შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

ჩემი მეზობელი და ფიროსმანი

0

ფიროსმანზე ვწერდი როცა მოიტანეს. წერა შევწყვიტე, მივხვდი ვეღარაფერს დავწერდი მირზაანელ მხატვარზე, მეგობარზე უნდა დამეწერა რომელიც მასავით მოკვდა. ვიცოდი რომ მოკვდებოდა სიზმარში ვნახე, ნოემბერი იყო ვითომ ნისლიანი და ცივი ბოროტი კაცის თვალებივით, ის კი დიდი კაკლის ძირში ჩამჯდარიყო გამწარებით ურევდა ხელებს ხმელ ფოთლებში. ნაყოფს ეძებდა და ვერ პოულობდა, ხან ტოტი მოხვდებოდა და ხან მიწის კოშტი, ბრმა იყო ვითომ ორთავ თვალიდან.

ჩემი სახლიდან მის სახლში გადავედი.გადავედი, მივედი მანქანასთან სადაც შავ ცელოფანში იყო იყო გახვეული. თავთით შვილიშვილი დაუდგა, ფეხებთან მე მეზობელი, როცა ხელი მოვკიდე ვიგრძენი როგორ ჰქონდა ქუსლები მიწის იატაკზე სიარულისგან დახეთქილი. ისე გავუშვი თითქოს გველი მცემოდა ხელში, ნაქარი ხილივით დაეცა მკვდარი.

„ ხელი გამისრიალდა „ მოვიბოდიშე და მუხლებში წავავლე ხელი. შევიტანეთ და  ნაქირავებ კუბო მაცივარში ჩაასვენეთ. რომელშიც რამდენიმე დღის წინ სხვა იყო ჩასვენებული.დავხედე და თითქოს ეძინა, გულზე მომეშვა, მას არ ჰქონდა მკვდარი ლოლასავით კბილები დაკრეჭილი და თვალები ბუდეში ჩავარდნილი. ის ლოლასავით ტანჯვით არ იყო მკვდარი, თანაც გაუმართლა რომ ხბო არ იყო, მასზე არავინ არ იტყოდა ხორცი ცოდოა ძაღლებს დავუკლათ და ვაჭამოთო. ყველას უმართლებს რაღაცაში, რაღაცის სამაგიეროდ.

„ სულ ვეუბნებოდი რომ არ დაელია, მთვრალი რომ არ ყოფილიყო საწოლიდან არ გადმოვარდებოდა და ნეკნი ფილტვში არ შეერჭობოდა.“  მე ჩუმად ვიყავი ენა არ დამისველებია. არ მითქვამს რომ ნეკნმა კი არა უპატრონობამ მოკლა. ტანსაცმელს გამოუცვლიდნენ აღარ ეცმეოდა ღმერთთან მისულს შავად დაწინწკლული შარვალი, რომ ვერ ხედავდა ზედ იფსამდა ხოლმე.

მე  წამოვედი, სახლში სვამდნენ და ღორის ხორცს ჭამდნენ, მე არცერთი შემეძლო, როცა თბება ხორცს უფრო მეტად აქვს სისხლის  გემო და სუნი.

შორს წავედი, დაბლა დაბურული ქლიავებისკენ. სკოლაში მიმავალს გაზაფხულით ნაზამთრალ ვაშლს მიყრიდა ღობიდან, ზაფხულში კი ალუმინის  ტოლჩაში შავ ალუბლებს. როცა გავიზარდე მისი ცხენით ხმელი შეშა მოგვქონდა ტყიდან ჩემთვის და მაგისთვის. არავის უყვარდა, გინება იცოდა და სათქმელის უშნოდ მიხლა პირში. თანაც ამბობდნენ რომ მაგანო თავის ცხენსო თვალი გამოსთხარაო. მას ჩემთვის არაფერი მოუყოლია როცა ცხენის დროგზე ვისხედით და შეშა მოგვქონდა სახლში, ანდა მის მჟავე ღვინოს ვსვამდით.

ყველაფერი მე მოვიფიქრე და წარმოვიდგინე.

მამამისი მისი ძმები ომში იყვნენ როცა მოვიდნენ და უთხრეს რომ მისი ცხენი სამშობლოს სჭირდებოდა და უნდა წაეყვანათ. ის ვერ მიხვდა რაში დასჭირდა სამშობლოს მისი ცხენი. ის ცხენი მისი და დედამისის მარჩენალი იყო, ამით იპარავდა მეურნეობის ნათესებიდან მიწაში დარჩენილ წვრილ კარტოფილს.  უცხენოდ ის და დედამისი იშიმშილებდნენ, დედამისიც უფრო ხშირად გაუღიმებდა მათთან მოსულ სოფლის თავმჯდომარეს, რომლისაც ყველას ეშინოდა. თანაც ყიამყრალი იყო და ის ცხენი ის მისი ერთადერთი მესაიდუმლე და გულის დამწველი.

ჩემს მეზობელსა და მეგობარს გონება გაუნათდა როცა გაახსენდა რომ სამშობლომ არ წაიყვანა მისი სოფლელის ცხენი, რომელიც ყინულზე წაიქცა და დაკოჭლდა. მზე ამოიწვერა თუ არა, სახლიდან გამოვიდა. ცხენი თვინიერად მიჰყვებოდა უკან.

ცხელოდა თურმე გულის სიცხით იმ დილას. თუმცა მარტო იმ დილით არა, მთელ ზაფხულს წამლად არ ჩამოვარდნილა წვეთი ციდან.მიწა ბებრის ხელებივით დაშაშრული და დამსკდარი იყო.  კვირაცხოვლის ნიშთან სოფლისგან შორს,ჩემი მეგობარი გაჩერდა და ცხენი კუნელის ხეს გამოაბა. უყვარდა ეს ნიში მას სთხოვდა ხოლმე დაკარგული და ტყეში დარჩენილი ძროხის უკან დაბრუნებას.

ერთხანს იდგა დახეთქილ მიწას დაშტერებოდა. ცხენიც უწადინოდ წიწკნიდა მზისგან დამწვარ ყვითელ ბალახს.

ჩემმა მეგობარმა თოკი შეამოწმა კარგად იყო თუ არა მიბმული ხეზე, შემდეგ კუნელს მოზრდილი ეკლიანი ტოტი მოატეხა და ცხენს მიუახლოვდა.ხელი  ფაფარზე და გრძელ კისერზე გადაუსვა. ცხენმა თვალები დახუჭა, გაიტრუნა.  პატრონი ზუსტად ისე ეფერებოდა როგორც ფეხიდან მოცვეთილი ნალის აძრობისას ეფერებოდა ხოლმე. მერე ჩემმა მეგობარმა სახე მიაბრუნა და ეკლიანი ჯოხი ცხენს გამეტებით მარცხენა თვალში ატაკა. ტკივილისგან გაგიჟებული თვალამოთხრილი წყენა   უშედეგოდ ცდილობდა თოკის გაწყვეტას. მერე ის ეკლიანი ჯოხი რამდენჯერმე გამეტებით დაისვა სახეზე.იჯდა კვირაცხოვლის ნიშის წინ და არც ცდილობდა მტვრიან სახეზე წამოსული სისხლისა და ცრემლის მოწმენდას.

ტიროდა ჩემი მეგობარი, მას მაშინ პირველად მოუწია იმის გაკეთება რაც ძალიან, ძალიან არ უნდოდა. მაგრამ ცხოვრება ასეთია,  ხშირად გიწევს იმის გაკეთება რაც არ გინდა.

ცალთვალა ცხენი არ სჭირდებოდა სამშობლოს და დაუტოვეს. მამამისი და მისი ძმები ომიდან არ დაბრუნებულან. წვიმა კი მოდიოდა , ყვითელი ბალახიც იღვიძებდა და სიცოცხლეს იბრუნებდა.

ისევ იპარავდა იმ ცხენით კარტოფილს, ოღონდ ღამე არა დღის შუქზე. რაც დარწმუნებით ვიცი ისაა რომ იმ ნიშისკენ აღარ გაუხედავს.

კიდევ მაშინ იტირა როცა მისმა პირმშომ აპრილში ყინულიან მდინარეში იბანავა და გათავდა. ქვა წამლად უქცია და ვერაფერი უშველა. სხვა დროსაც ევსებოდა გული სატირლად მაგრამ დიდი იყო უჩუმრად დასდიოდა გულზე ცრემლი. ფიქრობდა რომ ღმერთი გაბრაზდა ცხენი რომ დააბრმავა და ამიტომაც მოუკლა შვილი.. უფრო ავი და მყრალი გახდა ვიდრე იყო…

არც მაშინ უტირია როცა მის ცოლს სკლეროზი დაემართა. ნიკაპზე ამოსული თმები გაუთეთრდა და სახე ჩაეხვეწა. დადიოდა და ყვიროდა:“ აბა რა“, „ აბა რა“. რა ვუშველო ამ უბედურ ქალსო წუხდა ჩემი მეგობარი. ძალით სვამდა ალუმინის ტაშტში ცოლს და აბანავებდა. როცა მისი ცოლი ამის გამო გასწიოდა , კაცსაც წაუცდებოდა ხელი და თავში ჩააფარებდა ხოლმე.

ბოლოს სულ მარტო დარჩა. დარჩა ლოთი შვილის ანაბარა რომელიც ფულს ჰპარავდა და მადლობის მაგიერი საცემად იწევდა კიდეც, გულქვა კაცი ხარო ეუბნებოდა.

მე მას დამწარებულ ქონს და ყველის ნატეხს ვაძლევდი, ბოსტნის გადაღობვაში ვეხმარებოდი. იმიტომ რომ ის მეტყოდა რომ მე მისი ღმერთი ვარ და მსოფლიო კაცი…

როცა ლოგინში მწოლიარეს დავხედე ვთხოვე ღმერთს რომ არ მოეკლა, მინდოდა ჩემი უყურადღებობა გამომესწორებინა. ის ხომ მარტო აპობდა ძვალივით მაგარ მუხის კუნძებს, შემდეგ მაჯებზე იწყობდა ფარფატით აჰქონდა შვილთან რომელიც წყალწაღებული იყო ლოთობით.  მე ვეღარც ძველ  წიგნებს ვაწვდიდი ღუმლის ასანთებად და ჩეჩმაში წასაღებად. და ვერც არაყი ვუყიდე სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე ფული არ მქონდა.

ახლა კი საწოლში მწოლიარეს დავყურებდით მე და მისი, დიდი ქალაქიდან ამოსული შვილიშვილები. მას თვალი დაეხუჭა და ხვნეშოდა, ჭუჭყით გასიპულ საბანში გახვეული. მალ-მალე გულის ჯიბეზე იკიდებდა ხელს, სადაც ფულს ინახავდა ხოლმე. ფილტვში ძვალ გარჭობილს ეშინოდა რომ მისი შვილი დროს იხელთებდა და ფულს ამოაცლიდა. მათ სახეზე ეწერათ რომ პაპამისის დრო მოვიდა და ეს სულაც არაა ტრაგედია რადგან ის ოთხმოცდათვრამეტისა უკვე. ნატვრაც ეწერათ სახეზე და შურიც..

განიცდიდნენ იმას რომ მათი პაპა დასაბანი იყო, და ცუდ მდგომარეობაში ჩაცვივდებოდნენ მათი ნათესავი სასწრაფოს ექიმის წინაშე. მე კი ვუთხარი რომ გადავიყვანდი ჩემთან და დავბანდი.. გამოიძახეს რადგან მიხვდნენ რომ რომ ყველას მოვუყვებოდი მათი გულქვაობის შესახებ და ბნელი სოფლის ავ ყბაში ჩავაგდებდი.

წაუყვანეს და სამ დღეში მოიტანეს. დამარხეს და კარი ოთახის კარი კლიტით გამოკეტეს, არადა ჩემი მეგობარი კი კარის სახელურში შვინდის ჯოხს უყრიდა ხოლმე.როცა დამარხეს და მისი ოთახი გამოკეტეს, მე ავდექი მის საფლავზე წავედი. ამოვუდე თავთით არაყი და წიგნი. იქნებ ის წიგნი იქ არც დასჭირდეს?იქნებ ღუმელი ღმერთმა აუნთოს.

ის ხომ ბოლოს მაინც აკეთებდა სასარგებლოს, ჩეჩმაში რომ ვერ მიდიოდა გამოუტანდა კარში ჩემს მიცემულ წიგნს და იქვე  წაიკუზებოდა ხოლმე, კვებავდა ლეკვებიან უპატრონო ძაღლს.

 

 

არდადეგების წინა კვირა

0

ჩემი დაკვირვებით, ზოგადად დამკვიდრებული ტენდენციის მიხედვით, ბავშვები გადაწყვეტენ, რომ არდადეგების წინა კვირას სკოლაში სიარული არ ღირს, რადგან „გაკვეთილები წესიერად აღარც უტარდებათ“ (ასე ამართლებენ ხოლმე თავიანთ გადაწყვეტილებას მშობლებთან).

როცა მომქანცველი ყოველდღიური სწავლა-სწავლების პროცესში გვირაბის ბოლოს სინათლესავით მოჩანს არდადეგები, ბუნებრივია, რომ სინათლის მოახლოებასთან ერთად, ორივე მხარის სამუშაო განწყობა, მოტივაცია, საქმეზე კონცენტრაცია დაბლა იწევს და მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების ტვინები ჩუმი განგაშის სიგნალებს რთავენ: დასვენება, დასვენება, დას-ვე-ნე-ბა…

 

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთ დროს ისეთი, რომ უკვე ჩვეული რიტმიდან გამოსული მოსწავლეები არ დავსტრესოთ, მაგრამ არც იმის განცდა გავუჩინოთ, რომ ტყუილად დადიან სკოლაში. რით შეიძლება გავხადოთ ეს დღეები ერთნაირად სასიამოვნო, პირველ რიგში, მოსწავლეებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც?

 

თავდაპირველად ჩამოვთვლი, ჩემი აზრით, რა არ შეიძლება დავგეგმოთ და მოვიტოვოთ არდადეგების წინა კვირისთვის:

 

შემაჯამებლები – როგორც უკვე აღვნიშნე, არდადეგების მოახლოებასთან ერთად მოსწავლეები მარტივად გადადიან „დასვენების რეჟიმში“ და როცა ამ დროს საპასუხისმგებლო რამ აქვთ გასაკეთებელი, გაორმაგებული ძალისხმევა სჭირდებათ მოსამზადებლად, დავალებაზე კონცენტრირებისთვის. არ დაგვავიწყდეს, ჩვენი განწყობაც ასეთია და გასასწორებელი შემაჯამებლები აუცილებლად შემაწუხებელ ტვირთად იქცევა. თანაც, დიდი ალბათობით, ვეღარ მოვასწრებთ სათანადო რეფლექსიას, ვერ დავუბრუნებთ მოსწავლეებს უკუკავშირს, რა გამოუვიდათ, რა უნდა გაეკეთებინათ უკეთ და ა.შ. ან მივაწვდით და არ მოგვისმენენ ისე, როგორც საჭიროა ხოლმე.

 

ნიშნის გამოსასწორებელ-ასამაღლებელი დავალებები – ამ დროს ვორიენტირდებით მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ და დანარჩენებისთვის საგაკვეთილო პროცესი მოსაწყენი ხდება ნაკლები ჩართულობის გამო, ამიტომაც შეიძლება იფიქრონ, რომ „აღარ ღირს სკოლაში სიარული“. ნამდვილად სჯობს, ამ პრობლემის მოგვარებას ბოლოს წინა კვირები დავუთმოთ.

 

მეორე უკიდურესობაა და ასევე გაუმართლებელია, მოსწავლეებს მივცეთ სრული თავისუფლება, გაკვეთილებზე აკეთონ ის, რაც მათ სურთ (ძირითადად, სურთ ტელეფონებში ჩაძრომა, რასაც სახლშიც მშვენივრად ახერხებენ), ჩვენ კი სემესტრის ბოლოს აუცილებლად მოსაგვარებელ ბიუროკრატიულ საქმეებს მოვახმაროთ ეს დრო.

