სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მოსწავლეების ხელნაწერები

თეკლა, ნაწერი ისე შეგეცვალა, ძლივს გიცანიშენ ცნობ ჩემს ხელნაწერს?

ჩემი აზრით, შენს ხელნაწერს ვცნობ! კალიგრაფია ადამიანს გამოხატავს როგორია იმ დროს, რა ხასიათზეა ან როგორ ასრულებს დავალებას. სწრაფად წერს, მალე უნდა მორჩეს და ზედაპირულად ასრულებს დავალებას თუ თავის აზრებს ვერ ეწევა. ახლაც სხვანაირად ვწერ. ყოველ ორ წუთში მეცვლება წერის მანერა. ჩემი კალიგრაფია იზრდება  whith me“.

ეს მიმოწერა ზუსტად მაშინ ვიპოვე, როცა სტატიის დასაწყისზე ვფიქრობდი. გვიან ღამით ჩემი მერვეკლასელი შვილის (თეკლა ჩემი მოსწავლეა) ქართულის რვეული გადავშალე. მაინტერესებდა, როგორ გაართვა თავი საკმაოდ რთულ დავალებას და უეცრად ჩემი განმავითარებელი კომენტარის პასუხად მისი ჩანაწერი ვიპოვე. მოზარდი გოგოს ფიქრები ხელნაწერებზე ჩემს სათქმელს  თამამად გამოხატავდა.

ხშირად ჩაძინებამდე თვალწინ ბავშვების ხელნაწერები გამიელვებენ ხოლმე. მშვენიერი წამებია, ბავშვების სახეები და ხელნაწერები ერთმანეთს რომ ენაცვლებიან. წერის მანერით თითოეულს ვცნობ, რაც მათ ინდივიდუალიზმს სძენს.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მშობლები  შფოთავენ, თუკი ბავშვი ლამაზად არ წერს. მე კი ვფიქრობ, არ ღირს ამაზე დარდი. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობასა და შრომისმოყვარეობას არ უნდა მივაჩვიოთ და ზედაპირულობისკენ უნდა ვუბიძგოთ. დაფიქრებულხართ, რას გრძნობს ბავშვი იმ დროს, როცა კალმით ასოების გამოყვანას ცდილობს? როგორც თეკლა წერს, ზოგჯერ აზრები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ფურცელზე გადმოტანას ვერ ასწრებო. ბავშვები ლამაზად წერას ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით. ამ დროს კი პასუხად მოელიან უარყოფით შეფასებას, კრიტიკას, უკმაყოფილებას.
სულ რომ არაფერი ვუთხრათ, სხეულის ენითაც კარგად მიხვდებიან, რამდენად მხარს ვუჭერთ მათ. კალიგრაფიასთან დაკავშირებით მშობლისა და მასწავლებლის მხრიდან მუდმივ შენიშვნას შედეგად მოჰყვება გულაცრუება. როგორც წესი, ამ დროს ბავშვები თავს არწმუნებენ, რომ “ცუდად წერა” ცუდად აზროვნებას, წერილობით აზრის ვერგამოხატვას გულისხმობს, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეაქვთ და, დიდი ალბათობით,  ეს შემოქმედებით პროცესზეც აისახება. დავალებას შეასრულებენ, ოღონდ არა დიდი სიხარულითა და კეთილი ნებით, არამედ, ვალდებულების მოხდის მიზნით.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დრო – დღეს ბავშვები როგორ გარემოში იზრდებიან. ტექნოლოგიების ჭარბად შემოჭრა ნებელობას ასუსტებს. თითის ოდნავი შეხებით მყისიერად ასრულებენ მოქმედებას. კალმისა და ფანქრის გამოყენებას კი გაცილებით მეტი დრო სჭირდება, რაც მასწავლებლებმა და მშობლებმა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
სკოლამდელი განათლების როლიც გამოსაკვეთია. საინტერესოა, რამდენად ხშირად ძერწავდა, აფერადებდა, ხატავდა, მაკრატლით ჭრიდა ბავშვი ბაღის ასაკში? წვრილი მოტორიკის განვითარებისთვის რა გააკეთა მშობელმა თუ ბაღის მასწავლებელმა?

თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ლამაზი ხელნაწერის აუცილებელ წინაპირობად წვრილი მოტორიკის განვითარებაც არ არის საკმარისი.

