პარასკევი, ივნისი 6, 2025
6 ივნისი, პარასკევი, 2025

ვაშლის ძმარი

0

თვალებს ვხუჭავ და თვალწინ სულ ერთი და იგივე სურათი მიდგას. ბებო სოფელში ბანაობისთვის განკუთვნილი ოთახის ორივე კარს ფართოდ აღებს და მე გრძელი სველი თმით დერეფანში გავდივარ. ძველებურად, სოფლურად მაბანავებს – „ლახანკით“ და „კრუჟკით“. დერეფანში გრძელ სკამზე მამა და დედა სხედან. მათკენ მივდივარ და ვპოზიორობ, ვითომ მოდელი ვარ. დედა იცინის, მამა კი რაღაცნაირად სევდით შემომცქერის, შემდეგ დედასკენ ტრიალდება და თითქოს მოთხოვნაგარეული ტონით ეუბნება:

  • შემპირდი, რომ კარგ ქალს გაზრდი, წესიერს და განათლებულს…

მე ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ნაყინის დამტარებელი მანქანის სიგნალი მესმის და თავქუდმოგლეჯილი იქით გავრბივარ. უკან მობრუნებულს დედას ხმა ჩამესმის, მამას ოდნავ სარკაზმით რომ ეკითხება – შენ რა, ოჯახიდან მიდიხარ და შვილის აღზრდაში მონაწილეობას აღარ აპირებ?..

30 აგვისტოა, მეორე დღეს თბილისში მივდივართ, რადგან პირველ სექტემბერს სკოლა იწყება. აი, 16 სექტემბერს კი მამა მართლაც წავა… ოღონდ, მხოლოდ ოჯახიდან კი არა, პლანეტა დედამიწიდან და მარადისობას შეუერთდება.

ყველაფერი კი, ე.წ. „ედიკაურის“ გამო მოხდება. იმ სეზონზე ღვინის ქარხნებში ტონობით შაქარს შეიტანენ, რათა მავანს „ზღვა“ მოსავლისთვის სოციალისტური შრომის გმირის წოდება და მედალი მიეღო. შემდეგ, ეს „გმირადმოვლენილი მავანი“ თავისივე დავალების შემსრულებელი მეღვინეების დაჭერას დაიწყებს დიდი რაოდენობით ფალსიფიცირებული ღვინის დაყენებისთვის. ასეთ შაქარწყლიან ღვინოს კი შემდეგ „ედიკაურს“ დაარქმევენ.

სწორედ „ედიკაურს“ შეეწირა ჩემი ბავშვობა, რადგან მამა, რომელიც ენისლის ღვინის ქარხანაში მთავარი და თავისი საქმის მცოდნე მეღვინე იყო. ის ღვინის გაყალბების წინააღმდეგ წავიდა და ადგილობრივმა მაფიამ მოიშორა!…

ჩანაფიქრი ამავე ქარხნის მეღვინემ, გივი ძამაშვილმა დაგეგმა. ჩემს „მასწავლებელს“ ვთხოვ, ეს გვარ-სახელი არ წამიშალოს, რადგან პირველად ვამბობ ასე ხმამაღლა, რომ ჩემი ოჯახი სწორედ გივი ძამაშვილის გეგმის მსხვერპლი გახდა და მას შემდეგ ეს გვარი მძაგს, თუმცა გვარის რომელიმე უდანაშაულო წარმომადგენელთან შეხვედრისას თუ თანამშრომლობისას გრძნობები არასდროს გამიმჟღავნებია.

16 სექტემბრის დილის 4 საათზე მოწყობილ ავარიას თავისი შედეგი მოჰყვა და ამავე საღამოს ოთხზე მე უკვე „ობოლი“ მერქვა და ახალ ცხოვრებას ვიწყებდი… ყვარლის საავადმყოფოში გარდაიცვალა და ბოლო წუთებში მხოლოდ ჩემს სახელს ახსენებდა თურმე.

შემდეგ იყო გამოძიება, ავარიის უნებლიე მოწმე მეცხვარეების მიცემული ჩვენებები, ქარხნის მუშების დასტურიც ავარიის მოსაწყობი ფუსფუსის შესახებ. თუმცა, ოფიციალურად ნათქვამი აღარ გაიმეორეს… ბანალური შიშის გამო.

ახლა კვლავ 30 აგვისტოს საღამოს დავუბრუნდეთ, სადაც ჯერ კიდევ ყველა ერთად ვართ და მე ფიქრადაც არ მაქვს, რომ შეიძლება რაიმე შეიცვალოს.

ჩემი დაბანის შემდეგ ქეთო ბებო თავის ვაშლისძმრიან კასრს მიუბრუნდა. დიახ, ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა. სკოლაში მუშაობის 40-წლიანი უწყვეტი სტაჟით დამსახურებული პედაგოგი გახლდათ. სიცოცხლის ბოლომდე თავისი, უკვე ასაკში შესული მოსწავლეების წერილები მოსდიოდა. მიწაზეც მუშაობდა და „ჯუჯულებსაც“ (ქათმებს ეძახდა ასე) აშენებდა. ჰოდა, თავის ბაღში დაკრეფილი რაღაც ჯიშის ვაშლისგან ძმარსაც აყენებდა, ძალიან სასარგებლო რამ არისო.

  • „ის საჭმლის მონელებას უწყობს ხელს და მადას გიბრუნებთ. თუ ვარდის ან კედრის ზეთში ავურევთ, მასში ნატურალურ მატყლს დავასველებთ და თავზე დავიდებთ, თავის ტკივილს უშველის“ – ამას ავიცენა წერდა ზოგადად ძმარზე და კერძოდ, ვაშლის ძმრის სიკეთეებსაც აღწერდა თავის სამედიცინო ტრაქტატში.

ძმარზე პირველი ჩანაწერები ჩვ. ერ. მესამე საუკუნეს ეკუთვნის. ძველი ბერძენი სწავლული თეოფრასტი აღწერდა, ამ სითხესთან მეტალების ურთიერთქმედებით როგორ იღებდნენ საღებავებს, მაგ. ტყვიის კრიალას. შემდეგ, მეშვიდე საუკუნეში არაბმა ალქიმიკოსმა ჯაბირმა შეისწავლა ძმარმჟავა, ძველ რომში კი პირდაპირ გააღმერთეს და ტყვიის ჭიქებით დღე და ღამე წრუპავდნენ. ასეთ სასმელს „საპას“ უწოდებდნენ და საკმაოდ ტკბილი ყოფილა, რადგან დიდი რაოდენობით ტყვიის აცეტატს შეიცავდა.

ნებისმიერი ძმრის მთავარი კომპონენტი ძმარმჟავაა, რომლის მიღება ქიმიურად და მიკრობიოლოგიურადაა შესაძლებელი. ეს ბოლო მეთოდი ყველაზე ძველია და ბებოც სწორედ მას იყენებდა. თუ ნატურალურ ტკბილ წვენს ღია ჭურჭელში სითბოში დავტოვებთ, დუღილის პროცესი დაიწყება და დროთა განმავლობაში მასში არსებული მთლიანი შაქარი ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ფერმენტების ზემოქმედებით სპირტად გარდაიქმნება. წარმოქმნილი სპირტი დუღილს გააგრძელებს და ძმარმჟავა წარმოიქმნება. ნებისმიერი ძმარი დაახლოებით 4% ძმარმჟავას შეიცავს, ასევე სხვადასხვა ორგანულ ნივთიერებებს – ესთერებს, ალდეჰიდებს და ა.შ. ვიტამინებიდან მხოლოდ ბეტაკაროტინი, რეტინოლი (A)-ს წინამორბედი და ასკორბინის (C) მჟავაა შეიცავს.

ძმარი სხვადასხვა არსებობს, თუმცა ვაშლის ძმრის სიკეთეები განსხვავებულია. მაგალითად, ის ანთების ერთ-ერთი ძლიერი საწინააღმდეგო საშუალებაა, განსაკუთრებით ნაწლავებისთვის.

ბუნებრივია, ვაშლის ძმარიც ძმარია და მისი პირდაპირ დალევა არ შეიძლება, წყლით უნდა გავაზავოთ. სწორად მიღებული ვაშლის ძმარი ცილა მუცინების სტაბილიზებას უწყობს ხელს. ცილა მუცინები გლიკოზირებული ცილებია. მათი უნარია გელისებრი სუბსტანციის წარმოქმნა. ჩვენი ნერწყვის შემადგენლობაში შედიან და პირის ღრუში ნახშირწყლების მონელებას უწყობენ ხელს. ასევე, წვრილ ნაწლავში ერთგვარ ბარიერს ქმნიან და ნაწლავური იმუნიტეტის შექმნაში მონაწილეობენ. ხშირად მუცინები ინჰიბიტორის როლში გვევლინებიან და პათოგენების ბლოკირებას უწყობენ ხელს.

ვაშლის ძმარი ფენოლურ ნაერთებსაც შეიცავს. მაგ. კატექინები, ჰალის მჟავა (იგივე ტანინი) და ა.შ. ისინი ბეტაამილოიდური ფოლაქების სინთეზს აფერხებენ. ვინც არ იცის, სწორედ ეს ფოლაქები ითვლება ალცჰეიმერის დაავადების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად.

აქვს გამოხატული ანტისიმსივნური ეფექტი და მას ალტერნატიული მკურნალობის მიმდევარნი ძალიან კარგ შედეგებზე გაჰყავს. ოღონდ, აქ ისევ და ისევ პროფილაქტიკა და ადრეული სტადიებია ნაგულისხმევი.

კბილის პროთეზის გამოყენებისას პირის ღრუს იცავს სოკო კანდიდას განვითარებისგან. იყენებენ ატოპიური დერმატიტისას. ბუნებრივია, კონცენტრირებული სახით მისი გამოყენება კანზე წასასმელადაც არ შეიძლება და ერთი ჩაის კოვზი დაახლოებით 350-400მლ. წყალში უნდა გაიხსნას.

კვლევები იმასაც აჩვენებს, რომ ვაშლის ძმარი ჰეპატოპროტექტორსაც წარმოადგენს, ანუ ღვიძლის დამცველის ფუნქციას ასრულებს. მე რაც ამოვიკითხე, ალუმინისგან, კადმიუმისგან და ზოგიერთი პათოგენური მიკროორგანიზმისგანაც შეუძლია დაცვა.

თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არ უნდა დავივიწყოთ. ის, რაც მე მიხდება, შენ არ მოგიხდება. ის რაც შენ ჭეშმარიტებად მიგაჩნია, ჩემთვის სიცრუეა და პირიქით.

ჰოდა, ყველას ვერ არგებს ვაშლის ძმარი.

მაგალითად, ვის?

ვისაც კუჭის წყლული აწუხებს. ან, თუ არ იცის თავისივე კუჭში რა ხდება, პატარა ექსპერიმენტი ჩაატაროს. დალიოს ნახევარი ჩაის კოვზი ვაშლის განზავებული ძმარი. თუ დისკომფორტს იგრძნობს, (რადგან ძმარი კუჭში არსებულ წყლულზე მოხვდება) შეეშვას ამ საქმეს, ძმარი მისთვის არ შეიძლება.

– ვისაც გასტრიტი აწუხებს. ანუ, თუ კუჭში არსებული მარილმჟავა საყლაპავში ამოდის და მუდმივად, ე.წ. გულძმარვას გრძნობს. ეს ნიშნავს, რომ კუჭის მჟავიანობა მომატებულია და მჟავაზე მჟავას დამატება მთლად რიგიანი საქმე ვერ არის.

– ვისაც ზოლინგერ-ელისონის სინდრომი აქვს. აქვე გულწრფელად დავწერ, რომ წარმოდგენა არ მაქვს, რა სინდრომია. თუმცა, თუ ვინმეს აქვს, ნამდვილად ეცოდინება და ვაშლის ძმარსაც მოერიდება.

თვალებს ვხუჭავ და სულ ერთსა და იმავე სურათს ვხედავ. ჩემი სოფლის სახლის დერეფანში მზეზე სანახევროდ გამშრალი გრძელი თმით ვზივარ. ფეხებს მხიარულად ვიქნევ, ნაყინს გეახლებით და მერცხლების მიერ მოწყობილ აურზაურზე ვიცინი. ჯერ ყველაფერი კარგად არის და არც არაფერი მადარდებს. ჯერ ჩემიანები უკლებლივ ჩემთან არიან და წარმოდგენაც კი არ მაქვს, რომ სულ რაღაც ორ კვირაში ახალ სტატუსს – „ობოლს“ მივიღებ. მერე ხალხი მოვა, ზოგი გულწრფელად, ზოგიც მოვალეობას მოიხდის, თავზე ხელს დამადებენ ან ლოყაზე მომჩქეტენ და გამძლეობას მისურვებენ. მერე წავლენ და ჩვენ სულ სამნი დავრჩებით – მე, დედა და ბებია. დავრჩებით იმისთვის, რომ ჩვენი დროის მოსვლამდე გზა გავაგრძელოთ…

ოღონდ მანამდე, ნაყინს დავამთავრებ და ბებოს ვაშლის ძმრის გადაღებაში დავეხმარები.

