უცხო ენის სწავლების უამრავ მეთოდს შორის ყველაზე პოპულარულია ე.წ. PPP მოდელი. პირველი P პრეზენტაციას (Presentation) აღნიშნავს, მეორე – პრაქტიკას (Practice), მესამე – წარმოებას (Produce). გაგვიგონია თუ არა რამე ამ მოდელის შესახებ, მეტ-ნაკლებად მაინც ამ ხერხით ვასწავლით, რადგან ყველაზე ბუნებრივია: თავდაპირველად მასწავლებელი ხსნის თეორიას, მერე ამ თეორიას მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ამუშავებენ და ნელ-ნელა პრაქტიკაში გადააქვთ, საბოლოოდ კი მოსწავლეები მასწავლებლისგან დამოუკიდებლად იწყებენ მუშაობას. ხშირად ყველაფერი ეს ერთ გაკვეთილზე ხდება.
მოდელი წარმატებით მუშაობს იმ ჯგუფებსა და კლასებთან, რომელიც უცხო ენის დამწყები ან მცირეწლოვანი მოსწავლეებისგან შედგება.
ერთი შეხედვით, მარტივად ჟღერს, თუმცა ამ ყველაფრის პრაქტიკაში განხორციელება საკმაოდ ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კლასში ან ჯგუფში რვა წლამდე ან ამაზე უმცროსი მოსწავლეები გვყავს.
გაკვეთილს დაგეგმვისას ჩვენი მიზანი ხშირად მხოლოდ კონკრეტულ გაკვეთილს უკავშირდება. ვფიქრობთ იმაზე, რა გვინდა შეძლონ გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა. თუმცა გაკვეთილები ერთი დიდი თავის ცალკეული ნაწილებია და გრძელვადიან მიზნებზე დაფიქრება არანაკლებ მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, ეს შედეგის მიღებასაც და გაკვეთილების დაგეგმვასაც გააადვილებს. გარდა ამისა, ზემოხსენებული PPP მოდელი, როგორც უკვე ვთქვი, მცირე ასაკის მოსწავლეებთან არც ისე კარგად მუშაობს და თუ ჩემი გაკვეთილის მიზანია, გაკვეთილის დასაწყისში წარდგენილი ახალი სიტყვები თუ წინადადების სტრუქტურა გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა დიალოგში გამოიყენონ, დიდი ალბათობით ისინი ამას ვერ შეძლებენ.
EEE მოდელი ამ შემთხვევაში უფრო „მეგობრული“ და ხელსაყრელია. პირველი E შეხვედრას (Encounter) აღნიშნავს, მეორე – ჩართვას (Engage), მესამე კი – გამოყენებას (Exploit). აღსანიშნავია, რომ ამ მოდელით მუშაობისას ზედმიწევნით უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი გრძელვადიანი მიზანი, რომელსაც კონკრეტული თავის ბოლოში გასვლისას უნდა მივაღწიოთ და, ამასთანავე, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მოდელის თითოეული ნაწილი ხშირად ორ ან მეტ გაკვეთილს მაინც მოიცავს, იმის მიხედვით, რამდენი გაკვეთილია თითოეულ თავში და რამხელაა დასაძლევი მასალა.
- შეხვედრა
როდესაც ჩემი ძმა პატარა იყო და ლაპარაკს სწავლობდა, ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა: როცა ყურს მოჰკრავდა სიტყვას, რომელიც ჯერ არ იცოდა, რამდენჯერმე ჩუმად იმეორებდა – ამას მისი ტუჩების მოძრაობით ვხვდებოდით. ვიდრე საკმაოდ კომფორტულად და თავდაჯერებულად არ იგრძნობდა თავს, მანამდე ამ სიტყვას ხმამაღლა არ ამბობდა. უცხო სიტყვების წარმოთქმისთვის 2-3 წლის, 4-5 წლის და 6-8 წლის ბავშვების მზაობა, ცხადია, სხვადასხვაა, თუმცა საერთოც ბევრი აქვთ. ზრდასრულ ასაკშიც კი უცხო სიტყვის თქმა იმ ენაზე, რომელზეც ჯერ გამართულად ვერ ვლაპარაკობთ, საკმაოდ გვერთულება და არამხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა, სწორად ვერ წარმოვთქვათ და შევრცხვეთ.