ხშირად ვფიქრობ, რატომ ხდება ისე, რომ ერთ კლასში ზოგი ულამაზესად წერს, ასოებს ქარგავს, ზოგის ასოები კი აცაბაცად გამოიყურება.
“ხასიათი ბედისწერაა” ამოვიკითხე კარლოს ლუის საფონის რომანში “ქარის ჩრდილი”. მეც ასე მგონია, ხელნაწერი არის თითოეული ჩვენგანის ხასიათის გამოვლინება. ვფიქრობ, მთელი ჩვენი ბავშვობა არის დაშრევებული ხელნაწერში. გაიხსენეთ, როგორ ისწავლეთ წერა, როგორი ბავშვობა გქონდათ, როგორ იცვლებოდა თქვენი ხელნაწერი ასაკთან ერთად. ბავშვობასთან მიბრუნება თქვენი შვილებისა და მოსწავლეებისადმი მეტად შემწყნარებელს გაგხდით.

კიდევ ერთ საკითხი უნდა გამოვკვეთოთ, კერძოდ, სწრაფად წერა. როგორც 13 წლის გოგო წერს, კალიგრაფია იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ხშირად და  სწრაფად ვწერთ.
იაპონიაში კალიგრაფია ხელოვნების დარგად მიიჩნევა და ფუნჯებით ხატავენ იეროგლიფებს. როგორც ჩანს, იაპონელ მასწავლებლებს მეტი დრო აქვთ მოსწავლეებთან კალიგრაფიაზე მუშაობისთვის. ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა არ არის მორგებული იმას, რომ ხელნაწერის დახვეწას დიდი დრო დავუთმოთ. ძირითადად, პირველ კლასში მთავრდება ეს პროცესი. ვფიქრობ, ხელნაწერზე მუშაობას მეტი დრო რომ დაეთმოს, უფრო ლამაზად წერას შევძლებდით. ცხადია, ეს კეთილ ნებაზე უნდა იყოს დამყარებული. პროცესით სიამოვნება უნდა მიიღოს მოსწავლე-მასწავლებელმა და მშობელმაც დასჯის ნაცვლად სწორი დამოკიდებულება უნდა გამოიჩინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწყებით კლასებში დაწერენ ლამაზად, სუფთად, საბაზო-საშუალო საფეხურზე გადასვლისას კი წერითი დავალებებისადმი უარყოფით დამოკიდებულებას გამოავლენენ.

აქვე უნდა აღვნიშნო, “სუფთად წერის”, ანუ შეცდომების, როგორც ხშირად ვუწოდებთ, “გადაჯღაბნილების” გარეშე წერის მოთხოვნა შემოქმედებითი პროცესისა ასევე ხელისშემშლელი შეიძლება აღმოჩნდეს. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, როგორი მცირე დრო გვაქვს გაკვეთილისთვის და რამდენი მიზანია მისაღწევი. ბავშვმა რომ ნელა წეროს, მუშაობის პროცესს ჩამორჩება. რაც შეეხება საშინაო დავალებას, თუკი ყურადღებას გავამახვილებთ პასუხისმგებლობაზე, დროსთან ერთად მათი წერითი დავალებების ხარისხიც დაიხვეწება.

მთავარია, ბავშვი წერისადმი დადებითად განეწყოს, შეცდომის დაშვების შიში არ ჰქონდეს, საკუთარი ნაშრომის რედაქტირება და წერის პროცესით ტკბობა ვასწავლოთ, პარალელურად, ლამაზად წერისკენ ვუბიძგოთ და თუკი მაინც წვრილი, მობრეცილი ასოებით წერას განაგრძობს, მთელი გულით შევიყვაროთ მისი ნაწერი. ვუთხრათ, რომ მათ ხელნაწერს ბევრი სხვა თანატოლის ხელნაწერებს შორის სწორედ მისი უცნაური წერის მანერით ვცნობთ. ხელნაწერზე ყურადღების გამახვილებით წერისას ფსიქოლოგიური ბარიერები არ შევუქმნათ.

