ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
18 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

ტესტის ვალიდობა (ნაწილი პირველი)

0

ტესტი – როგორც ცოდნის შეჯამების მექანიზმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა განათლებაში. როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების შეფასების მექანიზმად ხშირად ტესტი გვევლინება.

სოციალურ მეცნიერებებში ტესტის აგების, მისი მიზნობირობის და ვალიდობის საკითხებზე უამრავი ლიტერატურა იძებნება. ამ ინსტრუმენტის გამოყენება არც თუ ისე მარტივია და დიდ რისკებსაც შეიცავს – არასწორად დაგეგმილმა პროცესმა, არარელევანტურად შერჩეულმა ტესტის დებულებებმა და ფორმამ შესაძლოა შედეგის სანდოობა დააყენოს ეჭვქვეშ. სტატიების ამ ციკლში მიმოვიხილავთ ტესტის აგებისა და ვალიდობის ზოგად პრინციპებს, რაც შესაძლოა დაეხმაროს მასწავლებელს (ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს) უკეთ წარმართონ ტესტის აგებისა და გამოყენების პროცესი.

ლიტერატურის ანალიზისას შევნიშნავთ, რომ ტესტებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის კვლევების შედეგები ძირითადად თავმოყრილია სახელმძღვანელოებში, რაც იძლევა მათი ფართოდ განხილვის შესაძლებლობებს. განსაკუთრებით გამოირჩევა ამერიკული საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცე – ადგილი, სადაც ფორმალიზებული სახელმწიფო შეფასებები ხშირია, შეფასების ინსტრუმენტების გამართვასთან დაკავშირებითაც ბევრი კვლევაა ჩატარებული.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი გადაწყვეტს შემაჯამებელი დავალების ერთ-ერთ სახედ ტესტი გამოიყენოს, პროცესის მომზადება იწყება დაგეგმვის ეტაპიდან. მკვლევრები გვირჩევენ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • განვსაზღვროთ ტესტის მიზანი – მაგალითად, კონკრეტული ცოდნისა და უნარების შემოწმება;
  • განვსაზღვროთ ტესტის სპეფიციკა;
  • შევარჩიოთ ტესტის შინაარსი;
  • კოლეგებთან განვიხილოთ ტესტის ფორმა;
  • დავწეროთ ტესტის დებულებები;
  • დებულებები ავაწყოთ ტესტის შერჩეული სტრუქტურის შესაბამისად – მაგალითად, შესავალი ნაწილის კითხვები, ძირითადი ნაწილის დავალებები და შეჯამების ტიპის დავალებები;
  • განვსაზღვროთ ტესტის წერისთვის აუცილებელი დრო;
  • დავგეგმოთ ტესტის შეფასების ნაწილი – რუბრიკა / რუბრიკის განხილვა მოსწავლეებთან.

რაც შეეხება ტესტის ვალიდობას, ლიტერატურაში მიუთითებენ, რომ ვალიდობა ტესტთან მიმართებით დამოკიდებულია ტესტის გამოყენების თავისებურებებზე. ტესტის განსხვავებულმა გამოყენებამ შეიძლება სხვა შედეგები წარმოაჩინოს, ვიდრე პირველ შემთხვევაში.

სანამ ვალიდობის საკითხს უფრო სიღრმისეულად შევეხებით, უნდა აღინიშნოს, რომ განათლებაში, და კონკრეტულად ამ სტატიების ციკლში, ტესტებთან მიმართებით ჩვენ ვფოკუსირდებით კონსტრუქტის ვალიდობაზე. სოციოლოგიურ მეცნიერებებში კონსტრუქტის ვალიდობა აღნიშნავს თეორიულ ცნებას, რომელიც გამოიყენება ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებების და/ან ფსიქოლოგიური თვისებების აღსაწერად (კოჰენი და მორისონი, 2018). იმისათვის, რომ ტესტი ვალიდური იყოს, ოთხი ძირითადი ასპექტი უნდა დააკმაყოფილოს. ესენია:

  • შინაარსობრივი ვალიდობა – გულისხმობს იმას, რომ ტესტის დებულებები უნდა მოიცავდეს ყველა მთავარ თემას, რომელსაც მასწავლებელი სწავლების პროცესში განიხილავდა. ტესტში დაბალანსებული უნდა იყოს სხვადასხვა სირთულის ამოცანა და არ უნდა მოიცავდეს ისეთ კითხვებს, რაც არ შეესაბამება განვლილ მასალას;
  • კონვერგენტული ვალიდობა – იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს აქვს ცოდნა კონკრეტულ თემასთან მიმართებით და ტესტში აჩვენებს X შედეგს, მისი შედეგი ამავე ტიპის სხვა ტესტშიც მსგავსი უნდა იყოს. ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სკოლებისათვის, სადაც მოსწავლის წლიური ქულები რადიკალურად განსხვავდება მათი დიაგნოსტიკური შეფასების შედგებისგან.ამ ნაწილში ასევე გასათვალისწინებელია, რომ ტესტი ისე უნდა იყოს აგებული, ერთი უნარის შესაფასებლად სხვადასხვა ტიპის დავალებები დამოიყენებოდეს.
  • დისკრიმინანტული ვალიდობა – ტესტი უნდა ზომავდეს მხოლოდ იმას, რისი შეფასებაცაა მისი მიზანი. მაგალითად, ისტორიის ტესტი არ შეიძლება აფასებდეს მოსწავლის წერის უნარებს, თუ ეს მისი მიზანი არ არის. ტესტის დებულებები უნდა იყოს გამართული და მაქსიმალურად თავიდან იქნას არიდებული ბუნდოვანი/ორაზროვანი კითხვები.
  • კონკურენტული ვალიდობა – გულისხმობს იმას, რომ კარგი ტესტის შედეგები უნდა კორელირებდეს სხვა შეფასების შედეგებთან და მოსწავლეთა შეფასების შედეგები მომავალ სასწავლო ეტაპზეც უნდა ასახავდეს მათ ცოდნას (მაგალითად, მაღალი შედეგების მქონე მოსწავლემ სწავლების მომდევნო საფეხურზეც მსგავსი შედეგი უნდა აჩვენოს).

ვალიდობასთან დაკავშირებული საფრთხეები იმდენად მრავალფეროვანია, რომ მოითხოვს პედაგოგების ან სკოლაში მოქმედი ხარისხის ჯგუფის საფუძვლიან მომზადებას, შეფასების პროცესის გამართვისა და სანდოობი უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, რთულია სტატიების ამ ფორმატში სიღრმისეულად ყველა მათგანის განხილვა, თუმცა შევეცდებით რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია შემოგთავაზოთ, რაც ლიტერატურაში ყველაზე ხშირად იჩენს თავს.

იმისათვის, რომ ტესტის ვალიდობასთან დაკავშირებული საფრთხეები მეტნაკლებად თავიდან იქნას აცილებული მნიშვნელოვანია ტესტის შემუშავებამდე მისი მიზნის განსაზღვრა და დაკავშირება სწავლების მიზანთან. კონკრეტული ცოდნის შესაფასებლად მრავალფეროვანი დავალებების შერჩევა ასევე ერთ-ერთი გზაა ტესტის ვალიდობის უზრუნველსაყოფად. მკვლევრები ასევე რეკომენდაციას უწევენ თანამშრომლობით გამოცდილებებს – მასწავლებლების ჯგუფის მიერ ერთობლივად შექმნილი ტესტები და/ან უკვე შემქნილი ტესტის განხილვა კოლეგებთან ინსტრუმენტის დახვეწის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაბოლოს, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს თავდაპირველად სურს დარწმუნდეს და გამოსცადოს ინსტრუმენტი მის დანერგვამდე მცირე ჯგუფზე პილოტირება და შედეგების ანალიზი ასევე კარგი მეთოდია ვალიდობის უზრუნველსაყოფად.

ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ტესტთან მიმართებით ყველაზე ხშირი და გავრცელებული შეცდომა ტესტის დებულებებს უკავშირდება – ბევრს დღემდე წარმოუდგენია, რომ ტესტი მხოლოდ არჩევითბოლოიანი დებულებებით შეიძლება შედგებოდეს (ე.წ. შემოსახაზი დავალებები) და მაქსიმულ ორ ღია კითხვას მოიცავდეს. კოჰენის და მორისონის აზრით ტესტი შეიძლება იყოს ზეპირი, წერილობითი, პრაქტიკული, ინტერაქციული, კომპიუტერული, დრამატული, დიაგრამული, აუდიო-ვიზუალური მასალის გამოყენებით, პრეზენტაციის, როლური და სიმულაციური აქტივობის სახით. მაგალითად, ზეპირი ტესტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მკვლევარი თვლის, რომ წერილობითი ტესტი ხელს უშლის რეალური მიზნის მიღწევას.  ავტორები აქვე გვთავაზობენ ტესტში შემავალი დებულებების (ე.წ. კითხვების) სახეების აღწერას:

  • დებულებები დახურული (მრავალჯერადი არჩევითი) ბოლოებით – სწრაფი შეფასებისთვის;
  • ღია კითხვები – ანალიზისა და სააზროვნო უნარების გამოსავლენად;
  • დებულებები შესავსები ადგილებით – კონკრეტული ცოდნის შესამოწმებლად;
  • შედარებითი ან შესაბამისობის დავალებები – სხვადასხვა ცნებების დასაკავშირებლად;
  • პრაქტიკული ამოცანები – თეორიის პრაქტიკაში გადასატანად.

რაც შეეხება ტესტში შემავალი დებულებების ტიპებს, ისინი შეიძლება მოიცავდნენ:

  • თავისუფალი თემა;
  • ესსე (სხვადასხვა ტიპის);
  • კითხვები მოკლე პასუხებით;
  • შემოქმედებითი, სააზროვნო დებულებები;
  • დასასრულებელი დებულებები;
  • კითხვები მრავალი არჩევითი პასუხებით;
  • შესაბამისობის დებულებები;
  • დასასრულებელი წინადადებები და/ან დასასათაურებელი დიაგრამები;
  • გამოტოვებული სიტყვების ჩასმა;
  • ჭეშმარტია/მცდარიას ტიპის დებულებები;
  • ღია კითხვები, სადაც მოსწავლეს მიეთითებათ პასუხის მოცულობა.

 

სტატიის მომდევნო ნაწილში შემოგთავაზებთ კონკრეტულად რამდენიმე ტიპის ტესტის დებულებების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

 

 წერა უფრო ადრე გაჩნდა თუ კითხვა? სერიიდან ,,სწავლის ძირი”

0

მასწავლებლები ორ დიდ ჯგუფად იყოფიან: 1. ვინც ფიქრობენ, რომ ჯერ წერა გაჩნდა და შემდეგ – კითხვა, 2. ვინც პირიქით ფიქრობენ: ჯერ კითხვა გაჩნდა და შემდეგ – წერა.

მე მეორე ჯგუფში ვრაცხ თავს, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანს ბუნების მიერ მოცემული იმდენი ნიშანი აქვს ამოსაკითხი, რომ…

მაგრამ დღევანდელობამ ამ დაყოფას უკვე აზრი დაუკარგა და პირველ ჯგუფს არსებობის არგუმენტიც გამოაცალა, რადგან დღევანდელი წერა თავისთავად ჯერ კითხვას მოითხოვს — კლავიატურაზე დასაჭერად (ანუ დასაწერად) ჯერ ასო უნდა ამოვიცნოთ, ამოვიკითხოთ.

მაგრამ… ეს პროცესი იმდენად ავტომატიზირებულია, თითები ისე მექანიკურად მოქმედებენ, რომ ჩვენ კლავიატურას აღარც ვაკვირდებით და უმეტესად ჩვენს ნაწერს ვკითხულობთ — ანუ ერთდროულად ვწერთ და ვკითხულობთ კიდეც.

ვრცლად

გიორგი ჭაუჭიძე. 3….. 34. 7. წერის სწავლა სწავლებამდე – სწავლის ძირი

პირველი სურათის აღწერა – სერიიდან ,,სწავლის ძირი”

0

რა დასამალია და, ყველაზე გაუგებარ და უაზრო საქმიანობად სურათის აღწერა მიმაჩნდა, როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი. კიდევ კარგი, ბევრი არ იყო ასეთი დავალებები და დიდად არც ვბეზრდებოდი… საინტერესოა, რა იწვევდა ჩემს ასეთ ფრუსტრაციას? ალბათ, არ მესმოდა ის ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებითაც ეს დავალება უნდა შემესრულებინა და მეც მექანიკურად მივყვებოდი, ვიმეორებდი მასწავლებლისეულ წინადადებებს.

წინამდებარე წერილში, რომელიც ჩვენი სერიის ,,სწავლის ძირი” მეექვსე წერილია, სწორედ სურათების აღწერაზე ვისაუბრებთ ქვემოთ წარმოდგენილი გეგმის მიხევდით.

  • რა სურათები გვხვდება პირველი კლასის სახელმძღვანელოებში და რა მიზნით უნდა გამოვიყენოთ ისინი?
  • როგორ აღვწეროთ სურათები?
  • როგორ შევარჩიოთ, შევადგინოთ სურათები, რათა ისინი დავაკავშიროთ ფონეტიკურ და ფონოლოგიურ კომპეტენციას?
  • სურათებისა და აქტივობების ნიმუშები

ვრცლად 

 

ქართული პოეტური გამოცდილება და ფშუტე ამბიციურობა

0

ადამიანის თვითგამოხატვის ფორმებს შორის პოეზია საუკეთესო საშუალებაა ინტერნალური ამბოხისთვის და პროტესტისთვის, რომელიც ახალგაზრდულ ასაკში იჩენს ხოლმე თავს, ამ დროს ჩნდება ერთგვარი უმოტივაციო პროტესტი არსებული წესრიგისადმი და, ამ შემთხვევაში, ლიტერატურული წესრიგისადმი. რაღაც ამდაგვარი მეც მჭირდა ახალგაზრდულ ასაკში და მაშინდელ ლექსებშიც პროეცირდა ეს ყოველივე, თუმცა ეს, სხვებივით, არასოდეს გადამსვლია ოიკოფობიაში და ჩვენი დიდი ლიტერატურული წარსულის ლანძღვა-გინებაში.

ამ თითქმის ოცი წლის მანძილზე, რაც ლიტერატურულ პროცესებში (როგორც წესი, დისტანციის დაცვით) ჩართული ვარ, უამრავი ამბოხებული ახალგაზრდა პოეტი მინახავს, რომლებსაც ძალიან რადიკალური მიზანი – ქართული პოეტური ესთეტიკის და წესრიგის დეკონსტრუქცია ჰქონდათ დასახული. მრავალწლიანი, წინასწარვე განწირული, კოლიზიების მერე ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ დაანება წერას თავი და კაცმა არ იცის, ახლა სადაა, ზოგიერთი კი დანებდა და მიჰყვა ლიტერატურულ დინებას.