მცირე სასკოლო პროექტები

0

სასწავლო წლის დასაწყისში, როდესაც გაკვეთილები VIIკლასში პირველად ჩავატარე, თვალშისაცემი იყო ორი რამ: 1. მოსწავლეთა მაღალი მოტივაცია სწავლისა და ზოგადად, სიახლეებისადმი 2. არაჯანსაღი კონკურენცია თანაკლასელებს შორის.

მთელი სასწავლო წელი ფარულად თუ ხილულად ვმუშაობდი თანამშრომლობითი გარემოს შექმნასა და მათი ენერგიის სწორად მიმართვაზე. სტატიაში ვისაუბრებ მოსწავლეების მიერ განხორციელებული მცირე სასკოლო პროექტებს შესახებ, ასევე, იმაზე, როგორ შეუწყო ხელი ორთვიანმა აქტივობებმა საკლასო კლიმატის გაუმჯობესებას.

აქტიური მოქალაქეობა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიწოდებით არ ისწავლება. ის საკუთარ თავზე უნდა გამოცადოს სკოლის მოსწავლემ. სწორედ ამ ფრაზით დავიწყე მე-7 კლასში პროექტის ეტაპების გავლა.

პროცესი რამდენიმე ეტაპად დავყავით. პირველ ეტაპზე ვისწავლეთ პროექტის წერა, რომელსაც რამდენიმე გაკვეთილი დაეთმო. ერთად გავიაზრეთ რა არის მიზანი, ამოცანები, აქტივობები და ა.შ. მათ შეძლეს, ერთმანეთისგან განესხვავებინათ მცირე ინიციატივები და პროექტები.

მომდევნო გაკვეთილებზე ერთად ვისწავლეთ, როგორ უნდა მოხდეს პრობლემის/ინტერესების იდენტიფიცირება. დიდი ზომის ქაღალდზე ჩამოვწერეთ ყველაზე აქტუალური საკითხები, რომლებიც მოსწავლეებს სკოლაში და ზოგადად, სასკოლო თემში აწუხებთ ან აინტერესებთ. ჩამონათვალი საკმაოდ გრძელი გამოვიდა.

პრობლემების ხე

აქტივობა – „პრობლემების ხე“ – შესანიშნავი საშუალებაა, მოსწავლეები დააფიქროთ არსებულ პრობლემებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე და იმ უარყოფით შედეგებზე, რომლებსაც პრობლემის/გამოწვევის არსებობა იწვევს. პრობლემების ხე სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ფესვები – გამომწვევი მიზეზები (უხილავი ნაწილი), ღერო – უშუალოდ პრობლემა და ფოთლები (ან ნაყოფი) – ხილული უარყოფითი შედეგები.

შემდეგ ეტაპზე დავფიქრდით, როგორ შეიძლება მოხდეს პრობლემის ტრანსფორმაცია/ცვლილება. აქტივობის მიხედვით:

  • გამოკვეთილი პრობლემა იქცა პროექტის/ინიციატივის მიზნად;
  • პრობლემის გამომწვევი მიზეზები გადაკეთდა და იქცა – პროექტის/ინიციატივის ამოცანებად;
  • პრობლემით გამოწვეული უარყოფითი შედეგები გადაკეთდა და იქცა – პროექტის/ინიციატივის მოსალოდნელ შედეგად.

შემდეგი ეტაპი უკვე V-VI კლასის მოსწავლეების ინტერესის სფეროს გამოკვეთას დაეთმო. მე-7-კლასელებმა ჩაატარეს მინი კვლევა, რის შედეგადაც გამოიკვეთა საჭირო მიმართულებები. გიზიარებთ ოთხი მინი-პროექტის სათაურს:

  • ზღვარი ბავშვურ ცელქობასა და ბულინგს შორის;
  • არაფორმალური განათლების მნიშვნელობა;
  • სწავლა აუცილებელია – არა ნაადრევ ქორწინებას;
  • ნუ განასხვავებ ფერების მიხედვით.

მაისის ბოლოს, სკოლაში დაიწყო მცირე ინიციატივების/პროექტების განხორციელება. ჩემი, როგორც ფასილიტატორის როლი იყო მინიმალური და მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხებში დახმარებით შემოიფარგლებოდა. ასევე ვეხმარებოდი წამახალისებელი სერტიფიკატების ბეჭდვაში.

VII კლასელების საქმიანი ფუსფუსი ორი თვე გრძელდებოდა. მათი სამიზნე აუდიტორიისა და განსახორციელებელი ინიციატივის გამოკვეთის შემდეგ დაიწყო საპრეზენტაციო მასალის მომზადება, დამატებითი რესურსების თავმოყრა, როლების გადანაწილება. შედეგად მოსწავლეებმა შექმნეს ორ-სამ დღეზე გაწერილი სატრენინგო მოდულები.

განხორციელების ეტაპზე მუშაობდნენ 10-15-წევრიან შერეულ ჯგუფებთან. უმეტესობისთვის ეს პირველი გამოცდილება იყო, ამიტომ თანაკლასელების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ვხედავდი, როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს აქტივობების განხორციელებაში, აუდიტორიის მომზადებაში, ნაკადების მართვაში და ა.შ.

მოსწავლეებმა ასევე ისწავლეს პროექტის ანგარიშის მომზადება.

მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტები პირდაპირ კავშირშია მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და მოქალაქეობის სტანდარტთან. დავალებაზე მუშაობის დროს დამუშავდა ისეთი ცნებები როგორებიცაა:

სამოქალაქო მონაწილეობა

მოსწავლეს შეუძლია საკუთარი ჩართულობით თემში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების (დაწერილი და დაუწერელი წესების თანაარსებობა, არასრულწლოვანთა დანაშაული, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, ბუნებრივი საფრთხეები) გადაჭრაზე ზრუნვა;

სოციალიზაცია

მოსწავლეს შეუძლია სათემო აქტივობების დაგეგმვისას განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთან თანამშრომლობა; თემში მცხოვრები ყველა ადამიანის ინტერესისა და უფლებების (ძალადობისგან დაცვა, გამოხატვის თავისუფლება) გათვალისწინება;

დემოკრატია

მოსწავლეს შეუძლია პირადი და სათემო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისას მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიის პრინციპების (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედება, ტოლერანტობა) გათვალისწინებით მოქმედება;

მდგრადი განვითარება

მოსწავლეს შეუძლია პირადი და სათემო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისას მდგრადი განვითარების პრინციპებით მოქმედება.

2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა. ახლა შედეგების გაანალიზების დროა. ვუყურებ თიმსის ჯგუფში თავმოყრილ ელექტრონულ მასალებს და გული სიამაყით მევსება. ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი სახეზეა. კლასი გახდა უფრო მეტად შეკრული, ვიდრე სასწავლო წლის დასაწყისში. აპრილ-მაისში მცირე სასკოლო პროექტებზე მუშაობის პერიოდში განივითარეს ემპათიის, ერთმანეთზე ზრუნვის, თანამშრომლობის, მედიაწიგნიერების უნარები და ერთი ნაბიჯი გადადგეს აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისაკენ.

ფესვები – გამომწვევი მიზეზები (უხილავი ნაწილი), ღერო – უშუალოდ პრობლემა; და ფოთლები (ან ნაყოფი) – ხილული უარყოფითი შედეგები – ამ სამი კომპონენტის გააზრება/გაანალიზება ადამიანებს, განსაკუთრებით მოზარდებს, გაუადვილებთ პრობლემისადმი პასუხისმგებლობიან მიდგომას, ენერგიის მიმართვას, არა უარყოფითი შედეგების მოგვარებისკენ, არამედ გამომწვევი მიზეზებზე ფიქრისკენ. ამიტომ, გირჩევთ გამოიყენოთ და დატკბეთ მიღწეული შედეგებით.

 

მითები, როგორც შესანიშნავი სასწავლო რესურსი

0

მითები ყველას უყვარს, განსაკუთრებით ბავშვებს, იმიტომ, რომ კაცობრიობის იდენტობის საფუძველი მითებშია, მითებმა უზარმაზარი როლი შეასრულეს ჩვენს ჩამოყალიბებაში და იმ ეტაპამდე მოსვლაში, სადაც ახლა ვართ. ამიტომაა, რომ ეს მისტიური ამბები იზიდავს დიდსა და პატარას.

სასწავლო პროცესში, მითების გამოყენებით, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებითა და აქედან გამომდინარე მოტივაციის ამაღლებით, საინტერესო სასწავლო პროცესის წარმართვა შეგვიძლია. ამაში კი განსაკუთრებით მითური ხატოვანი გამონათქვამები დაგვეხმარება, შედეგად კი ბავშვები:

  1. დაინტერესდებიან, 2. იდიომებზე იმუშავებენ, 3. მითურ სამყაროს კიდევ უფრო უკეთ გაიცნობენ, 3, განავითარებენ შემოქმედებით უნარებს, 4. ივარჯიშებენ კითხვაში, გაგება-გააზრებასა და წერით მეტყველებაში.

მოკლედ მასწავლებელს ძალიან ბევრი კურდღლის დაჭერა შეუძლია მშვიდად, უმტკივნეულოდ და რაც მთავარია, საინტერესოდ, მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით. გიზიარებთ ერთ კონკრეტულ მითურ იდიომზე ჩემ მიერ შედგენილ ტექსტსა და მასზე მორგებულ რამდენიმე დავალებას. მსგავსად შეგიძლია დაამუშაოთ სხვა გამონათქვამებიც.

ოლიმპიური სიმშვიდე

ერთი წუთით დახუჭე თვალები და წარმოიდგინე: ზღვის პირას, ქვიშის სანაპიროზე, მარტოდმარტო ზიხარ და ჩამავალ მზეს გასცქერი. საოცრად მშვიდად ხარ, ვერაფერი გაღელვებს, თუნდაც შენკენ მომავალი უზარმაზარი ტალღა ან მოულოდნელი ჩამობნელება. სწორედ, ამ დროს შესაძლოა ითქვას, რომ შენ ოლიმპურ სიმშვიდეს ინარჩუნებ.

ოლიმპიური სიმშვიდე – ბერძნული მითოლოგიის ოლიმპიურ მთას, ღმერთების სამყოფელსა და სამფლობელოს უკავშირდება, სადაც მუდმივად ღვთაებრივი სიმშვიდეა. ბერძენი მწერლის, ჰომეროსის „ოდისეის“ თანახმად, „ოლიმპის სიმშვიდეს ქარები არ არღვევენ, ასევე იქ არ მოდის არც წვიმა და არც თოვლი თუმცა ჰაერი საოცრად წმინდა და უღრუბლოა“.

ოლიმპოზე მარადიული გაზაფხულია, ღმერთები ნადიმობენ, წვეულებებს აწყობენ და თან ადამიანების ბედსა და იღბალს განაგებენ.

ღმერთების სახლად და სავანედ, ერთ-ერთი ვერსიით, საბერძნეთის ძალიან მაღალი, ტყიანი, მრავალმწვერვალიანი, თოვლით დაფარული მთა მიაჩნდათ. აქ ღმერთები გასაოცარ, ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელ, მშვენიერ სასახლეებში ცხოვრობდნენ. ზევსს – ოქროს სასახლე ჰქონდა, სხვებს – ვერცხლისა და სპილენძისა, მჭედლობისა და ცეცხლის ღვთაების, ჰეფესტოს მიერ შექმნილი.

ოლიმპიელთა პანთეონში 16 მთავარი ღმერთია: ზევსი – მთავარი, ცის, ელვისა და ქუხილის ღმერთი; ჰერა – უზენაესი, ქორწინებისა და მშობიარობის ქალღმერთი; პოსეიდონი – ზღვის ღმერთი; დემეტრა – ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების ქალღმერთი; აპოლონი – მზისა და სინათლის ღმერთი; არტემიდა – მთვარისა და ნადირობის ქალღმერთი; არესი – ომის მრისხანე ღმერთი; აფროდიტე – სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი; ჰერმესი – ღმერთების მაცნე; ათენა პალადა – სამართლიანობის ღვთაება; ჰეფესტო – ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება; ჰადესი – მიწისქვეშა სამყაროს ღმერთი და სხვა კიდევ მრავალი.

ჰოდა, ამდენ არამიწიერ, მაგიური ძალებით დაჯილდოებულ ქმნილებების სამყოფელში, რა გასაკვირია, თუკი ენით აუწერელი და სიტყვით უთქმელი, ოლიმპიური სიმშვიდე დაისადგურებდა.

ჩვენ, მოკვდავებს კი ისღა დაგვრჩენია, რომ ადამიანურ სიმშვიდეს ოლიმპიური ვუწოდოთ და ცოტა ხანი, წარმოსახვით მაინც, თავი ოლიმპიელების სტუმრად წარმოვიდგინოთ.

 

 

ლექსიკონი:

ნადიმი – მეჯლისი, წვეულება.

სავანე – სამყოფელი, საცხოვრებელი.