ერთ დღეს მერვეკლასელებს შევთავაზე პატარა ფურცლებზე წერილობითი კომენტარები დაეწერათ, სახელი და გვარი კი არ მიეთითებინათ. მე კი მათი ვინაობა ხელნაწერის მიხედვით უნდა გამომეცნო. შედეგმა ყველა გაგვაკვირვა. ბავშვების უმრავლესობის ხელნაწერის ვინაობა ადვილად გამოვიცანი და მერე კი თავგზა ამებნა – სხვადასხვა ბარათზე დაწერილი ასოები ერთმანეთს დაემსგავსნენ. ზარიც დაირეკა. ბარათები მოვაგროვე და საკლასო ოთახი იმედგაცრუებულმა დავტოვე. ერთი ბიჭი დერეფანში შემხვდა და ნაწყენმა მომაძახა, როგორ ვერ გამოიცანით ჩემი ნაწერიო. მერე სათითაოდ დავაკვირდი და ამ პატარა ბარათებიდან ნაცნობი ხმების მოსმენა დავიწყე. ამჯერად უფრო მეტი ბავშვი ამოვიცანი.

აი, რას მეტყველებენ ხელნაწერები მოსწავლეზე:

  • წერის როგორი სტილი აქვს;
  • იყენებს თუ არა იუმორს, თვითირონიას, მხატვრულ ხერხებს, შორისდებულებს, პუნქტუაციას;
  • ნაწერის ტონით კი განწყობის, ხასიათის ამოცნობაა შესაძლებელი.

ამ ყველაფერზე დაკვირვება ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც ძალიან სახალისო და ემოციური იყო.

იგივე აქტივობა შევთავაზე მეექვსე კლასს და ამჯერად ყველა ხელნაწერის ავტორი გამოვიცანი. შემაჯამებელი წერისთვის დაფაზე ჩაღრმავებული კითხვის სქემას ვამზადებდი. ამასობაში ბავშვები პატარა ბარათებზე 5-წუთიან ჩანაწერს წერდნენ. განწყობისთვის მუსიკა ჩავურთე. ალექსს ბარათების აგროვება დავავალე. სანამ ისინი მუშაობდნენ, მე მასწავლებლის მაგიდაზე ბარათები გავშალე, სათითაოდ ვაკვირდებოდი და ვცდილობდი ხელნაწერის ვინაობის გამოცნობას. რამდენიმე მათგანის ნაწერი სტატიაში დავიმოწმე იმის საჩვენებლად, თუ რის მიხედვით ამოვიცანი თითოეული:

“ჰეი! მე ვარ ****** მიყვარს ******** და ვარ ****** მიყვარს როდესაც გარეთ ვთამაშობ. მიყვარს კატები და ა.შ.შ. ნეტა ვინ ვარ?“ – სანდროს წვრილ ასოებს ადვილად ვცნობ და თან მხოლოდ ის იყენებს უცნაურ პიქტოგრამებს.

 

„გამარჯობა, ლელა მას. ძალიან გახარებული ვარ. ახლა მზე მიჭყუტუნებს. შესანიშნავი მუსიკა ისმის. რა კარგია, როცა ნისლი არ არის. მთელ ქალაქს ვხედავ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა. ეს ქვეყანა, როგორც ერთ-ერთმა მწერალმა თქვა, ქვაბს ჰგავს, რადგან ჩაღრმავებულია“. – ნატალის ოთხი წლის განმავლობაში ყველასგან გამორჩეული ხელნაწერი ჰქონდა. ამ ბოლო დროს კი მკვეთრად შეცვალა ასოების მოხაზულობა, თუმცა, ჯერ კიდევ იცნობა ნატალის წერის სტილი. ამჯერად ბოლო წინადადებამ, წიგნიდან მოყვანილმა პერიფრაზმა, მიმახვედრა მისი ვინაობა.