 

რა შეიძლება, გავაკეთოთ ამ ყველაფრის საპირისპიროდ ისე, რომ ბავშვებმა ჩათვალონ, არდადეგების წინა დღეებშიც ღირს სკოლაში სიარული, რადგან სახალისო, სასიამოვნო, საინტერესო რამეები ელოდებათ და ჩვეულებრივზე მეტად თავისუფლებიც იქნებიან?

 

გადატვირთული სასწავლო პროგრამების გამო, არაფორმალური აქტივობებისთვის დროის გამონახვა წლის განმავლობაში ნამდვილად ჭირს. ტრადიციულად, სემესტრის ბოლოს სკოლებში ძირითადად დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ზეიმები და კონცერტები ეწყობა, რაც, ჩემი აზრით, კარგია, მაგრამ ნამდვილად არაა საკმარისი. ამიტომაც ვფიქრობ, ალბათ, ყველაზე კარგია, თუ სკოლის დირექციის სტრატეგია იქნება, მთლიან სკოლაში შეიქმნას თავისუფალი და თან შემოქმედებითად დატვირთული ატმოსფერო შემდეგი ღონისძიებებით:

 

  • დაიგეგმოს სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები კლასებს შორის, იქნება ეს ფიზიკური აქტივობები (რასაც მოკლებული არიან განსაკუთრებით საბაზო-საშუალო საფეხურების მოსწავლეები) თუ ინტელექტუალური თამაშები (მაგალითად, „რა? სად? როდის?“ სხვადასხვა საგნის ინტეგრირებით, ლიტერატურული თამაშები…);
  • კინოჩვენებები დისკუსიასთან ერთად – გაერთიანებული კლასებისთვის;
  • საჯარო დებატები სხვადასხვა საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე (მოქალაქეობა, ისტორია…);
  • გაკვეთილები საკლასო ოთახის კედლებს მიღმა და ა. შ.

 

სკოლის დირექციისა და ყველა საგნის მასწავლებლის ერთიანი ძალისხმევით, მათი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები თავად დაგეგმავენ და მოამზადებენ თავისთვისვე სასურველ აქტივობებს. სახალისო, საინტერესო პროცესი და შედეგი კი ნამდვილად აფიქრებინებს უმეტესობას, რომ ბოლო დღეებში ნამდვილად არ ღირს სახლში დარჩენა. მით უმეტეს, გამყარდება მათი შეხედულება-დამოკიდებულებები, თუ ეცოდინებათ, რომ მსგავსი ღონისძიებები უკვე ტრადიციაა მათ სკოლაში.

 

თუ ამ საერთო ღონისძიებების მოწყობა ვერ ხერხდება მიზეზთა გამო, მაშინ, ალბათ, თითოეული საგნის მასწავლებელმა, თავისი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე თავის გაკვეთილზე უნდა დაგეგმოს მცირე აქტივობები.

 

მაგალითად, იმავე ინტელექტუალური თუ ლიტერატურული თამაშების ჩატარება და კინოჩვენებების მოწყობა კონკრეტულ კლასთანაც შეიძლება. ასევე ძალიან ეფექტურია მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და შემეცნებითი ვიდეოების ყურება, რომლებსაც საგაკვეთილო დროში მოვასწრებთ და კარგი იქნება, თუ რაიმე აქტივობასაც დავურთავთ.

 

ასევე, ძალიან სახალისოა მოსწავლეებისთვის ონლაინპლატფორმა https://create.kahoot.it/creator -ის საშუალებით მომზადებული ერთგვარი შემაჯამებელი ტესტი-თამაში, რომელიც უკვე განვლილ საკითხებზე იქნება აგებული (რა თქმა უნდა, თუ შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა არსებობს სკოლაში: პროექტორი, ინტერნეტი და მობილურები). ამ ონლაინპლატფორმაზე მასწავლებელი თავად ქმნის სასურველ თემაზე დახურულ კითხვებს პასუხებითურთ, რომლებსაც მოსწავლეები თავიანთი მობილურებიდან უპასუხებენ. ეს აქტივობა მოსწავლეებს შეახსენებს, რაც უკვე ისწავლეს და შეცდომების შემთხვევაში, მასწავლებლის ზეპირი განმავითარებელი კომენტარი კიდევ უფრო კარგად გაააზრებინებს უკვე ნასწავლს. შეიძლება, დავაწესოთ სიმბოლური პრიზებიც.

 

ასევე, მოსწავლეებისთვის ძალიან სასარგებლო და საინტერესოც იქნება აქტივობები, რომლებიც მათ თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებაზე იქნება მორგებული. ეს თვითშეფასება ან ურთიერთშეფასება შეიძლება ეხებოდეს მათ მოტივაციასა და ჩართულობას სემესტრის განმავლობაში, ან ზოგადად, შევაფასებინოთ საგაკვეთილო პროცესი, რაც დაგვეხმარება, სამომავლოდ უკეთესად დავგეგმოთ ჩვენი გაკვეთილები, გამოვასწოროთ ხარვეზები. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:

 

ა) დაასრულე წინადადებები ლოგიკურად, საკუთარ თავსა და სწავლის პროცესზე დაკვირვებით. (ეს არის წერითი დავალება, რომელსაც გაკვეთილზე, განსაზღვრულ დროში აკეთებენ და იქვე კითხულობენ).

განვლილი მასალის სწავლისა და დამუშავების პროცესში:

  • საინტერესო იყო…
  • ყველაზე უკეთ გამომივიდა…
  • ჩემი განწყობა…
  • მე ვისწავლე…
  • რთული აღმოჩნდა…
  • მე ახლა შემიძლია…
  • ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ…
  • დავალება, რომელიც…
  • სახალისოდ მეჩვენა აქტივობა, რომელიც…
  • კლასელს დავეხმარე….
  • კლასელი დამეხმარა…
  • სამომავლოდ ვისურვებდი, რომ…

ბ) ასევე მოსწავლეებს მოსწონთ ბლიცინტერვიუ, რომელიც ასევე ფრაზებზეა აგებული: საკლასო ოთახში საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას დგას ორი სკამი, რომლებზეც სხდებიან რესპონდენტი და ინტერვიუერი. მოსწავლეები ნებაყოფლობით გამოდიან და იმართება ბლიცინტერვიუ ან მასწავლებლის დახმარებით (თავდაპირველად ასე სჯობს), ან მხოლოდ მოსწავლეების ჩართულობით. ხშირად მქონია შემთხვევა, რომ მოსწავლეებს თავად უთხოვიათ, მეც მეპასუხა მოწოდებული კითხვებისთვის – ანუ ჩემი აზრი, განწყობა, დამოკიდებულებაც საინტერესოა მათთვის და ეს რამდენიმე ფრაზა გვეხმარება ერთმანეთის უკეთ დანახვაში:

  • მინდა ვისწავლო…
  • არასოდეს მნდომებია…
  • ჩემი აზრით…
  • მინდოდა, მეცადა…
  • არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც…
  • მწვერვალებს დავიპყრობდი, თუ…
  • წიგნი ან ფილმი, რომელმაც შთამაგონა…
  • რომ არა სამეგობრო…
  • ოჯახთან ურთიერთობით…
  • ვთვლი, რომ სკოლა…
  • არდადეგები რომ დაიწყება…

 

გ) წინასაახალწლოდ ერთნაირად კარგად იმუშავა ყველა საფეხურზე სტრატეგიამ – 3,2, 1 – შემდეგი ფორმით:

 

  • დაწერეთ 3 მნიშვნელოვანი ან სასიამოვნო მომენტი თქვენი ცხოვრებიდან, რომლებიც 2023 წელს მოხდა;
  • გაიხსენეთ 2 არასასიამოვნო შემთხვევა, სიტუაცია, რომლის გამოსწორებასაც ისურვებდით.
  • დაწერეთ, რას გეგმავთ 2024 წელს ისეთს, რაც თქვენს ცხოვრებას უფრო სასიამოვნოსა და საინტერესოს გახდის.

 

ერთი შეხედვით, სამი მარტივი საკითხი ერთნაირად დასაფიქრებელი აღმოჩნდა სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებისთვის. ამ აქტივობამ გამოააშკარავა, რომ უმეტესობას არა აქვს ჩვევა, შეაფასოს, რა და როგორ გააკეთა, რა უნდა გამოასწოროს და არ გეგმავს უახლოეს მომავალსაც კი. კარგი იქნება ამ აქტივობის შესრულებისასაც თუ თავად მივცემთ მაგალითს, განსაკუთრებით მე-5-6 -კლასელებს.

 

კიდევ ბევრი რაიმეს მოფიქრება შეიძლება, ისევ ჩვენს ფანტაზიასა და შემოქმედებითობაზეა დამოკიდებული (როგორც ყოველთვის), მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, დაგეგმილი აქტივობების შესახებ მშობლებსაც გავაგებინოთ, რათა არ შეექმნათ ცრუ წარმოდგენები ვითომდა უსარგებლო დღეებზე და თავიანთ შვილებს უნებურად პასიურობისკენ არ უბიძგონ.

ემოციური ინტელექტი / სავარჯიშოები

0
World mental health day concept. Paper human head symbol and flowers on blue background

რა არის მნიშვნელოვანი ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის?

 

  1. შეიცან თავი შენი – ამოიცანი და მართე შენი ემოციები;
  2. განსაზღვრე შენი მოტივები;
  3. იყავი ემპათიური კომუნიკაციაში;
  4. კომუნიკაციის პროცესში გაიაზრე თანამოსაუბრის პოზიცია და საჭიროებები.

იმის ცოდნა, თუ რა სურთ შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, დაგეხმარება გახდე წარმატებული!

 

  1. შეიცან თავი შენი

 

სავარჯიშო: იმის გასარკვევად, თუ რამდენად გესმით თქვენი გრძნობები, უპასუხეთ 3 კითხვას.

  • რა ემოციას ვგრძნობ ახლა?
  • რამდენად სასარგებლოა ეს ემოცია ჩემთვის ახლა?
  • რამდენად ხშირად განვიცდი ამ ემოციას დღის განმავლობაში?

აღწერეთ მხოლოდ ის ემოციები, რომლებიც აღმოაჩინეთ  ამ კითხვების წაკითხვისას. ეს სავარჯიშო ხელს შეუწყობს თვითანალიზის პროცესის დაწყებას. გააკეთეთ რეგულარულად სხვადასხვა სიტუაციაში და დროთა განმავლობაში მიეჩვევით სწრაფად ამოიცნოთ და გააცნობიეროთ თქვენი ემოციები და გრძნობები.

  1. მართე შენი ემოციები

 

ზოგჯერ ჩვენი ემოციები მოუთვინიერებელ ულაყს ან ცირკიდან გამოქცეულ ცხოველს ემსგავსება: ის უკონტროლო ხდება და  ამიტომ შეუძლია სხვების შეშინება და დაზიანება. როგორ ვისწავლოთ ჩვენი რეაქციების მართვა?

 

საამისოდ არსებობს მრავალი ტექნიკა, მაგალითად,  ემოციების მართვა „სხეულის მეშვეობით“. ეს არის ძალიან საინტერესო და, რაც მთავარია, პრაქტიკული მიდგომა ნებისმიერ პირობებში. ადამიანის სხეული და გონება ერთი და იგივე სისტემის ნაწილია, ამიტომ ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა ურთიერთდაკავშირებულია.

 

სავარჯიშო

 

  1. დაწიეთ თავი, მხრებში მოეშვით და იატაკს დახედეთ და სევდიანი ხმით წარმოთქვით: „მე წარმატებული ადამიანი ვარ, ყოველთვის ყველაფერი გამომდის…“

 

  1. შემდეგ ასწიეთ ხელები მაღლა, შეხედეთ ცას, გაასწორეთ ხერხემალი და თავდაჯერებული და ბედნიერი ხმით წარმოთქვით: „მე წარუმატებელი ვარ, არასდროს არაფერი გამომდის, ყველაფერი საშინლადაა…“

ახლა დაუკვირდით:

როგორ გრძნობდით თავს (რას გრძნობდა თქვენი სხეული) პირველ და მეორე შემთხვევაში?

როგორც აღმოჩნდა, ტვინს ჩვენი სიტყვები არ ესმის! მაგრამ სახის გამომეტყველება, ჟესტები და ხმის ტემბრი აგზავნის სიგნალებს ტვინის ქერქში (უძველეს ლიმბურ სისტემაში) და ჩვენ ვიწყებთ იმის შეგრძნებას, რასაც სხეული  გადასცემს.

ახლა, როცა იგრძენით განსხვავება სიტყვებსა და სხეულის მიერ გაგზავნილ სიგნალებს შორის, მიიღეთ სხეულის ის პოზა, რომელიც თქვენთვის სასურველ მდგომარეობას შეეფერება. მაგალითად, მიიღეთ „ლიდერის პოზა“ დღეში მინიმუმ ორი წუთი ორი კვირის განმავლობაში. მესამე კვირაში ნახავთ, როგორ შეიცვალა სამყარო თქვენ გარშემო!

აქვე გაიხსენეთ, ბებიების სიბრძნე: „მხრებში გასწორდი და ისე იარე!“ – სხეულის ეს მდგომარეობა ლაღი, თავისუფალი, წარმატებული ადამიანის სხეულის ენაა! დაასწავლეთ თქვენს არაცნობიერს სხეულის ემოციით სასურველი მდგომარეობა!

 

  1. რა არის მოტივაცია?

 

ემოციური ინტელექტის მამოძრავებელი,  „გული“,  ჩვენივე მოტივაციაა. წესი მარტივია: თუ შენ თავად არ იცი რა გინდა, ვერც სხვას გაუჩენ მოტივაციას. მოტივირებული ადამიანის სიტყვა სრულიად განსხვავებულია დემოტივირებული ადამიანის სიტყვისგან, იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ერთსა და იმავე ინფორმაციას გადასცემენ მსმენელს.

 

მოტივაცია არის შიდა ძრავა, რომელიც გაიძულებს წინ წახვიდე და დატოვო კომფორტის ზონა. მოტივაცია გაიძულებს შენი ეკალ-ბარდები მსუბუქად გაიარო და არად ჩააგდო დასისხლიანებული ფეხები.

შეუძლებელია ადამიანის გარედან მოტივირება.  თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მხოლოდ პირობები, რომელშიც მოტივაციის ძრავა ამუშავდება.

იმისათვის, რომ გაიგოთ თქვენი შინაგანი მოტივები – რა გამოძრავებთ და რატომ, – ღრმა შინაგანი სამუშაო უნდა ჩაატაროთ. მოდი გამოვიკვლიოთ, ამ სავარჯიშოს საშუალებით ჩვენი ღრმა და დაფარული მოტივები.

 

სავარჯიშო

 

როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი მოტივები?

დაუსვით საკუთარ თავს კითხვა “რატომ?”  თანამიმდევრობით,  5-ჯერ და შენ თვითონ უპასუხე.

მაგალითად:

“- რატომ მივდივარ სამსახურში?”

– იმიტომ რომ ეს ჩემი განვითარებაა.

“- რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი განვითარება?”

– რათა საკუთარი თავს დავუმტკიცო…

“-რატომ მჭირდება, რომ საკუთარი თავს დავუმტკიცო…?”

-რადგან  ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო ღირსეული…

„- რატომ არის ჩემთვის ვიყო ღირსეული…?“

– მაშინ მე შევძლებ საკუთარ თავს მივცე უფლება…

„-რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ საკუთარ თავს მივცე რაღაცის უფლება…?

– რათა ვიგრძნო თავი თავისუფლად და ვაკეთო ის, რაც მიყვარს.

 

ეს მარტივი 5 კითხვა და მასზე გულწრფელი პასუხი საშუალებას მოგცემთ, გაარკვიოთ თქვენი მოქმედების ღრმა მოტივები.

