სამშაბათი, დეკემბერი 23, 2025
23 დეკემბერი, სამშაბათი, 2025

დეკემბრული ჩანაწერები

და კიდევ არის დეკემბრის კახეთი.

ეს კახეთი ისეთია, როგორიც ცა, როცა დეკემბერია, მაგრამ მზე და არსად ღრუბელი.

უხარვეზო. აუმღვრეველი.

წესია ასეთი – ამღვრეულ წყალში ფსკერს ხომ ვერ დაინახავ, ამღვრეულ ცაზე კიდევ – კავკასიონს. კავკასიონი არის ცის ფსკერი, მაგ სიღრმეზე ვერავინ ჩაყვინთავს. ამიტომაც არის კავკასიონი ასე თეთრი და წმინდა – უადამიანოა.

გუშინ ყვარელში მივდიოდი. მარტო. ხალხთან შესახვედრად და წიგნებზე სალაპარაკოდ. მაგრამ სანამ გზაა და მარტოობა, დაკვირვებაც არის.

გამეორებული დაკვირვება.

რაც უფრო მოვშორდი ფართო გზას, ვხედავდი მანქანებს, რომელთაგან ძველები ჭარბობდნენ – ნოლშესტი, ნოლადინი, ნივა. ეგრე ჰქვიათ ამათ. და რაც ჰქვიათ და როგორებიც არიან – უხდებიან იქაურობას. შეიძლება მხოლოდ ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, ბავშვობას რომ ვერ გამოვეცალეთ. მაშინ მაშინა ეგ იყო და მათგან უმაშინესი – დევიატი. ახლა დევიატი არ შემხვედრია.

ვხედავდი ადამიანს. ეს ადამიანები იდგნენ ქუჩისპირას და გავდნენ დეკემბერს. ოღონდ დეკემბერს მზით და უღრუბლოდ. ოღონდ სახით და გამოხედვით. თორემ შიგნით ეგენი რომ დუღდნენ, ეს დუღილი არის ყველგან კახეთში რთველის მერე. დაბინავებული ყურძნის დუღილი. ყურძნის და დარდის. ყურძნის – მარანში. დარდის – ადამიანში.

და გუშინ მეგონა, რომ კახელი ჰგავს დეკემბერს. ოქტომბერში რომ გავივლი – სხვანაირად მეგონება. ივნისში – სხვანაირად. მაგრამ ახლა ასე იყოს. ასეა მართალი.

 

 

////

 

გზად გურიაა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მზეს მეხსიერება ღალატობს. ზაფხული ჰგონია მზეს. ცა ნასადილევს დედაჩემის გადაწმენილ მაგიდას ჰგავს. ცხელა. მე კიდევ მზეს ვერ ვგავარ, მეხსიერება არათუ მღალატობს, რომ აღარ მინდა, მაშინ მეერთგულება.

და ვხედავ შიშველ ხეებს და ხეებზე ვხედავ კარალიოკს. მხოლოდ ეს აცვიათ ხეებს, რომელთაც აცვიათ. დანარჩენს არაფერი.

მე კიდევ განა საჭესთან ვზივარ. არამედ ვდგავარ სადღაც 1993 წლის 24 ნოემბერის შუადღეში. ცხელა, მაგრამ მაინც თბილად მაცვია. განაცივები ვარ. ვდგავარ და ამ კარაილოკის ხეს ვუყურებ. არაფერი. მეტი არაფერი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

რა სურთ თინეიჯერებს?

პერსონაჟის გული

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“