შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

„ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“ – კრიტიკული კითხვისთვის

0

საბავშვო ლიტერატურის კითხვა ძალიან მიყვარს, ზოგჯერ ეს მოვალეობაა შვილების მიმართ, ზოგჯერ კი თერაპიისთვის ვკითხულობ, საკუთარი სიამოვნებისთვის, თუ, რა თქმა უნდა, საამისოდ მცალია. ისეთ ამბებთან ერთად, რომლებიც გვამხიარულებს და გვაბედნიერებს, საბავშვო წიგნებში რთული, დიდური თემებიც გვხვდება. ასეთ დროს მზად უნდა ვიყოთ, ბავშვებს დაუფარავად და საინტერესოდ ვესაუბროთ მათ შესახებ. თუ ბავშვი არ არის გაწაფული კრიტიკულ კითხვაში, არ არის მიჩვეული სიმბოლოების ამოცნობას, რეალობასთან პარალელების გავლებას, შესაძლოა, ვერ მოახერხოს ნაწარმოების სიღრმისეული გაგება და შეფარული სიმართლის ამოკითხვა.

„ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“ ჩემი და ჩემი შვილების ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია. ის ცნობილმა იტალიელმა საბავშვო მწერალმა ჯანი როდარიმ დაწერა. ავტორი შეფარვით, იგავურად გვიყვება შორეული ქვეყნის შესახებ, სადაც დიქტატურა და სიცრუე გამეფებულა. ის ცდილობს, ბავშვებს გასაგები ენით აუხსნას რთული საკითხები, ისე, რომ პატარა მკითხველმა ინტერესითა და ხალისით იმოგზაუროს „ცრუთა ქვეყანაში“, სადაც არც ისე კარგი ამბები  ხდება.

ნაწარმოების მთავარი გმირი, ჯელსომინო, უჩვეულოდ ძლიერი ხმის პატრონია. მის ხმაზე ფანჯრის მინები იმსხვრევა და შენობები ინგრევა. ერთხელ ჯელსომინო მოხვდება ქვეყანაში, სადაც ყველა იტყუება და ყველაფერი ყალბია. ცრუთა ქვეყანაში პურს მელანი ჰქვია, ყველს – საშლელი, სასურსათო მაღაზიაში რვეულები და საღებავები იყიდება, საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში კი – ძეხვი და ყველი. ამ ქვეყანაში კატები ყეფენ, ძაღლები კნავიან, ლომი ვალდებულია, თაგვივით იწრიპინოს, ხოლო თაგვები ლომივით ბრდღვინავდნენ. თუ ვინმე სიმართლის თქმას გაბედავს, საგიჟეთში ამწყვდევენ. ცრუთა ქვეყნის მთავარ გაზეთს „სამაგალითო მატყუარა“ ჰქვია და სიცრუის ტირაჟირებას ეწევა. აბსურდი ცხოვრების ნორმად ქცეულა.

ცრუთა ქვეყანას ჯაკომონი, ყოფილი მეკობრე მართავს. მას მხოლოდ თავისი ძალაუფლება და პარიკები ანაღვლებს, რადგან ქაჩალია და „დაკოჟიჟებულ, მეჭეჭებიან, არასასიამოვნო ვარდისფერ მელოტ თავს პარიკით იფარავს“. დიქტატორი ჯაკომონი ყველას აიძულებს, სიცრუე სიმართლედ მიიღონ და  ცხოვრების წესად აქციონ. ვინც ამ წესრიგს ეწინააღმდეგება, იჭერენ და აჯარიმებენ.

როგორც ყველა ზღაპარს, ამ წიგნსაც კეთილი დასასრული აქვს: ჯელსომინო თავისი მჭექარე ხმით საგიჟეთს ანგრევს და იქიდან გამოჰყავს სიმართლის თქმისთვის დასჯილი ადამიანები.  ჯაკომონის მოძალადე სისტემა ინგრევა, სიმართლე და საღი აზრი იმარჯვებს. ჯელსომინო ამ ბრძოლაში მარტო არ ყოფილა – გვერდით ედგნენ მეგობრები.

ბავშვები იოლად მიხვდებიან, რომ კეთილისა და ბოროტის ეს მარადიული  დაპირისპირება კეთილის გამარჯვებით რომ დასრულდეს, საჭიროა მამაცი ადამიანების არსებობა, ისეთებისა, როგორიც ჯელსომინოა. ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გზავნილიც ეს არის: თითოეული გაბედული ადამიანის ხმას აქვს ისეთი ძალა, რომელსაც შეუძლია, „სიცრუის სვეტები“ დაანგრიოს და სიმართლე ყველას დაანახოს.

ეს წიგნი გამოგვადგება იმისთვის, რომ ბავშვებს ცხადი მაგალითებით ვესაუბროთ ძალმომრეობითი სახელმწიფოების ბედზე; იმაზე, რომ შეუძლებელია, სიცრუესა და სისასტიკეზე აშენდეს იმ სახელმწიფოს საძირკველი, სადაც მომავალში ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ;  რომ ადამიანის ყველაზე დიდი მონაპოვარი თავისუფლება და სიმართლეა, რომელსაც ვერასოდეს ჩაანაცვლებს ორპირობა და ტყუილი.

„ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“ ბავშვებს დაანახებს სიმართლისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას, რომელიც ყველას გვჭირდება და რომელიც ყველას უნდა გავუზიაროთ.

მნიშვნელოვანია, უფროსებმა ბავშვებს ვასწავლოთ კრიტიკული კითხვა, დავაფიქროთ იმაზე, რა ადვილია რეალობის დანახვა, თუ კრიტიკული თვალით შევხედავთ მოვლენებს და ობიექტურად შევაფასებთ სიცრუით დამახინჯებულ სინამდვილეს.

თუ ბავშვებისთვის ახალ საკითხავს ეძებთ, ეს წიგნი აუცილებლად მოინიშნეთ. ზოგჯერ დიდებსაც  გვჭირდება ყურადღება და დაკვირვება, რომ სიცრუის სამყაროში სიმართლის დანახვა შევძლოთ.

საუკეთესო დავალება

0

ჩვენს ეპოქაში ქართველი პედაგოგები წელიწადში რამდენიმე ათეულ სემინარს ესწრებიან სწავლა-სწავლების მეთოდების შესახებ. მასწავლებელთა უმრავლესობას უკვე დამუშავებული აქვს გაკვეთილის ჩატარების უამრავი ტექნიკა, თითქმის ყველა სკოლაში შეიძლება ერთი ადამიანის აღმოჩენა მაინც, რომელიც მოსწავლეებს ყოველი ახალი თემის დამუშავებისას ახალ-ახალი ტიპის სამუშაოს უნაწილებს. საქმე ყოველთვის ამგვარად არ ყოფილა. ჩემს ბავშვობაში იშვიათად გვაძლევდნენ ხოლმე არასტანდარტულ, ორიგინალურ საშინაო დავალებებს.

ჩემი მოსწავლეობის პერიოდიდან ყველაზე უკეთ მახსენდება ისტორიის მასწავლებლის მიერ შემოთავაზებული წინადადება. მან ერთხელ გვთხოვა, რომ ოჯახის რომელიმე წევრის თავგადასავლის მიხედვით ერთი კონკრეტული ქალაქის წარსული გაგვეცოცხლებინა. თავდაპირველად, გადავწყვიტე ჩემი წინაპრების თბილისში ჩამოსახლების ამბავი მომეთხრო, მაგრამ მალევე ავიღე ხელი განზრახვისგან. ვიფიქრე, რომ თანაკლასელებიც ამავე გზას დაადგებოდნენ და მარტივად შეეცდებოდნენ ფონს გასვლას. შესაბამისად, გადავწყვიტე უფრო შორეული და ბუნდოვანი მოვლენებისთვის მიმეპყრო ყურადღება და იმერეთის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქის განსაკუთრებული მახასიათებლები მომეძიებინა.

ალბათ, ყველა ოჯახში მოიძებნება მონუმენტური მნიშვნელობის ფიგურა, რომელიც იმქვეყნად გამგზავრების შემდეგაც სახლში რჩება და არსად მიდის, მასზე საუბარს არ წყვეტენ თაობები, ისინიც კი, რომელთაც თვალითაც არ უნახავთ იგი; მის გამონათქვამებსა და ამბებს ათასგზის იმეორებენ შთამომავლები, მაგრამ მაინც არ ჰბეზრდებათ მათზე მსჯელობა, ხანდახან გულიანი სიცილიც კი. საბედნიეროდ, ასეთები ბევრნი არიან ჩემ ირგვლივ, მაგრამ დავალების სპეციფიკიდან და მონატრების უცნაური გრძნობიდან გამომდინარე გადავწყვიტე ღრმა ბავშვობაში დაღუპული ბებია და მისი მშობლიური ქალაქი – ხონი მექცია ჩემი დავალების მთავარ თემად.

მოულოდნელად ურთულესი ამოცანის წინაშე აღმოვჩნდი. ბებია რამდენიმე ეპიზოდად შემომრჩენოდა მეხსიერებაში, ხონში ნამყოფი არ ვიყავი, მისი ნათესავები დიდი ხნის წინ იყვნენ ბათუმში გადასახლებულნი. როგორ უნდა შემესრულებინა დავალება? გადავწყვიტე მის შესახებ არსებული ოჯახური ლეგენდები კიდევ ერთხელ, მოწესრიგებულად გამეხსენებინა და ფურცელზე ჩამომეწერა ის გამონათქვამები, რომლებიც ბებიას იმერეთის პატარა ქალაქთან, თავის ბავშვობასთან აკავშირებდა.

მუშაობის დაწყებისთანავე ფურცელზე დავწერე მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი ციტატა: „უბრალო ქალი კი არ ვარ, ხონში დავიბადე, სემინარიის გვერდით ვცხოვრობდი!“. მოსწავლეობის პერიოდში მეგონა, რომ პატარა ქალაქში სასულიერო სასწავლებელი ფუნქციონირებდა და ამ სულიერ-კულტურულ კერასთან სიახლოვით იწონებდა თავს თბილისის ცნობილი ბიბლიოთეკის განყოფილების გამგე. თურმე, სასტიკად ვცდებოდი. წლების შემდეგ ახლობლების დახმარებით ერთი უჩვეულო ფაქტი აღმოვაჩინე.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქუთაისის გუბერნატორს თავის რეგიონში სამასწავლებლო სემინარიის, ანუ მასწავლებელთა მოსამზადებელი ცენტრის, სასწავლების დაფუძნების გადაწყვეტილება მიუღია. ცხადია, მასწავლებელთა სახლი ქუთაისში უნდა აშენებულიყო, მაგრამ ხონელებმა იბრძოლეს, რომ მათ ქალაქსაც მინიჭებოდა ახალი და განსაკუთრებული ფუნქცია. ამ ბრძოლას ივანე შარაშიძე ედგა სათავეში, ადგილობრივი ვაჭარი, რომელსაც თავად არ ჰქონდა მიღებული სასკოლო განათლება, მაგრამ შესანიშნავად აცნობიერებდა განათლების მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების საქმეში.

ივანე შარაშიძემ დაბაში თავისი სახსრებით დააარსა რამდენიმე ორკლასიანი სასწავლებელი, მაგრამ ბოლომდე მშვიდად მაინც ვერ გრძნობდა თავს. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრს სურდა, რომ სამასწავლებლო სემინარია ქუთაისის ნაცვლად ხონში აშენებულიყო. ბევრი იბრძოლა, მიაღწია იმას, რომ დაინიშნა სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა გაეკეთებინა არჩევანი მთავარ ქალაქსა და მის მეზობელ დაბას შორის. შარაშიძემ მიმდებარე სოფლებიდან, მთელი იმერეთიდან შეკრიბა ნაცნობები და ხონის ქუჩებში ეტლებით სეირნობა სთხოვა. მეფისნაცვალს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ცოცხალ, მჭიდროდ დასახლებულ, მზარდ დასახლებაში იმყოფებოდა და საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ სემინარიისთვის საფუძველი მოგუგუნე დასახლებაში ჩაეყარა. ალბათ, ბებიაჩემსაც უხაროდა, რომ მასწავლებლების, მომავალი პედაგოგების, წიგნის მოყვარული ადამიანების გვერდით დაიბადა და აღიზარდა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ უსვამდა ხაზს თავისი მშობლიური სახლის ადგილმდებარეობას.

