სიფხიზლე არ დაუკარგავს. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩემს წრეში მისი ერთ-ერთი უკანასკნელი განცხადების შესახებ მოვყევი.

სახელმწიფოს ყოფილი მეთაურისთვის, რომელსაც სიკვდილი სანატრელი აქვს, შვილს უკითხავს: „მამა, გინდა, კიდევ გაგრძელდეს, გახანგრძლივდეს შენი ტანჯული სიცოცხლე?“ მამას პასუხად უთქვამს: „შევეცდები, კიდევ გავძლო, რათა კამალა ჰარისისთვის ხმის მიცემა შევძლო“.

დიალოგის გახსენების შემდეგ გულწრფელად გამოვხატე აღფრთოვანება – ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საკუთარი ქვეყნის, პარტიისა და იდეების ერთგულ ასი წლის კაცს, მის შეუპოვრობას ვაკვირდები. თანამედროვე საქართველო ხომ ცინიზმისა და ყველაფრის მიმართ ზღვარგადასული ეჭვის ბუდედ არის ქცეული, ადამიანებმა ბევრი აღარაფერი იციან და აღარაფრის სწამთ. ერთი სიტყვით, ჯიმიც და მეც მასხარად აგვიგდეს, დაგვცინეს და გაწამებული მოხუცის უკანასკნელი სასიცოცხლო იმპულსი ანტიკონსერვატიული პროპაგანდის მდარე ნიმუშად გამოაცხადეს.

პატიოსანი ადამიანი, რომელიც ჯიმი კარტერის განვლილ გზას იცნობს, გამორჩეული ამერიკელის რომანტიკული სურვილისა და გულწრფელი უღალატობის არასერიოზულად აღქმას ვერ შეძლებდა. უხუცესმა საუკუნოვანი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი არ არის.

კარტერის კარიერა ბიზნესით დაიწყო. სამხედრო-საზღვაო ფლოტში სამსახურის შემდეგ ახალგაზრდა ვეტერანი თხილის ფერმის მშენებლობაში ჩაერთო და საკუთარ მეუღლესთან ერთად მცირედ დასახლებულ ჯორჯიის შტატში მომგებიანი საწარმოს დაფუძნებაც მოახერხა. მისი ფაბრიკა მთელ რეგიონში თითქმის ერთადერთი დაწესებულება გახლდათ, სადაც ხელმძღვანელობა სეგრეგაციისა და აფროამერიკელთა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გამოცხადების იდეას არ იზიარებდა. ახალგაზრდა ფერმერი მალევე მიხვდა, რომ ბიზნესში საქმიანობით უსამართლობას ვერ შეცვლიდა, ამიტომ პოლიტიკურ ველზე გადაინაცვლა.

ცხადია, კარტერი მალევე აირჩიეს შტატის საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ გუბერნატორის თანამდებობისთვის ბრძოლის დაწყებას იგი დიდხანს ვერ ახერხებდა. მას პროგრესული იდეების გამო საკუთარი პარტია ბლოკავდა. 1960-იანი წლების ჯორჯიაში სამოქალაქო უფლებებისა და თანასწორობის პრინციპებით მოქმედება დემოკრატიული პარტიისთვისაც კი რთული გახლდათ.

წინააღმდეგობის მიუხედავად, 1971 წელს ჯიმი მაინც გახდა პატარა და არცთუ ისე გავლენიანი შტატის გუბერნატორი. გუბერნატორად მუშაობის დროს მან სახელი სამი ამბით გაითქვა: შტატის ტერიტორიაზე შეაჩერა სიკვდილით დასჯის მოქმედება, ყველაზე ღარიბი მოსახლეობისა და პატიმრებისთვის აამოქმედა უფასო საგანმანათლებლო პროგრამები და შექმნა ადამიანის უფლებათა საბჭო, რომელიც ჯორჯიაში რასობრივი სეგრეგაციის დასრულების მთავარ ინსტრუმენტად იქცა.

