ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
22 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

სიმბოლო და ლაიტმოტივი მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნებში“

0

,,ჯაყოს ხიზნები“ ერთ-ერთი შესანიშნავი და უაღრესად მნიშვნელოვანი რომანია არა მარტო ჯავახიშვილის შემოქმედებაში, არამედ მთელ ქართულ ლიტერატურაში. იგი მეტად რთულ ისტორიულ პერიოდში შეიქმნა. საბჭოთა კრიტიკა და სახელმწიფო იდეოლოგია  დაუნდობელ ბრძოლას უცხადებდა განსხვავებული მრწამსის ადამიანებს, ახშობდა თავისუფალი აზრის ყოველგვარ გამოვლინებას. ეს ბრძოლა ხშირად სცილდებოდა ლიტერატურულ პაექრობას და აშკარა დაპირისპირებაში, რისხვაში, ლანძღვა-გინებასა და მუქარაში გადადიოდა. 1924 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, როცა ,,ჯაყოს ხიზნები“ იწერებოდა, ჯავახიშვილს უკვე გამოცდილი ჰქონდა ბოლშევიზმის მწვავე სუსხი. 1923 წელს მან, როგორც ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრმა და პოლიტიკურად საშიშმა პიროვნებამ, ექვსი თვე ორთაჭალის ციხის სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამას დაემატებოდა 1924 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განცდაც, არ გაგვიკვირდება ის შინაგანი დაძაბულობა, რაც მწერალს რომანის შექმნის პერიოდში გადაუტანია. როგორც თვითონ წერს: ,,ჩემს გულს ცეცხლი ეკიდებოდა, ხოლო სული იმ დროის სისხლში მქონდა ამოვლებული … ,,ჯაყო“ გმინვაა ჩემი სულისა“. მართლაც, სოციალურ-პოლიტიკური ძვრების ზუსტი და მახვილი გამოსახვით, ზნეობრივი და ფილოსოფიური პრობლემატიკის წარმოჩენით, გმირთა ოსტატური  სიმბოლიზებით, ალეგორიული ქვეტექსტებითა და, საერთოდ, ქართული სიტყვის მაღალმხატვრული მიგნებებით მწერალი ქმნის რომანის რთულ არქიტექტონიკას, რომლის უმცირეს ნიუანსებშიც ღრმა აზრი, გრძნობა და სათქმელია ჩატეული.

დიდი იდეოლოგიური წინააღმდეგობების გამო ჯავახიშვილი მიმართავს გამოსახვის სიმბოლურ-ალეგორიულ ფორმას, ქმნის აზრობრივ ქვეტექსტებს, რაც, თავის მხრივ, ამაღლებს რომანის მხატვრულ დონეს და სრულყოფს მას. ამ ალეგორიზმის გამო, ერთ ხანს, ,,ჯაყოს ხიზნები“ გამარჯვებული რევოლუციის და სოციალისტური სინამდვილის აპოლოგეტურ ნაწარმოებად იყო შერაცხილი საბჭოთა კრიტიკაში. რომანის ასეთი გარეგნული შთაბეჭდილება სრულიად იცვლება ჩაღრმავებისა და ქვეტექსტური გაანალიზების შედეგად. დღესდღეობით ძნელი არ არის დავინახოთ, რომ ნაწარმოებში მოცემულია საბჭოური ცხოვრების მძაფრი კრიტიკა, რეალურადაა აღქმული სოციალისტური გარდაქმნებისა და მშენებლობების უპერსპექტივობა, გამომზეურებულია ქართველი ერის მანკიერი თვისებები, ნაწინასწარმეტყველებია სოციალიზმის მარწუხებში მოქცეული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, გენეტიკური ფონდის შეცვლა და იმ ათეისტურ პერიოდში თამამი სიტყვაა ნათქვამი რწმენისა და რელიგიის, როგორც გადარჩენის ერთადერთი  ჭეშმარიტი გზის, შესახებ. კითხულობ რომანს და გებადება აზრი, რომ ამის დამწერი,  მართლაც, ვერ გადაურჩებოდა იმ ავად მოსაგონარ წლებს. ჯავახიშვილის რეპრესირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს ნაწარმოები გახდა. ჯავახიშვილი საბჭოური ხელისუფლებისთვის, მართლაც რომ, ,,საშიში პიროვნება“ იყო. ამ რომანით მწერალმა ანტისაბჭოთა იდეოლოგიის კიდევ ერთი, ჭეშმარიტად ღირსეული ნაწარმოები შექმნა მე-20 საუკუნის მწერლობაში.

,,ჯაყოს ხიზნები“, როგორც ვთქვით, სიმბოლურ-ალეგორიული რომანია. ალეგორიზმი და აზრობრივი ქვეტექსტები განზოგადებული ფორმით გვიჩვენებენ მწერლის თვალსაზრისს, არსებული სინამდვილისადმი მის დამოკიდებულებას. კონკრეტული ეპოქალური მოვლენები (საქართველოს გასაბჭოება, სოციალური სპექტრის ცვლილება, ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების მარცხი, რეპრესიები) და სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირების ასპექტში გააზრებული ზოგადსაკაცობრიო ცნებები მთავარ პერსონაჟთა სიმბოლიზებით არის მოცემული, თუმცა, მიუხედავად ფართო განზოგადებებისა, მწერალი უაღრესად ფაქიზი ნიუანსებით სწვდება ადამიანის სულიერ სამყაროს და გვიჩვენებს პიროვნების სულში მომხდარ უმცირეს ცვლილებებს თუ ღრმა შინაგან ბრძოლას საკუთარ თავთან. იშვიათია ასეთი უბრალო ყოფითი პრობლემების ღრმა ალეგორიული განზოგადებებით წარმოჩენა. სწორედ ამ პიროვნულის, კერძოსა და კონკრეტულის აბსტრაჰირების მხრივ ,,ჯაყოს ხიზნები“ მსოფლიო ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშად გვევლინება.

პერსონაჟთა სიმბოლიზება

დღესდღეობით ლიტერატურულ კრიტიკაში საკმაოდ მიღებული და აღიარებულია აზრი ,,ჯაყოს ხიზნების“ მთავარ პერსონაჟთა სიმბოლიზების შესახებ. ასე მაგალითად, ჯაყო, უმეტეს შემთხვევაში, გააზრებულია, როგორც ,,გალაღებული ბოროტების ხორცშესხმული ხატება“, ,,რევოლუციის შედეგად აღზევებული ძალადობის განსახიერება“, ,,ჩვენს მიწაზე შემოხიზნული უცხო ტომის წარმომადგენელი, რომელიც მოხერხებულად სარგებლობს შექმნილი მდგომარეობით და ქვეყანას ახალ მყვლეფელად ევლინება(ავთ. ნიკოლეიშვილი ,,ქართული ლიტერატურა , მე-11 კლასის დამხმარე სახელმძღვანელო; ქუთაისი 1988 წ, გვ. 65) . ჯაყოობის, როგორც სოციალურად, ეროვნულად და ზნეობრივად მომაკვდინებელი საზოგადოებრივი სენის შესახებ ჯერ კიდევ აკაკი ბაქრაძე მიუთითებდა.

განზოგადებულია თეიმურაზ ხევისთავის მხატვრული სახეც. იგი ,,უნაყოფო სიკეთის, უმოქმედობის, უმწეო კეთილშობილებისა და ილუზიური ჰუმანიზმის ინდივიდუალიზებული განსახიერებაა. ამასთან იგი ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს წარმოადგენს პაროდირებული ფორმით, რომელსაც ისტორიულად ერისა და ქვეყნის მესვეურობა ჰქონდა დაკისრებული (ავთ. ნიკოლეიშვილი ,,ქართული ლიტერატურა , მე-11 კლასის დამხმარე სახელმძღვანელო; ქუთაისი 1988 წ, გვ. 66).  აქ თითქოს საკამათოც არაფერია, მაგრამ არის დასაზუსტებელი ზოგიერთი რამ ორივე პერსონაჟთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მარგოს, ლიტერატურულ კრიტიკაში მისი სახე მართებულად არის მიჩნეული საქართველოს ალეგორიად. საერთოდ, მწერალი ქმნის მითოლოგიზებულ მხატვრულ სამყაროს, სადაც შესაძლებელი ხდება მთავარი გმირები ისე გავშიფროთ, როგორც ვშიფრავთ მითიურ პერსონიფიკაციას -ქალი ქვეყანაა, კაცი – ამ ქვეყნის მფლობელი.

გარდა მთავარი პერსონაჟებისა, ვფიქრობ, სიმბოლიზებულია მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც, ნახუცარი ივანე და ნინიკა, ასევე –  ცხოველები, საგნები, გეოგრაფიული მხარეები, კონკრეტული ადგილები, ნივთები და სხვა.  ამდენად, რომანში ავტორი ქმნის სახე-სიმბოლოთა რთულ სტრუქტურას, უფრო მეტიც, სიმბოლური მნიშვნელობით არჩევს პერსონაჟთა სახელებსაც კი. ასეთ მინიშნებებს, ქვეტექსტებს მწერალი იყენებს როგორც გმირის სულიერი მდგომარეობის, ისე ფართო მხატვრული განზოგადებების ჩვენების მიზნით.

დავიწყოთ მთავარი პერსონაჟით, რომლის სახელიც სათაურშია გამოტანილი. ჯაყოს სახის წარმოჩენისას ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ იგი მოყვრულად მოსული მტერია, რომელიც მოტყუებით, ვერაგობით ნაბი-ნაბიჯ, ნელ-ნელა ეპოტინება ქვეყანას და მარტო ,,ახალ მყვლეფელად“ კი არა, მის ამჟამინდელ ბატონ-პატრონად, დამპყრობლად გვევლინება. ამიტომ იგი რუსეთს უკავშირდება, რუსეთმაც ხომ ვერაგულად, კეთილმოყვარეობის ნიღბით მოსულმა დაიპყრო საქართველო. ჯაყო რევოლუციის შედეგად კი არა, რუსული იმპერიული პოლიტიკის შედეგად შემოხიზნული და აღზევებული სახეა. თუმცა ხაზგასმითა აქვს მწერალს  თავის დროზე ნათქვამი, რომ ჯაყოს ოსობა შემთხვევითი ამბავია და მისი დამახინჯებული ქართული სახასიათო კოლორიტს ქმნის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ასე არაა.

რუსეთთან ჯაყოს დაკავშირება ნაწარმოებში მეტად ფრთხილად, სიმბოლური ფორმითაა მოცემული. დავაკვირდეთ, ავტორი ჯაყოს ადარებს დათვს: ,,ჯაყო ჯივაშვილი ქალაქში შემოვარდნილ დათვს წააგავდა“-ამბობს იგი. მწერალი ხშირად იყენებს ამ ტროპულ სახეს და, ვფიქრობთ, მხოლოდ ფიზიკურობის წარმოსაჩენად არ სჭირდება. დათვი რუსეთის სიმბოლოა და ჯაყოს დათვთან შედარება რუსეთთან მის კავშირზე მიუთითებს. ეს სიმბოლიკა განსაკუთრებით კარგად ჩანს,  როცა მწერალი ნაშინდარში ახლად ასული თეიმურაზისა და მარგოს პატივსაცემად გადახდილ ლხინში ცეკვის ეპიზოდს აღწერს: ,,ნინიკა ჯაყოს და მარგოს შუაში შეუვარდა და დათვი წრიდან გააძევა, შველს ფოცხვერი დასდევს, დასდევს დაჟინებით, მარდად, ოდნავი რხევით და მოქნილი ფოლადივით“. მეტაფორებად ცხოველთა სახელების გამოყენება ჯავახიშვილისთვის უცხო არაა. მოთხრობაში  ,,ლამბალო და ყაშა“ მწერალი რუსეთს დათვით გამოხატავს, სპარსეთს – ლომით, ხოლო ინგლისს – ძაღლით. ამ ქვეყნების მსგავსი სიმბოლიკა საკმაოდ ცნობილია და არცაა გასაკვირი ჯავახიშვილის მიერ მისი გამოყენება. მაგრამ ზემოთ აღწერილი ცეკვის ეპიზოდში სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს შველიც და ფოცხვერიც. თუმცა ამაზე ქვევით. ახლა კი გავყვეთ იმ ხაზს, რომ გადამთიელი ჯაყო ჯერ თუ მოტყუებით ეუფლება ქვეყანას – ხასად ისვამს მარგოს, მერე ჯვრისწერის გზით მისი კანონიერი მფლობელიც ხდება. ჯაყო ჯვარს იწერს ხევისთავთა საგვარეულო ეკლესიაში. მარგო სწორედ ისეა გამოწყობილი როგორც ათი წლის წინათ, როცა თეიმურაზს ედგა გვერდით. ჯაყო კი ხევისთავთა ჩოხასა და იარაღშია ჩამჯდარი. ყოველივე ეს ღრმად გააზრებული სიმბოლიკაა და ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ჯერ მოტყუებით ისაკუთრებს ქვეყნის დოვლათს, სიმდიდრეს, განძს და კანონიერადაც ამ ქვეყნის პატრონი ხდება. სიმბოლურია ჯაყოსა და მარგოს ცხოვრებაც ჯერ თეიმურაზის ბავშვობის ოთახში და ნინიკას გამარჯვების შემდგომ -ხევისთავთა საგვარეულო კოშკშიც. ამით მწერალი გვეუბნება, რომ საბჭოთა ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება ქვეყნის ფარული ოკუპაცია და ეთნიკური დაპირისპირებისა და სეპარატისტული კონფლიქტების გაღვივების საშიშროება გამოყენებული იქნება რუსეთის მხრიდან ყოველთვის, როცა ამის საჭიროება დადგება..

ჯაყო თუ ქვეყნის ახალი მფლობელია, დამპყრობელი, ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრონი თეიმურაზია. მართალია, იგი არისტოკრატიის განზოგადებული სახეცაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მწერლის აზრს იმის შესახებ, რომ ქართველი ერი ,,სულით არისტოკრატია და არა დემოკრატი“, ქვეყნის ნამდვილ პატრონადაც ეს ფენა უნდა მივიჩნიოთ. არისტოკრატიზმის, როგორც ქართველი ერის ხასიათის ძირითადი თავისებურების შესახებ მიხეილ ჯავახიშვილი თავის აზრს ივანესა და თეიმურაზის საუბრებში აცხადებს. ,,ერთი გამაგებინე, როგორ მოხდა ასეთი უცნაური სასწაული: ზნე-ჩვეულებებით, სულითა და სისხლით არისტოკრატმა ქართველმა როგორ მოახერხა დამყარება უდემოკრატიულეს  რესპულიკისა? ..ბედმა ისეთი ქურქი ჩაგვაცვა, რომელიც ჩვენს ხასიათს არ უხდება. ამ მძიმე ქურქის ზიდვაში მალე დავილევით…ვინაიდან ეს ქურქი ჩვენს აზნაურულ მხარ-ბეჭზე არ არის გამოჭრილი“. მაშასადამე, თეიმურაზი, როგორც არისტოკრატიის წარმომადგენელი, შეიძლება განზოგადდეს ქართველი კაცის სახემდე. ილიაც ხომ ლუარსაბს მარტო არისტოკრატიის წარმომადგენლად არ მიიჩნევდა, ქართველი კაცის თვისებებს მიაწერდა და, როცა მის ნაკლზე საუბრობდა, ხშირად ამბობდა,  ეტყობა, რომ ქართველიაო. ,,ჯაყოს ხიზნებში“ თეიმურაზია ქვეყნის პატრონი, ქართველი კაცის სახე. ბედი-მდევრის კანონზომიერებით კი მარგო მის კანონიერ პატრონს უნდა დაუბრუნდეს. ამის იმედი ნაწარმოების ფინალურ თავში აშკარად იგრძნობა. თეიმურაზი, რომლის სულიერმა კვდომამ გამოიწვია მარგოს დაკარგვა, ბოლოს მაინც უბრუნდება ღმერთს. ავტორი თავის გმირს რწმენასა და სინანულში ტოვებს. ,,ისევ ელის ნაქმარევი ნაცოლარს, ისევ შიო მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი“. ცრემლი, სინანული, რწმენა და იმედი – აი, თეიმურაზის გადარჩენის გზა. ქვეყნის სულიერი აღორძინებაც პიროვნების კათარსისიდან იწყება. სულიერად განწმენდილი და განმტკიცებული ერი კი ქვეყნის დაბრუნებასაც შეძლებს. რომანის დასასრულს თვალნათლივი და ცხადია მწერლის ოპტიმიზმი.

