სურათზე გამოსახული ხილის ბაღის აღწერა
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, პირველ კლასში, წინასაანბანო პერიოდს 10 – 12 კვირა ეთმობა.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მოსწავლეებისთვის მეტყველების, მოსმენის, გააზრების უნარების ჩამოყალიბება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება და მათი შემზადება საანბანო პერიოდისთვის. არსებითად, სწავლების პირველი დღეებიდანვე, ვიწყებთ მოსმენის, მეტყველების, ფონემური, ფონოლოგიური და მოტორული უნარების განვითარებას.
გთავაზობთ წინასაანბანო პერიოდისთვის შექმნილი სახალისო დავალების შესრულების სარეკომენდაციო სცენარს, დეტალიზებულ დანართს, საჭირო რესურსებითა და აქტივობებით.
სახელმძღვანელო – „მშობლიური ენის კვალზე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა – ავტორები – ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თანაავტორი – ლელა მანგოშვილი, მხატვარი – ნინო ჩაკვეტაძე)
სახელმძღვანელო ეფუძნება სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდიკას და იმავდროულად – მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად დებულებებს და კონსტრუქტივისტული მიდგომის პრინციპებს.
I თემა – „ჩვენ და ბუნება“, ქვეთემა – „ერთად ხილის ბაღში“
გრძელვადიანი მიზანი – სამიზნე ცნება – სიტყვა, წინადადება, ტექსტი (სიტყვიდან ტექსტამდე)
ქვესაკითხები: აღწერის შემადგენელი ნაწილები/ელემენტები: ადგილის აღმნიშვნელი სიტყვები − მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან, ზევით ქვევით, შუაში; ნიშან–თვისებების აღმნიშვნელი სიტყვები − ფერი, ზომა, ფორმა
დავალება − სურათზე გამოსახული ხილის ბაღის აღწერა.
ისე აღწერე ხილის ბაღი, რომ მსმენელმა წარმოიდგინოს, როგორია ის.
შეფასების კრიტერიუმები
აღწერისას ისაუბრე:
- სურათის რომელ ნაწილში რა არის გამოსახული (მაგ: ბაღის შუაში, ვაშლის ხის წინ, მარჯვნივ, მარცხნივ); როგორია (რა ფორმის, რა ზომის, რა ფერის). (ს.1, 2, 3);
- ვინ არიან სურათზე გამოსახული, როგორები არიან, რატომ არიან ერთად, თითოეული სად არის და რას აკეთებს, რა აცვიათ, ჰყავთ თუ არა შინაური ცხოველები (ს.1. 2. 3).
შენიშვნა 1. დავალების პირობაში, შეფასების კრიტერიუმებთან, ფრჩხილებში, შემოკლებით არის მითითებული სამიზნე ცნება: „სიტყვა, წინადადება, ტექსტი“, ანუ „ს“ და მისი მკვიდრი წარმოდგენები.
შენიშვნა 2. ყველა რესურსი და აქტივობა შერჩეულია სამიზნე ცნების, „სიტყვა, წინადადება, ტექსტის“ – დასამუშავებლად. ამავდროულად, გაწერილია ქვეთემაში შესასრულებელი ფონემური და მოტორიკის სავარჯიშოები, საკითხავი ტექსტები.
მართალია, ამ დროს (იშვიათი გამონაკლისის გარდა) მოსწავლეებმა კითხვა არ იციან, მაგრამ თემის სათაურის გაცნობისთანავე, ვაჩვენებთ ფორმატის/ფლიპჩარტის ქაღალდზე ან პროექტორით ეკრანზე დავალების პირობას ასეთი სახით:
ამ ეტაპზე შეიძლება, არ ვახსენოთ ფრაზა – „შეფასების კრიტერიუმები“, მაგრამ სასურველია, მოსწავლეებს ყოველდღე წავუკითხოთ დავალების პირობა და შევახსენოთ, რომ ბოლოს მათ უნდა აღწერონ სურათი. ძალიან მარტივად ვუხსნით, აღწერისას გამოიყენონ საჭირო სიტყვები (მაგ: ბაღის შუაში, ვაშლის ხის წინ, მარჯვნივ, მარცხნივ); როგორია (რა ფორმის, რა ზომის, რა ფერის) და ა.შ.
დავალების შესრულებისთვის საჭირო რესურსები და აქტივობები
რესურსი 1. აღსაწერი სურათი (მოსწავლის წიგნი – გვ.18)
აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება, დავალების პირობის გაცნობა და გააზრება.
ხომ არ იცით, რას ნიშნავს სურათის აღწერა?
გაიხსენეთ, რას ვაქცევთ ყურადღებას, როცა რაიმეს აღვწერთ?
