ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
20 მაისი, ოთხშაბათი, 2026

არდადეგები საზაფხულო დავალებად

0

ზაფხულის არდადეგები ყველაზე მნიშვნელოვანი დროა დასვენებისთვის, თავგადასავლების ძიებისა თუ თვითგანვითარებისთვის. განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები და მშობლები დღემდე კამათობენ საზაფხულო დავალებების მოცულობასა და შინაარსზე. ჩემი აზრით, ზაფხულის დიდი ნაწილი ოჯახთან ერთად დასვენებას უნდა დაეთმოს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამი თვის განმავლობაში თუ არაფერი ვაკეთეთ, გასული წლის მანძილზე შეძენილი სასწავლო უნარ-ჩვევები შესაძლოა ხელახლა გამოსამუშავებელი გაგვიხდეს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დაწყებით საფეხურზე. ამიტომაც, ყოველთვის ბევრს ვფიქრობ არდადეგების დავალების თემატიკაზე, ფორმასა თუ შინაარსზე. ზაფხულში მეცადინეობის პროცესი განსხვავებული უნდა იყოს. სასურველია, დავალების ფორმატი მუშაობის პროცესში ოჯახის წევრთა ჩართვის შესაძლებლობასაც ითვალისწინებდეს ან მათთვის ემოციების გაზიარების სურვილს აჩენდეს. ასეა თუ ისე, საზაფხულო არდადეგების დავალების შედგენის დროს, მასწავლებლებს მართლაც მეტი დაფიქრება გვმართებს.

ჩემს საგანში თითოეული სასწავლო საფეხურისთვის ფრთხილად ვარჩევ საზაფხულო საკითხავს, შემდეგ კი მათ შეძლებისდაგვარად მრავალფეროვან, დინამიურ დავალებებს მივუსადაგებ. ამ მხრივ, ყველაზე მეტად მერთულება პირველკლასელთა დავალების შედგენა. მათთვის აუცილებელია, ცოტ-ცოტა, მაგრამ სისტემატურად იკითხონ და წერონ, რადგან  ჯერ არ აქვთ სათანადოდ განმტკიცებული წერა-კითხვის ტექნიკური უნარ-ჩვევები. თუმცა აუცილებელი სულაც არ ნიშნავს რუტინულს, ამიტომ, პირველკლასელებისთვისაც ვადგენ  საკითხავი ლიტერატურის სიას და მრავალფეროვან დავალებებს.

სამწუხაროდ, ახალბედა მკითხველებისთვის შესაფერისი ლიტერატურის სია მწირია, თუმცა მაინც მოიძებნება ცნობილი მეზღაპრეების (შარლ პერო და სხვ.), ქართული ხალხური ზღაპრებისა და საბავშვო მოთხრობების ადაპტირებული კრებულები, რომელთა მოცულობა, ლექსიკა თუ შინაარსობრივი მხარე 7 წლის მკითხველების ინტერესებსა და საჭიროებებს ერგება. თუ თქვენს მოსწავლეებს შორისაც არიან ახალბედა მკითხველები გაწაფული კითხვის სათანადო უნარებით, მათ შეგიძლიათ ზღაპრებზე ვრცელი ამბების წაკითხვა შესთავაზოთ, მაგალითად: დონალდ ბისეტის „ძია ტიკ-ტაკის თავგადასავალი“, ირმა მალაციძის „სატკბილეთის ქვეყანა“ ან ლელა ცუცქირიძის „ატუსა და მატუსა“.

პირადად მე, პირველი კლასიდანვე ვცდილობ ე.წ. მკითხველის ჩანაწერების კეთებას შევაჩვიო ჩემი მოსწავლეები. ამიტომ ვურჩევ, ყოველი ზღაპრის, მოთხრობის თუ წიგნის თავის წაკითხვის შემდეგ, სასწავლო საფეხურის შესაბამის რვეულში ამოიწერონ პერსონაჟთა სახელები, დახატონ რჩეული გმირები და ჩაწერონ რვეულში მათი დამახასიათებელი, თვალსაჩინო თვისებები (მაგალითად: წითელქუდა არის მზრუნველი (ბებოსთან მიაქვს საჭმელი) და გულუბრყვილო (მგელს ენდო)), შეაფასონ წაკითხული წიგნი მარტივ კონსტრუქციაზე (მე ამ ზღაპარში/წიგნში მომეწონა … არ მომეწონა…) დაყრდნობით, დააფიქსირონ კითხვის შემდეგ აღძრული ემოცია (მე ამ ზღაპარმა/წიგნმა გამამხიარულა, დამაფიქრა, დამამწუხრა და ა.შ.), მოაწყონ მკითხველთა თეატრი ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი ხელით დამზადებული ქაღალდის პერსონაჟებით/თოჯინებით და სხვ. ასევე შეგვიძლია, მოსწავლეებს თავად ზაფხული დავახასიათებინოთ (როგორია ზაფხული? რა ხდება ამ დროს მნიშვნელოვანი? მიყვარს თუ არ მიყვარს ზაფხული? რატომ?).

მეორე კლასიდან საკითხავი ლიტერატურის მეტი არჩევანია და შესაბამისად, უფრო მრავალფეროვანი, სხვადასხვა ინტერესებსა და საჭიროებებს მორგებული დავალებების შედგენის საშუალება გვეძლევა. ზემოაღნიშნული „მკითხველის დღიურის“ წარმოებას ყველა კლასში ვითხოვ, თუმცა საკითხავი წიგნების რაოდენობა და შესასრულებელი დავალებები, ასაკის შესაბამისად, რთულდება. აი, მაგალითად:

ახალი საბავშვო გასართობების მოსინჯვა გნებავთ? ასტრიდ ლინდგრენის წიგნებში ამის მეტს რას ნახავთ?! თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ამ შესანიშნავი შვედი მეზღაპრის დაუვიწყარ პერსონაჟთა უსიამოვნო გამოცდილებას გაითვალისწინებთ და საკუთარ თავზე მხოლოდ სახალისო თავგადასავლებს გამოცდით. როცა ასტრიდის წიგნებს კითხულობთ, შეგიძლიათ იყოთ მეტისმეტად ბავშვური, მორწყათ ყვავილები წვიმაში ან გალუმპვამდე იხტუნოთ გუბეებში, წიგნის გმირებთან ერთად ითამაშოთ „მეკობრეობანა“, „ანგელოზობანა“ ან „ექიმობანა“, თქვენი სათამაშო მაიმუნი ბატონ ნილსონად აქციოთ ან მეგობრებს ცხენის (იმედია, ეს ცხენიც სათამაშო იქნება) აწევაში შეეჯიბროთ. შეგიძლიათ ესტუმროთ დეიდა ბერგის მსგავსად კეთილ მეზობლებს, რომლებიც ბავშვებს დიდებივით გულმოდგინედ უმასპინძლდებიან. შეადგინოთ ქალაქგარეთ მოგზაურობის გეგმა (პერსონაჟების ან პირადი), შემდეგ კი ე.წ. მოგზაურის ჩანახატების წიგნაკი  (წიგნაკში უნდა ჩახატოთ პერსონაჟების ან თქვენ მიერ მონახულებული ადგილები და ნახატებს დაურთოთ მოკლე ჩანაწერები) შექმნათ. წიგნის გმირების მსგავსად, ალბათ თქვენც ესტუმრებით ბებიას და პაპას და გირჩევთ, მათთან გატარებული მნიშვნელოვანი დღეების დღიურში ჩაწერა არ დაგავიწყდეთ.

კულინარიით დაინტერესებულ მოსწავლეებს ვთავაზობ, ამოიწერონ პერსონაჟთა მიერ დაგემოვნებული კერძები, მოიძიონ რეცეპტები და ოჯახის წევრებთან ერთად სცადონ მათი მომზადება. მაგალითად, თუ მარია ფარის „ვაფლის გულებს“ კითხულობთ, სამაგიდო თამაშებით გულს რომ იჯერებთ, შეგიძლიათ მოიძიოთ ბელგიური ვაფლის რეცეპტი, ოჯახის წევრებთან ერთად გამოაცხოთ და ბებოების მოთუხთუხებულ მურაბასთან ერთად დააგემოვნოთ. პეპის მაჭკატები ხომ არ დაგავიწყდათ? კარლსონის მურაბები ან შემწვარი გუფთები?.. დარწმუნებული ვარ, ყველა წიგნში იპოვით თქვენთვის საინტერესო გემრიელობას და ზაფხულის დასასრულს თქვენ მიერ მოძიებული რეცეპტების ერთგვარ კულინარიულ წიგნად შეკვრასაც შეძლებთ.

დაწყებით საფეხურზე ზაფხულში წასაკითხი წიგნებიდან ასევე გამოვარჩევ ანე-კატერინე ვესტლის  დაუვიწყარ ამბავს ხელმოკლე, მაგრამ სიყვარულით სავსე მრავალსულიან ოჯახზე, სადაც მუდამ რვა ბავშვის შესაფერისი აურზაურია. იმდენი სათავგადასავლო დავალების იდეა მომდის თავში, რომ ბავშვები არჩევანის სიმწირეზე ნამდვილად ვერ დაიწუწუნებენ. მოსწავლეებს შეუძლიათ შეადგინონ „დიდედას მარშრუტი“ იმ თავის მიხედვით, როცა დიდედა ტრამვაითი გასეირნებას გადაწყვეტს ან „დაემგზავრონ“ წიგნის პერსონაჟებს და ლაშქრობაში, საბარგო მანქანით თუ არა, კარვებით წავიდნენ, ტყეში კენკრა მოაგროვონ და „მოგზაურის დღიური“ (ბავშვებს შეუძლიათ აწარმოონ, როგორც წერილობითი, ასევე – ვიდეო დღიური) აწარმოონ. თუ სოფელში დასვენებას გადაწყვეტენ (წინაპართა სახლში საჩხირკედელაოს რა დალევს?!), პერსონაჟთა მსგავსად, შეუძლიათ უფროსებს სახლის შეკეთებაში დაეხმარონ ან ხის ძველი იატაკი და კარ-ფანჯარა სასურველი ფერის საღებავით შეღებონ. გალამაზებულ სახლში სტუმრების მოწვევასაც აღარაფერი უდგას წინ. ჰოდა, ამ წიგნში ისეთ საინტერესო თამაშებს აღმოაჩენენ, პატარა სტუმარს დიდ მოვლენად რომ აგრძნობინებს თავს, უფროსებს კი ბავშვობაში ამოგზაურებს.

თუ ზაფხულში ბევრს მოგზაურობთ, მაშინ „მოგზაურის რუკის“  შედგენას გირჩევთ. აირჩიეთ ერთი ქალაქი, სოფელი თუ სალაშქრო ადგილი, რომელსაც ზაფხულში ესტუმრეთ და შეადგინეთ იმ ადგილის რუკა. ფურცელზე მონიშნეთ/დახატეთ ის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ნახეთ, დანომრეთ თქვენ მიერ დახატული ადგილები და რუკას დაურთეთ მათი მოკლე აღწერა შესაბამისი ნომრების მითითებით. მოგზაურს მხოლოდ რუკა არ ეყოფა, მან ასევე უნდა ჩამოწეროს საჭირო ნივთების სია, რომლის შემადგენელი ნაწილია საკვებიც. ჩამოწერეთ ე.წ. სასარგებლო სასუსნავების სია. დაფიქრდით, რომელი საკვებია თქვენთვის თან ჯანსაღი და თან გემრიელი და მხოლოდ ამის შემდეგ გაამზადეთ საგზალი.

თუ მოგზაურობა ძალიან გიყვართ, მაგრამ ამ ზაფხულს შორეული ლაშქრობის დაგეგმვა ვერ მოახერხეთ, გული არ დაგწყდეთ, იმ სოფლის სახლის ეზო დალაშქრეთ, რომელსაც ესტუმრებით. ჯერ ეზოს დეტალური რუკა შეადგინეთ, მოიარეთ მისი ყველა კუთხე-კუნჭული და მონიშნეთ რუკაზე ყველა „სტრატეგიული ობიექტი“. შემდეგ კი მოძებნეთ საუკეთესო საპიკნიკე ადგილი (მაგალითად, ხეხილის ბაღი ან ვენახი) და მოლაშქრის შესაფერისი სუფრა გაშალეთ. დამიჯერეთ, სამზარეულოდან აწაპნილ ყველისა და პურის ნაჭერს, ნაკვერჩხალზე შემწვარ „მოპარულ“ სიმინდს, ბოსტანში მოძებნილ კიტრსა თუ ხიდან საკუთარი ხელით მოწყვეტილ ხილს დაუვიწყარი გემო აქვს.

ძნელად წარმოსადგენია არდადეგები საოჯახო კინოთეატრის გარეშე. რა სჯობს ერთად სახალისო ფილმების ყურებას, საერთო ემოციის განცდას და შთაბეჭდილებების გაზიარებას?!  სამწუხაროდ, დაწყებით საფეხურზე იშვიათად უყურებენ ქართულ მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმებს, ამიტომ ხშირად საკითხავ ლიტერატურას არდადეგებზე სანახავი ფილმების სიასაც ვურთავ. ერთ-ერთი ფილმი, რომლის ნახვასაც მოსწავლეებს ვურჩევ, არის „არდადეგებზე“, რომელიც რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა 1962 წელს გადაიღო. მოსწავლეებს ვთხოვ, ფილმის ნახვის შემდეგ მისწერონ წერილი პერსონაჟებს. ძალიან მაინტერესებს, რას ურჩევენ მოუსვენარ და-ძმას, როგორ შეაფასებენ მათი მამის გადაწყვეტილებას, რით გაამართლებენ ან გაამტყუნებენ მათ ამა თუ იმ საქციელს. უფროსკლასელებს აუცილებლად დავაფიქრებ ქალაქისა და სოფლის ცხოვრებას შორის არსებულ განსხვავებაზე, რაც, ჩემი აზრით, შესანიშნავად ჩანს ქალაქიდან ჩამოსული მშობლისა და შვილების და სოფელში მცხოვრები როსტიასა და მამამისის ურთიერთობის ამსახველ სცენებში. უმცროსკლასელებს ფილმის აფიშის დამზადებას ვთხოვ, უფროსებს კი – ფილმზე მოკლე რეცენზიის დაწერას. თუ რომელიმე მოსწავლე ფილმის გადაღების ტექნიკური საკითხებით დაინტერესდება, მას კინემატოგრაფიის ისტორიის მოძიებას შევთავაზებ. ჩვენს თაობას კი ახსოვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თანამედროვე მოზარდებს არ ეცოდინებათ, რომ ძველად ფილმებს ფირზე იღებდნენ, რომ თავიდან კინო იყო შავ-თეთრი და „მუნჯი“. წარმოიდგინეთ, რამდენი საინტერესო დავალების შეთავაზება შეიძლება ფილმის შექმნის სათავეებთან მიბრუნებული მოსწავლეებისთვის…

ზაფხულის მიწურულს ერთგვარი მოგონებების სკივრის შექმნას გირჩევთ. მაინც როგორ უნდა შეინახოთ ზაფხული? როგორ და, უნდა შეაგროვოთ სამახსოვრო ნივთები/სუვენირები (მუზეუმის ან სხვა ადგილების ბილეთები, სამოგზაურო რუკები, მაცივარზე მისაკრავები, ნიჟარები და სხვ.), ზაფხულის ფერები და სურნელი (მცენარეები/ყვავილები), განსაკუთრებული დღეების ამსახველი ფოტოები და მოათავსოთ თემატურად გაფორმებულ ალბომში ან მუყაოს ყუთში. თითოეულ „ექსპონატს“ გაუკეთეთ ბარათი მოკლე ჩანაწერით (საიდანაა ეს ნივთი, რატომაა მნიშვნელოვანი და ა.შ.). ალბომს/ყუთს აუცილებლად დააწერეთ თარიღი. გავა წლები და ეს ნივთები თქვენი ბავშვობის ერთ-ერთი ზაფხულის მნიშვნელოვან ამბებს, ფერებს და განწყობებს გაგახსენებთ.

ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვანი თავგადასავლისკენ მიმეჩქარება. იმ დავალებებს, რაც ჩემი მოსწავლეებისთვის შევადგინე, როგორც წესი, თავადაც ვასრულებ და სკოლაში დაბრუნების შემდეგ, მოსწავლეებთან ერთად წარვადგენ. სხვა თუ არაფერი, „მოგონებების ალბომს“ აუცილებლად შევქმნი. მერე რა, რომ დიდი ხანია ბავშვი აღარ ვარ. ზაფხული მასწავლებლებსაც ისევე გვახარებს, როგორც – მოსწავლეებს. ჰოდა, თქვენც ბედნიერ, მრავალფეროვან და დაუვიწყარ ზაფხულს გისურვებთ, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო!

ლითიუმი

0

შარშან, მაისში არარატის ძირში მდებარე ქალაქებში ვიმოგზაურე. თურქეთზე, აღრის პროვინციაზეა საუბარი. გეზი აღრის უნივერსიტეტისკენ მეჭირა, თუმცა შემთხვევით ვისარგებლე და მეზობლად მდებარე ადგილებსაც ვესტუმრე.

თბილისიდან მანქანით დილაუთენია გავედით. საღამოს უკვე აღრის პროვინციაში ვიყავი და პირველი გაჩერება ქალაქ იღდირში მქონდა. ქალაქში შესასვლელი გზიდან აღრის მთა (არარატი) გამოჩნდა. ასე ახლოდან პირველად დავინახე. იცით, როგორ იდგა? აი, თავის ფასი რომ იცის – მედიდური და მდუმარე.

 

იღდირიდან სხვა ქალაქში გადავედი, სახელი ცოტა რთული აქვს – დოღუ ბაიაზითი. ეს იღდირთან შედარებით უფრო მაღლობზეა და არარატიც უფრო ახლოდან ჩანს. სწორედ აქედან მიდის გზა კიდევ უფრო მაღლა, სადაც მთის წვერზე იშაქ პაშას სასახლე არის აღმართული. მეც არ ვიცოდი, ვინ იყო ის. ცნობილი არქიტექტორი ყოფილა და არარატის გვერდით სასახლე აუშენებია.

ამის შემდეგ, კიდევ უფრო ზემოთ არის ქალაქი და დიადინი ჰქვია.

აქვე აუცილებლად უნდა დავწერო, რომ თურქეთში მარნეულის მხარეს მდებარე საზღვრიდან გავედით. სარფიდან მიმავალი თუ ზღვის ნაპირს და ნაირ-ნაირ კაფეტერია-რესტორნებს მიუყვები, აქ სრული სიცარიელეა – მხოლოდ გრძელი გზა, დიდი ღრუბლები და ტრიალი მინდვრები.

მინდვრები მთებით იცვლება და პირიქით. ასე უთმობენ ერთმანეთს ადგილს. ეს მთები რაღაცნაირი ფერადია და შიგადაშიგ ტექნიკასაც შენიშნავთ, სამთო სამუშაოებს რომ აწარმოებენ. შემდეგ დავინტერესდი და წავიკითხე, რომ აქ სხვადასხვა მინერალებთან ერთად ლეპიდოლიტის მოპოვებაც ხდება.

 

1817 წელს შვედმა ქიმიკოსმა ლეპიდოლიტის ქიმიური ანალიზის დროს აღმოაჩინა, რომ მინერალის მასის 4% მოდიოდა არა სილიციუმზე ან ალუმინზე, არც ჟანგბადზე, არამედ რაღაც სხვა ელემენტზე. მისი მარილები წყალში იხსნებოდნენ და ტუტე თვისებებს ავლენდნენ. იმ დროისათვის ტუტე მეტალებიდან ცნობილი იყო ნატრიუმი და კალიუმი. თუმცა, მათი არსებობა მინერალში გამოირიცხა, რადგან ამ იდუმალი ელემენტის მარილების წყალში ხსნადობა განსხვავდებოდა კალიუმისა და ნატრიუმის მარილების ხსნადობისგან. მინერალი პირველად შვედეთის კუნძულ იტადან ბრაზილიელმა მინეროლოგმა ხოსე ბონიფაციო დე სალვამ ჩამოიტანა.

ძველ ბერძნულ ენაზე „ლითოს“ ნიშნავს ქვას. ბერცელიუსმა შესთავაზა ქიმიურ საზოგადოებას ელემენტს „ლითიონი“ დავარქვათო. საბოლოოდ კი ლითიუმი დაერქვა. ლითიუმი სხვა მინერალებშიც იპოვეს და ჰემფრი დევიმ 1818 წელს ელექტროლიზით ლითიუმი, როგორც მეტალი მიიღო. მოგვიანებით, უილიამ თომას ბრანდემაც იგივე გაიმეორა. ოღონდ, გამოსავლიანობა იყო მცირე. აი, 1855 წელს კი ბუნზენმა და მატისონმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ლითიუმის ქლორიდი ელექტრული დენი და მაღალი ტემპერატურა გამოიყენეს. ანუ? ლითიუმის ქლორიდის ნალღობის ელექტროლიზი ჩაატარეს.

მეტალური ლითიუმი ბრჭყვიალა, თეთრი, ვერცხლისფერი მეტალია, რომლის მოცულობა ცენტრირებულ კუბურ კრისტალებს წარმოქმნის. მსუბუქი მეტალია. მისი ხვედრითი წონა d=0,543 გ/სმ3, სითბოტევადობა C=0,837კალ/გრად-ია. ლღობის ტემპერატურა =179,5 ცელსიუსი, დუღილის ტემპერატურა=1340 ცელსიუსი. ლითიუმი წელვადი მეტალია, იყენებენ ჭედვაშიც. შენადნობებს იძლევა თუთიასთან, კალციუმთან, ალუმინთან, სპილენძთან, ბერილიუმთან, მაგნიუმთან, ტყვიასთან, კალასთან, ვერცხლისწყალთან და სხვა.

მეტალური ლითიუმი ძალიან აქტიურია და ფაქტობრივად ყოველთვის მზად არის ქიმიური თავგადასავლებისთვის. ამიტომ, თუ ლითიუმის ნაჭერს გვერდს ჩამოაჭრით, ის ვერცხლისფრად იბრწყინებს, ანუ მეტალური ბზინვარება ექნება. თუმცა, მალევე გაქრება ეს ბზინვარება, რადგან ლითიუმი ჰაერის კომპონენტებთან შევა რეაქციაში:

 

2Li+2H2O=2LiOH+H2

6Li+N2=2Li3N

4Li+O2=2Li2O

2LiOH+CO2=Li2CO3+H2O

Li2O+CO2=Li2CO3

Li2O+H2O=2LiOH

 

სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ლითიუმის იზოლირება ჰაერისგან. ამიტომ მას მუქ ბოთლში ნავთში ან ზეთში ინახავენ. თავად ბოთლს კი თუნუქის ქილაში ათავსებენ. როდესაც ლითიუმით რაიმე ქიმიური ექსპერიმენტის ჩატარება სურთ, აუცილებელია, რომ ის ნავთისგან ან ზეთისგან ქაღალდით გავამშრალოთ. შემდეგ კი, კლასიკური რეაქციის ჩატარებაც შეიძლება – ლითიუმის ურთიერთქმედება წყალთან.

ავიღოთ მინის ჯამი, ჩავასხათ წყალი და ჩავამატოთ რამდენიმე წვეთი ფენოლფტალეინი. ბუნებრივია, წყალი ფერს არ შეიცვლის. შემდეგ ჩავაგდოთ პატარა ნაჭერი ლითიუმი. წარმოიქმნება ლითიუმის ტუტე და გამოიყოფა წყალბადი. სარეაქციო, არე ჟოლოსფერი გახდება, რადგან ფენოლფტალეინი ტუტე არეში ჟოლოსფერს იღებს.

გათბობით ლითიუმი რეაქციაში შედის წყალბადთან, ჟანგბადთან, ქლორთან, ბრომთან, იოდთან, გოგირდთან, ფოსფორთან.

მეტალური ლითიუმი ადვილად იხსნება განზავებულ მჟავებში, ადგილი აქვს ჩანაცვლების რეაქციას, რის შედეგადაც წარმოიქმნება მარილი და გამოიყოფა წყალბადი. ლითიუმის თხევად ამიაკში გახსნისას მიიღება ცისფერი ხსნარი, რომელიც თანდათან გადადის ლითიუმის ამიდში NH3Li.

ლითიუმი სხვადასხვა მეტალის ლეგირებისთვის გამოიყენება. ის ლითონებს მატებს სიმაგრეს, პლასტიკურობასა და მექანიკურ გამძლეობას.

წარმოქმნის მრავალ არაორგანულ და ორგანულ ნაერთს. ლითიუმის ჟანგვის ხარისხი, როგორც არაორგანულ, ისე ორგანულ ნაერთებში ერთის ტოლია და მხოლოდ პლიუს ნიშანი აქვს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლითიუმის ზოგიერთი ნაერთი, განსხვავებით პირველი ჯგუფის სხვა ელემენტებისგან, ძნელად ხსნად ნაერთს წარმოადგენს. ასეთებია: ლითიუმის კარბონატი, ფოსფატი, ფთორიდი და ა.შ.

 

ლითიუმის ჰიდრიდი – LiH მიიღება სუფთა წყალბადის 700-800 ცელსიუსამდე გახურებული ლითიუმის ზედაპირზე გატარებით.

 

Li+1/2H2=LiH+21,50კკალ ან

2Li3N+3H2=6LiH+N2

 

LiH წარმოადგენს უფერო მიკროკრისტალებს. მშრალ ჰაერზე ის ყველა ჰიდრიდზე მდგრადია. რეაქციაში შედის ამიაკთან, ნახშირორჟანგთან, გოგირდის დიოქსიდთან. მაღალ ტემპერატურაზე კი – ქლორთან, აზოტთან, ჟანგბადთან:

 

LiH+Cl2=LiCl+HCl

4LiH+N2=2Li2NH+H2

 

ლითიუმის ჰიდრიდი წყალთან შეხებისას განიცდის ჰიდროლიზს, გამოიყოფა ლითიუმის ჰიდროქსიდი და წყალბადი.

LiH+H2O=LiOH+H2+31,5კკალ.

 

ლითიუმის ოქსიდი Li2O – მიიღება 200 ცელსიუსზე ჟანგბადში ან მშრალი ჰაერის გარემოში დაწვით, ან მისი ჰიდროქსიდის ან კარბონატის გახურებით წყალბადის გარემოში 800 ცელსიუსზე. ოქსიდი თეთრი ფერის კუბური ფორმის კრისტალია, ჰიგროსკოპულია და წყალთან შეხებისას ნელა წარმოქმნის ლითიუმის ჰიდროქსიდს. ლითიუმის ოქსიდი გამოიყენება დიდი შუქტეხის კოეფიციენტის მინის წარმოებაში და კერამიკული ჭიქურების დასამზადებლად.

 

ლითიუმის ჰიდროქსიდი LiOH – შეიძლება მივიღოთ:

Li2O+H2O=2LiOH

2LiCl+Ba(OH)2=2LiOH+BaSO4.

 

ის გამოიყენება დიდი ელექტროტევადობის აკუმულატორებსა და ელემენტებში.

 

ლითიუმის ფტორიდი LiF შეიძლება მივიღოთ ლითიუმის კარბონატზე ფთორწყალბადმჟავას მოქმედებით.

Li2CO3+2HF=2LiF+H2O+CO2 ან

Li2SO4+2HF=2LiF+H2SO4.

 

LiF უფერო მიკროკრისტალური ნივთიერებაა და ახასიათებს სუფრის მარილის ტიპის კრისტალური მესერი. ლითიუმს სხვა ჰალოგენნაერთებიც აქვს ბრომიდი, ქლორიდი და იოდიდი.

 

ლითიუმის სულფიდი Li2S – მიიღება გოგირდის ორთქლის გამლღვალი ლითიუმის ზედაპირზე გატარებით. მისი კრისტალები თეთრი ფერისაა, წყალში რთულად იხსნება და გახსნილი ნაწილი განიცდის ჰიდროლიზს.

 

ლითიუმის სულფატი Li2SO4 – ლითიუმის კრისტალჰიდრატის დეჰიდრატაციით მიიღება. ასევე, შეიძლება მივიღოთ ლითიუმის კარბონატზე გოგირდმჟავას მოქმედებით.

 

არ იფიქროთ, რომ ლითიუმის ნაერთები ამით ამოვწურეთ. ნიტრიდი, ნიტრატი, ამიდი, ორთოფოსფატი, კარბიდი, კარბონატი და ორგანული ნაერთები… ბევრია სასაუბრო, ოღონდ, ოდესმე მომავალში.

სადამრიგებლო კლასის მშობლები. ნაწილი 4

0

კრიტიკოსი მშობლები და მათი უკუკავშირი

 

სტატიების სერიაში „სადამრიგებლო კლასის მშობლები” ჩვენ უკვე განვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, დამრიგებლისა და მშობლების ურთიერთობების განსხვავებული ასპექტები, მშობლების ჯგუფისგან გუნდის შეკვრა, დესტრუქციული ქცევის მქონე მშობელთან ურთიერთობა. ამ ნაწილში კი ვისაუბროთ კრიტიკული აზრის დამრიგებლისთვის კონსტრუქციულად გაზიარების აუცილებლობასა და ზოგადად, მშობლებისგან უკუკავშირის რეგულარულად მიღების მნიშვნელობაზე.

მასწავლებლისთვის კრიტიკული აზრის გაზიარება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა არ არის. უმეტესად, მშობლები ცდილობენ, ღიად არ გააჟღერონ საწინააღმდეგო მოსაზრებები, რადგან შიშობენ, რომ მასწავლებელი კრიტიკას მტკივნეულად მიიღებს, ეს კი პრობლემას არათუ მოაგვარებს, არამედ შეიძლება გაართულოს კიდეც. რა თქმა უნდა, განსხვავებული შემთხვევებიც არსებობს, თუმცა ბევრად უფრო იშვიათად. ამ მოსაზრების სიმტკიცის ინდიკატორად შეგვიძლია მოვიყვანოთ კლასის მშობლების ე.წ. „ცალკე“ სასაუბრო სივრცეები ინტერნეტში, სადაც უწყვეტად საუბრობენ სასკოლო ყოველდღიურობის მნიშვნელოვან საკითხებზე. არადა, ყველა წესით, ეს საკითხები სკოლის გარემოში, მასწავლებელთან ერთად უნდა განიხილებოდეს. შედეგად ხშირად ეს საუბრები ლიტონ სიტყვებად რჩება, საჭირო და საყურადღებო ცნობები მასწავლებელთან არ მიდის; ან კიდევ უარესი, დამრიგებელი ჩუმად და დამახინჯებული ფორმით იგებს მის შესახებ.

სამსახურებრივი პირობებით არცთუ ისე კმაყოფილი პედაგოგისთვის, ბუნებრივია, რომ სასიამოვნო მოსასმენი არ იქნება მშობლისგან მოსმენილი კრიტიკა. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ თუ კრიტიკული აზრი ჩვენამდე არ მოდის, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს. ნებისმიერ კლასში შეხვდებით მშობელს, რომელსაც თავისი მსოფლმხედველობის, რელიგიური შეხედულებების, განათლების, აღზრდის შესახებ წარმოდგენების თუ სხვა მიზეზების გამო კრიტიკული მოსაზრებები აქვს. შესაძლოა, ეს კრიტიკა იყოს საფუძვლიანი, ეყრდნობოდეს მეცნიერულ მტკიცებულებებს ან იყოს სრულიად აბსურდული და ბავშვისთვის დამაზიანებელიც კი. თუმცა იმის აღიარება, რომ მშობლებს შვილის შესახებ ცოდნა და პედაგოგისგან განსხვავებული კომპეტენციები გააჩნიათ, მაინც მნიშვნელოვანია.