 

სხვათა შორის, არის კიდევ ერთი მაგიური კითხვა, რომელიც ბევრ რამეს ახსნის. ჰკითხეთ საკუთარ თავს:

“რას გავაკეთებდი სიამოვნებით თუნდაც ფულის გარეშე?”

 

  1. ემპათიის განვითარება

 

ემპათია არის სხვისი ემოციების გაგებისა და სწორად შეფასების უნარი. ცხოვრებაში ყველას გამოუცდია თანაგრძნობა ან განუცდია მისი ნაკლებობა.

ყოფილხართ ასეთ სიტუაციაში?

  • როცა გეჩვენებათ, შენ და შენი თანამოსაუბრე საუბრობთ სხვადასხვა ენაზე;
  • როცა ვინმე განზრახ (ან გაუცნობიერებლად) ახდენს თქვენი ან ჯგუფის დემოტივაციას;
  • განგიცდიათ „მარტოობა ბრბოში“, როცა გარშემო ყველა ერთობა?
  • როცა თქვენ არ შეგიძლიათ გაუგოთ თქვენს საყვარელ ადამიანს და ვერ პოულობთ სიტყვებს თქვენი აზრების გადმოსაცემად.

არსებობს ემპათიის 3 დონე:

 

  • სხვა ადამიანის თვალსაზრისის გაგება;
  • თანამოსაუბრის მიერ განცდილი ემოციის განსაზღვრა;
  • პასუხის შერჩევა, რომელიც შეესაბამება მოცემულ კონტექსტს.

სავარჯიშო

როგორ შეიძლება ემპათიის განვითარება?

ამ ვარჯიშისთვის დაგჭირდებათ პარტნიორი. ეს შეიძლება იყოს ნათესავი, მეგობარი, კოლეგა ან უბრალოდ ადამიანი, რომელიც მზად არის დაგეხმაროთ და დაგითმოთ გარკვეული დრო.

აირჩიეთ კომფორტული ადგილი და მშვიდი გარემო. იფიქრეთ თქვენი საუბრის თემაზე.

საუბრის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ  შეეცადეთ თავი იგრძნოთ თანამოსაუბრის ადგილას. შეიგრძენი ყველაფერი, რაც შეიძლება ახლა აწუხებდეს მას, როგორ ემოციურ იმპულსებს განიცდის… დაიმახსოვრეთ ყველა ემოცია და შეგრძნება.

 

10 წუთის შემდეგ გონებრივად გადადით დამკვირვებლის პოზიციაზე. ამის გაკეთება უფრო ადვილი იქნება, თუ წარმოიდგენთ, რომ საუბარს უყურებთ ოთახის ზედა კუთხიდან (თან აგრძელებთ საუბარს) დააკვირდით, როგორ შეიცვლება თქვენი რეაქციები სიტყვებზე, რამდენად ყურადღებით მოუსმენთ თანამოსაუბრეს. დამკვირვებლის ჩართვა ამძაფრებს აღქმას: თუ მანამდე უხარისხო ფილმად გეჩვენებოდათ დიალოგი, ახლა გაჩნდება ნათელი ფერები, ფოკუსი და განსხვავებული დეტალები გამოიკვეთება.

გაიმეორეთ ეს ვარჯიში კვირაში ერთხელ მაინც. ამით ვითარდება ემპათიის უნარი!

ემპათიის ნიმუში (ნამდვილი ამბავი): ერთ ოლიმპიადაში 9 ინვალიდი მონაწილეობდა. პროგრამა ითვალისწინებდა 100 მეტრზე რბოლას. გაისმა გასროლა და რბოლა დაიწყო. მესამედი რომ გაირბინეს, ერთ-ერთი მონაწილე წაიქცა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. ბიჭმა ტირილი დაიწყო. ტირილის გაგონებაზე 8 მონაწილე გაჩერდა და ყველა უკან დაბრუნდა. დაუნის სინდრომის მქონე გოგონა ბიჭს მიუახლოვდა, ჩაეხუტა და ჰკითხა:  “ახლა თავს უკეთ გრძნობ?”

შემდეგ ყველანი ფინიშისკენ მხარდამხარ, ერთად გაემართნენ…. მაყურებლებმა ისინი მხურვალე ოვაციით დააჯილდოვეს. ოლიმპიადას 9 გამარჯვებული ჰყავდა.

 

  1. სოციალური უნარები: ეფექტური კომუნიკაცია

 

ნებისმიერი კომუნიკაცია – ეს არ არის ის, რისი თქმაც გსურთ, არამედ, როგორი რეაქცია გინდათ, რომ გამოიწვიოთ.

წარმატებული კომუნიკაციის ძირითადი წესებიც მარტივია:

  • დააინტერესეთ აუდიტორია და მოიპოვეთ ნდობა კონტაქტის პირველ ეტაპზე;
  • დაასაბუთეთ თქვენი თეზისები (სტატისტიკური მონაცემებით, თანამოსაუბრისთვის აუცილებელი სანდო ინფორმაციით);
  • გაიგეთ, რა სურს თქვენს თანამოსაუბრეს და შესთავაზეთ მისთვის მომგებიანი გადაწყვეტილებები;

 

სავარჯიშო

დავუშვათ, რომ ხვალ თქვენ უნდა წარადგინოთ საკუთარი თავი ძალიან მნიშვნელოვან ფორუმზე. თქვენ გაქვთ ზუსტად 30 წამი გამოსვლისთვის. მოემზადეთ პრეზენტაციისთვის:

წარმოიდგინეთ დარბაზი, სადაც გაიმართება თქვენი პრეზენტაცია  და ხალხი, ვინც დაესწრება.

შეიგრძენით მათი ემოციები, გაიგეთ რა სურთ მათ;

იგრძენით თავდაჯერება;

წარმოთქვით თქვენი პრეზენტაციის არსი ერთი წინადადებით.

 

 

მასწავლებელი კაზრეთიდან – სამოქალაქო ცნობიერებითა და ულევი ენთუზიაზმით

0

ნინო მელიქიშვილი დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ინგლისურს და ფრანგულს ასწავლის. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს უცხო ენას ასწავლის და აყვარებს, იმაშიც ეხმარება, რომ მათ გარშემო არსებული სამოქალაქო სივრცე გამოიკვლიონ, აღიქვან და მისი გაუმჯობესება მოითხოვონ. ცოტა ხნის წინ ნინომ საკუთარ მოსწავლეებთან ერთად შექმნა ონლაინგამოცემაკაზრეთიპრესი“, რომელსაც მოსწავლეები მართავენ და რომელიც თანდათან ნამდვილ მედიასაშუალებად იქცა. ნინო ცდილობს, საკუთარ თემში არსებული მწირი რესურსების გამოყენებით მაქსიმალურად მეტი შესაძლებლობები გააჩინოს ადგილობრივი მოსწავლეებისთვის, მისცეს მათ მეტი ცოდნა და დაეხმაროს წარმატების მიღწევაში.

მოგვიყევით თქვენ შესახებ. პროფესიით ჟურნალისტი ხართ, დინამიკური და საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდით, როგორ გადაწყვიტეთ ერთ დღესაც, რომ თავი დაგენებებინათ კარიერისთვის და რაიონის სკოლაში დაგეწყოთ მუშაობა? რა მოლოდინი გქონდათ და როგორი აღმოჩნდა რეალობა?

 

სხვათა შორის ესეც ერთ-ერთი სტერეოტიპია. მართალია, რაიონში ვცხოვრობ, მაგრამ აქ კიდევ უფრო აქტიური და საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობ, ვიდრე ოდესმე მიცხოვრია. ყოველი წუთი მკაცრად მაქვს გაწერილი, სკოლას, პროექტებს, აქტივობებს, პროფესიულ განვითარებასა და ოჯახს შორის. ჩვენთან დილა ადრე იწყება, მაგრამ თბილისთან შედარებით, ნაკლებად დამღლელია და თითქოს კიდევ უფრო მეტს ასწრებ ადამიანი.

სკოლაში მასწავლებლად მუშაობა პანდემიის პერიოდში დავიწყე. იმ პერიოდში ონლაინ ვმუშაობდი და შესაძლებლობა მომეცა ჩემი ოჯახი მომენახულებინა. შემდეგ ახლობელმა მთხოვა, ჩემს შვილს ინგლისურში დაეხმარეო, მეც დავიწყე „მასწავლებლობანა“ და ვეღარ გავჩერდი. სექტემბერში სკოლაში ინგლისურის შემცვლელი მასწავლებელი დასჭირდათ, მომდევნო წელს სკოლამ ფრანგული ენის სწავლებაც შესთავაზა ბავშვებს. აღმოჩნდა, რომ ფრანგული მეტად საინტერესო საგანია მოსწავლეებისთვის. ბავშვების ნაწილი რუსული ენის ნაცვლად ფრანგულ ენას ირჩევს, მეორე ნაწილი კი მესამე ენად სწავლობს კლუბური საქმიანობის ფარგლებში.

სანამ კაზრეთში საცხოვრებლად გადმოვიდოდი, მანამდე ჩემს დაბაში წლები არ ვიყავი ნორმალურად ნამყოფი. აღმოვაჩინე, რომ კაზრეთში ძალიან პროგრესული, ჯანსაღი და სიცოცხლით სავსე ბავშვები ცხოვრობენ და სწავლობენ. ამდენი თუ იცოდნენ, ამდენი თუ შეეძლოთ და ამდენი თუ უნდოდათ – არ მეგონა, ნამდვილად. მე დარწმუნებული ვარ, რომ „კაზრეთიპრესს“ ჩემი თაობის ბავშვები ვერ შევქმნიდით. ეს თაობა ბევრად უფრო კრეატიულია. ვერც ვიდეოს გადავიღებდით – ესენი უფრო გამბედავები არიან. ვერც დავამონტაჟებდით – ესენი უფრო სხარტები არიან.

თუმცაღა, მეორე მხარეცაა – გარემო, სადაც ამ ბავშვებს სწავლა-განვითარება უწევთ. წლების შემდეგ უკან დაბრუნებულმა შევნიშნე, რომ სოფელში ისევ იგივე პრობლემებია, რაც 15 წლის წინ იყო. თითქოს დრო გაიყინა. აქაურობას განვითარებისა არაფერი ეტყობა. ისევ მორღვეული ინფრასტრუქტურა – ადრე საბავშვო ბაღი მაინც გვქონდა კაზრეთში, რომელიც პანდემიის შემდეგ შენდება, შენდება და ვერ აშენდა. დანგრეული გზები… ჩემს დროს „კულტურის სახლი“ გვქონდა, კინოჩვენებები და კონცერტები ეწყობოდა. ახლა ისიც სავალალო მდგომარეობაშია…

 

განათლების სისტემას უამრავი ხარვეზი და სისუსტე აქვს ცენტრალურ თუ რეგიონულ დონეზე. რა არის ის მთავარი გამოწვევები მოსწავლისთვის თუ მასწავლებლისთვის, რომლებსაც როგორც ამ სისტემის ნაწილი და წარმომადგენელი უკვე უშუალოდ შეეჯახეთ პედაგოგიური პრაქტიკის დაწყებისას?

 

მგონია, რომ ქვეყანაში არ არის სასკოლო განათლების განვითარების პოლიტიკური ნება, რაზეც მოწმობს ის მწირი და ფრაგმენტული დაფინანსება, რომელიც სკოლებს აქვს. აღნიშნულს თავისთავად მოსდევს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა, სასკოლო ინფრასტრუქტურის სრული გაუმართაობა, 21-ე საუკუნისთვის სრულიად შეუფერებელი ტექნიკურ-მატერიალური ბაზა, სკოლაში ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობაც კი არ არის, აღარ ვლაპარაკობთ საკმარისი რაოდენობით კომპიუტერებსა და მონიტორებზე. საერთოდ ვჩუმდები ლაბორატორიებთან დაკავშირებით. ის ქვეყნები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს ზოგადი განათლების კუთხით, დიდ ყურადღებას აქცევენ სწავლისას ტექნოლოგიების გამოყენებას. დღეს, როცა ხელოვნური ინტელექტი იპყრობს სამყაროს, ჩვენ ისევ მეცხრამეტე საუკუნის საკლასო ოთახებში ვასწავლით და ვწუწუნებთ, ბავშვებს სწავლა არ უნდათო. რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის ასეთი სწავლა უინტერესოა, რადგან მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

უდიდესი პრობლემაა განათლების არათანაბარი ხელმისაწვდომობა. აღნიშნული „პიზას“ კვლევამაც აჩვენა, სადაც საქართველოს დაბებში მცხოვრები მოსწავლეები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ქალაქებში მცხოვრებ მოსწავლეებს ისეთ უნარებში, როგორებიცაა, წაკითხულის გააზრება, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა. უსამართლობაა, როდესაც ბავშვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება მისი საცხოვრებელი ადგილის გამო ეზღუდება. შემდეგ ვწუწუნებთ, სოფლები რატომ იცლებაო. დაიცლება, აბა, რას იზამს, თუ 21-ე საუკუნე მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორშია და ისიც უცხოურ გადაცემებში.

მოგვიყევით თქვენს მოსწავლეებზე, ვინ არიან ისინი, რას აკეთებთ მათთან ერთად და რა წარმატებები გაქვთ?

ჩემი მოსწავლეები ყველაზე გონიერი, პროგრესული, ყოჩაღი, მეამბოხე და ჯანმრთელი ხალხია დედამიწის ზურგზე. ასეთ ადამიანებთან ერთად მთებს გადადგამ კაცი. ჩემი ყველაზე საამაყო პროექტი kazretiPress-ია. დღეს მასში 11 ბავშვია გაერთიანებული, თავდაპირველად, ონლაინგამოცემა 4-5 ბავშვთან ერთად შევქმენი. ამ ბავშვებს ძალიან დიდი ენერგია აქვთ და ვფიქრობდი, რამე ისეთი პლატფორმა შეგვექმნა, სადაც ლიდერობის, გუნდური მუშაობის, ინიციატივიანობისა და მოხალისეობის უნარებს გამოავლენდნენ. ასევე ეს პლატფორმა მათ უნდა დახმარებოდათ გაცვლით პროექტებში მონაწილეობისას. რადგანაც თავად ჟურნალისტი ვარ განათლებით, ონლაინ მედიასაშუალების შექმნა მომივიდა თავში აზრად. ბავშვებს იდეა მოეწონათ და განვახორციელეთ კიდეც. თავიდან, ძირითადად, სტატიებს წერდნენ, მერე ვიდეოების დამატება დაიწყეს, მასალებს ინგლისურად თარგმნიდნენ, თანდათან გადაცემები და პოდკასტებიც დაამატეს და დღეს „კაზრეთიპრესი“ სრულფასოვანი მედიასაშუალებაა, რომელსაც სკოლის მოსწავლეები მართავენ და თავადვე უყვებიან საკუთარ მომხმარებელს ამბებს კაზრეთიდან. მე მათ სარედაქციო პოლიტიკაში არ ვერევი, თავად მოსწავლეები წყვეტენ, რაზე იმუშაონ. კაზრეთიპრესში სხვადასხვა დროს ჩართული ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ გაცვლით პროექტებში. მთავარი რედაქტორი Erasmus+ის გამარჯვებულია და გაზაფხულზე გერმანიაში მიდის. ერთ-ერთი პოდკასტების სერიის ავტორი – „აირჩიე პროფესია“ ასევე Erasmus+ის გამარჯვებულია და ზაფხულამდე რუმინეთსა და ფინეთს ესტუმრება. KazretiPress-ში ჩართული კიდევ სამი ბავშვი FLEX-ის გაცვლითი პროექტის ნახევარფინალისტია. ამას გარდა, შაბათს ორბელიანის აკადემიაში მივდივართ მასწავლებელთა და მოსწავლეთა კონფერენციაზე, სადაც მოსწავლეები „კაზრეთიპრესს“ თანატოლებს წარუდგენენ. გამოცდილების გაზიარება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. გვაქვს ასევე ფრანგული ენის კლუბი, სადაც კვირაში 2-ჯერ, დილის რვაზე ვიკრიბებით სკოლაში, რომ ფრანგული ვისწავლოთ. ზამთარში დილის რვაზე ჯერ კიდევ ბნელა, ბავშვები კი გაკვეთილების დაწყებამდე სკოლაში არიან ხოლმე. ფრანგული ენის შემსწავლელ კლუბში 17 მოსწავლეა გაერთიანებული და სულ რამდენიმე თვეა სწავლობენ, ამის მიუხედავად, ერთ-ერთი მოსწავლე ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურში გადავიდა.

