კვირა, ივნისი 22, 2025
22 ივნისი, კვირა, 2025

პოეზია და სინამდვილე

0

თანამედროვე ქართველ მკითხველს, ხშირ შემთხვევაში, უჭირს იმის გააზრება, რომ პოეზია, ისევე, როგორც – პროზა, მხატვრული ლიტერატურის ჟანრია და, რომ პოეტმა, ისევე, როგორც – პროზაიკოსმა, შეიძლება, ლექსის საშენი მასალა – განწყობა, ფაბულა და ამბავი – გამოიგონოს. თუ ფეისბუქზე განათავსე პროზაული ტექსტი, რომელიც, მაგალითად, ასე იწყება: “ჩემი ცოლი უნდა მოვკლა” – ეგ არაფერი, არავის ექნება რეაქცია, მაგრამ თუ ლექსს დაიწყებ იმავე სიტყვებით, შეიძლება, ვიღაცამ 112-ში დარეკოს. ანუ, რაც ლექსში წერია, უცდომელ რეალობადაა მიღებული. ამ პრიმიტიული მიდგომით არა მარტო მკითხველები, არამედ ხშირად ის ხალხიც სცოდავს, ვისაც პოეტობაზე აქვს პრეტენზია, თვალის დაუხამხამებლად მიაკერებენ “ყალბის” იარლიყს ყველა ლექსს, სადაც საჩინოა, რომ ავტორის ემპირიული იმპულსი ვერ იქნებოდა შთაგონების წყარო. ანუ, მათი გაგებით, ყოველი ლექსის უკან მხოლოდ და მხოლოდ ავტორის თავს გადამხდარი სუგესტიური ნაპერწკალი უნდა კიაფობდეს. ეს მიდგომა, იმასთან ერთად, რომ მცდარია, მსოფლიო ლირიკული პოეზიის ისტორიის და კონტექსტის აბსოლუტური უცოდინრობაა შუმერული, ეგვიპტური თუ ძველბერძნული ლირიკიდან მოყოლებული – დღემდე. ლირიკული (ან – ლირიკულ-ეპიკური ან – წმინდად ნარატიული) ლექსის ვიტალურობას ის კი არ განსაზღვრავს, ლექსში დამუშავებული თემა უშუალოდ ავტორის განცდაა, მას გადახდა, სხვას გადახდა თუ, საერთოდაც, გამოიგონა – ლექსის სიცოცხლისუნარიანობას ის განსაზღვრავს, რამდენად მოახერხა პოეტმა კონკრეტული თემის უტილიზაცია, საკუთარი განცდების სამჭედლოში მისი გამოწრთობა და ექსპრესიულ-ემოციურად მისი დამუხტვა, ესაა სწორედ პოეტის ხელობის და ხელოვნების მთავარი გამოწვევა და ალქიმიური მხარე და ამას ჭეშმარიტი პოეტი ყოველთვის ახერხებს.

ფეისბუქზე თუ ლიტერატურულ საიტებზე განთავსებულ ჩემს ლექსებზე მე მახსოვს, მაგალითად, არაერთი ასეთი კომენტარი: “ვიტირე… ნამდვილი ამბავია?!” ასეთ კომენტარებს არასდროს ვპასუხობ, მაგრამ ჩემთვის გამეფიქრება ხოლმე: შე კაი ადამიანო, თუ პოეტურმა ტექსტმა აგაღელვა, რა მნიშვნელობა აქვს, ნამდვილია ეს განცდა, ეს ამბავი, თუ – ფიქციაა?! მე ხომ ჩემი, როგორც პოეტის, იმხელა ემოციით დავმუხტე ლექსი, რომ შენი ატირება შევძელი?! მეტი რა უნდა შეძლოს მხატვრულმა ნაწარმოებმა?! (“მხატვრული რეოლობა უფრო ამაღელვებელია, ვიდრე თვით რეალობა (პარაფრაზია. – ბ. ა. ) ” – ამ თეზას ზოგი ბელინსკის მიაწერს, ზოგი – ბორხესს, თუმცა ასპროცენტიანი კია.)

მკითხველის და ზოგიერთი ავტორის ცნობიერებაში გაბატონებული ხსენებული პრიმიტიული პარადიგმა ქართული პოეზიის თემატური შეზღუდულობით და მონოქრომულობით არის შთაგონებული: მეოცე საუკუნის ქართული ლირიკის მეინსტრიმულმა ხაზმა საბოლოოდ გაამყარა და დააბეტონა ეგოცენტრიზმი და ნარცისიზმი, უალტერნატივო გახადა “ლირიკული მეს” პრიმატი, თითქოს პოეტის მცირებალიან, ინტერნალურ რყევებზე უფრო საინტერესო თემების შერჩევა არ შეიძლებოდეს პოეტური ზუმირებისთვის. ლირიკა, რა თქმა უნდა, ადამიანის სპირიტუალური და ინტროსპექციული სამყაროს ტექსტუალური პროექციაა, მაგრამ ამ ყველაფრის მოხერხება იმაზე გაცილებით მრავალფეროვანი პერსპექტივებით და რაკურსებით არის შესაძლებელი, ვიდრე პოეტის შეზღუდული “ლირიკული მეა”, ცხადია, პოეტური ტექსტის ცენტრში ყოველთვის პოეტის პერსონა დგას, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მის ბანალურ განცდებზე საინტერესო მისეული იმაგინაცია, ობსერვაცია და გამტარობაა. ისე არ მინდა, გამომივიდეს, თითქოს მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიას ვაკრიტიკებ – არამც და არამც, თემატური მონოქრომულობის მიუხედავად, ეს უდიდესი და უნიკალური პოეზიაა, მაგრამ ქართული ლექსი თემატურად უნდა გაფართოვდეს და მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ცალკეული პოეტების შემოქმედებიდან მოყოლებული, სწორედ აქეთკენ მიდის (ყოველ შემთხვევაში – უნდა წავიდეს) ქართული პოეზია.

პ. ს. ისე, იმ პოეტებს, რომლებსაც მხოლოდ ემპირიული განცდების ტექსტუალური რეალიზება ჰგონიათ “ჭეშმარიტი პოეზია”, შევახსენებ, რომ გალაკტიონის ადრეული, საუკეთესო პერიოდის ლირიკული შედევრების სრული უმეტესობა არა – პირადი, არამედ წიგნისმიერი შთაგონებით არის დაწერილი და, მაგალითად, ქართული ლირიკის ერთ-ერთ უდიდეს შედევრში, რომელსაც ჰქვია <შემოდგომა “უმანკო ჩასახების” მამათა სავანეში>, ნახსენები მამათა სავანე, როგორც ამბობენ, საერთოდ არ არსებობს.

პოლარული ციალი

0

პოლარული ციალი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მომაჯადოებელი  სანახაობაა, რომელიც  საუკუნეების განმავლობაში  ხიბლავდა ადამიანებს. ეს გასაოცარი მოვლენა ღამის ცას ჯადოსნური ფერებით ხატავს, ატმოსფეროს ანიჭებს განსაკუთრებულ  სიმშვენიერეს და გვაგრძნობინებს სამყაროს  იდუმალების უსაზღვროებას. მისი ცვალებადი ფორმები და ფერები – მწვანე, წითელი, ყვითელი, ლურჯი, ვარდისფერი, იასამნისფერი, ფორთოხლისფერი და თეთრი ტონალობებით, ატყვევებს მნახველს. პოლარული ციალი, არა მხოლოდ ვიზუალურადაა ულამაზესი, ის იწვევს ღრმა ემოციებს, აღძრავს შთაგონებას, მოწიწებას და  სამყაროს სიდიადის განცდას.

https://rb.gy/89nevr

პოლარული ციალი აღინიშნება ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედების ოვალური სარტყლის ზონებში. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მას  ,,ავრორა ბორეალისს“,   ანუ ჩრდილოეთის ნათებას,  ხოლო  სამხრეთ ნახევარსფეროში, ,,ავრორა ავსტრალისს“,  ანუ სამხრეთის ნათებას უწოდებენ. ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს მცხოვრები ევროპელებისთვის ავრორა ჩვეულებრივი სანახაობაა. ,,ავრორა ბორეალის“ ითარგმნება,  როგორც  ,,ჩრდილოეთის გარიჟრაჟი“.  ჩრდილოეთის ციალი უფრო ხშირია გაზაფხულობით და შემოდგომომაზე. მისი სიხშირე პიკს აღწევს   ბუნიობის პერიოდში, ხოლო ხანგრძლივობა გრძელდება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე.

იხილეთ ვრცლად 

ნესტან მიქაძე. სტატია-პოლარული ციალი

სასკოლო შეფასება – ბარიერი თუ მამოძრავებელი ძალა

0

დიდი ხანია, ქართულ სასკოლო სივრცეში მიღებული შეფასებების მნიშვნელობაზე ვკამათობთ. ზოგი იმაზე დარდობს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ შეფასებებს სკოლის გარეთ არანაირი ღირებულება არ გააჩნია, ზოგი კი განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივას აპროტესტებს. შეგახსენებთ, რომ სკოლის ნიშნებისთვის უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესში გარკვეული პრივილეგიის მინიჭების შესახებ განცხადება შარშან განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გააკეთა, თუმცა ამ ინიციატივის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო. ცოტა ხნის წინ ეს საკითხი ახალ სამთავრობო პროგრამაშიც გაჟღერდა: „პირველად საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის, რაც გაზრდის ზოგადი განათლების მნიშვნელობას და აამაღლებს სკოლის პრესტიჟს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით ჯერ არ გადადგმულა, განათლების სპეციალისტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული სასკოლო შეფასების სისტემა ჯერჯერობით ვერ პასუხობს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს. ამასთან, ზემოაღნიშნულმა სისტემამ შესაძლოა სკოლებში კორუფცია დააბრუნოს/გააძლიეროს და რეპეტიტორების როლიც ერთიორად გაზარდოს.