ჩემთვის გამოუცნობ შეკითხვად რჩებოდა, თუ რატომ სთხოვდა სრულიად ახალგაზრდა ბებიაჩემი თავის სამივე ვაჟს, რომ თავის გასვენებაში აუცილებლად მოეწვიათ სასულე ორკესტრი; რატომ უნდა ჰქონოდა ასეთი განსაკუთრებული სიყვარული მას სასულე მუსიკის მიმართ. კვალს კვლავ სემინარიასთან მივყავართ. ლევან კიტიასა და ნინო კაკაურიძის ფილმში „დუხავოი“ (პირველი არხი) სამასწავლებლო სასწავლებლის პირველი წლები კარგად არის აღწერილი. სასწავლებლის მსმენელები უშველებელი გალავნის მიღმა ცხოვრობდნენ, მათ იშვიათად ჰქონდათ პანსიონატის გარეთ გამოსვლის უფლება. მზრუნველებს ძალიან უჭირდათ ახალგაზრდების დიდი ხნით გაჩერება ერთ ადგილზე. მოსწავლეთა მოწყენილობის დასამარცხებლად რაღაც უნდა მოეფიქრებინათ. 1890 წელს სემინარიაში პედაგოგად მოიწვიეს ჩეხი განმანათლებელი – ანტონ ვიაჩესლავ ჰაუდეკი, რომელმაც ხონელი სემინარისტებისათვის სამოქალაქო სასულე ორკესტრი დააფუძნა. მას შემდეგ 135 წელი გავიდა და ხონში ტრადიცია დღემდე ცოცხალია, ქალაქში დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას ჰაუდეკის მიერ დაფუძნებული კოლექტივი. როგორც ჩანს, ამ ორკესტრის არსებობამ განაპირობა ერთი იმერული დასახლების მცხოვრებთა შორის განსაკუთრებული ესთეტიკური ღირებულებების გავრცელება. ერთი ჩეხი პედაგოგის მიერ დაწყებულმა საქმემ აქცია მუსიკა პატარა ქალაქის დიდ თანამგზავრად.

ალბათ თქვენც გიჭირთ ღიმილის შეკავება, როდესაც ადამიანები სიამაყით, წარბშეუხრელად, განმარტების გარეშე უკავშირებენ ერთმანეთს ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს. მაგალითად, ბებიაჩემი საკმაოდ მშვიდად და აუღელვებლად, ჯიუტად და ხშირად იმეორებდა ფრაზას: „მამაჩემი უპატიოსნესი კაცი იყო, ორჯერ გახლდათ ნასამართლები!“. დავალების შესრულების დროს ეს ამოცანაც ვერ გადავწყვიტე დამოუკიდებლად, კარგად ვერ მივხვდი, რა საიდუმლო იმალებოდა მამაზე უზომოდ შეყვარებული ქალის სიტყვების მიღმა, მაგრამ დამეხმარნენ.

ხონში სემინარიის აშენებას მხოლოდ განათლებისა და კულტურის მძლავრი კერის ჩამოყალიბებისთვის არ შეუწყვია ხელი. თითქმის ასი მეტრი სიგრძის, ორსართულიანი შენობის აღმართვას აგურ-კრამიტის ქარხანა სჭირდებოდა, მშენებლობის დასრულების შემდეგ ქარხანამ მუშაობა განაგრძო. იქვე არსებობდა აბრეშუმის პატარა ფაბრიკაც, რომელიც დაბას დამატებით სიმდიდრეს სძენდა. ორი ახალი საწარმოსა და სემინარიის ამოქმედებამ ძალიან გააძლიერა ხონის ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებრივი დაწესებულება – „იარმარკა“. ვინაიდან ქალაქი ახლოს იყო ქუთაისთან, სამეგრელოსთან, გურიასთან, ლეჩხუმთან, სავაჭრო გზებთან, ხონში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან პარასკევობით ყოველთვის დიდი ბაზრობა ეწყობოდა. ბაზრობის მრავალფეროვნებასა და გამორჩეულობას უზრუნველყოფდნენ ადგილობრივი ებრაელებიც, რომელთა კოლონიაც მოგვიანებით კულაშში გაასახლეს. ერთი სიტყვით, მანუფაქტურული წარმოებითა და ვაჭრობით ხონი იმერეთის მოწინავე პუნქტი იყო. „იარმარკის“ ფუნქციონირებაში ადგილობრივები ახალგაზრდული ასაკიდანვე ერთვებოდნენ და ნამდვილ პროფესიონალებად ყალიბდებოდნენ. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესი აღმოჩნდა საბჭოთა პერიოდშიც, ხონელები ბოლშევიკური რეჟიმის პირობებშიც ახერხებდნენ საქონლის გატანას შორეულ ქალაქებში და იქიდან დეფიციტური პროდუქტებისა თუ საგნების შემოტანას. ჩემი დიდი ბაბუაც ამგვარი მაქინაციების შუაგულში აღმოჩენილა, ჩეკას ორჯერ დაუპატიმრებია არალეგალური ვაჭრობისთვის. მიუხედავად ამისა, პეტრეს ყველა მაინც პატიოსან კაცად იცნობდა, არ იპარავდა, არ იტყუებოდა და თავისი საქმით ბევრ ადამიანს უმართავდა ხელს.

თითქმის ოცი წელი გავიდა და დღემდე მახსოვს ეს საშინაო დავალება. მან მომცა შესაძლებლობა:

  1. ჩემს ცხოვრებაში შემომეყვანა ადამიანი, რომელსაც ფაქტობრივად არ ვიცნობდი. დამეწყო ფიქრი მის გრძნობებზე, ტკივილზე, განვლილ გზაზე;
  2. გამეხედა ჩემი ქალაქის, დიდი მეგაპოლისის მიღმა, გავქცეულიყავი შორს ხმაურიანი თანამედროვეობისგან. დამენახა კავშირი საუკუნის წინ საქართველოში დაწყებულ პროცესებსა და ვთქვათ, ბებიაჩემის მუსიკისადმი უსაზღვრო სიყვარულს შორის;
  3. აღმომეჩინა ერთი ციდა ქალაქის უპირობო განსაკუთრებულობა. მეგრძნო, რომ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულს თავისი ორიგინალური ისტორია აქვს.

იმედი მაქვს, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გაცილებით მეტი მასწავლებელი გასცემს ისეთ საშინაო დავალებას, რომელიც ბავშვებს ათეულობით წლის შემდეგაც ემახსოვრებათ.

ლიტერატურის გაკვეთილები არდადეგების შემდეგ

0

ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ სწავლის განახლება ზოგი მოსწავლისთვის სახალისოა, ზოგი კი სიზარმაცეს ვერ ელევა. ძნელია, როცა ჯერ ისევ მოკლე დღეა, სიბნელესა და სიცივეში ადგე, მოწესრიგდე, რუტინას დაუბრუნდე. მაგრამ ისიცაა, რომ მონატრებულ მეგობრებს შეხვდები, განვლილ დღეებს მათთან გაიხსენებ, შეაჯამებ და ახალ-ახალ თავგადასავლებსაც დაიწყებ მათთან ერთად.

ჩვენზე, მასწავლებლებზე, ბევრია დამოკიდებული. მოსწავლის მოტივაცია პირდაპირ უკავშირდება მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ საინტერესო და სახალისო დავალებებს. ფაქტობრივად, ახალი სემესტრის დასაწყისი ხელახლა გვაძლევს შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ჩვენს მოსწავლეებთან, გავუღვივოთ მათ ინტერესი კითხვის მიმართ და გავუმარტივოთ ყოველდღიურობა.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი იყენებს, მაგრამ ვფიქრობ, აჯობებს, ერთად მოვუყაროთ თავი:

  1. აქტივობა საკლასო ოთახის შესამზადებლად:

ვთხოვოთ მოსწავლეებს, დახუჭონ თვალები და გრძნობის ორგანოების საშუალებით აღწერონ ერთი მომენტი არდადეგებიდან (მესმის, ვხედავ, ვგრძნობ (შეხებას, გემოს)…

  1. დავურიგოთ მათ სტიკერები ან ბარათები და ვთხოვოთ, ჩამოწერონ ამ დღეებთან დაკავშირებული ემოციები და გაიხსენონ შესაბამისი სიტუაცია…
  2. ყინულის გასალღობად, საკლასო ოთახში გონებით (და არამხოლოდ ფიზიკურად) დასაბრუნებლად ვკითხოთ მოსწავლეებს:
  • არდადეგების დროს წაკითხული რომელი წიგნი იყო გამორჩეული შენთვის?
  • გაგვიზიარე შენი სადღესასწაულო ემოციები (ეს ემოციები შეიძლება წიგნებს ან ფილმებს უკავშირდებოდეს და არა რეალურ ამბებს).
  • როგორი დამოკიდებულება გაქვს კითხვასთან ახლა, როცა დავბრუნდით?

ეს და მსგავსი შეკითხვები ეხმარება მოსწავლეებს, თავი კომფორტულად იგრძნონ და განეწყონ სასწავლო პროცესისთვის.

  1. 4. ლიტერატურული ჟურნალები/დღიურები:

ვთხოვოთ მოსწავლეებს, დაწერონ სწრაფი ჩანაწერი ჟურნალში/დღიურში, და გვიამბონ არდადეგების დროს წაკითხული, ან დაუსრულებელი წიგნების შესახებ. შეგვიძლია, კითხვები შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:

  • არდადეგებზე წაკითხულ რომელ ტექსტს გამოარჩევდი? რატომ?
  • რამ გაგაკვირვა? რატომ?
  • როგორ შეიძლება, არდადეგებზე წაკითხული ამბები გაკვეთილებზე ნასწავლ ტექსტებს დავუკავშიროთ?

ეს დაეხმარება მოსწავლეს წაკითხულსა და ნასწავლს შორის კავშირების პოვნასა და პირადი გამოცდილების გამოყენებაში.

  1. 5. წავიკითხოთ ხმამაღლა/გავმართოთ დისკუსია:

შეგვიძლია, გაკვეთილი სეზონთან, ამინდთან, მიმდინარე დღეებთან დაკავშირებული ტექსტიდან ამონარიდით დავიწყოთ. მთავარია, თემა და ტექსტი ისე შევარჩიოთ, რომ ბავშვებისთვის სახალისო და საინტერესო იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, კლასიკას მივმართავთ თუ თანამედროვე ნაწარმოებით დავკმაყოფილდებით. წაკითხვის შემდეგ შეგვიძლია:

  • ვთხოვოთ მოსწავლეებს, გაგვიზიარონ თავიანთი შთაბეჭდილება ამბავზე;
  • განვიხილოთ ტექსტში გამოყენებული ახალი ლექსიკა ან ლიტერატურული ხერხები;
  • ვთხოვოთ, გამოთქვან ვარაუდი, რა შეიძლება მოხდეს შემდეგ (თუ, რა თქმა უნდა, კითხვის პროცესი დასრულებული არ აქვთ).
  1. 6. მიზნების დასახვა:

მოსწავლეებს გამოვათქმევინოთ თავიანთი სურვილები, მივცეთ თემატური ჩამონათვალი იმ თემებისა თუ წიგნებისა, რომლებსაც წაიკითხავენ ამ სემესტრის/წლის განმავლობაში. მივცეთ საშუალება, თავად დასახონ კითხვის გეგმა. შეგვიძლია, შემდეგი შეკითხვებით განვაწყოთ ისინი კითხვის პროცესისთვის:

  • როგორი მოთხრობების ან წიგნების წაკითხვას ისურვებდი ამ სემესტრში?
  • ხომ ვერ გამოყოფ შენთვის საინტერესო ჟანრს ან ავტორს?
  • როგორ ფიქრობ, რაში გვეხმარება კითხვა?

მსგავსი დამოკიდებულების გაჩენა მოსწავლეებს საკუთარი გრძნობების, ემოციების გამოხატვისკენ უბიძგებს და განაწყობს მომავალი გაკვეთილებისთვის.