ღრმა არქაულ საწყისებში ფესვგადგმულ ჩვენს ფოლკლორულ პოეზიას რომ თავი დავანებოთ, ქართველი მეცნიერების საფუძვლიანი მტკიცებით, ქართული საერო პოეზია წინარექრისტიანული ხანიდან იღებს სათავეს, ქრისტიანობამდე ჩვენში უკვე არსებობდა საერო პოეზია და მკაცრად ჩამოყალიბებული ვერსიფიკაციულ-მეტრული სისტემა (თუმცა ქრისტიანობის შემოღებასთან ერთად, რომელიც ყველაფერი წარმართულის მოსპობას გულისხმობდა, ეს პოეზია განადგურდა). ამისი დასტურია, მეოთხე-მეხუთე საუკუნეებიდან მოყოლებული, თარგმნილ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში ჩართული საერო ლექსითი ციტატები, რომლებშიც, სასულიერო პოეზიისგან განსხვავებით, მეტრი მყარად არის ორგანიზებული, ანუ უკვე არსებობდა სალექსო სისტემა და ამ ციტატების სახით ამ სისტემის ცალკეული ერთეულების რეციდივებთან გვაქვს საქმე. იმის თქმა მინდა, რომ მინიმუმ ოცსაუკუნოვანი ქართული საერო პოეზიის – ამხელა მონსტრის, რომელიც ასეულობით მეტრულ ერთეულს და რიტმული მოდულაციის ფართო პოტენციალს შეიცავს – დეკონსტრუქცია როცა გაქვს განზრახული, ეს გრანდიოზული პოეტური გამოცდილება ათვისებული და დაძლეული უნდა გქონდეს, რომ რამე ახალი შექმნა. როცა მხოლოდ ორი ყბადაღებული ფორმა – უკეთეს შემთხვევაში, ყველაზე გავრცელებული რიტმით (რომელიც მცირე და დიდბესიკურის, ლოგაედური ათმარცვლედის და მეორე პეონურ-დიქორული და ლოგაედური კომბინაციებით კონსტრუირებული რამდენიმე მეტრული ერთეულის მოდულაციებს გულისხმობს) დაწერილი ვერლიბრი და, უარეს შემთხვევაში, სრულიად ურიტმოდ დაწერილი ვერლიბრი – გაქვს მომარჯვებული, ცხადია, კომიკურად უთანასწორო ამ დაპირისპირების შედეგი წინასწარვეა განსაზღვრული.

ყველა ავანგარდული თუ მოავანგარდულო პოეტური თაობა არსებული პოეტური წესრიგის დეკონსტრუქციის აგრესიული იდეით მოდის, თუმცა ღრმა თეორიული ცოდნის გარეშე ეს ამბავი წარმოუდგენელია. მაგალითად, ოციანი წლების ქართული ავანგარდული გამოცდილება ფონეტიკურ და გრაფიკულ ძიებებს ვერ გასცდა, ეს გამოცდილება თავისთავად ძალიან საინტერესოა, მაგრამ იგი თავის დროშივე კონსერვირდა და ინკუბაციის უნარი ნაკლებად აღმოაჩნდა, ამას, ცხადია, ოცწლიანმა კომუნისტურმა წნეხმაც შეუწყო ხელი, რომელიც ყოველგვარ ფორმობრივ ძიებას კაპიტალისტური დასავლეთის კულტურულ დივერსიად განიხულავდა და კრძალავდა, თუმცა ეს უამისოდაც ასე იქნებოდა, რადგან არ გახლდათ ქართული ლექსის შინაგანი, თვისობრივი გადახალისება, როგორიც გააკეთა გალაქტიონმა – მიუბრუნდა რა ვერსიფიკაციულად უკიდურესად საინტერესო და, ფაქტობრივად, აუთვისებელი ქართული კლასიცისტური პოეზიის გამოცდილებას და, ამ გამოცდილების რეცეფცია-რეგენერაციით და საკუთარი ახალი საზომების შემოტანით, რეალურად შეძლო ესთეტიკურ ჩიხში შესული ქართული პოეტური წესრიგის დეკონსტრუირება.

პ. ს. დღესაც მრავლად შეხვდებით ფშუტე პოეტურ ამბიციურობას, რომლის უკან არანაირი თეორიული ცოდნა და შესაძლებლობები არ დგას, და უმწეობით გაავებულ ამ ამბიციურობას ერთადერთი გზა დარჩენია – დიდი ქართული პოეტური გამოცდილების (თვით – რუსთაველისა და გურამიშვილისაც კი) “დაკნინება”, თუმცა ეს უსუსური მცდელობანი, ცხადია, თვითონ ფშუტე ამბიციურობასვე აყენებს კომიკურ მდგომარეობაში. სწორედ ამან დამაწერინა ეს ბლოგი.

ზვიად გამსახურდია

0

31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე იყო. იგი იმ ისტორიულ პერსონათა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა შესახებ აზრი სიცოცხლეშივე ორად იყოფა – ან ფანატიზმამდე უყვართ, ან უმძაფრესი სიძულვილით სძულთ. მისადმი ფანატიკური სიყვარული დღემდე არავითარ რევიზიას არ დაქვემდებარებია, ხოლო, სიძულვილს რაც შეეხება, ალბათ, ისევ სძულთ, სამაგიეროდ ამ სიძულვილს საჯაროდ უკვე იშვიათად გამოხატავენ და თუ გამოხატავენ – მსუბუქად და კორექტულად, რადგან, როგორც მართალ და ბედის უკუღმართობით ლაფში ამოსვრილ ისტორიულ პერსონებთან მიმართებაში ხდება ხოლმე, დრო მასზე მუშაობს: გარდაუვალია აბსოლუტური ეროვნული კონსენსუსის მიღწევა გამსახურდიას დამსახურებასთან და მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

ბავშვობაში, სამეგრელოში, ზვიადის მოძულე მე არავინ შემხვედრია (ალბათ, იყვნენ, თუმცა მე არ მინახავს), მაგრამ, როცა თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, ასეთი ხალხი საკმაოდ ბევრი შემხვდა, ორიათასიანი წლების დასაწყისი გახლდათ და ყოფილი მხედრიონელ-პუტჩისტები და მათი ჭკუარეზისტენტული ადეპტები ჯერ კიდევ ყინჩად გრძნობდნენ თავს. მათ რიტორიკაში ყოველთვის დომინირებდა ჩვენს, კვაზი-ღირებულებებზე დაშენებულ, რეალობაში გაყიდვადი დისკურსი, რომელიც გამსახურდიას კაცურ-მასკულინურ მხარეზე შეტევაში მდგომარეობდა, ხშირად იმეორებდნენ, რომ ის იყო “ქალაჩუნა”, “ქალოია”, “ცოლის ჭკუაზე მოსიარულე” და ა. შ. , ერთი სიტყვით, მისი პერსონის დისკრედიტაციისთვის “სუკის” მიერ შემუშავებულ და გავრცელებულ სისაძაგლეებს შორის ეს ხაზი აშკარად დაწინაურებული გახლდათ (აქვე ვიტყვი, რომ დღემდე ვიტალურია “სუკის” შემოგდებული კიდევ ერთი მითი – თითქოს კოსტავა გამსახურდიამ მოკლა), ამ ნარატივს ხშირად იმეორებდნენ გამსახურდიას მოწინააღმდეგე ე. წ. კულტურული ელიტის წარმომადგენლები, ზოგი პირდაპირ ამბობდა, ზოგთან კი ირიბად ისხამდა ხორცს ეს ყოველივე: საკუთარი მხატვრული ნაწარმოებების პროტაგონისტების აზროვნება-მეტყველებაში პროეცირდებოდა ხსენებული ნარატივი. არადა, რეალურად, გამსახურდიას ბიოგრაფიას თუ გადავავლებთ თვალს, შეუძლებელია ქალაჩუნა ყოფილიყო კაცი, რომელიც, სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, სამკვდრო-სასიცოცხლო კოლიზიაში იყო შესული საბჭოეთის მონსტრთან და სისხლის გამშრობი დისიდენტი გახლდათ მაშინ, როცა სხვები ან სოროებში ისხდნენ, ან საკუთარ სამზარეულოებში ჩურჩულით ლანძღავდნენ სისტემას. მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ზოგიერთ ასპექტზე შეიძლება, კონტროვერსიული მოსაზრებები არსებობდეს, მაგრამ მის პერსონასთან დაკავშირებით – არამც და არამც!