ვინ არის ნინიკა? იგი ლიტერატურულ კრიტიკაში მშრომელი ხალხის წარმომადგენლად იყო განხილული. ამით თითქოს მწერალს უნდოდა შეექმნა ახალი ადამიანის სახე. აღსანიშნავია, რომ ნინიკასა და მისი თანამოაზრეების მხატვრული სახეები სქემატურად და ზედაპირულადაა დახატული. ჩვენი ფიქრით, მწერალმა განგებ აარიდა თავი რევოლუციური სინამდვილის დამამკვიდრებელი ლიტერატურული ტიპის სრულყოფილ დახატვას, რადგან ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ნინიკები ქვეყნის ნამდვილი პატრონები გამოდგებოდნენ და ეროვნულ ინტერესებს გაატარებდნენ.

ნინიკა ბოლშევიკების ახალი თაობის წარმომადგენელია. მწერალი შეფარულად, სიმბოლურ-ალეგორიული ხერხების გამოყენებით გვიხატავს ამ პერსონაჟისთვის დამახასიათებელ შტრიხებს, რითაც ხაზს უსვამს მის რევოლუციონერობას, მის იდეურ კავშირს ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან. ამის ერთ-ერთ მთავარ მინიშნებად მიგვაჩნია ცეკვის ეპიზოდში გამოყენებული ფოცხვერის მეტაფორა. ,,შველს ფოცხვერი დასდევს, დასდევს დაჟინებით, მარდად, ოდნავ რხევით და მოქნილი ფოლადივით“. ფოცხვერი მტაცებელთა შორის ყველაზე დაუნდობელი მხეცია. ცნობილია მისი ვერაგული, მოულოდნელი თავდასხმის სტილი. ბოლშევიკური ხელისუფლებაც ხომ მოულოდნელად მოგვახვიეს თავს 1921 წელს საქართველოს ოკუპაციითა და ანექსიით. ნინიკას ბოლშევიკობაზე მიუთითებს ისეთი მეტაფორებიც, როგორიცაა ,,ქვის მუშტი“, ,,რვალის მკერდი“ და ფოლადივით მოქნილობა. საბჭოელებს ძალიან უყვარდათ რევოლუციონერის ფოლადთან შედარება, ამის მაგალითად ნ. ოსტროვსკის  ,,როგორ იწრთობოდა ფოლადის“ გახსენებაც იკმარებდა და იმპერიის დიდი ბელადის ფსევდონიმიც. სიმბოლურია ისიც, რომ ნინიკა გადაარჩენს თეიმურაზს თვითმკვლელობისგან – ქვეყნის ახალი პატრონი არ აძლევს ძველს ფიზიკური გაქრობის საშუალებას და ახალი ცხოვრების ფერხულში ძალით აყენებს. ეს უფრო მწერლის სურვილს შეიძლება მივაწეროთ, რაც რეალობაში არ გამართლდა. აკი თავადაც მწერალი ამ რეალობის მსხვერპლი შეიქნა. ნინიკა ხდება ქვეყნის ახალი პატრონი. ჯაყო მას ისე წამოუდგა ფეხზე, როგორც უწინ ავთანდილ ხევისთავს გაეჭიმებოდა ხოლმე. – ამბობს ავტორი. ამის შესახებ ცეკვის ეპიზოდის სიმბოლიკაშია მინიშნებული,  – ნინიკა ჯაყოსა და მარგოს შუაში ჩაუდგება და ჯაყოს წრიდან გააგდებს. ესეც მწერლის სურვილს უნდა მივაწეროთ.

საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ მწერალი ფიქრობდა რომანის გადამუშავებას და გაგრძელებას. ამას ვეცნობით შალვა დადიანისადმი გაგზავნილი წერილიდან, რომელიც 1926 წლის 1-ლი იანვრით თარიღდება: ,,ისე არ მოვკვდები, რომ სრული ჯაყო არ დავწერო. დარწმუნებული ვარ ამ შემოდგომას უკვე წაიკითხავთ ნამდვილს და სრულს. დასასრული სულ სხვანაირი იქნება. ნინიკა მარგოს წაართმევს, ხოლო ჯაყოს საქართველოდან გადაასახლებს“ (აგლაძე ,,მიხ. ჯავახიშვილის რომანები“თბ 19..გვ.44). მაგრამ ჯავახიშვილმა რომანი აღარ გააგრძელა, იქნებ იგრძნო კიდეც, რომ საბჭოთა ხელისუფლება ჯაყოსთან კავშირს შეკრავდა და საქართველოდან მას ნამდვილად არ გადაასახლებდა.

მეტად საყურადღებო და განზოგადებული მნიშვნელობის მქონეა ნახუცარი ივანეს მხატვრული სახე. ივანე მასის ფსიქოლოგიის მატარებელი, პრაგმატული და რეალისტი პიროვნებაა. იგი მალე უღებს ალღოს შექმნილ სიტუაციას და შესაბამისად წარმართავს თავის ბედს. ხედავს რა, ახალი ხელისუფლება დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს ეკლესიის მსახურებს, უმტკივნეულოდ, უყოყმანოდ იხდის მღვდლის ანაფორას და გლეხურ ცხოვრებას იწყებს. ,,მე ეკლესიის მსახურებას მოვწყდი და ხალხს დავუბრუნდი“, ან კიდევ : ,,ჭკუამ გამიჭრა, სწორი გეზი ავიღე … გავგლეხდი და ხვნა-თესვას დავადექ…გარდა ამისა, ძველადვე უთქვამთ ჭკვიანებს, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანო“.

ივანე კონფორმისტი და ფარისეველია, მხოლოდ საკუთარ გამორჩენასა და კეთილდღეობაზე ზრუნავს. მან იცის ჯაყოს ვინაობაც და იცნობს თეიმურაზსაც. მიუხედავად ამისა, ორივესთან შინაური, ახლო კაცია. იგი ახლადაღზევებული ჯაყოს, ამ ახალი აზნაურის, სოფლის ახალი პატრონის მეხოტბეცაა და თეიმურაზის შეწუხებული სულის მესაიდუმლეც. მისი შუამდგომლობით დაშორდება თეიმურაზი მარგოს საბოლოოდ, რაშიც ივანე ჯაყოსგან ფულს იღებს. ერთ დროს ღვთისმოსავი, ახლა ანტიჰუმანური იდეების მხარდამჭერი და მქადაგებელი გამხდარა. იგი უწონებს თეიმურაზს ძალადობაზე დამყარებულ  მცნებებს და გამომშვიდობებისას ასეთ დარიგებას აძლევს: ,,დაივიწყე ყოველივე და დაიხსომე მხოლოდ საკუთარი თავი და სარგებლობა!“ მისი ორპირი ბუნება კარგად ჩანს მისივე სიტყვებში, როცა საკუთარი რწმენის შესახებ ლაპარაკობს. ის ამბობს, რომ, მართალია, ანაფორა გაიხადა, მაგრამ ქრისტეს მოძღვრება ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი.

ივანე ძალადობისადმი ლოიალური დამოკიდებულებით, პრაქტიციზმითა და ცხოვრებისადმი იოლი ადაპტაციის უნარით, პრაგმატულ-უტილიტარული მსოფლმხედველობით სიმბოლურად ხალხის მასას გამოხატავს. მისი ნახუცრობა მეტყველებს იმაზე, რომ ქართველი ხალხი ადრე მორწმუნე იყო, ახალმა ცხოვრებამ მას რწმენა დააკარგვინა, ღმერთი მოუკლა და ათეისტურ აზროვნებას შეაჩვია. ჯაყოსთან გარიგება თეიმურაზისა და მარგოს განქორწინებასთან დაკავშირებით კი ასე უნდა გავიგოთ: არისტოკრატიამ თავისი უუნარობის, მცირედმორწმუნეობის, ილუზიური, უადგილო ჰუმანიზმისა და ბედოვლათობის წყალობით დიდი ხანია დაკარგა მამული (აქ შეიძლება 1801 წლის მოვლენები და შემდგომ 1921 წლის პირველი რესპუბლიკის მთავრობის გაქცევა ვიგულისხმოთ), ხოლო უმეთაუროდ დარჩენილმა ხალხმა (ივანეს ხელშეწყობით)  კი მოგვიანებით დააკანონა ქვეყნის ოკუპაცია.

პერსონაჟთა სახელების სიმბოლიზება

აქვე გვინდა მივაქციოთ ყურადღება პერსონაჟთა სახელების სიმბოლიკას, მაგ. თეიმურაზი სპარსული სახელია, საკმაოდ გავრცელებული და მიღებული ქართულ არისტოკრატიულ ფენაში და ნიშნავს ძლიერს, საყვარელს. (თეი-ძლიერი, მურაზი – საყვარელი). მართლაც, არისტოკრატიული ფენა როცა ძლიერი იყო, ხალხის სიყვარულსა და ნდობას იმსახურებდა და ხალხიც მას მიჰყვებოდა.

მარგო, მარგალიტა, იგივე მარგალიტი სულიერი საუნჯის მნიშვნელობის მქონე პატიოსანი ქვაა. სახარებისეული ციტატა, რომელსაც  ჯავახიშვილი იყენებს, გვეუბნება: ,,ნუცა დაუფენთ მარგალიტთა თქვენსა წინაშე ღორთა, ნუ უკვე დაჰთრგუნონ იგი ფერხთითა მათითა და მოიქცნენ და გაგხეთქნენ თქვენ“. იესოს ერთი იგავი მოგვითხრობს, რომ ცათა სასუფეველი იმ ვაჭარსა ჰგავს, რომელიც ძვირფას მარგალიტს დაეძებდა და როდესაც იპოვა, წავიდა, ყველაფერი გაყიდა, რაც ებადა და ის მარგალიტი შეიძინა(მათე. 13, 45-46). თეოფილაქტე ბულგარელის ახსნით, ვაჭარი ცოდნის მაძიებელ ადამიანს ნიშნავს, მარგალიტები- ეს მრავალ ბრძენთა აზრებია, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი არის ძვირფასი, ერთია ჭეშმარიტება – ქრისტე. საჭიროა ყველაფერი გავცეთ, რომ მარგალიტი შევიძინოთ. (,,იგავნი იესო ქრისტესანი“; თბ. 1990 წ გვ 8).

თეიმურაზმა ჯაყოს ჩაუგდო ხელთ თავისი საუნჯე. მარგო აერთიანებს ყველა იმ სულიერ ღირებულებას, რაც ადამიანს გააჩნია ამქვეყნად. თეიმურაზისთვის იგი დედაც არის, დაც, მეგობარიც, მეუღლეც, გოლგოთიდან მომავალი ჯვარცმული ანგელოზიც. ამ სულიერი საუნჯის დაკარგვით გამოწვეულ სიცარიელეს და უსაზღვრო შიშს იგი მთელი არსებით შეიცნობს გორის ციხეზე. ,,თეიმურაზმა ანაზდად იგრძნო თავზარდამცემი შიში იმ ბავშვისა, რომელიც დედამ უცხო ქვეყანაში თავის კაბის კალთას ჩამოაშორა და მარტოდმარტო დატოვა, იგრძნო ასეთი შიში თეიმურაზმა და აჟრჟოლდა, დაიბნა და აჩუყდა და, როგორც უპატრონოდ მიგდებული ბავშვი დარბის ჩაბნელებულ ქალაქში და მთრთოლვარე ხმით გაჰკივის: ,,დედა! დედილო! სად ხარ!“ – თეიმურაზიც ასე ეულად იჯდა გორის ციხის კედელზე და იძახდა: – ,,მარგო, ჩემო მარგუშა! ჩემო მარგალიტა!, ჩემო მარგალიტო!“

თეიმურაზის დედ-მამის სახელებიც სიმბოლურად არის შერჩეული. ავთანდილი ,,ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთან ასოცირდება და საქართველოს ოქროს ეპოქას, იდეალურ ყოფას, რაინდობას გვახსენებს. ეტიმოლოგიურად იგი ნიშნავს ,,სამშობლოს განძს“, ,,სამშობლოს რწმენას“, ,,სარწმუნოების სამშობლოს“.

სოფიოს სახელი სიბრძნეს უკავშირდება. რაინდობა და სიბრძნე ერთად აღებული ქვეყნის სიძლიერის წინაპირობაა.

ივანე ძველი ებრაული სახელია და ნიშნავს ,,ღვთის წყალობას“, სიტყვა-სიტყვით – ,,ის, ვის მიმართ ღმერთი მოწყალეა… ამ სახელის საწყისი ფორმაა ,,იოხანან“. ძველ ქართულში გვხვდებოდა იოვანეს, იგივე იოანეს სახით, რადგან ივანეს პერსონაჟი დავაკავშირეთ ქართველ ხალხთან, აქედან შეიძლება ვიფიქროთ, რომ სახელიც ეტიმოლოგიური მნიშვნელობითაა შერჩეული. ქართველი ხალხის მიმართ ღმერთი მოწყალეა, მას ღმერთი სწყალობს.

შემთხვევითი არ უნდა იყოს ჯაყოს მესამე ცოლის, ნინოს, სახელიც. ქართველებისათვის ეს განსაკუთრებული, ქრისტიანული სახელი ფრიად კონტრასტულად გამოიყურება ჯაყოს გვერდით. ქვეტექსტური გააზრების გარეშე რომ ჩაეფიქრებინა, მწერალს შეეძლო არჩევანი უბრალო გლეხი ქალის სახელზე შეეჩერებინა. მაგრამ ამით მწერალი გვეუბნება, რომ მტერი ჯერ რჯულს, სარწმუნოებას (ნინოს) ეუფლება,  მერე კი ქვეყანასაც(მარგოსაც) იოლად იგდებს ხელთ.

 

 

 

კონფლიქტები მშობლებსა და შვილებს შორის – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

კონფლიქტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, მან შეიძლება ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ურთიერთობაში იჩინოს თავი. გამონაკლისს არც მშობლებისა და შვილების ურთიერთობა წარმოადგენს. მართალია, ეს კონფლიქტი ორივე მხარისთვის არასასიამოვნოა, მაგრამ წინააღმდეგობების სრულად თავიდან აცილება ყველაზე მშვიდობიან ოჯახებშიც  კი შეუძლებელია. უთანხმოება უფროსებსა და ბავშვებს შორის ყოველთვის ხდება, მაგრამ იმისათვის, რომ ის ჩხუბსა და რთულ ურთიერთობაში არ გადაიზარდოს, საჭიროა, ვიცოდეთ კონფლიქტის სწორად მართვა. კარგი იქნება, თუ კონფლიქტის არცერთი მონაწილე არ დარჩება დამცირებული, შეურაცხყოფილი და დამარცხებული.

კონფლიქტი მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახში ქმნის დაძაბულ, ნეგატიურ ატმოსფეროს, რომელიც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. როგორც წესი, ბავშვები უფროსების მაგალითზე სწავლობენ კომუნიკაციას. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ, უფროსებს, უნდა შეგვეძლოს კონფლიქტების უმტკივნეულოდ მოგვარება.

მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტმა შეიძლება ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე იჩინოს თავი, დაწყებული ადრეული ასაკიდან. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგანაც პატარები განვითარების პროცესში სწავლობენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, ემოციების მართვას, მოთხოვნილებებისა და სურვილების გამოხატვას. ადრეულ ასაკში პატარას უჭირს გრძნობებისა და ემოციების მართვა, ამიტომ შეიძლება ხშირად გამოავლინოს ისტერიკა და აგრესია, თუ ის გაბრაზებული, გაღიზიანებული და იმედგაცრუებულია. ასაკის მატებასთან ერთად თავს იჩენს უთანხმოების ახალი მიზეზები, რომლებიც შეიძლება ოჯახური კონფლიქტების მაპროვოცირებელი გახდეს. მნიშვნელოვანია, ასეთ მომენტებში უფროსებმა ვისწავლოთ ბავშვის გაგება და მხარდაჭერა იმისათვის, რომ დავეხმაროთ მას კონფლიქტების გადაჭრაში ჯანსაღი და კონსტრუქციული გზით. ამისათვის კი აუცილებელია, ვიცოდეთ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი.