სულ რამდენიმე კვირის წინ შევქმენით ინგლისური ენის კლუბი – ინგლისურის მასწავლებელთათვის. კლუბის დამფუძნებელი 6 მოსწავლეა, რომელიც დარეგისტრირებულ მასწავლებლებს ინგლისურს მოხალისეობრივად შეასწავლის. გაკვეთილები ჯერ არ დაგვიწყია, ჯერ სასწავლო მასალას არჩევენ. ახლა ნელ-ნელა ვამუშავებთ ახალ პროექტს: გვსურს, შევქმნათ გადაცემათა ციკლი იუთუბისთვის, სადაც კაზრეთელი მოსწავლეები Zoom-ის საშუალებით შეხვდებიან თანატოლებს მთელი მსოფლიოდან და განიხილავენ სასკოლო ცხოვრებას, მოუყვებიან ერთმანეთს იმ აქტივობებზე, რომლებითაც ყოველდღიურად კავდებიან; სწავლის ჩვევებზე, სკოლაზე, სახელმძღვანელოებზე თუ ნებისმიერ სხვა თემაზე. მსგავსი ტიპის კლუბური მუშაობა ეხმარება ბავშვებს, განივითარონ ფუნქციური უნარები, ისწავლონ გუნდური მუშაობა, შექმნან პროდუქტი და ნასწავლი ცხოვრებისეულ გამოცდილებას დაუკავშირონ.

რა არის თქვენი, როგორც მასწავლებლის მთავარი სათქმელი, გარდა იმისა, რომ ასწავლოთ და ცოდნის მიღებაში დაეხმაროთ მოსწავლეებს? რაზე უნდა ლაპარაკობდნენ მასწავლებლები ხმამაღლა?

სიმართლე გითხრათ, მე არ მაქვს არც კომპეტენცია და არც სურვილი ვინმეს მივუთითო, რაზე ილაპარაკოს. მაგრამ, პირადად მე დღეს, როგორც მასწავლებელი, მოქალაქე, ნინო მელიქიშვილი,  თავს ვალდებულად ვგრძნობ, ჩემი მოსწავლეებისთვის ევროკავშირის წევრი საქართველო მინდოდეს და ყველაფერს ვაკეთებდე, რომ მათ მაინც მოუწიოთ თავისუფალ და წარმატებულ საქართველოში ცხოვრება.

 

ლექსიკური მარაგის გამდიდრება წინასაანბანო პერიოდისთვის

0

სურათზე გამოსახული ხილის ბაღის აღწერა

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, პირველ კლასში, წინასაანბანო პერიოდს 10 – 12 კვირა ეთმობა.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მოსწავლეებისთვის მეტყველების, მოსმენის, გააზრების უნარების ჩამოყალიბება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება და მათი შემზადება საანბანო პერიოდისთვის. არსებითად, სწავლების პირველი დღეებიდანვე, ვიწყებთ მოსმენის, მეტყველების, ფონემური, ფონოლოგიური და მოტორული უნარების განვითარებას.

გთავაზობთ წინასაანბანო პერიოდისთვის შექმნილი სახალისო დავალების შესრულების სარეკომენდაციო სცენარს, დეტალიზებულ დანართს, საჭირო რესურსებითა და აქტივობებით.

 

სახელმძღვანელო – „მშობლიური ენის კვალზე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ავტორები ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თანაავტორი ლელა მანგოშვილი, მხატვარი – ნინო ჩაკვეტაძე)

სახელმძღვანელო ეფუძნება სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდიკას და იმავდროულად მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად დებულებებს და კონსტრუქტივისტული მიდგომის პრინციპებს.

 

I თემა – „ჩვენ და ბუნება“, ქვეთემა – „ერთად ხილის ბაღში“

 

გრძელვადიანი მიზანი სამიზნე ცნება სიტყვა, წინადადება, ტექსტი (სიტყვიდან ტექსტამდე)

 

ქვესაკითხები: აღწერის შემადგენელი ნაწილები/ელემენტები: ადგილის აღმნიშვნელი სიტყვები − მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან, ზევით ქვევით, შუაში; ნიშანთვისებების აღმნიშვნელი სიტყვები − ფერი, ზომა, ფორმა

 

დავალება − სურათზე გამოსახული ხილის ბაღის აღწერა.

 

ისე აღწერე ხილის ბაღი, რომ მსმენელმა წარმოიდგინოს, როგორია ის.

 

შეფასების კრიტერიუმები

აღწერისას ისაუბრე:

  • სურათის რომელ ნაწილში რა არის გამოსახული (მაგ: ბაღის შუაში, ვაშლის ხის წინ, მარჯვნივ, მარცხნივ); როგორია (რა ფორმის, რა ზომის, რა ფერის). (ს.1, 2, 3);
  • ვინ არიან სურათზე გამოსახული, როგორები არიან, რატომ არიან ერთად, თითოეული სად არის და რას აკეთებს, რა აცვიათ, ჰყავთ თუ არა შინაური ცხოველები (ს.1. 2. 3).

 

შენიშვნა 1. დავალების პირობაში, შეფასების კრიტერიუმებთან, ფრჩხილებში, შემოკლებით არის მითითებული სამიზნე ცნება: „სიტყვა, წინადადება, ტექსტი“, ანუ „ს“ და მისი მკვიდრი წარმოდგენები.

შენიშვნა 2. ყველა რესურსი და აქტივობა შერჩეულია სამიზნე ცნების, „სიტყვა, წინადადება, ტექსტის“ დასამუშავებლად. ამავდროულად, გაწერილია ქვეთემაში შესასრულებელი ფონემური და მოტორიკის სავარჯიშოები, საკითხავი ტექსტები.

მართალია, ამ დროს (იშვიათი გამონაკლისის გარდა) მოსწავლეებმა კითხვა არ იციან, მაგრამ თემის სათაურის გაცნობისთანავე, ვაჩვენებთ ფორმატის/ფლიპჩარტის ქაღალდზე ან პროექტორით ეკრანზე დავალების პირობას ასეთი სახით:

ამ ეტაპზე შეიძლება, არ ვახსენოთ ფრაზა „შეფასების კრიტერიუმები“, მაგრამ სასურველია, მოსწავლეებს ყოველდღე წავუკითხოთ დავალების პირობა და შევახსენოთ, რომ ბოლოს მათ უნდა აღწერონ სურათი. ძალიან მარტივად ვუხსნით, აღწერისას გამოიყენონ საჭირო სიტყვები (მაგ: ბაღის შუაში, ვაშლის ხის წინ, მარჯვნივ, მარცხნივ); როგორია (რა ფორმის, რა ზომის, რა ფერის) და ა.შ.

დავალების შესრულებისთვის საჭირო რესურსები და აქტივობები

 

 

რესურსი 1. აღსაწერი სურათი (მოსწავლის წიგნი გვ.18)

 

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება, დავალების პირობის გაცნობა და გააზრება.

 

ხომ არ იცით, რას ნიშნავს სურათის აღწერა?

გაიხსენეთ, რას ვაქცევთ ყურადღებას, როცა რაიმეს აღვწერთ?

რას ხედავთ სურათზე? წელიწადის რომელი დროა?

სად არიან ბავშვები? რას აკეთებენ? ვინ არის ყველაზე ახლოს ზღვასთან?

რა ფერის არის ზღვა?

ვინ აშენებს ქვიშისგან კოშკს? რას ხედავთ მათგან მარჯვნივ?

ვის შეუძლია საკუთარი სიტყვებით ახსნას, რას მოითხოვს დავალება?

 

რესურსი 2. აღსაწერი სურათი სახელმძღვანელოდან (მოსწავლის წიგნი – გვ.4)

სიტყვა – ვაშლის ხე/ვაზი (ნახატი)

წინადადება – გოგონა კალათაში აწყობს ვაშლებს/ ბიჭს ურიკით მიაქვს ვაშლები

აღწერა – შემოდგომის სურათი

 

აქტივობა 2. სახელმძღვანელოში მოცემული სურათების აღწერა.

 

შეკითხვები ცოდნის კონსტრუირების ხელშესაწყობად:

  • ა) რას ვხედავთ სურათების პირველ რიგში? (ვაშლის ხე, ვაზი);
  • ბ) მეორე რიგის სურათებში? (გოგონა კალათაში აწყობს ვაშლებს/ ბიჭს ურიკით მიაქვს ვაშლები); გ) წელიწადის რომელი დროა? რატომ ფიქრობ ასე?

 

აქტივობა 3. შევადგინოთ სურათების მიხედვით წინადადებები (შეკითხვების დახმარებით)

 

1ელი წინადადება.

  1. რა აწყვია კალათაში?

კალათაში ვაშლები აწყვია. რამდენი სიტყვაა ამ წინადადებაში? (სამი)

  1. ვინ აწყობს ვაშლებს კალათაში?

ბავშვი ვაშლებს კალათაში აწყობს. (ოთხსიტყვიანი)

ახლა ხუთსიტყვიანი მოვიფიქროთ!

  1. რა ფერის ვაშლებს აწყობს ბავშვი კალათაში?

ბავშვი წითელ ვაშლებს კალათაში აწყობს. (ხუთსიტყვიანი)

 

მე-2 წინადადება.

  1. რა აწყვია ურიკაში?

ურიკაში ვაშლები აწყვია. რამდენი სიტყვაა ამ წინადადებაში? (სამი)

  1. ვის მიაქვს ვაშლები ურიკით?

ბიჭუნას ვაშლები ურიკით მიაქვს. (ოთხსიტყვიანი)

  1. რა ფერის ვაშლები მიაქვს ურიკით ბიჭუნას?

ბიჭუნას წითელი ვაშლები ურიკით მიაქვს. (ხუთსიტყვიანი)

 

 აქტივობა 4. თამაში – ტყუილი თუ მართალი?“. (მასწავლებელი ხან იცავს, ხან კი განზრახ ცვლის ნახატის მოცემულობას, ბავშვებმა უნდა გამოიცნონ, ტყუილია თუ მართალია.

ნიმუში: – ნახატზე მე ვხედავ ყვითელ მსხალს, ტყუილია თუ მართალი? ნახატზე ვხედავ ყურძნის მტევნებს, ტყუილია თუ მართალი? ნახატზე ჩანს მოხუცი ქალი, მართალია თუ ტყუილი? ნახატზე ვხედავ ძაღლს და კატას, ტყუილია თუ მართალი? და ა.შ.

 

აქტივობა 5. შემოდგომის მთლიანი სურათის აღწერა დიდი ილუსტრაციის მიხედვით – „ერთად ხილის ბაღში“.

  • რა არის ყველაზე მეტი სურათზე? რა ფერისაა?
  • რა მოჩანს ხეების უკან? რა ფერისაა მთა?
  • რას აკეთებს მამაკაცი, ქალი? პაპა? გოგონა? ბიჭუნა?
  • სად დგას გოგონა? ძაღლი? კატა?

 

რესურსი 3. საკითხავი: ლადო ასათიანი „შემოდგომა“ (ნაწყვეტი)

„შემოდგომა მოვიდა

წითელ-ყვითელ ფერებით,

მოსავალმა აავსო

ბაღები და ველები.

დაიტვირთნენ ვაზები,

დაიშაქრნენ მტევნები,

აღაჟღაჟდნენ ვაშლები,

გადაყვითლდნენ ტევრები“.

 

აქტივობა 6. ლექსის მხატვრულად წაკითხვა მასწავლებლის მიერ (მოსწავლეებთან ერთად გამეორება).

 

შეკითხვები ცოდნის კონსტრუირების ხელშესაწყობად:

  • როგორი ფერებით მოვიდა შემოდგომა?
  • თქვენ კარგად იცით, რა არის საბავშვო ბაღი, მაგრამ ახლა დაფიქრდით, კიდევ რაზე ითქმის ბაღი?
  • რის ბაღი არსებობს?! გარეთ, ბუნებაში, რას უვლიან, როგორ ბაღებს გააშენებენ ხოლმე ადამიანები? (ხილის, ყვავილების). პოეტი ამ ლექსში სწორედ ხილის ბაღებს გულისხმობს!
  • რას ნიშნავს „აღაჟღაჟდნენ ვაშლები“? (ნახატზე მართლაც ლოყაწითელა ვაშლებია!).
  • სხვანაირად როგორ იტყოდი კიდევ?
  • რას უნდა ნიშნავდეს „დაიშაქრნენ მტევნები“? (უკვე მწიფე და ტკბილია). (მასწავლებელმა აუხსნას ბავშვებს, რომ მტევანს ვაზი ისხამს; ასევე, ახსნას, რას ნიშნავს ტევრი დაბურული ტყე).
  • რომელი ხილია წითელი? ყვითელი? (მასწავლებელმა „წითელ-ყვითელ ფერებს“ მიაქციოს ყურადღება და ბოლოს განმარტოს ბავშვებთან ერთად სიტყვა „მოსავალი“. ამ ყველა ხილს ერთად მოსავალი ჰქვია. შემოდგომაზე მოსავალს ვიღებთ).

 

რესურსი 4. მოსწავლის რვეული – გვ. 4. გასაფერადებელი ვაშლები

აქტივობა 7. ნახატზე ხუთი ვაშლის გაფერადება

 

რესურსი 5. ლექსიკა ნახატებით. სახელმძღვანელოში მოცემული ხილ-ბოსტნეულის ნახატები – გვერდი 5

 

 

წითელი ბალი ყვითელი მსხალი წითელი ვაშლი
ყავისფერი

წაბლი

ლურჯი ქლიავი ნარინჯისფერი

ფორთოხალი

მწვანე კიტრი წითელი პომიდორი ნარინჯისფერი სტაფილო
ყვითელი გოგრა წითელი ჭარხალი ყავისფერი კარტოფილი

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა 8. მოსწავლეები სახელმძღვანელოში მოცემულ ილუსტრაციებზე დაკვირვებით ასახელებენ ხილის, ბოსტნეულის სახელწოდებასა და ფერს. ნახატებზე მოსავალია, ხილი და ბოსტნეული. მათ მშვენიერი, სხვადასხვაგვარი ფერი აქვთ! რა ფერისაა კიტრი? პომიდორი? კარტოფილი? ჭარხალი? ნახატზე რომელია ბოსტნეული? ბოსტანში რომელი მოჰყავს ადამიანებს? აქ სასურველია, მასწავლებელმა ყურადღება მიაქციოს, როგორ წარმოთქვეს „კარტოფილი“ (ხშირად ეშლებათ ბგერები).

 

რესურსი 6. მოტორიკის სავარჯიშო (მოსწავლის რვეული გვ.4).

 

აქტივობა 9. დაკავშირება: ბიჭის ვაზთან, გოგონასი − ვაშლის ხესთან

 

შეკითხვები ცოდნის კონსტრუირების ხელშესაწყობად:

  • სად მიდის ბიჭი? გოგონა?
  • როგორ მივიყვანო ბიჭი ვაზთან? გოგონა ვაშლის ხესთან?

 

რესურსი 7. ლექსი „ჩვენი ნობათი“

„მე მაქვს მწვანე მსხალი,

შენ კი − ვაშლი წითელი!

მე მაქვს ლურჯი ქლიავი,

შენ − ლიმონი ყვითელი!