  1. 7. თვალი გადავავლოთ ლიტერატურულ ცნებებს:

მიმოვიხილოთ წინა სემესტრში, წინა წელს განხილული ძირითადი ლიტერატურული ცნებები თუ ტერმინები (პერსონაჟები, გარემო, სიუჟეტი, თემები…). ამისთვის გამოვიყენოთ სახალისო თამაშები, ვიქტორინები ან საკლასო დისკუსია. შემდეგ შევეხოთ იმ ახალ ცნებებსა თუ უნარებს, რომლებსაც ისინი ისწავლიან (მაგალითად, მხატვრული ენა, სიმბოლოები, თხრობის მანერა…). ამისთვისაც შეგვიძლია, მივმართოთ სხვადასხვა აქტივობას:

  • მოკლე ვიქტორინა ან ინტერაქტიური თამაში (მაგ. Kahoot ან სხვა პლატფორმის მეშვეობით) წინარე ცოდნის შესამოწმებლად.
  • მინი-გაკვეთილი ახალი ლიტერატურული ელემენტის შემოსატანად, სადაც მოსწავლეებს ამ ახალ ტერმინს შევასწავლით.

ეს დაგვეხმარება განვლილი მასალის სწრაფად და ეფექტიანად მიმოხილვაში და ახალი ცნებების დამუშავებასაც შეუწყობს ხელს.

ასე ნელ-ნელა, გართობით, ხალისით, გამეორებით, მთავარი საკითხების გამოკვეთით შეგვიძლია უმტკივნეულოდ, შეუფერხებლად გადავიდეთ ენისა და ლიტერატურის სამყაროში!

BRICS – გლობალური სამხრეთის ხმა

0

BRICS ბლოკი (Brazil, Russia , India, CHina, South Africa) განვითარებადი ეკონომიკის ყველაზე გავლენიანი გაერთიანებაა მსოფლიოში.

ტერმინი BRIC პირველად გამოიყენა 2001 წელს ამერიკული საფინანსო-საინვესტიციო კომპანიის „გლობალ საქსის“ გლობალური ეკონომიკის კვლევების განყოფილების ხელმძღვანელმა, ეკონომისტმა ჯიმ ო’ნილმა, მშპ-ის მოცულობით ყველაზე დინამიკურად ზრდადი ოთხი ძირითადი ქვეყნის – ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის აღსანიშნავად.

BRICS-ის შექმნის ინიციატორი რუსეთი იყო.

2006 წლის 20 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინადადებით, BRICS-ის პირველი მინისტრთა შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსეთის, ბრაზილიისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა. მათი შეხვედრის მიზანი თანამშრომლობის გაფართოება იყო.

რუსეთის ინიციატივით 2008 წლის 16 მაისს ეკატერინბურგში გაიმართა BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის შემდეგ გამოქვეყნდა ერთობლივი კომუნიკე, სადაც ასახულია საერთო პოზიციები გლობალური განვითარების აქტუალურ საკითხებზე.

BRIC-ის ქვეყნებმა პირველი სამიტი 2009 წელს კვლავ მოსკოვის ინიციატივით რუსეთში, ეკატერინბურგში გამართეს. ყურადღება გაამახვილეს გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ფინანსური ინსტიტუტების რეფორმაზე; თუ როგორ შეიძლება, განვითარებადი ქვეყნები უფრო მეტად ჩაერთონ გლობალურ პროცესებში.

2009 წლის ეკატერინბურგის სამიტის შემდეგ, BRIC-ის ქვეყნებმა განაცხადეს ახალი გლობალური სარეზერვო ვალუტის საჭიროების შესახებ, რომელიც უნდა იყოს „მრავალფეროვანი, სტაბილური და პროგნოზირებადი“.

BRIC 2009 წლიდან ყოველწლიურად ატარებს სამიტებს, რომლებსაც წევრი ქვეყნები რიგრიგობით მასპინძლობენ.

2010 წელს ბლოკში კიდევ ერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყანა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, გაწევრიანდა. ახალი წევრის დამატებამ ორგანიზაციის სახელწოდება შეცვალა და გადაკეთდა, როგორც „BRICS“.

BRICS, რომელსაც ინდოეთის პრემიერმა ნარენდრა მოდიმ „გლობალური სამხრეთის ხმა“ უწოდა, აერთიანებს სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ხუთ ქვეყანას:

B: ბრაზილია – სამხრეთ ამერიკის უდიდესი ქვეყანა, რომელიც მდიდარია ბუნებრივი რესურსებით;

R: რუსეთი – ამ დრომდე ძირითადი მოთამაშე აზიასა და ევროპაში, ასევე მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, განსაკუთრებით ნავთობითა და გაზით;

I: ინდოეთი – მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა, სწრაფად მზარდი ეკონომიკით, რომელშიც დიდი წილი უკავია საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების [software] სერვისებს;

C: ჩინეთი – ახლა რიგით უკვე მეორე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა მსოფლიოში, გლობალური წარმოების „ჰაბი“ და საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე, რომელმაც სწრაფ ინდუსტრიალიზაციასა და ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.

S: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, – ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე აფრიკის კონტინენტზე, 2024 წლამდე კონტინენტის ერთადერთი წარმომადგენელი.

2024 წლის 1 იანვარს ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები ოფიციალურად შეუერთდნენ BRICS-ს, რითაც მისი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა მსოფლიო ასპარეზზე გააფართოვეს და გაზარდეს. სამიტზე მიწვეული იყო საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანა მხოლოდ გააძლიერებს BRICS-თან პარტნიორობას და არ განიხილავს წევრობას, თუმცა ჯერ კიდევ 2022 წელს ქვეყანამ გამოხატა ბლოკში გაწევრების ინტერესი. ნავთობის მთავარი ექსპორტიორის საუდის არაბეთის წევრობა ხელსაყრელი იქნებოდა BRICS-ისთვის.

ბლოკში მიწვეული იყო არგენტინაც, თუმცა, სამხრეთ ამერიკელმა ერმა შეთავაზებაზე ოფიციალური უარი 2023 წლის 29 დეკემბერს გამოაცხადა. არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ წევრობა „ამ დროისთვის მიზანშეწონილად არ იყო მიჩნეული“. ვრცელდება უფრო რადიკალური განცხადებაც: არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მელეიმ უარყო ბრიქსი და თქვა, რომ ის „კომუნისტებთან მოკავშირეობას არ დაამყარებს“.

2024 წლის სექტემბერში ბლოკში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა ალჟირმაც.

2024 წლის BRICS-ის სამიტის შემდეგ, ბრაზილიამ დაბლოკა ვენესუელის განაცხადი ბლოკში, ძირითადად 2024 წლის არჩევნებისა და მიმდინარე კრიზისის გამო. საპასუხოდ ვენესუელამ ბრაზილიიდან თავისი ელჩი გაიწვია.

2024 წლის ოქტომბერში BRICS-მა „პარტნიორ ქვეყნებად“ მიიწვია – ალჟირი, ბელორუსია, ბოლივია, კუბა, ინდონეზია, ყაზახეთი, თურქეთი, მალაიზია, ნიგერია, ტაილანდი, უგანდა, უზბეკეთი და ვიეტნამი.

2025 წლის 6 იანვარს, ინდონეზია BRICS-ს ოფიციალურად შეუერთდა, როგორც სრულუფლებიანი წევრი, რაც გახდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ბლოკს, ასევე BRICS-ის მე-10 წევრი.

BRICS-ის გაფართოებაზე საუბრისას, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა BRICS-ის შესახებ, როგორც გლობალური სამხრეთის ხალხების საჭიროებებისა და საზრუნავების დამცველი. იგი მოიცავს მომგებიანი ეკონომიკური ზრდის, მდგრადი განვითარებისა და მრავალმხრივი სისტემების რეფორმის აუცილებლობას“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი წევრების დამატება ბლოკის გაფართოების პროცესის მხოლოდ დასაწყისია: „როგორც BRICS-ის ხუთმა ქვეყანამ, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას BRICS-ის გაფართოების პროცესის პრინციპებზე, სტანდარტებზე, კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია განიხილება. ჩვენ გვაქვს კონსენსუსი ამ გაფართოების პროცესის პირველ ფაზაზე, რასაც შემდგომი ფაზები მოჰყვება”.

BRICS-ის წევრი ქვეყნები

BRICS-ის წევრი ქვეყნები ფლობენ მსოფლიო ნავთობის მარაგების თითქმის 45 %-ს. ამ ქვეყნების უმეტესობა ოფიციალურად ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და მხარს არ უჭერს საერთაშორისო ასპარეზზე დასავლეთის ქვეყნების მიერ მოსკოვის იზოლაციაში მოქცევის მცდელობებს.

2024 წლის იანვრიდან ორგანიზაციას მოსკოვი თავმჯდომარეობდა, 2025 წელს კი – ბრაზილია.

BRICS-ის ლოგო 2025 წლის ბრაზილიის თავმჯდომარეობის დროს

BRICS-ზე დედამიწის მოსახლეობის ნახევარი და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედი მოდის. ორგანიზაციის ლიდერთა შორის ჩინეთი და ინდოეთია – ქვეყნები, რომლებიც, სავარაუდოდ, პლანეტის სამომავლო დღის წესრიგს განსაზღვრავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბლოკის გავლენა გაიზარდა გასული ათწლეულის განმავლობაში, ისტორიული მეტოქეობა და ინტერესთა კონფლიქტი ნიშნავს, რომ ცალკეული წევრების მიზნები ყოველთვის არ შეესაბამება ერთმანეთს და რუსეთ-უკრაინის ომი და ახალი პრეზიდენტის არჩევა ბრაზილიაში აჩენს კითხვებს BRICS-ის მომავალთან დაკავშირებით. თუმცა 2024 წლის გაფართოების შემდეგ ათობით სხვა ქვეყანაა დაინტერესებული გაწევრიანებით.

BRICS-ის ბლოკი მზად არის გახდეს „გლობალური სამხრეთის“ პროგრესის მექანიზმი მომავალი ათწლეულების განმავლობაში, რასაც ბევრი მსოფლიო წესრიგის შეცვლად მიიჩნევს.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://www.statista.com/chart/30641/gdp-per-capita-in-brics-and-g7-countries/ ; https://www.statista.com/chart/33311/brics-share-of-global-gdp-and-population/ ; https://www.statista.com/chart/30638/brics-and-g7-share-of-global-gdp/ ; https://www.cfr.org/backgrounder/what-brics-group-and-why-it-expanding#chapter-title-0-3

როგორ ამოვიცნოთ ნიჭიერი ბავშვი

0

ცუდ რამეებს მეძახდა, შე სულელო და დებილოო, მერე მუცელში დამარტყა ხელი. ძაან არ მტკენია, მაგრამ ცრემლები წამომივიდა. შევტრიალდი და გავიქეცი. გამომეკიდნენ, სპორტდარბაზისკენ უკანმოუხედავად მივრბოდი, ფეხბურთის სავარჯიშო მინდორზე რო გადავრბოდი, შევამჩნიე, როგორ წამოდგა ხის ტრიბუნაზე მჯდარი ფელერსი და თვალი გამომაყოლა… იგი უჩვეულო გამომეტყველებით მომიახლოვდა და მითხრა, ახლავე ფორმა ჩაიცვიო. ცოტა ხანში თვითონაც შემოვიდა გასახდელში,  ქაღალდის ფურცელზე დახატული სამი კომბინაცია მიჩვენა და მითხრა, რაც შეიძლება, კარგად დაიმახსოვრეო.

იმ დღეს სავარჯიშო მინდორზე ბიჭები ორ გუნდად დაგვყო. უცებ ქუოტერბერკმა ბურთი მომაწოდა და მითხრა, შუა ხაზის მარცხენა ძელიდან კარის ძელამდე მიიტანეო. როგორც კი სხვები გამომეკიდნენ, მთელი სისწრაფით გავიქეცი, შვიდ-რვა კაცს დავუსხლტი… მწვრთნელი ფელერსი კმაყოფილი იყო, გახარებული ხტოდა და ყვიროდა. კიდე ბევრჯერ გავირბინე, გაირკვა, რო როცა მომდევდნენ, უფრო სწრაფად გავრბოდი, რომელი სულელი არ გაიქცეოდა!

იმ დღიდან პოპულარული გავხდი და თანაგუნდელებიც უფრო თავაზიანად მექცეოდნენ“

/უინსტონ გრუმი, „ფორესტ გამპი“/

 

დარგის სპეციალისტები ნიჭის რამდენიმე ძირითად თვისებას გამოყოფენ. ესენია:

  1. მოტივაცია

მათ აქვთ სწავლის განსაკუთრებული სურვილი და ძლიერი შინაგანი სტიმული ინდივიდუალური ან ჯგუფური მოთხოვნილების დაკმაყოფილების ან მიზნის მისაღწევად.

