პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
11 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

მშობელი ვიყო შვილისთვის, თუ საუკეთესო მეგობარი?


წლის განმავლობაში უამრავ შეხვედრას ვატარებ მშობლებთან. ისინი დაინტერესებული არიან აღზრდის საკითხებით. გამუდმებით აინტერესებთ პასუხების მოძებნა ისეთ საკითხებზე, რომლებიც სულს უფორიაქებთ. არ დავუშვა ისეთი შეცდომა, რომელიც გამოუსწორებელი იქნება მომავალში ან არ მოვიქცე იმგვარად, როგორც მე მეპყრობოდნენ – ეს წუხილი ყველა ასეთ შეხვედრაზე ისმის ან კითხვებს შორის იკითხება, როგორც ერთი მუდმივი დილემა, რომელზეც ისეთი პასუხის მოსმენა, როგორიც მე წარმომიდგენია, ბევრს არ ეხატება გულზე.

უნდა ვიყო თუ არა ჩემი შვილის საუკეთესო მეგობარი?

აღზრდის ავტორიტეტულ ან თავისუფალ სტილს შორის მერყეობა ამ საუკუნის მთავარი გამოწვევაა, რომელიც ყველა მშობლის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, რადგან რთულია თქმა ერთი სჯობს, თუ მეორე. ეს რაღაცნაირად ორგანიზაციის მართვის სტილს ჰგავს, ვიღაცას ამაზონის მოდელი მოსწონს, სხვას – გუგლისა. მთავარია, ბავშვი მინიმალურად დავაზიანოთ ჩვენი მოუგვარებელი პრობლემებით. დანარჩენი გემოვნების ამბავია.

მაშ, უნდა ვიყო თუ არა შვილის საუკეთესო მეგობარი?

ჩემი პასუხია – არა. გადაჭრით – არა, რაც, როგორც წესი, ყოველთვის იწვევს უკურეაქციას მსმენელში? – „მამაჩემი/დედაჩემი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო“, „ჩვენ ვმეგობრობთ და ამიტომაც ყველაფერს მიყვება“.

რთული ასახსნელია ხოლმე, რომ ჩვენი დაუოკებელი სურვილი, ვიყოთ შვილის საუკეთესო მეგობარი, სხვა არაფერია თუ არა ლატენტური ნარცისული მოთხოვნილება ბოლომდე მიჯაჭვული გვყავდეს პირმშო, ოღონდ იმგვარად, რომ სინდისი მშვიდად დაგვრჩეს – მაკონტროლებელი მშობელი არ ვარ და სრულ თავისუფლებას ვაძლევ შვილსო.

იკონტაქტოთ შვილთან მეგობრულად, როგორც პიროვნებასთან სულაც არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ დარჩე მშობლის როლშიც, რადგან ყველა ბავშვს სჭირდება მეგობარიც და მშობელიც, რომელზე ჩვენი მხრიდან უარის შემთხვევაში პატარა და მერე უკვე მოზარდი აუცილებლად ეცდება ახალი კანდიდატის პოვნას. ბავშვებს ჰაერივით სჭირდებათ საზღვრები (ზომიერი), წესები და მენტორი, ვინც მათზე ზრუნავს, ვისაც აზრს დაეკითხებიან და ვისაც გარკვეულ ასაკში აუმხედრდებიან კიდეც. ეს ის გასავლელი გზაა, რომელზეც ჩვენი ვითომ ტოლერანტულობით თავგზა არ უნდა ავურიოთ შვილებს, რომლებსაც ისევე სჭირდება ავტორიტეტის ხატ-სახე, როგორც მორწმუნეს – ღმერთი. აზრი – თითქოს შვილის საუკეთესო მეგობარი ვიქნები და მისი არაფერი გამომეპარება – ჩანასახშივე განწირული იდეაა, როგორც ძალიან მკაცრ მშობელს უმალავენ ბავშვები თავიანთი ცხოვრების ნაწილს, ისე თქვენ დაგიმალავთ, რადგან მათთვის ავტორიტეტად ვეღარასდროს დარჩებით.
ზრდასრულ ადამიანსა და ბავშვს შორის არსებული ძირითადი სხვაობა გამოცდილებაა, რომელიც უფროსმა ადამიანმა (კარგ შემთხვევაში) დააგროვა და ახლა შეუძლია უსასყიდლოდ გადასცეს საყვარელ ადამიანს. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბავშვებს მოსწონთ ამ გამოცდილების მიღება და რაგინდ (თითქოს) აგდებული დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეთ „მამის დარიგებასთან“, ისინი მაინც იმახსოვრებენ, უსმენენ და ითვალისწინებენ მშობლის აზრს, როცა მშობელი ავტორიტეტია.