მშობლებსა და შვილებს შორის კონფლიქტების ყველაზე გავრცელებული მიზეზები:

  • წარუმატებლობა სწავლაში – მშობლების დიდი ნაწილი ბავშვთან კონფლიქტის მიზეზად სწორედ სწავლაში წარუმატებლობას მიიჩნევს. როდესაც მშობელი ძალისხმევას არ იშურებს, რომ ყველა პირობა შეუქმნას შვილს კომფორტული სწავლისთვის, საპასუხოდ კი ხედავს, რომ ბავშვს სურვილი არა აქვს კარგად სწავლის და დაბალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, როგორც წესი, ის ვერ მალავს უკმაყოფილებას. მშობლის აღშფოთება და უკმაყოფილება შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს პედაგოგის ისეთმა გამოხმაურებებმა, როგორიცაა: „არ ისწავლა“, „არ გააკეთა“, „არ შეასრულა“ და სხვა. ყოველივე ამან, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული შეზღუდვების დაწესება ბავშვისთვის, მისი დასჯა. ასეთ სიტუაციებში მოზარდი ყოველთვის ვერ ახერხებს შეცდომების აღიარებას და ქცევის უკეთესობისკენ შეცვლას. შეხედულებების განსხვავება ან საერთო ენის  პოვნის უუნარობა  შეიძლება ოჯახში ხანგრძლივი კონფლიქტის მიზეზი გახდეს.
  • ქცევის წესები და მათი დარღვევა – მოზარდების აზრით, ყველაზე ხშირად მშობლებთან კონფლიქტები ჩნდება ოჯახში დადგენილი წესების დარღვევის გამო – ტელევიზორის, კომპიუტერის, ტელეფონის ბოროტად გამოყენება, დღის რეჟიმის დარღვევა, დისციპლინის ნაკლებობა, ოჯახური მოვალეობების იგნორირება. ბავშვებს უყვართ მშობლების ნერვების გამოცდა სიმტკიცეზე, განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ იმედით, რომ სხვა ადამიანების თანდასწრებით ნებადართულობის საზღვრები გაფართოვდება. თუმცა დედებისა და მამების უკმაყოფილებას ამძაფრებს გარშემომყოფი ადამიანების რეაქციები, რაც მშობელს უჩენს სირცხვილის გრძნობას შვილის საქციელის გამო. ყოველივე ამის შედეგად კი კონფლიქტი გარდაუვალია.
  • მშობლებისა და შვილების განსხვავებული მსოფლმხედველობა – ბავშვობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მშობლები მოზარდების მიერ აღიქმებიან, როგორც ყველაზე ჭკვიანები, საუკეთესოები, ყველაზე გამოცდილები. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები იწყებენ საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებას გარემომცველ სამყაროზე: უჩნდებათ საკუთარი ინტერესები, ჩაცმის საკუთარი მანერა, საკუთარი მიზნები და პრიორიტეტები. ამასთან ერთად, ავტორიტეტული ხდება თანატოლების და არა მშობლების მოსაზრებები, რაც უფროსების სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს და კონფლიქტების გაჩენის ალბათობას ზრდის. მამებისა და შვილების პრობლემა ისეთივე ძველია, როგორც სამყარო. ამის გამო კონფლიქტების უმრავლესობა ჩნდება არა მხოლოდ მეამბოხე მოზარდებთან, არამედ მოზარდი თაობის ნებისმიერ წარმომადგენელთან. ბევრი მშობელი ცდილობს, თანამედროვე მოზარდი შეადაროს საკუთარ თავს იმავე ასაკში. ხშირად უფროსებს არ სურთ, მიიღონ ახალი ღირებულებები, გარემომცველი სამყაროს თავისებურებები და პროგრესი. შედეგად, მშობლები იწყებენ ავტორიტეტით ზეწოლას, მოზარდი კი ცდილობს, დაიცვას საკუთარი ინტერესები. ყოველივე აღნიშნული, დიდი ალბათობით, კონფლიქტამდე მიგვიყვანს.
  • უთანხმოება მშობლებს შორის – მშობლებს შორის უთანხმოებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებთან კონფლიქტი მრავალი მიზეზის გამო. პირველ რიგში, კონფლიქტი გარდაუვალია, როდესაც მშობლები სხვადასხვანაირად უდგებიან ბავშვის აღზრდას, მაგ., დედა თვლის, რომ საჭიროა მოლაპარაკება ბავშვთან, მამა კი დარწმუნებულია, რომ დასჯა აღზრდის საუკეთესო საშუალებაა. მშობლების შეუთანხმებლად მოქმედება აბნევს ბავშვს, ის თავს დაუცველად და საკუთარ თავში დაურწმუნებლად გრძნობს. ამ გრძნობებმა შეიძლება აიძულოს ბავშვი, გამომწვევად მოიქცეს და ეჩხუბოს მშობლებს. გარდა ამისა, კონფლიქტები უფროსებს შორის, რომლებიც ემოციური ფორმით ვლინდება ბავშვის თანდასწრებით, უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდზე – ეუფლება შიშის გრძნობა, იკეტება საკუთარ თავში, ან ხდება აგრესიული, კონფლიქტური.
  • აღზრდის ავტორიტარული სტილი – ოჯახში, სადაც მოზარდი თაობის აზრი არ არის გათვალისწინებული, სადაც მშობლები ჰიპერკონტროლის საშუალებით უფლებას არ აძლევენ ბავშვს, იყოს ინიციატივიანი, შეიძლება გაჩნდეს დაპირისპირება მშობლებსა და შვილებს შორის. ავტორიტარი მშობლები, როგორც წესი, ბავშვის ნაცვლად წყვეტენ ყველა საკითხს, უზღუდავენ მას დამოუკიდებლობას. ასეთ ოჯახში მოზარდი ეჩვევა საკუთარი გრძნობებისა და ემოციების დათრგუნვას და ყველაფერში უფროსების მორჩილი ხდება. მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო ბავშვს უძლიერდება ემოციური დაძაბულობა და რაღაც მომენტში ის აუცილებლად „აფეთქდება“ – დაიწყებს აგრესიის გამოვლენას, დაუმორჩილებლობას, ნებისმიერი მიზეზით ყვირილს, ისტერიკას. ასეთი მოქმედებებით მოზარდი შეეცდება, თავი დაიცვას ზედმეტად მკაცრი უფროსებისაგან.

რეკომენდაციები – როგორ დავძლიოთ კონფლიქტები მოზარდებთან:  

  • მიუხედავად იმისა, თუ რა იყო მოზარდთან კონფლიქტის მიზეზი, ყოველთვის უნდა ვეცადოთ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. კარგი იქნება, თუ უარს ვიტყვით ნებისმიერი სასჯელის გამოყენებაზე – შეზღუდვები, მით უმეტეს ფიზიკური ძალადობა, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს თაობებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. უფროსების ასეთმა საქციელმა შეიძლება, პირიქით, ბავშვი კიდევ უფრო მტრულად განაწყოს.
  • შევეცადოთ, გავარკვიოთ ჩვენი გაღიზიანების და განაწყენების მიზეზი ემოციებზე დაყრდნობის გარეშე. მივცეთ საკუთარ თავს დრო, შევჩერდეთ, ავიღოთ პაუზა. პაუზა ძალიან სასარგებლოა კონფლიქტის დროს. ის იძლევა დაძაბულობის განელების შესაძლებლობას, რომ ცხელ გულზე რაიმე არასასიამოვნო არ ვუთხრათ მოზარდს. მივცეთ მასაც და საკუთარ თავსაც დამშვიდების შესაძლებლობა, რომ ყველაფერი გავიაზროთ საღი გონებით და ობიექტურად შევაფასოთ. პაუზის დროს შეგვიძლია მივიღოთ უფრო გონივრული გადაწყვეტილება და ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი.
  • შევეცადოთ, გავიგოთ მოზარდის სამყარო, მისი მოტივაცია – იმოქმედოს ასე თუ ისე გარკვეულ სიტუაციაში, მისი მიზნები კონფლიქტის პროვოცირებისას.
  • ნუ შეგვეშინდება, გამოვხატოთ აზრები გულწრფელად, ვესაუბროთ ბავშვს ჩვენი აღშფოთების მიზეზებზე, დავინტერესდეთ, თუ როგორ გრძნობს ის თავს, რას განიცდის, რა აღელვებს, რა უხარია.
  • მივცეთ ბავშვს საშუალება, გამოთქვას თავისი აზრი, ყურადღებით მოვისმინოთ მისი პოზიცია მაშინაც კი, თუ ის არ ემთხვევა ჩვენს პოზიციას.
  • განვიხილოთ კონფლიქტი დეტალურად. ნუ შევეცდებით, დავარწმუნოთ ბავშვი ჩვენს სიმართლეში, შევეცადოთ, ერთობლივი ძალისხმევით აღმოვაჩინოთ მიზეზშედეგობრივი კავშირი მოვლენებს შორის.
  • შევთავაზოთ მოზარდს კონფლიქტიდან გამოსვლის საკუთარი ვარიანტები და შევადაროთ ისინი მის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებს.
  • ვისწავლოთ დათმობა და ვასწავლოთ ბავშვს კომპრომისზე წასვლა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უთანხმოების დაძლევა მშვიდად, კონფლიქტის თითოეული მონაწილის აზრებისა და ქცევის მოტივების პატივისცემით. ერთობლივი მუშაობა მოზარდებთან შეცდომების გამოსასწორებლად დაგვეხმარება, უკეთესად გავუგოთ მათ და მათაც შეძლონ ჩვენი გაგება.

როგორ შევინახოთ მოგონებები

0

ხშირად გამიგონია ფრაზა, რომ სხვების შვილები სწრაფად იზრდებიან, ჩვენები – ნელა. თინეიჯერობას მიღწეული ორი შვილის ყურებისას არ მტოვებს განცდა, რომ საკუთარი შვილებიც ძალიან სწრაფად იზრდებიან და იმის გააზრება, რომ მალე მათ ცხოვრებაში ჩემი ჩართულობის საჭიროება უფრო და უფრო ნაკლები იქნება, ჯერ კიდევ მასევდიანებს. არაფერი სჯობს იმის ყურებას, როგორ ხდებიან პატარა ადამიანები დამოუკიდებელი პერსონები, თუმცა ამ პროცესის პარალელურად თავს არ მანებებს ფიქრები, რომ უნდა მოვასწრო, სანამ ყველა აქტივობაში ჯერ კიდევ ერთად ვართ ჩართულები, სანამ ამბებს მიყვებიან და მათთვის თავგადასავლების მოწყობა ჩემი საქმეა, ამ დროით უნდა ვისარგებლო: მეტი მოგონება შევქმნათ და დავიმახსოვროთ. ხომ, დამახსოვრებაც საქმეა.

თავიდან, როცა დამწყები დედა ვიყავი, მეგონა, რომ სულ მემახსოვრებოდა მათი ინტერპრეტირებული სიტყვები, ფრაზები, სიზმრები,  მაგრამ ფუჭი აღმოჩნდა ჩემი იმედები. დრო ბევრ ამბავს შლის.

აღმოჩნდა, რომ ბავშვობის ყველაზე ცოცხალი მოგონებები ადამიანების უმეტესობისთვის ისეთი ბანალური რამეებია, როგორიცაა კბილის ექიმთან პირველი ვიზიტი, არდადეგები, დაბადების დღის წვეულებები, სკოლის პირველი დღე, დაშავების შემთხვევები, კბილის მოცვლა, საშობაო საჩუქრები, დაჭერობანას თამაში და მშობლებთან ერთად ხარისხიანად გატარებული დრო. ყოველდღიურობაში პატარა სიხარულების პოვნა და დაუვიწყარი ამბების მოწყობა ადვილი საქმე არ არის, თუმცა ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ლაღი ბავშვობა და ამ დროის ემოციები და მოგონებები დიდწილად განსაზღვრავს იმას, როგორი იქნება ცხოვრება ზრდასრულობისას. ხშირად საკუთრივ ამბებზე მეტად ემოციები და შეგრძნებები გვამახსოვრდება, რაც სხვადასხვა დროს გაგვჩენია.

მე, მაგალითად, ჩემი ბავშვობიდან განსაკუთრებით ტკბილად „მეორეხარისხოვანი პერსონაჟები“ მახსოვს – მოხუცი ბებიები სამეზობლოებიდან: მათმა ნაწილმა „შელოცვები“ იცოდა, ზოგი ყველაზე მშიერ წლებშიც ორცხობილებით და მცენარეული ჩაით მიმასპინძლდებოდა, ზოგი ისე ქსოვდა და ქარგავდა, მათ ყურებას არაფერი სჯობდა; ერთი იყო, ისე ხმამაღლა იცინოდა და ისე მოურიდებლად იგინებოდა, ყოველ ჯერზე გაოგნებულს მტოვებდა. ამ დრომდე ცოცხალია პატარა ქალების, სოფლების ბიბლიოთეკებში გატარებული დღეებისა და იქ აღმოჩენილი უცნობი წიგნების პოვნის სიხარულის შესახებ მოგონებები. საახალწლო საჩუქრებიც მახსოვს, რომლებიც ძირითადად ჩვენი იმჟამინდელი ხელმოკლე ცხოვრების საუკეთესო ილუსტრაციები იყო და მამასთან ერთად მაღალ მთებსა თუ დაბურულ ტყეებში ლაშქრობებიც. არც კი ვიცი, ეს ლაშქრობები უფრო ძვირფასია თუ ის დღეები, როცა მარტო სადმე წასვლის ნებართვას მოვიპოვებდი ხოლმე და საკუთარი გულისცემა უფრო ხმამაღლა მესმოდა, ვიდრე მთის მდინარეების ხმაური – ძვირფასია ის შეგრძნება, რაც სახლში უვნებლად დაბრუნებულს გაქვს. ჩემი ამბების გახსენებისას არ მტოვებს განცდა, რომ ორ ათეულ წელიწადში, რაც ჩემი და ჩემი შვილების ბავშვობებს აშორებს ერთმანეთისგან, განუზომლად შემცირდა ბუნებაში გატარებული დრო ოჯახებისთვის და შემაწუხებლად გაიზარდა ციფრული გაჯეტების კონცენტრაცია.

მოგონებების შექმნისა და არქივირებისას ვცდილობ ხოლმე, რომ ბუნებასთან სიახლოვეც შევინარჩუნო და ტელეფონიც ნაკლებად გამოვიყენო. აი, რამდენიმე ხრიკი, რაც წლების განმავლობაში გამოვიმუშავე:

 

  • სეირნობის შემდეგ სახლში მოგვაქვს ყვავილები, ფოთლები, ნიჟარები, ზოგჯერ ტოტებიც და სხვადასხვა სახელოვნებო პროექტისთვის ვიყენებთ – ჩემი ფავორიტი თიხაზე ანაბეჭდების გადატანაა.

  • საღამოობით, ძილის წინ წიგნის კითხვისას ხატავენ, ილუსტრაციებს და სკეტჩებს აკეთებენ ან შემხვედრ შთამბეჭდავ სიტყვებს და ფრაზებს იწერენ – წლების შემდეგ ამ ნახატებით გავსებული წიგნაკების დათვალიერება დროში მოგზაურობას ჰგავს და უფრო სახალისოა, ვიდრე საოჯახო ფოტოალბომის თვალიერება, სადაც უცნობი ადამიანების ფოტოები სჭარბობს ნაცნობი ნათესავების ფოტოებს.
  • ტელეფონით ფოტოების გადაღების ნაცვლად, თუკი სეირნობისას ბევრი დრო გვაქვს ან უცხო ქალაქში ვართ, ვიმახსოვრებთ ხედებს, არქიტექტურას და ლანდშაფტებს. ასე მეტი დრო გვაქვს დეტალების აღსაქმელად, დასვენებისთვის, ფიქრისთვის.
  • ფოტოებს მოგზაურობისას ფირის კამერით ვიღებთ – სახლში დაბრუნებულებისთვის ამ ფირების გამჟღავნება ერთი სიხარულია. ათასი წვრილმანი გვახსენდება, რაზეც მაშინ ყურადღება არ მიგვიქცევია.
  • ლაშქრობების რუკებს ვაკეთებთ და ვადარებთ, როგორ იზრდება წლიდან წლამდე გავლილი მანძილი და თავგადასავლები.
  • ვუშვებთ გამონაკლისებს – ღამე ვმგზავრობთ მეტროს ცარიელი ვაგონებით ან განსაკუთრებით ცივ დღეებში ნაყინის საჭმელად ვსტუმრობთ სანაყინეს. ზოგჯერ მეგობრებს ვიტოვებთ ღამისთევით, ზედიზედ ვუყურებთ რამდენიმე ფილმს ან ვუსმენთ ერთი მომღერლის ყველა სიმღერას, რისი პოვნაც შეიძლება.
  • ჩვენ საკუთარ ტრადიციებს ვქმნით – მეგობრებისთვის ხელნაკეთ საჩუქრებს ვამზადებთ, ახალ სეზონს ახალი ფლეილისტით ვხვდებით, სიმღერებს გამოგონილ ისტორიებს „ვაწებებთ“, თვის ყოველ პირველ კვირა დღეს ჯანმრთელი სასუსნავების დღედ ვაცხადებთ და ჩვენი ხელით ვაცხობთ და ვაკეთებთ სახრამუნოებს და ტკბილეულს.
  • სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ წიგნაკში ვიწერ განსაკუთრებით დასამახსოვრებელ რეპლიკებს, ფრაზებს, კითხვებს.