მასწავლებელთა დიდი ნაწილი აღიარებს, რომ შეფასება ქართული საგანმანათლებლო სისტემის აქილევსის ქუსლია. ამასთან, ზოგიერთ სკოლაში დღესაც მიღებულია მშობელთა მიერ მასწავლებლების დასაჩუქრება და მასწავლებელთა მიერ საკუთარი მოსწავლეების მომზადება, არადა მასწავლებლის ეთიკის კოდექსში გარკვევით წერია, რომ პედაგოგს ამის უფლება არ აქვს. შედეგად მასწავლებლის შეფასების ობიექტურობა ეჭვქვეშ დგება და სწავლის არათანაბარ პირობებზე მიანიშნებს, რაც, თავის მხრივ, შეფასების სანდოობაზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, ე.წ. ნიშნებისთვის ბრძოლა არაჯანსაღ კონკურენციას წარმოშობს და უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლეთა ურთიერთობაზეც. ანუ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზემოხსენებული ცვლილების განხორციელებამდე სასკოლო შეფასების სისტემა უნდა მოწესრიგდეს, დაექვემდებაროს შეფასების ძირითად პრინციპებს (სანდოობა, ვალიდურობა, ობიექტურობა, გამჭვირვალობა) და დაინერგოს სასკოლო შეფასების კონტროლის ეფექტური მექანიზმები.

არავინ დავობს იმის შესახებ, რომ სასწავლო პროცესის და მოსწავლის როგორც ამ პროცესის მთავარი რგოლის შეფასება სწავლა-სწავლების ხარისხის მართვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლის შეფასება ეფუძნება სწავლისადმი კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რაც გულისხმობს მოსწავლის აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში და ახალი ცოდნის ძველზე დაშენებას. წინარე გამოცდილება ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო მიდგომის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახლავთ, მასწავლებელი კი სწავლის პროცესში უმეტესად ფასილიტატორის როლში გვევლინება. ესგ-ის მიხედვით, მოსწავლის შეფასების ძირითადი მიზნებია: წინარე ცოდნისა და წარმოდგენების დადგენა ახალი საკითხის შესწავლამდე; მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა ინდივიდუალური წინსვლის ხელშესაწყობად; ცოდნის სამივე კატეგორიის (დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული) დაფარვა და იმის ჩვენება, რამდენად შეუძლია მოსწავლეს მიღებული ცოდნის მიზნობრივად გამოყენება.

იმისთვის, რომ შეფასების პროცესი ეფექტური და გამჭვირვალე იყოს, მოსწავლეები კარგად უნდა იცნობდნენ თითოეული დავალების შეფასების ინდიკატორებს და იზიარებდნენ მათ მნიშვნელობას თვითგანვითარების გზაზე. ანუ მათ უნდა იცოდნენ, რას, როგორ, როდის და რატომ აკეთებენ. მათ დროულად უნდა მიეწოდოთ შესაბამისი რესურსები და გაეწიოთ კონსულტაციები, რაც სასურველი მიზნის მიღწევას გაუადვილებთ.

თუ ვსაუბრობთ შეფასებაზე როგორც მოსწავლის მიღწევის დონის შესახებ ინფორმაციულ მონაცემზე, მაშინ სასურველია, განმსაზღვრელ შეფასებას ერთვოდეს განმავითარებელი კომენტარი, რომელიც განმარტავს ამა თუ იმ ქულის შინაარსს, რადგან განმსაზღვრელი შეფასება განმავითარებელი კომენტარის გარეშე ნაკლებად ინფორმაციულია და ხელს ვერ შეუწყობს მოსწავლის წინსვლას (მაგალითად, მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესახებ შესრულებულ ტესტში 8 ქულა მიიღეთ, ამ საკითხის უკეთ შესწავლაში ვერ დაგეხმარებათ).

თუ კონსტრუქტივისტულ მიდგომაზე ვსაუბრობთ, მაშინ შეფასების რუბრიკაში, სწავლის შედეგთან ერთად, უნდა აისახოს ისეთი კრიტერიუმებიც, როგორიცაა მოსწავლის ძალისხმევა და პასუხისმგებლობა, მისი ჩართულობის ხარისხი, ინდივიდუალური პროგრესი, საკუთარი ნააზრევის გადმოცემის შესაძლებლობა და სხვ.

ყველა მასწავლებელმა იცის, რომ მოსწავლის შეფასება უნდა ეყრდნობოდეს შეფასების ძირითად პრინციპებს: სანდოობას, ვალიდურობას, ობიექტურობასა და გამჭვირვალობას, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ მოსწავლეებს წინასწარ უნდა მიეწოდოთ საჭირო ინფორმაცია შეფასების ფორმატის შესახებ; შესაფასებელი დავალებები, მათი ინსტრუქციები და შეფასების სქემა მკაფიოდ და გასაგებად უნდა იყოს ფორმულირებული; სხვადასხვა ხერხით უნდა შემოწმდეს შეფასების ინსტრუმენტის ვალიდურობა; მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს მოსწავლის ცოდნის/უნარების შეფასების შესაბამისი ფორმა და შეფასების ინსტრუმენტი კონკრეტული მიზნის გაზომვას უნდა ემსახურებოდეს. შეფასების პროცესის გამჭვირვალობა და შემფასებლის ობიექტურობა კი მასწავლებლის ძალისხმევას უკავშირდება და დიდწილად განსაზღვრავს მოსწავლის დამოკიდებულებას შეფასების პროცესის მიმართ.

როგორც ვხედავთ, შეფასების ინსტრუმენტების შედგენა მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო ნაწილია, რადგან ის, საგნის ცოდნის დონის გაზომვასთან ერთად, მოსწავლეთა კონკრეტული ჯგუფის საჭიროებებს და დიფერენცირებული სწავლების მოთხოვნებსაც უნდა ითვალისწინებდეს.

შეფასების პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართვის, მათი ინფორმირებულობისა და შეფასების მნიშვნელობის გააზრების მიუხედავად, მოზარდთა დიდი ნაწილისთვის ქულები მტკივნეულ საკითხად რჩება. არსებობს მოსწავლეთა კატეგორია, რომლებიც, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა დაბალი ჩართულობიდან გამომდინარე, უგულებელყოფენ ქულათა მნიშვნელობას აკადემიური განვითარების პროცესში, მოზარდთა ის ნაწილი კი, რომელთა ოჯახებიც აქტიურად ინტერესდებიან შეფასებებით, ასე ვთქვათ, ნიშნებზე დამოკიდებულები ხდებიან. მშობლის უარყოფითი რეაქციის შიშით ისინი აპროტესტებენ ან თავს დატეხილ ტრაგედიასავით განიცდიან თითოეულ დაბალ ქულას. სამწუხაროდ, შეფასება ხშირად ბულინგის მიზეზადაც იქცევა (ვიღაცას დაბალი ქულების გამო დასცინიან, ვიღაცას კი მაღალი რეიტინგის გამო, კონკურენციის მიზეზით აბულინგებენ). ძნელად მოიძებნება მოსწავლე, კონკრეტულ სამუშაოში მიღებულ ქულას კონკრეტული ცოდნის ათვისების დონის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციად რომ აღიქვამდეს და გაუგებარ საკითხებთან მიბრუნების გზით აუმჯობესებდეს პირად პროგრესს. ისმის კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს სისტემა (სამინისტრო, სკოლა, მასწავლებელი), რომ გაიზარდოს შეფასებების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების მქონე მოსწავლეთა რიცხვი ანუ როგორ გარდავქმნათ შეფასება საზომი ინსტრუმენტიდან მოსწავლეთა მამოტივირებელ ძალად?

მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გავხდი, ყველაზე მეტად სწორედ ეს საკითხი მაფიქრებს. ვარ კი საკმარისად გათვიცნობიერებული, კომპეტენტური ან თუნდაც ობიექტური, რათა ჩემმა დაწერილმა ქულამ ვინმეს მომავალზე სათანადო გავლენა მოახდინოს? ვფიქრობ, მხოლოდ ინდივიდთა პროფესიონალიზმისა და ეთიკურობის იმედად ვერ ვიქნებით, რადგან შეფასების ამჟამინდელი სისტემა, ზემოაღნიშნული რისკები და, ამასთან ერთად, მოზარდების განვითარების ცვალებადი ტემპი/დამოკიდებულებები შეფასების გამართული ინსტრუმენტების შემთხვევაშიც კი ვერ მოგვცემს ისეთ ნათელ სურათს, რომელიც ამა თუ იმ აბიტურიენტისთვის პრივილეგიის მინიჭების ობიექტურ საფუძვლად გამოდგება. პირადად მე მივესალმები უნივერსიტეტის დაინტერესებას პოტენციურ სტუდენტთა სამოქალაქო ან სპორტულ/სახელოვნებო აქტივობებში ჩართულობით, თუმცა ამ მიმართულებას სულ სხვა შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურა სჭირდება, რაც ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის ჯერჯერობით უცნობ პრაქტიკას წარმოადგენს.

ქაღალდის ნიღბები

0

რობერტ ვალზერის წაკითხვა რამდენიმე წლის წინ ერთმა ფრანგმა მსახიობმა მირჩია. იმ ავტორების სიაში ჰყავდა შეყვანილი, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობის მქონედ მიიჩნევდა. სხვა რა დამრჩენოდა – წიგნი უნდა გადამეშალა, ყურადღებით უნდა გავყოლოდი გზას, რომელიც უცხო სამყაროსკენ წამიყვანდა, საუკეთესო შემთხვევაში კი, იქვე დამტოვებდა.

მას შემდეგ ყველაფერი წავიკითხე, რასაც გადავაწყდი – ფრანგულად, რუსულად. ახლახან ქართულად ნათარგმნი „იაკობ ფონ გუნტენიც“ ჩამივარდა ხელში და გადავწყვიტე, ცოტა სახიფათო ნაბიჯი გადამედგა – სხვებისთვის შემეთავაზებინა რობერტ ვალზერის უცნაურ სიზმრებში მოგზაურობა. იქნებ იმისთვისაც, რომ ამჯერად უკეთესად გამერჩია გამყოფი ხაზები თუ ნიშნები, რომლებიც პირველი წაკითხვისას გამომრჩა.