რას ხედავთ სურათზე? წელიწადის რომელი დროა?
სად არიან ბავშვები? რას აკეთებენ? ვინ არის ყველაზე ახლოს ზღვასთან?
რა ფერის არის ზღვა?
ვინ აშენებს ქვიშისგან კოშკს? რას ხედავთ მათგან მარჯვნივ?
ვის შეუძლია საკუთარი სიტყვებით ახსნას, რას მოითხოვს დავალება?
რესურსი 2. აღსაწერი სურათი სახელმძღვანელოდან (მოსწავლის წიგნი – გვ.4)
სიტყვა – ვაშლის ხე/ვაზი (ნახატი)
წინადადება – გოგონა კალათაში აწყობს ვაშლებს/ ბიჭს ურიკით მიაქვს ვაშლები
აღწერა – შემოდგომის სურათი
აქტივობა 2. სახელმძღვანელოში მოცემული სურათების აღწერა.
შეკითხვები ცოდნის კონსტრუირების ხელშესაწყობად:
- ა) რას ვხედავთ სურათების პირველ რიგში? (ვაშლის ხე, ვაზი);
- ბ) მეორე რიგის სურათებში? (გოგონა კალათაში აწყობს ვაშლებს/ ბიჭს ურიკით მიაქვს ვაშლები); გ) წელიწადის რომელი დროა? რატომ ფიქრობ ასე?
აქტივობა 3. შევადგინოთ სურათების მიხედვით წინადადებები (შეკითხვების დახმარებით)
1–ელი წინადადება.
- რა აწყვია კალათაში?
კალათაში ვაშლები აწყვია. რამდენი სიტყვაა ამ წინადადებაში? (სამი)
- ვინ აწყობს ვაშლებს კალათაში?
ბავშვი ვაშლებს კალათაში აწყობს. (ოთხსიტყვიანი)
ახლა ხუთსიტყვიანი მოვიფიქროთ!
- რა ფერის ვაშლებს აწყობს ბავშვი კალათაში?
ბავშვი წითელ ვაშლებს კალათაში აწყობს. (ხუთსიტყვიანი)
მე-2 წინადადება.
- რა აწყვია ურიკაში?
ურიკაში ვაშლები აწყვია. რამდენი სიტყვაა ამ წინადადებაში? (სამი)
- ვის მიაქვს ვაშლები ურიკით?
ბიჭუნას ვაშლები ურიკით მიაქვს. (ოთხსიტყვიანი)
- რა ფერის ვაშლები მიაქვს ურიკით ბიჭუნას?
ბიჭუნას წითელი ვაშლები ურიკით მიაქვს. (ხუთსიტყვიანი)
აქტივობა 4. თამაში – „ტყუილი თუ მართალი?“. (მასწავლებელი ხან იცავს, ხან კი განზრახ ცვლის ნახატის მოცემულობას, ბავშვებმა უნდა გამოიცნონ, ტყუილია თუ მართალია.
ნიმუში: – ნახატზე მე ვხედავ ყვითელ მსხალს, ტყუილია თუ მართალი? ნახატზე ვხედავ ყურძნის მტევნებს, ტყუილია თუ მართალი? ნახატზე ჩანს მოხუცი ქალი, მართალია თუ ტყუილი? ნახატზე ვხედავ ძაღლს და კატას, ტყუილია თუ მართალი? და ა.შ.
აქტივობა 5. შემოდგომის მთლიანი სურათის აღწერა დიდი ილუსტრაციის მიხედვით – „ერთად ხილის ბაღში“.
- რა არის ყველაზე მეტი სურათზე? რა ფერისაა?
- რა მოჩანს ხეების უკან? რა ფერისაა მთა?
- რას აკეთებს მამაკაცი, ქალი? პაპა? გოგონა? ბიჭუნა?
- სად დგას გოგონა? ძაღლი? კატა?
რესურსი 3. საკითხავი: ლადო ასათიანი „შემოდგომა“ (ნაწყვეტი)
„შემოდგომა მოვიდა
წითელ-ყვითელ ფერებით,
მოსავალმა აავსო
ბაღები და ველები.
დაიტვირთნენ ვაზები,
დაიშაქრნენ მტევნები,
აღაჟღაჟდნენ ვაშლები,
გადაყვითლდნენ ტევრები“.
აქტივობა 6. ლექსის მხატვრულად წაკითხვა მასწავლებლის მიერ (მოსწავლეებთან ერთად გამეორება).
შეკითხვები ცოდნის კონსტრუირების ხელშესაწყობად:
- როგორი ფერებით მოვიდა შემოდგომა?