როდესაც მშობელი ვერ ახერხებს კრიტიკული აზრის დაფიქსირებას, ეს უკმაყოფილება გროვდება და შესაძლოა, გაუგებრობამდე, უნდობლობამდე და კონფლიქტამდეც კი მიგვიყვანოს. ამიტომ საჭიროა, კლასის დამრიგებელმა თავად შექმნას კრიტიკული აზრის გამოხატვისთვის და მასზე მსჯელობისთვის უსაფრთხო ველი:

  • დაარწმუნოს მშობლები, რომ სჭირდება მათი აზრის ცოდნა საკუთარი საქმიანობის შესახებ;
  • აინტერესებს, სწორად ესმით თუ არა მისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს;
  • არის თუ არა, მათი თვალსაზრისით, ხარვეზები პედაგოგიურ პროცესში და კერძოდ, რა ტიპის ხარვეზებია.

მშობლებთან ასეთი ტიპის თანამშრომლობა სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ დამრიგებელი ყველაფერში უნდა დაეთანხმოს მათ. თუმცა საკითხები, რომლებზეც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ნამდვილად იმსახურებს არგუმენტირებულ მსჯელობას. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, მშობელი დაფიქრდეს, სხვა შემთხვევაში – პედაგოგი. ეს მიდგომა გააჩენს დიალოგის კულტურას, ხელს შეუწყობს მოსწავლის აზრის მოსმენის პრაქტიკას, რაც სახლშიც და სკოლაშიც გააუმჯობესებს ბავშვის მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ასევე, სრულიად შესაძლებელია, რომ გამოიკვეთოს საკითხები, რომლებზეც მშობელი და პედაგოგი ვერ შეთანხმდებიან, თუმცა ესეც დემოკრატიული პროცესია.

მოწინავე განათლების სისტემის მქონე ქვეყნებში სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მშობლების ჩართულობა უმაღლეს ნიშნულზეა აყვანილი. სკოლები მათ ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას იყენებენ მოსწავლეთა ოჯახებთან თანამშრომლობისთვის. იმის გამო, რომ მშობლების უზარმაზარი ჯგუფი მრავალფეროვანია, ოჯახებთან პარტნიორობისთვის სკოლებს არაერთი საინტერესო შეთავაზების მოფიქრება უწევთ. მაგალითად, ავსტრიის სკოლებში შეხვდებით მშობლების გაერთიანებას, რომელიც ცნობილია სახელით „კრიტიკოს მშობელთა კლუბი“. ამ კლუბში ისეთი მშობლები არიან გაწევრიანებული, რომელთაც გარკვეული პრეტენზიები აქვთ. ასეთი კლუბები, როგორც წესი, არაფორმალურია, თუმცა წევრებს სკოლა ხელს უწყობს, შეიკრიბონ მათივე შენობაში, იმსჯელონ და შემდეგ დირექციასთან ჩამოყალიბებული აზრის გასაზიარებლად მივიდნენ. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მათ შორის ურთიერთობა თავაზიანი ფორმით მიმდინარეობს. ეს მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ მაღალი ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყნებშიც კი, სადაც სკოლებს გაცილებით მდიდარი რესურსები აქვთ, ვიდრე საქართველოში, შეიძლება შეხვდეთ კრიტიკულად განწყობილ მშობლებს და ამაში უჩვეულო არაფერია. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მათ შორის შვილის განათლების საკითხებზეც. ეს მაგალითი, ასევე, გვაჩვენებს, რომ უკმაყოფილო მშობლების მოსმენა და მათი მოსაზრებების განხილვა სასკოლო ცხოვრების შემადგენელი აუცილებელი ნაწილია.

თუ ფიქრობთ, რომ საქართველოში არ გვაქვს დემოკრატიის ისეთი მაღალი ხარისხი, რომ კრიტიკოს მშობლებს გაერთიანებაში დავეხმაროთ, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა რამის გაკეთება არ შეგვიძლია. მშობლების მოსაზრებების გაგება სასწავლო კურიკულუმის ნაწილად უნდა ვაქციოთ, რეგულარულად გავაკეთოთ საგნობრივი გამოკითხვები, ანკეტირება, ჩაღრმავებული ინტერვიუები, თემატური შეხვედრები, სადაც პრობლემურ საკითხებს განვიხილავთ.

ბოლოს კი, გიზიარებთ ამონარიდს „მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელოდან“:

„მასწავლებლის პროფესიული მოვალეობებიდან ერთ-ერთი უმთავრესია მოსწავლეების მშობლებთან ურთიერთობა. ამ ურთიერთობამ ხელი უნდა შეუწყოს სწავლებისა და სწავლის ეფექტურობას. ნებისმიერ თანამშრომლობას აუცილებლად აქვს თავისი პირობები, რომელთა დაცვის გარეშე თანამშრომლობა ვერ შედგება. მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობის ასეთი არსებითი და აუცილებელი პირობა ეთიკური ნორმების დაცვა, ურთიერთნდობა და კეთილგანწყობაა“.

სამეურვეო საბჭოს საერთაშორისო მოდელები

0

წელს საქართველოში სამეურვეო საბჭოს მე-10 არჩევნები ჩატარდა. სკოლების ავტონომიურობასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2000 წელს დაიწყო, ხოლო 2006 წლიდან სასკოლო საზოგადოება სკოლის მართვის უმაღლეს ორგანოს ირჩევს. ეს წერილი არ დაეთმობა არჩევნების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესის ხარვეზებს, რასაც ჩვენი მკითხველი თავისი თვალით ხედავს და რასაც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის გასული წლის ანგარიშიც მიუთითებს. ამ სტატიაში ვისაუბრებთ საერთაშორისო გამოცდილებაზე, თუ როგორ მართავენ განვითარებულ ქვეყნებში სკოლას, როგორი მოდელები და რა ტიპის გამოცდილება არსებობს წარმატებული საგანმანათლებლო სისტემების მქონე ქვეყნების დიდი ნაწილისთვის.

სტატია ეფუძნება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2024 წელს ჩატარებული მოკვლევის ანგარიშში – „სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში“ – მოცემულ ინფორმაციას.

ფინეთი

ფინეთის კანონები სასკოლო და პროფესიული განათლების შესახებ არ ითვალისწინებს, როგორ უნდა იყოს ორგანიზებული სკოლების ადმინისტრირება და მართვა. ეს პროცესი რეგულირდება ადგილობრივ, ინსტიტუციურ დონეზე დამოუკიდებელი აქტით, თითოეული სკოლის დებულების მიხედვით. შესაბამისად, სკოლების მართვის სტრუქტურა ერთმანეთისგან განსხვავებულია. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, თითოეულ სკოლას მოეთხოვება ჰყავდეს დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია სასკოლო საქმიანობაზე, თუმცა სკოლა-სახლის თანამშრომლობის ძირითად პრინციპებს ადგენს განათლების ეროვნული საბჭო, ხოლო მის ორგანიზებას კი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულება. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სკოლებს შეუძლიათ ჰყავდეთ დაწესებულების მაკოორდინირებელი ორგანო – დირექტორთა საბჭო. ხშირად, დირექტორთა საბჭოები დაკომპლექტებული არიან მოსწავლეთა მშობლებითაც. დირექტორთა საბჭო იღებს სკოლის ინსტიტუციურ დებულებას. რამდენიმე ფინური სკოლის ინსტიტუციური დებულების მიხედვით, სკოლის მართვას ახორციელებს, ასევე კოლეგიური ორგანო სკოლის საბჭო, რომელშიც შედის სკოლის დირექტორი, ხაზინადარი, დირექტორთა საბჭო და აუდიტორი.

ესტონეთი

განსხვავებული პრაქტიკაა ესტონეთში, სადაც სკოლის უმაღლესი მმართველი ორგანო სამეურვეო საბჭოა, რომლის გადაწყვეტილებების აღსრულება სავალდებულოა და რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია სასწავლო პროცესის ყველა მონაწილე. სამეურვეო საბჭო არის მუდმივმოქმედი ორგანო, რომლის ამოცანაა მოსწავლეების, მასწავლებლების, მოსწავლეთა მშობლების, კურსდამთავრებულებისა და ორგანიზაციების ერთობლივი მოქმედებით განათლებისთვის ეფექტური პირობების შექმნა, განათლებისა და ტრენინგების დაგეგმვა და მონიტორინგის სწორად წარმართვა. სკოლის დირექტორი ანგარიშვალდებულია სამეურვეო საბჭოს წინაშე. იგი ადგენს სკოლის სახელფასო სტრუქტურის პრინციპებს, წარუდგენს მათ მასწავლებლებსა და სამეურვეო საბჭოს. ამასთან, სკოლის სასწავლო გეგმა და მისი ცვლილებები განსახილველად წარედგინება სკოლის სამეურვეო საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობასა და განათლების საბჭოს.

ლატვია

ლატვიაშიც განათლების კანონი აწესრიგებს სასკოლო მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საკითხებს და ადგენს, რომ, სკოლებში უნდა არსებობდეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბჭოები, რომლებიც კოლეგიური ორგანოა და შედგება მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა წარმომადგენლებისაგან. გარდა ამისა, მშობელთა ჩართულობა საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავებაში უზრუნველყოფილია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზეც, სკოლის თვითმმართველი ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ლატვიაში არსებული პრაქტიკის მიხედვით, მშობელთა წარმომადგენლები (მეურვეები) უნდა შეადგენდნენ საბჭოს უმრავლესობას, რომელთა არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრების მიერ ხმათა უმრავლესობით. საბჭოს მოვალეობებში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული პირებისთვის გაცნობა, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველყოფა, ინტერესთა ჯგუფების შექმნა მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებელთა ჩართულობით.

გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებულ სამეფოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო საზოგადოების ჩართულობა ხორციელდება კოლეგიური საბჭოების, მმართველი ორგანოების (Governing Bodies) საშუალებით, რომლის შემადგენლობაში შედიან როგორც მშობლები, ასევე, სკოლისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. მას, საჭიროების შემთხვევაში, აქვს დამატებითი მმართველების დანიშვნისა და ცალკეული ფუნქციური საბჭოების შექმნის უფლება. ფუნქციური საბჭოები შედგება ასოცირებული წევრებისაგან, რომლებსაც არჩევს მმართველი ორგანო და ის წარმოადგენს გადაწყვეტილების მთავარ მიმღებს. მას ასევე უფლება აქვს გარკვეული პასუხისმგებლობების დელეგირება მოახდინოს სკოლის დირექტორზე. მმართველი ორგანო პასუხს აგებს სკოლის სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებასა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაზე. ამასთან, მმართველი ორგანო არ ერევა სკოლის ყოველდღიურ, რუტინულ საქმიანობაში.

აშშ

ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში საზოგადოების ჩართულობა ხორციელდება როგორც სასკოლო რაიონების (school boards of school district), ასევე კონკრეტული სკოლების დონეზე. სკოლების დონეზე მართვა ხორციელდება კოლეგიური საბჭოების მეშვეობით (Local School Councils). საბჭოს წევრი შეიძლება იყოს მშობელი, საზოგადოების წევრი, მოსწავლე, სკოლის მასწავლებელი, სკოლის დირექტორი. საბჭოს წევრობა შესაძლებელია არჩევისა და დანიშვნის გზით.

 

როგორც ვხედავთ, საერთაშორისო პრაქტიკით, სკოლის მართვის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის კუთხით მთელი რიგი განსხვავებები იკვეთება, თუმცა მათ აერთიანებთ სკოლის დეცენტრალიზაცია და ავტონომიურობა.

 

 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/tematuri-mokvleva/ganatleba/saskolo-chartuloba/tematuri_mokvleva_sazogadoebis_chartuloba_martvis_processhi.pdf

გრავიტაცია და ,,მერანი“ – ფიზიკა პოეზიაში

0

„იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მათე 5:48).

 

ტრანსდისციპლინური სწავლება გულისხმობს საგნობრივი ცოდნისა და სხვადასხვა დისციპლინის კონცეპტუალური ხედვების შერწყმას. უზრუნველყოფს ადამიანის ინტეგრალურ განათლებას, ხელს უწყობს კრიტიკულად მოაზროვნე და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებადი პიროვნების ჩამოყალიბებას. ასეთი მიდგომა ინდივიდს ამზადებს რეალური სამყაროს რთული გამოწვევებისთვის.

ტრანსდისციპლინური სწავლება შეიძლება აერთიანებდეს ლიტერატურას, ხელოვნებას, საბუნებისმეტყველო, სოციალურ მეცნიერებებს და ამ საგნებს მიღმა არსებულ რეალობას. მისი მიზანია ისეთი სასწავლო პრობლემების იდენტიფიცირება და გაანალიზება, რომლებიც სცდება ერთ დისციპლინას. გულისხმობს კონკრეტული საკითხის აბსტრაქტულ აზროვნებასთან ინტეგრირებას და მისი ახალი ფორმის ცოდნად გარდაქმნის მცდელობას.

ტრანსდისციპლინური მიდგომა ხელს უწყობს კომპლექსური ცოდნის მიღებას და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. სწავლებისას ინტეგრირდება როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკული ასპექტები. სხვადასხვა საგნობრივი გამოცდილება განიცდის სინთეზს და იღებს ახალ, ინოვაციურ ფორმას. ტრადიციული საგნობრივი საზღვრების რღვევით მოსწავლეები იძენენ ინტეგრირებული ხედვის უნარებს. ტრანსდისციპლინური სწავლება არ შემოიფარგლება მხოლოდ საგანთა პარალელური დასწავლით – ის ახალ ინტელექტუალურ ჩარჩოებსაც ქმნის.

ტრანსდისციპლინური სწავლება ეფუძნება ჰოლისტურ განათლებას. ამ ტიპის სწავლება გულისხმობს სასწავლო-სამეცნიერო მეთოდების დაუფლებას, კრიტიკულ აზროვნებას და სანდო წყაროების ამოცნობას. ის წარმოადგენს გზას საგნობრივ ცოდნასა და პიროვნულ უნარებს შორის; განაპირობებს ღიაობას, მოქნილობას და შემოქმედებითობას; ეხმარება ინდივიდს მრავალფეროვანი პროფესიული უნარების შეძენაში; ხელს უწყობს ახალგაზრდის საზოგადოების აქტიურ წევრად ჩამოყალიბებას. საგანმანათლებლო პროცესი სცდება მზა ინფორმაციის მიღების ფორმებს და ემყარება ცხოვრებისეულ, ღირებულებით განპირობებულ სწავლებას.

ფიზიკისა და ლიტერატურის, განსაკუთრებით კი ლირიკის ტრანსდისციპლინური სწავლება მოზარდს შესაძლებლობას მისცემს, სამყარო აღიქვას რეალურად და, ამასთანავე, ემოციური, ინტელექტუალური მთლიანობით. ფიზიკა შეისწავლის მატერიას, ენერგიას და მათ ურთიერთდამოკიდებულებას, ლირიკა კი მატერიალური სამყაროს სიღრმეებს მგრძნობიარე და სიმბოლური თვალით ხედავს – ისინი თითქოს ერთი და იმავე რეალობის ორ პოლუსს წარმოადგენენ.

ტრანსდისციპლინური მიდგომით სწავლება მოზარდში ხელს შეუწყობს კრიტიკული და კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბებას, ზუსტი მეცნიერებების, ლიტერატურისა და ხელოვნების საზღვრების რღვევას, რაც უპირობოდ აუცილებელია 21-ე საუკუნის განათლებისთვის. ფიზიკასა და ლირიკას შორის ხიდის გადება გააუმჯობესებს მეტაკოგნიტიურ უნარებს, გააძლიერებს თემატურ შინაარსს და ჩამოაყალიბებს მრავალწახნაგოვან ცოდნას, რომელიც მოსწავლეებს მომავლის გაურკვეველ გამოწვევებთან გამკლავების უნარს შესძენს.

