ყველაზე პატარა მწერლებთან ერთად
მოდი, ერთად დავწეროთ!
მთელი სემესტრის განმავლობაში შენ იმდენი ამბავი წაიკითხე, იმდენ წიგნში იმოგზაურე, იარ გინდა, შენ თვითონ გახდე მწერალი და შენი ამბავი დაწერო?
სანამ წერას დავიწყებთ, სიტყვობანა ვითამაშოთ.
წერისთვის ხომ სიტყვები ყველაზე მთავარია!
- სიტყვები
იცი, რა არის სიტყვა?
როდესაც შენ ლაპარაკობ, შინაარსის, აზრის მქონე ყველაზე პატარა ნაწილი სწორედ სიტყვაა. სიტყვა ათასნაირია. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში ყველა ადამიანი ქართულად ლაპარაკობს, ოღონდ ზოგჯერ მათი საუბარი ცოტათი განსხვავებულია იმისგან, რასაც წიგნებში კითხულობ-ხოლმე.
ასეთ, ოდნავ განსხვავებულ საუბარს დიალექტი ჰქვია. დიალექტი ძალიან ამდიდრებს ქართულ ენას, ზოგჯერ დიალექტური მეტყველება ლიტერატურაშიც გვხვდება.
გინდა, რამდენიმე დიალექტური სიტყვა გაგაცნო?
რამდენიმე გვერდით ადრე ლექსიკონებს ხომ გაეცანი? ჰოდა, აი, შენი პაწია დიალექტური ლექსიკონიც:
ბაკრუცა– ხო სასაცილო სიტყვაა? საინგილოში ასე ეძახიან პატარა თიკანს, რომელიც ეზოში თავისთვის დაბაკიბუკობს.
ბამბურა – იმერულ დიალექტში დიდბეწვიანი, ფუმფულა ძაღლის მეტსახელია, ცნობილმა ქართველმა პოეტმა, გალაკტიონ ტაბიძემ ეს სიტყვა თავის ლექსში გამოიყენა.
ებზაკურება – ქართლურ დიალექტში ასე ამბობენ იმ ადამიანზე, ვინც საგანგებოდ ემზადება, იპრანჭება რაღაცისთვის, მაგალითად, სკოლაში წასასვლელად.
ლოფორთქინა – ლოკოკინა იმერულ დიალექტში.
პწკალა- კიბე გურულად
შეგიძლია წერისას დიალექტური სიტყვებიც გამოიყენო!
- წერის დროს რაც უფრო მრავალფეროვან სიტყვებს იყენებ, ნაწერი უკეთესი გამოდის.
მაგალითად, შეგიძლია მხოლოდ ფანქრებით კი არ ხატო, არამედ სიტყვებით.
მაგალითად, ფერებიც გამოიყენო:
იცი, რომ ზოგიერთ ენაში ზოგი ფერის დასახელება საერთოდ არ არის, შეიძლება ლურჯი და მწვანე ერთი სიტყვით აღინიშნებოდეს, ან პირიქით, ერთი ფერის აღმნიშვნელი უამრავი სიტყვა იყოს. მაგალითად, ესკიმოსების ენაში თოვლის ფერის აღსანიშნად ათასზე მეტი სიტყვაა.
ენაში ფერების გამომხატველი დამოუკიდებელი, ძირეული სიტყვები სულ რამდენიმეა, დანარჩენს ადამიანები იმ საგნების ფერების მიხედვით არქმევენ, რასაც ხედავენ.
დაკვირვებიხარ რა განსხვავებაა წითელსა და ვარდისფერს შორის?
გავიხსენოთ უცნაური ფერები ქართული ენის სხვადასხვა დიალექტების საცავიდან?
მარილისფერი მგელი – მთის პოეზიაში ხშირად გვხვდება ასეთი აღწერა, წარმოიდგინეთ, როგორი უნდა იყოს მარილისფერი?
