სამშაბათი, სექტემბერი 17, 2024
17 სექტემბერი, სამშაბათი, 2024

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ომზე. ბავშვთა ფსიქოლოგების რჩევები

(პირველი ნაწილი)

 თუ გვსურს, ადამიანებს ნამდვილი მშვიდობა ვასწავლოთ და ნამდვილი ომი ვაწარმოოთ ომის წინააღმდეგ, ბავშვებით უნდა დავიწყოთ“.

მაჰათმა განდი, ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი

 

„ომის არდაშვების ერთადერთი გზაა, გვიყვარდეს ჩვენი ბავშვები უფრო ძლიერად, ვიდრე გვძულს ჩვენი მტრები“.

გოლდა მეირი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი 1969-1974 წლებში

 

დღეს ჩვენგან არც ისე შორს, უკრაინაში, ნამდვილი, სასტიკი, სისხლისმღვრელი და დაუნდობელი ომი მიმდინარეობს და მასში პირდაპირ თუ ირიბად მსოფლიოს ქვეყნების საკმაოდ დიდი ნაწილია ჩართული. საინფორმაციო საშუალებები, ციფრული მედია და პოლიტიკოსები ყოველდღიურად გვაწვდიან საშინელ „ახალ ამბებს“ უკრაინიდან.

რუსეთ-უკრაინის სასტიკ დაპირისპირებას უკვე შეეწირა ასობით ათასი ადამიანი, მათ შორის – ბავშვებიც, რომლებიც ბედისწერამ საომარი მოქმედებების ტერიტორიაზე, ხარკოვიდან ყირიმამდე გაწელილ ათასკილომეტრიან ზონაში მოახვედრა.

უკრაინიდან სხვა ქვეყნებში ომს გაექცა მილიონობით ადამიანი, ოჯახი, ქალი, მოხუცი და ბავშვი, რომლებსაც ცხოვრების ამ პერიოდის გატარება სხვაგან, სხვა ხალხში, სხვა კულტურაში, ლტოლვილთა ბანაკებსა და დროებით საცხოვრებელში მოუწევთ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეტ-ნაკლებმა მშვიდობამ ევროპაში მხოლოდ 78 წელს გასტანა. დღეს იქ კვლავ დიდი ომის ცეცხლი ტრიალებს და, როგორც მარტინ ლუთერი ამბობდა, „არაფერი კარგი არ იშვება ძალადობისგან“.

დღეს ჩვენ უკრაინის ფრონტზე არნახული სამხედრო დაპირისპირებისა და ძალადობის მომსწრენი ვართ. ამ ძალადობას მედიარესურსების, მედიამატარებლებისა და ციფრული გამოსახვის ხელმისაწვდომი საშუალებების წყალობით უყურებენ ჩვენი შვილებიც.

რა უნდა ვქნათ ამ დროს? როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ომზე?

გთავაზობთ ფსიქოლოგ ჯეიმს გარბარინოს მოსაზრებებს ომისა და ბავშვების შესახებ.

 

პროფესორი ჯეიმს გარბარინო, რომელიც კორნელის უნივერსიტეტის ოჯახური ცხოვრების ცენტრის თანახელმძღვანელია, იკვლევს ოჯახებსა და ოჯახურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რჩევებსა და კონსულტაციებს სთავაზობს მშობლებს იმის თაობაზე, თუ როგორ დაეხმარონ ბავშვებს, რომლებმაც ომის ან ტერორიზმის საფრთხე განიცადეს ან ასეთი ძალადობის, მისი ამსახველი ინფორმაციისა და გავლენის შიში აქვთ.

პროფესორი გარბარინო გახლავთ ბავშვთა განვითარებისა და მოზარდთა შორის ძალადობის ექსპერტი, ავტორი წიგნებისა „No Place to Be a Child: Growing Up in a War Zone“ (Lexington Books, 1991)[1] და „Parents Under Siege: Why You Are the Solution, Not the Problem, in Your Child’s Life“[2] (The Free Press, 2001).