- თქვენ კარგად იცით, რა არის საბავშვო ბაღი, მაგრამ ახლა დაფიქრდით, კიდევ რაზე ითქმის ბაღი?
- რის ბაღი არსებობს?! გარეთ, ბუნებაში, რას უვლიან, როგორ ბაღებს გააშენებენ ხოლმე ადამიანები? (ხილის, ყვავილების). პოეტი ამ ლექსში სწორედ ხილის ბაღებს გულისხმობს!
- რას ნიშნავს „აღაჟღაჟდნენ ვაშლები“? (ნახატზე მართლაც ლოყაწითელა ვაშლებია!).
- სხვანაირად როგორ იტყოდი კიდევ?
- რას უნდა ნიშნავდეს „დაიშაქრნენ მტევნები“? (უკვე მწიფე და ტკბილია). (მასწავლებელმა აუხსნას ბავშვებს, რომ მტევანს ვაზი ისხამს; ასევე, ახსნას, რას ნიშნავს ტევრი – დაბურული ტყე).
- რომელი ხილია წითელი? ყვითელი? (მასწავლებელმა „წითელ-ყვითელ ფერებს“ მიაქციოს ყურადღება და ბოლოს განმარტოს ბავშვებთან ერთად სიტყვა „მოსავალი“. ამ ყველა ხილს ერთად მოსავალი ჰქვია. შემოდგომაზე მოსავალს ვიღებთ).
რესურსი 4. მოსწავლის რვეული – გვ. 4. გასაფერადებელი ვაშლები
აქტივობა 7. ნახატზე ხუთი ვაშლის გაფერადება
რესურსი 5. ლექსიკა ნახატებით. სახელმძღვანელოში მოცემული ხილ-ბოსტნეულის ნახატები – გვერდი 5
წითელი ბალი | ყვითელი მსხალი | წითელი ვაშლი |
ყავისფერი
წაბლი |
ლურჯი ქლიავი | ნარინჯისფერი
ფორთოხალი |
მწვანე კიტრი | წითელი პომიდორი | ნარინჯისფერი სტაფილო |
ყვითელი გოგრა | წითელი ჭარხალი | ყავისფერი კარტოფილი |
აქტივობა 8. მოსწავლეები სახელმძღვანელოში მოცემულ ილუსტრაციებზე დაკვირვებით ასახელებენ ხილის, ბოსტნეულის სახელწოდებასა და ფერს. ნახატებზე მოსავალია, ხილი და ბოსტნეული. მათ მშვენიერი, სხვადასხვაგვარი ფერი აქვთ! რა ფერისაა კიტრი? პომიდორი? კარტოფილი? ჭარხალი? ნახატზე რომელია ბოსტნეული? ბოსტანში რომელი მოჰყავს ადამიანებს? აქ სასურველია, მასწავლებელმა ყურადღება მიაქციოს, როგორ წარმოთქვეს „კარტოფილი“ (ხშირად ეშლებათ ბგერები).
რესურსი 6. მოტორიკის სავარჯიშო (მოსწავლის რვეული – გვ.4).
აქტივობა 9. დაკავშირება: ბიჭის ვაზთან, გოგონასი − ვაშლის ხესთან
შეკითხვები ცოდნის კონსტრუირების ხელშესაწყობად:
- სად მიდის ბიჭი? გოგონა?
- როგორ მივიყვანო ბიჭი ვაზთან? გოგონა ვაშლის ხესთან?
რესურსი 7. ლექსი „ჩვენი ნობათი“
„მე მაქვს მწვანე მსხალი,
შენ კი − ვაშლი წითელი!
მე მაქვს ლურჯი ქლიავი,
შენ − ლიმონი ყვითელი!
ჩემს ძმას − შავი ყურძენი აქვს,
შენს ძმას − წაბლი ყავისფერი,
კალათაში ხელს თუ ჩავყოფთ,
ატმებია ვარდისფერი!“.
რესურსი 8. ლექსიკის სავარჯიშო − მოსწავლის რვეულში გასაფერადებელი სურათები (გვ.5)
აქტივობა 10. მასწავლებელი ნელ ტემპში კითხულობს მოკლე ტექსტს და მოსმენილის მიხედვით მოსწავლეები აფერადებენ სურათებს.
რესურსი 9. მოტორიკის სავარჯიშო მოსწავლის რვეული (გვ.6)
აქტივობა 11. ა) დახატულია მზე, რომელმაც სხივები უნდა მოჰფინოს დედამიწას, მოსწავლე წერტილების დახმარებით სხივებს ხატავს;
ბ) ღრუბლიდან მოდის წვიმის გრძელი წვეთები წერტილებით, მოსწავლემ უნდა შეაერთოს და გამოვა გრძელი ხაზი.