ჩემს ძმას − შავი ყურძენი აქვს,

შენს ძმას − წაბლი ყავისფერი,

კალათაში ხელს თუ ჩავყოფთ,

ატმებია ვარდისფერი!“.

 

 

რესურსი 8. ლექსიკის სავარჯიშო − მოსწავლის რვეულში გასაფერადებელი სურათები (გვ.5)

აქტივობა 10. მასწავლებელი ნელ ტემპში კითხულობს მოკლე ტექსტს და მოსმენილის მიხედვით მოსწავლეები აფერადებენ სურათებს.

 

რესურსი 9. მოტორიკის სავარჯიშო მოსწავლის რვეული (გვ.6)

აქტივობა 11. ა) დახატულია მზე, რომელმაც სხივები უნდა მოჰფინოს დედამიწას, მოსწავლე წერტილების დახმარებით სხივებს ხატავს;

ბ) ღრუბლიდან მოდის წვიმის გრძელი წვეთები წერტილებით, მოსწავლემ უნდა შეაერთოს და გამოვა გრძელი ხაზი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 რესურსი 10. ბმული https://bit.ly/3GlS0DU

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რესურსი 11. მოტორიკა/ლექსიკის სავარჯიშო − გასაფერადებელი ფოთლები (ფოთლის მცირე მონაკვეთზე ფერი მინიშნებულია) მოსწავლის რვეული (გვ.7)

 

აქტივობა 12. მასწავლებელი ბმულის საშუალებით მოსწავლეებს აჩვენებს ფოტოებს, დაასახელებენ, რა ფერისაა და შემდეგ გააფერადებენ სხვადასხვა ფერისა და ფორმის ფოთლებს (წითელი/მუქი წითელი, ღია მწვანე/მუქი მწვანე, ყვითელი/ყავისფერი) (გვ. 7).

 

 რესურსი 12. დიდი ზომის ბადე (მოსწავლის რვეული გვ.8)

 აქტივობა 13. დიდი ზომის ბადეში უჯრების გაფერადება. მასწავლებელი თან ბადესაც გააცნობს (უმთავრესია, ახსნას, რომ ბადეს სამი ნაწილი აქვს, შესაძლებელია, მოსწავლეთა გასახალისებლად ამას ვუწოდოთ სამი სართული: ზედა, შუა, ქვედა).

 

აქტივობა 14. დავალების წარდგენა − ხილის ბაღის სურათის აღწერა.

შეკითხვები ცოდნის კონსტრუირების ხელშესაწყობად:

  • როგორ უნდა აღწეროთ სურათი?
  • რა უნდა გაითვალისწინოთ აღწერისას?
  • სურათის რომელ ნაწილში რა არის გამოსახული (ბაღის შუაში, ვაშლის ხის წინ, მარჯვნივ, მარცხნივ); როგორია − რა ფორმის, რა ზომის, რა ფერის.
  • ვინ არიან სურათზე გამოსახული, როგორები არიან, რატომ არიან ერთად, თითოეული სად არის და რას აკეთებს, რა აცვიათ, ჰყავთ თუ არა შინაური ცხოველები.

 

 შენიშვნა: სურათს აღწერს ყველა მოსწავლე. მასწავლებელი წარდგენის პროცესს უთმობს იმდენ დღეს, რამდენის საჭიროებაც იქნება. თითოეულ გამომსვლელს გაამხნევებს და სტიმულს მისცემს, რომ შემდეგი დავალება კიდევ უფრო უკეთესად წარმოადგინოს.

 

დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, თითოეული მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარის ხელშესაწყობად

 

 

  • როგორ აღწერე სურათი?
  • ადგილის აღმნიშვნელი რომელი სიტყვები გამოიყენე? (მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან, ზევით ქვევით, შუაში)
  • ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი რომელი სიტყვები გამოიყენე? (ფერი, ზომა, ფორმა)
  • გასაგებია მსმენელისთვის შენი აღწერა?
  • სწორად აღწერე, რას აკეთებენ სურათზე გამოსახული ადამიანები?

 

აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე:

  • რა გააკეთე, რა თანამიმდევრობით?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?

 

აღწერე, რა დაბრკოლებებს წააწყდი და რა დაგეხმარა დავალებაზე მუშაობის პროცესში:

  • რა გამოგივიდა კარგად დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?

 

ამით პირველი თემის „ჩვენ და ბუნების“ ქვეთემის − „ერთად ხილის ბაღში“ შესწავლა დასრულებულია.

 

შენიშვნა: შემოთავაზებული აქტივობების განხორციელებას დაახლოებით 6შვიდი საათი დასჭირდება. ეს დამოკიდებულია მოსწავლეთა მზაობაზე. რაც მთავარია, მასწავლებელმა არ უნდა ააჩქაროს ხელოვნურად პროცესი, არამედ ის მორგებული უნდა იყოს მოსწავლეთა

ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე და საჭიროებისამებრ განსაზღვროს საათების რაოდენობა.

 

ფაქტობრივად, ყველაფერი საკლასო ოთახში, საგაკვეთილო პროცესში კეთდება და მასწავლებელი თვალ-ყურს ადევნებს, რამდენად არიან ჩართულნი მოსწავლეები, სად სჭირდებათ მასწავლებლის დახმარება, რას აკეთებენ დამოუკიდებლად და ასე შემდეგ.

 

მასწავლებელს სურვილისამებრ შეუძლია, შეცვალოს რესურსები, აქტივობები, შეკითხვები, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა რესურსი და აქტივობა უნდა შეირჩეს გრძელვადიანი სამიზნე ცნების შესაბამისად.

ფოტო ილუსტრაციისთვის : ანბანი- ანა  მუმლაძე

წყარო -https://www.behance.net/gallery/167911207/alphabet

კეთილშობილი გერინგი

0

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მთელ ცხოვრებას საკუთარი სახელოვანი ახლობლების ჩრდილში ატარებენ. ხშირად მათი შრომა, ნიჭი და დამსახურება საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. რაც არ უნდა გააკეთონ, რასაც არ უნდა მიაღწიონ, ასეთი პიროვნებები მაინც მხოლოდ რომელიღაც დიდი ოჯახის რიგით წევრებად რჩებიან. ეს უსამართლობაა! მშობლებისა და დედმამიშვილების ღვაწლისა თუ დანაშაულის გამო ადამიანის ბედისწერა წინასწარ განსაზღვრული არ უნდა იყოს. ნებისმიერი იმსახურებს, თავისი ბედი საკუთარი ხელით გამოჭედოს.

სამყაროს ყველა ოდნავ განათლებულ ადამიანს სმენია ჰერმან გერინგის (უფრო სწორი თარგმანი იქნებოდა „გიორინგი“, მაგრამ რადგან აღნიშნული გვარი სხვაგვარად დამკვიდრდა ჩვენს ენაში, საქმე აღარ გავართულოთ) სახელი. იგი ჰიტლერის მარჯვენა ხელი გახლდათ, სათავეში ედგა საჰაერო ძალების სამინისტროს, მუშაობდა რაიხსტაგის პრეზიდენტის თანამდებობაზე, მინიჭებული ჰქონდა იმპერიის მარშალის წოდება, საკვანძო როლს ასრულებდა „მესამე რაიხის“ ეკონომიკის ორგანიზებაში. მოკლედ, ნაცისტურ იერარქიაში ფიურერის შემდეგ პირველი ადგილი ეკავა. ჰოლოკოსტზე, პოლიტიკური ოპონენტების მასობრივ და სასტიკ დევნაზე, დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვასა და ევროპის სისხლის მდინარეებით დასერვის საქმეზე გერინგს პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება. ნიურბერგის პროცესზეც სწორედ რაიხსმარშალი იყო ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული. ბუნებრივია, როდესაც ეს შავბნელი სახელი გესმის, ამ ადამიანის სიახლოვეს სიკეთისა და კეთილშობილების აღმოჩენის უნარი გეკარგება და ფიქრობ, რომ მისთვის არსად, არასოდეს არავის მიუცია მოყვასის სიყვარულისა და პატივისცემის მაგალითი. როგორი ძნელი დასაჯერებელიც არ უნდა იყოს, შეიძლება ასეთ დროს მწარედ ვცდებოდეთ კიდეც.

სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის გერმანული მიწების კომისარი, ცნობილი იურისტი და დიპლომატი – ჰაინრიხ გერინგი, ჰერმანის გარდა, კიდევ რვა შვილის მამა გახლდათ. ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ალბერტი იყო. სწორედ ალბერტი აძლევდა მთელ ოჯახს სიკეთისა და შემწყნარებლობის მაგალითს. მისმა თავდადებამ და სიქველემ უფროსი ძმის ჯოჯოხეთური დანაშაულები, ცხადია, ვერ გამოისყიდა, მაგრამ კაცობრიობას დაუტოვა მაგალითი იმისა, რომ სტატუსისა თუ პრივილეგიების, წინასწარ განსაზღვრული გარემოებებისა და მათგან გამომდინარე წნეხის მიუხედავად, მაინც შესაძლებელია სინდისის კარნახით მოქმედება.

ვინ იყო ალბერტი? და რატომ უწოდებენ მას ისტორიკოსები და კინოდოკუმენტალისტები „კეთილშობილ გერინგს“?

ალბერტ გერინგი არასოდეს ისწრაფოდა პოლიტიკური ცხოვრებისკენ. იგი უფრო თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლით გახლდათ დაინტერესებული. პირველ მსოფლიო ომშიც სწორედ საკომუნიკაციო ქსელების გაყვანითა და მათი ტექნიკური უზრუნველყოფით ცდილობდა სამხედრო ვალის მოხდას. მრავალჯერ მძიმედ დაჭრილმა ჯარისკაცმა ვაიმარის რესპუბლიკაში საინჟინრო განათლება მიიღო და მშვიდობიანობის დროსაც საყვარელი ხელობით ირჩენდა თავს, ინდუსტრიულ სახელმწიფოში მაღალკვალიფიციური ინჟინრები მარტივად პოულობდნენ სამუშაოს. ალბერტი ყოველთვის გაურბოდა ნაციონალ-სოციალისტებთან კავშირს. ყველას უკვირდა, რომ უმცროსი ძმა რაიხსტაგის პრეზიდენტად, პრუსიის პრემიერ-მინისტრად და საჰაერო ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაწინაურებული ჰერმანისგან დისტანცირებას ესწრაფოდა. მეტიც, ნაცისტების მიერ ხელისუფლების სრული უზურპაციის შემდეგ ალბერტმა დემონსტრაციულად დატოვა გერმანია, უარი თქვა გერმანულ პასპორტზე და ავსტრიის მოქალაქეობა მიიღო.

გერმანიის დატოვების მიუხედავად, ძმებს ერთმანეთთან კავშირი არ გაუწყვეტიათ. უფროსი ძმას ყოველთვის სურდა საგვარეულოს მამასახლისის, ოჯახის მეთაურის ფუნქციის შესრულება, ამიტომ და-ძმებსა და ნათესავებს თავისი ზედამხედველობისა და ზრუნვის არეალის დატოვების უფლებას ბოლომდე არასდროს აძლევდა. რეჟიმის მხრიდან წნეხის ზრდის კვალდაკვალ ავსტრიაში ემიგრირებული ინჟინერი მიხვდა, რომ საკუთარი გვარი და ჰერმანის ავტორიტეტი სიკვდილისთვის განწირული ადამიანების გადასარჩენად უნდა გამოეყენებინა.

ნაციონალ-სოციალიზმის მკვლევრებს ალბერტ გერინგის ანტიჰიტლერული საქმიანობის სამი მიმართულება აქვთ გამოკვლეული, რომლის დროსაც მეცნიერებმა ფაქტების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები აღმოაჩინეს.

უმცროსი გერინგი ვენაში მცხოვრები კოლეგების მთავარი შემწე გახლდათ. ინჟინერი მაშინ კინოინდუსტრიაში მუშაობდა და უამრავ ებრაელთან უწევდა ურთიერთობა. მისი უშუალო მონაწილეობით ავსტრიის უდიდესი კინემატოგრაფიული ცენტრის ხელმძღვანელი, ოსკარ პილცერი ორჯერ გათავისუფლდა ტყვეობიდან. ალბერტმა ბოლოს თავისი უფროსის ქვეყნიდან გაქცევის ოპერაციაც კი წარმატებით განახორციელა. მისი შუამდგომლობით სიკვდილს გადაურჩა ცნობილი კომპოზიტორის – ფრანც ლეჰარის ებრაელი ცოლი, კინოვარსკვლავ ჰენი პოტენის ებრაელი ქმარი, კანცლერ შუშინგის ნათესავები და ა.შ. მოკლედ, პროფესიულ წრეებში, კინოს ინდუსტრიასთან დაკავშირებულ საზოგადოებაში ყველამ იცოდა, რომ ალბერტი უკან არ დაიხევდა და უდანაშაულო ებრაელების გადასარჩენად საკუთარი გვარის, მასთან დაკავშირებული სოციალური კაპიტალის გამოყენებას შეეცდებოდა.

გარდა ამისა, არსებობს არაერთი მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა ინჟინერი ნაცისტური რაზმების მიერ ვენის ქუჩებში ნაცემი და შეურაცხყოფილი ებრაელების დაცვას. ერთი ასეთი წინააღმდეგობის დროს იგი დააკავეს კიდეც, მაგრამ დოკუმენტებში რაიხმარშალის გვარის აღმოჩენის შემდეგ უმალვე გამოასწორეს თავიანთი შეცდომა.

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ალბერტი ჩეხეთში გადაიყვანეს და „შკოდას“ ქარხანაში განაწესეს მაღალ თანამდებობაზე. იმპერიის პროვინციაში გადასახლებულმა გერინგმა ფრთები ფართოდ გაშალა. თანამშრომლებთან ერთად იგი ხშირად ხელს უწყობდა საბოტაჟის პატარ-პატარა აქტების აღსრულებას, რაც „შკოდას“ ექსპორტსა და ფრონტის ხაზის მომარაგებას აფერხებდა. ინჟინერი ოსტატურად და თამამად იყენებდა თავის გვარს, ჩეხეთში მოღვაწეობის პერიოდში ციხეებიდან არაერთი დისიდენტი გათავისუფლდა დოკუმენტით, რომელსაც ბოლოს ხელს გერინგი უსახელოდ აწერდა. ცხადია, უმცროსი ძმის თავზეხელაღებულობა მალევე აღმოაჩინეს გესტაპოს ოფიცრებმა. ჰიტლერის მარჯვენა ხელს რამდენჯერმე მოუწია შუამდგომლობა, რათა დაპატიმრებული ალბერტი ციხიდან გაეთავისუფლებინა. ჰაინრიხ ჰიმლერი ხშირად იყენებდა ხოლმე „ჩეხეთში მყოფი ნათესავის“ არგუმენტს გერინგისათვის ძირის გამოსათხრელად.

ვენაში მცხოვრები ებრაელების მფარველობისა და ჩეხოსლოვაკიის „საბოტაჟნიკი“ დისიდენტების ხელშეწყობის გარდა, ალბერტ გერინგის უდიდეს დამსახურებად მიიჩნევა ტერეზიენშტადტის საკონცენტრაციო ბანაკიდან ტყვეების გამოხსნა. მოწმეები ამტკიცებენ, რომ ერთხელ „შკოდას“ ქარხნის მაღალჩინოსანი რამდენიმე სატვირთო მანქანით თავზე დაადგა საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტებს. მათ თავისი სახელი და გვარი მოახსენა და დაარწმუნა სამხედრო ზედამხედველები, რომ ომისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქციის დასამზადებლად რამდენიმე ათეული მუშა სჭირდებოდა. იმპერიის ლიდერის უმცროს ძმას ბანაკის მეთაურებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ალბერტმა რამდენიმე სატვირთოთი ათობით ებრაელი წამოიყვანა ტერეზიენშტადტიდან და ისინი მოშორებით მდებარე ტყეში გაათავისუფლა.