 

„ჩვენი ლელა მასწავლებელი შეეცდება, რომ გამოიცნოს ჩვენი ხელ+ნაწერები. ჩემი აზრით, ჩემს ხელ ნაწერს ვერ გამოიცნობს ლელა მასი. თუ გამოიცნო, გამიკვირდება. იმედია ბევრს გამოიცნობს, მაგრამ ჩემსას ვერ გამოიცნობს. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გამოიცნობს“. – როგორც წესი, საბა ვრცელ ტექსტებს არ წერს ხოლმე, რაც თავგზას მიბნევს. მერე ასოებს ვაკვირდები და ხელნაწერიდან საბას სახე ამონათდა. ეს შენ ხარ-მეთქი, ბარათს ვაჩვენებ და არასდროს დამავიწყდება, როგორ გაებადრა სახე.  საბა წერს, 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ მასწავლებელი ჩემს ნაწერს ვერ გამოიცნობსო და ამ კომენტარს მნიშვნელოვან გზავნილად ვიღებ,  ვხვდები, რომ მეტი ყურადღება უნდა მივაქციო მას. ორი კვირის წინ საყვარელი ილუსტრაციის კლასისთვის გასაცნობად ანტონ ჩეხოვის „კაშტანკა“ მოიტანა. ვთხოვე, წავიკითხავ და დაგიბრუნებ-მეთქი. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სწორედ ეს იქნება, საბას ნათხოვარი წიგნის წაკითხვა და მისთვის შთაბეჭდილებების გაზიარება.

 

„გამარჯობა, ახლა ძილის მეტზე არაფერზე ვფიქრობ. გარეთ ვერ გაიგებ, როგორი ამინდია. ცის ნაწილი მოწმენდილია, ხოლო ნახევარი მოღრუბლულია. დღეს კოსმეტიკა (ტუში, ლაინერი, ჰაილაითერი და გლოსები) მოვიტანე“. – ნატალის ხელნაწერზე დაკვირვება არც დამჭირვებია, რადგან დიდი ხანია შევამჩნიე, როგორ დაატარებს სკოლაში კოსმეტიკით გაძეძგილ პატარა ჩანთას და მისი მწვანე ტუშით რაღაც კონკურსს აწყობენ ხოლმე.

 

„ Hellow. ახლა კლასში სიხარული სუფევს. ლელა მასმა თავისი საყვარელი ანიმეს მუსიკა ჩაგვირთო. შემაჯამებელი უნდა ვწეროთ. დღეს ამ კლასიდან ოთხი ბავშვი ძალიან ბედნიერია. სახელსა და გვარს არ დავასახელებ. ლელა მასის სვიტერი მომწონს. ის ჩემს ნაწერს ყოველთვის ცნობს. ამიტომ არა მგონია, ახლა ვერ იცნოს. კარგი, ნახვამდის!!!“ – მარიამი მართალია. მისი ხელნაწერს ადვილად ვცნობ, რადგან ძალიან ხშირად მწერს წერილებს. გარდა ამისა, სასვენი ნიშნების გამოყენების წესებს კლასში ყველაზე კარგად მარიამი ცნობს.

„ბოლო გაკვეთილია. მასწი სიმღერას რთავს განწყობისთვის. გარეთ ქარია. დილით თოვდა. შემაჯამებლისთვის ვემზადებით ყველა. ნიკა სკამზე ტრიალებს (პროწიალებს). ყველა გასუსული წერს, როგორც ძაღლი ჭამის დროს.“ – ნინას შედარებების დედოფალს ვუწოდებ ხოლმე და ადვილად ვხვდები მის ვინაობას.

 

„დღეს ქარია. არადა ეზოში ჩასვლა მინდა. კარგ ხასიათზე ვარ. კარგი დღე მაქვს. მზე „გმირი ღამის ავტობუსს“ ანათებს და ძალიან ლამაზია. ყველა ალექსის ეძახის, რომ წერილი აკრიფოს. ყველა ფაციფუცობს – ეს ჩემი გამოგონებული სიტყვაა. ლელა მასწავლებელი ძალიან ლამაზი მაისური აცვია. ძალიან მომწონს. კარგი, ახლა წავედი.“ – თამარი ამ ბოლო დროს ისე ლამაზად წერს, შეიძლება, გამჭირვებოდა ამოცნობა. ამჯერად სიტყვა „ფაციფუცის“ ამბავი გამახსენდა. ერთხელ, საშინაო დავალებებს რომ კითხულობდნენ, სახალისო ვიქტორინისთვის საკვანძო სიტყვებს ვიწერდი და სწორედ მაშინ გავამახვილეთ ყურადღება თამარის მიერ გამოყენებულ სიტყვა „ფაციფუცზე“. ეს აღმოჩნდა თამარის ვინაობის გამორკვევის გასაღები.