მრავალი ადამიანის წარმოდგენით, ფიზიკა მშრალი საგანია და მხოლოდ ფორმულების მექანიკურ დამახსოვრებასა და ამოცანების ამოხსნას უკავშირდება. ამგვარი შეხედულება ზღუდავს ამ დისციპლინის რეალურ ღირებულებას. ფიზიკა გაცილებით მეტია, ვიდრე მოვლენების მათემატიკური ფორმულებით დაზუსტება – ის კვლევებისა და აღმოჩენების მეცნიერებაა, რომელიც სამყაროს არსის შესახებ პასუხების პოვნაში გვეხმარება. ფიზიკური კანონზომიერებების ფორმულებით ჩაწერა საშუალებაა, მათემატიკური სიზუსტით ჩამოვაყალიბოთ და გავიაზროთ ბუნების ის პროცესები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას მართავს. ბუნებისმეტყველების სწავლება არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებზე, არამედ იმაზეც უნდა იყოს ორიენტირებული, თუ როგორ სამყაროში ვცხოვრობთ, როგორ ურთიერთქმედებს ყველაფერი ერთმანეთთან და რა პასუხისმგებლობა ეკისრება ამ პროცესში ჰომო საპიენსს – ადამიანს. ასეთი მიდგომებით უნდა გაამთლიანოს მოსწავლემ მეცნიერულად დასაბუთებული თეორიები და რეალობა, რაც ცოდნას ცოცხალ გამოცდილებად გადააქცევს.

სამყაროში არსებული ყველა ობიექტი, ადამიანი იქნება ეს, პლანეტა თუ ვარსკვლავი, მატერიისგან შედგება. მატერია განიმარტება როგორც ნებისმიერი სუბსტანცია, რომელსაც აქვს მასა და იკავებს სივრცეს. ფიზიკოსთა დაკვირვებით, სამყაროში არსებობს ისეთი იდუმალი ფორმები, როგორიცაა ბნელი მატერია და ბნელი ენერგია, რომელთა ზუსტი ბუნების დასადგენად მეცნიერება ჯერ კიდევ მუშაობს.

ფიზიკაში მატერიის გაგება ხდება ორი ფორმითნივთიერება და ველი. ნივთიერება წარმოადგენს ლოკალიზებულ ობიექტებს, მაგალითად, ატომებსა და მოლეკულებს, ხოლო ველები – გრავიტაციული ან ელექტრომაგნიტური – აღწერს ურთიერთქმედებას მათ შორის. გრავიტაცია სწორედ ასეთი ველია – მას არ გააჩნია ფიზიკური ფორმა, თუმცა მისი მოქმედება საგნების ადგილმდებარეობის ცვლილებაზე აშკარაა და შესამჩნევი.

ნივთიერება არის არსებული „საგანი“, ხოლო ველი არის ამ საგნებს შორის „ურთიერთქმედების“ შესაძლებლობა. მარტივი ანალოგიაა ბურთის (ნივთიერების) და მის მიერ დედამიწის მხრიდან ,,განცდილი“ გრავიტაციული ველის (ველის) ურთიერთქმედება. ბურთი არსებობს და გრავიტაცია, თუმცა ის ფიზიკური ობიექტი არ არის, გავლენას ახდენს ბურთის მოძრაობაზე.

გრავიტაციული ურთიერთქმედებით ობიექტები ერთმანეთს იზიდავენ. გრავიტაცია განაპირობებს, რომ ადამიანები მიწაზე ვდგავართ, პლანეტები კი ორბიტებზე მოძრაობენ. რაც უფრო დიდია ობიექტის მასა, მით უფრო ძლიერია მისი გრავიტაციული ზემოქმედება. გრავიტაცია მოქმედებს არა მხოლოდ მასის მქონე სხეულებზე, არამედ სინათლეზეც, რაც დასაბუთდა აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიით (გრავიტაციული ლინზირება). თუ ფარანს ზემოთ მიმართავთ, გრავიტაციის გავლენით სინათლე უფრო წითელი გახდება, რაც ადასტურებს სინათლის სწორხაზოვნებიდან გადახრას. ეს ცვლილება თვალისთვის უხილავია, მაგრამ მეცნიერებს შეუძლიათ მისი გაზომვა. შავი ხვრელები ამ ძალის უკიდურეს გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს – მათი გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.

გრავიტაცია აკავშირებს სამყაროს მთლიან სტრუქტურას. ის განსაზღვრავს პლანეტების მოძრაობას, სიცოცხლის პირობებს დედამიწაზე, ოკეანეების მიქცევასა და მოქცევას. ნივთიერ ობიექტთა შორის გრავიტაციული ურთიერთქმედება ადასტურებს არამატერიალური ფიზიკური ველის რეალურობას.

გრავიტაცია სიმბოლურად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანების ერთმანეთთან დამაკავშირებელ ძალად. ის ჰგავს სიყვარულსა და ემოციურ მიჯაჭვულობას, იმ შინაგან მიზიდულობას, რაც იწვევს ადამიანებში ურთიერთგაგებისა და სიღრმისეული კავშირის განცდას. „სიყვარულის გრავიტაცია“ უხილავია, მაგრამ მოქმედებს ისევე შეუქცევადას და მძლავრად, როგორც მატერიალური სამყაროს გრავიტაციული ველი. ამგვარი მეტაფორა საშუალებას გვაძლევს, ფიზიკური და სულიერი გამოცდილებები ერთიან სემიოტიკურ კონტექსტში განვიხილოთ.

გრავიტაცია ასევე შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც შინაგანი იმპულსი, რომელიც ადამიანებს მიმართავს მიუწვდომლისკენ, უღვივებს სრულყოფილებისკენ სწრაფვის სურვილს. ასეთი მიზიდულობა ადამიანს მატერიალურობაზე ამაღლებს და სულიერ სამყაროსთან აახლოებს. ზეციურისკენ სწრაფვა კი გულისხმობს არა მარტო სურვილს, არამედ შიგნიდან მომდინარე ლტოლვას, იმ ჰარმონიისა და ჭეშმარიტებისკენ სწრაფვას, რომელსაც ყოველი სულიერი შინაგანად ეძებს.

ადამიანის სიცოცხლე ორი ზეგავლენით წარიმართებაფიზიკური და სულიერი მიზიდულობით. ბიოლოგიური ყოფიერების საფუძველია გრავიტაცია, დედამიწის მიზიდულობის ძალა, რომელიც სხეულს მატერიალურ სამყაროში აკავებს. პარალელურად არსებობს ადამიანის თანდაყოლილი კავშირი ზეცასთან – სულიერი მიზიდულობა, რომელისკენაც ისწრაფვის მისი გონება, განცდა და ემოციები. ეს მიზიდულობა წარმოადგენს ამოუცნობის შეცნობის სურვილს, ჭეშმარიტების ძიებას, ანუ იმ ღირებულებებისკენ სწრაფვას, რომლებიც სცილდება სხეულს და მიწიერ აზროვნებას, აბსტრაქტულ ფიქრებს და რწმენას უკავშირდება. ალბათ ყველას განუცდია ტკბობა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ცქერისას, ამოუცნობისკენ ლტოლვა… თითქოს „მოკავშირეებს“ სადღაც იქ, ზეცაში ვეძებთ.

ადამიანის ბუნება ორგვარიამიწიერი და ზეციური. ფიზიკა იკვლევს ობიექტის კანონზომიერებებს, ლიტერატურა კი აღწერს, აანალიზებს გონების სულიერ მდგომარეობას და აზროვნების ტრანსფორმაციას. ერთიან ჭრილში, ტრანსდისციპლინური ხედვით მათი სწავლება დაეხმარება ინდივიდს, სრულად აღიქვას სამყაროში თავისი როლი და ადგილი. სწავლების მსგავსი ფორმატი შესაძლებელს გახდის მოზარდისთვის სამყაროს როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ბუნების ინტეგრირებულად გააზრებას.

წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ ტრანსდისციპლინური მიდგომის საინტერესო ილუსტრაციას – ფიზიკას პოეზიაში, კერძოდ, გრავიტაციას დამერანს“.  ვფიქრობ, ფიზიკასთან კავშირში ამგვარი ტექსტების ანალიზი ხელს შეუწყობს ცოდნის კომპლექსურ და სიღრმისეულ გააზრებას და თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკაში ინოვაციური მეცნიერულ-ფილოსოფიური თვალსაზრისის ჩამოყალიბებას.

გრავიტაცია პოეზიაში შეიძლება განვიხილოთ მეტაფორად, შინაგანი დაბრკოლებებისა და ადამიანური „სიმძიმის“ სიმბოლოდ. „მერანში“ გრავიტაცია გვესახება ძალად, რომელსაც პოეტის გმირი უსასრულობისკენ სულიერი სწრაფვით ეწინააღმდეგება. ეს სტატია სწორედ ამ კავშირის ძიებაა – როგორ შეიძლება, ფიზიკა გახდეს პოეზიის ნაწილი და პირიქით.

გრავიტაცია წარმოადგენს სამყაროს ერთ-ერთ ფუნდამენტურ ურთიეთქმედებას, რომელიც განაპირობებს ობიექტის სტრუქტურას, ინარჩუნებს პლანეტებს ორბიტებზე და ქმნის სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას. ამ ფიზიკური ახსნის მიღმა, ფილოსოფიური თვალთახედვით, გრავიტაციის აღქმა შესაძლებელია მეტაფორულად და სემიოტიკურ სიმბოლოდ როგორც ადამიანის სულის, უზენაესისკენ მისწრაფების გამოხატულება.

პოეზიაში გრავიტაცია სემიოტიკური თვალსაზრისით წარმოადგენს სიმბოლურ კოდს. მისი „მიზიდულობა“ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც შინაგანი, ფსიქოლოგიური ძალა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის მიერ არსებული რეალობიდან გაქცევის სურვილს, სულიერ თავისუფლებას და ზეციური სრულყოფილებისკენ სწრაფვას.

ფილოსოფიურ ჭრილში გრავიტაცია შეიძლება განვიხილოთ როგორც სამყაროს მთლიანობის პრინციპი, რომელიც არა მხოლოდ მატერიალურ სხეულებს აკავშირებს სივრცეში, არამედ მოიცავს სრულყოფილებას, სადაც მიწიერი და ზეციური, ფიზიკური და სულიერი არ არის განცალკევებული. სწორედ აქ ჩნდება „უზენაესის“ იდეა, რომელიც აღემატება ფიზიკის კანონებს და წარმოადგენს კაცობრიობის ღრმა სულიერი ძიების საგანს. ამ კონცეფციით, უზენაესი არის სამყაროს ცენტრი, საწყისი და საბოლოო მიზანი – „ანი“ და „ჰოე“, რომელსაც ემსახურება სხეულისა და სულის ყოველი იმპულსი.

ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“, ასახავს ადამიანის ზეციური მისწრაფებების, ამოუცნობის შეცნობისა და პიროვნული თავისუფლების იდეას. „მერანი“ თავისი სულიერი ენერგიითა და ფილოსოფიური სიმაღლით სცდება სიტყვიერ მხატვრულობას და უახლოვდება იმ შემეცნებას, რომელსაც თანამედროვე მეცნიერება ჯერ მხოლოდ შეეხო: სად ებმის სხეული და სული, მიწიერი და ზეციური, რა არის ადამიანი სივრცესა და დროს შორის, მატერიასა და აზრს შორის.

რა არის მერანი და რატომ ან საით მიაფრენს თავის მხედარსუგზოუკვლოდ“? ყველა ადამიანშია მერნის სიმბოლური სახე და მსგავსი სწრაფვა. ეს ზეციური, მაგრამ უმისამართო სწრაფვა არ დასრულდება, სანამ სულიერი მთავარ ჭეშმარიტებას არ შეიტყობს. სამყაროს შემქმნელი მუდმივად „უხმობს“ თავის შექმნილს. სწორედ ეს არის სიცოცხლის მიზანი. ამ დროს უზენაესისა და კაცის თავისუფალი ნება ერთდება და ყალიბდება მისტიკური ჰარმონია. სამყაროს სწრაფვა მისი შემქმნელისკენ არის ჭეშმარიტებისა და სრულყოფილების გზა.

„მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ“ – ადამიანის გზა არც მხოლოდ დროა და არც მხოლოდ სივრცე. ის დრო-სივრცეა, რომელში სრბოლის დროსაც კაცმა უნდა დაძლიოს დროითა და სივრცით თავისი შემოსაზღვრულობა. მომდევნო წამისკენ სწრაფვა გულისხმობს სრულყოფილების ძიების დაუოკებელ სურვილს. ის, ვინც ადამიანს მერანს უგზავნის სულში, ყოველთვის უჩვენებს მართებულ გზას, ოღონდ უტოვებს არჩევანის თავისუფლებას.

მერნის ჭენებას „არ აქვს სამძღვარი“ – ამ გზაზე არ არსებობს სხვა არჩევანი. ის ერთადერთი გზაა და მასთან შედარებით ყველა სხვა არარაობაა. ყველაფერს ეკარგება აზრი, სამშობლოს, სატრფოს, მშობელს და ყველა ამქვეყნიურ კავშირს.

,უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი“ – ადამიანში არის მერანიც და ყორანიც, რომელიც ეშმიური დაბრკოლებაა ადამის მოდგმის განვითარებისა და ჭეშმარიტების გზაზე. ორივე ბუნებაა თითოეულ პიროვნებაში. და ორი გზა – ზესკნელის და ქვესკნელის. უზენაესის გზიდან გადახვევა ადამიანს კოსმიურ არარაობად აქცევს. ადამიანის განღმრთობის იდეა ამ შემთხვევაში მიუღწეველი და განუხორციელებელი დარჩება.

„მერანი“ გამორჩეულია თავისი მეტაფიზიკური დატვირთვით, ის წარმოადგენს ორი ბუნების – ფიზიკური (მიწიერი) და სულიერი (ზეციური) დაძაბულობის და ჰარმონიულობის ერთობლიობას. „მერანი“ არა მხოლოდ პოეტური ტექსტია, არამედ სემიოტიკური სივრცეც, სადაც გრავიტაცია გვევლინება მეტაფორულ სიმბოლოდ, რომელიც გამოხატავს როგორც ადამიანის ყოფით შეზღუდვებს, ისე მის დაუღალავ სწრაფვას თავისუფლების, სრულყოფილებისა და ზეციური, კოსმიური ლოგიკისკენ.

გრავიტაცია არ „გვიკრძალავს“ ფრენას, მაგრამ, იმავდროულად, „გვიცავს“, არ გვაძლევს საშუალებას, ვიფრინოთ უკონტროლოდ, დავკარგოთ კავშირი არსებულთან. მერანი, უსასრულობისკენ თავისი სწრაფვით და იმავდროულად ტრაგიკული შეჭიდებით მიწასთან, არის სწორედ ის მდგომარეობა, სადაც ხორციელი და სულიერი, ადამიანური და ზეციური, ერთდროულად თანაარსებობს.

ერთი წამით წარმოვიდგინოთ, დედამიწამ ბრუნვა რომ შეწყვიტოს საკუთარი ღერძის და მზის გარშემო იმ კანონზომიერებით, რასაც გრავიტავია განაპირობებს. რა რეალობა დადგებოდა? ეს ცვლილება ჩვენს სამყაროს რადიკალურად შეცვლიდა: დღე და ღამე, როგორც ცვლადი რიტმი, აღარ იარსებებდა; დედამიწის ერთი მხარე მუდამ მზიანი იქნებოდა, მეორე კი ბნელ, გაცივებულ სივრცეში აღმოჩნდებოდა. ასეთ გარემოში სიცოცხლის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი გახდებოდა. გრავიტაციის კანონზომიერების დარღვევის შემთხვევაში დედამიწის სტრუქტურა, ატმოსფერო და თავად სიცოცხლის ფორმებიც ვერ იარსებებდნენ ისე, როგორც დღეს. ნიადაგი, წყალი და ჰაერიც კი ვერ შენარჩუნდებოდა პლანეტის ზედაპირზე. სხეულები დაიწყებდნენ სივრცეში უწონო მოძრაობას. ადამიანური ცივილიზაცია, რომელიც დროის რიტმზეა აგებული, დღე-ღამე, წელიწადის დროები, სიმძიმე, წონასწორობა – ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა. გრავიტაცია არა მხოლოდ მატერიის, არამედ სიცოცხლისა და ცოცხალი ორგანიზმების ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა. იმავე ლოგიკით, „სულიერი გრავიტაცია“ როგორც შინაგანი მიზიდულობის ძალა აუცილებელია ჩვენი ემოციური მდგრადობისთვის, ღირებულებითი ორიენტაციისა და იმ მისწრაფებებისთვის, რომლებიც ადამიანის გონებასა და სულს უზენაესისკენ მიმართავს.