შეხვედრის ეტაპი თავის დასაწყისია, როდესაც ახალ თემასთან დაკავშირებულ სიტყვებს წარვადგენთ. ამ დროს, მოსწავლეების ასაკის გათვალისწინებით, საგაკვეთილო პროცესი უმჯობესია ისე იყოს დაგეგმილი, რომ მეტი დრო ეთმობოდეს მოსმენას. პროცესი მასწავლებელს მიჰყავს, მოსწავლეები ხედავენ სურათებს, ასრულებენ მოძრაობებს, რომლებიც ახალ სიტყვებს უკავშირდება, იმეორებენ ახალ სიტყვებს, ოღონდ გუნდურად, რადგან ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისი პრაქტიკა და მზაობა იმისთვის, რომ სიტყვები ინდივიდუალურად წარმოთქვან. გუნდურად ისინი ნელ-ნელა იძენენ იმ თავდაჯერებას, რომელიც მათ მომდევნო ეტაპზე სიტყვების დამოუკიდებლად წარმოთქმაში დაეხმარება.
- ჩართვა
თავის მეორე ან, უფრო ხშირად, მესამე გაკვეთილიდან უფრო მარტივია ისეთი აქტივობების დაგეგმვა, სადაც მასწავლებელი ინდივიდუალურად სთხოვს მოსწავლეებს, უცხო სიტყვები ან წინადადებები გაიმეორონ. ამ ეტაპზე მოსწავლეებს უკვე აქვთ საკმარისი პრაქტიკა, მათ ბევრჯერ მოისმინეს, ბევრჯერ გაიმეორეს გუნდურად, შესაბამისად, ისე ძალიან აღარ უჭირთ გამბედაობის მოკრება და სიტყვებისა თუ წინადადებების დამოუკიდებლად წარმოთქმა. თუმცა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მასწავლებელია ცენტრში და ის არ ელის, რომ ყველა მოსწავლე უშეცდომოდ იტყვის ყველაფერს. ასეთ დროს შეიძლება გამოვიყენოთ აქტივობები, რომლებიც მოსწავლეების მიერ დროდადრო პასუხის დამოუკიდებლად გაცემას გულისხმობს. მაგალითად, შეიძლება ვაჩვენოთ სურათები, ვთხოვოთ, თვალები დახუჭონ, ერთი სურათი დავმალოთ, თვალები გავახელინოთ და ვკითხოთ, რომელი სურათია აკლია და ა.შ.
- გამოყენება
მესამე ეტაპზე გადასვლისას ცენტრში უკვე მოსწავლეები არიან, მასწავლებელი კი უკანა პლანზე გადადის. ის აკვირდება და შედარებით ჩუმად მართავს პროცესს. ეს თავის დაახლოებით მეხუთე ან მეექვსე გაკვეთილი უნდა იყოს. ამ ეტაპზე მოსწავლეებს საკმარისი მზაობა აქვთ, რათა გამოიყენონ ის ლექსიკური ერთეულები თუ გრამატიკის წესები, რომლებიც პირველ ორ ეტაპზე მოისმინეს და დაამუშავეს. ამ დროს მოსწავლეები იწყებენ წყვილებში ან მცირე ჯგუფებში მუშაობას ისეთი აქტივობებით, როგორიცაა მცირე დიალოგი, როლური ან სამაგიდო თამაში, სიტყვების ლოტო და სხვ.
ამ მოდელის მიხედვით მთელი თავის დაგეგმვა გაცილებით ადვილია, რადგან ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ პირველ, მეორე თუ მეექვსე გაკვეთილზე. გაკვეთილის დაგეგმვისას მოკლევადიანი მიზნები და მათი მიღწევაც უფრო რეალური ხდება და თავიდან გვაცილებს იმ სტრესს, რომელიც შეიძლება მივიღოთ იმის დანახვისას, რომ ჩვენი პატარები ვერ ახერხებენ იმ სიტყვებისა თუ წინადადებების წარმოთქმა- გამოყენებას, რომლებიც ეს-ესაა ვასწავლეთ.