  1. ინტერესები

ნიჭიერ ბავშვებს ახასიათებთ ინტენსიური, ზოგჯერ უჩვეულო ინტერესები. არსებობს აქტივობები, საგნები და ა.შ., რომლებსაც მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ან ღირებულება აქვს და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

  1. კომუნიკაციის უნარი

ნიჭიერ ბავშვებს მარტივად შეუძლიათ სიგნალების ან მნიშვნელობების გადაცემა და მიღება სიმბოლოთა სისტემის მეშვეობით (კოდები, ჟესტები, ენა და რიცხვები), შესწევთ არაჩვეულებრივი კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური, ფიზიკური, მხატვრული სიმბოლური), შეუძლიათ განსაკუთრებით შესაფერისი მაგალითებისა და ილუსტრაციების გამოყენება.

  1. პრობლემის გადაჭრის უნარი

ნიჭიერმა ბავშვებმა თავისით იციან პრობლემების ამოცნობისა და გადაჭრის ეფექტური სტრატეგიები, მარტივად ჭვრეტენ ალტერნატივების სწორი თანმიმდევრობის განსაზღვრის პროცესს სასურველ მიზნამდე ან დავალების წარმატებულ დასასრულამდე მისასვლელად. ახასიათებთ პრობლემების გადასაჭრელად სისტემური სტრატეგიის შემუშავების და, საჭიროებისამებრ, სტრატეგიის შეცვლის არაჩვეულებრივი უნარი; მარტივად გამოსდით ახალი დიზაინების შექმნა, გამომგონებელობა.

  1. მეხსიერება

ნიჭიერი ბავშვები ფლობენ დიდ და მდიდარ ინფორმაციას სასკოლო თუ არასასკოლო თემებზე, შესწევთ ინფორმაციის შენახვისა და მოპოვების განსაკუთრებული უნარი. შესაძლოა, მხოლოდ 1-2 გამეორებით ოსტატდებოდნენ.  დეტალებს უღრმავდებიან, ინფორმაციით მანიპულირებენ.

  1. გამოკითხვა/ცნობისმოყვარეობა

ნიჭიერი ბავშვები სვამენ ბევრ კითხვას, უყვართ ექსპერიმენტები, გამოკვლევები. ახალისებთ ცოდნის შეძენის, ინფორმაციის ძიების პროცესი; შეუძლიათ არაორდინარული კითხვების დასმა, აქვთ ასაკისთვის შეუფერებელი ქცევა, რომელიც მიმართულია მასალების, მოწყობილობების ან სიტუაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისკენ.

  1. გამჭრიახობა

ნიჭიერებს შეუძლიათ ახალი ცნებების სწრაფად და იოლად გაგება/გააზრება; კავშირების დანახვა და ღრმა მნიშვნელობების წვდომა; სწორი გადაწყვეტილებების უეცარი აღმოჩენა, უპირველეს ყოვლისა, ცდასა და შეცდომაზე დაყრდნობით; განსხვავებული ელემენტების მოულოდნელი გზებით გაერთიანება; იდეებისა და დისციპლინების ინტეგრაცია.

  1. მსჯელობა

ნიჭიერი ბავშვები ლოგიკურ გზებს ეძებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილების აღსასრულებლად; აქვთ უაღრესად მიზანმიმართული, კონტროლირებადი, აქტიური, წინდახედული და მიზანზე ორიენტირებული აზროვნება, განზოგადების, მეტაფორებისა და ანალოგიების გამოყენებისა და შეფასების მაღალი უნარები,  შეუძლიათ კრიტიკულად ფიქრი და სარწმუნო პასუხის გაცემა.

  1. წარმოსახვა/ მიგნებები

უჩნდებათ ბევრი იდეა, არიან უაღრესად ორიგინალურები, საგნების წარმოსახვაში ფორმირების პროცესში და მის მიღმა ახასიათებთ იმ თვისებების, სიტუაციების ან ურთიერთობების აღქმა, რომლებიც არ არის აშკარა; შეუძლიათ პრობლემის გადაჭრა არატრადიციული ხერხით; არიან გამორჩეული გამომგონებლები ყოველდღიური მასალების გამოყენებისას; მუდამ აკვირდებიან; ზოგჯერ უჩნდებათ, ერთი შეხედვით, სულელური იდეები; აქვთ მაღალი ცნობისწადილი.

  1. იუმორი

ნიჭიერ ბავშვებს აქვთ კარგად განვითარებული იუმორის გრძნობა; შესწევთ რთულ სიტუაციებში ძირითადი იდეების ან პრობლემების იუმორისტული გზით გამოხატვის უნარი; ზოგჯერ მათი იუმორი ფრთხილი ან მტრულია; აქვთ უჩვეულო ხედვა, იშვიათი ემოციური სიღრმე, ახასიათებთ გამოცდილებისადმი ღიაობა.

  1. ინტენსივობა (ზედმეტი აგზნებადობა”)

ნიჭიერ ბავშვებს ახასიათებთ რეაქციებისა და ქცევების ინტენსიურობა, ძალიან ძლიერი, თუნდაც ექსტრემალური რეაქცია სტიმულებზე ემოციურ, ინტელექტუალურ, სენსორულ, ფსიქომოტორულ და წარმოსახვით უნარებში; აქვთ ზედმეტად აგზნების, ძლიერი სტიმულის მიღების ინტენსიური სურვილი, ძლიერი ემოციები; ეძებენ ინტელექტუალურ სტიმულაციას. მათში სენსორული გამოცდილება იწვევს ძლიერ რეაქციას; ახასიათებთ მუდმივი ან განმეორებითი მოძრაობა ან ჟესტიკულაცია, ინტენსიური წარმოსახვითი ცხოვრება.

  1. მგრძნობელობა

ნიჭიერ ბავშვებს აქვთ ძლიერი რეაქციები ემოციურ სტიმულებზე; მოვლენები და სიტუაციები აფექტურ და სოციალურ სფეროებში ჩვეულებრივზე ძლიერ პასუხს იწვევს; აქვთ თანაგრძნობისა და სამართლიანობის მძაფრი გრძნობა; ახასიათებთ და ზოგჯერ ტანჯავთ მორალური და ეთიკური სენსიტიურობა, სოციალურად „განსხვავებულობის“ შეგრძნება, ეგზისტენციალური შფოთვა; ხშირად არიან  ზედმეტად თვითკრიტიკულები[1].

 

საგულისხმოა, რომ, ნიჭიერების ამდენი კარგი თუ დასაფიქრებელი მახასიათებლის მიუხედავად, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მაგალითად, აშშ-ში,  ნიჭიერ ბავშვთა დაახლოებით 40%-ს დაბალი აკადემიური მოსწრება აქვს. თავის საინტერესო წერილში -„ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი!“[2] – ნანა დიხამინჯია გამოთქვამს წუხილს, რომ საქართველოში ასეთი კვლევა არ ჩატარებულა და, რომ საქართველოში მასწავლებლები და მშობლები ასეთ შემთხვევებს მარტივად, სიზარმაცით ან მოტივაციის ნაკლებობით ხსნიან. სინამდვილეში კი ნიჭიერი ბავშვი არაერთი მიზეზის გამო ხვდება ამ მდგომარეობაში. ამ მიზეზთა გააზრება აუცილებელია, რათა მშობლებმაც და მასწავლებლებმაც სწორი სტრატეგია შეიმუშაონ ბავშვის დასახმარებლად და მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად განსავითარებლად. მკვლევრის განმარტებით, ტერმინი „Gifted Underachiever“ გულისხმობს ადამიანს, რომლის ნიჭიერება აშკარა იყო, მან კი ეს პოტენციალი ვერ გამოიყენა, წარმატებას ვერ მიაღწია (თუმცა ეს სიტყვა სრულყოფილად ვერ ასახავს პრობლემას). კვლევები უმთავრესად ეხება ნიჭიერ მოსწავლეებს, რომლებიც მაღალ აკადემიურ შედეგებს ვერ აღწევენ, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველა პირობა აქვთ, ზოგჯერ კი სულაც გულს იცრუებენ სწავლაზე. ამის მიზეზებად ასახელებენ:

  • გარემოს, რომელიც არ უწყობს ხელს მათი ნიჭის განვითარებას და არ ახალისებს აკადემიურ მიღწევებს;
  • სწავლის მიმართ ინტერესისა და მოტივაციის უქონლობას;
  • რომელიმე მდგომარეობას, განვითარების ან სწავლის უნარის დარღვევას, რომელიც ჩქმალავს მათ ნიჭს.

არადა, მკვლევრები თანხმდებიან, რომ თუ ნიჭიერი მოსწავლეების სწავლასთან დაკავშირებულ საჭიროებებს უგულებელვყოფთ, შედეგად მივიღებთ:

  • ცუდ სასწავლო/სასკოლო ჩვევებს;
  • ქცევით პრობლემებს;
  • აპათიას და მოტივაციის უქონლობას;
  • შესაძლებლობების უგულებელყოფით ან დაცინვით გამოწვეული ემოციურ/ფსიქოლოგიურ პრობლემებს;
  • დაბალ სასწავლო შედეგებს;
  • სწავლისთვის თავის დანებების სურვილს;
  • ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულების და კრიმინალურ ქმედებებში ჩართვის ტენდენციას;
  • ფსიქიკურ აშლილობას.

 

რა დაგვეხმარება ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობისას?

* მოქნილი სასწავლო პროგრამა, რომელიც მოითხოვს უმაღლესი კოგნიტიური პროცესებისა და ცნებების გამოყენებას;

* სტრუქტურირებული მოთხოვნებისა და შეზღუდული დროითი ჩარჩოებისგან თავისუფლება;

* დრო და თავისუფლება ექსპერიმენტებისთვის, მათთვის საინტერესო საგნებისა და თემების შესასწავლად;

* თავისუფალი წვდომა საჭირო სასწავლო რესურსებზე, რა სირთულისაც არ უნდა იყონ ისინი (განათლების ასაკობრივი საფეხური არარელევანტურია ნიჭიერი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გაცილებით რთულ მასალას);

* დაპირისპირება საზოგადოებრივ პრობლემებსა და საკითხებთან, რომელთა წინასწარ განსაზღვრული გადაწყვეტა არ არსებობს;

* კრეატიული იდეების გაჟღერებისა და განხილვის შესაძლებლობა;

* კითხვების დასმის, აღმოჩენების გაკეთების, საკუთარი ინტერესის სიღრმისეულად შესწავლის წახალისება;

* სხვა ნიჭიერ მოსწავლეებთან, უფროსებთან მუშაობისა და ურთიერთობის შესაძლებლობა;

*  სიღრმისეული კულტურული გამოცდილების ფართო არჩევანი მუზეუმებში, არქივებში და ა.შ.

* სხვების დახმარების შესაძლებლობა (მაგ., მოხალისე მკითხველობა უსინათლოებისთვის, მოხალისე მასწავლებლობა დაბალი კლასების მოსწავლეებისთვის);

* მათი ნიჭის ადეკვატური აღიარება და მიღება;

* საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება (ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა არ იცოდა, რომ მის თავს რაღაც უჩვეულო ხდებოდა, სანამ ვიღაც არ დაეხმარა საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში.)

ძირითადი რეკომენდაცია ამ მიმართულებით სკოლებისა და საგანმანათლებლო სისტემებისთვის შემდეგია:

  • გამოიყენონ შესაბამისი პროტოკოლები ბავშვების განსაკუთრებული უნარების/ნიჭის საიდენტიფიკაციოდ და პროგრამირების/მიდგომების მოდელები, რომლებიც ავითარებს ბავშვის პოტენციალს, რათა გამოავლინონ ნიჭიერი მოსწავლეები ყველა შესაძლო და ისტორიულად ნაკლებად თვალსაჩინო სოციალურ ჯგუფში (მაგ.: სოციალურად დაუცველები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეები და სხვ.).
  • უზრუნველყონ წვდომა კომპლექსურ/მრავალფეროვან სწავლის შესაძლებლობებზე ყველა მოსწავლისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უფრო შეუმჩნეველია, რათა აღმოცენებული ნიჭი იყოს აღიარებული და მაქსიმალურად წახალისებული.
  • გამოავლინონ „ორმაგად განსაკუთრებული“ მოსწავლეების ნიჭი, ამასთან ერთად – შეზღუდული შესაძლებლობის/სპეციალური საჭიროების სფეროები და გამოიყენონ ძლიერ მხარეებზე დაფუძნებული, ნიჭზე ორიენტირებული მიდგომა საკლასო ოთახში და მის გარეთ.
  • უზრუნველყონ მასწავლებლებისა და მშობლების განათლება ნიჭიერი მოსწავლეების სოციალურ-ემოციური განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიების შესახებ.
  • შეიმუშაონ მრავალფეროვანი ნიჭიერი საგანმანათლებლო სერვისები ნიჭიერი სტუდენტების მრავალმხრივი და ცვალებადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად[3].