ცხოვრების მთავარი იმედგაცრუებების დროსაც, როდესაც მოზარდს თანატოლებთან, მეგობრებთან სოციუმში რაიმეზე გული გაუტყდება, გამკლავების საუკეთესო ხერხად სწორედ მშობლის საიმედო ფრთის ქვეშ დაბრუნების შესაძლებლობა უნდა ესახებოდეს. ცხადია, ეს შეიძლება ასე არც მოხდეს და ალბათ არც უნდა მოხდეს. პირადი ბარიერები ჩვენივე გადასალახია, მაგრამ იმედი, რომ სადღაც შენ უპირობოდ მიგიღებენ სწორედ ისეთს, როგორიც ხარ, ძლიერი ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმია.

წლის განმავლობაში ასობით მოსწავლეს ვესაუბრები ხოლმე მათ პირად ცხოვრებაზე. როგორც წესი, ისინი პერიოდულად წუწუნებენ იმაზე, რომ მშობლები ზედმეტად მკაცრი არიან, უწესებენ საზღვრებს და არ აძლევენ თავისუფლებას იქ, სადაც უნდათ, იყვნენ უფრო ლაღები. თუ მშობელი ზედმეტად ავტორიტარი არ არის და ეს „შეზღუდვები“ რაციონალურ ხასიათს ატარებს (მაგალითად, კომპიუტერულ თამაშებზე ლიმიტის დაწესება), მოზარდები ამ ამბავს, როგორც მოცემულობას ისე იღებენ და სამართლიანობის შეგრძნება არ უქრებათ.

შიდა ოჯახური იერარქია, სადაც ერთი მეორეზე მეტი კი არა, მეტად პასუხისმგებელია რაღაცაზე, მოზარდისთვის გარდატეხის ასაკში გარანტირებული დაცულობის კარგი საშუალებაა.

წამიკითხავს, რომ ბევრი კვლევაა ჩატარებული იმაზე, როგორ ანაწილებენ სუსტი და ხშირად უნებურად უნებისყოფო მშობლები საკუთარი ცხოვრების ტვირთს შვილებზე, იმგვარად, რომ ამაზე არც დაფიქრდებიან ხოლმე. მაგალითად, მარტოხელა დედები ცდილობენ ქალიშვილებთან ან ვაჟებთან იმგვარად დაახლოებას, რომ მთლიანად გულს გადაუშლიან ხოლმე მათ პირადი ცხოვრების დეტალებიდან დაწყებული, ფინანსური ვალდებულებებითა თუ სამსახურში არსებული სტრესული სიტუაციების განხილვით დასრულებული. ისინი არც მეუღლის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას უმალავენ შვილებს, რაც, თითქოს რაღაც პერიოდის განმავლობაში დედისა და შვილების მეტად დაახლოების, „გათანაბრებისა“ და საუკეთესო მეგობრობის საწინდარია, მაგრამ მოწიფულობაში, მოზარდობაში მიღებული ეს მძიმე ტვირთი შვილებისთვის მძიმე სატარებელი აღმოჩნდება ხოლმე.

ლიტერატურაში არის საინტერესო კანონი, რომელიც კემპბელს ეკუთვნის. მას „გმირის მოგზაურობა“ ჰქვია და ამ მოგზაურობაში პერსონაჟის გმირად გადაქცევას ვადევნებთ თვალს. გზას, რომელსაც პროტაგონისტი გაივლის ხოლმე, მას ბევრი ბარიერი ხვდება, თუმცა, ამ გზაზე ერთი საინტერესო გაჩერებაცაა, მას მენტორი ჰქვია. მენტორი ადამიანია, ვინც მთელი წრის განმავლობაში ან ერთი თავგადასავლიდან მეორემდე მიჰყვება, ამხნევებს, აგულიანებს გმირს, რათა კარგად მოფრთიანდეს, თავი მყარად იგრძნოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეეშვება ხოლმე. თუმცა შინაგანი კავშირი გმირსა და მენტორს შორის მაინც მუდმივია. ასეთი მენტორები ჩვენს ცხოვრებაში ხშირად ჩნდებიან. იქნებიან ეს მასწავლებლები თუ ადამიანები, ვინც რაიმე ახალი საქმის დასაწყებად შეგვაგულიანეს. მშობელს კი ვალდებულებაც კი აქვს, იყოს საკუთარი შვილის იმგვარი მენტორი, ვინც, კი ბატონო, მისი მეგობარიც იქნება, მაგრამ მთავარ ფუნქციას მაინც არ დაკარგავს – დარჩეს შვილისთვის გზის გამკვლევი ან მთავარი გულშემატკივარი.