 

„ჰეიიი, როგორ ხართ? ახლა ყველა პატარა ფურცელზე 5 წუთიან ესეს ვწერთ. მიყვარს „ესეების“ წერა. გარეთ მზე კაშკაშებს. მიყვარს ასეთი ამინდები. თან დღევანდელ დღეს შეეფერება. რა საოცარი დღეა!“ – ეს ელენეა. შორისდებულებით ხშირად იწყებს ხოლმე წერას. თან მისი ხალისიანი, სიყვარულით სავსე ბუნება ისეა გაცხადებული, რომ ელენეს განწყობა გადამდებად მოქმედებს და ვეთანხმები, რომ საოცარი დღეა.

 

ამრიგად, მოსწავლეების ხელნაწერებთან ურთიერთობა უზომოდ საინტერესო, ამაღელვებელი პროცესია. დროდადრო ხელნაწერების ვინაობის გამოცნობანას თამაში ორმხრივად სასარგებლოა, მასწავლებლები ვხედავთ, ვის უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება, მოსწავლეები კი დიდი სიხარულით ივსებიან, როცა სიტყვებით, ფრაზებით, ხასიათით, წერის სტილით, ასოების მოხაზულობით შეგვიძლია მათი ამოცნობა. ვფიქრობ, ნებისმიერ წერით დავალებასა და ხელნაწერს უფრო გააზრებულად და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.

სტატიის ბოლოს გიზიარებთ ხელნაწერთა ინსტიტუტის მკვლევრის, ნესტან ბაგაურის, მოსაზრებას ბავშვისთვის  წერის სწავლების შესახებ. ერთხელ მას რჩევა ვკითხე და დიდი გულისხმიერებით გამიზიარა საკუთარი გამოცდილება და შეხედულებები:

„ლამაზად წერა სტრესი შეიძლება იყოს მაშინ, როცა ეს არის ისეთი დავალება, როგორიცაა: ამოცანის ამოხსნა, ინგლისურის წესის დაზეპირება და სხვა. თუკი ბავშვებს კალიგრაფიას მივაწვდით არა როგორც სუფთა წერას, არამედ როგორც თვითგამოხატვის შესაძლებლობასა და ხელოვნებას, ეს სრულიად სხვა სამყაროში აღმოაჩენს მათ.

თუ დავაწერინებთ, მაგალითად, სიტყვა „ქარს“ და მათი ემოციის გათვალისწინებით, ასოები მიქნეულ-მოქნეული თავ-ბოლოთი იქნება მიმოფანტული თუნდაც მთელ გვერდზე და არა უჯრებში, სწორ ხაზზე და მინდვრების დაცვით, შემდეგ კი დავაწერინებთ, მაგალითად, „მინდორს“ ან სხვა განსხვავებული ხასიათის სიტყვას, ნახავენ, რომ დაწერეს ისე, როგორც უნდათ და ეს უკვე თავგადასავალია;

თუ წერისას შევიტანთ სიძველეს: მელანს, კალამს ან პასტელებით რამდენიმე შრედ დაფერილ ფენას შევთავაზებთ და ასოებს ამოკაწრავენ, თუ საზედაო ასოებს დაამსგავსებენ ჩიტებს, ყვავილებს, მთვარეს, ზღვას ან სულაც ბურთს და ამას მათივე ხელით გაკეთებულ თიხის ნაძვის ხის სათამაშოზე დაიტანენ საღებავებით, ფერადი თვლებით – მაშინ ეს იქნება დღესასწაული; თუ მაქმანებითა და მუყაოთი შექმნიან მისალოც ბარათებს – ესეც თავგადასავალია“.

ნესტანის რჩევებზე დაყრდნობით, გადავწყვიტე, მოსწავლეთა ასაკის შეუზღუდავად, მეტი დრო დავუთმო ქართულ ანბანს და როგორც მკვლევარი გვირჩევს, თითოეული ასოს მოხაზულობა ბავშვებისთვის თავგადასავლად ვაქციო. თუკი ხელნაწერს ვერ დავხვეწთ, მშობლიური ანბანისადმი სიყვარულს გავაღვივებთ. მთავარია, ბავშვისთვის ლამაზად წერა შფოთვასა და დაბალი შეფასების მოლოდინს არ უკავშირდებოდეს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“