„აქ ძალიან ცოტას სწავლობ, მასწავლებლების ნაკლებობაა“, – ასე იწყება რომანი, რომლის მთავარი გმირიც უმთავრესად თავისი სასწავლებლის ამბებს მოგვითხრობს. წარჩინებული ოჯახის შვილი, გადამეტებული მზრუნველობითა და სულის შემხუთველი ატმოსფეროთი გაწამებული ყმაწვილი ბერლინში გარბის, რომ სხვა ცხოვრებით იცხოვროს, უმნიშვნელობის მდგომარეობა გამოსცადოს. ბენიამენტას ინსტიტუტში, რომლის მთავარი ამოცანაც მსახურთა აღზრდაა, სინამდვილეში არც არაფერი ხდება, მოსაწყენი დღეები ერთმანეთს მიჰყვება, მოსწავლეები რაღაც წესებს იზეპირებენ, დროდადრო კი საკლასო ოთახს ასუფთავებენ. „წმენდის, ხეხვისა და რეცხვის დღეებში ზღაპრის კეთილ ჯუჯებს ვგავართ, რომლებიც, როგორც ცნობილია, ისე ასრულებენ ყველაზე მძიმე და რთულ სამუშაოს, რომ სახლის პატრონს არც ენახვებიან, – ჰყვება იაკობი. – რასაც აღსაზრდელები ვაკეთებთ, იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვევალება, თუმცა რატომ გვევალება, წესიერად არცერთმა ჩვენგანმა არ იცის. ისე ვემორჩილებით, არც კი ვუფიქრდებით, ერთ მშვენიერ დღეს სადამდე მიგვიყვანს ეს დაუფიქრებელი მორჩილება, ვასრულებთ სამუშაოს და თავს არ ვიტეხთ, სწორია თუ არა, ამ სამუშაოს რომ გვასრულებინებენ“.

გარეთ დიდი ქალაქია, რომელსაც, მთავარი გმირის რწმენით, ადამიანის ბევრად უკეთესად აღზრდა შეუძლია. ქალაქი, სადაც „ცხოვრება ფეთქავს“, ჭრილობები და ტკივილი ღრმავდება, სიხარული კი უფრო და უფრო ხანგრძლივდება.

და რა უნდა ქნას თავგზააბნეულმა ყმაწვილმა, რომლის ყველა უწინდელი შეხედულებაც დროის მდინარებამ გააქარწყლა? მეორე მხრივ, სასწავლებელში მის ყოფნას მხოლოდ ბნელი მხარე არ აქვს, თავშესაქცევი ამბავიც ბევრია და ისეთიც, მეტად დამაბნევლად რომ გამოიყურება. ხანდახან სანდოდ აღარც მოჩანს მთელი მისი მონათხრობი – ხვდები, რომ წარმოსახვით აგებულ შენობებში დაეხეტები, წარმოდგენისთვის გადაცმულ მსახიობებს უთვალთვალებ. სადღაც ფრანგულის მასწავლებლის სახეც გაკრთება, რომლის გაკვეთილებიც „ერთი დიდი ტყუილია და ქაღალდის ნიღაბი“.

„ბატონ აღმზრდელებს და მასწავლებლებს სძინავთ, ან მკვდრები არიან, ანდა თავს იმკვდარუნებენ, ან გაქვავებულან, რა განსხვავებაა?! ყოველ შემთხვევაში, მათგან ხეირი არ არის“, – დაასკვნის რობერტ ვალზერის რომანის მთავარი გმირი, რომლის ამბებიც რაც უფრო რთულად გასაგები ხდება, მით უფრო მეტად გვიტოვებს იმ განცდას, რომ რაღაც კარგად ნაცნობს გადავეყარეთ – დიახ, სწორედ როგორც სიზმარში.

ვინ იტყვის, როდის იტყუება იაკობ ფონ გუნტენი? ან როდის თხზავს სინამდვილის იმ ვერსიას, რომელმაც მოწყენილობის საათები უნდა გადაატანინოს? „მშრალი სინამდვილე: ხანდახან რა გაიძვერაა. ისეთ რამეებს გპარავს, თვითონ რომ არაფერში სჭირდება“, – აღმოხდება ერთხელაც. ძნელია, არ დაეთანხმო, არ გაგახსენდეს, რაც გულს დაგაკლდა.

კიდევ რა შეიძლება მეთქვა წინა საუკუნის დასაწყისში დაწერილ ამ რომანზე? აი, გზა, რომელსაც ნელა უნდა გაუყვეთ. აი, გზისპირი, რომელსაც ყურადღებით უნდა დააკვირდეთ.

სამშობლოს დროა!

0

ამ ბოლო ხანს კიდევ უფრო სხვანაირად გადააზრდა პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარულის რაობა. ისწავლება თუ არა სამშობლოს სიყვარული? თუ ეს დაბადებიდან თანდაყოლილი ნიჭია?

რა თქმა უნდა ისწავლება და უნდა ისწავლებოდეს კიდეც, სწორედ ამიტომაა. ჩვენი მასწავლებლების როლი განუსზღვრელად დიდი. ძალიან ხშირად დაწყებით კლასებში თავს ვარიდებთ პატრიოტულ თემატიკას, გვგონია რომ პატრიოტიზმსა და პათეტიკას შორის მყიფე ზღვარია. და ასეთი დამოკიდებულება, განწყობა გასაკვირი სულაც არ არის, რადგან საქართველოს უახლესი ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ უამრავმა ფსევდო სამშობლოს მოყვარულმა ჯგუფმა, „პატრიოტიზმი“ გათელა, გაავერანა, ზედ შედგა, გადაუარ-გადმოუარა, ჩვენ სწორედ ეს გასაცოდავებული, გათელილი პატრიოტიმი გვხდა წილად, რომლის აბრიალებასა და გაცოცხლებასაც რაღაცნაირად მოვერიდეთ, სასირცხვილოდ გვექცა. ამიტომ საკითხი მარტივად გადავწყვიტეთ: მოდი ნუ ვასწავლით სამშობლოზე ლექსებსა და მოთხრობებს, მოდი არ გვინდა გულზე მჯიღის ცემა, მოდი შევეშვათ! ჩვენ კი შევეშვით, ჩვენ კი თავი ავარიდეთ, მაგრამ ამ საოცარმა თაობამ თავისით აღმოაჩინა, თავისით იპოვა ეს გასაცოდავებული სამშობლო, თავისით გააცოცხლეს და თავისუფლების დროშად აქციეს! იმდენად გადაახალისეს, იმდენად გააცოცხლეს, იმდენად ააბრიალეს რომ სულ სხვა სახით, უწინდებული იერით, მტვერგადაყრილი წარსდგა ჩვენს წინაშე. აღმოჩნდა რომ ახალ თაობას უყვარს სამშობლო და არც სამშობლოზე სიმღერები, ლექსები არ ეთაკილება, სულ პირიქით თავიც კი მოაქვთ და ამაყობენ.

ჰოდა, აი დავფიქრდი,  ნეტავ ჩემი მესამეკლასელი მოსწავლეები როგორ გაიგებენ სამშობლოს? ხომ არ მეცადა? იქნება და დასაწყიშივე ჩადებულმა სიყვარულის მარცვალმა რა ნაყოფი მოისხას! იქნებ და დღეს ზუსტადაც პატრიოტული სულისკვეთების გაზრდილი თაობა გვჭირდება! ვცადე, გაკვეთილი შედგა, ძალიან კარგად გაიგეს! მოგიყვებით.

ბავშვებს მსოფლიოს რუკას ვაჩვენებ და საქართველოს ვპოულობთ. რა პატარაა! რამხელა ყოფილა რუსეთი! ჩვენგან რა უნდა, თავად რამდენი მიწა აქვს! აღშფოთებას ვერ მალავენ. ვიწყებ ისტორიის ამბად ქცევას და მათთვის მოყოლას.  ვიწყებ მითებით, ვუყვები ოქროს საწმისზე, მედიაზე, ფარნავაზზე, ნინოს შემოსვლაზე, უამრავ მტერზე და ბრძოლებზე, აღამაშენებელზე, თამარზე, ვეუბნები რომ ჩვენი მთავარი მიზანი გადარჩენა იყო, და ასე მოვედით იქამდე, სანამ არ დადგა საკითხი ჩვენი არსებობა/არარსებობისა და აი, გამოჩნდა რუსეთიც, ძალიან ვერაგი  და მატყუარა! ვუყვები როგორ მოტყუებით შეგვიერთა და როგორ მოსპო ჩვენში ყოველივე კარგი. ვუყვები როგორ შემოვიდნენ ჩვენთან ბოლშევიკები და როგორ ებრძოდნენ მათ სამშობლოს სიყვარულით გულანთებული პატარა გოგო-ბიჭები,  ვუყვები მაროზე, ვაჩვენებ მის დღიურს. 45 წუთი საუკუნედ იქცევა და იტევს მთელს ჩვენს წარსულს, წარსულთან ერთად აწყმოსაც და მომავალს.

აწყმოში  წარსულს ვიაზრებთ ჩვენი ქვეყნის მომავალთან, ამ არაჩვეულებრივ ბავშვებთან, რომლებისთვისაც ნელ-ნელა, ჩვენს თვალწინ სამშობლო  იბადება ხელახლა, რაღაც ამორფული ცნებიდან, კონტურები უჩნდება და თვალსაჩინო სახე-ხატად ყალიბდება.

„მოკაშკაშე ცაო,

ზღვაო, ლიცლიცაო.

დათოვლილო მთაო,

მთაო, ქათქათაო,

ჯეჯილო და ტყეო,

სულ იშრიალეო,

საქართველოს მზეო,

სულ იგიზგიზეო!

/გ. ჭიჭინაძე/

გუგუნებენ ბავშვები ერთხმად და წერენ სამშობლოზე, მის სიყვარულზე, როგორ მოუფრთხილდებიან, როგორ მოუვლიან, რომ გაიზრდებიან სამშობლოს როგორ  გაუფრთხილდებიან, როგორ მიხედავენ.