ზვიად გამსახურდია მრავალმხრივი, უკიდურესად ერუდირებული კაცი იყო: პოეტი, მეიგავე, მთარგმნელი, კრიტიკოს-ესეისტი, მეცნიერ-მკვლევარი… ამ ჰიპოსტასების უნიტარულობა ქმნის მისი პერსონის გრანდიოზულობას, ამიტომ არ ვიცი, მისი მრავალმხრივობის პარციალური განხილვა რამდენად იქნება სწორი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ გამსახურდიას პოეტური მემკვიდრეობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, განსხვავებით მისი სამეცნიერო, ესეისტური და მთარგმნელობითი მემკვიდრეობისგან. ამ ქრონოსული დისტანციიდან ქართულ მთარგმნელობით სივრცეში, რომლის ინტერესთა არეალი ლინგვისტურ-გეოგრაფიულად მკვეთრად იყო შემოსაზღვრული, ამერიკელი პოეტების თარგმნა აბსოლუტური გარღვევა გახლდათ. ამ თარგმანებში ბევრი ტექნიკური წუნია, სამაგიეროდ ეს თარგმანები ცოცხალია, ისინი სუნთქავენ (რისი მიღწევაც ასე ძნელია მთარგმნელობით ხელობაში), სწორედ ამიტომაა დღემდე კითხვადი. ამ თარგმანებმა საფუძველი მოუმზადა ოთხმოცდაათიანი წლების ქართულ პოეტურ ავანგარდს. ეს თარგმანები რიტმული თვალსაზრისითაც არის საინტერესო – ზოგადად ჩვენს მთარგმნელობით კონიუნქტურაში (რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება) მიღებული წესის თანახმად, ორიგინალში ნებისმიერი რიტმული მოდულაციით კონსტრუირებული ვერლიბრი ითარგმნება ერთადერთი ყბადაღებული რიტმული სქემით, რომელიც მცირე და დიდბესიკურის, ლოგაედური ათმარცვლედის და მეორე პეონურ-დიქორული და ლოგაედური კომბინაციებით კონსტრუირებული რამდენიმე მეტრული ერთეულის მოდულაციებს გულისხმობს. გამსახურდია კი ზოგიერთ თარგმანში ამ სქემის რევიზიას და თავისუფალი ლექსის საინტერესო რიტმულ ორგანიზებას გვთავაზობს… თარგმანებთან ერთად, მრავალმხრივად საინტერესოა მისი წერილები ამერიკელ (და – არა მარტო) პოეტებზე, ეს წერილები დღესაც დიდი ინტერესით იკითხება და წარმოვიდგინოთ, რა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მაშინდელ ჰერმეტულ ლიტერატურულ გარემოში.

*

ჩემი გამოქვეყნებული რომანის (“გველები მაზუთის გუბეებში”) პირველი ნაწილი არის კაცზე, რომელიც გამსახურდიას გულმხურვალე მხარდამჭერია, მისი დამხობის შემდეგ კი სოფლის მოსაცდელში შესახლდება, იწყებს შიმშილობას და ასე, ათწლეულების განმავლობაში გრძელდება მისი ეს ტრაგი-კომიკური დევიაცია. უკითხავთ, თუ ჰყავს ამ პერსონაჟს პროტოტიპი. პასუხი ცალსახაა: არა! ესაა კრებითი სახე გამსახურდიას მხარდამჭერი ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრებაში შემხვედრია. პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც გამსახურდია დღემდე ცოცხალი ჰგონიათ, მისი მოკვდავობის იდეის მიღება, უბრალოდ, მათ ძალებს აღემატება… და ამხელა ფანატიკური სიყვარულის ფონზე სრულიად გამაოგნებელია გამსახურდიას მხარდამჭერების ნაწილის ტრფიალი რუსეთისადმი, თან ზვიადის სახელს იფიცებენ და თან რუსეთი უყვართ. ეტრფიან სახელმწიფოს, რომელმაც მათი საყვარელი პოლიტიკური ლიდერი უკეთეს შემთხვევაში დაამხო, უარეს შემთხვევაში კი მოკლა. ამ ერთი მაგალითითაც თვალსაჩინოა, რომ ზღვარგადასული ფანატიზმი ადამიანს, უბრალოდ, აზროვნების უნარს აკარგვინებს.

პ. ს. ბავშვობაში, სოფელში, გაგანია “მხედრიონელობის” დროს, ტანსაცმლის კარადის ყველაზე მიუვალ ადგილას ერთი ჟურნალი (სახელს ვერ ვიხსენებ) ჰქონდათ შენახული ჩემს მშობლებს, ჟურნალის მთელ ყდაზე ზვიად გამსახურდიას ფერადი პორტრეტი იყო გამოტანილი, ხოლო, ასე საგულდაგულოდ იმიტომ გახლდათ შენახული, რომ “მხედრიონელები” თუ შემოიჭრებოდნენ და სახლს გადააქოთებდნენ, არ ენახათ, რადგან ნახვის შემთხვევაში უპრობლემოდ შეეძლოთ, ოჯახის მინიმუმ ერთი წევრი მაინც მიეხვრიტათ იქვე, სახლის კედელზე (უფრო მსუბუქი რაღაცების გამოც მიუხვრეტიათ ხალხი).

ევროკავშირი და მისის სიკეთეები

0

1992 წელს ევროგაერთიანებამ (შემდგომში ევროპის კავშირი) საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და მასთან თანამშრომლობა დაიწყო. ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის რეალური თანამშრომლობა 1999 წლიდან იწყება.

ევროპული ინტეგრაციის გზაზე ბევრი მნიშვნელოვანი თარიღია. მათგან აღსანიშნავია 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმებები – საქართველო-ევროკავშირის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DC FTA) შესახებ, რომლებიც 2016 წელს შევიდა ძალაში. 2017 წლიდან კი საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმით ვსარგებლობთ.

ამ რთულ და გამოწვევებით სავსე გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი 2022 წლის 3 მარტს, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებით გადაიდგა, რასაც 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მიღება მოჰყვა.

საქართველოში მიმდინარე პროცესებმა ნათლად დაგვანახა რომ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი ევროკავშირის სხვადასხვა სიკეთის შესახებ საზოგადოების ფართო მასებში ცნობიერების ამაღლების თაობაზე.  ამ სტატიას პროგრამა  Erasmus+ მივუძღვნი.

***

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა უამრავ საქართველოს მოქალაქეს მისცა საშუალება ესწავლათ ევროპულ  უნივერსიტეტებში,  შეეტყოთ ევროპული მეტი ღირებულებების, ცხოვრების წესის შესახებ, ჩართულიყვნენ არაფორმალური განათლების აქტივობებში და ა.შ.

ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამები 2014 წლამდე TEMPUS, ERASMUS MUNDUS, JEAN MONNET სახელწოდებით იყო ცნობილი. 2014 წლიდან ამოქმედდა ERASMUS+ და ინსტიტუციური განვითარების პროექტები.

ERASMUS+ საქართველოში წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებით:

  1. Erasmus Mundus ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები;

ევროპის უნივერსიტეტები წარადგენენ ერთობლივ სასწავლო პროგრამებს ერასმუსის კონკურსზე და გამარჯვების/დაფინანსების შემთხვევაში აცხადებენ სტუდენტების მიღებას. კონკურსში გამარჯვების შემდეგ, მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს უწევს სწავლა ორ და მეტ უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა ან ერთობლივი (Joint Degree), ან მრავლობითი (Multiple Degree) აკადემიური ხარისხი.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

  • ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს ბაკალავრის დიპლომი (ან არის ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე);
  • ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს არ არის საჭირო აქტიური სტუდენტის სტატუსი;
  • საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურზე მანამდე მიღებული Erasmus+ სტიპენდია დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

პრაქტიკული მაგალითი

ჩემმა მეგობარმა, გვანცა დავითელაშვილმა გაიმარჯვა Erasmus Mundus პროგრამაში, რის შემდეგაც სრული დაფინანსებით ისწავლა გლაზგოს, ტალინის და Maynooth (ირლანდია) უნივერსიტეტებში.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს: http://erasmusplus.org.ge/ka/services/jmd

  1. Erasmus+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამები – საერთაშორისო კრედიტ მობილობა (ICM);

Erasmus+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამები სტუდენტებში ძალიან პოპულარულია. წლების განმავლობაში, საქართველო იყო ერთ-ერთი ლიდერი ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის, როგორც სტუდენტების გაგზავნით ასევე მიღების თვალსაზრისით.

საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამა ფარავს ორ ძირითად მიმართულებას:

  1. სასწავლო მობილობა სტუდენტებისათვის: 2 დან 12 თვემდე;
  2. სტუდენტური მობილობა სტაჟირების მიზნით: 2 დან 12 თვემდე.