გრავიტაცია ფიზიკაში მატერიის ერთ-ერთი ძირითადი ურთიერთქმედებაა, რომელიც უზრუნველყოფს სამყაროს სტაბილურობას და სიცოცხლეს დედამიწაზე. იმავდროულად, ის ემოციური და სიმბოლური მნიშვნელობებითაც იტვირთება, ადამიანისთვის „მიზიდულობა“ შეიძლება ასოცირდებოდეს ბორკილთან, დაბრკოლებასთან, სულიერ ტვირთთან, რომლისგანაც გაქცევაა სწორედ სურვილი, ამიტომ გვესახება გრავიტაცია „მერანში“ მეტაფორად. ადამიანი როგორც მერნის მხედარი მუდამ იმპულსს ეძებს, რომელიც მას ამ მიზიდულობისგან გაათავისუფლებს – ეს თავისუფლების, სულიერი „ფრენის“, აზროვნების სივრცეში გახსნის სურვილია.

გრავიტაცია ობიექტის ადგილმდებარეობას მაშინ ცვლის, როცა ურთიერთქმედი სხეულებიდან ერთს მაინც აქვს მნიშვნელოვნად დიდი მასა – სწორედ ის ქმნის მძლავრ მიზიდულობას. ანალოგიურად, „სულიერი გრავიტაციაც“ მაშინ ვლინდება მძაფრად, როცა ადამიანს ღრმა შინაგანი სამყარო, აზრის სიღრმე და ემოციური სიმტკიცე აქვს. ეს მიზიდულობა თვალისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ ისევე მოქმედებს ადამიანებზე, როგორც გრავიტაცია სივრცეში, უხილავად, მაგრამ გარდაუვლად.

მერნის დაუოკებელი სწრაფვა მიუწვდომელი სივრცეებისკენ, მისი თავგანწირული ლტოლვა ჭეშმარიტებისკენ შეიძლება განვიხილოთ როგორც ადამიანის გონების ფუნდამენტური თვისების სიმბოლო. ადამიანები ხშირად „იხლართებიან“ ამქვეყნიურ საზრუნავში, მაგრამ უალტერნატივოა მათი დაუოკებელი ლტოლვა იმ საბოლოო ჭეშმარიტების ძიებაში, რომელიც ცხოვრებას აზრს ანიჭებს და ეძიებს სიმართლის კავშირებს. ღრმა ფილოსოფიური უეჭველობაა, რომ ყოველი ინდივიდი, მისი ცხოვრებისეული გზის მიუხედავად, საბოლოოდ მისწრაფვის იმ „უზენაესისკენ“, რომელიც სამყაროს ჰარმონიის სათავეს წარმოადგენს. სულიერი გრავიტაციაშეიძლება განიმარტოს როგორც მორალური სრულყოფილებისკენ სწრაფვა ან ტრანსცენდენტური ძიების წყურვილი.

ადამიანის არსში, განურჩევლად მისი წარმომავლობისა და მრწამსისა, დევს უხილავი, მაგრამ ძლიერი მიზიდულობა უმაღლესი საწყისისკენ. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ყველა მიილტვის აბსოლუტური ჭეშმარიტებისა და სილამაზისკენ, ფიზიკურად იმ შორეულ უზენაესისკენ, რომელიც ასე ახლოსაა ჩვენს სულიერთან. ეს მიზიდულობა შეიძლება იყოს ფარული, ლატენტური, მაგრამ ყოველთვის წარმართავს ყველა ქმედებას, არჩევანსა და საბოლოო მიზანს, რელიგიური რიტუალები იქნება ეს, ეთიკური პრინციპების დაცვა, შემოქმედებითი ძიება თუ უბრალოდ ბედნიერებისკენ ლტოლვა, მაინც ყველაფერი ერთი დიდი სწრაფვის გამოძახილია – მივაღწიოთ იმ უმაღლეს წერტილს, სადაც სრულყოფილება და მარადიული ჰარმონია სუფევს.

შეიძლება დავსვათ კითხვა: საკმარისია თუ არა, მხოლოდ ფიზიკური კანონებით შევისწავლოთ სამყარო? მაგალითად, გრავიტაცია, როგორც მატერიის ურთიერთმიზიდულობის ფუნდამენტური ძალა, უდავოდ უყრის საფუძველს სამყაროს სტრუქტურულ ორგანიზაციას, მაგრამ არის ეს საკმარისი ყოველივეს გასააზრებლად? როდესაც აღვიქვამთ არა მხოლოდ მატერიას, არამედ განვიცდით ადამიანურ გრძნობებს – სიყვარულს, თავისუფლების ძიების წყურვილს, ზეცისადმი სწრაფვას, ჩნდება განცდა, რომ სამყაროს აქვს უფრო ღრმა, სულიერი განზომილებაც. ამ ჭრილში გრავიტაციის ცნება შეიძლება მეტაფორულად გადავიტანოთ სულიერ მიზიდულობაზე, იმ შინაგან იმპულსზე, რომელიც ადამიანს უბიძგებს, ეძებოს უზენაესი აზრი და მთლიანობა. ამგვარად, ფიზიკური და სულიერი კი არ გამორიცხავს ერთმანეთს, არამედ ავსებს და შესაძლოა, სწორედ მათი შერწყმით მივუახლოვდეთ სამყაროს საბოლოო ბუნების ამოცნობას.

სტატიაში განხილული მოსაზრება დაგვაფიქრებს, რომ ფიზიკის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, პოეზიისა და ფილოსოფიის ინტეგრაცია ქმნის ტრანსდისციპლინური სწავლების პოტენციალს, ამთლიანებს მეცნიერულ და სულიერ აზროვნებას, გვაძლევს მიმართულებას, სამყარო შევიმეცნოთ არა მხოლოდ როგორც ობიექტები და მათი ურთიერთქმედება, არამედ როგორც სიცოცხლის არსის, მისწრაფებებისა და ჭეშმარიტების მუდმივი ძიების შესაძლებლობა.

გრავიტაციული მიზიდულობა და სამყაროს სრულყოფილების როგორც შეუცნობლის შეცნობის წყურვილი წარმოადგენს ერთი მთლიანის ორ პოლუსს. ამ საზრისის ერთიან ჭრილში ხედვით გრავიტაცია იღებს მეტაფორულ დატვირთვას, პოეზიისა და ფილოსოფიის ენაზე გამოხატავს ადამიანის მისწრაფების სურვილს ჰარმონიისა და ჭეშმარიტებისკენ.

სემიოტიკურფილოსოფიურ ხედვით, გრავიტაცია არ არის მხოლოდ სამყაროს აღწერის ფუნდამენტური ფიზიკური კანონი, არამედ წარმოადგენს ინტელექტუალურ და ემოციურ ხიდს მატერიალურ სამყაროსა და სულიერ საწყისს შორის. ამ რთული ურთიერთდამოკიდებულების გააზრება დასახავს ტრანსდისციპლინური სწავლების უნიკალურ პერსპექტივას, სადაც მეცნიერება და ფილოსოფია ერთიან, სინერგიულ სისტემას შექმნიან და დადებით გავლენას მოახდენენ საგანმანათლებლო პროცესზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ge – გია მურღულია: ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის“ გენიალური განმარტება

https://rb.gy/190saj

 

  1. NASA – What Is Gravity?

https://rb.gy/cd4m36

  1. Utrecht University – Transdisciplinary Field Guide

 

https://rb.gy/ag76oq

წიგნი და მკითხველი

0

ყოველთვის, როდესაც წიგნს ვშლით, ჩვენ ვიწყებთ უჩვეულო მოგზაურობას. ეს არის მოგზაურობა არა მხოლოდ ავტორის გონებაში, არამედ ჩვენს საკუთარ სამყაროშიც. თითოეული სიტყვა, წინადადება და აბზაცი ჩვენში აღძრავს ემოციებს, აზრებს და ასოციაციებს, რომლებიც უნიკალურია ჩვენთვის. მაგრამ როგორ გამოვხატოთ ეს რთული და მრავალფეროვანი გამოცდილება? როგორ ვუთხრათ სხვებს (და საკუთარ თავს), რას ვგრძნობთ და რაზე ვფიქრობთ, როდესაც ვკითხულობთ?

ლიტერატურული თეორიები გვთავაზობენ გზებსა და საშუალებებს, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ტექსტის გასაანალიზებლად და ჩვენი რეაქციის გამოსახატავად. ამ ამბავში  ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური რამ “მკითხველის რეაქციის თეორიაა”, რომელიც 1960-70-იან წლებში განვითარდა.

ამ თეორიის მიხედვით, ტექსტის მნიშვნელობა არ არის ფიქსირებული ან უნივერსალური. პირიქით, იგი იქმნება მკითხველის მიერ კითხვის პროცესში. როგორც ლუიზ როზენბლატი, ამ თეორიის ერთ-ერთი პიონერი, აღნიშნავდა: „პოემა [ან ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები] არის ის, რასაც მკითხველი გამოცდის“.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ინტერპრეტაცია თანაბრად ვალიდურია. სტენლი ფიში, კიდევ ერთი გავლენიანი თეორეტიკოსი ამ სფეროში, გვთავაზობს „ინტერპრეტაციული საზოგადოებების“ იდეას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წაკითხვები ფორმირდება იმ კულტურული და სოციალური კონტექსტით, რომელშიც ვცხოვრობთ.

ამრიგად, როდესაც ტექსტის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას გამოვხატავთ, ჩვენ არა მხოლოდ ვაანალიზებთ ტექსტს, არამედ ვიკვლევთ საკუთარ თავს და იმ სოციოკულტურულ გარემოს, რომელშიც ვარსებობთ.

მწერლები, რომლებმაც თავად შექმნეს უკვდავი ნაწარმოებები, ხშირად გვთავაზობენ უნიკალურ ხედვას, თუ როგორ უნდა წავიკითხოთ და გავიაზროთ ლიტერატურა.

ვლადიმირ ნაბოკოვი, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ როგორც მწერალი, არამედ როგორც ლიტერატურის პროფესორიც, ამბობდა: „კარგი მკითხველი, დიდი მკითხველი, აქტიური და შემოქმედებითი მკითხველი არის ხელახლა მკითხველი“. ის გვირჩევდა, რომ წიგნებს მივახლოებოდით არა მხოლოდ გულით, არამედ გონებითაც, ყურადღებით დაკვირვებოდით დეტალებს და გვეძებნა კავშირები.

ვირჯინია ვულფი კი გვთავაზობს, კითხვა უფრო ინტუიციური პროცესი იყოს. მისი აზრით, „ჩვეულებრივი მკითხველი“ კითხულობს საკუთარი სიამოვნებისთვის, ყოველგვარი აკადემიური ან კრიტიკული მიზნის გარეშე. ვულფი წერს: „კითხვის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ იყო ღია, მგრძნობიარე და მზად შთაბეჭდილებების მისაღებად“.

ეს ორი მიდგომა – ანალიტიკური და ინტუიციური – არ არის ურთიერთგამომრიცხავი. პირიქით, შეიძლება, ისინი ერთდროულად გამოვიყენოთ, რათა მივიღოთ მდიდარი და მრავალმხრივი გამოცდილება კითხვისას.

წიგნში „თუ ზამთრის ღამეს მოგზაური“ იტალო კალვინო გვთავაზობს კიდევ ერთ პერსპექტივას. ის წერს: „კითხვა არის ინდივიდუალური აქტი, უფრო ინტიმური, ვიდრე რამე სხვა. წიგნის კითხვისას ჩვენ მარტო ვართ ავტორთან, მხოლოდ ჩვენ და ის“. ეს გვახსენებს, რომ ტექსტზე ჩვენი რეაქცია ძალიან პირადი და უნიკალურია.

როგორც ვხედავთ, დიდი მწერლები გვთავაზობენ სხვადასხვა გზას ტექსტთან ურთიერთობისთვის – ანალიტიკურს, ინტუიციურს და პირადს. ჩვენი გამოწვევაა, ვიპოვოთ ბალანსი ამ მიდგომებს შორის და შევქმნათ კითხვისა და რეაგირების საკუთარი, უნიკალური მეთოდი.

ლიტერატურული თეორიები და დიდი მწერლების მოსაზრებები მნიშვნელოვან საფუძველს გვაძლევს, მაგრამ როგორ გამოიყურება კითხვა და ტექსტზე რეაგირება ყოველდღიურ ცხოვრებაში?

საინტერესოა, რომ ბევრი მკითხველი ინტუიციურად იყენებს იმ მეთოდებს, რომლებსაც თეორეტიკოსები და მწერლები გვთავაზობენ. მაგალითად, წიგნის კლუბები, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება „ინტერპრეტაციული საზოგადოებების“ ფორმირება რეალურ ცხოვრებაში.

ერთ-ერთი გავრცელებული პრაქტიკაა „აქტიური კითხვა“ – პროცესი, როდესაც მკითხველი აკეთებს ჩანაწერებს, ხაზს უსვამს მნიშვნელოვან პასაჟებს ან წერს კომენტარებს წიგნის გვერდებზე. ეს მეთოდი ეხმიანება ნაბოკოვის იდეას „ხელახლა კითხვის“ შესახებ და ეხმარება მკითხველს, უფრო ღრმად ჩაერთოს ტექსტში.

კიდევ ერთი საინტერესო ტენდენციაა „მოგზაურობა ლიტერატურის კვალდაკვალ“. მკითხველები ხშირად სტუმრობენ ადგილებს, რომლებიც აღწერილია მათ საყვარელ წიგნებში ან ეძებენ რეალურ ლოკაციებს, რომლებმაც შთააგონა ავტორები. ეს პრაქტიკა აჩვენებს, როგორ შეუძლია ლიტერატურას, გავლენა მოახდინოს ჩვენს რეალურ ცხოვრებაზე და პირიქით.

2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 86% იყო წიგნიერი. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე ოდესმე, შეუძლია წაიკითხოს და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ტექსტების მიმართ.

საინტერესოა, რომ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ნაბეჭდი წიგნები კვლავ პოპულარულია. Pew Research Center-ის კვლევის თანახმად, ამერიკელების 65%-მა წაიკითხა ნაბეჭდი წიგნი გასული წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც ელექტრონული წიგნების მკითხველთა რაოდენობა 28% იყო.

გლობალურად, ადამიანები წელიწადში საშუალოდ 10 წიგნს კითხულობენ, თუმცა ეს რიცხვი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, ინდოეთში საშუალო მაჩვენებელი 10.42 წიგნია, ხოლო თურქეთში – 5.54.

ეს სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ, მიუხედავად ტექნოლოგიური ცვლილებებისა, კითხვა კვლავ რჩება ადამიანების ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად, თუმცა ის იმაზეც მიუთითებს, რომ კითხვის გამოცდილება და პრაქტიკა მნიშვნელოვნად განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანასა და კულტურაში.

დღევანდელ სამყაროში, სადაც ინფორმაცია თითის წვერზეა, კითხვის პროცესი და ტექსტზე რეაგირება ახალ გამოწვევებს ეჯახება.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ყურადღების დეფიციტია. სოციალური მედიისა და მოკლე ფორმის კონტენტის ეპოქაში ბევრ მკითხველს უჭირს კონცენტრაცია ვრცელ ტექსტებზე. ეს იწვევს „ზედაპირულ კითხვას“ – პრაქტიკას, როდესაც მკითხველი სწრაფად გადაავლებს თვალს ტექსტს, ნაცვლად იმისა, რომ ღრმად ჩაუფიქრდეს მას.