ნაცისტური რეჟიმის დროს ალბერტი საგვარეულო გვირგვინით დამშვენებულ ბლანკსა და ხელმოწერას არნახული გაბედულებით იყენებდა გაუგონარი, უსასტიკესი უსამართლობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ატრიბუტები ომის შემდეგ მას ბედისწერად ექცა. არავის სჯეროდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ ურჩხულს ასეთი ძმა შეიძლება ჰყოლოდა. ინჟინერმა გადარჩენილთა შუამდგომლობით მოახერხა სიცოცხლის შენარჩუნება და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე საზოგადოებისგან გარიყულმა, გაჭირვებაში გაატარა.

მხოლოდ 2010-იან წლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმებისა და ამავე პერიოდში გამოცემული წიგნების წყალობით შეიტყო საზოგადოებამ „კეთილშობილი გერინგის“ შესახებ.

ციფრული ხელსაწყოების დანერგვა სასწავლო პროცესში

0

ციფრული სამყარო სულ უფრო სწრაფად იკავებს ცენტრალურ ადგილს სწავლისა და სწავლების პროცესში. თუკი ადრე მხოლოდ სახელმძღვანელოები და ნაბეჭდი რესურსები გვქონდა და სწავლა მეტ-ნაკლებად რუტინული იყო, დღეს შესაძლებლობების მრავალფეროვანი არჩევანი თითქოს ხელისგულზე გვაქვს. მასწავლებლებს შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს ისეთი კომპეტენციების შეძენაში, რომელიც მათ სამომავლო ცხოვრებას გაამარტივებს ამ ციფრულ სამყაროში. ვიცით, რომ ციფრული ტექნოლოგიები თანდათანობით მოიცავს ყველა დარგს და გავლენას ახდენს ყველა პროფესიაზე.
მასწავლებლის მიერ სწორად დაგეგმილი გაკვეთილი კი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს XXI საუკუნის გამოწვევებს მომზადებულნი შეხვდნენ. სწორედ ამ გამოწვევების გათვალისწინებით და ჩემი მოსწავლეების საჭიროებებზე დაყრდნობით ვგეგმავ ისეთ აქტივობებს, რომლებიც მათ სამომავლო ცხოვრებაშიც გამოადგებათ. ყველა მასწავლებლის სურვილია მათმა მოსწავლეებმა ცოდნის და უნარების ტრანსფერი რეალურ ცხოვრებაში წარმატებით მოახდინონ.
ციფრული წიგნიერების გავრცელება საკლასო ოთახებსა და სასკოლო სივრცეში დღითიდღე მნიშვნელოვანი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის სკოლებში მეტ-ნაკლებად ხელშემწყობი გარემოა ციფრული რესურსების შესაქმნელად, მასწავლებელთა უმეტესობა მაინც ახერხებს ინოვაციური სასწავლო რესურსების შექმნას და გაზიარებას.
მზარდი ციფრული სამყარო არაერთ შესაძლებლობას გვთავაზობს, თუმცა სიახლეებს გარკვეულწილად რისკებიც ახლავს. ერთის მხრივ, მოსწავლეებს დღეს ბევრად მარტივად მიუწვდებათ ხელი ინფორმაციაზე ონლაინ სივრცეში, მეორეს მხრივ კი ამ ინფორმაციის სწორად მოძიების, დამუშავების და გამოყენების საჭიროება იჩენს თავს. მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის როლი გადამწყვეტია. ჩემს მოსწავლეებთან ერთად მუდმივად ვმუშაობ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. ვაცნობიერებ რამდენად მოწყვლადი შეიძლება იყონ ციფრულ სივრცეში. პრევენციის მიზნით, ვგეგავ და ვახორციელებ უამრავ აქტოვობას ამ მიმართულებით.
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, მასწავლებლები უდავოდ ვიმყოფებით სიახლეების ეპიცენტრში, ამ მხრივ არც ციფრული წიგნიერება რჩება უყურადღებოდ. სასწავლო წლის მანძილზე პროგრამა აქტიურად გვთავაზობს ტრენინგებს ამ მიმართულებით, მიმდინარე სასწავლო წელს გავიარეთ ხანგრძლივი ტრენინგ- კურსი „ციფრული ხელსაწყოების გამოყენება სასწავლო პროცესში“ კურსი მიზნად ისახავდა საგანმანათლებლო ციფრული რესურსების გაცნობას, შექმნას და დანერგვას. ტრენინგის ფარგლებში გავეცანით ისეთ საგანმანათლებლო რესურსების შესაქმნელ ვებ გვერდებს როგორიცაა : animaker.com, seesaw.com , iseazy.com.
ტრენერი მასწავლებლებს გვთავაზობდა კონკრეტულ და პრაქტიკულ რჩევებს, რის შედეგადაც უამრავმა პედაგოგმა მოახერხა საკლასო სივრცის მეტად გაციფრულება. პირადი გამოცდილებით მინდა ავღნიშნო, რომ iseazy.com ჩემი აღმოჩენაა, რამაც საშუალება მომცა ჩემი მოსწავლეების მოტივაცია და ჩართულობა ბევრად გამეზარდა.
Iseazy- პრეზენტაციის პლატფორმა მასწავლებლებს საშუალებას აძლევს კოლაბორაციული, ხოლო მოსწავლეებს მეტად ინტერაქტიული სწავლების შესაძლებლობას. შეგვიძლია შევარჩიოთ ჩვენი კლასისთვის შესაფერისი თემატიკა და მოვიფქროთ როგორ ჩავშალოთ საკითხი. მარტივი და სახალისო დავალებების თუ თამაშების შესაქმნელად ეს პლატფორმა იდეალური გამოსავალია.
https://www.iseazy.com საიტზე რეგისტრაციის გავლისას აირჩიეთ ავტორის (Author) სტატუსი

მიუთითეთ ელექტონული ფოსტა და პაროლი, რეგისტრაციის დასასრულებლად გადიდით ფოსტაზე მითითებულ ბმულზე.


საიტზე შესვლის შემდეგ შექმენით ახალი პროექტი (უფასო ვერსიაში სამი პროექტის შექმნის საშუალებას იძლევა და თითო პროექტში 25 სლაიდის დამატებას).

მიყევით ნაბიჯებს აირჩიეთ კურსი, შაბლონი და მიანიჭეთ კურს სახელი.

გაწერეთ თემატურად გვერდები და ქვეგვერდები.
გიზიარებთ ერთი გაკვეთილის ირგვლივ შექმნილ, მრავალჯერადად გამოყენების სასწავლო რესურსის ნიმუშებს. გაკვეთილის მიზანი იყო ზედსართავი სახელი, მისი წარმოება და თავისებურებები წარმოება ინგლისურ ენაში.
კურსში შესაძლებელია თეორიული და ვიზუალური (ფოტო, ვიდეო ) მასალის განთავსება, ასევე ბმულების ჩამატება, ხოლო შემდეგ თეორიული მასალის გასამტკიცებლად მრავალფეროვანი სავარჯიშოების და თამაშების შექმნა.
მნიშვნელოვანია, რომ რესურსის გახსნა ნებისმიერი მოწყობილობით არის შესაძლებელი, რაც საიტის სერვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის მოსწავლეებისათვის.
1. შესაბამისობების დადგენის დავალება ( iseazy.com)

2. არჩევით პასუხებიანი დავალება, რომელსაც მასწავლებელი წინასწარ ამზადებს გაკვეთილის თემიდან გამომდინარე, ეს ხელს უწყობს ახალი შესასწავლი მასალის განმტკიცებას სახალისო გზით.

პრეზენტაციის მომზადებისას შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი ფოტოს ჩასმა ან თვითონ ადგილობრივად მარაგიდან არჩევა, რაც ვფიქრობ ბევრად მოსახერხებელია.

3. პრეზენტაციაზე მუშაობისას შეგვიძლია ერთ სლაიდზე რამოდენიმე სახის აქტივობების ჩასმა, ჩემს შემთხვევაში მოცემულ სლაიდზე მაქვს ჩაშენებული რამოდენიმე ლინკი, რათა წინასწარ მზად მქონდეს გაკვეთილისთვის რესურსი და დრო არ დავკარგო. ვფიქრობ ეს ფუნქცია ძალიან მოსახერხებელია.

4. მოსწავლეებისთვის რესურსის ვიზუალიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, მოცემულ სლაიდზე თავმოყრილია ის ნახატები რომელიც გაკვეთილის შესავალში გამოვიყენე თემის გასაცნობად. მრავალფუნქციური , საინტერესო და სახალისო დავალებების თავმოყრა ერთ სივრცეში შემიძლია iseazy – პლატფორმის საშუალებით.

კიდევ ერთი ძალზედ საინტერესო ონლაინ სასწავლო პლატფორმაა animaker -ი
ეს პლატფორმა საშუალებას გვაძლევს მოსწავლეებთან ერთად შევქმნათ პატარა ანიმაციური ვიდეო, ჩვენი სასურველი პერსონაჟებით. პერსონაჟების გახმოვანება თავად მოსწავლეებს შეუძლიათ.
თემა შეგვიძლია შევარჩიოთ და მის ირგვლივ შევქმნათ პატარა ანიმაციური ვიდეო, მოსწავლეებს მსგავსი აქტივობა ეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანაში, უვითარებს საუბრის უნარ-ჩვევას.

https://www.animaker.com საიტზე რეგისტრაციისათვის ვირჩევთ ღილაკს Login in

რეგისტრაცია გაიარეთ თქვენთვის სასურველი მომხმარებლით, თუმცა გირჩევთ Gmail – ის ფოსტით ავტორიზაციას

ანიმაციური ვიდეოს შექმნა შეგიძლიათ, როგორც Blank Page სუფთა გვერდიდან, ასევე Template შაბლონებიდან.

მოცემულ სლაიდზე ცარიელ ფურცელზე შეგვიძლია გადავიტანოთ ჩვენთვის სასურველი ფონი, რომელიც ასევე საიტის ბიბლიოთეკიდან ირჩევთ. მოსწავლეები დიდი ინტერესით ირჩევენ პერსონაჟებს მათი სურვილის და გემოვნების მიხედვით.

ჩვენს მიერ შექმნილი ვიდეოში აქცენტი გამახვილებულია ზედსართავი სახელის ხარისხების გამეორება-შესწავლაზე, ამიტომ ჩვენი პერსონაჟების დიალოგიც ამ მიმართულებით წარიმართა.

მოცემული ორი ონლაინ სასწავლო პლატფორმის გამოყენებით ჩვენი გაკვეთილი ძალიან საინტერესო, განსხვავებული და ინტერაქტიური გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ციფრული რესურსების გამოყენება მოსწავლეების უმეტესობას ახალი სასწავლო მასალის უკეთ ათვისებაში ეხმარება, ხედავენ, აკეთებენ და მონაწილეობენ პროცესში.

 წიგნის კლუბის საინტერესო აქტივობა

0

წიგნიერების განვითარება თანამედროვე განათლების სისტემის უმთავრესი გამოწვევაა. სირთულეების დასაძლევად  მასწავლებლებს ბევრი ინოვაციური მიდგომის გამოყენება გვიწევს. მინდა  ამ მიმართულებით ჩემი პრაქტიკული გამოცდილება გაგაცნოთ.

ხშირად ვფიქრობდი, როგორ გამეზარდა მოსწავლეთა დაინტერესება  წიგნის კითხვით, როგორ შემეწყო ხელი ჩემი პატარა მოსწავლეებისთვის, კარგ მკითხველებად ჩამოყალიბებულიყვნენ.  ამიტომ როგორც კი საშუალება მოგვეცა და   USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის  ფარგლებში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  თანამშრომლობით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარის საჯარო სკოლაში წიგნის კლუბი „საგანძური“ დავაფუძნეთ, მე, როგორც კლუბის კოორდინატორმა, ჩემს პატარა მოსწავლეებთან  ერთად, მაშინვე გადავწyვიტე რამდენიმე პროექტის განხორციელება.  სხვადასხვა ჟანრისა და სირთულის წიგნებმა, რომელთაც თავად ირჩევდნენ მეხუთე-მეექვსეკლასელი მოსწავლეები წასაკითხად, საოცარი შემოქმედებითი  გარემო შექმნა სკოლაში.  გაიზარდა მოსწავლეთა თვითაქტუალიზაციაც.  წიგნის კლუბი  მართლაც შესანიშნავი გზა  აღმოჩნდა სხვადასხვა სახის დისკუსიებში, წაკითხული წიგნის განხილვებსა და სხვა შემეცნებით აქტივობებში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისთვის.

ძალიან  ლოგიკური და ბუნებრივი იყო  „საგანძურელების“    კალიგრაფიით დაინტერესებაც.  სასწავლო პროცესში კალიგრაფიას  უდიდესი მნიშვნელობა აქვს.   ის არ არის მხოლოდ ლამაზად წერის კულტურა. კალიგრაფია  მოითხოვს ანბანის სწორი მოხაზულობის ცოდნას, დაგეგმარებას, სივრცითი აღქმის უნარის ფლობას, წვრილი მოტორიკის სინატიფეს,  თვალ-ხელის სწორ კოორდინაციას, ნებისყოფას. ეს უნარები ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლისათვის. შესაბამისად,  იდეა  მაშინვე ავიტაცე და     შემდგომი აქტივობაც დავგეგმე:

  • კალიგრაფიის ისტორია

ლუბის ერთი შეხვედრა  კალიგრაფიის მნიშვნელობაზე,  მის  ისტორიულ განვითარებასა და სხვადასხვა დროს მის  გამოყენებაზე საუბარს დაეთმო:  აღინიშნა, რომ  ქართულ ენას სამი სახის გრაფიკული გამოსახულება აქვს: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. საუკუნეების მანძილზე ჩვენი წინაპრები ანბანის დაწერას ყოველთვის დიდ  ყურადღება აქცევდნენ. ყველას არ შეეძლო ყოფილიყო გადამწერი, ამ საქმეს მაღალი დონის ოსტატები ჭირდებოდა. სამწუხაროდ, კალიგრაფიის მნიშვნელობამ დღევანდელ ციფრულ სამყაროში თითქოს მნიშვნელობა, ფუნქცია დაკარგა. ხელით წერა დიდწილად ჩანაცვლდა კლავიატურული წერით. პრაქტიკა ხელით წერისა დღითი დღე აქტუალობას და საჭიროებას კარგავს. ეს კი საფრთხეს უქმნის ამ  უნიკალური ისტორიული   მნიშვნელობის დარგს, რომ  სამუდამო დავიწყებას  არ მიეცეს; შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, გამოიკვეთა, რომ ქართული დამწერლობა ჩვენი ისტორიულკულტურული  ღირებულებაა. ამან კიდევ უფრო გაზარდა   კალიგრაფიით  მოსწავლეთა დაინტერესება და გადაწყდა, სკოლის წიგნის კლუბში კალიგრაფი მოგვეწვია.

  • კალიგრაფი სკოლაში

უნიკალური ნამუშევრების ავტორის, კალიგრაფ მარიამ რაზმაზიშვილის სტუმრობამ  ნახატრის წიგნის კლუბში მოსწავლეთა საოცარი  ინტერესი და   ჩართულობა გამოიწვია. მარიამმა დაწვრილებით ისაუბრა კალიგრაფიის  ყველა მნიშვნელოვან  საკითხზე, კალიგრაფიის ისტორიაზე,  თუ როგორ იყენებდნენ ადრეულ ეტაპზე ჩვენი გადამწერები, სწავლულები მელანს და ფრინველის ფრთას საწერად, შემდგომ კალმის წვერს.