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია აქტიური სტუდენტის სტატუსი. მასში მონაწილეობა შეუძლიათ ქართული უმაღლესი დაწესებულებების სტუდენტებს მეორე კურსიდან.

მნიშვნელოვანია, რომ ერასმუს+ სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს არ შეუძლია. თქვენი უნივერსიტეტი, რომელშიც ეხლა საქართველოში სწავლობთ, არ არის Erasmus+  ICM პროგრამაში ჩართული, თქვენ ინდივიდუალურ დონეზე ამ პროგრამის კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებთ. აღნიშნულის გასარკვევად უნდა მიმართოთ თქვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების განყოფილებას.

პროგრამა, საერთაშორისო მობილობის ფარგლებში, საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ 12 თვე (მთლიანი კურსი) რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში ან ერთი სემესტრი. მეორე შემთხვევაში, სტუდენტს შეუძლია მობილობით ისარგებლოს ორჯერ, ანუ ერთი სემესტრი ისწავლოთ პირობითად ტარტუს უნივერსიტეტში მე-3 კურსზე და მომდევნო წელს კიდევ ერთი სემესტრი რომელიმე ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტში.

მობილობის ფარგლებში სრულად ანაზღაურებადია სწავლისა და მგზავრობის (საქართველო – ასოცირებული/პროგრამის ქვეყანა – საქართველო) ხარჯები. სტუდენტებს ასევე გადაეცემათ ყოველთვიური სტიპენდია 800-900 ევრომდე ევროპული (ასოცირებული/პროგრამის) ქვეყნის სიძვირის მიხედვით. საქართველოში ჩამომსვლელი სტუდენტებისთვის სტიპენდია შეადგენს 700 ევროს თვეში.

კრედიტ მობილობის პროგრამაში ჩასართავად, აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე დაინტერესებულმა პირმა უნდა:

  • მიმართოს საკუთარი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებას;
  • გაარკვიოს ხორციელდება თუ არა Erasmus+ ის გაცვლითი (ICM) პროექტები მის უნივერსიტეტში;
  • მოიძიოს ინფორმაცია შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე;
  • შეავსოს შიდა საუნივერსიტეტო აპლიკაცია;
  • გაიაროს შიდა საუნივერსიტეტო შერჩევა.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს: http://erasmusplus.org.ge/ka/services/jmd

  1. Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები.

2024 წელს და მიმდინარე წლის მარტის თვეში ორი მოსწავლე იმყოფებოდა Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

რა არის Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა?

ახალგაზრდული გაცვლები საშუალებას აძლევს ახალგაზრდულ ჯგუფებს (13-30 წელი) სხვადასხვა ქვეყნიდან შეხვდნენ და გაატარონ 21 დღემდე სხვადასხვა ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით.

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები მოიცავს:

  • სემინარებს;
  • სატრენინგო კურსებს;
  • ქსელური ღონისძიებებს;
  • სასწავლო ვიზიტებს;
  • გამოცდილების გაზიარებასა და სხვა.

ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად უნდა იპოვოთ გამგზავნი ქართული ორგანიზაცია ან დამოუკიდებლად მოიძიოთ საქართველოსთვის არსებული განაცხადები პლატფორმაზე: https://www.salto-youth.net/

2017 წლიდან შვიდჯერ ვისარგებლე ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამით, მათ შორის ორ შემთხვევაში ვიყავი ჯგუფის ლიდერი.

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ფარავს პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ შემდეგ ხარჯებს: ფრენა, კვება და განთავსება.

ევროპის სოლიდარობის კორპუსი (ESC)

ევროპის სოლიდარობის კორპუსი არის მოხალისეობის კომპონენტის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას ერთი მხრივ მიიღონ მოხალისეობრივი გამოცდილება, მეორე მხრივ გაეცნონ ევროპული კულტურასა და ქვეყნებს.

საქართველოდან ევროკავშირის მოხალისეობრივ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, 18-30 წლის ახალგაზრდამ უნდა იპოვოს გამგზავნი ორგანიზაცია და შესაბამისი ვაკანსია. ევროპის სოლიდარობის კორპუსი ფარავს პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ითვალისწინებს ე.წ. ჯიბის ფულს 300 ევრომდე.

სტუდენტური გაცვლითი პროგრამის მსგავსად, ახალგაზრდას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ერთჯერადად გრძელვადიან (6-12 თვე) ან ორჯერ მოკლევადიან (1-6 თვემდე) მოხალისეობრივ პროგრამაში.

სასარგებლო ბმულები და გამგზავნი ქართული ორგანიზაციები:

Erasmus+ ახალგაზრდებისთვის და ევროპის სოლიდარობის კორპუსი საქართველოში

ახალგაზრდული გაცვლითო პროგრამების  კალენდარი და შემოთავაზებები

ახალგაზრდული ასოციაცია დრონი

ალტერნატიული განათლების აკადემია

რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი

ახალგაზრდული ორგანიზაცია ბიტისი

ამბრელა

ProActive Group Georgia

აპრილური ამბებიდან #1

0

სასტიკი ქარია მცხეთაში. ისეთი – მგლების ყმუილი და მთვარე რომ უხდება გამჭვირვალე ღრუბლის მარლაში, მაგრამ არც მგლები ყმუიან და ღამეც თითქმის უმთვარეო გამოდგა. ძაღლები სახლში შეყუჟულან. მათ – არა, მე კიდევ მიყვარს, როცა გრიგალია, როცა მარტო ვარ და შიში მახსენდება. არადა, ეგ თითქმის აღარ არის ეგრე და განა რომ არ არის, ეგ ცუდია – არა, პირიქით. მაგრამ ის მაინც სხვა საქმეა. შიშის გახსენება. მახსენდება – თორემ ისეთ ქროლვებს დამაჯახა ცხოვრებამ, ქარიშხლის კი არა, ლამის ადამიანების ვეღარ მეშინია.

დიახ, მახსენდება. ძველი და უცნაური. მაშინ 7 თუ 8 წლის ვიყავი და ქარები დასჩემდა გურიას. უფროსების მთავარი შფოთვა ეგ მაგონდება, რომ სახურავი არ აეხადა სახლისთვის, ხოლო ჩემი მაშინდელი მთავარი ზაფრა მამაჩემი და ერთი უცნაური ლექსი იყო. აი, ის ლექსი, დედისერთას რომ მიუძღვნეს, ლენინთან. როცა, ვწვებოდი და მე მამაჩემის გვერდით ვწვებოდი, ის საგანგებო, ჩურჩულისმაგვარი ხმით იწყებდა:

“გარეთ ცივა, ქრის ქარი

მთვარე ვახშმობს მუხებში,

დახშულია ჭიშკარი,

ადევს კლიტე უხეში.

დედაბერი მიმჯდარა,

ბუხრის ახლოს კუთხეში.

თვალში ცრემლი დამშრალა,

მოხუცს ვინ სცეს ნუგეში?”

მე არ ვიცი სანდრო შანშიაშვილის ამ ლექსის მოსმენაზე მძაფრი რამ, როცა გარეთ ქარია. და ღამეა. და შენ რვა წლის ხარ. მაგრამ მერე მივეჩვიე. ძალიან მივეჩვიე. და ბოლოს ვეხვეწებოდი, რომ წაეკითხა. და ღმერთს ვთხოვდი, რომ გრიგალი ამოვარდნილიყო. და ვიყავი მშვიდი, ძალიან მშვიდი. ასე მოვათვინიერე პირველი ქარები. მამაჩემთან ერთად. მასე მერე სულ ქარში ვარ. ქარიშხლებში. ვირყევი და მტკივა. ვირყევი და მსიამოვნებს. ახლაც ეგ ამბავია. ცხადად მივხვდი, რომ ერთღამიანი და ქარიანი მარტოობა მჭირდებოდა. რომ ახლა დაკვირვების და ახალი სიმაღლეების მონიშვნის დროა. ძველი ქარები მომბეზრდა. ორი-სამი წელი გავხედნი და სხვა მივცემ აღვირს. ნელ-ნელა ახლებს მოვძებნი და დავუძახებ. მანამდე კი საღამოებს და ღამეებს სხვა სიმშვიდით ვეგებები, რადგან არის დრო ქარიშხლების გამოცდის და არის დრო ამ გამოცდების ჩაბარების. საკუთარ თავთან. თუნდაც გარეთ ნამდვილი გრიგალი ქროდეს და სახლი კანკალებდეს. მე ღიმილით გადავბრუნდები. კედელთან მამაჩემი წევს. მამაჩემი ამბობს:

“გარეთ ცივა, ქრის ქარი!”