არ ვჩერდებით, ეს დღეები სამშობლოსია! ვუყვები გმირებზე,  საქართველოსთვის თავდადებულ ბიჭებზე და გოგოებზე, მოხუცებზე და ჯარისკაცებზე. ჯერი ექვთიმეზე მიდგა, თაყაიშვილზე. ვკითხულობთ  საოცარ მოთხრობას, რომელიც ჩემი ახალი აღმოჩენაა: „განძის მცველი ექვთიმე“ – ქეთევან კვიტატიანი. https://kids.ge/story?id=495

ამბავი მარტივი ენითაა დაწერილი, ასაკობრივად შესაბამისი ლექსიკით, თუმცა თითოეული სიტყვა მინიშნებაა – მე ასე ვიგებ, ბავშვებიც მეთანხმებიან.

მართლაც რა კარგად უნატრია ექვთიმეს დედას! და როგორ ხდებიან ადამიანები წმინდანები? სამშობლო ღმერთან გათანაბრებული, რომელსაც ისე არ ეღალატება – როგორც უფალს, რომელიც ისე არ გაიყიდება – როგორც  უფალი. რწმენა: ქვეყნისა და რწმენა – ღმერთისა.

მათე ბიჭის სიმღერას ვუსმენთ და მაია წყნეთელი ამბავს ვიხსენებთ, ბავშვები დისნეის პერსონაჟ მულანს ადარებენ და ასკვნიან, რომ  სამშობლო ყველა ერისთვის ძვირფასია.

დავალებას ვაძლევ, ჰკითხონ მშობლებს რა არის მათთვის სამშობლო და პასუხები ჩაინიშნონ. მეორე დღეს დიდი აჟიოტაჟია, მოაქვთ ამბები და რა ამბები! ვიღაცის დედა ცხრა აპრილს მდგარა დროშით ხელში, ვიღაცის მამა აგვისტოს ომის გმირია! თურმე დიდი ამბები გამოუვლიათ, მათი მოგონებები ცხრა წლის შვილებმა სიტყვებად აქციეს და საკლასო ოთახი გააავეს, საქართველოს სული ახლა ნამდვილად აქ არის!

ჰოდა, მოდი, ნუ გვეშინია! სამშობლო ისევ გავაცოცხლოთ ჩვენს საკლასო ოთახებში, ახლა, აქ და ამ წუთას, ზუსტადაც რომ სამშობლოს დროა!

 

 

 

 

სამაგიდო თამაშების შექმნა – სწავლების საინტერესო და სახალისო გზა

0

 

სამაგიდო თამაშების შექმნის იდეა: როგორ არ გავუშვათ ალუდა „თემიდან“, და დავაბრუნოთ საფიხვნოს თავში,  რა აკლია ლუარსაბს?

თამაში ყველას გვიყვარს, დიდებსაც და პატარებსაც, თუ გულში ჩავიხედებით და საკუთარ თავებს გამოვტყდებით, მივხვდებით რომ თამაში მოგვნატრებია. თამაში ხომ იგივე კარნავალია, გარდასახვა, შენი რეალობის დროებითი დათმობა და იმ როლის მორგება, რომელიც გაინტერსებდა, მოგწონდა. თამაში – ექსპერიმენტებია, გაბედული ნაბიჯები, დაფარული სურვილების რეალიზაცია, ყოვედლღიურობის რუტინასთან კავშირის გაწყვეტა და რაღაც ახალ სამყაროში შებიჯება. კი, თამაში აზარტიც არის და საშიშიც, თუმცა ზომიერება რომ ყველაფერში სასარგებლოა, სიახლე სულაც არაა.

თამაში სწავლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. გარდა იმისა რომ სწავლება, უფრო სახალისო ხდება, თამაში რეალური ცხოვრების იმიტაციაცაა, ამიტომ ასეთი აქტივობები უფრო მეტად გამოსადეგარი და პრაქტიკულია, ასეთ ცოდნას მარტივად რომ გამოიყენებ რეალურ ცხოვრებაში. თამაშის დროს ნაკლები სტრესია, მეტი ბედნიერება, დადებითი განწყობა კი შემეცნების მნიშვნელოვანი საწინდარია.

ვფიქრობ რომ, მცდარია მოსაზრება რომ თამაშით სწავლება მხოლოდ დაწყებით კლასებშია ეფექტური, რაც ბავშვი  იზრდება გაკვეთილები უფრო აკადემიური, სტრესული, უფრო სერიოზული და რუტინული ხდება, შესაბამისად უფრო მოსაწყენიც, ერთ-ერთი ფაქტორი ესეცაა, როდესაც დაბალ კლასებში ბავშვებს სკოლა უყვართ, მაღალ კლასებში კი აღარ მოსწონთ, ეზარებთ და შეიძლება შეიძულონ კიდეც. ლექციური ტიპის გაკვეთილები, რთულ, გაუგებარ ტექსტებში ჩაკარგვა –  საინტერესო თემებსაც კი უინტერესოს ხდის, წვრილშრიფტიანი, თარიღებითა და რთული სიტყვებით გაძეძგილი სახელმძღვანელოები, რა თქმა უნდა მოქმედებს მოტივაციაზე, ხალისზე და ბავშვების ბედნიერების, სიხარულის შკალა ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოდის, საბოლოოდ კი დაღლილები, მობეზრებულები, მოწყენილები ამთავრებენ სკოლას და კიდევ უფრო დიდ სირთულეების შეჭიდებას აპირებენ. მოდით, ისიც ვთქვათ რომ ჩვენმა ბავშვებმა არ იციან „სწავლა“, არ იციან როგორ ისწავლონ, არ იციან სტრატეგიები, მაგალითად როგორ დაეუფლონ მოკლე დროში უზარმაზარ ინფორმაციებს, არ იციან როგორ დაიმახსოვრონ ან როგორ გამოკვეთონ მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან. იშვიათად, რომ მათ ასწავლიდნენ როგორ ისწავლონ, როგორ დაახარისხონ ინფორმაცია, როგორ გაიაზრონ და რა ინსტრუმენტები დაეხმარებათ ამისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოთ ბარათების, სანიშნეების, მონიშვნების გაკეთება, ვასწავლოთ ჩანიშნვებისა და ჩანაწერების გაკეთება, ვასწავლოთ სქემები და ხერხები. ვასწავლოთ როგორ ამოიცნონ მთავარი და როგორ სცადონ ამ მთავარის შემდეგ დამახსოვრება.

ახლა, ვცდი და შემოგთავაზებთ ლიტერატურულ სამაგიდო თამაშის ერთ ვერსიას, რომელიც რამდენიმე მიზანს მიგვაღწევინებს: სასწავლო პროცესი ხალისიანი გახდება, შემოქმედებითად ფიქრის დაიწყებენ ჩვენი მოსწავლეები, ასევე ტექსტის გაგება-გააზრება გამარტივდება და მნიშვნელოვან ინფორმაციას მარტივად, ხალისით დაიმახსოვრებენ.

პირველ რიგში შევარჩიოთ ტექსტი, რომლის მიხედვითაც  ბავშვები სამაგიდო თამაშს გააკეთებენ. ბავშვები დავყოთ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მივცეთ დასამუშავებელი საკითხები:  პერსონაჟები (უარყოფითი, დადებითი, მტერი, მოყვარე), გარემო (სადაც ხდება მოქმედება), პრობლემა (რა პრობლემაა გადასაჭრელი? შეიძლება რამდენიმე იყოს და ბავშვები თავად შეარჩევენ იმ კონკრეტულ პრობლემას, რომელსაც გამოიყენებენ სამაგიდო თამაშისთვის), დრო (ეპოქა).

ამის შემდეგ მოსწავლეები არჩევენ სამაგიდო თამაშების ფორმას, რომელი ფორმა მოუხდება დამუშავებულ ტექსტს? რომელი ფორმა მოგვცემს საშუალებას მივიღოთ იდეალური სამაგადო თამაში?

სამაგიდო თამაში, სხვადასხვანიარია, და თითოეულ მათგანს თავის თამაშის წესები და დიზაინია აქვს.

აბსტრაქტული, სტრატეგიული თამაში:

 

ამ თამაშებს თემა თითქმის არ აქვთ, მოთამაშეს მათი თამაშის დროს იღბალი არ ჭირდებათ, არამედ განსაკუთრებული ლოგიკური და ანალიტიკური უნარები. ამ თამაშის მაგალითია ჭადრაკი.

ტერიტორიის კონტროლი – სამაგიდო თამაში.

ამ დროს მონაწილემ უნდა დაიკავოს სათამაშო დაფის რაც შეიძლება მეტი ნაწილი, ან რაც შეიძლება მეტი ფიგურა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სტრატეგიული გათვლები.

 

საბრძოლო/ომის სამაგიდო თამაშები

აქ მოთამაშეს ბევრი წესები და მისია აქვს და ჩახლართული სცენარი. პერსონაჟები იცვლებიან უკეთესობისკენ, მოჰყვება: ბარათები, კონვერტები, სტიკერები.

 

არსებობს ეკონომიკური თამაშები, ქალაქის შენების თამაშები, საოჯახო თამაშები, საბავშვო თამაშები, ამბების თამაშები – რომელიც ტექსტებზეა დაფუძნებული, მოთამაშე ტექსტის სიუჟეტს ადევნებს თვალს და შესაბამისად ცვლის საკუთარ მოქმედებებს. სიტყვების აწყობის თამაშები და სხვა.