ჭიაფერი – ზოგიერთ დიალექტში წითელის მნიშვნელობით გამოიყენება.
კვამლისფერი – ღია, ღია ნაცრისფერს ჰქვია.
ანგელოზისფერი – კახურ ტექსტებში ასეთი ფერიც გვხვდება, შეგიძლია წარმოიდგინო რა ფერისა იქნება?
მოლისფერი – ხასხასა, ცოცხალი, ლამაზი მწვანეა, ზოგჯერ სალათისფერსაც რომ ვეძახით.
როგორ ფიქრობ, არაფერი რა ფერია?
- წინადადება
წინადადება არის რამდენიმე სიტყვის ერთიანობა, რომელიც რაღაც აზრს გამოხატავს და შინაარსს გადმოსცემს.
შენი ამბავი სწორედ წინადადებებით უნდა დაწერო.
წინადადება შეიძლება იყოს ერთსიტყვიანი
წვიმს!
ორსიტყვიანი
გარეთ წვიმს.
სამსიტყვიანი
გარეთ ლამაზად წვიმს.
და ა.შ.
წინადადების საშუალებით შენი გრძნობა, ემოცია უნდა გადმოსცე, ეს ისეთი სასიამოვნო დას სახალისოა!
- გაივარჯიშე ფანტაზია!
სანამ შენს საკუთარ ამბავს დაწერ, მოდი, სცადე და გამოტოვებული სიტყვები შეავსე ჩემს ამბავში, რომელიც შენთვის მოვიფიქრე, მერე კი გააგრძელე თავგადასავალი!
იყო და არა იყო რა.
ერთ ქალაქში, რომელსაც ერქვა .——————…
ერთ ქუჩაზე, რომელსაც ერქვა —————–
ერთ სახლში, რომელსაც ჰქონდა ———- ფანჯარა და ——- კარი და ბაღი, რომელშიც ბევრი ———— ყვაოდა და ———— მწიფდა,
ცხოვრობდა ერთი ——— სახელად….
მას ——- თმა, ———–ცხვირი, ———-თვალები ჰქონდა, ყველაზე ხშირად თავისი საყვარელი ———- ეცვა და თავზე კი ———- ეხურა.
მისი საყვარელი საქმიანობა ———– იყო, თავისუფალ დროს კი სულ ———–
ის იყო ———-, ————–, —————-, ———— და ———— არსება.
მისი საუკეთესო მეგობარი ———- იყო. ისინი ერთად თამაშობდნენ, სეირნობდნენ და ერთობოდნენ. ასევე, ერთად დადიოდნენ იმ პატარა ქალაქის კაფეში, სადაც ———— სვამდნენ და ———– ჭამდნენ.
ერთ დღეს ძალიან უცნაური რამე მოხდა.
———– და მისი მეგობარი ——— სახლიდან გავიდნენ და დაიკარგნენ.
ქალაქში ყველას აინტერესებდა რა მოხდა, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა.
იქნებ ———-ში- წავიდნენ?
ან ————–ზე მოხვდნენ?
ან ———–კენ გაემგზავრნენ?
ვინ იცის!
- თავგადასავალი
ამ ნაწილისთვის უნდა გაიხსენო ყველა ზღაპარი და სათავგადასავლო წიგნი, რომელიც წაგიკითხავს, რა ამბები გადახდებათ ხოლმე პერსონაჟებს?
უცხო ქალაქში იკარგებიან?
გზაში მგელს ხვდებიან?
უკან დასაბრუნებელ გზას ვერ პოულობენ?
ვინმე უცნაურს გადაეყრებიან?
რაღაც ჯადოსნურს იპოვიან?
გზაში შემოაღამდებათ და ღამის გასათევს ეძებენ?
რამე ახალ ამბავს გაიგებენ?
შენს პერსონაჟებს რა დაემართებათ?
- ახლა კი, მოიფიქრე შენი ამბავი და გამიზიარე! შეგიძლია ილუსტრაციებითაც გააფორმო!