და ყველაფერი კარგადაა“.

….

ლანა ღოღობერიძემ დამირეკა, ჩემი წიგნის და ფილმის წარდგენაა და გელოდებიო. საჯარო შეკრებებს დიდი ხანია ვერიდები, თუ ჩემი საქმის აუცილებელი ნაწილი არ არის, მაგრამ როცა ლანა გეპატიჟება – უნდა მიხვიდე. თანაც ისე დამირეკა ან უფრო უკეთ – ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს 21 წლის იყო და რომელიმეს პირველად წარადგენდა. 95 – ის გახლავთ. ეს ციფრი მოსარიდებელი კი არა, პირიქით – ხმამაღლა სათქმელია. რადგან რამდენადაც დიდია, იმდენად უმნიშვნელო, როცა ლანა ღოღობერიძეა მისი ამწევი, როცა მზექალა შანიძეა მისი დამტევი და კიდევ რამდენიმე, რომელიც საუკუნის სიახლოვეს იტრიალებს მალე. ასაკს კი არ მალავენ, ასაკი ემალებათ. ეს არის თანამედროვედ ყოფნის ნიშანი. დროის გაუქმება. ქართველობის ნიშანი კი ის არის, რომ ამხელა მანძილს სიმშვიდის დაუნჯებით კი არ გადიხარ, როგორც რომელიმე იოგი, არამედ – დიდი ღელვით. დაუცხრომელი მღელვარებაა ჩვენებური რეცეპტი უკვადავად ყოფნის, საკუთარი თავის ყოველწუთიური წვრთნა და სიცოცხლის აღვირის ასე დაუფლება. შესანიშნავი ფილმი იყო. წიგნი – მგონი კიდევ უფრო. მიხარია, რომ იქ ერთი თავი ჩემს ლექსებსაც ეძღვნება. და ბევრი თავი – პოეზიას. სანამ პოეზიას ლანას დარი ადვოკატი ჰყავს – სიკვდილი არ უწერია. არც პოეზიას. არც – ლანას.

ერთი აქტივობა და რესურსი ენობრივი განვითარების დარღვევის მქონე და სხვა  ბავშვებისათვის

0

ტიპური თუ ატიპური, ენობრივი განვითარების დარღვევის, აუტიზმის და სხვა მდგომარეობის მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის საჭიროა მრავალფეროვანი რესურსები და აქტივობები. კარგი იქნება ამ რესურსებისა და აქტივობების სასწავლო პროცესთან   მისადაგება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, აქტივობების დროს რესურსები ბავშვებს მიეწოდებოდეთ თამაშით, მულტისენსორული მეთოდებთ, სხვადასხვა სენსორული არხის გააქტიურებით.

       ქვემოთ წარმოვადგენ ჩემ მიერ მომზადებულ ქართულენოვან ბარათებს, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში შესაძლოა, არაერთგვაროვნად იყოს გამოყენებული. ბარათები შეიქმნა აქტივობისთვის:  „გამოიცან, რა ვარ“. აქტივობაში 2 ბარათი მაინც უნდა იყოს გამოყენებული თავიანთი პასუხებითურთ.

               შეკითხვაში არსებული ცნებების გააზრების შემდეგ ბავშვმა თავად უნდა ამოარჩიოს მართებულპასუხიანი ბარათის ფურცელი. პასუხის გამოცნობის შემდეგ სასურველია, მასწავლებელმა სხეულის ენით განასახიერებინოს, შემდეგ კი იქვე აჩვენოს გამოცნობილი საგანი და მოსწავლეს მასზე ხელიც შეავლებინოს, შეაგრძნობინოს მასალა, სუნი, ზომა და სხვ., ნელა და გარკვევით, რამდენიმე ბავშვის არსებობის შემთხვევაში  – ორკესტრულადაც, ინტონაციის ცვლილებით გაამეორებინოს სიტყვა-ცნება. აღნიშნული აქტივობა ბავშვებს შეხების, მხედველობით, სმენის, ვესტიბულარულ და სხვა არხებს[1] უაქტიურებს და საგნებისა და მათი აღმნიშვნელი სახელების აღქმა-დამახსოვრებაშიც ეხმარება.

 

 სურ.1

სურ. 2

სურ. 3

სურ. 4

სურ.5

სურ. 6.

 

              ვიტოვებთ იმედს, მოწოდებული სასწავლო რესურსი საგაკვეთილო პროცესს ხალისინს და აქტიურს გახდის.

 

 

 

[1] https://mastsavlebeli.ge/?p=14891

ენობრივი განვითარების დარღვევა

0

სასაწავლო დაწესებულებებში თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას უკვე თვალშისაცემია  სკოლამდელი ან  სკოლის ასაკის ბავშვების ენობრივი მდგომარეობა ან ქცევა, რომელიც ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის, ამა თუ იმ ენობრივ მდგომარეობაზე მიმანიშნებელია. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის ენობრივი განვითარების დარღვევა (Developmental Language Disorder, DLD, ეგდ), რომლის სიხშირე აუტიზმს შვიდჯერ აღემატება, თუმცა მისი არსებობის შესახებ ცოტამ თუ იცის.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, ყოველი 14 ბავშვიდან ერთს ენობრივი განვითარების დარღვევა აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი სკოლის ნებისმიერ კლასში ერთი ან ორი ასეთი მოსწავლეა. ეგდ-ს უხილავ მდგომარეობასაც უწოდებენ – უმეტესად ვერავინ ამჩნევს, რომ ბავშვს ენის გაგება ან აზრის გამოხატვა უჭირს და პრობლემა უყურადღებოდ რჩება.

ენობრივი განვითარების დარღვევა (ეგდ) 4-5 წლის ბავშვების დაახლოებით 10-13%-თან გვხვდება. ის ზოგჯერ თან ახლავს სხვა დარღვევას, ზოგჯერ დამოუკიდებლად, იზოლირებულად არსებობს. იზოლირებული დარღვევის სიხშირე 7-8%-ია და არ უკავშირდება ჩვენთვის ცნობილ რომელიმე მიზეზს ან მდგომარეობას (მაგალითად, აუტიზმს, დაუნის სინდრომს).

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანის განვითარების მეცნიერების, ნეიროგანვითარების დარღვევებისა და სპეციალური განათლების პროფესორი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ოსფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასოცირებული პროფესორი, თამარ კალანდაძე აცხადებს, რომ ინგლისურენოვან, გერმანულენოვან და სკანდინავიის ქვეყნებში შედარებით მაღალია ეგდ-ს ცნობადობაც და ცოდნის დონეც. საქართველოში მისი მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ძალიან დაბალია. უდიდესწილად ამის შედეგია, რომ ქართველი მშობლების უმეტესობა, ნორვეგიელი მშობლებისგან განსხვავებით, ეგდ-ს პრობლემად არ აღიქვამს ან არ აღიარებს. ამას კიდევ მრავალი მიზეზი აქვს. მისი თქმით, ერთ-ერთი, ალბათ, საზოგადოებაში არსებული სტიგმაა. გარდა ამისა, საქართველოში არ გვაქვს შეფასების ადეკვატური ინსტრუმენტები. ეს ყველაფერი აფერხებს, როგორც ეგდ-ს იდენტიფიცირებას, ასევე – ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას მის შესახებ. უმეტესად, სწორედ სხვა მდგომარეობებისგან დამოუკიდებელი ეგდ  რჩება შეუმჩნეველი და ასეთი დარღვევის მქონე ბავშვები სათანადო დახმარებას ვერ იღებენ.