 

ხელნაკეთი თამაშები ძირითადად „მონოპოლის“ ტიპის, სტრატეგიული თამაშების ფორმატს მიყვება. ამ დროს საჭიროა დიდი მუქაოს ფuრცელი, ბარათები, კამათლები, კონვერტები, შესაძლოა ფიგურებიც. თუმცა ცხადია ტექსტზე მორგებული თამაში ამაბავზე დაფუძნებული უფრო იქნება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოდი ვცადოთ და ვიფიქროთ როგორ შეიძლება საკლასო ოთახში შევქმნათ სამაგდიო თამაში და სწავლება მეტად ხალისიანი და საინტერესო გავხადოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბავშვები თავდაპირველად იყოფიან ჯგუფებად და თითო საკითხს ამუშავებენ. ეს ყველაფერი უფრო ცხადი რომ იყოს, კონკრეტულ ტექსტს მივუსადაგოთ, მაგალითად ვაჟა-ფშაველას ალუდა ქეთელაურს.  ბავშვების ერთი ჯგუფი პერსონაჟებს ამუშავებს, როგორ გამოიყურებოდნენ ადამიანები იმ კონკრეტულ ეპოქაში? რა ეცვათ? ამის მიხედვით შემდეგ უკვე პერსონაჟების ფიგურებს შექმნინიან: ალუდა ქეთელაური — ხევსურეთის მკვიდრი;

მუცალი — ქისტი. ალუდას მოწინააღმდეგე; მინდია — ალუდას მეგობარი, რომელსაც ალუდას სიმართლის დასამტკიცებლად მოაქვს მუცალის მოჭრილი მარჯვენა; ბერდია — ხევისბერი; უშიშა — სოფლის მკვიდრი. ლელა — ალუდას ცოლი; ალუდას დედა. რამდენი პერსონაჟიცაა იმდენი მოთამაშეა, თითოეულ მოთამაშეს თამაშში თავის სვლა აქვს. თითოეულ პერსონაჟს – თავის მიზანი. ალუდას მიზანია – დარჩეს თემში ანუ თამაშშის დაფაზე, არ გავარდეს.  მინდია – ალუდას ეხმარება ამ მიზნის შესრულებაში ეხმარება, ბერდიას მიზანია ალუდა და მისი მეგობარი გააძევოს თემიდან (თამაშიდან), უშიშა – ბერდიას ეხმარება, ალუდას ცოლი და ალუდას დედაც ალუდას ეხმარებიან. მუცალი – ცდილობს არ მოკვდეს და გადარჩეს, რეალურად ბერდიას ეხმარება რომ ალუდამ ვერ შეასრულოს მისია – მოკლას მუცალი და არ მოჭრას მარჯვენა. მუცალის მარჯვენა ალუდას ორი სტრატეგია აქვს: ან მოაჭრას მარჯვენა და დარჩეს თემში ან არ მოაჭრას მარჯვენა, შეებრძოლოს ბერდიას და დარჩეს თემში, ეს მოთამაშეზეა დამოკიდებული როგორ გადაწყვეტს, თავად მუცალიც ძლიერი პერსონაჟია ყველანაირად უნდა ეცადოს რომ არ მოკლას ალუდამ.

მოსწავლეების სხვა ჯგუფი იმუშავებს თამაშის ბარათებზე. თითულ ბარათზე კითხვები იქნება ტექსტიდან, მოთამასე გასცემს კითხვას და წავა წინ. კითხვა უნდა იყოს ორაზროვანი, რთულად გამოსაცნობი. თავად პერსონაჟების ფიგურები შესაძლოა დამზადდეს თიხისგან, მუყაოსგან, ხისგან. თამშის დაფაზე დახატულია  გზები, რომლებზეც დადიან პერსონაჟები. დაფას მოსწავლეების ერთ-ერთი ჯგუფი ამზადებს, დაფაზე დატანებული უნდა იყოს თამაშის დასაწყისი ე.წ. “სტარტი” – ამ შემთხვევაში კი “საფიხვნო”, საფიხვნოს თავში იდგმება ალუდას ფიგურა, როგორც პოემაშია. დაფას დიზაინი უნდა იყოს პოემაში გადმოცემული გარემოს შესაბამისი, ხევსურული კოშკები, კლდეები, ვიწრო გზები – რომლებზეც პერსონაჟები იმოძრავებენ.

მაგალითად:

თამაშის წესები წინასწარ მკაცრადაა განსაზღვრული, თითოეულ პერსონაჟს თავის ისტორია მოყვება და ასევე განსაზღვრულია რამდენი უჯრა, ან ნაიჯი ან „ქვა“ შეუძლია გადაგან, მაგალიტად მუცალს: ორი, ალუდას, სამი, ბერდიას, ოთხი და ასე შემდეგ. თითოეული პერსონაჟის გზის გაგრძელება იმაზე იქნება დამოკიდებული რამდენად იცნობს მოთამაშე პოემას და რამდენად გამჭრიახეა. თამაშს იწყებს ალუდა, რადგან ის არის საფიხვნოს თავში მჯდარი. აქვე შეგვიძლია ჩავრთოთ სტრატეგიაც, თითოეულ პერსონაჟს დაფაზე, თავის დასაწყისი წერტილი აქვს, ისე უნდა განლაგდენენ საბოლოოდ რომ ალუდას ყველა მომხრე დაფის ყველა წერტილში განლაგდნენ, დაიცვან საზღვრები და ალუდა არ გაუშვან დაფის, „თემის“ მიღმა, ხოლო მოწინააღმდეგეები პირიქით მოქმედებენ, უნდა გაანთავისუფლონ დაფის საზღვრები და ალუდა გააგდონ თამაშიდან, თუმცა ამ ყველაფერს ისევ და ისევ ბარათებზე მითითებული დავალებების შესრულა წყვეტს, შესაძლოა პროცესში კამათლების და სტიკერებიც გამოყენებაც, სასურველია თამაშის წესებს და იდეას თუ თავად ბავშვები მოიფიქრებენ.

გთავაზობთ კიდევ ერთ იდეას, ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანის?!“ მიხედვით. სამაგიდო თამაშის პრინციპის მიხედვით მოთამაშემ უნდა მოიპოვოს ის, რაღაცები, რაც აკლია ლუარსაბს რომ სრულყოფილ ადამიანად იქცეს. მაგალითად, მოთამაშემ უნდა შეასრულოს გარკვეული დავალება და მიიღოს ლუარსაბისთვის ცოტა განათლება, ცოტა გონიერება, ემპათია,  ცოტა პატრიოტიზმი, მემკვიდრე,  მისი სახლისთვის ფანჯრები, ცხოვრების მიზანი და სხვა. შესაძლოა სათამაშო დაფა ლუარსებისა და მისი სახლის გამოსახულება იყოს და მიღებული „ჯილოდები“ სტიკერების სახით დავამაგროთ. დავალებები შესაძლოა ბარათების სახით გქვონდეს და კითხვები ნაწარმოებს ეხებოდეს, ან შეიძლება ლოგიკური ამოცანები ჩავსვათ, ან ზოგადი კითხვები და ასე შემდეგ.

საბოლოოდ შეიძლება ვთქვათ რომ მასწავლებელს შეუძლია ნებისმიერი ტექსტი გააცოცხლოს და გააცოცხელბინოს მოსწავლეებს, თანამედროვე მოზარდები ხომ მუდმივად ინტერაქციას და თავგადასავალს ითხოვენ, ჰოდა, ჩვენც მივყვეთ მათ ინტერესებს, სასწავლო პროცესი კი ამაღელვებელი, საინტერესო და დაუვიწყარი გამოგვივა.

 

 

რებეკა ფერმა „მზიანი ნაკადულიდან“ – აუცილებლად წასაკითხი წიგნი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის

0

ჩვენს ბავშვებს ძალიან სჭირდებათ რომ წიგნები წავუკითხოთ. აი, ასე მარტივად, ავდგეთ და უბრალოდ წავუკითხოთ. მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო უნარ-ჩვევაა, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა გამომუშავდეს, უნდა მივეჩვიოთ. აჩქარებული თანამედროვე ტემპი, სოციალური ქსელების თავბრუდამხვევი ‘სქროლვა“, არამხოლოდ ბავშვებს, ჩვენს ნებისყოფას და მოთმინებასაც ამსხვრევს, ძალიან მალე ვიბეზრებთ და კიდევ და კიდვე უფრო მოკლეს, უფრო აჩქარებულ და თავბრუდამხვევ შინაარს ვითხოვთ. ამ სისწრაფეში, ორმოტრიალში და ინფორმაციის ჩანჩქერებში გარბის დრო და დროს მიყვება ჩვენი სიმშვიდეც, გვიჭირს ნელი ტემპით მიმდინარე საუბრებისა და ამბების მოსმენა. უფროსები თავს ვატანთ ძალას და ვუსმინეთ (ჯერ კიდევ), თუმცა ბავშვებისთვის ეს ძალიან რთული პროცესი გახდა. ამიტომ, უჭირთ კლასიკური ლიტერატურის კითხვა, მათი გონება მომართულია რომ რაც შეიძლება მალე გაიგონ როგორ სრულდება ისტორია, უჭირთ წარმოსახვა, უჭირთ სიტყვებითა და ფრაზებით ტკბობა, უამრავი ქართული სიტყვის მნიშვნელობა არ იციან, საბოოლოდ ასეთი ლიტერატურის კითხვა მათთვის მტანჯველ პროცესად იქცევა, არადა კითხვა დამწყები მკითხველისთვის აუცილებლად სიამოვნება უნდა იყოს, ამასთან ერთად კი კარგი, მაღალმხატვრული ტექსტებს პატარა მკითხველი თავიდანვე უნდა მიეჩვიოს, მოკლედ დიდი დილემების წინაშე ვდგავართ დღეს ქართულის მასწავლებლები.

ჰოდა, გადავწყვიტე რომ ქართულის გაკვეთილების რამდენიმე საათი უბრალოდ ბავშვებისთვის ტექსტი, წიგნი წამეკითხა და ბავშვებს უბრალოდ მოესმინათ, თუმცა ამ პროცესმა საბოლოოდ პროექტის სახე მიიღო და ძალიან საინტერესო აქტივობებით დაგვირგვინდა.

წიგნის შერჩევისას ვითვალისწინებთ რომ არ უნდა იყოს მარტივი, “წყალივით” თხრობა, აჯობებს რომ მხატვრული ენითა და საინტერესო ლექსიკური ერთეულებით მდიდარი ტექსტი შევარჩიოთ.

ამ ბოლო დროს, გამომცემლობა “დიოგენე” ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო წიგნებით ანებივრებს პატარა მკითხველებს, რომლებიც დახვეწილი და შესანიშნავი ილუტსრაციებითაა გაფორმებული და რაც მთავარია მდიდარი, კარგი ქართულით გამოირჩევა. სწორედ “დიოგენეს” ბიბლიოთეკიდან შევარჩიე, სულ ახლახანს გამოცემული კეიტ დაგლას უიგენის “რებეკა ფერმა “მზიანი ნაკადულიდან”.

