სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ობსესიური ჩანაწერები # 1

ზუგდიდიდან ვიდრე ქუთაისამდე ერთი ძველი მეგობარი, არაქართულენოვანი ქალი გამომყვა, რომელიც გზაზე რაღაცას მიყვებოდა, მე კი თავი ერთხელაც არ მიმიბრუნებია მისკენ. იფიქრა, იფიქრა და ბოლოს მკითხა, რა იყო ამის მიზეზი. გავუმხილე, რომ კოვიდვირუსის გადატანის შემდეგ, კისერი მაქვს გაშეშებული, რაღა აღარ ვცადე, მაგრამ… – „ანდრეი!“ – წამოიძახა ქალმა. ,,რა ანდრეი!“ – შევცბი მე. ,,ანდრეი მოგარჩენს. ქილებით სასწაულებს ახდენს. ძალიან გაგიმართლა, ახლა ქუთაისშია!“.

 

ექიმი დაბინავებული იყო ერთ-ერთ სასტუმროში, ქუთაისის გარეუბანში, სპეციალურად მისთვის მოწყობილ კაბინეტში. შევედი და ხელი მძლავრად ჩამოვართვით ერთმანეთს, როგორც ეს ორი წელი მუჭებით მისალმებამობეზრებულ ხალხს გვჩვევია. ანდრეი გამოდგა ეროვნებით ოსი კაცი, ნახევრად რუსი, ვლადიკავკაზიდან – ოღონდ გარეგნულად ინდოელი გურუს თანაშემწეს ჰგავდა. კედელზეც დიდწილად ეგეთი ნახატები ეკიდა, კიდევ გამხარი ზაფრანა და ასევე ვიგრძენი ჰიპერმარკეტის მესამე რიგის ბოლოში, საპნების შემდეგ სექციაში ნაყიდი სურნელოვანი სანთლის სუნი. მხიარული კაცი იყო ანდრეი, მოწადინებული და კეთილგანწყობილი – რასაც ვერ ვიტყვი ქილებზე. პირველივე სერია ძალიან მწარე გამოდგა. „ნევრალგიაა!“ – თქვა მშვიდად ანდრეიმ – „მაგრამ ყველაფერი თავიდან მოდის“ და ხელი კეფაზე დამადო.

 

– გაგიმართლა, რომ თმები არ გაქვს!

 

– რატომ? – ვიკითხე მე.

 

– არ ვიცი, – გულწრფელად მიპასუხა მან და ქილას ადგილი შეუცვალა.

 

– ეს ყველაფერი კორონას მერე დამრჩა, – ვთქვი თხუთმეტწუთიანი მდუმარე ასკეზის შემდეგ.

 

– მოიცა, თქვენ აცრაც გაიკეთეთ? – ხისტად მკითხა ანდრეიმ და ვიგრძენი, როგორ ნერვიულად შეუცვალა ადგილი ქილას ბეჭის მარჯვენა დაბალ კუთხეში.

 

– დიახ! – ვუპასუხე შეძლებისდაგვარად მტკიცედ.

 

– თქვენც კი მოგატყუეს! კორონა მსოფლიო აფიორაა! საუკუნის აფიორა!

 

ჩემმა იპოქონდროულმა ტვინმა, უცებ დაიბრუნა ძველი ობსესია და წარმოვიდგინე, რომ ჩემი ხალი ზურგზე ამ ქილებმა ამოწვეს და უსათუოდ სიმსივნე დამემართება. ძალიან რომ მომაწვა, ჩემი ფიქრი ანდრეის გავანდე.

 

– კიბო არ არსებობს, ეს ყველაფერი ფსიქო-სომატიკაა! ჩვეულებრივი სოკოა და საერთოდ, რასაც ფიქრობ, ის შეგემთხვევა! – გაიცინა ანდრეიმ და გააგრძელა – სხვათა შორის, იყო ასეთი შემთხვევა, ერთი ქალი კრასნოდარში…

 

გავნადგურდი. ვიფიქრე, მადლობას ვეტყვი და წავალ, მიზეზით „რიკოთის უღელტეხილი იკეტება“, მაგრამ ქილების ალყაში ვიყავი და ისევ გაძლება ვარჩიე – ოღონდ აღარ ვიცი რომლის უფრო – ქილების მხურვალების თუ ანდრეის აზრების.

 

ძველი ჩინური სიბრძნეა: „სამყაროში რაც მოძრაობს, მას აუცილებლად აქვს სასრული, რაც არა – მარადიულია“. ამ იმედით, შეუმჩნევლად ვირხეოდი და სიბრძნის დასტურად, საათ-ნახევრის შემდეგ ეს ამბავიც დასრულდა.

 

სწრაფად და ზერელედ გადავიცვი პერანგი. ბევრი წყალი დალიეთ! – მომაძახა ანდრეიმ და კიდევ რაღაც მომაძახა, ოღონდ აღარ გამიგონია.

 

– ხუთი დღე დაგაჩნდება ზურგზე და მერე გადაგივლის, – მითხრა დამშვიდობებისას მეგობარმა ქალმა ქუთაისიდან და ჭიათურის გზისკენ გადავუხვიე.

 

 

წარმოიდგინეთ, რომ შენთან სტუმრად არის გოგო. შეიძლება, საუკეთესო გოგოც კი საქართველოში და ამ გოგოს უცებ გაუტყდა ღვინის ბოთლი. ან შენ გაგიტყდა. შხეფები მიესხა კედელს და დააჩნდა. ჩვეულებრივი ამბავი რა. ძალიან ჩვეულებრივი. სრულიად უწყინარი. და ამ დროს მთელი შენი ყურადღება კედელზე გადადის. ყელში გიჭერს. საშინელი მოუსვენრობა გიპყრობს. ცდილობ, მთელი მონდომება დაახმარო და არ გააკეთო იგივე, რასაც დედაშენი იზამდა ამ დროს. არადა, ტრივიალური მატერიალიზმის ნასახი არ არის შენში. არც ღვინის ბოთლის გატეხვაა სირთულე და არც კედელი. სულ რომ სახლი დაგიწვას ვინმემ უნებლიედ, შეიძლება ხმა არ ამოიღო და ამ დროს ეს საშინელი ლაქა, რომელიც კედლიდან გონებას მიეცხო და ვეღარ იშორებ. ერთი სული გაქვს, როდის წავა გოგო. და აჰა, წავიდა. მთელი ღამე წმენდ ყველა შესაძლო და ნაკლებად შესაძლო საშუალებით იმ საზარელ ლაქას. აი, გაბაცდა, მაგრამ მაინც აჩნია. ძლივს იძინებ მოუსვენრად და დილით შვიდზე ურეკავ დამხმარეს, რომ ეგებ დაგეხმაროს. ერთი სული გაქვს, აღდგეს ძველებური წესრიგი და მთლიანად მოირღვეს – ყველგან შეასხა ღვინო. თან წარმოიდგენ, რომ ბოლო-ბოლო, თუ არ ამოვიდა, გადავღებავ ან კარადას დავდგამ. და იმ გოგოს მთელ ამ სცენას ატყობინებ. თან ზუსტად იცი, რას ფიქრობს ახლა ის: ,,მე ხომ სიყვარულის გამო არ ვეტყოდი ამას, მოვითმენდი, რომ გული არ სტკენოდა, ხელოვანი კაცი როგორი არარომანტიკულია, წვრილმანებზე ფიქრობს, მე საერთოდ არც მახსოვს ის ამბავი.

 

და ის ცამდე მართალია.

 

მაგრამ შენც მართალი ხარ.

 

ამიტომაც ცხოვრობ მარტო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“