[1]http://inclusion.ge/res/docs/2023050216240092828.pdf

[2]https://mastsavlebeli.ge/?p=12834

[3]http://inclusion.ge/res/docs/2023050216240092828.pdf

BRICS – გლობალური სამხრეთის ხმა

0

 

(გაგრძელება)

BRICS-ის ქვეყნების დაწინაურებამ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია.

ალიანსი საკუთარ თავს დიდი შვიდეულის (G7 ) – შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის ერთობის ალტერნატივად განიხილავს. BRICS-ის ქვეყნების სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ და განვითარებამ მათი გავლენა და ამბიციები გაზარდა. გაერთიანება ცდილობს, შეცვალოს, მისი ხედვით, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ ნაკარნახევი საერთაშორისო წესრიგი.

ჩინეთის ეკონომიკურმა აღმავლობამ განსაკუთრებით შეცვალა გლობალური ვაჭრობა და ინვესტიციები. წარმოების, მასიური სამომხმარებლო ბაზრისა და ინოვაციებზე ორიენტირებულმა ზრდამ იგი გლობალური ეკონომიკის მწვერვალზე აიყვანა. ინდოეთი, რომელიც ჩინეთს ჯერ კიდევ რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩება, მოსახლეობის რაოდენობითა და განვითარებული ტექნოლოგიური ინდუსტრიის წყალობით, ბლოკის მეორე ეკონომიკური ზესახელმწიფო ხდება.

განსხვავებული მდგომარეობაა რუსეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში, რომელთა წილი გლობალურ მშპ-ში (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით) რეალურად მცირდება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.

BRICS-ის ქვეყნების აღზევებამ, მიუხედავად ბლოკში არსებული გამოწვევებისა, გაზარდა გლობალური მმართველობის მოთხოვნა, რაც ხაზს უსვამს დასავლეთის G7 ქვეყნების მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკისგან განსხვავებულ შეხედულებებს. ყველაზე მკაფიოდ ეს გამოჩნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს. მიუხედავად იმისა, რომ G7-მა დაგმო თავდასხმა და მკაცრი სანქციები დაუწესა რუსეთს, BRICS-ის არცერთმა წევრმა არ დაგმო რუსეთის ქმედებები და არც სანქციებს შეუერთდა.

BRICS ცდილობს, ჩამოაყალიბოს განვითარებადი ეკონომიკის ერთიანი ფრონტი სხვადასხვა ინსტიტუციაში. ჯგუფი მიზნად ისახავს როგორც არსებულ ინსტიტუციებში რეფორმების გატარებას – მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოებას, ისე მოლაპარაკებების ბლოკების შექმნას ამ ინსტიტუციებში. მაგალითად, BRICS-ის ქვეყნები ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ გაეროს პოზიციას, ცდილობდნენ შეემუშავებინათ ერთიანი პოზიციები ირანის ბირთვულ პროგრამასთან, ასევე ავღანეთში, ღაზაში, ლიბიასა და სირიაში კონფლიქტებთან დაკავშირებით.

დიდი ხნის განმავლობაში G7 აკონტროლებდა გლობალურ ეკონომიკურ მმართველობასა და გადაწყვეტილების მიღებას.

G7-ისა და BRICS-ის ქვეყნების ერთობლივი მშპ-ს წილი მსოფლიო მშპ-ში მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით

ეს მონაცემები მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებითაა გაანგარიშებული – ანუ მაჩვენებლით, რომელიც სხვადასხვა ვალუტის მსყიდველობითუნარიანობას ათანაბრებს და ეკონომიკების შედარებას შესაძლებელს ხდის. მსყიდველობითი უნარის პარიტეტი საშუალებას იძლევა, დადგინდეს რამდენი ფულია საჭირო ერთი და იმავე ოდენობის საქონლისა და მომსახურების შესაძენად სხვადასხვა ქვეყანაში.

ბლოკის ეკონომიკურ წარმატებას ძირითადად ჩინეთი და ინდოეთი განაპირობებენ. ეკონომისტი ჯიმ ო’ნილი – BRICS -ის ტერმინისა და იდეის ავტორი – დღეს აცხადებს, რომ ხუთიდან სამი ქვეყნის – რუსეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის ეკონომიკური მნიშვნელობა „შებრუნებულია“: „ინდოეთისა და ჩინეთის გარეშე, არ ვიცი, რა იქნებოდა BRICS. სწორედ ამ ორის გამოა, რომ საერთო ზომა ისეთია, როგორიც არის. ამ ორის გარეშე საერთოდ არ იქნებოდა დიდი“.

BRICS-ის გაფართოება მიზნად ისახავს გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას, რაც კონკურენციას გაუწევს G7-ს და დასავლეთის ინსტიტუციებს. ჯგუფი ცდილობს, ხელი შეუწყოს უფრო მრავალპოლარულ სამყაროს, შეამციროს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების დომინირება.

BRICS-ის სახელმწიფოების მეთაურები ყოველწლიურად იკრიბებიან, თითოეული ქვეყანა იღებს ერთწლიან თავმჯდომარეობას პრიორიტეტების განსაზღვრისა და სამიტის მასპინძლობისთვის. ბლოკი ეყრდნობა კონსენსუსზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ძირითადად არაფორმალურია: მას არ გააჩნია განსაზღვრული წესდება, სამდივნო ან საერთო ფონდი.

გარდა იმისა, რომ BRICS წარმოადგენს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარსა და გლობალური მშპ-ს 35%-ს ირანისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების დამატებით, ბლოკმა გაზარდა ნავთობის ერთობლივი წარმოება თითქმის 50%-ით და ახლა ნავთობის გლობალური მოპოვების თითქმის 30%-ს შეადგენს, ენერგეტიკის ინსტიტუტის თანახმად. ბუნებრივი რესურსების გლობალურ ბაზარზე წევრ ქვეყნებზე ნედლეულის მსოფლიო ექსპორტის, დაახლოებით, 25% მოდის. იგი აერთიანებს ნავთობის ძირითად გლობალურ მწარმოებლებს გადამწყვეტი სავაჭრო პუნქტების მახლობლად, როგორიცაა – სუეცის არხი, ჰორმუზისა და ბაბ-ელ მანდების სრუტეები. ინდოეთი, ირანი და რუსეთი უკვე ავითარებენ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს.

BRICS-ის ქვეყნებში, კერძოდ, ბრაზილიაში, რუსეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ირანსა და სამხრეთ აფრიკაში რკინის მადნის მსოფლიო მარაგის, დაახლოებით, 30%-ია.

გლობალური სამხრეთის ეკონომიკური ზრდის პოტენციალი და უსაფრთხოების მზარდი გავლენა ხელს უწყობს მისი გლობალური მნიშვნელობის ზრდას.

ექსპორტის კუთხით ჯგუფის როლი შედარებით მცირეა. ბლოკის ექსპორტის თითქმის ორი მესამედი ჩინეთზე მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ BRICS არის „თანაბარი პარტნიორობა იმ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ აქვთ საერთო ხედვა უკეთესი სამყაროს შესახებ“, როგორც ეს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ განაცხადა, ძნელია უგულებელყო ჩინეთის დიდი როლი, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ძალაუფლების თვალსაზრისით. მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ჩინეთის მშპ აღემატება BRICS-ის დარჩენილი რვა წევრის მთლიან მშპ-ს და ძნელი წარმოსადგენია, რომ ქვეყანამ არ გამოიყენოს ეს ძალა ბლოკის შიგნით მოლაპარაკებებში.

BRICS-ის წევრების გლობალური გავლენა

BRICS ქვეყნების მსოფლიო მშპ-ს, მოსახლეობის, ნავთობის პროდუქციის და საქონლის ექსპორტის წილი

BRICS-ის ხუთმა ქვეყანამ მიაღწია G7-ის ქვეყნების საერთო მსყიდველობითი უნარის პარიტეტზე (მუპ) მორგებულ მშპ-ს, თუმცა ისინი მაინც ჩამორჩებიან G7-ის განვითარებული ეკონომიკის მაჩვენებლით – მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, BRICS-ის ხუთი წევრიდან არცერთი არ უახლოვდება იაპონიის მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე, რაც თავის მხრივ ყველაზე დაბალია G7 ქვეყნებს შორის. PPP-ით მორგებული საერთაშორისო დოლარის გამოყენებით, შეერთებული შტატების მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 80,035 აშშ დოლარს, რაც სამჯერ აღემატება ჩინეთის მაჩვენებელს – 23,382 აშშ დოლარს.

 

BRICS და G7 ქვეყნები

G7 და BRICS ქვეყნების მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2023 წელს საერთაშორისო დოლარში მსყიდველუნარიანობის პატიტეტის მიხედვით

გლობალურ ტრანზაქციებში დოლარის დომინირების გამო სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება, რაც მათ დასავლური სანქციების წინაშე აყენებს. BRICS-ის ლიდერები დიდი ხანია, მხარს უჭერენ დედოლარიზაციას.

2023 წლისთვის BRICS საკუთარი ვალუტის შემოღების საკითხს განიხილავდა. კერძოდ, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ წევრ ქვეყნებს BRICS-ის საერთო ვალუტის შექმნისკენ მოუწოდა, დოლარის რყევების მიმართ დაუცველობისა და დამოკიდებულების შესამცირებლად.

ჯგუფის ახალი განვითარების ბანკი (NDB) და პირობითი სარეზერვო შეთანხმება (CRA) მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ალტერნატივად განიხილება. BRICS-ის წევრები იმედოვნებენ, რომ ალტერნატიულ საკრედიტო ინსტიტუტებს შეუძლიათ, გაააქტიურონ სამხრეთის ქვეყნების თანამშრომლობა და შეამცირონ დამოკიდებულება დაფინანსების ტრადიციულ წყაროებზე. თუმცა, ალიანსის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური განსხვავების გამო, საერთო ვალუტის შემოღების შესაძლებლობა საკმაოდ დაბალია.

2014 წლის ივლისში, BRICS-ის მეექვსე სამიტზე ფორტალეზაში, BRICS-ის წევრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს 100 მილიარდი აშშ$-ის ახალი განვითარების ბანკის (ადრე ცნობილი როგორც „BRICS განვითარების ბანკი“) და სარეზერვო ვალუტის ფონდის შექმნის შესახებ, რომლის ღირებულებაც 100 მილიარდ აშშ$-ზე მეტია. ასევე, ხელი მოეწერა BRICS-ის საექსპორტო საკრედიტო სააგენტოებს შორის თანამშრომლობას.

2024 წლის პრიორიტეტები ასევე მოიცავს ახალი წევრების ინტეგრაციას და BRICS-ის პარტნიორი ქვეყნების ახალი კატეგორიის ჩამოყალიბებას, რომლებიც, სავარაუდოდ, სრული წევრები არ იქნებიან.

ამავდროულად, BRICS უკვე ფიქრობს შემდგომ გაფართოებაზე. ამჟამინდელმა წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი ცდილობენ, მიიზიდონ მეტი წევრი და პარტნიორი ქვეყანა, რათა წვდომა გააფართოონ რეგიონულ სავაჭრო ბლოკებზე. ჯგუფი თავის კარს ხსნის, ორმოცზე მეტმა ქვეყანამ გამოხატა გაწევრიანების ინტერესი და მინიმუმ ოცმა ითხოვა გაწევრება.