წიგნის კითხვა უზარმაზარი სიამოვნებაა მათთვის, ვისაც მოენატრა დახვეწილი და საინტერესო სიტყვებით მდიდარი წინადადებები, იუმორი და საოცარი თავგადასავლები.

ამბავი ათი წლის გოგონაზეა, რომელიც თანატოლებიდან გამორჩეულია –  ნიჭირებითა და ხასიათით, კეთილი და უტეხი რებეკა უცებ იგებს ადამიანების გულებს, თუმცა ძალიან გაუჭირდა მკაცრი დეიდის გულის მოგება, რადგან რებეკას ჩარჩოებში ჩასმა, იმ დროინდელი სტერეოტიპებით აღზრდა წარმოუდგენელია, რადგან ის სხვა გოგონებს არ გავს, მისი ემპათიის უნარი და ფიქრების სიღრმე თანამედროვე მკითხველის გაოცებასაც კი იწვევს, არამხოლოდ რებეკას დროინდელი საზოგადოების.

წიგნში მთელი სიცხადით წარმოდგება, მასწავლებლისთვის და მშობლებისთვის დღესაც აქტუალური და შეიძლება ითქვას, მტკივნეული საკითხიც, შესაძლებელია ვასწავლოთ ბავშვებს, როცა მათ მიმართ უზარმაზარ სიყვარულს ვერ ვგრძნობთ? ან შესაძლებელია გავზარდოთ ბავშვი, თუ ის, ძალიან, უპირობოდ არ გვიყვარს? რა შეუძლია სიყვარულს?  ყველაზე მთავარი, რამ: გავუგოთ ადამიანებს, გავუგოთ ბავშვებს და მათი ქცევების მიზეზებს ჩავწვდეთ, ჩავიდეთ მათ გულებში, ხოლო როდესაც ეს მოხერხდება, ყველა პრობლემა და სირთულე გაფერმკრთალდება, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

მე მგონია რომ, ეს წიგნი მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ, არამხოლოდ წაიკითხონ, ძალიან ხშირად მიუბრუნდნენ კიდეც, განსაკუთრებით იმ ეპიზოდებს, სადაც რებეკასი და მისი მასწავლებლის ურთიერთობებია აღწერილი. ხოლო მასწავლებლებმა, მოსწავლეებს უნდა წაუკითხონ. აი მაგალითად, ყოველი გაკვეთილის შემდეგ რამდენიმე წუთი დაუთმონ.

ბავშვებს ვთხოვოთ რომ შექმნან “რებეკას ლექსიკონები” – სადაც წიგნიდან ლამაზ სიტყვებსა და გამოთქმებს ჩაინიშნავან, რომლებსაც შემდეგ სამუშაოდ გამოვიყენებთ, ამ ფრაზებზე და სიტყვებზე შექმნიან საკუთარ ტექსტებს, აქცევენ ილუსტრაციებად, მოიგონებენ ამბებს, გამოიყენებენ სათაურებად და ა.შ. ეს ყველაფერი კი მათ ლექსიკურ მარაგზე საოცრად იმოქმედებს..

წიგნში წავაწყდებით ცხოვრებისულ დილემებს, განსაკუთრებით ისეთ დილემებს, რომლების წინაშე მოზარდები ხშირად დგებიან. ამ საკითხებზე შესაძლოა მასწავლებელმა საინტერესო დისკუსიებიც დაგეგმოს.

წიგნის მკითხველები, აუცილებლად მიხვდებიან რა არის და სად არის ჭეშმარიტი ბედნიერება? დღევანდელ, სასტიკად მატერიალიზირებულ სამყაროში, ეს ნამდვილი აღმოჩენა იქნება: ბედნიერება სულ არ გულისხმობს დიდ მატერიალურ დოვლათსა და ფინანსებს, ის იქ არის სადაც უბრალოდ, გულწრფელად უყვართ ერთმანეთი, სადაც ერთმანეთზე ზრუნავენ. ეს შესაძლებელია ბრტყელ სიტყვებად ჩანდეს, თუმცა როდესაც რებეკას გაიცნობთ, მისი სულის სიღმეებში ჩაიჭყიტავთ და დააკვირდებით, გაყვებით ამ უცნაური გოგონას ფიქრების გორგალს, მიხვდებით რომ სულაც არა, ბედნიერება მართლაც რომ მოსიყვარულე და მზრუნველ გარემოშია. ასეთი გარემო შესაძლებელია კლასიც აღმოჩნდეს და ოჯახიც.

აი, მასწავლებელი უკითხვას ამ დიდებულ ტექსტს თავის მოსწავლეებს და თან ფრთხილ კომნეტარებსაც ურთავს, ძველ ამბავს აცოცხლებს და გადმოაქვს ახლა და აქ.

წიგნი სავსეა პოეტური ფრაზებით, ლექსებით – რომლებსაც რებეკა თხზავს, ის სულით და ხორცით პოეტია, მის მიერ დანახული სამყარო და მოვლენები – ლექსის სტრიქონებად იქცევა. რადგან ამ ასაკში ბავშვებს ძალიან უყვართ მიბაძვა, იქნებ და ამ საოცარი პერსონაჟის წამხედურობით, ლექსების წერაც დაიწყონ და დაფარული ნიჭებიც აღმოაჩინონ. და კიდევ ერთი იდეა, წიგნის კითხვისას, ბავშვები შექმნიან კიდევ ერთ რვეულს: “რებეკას პოეზია” – სადაც გასაქანს მისცემენ საკუთარ ფანტაზიასაც, თავადც გახდებიან პოეტები და მხატვრები. დახატულს ხომ აუცილებლად ილუსტრაციებით გააფორმებენ, ხატვა ყველა ბავშვს უყვარს (თითქმის ყველა ბავშვს).

წიგნის დასრულებისას შესაძლოა შემაჯამებელი ღონისძიებაც დაიგეგმოს, რომელიმე ეპიზოდი გააცოცხლონ და გაითამაშონ – ჩვენმა ბავშვებმა, ან წიგნის პროცესში შექმნილი რვეულები გაუზიარონ ერთმანეთს, ან მშობლებს, სტუმრებს. წაიკითონ საკუთარი ლექსები, მოთხრობები. მოკლედ, უამრავი იდეა გაცოცხლდება და შეისხმას ფრთებს, თუ კი რებეკას ახლოდან გაიცნობთ და გააცნობთ თქვენს მოსწავლეებს. საბოლოოდ, კი მართლაც გირჩევთ, რომ ამ განსხვავებულ, კეთილ და ნიჭირ გოგონას თქვენს კლასებში და თქვენი მოსწავლეების გულებში ბინა მიუჩინოთ.

 

 

 

წერის გაკვეთილები: ლექსის ფაზლი დამწყებთათვის

0

წერის გაკვეთილები: ლექსის ფაზლი დამწყებთათვის

ერთ დღეს მოსწავლეებს ლექსის დაწერა რომ დაავალოთ, მათგან აუცილებლად გაიგონებთ საყოველთაოდ გავრცელებულ შეგონებას, რომ ლექსის წერას სპეციფიკური უნარები სჭირდება, ყველას როდი შეუძლია „კარგად თქმა“, ანუ შემოქმედებითი წერა მხოლოდ „ზეგარდმო ნიჭით“ დაჯილდოებულთა ხვედრია.

მას შემდეგ, რაც სკოლაში ვასწავლი, ვცდილობ, წერის პროცესს თამაშის სახე მივცე და მიუწვდომელი ამ გზით მეტ-ნაკლებად მისაწვდომი გავხადო, რათა მოსწავლეებს ცოტათი მაინც შევუცვალო ზემოაღნიშნული შეხედულება და დავაჯერო, რომ სურვილის შემთხვევაში რიტმული ტექსტების შედგენა მათაც შეუძლიათ. ამ წერილში რამდენიმე ასეთ თამაშს და მათი მეშვეობით აგებულ ე.წ. ლექსის ფაზლებს წარმოგიდგენთ.

 

რითმობანა

როგორც ვიცით, ლექსს აქვს თავისებული რიტმი და რითმა, რომელიც მას პროზაული ტექსტისგან განასხვავებს. რითმა, სტრიქონებში მარცვლების შეთანხმებულ რაოდენობასთან ერთად, პოეტურ ტექსტებს კეთილხმოვანებას ანიჭებს. გარდა გრაფიკული ფორმისა, განსხვავებულია  ლექსის შინაარსიც. აქ მთავარი მწერლის ამა თუ იმ მოვლენით გამოწვეული ემოცია უფროა, ვიდრე თავად ეს მოვლენა. ემოციის სწორად გადმოცემას კი მნიშვნელოვნად გვიადვილებს ლექსის მუსიკა, რომელსაც რითმებით გაწყობილი რიტმული სტრიქონები ქმნიან.

ქართული რითმა საკმაოდ მრავალფეროვანია. მისი ნაირსახეობები ერთმანეთისგან განირჩევა შეთანხმებულ მარცვალთა რაოდენობისა (ერთ-, ორ-, სამ- და მეტმარცვლიანი) და ადგილმდებარეობის (პარალელური, ჯვარედინი, რკალური, გარე, შიდა და სხვ.), კეთილხმოვანებისა (ზუსტი/არაზუსტი, მდიდარი/ღარიბი, ღია/დახურული და ა.შ.) თუ შინაარსის (ომონიმური, ტავტოლოგიური, კალამბურული, ზმნური და სხვ.) მიხედვით.

რადგან წერილში დაწყებითი საფეხურისთვის შედგენილ „ლექსის ფაზლებს“ წარმოგიდგენთ, პოეტური ტექსტების აგებულების თავისებურებათა დეტალურ აღწერაზე აღარ შევჩერდები და რითმების აწყობის რამდენიმე მარტივ ხერხს შემოგთავაზებთ.

