სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

არდადეგების წინა კვირა

ჩემი დაკვირვებით, ზოგადად დამკვიდრებული ტენდენციის მიხედვით, ბავშვები გადაწყვეტენ, რომ არდადეგების წინა კვირას სკოლაში სიარული არ ღირს, რადგან „გაკვეთილები წესიერად აღარც უტარდებათ“ (ასე ამართლებენ ხოლმე თავიანთ გადაწყვეტილებას მშობლებთან).

როცა მომქანცველი ყოველდღიური სწავლა-სწავლების პროცესში გვირაბის ბოლოს სინათლესავით მოჩანს არდადეგები, ბუნებრივია, რომ სინათლის მოახლოებასთან ერთად, ორივე მხარის სამუშაო განწყობა, მოტივაცია, საქმეზე კონცენტრაცია დაბლა იწევს და მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების ტვინები ჩუმი განგაშის სიგნალებს რთავენ: დასვენება, დასვენება, დას-ვე-ნე-ბა…

 

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთ დროს ისეთი, რომ უკვე ჩვეული რიტმიდან გამოსული მოსწავლეები არ დავსტრესოთ, მაგრამ არც იმის განცდა გავუჩინოთ, რომ ტყუილად დადიან სკოლაში. რით შეიძლება გავხადოთ ეს დღეები ერთნაირად სასიამოვნო, პირველ რიგში, მოსწავლეებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც?

 

თავდაპირველად ჩამოვთვლი, ჩემი აზრით, რა არ შეიძლება დავგეგმოთ და მოვიტოვოთ არდადეგების წინა კვირისთვის:

 

შემაჯამებლები – როგორც უკვე აღვნიშნე, არდადეგების მოახლოებასთან ერთად მოსწავლეები მარტივად გადადიან „დასვენების რეჟიმში“ და როცა ამ დროს საპასუხისმგებლო რამ აქვთ გასაკეთებელი, გაორმაგებული ძალისხმევა სჭირდებათ მოსამზადებლად, დავალებაზე კონცენტრირებისთვის. არ დაგვავიწყდეს, ჩვენი განწყობაც ასეთია და გასასწორებელი შემაჯამებლები აუცილებლად შემაწუხებელ ტვირთად იქცევა. თანაც, დიდი ალბათობით, ვეღარ მოვასწრებთ სათანადო რეფლექსიას, ვერ დავუბრუნებთ მოსწავლეებს უკუკავშირს, რა გამოუვიდათ, რა უნდა გაეკეთებინათ უკეთ და ა.შ. ან მივაწვდით და არ მოგვისმენენ ისე, როგორც საჭიროა ხოლმე.

 

ნიშნის გამოსასწორებელ-ასამაღლებელი დავალებები – ამ დროს ვორიენტირდებით მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ და დანარჩენებისთვის საგაკვეთილო პროცესი მოსაწყენი ხდება ნაკლები ჩართულობის გამო, ამიტომაც შეიძლება იფიქრონ, რომ „აღარ ღირს სკოლაში სიარული“. ნამდვილად სჯობს, ამ პრობლემის მოგვარებას ბოლოს წინა კვირები დავუთმოთ.

 

მეორე უკიდურესობაა და ასევე გაუმართლებელია, მოსწავლეებს მივცეთ სრული თავისუფლება, გაკვეთილებზე აკეთონ ის, რაც მათ სურთ (ძირითადად, სურთ ტელეფონებში ჩაძრომა, რასაც სახლშიც მშვენივრად ახერხებენ), ჩვენ კი სემესტრის ბოლოს აუცილებლად მოსაგვარებელ ბიუროკრატიულ საქმეებს მოვახმაროთ ეს დრო.

 

რა შეიძლება, გავაკეთოთ ამ ყველაფრის საპირისპიროდ ისე, რომ ბავშვებმა ჩათვალონ, არდადეგების წინა დღეებშიც ღირს სკოლაში სიარული, რადგან სახალისო, სასიამოვნო, საინტერესო რამეები ელოდებათ და ჩვეულებრივზე მეტად თავისუფლებიც იქნებიან?