ჯეიმს გარბარინო:

მაშინ, როდესაც ამერიკა იწყებს ერაყთან ომს, მშობლები, მასწავლებლები და სხვა ზრდასრული ადამიანები კვლავ ეჯახებიან სირთულეს: მძიმე საუბარს ბავშვებთან და მათი პასუხების მოსმენას ძალადობის, შურისძიების, უსაფრთხოების, ჭრილობებისა და სიკვდილის შესახებ. ჩვენ გამოცდილებამ რაღაცები გვასწავლა და შეგვიძლია ბავშვებთან ტრავმულ გამოცდილებაზე საუბარი – ომებზე (სპარსეთის ყურის ომები), ბუნებრივ კატასტროფებზე (მიწისძვრები), სკოლაში სროლებზე (კოლუმბაინის ინციდენტი) და ტერორისტულ აქტებზე (ნიუ-იორკის 11 სექტემბერი და ოკლაჰომა-სითის ტერაქტი).

ჩვენ შეგვიძლია, ამ გამოცდილების საფუძველზე ვიმსჯელოთ და მოზრდილებს შევთავაზოთ რამდენიმე პრინციპი, რომლებიც ბავშვებთან საუბრისას გამოადგებათ. ეს აქტუალურია, რადგან ომის გამოსახულებებმა წალეკა საინფორმაციო სივრცე და მედია და მოქმედებს მათ გონებაზე. საუბრები ამის შესახებ მიმდინარეობს სკოლებშიც და ოჯახებშიც: „ბავშვებს სჭირდებათ იმის რწმენა, რომ ისინი და მათი ოჯახის წევრები (ასევე –  მეგობრები, ახლობლები, მეზობლები) უსაფრთხოდ არიან. ბავშვებს, განსაკუთრებით – მათი სიყმაწვილის ადრეულ ეტაპზე, სჭირდებათ სიტყვები და ქმედებები, რომლებიც მათ სიმშვიდესა და უსაფრთხოების შეგრძნებას მოჰგვრის, ხელს შეუშლის მათში შიშისა და შფოთვის გაჩენას. ბავშვები გაცილებით უკეთესად ადაპტირდებიან რთულ სიტუაციებთან, როდესაც მოზრდილებს შიში და შეშფოთება არ ეტყობათ. ჩვეულებრივი ცხოვრების წესის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ბავშვების იმაში დასარწმუნებლად, რომ ნორმალური ცხოვრება არ დასრულებულა.

ბავშვებს, რომლებსაც უწევთ რაიმე დანაკარგსა და შიშთან ადაპტაცია, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ – მათ სჭირდებათ იმაში დარწმუნება, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ბავშვები, რომელთა მშობლებიც ან შინ არ არიან, ან გაშორებულები არიან, ან საავადმყოფოში წვანან, ბავშვები, რომლებმაც დაკარგეს მშობელი/მშობლები ან მიზეზთა გამო ვეღარ ნახულობენ მას/მათ, განსაკუთრებით ღელავენ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე და, ჩვეულებრივ, მაღალი [ფსიქოლოგიური] რისკის ზონაში იმყოფებიან. ყველა, ვინც დაკავშირებულია ასეთი რისკის ზონაში მყოფ ბავშვებთან, ვალდებულია, განსაკუთრებული ძალისხმევა გასწიოს და აჩვენოს მათ, რომ მზად არის ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური დახმარებისა და ზრუნვისთვის.

ბავშვებს აქვთ უფლება, დასვან კითხვები და მიიღონ ფაქტობრივი ინფორმაცია. მოზრდილებმა უნდა გამონახონ დრო, რათა ბავშვებს მოუსმინონ და პასუხი გასცენ (და არა ლექციები წაუკითხონ იმაზე, რა ჰგონიათ თავად მათ მნიშვნელოვანი). მოუსმინეთ ბავშვებს და შეხედეთ სამყაროს მათი თვალით, რათა მიხვდეთ, რით შეგიძლიათ მათი დახმარება. მოზრდილებმა და მშობლებმა ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ბავშვებს ავაცილოთ შიში, შფოთვა, ცუდ ამბებზე კონცენტრაცია. თუ მოზრდილები „ფსიქოლოგიურად ხელმისაწვდომნი“ არ არიან, ბავშვები დაიტანჯებიან.

მშობლებისადმი გზავნილი ნათელია: ნუ მიეწებებით ტელევიზორს და ნუ დაიკარგებით მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებით შვილებს!