 

 

მიუწერე ოლიმპიელ ღმერთებს, რას მფარველობენ და განაგებენ.

ზევსი –

ჰერა –

პოსეიდონი –

დემეტრა –

აპოლონი –

არტემიდა –

არესი –

ჰერმესი –

ათენა –

ჰეფესტო –

ჰადესი –

 

 

გააგრძელე ჰომეროსის სიტყვები და შენი წარმოსახვით აღწერე ოლიმპიელი ღმერთების სამფლობელო, შექმენი თხზულება, რომელსაც სათაურს მოუფიქრებ. შეგიძლია დაასურათო კიდეც.

„ოლიმპის სიმშვიდეს ქარები არ არღვევენ, ასევე იქ არ მოდის არც წვიმა და არც თოვლი თუმცა ჰაერი საოცრად წმინდა და უღრუბლოა“………………..

წარმოიდგინე რომ ოლიმპოს მთაზე ღმერთების სტუმარი ხარ, მათ ნადიმზეც მიგიწვიეს, შექმენი შენი სტუმრობის ამსახველი ოთხი ილუსტრაცია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტექსტში ხატოვნად, ეპითეტებით აღწერილია ოლიმპოს მთა: მრავალმწვერვალიანი, სასახლე – წარმოუდგენლად მშვენიერი. შეეცადე, აქ ჩამოწერილ სიტყვებს ასეთი, მხატვრული, ხატოვანი აღწერილობა მიუწერო. მაგალითად: მზე – ცის ოქროს გვირგვინი, სინათლის სკივრი, მბრწყინავი ბურთი და სხვა. თითოეულ სიტყვას მოარგე მინიმუმ სამი ეპითეტი.

მთა –

სასახლე –

ზღვა –

მზე –

ტალღა –

ქარი –

წვიმა –

ნადიმი –

გაზაფხული –

ცა –

სავანე –

მოიფიქრე ერთაბზაციანი ჩანახატი, სადაც გამოიყენებ შესიტყვებას „ოლიმპიური სიმშვიდე“, შეგიძლია სათაურიც მოუფიქრო ან უსათაუროდ დატოვო.

 

წყალი წყალსა შემოვტყორცნე

0

დღეს მსოფლიოს პოლიტიკური რუკა ორასზე მეტ სახელმწიფოს ითვლის, თუმცა განვითარებული ქვეყნების ჩამონათვალი ძალიან მცირეა, ძალიან განვითარებულთა ჩამოსათვლელად კი ერთი ხელის თითებიც გვეყოფა. არცერთ მათგანს არც „წინაპართაგან“ მოსდევს ეს სიმდიდრე და არც მზითვად მიუცია ვინმეს. დიდი ისტორიის მქონე ქვეყნები ისტორიის სახელმძღვანელოებს თუ ამდიდრებენ თავიანთი დიდების შარავანდედებით. მათი უმეტესობა რუკაზე აღარც კი არსებობს. რაც შემორჩა, ისეა გახუნებულ-გაფერმკრთალებული და დალეული, ძლივს იპოვი. მსოფლიო დოვლათის შექმნაში მათი წვლილი ისეთივეა, როგორიც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაში – მარტოხელა გლეხკაცისა, მთელი წელი წელებზე ფეხს რომ იდგამს და მოსავლიდან მოსავლამდე მაინც ძლივს გააქვს თავი.

ცხადია, საინტერესოა, როგორ მოახერხეს ერთეულებმა ასეთი გარღვევა. ამ კითხვაზე პასუხი, ერთი შეხედვით, მარტივია – ტექნოლოგიებით. მაგრამ ძველ ბერძნებსაც, ეგვიპტელებსაც, მონღოლებსაც, რომაელებსა და არაბებსაც ჰქონდათ იმ დროისთვის მოწინავე ტექნოლოგიები. მაშ, რა მოხდა? საქმე ის არის, რომ სწავლულთა ყოლა ქვეყნისთვის არ არის საკმარისი. არც მარტო მათი გამოგონებებია განვითარების საწინდარი. წინსვლას მათი ნდობა სჭირდება. და კიდევ – გაბედულება, რისკი, უშიშობა.

1911 წლის 8 აგვისტოს აშშ-ში მემილიონე პატენტი გაიცა!!! ქვეყანა ჯერ საუკუნე-ნახევრისაც არ იყო. ბებერ ევროპაში კი, რომელსაც გაცილებით მეტი მეცნიერი ჰყავდა, კონსერვატიზმის ჭაობი ახრჩობდა თამამ იდეებს.

პერსი სპენსერი 1894 წლის 19 ივლისს დაიბადა ჰოულენდში (აშშ). 18 თვისა უმამოდ დარჩა. მალე დედამაც მიატოვა და დეიდებმა გაზარდეს. რთული ბავშვობა ჰქონდა, სკოლაშიც კი ვერ იარა – 7 წლისამ მიატოვა სწავლა და ლუკმაპურისთვის შრომა დაიწყო. 12 წლიდან უკვე ქარხნებში მუშაობდა გათენებიდან დაღამებამდე. მერე სადღაც ყური მოჰკრა, რომ ქაღალდის ქარხანა ტრადიციული ქვანახშირიდან ელექტროენერგიაზე აპირებდა გადასვლას. დააინტერესა ამ ახალმა ფენომენმა, ჩაუჯდა, ისწავლა… ერთი წლის შემდეგ ქაღალდის ქარხანაში სულ სამმა კაცმა იცოდა ელექტროენერგიის ანი და ჰოე და ერთი მათგანი სპენსერი იყო.

18 წლისამ ფლოტში დაიწყო სამსახური. ხმელეთიდან გემზე ელექტროსადენების გაჭიმვა, ცხადია, შეუძლებელი იყო, ამიტომ ახალი გატაცება იპოვა – უსადენო კომუნიკაციები.

ცოტა ხანში დამოუკიდებლად შეისწავლა ტრიგონომეტრია, კალკულუსი, ქიმია, ფიზიკა, მეტალურგია… ღამეებს ათენებდა კითხვაში. შედეგმაც არ დააყოვნა. მალე საკუთარი გამოგონებით გაამდიდრა საპატენტო ბიურო. ამბიცია დიდი ჰქონდა – ედისონს უნდა ვაჯობოო. თუმცა „უსწავლელობის“ მძიმე ჯვარი მთელი ცხოვრება უმძიმებდა წინსვლას. ბევრი კოლეგა არაფრად აგდებდა მის „გაფრენა/აფრენებს“.

მიუხედავად ამისა, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ის უკვე მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი იყო რადარების საკითხში. ომს ფხიზელი ყურები სჭირდება, ამიტომ რადარების ტექნოლოგიას ფართო გასაქანი მიეცა. კომპანია „რეითეონი“, რომელშიც სპენსერი ძალოვანი მილაკების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ფრონტისთვის დღეში 2600 მაგნეტრონს აწარმოებდა. მაგრამ ომი დამთავრდა და შეკვეთებიც შეწყდა. კომპანია დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ერთხელაც სპენსერმა შოკოლადის ფილა ჩაიდო ჯიბეში და ლაბორატორიაში შევიდა, მაგნეტრონის გამოყენების ახალი სფეროების ძებნაზე ჩაფიქრებული. იდგა ჩართულ მაგნეტრონთან და გონებით ერთი ტექნოლოგიიდან მეორეზე გადადიოდა… ფიქრში წასულმა, ხელი შოკოლადისკენ წაიღო, მაგრამ ფილის ნაცვლად გამლღვალი მასა შერჩა ხელთ. სპენსერი უმალვე მიხვდა, რომ ეს არც ოთახის ტემპერატურის ბრალი იყო და არც სხეულის. ლაბორატორიიდან გავარდა, ბუშტარა სიმინდის მარცვლები მოიტანა, ჩართული მაგნეტრონის წინ დაყარა და მშვიდად დაელოდა მოვლენების განვითარებას. კოლეგების უმეტესობა ირონიით უცქერდა და ჩუმად იღიმებოდა, სანამ ლაბორატორიის მყუდროება სიმინდის მარცვლების ტკაცატკუცმა არ დაარღვია და თეფშიდან ბატიბუტმა არ დაიწყო იატაკზე ცვენა. სკეპტიკოსებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ ახალა კვერცხის მოხარშვა სცადეს. ცოტა ხანში შეამჩნიეს, რომ კვერცხმა უჩვეულო „ძიგძიგი“ დაიწყო. ყველაზე ეჭვიანმა კოლეგამ თვალებს არ დაუჯერა და კვერცხისკენ დაიხარა, ის კი სწორედ ამ დროს გასკდა და გემრიელი „შხაპი“ მიაღებინა „ურწმუნო თომას“.

სპენსერი უმალვე ჩასწვდა აღმოჩენის მნიშვნელობას. მცირე ზომის ყუთი შეკრა, ერთ ნაწილში მაგნეტრონი ჩაამაგრა, მეორე მხარეს კი კარი შეაბა. ასე დაიბადა მიკროტალღური ღუმელი.

დაკეტილი მეტალის ყუთიდან მაგნიტური სხივები გარეთ ვერ გამოდიოდა და კამერაში მოთავსებული პროდუქტი კიდევ უფრო სწრაფად ცხელდებოდა. კიდევ ერთი სასიამოვნო განცვიფრება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კონტეინერი ცივი რჩებოდა, მხოლოდ პროდუქტის ტემპერატურა იმატებდა.

რა არსებითი განსხვავებაა ჩვეულებრივ (კონვექციურ) და მიკროტალღურ ღუმლებს შორის? კონვექციურ ღუმელში სითბო ჰაერის ნაკადს გადააქვს, რომლის გადაადგილების სიჩქარე ნაკლებია, თანაც დიდი ოდენობით სითბოს წაღება არ შეუძლია. ამასთან, ჰაერის ნაკადი თანაბრად ათბობს კონტეინერს და პროდუქტს. კონტეინერის გასათბობად ენერგია ტყუილად იხარჯება. რაც მთავარია, ჰაერის მოტანილი სითბო კონტეინერში მოთავსებული მასის მხოლოდ ზედაპირს აცხელებს. შიდა ფენები თბოგამტარობით იწყებს გაცხელებას, რაც მეტისმეტად ბევრ დროს მოითხოვს.

მიკროტალღურ ღუმელში ენერგიის გადამტანი ელექტრომაგნიტური ტალღაა. ის გამჭოლად მოქმედებს და ერთდროულად გადასცემს სითბოს პროდუქტის როგორც შიგნითა, ისე გარეთა ფენებს, ამიტომ პროდუქტის ყველა მოლეკულა „ერთდროულად“ თბება. გათბობა კი წყლის მოლეკულების მიერ გამოსხივების შთანთქმის შედეგია. ენერგიის შთანთქმის შედეგად წყლის მოლეკულები უფრო ენერგიულად იწყებენ რხევას, უფრო დიდი ენერგიით ეჯახებიან ერთმანეთს და ათბობენ.

რატომ არ ცხელდება კონტეინერი? უბრალო მიზეზის გამო: მასში წყალი არ არის. ამიტომ ვიყენებთ უბრალოდ პოლიმერულ კონტეინერებს. ფაიფურისა და კერამიკის ჭურჭელი შეიძლება ოდნავ შეთბეს – ეს იმიტომ, რომ კერამიკა ფოროვანი მასალაა და მის ფორებში შესაძლოა მცირე რაოდენობით წყალი იყოს ადსორბირებული.

რამდენად საშიშია ეს გამოსხივება? – მიკროტალღური ღუმლის კონსტრუქცია, ჩაკეტილი ყუთი, ტალღებს გარეთ გავრცელების საშუალებას არ აძლევს, ამიტომ ღუმელს აქვს სპეციალური დაცვა – სანამ ჩართულია, კარს ვერ გააღებთ, ან გენერატორი უმალვე გაითიშება.

რჩება თუ არა პროდუქტში რადიაცია? არა! ვერც დარჩება, რადგან ის ელექტრომაგნიტურია, ალფა, ბეტა და გამა ნაწილაკებს არ შეიცავს.

ასე რომ, მიკროტალღური ღუმლისა თუ ვინმეს უნდა „ეშინოდეს“, ეს მხოლოდ წყლის მოლეკულებია.

გუშაგისა და სატრფოს მხატვრული სახეები ალექსანდრე ჭავჭავაძის ლირიკაში

0

თუ ჩემი წერილის სათაურს გამოცდილი ფილოლოგი წაიკითხავს, იტყვის, ნეტა ქართული რომანტიზმის ამ პატრიარქზე ახალი რა უნდა თქვასო? მართლაც, მეცხრამეტე საუკუნის ქართული რომანტიკული სკოლის მხატვრული მემკვიდრეობა კარგად არის შესწავლილ-გააზრებული მკვლევართა მიერ, მაგრამ კლასიკური ტექსტი ვერ იქნებოდა დიდი მოვლენა, მისი ახლებურად წაკითხვა და ინტერპრეტაცია შეუძლებელი რომ იყოს. მასწავლებლების მიზანი კი ყოველთვის არის, რომ ვასწავლოთ ნაირგვარი რაკურსიდან ტექსტის დანახვა, სინთეზი ქართული თუ უცხოური მწერლობის ნიმუშებთან.