მოუწესრიგებელია ტერმინოლოგიაც. ენობრივი განვითარების დარღვევას წინათ 130 სხვადასხვა ტერმინით აღწერდნენ ინგლისურ ენაზე. ყველაზე ხშირად მას ენობრივი განვითარების სპეციფიკურ დარღვევას (Spesific Language Impairment) უწოდებდნენ. ტერმინზე შეუთანხმებლობა ხელს უშლიდა როგორც სამეცნიერო კვლევებს, ისე პრაქტიკას. თამარ კალანდაძის თქმით, დღესდღეობით ინგლისურ, გერმანულ და ნორვეგიულ ენებში მიღწეულია კონსენსუსი, ამ მდგომარეობას ეწოდოს Developmental Language Disorder (DLD), რომელიც ენობრივი განვითარების დარღვევად ითარგმნება. თუმცა ქართული ტერმინის თაობაზე ფორმალური შეთანხმება არ არსებობს და ამ საკითხზე ჯერ კიდევ სამუშაოა.

ენა და მეტყველება

ენის მკვლევართაგან თითქმის ყველა თანხმდება, რომ  ენა ინდივიდუალურ და სოციალურ სფეროებს მოიცავს და იგი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,  რომ ენა მრავალფეროვან და მრავალსახოვან, აუცილებელ პირობითობათა ერთობლიობაა, რომელიც  ერთდროულად მიმდინარეობს ფიზიკურ, ფიზიოლოგიურსა და ფსიქიკურ სფეროებში.

ფრანგმა ფიზიოლოგმა, ქირურქმა და ანთროპოლოგმა, პოლ ბროკამ (Paul Broca)[1] 1861 წელს აღმოაჩინა, რომ მეტყველების უნარი ლოკალიზებულია დიდი ტვინის მარცხენა ჰემისფეროს მარჯვენა ხვეულში.  მან ეს არე პირველმა აღწერა  და დაასკვნა, რომ თავის ტვინის ეს უბანი გადამწყვეტ როლს ასრულებს მეტყველების არტიკულაციაში. მის მიერ აღწერილ ტვინის აღნიშნულ არეს „ბროკას არეს“ უწოდებენ. ბროკას არეს დარღვევამ შესაძლოა, გამოიწვიოს ენის პროდუქციის დარღვევა, რაც ნაწილობრივ ენის გაგების სირთულეს განაპირობებს.

ცნობილია, რომ ეს  არე მოიცავს ყველაფერს, წერის ჩათვლით, რაც მეტყველებას განეკუთვნება. ასეთი მდგენების (კონსტატაციების) კავშირი ლოკალიზაციის ცენტრებთან აფაზიის სხვადასხვა ფორმასთან ერთად აჩვენებს: 1. რომ ზეპირი მეტყველების სხვადასხვა ხასიათის დარღვევა მჭიდროდ უკავშირდება წერილობით მეტყველებას. 2. აფაზიისა თუ აგრაფიის ნებისმიერ შემთხვევაში, ცნობიერებაში სამეტყველო ქმედების მოწესრიგებული ნიშნების გამოწვევის უნარი უფრო ირღვევა, ვიდრე ამა თუ იმ ბგერის წარმოთქმისა და გამოსახვის უნარი.

ენათმეცნიერები ამიტომაც ფიქრობენ, რომ სხვადასხვა ორგანოების ფუნქციობის გარდა, არსებობს უფრო ზოგადი უნარი, რომელიც განაგებს ნიშნებს; რომელიც უმთავრესად, ენობრივ უნარს წარმოადგენს; რომ  სწორედ ენა განაპირობებს მეტყველების ერთიანობას, რომ ენა არის კომპლექსური სისტემა, რომელიც შედგება სტრუქტურული (ბგერათა სისტემა, სიტყვათა მარაგი, ანუ, ლექსიკა, სიტყვათა კავშირი წინადადებაში, წინადადების წყობა) და ფუნქციური (ენის გამოყენება და გაგება სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში) ასპექტებისგან. ენა გვესმის და ენას ვიყენებთ, როგორც ზეპირი (მოსმენა და საუბარი) და წერილობითი (კითხვა და წერა), ისე კომუნიკაციურ სიმბოლოთა სისტემის ფორმით (მაგალითად, ქართული ჟესტური ენა). ზეპირი და წერილობითი ენა შედგება რეცეპტული (მოსმენა და კითხვა) და ექსპრესიული (მეტყველება და წერა) კომპონენტებისგან. ენის ათვისება გულისხმობს ამ კომპლექსური სისტემის დაუფლებას, დასწავლას.

 

ენისა და მეტყველების გამიჯვნა აუცილებელია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გააზრებისას, როგორიცაა ენობრივი განვითარების დარღვევა. მაგალითად, ადამიანს შესაძლოა გაუჭირდეს ან ენის ათვისება, ან მეტყველება, ან  — ორივე ერთად. ენა გულისხმობს სიტყვათა მარაგის ფლობას და გრამატიკის წესების ცოდნას, მეტყველება – სიტყვების წარმოთქმას, არტიკულირებას (სამეტყველო ბგერების სწორად გამოცემას პირის, ტუჩებისა და ენის გამოყენებით), ხმის ტემბრს, მეტყველების რიტმს. თუმცა შეიძლება სიტყვის ჟესტური ენით გადმოცემაც.  თამარ კალანდაძის თქმით,  ენა არის მენტალური ფენომენი, ხოლო მეტყველებამისი გამოხატვის ერთერთი ფორმა.

ენისა და მეტყველების გამიჯვნასთან დაკავშირებით ლინგვისტიკაში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. განვითარების დარღვევების გასაგებად, მათ საკვლევად და კლინიკური საქმიანობისთვის ენისა და მეტყველების მსგავსი გაგება და მათი გამიჯვნა კვლევას და პრაქტიკას შესაძლებელს ხდის.

ენის განვითარების დარღვევა

მიჩნეულია, რომ ენის განვითარების დარღვევა ნეიროგანვითარების მდგომარეობა ან ნეირომრავალფეროვნების ერთ-ერთი ფორმაა, ისევე როგორც აუტიზმი, დისლექსია, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი. ეგდ-ს მქონე ადამიანის ტვინი ეგდ-ს არმქონე ბავშვის ტვინისგან განსხვავებულად ვითარდება. ის სხვანაირად გადაამუშავებს ინფორმაციას. ენის განვითარების დარღვევა სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ამ დარღვევის მქონე ადამიანს, შესაძლოა, გამოკვეთილად უჭირდეს ენის გაგება (რეცეპტული სირთულეები), გადმოცემა, გამოხატვა (ექსპრესიული სირთულეები) ან — ორივე ერთად; შესაძლოა, ჰქონდეს არტიკულაციასთან დაკავშირებული პრობლემებიც. ეგდ არის სპექტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალური განსხვავებების დიაპაზონი ძალიან ფართოა. მისი პირველი ნიშანი დაგვიანებული მეტყველებაა. ეგდ-ს მქონე ბავშვების თითქმის 100%-ს მეტყველების დაგვიანება აღენიშნება. დაგვიანებული მეტყველება შესაძლოა ეგდ-ს ნიშანი იყოს, თუმცა დაგვიანებული მეტყველების მქონე ბავშვების მხოლოდ 25%-ს აქვს ეგდ. მაშასადამე, დაგვიანებული მეტყველება ყოველთვის ეგდ-ს არ ნიშნავს.

ენის განვითარების დარღვევა გვხვდება:

  • დისლექსიის მქონე პირებთან —

საყურადღებოა, რომ თუ ბავშვის ოჯახის რომელიმე წევრს, მაგალითად, დისლექსია აქვს, მეტი შანსია, ენობრივი განვითარების სირთულე თვითონ ბავშვსაც ჰქონდეს.

  • ნორმალური არტიკულაციის შემთხვევაშიც —

ხშირად აზრად არავის მოსდის, რომ შესაძლოა, ბავშვს ენის გაგება ან აზრის გადმოცემა უჭირდეს.

