სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ემოციური ინტელექტი / სავარჯიშოები

რა არის მნიშვნელოვანი ემოციური ინტელექტის განვითარებისთვის?

 

  1. შეიცან თავი შენი – ამოიცანი და მართე შენი ემოციები;
  2. განსაზღვრე შენი მოტივები;
  3. იყავი ემპათიური კომუნიკაციაში;
  4. კომუნიკაციის პროცესში გაიაზრე თანამოსაუბრის პოზიცია და საჭიროებები.

იმის ცოდნა, თუ რა სურთ შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, დაგეხმარება გახდე წარმატებული!

 

  1. შეიცან თავი შენი

 

სავარჯიშო: იმის გასარკვევად, თუ რამდენად გესმით თქვენი გრძნობები, უპასუხეთ 3 კითხვას.

  • რა ემოციას ვგრძნობ ახლა?
  • რამდენად სასარგებლოა ეს ემოცია ჩემთვის ახლა?
  • რამდენად ხშირად განვიცდი ამ ემოციას დღის განმავლობაში?

აღწერეთ მხოლოდ ის ემოციები, რომლებიც აღმოაჩინეთ  ამ კითხვების წაკითხვისას. ეს სავარჯიშო ხელს შეუწყობს თვითანალიზის პროცესის დაწყებას. გააკეთეთ რეგულარულად სხვადასხვა სიტუაციაში და დროთა განმავლობაში მიეჩვევით სწრაფად ამოიცნოთ და გააცნობიეროთ თქვენი ემოციები და გრძნობები.

  1. მართე შენი ემოციები

 

ზოგჯერ ჩვენი ემოციები მოუთვინიერებელ ულაყს ან ცირკიდან გამოქცეულ ცხოველს ემსგავსება: ის უკონტროლო ხდება და  ამიტომ შეუძლია სხვების შეშინება და დაზიანება. როგორ ვისწავლოთ ჩვენი რეაქციების მართვა?

 

საამისოდ არსებობს მრავალი ტექნიკა, მაგალითად,  ემოციების მართვა „სხეულის მეშვეობით“. ეს არის ძალიან საინტერესო და, რაც მთავარია, პრაქტიკული მიდგომა ნებისმიერ პირობებში. ადამიანის სხეული და გონება ერთი და იგივე სისტემის ნაწილია, ამიტომ ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა ურთიერთდაკავშირებულია.

 

სავარჯიშო

 

  1. დაწიეთ თავი, მხრებში მოეშვით და იატაკს დახედეთ და სევდიანი ხმით წარმოთქვით: „მე წარმატებული ადამიანი ვარ, ყოველთვის ყველაფერი გამომდის…“

 

  1. შემდეგ ასწიეთ ხელები მაღლა, შეხედეთ ცას, გაასწორეთ ხერხემალი და თავდაჯერებული და ბედნიერი ხმით წარმოთქვით: „მე წარუმატებელი ვარ, არასდროს არაფერი გამომდის, ყველაფერი საშინლადაა…“

ახლა დაუკვირდით:

როგორ გრძნობდით თავს (რას გრძნობდა თქვენი სხეული) პირველ და მეორე შემთხვევაში?

როგორც აღმოჩნდა, ტვინს ჩვენი სიტყვები არ ესმის! მაგრამ სახის გამომეტყველება, ჟესტები და ხმის ტემბრი აგზავნის სიგნალებს ტვინის ქერქში (უძველეს ლიმბურ სისტემაში) და ჩვენ ვიწყებთ იმის შეგრძნებას, რასაც სხეული  გადასცემს.

ახლა, როცა იგრძენით განსხვავება სიტყვებსა და სხეულის მიერ გაგზავნილ სიგნალებს შორის, მიიღეთ სხეულის ის პოზა, რომელიც თქვენთვის სასურველ მდგომარეობას შეეფერება. მაგალითად, მიიღეთ „ლიდერის პოზა“ დღეში მინიმუმ ორი წუთი ორი კვირის განმავლობაში. მესამე კვირაში ნახავთ, როგორ შეიცვალა სამყარო თქვენ გარშემო!

აქვე გაიხსენეთ, ბებიების სიბრძნე: „მხრებში გასწორდი და ისე იარე!“ – სხეულის ეს მდგომარეობა ლაღი, თავისუფალი, წარმატებული ადამიანის სხეულის ენაა! დაასწავლეთ თქვენს არაცნობიერს სხეულის ემოციით სასურველი მდგომარეობა!