 

შეცვალე პირველი ასო-ბგერა

აღნიშნული მეთოდი I-II კლასებში მარტივი რითმების ასაგებად გამოგადგებათ. მაგალითისთვის, ავიღოთ სიტყვა „ხელი“ და მისი პირველი ასო შევცვალოთ სხვით (ც, ნ, ძ, წ, ვ, გვ, სა და ა.შ.). შედგენილი სიტყვები შეგვიძლია ტაეპების ბოლო სიტყვებად ჩამოვწეროთ (პარალელური რითმა) და შევავსოთ სასურველი შინაარსის ტექსტით. თავდაპირველად ვიყენებ ე.წ. სიტყვის ფაზლებს. სარითმო სიტყვებს მოსწავლეებს ვადგენინებ, სტრიქონების შესავსებად საჭირო სიტყვებს კი თავად ვთავაზობ (სასურველია, არეულად და მეტობით ჩამოვწეროთ რითმებთან მისასადაგებელი სიტყვები და ბავშვებმა თავად იპოვონ საჭირო ვარიანტები).

ვიწყებთ რითმებთან თითო სიტყვის მისადაგებით, მაგალითად:

მომეცი   ხელი,

გავიდა წელი,

აყვავდა ველი,

მე ისევ  გელი.

ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სტრიქონების შევსების მეთოდი: მოსწავლეებს ვაძლევთ ნაცნობ თემაზე შედგენილ, სასწავლო საფეხურის შესაბამისი სირთულის უცნობ ლექსს, რომელსაც აკლია სარითმო სიტყვები და ვთავაზობთ, ისინი თავად მიუსადაგონ. თავდაპირველად მოსწავლეებს ვაწვდით რითმების ჩამონათვალს რამდენიმე არასაჭირო სიტყვის ჩამატებით, რათა საჭირო სიტყვები იპოვონ და სწორად მიუსადაგონ ლექსის სტრიქონებს.

ასაკისა და გამოცდილების მატების შესაბამისად, შეგვიძლია, გავართულოთ დავალება და მოსწავლეებს სიტყვანაკლული სტრიქონების დამოუკიდებლად შევსება ვთხოვოთ. ბუნებრივია, ბავშვების მიერ შერჩეული რითმები ავტორისეულს იშვიათად ემთხვევა, თუმცა ლექსს შინაარსობრივად მიესადაგება, რაც ამ ერთგვარ ექსპერიმენტს მეტად სახალისოს და, რაც მთავარია, სასარგებლოს ხდის. საილუსტრაციოდ გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის ლექსის „გაზაფხული“ ერთ-ერთი მოსწავლის მიერ შევსებულ ვარიანტს:

ტყემ მოისხა ყვავილი,

აგერ მერცხალი გალობს,

ბაღში ვაზი გაზრდილი

მეტის ლხენითა ხარობს.

 

ახალი ლექსი ძველი რითმებით

შეგვიძლია, ეს თამაში V-VI კლასის მოსწავლეებს შევთავაზოთ. ამოვიწეროთ რომელიმე ლექსის რითმები და მოსწავლეებს მათი გამოყენებით ახალი რიტმული ტექსტის შეთხზვა ვთხოვოთ (უმჯობესია, მათთვის უცნობი ლექსის რითმები გამოვიყენოთ, რათა მოსწავლეებს განსხვავებული ვარიანტის შექმნა გაუადვილდეთ). მაგალითად ისევ ილია ჭავჭავაძის „გაზაფხულს“ გამოვიყენებ:

ტყეში ბევრია მწვანე ფოთოლი,

ტყეში ბუდეა, შიგ ბარტყი ჭყივის,

არ ჰყავს მშობელი, არის ობოლი

და ამიტომაც ხმამაღლა ტირის.

ზემოაღნიშნული აქტივობა საკმაოდ შრომატევად ლექსის ფაზლს წარმოადგენს. მას სჭირდება წინარე ცოდნა და გამოცდილება, ამასთან, თემის, სათქმელისა და ემოციის სწორად შერჩევა. თუ აღნიშნულ გარემოებებსაც თამაშის სახეს მივცემთ, მოსწავლეებს წერის პროცესს მნიშვნელოვნად გავუადვილებთ.

 

თემებისა და ემოციების ხურჯინი

ნაჭრის პატარა ტომსიკებში ვათავსებთ შერჩეული რითმებისთვის შესაფერის თემებსა და ემოციებს და მოსწავლეებს თითო ფურცლის ამოღებას ვთხოვთ. ამის შედეგად ისინი კონკრეტულ თემასა და ემოციაზე კონცენტრირდებიან და არჩევანზე დროს აღარ კარგავენ (დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა დიდ ნაწილს უძნელდება კონკრეტული საყრდენების/მინიშნებების გარეშე დავალებისთვის თავის გართმევა).

 

ითამაშე ლექსებით

I-III კლასებში, მოტივაციის ასამაღლებლად, ნაცნობი თამაშების ან საბავშვო გათვლების („წეროები“, „ენკი-ბენკი, სიკლისა“ და სხვ.) ტექსტებს ხშირად ვცვლი მოსწავლეთა მიერ ნასწავლი თუ შედგენილი ლექსებით. ვთამაშობთ „წეროებს“ შეცვლილი ტექსტით ან ვირჩევთ სალექსო რიტმის შესაბამის მუსიკალურ რიტმს/მელოდიას და ჩვენ მიერ შეთხზულ ტექსტებს ვრეპავთ/ვმღერით.

ზემოაღნიშნულ აქტივობებს ხშირად ვიყენებ დაწყებით საფეხურზე. ამის შედეგად მოსწავლეებს პოეზიისადმი დამოკიდებულებაც (წერას რომ თავი დავანებოთ, ლექსების წაკითხვა-გაგებაც ეძნელებათ) ეცვლებათ და შემოქმედებითი წერის ტექნიკაც ეხვეწებათ. რაც შეეხება მეთოდების მრავალფეროვნებას, მათ სიმწირეს ნამდვილად არ ვუჩივით. მთავარია, თითოეულმა ჩვენგანმა იპოვოს კონკრეტული კლასისთვის შესაფერისი/საინტერესო აქტივობა, რომელიც მოსწავლეებს პოეზიასთან დამეგობრებას გაუადვილებს.

 

ეძღვნებათ დედებს, რომელთაც არ ახსოვთ საკუთარი დაბადების დღე

0

 

„მინდა, განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით მოვიხსენიო დედაჩემი და ეს წიგნიც მას მივუძღვნა. როგორც შთაგონებული, სათუთი და გულისხმიერი ნოე, უცნაური მემკვიდრეებით სავსე კიდობანს დიდი ოსტატობით მიაცურებდა ცხოვრების მშფოთვარე ზღვაში, ყოველთვის მზად იყო, მოსალოდნელ აჯანყებას დახვედროდა, მუდამ გარს ერტყა სახიფათო ფინანსური მეჩეჩები, ხშირად დარწმუნებული არ იყო, რომ მის წინამძღოლობას ეკიპაჟი მოიწონებდა, მაგრამ თუ ხომალდს რაიმე შეემთხვეოდა, სწამდა, ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნებოდა. პირდაპირ სასწაულია, როგორ გაუძლო დედამ ამ მოგზაურობას, თანაც ისე, რომ არასდროს მისთვის გონიერებას არ უმტყუნია. როგორც ჩემი ძმა ლარი აღნიშნავს, დედა უნდა გვიმადლოდეს, რომ ასე გამოვაწრთეთო“.

ბრიტანელი ნატურალისტი მწერალი ჯერალდ დარელი თავის ნაწარმოებში „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ დედას განსაკუთრებული სითბოთი მოიხსენიებს. თავად წიგნსაც დედას, მის თავგანწირვას უძღვნის.

„დედაჩემის ასაკი არ ვიცოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ მას თავისი დაბადების დღე არასოდეს აგონდებოდა“, – წიგნის დასაწყისშივე გვეუბნება ავტორი და უკვე ველით შეხვედრას ქალთან, რომელიც თავს უძღვნის ოჯახს, შვილებს, მათ საუკეთესო ინტერესებს და ისეა ჩაბმული თავგანწირულ ფერხულში, თავისი დაბადების დღეც კი დავიწყებია.

„ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია. ჯერალდ დარელი აღწერს ბავშვობის წლებს, რომლებიც საბერძნეთის კუნძულ კორფუზე გაატარა დედასა და და-ძმებთან ერთად. წიგნში იუმორით არის მოთხრობილი იქაურ ადამიანებზე, მეგობრულ ბერძნებზე, რომლებიც ყველანაირად გვერდით უდგანან ინგლისელ ემიგრანტებს, კუნძულზე ცხოვრების გამოცდილებას უზიარებენ და ხვედრს უმსუბუქებენ.

„ასე გავყიდეთ სახლი და მერცხლების გუნდივით გავექეცით ინგლისის უჟმურ ზაფხულს“, – გვატყობინებს ავტორი და აღგვიწერს გზას, რომელიც ინგლისიდან საბერძნეთამდე გაიარეს.

ჯერიმ (ჯერალდმა) თან წაიღო ოთხი საბუნებისმეტყველო წიგნი, პეპლების ბადე, ძაღლი და მუხლუხებით სავსე მურაბის ქილა, რომელიც გრძელ, მოსაწყენ გზას გაუხალისებდა. ხომ უკვე ცხადია ჯერალდის გატაცება?

წინასიტყვაობაში მწერალი შენიშნავს, რომ ყველა ამბავი კუნძულსა და კუნძულელებზე სრული სიმართლეა – კორფუზე მათი ცხოვრება კომიკურ ოპერას ჰგავდა. ნაწარმოები სავსეა მხიარული ამბებით იმის შესახებ, რა ქაოსს იწვევდნენ ოჯახში ჯერალდის ცხოველები, მისი დაუცხრომელი ინტერესი ბუნების მიმართ და რა დიდი სიმშვიდითა და მოთმინებით უმკლავდებოდა დედა ოჯახის წევრების უცნაურ გატაცებებს.

დასამალი არ არის, რომ საბავშვო ლიტერატურის კითხვა ბავშვებზე არანაკლებ მიყვარს, მით უფრო ისეთი წიგნებისა, სადაც ლურჯ, კამკამა ზღვაში მდებარე ულამაზესი კუნძულის ამბებს გვიყვებიან. ამიტომ ინტერესით შევუდექი კითხვას და დედის მიმართ ავტორის უსაზღვრო მადლიერებამ წინასიტყვაობიდანვე მომაჯადოვა.