  • ქცევის დარღვევის მქონე პირებთან;
  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მდგომარეობის პირებთან;
  • კითხვის დეფიციტის მქონე პირებთან —

რამდენადაც ენის განვითარების დარღვევა გავლენას ახდენს კითხვის უნარის განვითარებაზეც. ხშირია შერმთხვევა, რომ თუ  ბავშვს კითხვა უჭირს, ხშირად დისლექსიის დიაგნოზს უსვამენ, რომელიც ეგდ-ზე მეტად არის ცნობილი.

  • ბავშვებთან, რომლებსაც არ უჭირთ სიტყვების ამოკითხვა —

ეგდს მქონე ბავშვთა დაახლოებით ნახევარს არ უჭირს სიტყვების ამოკითხვა და ხშირად სწორედ ეს ბავშვები რჩებიან შეუმჩნეველნი.

 

  • გრამატიკულად გაუმართავი, მარტივი წყობის წინადადებებით მოსაუბრე პირებთან;
  • ენის სოციალურ კონტექსტებში გამოყენების სირთულის მქონე პირებთან;

ამ დარღვევის მქონე ბავშვებს ხშირად არ ესმით ხუმრობა, ირონია, იუმორი, ბუნებრივია, აწყდებიან კომუნიკაციის პრობლემებს – ხშირად სხვა ბავშვებთან ვერ თამაშობენ, მეგობრებიც იშვიათად ჰყავთ. ეგდ-ს მქონე ბავშვი ხშირად ხდება ბულინგის მსხვერპლი.

  • მუშა მეხსირების პრობლემების მქონე პირებთან —

ბავშვმა, შესაძლოა, ნათქვამის შინაარსი გაიგოს, მაგრამ მალევე დაავიწყდეს, მასწავლებელს კი ეგონოს, რომ არ უსმენს ან არ ითვალისწინებს მის ნათქვამს. ამის გამო ეგდ-ს მქონე ბავშვებს ადვილად აწებებენ ზარმაცებისა და უყურადღებოების იარლიყს.

  • მათემატიკაში პრობლემების მქონე ბავშვებთან —

ამიტომ, როცა მასწავლებელი ხედავს, რომ ბავშვს სწავლა უჭირს, უნდა დაფიქრდეს, ენის პრობლემასთან ხომ არ აქვს საქმე.

ეგდ-ს მქონე ადამიანები ხშირად ნიღბავენ სირთულეებს, მაგალითად, არ იმჩნევენ, რომ ნათქვამი ვერ გაიგეს, გაურბიან სიტუაციებს, რომლებშიც ენის გამოყენებაა საჭირო, საურთიერთობოდ ირჩევენ უმცროსი ასაკის ბავშვებს ან ზრდასრულებს, საუბრის შესაწყვეტად იმიზეზებენ დაღლილობას ან სასწრაფოდ მოსაგვარებელ საქმეს. ასაკით რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო დიდია ალბათობა, ენობრივი სირთულეები ეგდ-ზე მიანიშნებდეს. თუ 4 წლის ბავშვს ასეთი სირთულეები აქვს, დიდი შანსია, ის სკოლაში შესვლის დროსაც ჰქონდეს; თუ 5 წლის ასაკშიც მსგავსი სურათია, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ენობრივი განვითარების დარღვევასთან გვაქვს საქმე.

 

ენის განვითარების დარღვევა  არის სწავლის უნარის დაქვეითების რისკფაქტორი (მაგალითად, უარყოფით გავლენას ახდენს მათემატიკურ და წერა-კითხვის უნარებზე), ამცირებს დასაქმების შანსს ზრდასრულ ასაკში და ასოცირდება სოციალურ, ემოციურ და ქცევის პრობლემებთან; უშუალოდ უკავშირდება მენტალური ჯანმრთელობის სირთულეებს. საერთაშორისო კვლევების მინაცემებით, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტთა დიდ ნაწილს, რომლებიც კლინიკებს მიმართავენ, ასევე – სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში მოხვედრილ მოზარდთა მნიშვნელოვან ნაწილს ენობრივი განვითარების დარღვევა აქვს. აქედან გამომდინარე, ეგდ-ს უყურადღებოდ დატოვებას ძალზე უარყოფითი შედეგები მოაქვს, როგორც თავად ეგდ-ს მქონე პირისა და მისი ოჯახისთვის, ისე —საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვისაც. ადეკვატური დახმარების პირობებში ეგდ-ს მქონე პირების ცხოვრების ხარისხი მაღალია.

                   ენის განვითარების დარღვევა არსად ქრება, ის მთელი სიცოცხლე აქვს ადამიანს, უბრალოდ, ასაკის მატებასთან ერთად, მისი გამოვლინებები იცვლება. პროგნოზი მნიშვნელოვანწილად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ადეკვატურ დახმარებას იღებს ადამიანი.

ხშირად დასმულ კითხვას, იწვევს თუ არა ორენოვნება ეგდს, თამარ კალანდაძე ერთმნიშვნელოვნად, უარყოფითად პასუხობს. თუმცა, თავისთავად, ეგდ შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთ-, ისე ორენოვან ბავშვსაც. მსგავს შემთხვევებში, დარღვევა ვლინდება ყველა იმ ენაზე, რომელსაც ბავშვი იყენებს.

ეგდ-ს მქონე პირს სჭირდება კომპეტენტური მხარდაჭერა და დახმარება საბავშვო ბაღში, სკოლაში, მერე კი უკვე დამსაქმებლის მხრიდან. მხარდაჭერის მეთოდები ინდივიდუალურია და ირჩევა იმის მიხედვით, ენის რა ასპექტში აქვს პრობლემა ადამიანს.

ერთი რამ, რაც ალბათ ყველა ბავშვისთვის სასარგებლო იქნება, არის ემოციების გამომხატველ სიტყვებზე მუშაობა, რადგან ეგდ-ს მქონე ბავშვებს ხშირად სწორედ ასეთი სიტყვების დასწავლა უჭირთ. ეს მათ ემოციების რეგულირებასა და ამით გამოწვეული სხვა (მაგალითად, მენტალური) პრობლემების დაძლევაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია დარღვევის დონეც და ისიც, რა ასაკში დაისმება დიაგნოზი – ადრეული ჩარევა, რა თქმა უნდა, უკეთესია. მაგრამ მუშაობის დაწყება არასოდეს არის გვიან. მთავარია სათანადო დახმარების გაწევა და ამ მდგომარეობის მქონე პირების საგანმანათლებლო თუ სხვა პროცესებში სრულფასოვნად ჩართვა.

 

[1] https://en.wikipedia.org/wiki/Paul_Broca

ორენოვანი რესურსი აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისათვის

0

შესაძლოა, აქვე ახლოს, ჩვენი აზერბაიჯანელი მეზობლის, მეგობრის ან კოლეგის შვილები საგაკვეთილო პროცესში სპეციალურ მიდგომას საჭიროებდნენ, ჩვენში კი ნამდვილად არის ორენოვანი რესურსების დეფიციტი. ქვემოთ წარმოდგენილი რესურსი არაქართულენოვან სკოლებში ასო-ბგერა A-ს შესწავლა-განმტკიცებას ემსახურება. პატარა მოთხრობის მთავარი პერსონაჟების და მათ მიერ გამოყენებულ საგანთა სახელებიც სწორედ ამიტომ იწყება აზერბაიჯანული ენის პირველ ასოზე. ეს სიტყვებია: Ana, Ata, Alma, Armut, Alisa, Ali, Anna. ძირითადად გასააზრებელი ცნებებია: ‘დედა’ Ana, ‘მამა’ Ata,, ‘მსხალი’ Armut, ‘ვაშლი’ Alma, ასევე — სამი საკუთარი სახელი: Alisa, Ali, Anna. ყურადღებაა გამახვილებული წითელ, ყვითელ და მწვანე ფერებზეც.

ტექტი ორენოვანია, მხედველობის ან აღქმის დარღვევის მქონე ბავშვების საჭიროებაზე მორგებულიც.

ტექსტის აბზაცებს შორის დატოვებულ სივრცეში ბავშვებმა თავად უნდა დახატონ მთავარი პერსონაჟები, საგნები და, თუ შეუძლიათ, მოქმედებებიც.

ვრცლად

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...