წიგნის კლუბში მარიამ რაზმაზიშვილი უნიკალური ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა, ყველა მოსწავლეს საშუალება ჰქონდა, ახლოდან გაცნობოდა კალიგრაფიის ძირითად მახასიათებლებს და ტექნიკებს –  მელნითა და საწერი კალმით წერის ტექნიკას. ბავშვებს საშუალება ჰქონდათ, თვითონაც დაეწერათ ცალკეული სიტყვები და ფრაზები  ამ ნივთების გამოყენებით

მარიამის მასტერკლასმა ლამაზად წერაში კლუბის წევრების  ისეთი საოცარი ემოციები გამოიწვია, რომ წიგნის მკითხველთა კლუბში დაიგეგმება სასკოლო კონკურსიც კალიგრაფიაში.

  1. კალიგრაფიის კონკურსი სკოლაში

კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობა მიიღო კლუბის ყველა წევრმა. მონაწილეები გაერთიანებული იყვნენ შიდა ჯგუფებში. ჯგუფის მონაწილეებს ევალებოდათ ფლირჩატებზე ჩამოეწერათ  წაკითხული წიგნიდან (მოცემულ შემთხვევავში – ,,პოლიანა”) მათთვის საინტერესო ფრაზები და გამონათქვამები. მოსწავლეებმა ძალიან გულდასმით შესრულებული ნაშრომები წარმოადგინეს, იგრძნობოდა მასტერკლასიდან მიღებული ცოდნა, ინტერესი და  მოტივაცია (იხ. სურათი).

წიგნის კლუბში მუშაობამ ხელი შეუწყო შემოქმედებითი და აკადემიური უნარების განვითარებას, მოსწავლეთა სოციალიზაციას, მეტი ხალისიანი ელფერი შესძინა სასწავლო პროცესს და  უჩვეულოდ გამოაცოცხლა სასკოლო ცხოვრება.

 

ინოვაციური მიდგომები სწავლების პროცესში

0

თანამედროვე განათლების სისტემა ორინტირებულია მოსწავლეზე, კრიტიკული აზროვნება კი ერთ-ერთი მთავარი მისაღწევი მიზანია, რომელიც განსაზღვრავს შეფასების, ანალიზის, განსჯისა და არგუმენტირების უნარ-ჩვევის გამომუშავებას. ამრიგად, განათლების მკვლევრები აქტიურად მუშაობენ დანერგონ ისეთი მეთოდები, რომლებიც მოსწავლის თვითგანვითარებაზე, ცოდნის პრაქტიკულ ტრანსფერზე იქნება ორიენტირებული.

წარმოდგენილი სტატიით გვსურს  განვსაზღვროთ რამდენიმე ინოვაციური მიდგომა, რომლებიც სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია და საჭირო, რათა მოსწავლის კოგნიტური უნარების განვითარებასთან ერთად, მისი პიროვნული ზრდა განაპირობოს, იგი  ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქედ აღზარდოს. აინშტაინის ცნობილი ციტატა: ,, განათლება არის ის, რაც რჩება ადამიანს, როცა ყველაფერი დაავიწყდება, რაც სკოლაში ასწავლეს.30 წლის შემდეგ თქვენ უეჭველად დაგავიწყდებათ ყველაფერი, რასაც სკოლაში გასწავლიდნენ.გემახსოვრებათ მხოლოდ ის, რაც სინამდვილეში თავად ისწავლე’’.

   თანამედროვე სასწავლო მოდელი სწორედ ისეთი გარემოს შექმნაზეა ორინტირებული, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება თავად შეძლოს სწავლა, მიაღწიოს მეტაკოგნიციის დონეს. სწორედ ამიტომ ცდილობენ განათლების მკვლევრები ინოვაციურ სასწავლო მეთოდებზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესი შემოგვთავაზონ.

ინოვაციური მიდგომები მრავალგვარია, ინტერაქტიური საგაკვეთილო პროცესი მოსწავლის აქტიურ ჩართულობას გულისხმობს, მასწავლებლის როლი მცირეა, იგი მხოლოდ თემის, საკითხის განსაზღვრავს იწყებს, თუმცა პრობლემის ძიებისა და მისი გადაჭრის პასუხისმგებლობა მოსწავლეს ეკისრება.

ინტერაქტიური სასწავლო მიდგომა აერთიანებს: დისკუსიას, დებატებს, პროექტზე მუშაობას, სიმულაციას, თამაშებს, სწავლას კეთებით, შებრუნებული საკლასო ოთახის პრინციპს, როლურ თამაშს. საგულისხმოა აქტივობების ტექნოლოგიებთან დაკავშირება საგაკვეილო პროცესის მოქნილად, საინტერესოდ და სახალისოდ წარსამართად.

ჯონ დიუ ამერიკელი ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი განსაზღვრავს, რომ ადამიანი სხვადასხვა სახის ინფორმაციას იმახსოვრებს მაშინ, როდესაც შეუძლია მიღებულის გარდაქმნა სხვადასხვაგვარად.,, სწავლა კეთებით’’ ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საკლასო აქტივობების, რომელიც მოსწავლის კოორდინირებულ მუშაობს განაპირობებს. დაწყებით კლასებში მოსწავლეები საბაზისო  სასწავლო უნარ-ჩვევებს ივითარებენ: წერის, კითხვის, ზეპირმეტყველების. ამრიგად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი სახალისოდ წარმიმართოს. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ამ მიმართულებით განვახორციელე იყო – ,,ჩემი ქალაქი’’, ტექსტზე დაყრდნობით(,,თომა ბავშვთა ქალაქს აშენებს’’) მიმოვიხილეთ ზღაპრის სიუჟეტური ხაზი, იმსჯელეს პერსონაჟთა ქმედებებზე და შემდგომ მიეცათ დავალება შეექმნათ თავიანთი ქალაქი, რომლსაც დაარქმევდნენ სახელს, ექნებოდათ წესები, უნდა განესაზღვრათ ვინ იცხოვრებდა ამ ქალაქში და როგორი ფერის, ფორმის იქნებოდა იგი. აქტივობამ დიდი მოწონება დაიმსახურა, თითოეული ჯგფის წევრი ჩაერთო პროცესში, გადაინაწილეს როლები და შექმნეს მაკეტი, დიორამა მათი ქალაქის. წარადგინეს პრეზენტაციის სახით, ბოლოს კი შეაჯამეს, წინასწარ მომზადებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემით გამოვლინდა რა იყო აქტივობის სირთულე, რა მოეწონათ ყველაზე მეტად და რამდენად სასიამოვნო, სახალისო აღმოჩნდა მათთვის. ამ პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებმა შეძლეს კოლაბორაციული მუშაობა, ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანდნენ, ტექსტის ტრანსფერი მოახერხეს, რაც მათთვის მოტივაციის მომცემი აღმოჩნდა. გამოიმუშავეს შემოქმედებითობის, წარდგენის, პრეზენტირების მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა.

თანამედროვე სასწავლო სივრცე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია, დღესდღეობით აქტუალურია შებრუნებული საკლასო ოთახის პრინციპი, რომელიც გულისხმობს მცირე ვიდეო-ლექციის ჩაწერას, მოსწავლე ისმენს ნებისმიერ, მისთვის სასურველ დროს მას და ამუშავებს საკითხს, მომდევნო დღეს კი კლასში მსჯელობენ  ვიდეო-ლექციის ირგვლივ. ამ მიმართულებით საინტერესო აღმოჩნდა დისკუსია წიგნიერების თემაზე. მას წინ უძღვოდა მცირე ვიდეო-ლექცია უმბერტო ეკოს წერილის ,,წიგნი თუ კომპიუტერი’’შესახებ, მოსწავლეებმა მოისმინეს იგი, შემდგომ კი დისკუსიის სახით განსაზღვრეს პრობლემა, იმსჯელეს წიგნიერების დონის დაცემის საკითხზე და მისი მოგვარების გზებზე.  მოსწავლეებმა გამოიმუშავეს მსჯელობის, მოსმენის, ანალიზის უნარ-ჩვევა.

ერთია უშუალოდ მასწავლებელმა შექმნას ვიდეო რესურსი მოსწავლისთვის, თუმცა მეტად მნიშვნელოვანია თავად მოსწავლე ჩაერთოს აპ პროცესში. დღესდღეობით ქართულის ენის გრამატიკის შესწავლა ნაკლებად პოპულარულია, რადგან სამწუხაროდ, აქცენტი კეთდებოდა წესების დაზუთხვაზე და არა პრაქტიკულ გამოყენებაზე. პროცესის სახალისოდ წარსამართად გადაწყვიტე უშუალოდ ისინი ჩამერთო გრამატიკის რესურსის შექმნაში. შესწავლილი საკითხების ირგვლივ ჩაწერეს ვიდეო-გაკვეთილები, რომლებშიც დეტალურად ხსნიან  სხვადასხვა გრამატიკული ასპექტის მნიშვნელობას, მოჰყავთ მაგალითები, აკეთებენ სქემებს, საუბრობენ მეტყველებაში დაშვებეულ შეცდომებზე, ვიდეოშივე აძლევენ დავალებას მათ ,,მოსწავლეებს’’. პროცესი აქტიურად წარიმართა, შეძლოს არა მხოლოდ ვიდეო-გაკვეთილის ჩაწერა, არამედ მისი დამონტაჟებაც. აღნიშნული მასალა აიტვირთა სკოლის ვებ-გვერდზე და სკოლის იუთუბ არხზე, რომლის გამოყენების საშუალება სხვა მოსწავლეებსაც აქვთ.

დღესდღეობით, აქტიურად საუბრობენ, რომ ადამიანი ყველაზე უკეთ მაშინ სწავლობს, როდესაც სხვას უხსნის საკითხს. ამ დროს ემატება თავდაჯერება, თვითრწმენა და ცოდნის სიღრმესაც ავლენს. არაფერს ვიტყვით შინაგანი მოტივაციის გაღვივებაზე, რის შემდეგაც მათ გრამატიკა საინტერესო და სახალისო შესასწავლ მასალად ევლინებათ და არა პირიქით. ჯონსონის მიხედვით კოლაბორაციული სასწავლო მოდელის მთავარი პრინციპია ასწავლოს სხვას, გაუზიარო შენი ცოდნა და გამოცდილება მარტივად და გასაგებად.

ინფორმაციის აკუმულირება, მისი დამუშავება და საერთო მიზნამდე მისვლა რთული პროცესია, თანამშრომლობითი სასწავლო მოდელის განხორციელებისას კი აღნიშნული მარტივდება,  კოლაბორაციული სასწავლო პრინციპის ერთ-ერთი მახასიათებელია სეგმენტური მეთოდის დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში. ჯგუფებად დანაწილებული მოსწავლეები მუშაობენ ერთობლივად, ფორმატი იყოფა იმდენ ნაწილად რამდენი ჯგუფის წევრიცაა გაერთიანებული, ხოლო საერთო ველში იწერება შეთანხმებული, წარსადგენი ვერსია. აღნიშნულის გამოყენებით სახალისო აღმოჩნდა პროექტი-,,გაუკეთე სკოლას რეკლამა’’, რომლის დროსაცმოსწავლეებმა ოთხ სეგმენტად გაანწილეს ფორმატი, თითოეულ მათგანში ჩაიწერა მათი სლოგანის ვერსიები, მსჯელობის შემდგე კი შეარჩიეს საერთო, რომელიც დამუშავდა და ლოგოსთან ერთად რეკლამად ტრანსფორმირდა. აღნიშნული საშუალება დაეხმარა მათ მეტად ორგანიზებულები ყოფილიყვნენ, ჩამოეყალიბებინათ საკუთარი აზრი და მისულიყვნენ კონსესუსამდე, რაც ცხადია თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი საგულისხმო კომპონენტია.

მრავალგვარია ინოვაციური მეთოდები თანამედროვე სასწავლო სივრცეში, მასწავლებლებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლე მაშინ აღწევს დასახულ მიზანს, როდესაც უშუალოდ ის მონაწილეობს აქტივობის განხროციელებაში, უშუალოდ იგი ქმნის პროდუქტს, ჩვენ კი მხოლოდ დამკვირვებლის, ფასილიტატორის როლი გვენიჭება, რომელმაც პროცესი უნდა წარმართოს ირიბად, მოსწავლეებს აუმაღლოს მოტივაცია და გააბედნიეროს ისინი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. თანამშრომლობითი სწავლა-სწავლება- https://srri.umass.edu/topics/collaborative-group-techniques/
  2. თანამშრომლობითი სწავლება- https://mastsavlebeli.ge/?p=2342
  3. Collaborative learning- https://educationendowmentfoundation.org.uk/education-evidence/teaching-learning-toolkit/collaborative-learning-approaches#:~:text=A%20collaborative%20(or%20cooperative)%20learning,together%20on%20a%20shared%20task.
  4. სასწავლო ტექნიკები: https://futureeducationmagazine.com/21st-century-teaching-methods/
  5. როგორ განვახორციელოთ სასწავლო მეთოდები: https://piogroup.net/blog/20-innovative-teaching-methods-with-examples-how-to-implement-in-education-process
  6. სასწავლო მეთოდები: https://www.splashlearn.com/blog/teaching-methods/

 

სამოქალაქო-პატრიოტული აღზრდა მუსიკის გაკვეთილებზე

0

განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია სამოქალაქო და პატრიოტული განათლების მოდერნიზაცია და განვითარება. სკოლის მოსწავლეების პიროვნების ჩამოყალიბებისას აუცილებელია სამოქალაქო, სამართლებრივი, კულტურის შერწყმა. რაშიც თანამედროვე სკოლამ  თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. სკოლა ვერ დარჩება გულგრილი მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების მიმართ, რომლის გარეშეც შეუძლებელია სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბება. სამოქალაქო ცნობიერების განვითარების პრობლემის აქტუალურობას განსაზღვრავს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნილება, ჩამოაყალიბონ მოქალაქე, რომელსაც უნდა ჰქონდეს გარკვეული ცოდნა (ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფოს შესახებ) და კრიტიკული აზროვნების უნარი.

საზოგადოება მოითხოვს, რომ განათლების სისტემა იყოს ორიენტირებული ახალგაზრდა თაობის განვითარებაზე, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის მომავალს, მაღალი მორალური, ფსიქოლოგიური და ეთიკური თვისებებით, მათ შორისაა პატრიოტიზმი, სამოქალაქო მოვალეობა.

პატრიოტული განათლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თითოეული ადამიანის პიროვნების განვითარებაში. დღეს ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა – სამოქალაქო ფასეულობების ჩამოყალიბება, პატრიოტიზმი, რომელიც გამოიხატება სამშობლოს სიყვარულის გრძნობაში და მის ბედზე პასუხისმგებლობაში, საკუთარი ქვეყნის ისტორიის, მისი კულტურის პატივისცემაში.

მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობების აღზრდა რთული და ხანგრძლივი პროცესია. მისი პატრიოტული თვისებების ჩამოყალიბება და განვითარება, აქტიური სამოქალაქო პოზიციისა და საქმიანობისთვის მზადყოფნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას ჩადებს მასწავლებელი მოსწავლის სულში.

პატრიოტული განათლების ფარგლებში წყდება შემდეგი ამოცანები:

  • ქვეყნისა და მშობლიური მიწის ისტორიის შესახებ ცოდნის გაფართოება;
  • სხვადასხვა ეროვნებისა და მათი ადათ-წესებისადმი პატივისცემის ხელშეწყობა;
  • მშობლიური მიწის ბუნებისადმი სულიერი და მორალური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და მისი კუთვნილების განცდა;
  • ახალგაზრდა თაობის აქტიური ცხოვრებისეული პოზიციის ჩამოყალიბება.

