მოსწავლეების ცნობიერებაში „ვეფხისტყაოსანი“ როსტევან მეფის დახასიათებითა და თინათინის გამეფების ეპიზოდით შემოდის. მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება აღნიშნული მონაკვეთის საბაზო საფეხურზე სწავლებასთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, ტექსტის გაცნობას დიდი არაბეთის ძლევამოსილი მეფით ვიწყებთ, რომელიც გამოირჩევა სამართლიანობით, სიბრძნითა და დიდებულებით. მისი ქვეყანა ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოა, მეფე შიშის ზარს სცემს მტერს, სამართლიანია მოყვასის მიმართ და ამავეს ასწავლის თავის ერთადერთ ასულს – თინათინს.
როსტევანის სიდიადის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეები იგებენ, რომ ის უკვე სიბერეში გადამდგარა და დროა, მის ნაცვლად ტახტზე მისი ასული ავიდეს. ის მიმართავს თავის ვეზირებს: „ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ…“. მეფის მრჩევლებიც ამაყად აცხადებენ: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“ და კანონიერ ლეგიტიმაციას აძლევენ ქალის მეფედ გამოცხადებას. ვხედავთ, როგორ აჰყავს მამას თინათინი სამეფო ტახტზე, როგორ სცემს მთელი ქვეყანა თაყვანს მას და როგორ ასწავლის ქალიშვილს სამეფოს მართვის წარმატების საიდუმლოს როსტევანი.
პოემიდან ამონარიდის დამუშავების შემდეგ მოსწავლეები ნაწარმოებისადმი სიყვარულითა და ინტერესით რომ განიმსჭვალონ, მნიშვნელოვანია, ტექსტს მიღმა გავახედოთ ისინი და შემოქმედებითი უნარი განვუვითაროთ სხვადასხვა საინტერესო აქტივობით. დავგეგმე პროექტ-გაკვეთილი, რომლის მიზანი იყო ტექსტის სიღრმისეული, ეპოქის თავისებურებების გააზრება და მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირება, მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარის განვითარება.
დასაწყისში მოსწავლეები განვაწყვე ფიქრისთვის, დავუსვი შეკითხვები:
- როგორ ფიქრობთ, როგორი იქნებოდა თინათინის სადღესასწაულო კაბა?
- როგორი იქნებოდა იმდროინდელი სამეფო ჩაცმის სტილი?
- როგორი იქნებოდა თინათინის სამკაულები, სამეფო ტახტი და სკიპტრა?
- როგორ ფიქრობთ, როგორი იქნებოდა სახალხო ზეიმი, სუფრა?
- რა იქნებოდა სადღესასწაულო სუფრაზე?
მათ კითხვებზე პასუხები ჩამოწერეს, ჰქონდათ შესაძლებლობა, თავად დაესვათ შეკითხვები, რომლებზეც სურდათ პასუხების მიღება.
ამის შემდეგ ვისაუბრე თამარის ეპოქის, მისი გამეფების ისტორიული ამბის შესახებ, პრეზენტაციის სახით გავაცანი თამარის ფრესკები და ყურადღება გავამახვილებინე მის ჩაცმულობაზე, სამკაულებსა და მორთულობაზე. პრეზენტაციის დროს ვისაუბრე თემაზე, რას მიირთმევდნენ შუა საუკუნეების საქართველოში.
https://bit.ly/4fyyyng- მასწავლებლის საპრეზენტაციო მასალა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და მივეცი დავალებები:
დავალება 1) წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ როსტევანის სამეფო კარის თერძები. თქვენ მოგცეს დავალება, წარმოადგინოთ პერსონაჟთა ტანსაცმლის ესკიზები:
ა) თინათინის საზეიმო კაბისა, რომლითაც გამეფების ცერემონიალზე შეიმოსება;
ბ) როსტევან მეფისა და მსახურების სამოსისა, რომლითაც ისინი წარდგებიან ცერემონიალის დღეს.
დავალება 2) წარმოიდგინეთ, რომ ხართ სამეფო კარის ოქრომჭედელი, თქვენი ამოცანაა შექმნათ სამკაულები თინათინისთვის: ბეჭდები, საყურეები და ყელსაბამები. ასევე – სამეფო გვირგვინიც.
დავალება 3) წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ სამეფო კარის სტუმართუხუცესი და მისი გუნდი და დაგევალათ, მოამზადოთ ჩამონათვალი კერძებისა, რომლებიც მომზადდება მეფედ კურთხევის ცერემონიალისთვის.
თითოეულ ჯგუფს დავალების შესაბამისი საკითხავი მასალა გადავეცი, რომელიც დაეხმარებოდა ამოცანის შესრულებასა და ცოდნის გაღრმავებაში. იხ. დამატებითი მასალა
https://bit.ly/4frXr4w- რას მიირთმევდნენ მე-12 საუკუნეში?
https://bit.ly/3O52YBI- თამარის სამკაულები და სამოსი
მუშაობის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებისგან დავაკომპლექტეთ „სამეფო საბჭო“, რომლის წინაშეც თითოეულმა გუნდმა წარადგინა საკუთარი ნამუშევარი, ხოლო საბჭომ შეარჩია საუკეთესო მოდელი.
ამის შემდეგ შევუდექით პრაქტიკულ სამუშაოს. წინასწარ შეგროვებული რესურსებით
( ნაჭრები, მძივები, ძაფები, ნემსები, ტყავის მასალა…) შეიკერა კაბის მოდელები, დამზადდა სამკაულები და მოსართავები. შეიქმნა მენიუ canva .com ინსტრუმენტის გამოყენებით.
პრაქტიკული სამუშაოების დასრულების შემდეგ, თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა თავისი ნამუშევრები და ისაუბრეს სამუშაო პროცესზე, როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, როგორ გამოიყენეს არსებული ცოდნა პრაქტიკაში. რა ისწავლეს, რა აღმოაჩინეს, რა იყო მათთვის სიახლე.
სამუშაოების დასრულების შემდეგ შევქმენით ერთიანი საგამოფენო სტენდი, სადაც გამოიფინა მოსწავლეთა ნამუშევრები.
აქტივობების ამგვარი დაგეგმვა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, მიიღოს ცოდნა გამოცდილებით. მასწავლებელი მეგზურია ცოდნის სამყაროში, ხოლო მოსწავლე აღმომჩენი, შემსრულებელი, ის თავისუფალია საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ორგანიზებაში, რაც საშუალებას აძლევს ჩამოუყალიბდეს ცნობიერება ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით.
სწავლა გამოცდილებით, კვლევით, კეთებით მოსწავლეში აღძრავს ინტერესს, უბიძგებს თავად გახდეს მკვლევარი და შემოქმედი. საკუთარი ძალისხმევით დაგროვილი გამოცდილება გააზრებული ცოდნის საფუძველია, რომელიც ღრმად ილექება მეხსიერებაში.