ეს საკითხი ზღაპრებში, სხვადასხვა რელიგიაში, ადამიანების არქეტიპულ მეხსიერებაში საინტერესოდ ინახება და დაფიქრებული მკითხველი ადვილად გაავლებს პარალელს საკუთარ მაგალითებთან.

იშვიათ ბიოლოგიურ ან ფსიქოლოგიურ ანომალიებს თუ არ ჩავთვლით, ცხადია, არ მჯერა, რომ მშობელს გაცნობიერებულად სურს, ზიანი მიაყენოს საკუთარ შვილს. ჩვენთვის ყველაზე მიუღებელ სიტუაციაშიც კი, მშობელი საკუთარი ტრავმების გათვალისწინებით მოქმედებს და აზიანებს პირმშოს იმგვარად, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას.

არავის სურს, იყოს დიქტატორი შვილთან. მშობლები ურთიერთობის ამ გზას იმიტომ ირჩევენ, რომ ეშინიათ ავტორიტეტის დაკარგვის ან უბრალოდ სხვაგვარად ვერ წარმოუდგენიათ ურთიერთობა. ისინი ჩანან საზოგადოებაში და ჩვენ მათზე ბევრს ვსაუბრობთ (ზურგს უკან მაინც), ვაკრიტიკებთ და ყურადღებას ვამახვილებთ, მაგრამ მშობლები, ვინც საკუთარ როლზე უარს ამბობენ და ცდილობენ შვილზე ასაღები პასუხისმგებლობა შვილზევე გადაანაწილონ, ასევე იმსახურებენ კრიტიკას.

დიახ, შვილთან მეგობრული ურთიერთობა დიდი ფუფუნებაა ყველასთვის. ასეთი ბავშვები გაცილებით თავდაჯერებული და შემეცნებაზე ორიენტირებული არიან ხოლმე, ნაკლებად ჩხუბობენ ან არიდებენ თავს კონფლიქტებს, არ ქურდობენ, არ აფუჭებენ ნივთებს წინასწარგანზრახულად, არ აწვალებენ ცხოველებს. ეს ურთიერთობა მეგობრული უნდა იყოს და არა მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული (მშობლობაზე უარის თქმით), როგორც ზოგს წარმოუდგენია.

მენტორს, მშობელს მწვრთნელის, გზის გამკვალავის და როგორც ზევით დავწერე, საკუთარი მეტი ცხოვრებისეული გამოცდილების უსასყიდლოდ, სიყვარულით გადაცემის მოვალეობა აკისრია, იმგვარად, რომ თავისუფალი სივრცე არ წაართვას შვილს. თუ შენ პარაშუტით გადმოხტომა გადაგიწყვეტია, მოდი, ჯერ გასწავლი მის დაკეცვას, გაგავარჯიშებ, გაგწვრთნი, დაგანახებ რისკებს, გაგიზიარებ გამოცდილებას; დავრწმუნდები, რომ შენს უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება და მხოლოდ ამის მერე დაგრთავ ნებას, თავად გადაწყვიტო – გინდა გადახტომა თუ არა.

პრობლემა, როგორც ყველა სხვა ამბავში, აქაც ჩნდება – როდის დავიხიო უკან, როდის მივხვდე, რომ ჩემი, როგორც მენტორის როლი უნდა შევზღუდო, როდის დავიწყო „მისითღა მაყურებელი თვალებით ყურება“ და როდის მივცეთ შვილებს მეტი და სრული თავისუფლება ისე, რომ ჩვენი როლი შევასრულოთ.