ვფიქრობ, მადლიერება ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი გრძნობაა, რომელიც ნამდვილად ცვლის ჩვენს წარმოდგენებს, ჩვენს ცხოვრებას და აქვს საოცარი, გადამდები ეფექტი. განსაკუთრებით მიჩუყდება გული, როდესაც შვილები მადლიერებით იხსენებენ მშობლების თავგანწირვას, შრომას და მზრუნველობას მათი მომავლისთვის – ეს ნამდვილად დასაფასებელია, ამიტომ, როდესაც ნაწარმოების კითხვას შევუდექი, საოცარი განცდები გამიცოცხლდა – ბავშვობის, სილაღის, უპირობო სიყვარულის, მადლიერების და, რუტინით გაბეზრებული, ავტომატიზებული ყოფით დაღლილი, ახალი შეგრძნებებით ავივსე.

მისის დარელმა, ოთხი შვილის დედამ,  კორფუზე გადასახლებით შვილებს ცხოვრების რამდენიმე დაუვიწყარი წელი აჩუქა.

მარტოხელა ქვრივი იღებს რთულ გადაწყვეტილებას, შვილებთან ერთად უცნობ ქვეყანაში წავიდეს და ახალი ცხოვრება დაიწყოს. ეს არის ძლიერი, მომთმენი და კეთილი ქალი, რომელსაც ჰყავს ოთხი განსხვავებული ხასიათის შვილი და ოთხივესთან საოცარი მზრუნველობით, სითბოთი და ინდივიდუალური მიდგომით ახერხებს ურთიერთობას. დარელების დედა გვაოცებს იმ მხარდაჭერით, რომელსაც შვილების მიმართ გამოხატავს – აძლიერებს მათ დამოუკიდებლობას, არ ზღუდავს მათ ინტერესებს, მოთმინებით იტანს მათ ახირებებს, მხარს უჭერს მათ სურვილებსა და ინტერესებს. მისის დარელი ეწევა უდიდეს შრომას ოჯახისთვის, მაგრამ არ ბოროტდება, არ ღიზიანდება, სიმშვიდეს ინარჩუნებს. საბოლოოდ სწორედ მისი იშვიათი მოთმინების, იუმორის გრძნობის, გამბედაობისა და მხარდაჭერის დამსახურებაა, რომ ნაბოლარა დარელი ბუნების საიდუმლოებათა შესწავლას მიჰყოფს ხელს, რაც მის მომავალ კარიერაზეც ახდენს გავლენას.

დედების შრომა ტიტანური შრომაა. დედებს უდიდესი ფიზიკური თუ ფსიქიკური ენერგიის გაღება უწევთ ოჯახისთვის და ხშირად ეს ისე აღიქმება, თითქოს ასეც უნდა იყოს. იშვიათად თუ დავფიქრებულვართ იმაზე, რა უჭირთ, რა ულხინთ, რისი გადალახვა უწევთ, როგორ ერევიან პრობლემებს დედები სუპერგმირის როლის მიღმა.

ეს პატარა წერილი სწორედ დედებს ეძღვნება, დედებს, რომლებსაც საკუთარი დაბადების დღეც კი ავიწყდებათ. მადლობა მათ უსასრულო ზრუნვისა და თავგანწირვისთვის!

  საბავშვო ლიტერატურა -თანასწორობის ჯადოსნური სივრცე  

0

                           

2 აპრილს  მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღეს და საბავშვო წიგნის დღეს აღნიშნავს.

თუ წარმოვიდგენთ, რომ წიგნებში აღწერილი სამყაროები სადღაც არსებობენ, ანდა ჩვენი სამყაროც რომელიღაც წიგნშია აღწერილი, სადღაც, რომელიღაც პლანეტაზე უნდა არსებობდეს საბავშვო მწერლებისა და წიგნების ქვეყანა…

იქ ალბათ ასტრიდ ლინდგრენი პეპისთან ერთად მაჭკატებით საუზმობს, ჰანს ქრისტიან ანდერსენი ასანთის გამყიდველ გოგონას ხელებს უთბობს და ცხელ შოკოლადს უმზადებს, ტომ სოიერი და მარკ ტვენი ერთად გეგმავენ ახალ, სახიფათო თავგადასავლებს, ეგზიუპერი და პატარა პრინცი იმ ერთადერთ ვარდს ბუგრებს აცლიან…

ამ ქვეყანაში აუცილებლად ნახავთ ხეობაში მდგარ  პატარა, სასაცილო სახლს, რომლის სამზარეულოშიც დედა მუმინი გემრიელ მურაბებს ხარშავს, სამზარეულოს მაგიდასთან კი ტუვე იანსონი ზის და ცხელ, ქაფქაფა ჩაის მიირთმევს… სხვა მუმინებიც აქ არიან, სნუსმუმრიკი, სნიფი, ჰემული და ზღაპრული ხეობის სხვა ბინადრები, იცინიან, ლაპარაკობენ, ახალ, სასაცილო, ზოგჯერ ნაღვლიან ამბებს ყვებიან…

ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან და ბავშვობაში წაკითხული წიგნებიდან მოვდივართ. სწორედ ეს წიგნები გვაყალიბებენ ადამიანებად. ხან ჰეკლბერი ფინის მსგავსად თავისუფლებაზე ვოცნებობთ, ხან ტომ სოიერივით შეგვიყვარდება კლასელი, პატარა გოგონა, ხან ჩვენი ოცნების სალტკროკას ვპოულობთ, ხან ჩვენს მეზობლად ერთი უცნაური, ცეცხლისფერთმიანი გოგო გადმოდის, ხანაც პროპელერის ზუზუნი გვესმის სამზარეულოს ფანჯარასთან, ხან განძთა კუნძულზე ნაპოვნ ძვირფასეულობას გადავთვლით… აქ შესაძლოა გარდაცვლილი ძმის საძებრად გაეშუროთ ნანგიალაში-სამოთხეში ან ობოლი, მოწყენილი ბიჭი იყო და ჯადოსნურ ქვეყანაში მამა იპოვო…

აქ შეიძლება,  ზეცაში მყოფ დედას ახედო და დაამშვიდო, რომ ყველაფერი კარგად გაქვს, შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს საყვარელი, პროპელერიანი მეგობრის ლოდინი…

განა არასდროს გიოცნებიათ შოკოლადის ქარხანაში მოხვედრაზე? იქნებ სარკის მიღმა საოცრებათა ქვეყანა ან დედამიწის გარშემო საოცარი მოგზაურობა დაგსიზმრებიათ?

თუ კი აუტიზმის მქონე ბავშვს ლიტერატურული პერსონაჟებიდან ვინმე ჰგავს, ეს ალბათ ეგზიუპერის პატარა პრინცია… გზა, საკუთარი, შინაგანი პლანეტიდან გარეთ, ადამიანებისკენ, სამყაროს შეცნობისა და შთაბეჭდილებებისკენ… სირთულით, იმედგაცრუებებითა და სიყვარულით სავსე გზა… შეიძლება ზოგან უდაბნო იყოს, ზოგან – ვარსკვლავებს თვლიდნენ, ზოგან – საკუთარი თავის უზომოდ მოყვარული ეგოისტი ხელმწიფეც შეხვდეს…. მაგრამ ყველაზე მთავარია, ერთი მელია-მეგობარი მაინც აღმოჩნდეს ამ გზაზე, მოუსმინოს, გაუგოს და შეიყვაროს, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება სხვებს სულაც არ ჰგავდეს. მთავარია, მის გულში მუდამ ანთია სიყვარული – ეს ოთხეკლიანი, თავისნათქვამა და თავნება ვარდი.

სინამდვილეში სწორედ საბავშვო ლიტერატურაა ყველაზე ნათელი დარდის, ყველაზე ტკბილი ტკივილის სივრცე. ბავშვებს ხომ დიდი, ნამდვილი პრობლემები აქვთ, პეპი ობოლია, ანიკას და ტომს ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამგები მშობლები ჰყავთ, კარლსონი – ალბათ უსახლკარო ბიჭია, უკონტექსტო, ყველასგან განსხვავებული, რომელიც იბრალებს, ბებია მყავსო, სინამდვილეში, არ ჰყავს, ორთქლის მანქანები მაქვსო, სინამდვილეში არ აქვს და სადაც გამოჩნდება, მისკენ თითს იშვერენ. ბიჭუნა მარტოა და თან ნაღვლიანი, არავის მისი არ სჯერა, ძმები ლომგულებიდან ერთს ძმა უკვდება, მიო ობოლია და მარტოსული, მაგრამ ამ დარდებთან ერთად როგორი სინათლით გატენილია ეს სამყარო, როგორი ოპტიმისტური, როგორი ბედნიერი, ისეთივე, როგორც სალტკროკა, რომელიც ალბათ ბავშვობის აღთქმული მიწაა, ბედნიერების კუნძული…

გახსოვთ, როგორ მთავრდება “ვინი პუჰი”? წერტილით კი არა, მარადიული აწმყოთი,  უნაღვლიანესი ფინალით, მრავალწერტილით:

“აქ, ამ მოჯადოებულ ადგილას, ამ გორაკზე შეფენილ ტყეში პატარა ბიჭი მაინც ყოველთვის ითამაშებს თავის დათუნიასთან ერთად”..

აი, ეს ჯადოსნური მრავალწერილია საბავშვო ლიტერატურის მთავარი მაგია.

თუ ბოლო დროს სამყაროს ყველა წესისა და კანონის ამოყირავებამ, სამშობლოსა თუ სამყაროში განვითარებული ამბების სისასტიკემ და გაუგებრობამ  საყრდენი გამოგაცალათ, დაგაბნიათ, იმედი დაგიკარგათ, იქნებ სცადოთ წონასწორობა თქვენი საყვარელი საბავშვო წიგნების სამყაროში იპოვოთ და იფიქროთ, თუ მაწანწალა რასმუსმა დაიბრუნა სახლი, იქნებ თქვენც დაიბრუნოთ, იქნებ ციცინათელების მწყემსი ბაიას გათავისუფლებაც შეიძლებოდეს, ამ საბავშვო ლიტერატურის ნესტან-დარეჯანის, იქნებ, იქნებ, იქნებ….

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...