მეორე მხრივ, ციფრულმა ტექნოლოგიებმა შექმნა ახალი შესაძლებლობებიც. ელექტრონული წიგნები საშუალებას აძლევს მკითხველებს, სწრაფად მოძებნონ ციტატები, გააკეთონ ჩანიშვნები და პირდაპირ ტექსტიდან გაუზიარონ თავიანთი აზრები სხვა მკითხველებს. ეს ხელს უწყობს კითხვის უფრო ინტერაქციულ და კოლაბორაციულ გამოცდილებას.

აუდიოწიგნების პოპულარობის ზრდა კიდევ ერთი საინტერესო ტენდენციაა. ეს ფორმატი საშუალებას აძლევს ადამიანებს, „იკითხონ“ წიგნები ისეთ სიტუაციებში, სადაც ტრადიციული კითხვა შეუძლებელია. თუმცა ეს ასევე ბადებს კითხვებს იმის შესახებ, რით განსხვავდება აუდიოწიგნის მოსმენის გამოცდილება ვიზუალური კითხვისგან. აუდიოწიგნების ფართო არჩევანს გვთავაზობს ახლა უკვე ფართოდ ცნობილი „საბა“ და „გუდა“.

ინტერნეტმა ასევე შექმნა ახალი პლატფორმები ლიტერატურული დისკუსიებისთვის. ონლაინფორუმები, ბლოგები და სოციალური მედიაპლატფორმები საშუალებას აძლევს მკითხველებს, გაუზიარონ თავიანთი აზრები და ინტერპრეტაციები გლობალურ აუდიტორიას. ეს აფართოებს „ინტერპრეტაციული საზოგადოებების“ კონცეფციას და ქმნის ახალ, ვირტუალურ სივრცეებს ლიტერატურული დისკურსისთვის. ასეთებია, მაგალითად, ფეისბუქ- და ინსტაგრამგვერდები „მკითხველთა ლიგა“, „ წიგნის ჭიები“ და სხვა. ჯგუფის წევრები აქტიურად განიხილავენ წაკითხულ და წასაკითხ  წიგნებს.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა და ცვლილებებისა, კითხვის არსი – ტექსტთან პირადი კავშირის დამყარება და მასზე რეაგირება – უცვლელი რჩება. თანამედროვე მკითხველის გამოწვევაა, იპოვოს ბალანსი ახალ ტექნოლოგიებსა და კითხვის ტრადიციულ პრაქტიკას შორის, რათა შეინარჩუნოს ღრმა და მნიშვნელოვანი კავშირი ლიტერატურასთან.

სიტყვების სამყაროში ჩვენი მოგზაურობა გვიჩვენებს, რომ კითხვა არ არის პასიური პროცესი. ეს არის დიალოგი ავტორსა და მკითხველს შორის, სადაც ორივე მხარე თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენი რეაქცია, ჩვენი დამოკიდებულება ტექსტის მიმართ არის ის, რაც ამ დიალოგს აცოცხლებს და მნიშვნელობას ანიჭებს.

ნაბოკოვი გვირჩევს, ვიყოთ ყურადღებიანი და ანალიტიკური მკითხველები, მაშინ როცა ვულფი ხაზს უსვამს ინტუიციური, ემოციური კითხვის მნიშვნელობას, კალვინო კი შეგვახსენებს, რომ კითხვა ღრმად პირადი გამოცდილებაა.

 

და მაინც, როგორ შეიძლება გამოხატოს მკითხველმა თავისი დამოკიდებულება ტექსტის მიმართ?  ამისთვის შემიძლია რამდენიმე პრაქტიკული რჩევა გაგიზიაროთ:

  1. იყავით აქტიური მკითხველი: გააკეთეთ ჩანიშვნები, მონიშნეთ მნიშვნელოვანი პასაჟები, დასვით კითხვები ტექსტის კითხვისას. ეს დაგეხმარებათ, უფრო ღრმად ჩაერთოთ ტექსტში და დაამყაროთ მასთან პირადი კავშირი.
  2. გააანალიზეთ თქვენი რეაქციები: დაფიქრდით, რატომ გრძნობთ იმას, რასაც გრძნობთ ტექსტის კითხვისას. რა გამოცდილება ან რწმენა განაპირობებს თქვენს რეაქციებს?
  3. გაუზიარეთ თქვენი აზრები სხვებს, შეუერთდით წიგნის კლუბს ან ონლაინ ფორუმს. სხვისი პერსპექტივის დანახვა და თქვენი აზრების გაზიარება დაგეხმარებათ, გააფართოოთ თქვენი გაგება და ინტერპრეტაცია.
  4. მოსინჯეთ კითხვის სხვადასხვა მეთოდით: სცადეთ „ნელი კითხვა“, რომლის დროსაც ყურადღებით აანალიზებთ ყოველ წინადადებას, მერე კი, პირიქით, იკითხეთ სწრაფად, რათა მიიღოთ ზოგადი შთაბეჭდილება. შეადარეთ ეს ორი გამოცდილება.
  5. დაწერეთ. წერა აზრების ორგანიზებისა და დახვეწის ძლიერი ინსტრუმენტია. სცადეთ, დაწეროთ მოკლე მიმოხილვა, ესე ან უბრალოდ გააკეთოთ პირადი ჩანაწერები თქვენი კითხვის გამოცდილების შესახებ.
  6. დაუკავშირეთ ტექსტი თქვენს ცხოვრებას: იფიქრეთ, რა მხრივ ეხმიანება ის, რასაც კითხულობთ, თქვენს პირად გამოცდილებას ან მიმდინარე მოვლენებს. ეს დაგეხმარებათ დაამყაროთ ტექსტთან უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი კავშირი.
  7. გონივრულად გამოიყენეთ ტექნოლოგიები: ელექტრონული წიგნების ჩანიშვნის ფუნქცია ან აუდიოწიგნები, მაგრამ ნუ დაივიწყებთ ტრადიციული, ფოკუსირებული კითხვის ღირებულებას.
  8. გახსოვდეთ კონტექსტი: გაითვალისწინეთ ტექსტის ისტორიული, კულტურული და სოციალური კონტექსტი, მაგრამ ასევე აღიარეთ თქვენი საკუთარი კონტექსტის გავლენა თქვენს ინტერპრეტაციაზე.
  9. ღია იყავით ახალი ინტერპრეტაციებისთვის: ნუ ეცდებით, იპოვოთ ერთი „სწორი“ მნიშვნელობა. კარგი ლიტერატურა ხშირად მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
  10. დაუბრუნდით ტექსტს: დროთა განმავლობაში ჩვენი პერსპექტივა იცვლება. ხელახლა წაკითხვა შესაძლოა იქცეს გამაოგნებელ გამოცდილებად, რომელიც გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა ჩვენი დამოკიდებულება ტექსტის მიმართ.

ამგვარად, მკითხველის დამოკიდებულების გამოხატვა არის არა მხოლოდ პირადი გამოცდილების გაზიარება, არამედ მძლავრი ინსტრუმენტიც, რომელიც აყალიბებს ლიტერატურულ ლანდშაფტს, გავლენას ახდენს კულტურულ ტენდენციებზე და ხელს უწყობს მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოებრივი დიალოგის წარმართვას. ეს პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ციფრულ ეპოქაში, სადაც მკითხველთა ხმები უფრო ფართოდ და სწრაფად ვრცელდება, ქმნის რა ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ლიტერატურული სამყაროსთვის.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკითხველისა და ტექსტის ურთიერთობა რჩება ლიტერატურის, კულტურისა და საზოგადოების განვითარების ცენტრალურ ასპექტად. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი ცვლის ამ ურთიერთობის ფორმებს, მისი არსი – ადამიანის უნარი, შეიმეცნოს სამყარო და საკუთარი თავი  – უცვლელი და უნივერსალური რჩება. მომავალში ამ ურთიერთობის გაღრმავება და გამდიდრება მოითხოვს ბალანსის დაცვას ინოვაციებსა და ტრადიციებს, ტექნოლოგიურ პროგრესსა და ჰუმანურ ღირებულებებს შორის.

ფსი­ქიკუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობლემები ახალგარდებში – როგორ დავეხმაროთ მათ?

0

გაეროს ბავშვთა ფონდის ახლახან გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც ახალგაზრდების უნარებსა და საჭიროებებს იკვლევს, აჩვენა, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება, ფაქტისა და მოგონილი ამბის ერთმანეთისგან გამიჯვნა, არგუმენტირებული მსჯელობა და, საზოგადოდ, განათლებისა და ცხოვრების ხარისხი, თუმცა 15-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ყველაზე მეტად აღელვებთ ფსიქიკური ჯანმრთელობა და ის, რომ არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას.

ამ კვლევის მიხედვით:

 

  • ახალგაზრდები ინფორმირებული არიან ფსიქიკური პრობლემების რისკებზე, თუმცა საკითხის ცოდნა შეზღუდულია.
  • მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებათა შეზღუდულ ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით და სტიგმის გამო, რაც სერიოზული დაბრკოლებებია.
  • ახალგაზრდები გრძნობენ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მეტი განათლების საჭიროებას, განსაკუთრებით სკოლის დონეზე, რათა ცალკეულმა პირებმა შეძლონ სიმპტომების ამოცნობა და დახმარების მოძიება.
  • მათ მიაჩნიათ, რომ ბულინგი და ოჯახური პრობლემები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ხელშემწყობი ფართოდ გავრცელებული ფაქტორია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ძირითადად დეპრესიით, ქცევითი ან შფოთვითი აშლილობით იტანჯებიან. 15-19 წელი მაღალი რისკის მატარებელია სუიციდის თვალსაზრისითაც. ახალგაზრდების თითქმის 15%-ს, ანუ ყოველ მეშვიდეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ართულებს არადიაგნოსტირებული შემთხვევები – ახალგაზრდების ნახევარზე მეტთან მათ პრობლემებს დიაგნოზის ფორმა არ მიუღია. მოზარდობისას კეთილდღეობასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ძალადობრივი გარემო, სიღარიბე, სტიგმა, გარიყულობა, ნივთიერებებზე, მათ შორის ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება, გარემოს მიმართ უნდობლობა და თვითგამორკვევის სირთულეები, ასევე მხარდამჭერი სერვისების მიღების სირთულეები.

თუ წავიკითხავთ პროფესიულ ლიტერატურას იმის შესახებ, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ახალგაზრდებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში, შემდეგ რჩევებს ვიპოვით:

 

  • მიმართეთ სპეციალისტს, რომელსაც ენდობით.
  • იზრუნეთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. დაბალანსებული კვება და ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია.
  • ხარისხიანად გაატარეთ დრო მათთან ერთად როგორც საოჯახო, ისე საჯარო სივრცეში.
  • იყავით მისი უპირობო მხარდამჭერი, დაეხმარეთ ინტერესების, სასურველი აქტივობების პოვნაში, მოუსმინეთ და არ განსაჯოთ.

ქართველი ახალგაზრდებისთვის ამ რჩევების დიდი ნაწილი ძნელად შესასრულებელია – როგორც თავად ამბობენ, სკოლებში ცოდნა ნაკლებია, სერვისები – ხელმიუწვდომელი, საჯარო სივრცეები – მწირი, ზრდასრულებს მათ გარშემო ცოდნის დეფიციტი აქვთ და არც დაბალანსებული კვება და ფიზიკური აქტივობაა მაინცდამაინც ხელმისაწვდომი ღარიბ ქვეყანაში მცხოვრები ბავშვებისთვის, ხარისხიანად დროის გატარების ფუფუნებაზე რომ არაფერი ვთქვათ.

მაშ, როგორ დავეხმაროთ მათ, ვინც ხვდება, რომ დახმარება სჭირდება?

– შენი კითხვით ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხე. აქ საქმე მარტო ერთ ადამიანს კი არა, მთელ სისტემას ეხება – სკოლას, ოჯახს, მედიას, ჯანდაცვას და მთლიანად საზოგადოებას. მაგრამ სანამ სისტემა იცვლება (რაც, სამწუხაროდ, ნელა ხდება), ძალიან მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ იმაზე, ისი გაკეთება შეიძლება უკვე ახლა, კონკრეტულად და რეალურად, მეუბნება ჩეტბოტი, რომელსაც პერიოდულად ველაპარაკები ხოლმე რთულ კითხვებზე პასუხების ძიებისას.

ახალგაზრდები დახმარების საჭიროებას რომ ხვდებიან, უკვე ძალიან დიდი ძალაა. მათი გონება და ემოციური ინტელექტი ცდილობს, გააგრძელოს ბრძოლა. ახლა ჩვენი ამოცანაა, არ დავტოვოთ ისინი მარტო, თუნდაც სისტემის იდეალურობას ვერ მივაღწიოთ, – აგრძელებს მსჯელობას ჩემი მოთვინიერებული ხელოვნური ინტელექტი და გვირჩევს:

. ვისაუბროთ ღიად;

. გავუზიაროთ ინფორმაცია;

. მოვუსმინოთ ყურადღებით;

. პროფესიონალებმა შექმნან და გაავრცელონ ადვილად გასაგები კონტენტი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებსა და მათთან ბრძოლის გზებზე;

. ახალგაზრდები დავინახოთ არა მხოლოდ დახმარების მაძიებლებად, არამედ თანაშემოქმედებადაც უკეთესი სისტემის, გარემოს შექმნის გზაზე, ჩვენს დამხმარე ძალად.

თუ ერთ ზრდასრულს მაინც შეუძლია, ოჯახში, სკოლაში ან სამეზობლოში შეასრულოს ის როლი, რომელიც სისტემამ ვერ შეასრულა, უკვე დიდი ამბავია.

თუ მზად ხარ, მოუსმინო ახალგაზრდას, არ დასცინო, არ შეაფასო, არ უთხრა: „შეეჩვიე“, „გაგივლის“, „ნუ ჭირვეულობ“ ან „ხასიათის ამბავია“, – ეს უკვე დიდი მხარდაჭერაა.

ციფრული რესურსებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის პერსპექტივები „ჩვენი საქართველოს“ სწავლებაში

0
  • თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო აშკარა ხდება მოსწავლის ჰოლისტური განვითარების საჭიროება – როგორც საგნობრივი ცოდნის, ისე ციფრული, სოციალური, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების გაძლიერების კუთხით. განათლებისა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისტემურ გამოწვევებსა და მიღებულ შედეგებზე. თანამედროვე მოსწავლე  ხომ  სხვანაირად სწავლობს – ის აღარ სჯერდება მოსმენას ან წაკითხვას. მას სჭირდება გამოცდილება, მონაწილეობა, აღმოჩენის სიხარული და აზრის გამოხატვის საშუალება. ჰოლისტური და კონსტრუქტივისტული განათლების მოდელებიც ხაზს უსვამს სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლის პიროვნულ როლს (ჰოვარდ გარდნერი), შესაბამისად, პედაგოგებს გვმართებს სწავლების სტრატეგიების დიფერენცირება და მათი მორგება მოსწავლეთა აღქმის მოდალობებზე, მათ შემეცნების არხებზე. სწორედ ასეთი, მოსწავლისთვის ბუნებრივად მისაღები და შინაარსობრივად მდიდარი გამოცდილების უზრუნველსაყოფად მოხერხებულია ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციაც.

    საგან „ჩვენი საქართველოს“ სწავლებისას ამ გამოწვევას პასუხობს ინტერაქციული მეთოდებისა და ციფრული რესურსების მიზნობრივი ინტეგრაცია, რომელიც მიმართულია მოსწავლის ინტერესებს, აღქმის სტილსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს მორგებული  სწავლებისკენ.

