„ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელს მოდგმას“ (რიცხვნი, 24:17)
მათეს სახარებაში ვკითხულობთ „1. ხოლო იესუჲს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: 2. სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანის-ცემად მისა“ (მათე, 2:1-2).
ვინ იყვნენ მოგვები, ხსენებულნი და შემდგომ პატივცემულნი როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქრისტიანულ ტრადიციებში?
წმინდა წერილი ამის შესახებ ბევრს არაფერს ამბობს. მათეს სახარება ერთადერთი წყაროა, რომელიც აღწერს მათ მოსვლას ბეთლემს, მათ სტუმრობას შობის ადგილას, ღვთისმშობლისთვის საჩუქრების გადაცემას და ახალშობილი იესოს თაყვანისცემას.
მოსალოდნელია, წმინდა წერილი ზუსტად იმას გვამცნობდეს, რომ ქრისტეს ამქვეყნად მოსვლით წარმარმა ბრძენკაცებმა იპოვეს გზა ჭეშმარიტი ღმერთისკენ, გზა ბეთლემისკენ და გაჰყვნენ შობის ვარსკვლავს და სწორედ თავიანთი დიდი სიკეთისა და გულის სიწმიდისთვის გახადა ისინი ღირსი ღმერთმა, რომ პირველებს ეცათ თაყვანი (ადგილობრივ მწყემსებთან ერთად) ბეთლემში შობილი ქვეყნიერების მხსნელისათვის. მოგვების მაგალითმა, რომლებიც, სავარაუდოდ, მაზდეანი ქურუმები და მეცნიერების წარმომადგენლები იყვნენ, ნათლად გვიჩვენა, რომ დიდი და ღრმა ცოდნა ღვთის მადლია, რომელიც ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობამდე მიგვიყვანს.
წმინდა წერილი გვაუწყებს, რომ ყრმა იესოს ეს ბრძენი თაყვანისმცემლები, „აღმოსავლეთით მოსულნი მოგვნი“, ღვთიური მადლით განბრძნობილნი, შემდეგში მონათლა თომა მოციქულმა, რომელიც სპარსეთში სახარებას ქადაგებდა.
ძველად ხალხს სწამდა, რომ დიდი ადამიანების დაბადებასა და სიკვდილს ყოველთვის თან სდევდა ცაზე ვარსკვლავების გამოჩენა ან გაქრობა. მოელოდნენ რა ღვთის განგებულების აღსრულებას, მოგვები თვალს ადევნებდნენ ასეთი ვარსკვლავის გამოჩენას ცაზე ისრაელთა მეფის დაბადებამდე და როგორც კი შეამჩნიეს, მაშინვე მიხვდნენ, რომ იგი უკვე დაიბადა, იუდეველთა სამეფოს დედაქალაქისაკენ გამოეშურნენ, იერუსალიმში იკითხეს ახლად შობილი მეფის ამბავი და ამბობდნენ: „სადა არს, რომელი იგი იშუა მეუფე ჰურიათა?“
წმიდა ეგნატე ღვთისმხილველი წერს: „ეს ვარსკვლავი გაბრწყინდა ცაზე ყველა ვარსკვლავზე უმეტესად, და მისი ნათელი იყო გამოუთქმელი, ხოლო მისმა სიახლემ ყველა მოიყვანა შეშფოთებაში: ყველა დანარჩენი ვარსკვლავი, მზესა და მთვარესთან ერთად, თითქოს შეკრებილიყვნენ საკვირველი ვარსკვლავის გარშემო და ის ყველა დანარჩენ მნათობებს უნათებდა თავისი ნათლით“.
პროფესორ კრისტინ სვენსონის გამოკვლევის თანახმად, მოგვებმა გააგრძელეს აქტიური არსებობა ბიბლიის შემდეგ ეპოქაში. უკვე მე-2 საუკუნეში ისინი მეფეებად მოიხსენიებიან, ალბათ იმის გამო, რომ ერთ-ერთ ფსალმუნში მურის ცხება გახლდათ მეფეთა ნიშანი. მოგვების რაოდენობა სხვადასხვა კულტურაში მერყეობდა ორიდან თორმეტამდე. საბოლოოდ (დასავლური ქრისტიანული ტრადიციით) ეს რიცხვი გახდა სამი, ალბათ იმიტომ, რომ ჩვილი იესოსთვის მირთმეული საჩუქრების რაოდენობა ასევე სამი იყო. „გადმოცემის თანახმად, ისინი იყვნენ მეფენი და მათი სახელებიც კია შემორჩენილი: მელქიორი, გასპარი და ბალთაზარი“ (ეს „მაგიური“ სახელები ლათინური და კათოლიკური ტრადიციიდან მომდინარეობს და დაახლოებით მეშვიდე საუკუნით თარიღდება). VII-VIII საუკუნეების ნაშრომი, სახელად Excerpta et Collectanea, რომელიც მიეწერება ღირს მამა ბედას (Bede the Venerable), გვაუწყებს შემდეგს:
„მოგვები იყვნენ ისინი, ვინც უფალს საჩუქრები მიართვეს. ამბობენ, რომ პირველი იყო მელქიორი, თმათეთრი და გრძელწვერა მოხუცი, რომელმაც უფალს ოქრო მიართვა, როგორც მეფეს. მეორემ, სახელად გასპარმა, ახალგაზრდამ და წვერგაუჩენელმა, წითური კანის მქონემ, უფალს საკმეველი – ღვთისთვის შესაფერისი სურნელება მიართვა, როგორც ღმერთს. მესამე მოგვმა, შავკანიანმა, სქელწვერა კაცმა, სახელად ბალთაზარმა, [უფალს] მური მიართვა, რითაც თითქოს მიანიშნებდა ძეზე, რომელიც უნდა მომკვდარიყო“.