მშობლის როლური უკან დახევა შვილის სიმწიფის პირდაპირპროპორციული უნდა იყოს. მაგრამ როგორ მომწიფდება შვილი, თუ მშობელი მხოლოდ მენტორია და მიაჩნია, რომ საკმარისად არ გაზრდილა მისი პირმშო? ეს ურთიერთდაკავშირებული კითხვები და მოქმედებებია. ამიტომ აქაც, მშობელს სამაგალითო, ბიბლიური სიფხიზლე მოეთხოვება.

შვილთან დროის გატარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ურთიერთობების ჩამოყალიბების საქმეში, მაგრამ როდესაც მშობელი მხოლოდ შვილის ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას და მთელ პირად დროს მხოლოდ ბავშვებთან ატარებს, მხოლოდ მათთან მეგობრობს და შვილებისთვისაც თავადაა საუკეთესო მეგობარი, ამით უნებურად დამოკიდებული ხდება შვილებზე და ბავშვებსაც იმგვარად მიიჯაჭვავს ხოლმე, რომ ორივესთვის სოციალური რეალიზაციისა და გართობის ერთადერთი საშუალება შიდა ოჯახური ურთიერთობებია. ეს აუცილებლად წარმოშობს გაუგებრობებსა და პრობლემებს, ძირითადად შვილებში.

იუნგი წერდა, რომ ადამიანის ინდივიდუალიზაციის გზაზე (რაც აუცილებელია და ძალიან ჰგავს კემპბელის გმირის მოგზაურობას) ბავშვობის ხანა უმნიშვნელოვანესია, სადაც მშობელი შვილისთვის ბარიერი კი არა, თანამგზავრი უნდა გახდეს. როგორც ავტორიტარი მშობელია ბარიერი, ასევე მშობლის როლზე უარის მთქმელი მშობელი აფერხებს ბავშვის სწორ განვითარებას. ინდივიდუალიზაციის დროს, შვილი გეგმაზომიერად ამცირებს ფიზიკურ, ემოციურ დამოკიდებულებას მშობელზე და ხდება სრულფასოვნად დამოუკიდებელი, რასაც ხელს მეგობრულ ურთიერთობაზე უარის მთქმელი ან მხოლოდ მეგობრულ კავშირზე (მშობლის როლის უარყოფით) წამსვლელი მშობლები უშლიან.

ინდივიდუალიზაცია მთელი ცხოვრების პროცესია, მაგრამ ბავშვობაში შეჩერებული განვითარება ზრდასრულობაში გასავლელ გზასაც აფერხებს. თუ მე შვილს ბავშვობაში, მოზარდობაში, თინეიჯერობაში ერთნაირად „ვძალავ საიდუმლოებებს“ და აღარ ვუტოვებ პირად სივრცეს, მას გაუჭირდება სრული ინდივიდუალიზაცია და ოდესმე მაინც მოინდომებს კონფიდენციალურობის დაცვას ჩვენგან და ამას გააკეთებს შეცდომებით (გაიხსენეთ მეგობრებიც, ვინც ჩვენს პირად სივრცეში ძალიან იჭრებიან, გვღლიან და მათთან არაცნობიერად დისტანცირებას ვცდილობთ).

ბავშვის ან უფრო მეტად ბავშვობაში დათმობილი და ვერგავლილი განცალკევების პროცესის საკომპენსაციოდ, „მეგობარ“ მშობელსა და შვილს შორის კონფლიქტები მოგვიანებით მაინც მოხდება, ან კონფლიქტს უკვე ზრდასრული ადამიანი დაიწყებს ყველა იმ ავტორიტეტთან, რომლებიც მის ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში გამოჩნდება (ცნობილი ადამიანები, დღის წესრიგი, ისტორიული ფიგურა და ასე შემდეგ).

მშობლების ნაწილს, სხვადასხვა მიზეზების გამო მაინც გაუჭირდება, უარი თქვას შვილთან ურთიერთობის არჩეულ სტილზე, როდესაც ის ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობას ბავშვთან ერთადვე ინაწილებს, მაგრამ საკითხი დასაფიქრებელია. ალბათ უნდა გავიხსენოთ მაგალითები ჩვენ ირგვლივ, დავაკვირდეთ სხვასაც, ვკითხოთ აზრი გამოცდილ პედაგოგებსა თუ ფსიქოლოგებს და ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, რათა უარყოფითი შედეგი არ მივიღოთ შვილებისთვის და საკუთარი თავებისთვისაც.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“