1970-იანი წლები შეერთებულ შტატებში პოლიტიკური კულტურისა და სოციალური კაპიტალის კრიზისით გამოირჩეოდა. პოლიტიკურ კლასსა და ხალხს შორის ნდობა აორთქლდა და არაერთი ხიდი ჩაინგრა. საზოგადოება უსაშველოდ გახანგრძლივებული ვიეტნამის ომის შედეგებისგან, ამ ომში სამარცხვინო მარცხის გამო იტანჯებოდა, „უოტერგეიტის სკანდალის“ შემდეგ აღარავის სწამდა, რომ პატიოსანი მოქალაქე შეიძლება პოლიტიკაში ჩართულიყო. 1973 წელს კი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა ადამიანი, რომელიც უმაღლეს თანამდებობაზე არავის აურჩევია. ჯერალდ ფორდი ნიქსონმა ვიცე-პრეზიდენტ აგნიუს გადადგომის შემდეგ დანიშნა ქვეყნის მეორე პირად, შემდეგ თავად პრეზიდენტს მოუწია თეთრი სახლიდან ვადაზე ადრე წასვლა და ასე მოულოდნელად, დანიშნული კაცი ქვეყნის სათავეში მოექცა.

აი, ასეთ დროს ჩაერთო პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჯიმი კარტერი – ერთგული მეუღლე, რომელიც არასდროს გახვეულა ხმაურიან სექსუალურ თავგადასავლებში; მართლმორწმუნე ბაპტისტი, რომელიც თავისთვის სამყოფ ფულს არაქისის ფერმაში გამოიმუშავებდა; მოქალაქე, რომელსაც სწამდა სოციალური სამართლიანობისა და ჩაგვრისგან თავისუფალი საზოგადოების. ყველასთვის მოულოდნელად, მან სენსაციურ გამარჯვებას მიაღწია და 1976 წელს აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი გახდა.

რითი გამოირჩეოდა ყოფილი ფერმერის მმართველობის პერიოდი?

საგარეო პოლიტიკაში კარტერმა რამდენიმე სერიოზულ მიზანს მიაღწია. მისმა ადმინისტრაციამ აღადგინა სრული დიპლომატიური ურთიერთობები ჩინეთთან, რაც ორივე ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო მდგომარეობაზეც აისახა და სსრკ-სთან მიმართებით ორივე მათგანი გააძლიერა. ჯიმი კარტერის ხელმძღვანელობით დათმო ისრაელის სახელმწიფომ სინის ნახევარკუნძული, დაუბრუნა ოკუპირებული ტერიტორიები ეგვიპტეს და დაამყარა პირველ არაბულ ქვეყანასთან კეთილმეზობლური კავშირები. კარტერმა დაასრულა მრავალწლიანი კონფლიქტი პანამის ხელისუფლებასთან და პატარა ლათინოამერიკულ ქვეყანას დაუბრუნა პანამის არხის კონტროლის უფლება, ხელი შეუწყო დიდი ქვეყნის მიერ პატარა სახელმწიფოს ნაციონალური სუვერენიტეტის განმტკიცებას. ჩამოთვლილმა ნაბიჯებმა „ცივი ომის“ სამყაროს სულ ცოტა ხნით ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

საშინაო პოლიტიკაში კი კარტერის მთავარ მიღწევად განათლების სამინისტროს ჩამოყალიბება, ახალი საგანმანათლებლო კერების მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფუძნება მიიჩნევა. მის ანგარიშზეა აშშ-ის პირველი მძლავრი გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და რეგულაციების შემუშავებაც. ყოფილმა ფერმერმა შეიწყალა ვიეტნამის ომის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტის გამო დაკავებული მოქალაქეები.

ქვეყნის მომავლის გამორჩეული ხედვის მიუხედავად, კარტერს მხოლოდ ერთი ვადით მოუწია თეთრ სახლში ყოფნა. ყოფილი სამხედრო მეზღვაური უიღბლო კაცი აღმოჩნდა, ნავთობის უმძიმესმა კრიზისმა და ირანის ისლამურმა რევოლუციამ ატლანტიდან ვაშინგტონში დაწინაურებული პოლიტიკოსი მიწაზე დაანარცხა, მაგრამ პრეზიდენტი მაინც არ გაჩერებულა.

თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა „კარტერის ცენტრი“ დააარსა, რომელიც მოგვიანებით სრულიად გამორჩეულ, უნიკალურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

ერთი მხრივ, ცენტრმა უზარმაზარი ჰუმანიტარული და საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას მიჰყო ხელი. კარტერი და მისი გუნდი თავდაუზოგავად შრომობდნენ აფრიკის უღარიბეს ქვეყნებში ვაქცინების, მედიკამენტების, წყლისა და საკვების მობილიზებისთვის, აგროვებდნენ რესურსებს ეკოლოგიური კატასტროფების შედეგად განადგურებული რეგიონების აღდგენისთვის და ა.შ.

მეორე მხრივ, დემოკრატმა ლიდერმა მიზნად დაისახა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე კონფლიქტებში შუამავლის როლის შესრულება. ჯიმი კარტერი ახლო აღმოსავლეთის, ბალკანეთის, დასავლეთ აზიისა და კარიბის აუზის კრიზისების დროს წარმატებით უძღვებოდა მოლაპარაკებებს. გადამდგარი პოლიტიკოსი ხშირად ასრულებდა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტთა დიპლომატიურ დავალებებს და ქვეყნის ინტერესების დასაცავად სტუმრობდა ამერიკის მიმართ უკიდურესად კრიტიკულად განწყობილ მოღვაწეებსა თუ ლიდერებს. სულ ბოლოს კარტერი 2010 წელს ჩავიდა ჩრდილოეთ კორეაში, საიდანაც შინ ხელცარიელი არ დაბრუნებულა – მან რვაწლიანი კატორღისგან დაიხსნა აშშ-ის მოქალაქე, რომელსაც სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებოდა ბრალად.

კარტერს თავისი პრინციპული, მკვეთრი პოზიციებიც გამოარჩევდა. ის არასდროს ერიდებოდა ისრაელის კრიტიკას და ქვეყნის მემარჯვენე პოლიტიკოსებს კონფლიქტის უსასრულოდ გახანგრძლივებაში ადანაშაულებდა. ჯორჯ ბუშ უმცროსსა და ტონი ბლერს კარგად ახსოვთ სილა, რომელიც მათ ამერიკელმა ავტორიტეტმა ერაყის ომის დაწყების გამო გააწნა. კარტერიც მთელი დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად ელოდა ფაქტებიც გამოაშკარავებას, რომლებიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის არსენალში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობას დაადასტურებდა.

ჯიმი კარტერი ნამდვილი იდეალისტია, ალბათ, სწორედ ამით დაიმსახურა მან ნობელის მშვიდობის პრემია. მისი კარიერის ყველაზე მშვენიერი მომენტი, მგონი, 2002 წელს „კარტერის ცენტრის“ კუბაში ვიზიტს უკავშირდება.

წარმოიდგინეთ, როგორი თავზე ხელაღებული უნდა იყოს ადამიანი, რომ ფიდელ კასტროს პირადად ეწვიოს და პირად თუ პოლიტიკურ თავისუფლებაზე გაუბას ღია და კრიტიკული საუბარი.

წარმოიდგინეთ, როგორი თავზე ხელაღებული უნდა იყოს ადამიანი, რომ აშშ-ის ხელისუფლებას ჰავანის შუაგულიდან მოუწოდოს კუბის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების, ემბარგოს შემსუბუქებისკენ.

ჯიმიმ ორივე აღნიშნული ნაბიჯი გადადგა. მეტიც – იგი კუბის ერთპიროვნულ მმართველთან ერთად მოედანზეც გავიდა და „კომანდანტეს“ ბეისბოლი ეთამაშა. კარტერს უნდოდა, მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ ნახევარსაუკუნოვანი მტრობის მიუხედავად, კონფლიქტის ორივე მხარეს ჩვეულებრივი ადამიანები დგანან, რომლებსაც მონდომების შემთხვევაში თავისუფლად შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“