XIX საუკუნის ქართული მწერლობა არ ჩამორჩა მსოფლიო ლიტერატურის მთავარ ტენდენციებს. უმდიდრესი ლიტერატურული საგანძური შეიქმნა რომანტიზმის ადეპტების მიერ. ეს საუკუნე რუსული ექსპანსიისა და ოკუპაციის წყალობით ჩვენი ხელოვანებისთვის იყო ახალი სამწუხარო რეალობა, რომლის გამოძახილიც უწყვეტად ისმის მხატვრულ ტექსტებში. რუსულმა ცენზურამ აკრძალა მწვავე ეროვნულ ჩაგვრაზე ღია ტექსტებით წერა, რის გამოც მწერლებმა მეტაფორებისა და ალეგორიების გზას მიმართეს და ამით იხეირა კიდევაც ჩვენმა ლიტერატურამ, რადგან დაიბადა უაღრესად ღრმა და მრავალშრიანი მხატვრული სახეები. ყველაზე აქტუალური თემა, რასაკვირველია, იყო რუსულ-ქართული ურთიერთობები, წუხილი ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე, ოცნება საქართველოს დაკარგული თავისუფლების დაბრუნებაზე.

რომანტიკოსი მწერლების ლექსებში გაჩნდა ორი საინტერესო მხატვრული სახე – გუშაგი და სატრფო. ამ მხატვრულ სახეთა სიღრმეების გასაგებად XI კლასში ვაცხადებთ ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსების კითხვის კვირეულს. კითხვის სტრატეგიებიდან ვირჩევთ ტექსტებზე დაკვირვება-კვლევის მეთოდებს და ვეძებთ გუშაგისა ან სატრფოს სახეებს. თავდაპირველად მარკირებაა მნიშვნელოვანი. შემდეგ კი იწყება დეკოდირება – ანალიზის საინტერესო ეტაპი, რასაც მოჰყვება დისკუსიები, მსჯელობები, იდეები ახალ-ახალი ესეებისა და თხზულებებისთვის.

მაშ, ასე, ვიწყებთ: ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსებში იმდენად უხვად გვხვდება სატრფოს სახე და ისეთი კონოტაციებით, რომ დავრწმუნდით – ის სამშობლოს სიმბოლური ხატია. ზოგადად, დატყვევებული ქალის/სატრფოს სახე მსოფლიო მწერლობაში ძალიან პოპულარულია. შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენი ნესტან-დარეჯანი ხომ შეუდარებელია. შთაგვაგონა ორმა ტილომ: ირაკლი თოიძის „ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა“, ანუ ტარიელისა და ნესტანის შეხვედრა ქაჯეთის ციხის აღების შემდეგ და XV საკუნის იტალიელი მხატვრის, პაოლო უჩელოს „წმიდა გიორგის პირველი სასწაული – ლასიის მეფის ასულის გამოხსნა გველეშაპის ტყვეობიდან”.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სატრფო ხატოვანი, ფერადი სახე-სიმბოლოა და ის წარუშლელად ცოცხლობს პოეტის მეხსიერებაში. აი, რა მდიდარი პოეტური ფერებით დახატა ის ავტორმა:

„ვისაც გსურთ“: „მას ვჭვრეტ პატიმრად, ვის მონებს გული, მისთვის, გლახ, განწირული“…

„ვაჰ, დრონი, დრონი“: „მე ერთმან ერთგზის ერთს ვუძღვენ თავი, მასვე ვემონვი მტკიცედ და მყარად“… ლირიკულ გმირს სატრფოს თავს ეცილება „რაყიფი“, ანუ ტრფობაში მოქიშპე, რომელიც ასევე კოდური სახე-სიმბოლოს – „გუშაგის“ ვარიაციაა. პოეტს სატრფოს სიმტკიცის იმედი აქვს: „თუ მასცა ჩემებრ უცავს სიმტკიცე, ვიბრალებ რაყიფს, შვრების მომცდარად“… ამ სიტყვებში სხვა რა უნდა ვიგულისხმოთ, თუ არა ალეგორია რუსულ-ქართული ურთიერთობებისა? რაყიფი – მტერი გვართმევს სატრფოს, რომელიც თუ მტკიცედ დადგება, მტერი ვერაფერს დაგვაკლებს. ერთ-ერთ ლექსში – „ედემს რგულსა“ კვლავ ცოცხლდება რაყიფის სახე. ის აქ სატრფოს გვერდით იკავებს ადგილს, ლირიკულ გმირს წყვდიადთან აკავშირებს, ლახვარჭურვილი, ანუ შეიარაღებულია და მიჯნურთა (ქართველთა) გულების მოსრვის მოსურნეა. მან პოეტის გულიც დააწყლულა ისე, რომ ჭირთა თქმითაც არაფერი ეშველა დალახვრულს:

„ვეშურვ რაყიფს მისს სიახლეს ვინც არსა…

გლახ მოწყლულ მაქვს გული წყვდიადსა ბმითა!

ერთი იგი ვნახე ლახვარჭურვილი,

მიჯნურთ გულთ მოსრვისა აქვნდა სურვილი.

მეც მხვდა მისგან წყლული, მექმნა ურვილი”…

ლექსში „ეღების კარი გაზაფხულისა“ სატრფო ვარდია, რომელსაც გული უნდა უძღვნას მიჯნურმა და მხოლოდ თავისუფალ სულებს შეუძლიათ დააგემოვნონ მისი სიყვარული: „ვისაც ხელთ გქონდესთ ნება გულისა, იგემეთ სიტკბო სიყვარულისა!“.

ასევე ვარდის სახით არის გაცოცხლებული სატრფო ლექსში „ვარდო კოკობო“. ის წალკოტში ცხოვრობს (წალკოტად წარმოიდგენს თამარის დროინდელ საქართველოს გრიგოლ ორბელიანიც ლექსში „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ და თამარს ასე მიმართავს: „ყვავილოვანი წალკოტი შენი, შენის დიდების სხივმოკლებული“…) და სატრფოს მოლოდინშია. ის კი უგულო და უყურადღებოა, მიჯნურისა არაფერი ესმის და ეს უკანასკნელიც თავს მის მსხვერპლად თვლის:

„წალკოტის კარსა, ძნელ საკარსა შენსა მლოდესა –

ცუდ მექმნა რეკა, ოხვრათ ჭექა მუნა მჯდომელსა;

ღამე მითენდა, განმიდღევდა სულ-სახდომელსა,

არ გამომხედე მე სიცოცხლე-დაუყოვნელსა.

ამად ვიტყოდი ცრემლთა ფრქვევით მიჯნურის თქმულსა:

გრძნობათა ჩემთა საკამათოვ, ვაჰ, შენგან კლულსა!“.

ხანაც სატრფო გავსილი მთვარეა. ეს მხატვრული სახე ხშირად გვხვდება „ვეფხისტყაოსანშიც“ („რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა“ – ნესტან-დარეჯანი). ლექსში „ვამე, შორს მყოფსა“ პოეტი სატრფოს ასე მიმართავს: „როს გჭვრეტდი გავსილს მთვარეს, არ ვგრძნობდი ჭმუნვას მწარეს, აწ ბედმან ამა მხარეს გარდმაგდო, მით ვარ თმენად“.

ლექსში „მე შენ არ გეტყვი“ პოეტი სატრფოს თავის ერთგულებას უმტკიცებს და ცარიელი სიტყვების რახარუხს სიყვარულად არ მიიჩნევს: „ასეთი გეტყვის: გეტრფი, რომ ტრფობა არ იცოდეს, სხვამ ნუ თუ ვერ გრქვას: გეტრფი, და გულში კი იწოდეს. ნუ ელი, მეც გრქვა: გეტრფი! დუმილს ვრაცხ უმჯობესად, მარამ მერწმუნე, გეტრფი საზომის უაღრესად!ლექსში „მიველ წალკოტს სანუგეშოთ“ ფერმიხდილი სატრფო იის სახით ცოცხლდება. მას არ შესწევს ძალა, რომ ანუგეშოს გამიჯნურებული პოეტის ორეული. ფერმიხდილობა ხომ არისტოკრატიზმისა და უზენაესი მშვენიერების მახასიათებელია „ვეფხისტყაოსანში“. გავიხსენოთ, როგორ აცნობს საკუთარ თავს ავთანდილს ტარიელი (იმოწმებს ასმათს): „ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერმიხდილისა, მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა“… ასეთი ფერმიხდილია ალ.ჭავჭავაძის სატრფო, რომელიც ცრემლებისთვის წირავს მიჯნურს, რადგან „თურმე სოფელი ესია“:  „მიველ წალკოტს სანუგეშოთ, გლახ ჩემს გულს სევდა ესია!

ვნახე სატრფო ფერმიხდილი, მითხრეს, შენია ეს ია.

უძღვენ საუნჯე ურიცხვი, აღთქმით მივეცი ეს სია,

მაგრამ დამაგდო მტირალი, თურმე სოფელი ესია!“.

ალექსანდრე ჭავჭავაძის ორეულად მოვლენილი ლირიკული გმირი, რომელიც სატრფოს აღმერთებს, ვნებიანი მიჯნურია, საშინლად არის მონატრებული მის ხილვას. განშორება მას ტანჯავს და საალერსო სიტყვებს ათქმევინებს: „ლულვილთა თვალთა განახვემდა დანახვა შენი.

მის გამო მაქვნდა სიხარული აღმონაცენი;

გულსა მომთენდა სხივმრავალსა დღის განმათენი,

სულს მიახლებდა სახე შენი ტრფობის მაჩვენი,

აწ უბედურსა დამშთომიეს ხილვის წყურვანი.

ბედმან გაგვყარნა, შემომყარნა ამად ურვანი!“

(ოჰ, საყვარელო“…)

გარდა ვარდისა და იისა, სატრფო ზოგჯერ სუმბულად გარდაისახება ხოლმე. ლექსში „ღიმილმან კარი ლალისა“ პოეტი გვიმხელს: „ნიავთ მობერვით შეძრულმან სუნი მაყნოსა სუმბულმან, დღეს ამით განიშვა გულმან, ხვალემ იზრუნოს ხვალისა”… ამ წამიერი ნეტარებითაც ლირიკული გმირი უბედნიერესია. ალ. ჭავჭავაძის მეტაფორულ-ალეგორიული მხატვრული სახე სუმბულისა დიდად ენათესავება ნიკოლოზ ბარათაშვილის შედევრ – „სუმბული და მწირის“ ლირიკულ გმირს. ბარათაშვილი აქ სუმბულისა და მწირის (ცხადია, რომ მწირი პოეტის ალტერ ეგოდ უნდა მოვიაზროთ) ლირიკულ დიალოგს გვთავაზობს. სუმბული ოქრო-ვერცხლით შემკულ სადგურში, დაცულ სივრცეში დაუბინავებიათ, მაგრამ ის მაინც უბედურია, რადგან „ხშული ჰაერი“ სასიცოცხლო ძალებს აცლის. უდავოა, რომ სუმბული ალეგორიული სახეა რუსეთის მფარველობაში შესული, თავისუფლებაწართმეული საქართველოსი. როცა მწირი მას მოაგონებს მკაცრ ზამთარს (ალეგორია იმ ისტორიული კატაკლიზმებისა, რომლებიც ქვეყანამ გამოიარა), სუმბული მახვილგონივრულად პასუხობს: „ზამთრით ბუნება არა კვდება, — სევდით იმოსვის“…გუშაგის მხატვრული სახე უთუოდ ალეგორიულია და მტრის, დამპყრობლის, იმპერიის ხატს მოიაზრებს. ლექსში „ვისაც გსურთ“ პოეტი ამბობს: „გუშაგნი ბევრნი თვითოსა მცველად გვყვან ნების წარმტაცველად, ხვალ სხვანი მოვლენ მათს გამომცვლელად, გველივე შთება გველად“… გუშაგი არის საძულველი არსება, რომელიც თავისუფლებას ართმევს ლირიკულ გმირს, მას მახრჩობელა გველის ბუნება აქვს და მოუშორებელი ჭირია. იმპერია როტაციის პრინციპით ერთ გველს მეორით ანაცვლებს, გველის არსსა და ბუნებას კი რა შეცვლის? ასეთივე შემაწუხებელია გუშაგი გრიგოლ ორბელიანის სატრფოს დამკარგავი ლირიკული გმირისთვის („საღამო გამოსალმებისა“). სატრფოს სამუდამოდ დაკარგვით სასოწარკვეთილ პოეტს, რომელიც მარტო ზის ჭმუნვით, აუტანელ ტკივილს აყენებს უკაცრიელ არემარეში გუშაგის ხმის გაგონება: „დაყრუვდა არე… მხოლოდა ხმა ისმის ზოგჯერ გუშაგის“. გუშაგი უთუოდ ის არის, ვისზეც პოეტი ლექსში „ჰე, ივერიავ!“ ასევე დიდი იმედგაცრუებით წერდა: „შორით მოსული ჩემს მამულში მყვედრის ცხოვრებას, მოყვრულად გვმტერობს, გვტაცებს ყოველს, გვიქმს ალერსობას“… დაახლოებით ასეთივე განწყობა და იდეები გამოთქვა ალექსანდრე ჭავჭავაძემ ლექსში „ჰე, საქართველო“ (ყურადღება მიაქციეთ სათაურების ანალოგიას):

„ქართლისთვის მეფე ირაკლის სისხლი მრავალჯერ ნთხეულა,

ვერ შეჰკრა მისი კარიბჭე, მზრუნველი დარჩა ეულად,

როსნი მოიხმო საშველად მან, იმედგადალეულმა.