    „ჩვენი სააქართველოს“ სწავლების მიმართულებით, სტუდენტური პრაქტიკის ფარგლებში, ჩემი ხელმძღვანელობით, დაიგეგმა აქტივობები, რომლებიც გამოკვეთდა  სასწავლო სივრცეებში აღნიშნული მიმართულებით არსებულ სირთულეებსა და პრაქტიკულ ასპექტებს. მიზანი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გადაცემით. ის მოიცავდა რამდენიმე ძირეულ ამოცანას:

    • მოსწავლეთა ანალიტიკური და შედარებითი აზროვნების სტიმულირება, რათა მათ შესძლებოდათ რეგიონების ერთმანეთთან შედარება ბუნებრივი და კულტურული ნიშნებით;
    • ინფორმაციის სინთეზისა და ინტეგრაციის უნარის განვითარება, რაც აუცილებელია ინტეგრირებული სწავლების კონტექსტში;
    • ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული ელემენტების იდენტიფიკაცია და ახსნა, რაც აძლიერებს სოციალურ და სივრცით ინტელექტს;
    • ბუნებრივ რესურსებზე დაფუძნებული მსჯელობის უნარის წახალისება, რაც ხელს უწყობს კრიტიკულ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე ორიენტირებულ აზროვნებას.

    აქტივობის შინაარსი ორიენტირებული იყო საქართველოს ისტორიული წარსულის, ცალკეული მხარეების გეოგრაფიული, ბუნებრივი და კულტურულ-ეთნოგრაფიული თავისებურებების შესწავლასა და მათი შედარებითი ანალიზის უნარის განვითარებაზე.

    საგან „ჩვენი საქართველოს“ VI კლასში სწავლებისას განხორციელდა სამი განსხვავებული ინტერვენცია  მოსწავლეთა აღქმის სტილის გათვალისწინებით:

     

    I – ვიზუალურ აღქმაზე ორიენტირებული ინტერვენცია

    თემა – „კახეთი“

    აქტივობის შინაარსი:

    • ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეომასალა, რომელიც ასახავდა რეგიონის ლანდშაფტს, ეთნოგრაფიასა და კულტურას (კახელების ცხოვრების, ბუნებრივი გარემოსა და ეთნოგრაფიული ელემენტების ვიზუალური წარმოდგენა. ვიდეოს თან ახლდა ილუსტრაციული პორტრეტები, რომლებიც ასახავდა რეგიონის მოსახლეობას მათი კულტურული მახასიათებლებით);
    • გაკვეთილზე ჩატარდა გუნდური ციფრული თამაში jeopardy labs-ისა და wordwall-ის ტიპზე დაფუძნებით.

ნიმუში: ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი კახელი ქალისა და მამაკაცის ილუსტრაციული პორტრეტები, რომლებიც ვიზუალურად წარმოაჩენს რეგიონებისთვის დამახასიათებელ გარეგნულ თავისებურებებსა და ეთნოგრაფიულ ელემენტებს

https://drive.google.com/file/d/1mULZWU1PsVJ27GgAilV0YEyqloKgEjB2/view

შედეგები: ვიზუალურ სტიმულზე დაფუძნებულმა მეთოდებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოტივაცია; მოსწავლეებში გამოიკვეთა გაცნობიერებული თავდაჯერება და მონაწილეობის ხარისხი, გაკვეთილის ეფექტიანობა; გაძლიერდა მოსწავლეთა კონცენტრაცია და თემის გააზრება; ვიზუალური მასალა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ინფორმაციის დამახსოვრებაში.

 

II – სმენით აღქმას მორგებული ინტერვენცია: სწავლა-სწავლების პროცესში გამოიკვეთა მოსწავლეთა ნაწილი, რომელიც უპირატესად სმენით აღიქვამდა საგნობრივ ინფორმაციას. ამ ტიპის მოსწავლეებისთვის დაიგეგმა აქტივობა  საქართველოს ისტორიულ წარსულთან  დაკავშირებით.

თემა – „საქართველოს სახელმწიფოს ისტორია“

აქტივობა ეფუძნებოდა ისტორიულ თემაზე მომზადებულ აუდიო-ვიდეორესურსებსა და განმასხვავებელ დისკუსიებს. მოსწავლეებმა მოისმინეს ტექსტები არმაზის კულტის მნიშვნელობაზე, ბრინჯაოს ხანის ყოფასა და მიწათმოქმედების როლზე. აღსანიშნავია, რომ ეს აქტივობები განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მანამდე არ ამჟღავნებდნენ ინტერესს სტანდარტულ გაკვეთილებზე.

მოსწავლეებმა იმუშავეს „საქართველოს წარსულის სურათების“ შექმნაზე. გაკვეთილზე გამოყენებული ციფრული რესურსი შედგებოდა ორი ნაწილისგან: პირველი იყო ვიდეომასალა არმაზის კულტზე, მიწათმოქმედებასა და ბრინჯაოს ხანაზე (https://drive.google.com/file/d/111oSlwo-aOIRnxuz6g0MbKXV0fTN3kUa/view), მეორე კი მოიცავდა ციფრულ პლატფორმაზე შესრულებულ ტესტს  დახურული ტიპის კითხვებით. მას შემდეგ, რაც კითხვარები ინდივიდუალურად შეივსო,  მოსწავლეებმა ჯგუფურად განიხილეს პასუხები და თემის ძირითადი აქცენტები.https://wordwall.net/resource/91018128/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98

https://jeopardylabs.com/play/2024-11-29-121?fbclid=IwY2xjawG2edtleHRuA2FlbQIxMAABHaTHiAtkXLuZFJA6CLhbRLKgjsVc9Qn_evJRpECVe1kZQKHjURRNfwPZxQ_aem_-bHzewzrpbTbZy8JfUEvTQ

შედეგები: მოსწავლეებმა ინდივიდუალურად იმუშავეს კითხვებზე, მერე კი გუნდურად გააანალიზეს შედეგები და არგუმენტირებულად იმსჯელეს სწორი და არასწორი პასუხების შესახებ. სმენითი აღქმით ძლიერი მოსწავლეები აქტიურად რეაგირებდნენ მოსმენილის შინაარსზე, ერთვებოდნენ დისკუსიებში, გამოხატავდნენ აზრებს და მოჰყავდათ არგუმენტები მოსმენილზე დაყრდნობით. გაძლიერდა მათი არგუმენტაციის, ანალიზისა და შეფასების უნარები, ასევე ისტორიული პერსპექტივით მსჯელობის უნარი; გაჩნდა დამოუკიდებელი შეფასების მცდელობებიც. მოსწავლეებმა გამოხატეს მასალასთან ემოციური კავშირი. აქტივობა ხელს უწყობდა არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებას, არამედ მის გააზრებას, განხილვასა და დასკვნების გამოტანასაც. აუდიომასალამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ემოციურ ჩართულობასა და თემის ღრმად გააზრებას,  გაძიერდა ყურადღების კონცენტრაცია, რაც აღინიშნა რეფლექსიის ეტაპზეც.

 

III – ნოვაციური ინტერვენცია AI-ს გამოყენებით

აქტივობა: მოსწავლეებმა იმუშავეს, შექმნეს ტექსტური მონოლოგები ისტორიულ პირებზე, მერე კი ციფრულ ანიმაციებად გარდაქმნეს. მათ დამოუკიდებლად შეარჩიეს ანტიკური ხანის ისტორიული ფიგურები, დაწერეს ტექსტური ბიოგრაფიები და გამოიყენეს ციფრული პლატფორმები ანიმაციისთვის. შედეგად მიიღეს მოკლე ვიდეორგოლები, რომლებშიც პერსონაჟები „ლაპარაკობდნენ“ მათ მიერ შექმნილი ტექსტის საფუძველზე. აქტივობამ გააერთიანა კვლევა, ტექსტის შექმნა, ვიზუალური გამოსახულება და ციფრული პრეზენტაცია.

აქტივობისას მოსწავლეები სწავლობდნენ სახის ანიმაციის პროგრამების გამოყენებას, ხმის პარამეტრების მართვასა და ვიზუალური პრეზენტაციის სტრუქტურირებას. გარდა ტექნიკური კომპეტენციებისა, გაკვეთილი ხელს უწყობდა ტექსტის სწორად ფორმულირებას, ისტორიულ ლოგიკაზე დაფუძნებული არგუმენტაციის აგებას და შემოქმედებითი ხედვის ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული აქტიურობით გამირჩეოდნენ ის მოსწავლეები,   რომლებსაც ჰქონდათ ტექნოლოგიური მიდრეკილება და კრეატიული აზროვნება.

https://drive.google.com/drive/u/0/folders/1jfX41vEHj7r3y6iJ975-D-FccA5w4ZhZ?fbclid=IwY2xjawLrD7tleHRuA2FlbQIxMABicmlkETFuTmU4bkFTTDl3WnR1Z1VzAR7rgG67ZJwW-mhEFyLcXzkqw6W2V4lOPbjGsrGvyHtf3LA5SkOyfvCELtqgKA_aem__VerO8jQuY1xODUykn5X9w

საბოლოოდ თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა ინდივიდუალური ვიდეოპროდუქტი, რაც გახდა არა მხოლოდ შეფასების, არამედ თანატოლური გაზიარებისა და საერთო სივრცეში რეფლექსიის საფუძველიც.

შედეგები: გაძლიერდა მოსწავლეთა ტექნიკური, ტექსტური, კვლევითი და შემოქმედებითი უნარები; მოსწავლეებმა უკეთ შეძლეს ისტორიული პერსპექტივის გათავისება; გაძლიერდა პასუხისმგებლობის განცდა და ჯგუფური თანამშრომლობა.  ამ პროცესში მოსწავლეები გრძნობდნენ პროცესის ავტორობას, რაც მოტივაციას ამაღლებდა; გაკვეთილი გახდა გაცილებით ეფექტიანი. გამოიკვეთა, რომ სწავლის ეფექტურობა იმატებს მაშინ, როდესაც ინფორმაცია მოსწავლეს მიეწოდება მისი აღქმისთვის მისაღები გზით, გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგია და სტიმულირდება ინტერესსა და შემოქმედებით გამოხატვაზე დაფუძნებული სწავლა. ეს მიდგომა სავსებით ეხმიანება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს – მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, ინტეგრირებულ ცოდნას და განვითარების ინდივიდუალურ ტემპზე დაფუძნებულ პროცესს.

ნიმუში:  ვახტანგ გორგასლის ილუსტრაციული პორტრეტი, შექმნილი მოსწავლის მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რომელიც გადმოსცემს მეფის ხასიათსა და იმდროინდელ გარეგნულ სტილს.

სამივე ნტერვენციამ აჩვენა, რომ მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა, მოტივაცია და აკადემიური შედეგები პირდაპირ კავშირშია გაკვეთილის სტრუქტურასთან, შინაარსის მიწოდების ფორმასა და პიროვნული საჭიროებების გათვალისწინებასთან.

  • დაკვირვების ფურცლებზე დაფიქსირდა: მოსწავლეებმა უკეთ აითვისეს მასალა, გაუმჯობესდა ჯგუფური თანამშრომლობა, ამაღლდა თვითშეფასების ხარისხი;
  • ვერბალური უკუკავშირის შედეგად გამოვლინდა: მოსწავლეებს სიამოვნებდათ მონაწილეობა, მათთვის გაკვეთილი იყო საინტერესო, შინაარსიანი და ინსპირაციული.

სწავლებაში მოსწავლის ინდივიდუალურ თავისებურებებსა და აღქმაზე მორგებული მიდგომების დანერგვა არ არის მხოლოდ ჰუმანური მიზანი – ის წარმოადგენს სწავლების ხარისხის ამაღლების გარანტიას. ინტერაქციული მეთოდები და ციფრული რესურსები ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც მოსწავლე ხდება ცოდნის აქტიური შემოქმედი.

საგან „ჩვენი საქართველოს“ სწავლებისას ასეთი მიდგომები განსაკუთრებულად ეფექტიანი აღმოჩნდა სხვადასხვა აკადემიური დონისა და აღქმის ტიპის მქონე მოსწავლეებისთვის. რეალურად წარმოჩნდა თითოეული მოსწავლე თავისი შესაძლებლობებითა და უნარებით, ინტერესებითა და მიდრეკილებებით.

მასწავლებლებს რეალურად შეგვიძლია, დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს, გადადგან ნაბიჯი შემეცნების, პასუხისმგებლობისა და თვითგანვითარების გზაზე.

 

„მეამბოხეები“  — ნიცშე, ფროიდი, მარქსი, ფუკო

0

(თანამედროვე ჰერმენევტიკის სათავეებთან)

ჰერმენევტიკა ერთ-ერთი უძველესი, ტრადიციული, უნივერსალური თეორიაა ტექსტის ინტერპრეტაციისა და გაგებისა. მისი ცოდნა მრავალმნიშვნელოვანი (ჰომეროსის, ბიბლიის და სხვ.) სიმბოლოების განმარტების საშუალებას გვაძლევს.

1864 წელს იტალიაში გაიმართა ფილოსოფიური კოლოქვიუმი. მასში, სხვებთან ერთად, მიშელ ფუკოც მონაწილეობდა. ის შეიძლება შევადაროთ ძვ. წ. IV საუკუნეში ანტიკურ საბერძნეთში, ათენში, გამართულ ფილოსოფიურ სიმპოზიუმებს, რომლებიც პლატონის დიალოგებშია აღწერილი. ფუკოს მოხსენება ამ უკანასკნელთა მსგავსი ხასიათის დრამაა, რომელშიც არიან ე.წ. კონცეპტ-პერსონაჟები, კერძოდ, ნიცშე, ფროიდი და მარქსი – „დიდი სამეული“.

ფრიდრიხ ნიცშე ამბობდა, რომ აზროვნება ყოფნის უმაღლესი ფორმაა, სიცოცხლის ზეიმი. ჰაიდეგერი გვირჩევს, თუ გვსურს, ვიაზროვნოთ, მოვემზადოთ ამ ზეიმისთვის, რადგან ამ ზეიმამდე რომც ვერ მივაღწიოთ, მისკენ მიმავალი გზაც მნიშვნელოვანია. ნიცშესთვის კითხვა „რა არის ჭეშმარიტება?“ ჟღერს ასე: „რა არის არსებული?“ ეს ყოფიერების ძიებაა; ყოფიერება კი არის დადგინება, ხდომილება, აქტუალობა, ქმედება; მათი საერთო სახელი კი „სიცოცხლეა“, რომელიც ნებელობითია. ეს ნება ძალაუფლების სურვილია, რაც ყველა ღირებულების გადაფასებას, ზეკაცის მოვლინებასა და მარად იგავში დაუსრულებელ კვლავადბრუნვას გულისხმობს.

ნიცშე 1844 წელს დაიბადა პროტესტანტი მღვდლის ოჯახში, სწავლობდა კლასიკურ ფილოლოგიას და სრულიად ახალგაზრდა გახდა პროფესორი ბაზელის უნივერსიტეტში. 1879 წელს მან თავი დაანება აკადემიურ მოღვაწეობას და მომდევნო ცხრა წელი დაძაბულ შემოქმედებით მედიტაციებში გაატარა. 1882-1885 წლებში შექმნა თავისი ყველაზე ცნობილი „ასე ამბობდა ზარატუსტრა“, რომელსაც თავისი ფილოსოფიის კარიბჭე უწოდა. ამას მოჰყვა „მორალის გენიალოგია“, „Ecce Homo“, „ანტიქრისტე“ და სხვ. 1889 წლიდან შეშლილობის მძიმე სენს უმკლავდებოდა, სიცოცხლის ბოლო წლები სტაციონარებში გაატარა და 1900 წელს გარადიცვალა.

ახლა – კარლ მარქსზე (1817-1885). მან უფრო ძლიერი გავლენა მოახდინა უახლესი პოლიტიკური ისტორიის მსვლელობაზე, ვიდრე რომელიმე სხვამ. მისი გავლენა განიცადა მრავალმა მოაზროვნემ ევროპასა და აღმოსავლეთში. სტუდენტობისას იგი გატაცებული იყო ჰეგელით. 1847 წელს ლონდონში ენგელსთან ერთად დაწერა „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“, ხოლო 70-იან წლებში შექმნა თავისი მთავარი ნაშრომი – „კაპიტალი“, რომელშიც ასეთი ანალიტიკური დასკვნაა: საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობების შინაგანი ლოგიკა იქამდე მივა, რომ რევოლუციის საშუალებით საკაცობრიო განვითარებას „ბორკილები მოეხსნება“ და მსოფლიო ისტორია დაგვირგვინდება საყოველთაო და უსასრულო ჰუმანიზმით“.