BRICS-ის ქვეყნებს შორის ურთიერთობა ყოველთვის არ არის ჰარმონიული. მაგალითად, ჩინეთის ამბიციები ცენტრალურ აზიაში ზოგიერთის მიერ განიხილება, როგორც რუსული გავლენის უზურპაციის მცდელობა; ინდოეთსა და ჩინეთს შორის სასაზღვრო დავები მუდმივ პრობლემებს ქმნის. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ასევე გამოიწვია უკმაყოფილება ბლოკში, მისი გლობალური ეკონომიკური გავლენითა და წევრების ურთიერთობების გართულებით დასავლეთთან. რუსეთისთვის BRICS დასავლეთთან დაპირისპირების მორიგი ფრონტია – უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული დასავლური სანქციების დაძლევის საშუალება და, ამავე დროს, შესაძლებლობა, აჩვენოს დასავლეთს, რომ მას მეგობრები და მოკავშირეები კვლავ ჰყავს.

ჩინეთისთვის ეს ალიანსი მეტი ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვების საშუალებაა, რაც მისთვის აუცილებელია შეერთებულ შტატებთან მეტოქეობაში, ასევე, შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში. ჩინეთის ინტერესია, შეიქმნას ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური საპირწონე იმისა, რასაც „გლობალურ სამხრეთში“ დასავლურ ჰეგემონიად მიიჩნევენ.

სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა ინტერესი აქვს, მაგრამ, მემარცხენე ეკონომისტის, საბერძნეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, იანის ვარუფაკისის სიტყვებით, „BRICS ჩინეთია“.

ანალიტიკოსების თქმით, BRICS-ის წევრების მიერ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღქმა ეფუძნება რუსეთის დამოკიდებულებას.

„BRICS-ის თამაშები“

რუსეთი, უკრაინაში შეჭრისა და მისი ტერიტორიის ანექსიის გამო, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებიდან გარიცხულია.

„BRICS-ის თამაშები“ ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება და, როგორც წესი, ის ქვეყანა ატარებს, ვინც ყოველწლიურ სამიტს მასპინძლობს ხოლმე. „BRICS-ის თამაშები“ პირველად 2017 წელს ჩინეთში ჩატარდა, 2021 წელს მას ინდოეთმა უმასპინძლა, 2023 წელს – სამხრეთ აფრიკამ, 2024 წელს კი – უკვე რუსეთში, თათრეთში, ქალაქ ყაზანში გაიმართა.

გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს ვიდეოჩართვით პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიმართა და თამაშები გახსნილად გამოაცხადა.

თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დროშაც გამოჩნდა, თუმცა, საქართველოს მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა არავის მიუღია. „BRICS-ის თამაშებში” რუსეთის მიწვევით მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

საქართველოს დროშა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დროშებთან ერთად „BRICS-ის თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ყაზანში

როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი წერდა: „შეჯიბრის სახელის მიუხედავად, მასში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია“. თამაშებზე ოკუპირებული აფხაზეთიდან 49 სპორტსმენი მონაწილეობდა, ოკუპირებული ცხინვალიდან კი – 22.

 

XXI საუკუნის გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური დინამიკის ფორმირებაში BRICS სავარაუდოდ, უფრო და უფრო დიდ როლს ითამაშებს.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://infobrics.org/page/history-of-brics/; https://infobrics.org/

https://publika.ge/saqartvelos-drosha-riskis-tamashebis-gakhsnis-ceremoniaze-gamochnda/;

https://www.statista.com/chart/30638/brics-and-g7-share-of-global-gdp/;

https://www.statista.com/chart/33311/brics-share-of-global-gdp-and-population/;

https://www.statista.com/chart/30641/gdp-per-capita-in-brics-and-g7-countries/.

აპოლიტიკური მოზარდები თუ – ა, პოლიტიკური მოზარდები?!

0

2013 წელს ეროვნულ გამოცდებზე იყო რევაზ ინანიშვილის არაჩვეულებრივი მოთხრობა „ლარა“, რომელიც კარგად გვიჩვენებს, როგორ შეიძლება შეიწიროს სისტემამ ადამიანი, გაანადგუროს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ლარა და ჟულიენი, დედა-შვილი, უვლიან თავიანთ მამასა და ბაბუას, რომელიც ათწლიანი პატიმრობის შემდეგ ავადმყოფობის გამო ცოცხალ-მკვდარი გამოუშვეს ციხიდან. მწერალი საოცარი სიცხადით აღწერს, ერთი მხრივ, ამ კაცის გარეგნობას, რომელიც კარგად ამხელს, რა გადაიტანა მან ამ 10 წელიწადში; და მეორე მხრივ, იმ მზრუნველობას, რომელსაც დედა-შვილი იჩენს მის მიმართ და შეუძლებელს შეძლებენ, თითქმის მკვდარს ფეხზე დააყენებენ. ოდნავ მოღონიერებული ნაპატიმრალი სახლიდან გავა უჩუმრად, გზაში, ფოსტის მახლობლად, ცუდად გახდება, წაიქცევა და ვეღარ უშველიან. გულის ჯიბეში აღმოუჩენენ წერილს ვიღაც უფროსის სახელზე, რომელსაც ახსენებს, რა დამსახურება აქვს, რა გამოიარა, მაგრამ მაინც მზად რომ არის ქვეყნის სამსახურისთვის და ერთგულებას უმტკიცებს იმით, რომ ასმენს საკუთარ შვილსა და შვილიშვილს: საეჭვო გზით შეძენილ იაპონურ ტრანზისტორში უსმენენ ქვეყნისთვის მტრულ გადმოცემებს საზღვარგარეთიდან და ინფორმაციას ავრცელებენო.

 

მახსოვს, მაშინ განგაში ატყდა განათლების სფეროში, რადგან აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა არსობრივად ვერ გაიგო ნაწარმოები, მწერლის მთავარი სათქმელი ვერ ამოიცნო, ვერ გაიაზრა კონტექსტი და ნაპატიმრალს საქციელი მოუწონა, სამშობლოს უერთგულაო. ეს ნაწარმოები გახდა ლაკმუსის ქაღალდი იმისა, რომ რაღაცას სწორად და საკმარისად არ ვასწავლიდით. მას მერე ყოველთვის ვაკითხებ ჩემს მოსწავლეებს ამ მოთხრობას, ვაწერინებ ანალიზს და მერე შიშით ვკითხულობ მათ ნაწერებს – მათი ნაშრომების მიხედვით ვამოწმებ საკუთარ თავს, სწორად ვასწავლი თუ არა, რასაც ვასწავლი.

 

ვფიქრობ, ეს შემთხვევა კარგი შესავალია იმ თემაზე სასაუბროდ, რომელიც ძალიან მაწუხებს და იმდენად მაწუხებს, ვერ მოვისვენე, სანამ ჩემი შემაწუხებელი ფიქრები სტატიად არ ვაქციე.

 

ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა გაააქტიურა საზოგადოების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ახალგაზრდების როლი სამოქალაქო მოძრაობაში (თუმცა არც სხვა წლებში ყოფილა მეორეხარისხოვანი), მაგრამ ორაზროვანი დამოკიდებულება გამოიწვია ამ ყველაფერში სასკოლო საზოგადოების აქტიურად ჩართვამ. ეს ორაზროვნება განსაკუთრებით შეეხო ორ სეგმენტს: მასწავლებლებსა და მოსწავლეებს (ადმინისტრაცია პასიურობით გამოირჩევა, მშობლების აქტიურობა არავის უკვირს). განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდა საზოგადოება მოსწავლეების აქციების მიმართ და ამ საკითხშიც საზოგადოება, სულ მცირე, ორად გაიყო.

 

ამ სტატიაში ვეცდები, თავი მოვუყარო იმ რამდენიმე არგუმენტსა და გარემოებას, რომლებიც, ჩემი აზრით, აჩვენებს, რომ მოსწავლეების საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

დავიწყოთ იმით, რომ აპოლიტიკურობა სამოქალაქო განათლების ლექსიკონში ასეა განმარტებული: პოლიტიკური მოვლენების, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ უარყოფითი ან უგულებელყოფითი დამოკიდებულება.

 

ხოლო უცხო სიტყვათა ლექსიკონში აპოლიტიკურის განმარტება შემდეგნაირია:

Gk. Apolitikos, „ ვინც სახელმწიფო საქმეში არ მონაწილეობს“,

ვინც თავს არიდებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას.

 

ორივე განმარტებაში ხაზგასმულია საზოგადოებრივი ცხოვრება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა, რელიგიისა და ა.შ.

 

სასკოლო საზოგადოებისთვის მთავარი დოკუმენტი, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ჩამონათვალი, იწყება შემდეგი პუნქტებით:

ა) ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის მცოდნე მოქალაქის აღზრდა;

ბ) სახელმწიფო ენის, კულტურის, საქართველოს ისტორიის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა.

 

რა თქმა უნდა, ამ მიზნების მიღწევა ერთბაშად, სკოლის დამთავრებისთანავე, შეუძლებელია, თუ თანდათან, ზომიერად, შესაბამისი რესურსებითა და მეთოდებით, დიდი სიფრთხილითა და რუდუნებით არ ჩაეყარა საფუძველი.

 

უფრო ვიწრო, კონკრეტული საგნობრივი ჭრილიდან თუ შევხედავთ, ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო და საშუალო საფეხურის საგნობრივ სტანდარტში, ერთ-ერთ სამიზნე ცნებადაა მოცემული კონტექსტი:

 

საბაზო საფეხურის სტანდარტში – კონტექსტური ფაქტორები: (მაგ., კონკრეტული ტექსტის შექმნის ეპოქა, ადგილი, კულტურული არეალი, რეალიები (მაგ., საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციოკულტურული); ფასეულობები, ცოდნის დონე;

 კონკრეტული ავტორის გამოცდილება (ცხოვრებისეული და სულიერი) – ბიოგრაფიის კონკრეტული დეტალ(ებ)ი, სოციოკულტურული გარემო; ფასეულობები, დამოკიდებულებები).

საშუალო საფეხურის სტანდარტში – კონტექსტი ისტორიული და სოციოკულტურულიქართული ლიტერატურის პერიოდები; თხზულების თანადროული ეპოქის ისტორიული ვითარება/ისტორიული რეალიები, საზოგადოებრივი ცხოვრების რეალიები; ეპოქისთვის დამახასიათებელი თემატიკა/პრობლემატიკა, ღირებულებები; წარმოდგენები სამყაროზე, ადამიანზე, დამოკიდებულებები, შეხედულებები განათლებაზე/სწავლა-აღზრდაზე; მსოფლმხედველობრივი და მორალურ-ეთიკური ორიენტირები; ლიტერატურული მიმდინარეობები. ბიოგრაფიული კონტექსტი მწერლის ბიოგრაფიის კონკრეტული ფაქტები, მოვლენები, სოციალური გარემო, განათლება, სულიერი გამოცდილება; კულტურათა დიალოგი.

მოცემული ამონარიდები გვკარნახობს, რომ თუ არ ვცდილობთ, მოსწავლეებში გავაღვივოთ ინტერესი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ, თუ ტექსტებს ვასწავლით კონკრეტული კონტექსტის გარეშე, გამოდის, რომ არ ვითვალისწინებთ მასწავლებლებისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს. და დოკუმენტებსაც თავი რომ დავანებოთ, არასრულყოფილად, გაუაზრებლად, გაუთავისებლად ვასწავლით, რასაც ვასწავლით.