მათ, ნაცვლად ძმობის, ერთობის, დაგვტოვა დანასხეულად

მახვილღებულად მოვიდა, მზაკვრულად მიგვცა გვემასა,

ყელსა შეგვაბა სარაზი, მიმოძგონარედ მთვლემარსა…

მზაკვარს ხრმლით გავუსწორდებით, ქართლს მივცემთ შვება-ლხენასა“.

ასეთმა ლექსებმა, სადაც სათქმელი გამხელილია შეუფარავად, ალეგორიების გარეშე, დღის სინათლე იხილეს მოგვიანებით, ავტორების სიკვდილისა ან მმართველობის ცვლილების შემდეგ. ლექსში „ვარდის გაყრილსა“ ჩვენი მგოსანი ვარდს (სატრფო-სამშობლოს) გუშაგთან დაკავშირებით ასე აიმედებს: „ვინცა გგუშაგობს, ცუდ მუშაკობს მცდარი ყოვლ სახედ, სწყმდეს ეჭვი ფრთხილი, მითც სურვილი ჰსძლევს ცდა მრავლებით ვარდის გაყრილსა სულ მიხდილსა ჭმუნვა მწარებით”…დაუჯერებელიც კია, რასაც რუსეთის არმიის ძლევამოსილი გენერალი, თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე, იმპერატრიცას ნათლული, ამბოხებისთვის დასჯილ-შეწყალებული რუსეთის იმპერიული ბუნების გარშემო გვიზიარებს ლექსში „ისმინეთ, მსმენნო“: „წყეულ არს ის დრო, როს სამკვიდრო დავკარგეთ კრულნი!

უწყით ყოველთა მახლობელთა მამულნი მათნი;

ურიცხვნი ტყენი, ბალახ ბევრნი, მრავლ ათასათნი,

მუნა მყოფელნი, ყოვლ-მშფოთველნი, სიტყვა ლაქათნი,

ცხოვრება ცუდნი, გულით მრუდნი, პირ-ბნელნი სათნი,

აქვსთ ყოვლთვის ხელად სჯულად ძველად საფრხე, საცთურნი…

ქაჯთ ყოფა-ქცევა, ჭამა, სმევა აქვსთ არეულად,

დიდნი, მცირენი, გინა ერნი ხელ-ჰყოფენ მგლურად;

ბატონ-ყმობანი, განრჩევანი არა აქვსთ სრულად;

მოყვარეთ ტკბილთა, ხან-დაზმილთა გულთა ჰსწყვლენ მტრულად,

კაცთა მკილავნი, ლიზღნი, ავნი, ეშმაკთ სადგურნი, –

გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან აწ გვაგო შურნი!..

ვინც ჰხვდა მათ მახეს, ჭირთა სახეს, არა აქვს შვება,

მათზედ კეთილი, ვითა შლილი დაიცარება”…

ამაზე მწვავე და კრიტიკული რუსი დამპყრობლების იმპერიული ბუნების შესახებ სხვა რა უნდა ეთქვა მწერალს? ის მათ ქაჯებად წარმოიდგენს, მათი ბუნება საზარელი და საშიშია. გუშაგის სახით მოდის თუ რაყიფისა, მტერი დაუნდობელია და პოეტის სულს აწამებს ის რეალობა, რომ მისი პატარა, უღონო სამშობლო უძლურია, ვერ უმკლავდება ჩასაყლაპავად მოსულ დუშმანს. რომანტიკოსმა პოეტმა იმდენად ემოციურად, გამომსახველად და უმდიდრესი ტროპული ხერხებით დახატა სატრფო-სამშობლოსა და გუშაგი-მტრის მხატვრული სახეები, რომ მათი დავიწყება შეუძლებელია და თანამედროვე ქართველებსაც გვასწავლის ეროვნულ სატკივარზე ფიქრს.

 

 

 

 

 

 

 

ყრუუსინათლობა — რა უნდა ვიცოდეთ მშობლებმა და მასწავლებლებმა?[1]

0

ნაწილი I

ყოველი წლის ივნისის თვეში მსოფლიო ჰელენ კელერის კვირეულს აღნიშნავს, იხსენებს ადამიანს, რომელსაც, სმენისა და მხედველობის სენსორების უფუნქციობის მიუხედავად, ძალისხმევა არ დაუკლია, ეშრომა, ესწავლა, წარმატებისთვის მიეღწია და მსოფლიოში ათასობით ყრუ-უსინათლო ადამიანისთვის კარგი მაგალითი მიეცა. პატარა ამერიკელი ჰელენის — ერთ დროს ამ უიმედო მდგომარეობისა და ენითაუწერელი სირთულეების მქონე გოგონას გარდასახვა წარმატებულ საზოგადო მოღვაწედ უმთავრესად იყო ოჯახის, პედაგოგიკისა და მისი გარემომცველი საზოგადოების დამსახურება, რომელსაც აღმოაჩნდა სათანადო მზაობა ყრუ-უსინათლო ადამიანების შესახებ ინფორმირებულობის, მხარდაჭერისა თუ დაფასებისთვის.

უნდა ითქვას, ჩვენში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. არსებობს მთელი რიგი საკითხებისა, რომელთა შესახებ ცოდნის გაღრმავება მნიშვნელოვანია არამხოლოდ რიგითი მოქალაქეების, არამედ გადაწყვეტილების მიმღები პირებისა თუ განათლებაში ჩართული ადამიანების მხრიდან.

 

 რა უნდა ვიცოდეთ — რა არის ყრუუსინათლობა?

ყრუუსინათლობა სმენისა და მხედველობის დაქვეითების კომბინაციაა, რომელსაც ორმაგი სენსორული დარღვევის ტერმინითაც მოიხსენებენ. ყრუ-უსინათლოა პირი, რომელსაც ერთდროულად აქვს დაზიანებული სმენა და მხედველობა. მდგომარეობა უნიკალურია ყოველი ცალკეული ინდივიდისთვის და სხვადასხვა ხარისხის გავლენას ახდენს ინფორმაციის მისაწვდომობაზე, კომუნიკაციასა და გადაადგილებაზე.

გარდა ამისა, ყრუუსინათლობა განსხვავდება მხოლოდ სიყრუის ან მხოლოდ უსინათლობისგან. როცა ინდივიდს ერთ-ერთი შეგრძნება აქვს დაზიანებული, კომპენსირება შეუძლია სხვა შეგრძნებით. მაგ., მხედველობის სირთულის მქონე ადამიანი გარშემომყოფი სინამდვილიდან ინფორმაციას იღებს სმენით და, პირიქით, სმენის დაზიანების მქონე ადამიანს ინფორმაციის მიღება მხედველობით შეუძლია. ყრუუსინათლობის შემთხვევაში, როცა ორივე შეგრძნების ორგანო დაზიანებულია, მათი მეშვეობით კომპენსირება გართულებული ან შეუძლებელია. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტორები აუცილებლად გასათვალისწინებელია მდგომარეობის მართვისა თუ ყრუ-უსინათლო პირების მხარდაჭერისას.

ყრუუსინათლობის გამოვლინება სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია სმენისა და მხედველობის დაქვეითების ხარისხზე. იშვიათად გვხვდება ტოტალური ყრუუსინათლობის შემთხვევები. მოსახლეობის უმრავლესობას აქვს გარკვეული ხარისხის ნარჩენი სმენა ან/და მხედველობა, თუმცა, ყველა შემთხვევაში, ორივე შეგრძნება იმდენად არის დაზიანებული, რომ მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნის ყოველდღიურ საქმიანობაში. სმენისა და მხედველობის დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, ყრუ-უსინათლო პირები ოთხ ძირითად კატეგორიაში ნაწილდებიან:

  • ერთდროულად ყრუ და უსინათლო პირები,
  • ერთდროულად სმენადაქვეითებული და უსინათლო პირები,
  • ერთდროულად ყრუ და მცირემხედველი პირები,
  • ერთდროულად სმენადაქვეითებული და მცირემხედველი პირები.

ყრუ-უსინათლო პირთა მრავალგვარობა ასევე დამოკიდებულია ყრუუსინათლობის გამოვლენის დროზე, რომლის მიხედვითაც, გამოიყოფა ოთხი ჯგუფი, მათ შორისაა:

  1. პირები, რომლებიც დაბადებიდან ყრუ-უსინათლოები არიან ან აღნიშნული მდგომარეობა ენა-მეტყველების განვითარებამდე შეიძინეს. ამ ჯგუფში შემავალ პირებს თანდაყოლილი ყრუუსინათლობის მქონე პირებად მოიხსენებენ.
  2. პირები, რომლებიც მოგვიანებით გახდნენ ყრუ-უსინათლოები. ამ ჯგუფში შემავალ პირებს შეძენილი ყრუუსინათლობის მქონე პირებად მოიხსენებენ.
  3. თანდაყოლილი სიყრუის ან სმენის დაქვეითების მქონე პირები, რომლებმაც მოგვიანებით დაკარგეს მხედველობა. ამ ადამიანებს, როგორც წესი, განვითარებული აქვთ ორალური (ბაგეებიდან ამოკითხვა) ან ჟესტური ენა. მხედველობის დაკარგვა მათთვის კომუნიკაციის გართულებასთანაა დაკავშირებული, ამიტომ, სასურველია, სწრაფად ჩაერთოს ტაქტილური კომუნიკაციის სწავლება.
  4. თანდაყოლილი უსინათლობის მქონე ან მცირემხედველი პირები, რომელთაც მოგვიანებით დაკარგეს სმენა. ამ ადამიანებს, როგორც წესი, კარგად აქვთ განვითარებული ენა და ზეპირი მეტყველება. სმენის დაზიანება მათ დიდ სირთულეებს უქმნის ინფორმაციაზე მისაწვდომობისა და კომუნიკაციის კუთხით.

ყრუუსინათლობის მიზეზები

 

ყრუუსინათლობის არაერთი მიზეზი არსებობს. ზოგი ადამიანი იბადება ამ მდგომარეობით. მათ ყრუუსინათლობა ენის ათვისებამდე უვითარდებათ. თანდაყოლილი ყრუუსინათლობის ზოგიერთ შემთხვევაში მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი უცნობია. სხვებს ყრუუსინათლობა ასაკით გამოწვეული ცვლილებების, ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის შედეგად უვითარდებათ. ყრუ-უსინათლო პირთა საერთო პოპულაციის უმეტეს ნაწილს ასაკობრივი ყრუუსინათლობის მქონე ადამიანები შეადგენენ.

 

ყრუუსინათლობასთან დაკავშირებული ძირითადი სინდრომები

CHARGE-ის სინდრომი

CHARGE-ის სინდრომი ყრუუსინათლობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ეს არის გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც სმენისა და მხედველობის დაზიანებასთან ერთად იწვევს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. სახელწოდება CHARGE სინდრომთან დაკავშირებული მდგომარეობების აბრევიატურას წარმოადგენს, რომელიც შემდეგნაირად იშიფრება:

C (Coloboma) კოლობომა – თვალის თანდაყოლილი ან შეძენილი დაზიანება, რომელიც იწვევს ამ ორგანოს სხვადასხვა ანომალიას;

H (Heart Defects) – გულის დაავადებები;

A (Artesia of the Coanae) – საყლაპავის ატრეზია;

R (R=Retardation of Growth and/or Development) – ზრდის და/ან განვითარების შეფერხება;

G (Genital and/or Urinary Abnormalities) – შარდ-სასქესო სისტემის ანომალიები;

E (Ear Abnormalities and Hearing Loss/Deafness) – ყურის ანომალიები და სმენის დაქვეითება/სიყრუე.

CHARGE-ის სინდრომით დაბადებულ ბევრ ბავშვს აქვს სიცოცხლისთვის საშიში ჯანმრთელობის პრობლემები. ისინი თვეების განმავლობაში რჩებიან საავადმყოფოში, უტარდებათ ქირურგიული ოპერაციები და სხვა ტიპის მკურნალობა. ამ სინდრომის მქონე ბავშვების დაახლოებით 90%-ს აქვს მხედველობის, სმენისა და წონასწორობის პრობლემები. ხშირად, ჯანმრთელობის სხვა, უფრო სერიოზული პრობლემების გამო, გვიანდება მათი სმენისა და მხედველობის მდგომარეობის გამოვლენა და მათი მართვა.