 

გადატვირთული სასწავლო პროგრამების გამო, არაფორმალური აქტივობებისთვის დროის გამონახვა წლის განმავლობაში ნამდვილად ჭირს. ტრადიციულად, სემესტრის ბოლოს სკოლებში ძირითადად დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ზეიმები და კონცერტები ეწყობა, რაც, ჩემი აზრით, კარგია, მაგრამ ნამდვილად არაა საკმარისი. ამიტომაც ვფიქრობ, ალბათ, ყველაზე კარგია, თუ სკოლის დირექციის სტრატეგია იქნება, მთლიან სკოლაში შეიქმნას თავისუფალი და თან შემოქმედებითად დატვირთული ატმოსფერო შემდეგი ღონისძიებებით:

 

  • დაიგეგმოს სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებები კლასებს შორის, იქნება ეს ფიზიკური აქტივობები (რასაც მოკლებული არიან განსაკუთრებით საბაზო-საშუალო საფეხურების მოსწავლეები) თუ ინტელექტუალური თამაშები (მაგალითად, „რა? სად? როდის?“ სხვადასხვა საგნის ინტეგრირებით, ლიტერატურული თამაშები…);
  • კინოჩვენებები დისკუსიასთან ერთად – გაერთიანებული კლასებისთვის;
  • საჯარო დებატები სხვადასხვა საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე (მოქალაქეობა, ისტორია…);
  • გაკვეთილები საკლასო ოთახის კედლებს მიღმა და ა. შ.

 

სკოლის დირექციისა და ყველა საგნის მასწავლებლის ერთიანი ძალისხმევით, მათი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები თავად დაგეგმავენ და მოამზადებენ თავისთვისვე სასურველ აქტივობებს. სახალისო, საინტერესო პროცესი და შედეგი კი ნამდვილად აფიქრებინებს უმეტესობას, რომ ბოლო დღეებში ნამდვილად არ ღირს სახლში დარჩენა. მით უმეტეს, გამყარდება მათი შეხედულება-დამოკიდებულებები, თუ ეცოდინებათ, რომ მსგავსი ღონისძიებები უკვე ტრადიციაა მათ სკოლაში.

 

თუ ამ საერთო ღონისძიებების მოწყობა ვერ ხერხდება მიზეზთა გამო, მაშინ, ალბათ, თითოეული საგნის მასწავლებელმა, თავისი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე თავის გაკვეთილზე უნდა დაგეგმოს მცირე აქტივობები.

 

მაგალითად, იმავე ინტელექტუალური თუ ლიტერატურული თამაშების ჩატარება და კინოჩვენებების მოწყობა კონკრეტულ კლასთანაც შეიძლება. ასევე ძალიან ეფექტურია მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და შემეცნებითი ვიდეოების ყურება, რომლებსაც საგაკვეთილო დროში მოვასწრებთ და კარგი იქნება, თუ რაიმე აქტივობასაც დავურთავთ.

 

ასევე, ძალიან სახალისოა მოსწავლეებისთვის ონლაინპლატფორმა https://create.kahoot.it/creator -ის საშუალებით მომზადებული ერთგვარი შემაჯამებელი ტესტი-თამაში, რომელიც უკვე განვლილ საკითხებზე იქნება აგებული (რა თქმა უნდა, თუ შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა არსებობს სკოლაში: პროექტორი, ინტერნეტი და მობილურები). ამ ონლაინპლატფორმაზე მასწავლებელი თავად ქმნის სასურველ თემაზე დახურულ კითხვებს პასუხებითურთ, რომლებსაც მოსწავლეები თავიანთი მობილურებიდან უპასუხებენ. ეს აქტივობა მოსწავლეებს შეახსენებს, რაც უკვე ისწავლეს და შეცდომების შემთხვევაში, მასწავლებლის ზეპირი განმავითარებელი კომენტარი კიდევ უფრო კარგად გაააზრებინებს უკვე ნასწავლს. შეიძლება, დავაწესოთ სიმბოლური პრიზებიც.

 

ასევე, მოსწავლეებისთვის ძალიან სასარგებლო და საინტერესოც იქნება აქტივობები, რომლებიც მათ თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებაზე იქნება მორგებული. ეს თვითშეფასება ან ურთიერთშეფასება შეიძლება ეხებოდეს მათ მოტივაციასა და ჩართულობას სემესტრის განმავლობაში, ან ზოგადად, შევაფასებინოთ საგაკვეთილო პროცესი, რაც დაგვეხმარება, სამომავლოდ უკეთესად დავგეგმოთ ჩვენი გაკვეთილები, გამოვასწოროთ ხარვეზები. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:

 

ა) დაასრულე წინადადებები ლოგიკურად, საკუთარ თავსა და სწავლის პროცესზე დაკვირვებით. (ეს არის წერითი დავალება, რომელსაც გაკვეთილზე, განსაზღვრულ დროში აკეთებენ და იქვე კითხულობენ).