ზიგმუნდ ფროიდმა შექმნა ფსიქოანალიზი, რომელსაც ახალ მეცნიერებას, მეტაფსიქოლოგიას უწოდებდა. სხვანაირად კი ის „სიღრმის ფსიქოლოგიის“ სახელით არის ცნობილი. „სიღრმისა“ იმიტომ, რომ ცნობიერების მიღმა, „ზურგს უკან“, ფროიდმა აღმოაჩინა არაცნობიერი ფსიქიკურის უსასრულო ოკეანე. ცნობიერება კი, მისივე თქმით, შეიძლება მხოლოდ აისბერგის წვერს შევადაროთ, რომელიც ამ ოკეანის ზედაპირზე ჩანს. ფროიდმა ჩამოაყალიბა ადამიანის სულიერი წყობის ასეთი სქემა: „იგი“ – არაცნობიერი; „მე“ – ცნობიერი და „ზე-მე“ – საზოგადოებრივი იდეოლოგია. ხოლო არაცნობიერ ფსიქიკურში ფროიდმა კვლევებით დაადასტურა ოთხი სფეროს არსებობა: წინაცნობიერი, განდევნილი არაცნობიერი, არქაული მემკვიდრეობა და საკუთრივ არაცნობიერი, რომელთა შორის პირველადი საკუთრივ არაცნობიერია, დანარჩენები მეორეული, დერივაციული შრეებია. არაცნობიერ ლტოლვებს ცნობიერების სააშკარაოზე არ უშვებს „მე-ს“ ფოლადის ბადე. ამიტომაც ხდება სუბლიმაცია – სახეცვლილი „არაცნობიერი ლტოლვა“ გარდაიქმნება კულტურის ქმნილებად და ვლინდება რელიგიურ, ეთიკურ, ესთეტიკურ აქტებში, საზოგადოებრივ დაწესებულებებში. სუბლიმაციის დაბრკოლების შემთხვევაში, ლტოლვამ შეიძლება გამოანგრიოს „მე-ს“ ფოლადის ბადე და პიროვნების მთლიანობაც დაარღვიოს. ეს იწვევს შეშლილობას, ფსიქიკურ სნეულებას. რაც შეეხება ფსიქოანალიზს, ის ადამიანის სულში მოქმედი „მე-ს“, „იგი-სა“ და „ზე-მეს“ შორის დარღვეული წონასწორობის აღდგენაა. ეს მეთოდი გასცდა პიროვნების ფსიქოთერაპიის ფარგლებს და კულტურისა და ისტორიის განმარტების საშუალებადაც იქცა.

რას ამბობს ფუკო? რომ ამ „დიდმა სამეულმა“ შეცვალა ევროპული აზროვნების გეზი. მათ შეცვალეს თვით ინტერპრეტაციის წესი. მისი თქმით, არ არსებობს „შემეცნების არქიმედეს წერტილი“, რომელზეც დეკარტე ლაპარაკობდა. არსებობს მხოლოდ უსასრულოდ მრავალი საინტერპრეტაციო ველი, თავისებური პარალელური სამყაროები, რომლებზეც 21-ე საუკუნის კოსმოლოგიაც ალაპარაკდა.

მიშელ ფუკო (1926-1984) თანამედროვე ევროპული ინტელექტუალური ცხოვრების შემოქმედია. 1970 წლიდან ის ხელმძღვანელობდა პარიზის College de France-ს აზროვნების სისტემათა ისტორიის კათედრას და სწორედ ეს სააზროვნო სისტემები, „დისკურსები“, „კონფიგურაციები“, როგორც თავად უწოდებდა, მათი ცვალებადობისა და ურთიერთმონაცვლეობის მექანიზმები, იყო მისი კვლევის მთავარი თემა. ფუკოს აზრით, დასავლური ცივილიზაციისა და კულტურის ყოველ ეპოქას ინტერპრეტაციის საკუთარი წესი და ტექნიკა აქვს, რომელთა კვლევის საკუთარ მეთოდოლოგიას მან უწოდა „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა არქეოლოგია“, ხოლო მოგვიანებით ტერმინი „არქეოლოგია“ შეიცვალა „გენეალოგიით“. თავისი ძირითადი თეორიული ნაშრომები, „სიტყვები და საგნები“ (1966) და „ცოდნის არქეოლოგია“ (1969), მან მიუძღვნა დასავლური აზროვნების ეპისტემური ციკლის გამჟღავნებას. „არქეოლოგიის დაზვერვის“ სფეროშია მოქცეული უზარმაზარი მასალა ფილოსოფიის, ლიტერატურათმცოდნეობის, ენათმეცნიერების, ხელოვნების, ეკონომიკის, ეთნოლოგიის დარგებიდან. ფუკო გამოყოფს ეპისტემური სისტემის სამ ეპოქას: 1) აღორძინება (XVI საუკუნემდე); 2) კლასიკური განმანათლებლობა (XVIII საუკუნემდე); 3) მოდერნულობა (XIX საუკუნიდან).

ნიცშე, ფროიდი, მარქსი და თავად ფუკოც საკმაოდ სკანდალურ პერსონებად მიიჩნევიან. აკადემიური სფეროს შიგნით თუ გარეთ, მათ შესახებ, მრავალი ჭორი ვრცელდება.

დიდ ინტერესს იწვევს ნიცშეს მოძღვრების საეჭვო კავშირი ფაშისტურ იდეოლოგიასთან, მარქსის თეორიისა – კომუნიზმთან, ფროიდის „ოიდიპოსის კომპლექსის“ კავშირი ამორალურობასთან; დაბოლოს, თვით მიშელ ფუკოს „გენდერული გადახრები“, რომლებზეც, როგორც ამბობს ერთი თეოლოგი, ყველაზე წყალწაღებული ავაზაკიც კი გაწითლდებოდა სულ ასიოდე წლის წინ.

ასე რომ, ტყუილად როდი მიიჩნევენ ნიცშეს, ფროიდს და მარქსს „მეამბოხე, ანარქისტ“ მოაზროვნეებად. ისინი გავფრთხილებენ ადამიანის ურთულესი ბუნებისა და შესაძლო პათოლოგიების შესახებ. ნიცშე ქადაგებდა კაცობრიობის გამაჯანსაღებელზე, ზეკაცზე; მარქსი საუბრობდა „საქონლის ფეტიშიზმზე“; ხოლო ფროიდი ცდილობდა, აეხსნა, როგორ ჩაანაცვლა სიყვარული, იგივე ადამიანის, ტკბობის წყაროს, გაღმერთება, სხვისი ტანჯვით ტკბობამ (სადიზმი) ან თვითგვემის (მაზოხიზმი) დეპრესიამ.

ნიცშეს, ფროიდისა და მარქსის მოძღვრებებს ახასიათებს ხიბლი. თავისუფლება, შემეცნება რთული გზის გავლას ნიშნავს, თუმცა ადამიანს უჩნდება მიდრეკილება, საკუთარი თავისუფლება სხვას გადააბაროს, იპოვოს „ფიურერი“, რომელმაც ყველაფერი იცის, ყველა კითხვაზე აქვს მზა პასუხი. ასეთი, „მოძღვრის“ ხიბლში მყოფი, ადამიანები ფსიქოანალიზშიც მხსნელს ხედავდნენ, ფროიდს უყურებდნენ როგორც ახალი რელიგიის შემქმნელს. იგივე შეიძლება ითქვას ნიცშესა და მარქსზე. ნიცშეს XX საუკუნის წინასწარმეტყველად მიიჩნევდნენ, რადგან მისი ზოგიერთი პროგნოზი გასაოცარი სიზუსტით ახდა. დღესაც ბევრია მოხიბლული იმ აზრით, რომ ბარბაროსების აფეთქება და „მსოფლიო წესრიგის“ კოლაფსი გარდაუვალია, რაც ასპარეზს გადაუშლის უფრო სრულყოფილ ადამიანს. მარქსიც პოპულარულია და ადამიანებს სჯერათ, რომ კაპიტალიზმი თვითგანადგურებისკენ, თვითმოსპობისკენ მიდის. ამის შედეგად გვაქვს ე.წ. ისლამური, კონფუციანური და აფრიკანული „მარქსიზმები“.

ფუკო უარს ამბობს, იმოძრაოს ბიბლიური ჰერმენევტიკის ველზე და არჩევს, განმარტოს ველასკესის ბრწყინვალე ქმნილება – „სეფექალები“, რომელზეც ადამიანური აზროვნების ბუნება სარკეების მეტაფორით არის გადმოცემული. პლატონის გამოქვაბულის მითიდან მოყოლებული, სარკეებისა და ანარეკლების მეტაფორა მარადგანმეორებადია ფილოსოფიაში, ლიტერატურაში, მხატვრობაში, კინომატოგრაფიაში. არის ინტერტექსტუალობის გაგება. ეს გულისხმობს ტექსტების დამოკიდებულებას როგორც ერთმანეთთან, ისე, საზოგადოდ, ლიტერატურასთან. ინტერტექსტუალობა მხატვრული ტექსტის ინტერპრეტირების პარადიგმაა.

ფილოსოფიურ ესკიზში „ენიგმათა სარკე“ არგენტინელი მწერალი ხოსე ლუის ბორხესი გვთავაზობს რეტროსპექტულ მედიტაციას პავლე მოციქულის გამონათქვამზე: „აწ ვხედავთ ვითარცა სარკითა და სახითა“. ბორხესს ჰგონია, რომ ცათა წიაღში დაფარულია უფსკრულთა სიმრავლე, რომელიც ჩვენი შინაგანი სამყაროს სარკეში ჩარჩენილი ანარეკლია. ადამიანი დროში ტოვებს კვალს და ეს ერთგვარ ძნელად შესაცნობ სურათად ყალიბდება. ღვთიური გონი კი, ბორხესის თქმით, მას ისევე მკაფიოდ აღიქვამს, როგორც, მაგალითად, ჩვენ – სამკუთხედის გეომეტრიას. და ყოველი ეს „სურათი“ შეასძლოა უნიკალური, განუმეორებელი როლითა თუ მისიით ჩაიწეროს სამყაროს განვითარებაში, ჰარმონიასა თუ დროის წრებრუნვაში.მაია იანტბელიძე

რატომ იხსენებენ ტირანებს?

0

ომი ბევრ რაიმეს ცვლის. სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირების მიმდინარეობისას ქვეყნებმა შესაძლოა თავიდან ბოლომდე გადაწერონ თავიანთი ისტორია. მტრისა და მსხვერპლის ყოველდღიური მონაწილეობა რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაში ყველაფერს თავდაყირა აყენებს, საჩუქრის კონცეფციაც კი შეიძლება სრულიად გადასხვაფერდეს.

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის დედაქალაქში. თქვენი ქვეყანა ათას დანაშაულსა და უამრავი უდანაშაულოს მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ცხოვრობთ იზოლაციაში, ოლიგარქების წყალობით სიღარიბე მძლავრად გიჭერთ ხელს კისერზე და თქვენს დახრჩობას ცდილობს. რამდენიმეწამიანი ამოსუნთქვა შვებას მოგგვრიდათ, მცირედი ყურადღება და გულწრფელი მზრუნველობა სიცოცხლის იოტისოდენა ხალისს დაგიბრუნებდათ, გაგამხნევებდათ. რა შეიძლება აჩუქოს ასეთ ადამიანს მშობლიური ქალაქის მერიამ? პასუხი გაგაოგნებთ.

წელს მოსკოვის მეტრო 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. მსოფლიოს ყველაზე მდიდრულად მოპირკეთებული ქსელი საიუბილეო ღონისძიებების პომპეზურად წარმართვისთვის ძალას არ იშურებს. გასული წლის მიწურულს მეტროს მესვეურებმა პირობა დადეს, რომ მოსახლეობას სიურპრიზებით გაანებივრებდნენ. ჩინოვნიკებს სიტყვა არ გაუტეხიათ. ტაგანსკის სადგურზე ადმინისტრაციამ სტალინის უზარმაზარი მონუმენტი და მისი ბარელიეფი აღადგინა. სოციალურ ქსელებში ინტენსიურად ვრცელდება კადრები, სადაც მოსკოველები ყვავილებით ამკობენ დიქტატორის მიწისქვეშა ძეგლს. უამრავი ადამიანი სელფის გადასაღებად ჩერდება საჩუქრად მოხსენიებულ კედელთან. ვნახე ვიდეოჩანაწერები, სადაც ცრემლმორეული პენსიონერები პირჯვარს იწერენ გენერალისიმუსის ხატებასთან. აღმოვაჩინე მემორიალის წინ დაჩოქილი ადგილობრივებიც.

რუსეთის ცენტრალურ ქალაქებში ჯერ კიდევ არსებობენ დემოკრატი აქტივისტები. მათ სტალინის კომპოზიციის აღმართვის საწინააღმდეგოდ ოფიციალური პროცედურების დაცვით დაგეგმეს საპროტესტო აქცია, მაგრამ მეტროპოლიტენის ხელმძღვანელობამ პანდემიის დროს დამტკიცებული რეგულაციების დახმარებით აკრძალა მოქალაქეთა შეკრება.

რისი თქმა სურთ ოფიციალურ პირებს სტალინის უზარმაზარი ფიგურის ხელახლა აღმართვით?

იდეის ავტორთა პირველი და მთავარი გზავნილი ამგვარია: გამარჯვებულებს არ ასამართლებენ! მათი მტკიცებით, მთავარია მტრის მოგერიება, ქვეყნის საერთაშორისო საფრთხისგან დაცვა და თუ ამ მიზანს მიაღწევ, აღარავინ გაიხსენებს, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მილიონობით ადამიანი დახოცე, დააავადმყოფე, გადაასახლე. მონუმენტის აღდგენის იდეოლოგთათვის გამარჯვების ფონზე ფასს კარგავს შიმშილისა და დახვრეტის ტრადიცია, რომლის დამკვიდრებაც ჩვენი თანამემამულის სახელთან არის დაკავშირებული. ტაგანსკის სადგურის ყველა მგზავრმა უნდა იცოდეს, რომ სტალინის კრიტიკა გამარჯვების კრიტიკაა, რაც დაუშვებელი და აკრძალულია.

გორელის მოსკოვში გამოჩენა კიდევ ერთ მიზანს ემსახურება. დააკვირდით მონუმენტის სახელწოდებას: „ხალხის მადლიერება წინამძღოლისა და სამხედრო მეთაურისადმი“. ავტორიტარიზმის პირობებში მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ საბედისწერო მომენტში იმპერიის ბედი ერთ ადამიანზე, ფიურერზეა დამოკიდებული. ყველა ნამდვილი პატრიოტი უნდა ზრუნავდეს გემის კაპიტნის კეთილდღეობასა და სიმშვიდეზე, მთელი ნაციის ამოცანად უნდა იქცეს პირველი პირის ძალაუფლების საყოველთაოდ გავრცელება, მმართველს არავინ და არაფერი უნდა ზღუდავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თავად სახელმწიფოს შეექმნას საფრთხე.

საინტერესოა, პარალელურად როგორ ეპყრობა კრემლი სტალინიზმის მსხვერპლთა ხსოვნას. უკვე წელიწადზე მეტია, ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების მოწესრიგების მოტივით მოსკოვში დახურულია გულაგის მუზეუმი, რომელიც შრომით-გამოსასწორებელი ბანაკების პრაქტიკის შესახებ მოგვითხრობს. როგორც ჩანს, მუზეუმში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გამართვას მთელი ეპოქა დასჭირდება.

მასწავლებელი რომ ვიყო, სამოქალაქო განათლების ერთ გაკვეთილს აუცილებლად დავუთმობდი მონუმენტების პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობის შესახებ დისკუსიას და შევეცდებოდი, მოსწავლეებთან ერთად გამეცა პასუხი კითხვაზე: რატომ იხსენებენ ტირანებს? რატომ აუფერულებენ მათი საქმიანობის ბნელ მხარეებს?

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...