  • ვქმნით და ვინახავ „დოკუმენტურ მასალას“ – ბავშვების დაწერილი სიმღერების აუდიოჩანაწერებს, ნახატებს, დღიურებს, თოვლის ბაბუისთვის თუ ერთმანეთისთვის მიწერილ წერილებს – ერთ დღეს, უკვე გაზრდილებმა, შეიძლება ეს ყველაფერი ხელის ერთი მოსმით გადაყარონ, მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.

ბოლოს კი სოლიდარობა და ჩემი გულის ნაწილი ყველას, ვისი მოგონებების ანაბეჭდებიც ემსხვერპლა ომს, სტიქიას და სხვა უბედურებებს. წლებია, ვერ ვიშორებ სევდას იმ ადამიანების გამო, რომლებიც შესაძლოა ჩემზე ბეჯითად აგროვებდნენ შვილებისთვის დასამახსოვრებელ ამბებს, მეტს წერდნენ, ხატავდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ, მოგზაურობდნენ, უყვარდათ და უხაროდათ სიცოცხლე და ერთ დღეს ღია ცის ქვეშ დარჩნენ მოუნელებელი დანაკარგებით. მათზე ფიქრისას ხშირად მითქვამს ბავშვებისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის ცხოვრებაში, რასაც ჩვენი ტვინი და გული იმახსოვრებს, ინახავს და ატარებს. მინდა, ესეც ახსოვდეთ სხვა ამბებთან ერთად, როცა დიდი ქალები იქნებიან და ჩემ გარეშე იცხოვრებენ.

 

 

 

 

სხვა ცის გახსნა

0

„სხვა ცის გახსნა“ – ასე ჰქვია უნიჭიერესი ახალგაზრდა ხელოვანის, ალექსანდრე ჯინჭარაძის სადებიუტო პოეტურ კრებულს, რომელშიც პოეზიის მოყვარულებს თანამედროვე სამყაროსთვის უჩვეულო ლირიზმი, გულწრფელობა და სულიერი სიფაქიზე მოაჯადოვეს. მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრში თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსია გაჩნდა. კონკურენცია დიდი იყო, მაგრამ საკონკურსო კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი სრულიად უცნობ ახალბედა მასწავლებელს. ალექსანდრემ სკოლა ოზურგეთში დაამთავრა, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ათენის უნივერსიტეტში სწავლობდა. 30 წლისაა. ამჟამად თსუ-ს მაგისტრანტია. მან სკოლაში ახალი პოზიტიური ენერგია, შემოქმედებითი მიდგომები და ნოვატორული პედაგოგიური ხედვები მოიტანა. ბავშვებმა უცებ შეიყვარეს ახალგაზრდა, ენერგიული და კრეატიული მასწავლებელი. ალექსანდრე კომუნიკაბელური, გახსნილი, ყველასადმი კეთილგანწყობილი ნატურაა და უშურველად უზიარებს ყველას თავის ლამაზ სამყაროს. ალბათ ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ მრავალმხრივი ნიჭიერებით გამორჩეული ახალგაზრდა საჯარო სკოლის მასწავლებლის კარიერას ირჩევს და უმაღლესი მოტივაციით მუშაობს ბავშვებთან. ვფიქრობთ, ალექსანდრესთან საუბარში ნათლად ჩანს ახალი თაობის მასწავლებლის მსოფლხედვა და დამოკიდებულებები გარე სამყაროსთან. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ინტერნეტგაზეთის მკითხველისთვის გაგვეზიარებინა მისი შეხედულებები. მე, როგორც გამოცდილ მასწავლებელს, მგონია, რომ ასეთი ახალგაზრდები ჩვენს რიგებში ფასდაუდებელი შენაძენი და „სხვა ცის გახსნაა“. ისღა დამრჩენია, რომ ულევი წარმატება ვისურვო ალექსანდრეს, ვფიქრობ, გამოცდილი მასწავლებლებიც ბევრ პედაგოგიურ ხრიკსა და საიდუმლოს ვასწავლით ალექსანდრეს და თავადაც ბევრს ვისწავლით მისგან.

ალექსანდრე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს მასწავლებელთა მრავალათასიან არმიაში. განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდები ირჩევთ მასწავლებლის კარიერას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშკარა გენდერული დისბალანსი გვაქვს, სკოლებში ძირითადად ქალბატონები არიან დასაქმებული და მამაკაც მასწავლებელთა საყოველთაო დეფიციტია. თბილისის კლასიკური გიმნაზიის საკადრო კომისიამ მაღალკონკურენტულ კონკურსში თქვენ შეგარჩიათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მოგვიყევით თქვენ შესახებ. სად მიიღეთ სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლება? რა გამოცდილება გაქვთ, როგორც ჰუმანიტარს?

ჩემი ცხოვრების გზა ერთი გრძელი ოდისეაა. თავდაპირველად წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზია დავამთავრე. ბავშვობიდან მიყვარდა მხატვრული ლიტერატურა. ვწერდი, ვკითხულობდი. როგორც აღმოჩნდა, ლიტერატურა ჩემი განუყოფელი მეგობარი აღმოჩნდა. სკოლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. პირველადი პროფესიით სოციოლოგი ვარ. ამის მერე იყო დიდი გზა – ათენისკენ. იქ ჯერ ახალი ბერძნული ენა შევისწავლე, დიპლომი ავიღე და ამის შედეგად ჩავაბარე თეოლოგიის ფაკულტეტზე. მთელი ათენური ოდისეა ჩემთვის დიდი გამოცდილება აღმოჩნდა. რა შეედრება იმ წამებს, როცა ფეხით მისეირნობ დიდი აკროპოლისისკენ პატარა ქალაქის (ოზურგეთის) პატარა პოეტი. თუმცა, ერთ ლექსში ვწერ: “მე პატარა ქალაქში ვცხოვრობ და ვფიქრობ ვარსკვლავების შექმნის წამზე.” პანდემიის პირობებში საქართველოდან ვსწავლობდი და ამ დროს მომეცა საშუალება მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა ჩამებარებინა, შემდეგ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა გამევლო ისევ თსუ-ში და შემეძინა ჩემი პირველი სასკოლო გამოცდილებაც. რაც შეეხება პრაქტიკას: თავდაპირველად ჩემს ქალაქში ვიყავი დამხმარე მასწავლებელი… მერე იყო თბილისი, უკვე ამ წლის დასაწყისში, სკოლა “მთიები”. ხოლო ბოლოს თქვენთან მოვხვდი. ასე მოვხაზავდი მოკლედ ჩემი, როგორც ჰუმანიტარის, გზას… მადლობა სკოლის დირექტორს ნდობისათვის. ნამდვილად დიდი კონკურენციის პირობებში ამარჩიეს. მადლობა კომისიის თითოეულ წევრს, მადლობა თქვენ, ქალბატონო მაკა, ამგვარი კეთილგანწყობისა და დაფასებისთვის! ნამდვილად ასეა, გენდერული დისბალანსია, თუმცა პროფესიას და პოეზიას სქესი არ აქვს. ქალთა და მამაკაცთა სრულ ინტელექტუალურ თანაბრობას ვუჭერ მხარს. ჩემთვის ერთი მთლიანია ადამიანი, მთელი თავისი დიდებულებით, ინტელექტით, ტალანტით, მრავალფეროვნებითა და სქესთა განყოფით.

ჩვენ კოლეგები ვართ და, საბედნიეროდ, ერთ საგნობრივ კათედრაზე გვიწევს მუშაობა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია კოლეგებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება? რას გულისხმობს ეს პროცესი თქვენთვის?

ურთიერთთანამშრომლობა ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა, სამწუხაროდ, ყველა მასწავლებელს არ აქვს ამის კულტურა. ვფიქრობ, უნდა შევიძინოთ. ამის გარეშე ვერანაირ წარმატებას ვერ მივაღწევთ. შეიძლება არსებობდეს კარგი სპეციალისტი, რომელიც, ამასთანავე, კარგი პედაგოგი არ არის. პედაგოგიკა და საგნობრივი კომპეტენცია როცა ერთმანეთს ავსებს, სწორედ ეს არის ნამდვილი პროფესიონალიზმი. ამასთან, უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანია დაგროვილი ცოდნის გაზიარება. როგორც რუსთაველი გვასწავლის: “უხვად გასცემდი, ზღავსაცა შესდის და გაედინების.” მე ჩვენი სკოლის ქართულის კათედრა განსაკუთრებულად შემხვდა და მრავალი რჩევაც მივიღე. მათ შორის, თქვენგან! მუდამ ვიზრდები. ვერ ვაფასებ იმგვარი ტიპის მოაზროვნეს, რომელსაც სწამს, რომ მაღალ საფეხურს მიაღწია და დროა, შეჩერდეს. შემეცნება მუდმივი და უწყვეტი პროცესია. ამასთან, ამგვარი თვითდაჯერებულობა ყალბ წარმოდგენას უქმნის ადამიანს საკუთარ თავზე და აფერხებს მის კარიერულ თუ პიროვნულ განვითარებას. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ერთი და იმავე საგნის მასწავლებლების თანამშრომლობა, სწავლების მეთოდების გაზიარება და ა.შ.

თქვენ უკვე გაქვთ გამოცემული პოეტური კრებული. მოგვიყევით მის შესახებ.

“სხვა ცის გახსნა” ჩემი პირველი პოეტური კრებულია. მანამ იყო ასამდე პუბლიკაცია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. ვწერ ნოველებს, ლიტერატურულ წერილებსაც. ამასთან, უკვე მზად მაქვს მეორე წიგნი, რომელიც ამ ზაფხულამდე მინდა გამოვცე. ამ კრებულს ამგვარი ეპიგრაფი დაამშვენებს: “ჩემი სახლის სარკეებს და მასში არეკლილ ადამიანებს.” რაც შეეხება “სხვა ცის გახსნას”, მასზე დიდ იმედებს ვამყარებდი, თუმცა, მგონია, რომ იმგვარი გამოხმაურება არ მოჰყვა, როგორსაც იმსახურებდა. აქ არის ყველა ძირითადი და მთავარი ტექსტი, რომელიც, ვფიქრობ, მე საუკეთესოდ გამომხატავს. ასევე, იგი ისე შევადგინე, რომ კონვენციური ლექსს მოსდევს თეთრი ლექსი, მინიმა. არ მინდოდა, რომ მოსაწყენი ყოფილიყო. მრავალს მოეწონა და მხოლოდ ერთი სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ვნახოთ… დანარჩენს დრო გამოაჩენს. ისე, ჩემში რამდენიმე განზომილებაა. როგორც პოეტი – ვერ ვიქნები თავმდაბალი. ჩემი თავისა და ტალანტის მჯერა. მგონია, რომ ღირსეულად ვატარებ ამ სტატუსს და სისხლით და ხორცით პოეტი ვარ. სხვათა შორის, ზმნა “ποιώ” (პიო) რომლისგანც “პოეტი” იწარმოება, ნიშნავს – “ვქმნი”. ამრიგად, ნებისმიერი ადამიანური აქტის პოეტიზაცია ჩემი უმთავრესი მისიაა. სკოლაში რომ მოვდივარ და მტრედს გვერდით ჩავუვლი, შეიძლება ვთქვა: “ამიტომ ვდგები და გადმოვდივარ ამ არეული საწოლიდან, ფანჯრიდან, გზიდან, ამ მოსაწყენი ხმაურიდან და ალიონის სიჩუმეში ჩიტის ტანში შევიტან ამ სულს.” ამ ლექსს მომდევნო პოეტურ კრებულში ნახავთ.

სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი ხართ, კომუნიკაბელური, გახსნილი, საზოგადოებისადმი კეთილგანწყობილი ნატურა, გიყვართ ემოციების გაზიარება, გაქვთ მაღალი ემოციური ინტელექტი და ფაქიზი ფილოსოფიური მსოფლხედვა. ხშირად აქვეყნებთ ფოტოებს, ლექსებს, ჩანაწერებს. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? როგორ უკუკავშირს იღებთ?

ჩემთვის სოციალური მედია არის საშუალება, რათა საზოგადოებასთან მქონდეს აქტიური ურთიერთობა. ძველ საბერძნეთში აედები როცა ლექსებს ზეპირად გადასცემდნენ მასებს, პოეზია იყო ძალიან სოციალური მოვლენა. ამ აზრს იზიარებს პოეტი შოთა ჩანტლაძეც, რომელიც თვლის, რომ პოეზია არ არის პიედესტალებისა და მაღალი სოციალური ფენის კუთვნილება. აკაკი წერეთლის ენაც დიდებულია. სწორედ მან გადაიყვანა ქართული პოეტური აზროვნება ახალ რელსებზე. იმის თქმა მინდა, რომ მე, როგორც პოეტი, მხოლოდ მაშინ ვარსებობ, როცა მკითხულობენ. ეს ზმნა არაა შემთხვევითი. ჩემი ლექსების კითხვა – ჩემი კითხვაა, როგორც შენიშნეთ. ინტერნეტის საშუალებით აქტიურობაც სწორედ ამის გამო მჭირდება. მაგრამ ჩემი თვითმიზანი არაა პოპულარობა, არამედ პოეზიის გადაცემა, რადგან ადამიანი თავისი არსით ესთეტიკური და ინტელექტუალური არსებაა. ამიტომ მისთვის პოეზია კათარსისია ამ ტკივილიან-სიხარულიან სამყაროში. მეც, როგორც პიროვნებას, პურივით მჭირდება იგი. თუ არ ვწერ, არ ვარსებობ. მიმიღია უარყოფითი შეფასებაც, თუმცა მრავალს ესმის ჩემი ლექსებისა თუ ჩანაწერების აზრი. ფოტოგრაფია პოეზიის ნაწილია. იმიტომ, რომ იგი იმ წამს აჩვენებს, რომელიც გაჩერდა წარსულში და დროის დინებამ გადმოისროლა აწმყოში. ლექსიც, როცა ვკითხულობთ, წარსულში გაჩერებული კადრია, რომელიც მუდამ მნიშვნელობას.

რა სირთულეებს აწყდებით საჯარო სკოლის მრავალრიცხოვან კლასებში მუშაობის დროს? რა მიგაჩნიათ გამოკვეთილ სირთულედ ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის?

ზოგადად, ძალიან ვრცელი თემაა. პირველი და დიდი პრობლემა არის მოსწავლეთა რაოდენობა და საათები. მე, როგორც მასწავლებელი, ბევრად უფრო პროდუქტიული ვიქნებოდი ორ კლასთან, ვიდრე ოთხთან. ასევე, ძალიან დიდი პრობლემაა კლასებში მოსწავლეთა რაოდენობაც. როცა ოცდაათი ბავშვი ზის შენ წინ, რთულია ინფორმაცია ისე მიაწოდო, როგორც თხუთმეტ ბავშვს მიაწოდებდი. ამას ემატება ასაკობრივი თავისებურებანი და განსხვავებულ მოწაფეთა სწავლის დონე. ასევე, არ შეიძლება ქცევის გამო ბავშვი ერთიანად შევაფასოთ, თუმცა, მეორე მხრივ, ამ დროს იმ მოსწავლეს ეშლება ხელი, რომელსაც სწავლა სურს. ისე უნდა მოხდეს, რომ ელემენტარული უნარ-ჩვევები ყველა მოსწავლეს განუვითარდეს, რათა მან შეძლოს ესგ-ს მიხედვით გათვალისწინებული საკითხების დაძლევა. არაა მარტივი ახალ-ახალი მეთოდების ძიება, რათა გაკვეთილი უფრო საინტერესო და პროდუქტიული გამოდგეს. ყველაზე მთავარი კი მაინც პიროვნული შეხვედრაა ბავშვებთან, რომლებსაც უამრავი პრობლემა აქვთ. ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩემთვის განმსაზღვრელი შეფასებაა. ამ ბოლოს ვფიქრობ მხოლოდ განმავითარებელი შეფასების არსებობაზე ჩვენს სკოლებში.

რა არის ის, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის სწავლების პროცესს თქვენთვის?

აუცილებლად “სწავლა კეთებით”. ვცდილობ, ტექსტთან ისე მივიდეთ, თან ვხატოთ, ვძერწოთ. როცა ვხსნით ლექსს, ამ ლექსში გაცოცხლებულ ყველა პერსონაჟსა და საგანს აქვს ამეტყველების უფლება. ამიტომ მოსწავლე უფრო ინტერესდება, როცა ტექსტს პასიურად კი არ ისმენს, არამედ თავადაც შემოქმედებს. ასეთ დროს უფრო ადვილი ხდება ტექსტისა თუ ნაწარმოების დასწავლაც. ამასთან, ვიზუალური ეფექტიც არსებობს. როცა მოწაფე ხედავს, რომ მის წინ, დაფის გასწვრივ, ან სხვა კედლებზე მისი ნახატები დაუკიდია მასწავლებელს, უფრო და უფრო მოტივირებული ხდება. საკუთარ თავს მნიშვნელოვან არსებად აღიქვამს და ასეც უნდა იყოს. სწავლა-სწავლების პროცესის ცენტრში ხომ მოსწავლე დგას!