შუა საუკუნეების წმინდანთა კალენდრის ამონაწერი, რომელიც კიოლნში დაიბეჭდა, გვამცნობს: „მრავალი განსაცდელისა და მაშვრალობის შემდეგ სამი მოგვი შეხვდა ერთმანეთს სევაში (ამჟამად ქ. სივასი, თურქეთი) ქრისტეშობის დღესასწაულზე 54 წელს. წირვის დასრულების შემდეგ ისინი მალევე აღესრულნენ: წმინდა მელქიორი – 1-ელ იანვარს, 116 წლისა; წმინდა ბალთაზარი – 6 იანვარს, 112 წლისა, და წმინდა გასპარი – 11 იანვარს, 109 წლისა“.
490 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ზენონმა მოგვთა წმინდა ნაწილები მაშინდელი სპარსეთიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენა. მოგვიანებით მსგავსი (ან იგივე) წმინდა ნაწილები გამოჩნდა მილანში და მილანის ეპისკოპოსის, წმინდა ევსტორგიოსის სახელობის ბაზილიკაში იყო დაცული. გერმანიის (წმინდა რომის იმპერიის) იმპერატორმა ფრიდრიხ ბარბაროსამ, რომელმაც იტალია გაძარცვა, 1162 წელს მოგვთა ნაწილები კიოლნში გადაიტანა და დღემდე იქ არის, საკათედრო ტაძრის ულამაზეს რელიკვარიუმში.
ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ მოგვთა განსხვავებული წარმოშობა (სპარსეთი, არაბეთი და შება-იემენი) და მათი საჩუქრების მრავალფეროვნება ადრეული ქრისტიანობის მსოფლიო ამბიციებს გამოხატავდა ან ისტორიაში მრავალფეროვანი ტრიოს დაბრუნებას ისახავდა მიზნად, როგორებიც იყვნენ ნოეს შვილები: სემი, ქამი და იაფეტი.
შესაძლოა, მოგვთა წარმომავლობისა და ქრისტიანობისათვის მათი მნიშვნელობის საიდუმლო წმ. სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ეპიზოდში იყოს ახსნილი, როდესაც წმინდა მოხუცი ჩვილ იესოს ხელში აიყვანს და იტყვის: „აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით. რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი, რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე, ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად“ (ლუკა, 2:25).
„მოგვები წარმართები იყვნენ. შესაბამისად, სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ფრაზა: „რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი, რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე, ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად“, – შესაძლოა გამოხატავდეს უფლის მოვლენას „ყველა ხალხის წინაშე“. ალბათ, მნიშვნელოვანია ის დეტალიც რომ მოგვები შორიდან, უცხო ქვეყნებიდან ჩავიდნენ იუდეაში, რადგან ებრაელებს ჰქონდათ ცრუ წარმოდგენა და რწმენა იმისა, რომ მესია არა მხოლოდ მათ წიაღში დაიბადებოდა, არამედ მხოლოდ მათთვის იქნებოდა მოვლენილი ამქვეყნად.
სავარაუდოა, რომ მოგვთა წარმართობა და იუდეასა და ბეთლემში მათ „შორიდან“ ჩასვლა ხაზს უსვამდა მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას: მხსნელის დაბადებას. იესო ქრისტე მოევლინა ყველას, განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა და წარმომავლობისა.
„ამიტომაც აუცილებელია, მოგვთა თაყვანისცემის ისტორია წავიკითხოთ მწყემსების თაყვანისცემის ამბავთან ერთად, – ამბობს მამა გრიგოლ გერონიმუსი, – წმინდა მამები გვამცნობენ, რომ ადამიანთა ეს ორი ტიპი, მისულნი ჩვილი ისესოს თაყვანსაცემად, ღმერთისკენ მიმავალ ორ გზას აღნიშნავს: ერთნი მიდიან მასთან გულით, ხოლო მეორენი – გონებით და მეცნიერებით. პირველთაც და მეორეთაც ელის მაცხოვარი; ერთნიც და მეორენიც, უბრალონიც და ბრძენნიც, ღმერთისთვის მნიშვნელოვანნი არიან“.