ამ სინდრომის მქონე ბავშვებში მხედველობის დაქვეითების ხარისხი დამოკიდებულია კოლობომის ზომაზე და ადგილმდებარეობაზე. კოლობომის მქონე ბავშვები ბადურის ჩამოშლის რისკის ქვეშ არიან.

სმენის თვალსაზრისით, აღინიშნება შუა ყურის ძვლებისა და შიდა ყურის ლოკოკინას ანომალიები, პატარაა ან არ არსებობს ნახევრადრკალოვანი არხები. ანომალიების ხარისხის გათვალისწინებით, სმენის დაზიანების ხარისხი განსხვავებულია სინდრომის მქონე ბავშვებში.

აშერის (უშერის) სინდრომი

აშერის (უშერის) სინდრომი, რომელიც აზიანებს სმენასა და ჯანმრთელობას, ყრუუსინათლობის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი გენეტიკური მდგომარეობაა. მხედველობის დაზიანება დაკავშირებულია პიგმენტურ რეტინიტთან – ნელა პროგრესირებადი, ბილატერალური ბადურის და პიგმენტური შრის ორმხრივი დეგენერაცია, რაც იწვევს ღამით ხედვის დაქვეითებას (ე.წ. ქათმის სიბრმავე) და მხედველობის პერიფერიულ არის თანდათანობით შემცირებას (ე.წ. გვირაბის მხედველობა). სმენის დაზიანების ხარისხი განსხვავებულია და დამოკიდებულია სინდრომის ტიპზე.

აშერის (უშერის) სინდრომის სამი ძირითადი ტიპი არსებობს:

I ტიპის აშერის (უშერის) სინდრომი – ადამიანი დაბადებულია სრული სიყრუით, აქვს პიგმენტური რეტინიტი და წონასწორობის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები. ღამით ხედვის პრობლემები ადრეულ ბავშვობაში, ჩვეულებრივ, 10 წლის ასაკიდან იწყება და ადრეული ზრდასრულობისთვის დგება სრული უსინათლობა.

I I ტიპის აშერის (უშერის) სინდრომიადამიანს აქვს საშუალო ან მძიმე ხარისხის თანდაყოლილი სმენის დაქვეითება, პიგმენტური რეტინიტი და არ აქვს გამოწვევები წონასწორობის დაცვასთან დაკავშირებით. ღამით ხედვის გაუარესება გვიანი ბავშვობისას იწყება და ადრეული ზრდასრულობისთვის დგება სრული უსინათლობა.

III ტიპის აშერის (უშერის) სინდრომიადამიანი იბადება ნორმალური სმენით და თანდათანობით უქვეითდება შეგრძნება ბავშვობის ან ადრეული მოზარდობის პერიოდში. აქვს პიგმენტური რეტინიტი. წონასწორობის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები დასაწყისში არ აღენიშნება, თუმცა ჩნდება ასაკის მატებასთან ერთად. მხედველობასთან დაკავშირებული სირთულეები ხარისხის მიხედვით განსხვავებულია ცალკეულ შემთხვევებში. ღამით ხედვის გაძნელება, ჩვეულებრივ, იწყება ადრეული მოზარდობის პერიოდში.

დაუნის სინდრომი

დაუნის სინდრომი ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომელსაც ახლავს ტიპური ფიზიკური მახასიათებლები და შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ასევე სმენისა და მხედველობის სირთულეებთან.

დაუნის სინდრომის მქონე 60%-ზე მეტ ადამიანს აქვს მხედველობასთან დაკავშირებული სირთულეები მათ შორის, სიელმე, შორსმხედველობა და ახლომხედველობა, ნისტაგმი, კონიუქტივიტი, კატარაქტა და ა.შ. ხშირად, სათვალეს, ქირურგიული ჩარევასა და მედიკამენტურ მკურნალობას დაუნის სინდრომის მქონე პირების მხედველობის გაუმჯობესება შეუძლია.

არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირების 60%-80%-ს აქვს სმენის სხვადასხვა ხარისხის დაქვეითება. სმენის დაზიანება, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, გამოწვეული იყოს შუა ყურის სითხით ან/და სმენის ნერვის დაზიანებით.

ვოლფრამის სინდრომი

ვოლფრამის სინდრომი ყრუუსინათლობის გამომწვევი იშვიათი გენეტიკური მდგომარეობაა. ასევე ცნობილია სახელით DIDMOAD, რომელიც სინდრომთან დაკავშირებული მდგომარეობების აკრონიმს წარმოადგენს, მათ შორისაა:

ფარგლებში

Diabetes Mellitus – შაქრიანი დიაბეტი,

Optic Atrophy – მხედველობის ნერვის ატროფია და

Deafness – სიყრუე.

ვოლფრამის სინდრომის მქონე ბავშვებში, როგორც წესი, 5-დან 16 წლამდე ასაკში ვითარდება ინსულინზე დამოკიდებული დიაბეტი. მათ უმრავლესობაში მოგვიანებით ჩნდება მხედველობის ნერვის ატროფია, რაც იწვევს მხედველობის თანდათანობით დაქვეითებას და საბოლოოდ უსინათლობას. შემთხვევათა ნახევარში თავს იჩენს სმენის სენსონევრალური დაქვეითება და უშაქრო დიაბეტი. სინდრომმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ფსიქოლოგიური და ქცევითი პრობლემები, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა, პრობლემები წონასწორობის დაცვასთან დაკავშირებით, კუნთების სპაზმები, შარდ-სასქესო და მომნელებელი ორგანოების პრობლემები და სუნთქვის დარღვევა.

 

სტატიის მომდევნო ნაწილებში ვისაუბრებთ ყრუ-უსინათლო პირების ფუნქციონირებისა და მათი სწავლის საკითხებთან დაკავშირებით.

 

[1] სტატია მომზადდა პოლონელ ექსპერტებთან და მათ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ცოდნის კვალობაზე. წყარო: https://deafblind.ge/resources-geo/publications-geo/

 

 

სევდის მწერალი

0

რევაზ ინანიშვილი იმ მცირერიცხოვან ქართველ მწერლებს მიეკუთვნება, რომელთა მნიშვნელობაზე სრული ეროვნული კონსენსუსია მიღწეული. მე არ ვიცნობ ადამიანს, წიგნის მკითხველს, ვისაც ინანიშვილის შემოქმედება არ უყვარს. მისის მოთხრობები ბავშვობიდან იჭრებიან ჩვენში და ჩვენს კოგნიტიურ და სენსუალურ შრეებში ილექებიან სამუდამოდ. მის ტექსტებზე თაობები გაიზარდა და ეს მის სიცოცხლეშივე მოხდა. მართალია, გაგანია სამოქალაქო ომის დროს გარდაიცვალა და მისი დაკრძალვა ისეთი არ ყოფილა, როგორიც ეკადრებოდა, მაგრამ სიცოცხლეში მკითხველის სიყვარული არ მოჰკლებია. ყველა თაობის საყვარელი მწერალი იყო. ის დიდუბის პანთეონში განისვენებს. არა მგონია, მას ამაზე დიდად ედარდა, მაგრამ ყოვლად გაუგებარია, როგორ ხდებოდა მაშინ, ან დღეს როგორ ხდება “სამთაწმინდე” და “სადიდუბე” პროზაიკოსების და პოეტების სელექცია, და რატომ არაა რეზო ინანიშვილი დაკრძალული მთაწმინდაზე. არადა, მისი შემოქმედების ყველა მახასიათებლის და ქართველი მკითხველის უსაზღვრო სიყვარულის გათვალისწინებით, მისი ადგილი სწორედ იქაა.

“სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.” – გოდერძი ჩოხელის ეს აფორისტული ფორმულა ყველაზე მეტად რეზო ინანიშვილის შემოქმედებას მიესადაგება. ის სევდის მწერალია, მაგრამ ეს სევდა ფლუსტრირებისკენ კი არ უბიძგებს მკითხველს, პირიქით – სტიმულატორია ონტოლოგიური და ეგზისტენციალური რეფლექსიებისთვის. რეზო ინანიშვილის შემოქმედების შემთხვევაში აბსოლუტურად რელევანტური ხდება ლიტერატურისადმი მისადაგებული, ერთი შეხედვით საეჭვო, იმპერატივი, რომ ლიტერატურამ მკითხველი უკეთესი უნდა გახადოს. ინანიშვილის ტექსტებს მართლა შესწევთ კათარსისის უნარი და ეს უნარი მრავალჯერადია – რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო ერთი და იგივე ტექსტი, ყოველ ჯერზე უკეთეს ადამიანად ქცევის სასიამოვნო განცდა გეუფლება. “რევაზ ინანიშვილს საერთოდ ახასიათებს რაღაც დიდი ინტუიციური მიგნება და ხედვა ადამიანის ბუნების კეთილი საწყისებისა, იგი ახერხებს სულ უბრალოდ მოქმედებაში, უფრო ხშირად კი უამისოდაც, გმირის მხოლოდ სულის სიღრმეებში ჩახედვით დიდი და სუფთა ადამიანური გრძნობების თანაზიარი გახადოს მკითხველი და იგი ღრმა კეთილშობილებით, სიყვარულის წრფელი გრძნობით აავსოს.” – წერდა 1962 წელს კრიტიკოსი გურამ გვერდწითელი.

” ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ან ცხოველი ილოკავს ჭრილობას, უკვე ადამიანი ხარ…” – ამბობს ინანიშვილი ერთგან. ეს პასაჟი, გარდა იმისა, რომ ჰუმანურობის ყველაზე ზუსტი ინდიკატორია, ინანიშვილის მრავალმხრივი შემოქმედების თეზისიცაა, ამ სიტყვებშია აკუმულირებული მისი ტექსტების დედააზრი.

მის მოთხრობებში, ნოველებში და მინიატიურებში იმდენი პოეზიაა, რამდენიც, შეიძლება ითქვას, ერთად აღებულ ქართულ პროზაში არ ყოფილა არასდროს. ზოგიერთ მის მინიატიურას თავისუფალი ლექსის გრაფიკა რომ მივცეთ, რიტმული ვალდებულებებისგან თავისუფალ ვერლიბრს მივიღებთ, აზრის დინამიკით და წამლეკავი ექსპრესიით. მას დაახლოებით ასეთი რამე აქვს ნათქვამი: რომანისტებს რა უჭირთ, ყოველ დილით ადგებიან და შეწყვეტილი ადგილიდან გააგრძელებენ წერას, აბა, ჩვენ, ნოველისტებმა ვიკითხოთ, მუდამ თემის ძიება რომ გვიწევსო. ეს გულწრფელი ნათქვამი ნამდვილად ჰგავს პოეტების “ნადირობას” ლექსის თემებზე. ამიტომ იყო, რომ ის ბევრს დადიოდა, ყოველთვის თემაზე “ნადირობდა”.

რევაზ ინანიშვილი ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში გამოჩნდა ქართულ ლიტერატურაში. მის შემოქმედებას ქრონოლოგიურად რომ გადავავლოთ თვალი, ფილიაციის და ტრანსფორმაციის კვალსაც ვერ ვიპოვით, რადგან ის გამოჩენისთანავე შემდგარი მწერალი – რევაზ ინანიშვილი იყო, შემდეგ კი, სიცოცხლის ბოლომდე, საკუთარი თავისთვის არ უღალატია. ორმოცდაათიანი წლების ქართულ მცირე პროზაში ორი ხაზი გამოიკვეთა: რეზო ინანიშვილისეული – პოეტური, და გურამ რჩეულიშვილისეული – მეამბოხე-დევიანტური. მათი თაობის ყველა სხვა მწერალთან შედარებით, ყველაზე მეტი მიმბაძველი თუ შემოქმედებითად ამთვისებელი სწორედ ამ ორ მწერალს ჰყავს დღემდე.

მე მსმენია შეხედულება, რომ რეზო ინანიშვილი მართალია, კარგი მწერალია, მაგრამ მაინც ლოკალური მასშტაბისაა. ჯერ ერთი, ინანიშვილი კარგი კი არა, დიდი მწერალია და მეორეც: რა თქმა უნდა, მისეული საფირმო ენის და დიალექტიზმებით ნასაზრდოები ენობრივი მოდულაციების სხვა ენაზე გადატანა შეუძლებელია, მაგრამ მისი “სევდიანი ჰუმანიზმი” და მიგნებული თემების დამუშავების ოკაზიონური ტექნიკა, რომელიც მას მსოფლიო კლასიკოსების გვერდით აყენებს, ინტერნაციონალური და ინტერლინგვისტურია.

და მაინც: “ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?”

მეტაკოგნიცია და ფუნქციურ-კომპონენტური უნარები

0

 რას ნიშნავს მეტაკოგნიცია?

მეტაკოგნიცია არის აზროვნება აზროვნების შესახებ. ეს არის ცოდნა საკუთარი კოგნიტიური სისტემისა და მისი ფუნქციონირების შესახებ და მისი კონტროლის უნარი.