 

  1. რა არის მოტივაცია?

 

ემოციური ინტელექტის მამოძრავებელი,  „გული“,  ჩვენივე მოტივაციაა. წესი მარტივია: თუ შენ თავად არ იცი რა გინდა, ვერც სხვას გაუჩენ მოტივაციას. მოტივირებული ადამიანის სიტყვა სრულიად განსხვავებულია დემოტივირებული ადამიანის სიტყვისგან, იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ერთსა და იმავე ინფორმაციას გადასცემენ მსმენელს.

 

მოტივაცია არის შიდა ძრავა, რომელიც გაიძულებს წინ წახვიდე და დატოვო კომფორტის ზონა. მოტივაცია გაიძულებს შენი ეკალ-ბარდები მსუბუქად გაიარო და არად ჩააგდო დასისხლიანებული ფეხები.

შეუძლებელია ადამიანის გარედან მოტივირება.  თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მხოლოდ პირობები, რომელშიც მოტივაციის ძრავა ამუშავდება.

იმისათვის, რომ გაიგოთ თქვენი შინაგანი მოტივები – რა გამოძრავებთ და რატომ, – ღრმა შინაგანი სამუშაო უნდა ჩაატაროთ. მოდი გამოვიკვლიოთ, ამ სავარჯიშოს საშუალებით ჩვენი ღრმა და დაფარული მოტივები.

 

სავარჯიშო

 

როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი მოტივები?

დაუსვით საკუთარ თავს კითხვა “რატომ?”  თანამიმდევრობით,  5-ჯერ და შენ თვითონ უპასუხე.

მაგალითად:

“- რატომ მივდივარ სამსახურში?”

– იმიტომ რომ ეს ჩემი განვითარებაა.

“- რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი განვითარება?”

– რათა საკუთარი თავს დავუმტკიცო…

“-რატომ მჭირდება, რომ საკუთარი თავს დავუმტკიცო…?”

-რადგან  ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო ღირსეული…

„- რატომ არის ჩემთვის ვიყო ღირსეული…?“

– მაშინ მე შევძლებ საკუთარ თავს მივცე უფლება…

„-რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ საკუთარ თავს მივცე რაღაცის უფლება…?

– რათა ვიგრძნო თავი თავისუფლად და ვაკეთო ის, რაც მიყვარს.

 

ეს მარტივი 5 კითხვა და მასზე გულწრფელი პასუხი საშუალებას მოგცემთ, გაარკვიოთ თქვენი მოქმედების ღრმა მოტივები.

 

სხვათა შორის, არის კიდევ ერთი მაგიური კითხვა, რომელიც ბევრ რამეს ახსნის. ჰკითხეთ საკუთარ თავს:

“რას გავაკეთებდი სიამოვნებით თუნდაც ფულის გარეშე?”

 

  1. ემპათიის განვითარება

 

ემპათია არის სხვისი ემოციების გაგებისა და სწორად შეფასების უნარი. ცხოვრებაში ყველას გამოუცდია თანაგრძნობა ან განუცდია მისი ნაკლებობა.

ყოფილხართ ასეთ სიტუაციაში?

  • როცა გეჩვენებათ, შენ და შენი თანამოსაუბრე საუბრობთ სხვადასხვა ენაზე;
  • როცა ვინმე განზრახ (ან გაუცნობიერებლად) ახდენს თქვენი ან ჯგუფის დემოტივაციას;
  • განგიცდიათ „მარტოობა ბრბოში“, როცა გარშემო ყველა ერთობა?
  • როცა თქვენ არ შეგიძლიათ გაუგოთ თქვენს საყვარელ ადამიანს და ვერ პოულობთ სიტყვებს თქვენი აზრების გადმოსაცემად.

არსებობს ემპათიის 3 დონე:

 

  • სხვა ადამიანის თვალსაზრისის გაგება;
  • თანამოსაუბრის მიერ განცდილი ემოციის განსაზღვრა;
  • პასუხის შერჩევა, რომელიც შეესაბამება მოცემულ კონტექსტს.

სავარჯიშო

როგორ შეიძლება ემპათიის განვითარება?