თქვენს პოეტურ კრებულში არაერთი ლექსია ახლახან გარდაცვლილი საყვარელი ბებიისადმი მიძღვნილი. გურული ბებიების ისეთი პროზაული სახეები შექმნა ნოდარ დუმბაძემ, რომ ძნელია მკითხველის გაოცება, მაგრამ თქვენ პოეტურად აცოცხლებთ მის საოცარ ლირიკულ პორტრეტს. ლექსში „საგალობელი ბებიისადმი“ წერთ: „ბე, დასასრული, გაიხედე, ახლოა წარღვნის“… როგორ გავშიფროთ თქვენი პოეტური წინასწარმეტყველება? იყო და სრულდება წარღვნა თუ?..

მადლობა ამ შეკითხვისთვის. დიახ, ჩემს კრებულში მრავალი ისეთი სტროფია, რომელიც, შეიძლება ითქვას, მომავლის წინხედვა აღმოჩნდა. გიზიარებთ 2018 წელს დაწერილი ლექსიდან ფრაზას: “აყვავებული კუბოები ცად მიფრინავენ, ცად მიფრინავენ აყვავებული კუბოები… და თუ შეგცივდა, გთხოვ, საბანი გადაიფარე. ო, შენს არყოფნას მე ვერასდროს შევეგუები!” 2023 წლის პირველ ივნისს, ყვავილების ნიაღვრით, ორ კუბოს გაჰქონდა ჩემი სახლიდან ბებოსა და მამას სხეულები. ამრიგად, იმ ლექსშიც, რომელიც ახსენეთ, არის რაღაც მინიშნება. არ ვიცი, ეს ინტუიციაა თუ მართლა წინასწარ… მოდით, ამ სიტყვას სამწერტილი ახლდეს. წარღვნა იყო. მაგრამ წარღვნის დასასრულიც უკვე მინახავს. აუცილებლად აღვდგებით სიყვარულში და სიყვარულისთვის, ოდეს მოვა ჟამი.

„მაოცარი“ – ამ სიტყვის ამგვარი წარმოება რეზო ინანიშვილს ეკუთვნის. როცა ბერიასადმი მიძღვნილი თქვენი ლექსის ერთი სტროფი გავიაზრე, ეს სიტყვა წამომცდა. აი, ისიც: „ზაფრანისფერად გაწოლილხარ მთელს ჰორიზონტზე დამავალი მზის პირველ სხივზე წამომცდარ ლოცვად… ჩამოგიწველავს საღამოზე მთვარე, ვით ძროხა, და გამოწვდილი შენი ხელი მებზისრტოება!“ საიდან მოდის ამგვარი მეტაფორული აზროვნება? საიდან მოდის ინსპირაცია? შეგიძლიათ, რომ მკითხველი შემოქმედებითი სამზარეულოს კულისებში შეახედოთ?

არ ვიცი, რამდენად კონკრეტული იქნება ჩემი პასუხი… ასეთია ჩემი არსება. სხვაგვარად არ შემიძლია. მეტაფორებით ვცხოვრობ. მუდმივად უკმარობის განცდა მაქვს. არ მყოფნის მხოლოდ რეალური სამყარო. ცოტა მოსაწყენია. წარმოგიდგენიათ, რომ არ არსებობდეს ვან გოგის “მზესუმზირები” და ბუნებაში მხოლოდ რეალური მზესუმზირები არსებობდნენ? ნაკლოვანი იქნებოდა სამყარო… ადამიანი, როგორც შემოქმედი, ალტერნატიულ სამყაროს ქმნის და სწორედ სიტყვა “μεταφέρω” (რომლისგანაც მეტაფორა მომდინარეობს) – “გადაყვანას” ნიშნავს. ამრიგად, მე ნებისმიერ შესაძლო მოცემულობას ჩემი არსების, სულისა და გულის პრიზმაში გადავტეხ, როგორც მზის სხივს… გადამყავს იგი ჩემს პირად რეალობაში… ადამიანი ხომ სიცხადისა და რეალობის მიჯნაზე ცხოვრობს…

როცა კოლეგებმა ახალ კოლექტივში გაგიცნეს, აკაკის, გალაკტიონისა და ტერენტის რეინკარნაცია დაგარქვეს სიყვარულით, რადგან ნათლად იკითხება პოეტური ნატურის თვითგამოხატვა. გაგვიზიარეთ, ვინ არის თქვენი საყვარელი პოეტი ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან და რატომ? განიცდით თუ არა რომელიმე პოეტის გავლენას?

ყველა პოეტს განუცდია წინამორბედის გავლენა. მსოფლიო ლიტერატურის მამა – ჰომეროსი არის ერთადერთი, რომელსაც ვერავინ ვერასდროს გაექცევა. ხორხე ლუის ბორხესს უთქვამს ერთხელ, რომ მსოფლიო ლიტერატურის ყველა მოტივი საბოლოდ ერთ, გზის მოტივზე დაიყვანება, რომლის მამაც ჰომეროსია. მერე და მერე, მსოფლიოს იყოფა ეპოქებად, კულტურებად და მიმდინარეობებად. შესაბამისად, ისინი, რომლებიც ქართული ლიტერატურის საზღვრებში აღმოვჩნდით, შეუძლებელია არ განვიცდიდეთ რუსთველისა და გალაკტიონის გავლენას. ყველაზე მეტად კი ჩემი სული ენათესავება ტერენტი გრანელს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მისი ტექსტების გავლენა აუცილებლად უნდა მემჩნეოდეს. ვგრძნობ, რასაც ამბობს, რასაც განიცდის. ჩემთვის ძალიან ახლობელია. ასევე მიყვარს დიდი ოთარ ჭილაძე, თავისი განსაკუთრებული ხმითა და სათქმელით. ამ სათქმელის ფორმით. ჩემთვის ძალიან საინტერესონი არიან: შოთა ჩანტლაძე, ესმა ონიანი და მრავალი სხვა. ერთი ავტორი არასდროს ამომირჩევია. გააჩნია განწყობასა და სულიერ მდგომარეობას. ჩემთვის ნიკო ლორთქიფანიძეც პოეტია. მისი რიტმული პროზა, დახვეწილი სიტყვა და მანერა განსაკუთრებულია. ვფიქრობ, იგი ჯეროვნად არ არის დაფასებული მწერალი საქართველოში.

თქვენ ფლობთ ბერძნულ ენას. რამდენად ეხმარება ფილოლოგს, პოეტს, რამდენიმე ენით სამყაროში ოპერირება თვითგანვითარებაში?

ნებისმიერი უცხო ენა დამატებითი იარაღია მწერლის ხელში. როგორ ვაზროვნებ მე სხვა ენაში? როგორ ვხედავ შემოდგომის ფოთოლთა ცვენას ბერძნულად, რუსულად, ინგლისურად? “ძალიან საინტერესოა ენა, როგორც ყოფიერების სახლი.” ამ სიტყვებს ფილოსოფოსი მარტინ ჰაიდეგერი ამბობს. ჩემთვისაც უდიდესი გამოცანაა თვით ენა, მასში და მისით ხედვა სამყაროსი და საკუთარი თავისა. ისაა ჩემი სიზმრის, ტკივილისა და სიხარულის ენა. მიუხედავად რამდენიმე უცხო ენის კარგად ცოდნისა, მხოლოდ და მხოლოდ ქართულად ვწერ. სხვა ენებიდან კი ვთარგმნი. უცხო ენები კი თვალსაწიერს მიხსნის. მაგრამ ჩემი დედათა დედა ენა – ქართულია!

 „მე ერთ მუჭა ცას ვინატრებდი, ერთ ყლუპ ყვავილს და გულს, ერთი ლუკმა პურის ოდენას“… გვიმხელს თქვენი ერთი გულლექსი. რაზე ოცნებობს ამ სიტყვების ავტორი საოცარი ბიჭი? აწ უკვე მრავალი ბავშვის მასწავლებელი? არის თუ არა სკოლა ის სივრცე, სადაც ხანგრძლივად მოისურვებდით მუშაობას?

სკოლა ნამდვილად ის სივრცეა, სადაც საკუთარ თავს ვხედავ. სკოლა სიყვარულის მსახურებაა. აქ მხოლოდ ხელფასის გამო არ ვართ, თუმცა კარგი იქნებოდა შრომის შესაბამისი იყოს საზღაური. და მაინც… მასწავლებლობა ეს მოწოდებაა და იმის გაცნობიერება, რომ მოსწავლეებისგანაც ვსწავლობთ რაღაცას და ამ ორმხრივ პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობაში იქმნება ის საფუძველი, რომელიც მოსწავლეს აძლევს უნარს, იქცეს ღირსეულ პიროვნებად და მოქალაქედ. ვისურვებდი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ღირსეული მასწავლებლის სახელი მქონდეს.

ჩემი „ვანგოგენი“

0

იმპრესიონისტებმა „გაანათეს“ რენესანსული ყავისფერი, მზე, ჰაერი შემოიტანეს მხატვრობაში. მათი წინამორბედი კი იყო კამილ პისარო (1830 – 1903), რომლის ნახატი – „დიდი კაკლის ხე სოფელ ერმიტაჟში“ – სოფლის ბავშვობისეულ განცდას მიცოცხლებს. მინდა „იქ“, მზეში, უზრუნველობაში, ბებიების გამანებივრებელ, ნარინჯისფერ სითბოსა და სიყვარულში…

 

ორი დიდი შემოქმედია ჩემს სულთან ყველაზე ახლოს – ვაჟა და ვან გოგი. ორივე – ტანჯული და გენიალური. ვინ არ გაუთბია დიდი ჰოლანდიელის იმპრესიონისტულ მზეს, ფიზიკური ნათებაც რომ აქვს და მეტაფიზიკურიც. ვის არ უგრძნია მისი სულის მოძრაობა, ესოდენ თანხვედრილი მატერიის ტრიალთან. ვინ არ მიხვედრილა მისი ნახატების ყურებისას, რომ სიცოცხლის მძაფრი ვნებიდან სიგიჟემდე ერთი ნაბიჯია. ვის არ უფიქრია, რომ ტკივილი და სიყვარული ორი დიდი აზრია ჩვენი არსებობისა. ვის არ დაუსკვნია, რომ მარტო მშვენიერებისკენ მწყურვალივით სწრაფვად ღირს ჩვენი ცხოვრება.
რამდენი რამ დააკლდებოდა კაცობრიობას, ის რომ არ დაბადებულიყო!
მისი დაბადების დღე 30 მარტია. ხასიათითაც წააგავს ამ არაპროგნოზირებად თვეს.

გილოცავ, ვინსენტ, და ჩემს თავსაც ვულოცავ, რომ დაიბადე!..

ის იყო ნიჭიერი, ზედმიწევნით კეთილშობილი, გენიალური, ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ვერ დაინახეს, რომ დატანჯულიყო, ვერ გაეყიდა ვერცერთი ნახატი, რომლებიც, როცა უიმედო გაეცალა ამ წუთისოფელს, მამასისხლად შეაფასეს როგორც ყველაზე დიდი იმპრესიონისტის საოცარი მემკვიდრეობა… ამპარტავნებით დასნეულებული, საცოდავი, შეშლილი სამყარო, რომელიც ჯერ წირავს, ჯვარზე აკრავს და მერე ნანობს, ეთაყვანება, უკვდავებას ანიჭებს…

ვან გოგის შემოქმედების ადრეული პერიოდისაა „კარტოფილიჭამიები“. მასზე ასახულია მეშახტეთა ქალაქში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ფრაგმენტი: საღამოა, ჩაბნელებულ ოთახში ნაჯაფარი ადამიანები შემოსხდომიან მაგიდას (ამ ნახატზე ჯერ კიდევ მუქი ტონებია, ისეთივე, როგორიცაა მხატვრის განწყობა), რომელზეც მოხარშული კარტოფილი აწყვია. ეს არის უცნაური მორჩილება იმ შეუცნობელი „წესრიგისადმი“, რომელსაც მათ სამყარო სთავაზობს. ეს არის სწორედ ის უცვლელი, რომელთან ბრძოლასაც აზრი აქვს იმდენად, რამდენადაც ეს არის ბრძოლა ბრძოლისთვის, გარდაუვალი კრახით მაინც გამარჯვებისთვის, რადგან ამ დროს ძლიერდები და ეს ნაღვლიანი, გაუხარელი, მაგრამ შეუპოვარი მხნეობაა სწორედ სულის ის გამონაშუქი, მოძმეს „სიძნელეს გზისას“ რომ უადვილებს, არსობის ფილოსოფიურ სიდიადეს რომ იტევს და გადმოსცემს. წუთისოფლის სწორედ ასეთი წინააღმდეგობითი ჰარმონია, წესრიგია გადმოცემული ვაჟა-ფშაველას „ჩემი ვედრების“ დასასრულსაც, რომელიც არ იციან ვან გოგის „კარტოფილის მჭამელებმა“:

„სანამ არ მოვა დრო-ჟამი

სულ ბოლო ამოქშენისა.

სული შენ, ხორცი – მიწასა,

აღარა ვგლოვობ ამასა,

თევზი – წყალს, ცასა – ვარსკვლავი,

შვილი – დედას და მამასა“.

მიყვარს „ექიმ გაშეს პორტრეტი“. რა აღარ იკითხება მის თვალებში: პოეზიისა და პროზის ნაზავი, ოცნებაც და სკეპტიციზმიც, სევდაც და სარკაზმიც, ტკივილიც და ამაოებაც… ეს ერთ-ერთი „მოლაპარაკე“ პორტრეტია. ეს არის შედევრი, ადამიანის ხასიათისა და გაწყობის გასაოცარი სრულყოფილებით წარმომჩენი; ეს არის ობიექტური სუბიქტივიზმი მხატვრისა, რომლისთვისაც ეს ადამიანი ძალიან ახლობელიც იყო და ყველაზე მეტად საშიშიც მათ შორის, ვინც ვან გოგს გარს ეხვია: გაშეს შეეძლო მისთვის დიაგნოზით „განაჩენის“ გამოტანა… და ეს არის პორტრეტი-წინასწარმეტყველება – ექიმის გამომეტყველება თითქოს ზუსტად ამბობს, რა ელის მის პაციენტს – ვინსენტს. საერთო ჯამში კი ეს არის შემოქმედებითი ზეიმი ფერისა, მიმიკისა თუ შინაგანი, პროფესიული ფილოსოფიისა, მხატვრისა იქნება თუ მედიცინის მუშაკისა.

მე ძალიან მიყვარს ვინსენტ ვან გოგი -თავად უბედური, ტრაგიკული, თუმცა მარადი ბედნიერების შემოქმედი ჩვენს გულებში.

„ღამის კაფე არლში“ – მინდოდა, მენახა ეს კაფე, რომელშიც იდუმალი ინტიმიცაა სულის მოსათქმელად, მაგრამ რაღაც საშიში, ,,წითელი” მყუდროებაც, თითქოს წამებს ითვლი სიგიჟემდე ან სიკვდილამდე.

ახლა – სულ ცოტა რამ წუთისოფლის ლაბირინთში „მოხეტიალეებზე“: არსებობს სიცოცხლის ვნება, რომელიც მეტ-ნაკლებად ყოველ ჩვენგანშია. თუმცა არიან მისით შეპყრობილებიც (თუნდაც ლიტერატურაში – ვაჟას ალუდა, დმიტრი კარამაზოვი, ნატაშა როსტოვა „ომი და მშვიდობაში“ ან ბაიარდ სარტორისი ფოლკნერის რომანში „დროშები მტვერში“, ცხოვრებაში – ვან გოგი, ბარათაშვილი, ორივე გურამი -რჩეულიშვილი და თიკანაძე…). ასეთები ვერაფრით ეგუებიან ცხოვრების მიერ შემოთავაზებულ მოჩვენებით წესრიგს და საშიში ჟინით ებმებიან მასთან ბრძოლაში (თუ ნამდვილ ომს გადაურჩნენ). ეს ბრძოლა უთანასწოროა და უმეტესად ფატალურად სრულდება, რადგან სამყარო არავის აპატიებს მასთან ამხედრებას. თუმცა ამ ადამიანებისნაირად ვერავინ გრძნობს არსებობის სიტკბოსა და სიმძაფრეს. მათი ცხოვრებაც ნაღველშეპარული, მაგრამ ძალიან ომახიანი სიმღერაა სიცოცხლისა და ვინც ამ ჰანგებს ვერ ცნობს, მას არც უცხოვრია… ვან გოგის ,,მთესველი” გაამხსენდა – წუთისოფელი კი ამათრახებს ასეთებს, მაგრამ „რასაც დასთეს, საბოლოოდ, მაინც მოიმკი“ – დიდი, თითქოს, ჩამავალი „მზე “იხუტებს ხნულებს, მათში ჩაყრილ მარცვლებს (ნიჭიერებისა) და მომავლისკენ გვახედებს, სადაც ამ „ხნულებიდან“ ამოზრდილი სიცოცხლე მრავლდება ათას სიხარულად; ისეთად, როგორსაც თუნდაც ვან გოგის ნახატები გვანიჭებს.