მეტაკოგნიციის დროს ხდება იმის შემეცნება, თუ რა ვიცით; იმის გაცნობიერება, თუ რას ვაკეთებთ ან როგორია ჩვენი მიმდინარე კოგნიტიური და ემოციური მდგომარეობა.

როდესაც მეტაკოგნიცია ეხება საკუთარი სწავლის პროცესების გაცნობიერებას, ეს არის სწავლის სწავლა – ადამიანის მიერ საკუთარი სწავლის მართვა, რომელიც მოიცავს სწავლის დაგეგმვას, შეფასებასა და მუდმივ მონიტორინგს.

მეტაკოგნიცია მნიშვნელოვანია ყველა კოგნიტიური პროცესისთვის, ის საშუალებას გვაძლევს მიზნისკენ მივმართოთ ჩვენი კოგნიტიური ძალისხმევა. იყო მეტაკოგნიტიური, ნიშნავს, იცოდე ის, თუ როდის გამოიყენო კომპონენტური უნარები, როგორ დაუკავშირო ისინი საგნობრივი საკითხის ცოდნას და რატომ გამოიყენო ისინი.

როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა ფუნქციურ-კომპონენტური უნარების განვითარებას?

ეროვნული სასწავლო გეგმა გამოკვეთს ექვს ფუნქციურ უნარს და მასთან დაკავშირებულ კოგნიტიურ ოპერაციებს (კომპონენტებს) რომელთა გარეშე წარმოუდგენელია გრძელვადიან სამიზნე ცნებებზე მუშაობა. ეს უნარებია:

  1. კრიტიკული აზროვნება
  2. შემოქმედებითობა
  3. კომუნიკაცია
  4. თანამშრომლობა
  5. მოქალაქეობა
  6. ხასიათი ნებისყოფა/ნებელობა (ფუნქციურ-კომპონენტური უნარი).

კომპონენტური უნარების ინტეგრირება რეგულარულ კურიკულუმში ეხმარება მოსწავლეებს, უფრო ღრმად გაიგონ საკითხი, რომელსაც სწავლობენ.

კომპლექსური დავალების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საკვანძო შეკითხვის დასმას. ამ ტიპის კითხვები აზუსტებს, თუ რას შეიმეცნებს მოსწავლე და როგორ შეძლებს დასახული ამოცანის განხორციელებას. ფაქტობრივად, სწორად დასმული კითხვების საფუძველზე მოსწავლე ქმნის საბოლოო პროდუქტს.

კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ფუნქციურ-კომპონენტური უნარების განვითარებას.

ვნახოთ, როგორ არის დაკავშირებული ფუნქციური უნარები კოგნიტიურ ოპერაციებთან:

  1. ფუნქციური უნარი – კრიტიკული აზროვნება მოიცავს შემდეგ ქვეუნარებს და დაკავშირებულია კოგნიტიურ ოპერაციებთან:
  • დაკვირვება – გახსენება, ამოცნობა
  • კანონზომიერების აღმოჩენა და განზოგადება – შედარება და დაპირისპირება (კონტრასტი) კლასიფიცირება, რელევანტური და არარელევანტური ინფორმაციის იდენტიფიცირება
  • დასკვნების ჩამოყალიბება კანონზომიერებების საფუძველზე – პირველადი დასკვნა, ვარაუდის გამოთქმა
  • დასკვნების შეფასება დაკვირვების საფუძველზე – თანმიმდევრულობის შემოწმება, ტენდენციურობის, სტერეოტიპების, კლიშეებისა და პროპაგანდის იდენტიფიცირება, უსაფუძვლო დაშვებების იდენტიფიცირება, გადამეტებული განზოგადების ან მცირედ განზოგადების ამოცნობა, დასკვნების ფაქტებით დადასტურება.

 

  1. ფუნქციური უნარი – შემოქმედებითობა მოიცავს შემდეგ ქვეუნარებს და დაკავშირებულია კოგნიტიურ ოპერაციებთან:
  • თავისუფლად აზროვნება – კითხვების დასმა იდეების გენერირება; პრობლემის გადაჭრის გზების დასახელება; ალტერნატიული პასუხების ძიება და პრობლემის გადაჭრის გზების შემოთავაზება.
  • ფლექსიურობა – პრობლემის დანახვა და შეფასება სხვადასხვა პერსპექტივიდან მიდგომების მრავალფეროვნება.
  • ორიგინალობა – უნიკალური და ახალი იდეის გენერირება, სხვადასხვა ელემენტისგან უნიკალური კომბინაციების შექმნა.
  • დეტალებზე ყურადღების გამახვილება – იდეების განვითარება და გამდიდრება დეტალიზაციის ხარჯზე.

 

  1. ფუნქციური უნარი – კომუნიკაცია მოიცავს შემდეგ ქვეუნარებს და დაკავშირებულია კოგნიტიურ ოპერაციებთან:
  • ინფორმაციის ნათლად და შინაარსიანად გამოხატვამიზნობრიობა (ინფორმირება, ინსტრუქტირება, მოტივირება, დარწმუნება) მეტყველების ტიპის შერჩევა – აღწერა, თხრობა, მსჯელობა, აქტიური მოსმენა, დიალოგში გაყოლა, სათანადო ფუნქციური სამეტყველო ქმედების გამოყენება, არავერბალური სიგნალები (სხეულის ენა, მიმიკა, ჟესტიკულაცია და ა.შ.)
  • თავდაჯერებულობაღიაობა კეთილგანწყობა
  • ემპათია – (სხვისი თვალით დანახვა) თვითრეფლექსია/უკუკავშირი ურთიერთობის მონიტორინგი
  • აღიარება – თანასწორობა, პასუხისმგებლობა, ტოლერანტობა (განსხვავებულის მიმღებლობა) ორიენტაცია პრობლემაზე და არა კომუნიკაციაში ჩართულ სუბიექტზე.

 

  1. ფუნქციური უნარი – თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ ქვეუნარებს და დაკავშირებულია კოგნიტიურ ოპერაციებთან:
  • ერთად მუშაობა – პირისპირ და ტექნოლოგიების გამოყენებით იდეებისა და რესურსების გაზიარების გზით
  • საერთო პასუხისმგებლობა – საერთო მიზანი ანგარიშვალდებულება შედეგთან მიმართებით
  • არსებითი გადაწყვეტილებები (შინაარსი, პროცესი, პროდუქტი) – წინარე ცოდნის გამოყენება გადაწყვეტილებების მიღების მიზნით; როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილება; პროდუქტის დიზაინი, ბუნება და გამოყენებითობა ურთიერთდამოკიდებულობა (ანგარიშვალდებულების ორი დონე – ინდივიდუალური და ჯგუფური).

 

  1. ფუნქციური უნარი – მოქალაქეობა მოიცავს შემდეგ ქვეუნარებს და დაკავშირებულია კოგნიტიურ ოპერაციებთან:
  • უზენაესი ეთიკის პრინციპები ადამიანის ღირსება, გაურკვევლობებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება
  • ანგარიშვალდებულება საზოგადოებისადმი და თანაშემოქმედებითობა -პასუხისმგებლობა კონფლიქტების მართვა კანონის უზენაესობის დაფასება
  • თემის პრიორიტეტების გააზრება – ლოკალური თემისთვის აქტუალური პრობლემები; ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემები; მსოფლიოს ცოდნა და შემეცნება.

 

  1. ფუნქციური/კომპონენტური უნარი – ხასიათი ნებისყოფა/ნებელობა მოიცავს შემდეგ ქვეუნარებს და დაკავშირებულია კოგნიტიურ ოპერაციებთან:
  • იდენტობა – საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების გაცნობიერება (ვინ ვარ მე) გადაწყვეტილების მიღება თვითრეალიზაციისთვის
  • თვითრეგულაცია – მიზნების დასახვა; დაგეგმვა; თვითეფექტურობის განცდა; სწავლის სტრატეგიები; მონიტორინგი და შეფასება; დახმარებისთვის სხვებისთვის მიმართვა
  • თვითაქტუალიზაცია – ენთუზიაზმი ყველა საქმის მიმართ; ავტონომიურობა; საკუთარი თავის პოზიტიური შეფასება; ადამიანებისა და სამყაროს მიმართ კეთილგანწყობა; პროცესზე ორიენტირებულობა.

 

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გრძელვადიან მიზნებზე მუშაობა გულისხმობს ერთი მხრივ ფუნქციურ-კომპონენტურ უნარებსა (კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კოლაბორაცია, კომუნიკაცია და სხვა) და მეტაკოგნიციაზე ყურადღების გამახვილებას, მეორე მხრივ კი, სამიზნე ცნებებთან დაკავშირებული კონკრეტული სასწავლო შინაარსების/საგნობრივი საკითხების დამუშავებას.

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა გრძელდება რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში. პროცესი ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის შედეგის მიღწევაზე. მასწავლებელი წინარე ცოდნაზე დაყრდნობით სთავაზობს მოსწავლეებს ახალ ცოდნას და აკვირდება, რამდენად ეფექტურად ხდება სამიზნე ცოდნის კონსტრუირება.

„შედეგად, ყალიბდება პოზიტიური სასწავლო გარემო, რომელშიც მოსწავლე ურთიერთდაკავშირებულად იყენებს ყველა ფუნქციურ-კომპონენტურ უნარს“.

განმავითარებელი შეფასების წარმოებისას მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რამდენად აძლევს სასწავლო პროცესში შესრულებული დავალებები მოსწავლეს ცოდნის/საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას და რამდენად შეუწყო ხელი კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესმა მოსწავლის ფუნქციური უნარების განვითარებას.

გამოყენებული ლიტერატურა და ვებგვერდები:

https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16652;

განათლების ფსიქოლოგია – რიდერი -2016 წელი

https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_psychology/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%202-3.pdf;

ქართული ენა და ლიტერატურა- დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების)

გზამკვლევი -მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი)

https://bit.ly/3yWZ1bR.

 

 

ნორვეგიული დღიური – სუნდის სახალხო სკოლა (Sund folkehøgskole)

0

 

(ნაწილი პირველი)

ბავშვობიდანვე მიტაცებდა სკანდინავიური ქვეყნები. გეოგრაფიის გაკვეთილზე განსაკუთრებით სკანდინავიის ნახევარკუნძულის შემოხაზვა მიყვარდა. მასწავლებელი ვეფხვს მას ამსგავსებდა და ამის გამო, კიდევ უფრო შთამბეჭდავად აისახა ჩემს მეხსიერებაში.

ზრდა-განვითარებასთან ერთად ყურადღებას იპყრობდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ვიკინგები, სახელმწიფო მოწყობა, ეკონომიკა, ბედნიერების ინდექსი თუ სხვა მაჩვენებლები. სკოლაში მუშაობის დაწყების შემდეგ, სკანდინავიური განათლების სისტემა ჩემი ინტერესის/თვალთახედვის სფეროში მოხვდა. ყოველთვის მქონდა კითხვები – როგორ ახერხებდნენ ფინელები, ნორვეგიელები, შვედები თუ დანიელები მაღალი შედეგების მიღწევას? როგორ მიაღწიეს ცხოვრების ისეთ დონეს, რომ ბედნიერების ინდექსში პირველობას არავის უთმობენ.

პირველად 2018 წელს მომეცა საშუალება ადგილზე გავცნობოდი დანიის განათლების სისტემას. მაშინ ნანახ-გაგონილი დღემდე მომყვება ემოციებისა თუ შთაბეჭდილებების სახით.

არასამთავრობო ორგანიზაციები „ახალგაზრდები მშვიდობისა და თანასწორობისთვის“ და „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“ 2020 წლიდან ახორციელებენ პროექტს: „1+1 სინერგია დემოკრატიული კომპეტენციების სწავლებისთვის“. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, 24-30 აპრილს, ნორვეგიას ვსტუმრობდით ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით.

ნორვეგიული დღიურის რამდენიმე სტატია მიეძღვნება სახალხო სკოლებს, ნორვეგიული განათლების სისტემასა და ზოგადად ამ ზღაპრულ ქვეყანას. ვეცდები, ჩვენი გაზეთის მკითხველამდე მივიტანო ის განცდები თუ ფიქრები, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში მრავლად დამიგროვდა.

სახალხო სკოლების ისტორია/ისტორიული ექსკურსი

სახალხო სკოლების იდეა დანიიდან მოდის. მის ფუძემდებლად ითვლება თეოლოგი, მწერალი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, განმანათლებელი ნიკოლაი გრუნდტვიგი. მან აღმოაჩინა, რომ მუშათა კლასის წარმომადგენლებსა და ღარიბებს არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა განათლებაზე. სწორედ ამიტომ, მან სახალხო სკოლა დააარსა. ამ ნაბიჯით გრუნდტვიგი დაეხმარა მოწყვლად ჯგუფებს, გამხდარიყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები და მონაწილეობა მიეღოთ პოლიტიკურ პროცესებში. პირველი სახალხო სკოლა დანიაში 1840 წელს გაიხსნა.