რესურსი 10. ბმული – https://bit.ly/3GlS0DU
რესურსი 11. მოტორიკა/ლექსიკის სავარჯიშო − გასაფერადებელი ფოთლები (ფოთლის მცირე მონაკვეთზე ფერი მინიშნებულია) მოსწავლის რვეული (გვ.7)
აქტივობა 12. მასწავლებელი ბმულის საშუალებით მოსწავლეებს აჩვენებს ფოტოებს, დაასახელებენ, რა ფერისაა და შემდეგ გააფერადებენ სხვადასხვა ფერისა და ფორმის ფოთლებს (წითელი/მუქი წითელი, ღია მწვანე/მუქი მწვანე, ყვითელი/ყავისფერი) (გვ. 7).
რესურსი 12. დიდი ზომის ბადე (მოსწავლის რვეული – გვ.8)
აქტივობა 13. დიდი ზომის ბადეში უჯრების გაფერადება. მასწავლებელი თან ბადესაც გააცნობს (უმთავრესია, ახსნას, რომ ბადეს სამი ნაწილი აქვს, შესაძლებელია, მოსწავლეთა გასახალისებლად ამას ვუწოდოთ სამი სართული: ზედა, შუა, ქვედა).
აქტივობა 14. დავალების წარდგენა − ხილის ბაღის სურათის აღწერა.
შეკითხვები ცოდნის კონსტრუირების ხელშესაწყობად:
- როგორ უნდა აღწეროთ სურათი?
- რა უნდა გაითვალისწინოთ აღწერისას?
- სურათის რომელ ნაწილში რა არის გამოსახული (ბაღის შუაში, ვაშლის ხის წინ, მარჯვნივ, მარცხნივ); როგორია − რა ფორმის, რა ზომის, რა ფერის.
- ვინ არიან სურათზე გამოსახული, როგორები არიან, რატომ არიან ერთად, თითოეული სად არის და რას აკეთებს, რა აცვიათ, ჰყავთ თუ არა შინაური ცხოველები.
შენიშვნა: სურათს აღწერს ყველა მოსწავლე. მასწავლებელი წარდგენის პროცესს უთმობს იმდენ დღეს, რამდენის საჭიროებაც იქნება. თითოეულ გამომსვლელს გაამხნევებს და სტიმულს მისცემს, რომ შემდეგი დავალება კიდევ უფრო უკეთესად წარმოადგინოს.
დავალების შესრულებისა და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, თითოეული მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარის ხელშესაწყობად
- როგორ აღწერე სურათი?
- ადგილის აღმნიშვნელი რომელი სიტყვები გამოიყენე? (მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან, ზევით ქვევით, შუაში)
- ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი რომელი სიტყვები გამოიყენე? (ფერი, ზომა, ფორმა)
- გასაგებია მსმენელისთვის შენი აღწერა?
- სწორად აღწერე, რას აკეთებენ სურათზე გამოსახული ადამიანები?
აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე:
- რა გააკეთე, რა თანამიმდევრობით?
- რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
აღწერე, რა დაბრკოლებებს წააწყდი და რა დაგეხმარა დავალებაზე მუშაობის პროცესში:
- რა გამოგივიდა კარგად დავალებაზე მუშაობის პროცესში?
- რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
ამით პირველი თემის – „ჩვენ და ბუნების“ ქვეთემის − „ერთად ხილის ბაღში“ – შესწავლა დასრულებულია.
შენიშვნა: შემოთავაზებული აქტივობების განხორციელებას დაახლოებით 6–შვიდი საათი დასჭირდება. ეს დამოკიდებულია მოსწავლეთა მზაობაზე. რაც მთავარია, მასწავლებელმა არ უნდა ააჩქაროს ხელოვნურად პროცესი, არამედ ის მორგებული უნდა იყოს მოსწავლეთა
ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე და საჭიროებისამებრ განსაზღვროს საათების რაოდენობა.
ფაქტობრივად, ყველაფერი საკლასო ოთახში, საგაკვეთილო პროცესში კეთდება და მასწავლებელი თვალ-ყურს ადევნებს, რამდენად არიან ჩართულნი მოსწავლეები, სად სჭირდებათ მასწავლებლის დახმარება, რას აკეთებენ დამოუკიდებლად და ასე შემდეგ.
მასწავლებელს სურვილისამებრ შეუძლია, შეცვალოს რესურსები, აქტივობები, შეკითხვები, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა რესურსი და აქტივობა უნდა შეირჩეს გრძელვადიანი სამიზნე ცნების შესაბამისად.