ახალგაზრდა თაობის აღზრდა-განვითარება ყოველთვის ითვლებოდა საზოგადოების აქტუალურ პრობლემად. ის მასწავლებლებს ავალებს ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების აღზრდას, რისი მიღწევაც შესაძლებელია მუსიკის გაკვეთილებზე. მუსიკალური ხელოვნება ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი პიროვნული განვითარების პროცესში. ამასთან, პიროვნების ჩამოყალიბება შეუძლებელია განვითარებული სამოქალაქო-პატრიოტული განათლების გარეშე. მუსიკა აყალიბებს ადამიანის ემოციურ სფეროს, მაგრამ რაც მთავარია, აუმჯობესებს მის პიროვნებას.  მუსიკის გაკვეთილებზე პიროვნების ჩამოყალიბების მთავარი პირობაა სამოქალაქო-პატრიოტული განათლება სკოლის მოსწავლეების ემოციური და სენსორული განათლების გზით. მუსიკალური ნაწარმოებების გავლენა მოსწავლის გრძნობებზე და გამოცდილებაზე, რომელიც წარმოიქმნება მუსიკის გაკვეთილზე კონკრეტული აქტივობების დროს და მოსწავლის დამოკიდებულება მათ მიმართ, საფუძველია ისეთი თვისებების შეძენისა, როგორიცაა:

  • მორალი;
  • პატიოსნება;
  • სამართლიანობა;
  • მთლიანობა;
  • სინდისი;
  • პასუხისმგებლობა;
  • უფროსების პატივისცემა;
  • ემპათია;
  • სიკეთე.

ეს თვისებები ხელს უწყობს ინდივიდის უნარის გამოვლენას, უყვარდეს  სამშობლო,   მშობლიური მიწა; ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს ადამიანის შინაგანი სამყაროს შემდგომ განვითარებას, რომელიც  მომავალში სასარგებლო გავლენას მოახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე.

მუსიკა არის ხელოვნების ის სახეობა, რომელიც ყველაზე გასაგებია ბავშვებისთვის, ამიტომ სწორედ მუსიკაში არის დიდი პოტენციური შესაძლებლობები მოსწავლეთა პატრიოტული აღზრდისა და განვითარებისთვის.

ჩემი, როგორც მასწავლებლის, მთავარი ამოცანაა გავუღვივო მოსწავლეებს  მუსიკისადმი ღრმა ინტერესი, გავამდიდრო ბავშვები ცოდნით როგორც  სამშობლოს, ასევე  ქართული მუსიკალური კულტურის შესახებ.

როგორც მუსიკის მასწავლებელი, მუსიკის  და სკოლის გუნდის  გაკვეთილებზე დიდ ყურადღებას ვაქცევ პატრიოტული სიმღერების რეპერტუარს. ეს არის სიმღერები სამშობლოს შესახებ, საქართველოს მიწის შესახებ, მშობლიური მიწის ბუნებაზე, მშობლების, ბებია-ბაბუის სიყვარულის შესახებ, მეგობრების შესახებ, ქართველი ჯარისკაცის ღვაწლის შესახებ. მაგალითად, ბავშვებს ძალიან მოსწონთ რევაზ ლაღიძის სიმღერა ,,ყური უგდე საქართველოს“, ,,ჰერიო ბიჭებო“, ,, ჩემო კარგო ქვეყანავ“,‘  თამარ გვერწითელის ,,საქართველო“ ; ზურაბ მჟავიას ,,ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო“, ,,ხმალი ავლესოთ ქართველები“,; მაცაცო სებისკვერაძის ,,კიდევაც დაიზრდებიან“, ,,საყვარელო მამულო“;  გოგი ცაბაძის ‘’ ჩემი საქართველო აქ არის“; ვატო კახიძის ,,ანო და ვანო“;  ,,ლალე“,.”ლაშქრული”.

ვიდრე  ამ ნაწარმოებს გავაცნობ მოსწავლეებს , ვესაუბრები და  ვთხოვ   გულწრფელად ისაუბრონ ქართველი ჯარისაცების დიდი ღვაწლის მნიშვნელობაზე. როდესაც ვსწავლობთ სიმღერებს დედებზე, მამებზე და ბებიებზე, მე ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ მათ დადებით დამოკიდებულებას.   ბავშვები მღერიან ამ სიმღერებს სიამოვნებით , სულისკვეთებით და ხვდებიან, რომ ისინი ჟღერს მათი საყვარელი ადამიანებისთვის. ეს სიმღერები იწვევს მოსწავლეებში  თბილ ღიმილს და ზოგჯერ ცრემლებსაც კი. სიმღერების შესწავლის შემდეგ ბავშვები მათ საკლასო დღესასწაულებზე წარადგენენ მშობლებისთვის, ბებია-ბაბუისთვის, ასევე სხვა ნათესავებისა და მეგობრებისთვის. ასეთი აქტივობა აერთიანებს ოჯახებს. ვეხმარებით მოსწავლეს იამაყოს თავისი ოჯახით, ქალაქით, სამშობლოთ. ვთხოვ დახატონ  მშობლიური კუთხის სურათი, რომლის წარდგენისას ვთხოვ შეასრულოს კუთხური სიმღერის ფრაგმენტი .

მუსიკის გაკვეთილის მიზანია მოსწავლის მუსიკალური კულტურის საფუძვლების ჩაყრა, როგორც მისი სულიერი და მორალური კულტურის ნაწილი, რაც გულისხმობს მოსწავლეთა პიროვნული, შემეცნებითი, კომუნიკაციური და სოციალური განვითარების ერთიანობას, მათში ხელოვნებისა და ცხოვრებისადმი ემოციური და ღირებულებითი დამოკიდებულების ჩანერგვას. მუსიკის გაკვეთილებზე ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მუსიკის მნიშვნელობა დიდია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ღირებულებითი თვისებების აღზრდაში.

დაწყებითი სკოლის ასაკი, გონებრივი და ემოციური რეაქციების უშუალობიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანია პატრიოტული გრძნობების ჩამოყალიბებისთვის. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ძალიან ემოციურები არიან, მათ არ იციან როგორ შეიკავონ თავიანთი გრძნობები, აკონტროლონ თავიანთი გარეგანი გამოვლინება, ისინი სპონტანურად გამოხატავენ სიხარულს ან მწუხარებას, სევდას, უკმაყოფილებას.

უნებლიე ყურადღება ამ ასაკში ბევრად უკეთ არის განვითარებული. ყველაფერი ახალი, მოულოდნელი, საინტერესო ბუნებრივად იპყრობს მოსწავლეების ყურადღებას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. მეხსიერებაში უკეთ და სწრაფად ინახავენ კონკრეტულ მოვლენებს, პიროვნებებს, საგნებს, ვიდრე აღწერილობები და განმარტებები.

პატრიოტული თვისებების აღზრდისთვის აუცილებელია შედარების ტექნიკის გამოყენება მუსიკის მოსმენისა და აღქმისას, ნახატების, ლიტერატურული ნაწარმოებების შესწავლისას შეაფასონ ნაწარმოები  და გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება მათ მიმართ. კითხვების დასმა, რომელიც მიზნად ისახავს იმის გარკვევას, თუ რა გაიგეს მოსწავლეებმა კონკრეტულ ნაწარმოებში, რომელი მუსიკალური აზრი ამძაფრებს მათ აღქმას და ხელს უწყობს ღირებულებითი განსჯის გაკეთებას.

მუსიკის გაკვეთილებზე პატრიოტული განათლების  განვითარებისას  მნიშვნელოვანია:

  • მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ნიმუშების გაცნობა და შესწავლა: ფოლკლორი

(სხვადასხვა ხალხის მუსიკა),  კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოებები;

  • ხალხური მუსიკის, საქართველოს ისტორიის, ქართული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გაცნობა;
  • საქართველოს ისტორიის გაცნობა, ისტორიული მემკვიდრეობა;
  • ფოლკლორული ჟანრების შესწავლა.

პატრიოტიზმის აღზრდაში დიდი მნიშვნელობა აქვს სამშობლოს ისტორიისა და მისი ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობას. მოსწავლლეები სწავლობენ ისტორიულ და საბრძოლო სიმღერებს, უსმენენ ლეგენდებს, ეპოსებს და ისტორიებს სამშობლოს დიდებული შვილებისა და გმირების შესახებ. ისინი ეცნობიან კლასიკოს კომპოზიტორების შემოქმედებას, რომლებიც ასახავს მშობლიური ქვეყნის სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებს.

მუსიკალური ფოლკლორი წარმოდგენილია როგორც ხელოვნების ფორმა, რომელიც მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ცხოვრებასთან, ყოველდღიურობასთან და ხალხურ ტრადიციებთან.  სიმღერისა და ინსტრუმენტული ხალხური მუსიკის ჟანრები, მჭიდრო კავშირში ისტორიასთან, ბუნებასთან და ქართველი  ხალხის ცხოვრებასთან. გაკვეთილებზე მთავარია ბავშვებში ხალხური, მშობლიური მუსიკისა და მუსიკალური აქტივობებისადმი ინტერესის გაღვივება. განავითარონ  არსებული ცხოვრებისეული მუსიკალური გამოცდილება, გაეცნონ ხალხურ ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, დღესასწაულებს. მოსწავლეები ისმენენ და ასრულებეს ხალხურ სიმღერა ,,შავლეგოს“.

მუსიკის გაკვეთილებზე პატრიოტული თვისებების განვითარებასა და განათლებაზე ყველა აქტივობა დადებით შედეგს იძლევა:

  • ბავშვები ინტერესით აღიქვამენ საგაკვეთილო მასალას;
  • მოსწავლეებს უვითარდებათ ინტერესი ხალხური მუსიკისა და ქართველი ხალხის ისტორიის მიმართ, სიამაყის გრძნობა სამშობლოს მიმართ ,  პატივისცემით არიან განწყობილი იმ რეგიონის მკვიდრი მოსახლეობის მიმართ, სადაც ისინი დაიბადნენ.

მოსწავლეები ისმენენ  კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. მაგალითად , ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ,,დაისიდან“ კიაზოს  არიას , სადაც კიაზო მოუწოდებს ხალხს ებრძოლონ შემოსეულ მტერს , რომლის მუსიკა საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო  ჰიმნს. ზაქარია ფალიაშვილის მუსიკაზე შექმნა იოსებ კეჭაყმაძემ ჰიმნი, ტესქტი კი ეკუთვნის დავით მაღრაძეს.

დაწყებითი საფეხურის  მოსწავლეებს ვუხსნი, რომ საქართველოს სახელმწოფო ჰიმნის გაჟღერებისას ფეხზე დგება და უსმენს მას არა მხოლოდ ის, ვინც ასრულებს მას, არამედ ყველა, ვინც მის შესრულებას ესწრება.

მოსწავლეებს ვუხსნი, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი სახელმწიფო სიმბოლოები: გერბი, დროშა და ჰიმნი. გერბი არის სახელმწიფოს ოფიციალური ემბლემა. ჰიმნი ჩვენი სამშობლოს მთავარი სიმღერაა. ჰიმნი არის მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც მიღებულია როგორც ერთიანობის სიმბოლო. ჰიმნს შეუძლია გააერთიანოს ხალხის დიდი რაოდენობა და შთააგონოს ისინი. უნდა  გავიაზროთ ჰიმნის ტექსტის მნიშვნელობა, რომელიც არის  კონკრეტული და ზუსტი,  მარტივი და ყველასთვის გასაგები.

ჰიმნის შესწავლის მიზანი:

  • მოსწავლეებში პატრიოტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება სახელმწიფო მუსიკალური სიმბოლოების მიმართ, სიმღერები სამშობლოზე, სამშობლოს სიყვარული.
  • მოსწავლეებს განუვითარდებათ წარმოსახვითი აღქმა, დამოუკიდებელი აზროვნება, მუსიკალური ნაწარმოების ანალიზის უნარი, რიტმის გრძნობა, მუსიკალური მეხსიერება.
  • სამოქალაქო და პატრიოტიზმის გრძნობების აღზრდა სახელმწიფოს სიმბოლოების ცოდნით;

სამოქალაქო-პატრიოტული განათლების შინაარსი ეფუძნება აღმზრდელობითი მუშაობის შესაბამის ფორმებს:

  • ქალაქის მუზეუმების მონახულება;
  • საკუთარი ოჯახის ისტორიისა და ტრადიციების შესწავლა;
  • ხალხური ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების, საკუთარი სკოლის ისტორიის შესწავლა;
  • საქართველოს და სხვა ქვეყნების მუსიკისა და კულტურის შესწავლა;
  • სკოლის კლუბური მუშაობა;
  • სკოლის მასშტაბით ღონისძიებების გამართვა;
  • ომის მებრძოლებთან შეხვედრების გამართვა;
  • პროექტული მუშაობა;
  • კონცერტები, ღონისძიებები და ღია გაკვეთილები;
  • კონკურსები;

კლუბური მუშაობის თვალსაზრისით, სკოლაში დაარსებულია  ბავშვთა ვოკალური გუნდი ,,პატარა ვირტუოზები“.  მეგობრობის, პასუხისმგებლობის, კომუნიკაციის განვითარებასთან დაკავშირებული მრავალი ამოცანა – ის თვისებები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ადამიანისთვის, შეიძლება გადაწყდეს საგუნდო სიმღერის შესწავლის გზით. მუსიკალური რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია და მუდმივად განახლებადია. მასში შედის როგორც ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორების , ასევე  თანამედროვე კომპოზიტორების პატრიოტული სიმღერები. საკონცერტო აქტივობა უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც  ამდიდრებს მათ მსოფლმხედველობას, ხელს უწყობს ერთმანეთის პატივისცემას, სამშობლოს სიყვარულს .

ბავშვთა ვოკლაური გუნდის კონცერტებზე  საჯარო გამოსვლა  იწვევს ბავშვებში განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც განისაზღვრება ემოციური აღფრთოვანებითა და მღელვარებით. ბავშვები ნამდვილ სიხარულს განიცდიან თავიანთი ქვეყნის ისტორიასთან შეხებით და მის ტრადიციებში ჩართულობით.

ამრიგად, სამოქალაქო-პატრიოტული განათლების პრობლემა მუსიკის გაკვეთილებზე და კლასგარეშე აქტივობებში დღეს ძალზე აქტუალურია და აქვს მნიშვნელოვანი წინაპირობები მუსიკალური კულტურის, როგორც სკოლის მოსწავლეთა სულიერი კულტურის განუყოფელი ნაწილის ჩამოყალიბებისთვის, რაც მასობრივი მუსიკალური განათლების ზოგადი მიზანია.

საკუთარი ქვეყნის,  ეროვნული ტრადიციების, ისტორიისა და მდიდარი კულტურის პატივისცემა შეუძლებელია ჭეშმარიტი მოქალაქის და ღირსეული ადამიანის აღზრდა საკუთარი წარმომავლობისადმი, პატივისცემის გარეშე. ჩვენ გავიზარდეთ და ვისწავლეთ ჩვენი ქვეყნის სიყვარული და მასში მცხოვრები ხალხების ტრადიციებისა და ეროვნული მახასიათებლების პატივისცემა, ამიტომ მოსწავლეების პატრიოტული აღზრდა უნდა გახდეს გამაერთიანებელი ძალა, რომელსაც შეუძლია აღზარდოს ნამდვილი პატრიოტთა თაობა, რომელსაც უყვარს სამშობლო.

სამოქალაქო-პატრიოტულმა განათლებას უკავია ცენტრალური ადგილი საგანმანათლებლო სისტემაში.  მუშაობის ფორმებისა და მეთოდების მრავალფეროვნების წყალობით, ჩვენ – მასწავლებლებს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა გავლენა მოვახდინოთ მომავალი მოქალაქეების, საქართველოს პატრიოტების ჩამოყალიბებაზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ზაქრო ქიტიაშვილი. პატრიოტიზმი პირველ კლასში – „შენ სისხლო ჩემო …“ https://mastsavlebeli.ge/?p=13813
  2. ელიზბარ ელიზბარაშვილი. პატრიოტიზმი და პროფესიული ეთიკა https://mastsavlebeli.ge/?p=2913
  3. ინა იმედაშვილი. როგორ ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული https://mastsavlebeli.ge/?p=33075
  4. https://freeuni.edu.ge/ge/news/ra-aris-patriotizmi/
  5. Smith, Anthony D. National Identity. University of Nevada press,  1991.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...