ამავდროულად, გრუნდტვიგი სკოლაში ხალისისა და მხიარულების შემოტანას ემხრობოდა. ის თვლიდა, რომ სასწავლო პროცესი უნდა იყოს მხიარული. შედეგად შემეცნებამ ბავშვს სტრესისა და უსიამოვნო განცდების ნაცვლად, სიამოვნება უნდა მიანიჭოს.

სახალხო სკოლების იდეამ გაამართლა და თითქოს მეზობელ ქვეყნებშიც გადაიღვარა, მათ შორის ნორვეგიაში. მათი უმეტესობა დიდი ქალაქებისგან მოშორებით, რეგიონებში იხსნებოდა. ამ პრინციპით ის ინარჩუნებდა უმთავრეს დანიშნულებას, გამხდარიყო განათლება ხელმისაწვდომი მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა, განსაკუთრებით კი ფერმერებს.

თავდაპირველად სახალხო სკოლებს არ ჰქონდათ ფიზიკური შენობები, ამიტომ განმანათლებლები დადიოდნენ დასახლებიდან-დასახლებაში, ფერმიდან-ფერმაში. XIX საუკუნეში სახალხო სკოლების როლს, იმავე პერიოდის საქართველოში „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საქმიანობას შევადარებდი…

დღევანდელობა

2022 წლის მდგომარეობით ნორვეგიაში სულ 83 სახალხო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ნორვეგიელი ახალგაზრდების დაახლოებით 10% იღებს განათლებას. აღნიშნული სკოლები არ წარმოადგენენ ზოგადი განათლების სისტემის ნაწილს (საჯარო სკოლებზე ვრცლად მომდევნო წერილებში ვისაუბრებ).

ნორვეგიული ზოგადი განათლების სისტემა საქართველოს მსგავსად სამსაფეხურიანია. განსხვავება იმაშია, რომ საბაზო საფეხურზე სწავლა მე-10 კლასში სრულდება, ხოლო საშუალო საფეხური ცამეტწლიანია. ნორვეგიაში მოქმედი 83 სახალხო სკოლიდან, ნაწილში იღებენ 16 წლის ახალგაზრდებს, ნაწილში კი, მხოლოდ სრულწლოვანებს.

სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა ერთი აკადემიური წელია. დღევანდელი გადმოსახედიდან, სახალხო სკოლებს ზემოთ ხსენებულ დანიშნულებასთან ერთად, ერთგვარი პროფორიენტაციის ფუნქცია აკისრია. მაგალითად X კლასის დასრულების შემდეგ, მოზარდი სწავლას აგრძელებს სახალხო სკოლაში, რათა უკეთ ჩამოყალიბდეს, რა მიმართულებით ისურვებდა განვითარებას.

სუნდის სახალხო სკოლა

ჩვენი მასპინძელი იყო სუნდის სახალხო სკოლა, რომელიც ნორვეგიის სიდიდით მესამე ქალაქ ტრონჰეიმიდან დაახლოებით ორი საათის სავალზე, ფიორდის სანაპიროზე მდებარეობს. სკოლაში ყოველწლიურად დაახლოებით 100-მდე სრულწლოვან ახალგაზრდას იღებენ.

XXI საუკუნის გადმოსახედიდან სკოლისთვის ღირებულია სამი მიმართულება:

  1. საერთაშორისო სოლიდარობა;
  2. გარემო და მდგრადი განვითარება;
  3. ხელოვნებისა და კულტურის გამოხატვა.

სწორედ ამ მიმართულებების გათვალისწინებით დღეს სკოლაში მოქმედებს შემდეგი სასწავლო პროგრამები:

  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • სოლიდარობის კურსი;
  • ფოტო/ვიდეო ხელოვნება;
  • ისტორიული ხელსაქმე;
  • სპორტული თევზჭერა;
  • ჯაზი;
  • სწრაფი კვება ქუჩაში (Street food).

სუნდის სახალხო სკოლის ისტორია მასწავლებელმა კრისტინ ბიორკემ გაგვაცნო. სკოლა ნორვეგიაში ყველაზე ძველია. ის 1868 წელს დაარსდა.

პირველი, რაც სუნდის სახალხო სკოლაში პედაგოგებს არ აქვთ გაწერილი – სასწავლო პროგრამა, იგივე კურიკულუმია. ერთწლიანი სასწავლო პროცესი მთლიანად მოსწავლეთა ინტერესების მიხედვითაა აგებული.

მაგალითისათვის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მასწავლებელი და მისი სტუდენტები სასწავლო წლის დასაწყისში ჩამოყალიბდნენ, რაზე უნდა ემუშავათ, რა თემები აინტერესებდათ ყველაზე მეტად და ამის მიხედვით წარმართეს სწავლების პროცესი. მოსწავლეებს აინტერესებდათ თურქეთში მცხოვრები ქურთების პრობლემები, რის გამოც საკითხის უფრო ღრმად და საფუძვლიანად შესასწავლად ერთი თვე თურქეთში გაატარეს. მსგავსი პრინციპით იგეგმება ყოველი მომდევნო წელი ახალ სტუდენტებთან ერთად.

ყველა მოსწავლე წლის ბოლოს აბარებს ერთგვარ პროექტს, რომლის შედეგადაც იღებს სკოლის წარმატებით დამთავრების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

სპორტული თევზაობის მიმართულება

თითოეული მიმართულება მორგებულია ახალგაზრდების საჭიროებებზე. მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი სპორტული თევზჭერის მიმართულების მოსწავლეებს, რომლებმაც ზღვის კალმახზე სათევზაოდაც დამპატიჟეს.

სპორტული თევზჭერა ნორვეგიაში ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ადამიანი ჩადის ნორვეგიაში სათევზაოდ. ამიტომ ამ მიმართულებაზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა.

სპორტული თევზჭერის კლასი სავსეა თეორიული მასალითა და პრაქტიკაში საჭირო აღჭურვილობით. სტუდენტებს უწევთ სხვადასხვა დავალების შესრულება. ისინი ხელმძღვანელთან ერთად გეგმავენ სათევზაო გასვლებს განსხვავებული ამინდის, სეზონის, აღჭურვილობისა თუ სხვა პირობებში.

სპორტული თევზჭერის მიმართულების სტუდენტებმა მითხრეს, რომ მათ ძალიან მოსწონთ სუნდში სწავლა, რადგან უდიდესი ყურადღება ექცევა პრაქტიკას. თევზაობის დროს დიდხანს ვისაუბრე ახალგაზრდებთან. 19 წლის მანგემ მითხრა, რომ მასწავლებლები კონტაქტების დამყარებაში ეხმარებიან, რაც მათი შემდგომი დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია. მისმა მეგობარმა, 20 წლის ალექსმა ასევე დასძინა, რომ ეს ერთწლიანი კურსი გამოცდილების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. მას მასწავლებლები ეხმარებიან სათევზაო ადგილების აღმოჩენაში და თევზაობის სხვადასხვა ტექნიკის სწავლაში.

სწავლა სუნდის სახალხო სკოლაში 15 მაისს სრულდება. ალექსმა კი სწავლის დასრულებამდე უკვე იპოვა კარგი სამსახური სპორტული თევზაობის ინსტრუქტორის პოზიციაზე, ჩრდილოეთ ნორვეგიაში, ამიტომ სწავლის გაგრძელებას აღარ ფიქრობს.

დაფინანსების სისტემა

როგორც უკვე აღვნიშნე, სახალხო სკოლები ნორვეგიული განათლების სისტემის მიღმაა, ამიტომ სწავლა უფასო არ არის. 18 წლის ახალგაზრდას ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე იაფ პროგრამაზე, სწავლის შემთხვევაში 114 000 ნორვეგიული კრონის, დაახლოებით 12 000 ევროს გადახდა უწევს.

საიდან უნდა ჰქონდეს 18-19 წლის ახალგაზრდას ამდენი თანხა?

პირველი რაც უნდა გაგიზიაროთ, არის ის, რომ ნორვეგიაში ახალგაზრდისთვის დიდ სირცხვილად ითვლება, თუ სწავლის საფასურს მშობელი ფარავს. ამაზე არაერთხელ ვიკითხე და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მშობლებმა მათი შვილების სწავლის საფასური არ უნდა გადაიხადონ…

სახალხო სკოლაში სწავლის საფასურის 40%-ს სახელმწიფო აფინანსებს სასწავლო გრანტის სახით. თანხის დანარჩენ ნაწილს ახალგაზრდები სპეციალურად შექმნილი არამომგებიანი/არაკომერციული ბანკისგან სესხულობენ. ბანკისთვის სესხის დაბრუნება იწყება მას შემდეგ, რაც ისინი მუშაობას დაიწყებენ. როგორც კრისტინმა გვითხრა, სესხის დაბრუნება 15-20 წელი გრძელდება და იმდენად უმნიშვნელო თანხის შეტანა უწევთ ყოველწლიურად, რომ ვერც კი იმჩნევენ.

მეორე წლიანები

სუნდის სახალხო სკოლას საინტერესო პრაქტიკა აქვს დანერგილი. არსებული ექვსი პროგრამის 6 გამორჩეულ სტუდენტს საშუალებას აძლევენ, კიდევ ერთი წელი გაატარონ სუნდის სახალხო სკოლაში უფასოდ. ისინი ირგებენ მაკოორდინირებელი თანამშრომლის როლს და ეხმარებიან ახალ სტუდენტებს ადაპტაციაში. ამაში ისინი მცირე ანაზღაურებასაც იღებენ.

დასკვნის მაგიერ

ცხადია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სახალხო სკოლის იდეა საქართველოში გადმოვიტანოთ ან რამე მსგავსი. ჩემი მიზანია, დაგროვილი გამოცდილება, მიღებული შთაბეჭდილებები და დაბადებული აზრები მივიტანო მკითხველამდე. თუმცა სუნდში იყო რამდენიმე დეტალი, რასაც, მაგალითად, ჩვენი განათლების სისტემა ბოლომდე ვერ აღწევს. მაგალითისათვის:

  • მოსწავლეებმა/სტუდენტებმა ზედმიწევნით იციან, თუ რატომ და რისთვის არიან იქ;
  • მოსწავლეებს/სტუდენტებს გააზრებული აქვთ სკოლის მნიშვნელობა და არსი;
  • მოსწავლეები/სტუდენტები შესაშური პასუხისმგებლობით უდგებიან ნებისმიერ საკითხს.

სუნდის სახალხო სკოლაში ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტის დროს, ჩვენთვის რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, კონცერტი თუ საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. ამ დროს ვაკვირდებოდი, როგორი მოწესრიგებულები იყვნენ ახალგაზრდები. ისინი ყოველგვარი მითითებების გარეშე აორგანიზებდნენ სივრცეს და შეხვედრების დასრულების შემდეგ ყველა ნივთს თავის ადგილას ათავსებდნენ. როგორც სკოლის დირექტორის მოადგილემ გვითხრა, მსგავს დეტალებზე მხოლოდ ერთხელ, სწავლის დაწყებამდე, ახალ ნაკადთან გაცნობითი შეხვედრის დროს საუბრობენ და შემდეგ გამეორება აღარ უწევთ.

ვფიქრობ, ასეთი დეტალების სწავლითა და გააზრებით შევძლებთ, მეტად მორგებული და პროდუქტიული გავხადოთ სასწავლო პროცესი.

 

ლიტერატურულ კონკურსი ქართველი მწერლებისთვის – „ვწერ მასწავლებლისთვის“

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები, ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ლიბერთი ბანკის  მხარდაჭერით, უკვე მეექვსედ აცხადებს  ლიტერატურულ კონკურსს ქართველი მწერლებისთვის –

 „ვწერ მასწავლებლისთვის“.

კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და ასახავდეს   მათი დაძლევის გზებს.

კონკურსის სპეციალური ჟიური შეარჩევს ათ საუკეთესო მოთხრობას, რომელთაგან გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

წლევანდელი კონკურსის თემაა :

ჩავალ ეზოშიგადავხედავ პატარა ბავშვებს.

ცარცით ასფალტზე შემოვხაზავ დიდ კითხვის ნიშანს.”

ზაზა თვარაძე

საუკეთესო ათეული დასახელდება მიმდინარე წლის 3 ოქტემბერს, ხოლო სამი გამარჯვებული მოთხრობა დაჯილდოვდება 17 ოქტომბერს საზეიმო მიღებაზე. ავტორებს გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო კონკურსის მხარდამჭერ  ლიბერთი ბანკისგან:

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

კონკურსის სიმბოლო გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულს.

ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და მიეძღვნება ჟურნალ მასწავლებლის სპეციალური ნომერი.

კონკურსში მონაწილეობისთვის მოთხრობები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე: mastsavlebeli.ge@gmail.com.

მოთხრობის მოცულობა: 5-დან 15 გვერდამდე.

ჟიური განიხილავს მხოლოდ საკონკურსო პერიოდში დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 25   აგვისტო.

გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ: ლიტერატურული კონკურსისთვის.

კონკურსის პარტნიორებია: გამომცემლობა „ინტელექტი“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“,  „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...