სად არის ის სამყარო, ვან გოგი ხანდახან რომ ხატავდა? სადაც არავინ არის დაჩაგრული და ადამიანებს არ აქვთ „მაძღრის“ ფსიქოლოგია, სადაც ყველა ნიჭიერი წარმატებულია და ყველა კეთილშობილი – ბედნიერი? სადაც მზეც არის, მსუბუქი სევდაც, სიხარულიც, სიცოცხლის უკიდეგანო სიყვარულიც და მიზეზშედეგობრიობაც?

ნახეთ, როგორი მადლია მის ასეთ ნახატებზე – ბევრი სინათლე, სიმწვანე, მწერების უცნაური მოლოდინით სავსე ზუზუნი და ტყის ნოტიო სურნელი, ჩუმ ნიავს რომ მოაქვს.
ეს ჩვენი სულის სამოთხეა…

ვთქვათ ედუარდ მანეზეც. ამჯერად – მისი „საუზმე მდელოზე“ (1863 წელი), სხეულის მშვენიერების ანტიკური აღქმა და განსაკუთრებული განწყობა. ამ ადამიანებს თითქოს გაჰქრობიათ მიწიერი ვნებები და საზრუნავი, რაღაც უცხო სამყაროში დაქრის მათი გონება…

ჟორჟ სიორა და მისი პუანტილიზმი (რომელიც ვან გოგთან ფუნჯის გრძელ, ძლიერ მონასმებად გვევლინება). „მობანავეები ანიერში“. ერთი თუნდაც უაზროდ გატარებული დღე ჰგავს წერტილს პუანტილისტურ ტილოზე, რომელიც ახლოდან ვერ აღიქმება, შორიდან კი ქმნის კონტურს, ფორმას, აზრს თუნდაც იმით, რომ კიდევ ერთი წვეთით ავსებს შენი ცხოვრების „ფიალას“ და გაახლოებს „აღვსებას“, აღსასრულს, გარდაცვალებას… ისე კი, მეც ჩამოვჯდებოდი ნახატის ამ მისტიკური ცისარტყელის ქვეშ.

ვთქვათ პიერ ოგიუსტ რენუარზეც: „ქალი ბაღში“ – გამოთხოვება ზაფხულთან, უცნაური მოლოდნითა და დატუმბული სიჩუმით სავსე დღეები, მზის სისავსე და ხვატი, დაუვიწყარი, ტკივილიანი გახსენება… შემოდგომას ხომ ყოველთვის ახლავს დანაკარგის, გამომშვიდობების სევდა და სილამაზე, სიკვდილისა და ამაოების სურნელი… „მშვიდობით, რადგან შენ მხოლოდ მოგონებებში გამეორდები…“

რენუარის ერთი ნახატი, ისევე როგორც გოგენისა და ვან გოგის ნამუსევრები, პირველად ბავშვობაში ვნახე, ბებიაჩემის მიერ ლენინგრადიდან ჩამოტანილ ბუკლეტში. ამიტომ ხშირად ვამბობ, რომ დიდი ინტელექტი არ არის საჭირო მშვენიერების, მაღალი ხელოვნების როგორც მიღმიერის გამონაშუქის, აღსაქმელად. პირიქით, იქნებ ბავშვმა უფრო უკეთ შევიგრძენი ეს ნამუშევრები ჯერ კიდევ ჭარბად მომადლებული ინტუიციური ალღოთი, დიდობის პრაგმატიზმი ჩვენს არსებაში ასე რომ აუფერულებს და ზოგჯერ უკვალოდაც განაბნევს. ამ ნახატს ჰქვია „გოგონა მარაოთი“. ასოციაცია კი ასეთია: ეს გოგონა არქეტიპი თუ პარადიგმაა ყველა მომავალი ქალისა, რომელიც ბედნიერებისთვის ემზადება: ქალურის, დედობრივისა თუ, უბრალოდ, ადამიანურისთვის; გნებავთ, მეუღლე უწოდეთ, ეს დიდებული ქართული სიტყვა, გნებავთ, მეორე ნახევარი ფილოსოფიურად, როგორც ინისა და იანის სამყაროს მომცველ ლოგოტიპზეა. ქალი მაინც რომანტიკოსი გააჩინა და დაარჩინა ბუნებამ, კაცისგან განსხვავებით, რომლის თანდაყოლილი რომანტიზმი მკაცრი რეალიზმისთვის არის განწირული, სხვაგვარად ვერ შედგება მისი კაცობა. რომანტიზმში ცხოვრების ხედვის კუთხეს, განწყობას ვგულისხმობ, რომელიც ამ იმპრესიონისტულ ნახატზეცაა და არა ლიტერატურულ მიმდინარეობას, რომელიც თუნდაც ქართულ სინამდვილეში მკაცრი რეალიზმიდან იყო ამოზრდილი.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, რომანტიკა, როგორც იდეების პატივისცემა თუ სამსახური, შერჩება მხოლოდ მას, ვინც ამის ღირსია.

„სიესტა“ – მოდი, გოგენის ნახატშიც „შევიდეთ“ და ჩამოვსხდეთ, გავთბეთ. ცუდად მყოფს, ეს მზე მოგინდება, ფორთოხლისფერი, მისი სულიერი და ფიზიკური მცხუნვარება, ამ პერსონაჟთა პირველქმნილობა, გულუბრყვილობა, შინაგანი სისავსე და გაუბზარაობა… ბავშვობაშიც ვყოფილვარ ამ ნახატებში და „აქ“ მასწავლეს სამყაროს ნდობა, სიყვარულისთვის გულის გახსნა, შინაგანი სისუფთავის შენარჩუნება, უკომპლექსობა, ბუნებაში თავისუფლება.
მოკლედ, მე ვყოფილვარ „ედემში“.

ბოლოს კი – ჩემი მეგობრის შთაბეჭდილება ვან გოგზე. განუმეორებელი ასოციაციები, როგორიც მას ახასიათებდა:

ლურჯი, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე სილურჯე

და ტკივილების ოქროსფერში დანთქმული გული.
ვინ მოიგონა ნეტავ ქვეყნად სიტყვა „სიგიჟე“,

რატომ არ ჰქვია მიუწვდომლის მას სიყვარული.
მიუწვდომელი აქ, ამ მიწაზე,

სადაც ყანებზე გადაივლის ოცნების ბინდი

და შორს, ზეცაში იკარგება ყვავების გუნდი,

როგორც წერილი,

მზა წერტილებით სავსე. უკვე თურმე მაშინვე, როცა ტირილით

არარსებობას დააღწია თავი მხატვარმა – ეგონა იშვა,

მაგრამ მთლიანად ვერ დაიბადა, რაღაც ნაწილი,
უფრო თბილი, უფრო მფეთქავი,

შორეულ სივრცეს შეეხიზნა, ხელი ჩასჭიდა

და იმ ნაწილზე
უძილო ფიქრმა შექმნა ფოთლები, ჩიბუხი, ქუდი…

აკივლებული მიწა, შეცბუნებული ქარი…
უტყვი კედელი, ტკივილისგან მბრუნავი ზეცა, ბედის ბორბალი,
სკამი რომელზეც აღარავინ აღარ დაჯდება…
ოთახი, სადაც მარტოობის მწკლატე სუნი დგას.
ადამიანი… ოცნება იქით,

უცხო კუნძულებს მიფარებულ მარადიულ მდუმარებაზე

და მისი ხელი, დიდი, უშნო, მწითური ბალნით
დაფარული, შეშინებული,

ომ არ ეყოფა ამ ქვეყანას მისთვისაც სითბო,

ალერსი, ცრემლი და სინანული.

და გაოგნება დაიღვრება ისევ ოქროსფრად

და სილურჯეში იტირებენ მწიფე ლეღვები,

უკვე დაბრუნდა იქ, სადაც თურმე ფერი სულია,

თუ ისევ ისე ჩამოვარდა ხელის მტევნები,

როგორც აქ, ამ ჩვენს სისხლ-ხორცით ნაძერწ

დაღლილ ჯოჯოხეთს შეეფერება?

იპოვე, ჩემო შორეულო მეგობარო, ლურჯი სიზმარი?

როგორ გიპოვო, მოგეხვიო დალეულ მხრებზე,

მზერით შეგეხო ჩამქრალ თვალებზე,

ამდენი მწარე უარყოფით დაღლილ თითებზე

და როგორ გითხრა:

შენი ფერები სიცოცხლეა ახლა ბევრისთვის,

სავსე და ტკბილი…

შენი დრო ჩვენი შვებაა, ფიქრი, სევდის წამალი…
მაგრამ შენამდე როგორ მოვა ახლა ეს სითბო?

სად არის გზები, ანდა მაცნე ასე ფრთამალი?

მაშ, სხვა რა გზაა, კიდევ ერთხელ გემშვიდობები,

მომავალ ნათელ შეხვედრამდე სიზმრების არლში…
კაფეს კარებთან გელოდები ოქროს ნაპერწკლად…

(„ვან გოგი – არლი“, ინგა მილორავა, 2011 წ.)

ინტეგრირებული გაკვეთილის დღე

0

– გინდათ ერთ გაკვეთილზე რამდენიმე საგანი ერთად ჩავატარო? – ვეკითხები მოსწავლეებს და პასუხის მოლოდინში ვიღიმი.

– დიახ… როგორ? – მთანხმდებიან და თან დაბნეულობას ვატყობ.

– აი ასე, ძალიან მარტივად, მე ქართულის გაკვეთილზე სხვა საგნებსაც მოვიხმობ: ბუნებას, მათემატიკას, ხელოვნებას და ერთობლივად ჩავატარებ ყველას. ეს იქნება ინტეგრირებული გაკვეთილი, – ვცდილობ ავუხსნა მოსწავლეებს. ვაჩვენებ დამხმარე რესურსს, რომელსაც აწერია „სტარტი 4“. ვიწყებ ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებას წინასწარ გამზადებული რესურსებით.

მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანს, რომელიც გახლავთ სხვადასხვა საგანს შორის კავშირის დამყარება ერთი საკითხის ირგვლივ.

მოსწავლეებს ვუკითხავ ტექსტს „ერთგული მეგობრები“. პერიოდულად ვჩერდები, ვსვამ დასაზუსტებელ შეკითხვებს. ვცდილობ, დაამყარონ კავშირი გრამატიკულ მასალასთან. ვკითხულობ წინადადებას ტექსტიდან: „ახალგაღვიძებულმა მზემ თვალები მოიფშვნიტა“. მინდა, მოსწავლეებმა გაიხსენონ ცოტა ხსნის წინ შესწავლილი გაპიროვნების თემა, მიზანი მართლდება. ვაგრძელებ კითხვას და ვხსნი უცხო სიტყვებს, იმას, რაც ტექსტში გამუქებულად არის გამოყოფილი და დამატებით, რასაც ვთვლი, რომ მოსწავლეებისთვის ახალი იქნება. ტექსტი ძალიან საინტერესო ამბავს ეხება. მოკლედ რომ მოგიყვეთ, მასში საუბარია კალიასა და მუხლუხის მეგობრობაზე. კალია ძალიან აქტიური, ენერგიული და მხიარულია.  მუხლუხი კი პირიქით,  ზანტი. მათი მეგობრობა ტყეში ყველას უკვირს, თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ საუკეთესო მეგობრები იყვნენ. კალია დახტის ბუნებაში და მუხლუხს უყვება იმ საოცრებაზე რასაც ის გარშემო ხედავს. მუხლუხი ვერაფერს ამჩნევს, რადგან  გამუდმებით ფოთოლს კვნეტს. კალიას ძალიან ებრალება მეგობარი, რომელიც  სამყაროს სილამაზეს ვერ ამჩნევს, ამიტომაც საღამოობით თავის მეგობარს უყვება მზის ოქროსფერს სხივებზე, ტყისა და მინდვრის ამბებზე. ერთ დღესაც მუხლუხი გაუჩინარდება. ამას ძალიან დარდობს კალია და აღარაა ისეთი მხიარული, როგორც უწინ. ცდილობს, მოძებნოს მეგობარი, თუმცა ამაოდ. რამდენიმე დღის შემდეგ მასთან პეპელა მიფრინდება და მიესალმება. ცდილობს, კალიას გამოელაპარაკოს, თუმცა  კალია მას ვერ ცნობს. მოფარფატე პეპელა კი ეუბნება, რომ სწორედ ის მუხლუხია, რომლის მეგობარიც იყო. გახარებული მეგობრები ერთმანეთს გადაეხვევიან და აგრძელებენ მეგობრობას.

სიკეთითა და მეგობრობით გაჯერებული ტექსტის წაკითხვის შემდეგ ჯერი მის გააზრებაზე დგება. ვიწყებ ქართულის საგნით და სტარტში მოცემული კითხვების საშუალებით ვცდილობ, მოსწავლეებს გავააზრებინო ტექსტი. გავახსენო მოსმენილი  და იმსჯელონ მის გარშემო. (შეგიძლიათ მოსწავლეებს დაურიგოთ წინასწარ გამზადებული ასლები სტარტიდან, თქვენი სურვილით იმუშაონ წერილობით ან ზეპირი პასუხებით შემოიფარგლონ).

  • რომელი მწერებია ჩამოთვლილი ტექსტში?
  • დაასახელეთ გაპიროვნების მაგალითები.
  • რაზე ოცნებობდა მუხლუხი?
  • ჩამოთვალეთ კალიას თვისებები; (შეგიძლიათ გონებრივი იერიშის აქტივობა გამოიყენოთ)
  • თქვენი აზრით, რა მოხდა, როგორ აუსრულდა მუხლუხს ოცნება?

ტექსტის გააზრებისა და სიღრმისეული გაგების შემდეგ, მოსწავლეებს ვაყურებინებ ჩემ მიერ მომზადებულ საგანმანათლებლო ვიდეოს, რომელიც მწერების ოთხსაფეხურიანი და სამსაფეხურიანი სასიცოცხლო ციკლზეა და ეხმიანება ტექსტის შინაარსს. ამით ვცდილობ ბუნებისმეტყველების თემის ფარგლებში, მოსწავლეებს მივაწოდო დამატებითი ახალი ინფორმაცია, რათა უკეთ გაიაზრონ, რატომ და როგორ შეძლო მუხლუხმა პეპლად გადაქცევა. დამატებით მოსწავლეებთან ერთად ვასრულებ სტარტში მოცემულ დავალებას მწერებზე, რომელთა ილუსტრაციაც მოცემულია და გვავალებენ, რომ ამოვიცნოთ, რომელი არ არის მწერი. ასევე  უკეთ გააზრებისთვის მოცემულია ინფორმაცია მეტამორფოზის შესახებ და მისი შესაბამისი დავალება, სადაც მოსწავლის მხრიდან მოსაზრების დასაბუთებას ითხოვს. ვფიქრობ ჩემ მიერ მიწოდებული საგანმანათლებლო ვიდეოსა და ტექსტის გააზრების შემდეგ, მოსწავლე დავალებებს დამოუკიდებლად გაართმევს თავს.

ასევე მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება მიღებული ცოდნა გამოავლინონ სასიცოცხლო ციკლის ეტაპების დავალებაში, სადაც მათ ევალებათ თანმიმდევრობით დაალაგონ პეპლის განვითარების ეტაპები. ვფიქრობ, მსგავსი დავალება მოსწავლეს ცოდნის ტრანსფერის საშუალებას აძლევს.

ბუნების საგნის თემიდან ძალიან ბუნებრივად გადავდივართ მათემატიკის საგანზე, სადაც მოცემული დავალება გვთავაზობს ამოცანას სწორედ სასიცოცხლო ციკლის ეტაპებზე:

ვფიქრობ, მოსწავლისთვის ძალიან საინტერესოა, როდესაც ერთ საკითხსა და თემაზე მუშაობს და მას სხვადასხვა საგნის ჭრილში განიხილავს ისე ბუნებრივად და მისდა გაუცნობიერებლად, რომ მუშაობის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს და განვითარების მრავალმხრივ საშუალებასაც იძლევა.