ზემოთ ჩამოთვლილს ემატება ისიც, რომ მოსწავლეების საყვარელი და მარადიული კითხვაა: რასაც ვსწავლობ, რისთვის ვსწავლობ? რაში გამომადგება? ამიტომ თითოეული საგნის მასწავლებლის საფიქრალი სწორედ ისაა, რომ თავის მოსწავლეებს კონკრეტული საგნის პრაქტიკულობა დაანახოს. ჩემი აზრით, ეს პრობლემა არ დგას ლიტერატურის სწავლებისას, თუ სწორად მივიყვანთ მოსწავლეებს ნაწარმოებებთან და სწორად მიყვანა ნიშნავს იმას, რომ მოზარდმა ტექსტებში ამოკითხული თემები, პრობლემები საკუთარ თავს, ცხოვრებას, ყოველდღიურობას დაუკავშიროს, გაავლოს კრიტიკული ან ემოციური პარალელები, ან პირიქით, ისწავლოს საკუთარი თუ სხვისი ცხოვრებისთვის შორიდან, დამკვირვებლის თვალით შეხედვა და ისე აწონ-დაწონა, შეფასება, გადაფასება მოვლენებისა თუ ღირებულებების. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, უკავშირდება 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანეს უნარებს: კრიტიკულ აზროვნებას, ემოციურ ინტელექტსა და მედიაწიგნიერებას. როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება, თუ ნაწარმოებებში ასახულ საკითხებს ცხოვრებას არ დაუკავშირებენ და რეალურ ცხოვრებაში არ ეცდებიან, პრობლემებს სხვადასხვა კუთხით შეხედონ და გააანალიზონ?! ან როგორ შეიძლება, 21-ე საუკუნის ახალგაზრდას არ განვუვითაროთ ემოციური ინტელექტი, რომელიც გულისხმობს როგორც საკუთარი ემოციების მართვას, ასევე გარშემომყოფთა მიმართ ემპათიას, სხვების გრძნობების, დარდის, ტკივილის გაზიარებას, თანაგანცდას?! ემპათია იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სამომავლოდ ისეთ ზრდასრულებად არ ჩამოყალიბდნენ, როგორებიც ფრანც კაფკას მცირე, მაგრამ ბევრისმთქმელი ტექსტის პერსონაჟები არიან. აქვე დავურთავ:

 

„კაცი რომ კაცს მისდევს“

„როცა ღამით ქუჩაში მისეირნობ და ხედავ, რომ საწინააღმდეგო მიმართულებით ვიღაც გამორბის, შენ ამ უცნობს ხელს არ სტაცებ, არ შეაჩერებ, თუნდაც სუსტი იყოს და ჩამოფლეთილიც, თუნდაც ვინმე მისდევდეს და ყვიროდეს, დააკავეთო… შენ უცნობს სირბილში ხელს არ შეუშლი… რადგან ღამეა და შენი ბრალი არაა, რომ ქუჩა მთვარის შუქითაა განათებული; ამას გარდა, იქნებ ისინი თავს იქცევენ ურთიერთდევნით, იქნებ ორივე ვიღაც მესამეს მისდევს; იქნებ პირველს უდანაშაულოდ გამოედევნენ; იქნებ მეორეს პირველის მოკვლა უნდა და შენ მკვლელობის თანამონაწილე ხომ არ გახდები?! იქნებ ამ ორმა ერთმანეთის არა იცის რა და ორივე თავისთვის გარბის საკუთარი სახლისაკენ; იქნებ ესენი მთვარეულები არიან; იქნებ პირველს იარაღიც აქვს თან… და ბოლოს, ნუთუ უფლება არ გვაქვს, გადაღლილნი ვიყოთ? განა ცოტა ღვინო არ დაგვილევია? და შენ გიხარია, რომ ორივე თვალს მიეფარა…“.

 

…და რაც მთავარია, უკვე სასურველი კი არა, აუცილებელი იარაღია მედიაწიგნიერება, რადგან რეალური ცხოვრების გვერდით მედიაცხოვრებაც მჩქეფარე, საინტერესო და სახიფათოა. მოზარდმა აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ გაარჩიოს ერთმანეთისგან ნამდვილი და მცდარი ინფორმაცია, გააანალიზოს, ვინ და რატომ ავრცელებს ამა თუ იმ შეხედულებას. წავიდა ყვარყვარესა და ბეგლარა მეწისქვილის მიერ ნაცარში დახაზული პოლიტიკური სტრატეგიების დრო, ახალი თაობისთვის მარტივად ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, მით უმეტეს, რომ არც ენის ბარიერი უშლის უმეტესობას ხელს, მთავარია, რაიმეს გაგება და შესწავლა მოინდომონ.

 

ყველაფერი, რაც ზემოთ განვიხილე, მიუთითებს იმაზე, რომ თუ მოზარდს თავისი ქვეყანა უყვარს, აინტერესებს, რა ხდება სამშობლოში და რა აწუხებს საზოგადოებას, გრძნობს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, კრიტიკულად აზროვნებს, აქვს ცოდნა და ემპათია, ის ვერ იქნება აპოლიტიკური.

 

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვთა კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით: ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი; ეს უფლება შეიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციისა და იდეის მოძიების, მიღების და გადაცემის თავისუფლებას საზღვრების მიუხედავად, ზეპირი, წერილობითი ან ბეჭდვითი ფორმით, ხელოვნების ნაწარმოების ფორმით ან ბავშვის არჩევანის შესაბამისად სხვა საშუალებების დახმარებით.

 

მე-15 მუხლის მიხედვით: 1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის ასოციაციის თავისუფლებისა და მშვიდობიანი კრებების თავისუფლების უფლებას. ეს ნიშნავს, რომ იმ ბავშვებს, კითხვები რომ უჩნდებათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, პასუხების მიღების უფლება აქვთ; აზრის გამოთქმა თუ სურთ, ამის უფლებაც აქვთ, აქციაზე დგომას თუ გადაწყვეტენ, ამის უფლებაც აქვთ და ზრდასრულებს კი, პირიქით, არ გვაქვს უფლება, არ ვუპასუხოთ, გავაჩუმოთ, კარები ჩავუკეტოთ, ხელი შევუშალოთ. ჩვენ გვევალება, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ვიყოთ ძალიან ფრთხილი, მოზომილი და მზრუნველი მათ მიმართ. უბრალოდ, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ მართონ თავიანთი ინტერესი, ემოცია და ენერგია. არახალია, რომ ძველთან დაპირისპირება, განვითარებისკენ სწრაფვა და პროტესტანტობა ყველა ეპოქის მოზარდის მახასიათებელია. ამის ძალიან ცნობილ მაგალითებსაც გავიხსენებ:

 

მარო მაყაშვილი სრულიად ახალგაზრდა შეეწირა სამშობლოს. მისი დღიური,17 წლისა რომ წერს, მოიცავს ყველა იმ თემას, რომლებიც ერთდროულად ეხება სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებს და უმეტესობა დღესაც აქტუალურია ( იხილეთ ვიდეო).

 

1956 წელს სულ რაღაც 17 წლისები იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, არალეგალური ახალგაზრდული პატრიოტული ორგანიზაცია „გორგასლიანი“ (შეუერთდნენ გურამ დოჩანაშვილი, ვოვა სიხარულიძე და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა) რომ დააარსეს, გაზეთს გამოსცემდნენ და ანტისაბჭოთა პროკლამაციებს ავრცელებდნენ ქალაქში. დაისაჯნენ კიდეც ამისთვის.

 

16-17 წლისები იყვნენ ეკა ბეჟანიშვილი და თამრიკო ჭოველიძე – 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლები.

 

კიდევ ბევრი ადამიანის გახსენება შეიძლება, ბევრის სახელიც მე არ მეცოდინება, ფაქტი ერთია, აქ ჩამოთვლილ მოზარდებზე ახლა არავინ ამბობს (ალბათ, თანამედროვეების ნაწილი აკრიტიკებდა კიდეც), რა უნდოდათ იქ, სადაც იყვნენ, რა მათი საქმე იყო პოლიტიკა, დამსხდარიყვნენ და მშვიდად ესწავლათო…

 

სანამ ამ ჩემს საფიქრალს ვეჯახირებოდი და სტატიას დავასრულებდი, შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტსივრცეში ძალიან საინტერესო ექსპერიმენტს, პროექტს, რომელშიც მონაწილეობენ 15 მოზარდი და მასწავლებელი (ფილოსოფოსი) ლევან ღამბაშიძე. ისინი არიან ერთმანეთის ოპონენტები და ძალიან საინტერესოდ მსჯელობენ, თავიანთ არგუმენტებს წარმოადგენენ თემაზე: აქვს თუ არა მასწავლებელს უფლება, განიხილოს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები მოსწავლეებთან ერთად? ყველაზე მთავარი ამ ვიდეოში ჩემთვის არის იმის დანახვა, რომ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ცდილობს, პასუხი იპოვოს იმ კითხვაზე, რომელიც აწუხებს მათ და სასკოლო თუ არასასკოლო საზოგადოებას. საშუალებას აძლევს მოზარდებს, თავისუფლად გამოთქვან თავიანთი შეხედულებები, იყვნენ კრიტიკული, იფიქრონ არგუმენტებზე და თუ სხვისი არგუმენტი აღმოჩნდა დამარწმუნებელი, აღიარებაც შეძლონ. უყურეთ თქვენც: https://www.youtube.com/watch?v=1KyWTySN6vo

 

 

 

 

 

 

 

ბლოგი N1

0

ეს ამ წლის პირველი ბლოგია, ამიტომ დავარქვი ეს სათაური, ხოლო თემას რაც შეეხება, ამ თემაზე სულ ვაპირებდი ორი სიტყვის თქმას, მაგრამ რატომღაც თავს ვიკავებდი, რადგან სპორტსმენებს პატივს ვცემ და არ მინდოდა, ძალიან კატეგორიული ვყოფილიყავი, ჰოდა, ვეცდები, ძალიან მოზომილად ვთქვა სათქმელი.

მე, როგორც პატრიოტი კაცი, ყველა იმ ქართველისა თუ არაქართველის პატივისმცემელი ვარ, ვინც მცირედს მაინც შემატებს საქართველოს (საქართველო ამას ნამდვილად იმსახურებს, ყოველგვარი ულტრანაციონალისტური და ურაპატრიოტული სიტუტუცეების გარეშე), მაგრამ სამშობლოს სასახელოდ საკუთარი წვლილის (თუნდაც დიდის) ხალხისთვის წამოყვედრება, რასაც მუდმივად ვატყობ სპორტსმენების ნაწილს, რბილად რომ ვთქვათ, არ არის ღირსეული საქციელი და უბრალოდ გაუნათლებლობის ინდიკატორია.

სულაც არ მინდა, სპორტი დავაკნინო, მაგრამ ერის იდენტობას ქმნის კულტურა და, პირველ რიგში, ლიტერატურა. თქვენ გახსენდებათ რომელიმე დიდი ქართველი პოეტი ან პროზაიკოსი, რომელსაც საკუთარი (თანაც ფასდაუდებელი) წვლილი და მნიშვნელობა წამოეყვედრებინოს საკუთარი ხალხისთვის? მე არ მახსენდება. მიზეზთა გამო საყვედური (ზოგჯერ – კატეგორიულიც) კი დასცდენია რამდენიმეს, მაგრამ საკუთარი თავის დაყვედრება?! – არამც და არამც!

მოდი, ასე დავსვათ საკითხი: ვიქნებოდით თუ არა ჩვენ საკუთარი იდენტობის მქონე ერი იმ სპორტული მიღწევების გარეშე, რაც საქართველოს, ერთად აღებული, ჰქონია? – ცხადია, ვიქნებოდით. და ვიქნებოდით თუ არა ჩვენ საკუთარი იდენტობის მქონე ერი ცურტაველის, რუსთაველის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, აკაკის, ილიას, ვაჟას, გალაკტიონის, ჯავახიშვილის, გამსახურდიას, ლებანიძის, ოთარ ჭილაძის, ოთარ ჩხეიძის, დოჩანაშვილის, ხარანაულის (ეს სია აქ არ წყდება) და სხვების გარეშე? – არა, არ ვიქნებოდით. მათ გარეშე ვიქნებოდით უბრალო ტრაიბალისტური ერთობა. სწორედ ეს ხალხი ქმნის ჩვენს კულტურულ-სპირიტუალურ პორტრეტს ცივილიზებული სამყაროს თვალში, მაგრამ ოდესმე რომელიმე მათგანს სადმე დაუწერია ან უთქვამს ვინმესთვის, რაც მე საქართველოსთვის გავაკეთე, იმის ნახევარი თუ გაუკეთებია სხვასო?! არადა, მწერლობა (მით უმეტეს – საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში) – ეს არის სრულიად გააზრებული თვითვიქტიმიზაცია, საკუთარი თავის (ყველაზე სადისტური და შეუქცევადი) მსხვერპლად შეწირვა სამშობლოსა და იდეალების სამსხვერპლოზე. ეს ყველაფერი მერკანტილურ-ყოფით ამბებამდე რომ დავიყვანოთ, თითქმის არც ერთ ქართველ პოეტსა და მწერალს (ვისი ბიოგრაფიაც ვიცით) არ ულხინდა, მათი ცხოვრების ხარისხი არაფრით აღემატებოდა (ზოგჯერ ბევრად ჩამორჩებოდა კიდეც) საშუალოსტატისტიკური თანამოქალაქის ცხოვრების ხარისხს, მაგრამ ისინი მაინც ქმნიდნენ შედევრებს. ხოლო რაც შეეხება სპორტს – სპორტული წარმატება (კი, ბატონო, შრომისა და ოფლის ფასად), პირველ რიგში, ნიშნავს პირად კეთილდღეობას და ეს კეთილდღეობა ხშირად ბიუჯეტიდან ნაჩუქარ მილიონებს გულისხმობს. დღეს საშუალო დონის სპორტსმენი გაცილებით კარგად ცხოვრობს, ვიდრე დიდი პოეტი ან პროზაიკოსი. ცხადია, ეს ყველაფერი კაპიტალისტური მოცემულობის „ბრალია“; აქ იმიტომ ვახსენებ, რომ ყველამ იცოდეს საკუთარი ადგილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სპორტისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სასწორის ერთ პინაზე დალაგებულ მთელ ჩვენს ოლიმპიურ ჩინ-მენდლებს ვაჟას ერთი პოემა გადაწონის, თუმცა ვაჟა დაკერებული ჩოხით დაიარებოდა და მისთვის არავის უჩუქებია ბიუჯეტიდან მილიონი.