განვლილი მასალის სწავლისა და დამუშავების პროცესში:

  • საინტერესო იყო…
  • ყველაზე უკეთ გამომივიდა…
  • ჩემი განწყობა…
  • მე ვისწავლე…
  • რთული აღმოჩნდა…
  • მე ახლა შემიძლია…
  • ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ…
  • დავალება, რომელიც…
  • სახალისოდ მეჩვენა აქტივობა, რომელიც…
  • კლასელს დავეხმარე….
  • კლასელი დამეხმარა…
  • სამომავლოდ ვისურვებდი, რომ…

ბ) ასევე მოსწავლეებს მოსწონთ ბლიცინტერვიუ, რომელიც ასევე ფრაზებზეა აგებული: საკლასო ოთახში საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას დგას ორი სკამი, რომლებზეც სხდებიან რესპონდენტი და ინტერვიუერი. მოსწავლეები ნებაყოფლობით გამოდიან და იმართება ბლიცინტერვიუ ან მასწავლებლის დახმარებით (თავდაპირველად ასე სჯობს), ან მხოლოდ მოსწავლეების ჩართულობით. ხშირად მქონია შემთხვევა, რომ მოსწავლეებს თავად უთხოვიათ, მეც მეპასუხა მოწოდებული კითხვებისთვის – ანუ ჩემი აზრი, განწყობა, დამოკიდებულებაც საინტერესოა მათთვის და ეს რამდენიმე ფრაზა გვეხმარება ერთმანეთის უკეთ დანახვაში:

  • მინდა ვისწავლო…
  • არასოდეს მნდომებია…
  • ჩემი აზრით…
  • მინდოდა, მეცადა…
  • არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც…
  • მწვერვალებს დავიპყრობდი, თუ…
  • წიგნი ან ფილმი, რომელმაც შთამაგონა…
  • რომ არა სამეგობრო…
  • ოჯახთან ურთიერთობით…
  • ვთვლი, რომ სკოლა…
  • არდადეგები რომ დაიწყება…

 

გ) წინასაახალწლოდ ერთნაირად კარგად იმუშავა ყველა საფეხურზე სტრატეგიამ – 3,2, 1 – შემდეგი ფორმით:

 

  • დაწერეთ 3 მნიშვნელოვანი ან სასიამოვნო მომენტი თქვენი ცხოვრებიდან, რომლებიც 2023 წელს მოხდა;
  • გაიხსენეთ 2 არასასიამოვნო შემთხვევა, სიტუაცია, რომლის გამოსწორებასაც ისურვებდით.
  • დაწერეთ, რას გეგმავთ 2024 წელს ისეთს, რაც თქვენს ცხოვრებას უფრო სასიამოვნოსა და საინტერესოს გახდის.

 

ერთი შეხედვით, სამი მარტივი საკითხი ერთნაირად დასაფიქრებელი აღმოჩნდა სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებისთვის. ამ აქტივობამ გამოააშკარავა, რომ უმეტესობას არა აქვს ჩვევა, შეაფასოს, რა და როგორ გააკეთა, რა უნდა გამოასწოროს და არ გეგმავს უახლოეს მომავალსაც კი. კარგი იქნება ამ აქტივობის შესრულებისასაც თუ თავად მივცემთ მაგალითს, განსაკუთრებით მე-5-6 -კლასელებს.

 

კიდევ ბევრი რაიმეს მოფიქრება შეიძლება, ისევ ჩვენს ფანტაზიასა და შემოქმედებითობაზეა დამოკიდებული (როგორც ყოველთვის), მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, დაგეგმილი აქტივობების შესახებ მშობლებსაც გავაგებინოთ, რათა არ შეექმნათ ცრუ წარმოდგენები ვითომდა უსარგებლო დღეებზე და თავიანთ შვილებს უნებურად პასიურობისკენ არ უბიძგონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“