მოსწავლეებთან ერთად ვასრულებ სტარტში მოცემულ სხვა დავალებებსაც, თუმცა ასევე სურვილისებრ შეგიძლიათ თქვენც შესთავაზოთ დამატებითი აქტივობა.

იქიდან გამომდინარე, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა ტექსტიდან შეიძინეს ახალი ინფორმაცია, გაკვეთილის მსვლელობისას მოახდინეს მიღებული ცოდნის ტრანსფერი, მინდოდა დავალების სახითაც მათთვის მეთხოვა, შეექმნათ სასიცოცხლო ციკლის მაკეტები. დავალების აუცილებელი პირობა იყო მიღებული ცოდნის გამოყენება. გთავაზობთ შექმნილ ნამუშევარს:

ვფიქრობ, მსგავსი სასწავლო რესურსის გამოყენება, როგორიც არის ინტეგრირებული გაკვეთილებისთვის შექმნილი სტარტი, იძლევა საშუალებას, მოსწავლეებმა ერთი და იგივე საკითხი სხვადასხვა კუთხით შეისწავლონ. პროცესი იყოს საინტერესო და აქტიური. ერთი თემის ირგვლივ საგანთა შორის კავშირის დამყარება მოსწავლეს განუმტკიცებს მიღებულ ცოდნას, დაეხმარება მის ტრანსფერში და სინთეზურ აზროვნებას განუვითარებს. რესურსის გამოყენება, რომელიც მზა სახით არის წარმოდგენილი მასწავლებელს დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს, რა თქმა უნდა, მას შეუძლია საკუთარი შეხედულებით შეცვალოს ან დაამატოს აქტივობები, მოსწავლეს უადვილებს გამზადებულ ფორმატში მუშობას, ხოლო მშობლებს კი კომპლექსურად სთავაზობს შვილებისთვის დამატებით სასწავლო რესურსზე მუშაობას.

ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის ძალიან კომფორტული აღმოჩნდა ერთი ინტეგრირებული დღის დაგეგმვა ჩემს მოსწავლეებთან, რომლის შედეგადაც საინტერესო ნამუშევრები შევქმენით და ახალი ცოდნაც შევიძინეთ.

ბოლოს კი გთავაზობთ ერთ-ერთი მოსწავლის შეფასებას გაკვეთილის დასასრულს:

ჟურნალ “მასწავლებლის” 2024 წლის მეორე ნომერი გამოიცა!

0

მასწავლებლები, სწავლების მეთოდებზე საუბრისას,   ხშირად ვამბობთ, რომ შემთხვევის ანალიზით სწავლება კარგი მეთოდია,   შემთხვევის განხილვა და ანალიზი ეფექტურია დილემების დანახვის, გააზრებისა და გამოსავლის პოვნისთვის.

მაინც რა ახასიათებს  შემთხვევის ანალიზით სწავლებას?

ეს  არის სწავლების აქტიური ფორმა, რომელიც ფოკუსირებულია შემთხვევაზე და გულისხმობს  სწავლას კეთებით. შემთხვევები არის რეალური ან გამოგონილი ამბავი, რომელიც მოიცავს „საგანმანათლებლო გზავნილს“, ნარატივს, მოვლენებს, პრობლემებს, დილემებს, თეორიულ ან კონცეპტუალურ საკითხს, რომელიც საჭიროებს ანალიზს და/ან გადაწყვეტილების მიღებას.

შემთხვევის ანალიზზე  დაფუძნებული სწავლება ერთგვარ სიმულაციას უკეთებს რეალურ სამყაროში არსებულ სიტუაციებს და შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, აქტიურად გაუმკლავდნენ რთულ პრობლემებს.

როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, შემთხვევის ანალიზით  სწავლება ხელს უწყობს  შესასწავლი საკითხის  უფრო ღრმა გაგებას, რაც მდგომარეობს საკითხის კრიტიკულ გააზრებაში და საკითხის სხვადასხვა პერსპექტივიდან გაანალიზებაში.  მოსწავლეები სვამენ კითხვებს  მოცემული შემთხვევის  გარშემო, მუშაობენ პრობლემის გადაჭრაზე,  ურთიერთობენ თანატოლებთან, „ხსნიან“ შემთხვევას, აანალიზებენ, აჯამებენ, სწავლობენ არასაკმარისი ინფორმაციის პირობებში მუშაობას, ეკითხებიან საკუთარ თავს: „რას გავაკეთებდი ამ კონკრეტულ სიტუაციაში? ამ მეთოდით  მოსწავლე აკავშირებს თეორიას პრაქტიკასთან, რაც  ხელს უწყობს მოსწავლეებში საკითხისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და კომუნიკაციის, აქტიური მოსმენის, კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და შემეცნებითი  უნარების განვითარებას.

რატომ გავიხსენე ეს მეთოდი რედაქტორის წერილის  წერისას. ცხადია, შემთხვევით არა. წინაპირობა ჩვენი რეალობა და ყოველდღიურობაა. როცა ჩვენი სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებსაც ვასწავლეთ  ანალიზი, სწორი მიმართულებით მიდიან და ეს მიმართულება მხოლოდ ერთადერთ ადგილს მონიშნავს რუკაზე და ეს ადგილი მათი სამშობლო  – საქართველოა.

საშინელი წყევლააო, ბებიაჩემი მეტყოდა ბავშვობაში, – „ღმერთმა შენი არ  გაცოდინა და სხვისი არ გასწავლაო“- არადა, ეს ჩვენი ისტორიაა. რაც თავი მახსოვს, ამ ისტორიას  თავიდან ვწერთ და ერთხელაც ვერ დავისწავლეთ გაკვეთილი − ისევ განმეორებით, ისევ შეცდომების დაშვებით, ისევ ანალიზისა და კრიტიკულად გააზრების  გარეშე.

არადა, სამშობლო ერთადერთია.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:

მანანა ბოჭორიშვილი, თინათინ ზარდიაშვილი, მაია ფირჩხაძე, ქრისტინა სურგულაძე, თამთა კობახიძე, გიტა თვალაბეიშვილი, ლელა კოტორაშვილი, ხათუნა ციხელაშვილი, მეგი კავთუაშვილი, ნინო ლომიძე, ქეთევან ოსიაშვილი, თემურ სუყაშვილი, ქეთევან კობალაძე, მარიამ ჯამდელიანი, ნათია ნაფეტვარიძე, ნასტასია არაბული, შორენა ტყეშელაშვილი, ელიზბარ ელიზბარაშვილი

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან:

ჟურნალი მასწავლებელი #2

რა არის არსებითი სახელი ანუ გაზეპირებული წესები

0

კითხვაზე „რა არის არსებითი სახელი?“ მოსწავლე დაუფიქრებლად მოგვიგებს: „საგნის აღმნიშვნელ სიტყვას არსებითი სახელი ეწოდება“, ან „არსებითი სახელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს საგანს და მიუგებს კითხვებზე ვინ? რა?“

ან რამე ამგვარს, თუმცა დეფინიციას, რომ არსებითი სახელი საგნის აღმნიშვნელია, განმარტება არ სცდება (შდრ: „ყოველ საგანს თავისი სახელი აქვს.
საგნის აღმნიშვნელ სიტყვას არსებითი სახელი ჰქვია.
არსებითი სახელის კითხვებია: ვინ? რა? (უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი, https://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=49&t=536).

რა თქმა უნდა, არსებითი სახელი აღნიშნავს კიდეც საგანს, მაგრამ მხოლოდ საგანს – არა. თუ არსებითი სახელის ჯგუფებს დავაკვირდებით, ისევ წესები გვეუბნება, რომ შეიძლება იყოს ვინ ან რა ჯგუფის, საკუთარი ან საზოგადო, კრებითი, ნივთიერებათა, კონკრეტული ან აბსტრაქტული…

ჰო, და ახალი შეკითხვა მაშინ: აბსტრაქტული სახელი (სიყვარული, სიძულვილი, მეგობრობა, ერთგულება…) საგანია? – არა. არსებითი სახელია? – დიახ. მაშინ, რა გამოდის? გამოდის, რომ დეფინიცია „არსებითი სახელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს საგანს“ არ არის სწორი, უფრო სწორად, არ არის სრული. არსებითი სახელი „არასაგანზეც“ მიგვითითებს.

კიდევ ერთი რამ ამ მეტყველების ნაწილის შესახებ, ისევ გაზეპირებული წინადადება მოსწავლის პასუხიდან: „ვინ? კითხვა დაესმის მხოლოდ ადამიანის აღმნიშვნელ სახელს, სხვებს – სულიერ და უსულო საგანთა სახელებს – დაესმით კითხვა რა?“  (https://www.nplg.gov.ge/saskolo/index.php?a=term&d=49&t=536).

მოვიხმოთ ასეთი მაგალითი: „ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად, ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად…“

იქვე შეკითხვა: ვის მიემართება ნაცვალსახელი ვინ? ღმერთს (კითხვა – ვინ? და არა – რა?).

ამავე რიგის იქნება სიტყვები: ანგელოზი, ეშმაკი…

მაშასადამე, აქაც გაზეპირებული წესი, რომ კითხვა ვინ მხოლოდ ადამიანს დაესმის, არ გამოდგება. პასუხი სწორი იქნება, თუმცა – კვლავ არასრული.

რასაკვირველია, ამ მოკრძალებულ წერილს სულაც არ აქვს იმის პრეტენზია, რომ ვინმეს რამე ახალი ასწავლოს, ან ახალი აღმოაჩენინოს, ეს ყველამ გადასარევად ვიცით. მხოლოდ მივცეთ საშუალება მოსწავლეებს, დაკვირვებით მივიდნენ წესების აღმოჩენამდე.

 

პოეზიის გამოყენება ენის სწავლებისას

0

პოეზია რთული  ლიტერატურული ჟანრია, რომელიც იყენებს ენას: სურათების, ბგერების, რითმებისა და ემოციების შესაქმნელად. პოეზიას, უცხოური ენის სწავლებისას უდავო უპირატესობები გააჩნია. ლექსის სწავლა-სწავლება  იოლი არ არის, მაგრამ  მას   სულ უფრო მეტი მასწავლებელი იყენებს  მოლიერის ენის შესასწავლად.

წინამდებარე წერილი ეხება იმას, თუ როგორ წარმოგვიდგენია პოეზიის გამოყენება ფრანგული ენის შესწავლის მიზნით.

ფრანგული ლიტერატურა უკიდეგანოდ მდიდარია და პოეტური ჟანრიც არ არის გამონაკლისი.  პოეტები, როგორიცაა: რემბო, ბოდლერი, ვერლენი, პრევერი… გასცდნენ საფრანგეთის საზღვრებს და   ფრანგულ ლიტერატურას მისცეს საშუალება, მთელ მსოფლიოში გაბრწყინებულიყო. ფრანგ პოეტებს შინაარსით მდიდარი ნაწარმოებები აქვთ და ფრანგული ენის გაკვეთილებზე ისინი ადვილად გამოსაყენებელია ლექსიკისა თუ გრამატიკის სწავლების თვალსაზრისით.

პოეზია ერთერთი ეფექტური საშუალებაა უცხოური ენის დაუფლებისას, რადგან ლიტერატურული ტექსტი  მდიდარია ენობრივი  და კულტურული მახასიათებლებით. ლიტერატურის გამოყენება სასწავლო პროცესში  უცხოური ენის მასწავლებელს  საშუალებას აძლევს, ესტეთიური   ლიტერატურული სიამოვნების შექმნასთან ერთად,   საგანმანათლებლო თვალსაზრისით  განავითაროს მოსწავლეთა ენობრივი უნარები. პოეზია  თავისუფლების სივრცეა , ენობრივ დონეზე მოსწავლე აღმოაჩენს ლექსიკური ველის სიმდიდრეს,  შეადარებს უცხოური ლიტერატურის პოეტურ გამოსახულებებს, მეტყველების ფიგურებსა და მშობლიურ ენას, აღმოაჩენს ახალ პოეტურ სურათებსა და რიტმებს, ასევე შეადარებს  მშობლიურ ენაზე დაწერილ ლექსებს ფრანგულ ენაზე თარგმნილს ან – პირიქით.

მოსწავლეებისათვის  ფრანგული პოეზიის შეთავაზება, ნიშნავს, მათთვის ფრანგული კულტურისა თუ  იდეალური კლასიკური ლიტერატურული სტილის აღმოჩენის შესაძლებლობას, ენობრივი უნარების, გამოთქმის, გრამატიკული და ლექსიკური ცოდნის, ასევე  – ინტერკულტურული ცნობიერების შექმნას.

ყველასთვის ცნობილია, როგორი რეზონანსი გამოიწვია ქართველ პოეტ ქალთა ანთოლოგიამ.

წიგნი – მე ბევრი ვარ. 15 ქართველი პოეტი ქალი – საფრანგეთში გამომცემლობა L’Inventaire-მა გამოსცა. მისი მთარგმნელია ბაჩანა ჩაბრაძე, საფრანგეთში მოღვაწე პოეტი, მთარგმნელი, ფილოსოფოსი.

,,მე ბევრი ვარ“ – ქართული პოეზიის პირველი ფრანგული გამოცემაა, რომელიც მხოლოდ ქალებს ეთმობა . სკოლის ფრანგულ კლუბში რამდენიმე მეცადინეობა სწორედ ამ კრებულში დაბეჭდილ,   პოეტ ეკა ქევანიშვილის ლექსს, ,,მეშახტის ცოლის სიმღერას“ დავუთმე. ლექსი ფრანგულად ბაჩანა ჩაბრაძემ თარგმნა. ლექსი სოციალურ თემატიკასა და ქალის  თემაზეა, საინტერესო, ინფორმატიულია  ახალგაზრდებისთვის, კადრია მეშახტის  მძიმე ცხოვრების ხვედრისა, რომელსაც ცა ,ჰაერი ენატრება და ზამთრის სუსხიან ამინდში ღია ფანჯარაში ჯდომას ამჯობინებს, რათა ცას შეხედოს. გთავაზობთ ლექსის თარგმანზე შექმნილ პედაგოგიურ მეთოდოლოგიასა და აქტივობებს.

ეკა ქევანიშვილი

მეშახტის ცოლის სიმღერა

La chanson de la femme du mineur

Ce soir, mon homme, mon mari, rentrera tard, enfumé, Et ses dents blanches scintilleront.

Grâce à ses dents, je pourrais le reconnaître entre tous. Quand je l’ai connu, c’était un homme blanc.

Maintenant, il est couleur de poussière.

On dirait aussi que sa voix est mêlée de poudre de fer Et que de l’ huile bouillante brille dans ses yeux .

Mon mari change quand il émerge du long tunnel quand il

[revient sur la terre.

Voilà, il ne va plus tarder. Il va ouvrir la porte, souillé,

Rapportant, du cœur de la terre, l’odeur de ses semblables

[exténués.

Il aura des boîtes v ides dans une main, du pain couvert de

[suie dans l’autre .

En plus de moi, il aura contaminé le pain, il l’aura noirci.

Il manquera un bout du pain – il aura eu faim en rentrant. Il s’assiéra à la table et y restera.

Il attendra son potage qui sera suivi de mes inéluctables

[remarques

Au sujet de nos dettes à la banque

Et de nos ardoises dans les magasins

Et des nouvelles chaussures de l’enfant des voisins Et des cartables usés de nos enfants,

De la désespérance.

Il s’assiéra et regardera par la fenêtre, vers le ciel. Le ciel me manque, me dira-t-il, et il se taira.

Ce soir, mon mari rentrera tard et jettera par terre ses

[vêtements sales,

Il ouvrira la fenêtre dans le froid hivernal. L’air me manque, dira-t-il, et il se taira.

                             Et je ne pourrai pas lui parler des cahiers de dessin,                      des chocolats,

Et des livres,

Et des nouvelles robes,

Et du collier dans la vitrine,

De la vie d’un homme digne, en général.

Je penserai juste : pour vu qu’il ait toujours bras et jambes, Qu’il puisse descendre à la mine.