რამდენიმე ზოგადი წესი:

პირველი – როგორც წესი, ბავშვები იმეორებენ მათთვის ყველაზე ძვირფასი ზრდასრულების პასუხებს. წყნარი და საკუთარ თავში დარწმუნებული მშობლები და მასწავლებლები, ჩვეულებრივ, წყნარსა და საკუთარ თავში დარწმუნებულ ბავშვებს ზრდიან. ისეთ ბავშვებს, რომლებისაც სჯერათ, რომ ცხოვრება მართვადია. ეს მნიშვნელოვანია! მოზრდილები ბავშვებს სიმშვიდესა და სანდოობას უნდა გადასცემდნენ.

მეორე – მშობლები და მოზრდილები ფოკუსირებულნი უნდა იყვნენ დადებით ქმედებებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს ან უკვე განხორციელდა: მაშველები ან ჩვეულებრივი ადამიანები დაეხმარნენ მსხვერპლს; პოლიციამ ვინმე გადაარჩინა ან უზრუნველყო ვისიმე უსაფრთხოება და ა.შ. თუნდაც იმაზე, რომ ბევრი პირადად სთავაზობს მსხვერპლს დახმარებას (მაგალითად, სისხლის ჩაბარება დაზარალებულებისთვის).

მესამე – მშობლები უნდა იცავდნენ შვილებს და არიდებდნენ მათ მზერას სასტიკ და ტრავმულ, ძალადობრივ და ნგრევის ამსახველ სურათებსა და რეპორტაჟებს. როდესაც ინტენსიურად გადაიცემა და ემოციურად დატვირთულია, ასეთ ხატებს შეუძლია, ბავშვებზე ძლიერი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს.

მეოთხე – მშობლებმა და, საზოგადოდ, უფროსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვების უმრავლესობა პირდაპირ ემოციურ კავშირს ამყარებს მოვლენებთან. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ სპარსეთის ყურის ომის დროს, ბევრი ბავშვი გრძნობდა ჩართულობას სამხედროების მიერ წარმოებულ ბრძოლებში, რადგან მათი ბიძაშვილი ან სკოლის მასწავლებელი იმ დროს სპარსეთის ყურეში, ამერიკის ჯარის შემადგენლობაში იმყოფებოდა.

მეხუთე – საფრთხისა და კრიზის დროს, ბავშვებს მშობლებისგან მეტი ყურადღება და სიმშვიდის მომგვრელი სიტყვა სჭირდებათ. მშობლებმა მეტი დრო უნდა გაატარონ შვილებთან, მეტი გააკეთონ მათ დასაწყნარებლად. ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი საქმიანობისა და წარსულში ერთად გატარებული მომენტების ნაზავი (როგორიცაა სიჩუმე ან ლოცვა).

გარდა ამისა, აი, რა უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს:

პირველი – თანაგრძნობა და ურთიერთგაგება ემყარება სიმტკიცესა და ძლიერებას და არა სისუსტეს. ვადიდოთ ის, ვინც ეხმარება, ვინც საუბრობს სამართლიანობაზე და არა სისხლის აღებაზე.

მეორე – უნდა დავიცვათ ისინი, ვისაც რამეს აბრალებენ, სტიგმებით ამკობენ ან დამნაშავედ მიიჩნევენ სტერეოტიპების გამო.

მესამე – ურთიერთგაგება და თანაგრძნობა ზიზღისა და ფანატიზმის წინააღმდეგ ღირსებებია და მათი არ უნდა გვეშინოდეს. ეს მეტია, ვიდრე ჩვენი სიკეთე და მათი ბოროტება. ჩვენი ნამდვილი მტერი დეჰუმანიზაცია ანუ ადამიანური თვისებების დაკარგვაა.

 

წყარო:

https://news.cornell.edu/stories/2003/03/how-parents-can-talk-their-children-about-war

[1] „No Place to Be a Child: Growing Up in a War Zone“ (ინგლ.) – „ცუდი ადგილი ბავშვობისათვის: როცა იზრდები საომარ ზონაში“ (სათაურის თარგმანი ლ. ალფაიძისა)

[2] „Parents Under Siege: Why You Are the Solution, Not the Problem, in Your Child’s Life“ (ინგლ.) – „მშობლები ალყაში – იმის შესახებ, თუ რატომ ხართ თქვენ გადაწყვეტა და არა პრობლემა თქვენი ბავშვის ცხოვრებაში“ ((სათაურის თარგმანი ლ. ალფაიძისა)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“