ამ ვარჯიშისთვის დაგჭირდებათ პარტნიორი. ეს შეიძლება იყოს ნათესავი, მეგობარი, კოლეგა ან უბრალოდ ადამიანი, რომელიც მზად არის დაგეხმაროთ და დაგითმოთ გარკვეული დრო.

აირჩიეთ კომფორტული ადგილი და მშვიდი გარემო. იფიქრეთ თქვენი საუბრის თემაზე.

საუბრის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ  შეეცადეთ თავი იგრძნოთ თანამოსაუბრის ადგილას. შეიგრძენი ყველაფერი, რაც შეიძლება ახლა აწუხებდეს მას, როგორ ემოციურ იმპულსებს განიცდის… დაიმახსოვრეთ ყველა ემოცია და შეგრძნება.

 

10 წუთის შემდეგ გონებრივად გადადით დამკვირვებლის პოზიციაზე. ამის გაკეთება უფრო ადვილი იქნება, თუ წარმოიდგენთ, რომ საუბარს უყურებთ ოთახის ზედა კუთხიდან (თან აგრძელებთ საუბარს) დააკვირდით, როგორ შეიცვლება თქვენი რეაქციები სიტყვებზე, რამდენად ყურადღებით მოუსმენთ თანამოსაუბრეს. დამკვირვებლის ჩართვა ამძაფრებს აღქმას: თუ მანამდე უხარისხო ფილმად გეჩვენებოდათ დიალოგი, ახლა გაჩნდება ნათელი ფერები, ფოკუსი და განსხვავებული დეტალები გამოიკვეთება.

გაიმეორეთ ეს ვარჯიში კვირაში ერთხელ მაინც. ამით ვითარდება ემპათიის უნარი!

ემპათიის ნიმუში (ნამდვილი ამბავი): ერთ ოლიმპიადაში 9 ინვალიდი მონაწილეობდა. პროგრამა ითვალისწინებდა 100 მეტრზე რბოლას. გაისმა გასროლა და რბოლა დაიწყო. მესამედი რომ გაირბინეს, ერთ-ერთი მონაწილე წაიქცა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. ბიჭმა ტირილი დაიწყო. ტირილის გაგონებაზე 8 მონაწილე გაჩერდა და ყველა უკან დაბრუნდა. დაუნის სინდრომის მქონე გოგონა ბიჭს მიუახლოვდა, ჩაეხუტა და ჰკითხა:  “ახლა თავს უკეთ გრძნობ?”

შემდეგ ყველანი ფინიშისკენ მხარდამხარ, ერთად გაემართნენ…. მაყურებლებმა ისინი მხურვალე ოვაციით დააჯილდოვეს. ოლიმპიადას 9 გამარჯვებული ჰყავდა.

 

  1. სოციალური უნარები: ეფექტური კომუნიკაცია

 

ნებისმიერი კომუნიკაცია – ეს არ არის ის, რისი თქმაც გსურთ, არამედ, როგორი რეაქცია გინდათ, რომ გამოიწვიოთ.

წარმატებული კომუნიკაციის ძირითადი წესებიც მარტივია:

  • დააინტერესეთ აუდიტორია და მოიპოვეთ ნდობა კონტაქტის პირველ ეტაპზე;
  • დაასაბუთეთ თქვენი თეზისები (სტატისტიკური მონაცემებით, თანამოსაუბრისთვის აუცილებელი სანდო ინფორმაციით);
  • გაიგეთ, რა სურს თქვენს თანამოსაუბრეს და შესთავაზეთ მისთვის მომგებიანი გადაწყვეტილებები;

 

სავარჯიშო

დავუშვათ, რომ ხვალ თქვენ უნდა წარადგინოთ საკუთარი თავი ძალიან მნიშვნელოვან ფორუმზე. თქვენ გაქვთ ზუსტად 30 წამი გამოსვლისთვის. მოემზადეთ პრეზენტაციისთვის:

წარმოიდგინეთ დარბაზი, სადაც გაიმართება თქვენი პრეზენტაცია  და ხალხი, ვინც დაესწრება.

შეიგრძენით მათი ემოციები, გაიგეთ რა სურთ მათ;

იგრძენით თავდაჯერება;

წარმოთქვით თქვენი პრეზენტაციის არსი ერთი წინადადებით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“