აქტივობა N1

აღნიშნე, შენი მოსაზრებით, როგორია ლექსის სტილი:

Quel est le  ton du poème d’après toi :

 triste   joyeux  amicale  insolent     cynique      fraternel   ironique     sympa  gentil     ouvert  froid       drôle      optimiste       fâché       choqué    calme      pessimiste

აქტივობა N2

მიზანი –ტექსტის შინაარსიის გააზრება

ლექსის შინაარსიის მიხედვით, დაალაგეთ ფრაზები თანმიმდევრობით

Reconstituez l’histoire du poème en mettant les phrases suivantes dans l’ordre

  • Il s’assiéra et regardera par la fenêtre, vers le ciel.
  • Je penserai juste : pourvu qu’il ait toujours bras et jambes, qu’il puisse descendre à la mine.
  • Quand je l’ai connu, c’était un homme blanc.
  • Il aura des boîtes vides dans une main, du pain couvert de suie dans l’autre
  • Il s’assiéra à la table et y restera.
  • Il attendra son potage qui sera suivi de mes inéluctables remarques au sujet de nos dettes à la banque.
  • Ce soir, mon mari rentrera tard et jettera par terre ses vêtements sales.
  • Maintenant, il est couleur de poussière.
  • Il ouvrira la fenêtre dans le froid hivernal.
  • Mon homme, mon mari, rentrera tard, enfumé, ce soir.

აქტივობა N3

მიზანი – ზეპირმეტყველების განვითარება

Les élèves peuvent réorganiser les phrases d’exercice N2 pour créer une séquence narrative cohérente de l’histoire racontée dans la poésie.

მოსწავლეეებს შეუძლიათ N=2 სავარჯიშოში მოცემული ფრაზების გამოყენებით ლექსის გაშინაარსება, როგორც ქართულ, ასევე ფრანგულ ენებზე

აქტივობა N4

მიზანი –ტექსტის სიღრმისეული გააზრება, ტექსტის ანალიზი

აქვეა კითხვები, რომელიც ლექსის ირგვლივ შეიძლება დავუსვათ მოსწავლეებს.

მოცემული კითხვები მიეხმარება მოსწავლეებს ლექსის სიღრმისეულად გააზრებაში, რა საკითხზეა საუბარი ნაწარმოებში, რა არის ავტორის სათქმელი, მიზანი?

voici quelques questions que vous pourriez poser aux élèves :

  • Quel est le thème principal de la poésie? Qui est le narrateur de la poésie?

Compréhension des personnages (დეტალები პერსონაჟებზე):

  1. Comment le mari est-il décrit au début de la poésie?
  2. Quels changements le narrateur observe-t-il chez son mari?
  3. Détails sur la vie du mineur : Quelles sont les indications dans le poème sur le travail du mari?
  4. Comment la vie du mineur affecte-t-elle sa couleur et son apparence?

Émotions et sentiments : (ემოციები და გრძნობები)

  1. Quelles émotions la femme du mineur ressent-elle envers son mari?
  2. Comment la poésie évoque-t-elle la désespérance?

Actions du mari (ქმრის მოქმედებანი)

: Quelles actions le mari entreprend-il en rentrant chez lui?

Pourquoi la femme mentionne-t-elle que le mari jettera ses vêtements sales?

Désir du mari ( ქმრის სურვილი)
Qu’est-ce que le mari exprime comme manque?

Pourquoi ouvre-t-il la fenêtre dans le froid hivernal?

Réflexion personnelle(პერსონალური მოსაზრებები) :

Comment la poésie vous fait-elle ressentir?

Si vous étiez la femme du mineur, comment vivriez-vous cette réalité?

Ces questions devraient permettre aux élèves de démontrer une compréhension approfondie de la poésie tout en les encourageant à réfléchir sur les émotions et les détails spécifiques du texte.

აქტივობა N5

მიზანი ტექსტის შინაარსზე მუშაობა

მოცემული ფრაზებიდან  რომელია სწორი ან მცდარი?

Choisis la bonne réponse

  1. Le mari de la narratrice revient enfumé et couleur de poussière à cause de son travail dans une boulangerie. Vrai / Faux
  2. La narratrice peut reconnaître son mari grâce à ses dents blanches. Vrai / Faux
  3. Le mari ressent le manque du ciel et de l’air. Vrai / Faux
  4. Le mari rapporte des boîtes pleines et du pain frais. Vrai / Faux
  5. La narratrice ne peut pas parler à son mari de sujets légers comme les cahiers de dessin, les chocolats, et les nouvelles robes Vrai / Faux
  6. Le mari ouvrira la fenêtre dans le froid hivernal en disant que l’air lui manque. Vrai / Faux
  7. La narratrice pense à la vie d’un homme digne en général Vrai / Faux

აქტივობა N6

მიზანი მოსმენილი ტექსტის გააზრება

მოუსმინეთ მთარგმნელს და შეავსეთ ტექსტში გამოტოვებული სიტყვები.

Écoutez le traducteur et complétez l’exercice à trous

https://learningapps.org/33877046

აქტივობა N7

Travail sur le vocabulaire-ლექსიკონზე მუშაობა

მიზანი ლექსიკური ერთეულების დამახსოვრება

მოცემულ ლექსიკურ ერთეულებს შეუსაბამეთ შესაბამისი ილუსტრაციები

  1. Le collier dans la vitrine
  2. le cartable usé
  3. l’ huile bouillante brille dans les yeux
  4. le potage
  5. les chaussures
  6. les dents blanches
  7. le mineur
  8. des livres
  9. le tunnel

აქტივობა N8

BD

კომიქსი

აქტივობა N9

ქვიზი:

Quizz sur le poème :

1- Quel est le champ lexical dominant dans le poème?

a) Famille b) Saleté et noirceur c) Nourriture et pauvreté

2-  Sensations Quelle est la couleur à laquelle le mari est comparé?

a) Blanc b) Noir c) Rouge d) Gris

3-Quel objet le mari ramène-t-il chez lui?

a)Fleurs b) Boîtes vides c) Bijoux d) Livres

4-Quel élément manque-t-il dans le poème concernant le mari?

a) Bras et jambes

b) Oreilles

c) Yeux

d) Langue

5- Qu’est-ce qui manque au mari selon la narratrice?

a) La mine b) L’air c) Le ciel d) Le pain

Réponses : b) Saleté et noirceur d) Gris b) Boîtes vides a) Bras et jambes c) Le ciel

აქტივობა N10

მიზანი  – ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა

La chanson de la femme du mineur სურ.3

Ce soir, mon homme, mon mari, rentrera tard, enfumé,

Et ses dents blanches scintilleront. სურ.4

Grâce à ses dents, je pourrais le reconnaître entre tous. Quand je l’ai connu, c’était un homme blanc.

Maintenant, il est couleur de poussière.

On dirait aussi que sa voix est mêlée de poudre de fer Et que სურ.5

de l’ huile bouillante brille dans ses yeux

. Mon mari change quand il émerge du long tunnel   სურ.6 il [revient sur la terre.

Voilà, il ne va plus tarder.

Il va ouvrir la porte, souillé, Rapportant, du cœur de la terre, l’odeur de ses semblables [exténués.

Il aura  სურ.7 des boîtes v ides dans une main, du pain couvert de [suie dans l’autre .

En plus de moi, il aura contaminé le pain, il l’aura noirci.

Il manquera un bout du pain – il aura eu faim en rentrant. Il s’assiéra à la table et y restera.

Il attendra son potageსურ.8 qui sera suivi de

mes inéluctables [remarques Au sujet de nos dettes à la banque

Et de nos ardoises dans les magasins Et des nouvelles chaussures სურ.9 de l’enfant des voisins Et des cartables usés  სურ.10 de nos enfants,

De la désespérance. Il s’assiéra et regardera par la fenêtre, vers le ciel.

Le ciel me manque, me dira-t-il, et il se taira.

Ce soir, mon mari rentrera tard et jettera par terre ses [vêtements sales, Il ouvrira la fenêtre dans le froid hivernal.

L’air me manque, dira-t-il, et il se taira. Et je ne pourrai pas lui parler

des cahiers de dessin, des chocolats, Et des livres, სურ.11 t des nouvelles robes,

Et du collier dans la vitrine, სურ.12 De la v ie d’un homme digne, en général.

Je penserai juste : pour vu qu’il ait toujours bras et jambes,

Qu’il puisse descendre à la mine.

Fiche pédagogique(ფრანგული ენის პედაგოგებისათვის)

Thèmes- La poésie, les étapes d’une histoire

Idées d’exploitations pédagogiques

Objectifs communicatifs

Expliquer ses sentiments face à un texte poétique

Objectifs linguistiques

Les structures poétiques

Objectifs culturels 

Découvrir un poète et le traducteur

Stratégie métacognitive

Stratégies d’écriture créative

Stratégies de repérage grammatical

Temps à y consacrer-2 x 45 m

წერილში გამოყენებულია მოსწავლეების ნამუშევრები: ილუსტრაციები ლექსიკონისათვის, კალიგრამები, კომიქსები.

 

მოდი, თვალები დახუჭე…

0

 

– ახლა გვექნება წარმოსახვისა და წარმოდგენის გაკვეთილი!

– ეგ როგორ?

– აი, რასაც წაიკითხავ, წარმოიდგენ, რასაც არა – წარმოსახვას ჩართავ და…

– რას ჩავრთავ? სად ჩავრთავ, მას?

– გონებაში, შენს გონებაში გაააქტიურებ წარმოსახვის ღილაკს.

– ???

– აი, ტექსტიც:

„ძალიან, ძალიან ძველად, როდესაც არც ტელევიზორი იყო, არც ინტერნეტი, არც ელექტროენერგია…“

წარმოიდგინე?

– ვერა, მას, მიჭირს.

– „საღამოა, ბავშვები კოცონს შემოსხდომიან, თან ხელებს ითბობენ, თან უსმენენ ყველაზე მოხუცსა და ყველაზე თეთრწვერა კაცს…“

აბა, თუ გამოვიდა?

– კი, მას. მოხუცს მუხლამდე თეთრი წვერი აქვს. ცეცხლის ალი ცას სწვდება. ბავშვებს მგონი აინტერესებთ, მოხუცი რას ამბობს…

– მართალია!

„მოხუცს დაბალი ხმა აქვს, ბოხი, მაგრამ მკვეთრი! სიტყვებს გამოთქმით ამბობს, სხვანაირად არც შეიძლება – ეს მოხუცი ხომ სოფლის ერთადერთი მთქმელია, ერთადერთი მეზღაპრე! ჰოდა, იმ დროს, როდესაც არც ინტერნეტი არსებობდა, არც ელექტროენერგია, არც ტელევიზორი, ბავშვების ერთადერთი გართობა მოსმენა და წარმოსახვა იყო!“

– მოსმენა გავიგე, მაგრამ წარმოსახვა როგორ?

– აი, როგორ:

„ძველად ბავშვებს თავში ვირტუალური, წარმოსახვითი ტელევიზორი ედგათ, როგორც კი რიმე ამბავს გაიგებდნენ, იმპულსები მაშინვე ამ „ტელევიზორთან“ მიირბენდნენ და ჩართავდნენ. სწორედ მაშინ იწყებოდა საოცრება: სიტყვები და წინადადებები ცოცხლდებოდნენ! პერსონაჟები ხორცს ისხამდნენ! თვალწინ იშლებოდა თვალუწვდენელი მინდვრები და დაბურული ტყეები…“

– აუ, რა მაგარია! მეც მინდა ასეთი ტელევიზორი!

– მართლაც ძალიან მაგარი იყო! ასეთ ტელევიზორს არ სჭირდებოდა გარეგანი ენერგიის წყარო, ის ადამიანის ფანტაზიისა და წარმოსახვის ენერგიაზე მუშაობდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მოყოლილი ამბის რეჟისორი თავად ხდებოდი, თავად წყვეტდი, რა სცმოდათ ამბის გმირებს, როგორი სასახლე ჰქონოდათ, როგორი ცეცხლი ეფრქვია გველეშაპს…

– რატომ გაგვიქრა ეს ტელევიზორი ადამიანებს?

– საქმე ის არის რომ არ გამქრალა, ადამიანმა  უბრალოდ დაივიწყა, რადგან ის ათასი სხვა გასართობით ჩაანაცვლა, ყველას გვაქვს ასეთი ტელევიზორი თავში, შეგვიძლია გავაცოცხლოთ კიდეც.

– მე მინდა!

– რას ვამბობდი? მოდი, იქიდან გავაგრძელებ, სადაც გავჩერდი. „კოცონთან მოხუცი ზის და ჰყვება ოქროსფერთმიან ქალღმერთ დალზე, რომელიც ნადირების მფარველი და შემწე ყოფილა! აი, დადის დალი საღამო ხანს ტყეში, ითვლის, რამდენი ჯიხვია, რამდენი ბაჭია, რამდენი შველი – ხომ არ აკლია? გზა ხომ არ აებნათ? ან უბედურება ხომ არ დატრიალდა და მონადირე ხომ არ შემოუჩნდა ამ ტყეს? დალი აფორიაქებულია, ღელავს, თეთრი კაბა აცვია, ფეხშიშველაა, ოქროსფერი ნაწნავები თავზე დაუხვევია, შიგნით იები და ენძელები ჩაუწნავს, ო, რა სურნელს აფრქვევს… და ცეცხლის გარშემო, უამრავ პატარა თავში, ირთვება წარმოსახვის ტელევიზორები. აი, იმ ლოყაწითელი ბიჭის დალი ცისფერთვალებაა – თავის დედიკოს მიამსგავსა, ვერცხლის საყურეები მხრებამდე სწვდება, ქერა, გაკნაჭული გოგონას დალი კი რატომღაც შავგვრემანია, მისი თეთრი კაბა კი მაქმანებით არის მორთული, ფეხშიშველაა, მაგრამ წვივებზე ნატურალური ქვები უბრწყინავს… მოხუცი თხრობას განაგრძობს.

დალს ერთი ჯიხვი შემოაკლდება, მიდის მის საძებნელად და გზად მონადირეს გადაეყრება. უჰ, როგორი ვაჟკაცია ეს ბიჭი! დალს სუნთქვა ეკვრის, გული უგრძნობს რომ დაკარგულ ჯიხვს კავშირი აქვს ამ მონადირესთან. ამბავი გრძელდება. აგერ, კლდის თავზე გადმოკიდებული დალი უკვე შვილს აჩენს და ბავშვს ამირანს არქმევს, ო, რა ღონიერია ეს ჩვილი!“

– ამირანი ხომ ვიცით!

– წაკითხული მაქვს!

– დევები დახოცა!

– ჰოდა თქვენ რომ ამირანის ამბავი იცით, სწორედ ამ ვირტუალური ტელევიზორების დამსახურებაა!

– ეგ როგორ, მას?

– თითოეული ასეთი ამბავი, ასეთი მითი თუ ერთხელ მაინც ჩაიწერა წარმოსახვაში, მას ვერავინ წაშლის. ეს გოგონები და ბიჭები ხომ გაიზარდნენ, ხომ ეყოლათ შვილები და ამ შვილებს „ტელევიზორით“ დამახსოვრებულ ამბებს უყვებოდნენ, ეს შვილები თავიანთ „ტელევიზორში“ იწერდნენ და მერე თავიანთ შვილებს უყვებოდნენ, ისინი – თავიანთ შვილებს, ისინი კიდევ თავიანთ შვილებს და ასე მოვიდა ჩვენამდე – ვირტუალური ტელევიზორების საშუალებით. მოდი, ვცადოთ თქვენი ტელევიზორების გამოღვიძება.

– სიამოვნებით, მას!

ჰოდა, მასწავლებელი აღვიძებს ამ უძველეს მოწყობილობას, ადამიანის გონებაში რომ არსებობს და პროგრესმა მივიწყების ლაბირინთებში გააძევა. ბავშვები თვალებს ხუჭავენ. მასწავლებელი ნელა, მშვიდი ხმით უყვება მათ გასაოცარ, უძველეს ამბებს, ბავშვების გონებაში კი ერთმანეთის მიყოლებით ცოცხლდებიან გმირები თუ მითოსური ურჩხულები, მათი წარმოსახვა უფრო და უფრო ძლიერდება და ზარის დარეკვასაც კი ვეღარ იგებენ – ისინი ხომ ამბების სამყაროს ეზიარნენ, ამიერიდან მათი ტელევიზორები აღარასდროს გაითიშება! შესაძლოა, წიგნებში სამოგზაუროდ თავით გადაეშვნენ და მერე იქიდან გამოღწევის გზებზეც იფიქრონ, დაბოლოს, „დაუსრულებელი ამბავი“ ხომ დაუსრულებელია, მისი დასრულება შეუძლებელია, ფანტაზიის ქვეყანა ისევ ელის გაცოცხლებულ წარმოსახვებს, ფანტაზიის მწვერვალებსა და ბავშვებს, რომლებსაც უყვართ ოცნება. სწორედ აქედან იწყება ყველა კეთილი და ჯადოსნური ამბავი.

მოდი, ჯერ თვალები დახუჭე:

იყო და არა იყო რა….

(შენ გააგრძელე, ოღონდ შენს წარმოსახვაში!)

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...