ჰოდა, ძვირფასო სპორტსმენებო, სანამ ვინმეს საკუთარ თავს წამოაყვედრებთ, დიდი ქართველი პოეტის ლადო ასათიანის ეს სტრიქონები გაიხსენეთ (ვიცი, რომ ზოგიერთი გაშინაურებული ხართ პოეზიასთან):

„რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,

შენ გეკითხები, ცაო ნათელო,

ამ უხეირო ლექსების გარდა

რას გავუკეთებ მე საქართველოს?!“

ზამთრის მიწურულის ჩანაწერები – მეორე ნაწილი

0

 

არაფერია იმაზე საშინელი განაჩენი, ვიდრე ბავშვს სიღარიბე მიესაჯოს. ხშირად გსმენიათ – გაიზრდება და ეგ მიაღწევს, თუ მიაღწევს. და რა? სად წაიღებს მშიერ ბავშვობას, მცივან ბავშვობას, ოცნებების სასაფლაოს? ვერ გამოკვებავ ერთი ფილა შოკოლადის სურვილს, წლების მერე თუნდაც ათასი შესთავაზო. ხშირად გსმენიათ – გაიზრდება და… ხან ვერც გაიზრდება – როგორც ეს ბავშვები საბერიოდან, ის ბავშვები ზუგდიდიდან.

ცოტას გინახავთ ბავშვის თვალები, რომელსაც მკვდარი ოცნებების ფერი დაკრავს? ეს არის ყველაზე საშინელი ფერი და ეს ფერი უდრის

უამრავ არას ცხოვრებისგან. ყოველდღიურ და სასტიკ არას და ამ არას ვეუბნებით ჩვენ, ადამიანები, რომლებმაც კარგად ვისწავლეთ

მათი თვალებისთვის თვალის არიდება.

 

……

 

ბელა წვერაძის წიგნზე ვწერ წინასიტყვას. ბელა ნაზი შამანაურის ბავშვობის მეგობარია და ამას გარდაც ბევრი ვინმეა. ეს წიგნი, თუ დუშეთი გინდათ გაიგოთ, წაგადგებათ. ჰოდა, ამ წერისას დუშური გაზაფხულ-ზაფხული გამახსენდა – ეგრე გამოვიდა, რომ მე პატარა ბინა მაქვს დუშეთის მახლობლად და მაქაურობის მაგიას კარგად ვიცნობ. თუ ოდესმე გაზაფხულზე იქაურ მინდვრებზე მოხვედრილხარ, ჯერ გვირილების გადარბენას ნახავ, მერე ეს მინდვრები ყაყაჩოების წითელას დაიმართებს. უცნაურად ლამაზია დუშეთი ზაფხულობით. კი, ჯერ ფერფრთხილ მწვანეზე გვირილა მოთოვს, მერე ყაყაჩო, ღიღილო და ძირწითელა დაკენკავს გვირილების მიმდნარ თოვლს. ორი კვირა უნდა ჩაუსაფრდე და ნახო ეს ფერისცვალებები. და ცაცხვის ყვავილის სუნი კიდევ ცალკე მოსაყოლი ამბავია, რადგან ზოგი სუნი შეიძლება მოყვე კიდეც. ოღონდ ეგ რომ მოყვე, ბაზრის ქუჩას უნდა დაუყვე ივნისის მიწურულს, სანამ მაყვალს და ლურსმნებს ყიდიან, მანდ უნდა გაჩერდე – ჭიშკრამდე მეორე ხესთან, მიეყრდნო, მაღლა ახედო და ჩაისუნთქო. და თუ დუშეთის ცა არ იცით, მაშინ ცა საერთოდ არ გცოდნიათ, რადგან ამ ცასაც, იმ მინდვრებივით, დილაობით ბარემ ხუთგვარად შეუძლია ფერისცვალება – მოწმენდელია და ქუხილის ხმა ისმის. აი, საიდან, კაცი ვერ გაიგებს, მაგრამ გეფიცებით, ისმის და ხან შეიძლება უღრუბლოდაც დაგეცეს წვეთი. ისეთი ცაა, რომ წესია ასეთი მისი ცქერის – ზურგზე უნდა იწვე და ისე უყურო. ასეთია დუშური ზაფხულები – აგერ ზამთარშიც კი მაგაზე მეფიქრება და ვწერ.

 

…..

 

წუხელ მესიზმრა, რომ 1997 წელი დადგა. რატომ დადგა 1997 წელი მაინცდამაინც – არ ვიცი. ეს წელი საერთოდ არ მახსოვს. ზუსტად ვიცი, როგორიც იქნებოდა, მაგრამ არ მახსოვს. არც არავინ მომკვდარა იმ წელს და არც არავინ დაბადებულა. ჩემ ირგვლივ – ცხადია. მაგრამ 1997 წელი დადგა და რადგან შუაღამისას, ვიდრე ოთხამდე დენი დატოვეს, ვუყურე კონცერტებს ,,გურიაზე”. დილით გვიან გამეღვიძა და დედაჩემმა მითხრა, რომ ქვევით ხაჭაპური და კაკაო მელოდება. ჩავედი და გავედი გარეთ, მოხურულაში, რომ პირზე წყალი შემესხა. იქ დამხვდა უმივალნიკი. კაცმა, რომ თქვას ეს უმივალინიკი უფრო მესიზმრა, ვიდრე სხვა რამ. უმივალნიკი, სადაც საგანგებოდ ჩემთვის ნელ-თბილი წყალი ჩაესხათ. და როცა გამეღვიძა, სახეზე თითქოს ვიგრძენი წყალი. და მთელი დილაა ვფიქრობ, სად არის ახლა ეს უმივალნიკი. უმივალნიკი 1997 წელს. სხვა ვერავინ გაიგებთ ამ ფიქრს. და ალბათ მეც ვერ გავიგებ თქვენსას. ასეც უნდა იყოს. ასეა საჭირო.

 

ზამთრის მიწურულის ჩანაწერები – 1

0

ამასწინ ვუყურებდი გოგი გვახარიას გადაცემას რეზო კიკნაძეზე, რომელიც იმ სახლში და ეზოშია გადაღებული, სადაც მე სტუმრობა ძალიან ცუდად მყოფს მომიხდა. ეგრე გამოვიდა, რომ ჯერაც ვახერხებდი ნაძალადევ სიარულს და რახან სიარულს – მუშაობასაც. ზურაბ კიკნაძის სანახავად და პორტრეტის მოსამზადებლად სოფელში ვეწვიე, სადაც აქაურ ყოფას განერიდა. მახსოვს, ოდესღაც, როცა, პირველ კურსზე მივედი, პირდაპირ ფოლკლორის სემინარზე აღმოვჩნდი. ქურუმის გარეგნობის კაცი იდგა, მოგრძო თმებით, შესამჩნევი საქორწინო ბეჭდით, ხელში დაკუჭული ფურცლები ეჭირა, ჩახედავდა, ოდნავ თითქოს შეხტებოდა და ფართო, წყლიანი თვალებით სადღაც შორს იყურებოდა. იყურებოდა და ამბობდა:

“ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს,

ქვენ ბაცალიგოს შრებისა”.

ეგ კაცი იყო ჩემი დიდი მასწავლებელი და მეგობარი ზურაბ კიკნაძე. რეზოს მამა. ჰოდა, ბოლოს ეგრე აღმოჩნდა, რომ კახეთში ვესტუმრე. მეტი აღარც მინახავს. ყველა სიტყვა მახსოვს, რაც ილაპარაკა, არადა, ზოგადად იმ დროიდან ცოტა მახსოვს. და იმ სიტყვათაგან ყველაზე მეტად ეს – აქ მარტო ძველ ცოდვებს ვიშინაურებო. განა, რა ცოდვა ჰქონდა ასეთი, მაგრამ ზუსტად იცოდა – ადამიანი განცდის და განსჯის არსებაა, განწმენდის და გარდასახვის. უფრო სწორედ, სჯობს რომ ასეთი იყოს და არა იმგვარი, ეს ზედაპირული ეპოქა რომ დაჟინებით გვაძალებს. ,,მეტანოია!” – ეს მითხრა გამოსამშვიდობებლად, როცა გამომაცილა. ჭიშკარს რომ გავხედე მიმავალმა, ჭიშკართან იდგა და ჭიშკარი გვშორდებოდა და გვშორდებოდა ადამიანიც, ჭიშკართან მდგარი. მაგრამ იმ სიშორიდან, კაცი აღარ ჩანდა და სიტყვა ძალიან ახლოს მესმოდა – ,,მეტანოია!”.

…..

გაუქმების კულტურა და ვოუქიზმი აღმოჩნდა შავი ჭირი, რომელიც მიეტმასნა და მნიშვნელოვნად გამოშიგნა კაცობრიობის უკეთესი გზით განვითარების იდეა.

ჰუმანიზმის ლოზუნგით რევოლუციური წინსვლის მეთოდი ამორფული აღმოჩნდა და გარდაუვალ ჩიხს გულისხმობდა. ადამიანი, საზოგადოება, კონცეფცია, რომელიც მხოლოდ ძახილის ნიშანს სვამს ან წერტილს და არასდროს იყენებს კითხვის ნიშანს – ვეღარ ვითარდება.

ადამიანმა მოიგონა სამართალი და კანონი დანაშაულის აღმოსაფხვრელად და დამნაშავის დასასჯელად. დასასჯელად და არა გასაუქმებლად. არავის აქვს სხვისი უვადო იზოლაციის უფლება და მით უფრო არ აქვს ეს უფლება კანონს მიღმა. არ შეიძლება ამგვარი ამბავი მოდური გახდეს და ერთმანეთის წამხედურობით თუ იძულებით ერთვებოდეს მეორე და მესამე. არც ის შეიძლება, რომ მეტანოია, შენანება ლექსიკონიდან ამოიღო და ეგ პროგრესად მიგაჩნდეს. თან ვინ? ეგ ცალკე კითხვაა და ცალკე სამსჯელო.

მეორე და ლოგიკური სირთულე – სხვაგან და აქაც – ამ პროცესს მიეკედლა უნიჭო და ზოგჯერ, სამწუხაროდ, მოტივირებულად ბოროტ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც საზოგადოებაში ისტერიული ტივტივის ერთადერთ ინსტრუმენტად ქოროს ნაწილად ყოფნა მიაჩნდა. ალბათ სწორადაც – არ მგონია, რამე სხვა საქმე, მათთვის შესაბამისი ყოფილიყო. რიგ შემთხვევაში, ეს მართლა ბოლშევიკურ მეთოდიკას დაემსგავსა – ცილისწამების გაიოლებით და ამავდროულად სტანდარტების იმის მიხედვით მონაცვლეობით, რაც კონკრეტულ ტალღას აწყობდა – წინა თუ უკანა რიცხვით.

და მესამე – ყველაზე მეტად ამ საქმით, რეტროგრადული და ტოტალიტალური რეჟიმები სარგებლობდნენ და სარგებლობენ. რატომ და როგორ, რთული მისახვედრი არ არის.

როგორც პატივცემული კამიუ იტყოდა, ამ მხრივ უკვე – ,,ზომიერების სიმამაცის” – დროა.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...